კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 3

შესავალი

არ არსებობს კვლევის დაგეგმვის ერთი სწორი სქემა. კვლევის სქემას "მიზნისთვის შესატყვისობის" შესახებ მოსაზრება მართავს. კვლევის მიზანი განსაზღვრავს კვლევის მეთოდოლოგიას და დიზაინს. მაგალითად, თუ კვლევის მიზანია ველის შესწავლა, ან განზოგადებადი კომენტარების გაკეთება, მაშინ სასურველი იქნება გამოკითხვის ჩატარება სტატიფიცირებული შერჩევის რომელიმე ფორმის გამოყენებით; თუ კონკრეტული ჩარევის ეფექტი უნდა შეფასდეს, მაშინ ექსპერიმენტი ან პრაქტიკული კვლევის მოდელი იქნება შესატყვისი; ხოლო, თუ კონკრეტული სიტუაციის ან ჯგუფის სიღრმისეული შესწავლა იგეგმება, მაშინ შეიძლება ეთნოგრაფიული მოდელი გამოდგეს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, მაინც შესაძლებელია იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარებაც მოუწევს მკვლევარს, განურჩევლად კვლევის თავისებურებებისა. ეს თავი სწორედ ამ თემებს ეხება და მიუთითებს იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა მოგვარდეს პრაქტიკაში, რათა საკვლევი გარემო პრაქტიკული და კვლევისთვის გამოსადეგი გახდეს. წინამდებარე თავში მოცემულია, თუ როგორ შეიძლება კვლევის ზოგადი მიზნებისა და ამოცანების პრაქტიკულ, საკვლევ თემებად გარდაქმნა.

კვლევის დაწყების შემდეგ "თამაშის წესების" შეცვლა ნამდვილად შექმნის პრობლემებს. კვლევის პირობები და მისი წარმართვის მექანიზმი წინასწარ უნდა გაიწეროს, თუ გვინდა, რომ ის დამაჯერებელი, ლეგიტიმური და განხორციელებადი იყოს. მას შემდეგ, რაც მათ შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, მკვლევარს უკვე ყველა პირობა აქვს შექმნილი კვლევის დასაწყებად. კვლევის დაგეგმვა-დახვეწა ბალანსირების აქტია, რისთვისაც დაგეგმილი შესაძლებლობებისა და განხორციელებადი, თანმიმდევრული პრაქტიკის ჰარმონიზაციაა საჭირო, ანუ არსებული განსხვავების საკითხის მოგვარება: რა შეიძლება გაკეთდეს/რისი გაკეთება სურს მკვლევარს და რეალურად რა იმუშავებს/რისი გაკეთება შეუძლია მკვლევარს; ამის შედეგად კი კვლევა იმუშავებს. კვლევის დაგეგმვაში ორი ფაზაა: დივერგენციის და კონვერგენციის. დივერგენციის ფაზა მკვლევარს არსებულ შესაძლო ვარიანტებს სთავაზობს, კონვერგენციის ფაზა კი გაფილტრავს ამ შესაძლებლობებს, ნახავს, მათ შორის რომელია სასურველი, რომელი რომელს შეესატყვისება, რომელი იმუშავებს მოცემულ სიტუაციაში და გადაინაცვლებს მოქმედების გეგმაზე, რომელიც რეალურად იმუშავებს. ამის გაკეთება დაგეგმვის საკითხების ჩამონათვალის დადგენით არის შესაძლებელი.

კვლევის დაგეგმვის პრინციპები

ცხადია, საკითხები, რომლებიც კვლევის დაგეგმვის პრინციპებს ქმნის, სხვადასხვა ტიპის კვლევისთვის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას საჭიროებს; თუმცა მაინც სასარგებლოა იმის მითითება, თუ რა საკითხები შეიძლება იყოს ეს (იხ. 3.1 ჩანართი).

განხილვის შესაძლო თანმიმდევრობა მოცემულია დიაგრამაზე.

ცხადია, არ არის აუცილებელი, რომ ეს რეალური თანმიმდევრობა იყოს. მაგალითად, შეიძლება კვლევის დასაწყისში საჭირო გახდეს პოტენციური შერჩევის ხელმისაწვდომობის საკითხის განხილვა.


ჩანართი 3.1
კვლევის სქემის ელემენტები

  1. პრობლემის ნათლად გამოკვეთა/საჭიროება, რის გამო ტარდება კვლევა;
  2. შეზღუდვები კვლევაში (მაგალითად, ხელმისაწვდომობა, ადამიანები, პოლიტიკა);
  3. კვლევის ზოგადი მიზანი და ამოცანები;
  4. კვლევის მოსალოდნელი შეეგები: რას გააკეთებს კვლევა და რა შედეგს უნდა ველოდოთ;
  5. როგორ უნდა მოხდეს კვლევის მიზნებისა და ამოცანების ოპერაციონალიზაცია;
  6. კვლევის კითხვების (შესაძლებელი რომ იყოს სპეციფიკური, კონკრეტული პასუხების გაცემა) და ჰიპოთეზების (თუ შესაძლებელია) ფორმირება;
  7. კვლევის ფოკუსი;
  8. კვლევის პრიორიტეტების იდენტიფიცირება და რანჟირება;
  9. კვლევის დიზაინის მოხაზვა;
  10. კვლევის ფოკუსირება;
  11. კვლევის მეთოდოლოგია (მიდგომები და კვლევის სტილი, მაგალითად, გამოკითხვა, ექსმერიმენტული, ეთნოგრაფიულ-ნატურალისტური, დროში განმეორებადი, ერთჯერადი, ისტორიული, კორელაციური, ეხ პოსტ ფაცტო);
  12. ეთიკური საკითხები და კვლევაში მონაწილეობა (მაგალითად, ინფორმირებული თანხმობა, ღია და ფარული კვლევა, ანონიმურობა, კონფიდენციალობა, არაიდენტიფიცირებულობა, ზიანის მიუყენებლობა, სარგებლიანობა, უარის თქმის/კვლევიდან გამოთიშვის უფლება, რესპონდენტის გადამოწმება, კვლევის მონაწილეები, სოციალური პასუხისმგებლობა, პატიოსნება და მოტყუება);
  13. კვლევის პოლიტიკა: ვინ არის მკვლევარი, საკუთარი ინსტიტუტის კვლევა, ძალაუფლება და ინტერესები, უპირატესობა, შიდა და გარედან შემოტანილი კვლევა;
  14. კვლევის აუდიტორია, ანუ, ვისთვის არის კვლევა განკუთვნილი;
  15. ინსტრუმენტები, მაგალითად, კითხვარები, დაკვირვება, ტესტები, საველე ჩანაწერები, ანგარიშები, დოკუმენტები, პიროვნული კონსტრუქტები, როლების გათამაშება;
  16. შერჩევა: ზომა/ხელმისაწვდომობა/რეპრეზენტაციულობა; ტიპი; ალბათობა: შემთხვევითი, სისტემატური, სტრატიფიცირებული, კლასტერული, ეტაპობრივი, მრავალფაზური; არაალბათური: ხელმისწავდომი, კვოტა, მიზნობრივი, განზომილების, ზვავისებრი[1].
  17. პილოტირება: ტექნიკური საკითხები: სისუფთავე, განლაგება და გარეგნული იერსახე, დროის განაწილება, ხანგრძლივობა, საფრთხე, სიმარტივე/სირთულე, პირად სივრცეში შეჭრა, კითხვები: ვალიდობა, ბუნდოვნების აღმოფხვრა, კითხვების ტიპები (მაგალითად, მრავალჯერადი არჩევანი, ღია და დახურული კითხვები), პასუხების კატეგორიები, ზედმეტი სარეზერვო ვარიანტების იდენტიფიცირება, წინასწარი პილოტირება, კატეგორიების შექმნა, დაჯგუფება და კლასიფიკაცია;
  18. დროის განაწილება და თანმიმდევრობა (რა მოხდება, როდის და ვისთან);
  19. საჭირო რესურსები;
  20. ვალიდობა: კონსტრუქტული, შინაარსის, მიმდინარე, თვალსაჩინო, ეკოლოგიური, ინტერნალური, ექსტერნალური.
  21. სანდოობა: კონსისტენტობა (გამეორებადობა), ეკვივალენტობა (შემფასებელთა შორის, ეკვივალენტური ფორმები), პროგნოზირებადობა, სიზუსტე; პატიოსნება, აუთენტურობა, სიმდიდრე, დამოკიდებულობა, სიღრმე, ჰოტორნისა (დამკვირვებლის ყოფნის შედეგად ქცევის შეცვლის) და ჰალოს (ერთ სფეროში ჩამოყალიბებული აზრის გავლენა მეორე სფეროში არსებულ მოსაზრებაზე) ეფექტების დაძლევა;
  22. მონაცემების ანალიზი;
  23. ანგარიში და კვლევის წერილობითი გაფორმება.

ეს საკითხები ოთხ ძირითად სფეროდ შეიძლება გაერთიანდეს (Morrison 1993):

  • საორიენტაციო გადაწყვეტილებები;
  • კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია;
  • მონაცემების ანალიზი;
  • შედეგების წარდგენა და მოხსენება.

საორიენტაციო გადაწყვეტილებები ის გადაწყვეტილებებია, რომლებიც კვლევის საზღვრებს ან შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, ვთქვათ, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ ექვს თვეში უნდა დასრულდეს. ეს გავლენას მოახდენს მთელ წამოწყებაზე. ერთი მხრივ, ეს საჭიროებს "გონების მოკრეფას", საკითხების პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგებას და მონაცემების შედარებით მცირე დროში შეგროვებას. მეორე მხრივ, ამან შეიძლება შეამციროს მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების მრავალფეროვნება. მაშასადამე, დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული საკითხები გავლენას მოახდენს:

  • კვლევის კითხვებზე, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა რეალური, ობიექტური და მიუკერძოებელი პასუხების გაცემა (მაგალითად, ზოგიერთი კვლევის კითხვა შეიძლება მონაცემების მოგროვებისთვის ხანგრძლივ დროს საჭიროებდეს);
  • მონაცემების შეგროვებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტების რაოდენობაზე (მაგალითად, დრო შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებისთვის იყოს საკმარისი);
  • წყაროებზე (ადამიანებზე), ვისთანაც მივიდოდა მკვლევარი (მაგალითად, დრო შეიძლება მხოლოდ მცირეოდენი ადამიანების ინტერვიუირებისთვის იყოს საკმარისი);
  • კვლევითი ნაშრომის ზომასა და ხასიათზე (დრო შეიძლება მხოლოდ შუალედური, წინასწარი ანგარიშის მომზადებისთვის იყოს საკმარისი).

დროის შუალედის დადგენით კვლევაში რეალიზმის მნიშვნელოვანი ელემენტი შედის, რაც შესაძლებელს ხდის, რომ პასუხი გაეცეს კითხვებს პრაქტიკულობის შესახებ.

მოდით, სხვა მაგალითი ავიღოთ. დავუშვათ, კვლევის წამყვანი მახასიათებელია დროის, ადამიანებისა და მასალების ღირებულების თვალსაზრისით უმნიშვნელო ხარჯები. ესეც იმოქმდებს კვლევაზე. ერთი მხრივ, ის პროექტს რეალურობას შესძენს იმის დადგენით, თუ რა შეიძლება შესრულდეს და რა - არა. მეორე მხრივ, წინა შემთხვევის მსგავსად, შეამცირებს მკვლევრისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს. ღირებულების საკითხები იმოქმედებს:

  • კვლევის კითხვებზე, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა რეალური, ობიექტური და მიუკერძოებელი პასუხების გაცემა (მაგალითად, ზოგიერთი კვლევის კითხვა შეიძლება საჭიროებდეს ინტერვიუს, რომელიც ძვირი ჯდება როგორც დროის, ისე ადმინისტრირების თვალსაზრისით, მონაცემების შეგროვების ძვირადღირებული კომერციულად წარმოებული ინსტრუმენტები (მაგალითად, ტესტები) და ძვირადღირებული კომპიუტერული მომსახურება, რაც შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასაც მოიცავდეს.
  • მონაცემების შეგროვებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტების რაოდენობაზე (მაგალითად, მონაცემების შეგროვების ზოგიერთი ინსტრუმენტი, როგორიცაა საფოსტო კითხვარები, ძვირი ჯდება რეპროგრაფიისა და საფოსტო მომსახურების გამო).
  • წყაროებზე (ადამიანებზე), ვისთანაც მივიდოდა მკვლევარი (მაგალითად, თუ მასწავლებლები სასწავლო პროცესიდან არიან განთავისუფლებული, ინტერვიუსთვის საჭიროა მათი შემცვლელების პოვნა).
  • საკითხების რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაიფაროს მოცემულ დროში (მაგალითად, რელევანტური მონაცემების მოძიებისას ზოგიერთი საკითხი შეიძლება ძვირადღირებული იყოს მკვლევრის დროის თვალსაზრისით).
  • კვლევითი ნაშრომის ზომასა და ხასიათზე (მაგალითად, წერილობითი ანგარიშების რაოდენობა, შეკრებების ღირებულება).

დროის გარკვეული ინტერვალი გარკვეული ტიპის კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა - მოკლე დროში მცირე მოცულობის საკითხებზე პასუხების გაცემა შეიძლება, ხოლო უფრო ფართო კვლევა მონაცემების შესაგროვებლად უფრო მეტ დროს საჭიროებს, რათა რამდენიმე საკითხი დაიფაროს. დროის, რესურსებისა და ადამიანების ხარჯები შეიძლება გავლენას ახდენდნენ მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტების არჩევაზეც. მაგალითად, დროისა და ხარჯის საკითხი მკვლევრისგან მოითხოვს სკოლაში მასწავლებლების ან სტუდენტების მინიმალური რეპრეზენტაციული შერჩევის ზომის განსაზღვრას, ვინაიდან ინტერვიუს დიდი დრო სჭირდება და ძვირადღირებულია. კვლევის ორი რეალური შეზღუდვა არსებობს, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას. კვლევის ადრეულად დაგეგმვა მკვლევარს მისცემს იმ საზღვრების დადგენის საშუალებას, რომელშიც უნდა იმუშაოს და, ასევე, შეზღუდვების განსაზღვრის შესაძლებლობას.

მოდით, სხვა მნიშვნელოვანი კითხვები ავიღოთ: რეალურია კვლევა? შესაძლებელია მისი რეალურად განხორციელება? მიიღებენ მკვლევარს სკოლებში, ინსტიტუტებში და ადამიანებთან? ეს უკანასკნელი წამყვან მახასიათებლად გადაიქცევა, თუ კვლევა სენსიტიურია.

საორიენტაციო გადაწყვეტილებები

ველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ისინი ქმნიან კვლევის ზოგად ხასიათს. არსებობს რომელსაც მკვლევარმა რამდენიმე კითხვას უნდა დაუთმოს ყურადღება:

  • ვის უნდა კვლევა?
  • ვინ მიიღებს კვლევას/ვისთვის არის განკუთვნილი?
  • ვინ არის კვლევის სავარაუდო/შესაძლო აუდიტორია?
  • რა ძალაუფლება აქვთ კვლევის მიმღებთ?
  • რა ზოგად მიზნებსა და ამოცანებს ისახავს კვლევა?
  • რა ძირითადი პრიორიტეტები და შეზღუდვები აქვს კვლევას?
  • რეალურად ხელმისაწვდომი თუ არიან კვლევის მონაწილეები?
  • რა დროში და დროის როგორი განაწილებით უნდა ჩატარდეს კვლევა?
  • ვისი კუთვნილება იქნება კვლევა?
  • რა ეტაპზე გადაეცემა კვლევის მესაკუთრეობა მონაწილისგან მკვლევარს და მკვლევრისგან - კვლევის მიმღებს?
  • ვის ეკუთვნის მონაცემები?
  • რა ეთიკური საკითხების წინაშე დგება მკვლევარი კვლევის განხორციელებისას?
  • რა რესურსები (მაგალითად, ფიზიკური, მატერიალური, დროის, ადამიანური, ადმინისტრაციული) სჭირდება კვლევას?

აქედან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილებები აწესებენ კვლევის გარკვეულ ძირითად პარამეტრებს, ზოგიერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩათვლით (მაგალითად, საკუთრების შესახებ და მიმღების ძალაუფლების შესახებ, იმოქმედოს კვლევის საფუძველზე). ამ ეტაპზე დგება საკითხი, შეიძლება, თუ არა კვლევის რეალურად განხორციელება.

კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია

თუ ზემოთ ჩამოთვლილი საორიენტაციო გადაწყვეტილებები სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მაშინ ველზე მიღებული გადაწყვეტილებები - ტაქტიკურია. ისინი ადგენენ კვლევის პრაქტიკულობას, უშვებენ რა, რომ ზოგადად მისი განხორციელება შესაძლებელია (ანუ, რომ მიღებულია საორიენტაციო გადაწყვეტილებები). აქ გადაწყვეტილებები მოიცავს ისეთი კითხვების დასმას, როგორიცაა:

  • რა კონკრეტული მიზნები აქვს კვლევას?
  • როგორაა ოპერაციონალიზებული კვლევის ზოგადი მიზნები კვლევის კონკრეტული კითხვებით?
  • კვლევის რა კონკრეტული კითხვები არსებობს?
  • რაზე უნფა ფოკუსირდეს კვლევა, რომ კვლევის კითხვებს უპასუხოს?
  • რა ძირითადი მეთოდოლოგიაა კვლევაში გამოყენებული (მაგალითად, რაოდენობრივი გამოკითხვა, თვისებრივი კვლევა, ეთნოგრაფიული თუ პრაქტიკული კვლევა, ა. შ.)?
  • როგორ მოგვარდება ვალიდობისა და სანდოობის საკითხები?
  • რა სახის მოსაცემებია საჭირო?
  • ვისგან უნდა მიიღონ ეს მონაცემები (შერჩევის საკითხი)?
  • კიდევ საიდან შეიძლება მონაცემების მოპოვება (მაგალითად, დოკუმენტური წყაროები)?
  • როგორ მოგროვდება მონაცემები (ინსტრუმენტების საკითხი)?
  • ვინ აწარმოებს კვლევას?

როგორ მოვახდინოთ კვლევის კითხვების ოპერაციონალიზაცია

ოპერაციონალიზაციის პროცესს არსებითი მნიშვნელობა აქვს ეფექტური კვლევისთვის. ოპერაციონალიზაცია ნიშნავს ოპერაციების ან ქცევების ერთობლიობის დადგენას, რომელიც შეიძლება გავზომოთ, შევისწავლოთ ან ვცვალოთ. ოპერაციონალიზაციისას კვლევის ძალიან ზოგადი მიზანი კონკრეტულ კითხვად გარდაიქმნება, რომელზეც ასეთივე კონკრეტული პასუხის გაცემაა შესაძლებელი. ეს ზოგადიდან, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ, კერძოსკენ მოძრაობის პროცესია. ამგვარად, მკვლევარი კვლევის თითოეულ ზოგად მიზანს უფრო სპეციფიკურ მიზნებად და მდგენელებად ანაწევრებს და ეს პროცესი მანამდე გრძელდება, სანამ კონკრეტულ კითხვებამდე არ მივალთ, რომლებზეც კონკრეტული პასუხების გაცემა იქნება შესაძლებელი. ქვემოთ მოცემულია ამ პროცესის ორი მაგალითი.

წარმოვიდგინოთ, რომ კვლევის მიზანია დაწყებითი და საშუალო განათლების უწყვეტობის დადგენა (Morrison 1993: 31 – 3). ეს ძალიან ზოგადი მიზანია და უფრო კონკრეტული ტერმინებით წარმოდგენას საჭიროებს. ამიტომ მკვლევარმა ტერმინი "უწყვეტობა" შეიძლება რამდენიმე მდგენელად დაშალოს, როგორიცაა, მაგალითად, გამოცდილება, სილაბუსის შინაარსი, სწავლებისა და სწავლის სტილები, უნარები, ცნებები, ორგანიზაციული პირობები, მიზნები და ამოცანები, ეთოსი, შეფასება. ვინაიდან ჩამოთვლილი ძალიან ბევრია, გადაწყდა, რომ კვლევა პედაგოგიკის უწყვეტობაზე ფოკუსირებულიყო, რაც შემდეგ კომპონენტებად დაიშალა:

  • პედაგოგიკის უწყვეტობის დონე;
  • პედაგოგიკის უწყვეტობის ბუნება;
  • პედაგოგიკის უწყვეტობის წარმატებულობის ხარისხი;
  • უწყვეტობაზე პასუხისმგებლობა;
  • უწყვეტობის ჩანაწერების წარმოება და დოკუმენტირება;
  • უწყვეტობის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომი რესურსები.

მკვლევარმა შემდგომში შეიძლება კვლევაში გაითვალისწინოს: უწყვეტობის ბუნება (ანუ უწყვეტობის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა); უწყვეტობის ხარისხი (ანუ მოცემული კრიტერიუმით გაზომვა); უწყვეტობის წარმატებულობის დონე (ანუ მსჯელობა). შესაბამისად, ოპერაციონალიზებული კვლევის კითხვები შემდეგნაირი შეიძლება იყოს:

  • რამდენად უწყვეტია პედაგოგიკა გარდამავალ ეტაპებზე თითოეულ სასწავლო სფეროში? რა ემპირიული საბუთებია საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად? რა კრიტერიუმით განისაზღვრება უწყვეტობის დონე?
  • რა პედაგოგიური სტილი გამოიყენება თითოეულ სასწავლო სფეროში? რომელია მათ შორის ყველაზე ხშირად გამოყენებული და პრიორიტეტული? როგორია ბალანსი სხვადასხვა პედაგოგიურ სტილს შორის? რა გავლენას ახდენს პედაგოგიკა რესურსებზე? რამდენად იგეგმება და იწერება უწყვეტობა? რა კრიტერიუმის მიხედვით შეფასდება უწყვეტობის ბუნება? რა ემპირიული საბუთებია საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად?
  • პედაგოგიკის რომელი ასპექტები იგეგმება? რა კრიტერიუმის მიხედვით შეფასდება უწყვეტობის წარმატებულობა? რამდენ სტუდენტთან, მასწავლებელსა თუ სასწავლო პროგრამაში უნდა დაფიქსირდეს უწყვეტობის შემთხვევა, რომ ის წარმატებულად ჩაითვალოს? რა ემპირიული საბუთებია საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად?
  • უწყვეტობა შემთხვევით წარმოიქმნება თუ დაგეგმილია? როგორ გაიზომება დაგეგმილი და დაუგეგმავი უწყვეტობის ოდენობა? რა ემპირიული საბუთებია საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად?
  • ვინ აგებს პასუხს უწყვეტობაზე გარდამავალ პერიოდში? რა მოიმოქმედეს ამ ადამიანებმა?
  • როგორ ხდება უწყვეტობის ჩაწერა სკოლებში? ვინ აწარმოებს ჩანაწერებს? რა სიხშირით ხდება ჩანაწერების განახლება და გადამოწმება? რა ემპირიული საბუთებია საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად?
  • რა რესურსები არსებობს გარდამავალ ეტაპზე უწყვეტობის მხარდასაჭერად? რამდენად ადეკვატურია ეს რესურსები? რა ემპირიული საბუთებია საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად?

ჩამონათვალიდან ჩანს, რომ ამ კითხვებით კვლევამ ინტერესის (ანუ ზოგადი მიზნის) უბრალო გამოხატვიდან გადაინაცვლა მთელი რიგი საკითხებისკენ, რომლებიც კონკრეტული ტერმინებით კვლევას ექვემდებარება. ეს სწორედ ისაა, რასაც ოპერაციონალიზაციის პროცესს ვუწოდებთ. ახლა შესაძლებელია არა მარტო კონკრეტული კითხვების განსაზღვრა, რომელიც უნდა დაისვას, არამედ - იმ ინსტრუმენტებისაც, რომლებიც შეიძლება დაგვჭირდეს მონაცემების მოსაგროვებლად, რათა ვუპასუხოთ ამ კითხვებს (მაგალითად, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები, კითხვარებში რანჟირების სკალები ან დოკუმენტაციის ანალიზი). ამრიგად, ოპერაციონალიზაციის პროცესის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ზოგადი მიზნის კვლევა, მაგალითად, გაზომვით (Rose and Sallivan 1993: 6) ან სხვა საშუალებებით. ზემოთ ბევრი ოპერაციონალიზებული კვლევის კითხვებია მოცემული და ისინი, მაქსიმუმ, ოთხ ან ხუთ კითხვამდე უნდა დავიყვანოთ, რათა კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდეს.

კვლევის კითხვების ოპერაციონალიზაციის ალტერნატიული გზა ჰიპოთეზების წამოყენება და მათი შემოწმებაა. "კარგ" ჰიპოთეზას რამდენიმე თვისება გამოარჩევს: პირველი - გამოკვეთილია, ის ცალმხრივია თუ არა: ცალმხრივი ჰიპოთეზა ადგენს განსხვავების მიმართულებას ორ პირობას ან მონაწილეთა ორ ჯგუფს შორის (მაგალითად, სტუდენტების მოსწრება იზრდება, თუ ისინი შინაგანად არიან მოტივირებული). ორმხრივი ჰიპოთეზა უბრალოდ წინასწარმეტყველებს, რომ იქნება განსხვავება ორ პირობას ან მონაწილეთა ორ ჯგუფს შორის (მაგალითად, სტუდენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შინაგანი მოტივაციის დონით) და არ აკონკრეტებს ეს განსხვავება მატებას გულისხმობს, თუ კლებას (სტატისტიკური მიზნებისთვის, ცალმხრივი ჰიპოთეზა ცალმხრივ კრიტერიუმს ითხოვს, ხოლო ორმხრივი ჰიპოთეზა ორმხრივ კრიტერიუმს იყენებს, იხ. ნაწილი მეხუთე). ცალმხრივი ჰიპოთეზა ხშირად გამოიყენება, როდესაც წარსული კვლევა, წინასწარმეტყველებები ან თეორია გვაფიქრებინებს, რომ მონაცემები ერთი რომელიმე კონკრეტული მიმართულებით შეიძლება წავიდეს; ორმხრივი ჰიპოთეზა კი მაშინ გამოიყენება, როდესაც წარსული კვლევა ან თეორია ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივია, ან წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ანუ როდესაც შედეგები შეუზღუდავია.

მეორე - "კარგი" ჰიპოთეზა შემოწმებადი ფორმით არის დაწერილი ისე, რომ ნათელია, როგორ დაგეგმავს მკვლევარი ექსპერიმენტს ან გამოკითხვას ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მაგალითად, ადამიანები მათემატიკურ დავალებებს უკეთ ასრულებენ სიჩუმეში, ვიდრე მაშინ, როდესაც სიჩუმე არ არის. ხმაურით ინტერფერენციის ცნება ოპერაციონალიზებულია შემოწმებადი ჰიპოთეზის მისაღებად.

მესამე - "კარგი" ჰიპოთეზა ისეთი ფორმით არის დაწერილი, რომ შესაძლებელია გაზომვადი შედეგების მიღება. მაგალითად, ჰიპოთეზაში: ადამიანები უკეთ მუშაობენ წყნარ, ვიდრე ხმაურიან პირობებში, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რას ნიშნავს ოპერაციები "უკეთ მუშაობენ", "წყნარი" და "ხმაურიანი". აქ "უკეთ მუშაობენ" შეიძლება "მათემატიკურ ტესტში უფრო მაღალი ქულების მიღებას" ნიშნავდეს, "წყნარი" - "სიჩუმეს", ხოლო "ხმაურიანი" - "ჩართულია მუსიკა." მაშასადამე, სრულად ოპერაციონალიზებული ჰიპოთეზა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: ადამიანები შეიძლება უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ მათემატიკურ ტესტში, როდესაც ტესტირება სიჩუმეში ტარდება, ვიდრე მაშინ, როდესაც ტესტირების დროს მუსიკა უკრავს. აქ ჩანს, რომ შეიძლება ქულა გაიზომოს და რომ არსებობს ნულოვანი ხმაური ანუ ხმაურის დონის საზომი.

ჰიპოთეზის გამოყენებით კვლევის ჩატარებისას მკვლევარს რამდენიმე ჰიპოთეზა უნდა ჰქონდეს (Muijs 2004: 16), რათა შეძლოს საკვლევი ფენომენის სირთულის ჩაჭერა და, ამასთან, არც ისე უმნიშვნელოა გამაშუალებელი ცვლადების ჩართვა კვლევაში. მაგალითად, ორგანიზაციის თანამშრომლებში "თანამშრომლობის სურვილზე" (დამოკიდებული ცვლადი) გავლენას ახდენს პროფესიული ხელმძღვანელობა (დამოუკიდებელი ცვლადი) და ლიდერის პიროვნული ლიდერული თვისებები (შუალედური ცვლადი: Mastrangelo et al. 2004), რომელსაც, ცხადია, უფრო ზუსტად ოპერაციონალიზაცია ესაჭიროება.

გარდა ამისა, ჰიპოთეზის შემოწმების მოდელი მოიაზრებს, რომ კვლევაში საჭიროა ნულოვანი და ალტერნატიული ჰიპოთეზების განხილვა (ეს საკითხი განხილულია მეხუთე ნაწილში). ნულოვანი ჰიპოთეზის მიხედვით, მაგალითად, არ არსებობს კავშირი ორ ცვლადს შორის, ისტორიის პრეტესტსა და პოსტტესტში მონაწილეების მიერ მიღებული ქულები არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ან ქალები და კაცები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სოციალური მეცნიერების გამოცდაში მიღებული ნიშნებით. ალტერნატიული ჰიპოთეზის თანახმად, მაგალითად, არსებობს კორელაცია მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებას შორის, სოციალურ მეცნიერებაში ქალებსა და კაცებს განსხვავებული ქულები აქვთ, ისტორიის პრე-ტესტისა და პოსტ-ტესტის ქულები განსხვავდება ერთმანეთისგან. ალტერნატიული ჰიპოთეზა ხშირად დასტურდება, როცა არ დასტურდება ნულოვანი ანუ, თუ ნულოვანი ჰიპოთეზა არ დასტურდება, მაშინ დასტურდება ალტერნატიული ჰიპოთეზა. ეს ჰიპოთეზები, ჩვეულებრივ, ასე იწერება:

H0: ნულოვანი ჰიპოთეზა.

H1: ალტერნატიული ჰიპოთეზა.

მეთოდების განსხვავება მეთოდოლოგიისგან

კვლევის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან მეთოდოლოგია და მეთოდები, მიდგომები და ინსტრუმენტები, კვლევის სტილი და მონაცემების მოგროვების გზები. ამ წიგნის შემდეგი რამდენიმე თავი მონაცემების შეგროვების კონკრეტულ ინსტრუმენტებს ეძღვნება, როგორიცაა, მაგალითად:

  • ინტერვიუები;
  • კითხვარები;
  • დაკვირვება;
  • ტესტები;
  • ანგარიშები;
  • ბიოგრაფიები და შემთხვევის შესწავლა;
  • როლების გათამაშება;
  • სიმულაციები;
  • პიროვნული კონსტრუქტები.

ხშირად რომელიმე ინსტრუმენტის (მეთოდის) გამოყენება დამოკიდებულია მანამდე მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე იმის თაობაზე, თუ რა სახის კვლევა (მეთოდოლოგია) უნდა ჩატარდეს, მაგალითად, ეს უნდა იყოს:

  • გამოკითხვა;
  • ექსპერიმენტი;
  • სიღრმისეული ეთნოგრაფია
  • პრაქტიკული კვლევა;
  • შემთხვევის შესწავლა;
  • ტესტირება და შეფასება.

ამ წიგნის შემდეგ თავებში ცალცალკეა განხილული კვლევის თითოეული ეს სტილი, მათი პრინციპები, საფუძვლები და მიზნები და მათთვის შესატყვისი ინსტრუმენტები და მონაცემების ტიპები. კონცეპტუალური სიცხადის მიზნით, შესაძლებელია ამ მოდელების ძირითადი მახასიათებლების აღწერა (ჩანართი 3.2). იგულისხმება, რომ როდესაც კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, მოქმედების კონკრეტული გეგმა უნდა მომზადდეს. ამისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს კვლევის მოდელების განხილვა (Morrison 1993)


ჩანართი 3.2
კვლევის სხვადასხვა სტილის ელემენტები


მონაცემების ანალიზი

მომზადებულმა მკვლევარმა უნდა გაიაზროს, თუ როგორ გააანალიზებს მონაცემებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სპეციფიკურ გავლენას ახდენს ინსტუმენტების შერჩევაზე. მაგალითად, მკვლევარმა ზედმიწევნით უნდა დაგეგმოს კითხვარის გამოყენებით გამოკითხვის სქემა და სტრუქტურა, რათა ხელი შეუწყოს კომპიუტერში მონაცემების შეტანას შემდგომი წაკითხვისა და ანალიზისთვის. შეუსაბამო სქემამ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას მონაცემების შეტანას და, საბოლოო ჯამში, კომპიუტერულ ანალიზს. მონაცემების ანალიზის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ:

  • რას ვუპირებთ შეგროვებულ მონაცემებს? როგორ დავამუშავებთ და გავაანალიზებთ მათ?
  • როგორ დავასაბუთებთ, გადავამოწმებთ ან დავამოწმებთ ანალიზის შედეგებს?

ისიც უნდა გადავწყვიტოთ, თუ რომელ სტატისტიკურ კრიტერიუმებს გამოვიყენებთ მონაცემების ანალიზისას, ვინაიდან ესეც იმოქმდებს კვლევის სქემაზე (მაგალითად, კითხვარში) და რომელ პროგრამულ უზრუნველყოფას გამოვიყენებთ რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების დამუშავებისთვის, მაგალითად, შესაბამისად, SPSS-სა და N-Vivo-ს. სტატისტიკური დამუშავებისთვის მკვლევარმა უნდა განსაზღვროს, გაზომვის რომელ სკალაზეა დასამუშავებელი მონაცემები - სახელდების, რიგის, ინტერვალებისა თუ შეფარდებების. წიგნის მეხუთე ნაწილი ეძღვნება მონაცემების ანალიზის საკითხებსა და იმას, თუ რომელი სტატისტიკა უნდა ავირჩიოთ: არჩევანი არ არის შემთხვევითი (Siegel 1956; Cohen and Holliday 1996; Hopkins et al 1996). თვისებრივი მონაცემების ანალიზისთვის მკვლევარს მარაგში აქვს მრავალგვარი ტექნიკა, მაგალითად:

  • საველე ჩანაწერების კოდირება და კონტენტ ანალიზი (Miles and Huberman 1984);
  • კოგნიტური რუკის შედგენა (ჟონეს 1987; Morrison 1993);
  • პასუხების პატერნების ძიება;
  • მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და ბმების ძიება;
  • სხვადასხვა ადგილას ჩატარებული კვლევების შედარებითი ანალიზის განხორციელება (Miles and Huberman 1984);
  • შემთხვევის შესწავლა;
  • პიროვნული კონსტრუქტები;
  • ნარატიული ანგარიშები;
  • პრაქტიკული კვლევის ანალიზი;
  • ანალიტიკური ინდუქცია (Denzin 1970ბ);
  • მუდმივი შედარება და მონაცემებზე დაფუძნებული თეორია (Glaser and Strauss 1967);
  • დისკურსიული ანალიზი (Stillar 1998);
  • ბიოგრაფიები და ცხოვრებისეული ისტორიები (Atkinson 1998)

მონაცემთა ანალიზის ფორმის არჩევის კრიტერიუმს განსაზღვრავს როგორც მიზნისთვის შესატყვისობა, ისე, ლეგიტიმურობა: მონაცემთა ანალიზის ფორმა უნდა შეესატყვისებოდეს შეგროვებული მონაცემების ტიპს. მაგალითად, არასწორი იქნება გარკვეული სტატისტიკების გამოყენება გარკვეული სახის რიცხობრივი მონაცემების მიმართ (მაგალითად, საშუალოს გამოყენება სახელდების სკალის მონაცემების შემთხვევაში), ან მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა სხვადასხვა ადგილას ჩატარებული კვლევების ანალიზისას.

შედეგების წარმოდგენა და ანგარიში

მომზადებულმა მკვლევარმა, მონაცემების ანალიზის მსგავსად, კვლევისა და მისი შედეგების წარდგინების ფორმაზეც უნდა იფიქროს და სათანადო ყურადღება მიაქციოს სხვადასხვაგვარი აუდიტორიის მოთხოვნებს (მაგალითად, აკადემიური აუდიტორიისთვის შეიძლება სხვა შინაარსი იყოს საჭირო, სულ სხვა - უფრო ფართო პროფესიული აუდიტორიისთვის და, მით უმეტეს, სულ სხვა - არაპროფესიონალებისთვის). აქ გადასაწყვეტია:

  • როგორ უნდა დაიწეროს კვლევა და როგორ მოხდეს მისი პრეზენტაცია;
  • როდის უნდა დაიწეროს კვლევა და როდის მოხდეს მისი პრეზენტაცია (მაგალითად, კვლევის პროცესში თუ ჯამურად, მისი დასრულების შემდეგ);
  • როგორ უნდა მოხდეს მონაცემების წარდგენა - ცხრილების თუ ტექსტის სახით;
  • როგორ უნდა მოხდეს არავერბალური ფორმით მიღებული შედეგების წარდგენა;
  • ვის წინაშე უნდა მოხდეს ანგარიშგება (კვლევის აუცილებელი და შესაძლო აუდიტორიები);
  • რა სიხშირით უნდა მოხდეს ანგარიშგება.

კვლევის დაგეგმვის მატრიცა

კვლევის ნაწილის დაგეგმვისას მოსაგვარებელი საკითხები შეიძლება მატრიცაში გაერთიანდეს. 3.3 ჩანართში მოცემულია ასეთი მატრიცა, მის მარცხენა სვეტში წარმოდგენილია კითხვები, რომლებიც ზემოთ განხილულ ოთხ ძირითად კატეგორიაში ნაწილდება:

  • საორიენტაციო გადაწყვეტილებები;
  • კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია;
  • მონაცემების ანალიზი;
  • შედეგების წარდგენა და მოხსენება

კითხვები 1-10 საორიენტაციო გადაწყვეტილებებია, კითხვები 11-22 კვლევის დიზაინსა და მეთოდოლოგიას ეხება, კითხვები 23-24 ფარავს მონაცემების ანალიზის საკითხებს, კითხვები 25-30 კი - მონაცემების წარდგენასა და მოხსენებას. თითოეული კითხვა მოიცავს ქვეკითხვებს, რომელთა გადაწყვეტაც შეიძლება მოუწიოს მკვლევარს. მაგალითად, კითხვაში N5 ("რა მიზანს ისახავს კვლევა?") მკვლევარმა ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ძირითადი და მეორეხარისხოვანი მიზნები, ექსპლიციტური და, ალბათ, იმპლიციტური მიზნები, ისიც, ვის მიზნებს და ვის ინტერესებს ემსახურება კვლევა. ამ ქვესაკითხებისა და პრობლემების მაგალითები მეორე სვეტშია მოცემული.

ამ ეტაპზე მკვლევარი ისევ დაგეგმვის დივერგენციულ ფაზაზე იმყოფება - დაგეგმილ შესაძლებლობებს უმკლავდება და შესაძლებელს ხდის კვლევის ყველა ასპექტსა და ინტერპრეტაციას. სვეტში, დასახელებით "გადაწყვეტილებები", მკვლევარი კონვერგენციულ ფაზაში გადადის, სადაც დაგეგმილი შესაძლებლობები თვალსაჩინო ხდება მკვლევრისთვის ხელმისაწვდომი შეზღუდვების ტერმინებით. ამისთვის მკვლევარმა უნდა გადაათვალიეროს "გადაწყვეტილებების" სვეტი, რათა ნახოს, თუ რამდენად შეესატყვისება ერთი საკითხის/კითხვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სხვა საკითხის/კითხვის თაობაზე მიღებულს. იმისთვის, რომ ერთი გადაწყვეტილება შეესატყვისებოდეს მეორეს, სახეზე უნდა იყოს ოთხი ფაქტორი:

  • "გადაწყვეტილებების" სვეტის ყველა უჯრედი ურთიერთშეთანხმებული (კოჰერენტული) უნდა იყოს - ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს;
  • "გადაწყვეტილებების" სვეტის ყველა უჯრედი ურთიერთმხარდამჭერი უნდა იყოს;
  • "გადაწყვეტილებების" სვეტის ცალკე აღებული თითოეული უჯრედის წინასწარმეტყველება უნდა შეიძლებოდეს;
  • "გადაწყვეტილებების" სვეტის ერთად აღებული ყველა უჯრედის წინასწარმეტყველება უნდა შეიძლებოდეს.

თუ ამ ოთხ კრიტერიუმს მივუყენებთ, ყველა დაგეგმილი შესაძლებლობის წინასწარმეტყველება ვერ მოხერხდება. ბევრს ვერაფერს მივიღებთ, თუ 21-ე კითხვის ("როგორ შეგროვდება მონაცემები?") "გადაწყვეტილებების" სვეტში ჩამოთვლილი მონაცემების შეგროვების მეთოდები მეშვიდე კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო ინფორმაციის მოპოვებას შეუშლის ხელს ("რაზე უნდა მოხდეს ფოკუსირება, რათა პასუხი გაეცეს ამ კითხვებს?"), ან თუ მონაცემების შეგროვების მეთოდების გამოყენება შეუძლებელია დროის იმ მონაკვეთში, რომელიც მეოთხე კითხვაშია მოცემული.

3.3 ჩანართში მოცემული მატრიცის უჯრედები მიზანმიმართულად, კონტექსტისგან დამოუკიდებლად არის შევსებული. ანუ მატრიცა იმ სახით, როგორც აქ არის წარმოდგენილი, არ მოიაზრებს ისეთ კონკრეტულ, რეალურ საკითხებს, რომლებიც კონკრეტული კვლევის პროექტში შეიძლება წარმოიქმნას. ეს მატრიცა რეალური კონკრეტული კვლევის დასაგეგმად რომ გამოეყენებინათ, თითოეული უჯრედის ზოგადი ტერმინებით შევსების ნაცვლად, უფრო სასარგებლო იქნებოდა სპეფიციკური, კონკრეტული პასუხების ფორმულირება, რომლებიც მოცემული კვლევითი პროექტის კონკრეტულ საკითხებსა და პრობლემებს მოაგვარებდა.

ბევრი ამ კითხვათაგანი კვლევის უფლებებს, პასუხისმგებლობებსა და პოლიტიკურ გამოყენებას (და ბოროტად გამოყენებას) შეეხება. აქ ძირითადი მოსაზრება ისაა, რომ კვლევა იმთავითვე პოლიტიკური და მორალური აქტივობაა. ის არ არის პოლიტიკურად და მორალურად ნეიტრალური. მკვლევარს ისევე უნდა აფიქრებდეს კვლევის გამოყენების საკითხები, როგორც - მისი ჩატარების.


ჩანართი 3.3
კვლევის დაგეგმვის მატრიცა


კვლევის დაგეგმვის მართვა

      ზემოთ თქმულიდან გამოვლინდა კვლევის დაგეგმვის სირთულე, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ კვლევა ყოველთვის გეგმის მიხედვით წარიმართება! მაგალითად, შეიძლება თავი იჩინოს შერჩევის სიკვდილიანობამ (მონაწილეები ტოვებენ კვლევას) ან კითხვარებზე პასუხის გაცემის სიხშირე იყოს ძალიან დაბალი, პრობლემური იყოს შემდგომი ანალიზის განხორციელება, ანგარიშის წარდგენა და გენერალიზაცია, არ იყოს ადმინისტრაციული მხარდაჭერა ან აღმოჩნდეს, რომ კვლევისთვის განკუთვნილი დრო დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებია. ეს არ ნიშნავს, რომ კვლევა არ უნდა დაიგეგმოს, უბრალოდ, სახიფათოა გეგმაზე სრულად მინდობა.

      ზემოთ აღწერილი დაგეგმვის სირთულეებთან გასამკლავებლად არსებობს ოთხი სტადიის მარტივი მოდელი:

  • განსაზღვრეთ კვლევის მიზნები;
  • განსაზღვრეთ და პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთ კვლევის განხორციელდების შეზღუდვები;
  • კვლევის შესაძლებლობები შეზღუდვების ამ პირობების ფარგლებში დაგეგმეთ.

      თითოეული სტადია რამდენიმე ოპერაციას მოიცავს. 3. 4 ჩანართში უფრო დეტალურად არის წარმოდგენილი ეს მოდელი, სადაც მოცემულია თითოეული სტადიის ოპერაციები.


ჩანართი 3.4
კვლევის დაგეგმვლის თანმიმდევრობა


      კვლევის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომელ ეტაპზე და რომელი შერჩევისას რა ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. 3. 5 ჩანართში წარმოდგენილია ასეთი დაგეგმვის მატრიცა (ასევე, იხ. Morrison 1993: 109), მაგალითად, მცირემასშტაბიანი კვლევისთვის.


ჩანართი 3. 5.
კვლევის დაგეგმვის მატრიცა


      ასეთი მატრიცული მიდგომა დაგეგმვის პროცესში მყოფ მკვლევარს საშუალებას აძლევს, თვალის ერთი გადავლებით დაინახოს შერჩევა და დროის გარკვეულ მომენტში გამოყენებული ინსტრუმენტები, ნათლად დაინახოს ჩავარდნები და დასვას ისეთი კითხვები, როგორიცაა:

  • რატომ გამოიყენება ეს კონკრეტული ინსტრუმენტები მოცემულ დროს და არა სხვები?
  • რატომ გამოიყენება ეს კონკრეტული ინსტრუმენტები მოცემულ ადამიანებთან და არა სხვებთან?
  • რატომ გამოიყენება ამ კონკრეტულ დროს უფრო მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე სხვა დროს?
  • რატომ არის თავმოყრილი ამდენი ინსტრუმენტი კვლევის დასასრულს?
  • რატომ მიეწოდებათ გარკვეულ ჯგუფებს უფრო მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე სხვებს?
  • რატომ არის ზოგიერთი ჯგუფი აშკარად უარყოფილი (მაგალითად, მშობლები): ეს კვლევისთვის პოლიტიკური განზომილებაა?
  • რატომ გამოიყენება, ძირითადად, კითხვარები?
  • რატომ არ გამოიყენება საერთოდ ზოგიერთი ინსტრუმენტი (მაგალითად, დაკვირვება, ტესტირება)?
  • რა განასხვავებს ხუთ ეტაპს ერთმანეთისგან?
  • აქვს თუ არა დოკუმენტები მხოლოდ გარკვეულ კონკრეტულ მხარეს (და თუ ასეა, შესაძლებელია თუ არა „ინსტიტუციური ხაზის“ არსებობაში დაეჭვება)?
  • არის თუ არა უფრო რთული კონტაქტში შესვლა ზოგიერთ მხარესთან, ვიდრე სხვებთან (მაგალითად, უნივერსიტეტის პედაგოგებთან)?
  • არის თუ არა ზოგიერთი მხარე უფრო მნიშვნელოვანი კვლევისთვის, ვიდრე სხვები (მაგალითად, დირექტორები)?
  • რატომ არ მოხვდა ზოგიერთი მხარე შერჩევაში (მაგალითად, სკოლის მმართველები, გადაწყვეტილების მიმღებნი, მასწავლებელთა ასოციაციები და კავშირები)?
  • რით განსხვავდება ერთმანეთისგან მასწავლებელთა სამი ჯგუფი?

      მატრიცული დაგეგმვა გამოსადეგია კვლევის დაგეგმვის ძირითადი მახასიათებლების გამოსავლენად. შესაძლებელია დამატებითი მატრიცების შექმნა კვლევის სხვა თვისებების საჩვენებლად, მაგალითად:

  • შერჩევის იდენტიფიკაციის ვადები;
  • შუალედური ანგარიშის დაწერის ვადები;
  • საბოლოო ანგარიშის დაწერის ვადები;
  • პრეტესტისა და პოსტ-ტესტის ვადები (ექსპერიმენტულ კვლევაში);
  • აუცილებელი რესურსებით ინტენსიური მომარაგების ვადები (მაგალითად, რეპროგრაფია).

      ეს მაგალითები მხოლოდ ვადების საკითხს ფარავს. შეიძლება სხვა მატრიცების შექმნა, რომლებიც სხვა კომბინაციებს მოიცავს, მაგალითად, აუდიტორიისთვის ანგარიშის წარდგენა, კვლევითი ჯგუფის შეხვედრა ანგარიშისთვის, მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინსტრუმენტები და ა. შ. მატრიცა შეჯამების სასარგებლო საშუალებაა.

მაგალითი

      ვთქვათ, სკოლაში ძალიან დაბალია მორალური მდგომარეობა და მოიწვიეს მკვლევარი, რომელმაც უნდა იკვლიოს სკოლის ორგანიზაციული კულტურა. მკვლევარს მისცეს სრული წვდომა სკოლაზე და ხუთი თვე პროექტის დაწყებიდან ანგარიშის წარდგენამდე. მკვლევარი შემდეგნაირად გეგმავს კვლევას:

მიზნები

  • სკოლაში არსებული ორგანიზაციული კულტურისა (კულტურებისა) და სუბკულტურების სრული და სიღრმისეული სურათის წარმოდგენა, დომინირებული კულტურებისა და სუბკულტურების ჩათვლით.
  • მითითება ორგანიზაციული კულტურის (კულტურების) ძლიერ მხარეებზე.
  • შეთავაზებებისა და რეკომენდაციების უზრუნველყოფა სკოლის ორგანიზაციული კულტურისა და მისი განვითარებისთვის.

კვლევის კითხვები

  • რა ძირითადი და მეორეხარისხოვანი ელემენტები აქვს ორგანიზაციულ კულტურას სკოლაში?
  • რა ორგანიზაციული კულტურები და სუბკულტურები არსებობს სკოლაში?
  • რომელი (სუბ)კულტურებია ყველაზე მეტად ან ნაკლებად დომინანტური სკოლაში და სკოლის რომელი მხარეებია ყველაზე მეტად ან ნაკლებად დომინანატური?
  • რამდენად ძლიერი და ინტენსიურია (სუბ)კულტურები სკოლაში?
  • რა მიზეზები და ეფექტები აქვს (სუბ)კულტურებს სკოლაში?
  • როგორ არის შესაძლებელი სკოლაში (სუბ)კულტურების გაუმჯობესება?

ფოკუსი

      გამოკვლეული იქნება ორგანიზაციული კულტურების სამი დონე:

  • ძირეული ღირებულებები და დაშვებები;
  • მიღებული ღირებულებები და დადგენილი ქცევები;
  • არტეფაქტები.

      ორგანიზაციული კულტურა ეხება ღირებულებებს, დაშვებებს, რწმენებს, მიღებულ თეორიებს, დაკვირვებულ პრაქტიკებს, კონფლიქტურ სფეროებსა და კონსენსუსს; არტეფაქტებში, წერილებში, დოკუმენტებსა და სამეტყველო ენაში მოცემულ ფორმალურ და დაფარულ შეტყობინებებს; „ჩვენ ასე ვაკეთებთ ამას“ დამოკიდებულებას; ფიზიკურ გარემოს, ურთიერთობებს, ძალაუფლებას, კონტროლს, კომუნიკაციას, წესებსა და რიტუალებს, ამბებს, წახალისების სისტემასა და მოტივაციას, სკოლის მიკროპოლიტიკას, გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობას, უფლებამოსილების მინიჭებასა და ექსპულატაციას/მანიპულაციას, ლიდერობას, ერთგულებასა და ა. შ.

მეთოდოლოგია

      ორგანიზაციული კულტურა მოუხელთებელია, თუმცა ძალზე ხელშესახებია მისი გავლენა სკოლის ფუნქციონირებაზე. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაოდენობრივი საზომების გამოყენების მიუხედავად, ისინი, სავარაუდოდ, სკოლის კულტურის შესახებ მხოლოდ შედარებით ზედაპირულ ინფორმაციას მოგვცემენ. სკოლის კულტურის უფრო ღრმად კვლევისთვის, სკოლის კულტურის (კულტურების) და სუბკულტურების ნაკლებად თვალსაჩინო ასპექტების გამოსავლენად მნიშვნელოვანია მონაცემების შეგროვების რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიების კომბინირება. ემპირიული მონაცემების მოსაგროვებლად გამოყენებული იქნება შერეული მეთოდოლოგია, რიცხვობრივი და ვერბალური მონაცემები, რათა მოგროვდეს სრული და სანდო ინფორმაცია. მთლიანი სურათის მისაღებად გამოყენებული იქნება გამოკითხვა, ხოლო უფრო დახვეწილი ანალიზი მიღწეული იქნება ინდივიდუალური და ჯგუფური ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით (ჩანართი 3. 6).

ინსტრუმენტები

      შეგროვებული მონაცემები დიდწილად იქნება აღქმაზე დაფუძნებული და მასში შევა თანამშრომელთა მიერ (სუბ)კულტურების ხედვა. მას შემდეგ, რაც, ნაწილობრივ, ეთნოგრაფიიდან და ანთროპოლოგიიდან, მიღებული იქნება და განისაზღვრება ორგანიზაციული კულტურის ცნება, კვლევაში გამოყენებული იქნება თვისებრივი და ერთნოგრაფიული მეთოდები.

      ერთ-ერთი წინასწარ განჭვრეტილი სირთულეა ის, რომ სკოლის ნაკლებად ხელშესახები ასპექტები შეიძლება ყველაზე რთული გამოსავლენი იყოს მონაცემების მოგროვების თვალსაზრისით. ადამიანებს არა მარტო გაუჭირდებათ პასუხების გაცემა და კონსტრუქტების გამოთქმა, არამედ მათ შეიძლება უარი თქვან საჯარო განცხადებაზე. რაც უფრო მეტად იქნება მოუხელთებელი და არაგაზომვადი ელემენტები კვლევაში და რაც უფრო მდიდარი მონაცემები იქნება მოსაგროვებელი, მით მეტად იქნება ინტენსიური და სენსიტიური პიროვნებათშორისი ქცევის, მონაცემების პირისპირ შეგროვებისა და თვისებრივი მონაცემების საჭიროება.


ჩანართი 3.6
ორგანიზაციული კულტურის წვდომა


      მონაცემების შეგროვებისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი გამოიყენება: აუცილებელ მინიმუმს შეადგენს კითხვარები, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები (ინდივიდუალური და ჯფუგური), დაკვირვების მონაცემები და დოკუმენტური მონაცემები. ქვემოთ მოცემულია თითოეული ინსტრუმენტის აღწერა.

კითხვარები

      გამოკითხვაში გამოყენებულია კომერციულად ხელმისაწვდომი კითხვარები, რომელთაგან თითოეული სკოლის კულტურის განსხვავებულ ასპექტს ზომავს, კერძოდ:

  • ორგანიზაციული კულტურის კითხვარი (Harrison and Stokes 1992) ნახულობს ერთიან კულტურებს და იძლევა ზოგად სურათს როლის, ძალაუფლების მიღწევისა და მხარდაჭერის კულტურების ტერმინებით; ასევე, იკვლევს განსხვავებებს არსებულ და პრიორიტეტულ კულტურებს შორის.
  • ორგანიზაციული კულტურის ანგარიში (Cooke and Lafferry 1989) იძლევა არსებული ორგანიზაციული კულტურების ყოველმხრივ და სანდო ანალიზს.

      რეიტინგების სკალების გამოყენებით კითხვარები დააფიქსირებენ ორგანიზაციული კულტურის გამოხატულ, მიღებულ, დადგენილ, თვალსაჩინო ასპექტებს და გაზომავენ, მაგალითად, კულტურის გაზიარებულობის ხარისხს, არსებული და იდეალური კულტურების თანხვედრას, კულტურის სიძლიერესა და ინტენსივობას

ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები

      ინდივიდებისთვის და ჯგუფებისთვის ნახევრად სტრუქტურირებული თვისებრივი ინტერვიუებით მოგროვდება მონაცემები სკოლის კულტურის შედარებით მოუხელთებელი ასპექტების, მაგალითად, ღირებულებების, დაშვებების, რწმენების, სურვილებისა და პრობლემების შესახებ. ინტერვიუები იქნება ნახევრად სტრუქტურირებული, ანუ წარიმართება მოცემული გეგმით და ღია კითხვების გამოყენებით. ვინაიდან პირისპირ ინდივიდუალური ინტერვიუ შეიძლება აფრთხობდეს გარკვეულ ჯგუფებს, ამიტომ გამოყენებული იქნება ჯგუფური ინტერვიუები. ყველა ინტერვიუში მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება დამხმარე კითხვა „რატომ?“.

დაკვირვების მონაცემები

      დაკვირვების მონაცემები ფიზიკური გარემოს შესახებ გვაწვდის ინფორმაციას და შემდეგ გადამოწმდება ინტერვიუს მასალებით, ფიზიკური გარემოს თაობაზე მონაწილეების პასუხების, აღქმების, მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გამოსავლენად. არტეფაქტები, ტანსაცმელი, საერთო და პირადი სივრცეები, ავეჯი, შენიშვნები, რეგულაციები და ა. შ. ეს ყველაფერი ინფორმაციას აწვდის მონაწილეებს.

დოკუმენტური მონაცემები

      დოკუმენტების ანალიზი და სკოლაში ფორმალური საკითხების შემცველი დამატებითი მონაცემები გამოიყენება, რომ წარმოჩინდეს, რას მოიცავენ და რას გამორიცხავენ ისინი.

შერჩევა

      პირველი კითხვარი მიეწოდება ყველა თანამშრომელს, ვინც გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს. მეორე ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ ჩატარდება „კრიტიკული შემთხვევის“ საფუძველზე ანუ იმ მონაწილეებთან, რომლებიც გადამწყვეტ პოზიციებზე იმყოფებიან და ვინც სკოლის აქტივობებისა და მუშაობის „მცოდნე ხალხია“.

      გამოკითხვის ინსტრუმენტებისთვის იქნება სტრატიფიცირებული შერჩევა, რათა ინახოს, როგორ იცვლება სკოლის ორგანიზაციული კულტურის აღქმები ქვეშერჩევების მახასიათებლების მიხედვით. ეს სხვადასხვა ქვეჯგუფების პასუხებს შორის კონგრუენტულობის ან განსვლის დონეების დადგენის საშუალებას მოგვცემს. აქ, ასევე, შევა შერჩევის ნომინალური მახასიათებლები, როგორიცაა ასაკი, განათლების დონე, დეპარტამენტი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, ეროვნება, სკოლაში მუშაობის წლები.

პარამეტრები

      მონაცემები აიკრიფება ერთჯერადად და არა დროში განმეორებულად. მონაცემების მოგროვებისთვის გამოყენებულ იქნება მულტი-მეთოდური მიდგომა.

კვლევის ეტაპები

      კვლევა ხუთი ეტაპისგან შედგება:

ეტაპი I: შემუშავება და ოპერაციონალიზაცია

      ეს ეტაპი მოიცავს:

  • ლიტერატურისა და კომერციულად წარმოებული ინსტრუმენტების მიმოხილვას;
  • კვლევის კითხვების გარკვევას;
  • მეთოდოლოგიისა და შერჩევის გარკვევას.

ეტაპი II: ინსტრუმენტები და ინსტრუმენტების პილოტირება

      ეს ეტაპი მოიცავს:

  • კითხვარების შექმნას და პილოტირებას;
  • ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს დაგეგმვას და პილოტირებას;
  • დაკვირვების მონაცემების მოგროვებას;
  • დოკუმენტური მონაცემების ანალიზს.

      უფროსი თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობის გამო შეუძლებელია მათთან პილოტური ინტერვიუს ჩატარება, ვინაიდან ეს გამორიცხავს მათ მონაწილეობას საბოლოო მონაცემების მოგროვებაში.

ეტაპი III: მონაცემების შეგროვება

      ეს შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: ჯერ მიეწოდებათ კითხვარები, შემდეგ გაანალიზდება კითხვარებით მიღებული მონაცემები, რაც მოგვცემს მასალას ინტერვიუსთვის. ინტერვიუები პარალელურად ჩატარდება.

ეტაპი IV: მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია

      რაოდენობრივი მონაცემები SPSS-ის გამოყენებით გაანალიზდება, რომელიც ანალიზისთვის სკოლის ქვეჯგუფებისგან მიღებული პასუხების გამოცალკევებასაც უზრუნველყოფს. თვისებრივი მონაცემები კონტენტ ანალიზის ოქმების მიხედვით დამუშავდება.

ეტაპი V: ანგარიში

      კვლევის შედეგების სრულ ანგარიშში შევა დასკვნები, პრაქტიკული გამოყენებები და რეკომენდაციები.

ეთიკა და საკუთრების უფლება

      პროექტში მონაწილეობა ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე და ნებაყოფლობითი იქნება, კვლევიდან ნებისმიერ მომენტში გამოთიშვის უფლებით. გამოკითხვის ზომისა და ფარგლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია სკოლაში წამყვანი ფიგურების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თუმცა ანგარიში კონფიდენციალური იქნება. ამას გასაგებად ავუხსნით პოტენციურ მონაწილეებს. ანგარიშის ასლი დაეგზავნება ყველა თანამშრომელს. მონაცემები, მას შემდეგ, რაც მკვლევარს მიეწოდება, მისი კუთვნილებაა და მან შეიძლება ისინი არ გამოიყენოს ისე, რომ სკოლის ამოცნობა საზოგადოდ შესაძლებელი იყოს. ანგარიში სკოლის საკუთრებაა.

ვადები

      პროექტი დასრულდება ხუთ თვეში:

  • პირველი თვე - დაეთმობა სათანადო ლიტერატურის მიმოხილვას;
  • მეორე თვე - ინსტრუმენტების შექმნასა და კვლევის დიზაინს;
  • მესამე თვე - მონაცემების მოგროვებას;
  • მეოთხე თვე - მონაცემების ანალიზს;
  • მეხუთე თვე - ანგარიშის დაწერას.

      წარმოდგენილი მაგალითი გვიჩვენებს კვლევის დაგეგმვისადმი და ჩატარებისადმი სისტემურ მიდგომას, და ის სკოლის აღქმულ საჭიროებას ემყარება. ის მუშაობს მოცემული შეზღუდვების ფარგლებში და ნათლად წარმოაჩენს, თუ რას „მოგვცემს“. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში არ არის განსაზღვრული შესამოწმებელი ჰიპოთეზა, არ იქნება ძნელი კითხვების ჰიპოთეზებად გარდაქმნა, თუ ამ სტილს მიენიჭება უპირატესობა.

დასკვნა

      კვლევის დაგეგმვას მართავს იდეა „მიზნისთვის შესატყვისობის“ შესახებ. კვლევის გეგმა უნდა ერგებოდეს კვლევის მიზნებს. თუ ამ თავის წაკითხვის შემდეგ მკითხველს შეექმნა განცდა, რომ კვლევის ამოცანა რთულია, მაშინ მისთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება იქნება, რომ დაგეგმვისას აუცილებელია სიზუსტე და გააზრებულობა, თუ მკვლევარი ღირებული და ეფექტურია. კვლევის შეფასების კითხვარისთვის მიმართეთ თანმხლებ ვებ-გვერდს.

ტეგები: Qwelly, დაგეგმვა, კვლევა_განათლებაში, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 6355

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Jamal Adams exchange is constructive information for Giants

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Disgruntled star security Jamal Adams incorporates inevitably talked his direction off the Fresh new York Jets, with the staff members getting pulled off a blockbuster exchange that consists of shipped him towards the Seattle Seahawks. This may perhaps not be much better information for the Refreshing York of those the Philadelphia Eagles and Dallas Cowboys, by natural means NFC East competitors the Giants include toward facial area 2 times each and every time, ended up within just…

გაგრძელება

Chicago Cubs vs. Philadelphia Phillies simulated video game, Friday 4/24, 3 p.m. CT

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Anthony Rizzo, Kris Bryant and Ian Happ all homered for the simCubs and they arrived in opposition to driving toward conquer the simPadres 6-4 upon Thursday. In this article are highlights:Right here are the simCubs success and plan for April:And in this article are the Countrywide League standings getting into Friday video games:Right here at BCB, we are transferring towards perform simulated game titles for each and every video game upon the Cubs2020 program through MLB The Present…

გაგრძელება

Elephant Rumblings: Manfred speaks out upon Astros study

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი



A Insurance plan:Mayo: This is the region of the A farm process.Coffey: Bobby Crosby and Ed Sprague linked as a result of the A, their instinct and a exchange within 1973. $$$)Mayo: 40-male deadline - Which prospective clients take places?Least complicated of AN:Iversen: Who must the Oakland A cover towards the 2019 Rule 5 draft?fatrolf: Oakland A Participant Profile - AJ Puk.MLB Information:Passan: MLB commissioner suggests punishments may well be major inside signal-thieving…

გაგრძელება

Retro Orioles recap: Palmer goes the length within just shutout victory in excess of Sox

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი



This recreation took stage upon August 5, 1970. It is remaining recapped nowadays as aspect of Camden Chat retro recap sequence despite the fact that MLB is upon preserve because of toward way of currently, the American League should really notice not towards desired destination this Baltimore pitching workforce an early direct. Tonight, it did not issue anytime the Orioles scored; any offense would Palmer authorized simply 4 hits within just a extensive match shutout more than the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters