რელიგია როგორც სოციალური ცვლილებების მოტივი

რელიგია და ინოვაცია

changes, emile durkheim, innovation, max weber, qwelly, religion, social dynamic, sociology, sociology of religion, ემილ დურკჰეიმი, მაქს ვებერი, რელიგია, რელიგია და ინოვაცია, რელიგია და სოციალური დინამიკა, რელიგიის სოციოლოგია, სოციალური დინამიკა, სოციალური ცვლილებების მოტივი, სოციოლოგია, ქველი

     საზოგადოებრივი განვითარების პროგრესის შესაბამისად რელიგიის გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე სუსტდება. მეცნიერული აზროვნება სულ უფრო ანაცვლებს რელიგიურ ახსნას. რელიგიური რიტუალები და ცერემონიები სულ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში. დიურკემი ეთანხმება მარქსს იმაში, რომ ტრადიციული ფორმით რელიგია, რომელშიც ფიგურირებენ ღმერთები და ღვთაებრივი ძალები, სულ უფრო სუსტდება. დიურკემი წერს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში "ძველი ღმერთები კვდებიან". თუმცა იგი ამავე დროს ამტკიცებს, რომ მართალია რელიგია აღარა არის ის ცენტრალური დომინანტური სიმბოლო, როგორიც ის გვხვდება ტრაიბალურ და პრიმიტიულ რელიგიებში, რომელიც განსაზღვრავდა ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცნობიერებას საზოგადოებაში, მაგრამ იგი შეცვლილი ფორმით ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას ინდივიდის ყოფიერებაში.

     თვით თანამედროვე ტიპის საზოგადოებაც განიცდის რიტუალების ორგანიზების მოთხოვნილებას, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში მნიშვნელადი სოციალური ღირებულებების განმტკიცებასა და მათი პოზიციების გამყარებისკენ. რელიგიური რიტუალები წარმოადგენენ იმ სოციალურ მექანიზმს, რომელიც ახდენს სოციალური წესრიგის ინსტიტუციონალიზებასა და უზრუნველყოფს სოციალურ სტაბილურობას. შესაბამისად, ახალი რელიგიური რიტუალებისა და გამოცდილების წარმოქმნა ანაცვლებს ძველ ფორმებს. დიურკემს მხედველობაში აქვს ისეთი რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია ჰუმანისტურ და პოლიტიკურ ღირებულებებთან: თავისუფლება, თანასწორობა, ურთიერთთანამშრომლობა. შეიძლება წამოვაყენოთ თეზისი იმის შესახებ, რომ განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნები ხელს უწყობენ ე.წ. "სამოქალაქო რელიგიების" წარმოქმნას. დიდ ბრიტანეთში სახელწიფო სიმბოლოები _ დროშა, სახელმწიფო ჰიმნი _ "იმედისა და დიდების მიწა", და სხვა ოფიციალური რიტუალები, როგორიცაა მაგალითად., ინაუგურაციისა და კორონიზაციის რიტუალები, რაც გულისხმობს ბრიტანეთის სამეფო სიმბოლოების _ (მეფე, დედოფალი, სამეფო ოჯახი, სამეფო კარი და ა.შ) წარმოჩენას, მიმართულია ბრიტანული ცხოვრების წესის უპირატესობის რწმენის განმტკიცებაზე. ეს სიმბოლოები უკავშირდება ტრადიციულ რელიგიურ ინსტიტუტებს, როგორიცაა, ანგლიკანური ეკლესია. ამ თვალსაზრისით, სრულიად საპირისპირო ვითარება იყო საბჭოთა კავშირის შემთხვევაში. იგი წარმოადგენდა საზოგადოებას, რომელიც ღიად გამოხატავდა მტრულ განწყობას რელიგიის მიმართ. თუმცა რევოლუციის სიმბოლოები: მარქსი, ლენინი, ენგელსი და ა.შ. თავადვე იქცნენ სამოქალაქო რელიგიის გამომხატველ სიმბოლოებად. უამრავი დღესასწაული და მასთან დაკავშირებული რიტუალი უწყობდა ხელს რევოლუციური იდეალების ერთგულების გამყარებას. დღეს სამოქალაქო ღირებულებები და რიტუალები მშვიდობიანად თანაარსებობენ ტრადიციულ რელიგიებთან, მიუხედავად ამისა, ძნელია იმის უარყოფა, რომ მათი წარმომქმნელი სოციალური მექანიზმები ძალზე მსგავსია.

     კონფლიქტის მომხრეების აზრით, როგორიცაა კარლ მარქსი, რელიგია წარმოადგენს სოციალური ცვლილებების ხელშემწყობ ფაქტორს. რელიგიურმა სულისკვეთებამ შეიძლება კარდინალურად შეცვალოს საზოგადოება. ამას ადასტურებს პროტესტანტული მოძრაობა ქრისტიანობის ისტორიაში, აგრეთვე, ირანის ახალი რევოლუცია, როდესაც აილა თოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით მუსულმანმა შიიტებმა ჩამოაგდეს ტახტიდან ირანის შახი და შეეცადნენ ირანის ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებას ისლამის რელიგიური წესების საფუძველზე.

     რელიგიის შესახებ დიურკემის იდეამ განვითარება ჰპოვა მაქს ვებერის კონცეპტუალურ პარადიგმაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ინდივიდუალისტური. აქ რელიგია განიხილება როგორც ინდივიდის სუბიექტურად მნიშვნელადი საზრისი. როგორც ვიცით, რელიგიის ანალიზისას დიურკემი ყურადღებას აქცევდა სოციალური კონსენსუსის შესაძლებლობაზე, მისგან განსხვავებით მ. ვებერს ძირითადად აინტერესებს საზოგადოების დინამიკური ასპექტი ანუ სოციალური პროცესის მამოძრავებელი ფაქტორების ანალიზი. ვებერთან დეტალურად წარმოდგენილია რელიგიის კავშირი სოციუმის დიკამიკასთან. ვებერი რელიგიურ ფაქტორს უკავშირებს სოციალურ ცვლილებებს, რითაც დიურკემი ნაკლებად ინტერესდებოდა. რელიგიური რწმენები და ღირებულებები ინდივიდის სოციალური მოქმედების მოტივია. მართლაც მაგალითები, რომელზეც დიურკემმა თავისი არგუმენტაცია განავითარა, საკმაოდ შეზღუდულ კონტექსტს მოიცავს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თავისი იდეებს დიურკემი გამოთქვამს ძირითადად რელიგიაზე მთლიანობაში. როგორც აღვნიშნეთ, დიურკემი აქცენტს აკეთებს საზოგადოების სტაბილურობის საკითხზე, რასაც სოციუმში რელიგიის ინსტიტუციონალური ასპექტი უზრუნველყოფს. მაქს ვებერი იყო პირველი სოციოლოგი, რომელმაც არსებული მსოფლიო რელიგიების მასშტაბური კვლევა განახორციელა. არცერთი მეცნიერი მანამდე არ შეჭიდებია ასეთ რთულ ამოცანას. მისი ყურადღება მიპყრობილია როგორც თავად უწოდებდა ე.წ. "მსოფლიო რელიგიების" შესწავლაზე, რომლებსაც მორწმუნეთა ყველაზე დიდი რაოდენობა მისდევს და თავის მხრივ, მსოფლიო ისტორიის განვითარებაზე მათ გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს. ვებერმა ჩაატარა ინდუიზმის, ბუდიზმის, დაოსიზმისა და ადრეული იუდაიზმის დეტალური გამოკვლევა. შრომა "პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული" პირველად გამოქვეყნდა 1904-1905 წლებში, და სხვა შრომებშიც იგი დაწვრილებით ჩერდება იმ გავლენის ანალიზზე, რაც მოახდინა ქრისტიანობამ დასავლური კულტურის ისტორიაზე. მან სამწუხაროდ ვერ მოახერხა ჩაფიქრებული შრომის განხორციელება ისლამზე.

     რელიგიის ისტორიული ანალიზი მოგვცა მაქს ვებერმა თავის კლასიკურ გამოკვლევაში. გერმანელ მეცნიერს დააინტერესა კალვინიზმის (კალვინიზმი _ პროტესტანტიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ეფუძნება XVII საუკუნის თეოლოგის ჟან კალვინის მოძღვრებას) გავლენა კაპიტალიზმის განვითარებაზე. კალვინი გამოირჩეოდა იმით, რომ ამტკიცებდა რწმენას ადამიანის ბედის წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ. ამ თეზისის თანახმად, ადამიანის დაბადებამდე ღმერთი წინასწარ გადაწყვეტს მისი სულის ხსნის საკითხს. ზოგიერთებს უწერიათ სულის გადარჩენა, ზოგიერთებს _ სამუდამო ტანჯვა განსაწმენდელში. ვისაც სწამდა ბედის წინასწარგანსაზღვრულობის, მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, აღმოჩნდებოდნენ თუ არა ისინი რჩეულთა შორის, რომელსაც ერგო წილად გადარჩენა. ვებერი წერს, რომ ზეციური მფარველობა შეიძლება საგრძნობი გახდეს იმითი, რომ ადამიანებს ეძლევათ მატერიალური სიკეთეები, მათი საქმეები ჩვეულებრივ კარგად მიდის დაუღალავი შრომის, დისციპლინისა და მკაცრი თვითკონტროლის პირობებში. როდესაც წარმატება ეფარდება გონიერებას, ზომიერებასა და მაღალ მიზანს დაქვემდებარებულ ქცევას, მიწიერი სიკეთეების მოპოვება შეიძლება განვიხილოთ როგორც "ღვთისგან კურთხევის" ნიშანი.

     ემილ დიურკემისა და მაქს ვებერის შრომები რელიგიის შესახებ თვისებრივად განსხვავდებიან. მ. ვებერი პირველ რიგში იკვლევს რელიგიური და სოციალური ცვლილებების ურთიერთკავშირს და მათ შორის მჭიდრო კორელაციის (ურთიერთკავშირი) მიზეზებს, რაზეც დიურკემი შედარებით ნაკლებად ორიენტირდებოდა. ვებერი კარლ მარქსისაგან განსხვავებით, რომელიც რელიგიის რეპრესიულ კომპონენტზე ამახვილებს ყურადღებას და მას განიხილავდა როგორც სოციალური კონტროლის მთავარ ინსტრუმენტს, ამტკიცებს, რომ რელიგია აუცილებელი არ არის იყოს კონსერვატიული ძალა საზოგადოებაში; პირიქით, სოციალურ მოძრაობებს, რომელიც მოქმედებდნენ რელიგიური მოტივებით, ხშირად მოჰქონდათ საზოგადოებაში რადიკალური ცვლილებები. პროტესტანტიზმმა, მაგალითად, განსაკუთრებით პურიტანიზმმა (ლათ. პურიოუს _ წმინდა), განსაზღვრა ფუნდამენტი დასავლეთის კაპიტალისტური განვითარებისთვის. ნიშანდობლივია, რომ პირველი კაპიტალისტები გახდნენ კალვინისტები და პურიტანები, რომლებსაც ამოძრავებდათ წმინდად რელიგიური მრწამსი. პროტესტანტების შინაგანი სწრაფვა ეკონომიკური წარმატებისკენ გამყარებული იყო მათი პირველადი სურვილით ღვთისადმი სამსახურის. მატერიალური კეთილდღეობა და ეკონომიკური წარმატება მათთვის გახდა ღვთაებრივი წყალობის (ღვთისგან რჩეულობის) ნიშანი. პროტესტანტული სულისკვეთება ეკონომიკურ ქცევას უთანხმებდა ასკეტიზმს, დისციპლინასა და კეთილსინდისიერებას, რაც გულისხმობდა ყოველდღიურ, მეთოდურ მოქმედებასა და რწმენის თანმიმდევრულ გატარებას კონკრეტული პროფესიული საქმიანობის საზღვრებში.

     ქცევის ასეთი ტიპი ცნობილი გახდა პროტესტანტური შრომითი ეთიკის სახელწოდებით. მ. ვებერი თვლის, რომ სწორედ ამ ტიპის ქცევამ იქონია საკვანძო მნიშვნელობა კაპიტალიზმის განვითარებაზე. კალვინისტების (პურიტანების) მიერ აღიარებული ღირებულებები ნამდვილად წახალისებული იყო კაპიტალიზმის პირობებში, რაც გულისხმობდა, პირველ რიგში, შემოსავლების ხარჯვისგან თავშეკავება ფუფუნებისა და არასაჭირო მოხმარების ნივთებზე. უფრო მიზანშეწონილად ითვლებოდა მათი ხელახალი კაპიტალდაბანდება და რეინვესტირება წარმოებაში. რა თქმა უნდა, კაპიტალიზმის ტრიუმფი მხოლოდ პროტესტანტული შრომითი ეთიკის მოქმედების ნაყოფი არ გახლდათ, არამედ იგი უნდა განვიხილოთ გარკვეული ფაქტორების ურთიერთგადაკვეთის კონტექსტშიც. მაგალითად., სამხედრო ბიუჟეტის როლი და მოხმარების საგნებზე მზარდი მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ, წარმოების გაზრდის ხელშემწყობი და მამოძრავებელი გახდა. ვებერი ამავე დროს, აღნიშნავდა, რომ თავის მხრივ, საზოგადოებასაც შეუძლია რელიგიაზე გავლენა _ ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებს შეუძლიათ გამოიწვიონ რელიგიური რწმენებისა და შეხედულებების ცვლილება. ასე მაგალითად., პროტესტანტული რეფორმაციის შედეგად გარდაიქმნა არა მხოლოდ ეკონომიკური სტრუქტურა, არამედ საზოგადოების მრავალი სოციალური ინსტიტუტი მეცნიერებისა და განათლების ჩათვლით. ამრიგად, ცვლილებების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნა კალვინიზმის (პურიტანელობის) გავლენით, ცვლის მთლიანად საზოგადოების სოციალურ წყობას.

     მ. ვებერმა თავისი ნაშრომები მსოფლიო რელიგიების კვლევის სფეროში განიხილა როგორც ერთიანი კვლევა. პროტესტანტიზმის გავლენა დასავლეთის კულტურის განვითარებაზე წარმოადგენს მისი მასშტაბური მცდელობის მხოლოდ ერთ კომპონენტს, შეეფასებინა რელიგიის გავლენა სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე სხვადასხვა კულტურებში. აღმოსავლური რელიგიების ანალიზის საფუძველზე ვებერი მიდის დასკვნამდე, რომ ისინი აღმოჩნდნენ სწორედ ის წინამღობი ბარიერები, რომლებიც აფერხებდნენ დასავლური ტიპის სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარებას. აქ რელიგია გამოდიოდა ერთადერთ გადაულახავ წინაღობად ამ ტიპის ცვლილებების განსახორციელების გზაზე. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ დასავლურთან შედარებით სხვა ცივილიზაციები ჩამორჩენილობას ავლენდნენ, არამედ უბრალოდ მათი საფუძველმდებარე ღირებულებები თვისებრივად განსხვავდებოდნენ ევროპაში დამკვიდრებული ნორმატიული ორიენტაციების სისტემებისაგან.

     ვებერი მიუთითებს მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ჩინეთსა და ინდოეთში შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი გამოცოცხლება ვაჭრობაში, წარმოებასა და ქალაქმშენებლობაში, მათ არ გამოუწვევიათ რაიმე საგრძნობი რადიკალური სოციალური ცვლილება, რაც ნიშანდობლივი და დამახასიათებელი იყო მზარდი დასავლური ტიპის სამრეწველო კაპიტალიზმისთვის. რელიგია გამოდის ძირითად წინააღმდეგობად ამ ტიპის ცვლილებების გზაზე. მაგალითად., ინდუიზმში, რომელსაც ვებერი უწოდებს "მიღმურ რელიგიას", ძირითადი ღირებულებები მიმართულია მატერიალური სამყაროს ძალებისგან გათავისუფლებაზე, რაც განაპირობებს გადასვლას სულიერი განვითარების ახალ, თვისებრივად მაღალ საფეხურზე. რელიგიური გრძნობები და მოტივები, რომელსაც ბადებს ინდუიზმი არ არის მიმართული მატერიალური სამყაროს ძალაუფლების მიპოვებისკენ, რაც თავის მხრივ, გამოიყენება მისი გარდაქმნისთვის. პირიქით, ინდუიზმი მატერიალურ რეალობას განიხილავს როგორც საფარველს, მოჩვენებით რეალობას, რომლის ქვეშაც იმალება კაცობრიობის ჭეშმარიტი ინტერესები. კონფუცენელთა ძალისხმევაც მიმართულია იქითკენ, რომ შეაჩეროს ეკონომიკური განვითარება დასავლური აზრით, რამდენადაც აქ ხაზგასმულია სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევის მნიშვნელობა და არა მასში აქტიური ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა ყველაზე მძლავრ და კულტურული თვალსაზრისით განვითარებულ მსოფლიო ცივილაზიას, მასში დამკვიდრებული რელიგიური ღირებულებები გამოდიოდნენ მუხრუჭებად ეკონომიკური განვითარების გზაზე.

     მ. ვებერი ახასიათებს რელიგიას როგორც სულის ხსნის რელიგიას, რაც გულისხმობს იმ მორწმუნეა გადარჩენის მცდელობას, ვინც ქრისტიანობის ერთგულია და იცავს მის მცნებებს. ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანობისთვის ცოდვის ცნება და მისი გადალახვა ღვთაებრივი წყალობის მეშვეობით. ეს შეხედულებები მორწმუნეთა შორის იწვევდნენ გარკვეულ დაძაბულებასა და ემოციონალურ დინამიკას, რომელიც საერთოდ არ არსებობს აღმოსავლურ რელიგიებში. სულის ხსნის რელიგია გულისხმობს რევოლუციურ ასპექტს. აღმოსავლური რელიგიებისგან განსხვავებით, რომლებიც აძლიერებენ მორწმუნეთა შორის მჭვრეტელობით, პასიურ ორიენტაციას საგანთა არსებული წესრიგის მიმართ, ქრისტიანობა, პირიქით, ახდენს ცოდვასთან გამუდმებული ბრძოლის სტიმულირებას. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს წახალისებას საგანთა არსებული წესრიგის მიმართ. მაგალითად., ქრისტიანობის რელიგიური ლიდერები, ორთოდოქსული რელიგიის დოგმატების ინტერპრეტირებას ახდენენ იმგვარად, რომ იგი არყევდა ხელისუფლების არსებული სტრუქტურების ფუნქციონირებას.

     კლასიკოსი სოციოლოგებიდან, კარლ მარქსი, ემილ დიურკემი და მაქს ვებერი, თითოეულმა თავისებურად განსაზღვრა რელიგიის განმმასხვავებელი ნიშნები და თავისებურებები, გარკვეული აზრით, მათი იდეები და თვალსაზრისები ერთმანეთს ავსებენ. კარლ მარქსი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ რელიგიას ხშირად გააჩნია იდეოლოგიური მნიშვნელობა და დგება მმართველი კლასების ინტერესების სამსახურში, რასაც, ისტორიის არა ერთი სამწუხარო მაგალითი ადასტურებს. მაგალითისთვის ავიღოთ, ქრისტიანული ევროპის მცდელობა კოლონიალური ქვეყნები თავისი ბატონობისთვის დაემორჩილებინა. მისიონერები, რომლებიც ცდილობდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე აზიისა და აფრიკის "წარმართი" ქვეყნების მოქცევას, რა თქმა უნდა, მოქმედებდნენ უაღრესად გულწრფელი მიზნებით, თუმცა მათი სარწმუნოების გავრცელების შედეგად დაჩქარდა ტრადიციული კულტურების რღვევა და თეთრკანიანი რასის ბატონობის დამკვიდრება. თითქმის ყველა ქრისტიანული მიმართულება შედარებითი შეწყნარებით უყურებდა მონობის მოვლენას თვით XIX საუკუნემდე. სეიქმნა სპეციალური თეოლოგიური თეორიები, რომელიც ამართლებდა მონობის ინსტიტუტეს, როგორც განგების ნებასა და გარდაუვლად მოვლინებულ სასჯელს. დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ამბოხებული და ურჩი მონები ჩადიოდნენ დანაშაულს ღმერთისა და მათი ბატონის (პატრონის) წინაშე.

     ამ აზრით, მაქს ვებერი სამართლიანად შენიშნავს რელიგიური იდეალების ტრადიციულ საზოგადოებრივ წესრიგზე ზემოქმედების ინოვაციურ და რევოლუციურ ხასიათზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გამოდიოდა მონობის მოვლენის მხარდამჭერად საზოგადოებაში, ხშირად სწორედ რელიგიური ლიდერები ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს მონების განთავისუფლებასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. რელიგიური თვალსაზრისები ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობდნენ იმ სოციალური მოძრაობების გააქტიურებას, რომლებიც მიმართული იყო ძალაუფლების უსამართლო სისტემის წინააღმდეგ. მათ უჭირავთ გამორჩეული ადგილი XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიულ პროცესში. რელიგიის სოციალურ ცვლილებებთან კავშირის სხვა გამოხატულებას წარმოადგენს რელიგიური მოტივებით წარმოებული ომები, რასაც საზოგადოება მასობრივ სისხლისღვრამდე მიჰყავდა.

     ამ წინააღმდეგობების შესწავლას, მისი უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ემილ დიურკემის შრომებში. ე. დიურკემი, უპირველეს ყოვლისა, ხაზს უსვამს რელიგიის მნიშვნელობას საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის თვალსაზრისით. თუმცაღა, მისი იდეების მიყენება ადვილად შეიძლება რელიგიური კონფლიქტებისა და მის შედეგად წარმოქმნილი სოციალური ცვლილებების ახსნისას. მტრული გრძნობების სიღრმე, რომელსაც მორწმუნე განიცდის სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ, დამოკიდებულია პირველ რიგში, საკუთარ რელიგიურ ერთობაში აღიარებული რელიგიური ღირებულებებისადმი ერთგულებაზე. ე. დიურკემის ნაშრომთა ღირსებებს, პირველ რიგში, შეიძლება მივაკუთვნოთ კოლექტიური რიტუალებისა და ცერემონიების საკითხის წინ წამოწევა. ყველა რელიგიაში არსებობს მორწმუნეთა რეგულარული შეკრებების პრაქტიკა, რომლის დროსაც სრულდება გარკვეული წესები. გარდა ამისა, როგორც სამართლიანად შენიშნავს დიურკემი, რიტუალები ასახავენ ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს _ დაბადებას, სრულწლოვანებას (მრავალ კულტურაში არსებობს სქესობრივი სიმწიფის ასაკთან დაკავშირებული ინიციაციის რიტუალები), ქორწინებას, სიკვდილს.

ტეგები: Qwelly, დურკჰეიმი, ვებერი, რელიგიის_სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1329

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters