ადამიანის ქცევის მოტივაციის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია

   მოტივისა და მოტივაციის რაობის საკითხი როგორც საზოგადოდ, ისე ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში არაა ერთმნიშვნელოვნად გარკვეული. არსებობს რამდენიმე საკმაოდ განსხვავებული პოზიცია და სხვა. მათ განხილვას აქ არ შევუდგებით. ჩვენ წარმოვადგენთ საკუთარ ხედვას, რომელიც პირველ რიგში დ. უზნაძისა და შ. ჩხარტიშვილის თვალსაზრისების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ უზნაძე მოტივის ცნებას ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს ადამიანის ნებელობით ქცევას. მოტივის ცნება მხოლოდ ნებელობითი ქცევის ანალიზისას გამოიყენება და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან მიმართებაში მოიაზრება. ეს უკანასკნელი მომენტი მართლაც მნიშვნელოვანია მოტივის ცნებისთვის, მაგრამ ის უეჭველი გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოტივი ყოველგვარ ქცევას აქვს – იმპულსურსაც და ნებელობითსაც. მოტივი ყოველგვარი ქცევის მიუცილებელი სტრუქტურული ერთეულია.

    შ.ჩხარტიშვილი ითვალისწინებს ამ გარემოებას და ამ ორგვარი ქცევიდან თითოეულს სპეციფიკური სახის მოტივს მიაწერს. უზნაძე მოერიდა მოტივის, როგორც კონკრეტული ფსიქიკური მოვლენის ან განცდის განმარტებას, რაც გახდა კიდეც განსხვავებული ინტერპრეტაციების საგანი. მან მიუთითა მოტივის დანიშნულებაზე ქცევის პროცესში, კერძოდ, მოტივს გადაწყვეტილების საფუძვლის როლი მიაწერა. მაგრამ მოტივის ფუნქცია უფრო ფართო კონტექსტშიც იქნა განხილული. მხედველობაში გვაქვს ავტორის მიერ ფიზიკური და

ფსიქოლოგიური ქცევების თეორიულად ძალზე ნაყოფიერი გამიჯვნა. უზნაძის თანახმად, ფსიქოლოგიის საგანი არ შეიძლება იყოს ე.წ. «ფიზიკური ქცევა», რომელიც ობიექტურად რეგისტრირებულ მოძრაობათა კომპლექსია. «ფსიქოლოგიურად ეს კომპლექსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ქცევად, როდესაც იგი გარკვეული აზრის, მნიშვნელობის, ღირებულების მატარებლად განიცდება. ქცევად მას ეს აზრი, ეს ღირებულება, ეს მნიშვნელობა აქცევს . ეს ნიშნავს, რომ ჩნდება აქტივობის სუბიექტური მხარე, აღმოცენდება აქტორი უშუალოდ დაინტერესებული მოცემული ქცევით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარკვეული ღირებულების შეძენით ქცევას ეძლევა შინაგანი, სუბიექტური გამართლება, რაც საბოლოოდ, მას ფსიქოლოგიური რეალობის კუთვნილებად ხდის. ისიც გავითვალისწინოთ, რომ «მოტივის როლი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ამა თუ იმ ფიზიკურ ქცევას გარკვეულ ფსიქოლოგიურ ქცევად აქცევს», შეგვიძლია თამამად დავასკვნათ – ქცევის სუბიექტური ღირებულება არის მისი მოტივი.

მაშასადამე, მოტივის ძირითადი ფუნქცია ქცევის გამართლებაა, რის გარეშეც ქცევა ვერ განიხილება ფსიქოლოგიურ ფაქტად. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული სუბიექტური ღირებულება ცოცხალი არსების ყველა ქცევას აქვს. მაგრამ სიტუაცია, რომელშიც ხდება ქცევის სუბიექტური ღირებულების გამოვლენა თუ გამომუშავება, ფრიად განსხვავებული შეიძლება იყოს. რთული ადამიანური ქმედების შემთხვევაში, რომელშიც გადაიკვეთება რამდენიმე ურთიერთწინააღმდეგობრივი ქცევის მიმართულება თუ ტენდენცია, და რომელშიც საკმაოდ ძნელია ამა თუ იმ ქცევის რეალური სუბიექტური ღირებულების გარკვევა, ქცევას არა უბრალოდ მექანიკური გამართლება ესაჭიროება, არამედ მისი ღირებულების გაცნობიერება და, შესაძლოა, დასაბუთება. რთული ნებელობითი ქცევის პირობებში, როდესაც სხვადასხვა

ალტერნატივებიდან ერთ-ერთის არჩევაა საჭირო, გადაწყვეტილება აუცილებლობით ქცევის სუბიექტურ ღირებულებას უნდა დაეყრდნოს; «მოტივი სწორედ ესაა: იგი გაცნობიერებაა იმ ღირებულების უპირატესობისა, რომელიც ამა თუ იმ ქცევას აქვს ჩემთვის, და ამ აზრით იგი ერთ-ერთი მათგანის გამართლებაა» .

მოტივის გამამართლებელი და დამასაბუთებელი ფუნქციის გამოყოფა სრულიად მართებულია, მაგრამ, ამასთან, არ უნდა შევიზღუდოთ მხოლოდ ნებელობითი ქცევით და გადაწყვეტილების მიღების პროცესით. როგორც უკვე ითქვა, საჭიროა ვიხელმძღვანელოთ მოტივის საკითხის უფრო ფართო ხედვით, რომლის მიხედვით მოტივი საზოგადოდ ყოველგვარი ქცევის სტრუქტურული ელემენტია. აქტივობა უმოტივოდ არცაა ფსიქოლოგიურად ქცევა. ქცევა, რომელსაც არ გააჩნია არავითარი სუბიექტური გამართლება, სულაც არ განხორციელდება, ვინაიდან ინდივიდი ინდიფერენტულია მის მიმართ, იგი მოკლებულია ყოველგვარ საზრისს. ცხოველის აქტივობის თუ ადამიანის იმპულსური ქცევის დროს ავტომატურად ხორციელდება ქცევა, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე დიდი სუბიექტური ღირებულება აქვს. სწორედ ინდივიდის მიერ განცდილი ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულება ანუ მოტივი ამართლებს მის დაწყებას და განხორციელებას; იგი გაჰყვება ქცევას მთელი მიმდინარეობის პროცესში, ატყობინებს რა აქტორს მისი მიმართულობისა და რეალიზაციის კონკრეტულ თავისებურებათა შინაგანი მისაღებობის შესახებ. ნებელობითი ქცევის, მოტივაციური კონფლიქტის პირობებში, ერთი ქცევის სხვებზე მეტი მისაღებობის (სუბიექტური ღირებულების) გაცნობიერება და შინაგანი დასაბუთება ხდება საჭირო.

ნათქვამიდან იკვეთება მოტივის სემანტიკური ფუნქცია ქცევაში. ყოველ ქცევაში სულ ცოტა სამი

მხარე გამოიყოფა: აღძვრა-დინამიზაცია, მიმართულობა და მნიშვნელობა-საზრისი. მოტივი ამ ბოლო, სემანტიზაციის მომენტს გამოხატავს და მასზეა პასუხისმგებელი. მაგრამ ისმის კითხვა, საიდან იძენს ქცევა თავის მნიშვნელობას. პირველი, რაც შიძლება ვიფიქროთ, ეს არის – მოთხოვნილებიდან. ეს სწორიცაა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, სახელდობრ იმ აზრით, რომ ქცევის აღმძვრელი მოთხოვნილება ან მოთხოვნილებები უდავოდ მონაწილეობს ქცევის სუბიექტური ღირებულების გამომუშავების საქმეში. რაც უფრო ძლიერ არის დინამიზირებული აქტივობა, მით უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია იგი სუბიექტისთვის. მოთხოვნილების როლი მოტივის ფორმირებაში იმდენად თვალსაჩინოა, რომ საკმაოდ ხშირად მათ ერთმანეთთან აიგივებენ კიდეც.

შეიძლება გამოვთქვათ მოსაზრება, რომ უზნაძეც (იმდენად, რამდენადაც მოტივის ცნების მკაფიო განსაზღვრება მასთან არ გვხვდება) ასე ფიქრობდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს მისი ნებელობის კონცეფციის ანალიზი, რომელიც «დინამიკურ პარადიგმაზე» არის დაფუძნებული

[1]

. უზნაძის აზრით, ცენტრალური ადგილი ნებელობის პრობლემაში აღმძვრელი ძალის, ენერგიის წყაროს საკითხს უკავია.

«ნებელობის ფსიქოლოგიას განსაკუთრებით იმის გარკვევა ევალება, თუ რომელია ის წყარო, საიდანაც ნებელობა მოქმედების ენერგიას იღებს». დინამიზმის საკითხი იმპულსური ქცევის შემთხვევაში მარტივად წყდება – მას ყველაზე აქტუალური მოთხოვნილება ან მოთხოვნილებათა კომპლექსი აღძრავს. სხვაგვარადაა ნებელობის შემთხვევაში. აქ «აქტუალური მოთხოვნილების იმპულსი კი არ არის მოქმედების თუ ქცევის წყარო, არამედ სულ სხვა რამ, რაც შეიძლება ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მას» . აქ ვერ შევალთ

ავტორის ამ მსჯელობათა პერიპეტიებში და მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ საბოლოოდ იგი ვერ ნახულობს არამოთხოვნილებისეულ ძალას ადამიანში (მეორე ძალის დაშვების მიმართულებით თეორია ჩხარტიშვილმა განავითარა) და ნებელობის დინამიზაციას ე.წ. «მაღალ მოთხოვნილებებს» აკისრებს.

ამასთან ერთად, იშლება მსჯელობა ნებელობითი პროცესის სტრუქტურის თაობაზე. გამოიყოფა ნებელობის პროცესის პერიოდები, ხოლო ცენტრალურ და სპეციფიკურ მომენტად გადაწყვეტილების მიღება სახელდება. იგი, თავის მხრივ, მოტივს ემყარება. ამ პუნქტში მსჯელობის ორი ლოგიკური ხაზი ერთმანეთს ერწყმის და ვიღებთ დებულებას: მოტივი არის მაღალი მოთხოვნილება. ამონარიდები უზნაძის ტექსტებიდან ამაზე ნათლად მიუთითებს: «ობიექტურ ღირებულებას აქტუალურ ღირებულებად სუბიექტისთვის მოტივი აქცევს: იგი იმ მოქმედებას, რომელიც სუბიექტისთვის ამჟამად არაფერს მიმზიდველს არ შეიცავს, ფსიქოლოგიურად ისეთ მოქმედებად გარდაქმნის, რომელიც მისთვის აქტუალური ღირებულების მატარებლად იქცევა. მოკლედ: მოთხოვნილებას, რომელიც ნებისმიერი ქცევის საფუძველად მდებარე განწყობის აღმოსაცენებლადაა საჭირო, მოტივი იძლევა». «სუბიექტი ეძებს თავის თავში ისეთს რაიმეს, რაც ამ ქცევის იმპულსს წარმოშობდა მასში. მან უნდა ჩართოს ეს მიზანშეწონილად ცნობილი ქცევა რომელსამე თავის ენერგიის წყაროში. სხვანაირად, ის ეძებს თავის თავში მოთხოვნილებას, რომელიც ამ ნებისმიერ ქცევასთან იქნება დაკავშირებული, ამ ქცევის მოთხოვნილებას: ეს არის მოტივაციის პროცესი. მონახვა მოტივისა ეს არის მონახვა მოთხოვნილებისა».

მეორე მხრივ, უზნაძე ამოდის მოტივისა და ქცევის შესატყვისობის პრინციპიდან. ეს ნიშნავს,

რომ ქცევა არ არის ისეთი მოვლენა, «რომელსაც სხვადასხვა მოტივი შეიძლება ჰქონდეს ... ქცევა იმდენივეა, რამდენიცაა მოტივი, რომელიც მას აზრს და მნიშვნელობას აძლევს». ეს გარემოება საფუძვლიან ეჭვს ბადებს მოტივის და მოთხოვნილების გაიგივების მართებულობაში. საქმე ისაა, რომ მეტნაკლებად რთული ქცევების უმეტესობა აღიძვრება მოთხოვნილებათა კომპლექსით. ქცევის პოლიმოთხოვნილებისეული დეტერმინაციის მოვლენა საყოველთაოდ არის აღიარებული და მისი გაუთვალისწინებლობა ქცევის ზოგადი თეორიის მიერ დაუშვებელია . ამ შემთხვევაში მას შემდეგ დასკვნამდე მივყავართ: თუ ქცევას ერთზე მეტი მოთხოვნილება უკავშირდება, ხოლო მოტივი კი მას მხოლოდ ერთი შეიძლება ჰქონდეს, მაშინ მოთხოვნილება არ არის მოტივი.

თუმცა, ესეც რომ არ იყოს, არსებობს უფრო სერიოზული საფუძველი მოტივისა და მოთხოვნილების გასამიჯნავად. ამისთვის საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ქცევის სუბიექტური ღირებულება, მნიშვნელობა მის სასურველობაზე ანუ მასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებათა ძალასა და რაოდენობაზე არ დაიყვანება. მოტივი მართლაც მოთხოვნილების საფუძველზე აიგება, მაგრამ მის ჩამოყალიბებას სხვა ფაქტორებიც განაპირობებენ. მოტივი არ არის ერთეული მოთხოვნილების და, მაშასადამე, მისი საგნის სასურველობის განცდა. მოტივი სუბიექტის მიერ იმის შეფასების შედეგია, თუ რა მოთხოვნილებებს და რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული ქცევა; რა დანახარჯებს მოითხოვს იგი სუბიექტისაგან მოცემულ ვითარებაში. შეიძლება ძლიერი მოთხოვნილება გვქონდეს, მაგრამ მისი დაკმაყოფილება ისეთ სირთულეებთან, სულიერ თუ ფიზიკურ «დანახარჯებთან» და ძალისხმევასთან იყოს დაკავშირებული, რომ შესაბამისი ქცევის სუბიექტური ღირებულება ერთობ დაბალი აღმოჩნდეს და მისი შესრულება მიზანშეუწონლად მივიჩნიოთ. ასეთ დროს ვიტყვით, რომ ქცევას არ აღმოაჩნდა სათანადო ღირებულება, მას სუსტი მოტივი ჰქონდა.

ამგვარად, მოტივი არის ქცევის სუბიექტური ღირებულება, რომელიც მის გამართლებას ემსახურება. მოტივი, როგორც ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულების განცდა, თავის თავში აერთიანებს ინდივიდის მიერ ყველა იმ გარემოების შეფასებას, რომლებიც ქცევის ინიციაციასა და განხორციელებასთანაა დაკავშირებული. ქცევის სუბიექტურ ღირებულებაში ანუ მოტივში აისახება ის, თუ რა სახის მოთხოვნილებები უკავშირდება ქცევას და როგორია მათი დაუკმაყოფილებლობის დონე, რა უნარ-საშუალებებს ფლობს ინდივიდი მათ დასაკმაყოფილებლად და რამდენად ხელშემწყობია ამ მხრივ ფიზიკური თუ სოციალური გარემო პირობები.

მოტივის ასეთი გაგება სრულ შესაბამისობაშია გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე მოდელებთან და სხვა. დეტალებში განსხვავებულობის მიუხედავად, მათი დედააზრი ისაა, რომ გადაწყვეტილება არის ფუნქცია ქცევის სასურველობისა (ვალენტობის) და განხორციელებადობისა (ინსტრუმენტალობის). ეს მეტ დამაჯერებლობას ანიჭებს ჩვენ მიერ წარმოდგენილ თვალსაზრისს, რომლის თანახმად მოტივი ნებელობითი ქცევის გადაწყვეტილების საფუძველიცაა.

რაკიღა ითქვა, რომ მოტივი ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულების განცდისეული გამოხატულებაა, ბუნებრივად დაისმის საკითხი მის ფენომენოლოგიურ თავისებურებათა შესახებ. არსებითად, ესაა საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფსიქიკური მოვლენის სახით არის მოცემული მოტივი, როგორც ქცევის მოქმედი ფაქტორი. ეს რთული საკითხია. მისი გადაწყვეტა მოტივის რაიმე გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენასთან ცალსახა «მიბმის» გზით შეუძლებელია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ იმ ქცევის სახე და დონე, რომელშიც

მოქმედებს მოტივი და როლი, რომელსაც ეს უკანასკნელი მასში ასრულებს. მაგალითად, ნებელობითი ქცევის მოტივის დამასაბუთებელი ფუნქციის დახასიათებისას, ზოგიერთი ქართველი ავტორი ლაპარაკობს იმაზე, რომ მოტივაცია სააზროვნო პროცესია, ხოლო მოტივი – იდეალური მოვლენა ; ზოგიც – იმაზე, რომ ნებელობის შემთხვევაში მოტივი შეფასებითი მსჯელობის სახით განიცდება და ინტელექტისა და ლოგიკის საშუალებით ასაბუთებს ქცევის საჭიროებას . მეორე მხრივ, ისიც მართებულია, რომ მოქმედების სარგებლიანობა, პირველ ყოვლისა, ემოციური შეფასების, ე.წ. «მნიშვნელობითი განცდის» სახით გამოიხატება , რამდენადაც ამ შემთხვევაში ემოციური შეფასება ასრულებს გამამართლებელ ფუნქციას. მაშასადამე, ქცევის სუბიექტური ღირებულება ანუ მოტივი შეიძლება განცდილი იყოს როგორც ემოციური შეფასების, ისე შეფასებითი მსჯელობის ფორმაში იმის მიხედვით, თუ რა ესაჭიროება ქცევას – მხოლოდ გამართლება, თუ აგრეთვე, დამატებით – დასაბუთებაც.

ნათქვამი ნიშნავს, რომ მოტივი არის ფუნქციონალური ხასიათის ცნება. იგი არ არის ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებული რაიმე ერთ ფსიქიკურ მოვლენასთან. არსებითად, მოტივის ფუნქციონალური გაგების მომხრეა მკვლევართა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოტივის როლი შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკურმა ფენომენმა შეასრულოს: მოთხოვნილებამ, გრძნობამ, ინტერესმა, მიზანმა, შეგრძნებამ და სხვა. ძალზე მკაფიოდ გამოხატა ეს პოზიცია ჩხარტიშვილმა: «მოტივი ფუნქციონალური ხასიათის ცნებაა. იგი განსაზღვრულ მიმართებაში არსებული რომელიღაც მოვლენის ფუნქციაა და არა «ნივთიერი», შინაარსეული თავისებურება: მოვლენას რომელიც ამ მიმართებაში მოტივის როლს ასრულებას, სხვა მიმართებაში შეიძლება მოტივის არავითარ ნიშანს არ ატარებდეს. მოტივი, როგორც ასეთი, მხოლოდ მოტივაციის პროცესში უნდა არსებობდეს. ამიტომ მისი ბუნების გარკვევა მხოლოდ ამ

პროცესში უნდა იყოს შესაძლებელი. თუ, მაგალითად, დადასტურდება, როგორც ამას ზოგი ფიქრობს, რომ გრძნობაც ასრულებს მოტივის როლს, ნაჩვენები უნდა იქნეს, რას წარმოადგენს ეს ფუნქცია, რა თავისებურების გამო და რა ვითარებაში ასრულებს მას გრძნობა. გრძნობაზე უბრალო მითითება არ კმარა, რადგანაც იგი, უპირველეს ყოვლისა, გრძნობაა და არა მოტივი» .

ჩვენ მიერ გადმოცემული თვალსაზრისის მიხედვით, მოტივი აჩვენებს სუბიექტს პოტენციური და რეალიზებადი ქცევის ღირებულებას, რითაც ემსახურება მის გამართლებას და დასაბუთებას. მოტივი ქცევის იმ გარეგანი და შინაგანი პირობების მიმართ სუბიექტის შეფასებითი დამოკიდებულების შედეგია, რომლებიც მოხვდნენ მის თვალსაწიერში, რომლებიც მან რაღაცნაირად გააცნობიერა. ქცევის აღძვრისა და განხორციელების კონკრეტულ ვითარებათა მიხედვით მოტივი გამომუშავდება ხან ემოციური შეფასების, ხანაც რთული გონებრივი, კოგნიტური აქტივობის პროცესში; შესაბამისად, იგი წარმოდგენილია ან ემოციურ-საზრისული წარმონაქმნის, ან კიდევ დასკვნის, ლოგიკური კონსტრუქტის სახით.

ნათქვამი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოდ შესაძლებელია გაიმიჯნოს და დაუპირისპირდეს ერთმანეთს აფექტი და ინტელექტი, ემოციური და კოგნიტური. ამის შეუძლებლობაზე ფსიქოლოგიაში დიდი ხანია ლაპარაკობენ. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ვლინდება მოტივაციის სფეროში. პირველმა ამაზე მიუთითა ვ.ვუნდტმა, რომელმაც მოტივი წარმოდგენისა და გრძნობის შენაერთად განიხილა . დღეს ამ ტიპის მიდგომა უკვე გაბატონებულია. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ე.წ. «კოგნიტურაფექტური თვალსაზრისი» . მას საფუძვლად უდევს იდეა, რომ აფექტური და კოგნიტური პროცესები

ურთიერთშეღწევადნი არიან უკვე ონტოგენეზის ყველაზე ადრეულ საფეხურებზე და აყალიბებენ ძირითად ადამიანურ მოტივებს, რომლებშიც ცოდნა და აფექტი დანუყოფელ ერთიანობაშია მოცემული. მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს სხვა ავტორებიც და სხვა. განსაკუთრებით საინტერესოდ არის წარმოდგენილი პირველადი მოტივაციის კოგნიტური დამუშავების პროცესი ჟ.ნიუტენის კონცეფციაში. ამ პროცესის შედეგად მიიღება სპეციფიკური მოტივაციურ-კოგნიტური ფენომენები, როგორებიცაა, მაგალითად მიზანი, გეგმა, ინტერესი და ა.შ. . საზოგადოდ კი, უკვე ყველას ესმის ცნობიერების მოვლენების სამ ცალკეულ კლასად დაყოფის პირობითობა. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ატიტუდის სამკომპონენტიანობის თეზისი, განსაკუთრებით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, მუდმივად ისმის საუბარი კოგნიტურ-ემოციურ, კოგნიტურმოტივაციურ და ემოციურ-მოტივაციურ წარმონაქმნებზე. გავრცელებული მოსაზრებით არ არსებობს უმოტივაციო შემეცნება ან კიდევ მოტივაცია სრულიად დაცლილი კოგნიციისაგან და გრძნობისაგან. სხვათა შორის, უზნაძე უკვე 1944 წელს აღნიშნავდა, რომ «შემეცნება, ემოცია და ნებელობა ცალკე არც ერთი არ არსებობს არა მარტო ფაქტიურად, არამედ იდეურადაც» .

ერთიანობის ეს პრინციპი ყველაზე მეტად მოტივის, როგორც ქცევის სუბიექტური ღირებულების ანალიზს მიესადაგება. შესაბამისად, მოტივი რთული ფენომენია. მისი სტრუქტურა სხვადასხვაგვარია იმის მიხედვით რა სახის ქცევას ემსახურება. უნებლიე, იმპულსური სახის ქცევათა მოტივში დომინირებს ემოციური კომპონენტი. რთულ, ნებელობით ქცევებში გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება ობიექტივაციის დონეზე ჩამოყალიბებულ მოტივს, რომელიც მოცემულია გონებრივი, ლოგიკური კონსტრუქტის ფორმაში, თუმცა განუყოფლადაა დაკავშირებული გრძნობათა სფეროსთან. ამრიგად, ფენომენოლოგიურად მოტივი რთული სტრუქტურის მქონე შეფასებითი ფსიქიკური წარმონაქმნია.

ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ უზნაძის და მისი მიმდევრების პოზიციას, რომ ქცევის რეგულაციის ფუნდამენტური მექანიზმი არის განწყობა. განწყობა სიტუაციური, ოპერაციული და მოტივაციური ფაქტორების ნიადაგზე აღმოცენდება. უნდა ითქვას, რომ გამოკვლევათა უმრავლესობაში ეს უკანასკნელი ფაქტორი არასაკმარისი სისრულით განიხილებოდა. უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებდნენ მხოლოდ აქტივობის დინამიკურ მხარეს და, შესაბამისად, ყურადღება ფოკუსირდებოდა მოთხოვნილებაზე, თანაც მხოლობით რიცხვში. მხედველობის გარეშე რჩებოდა აქტივობის სემანტიკურ-აქსეოლოგიური ასპექტი და, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ადამიანის რეალური ქცევა, როგორც წესი, ერთზე მეტი მოთხოვნილებით აღიძვრება.

მიუხედავად ამისა, უზნაძის მიერ მოყვანილ მაგალითებში, რომლებშიც რეალური ქცევა აღიწერება, შეიძლება დავინახოთ როგორც ქცევის სემანტიკის ცვალებადობა, ისე მისი გამომწვევი ვითარება, კერძოდ აქტივობის აღმძვრელ მოთხოვნილებათა მრავლიანობა. გავიხსენოთ თუნდაც ცნობილი მაგალითი, რომელსაც ავტორი მოტივისა და გადაწყვეტილების მიმართების საკითხის საილუსტრაციოდ აღწერს. ადამიანი დილემის წინაშეა – წავიდეს საინტერესო კონცერტზე, თუ დარჩეს სახლში და იმუშაოს. იწყება მოტივაციის პროცესი, რომელმაც უნდა გამოავლინოს უფრო ღირებული ქცევითი ალტერნატივა. დავუშვათ, რომ სამუშაოს მეტი მნიშვნელობის გაცნობიერების მერე ადამიანი გადაწყვეტს, დარჩეს სახლში. ამ დროს მას ურეკავენ და ატყობინებენ, რომ კონცერტზე იქნება პირი, რომელთანაც შეხვედრა მას ესაჭიროება. მოტივაციის პროცესი თავიდან იწყება და ახლა უპირატესობა კონცერტზე წასვლას ენიჭება. რა მოხდა, იქნა თუ არა ამ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება მანამდე უარყოფილი ალტერნატივის სასარგებლოდ? უზნაძე ფიქრობს, რომ მოტივაციის პროცესში მოინახა ახალი ქცევა, უფრო მეტი ღირებულების მქონე, ვიდრე სამუშაოა. ეს სავსებით

მართებული ანალიზია. მაგრამ საჭიროა, გაიხსნას ამ ქცევის ფსიქოლოგიური ბუნება. ჩვენი მსჯელობისთვის მთავარია იმის ცხადყოფა, რომ იგი კომპლექსური აქტივობაა. მის მდგენელებს ცალ-ცალკე არ გააჩნია სათანადო სუბიექტური ღირებულება, რათა დაძლიოს მუშაობასთან დაკავშირებული ქცევის მნიშვნელობა. კონცერტზე წასვლა, როგორც მაგალითიდან ჩანს, პირველი გადაწყვეტილებისას იქნა მიჩნეული ნაკლებ ღირებულად. სავარაუდოდ, ნაცნობთან შეხვედრაც ვერ გაუწევდა კონკურენციას სამუშაოს ღირებულებას. იგი რომ ასე გადაუდებელი ყოფილიყო, მანამდე იქნებოდა მიღებული საგანგებო ზომები ამ მიზნის მისაღწევად. სხვა საქმეა კონცერტზე წასვლა მუსიკის მოსმენისა და საქმიანი შეხვედრის მიზნით. ამ კომპლექსური აქტივობის მოტივი იმიტომ გახდა მუშაობის მოტივზე ძლიერი, რომ ამაღლდა ქცევის ენერგეტიკული პოტენციალი, იგი გახდა პოლიმოთხოვნილებისეული. ეს, თავის მხრივ, შესაბამისი ქცევის ღირებულებასა და მნიშვნელობაზე აისახა.

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ობიექტივირებული და ნებელობითი ქცევების შემთხვევაში, განწყობის ერთიან შინაგან ანუ «მოთხოვნილებისეულ ფაქტორს» ქმნის იერარქიულად ორგანიზებულ მოთხოვნილებათა სისტემა. განწყობის ტრანსფორმაცია მოტივაციის პროცესის შედეგია. იგი აერთიანებს მთლიანობითი «სისტემამაფორმირებელი მექანიზმის» სახით ყველაფერს, რაც აუცილებელია მიზანშეწონილი აქტივობის განსახორციელებლად. ამ სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი არის მოტივი, რომლის მახასიათებლები დიდწილად არის გაპირობებული კონკრეტული ქცევის პოლიმოთხოვნილებისეული საფუძვლის თავისებურებით.

მოტივაცია გამოკვეთილი დინამიკის მქონე პროცესია. ქცევის მსვლელობის დროს საგრძნობი

ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს მოთხოვნილებათა სისტემამ, ამის შედეგად კი საკუთრივ მოტივმა და განწყობამ. ქცევის სუბიექტური ღირებულების შეცვლა ხდება აქტივობის საწყის ეტაპზევე, უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების მერე. ეს გამოავლინა ლ. ფესტინგერმა და აჩვენა, რომ კოგნიტური დისონანსის მექანიზმის მეშვეობით არჩეული ქცევის სუბიექტური ღირებულება მატულობს . იმავე მიმართულებით ხდება ცვლილება აქტივობის დამასრულებელ ფაზაზეც. ეს ე.წ. «მოტივაციური გრადიენტის» ან «მიახლოების გრადიენტის» ფენომენებში ვლინდება . სხეულებრივ მოთხოვნილებათა სიძლიერე, საზოგადოდ, დეპრივაციის დროზეა დამოკიდებული – მათი ძალა განუწყვეტლივ მატულობს, სანამ მიმდინარეობს ე.წ. «ძიებითი» ან «მოსამზადებელი» აქტივობა და არ დაიწყება ე.წ. «კონსუმატორული» ანუ უშუალოდ დაკმაყოფილებაზე მიმართული ქცევითი აქტები. აქტივობის მსვლელობაში ქცევის სუბიექტური ღირებულების გაზრდას იწვევს მოტივაციური ფუნდამენტის გამდიდრებაც ახალ მოთხოვნილებათა აქტუალიზაციისა და მასში ჩართვის გზით.

შეიძლება მოხდეს საპირისპიროც – მოთხოვნილებათა სისტემას დაეკარგოს შემადგენლობის ნაწილი და ერთგვარად შესუსტდეს. მაგალითად, სხვადასხვა მოტივაციურ ანსამბლებში არცთუ იშვიათად შემავალი ფუნქციონალური მოთხოვნილებები აქტივობის მსვლელობაში განუწყვეტლივ სუსტდება და შესაძლოა, ქცევის დასრულებამდეც მთლიანად დაკმყოფილდეს. შედეგად, იმავე მიმართულებით ფუნქციონირება არათუ აღარ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნილებას, არამედ გადაიქცევა პროცესუალურ მიმზიდველობას მოკლებულ მძიმე საქმიანობად. აქტივობის პროცესში ფუნქციონალურ თუ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ხშირად იმდენად ცვლის ქცევის სუბიექტურ ღირებულებას, რომ იგი შეიძლება

შეწყდეს და წარიმართოს სულ სხვა მიმართულებით, უფრო ძლიერი მოტივის შესაბამისად. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი არ წყვეტს ქცევას შუა გზაზე და იგი ბოლომდე მიჰყავს. პიროვნება არ იმყოფება მოტივაციურ სისტემაში მომხდარ ავტომატურ ცვლილებათა, მოთხოვნილებისეული ძალების მექანიკის ტყვეობაში. მას აქვს უნარი, გააკონტროლოს და შეასწოროს ეს პროცესი. სწორედ ამაში ვლინდება ნებელობითი ან პიროვნული თვითრეგულაცია. აქ გამოყენებული ხერხები და მექანიზმები თანამედროვე ქცევის და მოტივაციის ფსიქოლოგიის ერთერთი პოპულარული თემაა . ეს დიდი და რთული საკითხია, რომელიც აქ ვერ იქნება განხილული. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ თავისი ქცევის ახალ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით, ქცევაში ჩართულ მოთხოვნილებათა წრის გაფართოებით პიროვნება ზრდის მოცემული ქცევის ღირებულებას და მნიშვნელობას. ეს შესაძლებლობას აძლევს, წარმატებით დაძლიოს სიტუაციურად წარმოქმნილი სირთულეები და საბოლოო მიზნის მიღწევამდე მიიყვანოს ქცევა.

ცვლილებები კონკრეტული ქცევის მკვებავ მოთხოვნილებათა შემადგენლობაში არ შემოიფარგლება მხოლოდ რაოდენობრივი ტრანსფორმაციით. არცთუ იშვიათად, მოთხოვნილებათა სისტემა გადასხვაფერდება მასში რაოდენობრივი ცვლილებების გარეშე. ამ შემთხვევაში იცვლება სისტემის კომპონენტების კონფიგურაცია, მათი შედარებითი ძალა და მნიშვნელობა. ამიტომ, ხშირად, ზოგიერთი მოთხოვნილება წამყვანი პოზიციიდან გადაინაცვლებს სისტემის პერიფერიაზე, გადაიქცევა მეორეხარისხოვნად ან სულაც ფონურად და პირიქით.

ერთგვარი შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ განწყობისა და ქცევის

მოთხოვნილებისეული საფუძვლის ტრანსფორმაცია აქტივობის პროცესში ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ესაა იერარქიულ სისტემაში შემავალ ცალკეულ მოთხოვნილებათა გაძლიერება. ეს ყველაზე თვალნათლივ ჩანს ვიტალურ მოთხოვნილებათა შემთხვევაში, რამდენადაც, როგორც ითქვა, ისინი, გარკვეულ საზღვრებში, დეპრივაციის დროის ფუნქციას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ხდება სისტემაში შემავალ მოთხოვნილებათა რაოდენობის მატება, რაც ბუნებრივ პირობებში, უპირატესად, მოთხოვნილებათა სიტუაციურ აქტუალიზაციასთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, ესაა საკუთრივ მოქმედი მოთხოვნილებების ძალის შემცირება და მთელი მოთხოვნილებისეული სისტემის გაღარიბება მისი შემადგენლობიდან ზოგიერთი მდგენელის გამოსვლასთან დაკავშირებით (სრული დაკმაყოფილება, აქტუალურობის მკვეთრი დაწევა და ა.შ.). ამ მხრივ საჩვენებელია ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომელთა აქტუალობის დინამიკას ახასიათებს კლების მყარი ტენდენცია ფუნქციონირების პროცესში.

ტრანსფორმაციის ეს ფორმები არ გამორიცხავს ერთმანეთს და შესაძლებელია მათი პარალელური მიმდინარეობა. გარდა ამისა, აღნიშნული პერტურბაციები შეიძლება თანმიმდევრულად ქცევის რეგულაციის ორ დონეზე წარიმართოს. ერთ შემთხვევაში ისინი წარმოიქმნებიან ბუნებრივი, არაკონტროლირებული, ენდოგენური და ეგზოგენური დინამიკური პროცესების მოქმედების შედეგად. შესაბამის მოტივაციურ ცვლილებებს არსებითად ავტომატური, იმპულსური ხასიათი აქვს და არ მოითხოვს პიროვნების საგანგებო ჩართულობას. მაგრამ თუ ცვლილებები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სერიოზულად შეარყია ქცევის მოტივაციური საფუძველი, საჭიროების შემთხვევაში, ჩაირთვება პიროვნული თვითრეგულაციის მექანიზმები, რომელნიც მოქმედებენ ქცევის ოპტიმალური ენერგეტიკული და ღირებულებითსაზრისული კონტექსტის აღდგენის მიმართულებით.

ამრიგად, ქცევისა და განწყობის მოტივაციური ფაქტორი მუდმივ ტრანსფორმაციასა და ცვალებადობას განიცდის აქტივობის მთელი პროცესის განმავლობაში. ამ დებულებით ჩვენ გვსურს შევავსოთ ე.წ. «განწყობის დინამიკური მოდელი» .

განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია სადღეისოდ, არსებითად ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი: 1. «განწყობის სტატიკური მოდელი», რომელსაც თავად თეორიის ავტორი და მისი მიმდევრების პირველი თაობის მკვლევართა აბსოლუტური უმეტესობა ემხრობოდა . ამჟამად იგი ე.წ. «განწყობის ანთროპული თეორიის» სახით არის წარმოდგენილი . 2. «განწყობის დინამიკური მოდელი», რომელიც გასული საუკუნის 70-ანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა შ. ჩხარტიშვილმა . მისი განვითარება რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ნელა მიმდინარეობდა . ახლა ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. უკანასკნელი დროის თეორიული ნაშრომების ანალიზი გვიჩვენებს, რომ განწყობის კონცეფციის განვითარების ძირითად ვექტორად დინამიკური მოდელი იქცა .

სტატიკური მოდელი ამოდის იქიდან, რომ ქცევის დასაწყისშივე შესაბამისი აქტუალური განწყობა სრულად არის სტრუქტურირებული ამ ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამიტომ ქცევაში გაჩენილი შეფერხებები ამ განწყობის ახალი განწყობით შეცვლას იწვევს. ეს თვალსაზრისი ქცევათა და განწყობათა გაუთავებელი წყვეტა-დანგრევის, ფორმირება-აღდგენის სურათს გვიხატავს, რომელშიც ყოველგვარი გარკვეულობა იკარგება. მართლაც, აქტივობაში რაღაც შეფერხება ძალიან ხშირად ხდება. პრაქტიკულ-თეორიულ ქცევათა და შესაბამის განწყობათა მონაცვლეობა რომ ამის კვალობაზე მიმდინარეობდეს, ერთი რთული ქცევა ასობით განწყობის და ათასობით «ქვეგანწყობის» რეალიზაციის შედეგად წარმოგვიდგება. ამით მოდელი «ეკოლოგიურად არავალიდური» ხდება.

ჩხარტიშვილმა აჩვენა, რომ განწყობის სტრუქტურა პრინციპულად არ შეიძლება იყოს სტატიკური. განწყობა მხოლოდ ქცევის პროექტია, მონახაზია (უზნაძე ამბობდა – ესკიზი). ქცევის დასაწყისში მისი სტრუქტურა განსაზღვრულია ე.წ. «სიტუაციური გეგმით», რომელშიც მოცემულია საზოგადოდ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მაგრამ მასში პრინციპულად ვერ იქნება განსაზღვრული ყველა მოქმედება და ოპერაცია, რადგან მათი საჭიროება და რაგვარობა დამოკიდებულია სიტუაციის სრულიად კონკრეტულ მონაცემებზე, რომლებიც ვერ იქნება გათვალისწინებული წინასწარ, აქტივობის დაწყებამდე.

ეს მხოლოდ ქცევის განხორციელების მსვლელობაში, გარემოს ასახვის გზით შეიძლება მოხდეს. ამას ემსახურება ე.წ. «სტიმულაციური ხატები», რომლებიც ავსებენ «სიტუაციურ გეგმას» აქტუალური და კონკრეტული მონაცემებით. მართლაც, მაგალითად, სამსახურში წასვლის ქცევის განწყობა, რომელიც ჯერ კიდევ სახლში ყოფნისას გვაქვს, ვერ ჩაითვლება ამ ქცევის გამზადებულ მექანიზმად, როგორც ამას სტატიკური მოდელი მიიჩნევს. იგი საკმარისია იმისთვის, რომ სათანადო აქტივობა დაიწყოს, მაგრამ როგორ წარიმართება იგი სივრცისა და დროის ყოველ მონაკვეთში, რა მოძრაობათა თუ ფსიქიკური ოპერაციების შესრულება იქნება საჭირო, ეს ფიზიკური და სოციალური გარემოს მუდმივცვალებადი ვითარების შესაბამისად დაკონკრეტდება სიტუაციურ გეგმაში და ე.ი. განწყობაში. ქუჩის გადაკვეთა გაჩერებაზე მისასვლელად შეიძლება დაიგეგმოს განწყობაში წინასწარ, მაგრამ მოძრაობის კერძო პარამეტრები მთლიანად იქნება დამოკიდებული კონკრეტულ საგზაო სიტუაციაზე, რომელსაც, ცხადია, ვერ განჭვრეტ. მეტიც, ქუჩის გადაჭრა შეიძლება სულაც აღარ იქნეს საჭირო, თუ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დროებით იგი მანქანებისთვის გადაკეტილია და თქვენთვის საჭირო ტრანსპორტი მასზე არ გაივლის. მაშინ საჭირო ხდება ქცევის მთლიანი სიტუაციური

გეგმის ოპერატიული გადახალისება. ეს ცვლილება ბევრი გარემოების მხედველობაში მიღება-გაცნობიერებას და, მაშასადამე, ობიექტივაციას მოითხოვს. ვთქვათ, შეწყნარებულ იქნა იმავე ქცევის შესრულების სხვა ვარიანტი: რადგან დრო ითმენს და ამინდიც კარგია, უნივერსიტეტამდე ფეხით მივიდე. უკვე ახლებურად სტრუქტურირებული განწყობაც შეიძლება შეიცვალოს და თანაც არა სიტუაციური, არამედ მოტივაციური ფაქტორის ტრანსფორმაციის შედეგად. ვთქვათ, სამსახურისკენ სიარულის პროცესში მობილურით მაცნობეს, რომ ლექციის დაწყებამდე დეკანატში რაიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიქმნა საჭირო. მორიგი ობიექტივაციის და კოგნიტური ფუნქციონირების შედეგად მოხდება სიტუაციური გეგმის ხელახალი კორექცია და მე ტაქსის ძიებას დავიწყებ...

მაშასადამე, სიტუაციური გეგმის და, შესაბამისად, განწყობის კორექციას მოტივაციური ფაქტორის დინამიკაც იწვევს. შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმან, რომ ამ თეორიულ მოდელში გეგმას «სიტუაციური» ეწოდება. ამით მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ გეგმა (განწყობა) გარემოში (სიტუაციაში) უნდა გაიშალოს, მაგრამ მისი შემუშავება, ცხადია, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. მათ შორის აუცილებლად მოტივაციურისა – ვინაიდან, განსაზღვრების თანახმად, თავად სიტუაცია სხვა არაფერია, თუ არა გარემოს ის ნაწილი, რომელიც მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

ზემოთ, მოტივაციის დინამიკური მოდელის ჩარჩოში, ნაჩვენები იყო, თუ რა სახის ცვლილებები ხდება მოტივაციურ სისტემაში აქტივობის ყველა ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ ეს მოსაზრებები ზედმიწევნით კარგად შეიძლება მოვარგოთ განწყობის სტრუქტურის დინამიკურ მოდელს, რომელიც მხოლოდ სიტუაციური ფაქტორის დინამიკის გათვალისწინებით იყო

ფორმულირებული. იგი საჭიროებდა შევსებას მოტივაციური ფაქტორის დინამიკის მხრიდან.

მოტივაციური პროცესი, ისევე როგორც ყოველი ფსიქიკური პროცესი, და საზოგადოდ ფსიქიკური აქტივობა, ორ დონეზე მიმდინარეობს. პირველი დონე არაცნობიერია, იმპულსურია. აქ მოქმედებს თვითრეგულაციის თანდაყოლილი (ფსიქოფიზიოლოგიური) და შეძენილი (ავტომატიზირებული, ჩვევითი) მექანიზმები . როცა ეს მექანიზმები არ არის საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, საქმეში ჩაერთვება მეორე, ობიექტივაციის დონის მექანიზმები. ამ შემთხვევაში ფსიქიკური აქტივობა ცნობიერების დონეზე იშლება. ეს ცნობიერი აქტივობა განსხვავებული სახისაა იმისდა მიხედვით, თუ რაზეა იგი მიმართული, რა პრობლემის გადაჭრას ემსახურება და თუ რა ფსიქიკური ფუნქციების მეშვეობით ხორციელდება. ეს მომენტები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. კერძოდ, როცა ქცევაში წარმოქმნილი შეფერხების მიზეზი ქცევის საშუალებებს ეხება, მისი აღმოფხვრა (პრობლემის გადაჭრა) კოგნიტური ფსიქიკური ფუნქციების გამოყენებით ხდება. გავიხსენოთ თუნდაც უზნაძის კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი კარის გაღების პრობლემის წინაშე დგება. აქ პრობლემა აღქმის (დაკვირვების), ყურადღების, მეხსიერების და აზროვნების პროცესების მეშვეობით გადაიჭრება. სხვა საქმეა, როცა პრობლემა ქცევის მიზნის არჩევასა და მისი ღირებულების შენარჩუნებას ეხება. აქ უკვე პირველ პლანზე მოტივაციურ-ვოლიტური პროცესები გამოდის.

აზრიანი ჩანს აღნიშნულ ვითარებათა გამიჯვნა განწყობის თეორიის ტერმინოლოგიური აპარატის გამოყენებით. ვინაიდან ორივე შემთხვევაში ფსიქიკური აქტივობა ცნობიერია,

შეიძლება (და ჩვეულებრივ ასეც ხდებოდა), ყველგან ობიექტივაციის დონის აქტივობაზე გველაპარაკა. მაგრამ ასეთ დროს იკარგება განსხვავება შემეცნებით და ნებელობით აქტივობას შორის, ამოცანის გადაწყვეტასა და გადაწყვეტილების მიღებას შორის. კარგი იქნება თუ ამ არსებითად განსხვავებულ «ფსიქიკურ სამუშაოს» შესაბამის სახელწოდებას მოვუნახავთ უზნაძის თეორიული სისტემის ფარგლებში.

უზნაძეს «შენიშვნების რვეულში», რომელიც შეიცავს მრავალ საინტერესო მოსაზრებას და ჯერ კიდევ ძალზე ცუდად არის შესწავლილი, მართლაც ვნახულობთ ტერმინს, რომელიც დაგვეხმარება ამ ამოცანის გადაწყვეტაში. უზნაძე აღწერს პროცესს, რომელიც გარეგნულად თითქოს ობიექტივაციაა (შეჩერების და თეორიული აქტივობის მომენტი), მაგრამ სპეციფიკური, თავისებური პროცესია, რომელსაც ავტორი «სუბიექტივაციას» უწოდებს. ნამდვილი ობიექტივაციის შემთხვევაში, სუბიექტი მაქსიმალურად ობიექტურია, იგი, ასე ვთქვათ, მიუკერძოებლად წყვეტს ამოცანას. აქ კი «სუბიექტს რაღაც წინასწარ აქვს მიღებული, რაღაცას ელის და მის აღმოჩენას ცდილობს» . სუბიექტის ცნობიერება დაკავებულია უკვე შეწყნარებული და გათავისებული აზრისა თუ განწყობის გამართველებითა და დასაბუთებით. ამიტომ «აქ არის უფრო, ასე ვთქვათ, «სუბიექტივაცია», ვიდრე ობიექტივაცია».

მიგვაჩნია, რომ «სუბიექტვაციის» ტერმინის უფრო ადეკვატური და ნაყოფიერი გამოყენება შეიძლება, თუ მას არა კოგნიტურ, არამედ მოტივაციურ ცნობიერ აქტივობას დავუკავშირებთ. მართლაც, თუ მოტივი ქცევის სუბიექტური ღირებულებაა და მისი ფუნქცია ქცევის გამართლება და დასაბუთებაა, მაშინ მოტივაციის პროცესს, რომელშიც ქცევის სუბიექტური ღირებულების გამოვლენა და ცვლილება ხდება, ზედმიწევნით შეესაბამება ტერმინი

«სუბიექტივაცია». ამ ტერმინით შეიძლება აღინიშნოს ის მოტივაციური პროცესი, რომელიც ამზადებს გადაწყვეტილებას (იმის გარკვევა და შეწყნარება, თუ რომელ ქცევით ალტერნატივას აქვს მეტი ღირებულება სუბიექტისათვის); აგრეთვე მოტივაციის დინამიკური მოდელით აღწერილი პროცესი, რომელიც თან გასდევს ქცევას (ქცევის სუბიექტური მნიშვნელობის მუდმივი მონიტორინგი, მისი რეგულაცია-კორექცია, ქცევის სუბიექტურ-პიროვნული წარმატებულობის განსაზღვრა). ერთი სიტყვით, ფსიქიკური აქტივობის ნებელობით დონეზე განხორციელებულ მოტივაციურ პროცესებს, რომლებიც მიმართულია მოტივაციური სისტემის ფორმირებასა და შენარჩუნებაზე, ვუწოდებთ «სუბიექტივაციას», რადგანაც ამ პროცესების ინტენციის საგანი ქცევის სუბიექტური ღირებულებაა ნებელობითი პროცესის საწყისი სუბიექტივაციაა. მეტ-ნაკლებად შორეული მოტივაციური ქცევის მიმდინარეობის პროცესშიც დრო და დრო საჭირო ხდება ხოლმე სუბიექტივაციის აქტების ჩართვა (რითაც ხორციელდება თვითრეგულაცია).

რა თქმა უნდა, საჭიროა სუბიექტივაციის ცნებაში გაერთიანებული მოტივაციურ-ვოლიტური პროცესების სპეციალური დახასიათება და შესწავლა. ეს ძალიან დიდი თემაა, რომელიც მრავალ ურთულეს საკითხს შეიცავს. მათი კვლევა მიმდინარეობს ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგიის სხვადასხვა განაყოფში, როგორებიცაა გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია, თვითრეგულაციის ფსიქოლოგია და ა.შ. მოცემული ნაშრომის ფარგლებში ამ საკითხების ზერელე განხილვაც კი შეუძლებელია. აქ მხოლოდ მივუთითებთ, რომ სუბიექტივაციის პროცესის ოპერაციულ შემადგენლობაში შემავალი თვითრეგულაციის სტრატეგიები და ხერხები ერთობ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. მაგრამ მათი რეალური ფსიქოლოგიური მექანიზმი ჯერ კიდევ ნაკლებადაა გარკვეული. ძალზე ზოგადი სახით იგი,

ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ გაძლიერდეს საკუთრივ მოქმედი აღმძვრელები და, მეორე მხრივ, არსებულ მოტივაციურ სისტემას მიუერთდეს დამატებითი მოთხოვნილებები. უკანასკნელი, თავის მხრივ, ორი გზით შეიძლება განხორციელდეს: ახალ მოთხოვნილებათა აქტუალიზაციით და მოცემული ქცევითი ამოცანისადმი ჰეტეროგენულ მოთხოვნილებათა დაკავშირებით მიმდინარე ქცევის ერთ-ერთ ბუნებრივ შედეგთან. ქცევაში ჩართული აღმძვრელი ფაქტორების წრის გაფართოებით პიროვნება ზრდის ქცევის სუბიექტურ ღირებულებას, რაც საშუალებას აძლევს მას წამატებით დაძლიოს სიტუაციურად წარმოქმნილი სირთულეები და ბოლომდე მიიყვანოს იგი. ეს საერთო მექანიზმი კონკრეტდება ისეთი ცნობიერი პროცესების სახით, როგორიცაა თვითგანმტკიცება, თვითჩაგონება, თვითდარწმუნება, თვითკონტროლი და სხვა.

ამ პროცესების ბუნების გახსნის და დაუფლების საქმეში დიდი, შესაძლოა გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ როგორ ხდება მათი ფორმირება-შემუშავება. სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ესაა, არსებითად, ნებელობის გენეზისის საკითხი. ძალიან ზოგადად ქცევის ნებელობითი რეგულაციის ონტოგენეზის სქემა შემდეგია: სოციალური გარემო, აღზრდის სიტუაცია ქმნის პირობებს საჭირო (მოთხოვნადი) ქცევის არასაკმარისი სუბიექტური ღირებულების გაზრდისთვის. ეს ხდება ამოსავალი მოტივაციისთვის დამატებითი დინამიკური ძალების მიერთების გზით (წახალისება, დაჯილდოება), ან მოქმედების საწინააღმდეგო ვარიანტის მიმზიდველობის შემცირებით (აკრძალვა, დასჯა). ონტოგენეტიკური განვითარების მსვლელობაში, ითვისებს რა უფროსების (მშობლების) მიერ მის ქცევაზე ზემოქმედების ხერხებს, ბავშვი მეტ-ნაკლები წარმატებით, თვითონ იწყებს მათ გამოყენებას სხვების (თავდაპირველად უფროსების, მშობლების) მიმართ, ხოლო შემდეგ

მიმართავს მათ საკუთარ თავზე და აქცევს ნებელობითი თვითრეგულაციის საშუალებად. სხვანაირად რომ ვთქვათ, თანდათანობით ბავშვს სულ უფრო მეტად უმუშავდება უნარი, შეასრულოს ეს ოპერაციები შინაგან პლანში, დამოუკიდებლად და, მაშასადამე, განახორციელოს სუბიექტივაციის პროცესი, დაეუფლოს თვითრეგულაციის უნარ-თვისებას.

აქ გვერდს ვერ ავუვლით ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში, სახელდობრ, ჩხარტიშვილის მიერ გამოთქმულ საყურადღებო მოსაზრებებს ნებელობის აღზრდასთან დაკავშირებით; საჭიროა ისინი დავაკავშიროთ შეხედულებათა სისტემასთან ადამიანის აქტივობის პოლიმოტივირებულობის შესახებ . ჩხარტიშვილი ამოდის იქიდან, რომ «მოთხოვნილება და ნებისყოფა ადამიანის ქცევის ორი, ერთი მეორისგან არსებითად განსხვავებული წყაროა. მოთხოვნილება იმპულსურ ქცევას აღძრავს და წარმართავს, ხოლო ნებისყოფა (პიროვნება, როგორც ნებისყოფის სუბიექტი) ნებისმიერი ქცევის აღმოცენებასა და მიმდინარეობას ედება საფუძვლად» . უკანასკნელი განიცდება, როგორც საჭიროება და სპეციფიკური ფენომენოლოგია აქვს. მას ახასიათებს «მე უნდა» განცდა, ხოლო «მე მინდა» განცდა თან სდევს იმპულსურ ქცევას. სპეციფიკურია ქცევის ამ სახეობათა მოტივიც. იმპულსური ქცევის მოტივი ემოციურ ფორმაში მოცემული მისი სუბიექტური ღირებულებაა. ჩხარტიშვილის აზრით, ნებელობითი ქცევის მოტივი სუბიექტის გარეთ არსებული ობიექტური ღირებულებებია. ხოლო პიროვნების ავტონომიური ძალა, ნებისყოფა ისეთივე დამოკიდებულებაშია თავის მოტივთან, როგორც მოთხოვნილება თავის საგანთან.

ნებისყოფა არაა თანდაყოლილი უნარი, იგი უნდა გამომუშავდეს. პატარა ბავშვს არ შეუძლია ემსახუროს ობიექტურ ღირებულებებს. მისი ქცევის წყარო მოთხოვნილებებია, იგი მხოლოდ

მოთხოვნილებათა სუბიექტია. ობიექტურ ღირებულებათა ცნობიერება მას არ გააჩნია. ბავშვი უფროსების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გავლენით მოქმედებს, რომლებიც იმპულსების შეკავებას ან გაძლიერებას იწვევენ. ამაში ვლინდება ბავშვის ქცევის გარედან მართვა და მისი იძულება, გაითვალისწინოს ქცევის შედეგების მისთვის მისაწვდომი ობიექტური ღირებულებანი. დროთა განმავლობაში ბავშვი ეჩვევა თვითონ, გარეგანი იძულების გარეშე შეასრულოს მოქმედება, რომელიც უფროსების მიერ დადებითად ფასდება და თავი შეიკავოს ზოგიერთი მოთხოვნილების იმპულსისაგან. საბოლოოდ, ნებელობის სუბიექტის ფორმირების კვალობაზე, სწორედ იგი ხდება ქცევის რეგულატორი და მოთხოვნილების იმპულსების შემკავებელი. მაგრამ ბავშვს «ჯერ კიდევ არ შეუძლია ისეთი ნებისმიერი ქცევის განხორციელება, რომელიც იმავე დროს იმპულსურიც არ იქნება და რომელიმე მოთხოვნილებას არ მიაწვდის საზრდოს. ასეთ ქცევას, რომელიც ერთსა და იმავე დროს იმპულსსაც ემყარება და ნებისყოფასაც, აქტუალურ მოთხოვნილებასაც პასუხობს და ქცევის შესაძლო შედეგის ობიექტურ ღირებულებასაც ითვალისწინებს ... ორმაგ ქცევას ანუ ორბუნებიან ქცევას ვუწოდებთ და ნებისყოფის გამომუშავების საქმეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვაძლევთ» .

ამ მსჯელობის დედააზრი სრულიად ნათელია და მართებული – ქცევის ნებელობითი რეგულაციის მექანიზმი, როგორც ონტოგენეზში, ისე აქტუალგენეზში დამატებითი მოტივატორების ჩართვაში მდგომარეობს. თუმცა ზოგიერთ მომენტებს დაზუსტება სჭირდება. არ არის ბოლომდე ნათელი, როგორია «ორმაგი ქცევის» ფსიქოლოგიური ბუნება. შესაძლოა, ესაა ერთი ქცევა რამდენიმე აღმძვრელით, რომელშიც საჭირო და სასიამოვნო გაერთიანებულია. ასეთის მაგალითად, ავტორის მიერ, მოყვანილია სწავლის პროცესი, რომელიც ცოდნის მიღებას

ისახავს მიზნად, და იმავდროულად ინტელქტუალური ფუნქციობის მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს. ასეთივეა შრომაც, რომელსაც შედეგთან დაკავშირებული მიზნის გარდა საკუთრივ აქტივობის განხორციელების ინტერესიც ამოძრავებს. ეს მაგალითები მართლაც მიუთითებს რთული მოთხოვნილებისეული შემადგენლობის სისტემაზე, რომელიც კონკრეტულ ქცევას აღძრავს. მაგრამ გაუგებრობას ის ქმნის, რომ აქვე სრულებით განსხვავებული გააზრებაცაა მოცემული. კერძოდ: «ასეთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ფსიქოფიზიკურ აქტივობას ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წყარო, მოტივი და მიზანი ექნება, რის გამოც საქმე გვექნება ორ ქცევასთან, რომელთა დროში მიმდინარეობა და განხორციელების გზები ძირითადში ემთხვევა ერთმანეთს» .

ამგვარი ქცევითი რეალობის უაღრესად საინტერესო ანალიზი ჩხარტიშვილმა «განწყობის დინამიკური მოდელის» თვალსაზრისით მოგვცა. აქ იგი სხვა ტერმინებს იყენებს და ლაპარაკობს ე.წ. «ჩართულ ქცევებზე». «ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ჩვეულებრივ, ასეთი ურთიერთჩართული ქცევების გზით მიმდინარეობს» . ჩხარტიშვილი ეძებს ასეთი ქცევითი რეალობის შესატყვის განწყობისეულ მექანიზმს. ამისთვის დინამიკურ მოდელს აღრმავებს ე.წ. «ინტეგრირებული სიტუაციური გეგმის» და მისი შესაბამისი «ინტეგრირებული ქცევის» ცნებით. ეს უკანასკნელი პირველის საფუძველზე შექმნილი განწყობით იმართება. «ერთდროულად მოქმედი რამდენიმე მოთხოვნილების თუ გადაწყვეტილების ნიადაგზე, როცა ობიექტური გარემოებანი ამისთვის საჭირო პირობებს ქმნიან, შესაძლებელია, შემუშავდეს ერთიანი სიტუაციური გეგმა და მის საფუძველზე ერთი ისეთი განწყობა აღმოცენდეს, რომელიც ყველა მოთხოვნილების თუ გადაწყვეტილების შესატყვისი მოქმედების ურთიერთჩართვასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს».

ჩვენ არ შევუდგებით ამ ბევრი ნიუანსისა და დიდი თეორიული პოტენციალის მქონე მოდელის ანალიზს. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ იგი ისეთ ვითარებას შეესაბამება, როცა ერთი ქცევის სტრუქტურაში წარმოიქმნება დროებითი უმოქმედობის პერიოდი, რომელსაც ავსებს სხვა ქცევათა მოქმედებები. იგი არ ითვალისწინებს იმ ვითარებას, როდესაც ერთი კონკრეტული ქცევა რამდენიმე დინამიკური წყაროდან იკვებება. ჩვეულებრივ სწორედ ამას არქმევენ ქცევის პოლიმოტივაციას. ასე მაგალითად, როცა ამ სტატიას ვწერ, ეს ჩემი აქტივობა, ქცევის ფორმათა კლასიფიკაციის მიხედვით, მეცნიერის შრომად კვალიფიცირდება, მაგრამ ამ კონკრეტულ ქცევას ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნილება, ინტერესი თუ მოტივატორი შეიძლება აღძრავდეს.

ჩხარტიშვილი ამოდის შეხედულებიდან, რომ ყოველ ცალკეულ მოთხოვნილებას თუ დინამიკურ ფაქტორს სპეციფიკური დამოუკიდებელი ქცევა შეესაბამება. ამიტომ ყველა პოლიმოთხოვნილებისეულ შემთხვევას ჩართული თუ ინტეგრირებული ქცევების თვალსაზრისით განიხილავს. ასეთი მიდგომის ფარგლებში ვერ ვილაპარაკებთ ქცევის საერთო ღირებულების გამომხატველ ინტეგრირებულ მოტივზე (თუნდაც ამბივალენტურზე, როგორც ეს ორგვარი ბუნების ქცევის შემთხვევაშია) და ვერც თვითრეგულაციის ზემოთ აღწერილ მექანიზმზე, რომელიც კონკრეტული ქცევის მოთხოვნილებისეული სისტემის ტრანსფორმაციას გულისხმობს.

ასეთი მიდგომა ფაქტებსაც ეწინააღმდეგება. საკმარისია თუნდაც იმის აღნიშვნა, რომ არსებობს მოთხოვნილებები, რომლებიც არ ქმნიან «საკუთარ» ქცევით პატერნს. კავშირი მათსა და ქცევას შორის არ არის ისეთივე ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვანი, როგორც ეს ვიტალურ

მოთხოვნილებათა, ვთქვათ შიმშილისა და ჭამის შემთხვევაშია. მაგალითად, წარმატების მიღწევის მოთხოვნილება კმაყოფილდება წარმატების მიღწევით სრულიად განსხვავებულ ქცევებში. იგი არ ქმნის «წარმატების მიღწევის» დამოუკიდებელი ქცევის ფორმას. ასეთივე ბუნებისაა ბევრი სხვა ადამიანური მოთხოვნილება: პრესტიჟის, აფილაციის, ძალაუფლების, სიცოცხლის საზრისის ძიების, თვითაქტუალიზაციის და სხვა. პრესტიჟის მოთხოვნილება შეიძლება მრავალი სახის სოციალური აქტივობის გზით დაკმაყოფილდეს. თვითაქტუალიზაცია სხვადასხვა მიზნის მიღწევის პროცესში ხორციელდება და ა.შ. ამგვარი მოთხოვნილებები პიროვნების ძირეული და მუდმივმოქმედი ტენდენციებია, რომლებიც განუწყვეტლივ რეალიზდება ხან ერთ, ხან მეორე ქცევაში. ამიტომ ისინი, როგორც წესი, თანაარსებობენ სხვა მოთხოვნილებებთან და მათთან ერთად ქმნიან კონკრეტული ქცევის აღმძვრელების რთულ ანსამბლებს.

ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ნებელობითი (გაცნობიერებული) ქცევის მოტივაციის პროცესი, არსებითად, სუბიექტივაციის პროცესია. იგი მიმართულია ქცევის სუბიექტური ღირებულების, ანუ მოტივის გამომუშავებასა და შენარჩუნებაზე. სუბიექტივაცია მთელს ქცევას გაჰყვება და რთული დინამიკა აქვს. როდესაც ეს პროცესი ცნობიერების დონეზე მიმდინარეობს, იგი ნებელობითი (პიროვნული) თვითრეგულაციის სახეს იღებს. სათანადო ხერხების და მექანიზმების ფორმირება ხდება ონტოგენეზში, პირველ რიგში ბავშვის ქცევათა მოტივაციურ სისტემაში დამატებითი მოტივატორების (აღმძვრელ-განმამტკიცებელ-შემაკავებელთა) შემოტანის გზით.

ნახვა: 1940

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters