შიში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი დაბადებიდან სიკვდილამდე ახალი, გარდასახული ფორმებით მუდმივად გასდევს ჩვენს არსებობას. კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რა დიდი იყო ადამიანის მცდელობა, დაეძლია, გადაელახა, დაეთრგუნა ან ნაკლებად შეეგრძნო შიში, მასთან ბრძოლას კი თავისთავზე მაგია, რელიგია და მეცნიერება იღებდა. მართალია, ღვთის რწმენა და უანგარო სიყვარული, ბუნების კანონების ცოდნა, ცხოვრების ასკეტური წესი და მისი ფილოსოფიური გააზრება ვერ სპობს შიშს, მაგრამ მის დაძლევაში გვეხმარება და, შესაძლოა, ხელსაც კი გვიწყობს მის გამოყენებაში ჩვენ სასარგებლოდ. ნამდვილად ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს შიშის გარეშე ცხოვრება შეგვეძლოს. შიში ხომ ჩვენი არსებობის ნაწილია და სიკვდილის გარდაუვალობასთან დაკავშირებულ ფიქრებს აირეკლავს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვებრძოლოთ მას და საკუთარ თავში ისეთ საპირისპირო ძალებს გამოვუხმოთ, როგორიცაა სიმამაცე, ნდობა, ცოდნა, ამტანობა, იმედი, მორჩილება, რწმენა და სიყვარული. ამით შევძლებთ შიშის გათავისებას, ახსნას და ისევ და ისევ მის დამარცხებას; ამიტომ, ალბათ, ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ იმ მეთოდებს, რომლებიც შიშისაგან მთლიანად გათავისუფლებას გვპირდება, რადგან ვერ აცნობიერებს ადამიანური არსებობის რეალობას და, შესაბამისად, მცდარ მოლოდინებს აღძრავს. მართალია, შიში ჩვენი ცხოვრების აუცილებელი თანმდევი მოვლენაა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს მას მუდმივად განვიცდიდეთ. ამასთან, იგი მუდამ ჩვენთანაა და ცნობიერებაში იმ დროს ამოტივტივდება, როგორც კი, ჩვენი განცდების წყალობით, მისი შინაგანი თუ გარეგნული გამოვლინების კონცენტრაციას ვახდენთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ვცდილობთ, როგორმე თავი ავარიდოთ და გავექცეთ მას. ამისათვის საკუთარ თავში გამომუშავებული გვაქვს საგანგებო ტექნიკა და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავძლიოთ, განვდევნოთ და «მოტყუებით» ჩავიხშოთ შიში. მაგრამ, სიკვდილის მსგავსად, შიში არ წყვეტს არსებობას მაშინაც, როდესაც მასზე სულაც არ ვფიქრობთ.

      შიშის არსებობას რომელიმე ხალხისა თუ ცალკეული ადამიანის კულტურისა და განვითარების დონე არ განსაზღვრავს. მისი სხვადასხვა სახით გამოვლინება, ერთი მხრივ, იმ ობიექტებზეა დამოკიდებული, რომლებიც შიშს იწვევს, ხოლო მეორე მხრივ, ამაში იმ საშუალებებსა და ღონისძიებებს მიუძღვით წვლილი, რომლებსაც შიშის დასაძლევად ვიყენებთ. ასე მაგალითად, თანამედროვე ადამიანს აღარ ეშინია ჭექა-ქუხილის; მზისა და მთვარის დაბნელებას იგი ახლა უკვე ბუნების საინტერესო მოვლენად აღიქვამს და აღარ განიცდის შიშს, რადგან იცის, რომ ეს ამ ციური სხეულების საბოლოო გაქრობას და სამყაროს დაღუპვას არ მოასწავებს. სამაგიეროდ, თანამედროვე ადამიანი ისეთ შიშებს განიცდის, რომლებიც ადრინდელი კულტურებისთვის უცხო იყო; ახლა მას უკვე ბაქტერიების, ახალ-ახალი დაავადებების, სატრანსპორტო ავარიების, სიბერისა და სიმარტოვისა ეშინია. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მაგიური რიტუალები და შელოცვები შიშის დამთრგუნველმა ფარმაცევტულმა საშუალებებმა შეცვალა, თავად შიში კი ისევ ადამიანის კუთვნილებად დარჩა.

      დღეისათვის შიშის შესწავლის ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან და უტყუარ საშუალებას ფსიქოთერაპია წარმოადგენს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდში შიშის განვითარების ისტორიას და ოჯახურ თუ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან მის კავშირს იკვლევს, რათა შეიცნოს შიშის მექანიზმი; ეს კი შემდგომ უზრუნველყოფს შიშისადმი გააზრებულ მიდგომას და მის წინააღმდეგ ბრძოლას მისივე დაძლევის მიზნით.

      ამ დროს გამოვლინდება ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი კანონზომიერება და აშკარად ვხედავთ, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის წყალობით, სამყაროს დაპყრობის პროცესში მიღწეულ პროგრესთან ერთად, ადამიანს უქრება გარკვეული შიშები, თუმცა მათ ადგილს სხვა, ახალი შიშები იკავებს; ეს კი კვლავ გვაყენებს იმ ფაქტის წინაშე, რომ შიში ჩვენი ცხოვრების მუდმივად თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. დღევანდელ ცხოვრებაში მოჭარბებულად არსებულ შიშს თავად ადამიანის საქმიანობა და ქმედებები განაპირობებს, რომელთა შედეგებიც მისთვის სავალალო ხდება. ამ დროს ადამიანს იპყრობს შიში საკუთარი ხელით შექმნილ გამანადგურებელ საშუალებათა მიმართ, ფიქრობს იმ საფრთხეზე, რომელიც მას, შესაძლოა, ბირთვული იარაღის ან იმ ძალების გამოყენების შემთხვევაში შეექმნას, რომელთა ჩართვაც ცხოვრების პროცესში არაბუნებრივი გზებით ხდება. აშკარაა, ამ შემთხვევაში ადამიანს საკუთარი ზესთამჩენობა ბუმერანგივით მიუბრუნდება უკან, რადგან სიყვარულსა და საკუთარი ღირსების გრძნობას მოკლებული, თავქარიანი ძალაუფლება და ბუნებაზე გაბატონების სურვილი თავისდაუნებურად წარმოშობს იმის შიშს, რომ მართულ, უგუნურ არსებებად არ გადავიქცეთ. თუკი ადრე ადამიანი მრისხანე დემონებისა და შურისმაძიებელი ღმერთების წინაშე შიშით ძრწოდა, რომელთა მიმართ თავს უმწეოდ გრძნობდა, დღესდღეობით მას საკუთარი თავის წინაშე იპყრობს შიში.

      ამრიგად, ისევ და ისევ ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს «პროგრესი», რომელიც იმავდროულად რეგრესსაც გულისხმობს, ოდესმე შიშებისგან გაგვათავისუფლებს, რადგან მას შედეგად ახალი შიშები მოჰყვება.

      ერთი სიტყვით, შიშის განცდა თავად ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ამ თვალსაზრისით ზოგადად არსებობს; ამასთან, თითოეულ ადამიანს საკუთარი შიშის განცდა გააჩნია, რომელიც ისევე უჩვეულოდ და თავისებურად გამოვლინდება, როგორც «სიკვდილის» ან «სიყვარულის» ზოგადი ცნებების კონკრეტული განცდა. ნებისმიერი ადამიანი შიშს ინდივიდუალურად გამოხატავს და იგი ისეთივე განსაკუთრებულია მისთვის, როგორც სიკვდილის ან სიყვარულის საკუთარი განცდა.

      ამრიგად, არსებობს მხოლოდ ის შიში, რომელსაც კონკრეტული ადამიანი განიცდის და გამოხატავს, რის გამოც იგი ყოველთვის განსაკუთრებული სახით გამოვლინდება, მიუხედავად შიშის განცდის ზოგადი ნიშანთვისებებისა. პიროვნულ შიშს განსაზღვრავს ინდივიდის ცხოვრების პირობები, განწყობილებები, უნარ-ჩვევები და გარესამყარო. ამ შიშს გააჩნია თავისი ისტორია, რომელიც რეალურად ადამიანის დაბადებისთანავე იწყება.

      თუ შიშს «შიშის გარეშე» განვიხილავთ, შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ორი სახით გამოვლინდება, რადგან მას შეუძლია, ერთი მხრივ, უფრო ქმედითი გაგვხადოს, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულიად დაგვჯაბნოს. საფრთხის დროს შიშის განცდა ყოველთვის გაფრთხილებას მოასწავებს, მაგრამ იმავდროულად იგი იმ იმპულსსაც შეიცავს, რომელიც საფრთხის დაძლევას მოითხოვს. სავარაუდო შიშის შეგრძნება და გაცნობიერება ადამიანის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯზე მიგვანიშნებს, რის შედეგადაც იგი ნელ-ნელა პიროვნულ სიმწიფეში შედის. თუ შიშის შეგრძნება და გაცნობიერება არ ხდება, პიროვნება სტაგნაციას და დამუხრუჭებას განიცდის და განვითარების ბავშვობისდროინდელ დონეზე რჩება, როდესაც შიშის ზღვრის გადალახვა შეუძლებელია.

      შიში ყოველთვის ისეთ სიტუაციაში გამოვლინდება ხოლმე, რომელსაც ადამიანი საერთოდ მოუმზადებელი ხვდება. განვითარების ნებისმიერი პროცესი თუ პიროვნული სიმწიფისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი შიშს უკავშირდება, რადგან იგი რაღაც სიახლის მაუწყებელია. შინაგანი თუ გარეგნული თვალსაზრისით, შიში ყოველთვის უცნობი და გაურკვეველი სიტუაციებისკენ გვიბიძგებს, როგორიც არასოდეს შეგვხვედრია და საკუთარ თავზე არ გამოგვიცდია. ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება და სიახლის ხიბლს, სათავგადასავლო გატაცებას ან რისკით გამოწვეულ სიხარულს უკავშირდება, იმავდროულად შიშსაც ბადებს და, რაკი ჩვენი ცხოვრება მუდმივად რაღაც ახალი, უცნობი და ჯერ შეუცნობელი მოვლენების დინებას მიჰყვება, ამიტომ მათ შიშიც განუხრელად ახლავს ხოლმე თან. ადამიანი შიშს, უპირველეს ყოვლისა, თავისი განვითარების ისეთ მნიშვნელოვან ეტაპებზე განიცდის, როდესაც იძულებულია, მისთვის ჩვეული გზით სიარულზე უარი თქვას და ახალ სიძნელეებს შეეჭიდოს, რაც მის ცხოვრებაში ცვლილებებს გამოიწვევს. ამრიგად, ადამიანის ზრდა, განვითარება და პიროვნული მომწიფება აშკარად გულისხმობს შიშის დაძლევას, ხოლო ამისათვის ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლებზეც დამოკიდებულია ნებისმიერი ასაკისათვის დამახასიათებელი შიშის წარმატებით გადალახვა.

      ამის მიხედვით, არსებობს სრულიად ნორმალური, ასაკისა და განვითარების შესაბამისი შიშები, რომლებსაც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი წინ აღუდგება და დაძლევს, რაც მეტად მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისათვის. მაგალითისათვის გავიხსენოთ ბავშვის მიერ პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმის მცდელობა, როდესაც მას დედამ ხელი უნდა გაუშვას, მან კი ამ დროს მარტომ გადალახოს თავისუფალ სივრცეში გადაადგილების შიში; ანდა ბავშვის ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი ავიღოთ, როდესაც იგი სწავლას იწყებს. ამ დროს ბავშვი პირველად ტოვებს ოჯახის წიაღს და საზოგადოებაში დამკვიდრებას იწყებს. სიყმაწვილისა და ახალგაზრდობის წლებში ადამიანს პირველად უხდება შეხება საპირისპირო სქესთან და ამ დროს უკვე ეროტიული და სექსუალური სურვილები სტანჯავს. აქვე გავიხსენოთ პროფესიულ საქმიანობაში გადადგმული პირველი ნაბიჯები, ოჯახის შექმნა, დედობის განცდა, ბოლოს კი – სიბერე და სიკვდილთან შეხვედრა. ყველა ამ მოვლენის თავდაპირველი განცდა თუ გააზრება შიშის თანხლებით ხდება.

      ნებისმიერი შიში ორგანულადაა შერწყმული ადამიანის ცხოვრებასთან, რადგან იგი დაკავშირებულია მის სომატურ, სულიერ და სოციალურ განვითარებასთან, და მისი გამოვლინება საზოგადოებაში ახალი ფუნქციების შესრულების დროს ხდება. ასეთ შემთხვევებში ადამიანს იმ საზღვრის გადალახვა უხდება, როდესაც იგი მისთვის დადგენილ, ნაცნობ წესებს ემშვიდობება და ახალ, უცხო სამყაროში სურს შედგას ფეხი. ამას გარდა, არსებობს ინდივიდუალური შიშებიც, რომლებიც, ზღვრული სიტუაციების გათვალისწინებით, არატიპურ შიშებს განეკუთვნება. ისინი სრულიად წარმოუდგენელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასეთი რამ არასოდეს განუცდიათ. ამგვარ შიშებს ზოგ ადამიანში სიმარტოვე იწვევს, ზოგს ხალხმრავლობა ვერ აუტანია, ზოგსაც შიშის შეტევები ხიდზე და ვრცელ ქუჩაზე გადასვლისას ან დახურულ სივრცეში ეწყება. არცთუ იშვიათად, ადამიანები პანიკურ შიშში უწყინარი ცხოველების, ხოჭოების, ობობებისა და თაგვების დანახვაზე ვარდებიან.

      ამრიგად, გამოდის, რომ ადამიანს ამქვეყნად თითქმის ყველაფრის ეშინია, მაგრამ რაგინდ მრავალფეროვანი უნდა იყოს შიშის ფენომენი, დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ამ დროს საქმე მაინც შიშის გარკვეულ ვარიანტებთან გვაქვს. ჩემს წიგნსაც სწორედ ამიტომ დავარქვი «შიშის ძირითადი ფორმები» და მათ აღწერას ვაპირებ. ნებისმიერი შიში ამ უმთავრეს ფორმებს უკავშირდება და მათ გამოვლინებას წარმოადგენს. ზოგჯერ შიში ამ ფორმებში ექსტრემალური ან მტანჯველი შიშის სახით გამოვლინდება, ზოგ შემთხვევაში კი მათი გადატანა სხვა ობიექტებზე ხდება. კერძოდ, ადამიანს აქვს მიდრეკილება, დაუძლეველი შიში იმ უწყინარი ობიექტებით ჩაანაცვლოს, რომლებსაც თავს უფრო ადვილად აარიდებს, ვიდრე საკუთარ შიშთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

      შიშის ძირითადი ფორმების არსებობას სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულება განსაზღვრავს და მიგვანიშნებს, რომ ორ დიდ ანტინომიას შორის წარმოჩენილი წინააღმდეგობა და დაპირისპირება უნდა გავაცნობიეროთ. ამ ანტინომიების აღწერით მინდა ნათელი მოვფინო იმას, რაც ზეპიროვნული წესრიგისა და კანონზომიერებების დადგენის დროს ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა მაინც არსებობს.

      ჩვენ ვიბადებით სამყაროში, რომელიც ოთხ ძლიერ ძალას ემორჩილება: დედამიწა გარკვეულ დროში მოძრაობს ჩვენი სისტემის ცენტრალური მნათობის გარშემო და ამ მოძრაობას «რევოლუციას» ანუ «გადატრიალებას» ვუწოდებთ. იმავდროულად დედამიწა წრეს საკუთარი თავის გარშემოც შემოავლებს, რასაც «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა» ჰქვია: ამრიგად, საქმე გვაქვს ურთიერთსაპირისპირო და იმავდროულად ურთიერთგანმაპირობებელ ძალასთან, რომელსაც ჩვენი სამყაროს მთელი სისტემა მოძრაობაში მოჰყავს ისე, რომ ამ მოძრაობას, ერთი მხრივ, სიმძიმის, ხოლო მეორე მხრივ, მიზიდულობის ძალა გარკვეული მიმართულებით წარმართავს. სიმძიმის ძალა თითქოს აკავებს ჩვენს სამყაროს, მისი ცენტრისკენ მიემართება და რაღაცით შთანმთქავ მორევს ჰგავს. მიზიდულობის ძალა სამყაროს შუაგულიდან მიისწრაფვის გარეთ, სივრცეში გაიჭრება და შურდულივით მსრბოლ მატარებელს მოგვაგონებს. მხოლოდ ამ ოთხ ძალას შორის არსებული წონასწორობა უზრუნველყოფს იმ სამყაროს კანონზომიერ და ქმედით წესრიგს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც კოსმოსი ჰქვია. ამ მოძრაობების დაჩქარება, შეფერხება ან შეჩერება მთლიანად გაანადგურებდა სამყაროში არსებულ წესრიგს და დიდ ქაოსს გამოიწვევდა.

      ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწა აღარ დაემორჩილა ერთ-ერთ ამ ძალას; აი, მაგალითად, შეწყვიტა მზის გარშემო ბრუნვა და მხოლოდ საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალა; მაშინ იგი დაარღვევს პლანეტისათვის დადგენილ წესრიგს, დაემსგავსება მზეს და მის გარშემო სხვა პლანეტები დაიწყებენ ბრუნვას. დედამიწა მისთვის განკუთვნილ ორბიტაზე მზის გარშემო ვეღარ იმოძრავებს და საკუთარი კანონით გააგრძელებს არსებობას.

      იმ შემთხვევაში, თუ დედამიწა აღარ დაემორჩილება როტაციის კანონს, ანუ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვაში აღარ ჩაერთვება და მხოლოდ მზის გარშემო იმოძრავებს, მაშინ იგი პლანეტიდან თანამგზავრამდე «ჩამოქვეითდება» და დაემსგავსება მთვარეს, რომელსაც მხოლოდ ცალი მხარე აქვს მზისკენ მიქცეული და მთლიანად მის გამგებლობაში იმყოფება. დედამიწა ორივე შემთხვევაში დაარღვევს პლანეტისთვის განჩინებულ კანონს, რომლის თანახმადაც, იგი, ერთი მხრივ, სამყაროს მთლიან სისტემაში უნდა ჩაერთოს, ხოლო მეორე მხრივ, დამოუკიდებლად იმოძრაოს საკუთარი ღერძის გარშემო.

      შემდეგ: დედამიწას რომ არ ჰქონდეს სიმძიმის, ანუ ცენტრისკენული ძალა, იგი მხოლოდ მიზიდულობის, ანუ ცენტრიდანული ძალის ამარა დარჩება, ქაოტურად დაიწყებს მოძრაობას, ერთიანად დაიშლება, თავისი ორბიტიდან ამოვარდება და, ალბათ, სხვა ციურ სხეულებს შეეჯახება. და, ბოლოს, თუ სიმძიმის ძალას არ დაუპირისპირდება ცენტრიდანული ანუ მიზიდულობის ძალა, ეს ან დედამიწის სრულ გაქვავებას გამოიწვევს, ანდა იგი, სხვა ძალების გავლენით, საკუთარი ორბიტიდან ისე ამოვარდება, რომ მათ ვერავითარ სხვა ძალას ვერ დაუპირისპირებს. ახლა კი შედარებას მივმართოთ და ერთი წუთით დავუშვათ, რომ ადამიანი, როგორც დედამიწის მკვიდრი და ჩვენი მზის სისტემის პაწაწინა ნაწილი, ასევე დაკავშირებულია ამ სისტემის კანონზომიერებებთან და ინსტინქტებისა და ლატენტური მოთხოვნების სახით საკუთარ თავში ზემოაღწერილ ძალებს მოიცავს. რაკი ეს მოსაზრება ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომ ამგვარ შედარებას საოცარ მსგავსებამდე მივყავართ. უბრალოდ, უნდა შევეცადოთ, ეს მთავარი მამოძრავებელი ძალები ადამიანთან მიმართებაში ფსიქოლოგიურ დონეზე გადმოვიტანოთ, რათა კითხვები მათი მსგავსების შესახებ ახლა უკვე სულიერ სფეროში დავსვათ და ზემოხსენებულ ანტინომიებსაც შევეხოთ, რომელთა შორისაც მიედინება მთელი ჩვენი ცხოვრება. ამ დროს შიშის ის ძირითადი ფორმები წარმოჩინდება, რომლებიც ამ შედარებასთან მიმართებაში დიდად მნიშვნელოვანნი არიან.

      როტაცია ანუ დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სავსებით შეესაბამება ინდივიდუაციის შესახებ მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ადამიანები შეიძლება ინდივიდები გახდნენ. «რევოლუცია» ანუ დედამიწის მოძრაობა ცენტრალური მნათობის, მზის, გარშემო კი იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლის თანახმადაც, ჩვენც ჩავერთვებით ერთ დიდ სამყაროში და ამით ვზღუდავთ საკუთარ პრინციპებს და სურვილებს ზეპიროვნული ურთიერთობების სასარგებლოდ. ამრიგად, პირველი ანტინომია საპირისპირო მოთხოვნებს წამოაყენებს იმის თაობაზე, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი ზეპიროვნულ ურთიერთობებში უნდა ჩართოს. ცენტრისკენულ ანუ სიმძიმის ძალას ფსიქოლოგიურ დონეზე შეესაბამება ადამიანის არსებობის ხანგრძლივობისა და სიმყარის იმპულსი; და, ბოლოს, ცენტრიდანული ანუ მიზიდულობის ძალა იმ იმპულსის შესაგვანია, რომელიც წინსვლისკენ, ცვლილებებისა და გარდაქმნებისკენ გვიბიძგებს. ამრიგად, მეორე ანტინომიაც ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნებს შეიცავს და განმარტავს, რომ ადამიანი, ხანგრძლივობისა და სიმყარის ფონზე, გარდაქმნებისა და ცვლილებებისკენ უნდა მიილტვოდეს.

      კოსმიური ანალოგია საშუალებას გვაძლევს, ოთხი ფუძემდებლური მოთხოვნის თანახმად, ადამიანში ისევ და ისევ ურთიერთსაპირისპირო, მაგრამ, ამასთანავე, ურთიერთგანმსაზღვრელი მიზან-მისწრაფებები აღმოვაჩინოთ. ისინი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება ადამიანის ცხოვრებაში და ჩვენგან გამუდმებით ახალ-ახალ პასუხებს ელის.

      ჩვენ მიერ შემოთავაზებული შედარების პირველი მოთხოვნა როტაციას ეხება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი განუმეორებელ ინდივიდუუმად უნდა ჩამოყალიბდეს; ამისათვის კი თითოეულმა ადამიანმა თვითმყოფადობა უნდა დაიმკვიდროს და დანარჩენებს გაემიჯნოს, რათა დამოუკიდებელ და მასისგან გამორჩეულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს; თუმცა ამგვარი მოთხოვნა ეჭვს აღძრავს და გვაფიქრებინებს, რომ, თუ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, მაშინ ისინი ამოვარდებიან იმ წრიდან, რომელსაც ადამიანთა ურთიერთმიკუთვნებულობა და ერთობლიობა ჰქვია; ეს კი ადამიანისთვის სიმარტოვისა და სხვებისაგან იზოლაციის ტოლფასი იქნებოდა. ნებისმიერი ადამიანი გარკვეულ რასას, ხალხსა თუ ეროვნებას განეკუთვნება; გარდა ამისა, იგი, თავისი ოჯახის, სქესისა თუ ასაკის მიხედვით, იმ ჯგუფების წარმომადგენელიცაა, რომლებიც მას ახლობლად მიაჩნია, და რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მაგრამ ადამიანები იმავდროულად ინდივიდებიც არიან და ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავდებიან, რასაც ის საოცარი ფაქტიც ადასტურებს, რომ, ყოველი ადამიანის თითის ანაბეჭდის წყალობით, შესაძლებელია, დავადგინოთ მისი გამორჩეულობა და ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიკაცია. ამრიგად, ჩვენი არსებობა პირამიდას ჰგავს, რომლის საყრდენი ფუძე ნელ-ნელა შორდება მის წვერთან დამაკავშირებელ კედლებს, ბოლოს კი განუმეორებელი ინდივიდუალობის ნიშნით წარმოჩინდება. ადამიანი თავისი განუმეორებლობით, ანუ როგორც ამას იუნგმა უწოდა, ინდივიდუაციის პროცესის წყალობით, ამოვარდება თავისი მიკუთვნებულობის დაცული სისტემიდან («მეც ისეთივე ვარ, როგორებიც – სხვები») და სიმარტოვის შიშს განიცდის, რადგან, რაც უფრო მეტად განსხვავდება ადამიანი სხვებისგან, მით უფრო მარტოსულად გრძნობს თავს და იმ საფრთხის წინაშე დგება, რომ დაკარგავს თავდაჯერებას, ყველასგან გარიყული, უარყოფილი იქნება და, გარკვეულ ვითარებებში, თავს დამარცხებულად იგრძნობს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ადამიანი უარს იტყვის დამოუკიდებელ ინდივიდუუმად ჩამოყალიბებაზე, მაშინ იგი ადამიანთა მასაში გაითქვიფება და მუდმივად ვალში იქნება საკუთარი ადამიანური ღირსების წინაშე.

      «რევოლუციასთან» ჩვენეული შედარების თანახმად, წამოყენებულ მეორე მოთხოვნაში მითითებულია, რომ ადამიანებმა ნდობით უნდა გაუღონ კარი გარესამყაროს და თანამოძმეებს, დაამყარონ ურთიერთობა «არა – მე»-სთან, «უცხოსთან» და «ჩვენ მიღმა მყოფთან», რაც, ფართო გაგებით, ცხოვრებისადმი ერთგულების გამოჩენას ნიშნავს; მაგრამ ეს ერთგულება დაკავშირებულია უამრავ შიშთან, რომელიც ადამიანს აფრთხილებს, რომ ამით იგი დაკარგავს საკუთარ «მე»-ს და თავისუფლებას, ვიღაცის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, ვეღარ გამოავლენს საკუთარ თვითმყოფადობას და იძულებული იქნება, თავისი ცხოვრება სხვებს მიუტანოს მსხვერპლად; ერთი სიტყვით, ადამიანმა, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ბევრი რამ უნდა დათმოს. ამრიგად, აქ საქმე ადამიანის სხვებთან ურთიერთობას და მის თვინიერებას ეხება; ესე იგი, როდესაც მისი «მე» ამგვარ საფრთხეებს განიცდის და უმწეო მდგომარეობაში ვარდება, მან მაინც ალღო უნდა აუღოს და მიენდოს ცხოვრებას. თუ ადამიანს საამისოდ გამბედაობა არ ეყო, მაშინ იგი ყველასაგან გარიყული და იზოლირებული დარჩება, მთლიანად მოსწყდება მის მიღმა არსებულ მოვლენებს და ვერც საკუთარ თავს და გარესამყაროს შეიცნობს. ზემოხსენებული პირველი ანტინომია პარადოქსულ აზრს შთაგვაგონებს, რომლის თანახმადაც, ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, მოახდინოს მისი რეალიზება, გამოავლინოს ერთგულებისა და მედიტაციის უნარი, მეორე მხრივ კი, გადალახოს შიში საკუთარი «მე»-ს პიროვნებად ჩამოყალიბების წინაშე.

      ახლა კი ჩვენი შედარების იმ ბოლო ორ მოთხოვნაზე გადავიდეთ, რომლებიც ასევე ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთშეფასების პოლარულ მიმართებებს აღწერენ. ჩვენი შედარების მესამე მოთხოვნა სიმძიმის ანუ ცენტრისკენულ ძალას უკავშირდება და იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი ხანგრძლივობისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ამ სამყაროში იგი თავს მყუდროდ და შინაურულად უნდა გრძნობდეს და მომავალს ისე გეგმავდეს, თითქოს მუდმივად აპირებს აქ დარჩენას. მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სამყარო სტაბილურია, მომავლის განჭვრეტა შესაძლებელია და სიცოცხლე მარად გაგრძელდება. ამასთან, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ «media vita in morte sumus», ანუ მის არსებაში სანახევროდ სიკვდილია ჩაბუდებული და, შესაძლოა, მისი სიცოცხლე ყოველ წამს შეწყდეს. ხანგრძლივობის განცდის ამგვარი მოთხოვნით, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, მომავალი გარკვეული დროით დაგეგმოს და, ამასთანავე, მიიჩნიოს, თითქოს ეს მომავალი მტკიცე და უსაფრთხოა.

      ეს მოთხოვნა ადამიანს აღუძრავს შიშებს, რომლებიც დაკავშირებულია მისი წარმომავლობისა და მასზე დამოკიდებულების წინასწარ შეუცნობელ, ირაციონალურ ცოდნასთან; ეს არის შიში სიახლის, გაბედული ქმედებებისა და დაგეგმილი ცხოვრების წინაშე; ამასთან, ადამიანს იმის შიშიც იპყრობს, რომ მან საკუთარი თავი ცხოვრების იმ მარადიულ დინებას უნდა მიანდოს, რომელიც არასოდეს ჩერდება, მერე კი თავად მასაც შეეხება და შეცვლის. სწორედ ამ აზრს გამოხატავს გამონათქვამი, რომლის თანახმადაც, ადამიანი ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა, რადგან მდინარეც და ადამიანიც მუდმივად შეცვლილი სახით მოგვევლინება. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ადამიანი ხანგრძლივობის მოთხოვნას უგულებელყოფს, ვერაფრის შექმნას და ვერანაირი საქმის თავის მობმას ვერ შეძლებს. ადამიანის წარმოსახვაში ყოველგვარი ქმნადობა ხანგრძლივობის ნიშნით უნდა იყოს აღბეჭდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთი საქმის წამოწყებას და ვერც ერთი მიზნის განხორციელებას ვერ მოახერხებს. ადამიანი ყოველთვის ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს: მას თითქოს სჯერა, რომ განუსაზღვრელი დროის მფლობელია და მიღწეული შედეგის სტაბილურობა გარანტირებული აქვს; მაგრამ სწორედ ამ სტაბილურობის, ხანგრძლივობისა და მარადისობის ვითარსი შეგრძნება წარმოადგენს იმ არსებით იმპულსს, რომელიც მას ქმედებას აიძულებს.

      და ბოლოს: ჩვენი შედარების მეოთხე მოთხოვნა, რომელიც ცენტრიდანულ ანუ მიზიდულობის ძალას უკავშირდება, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მუდმივად მზად იყოს ცვლილებებისათვის. დიახ, მას უნდა შეეძლოს განვითარებისათვის აუცილებელი ცვლილებების მიღება, მისთვის ცნობილი საქმეებისა და აზრების უგულებელყოფა, უნდა დაივიწყოს ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, უარი თქვას მიღწეულ შედეგებზე და ისეთი გრძნობა დაეუფლოს, თითქოს ცხოვრებას შუა გზიდან აგრძელებს.

      ადამიანში მუდმივად აღძრავს შიშს მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, იგი აქტიურად უნდა ვითარდებოდეს, არ შეჩერდეს და არაფერს გამოეკიდოს, ამასთანავე, გულისხმიერებითა და გაბედულად შეხვდეს მისთვის ყოველივე ახალსა და უცნობს. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ არ უნდა გამოვიდეს წესრიგის, კანონებისა და ზნე-ჩვეულებების ჩარჩოებიდან, უნდა შეზღუდოს საკუთარი შესაძლებლობები და თავისუფლებისადმი სწრაფვა. რაკი, ზემოხსენებული «შიშის» თანახმად, «სიკვდილი» წარმავლობის ნიშნითაა აღბეჭდილი, იგი ადამიანისათვის გაქვავებას და საბოლოოდ დაღუპვას ნიშნავს. თუ ადამიანი სიმამაცეს ვერ გამოიჩენს და უარს იტყვის სიახლეებსა და ცვლილებებზე, იგი თავის წეს-ჩვეულებების მონად გადაიქცევა, ჯიუტად გაიმეორებს მისთვის უკვე ნაცნობსა და არსებულს, მერე მას დრო და თანამედროვეები ჯერ გაასწრებენ, შემდეგ კი – დაივიწყებენ.

      ამრიგად, ამ ანტინომიის სქემის მიხედვით, ცხოვრების მოთხოვნის შესახებ შემდეგი აზრი გამოიკვეთა: ადამიანი ცვლილებებისა და ხანგრძლივობის განცდის შემდეგ მაინც კვდება, მაგრამ მანამდე მან შეუჩერებელი წარმავლობისა და უტყუარი აუცილებლობის წინაშე შიში უნდა გადალახოს.

      მას შემდეგ, რაც გავეცანით შიშის ოთხ ძირითად ფორმას, დასკვნის სახით მინდა ერთხელ კიდევ შევაჯამო ისინი. ეს ფორმებია:

  • ერთგულების შიში, როგორც საკუთარი «მე»-ს დამოუკიდებლობის დაკარგვის განცდა;
  • პიროვნებად ჩამოყალიბების შიში, როგორც დაუცველობისა და სიმარტოვის განცდა;
  • ცვლილებების შიში, როგორც წარმავლობისა და რწმენის უქონლობის განცდა;
  • გარდუვალობის შიში, როგორც დასასრულისა და შებოჭილობის განცდა.

      ნებისმიერი შიში საბოლოოდ მაინც შიშის იმ ოთხი ძირითადი ფორმის ნაირსახეობებით გამოვლინდება, რომლებიც ასევე ჩვენი არსებობის განმსაზღვრელ ოთხ მთავარ იმპულსში იღებენ დასაბამს და წყვილების სახით კიდეც ავსებენ და კიდეც უპირისპირდებიან ერთმანეთს: ერთი მხრივ, თვითგადარჩენისა და თვითგანდგომის იმპულსი უპირისპირდება თვითერთგულებისა და მიკუთვნებულობის იმპულსს, ხოლო მეორე მხრივ, ხანგრძლივობისა და დაცულობის იმპულსი ცვლილებებისა და გაბედული ქმედებების საპირისპირო იმპულსს წარმოადგენს. ნებისმიერი სწრაფვა შეიცავს შიშს საპირისპირო სწრაფვის მიმართ. თუ ერთხელ კიდევ დავუბრუნდებით ჩვენს კოსმიურ შედარებას, აღმოჩნდება, რომ ცხოვრებისეული წესრიგის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დავიცავთ წონასწორობას ამ ანტინომიურ იმპულსებს შორის. მაგრამ წონასწორობის დაცვა სტატიკურ პროცესს არ ნიშნავს, რადგან იგი უზარმაზარი შინაგანი დინამიკითაა გაჯერებული და მასში მუდამ მოქმედებს აღდგენითი ძალები.

      საყურადღებოა ისიც, რომ შიშის განცდა და მისი ინტენსივობის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ ადამიანის თანდაყოლილ, «მემკვიდრეობით» მიღებულ თვისებებზე, არამედ ასევე მისთვის დაბადებიდან ნაცნობ გარემოზე, მის ფიზიკურ და სულიერ სტრუქტურაზე, პირად ბიოგრაფიასა და პიროვნებად ჩამოყალიბების მთელ ისტორიაზე. და, რაკი ადამიანის შიშებსაც აქვთ თავისი ისტორია, მოგვიანებით დავინახავთ, რომ მათი წარმოშობის უშუალო მიზეზებს სწორედ მის ბავშვობასთან მივყავართ. ამდენად, შიში, ადამიანის მიდრეკილებებისა და გარემოპირობების წყალობით, მრავალგვარ ელფერს იძენს; ნაწილობრივ სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, თუ რატომ განიცდის ესა თუ ის ადამიანი ზოგიერთ შიშს სხვებზე უფრო მძიმედ. ამის მიზეზი სრულიად განსხვავებულ, ცხოვრებისეულ პირობებშიც უნდა ვეძებოთ. ადამიანის მიდრეკილებებმა და გარემომ, რომელსაც ოჯახთან და მის გარშემო არსებულ «წრესთან» ერთად, საზოგადოებაც წარმოადგენს, შესაძლოა, ზოგიერთი შიშის წარმოშობას ხელი შეუწყოს, ზოგს კი უკან დაახევინოს. ჯანმრთელ და ნორმალურად განვითარებულ ადამიანს, საერთოდ, შეუძლია შიშთან შებრძოლება და მისი დამარცხება; განვითარებაშეფერხებული ადამიანი კი არა მხოლოდ უფრო ძლიერად, უფრო ხშირადაც განიცდის შიშებს, რომელთაგან შიშის ერთ-ერთი სახეობა, თავისი ინტენსივობით, გადაწონის ხოლმე დანარჩენებს.

      შიში მძიმე ტვირთად აწვება ადამიანს და, შესაძლოა, მისი დაავადების მიზეზიც გახდეს, თუ ის თანდათანობით ძლიერდება და, ამასთან, მას ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის. ყველაზე მძიმეა ბავშვობაში გადატანილი შიში, რადგან ადამიანს ამ ასაკში ჯერ არ გააჩნია ის დამცავი ძალა, რომელსაც იგი შიშს დაუპირისპირებდა. ძალიან რთულია შიშთან ბრძოლა, თუ ის თანდათანობით ძლიერდება და ეს პროცესი დიდხანს გრძელდება, ან, თუ შიში ადამიანს იმ დროს შეიპყრობს, როდესაც მის დასათრგუნად საჭირო ძალები არ გააჩნია; და, რაკი მას პოზიტიური ქმედებების უნარი დაქვეითებული აქვს და მისი განვითარება აღარ ხდება, იგი ბავშვობისდროინდელი ქცევის წესებს უბრუნდება და მისი საქციელი სიმპტომატური ხდება. გასაგები მიზეზების გამო, ასაკთან შეუსაბამო, აუტანელ შიშებს ბავშვობის პერიოდში ვხვდებით. ბავშვის ჯერ კიდევ სუსტადგანვითარებულ «მე»-ს არ შეუძლია გარკვეული შიშების დაძლევა; ამიტომ, თუ მას ამ გაუსაძლის მდგომარეობაში მარტოს ტოვებენ, იგი დიდ სულიერ ტრავმას იღებს.

      ისეთ საგანგებო სიტუაციებში, როგორიცაა ომი, ტყვეობა, ბუნებრივი კატასტროფები, უეცრად თავსდატეხილი საფრთხეები ან მძიმე სულიერი განცდები, ზრდასრული ადამიანი, შესაძლოა, გასცდეს შიშების მიმართ საკუთარი მდგრადობის ზღვარს და უჩვეულო ქმედებებით მოახდინოს მათზე რეაგირება; მაგრამ, ბავშვებთან შედარებით, ზრდასრულ ადამიანს გაცილებით მდიდარი არჩევანი აქვს საკუთარ თავში შიშის საწინააღმდეგო ძალების გამოსანახად. მას შეუძლია თავი დაიცვას, გაიაზროს სიტუაცია და გააცნობიეროს შიშის გამომწვევი მიზეზები, უპირველეს ყოვლისა კი, მიხვდეს, საიდან მოდის ეს შიში, რის შემდეგაც მას უკვე შეუძლია თავისი შიშის ვინმესთვის გაზიარება; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სათანადოდ აფასებს მოსალოდნელ საფრთხეებს, რისი უნარიც ბავშვს ჯერ არ გააჩნია; იგი ის ობიექტია, რომელიც უმწეოდ აჰყვება საკუთარ შიშებს, არ იცის, რამდენ ხანს გასტანს მისი ასეთი მდგომარეობა და, საერთოდ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

      შემდგომ დავინახავთ, რომ შიშის ამ ოთხი მთავარი ფორმიდან, ერთ-ერთი მათგანის ჭარბად გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებლობა მოგვეცემა, ვიმსჯელოთ პიროვნების ოთხ სტრუქტურულ ტიპზე, ანუ «სამყაროში ადამიანის არსებობის» ოთხ სახეობაზე. ცნობილია, რომ საფეხურებად განლაგებულ ამ სახეობებში, ასე თუ ისე, ჩვენც ვმონაწილეობთ. შემდგომში პიროვნების ეს სტრუქტურული ტიპები უნდა განვიხილოთ შიშის ოთხ მთავარ ფორმასთან მიმართებით და ხაზგასმით გამოვყოთ თითოეული მათგანის საგანგებო თვისებები. პიროვნების სტრუქტურული ტიპის აღწერისას, რაც უფრო ცალმხრივად და მკვეთრად გამოვლინდება ესა თუ ის თვისება, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ იგი ბავშვობისდროინდელ დარღვევებს უკავშირდება. შესაბამისად, სულიერ ჯანმრთელობაზე მაშინ შეიძლება საუბარი, თუ ადამიანს შეუძლია, ცხოვრებაში წონასწორობა ოთხი მთავარი იმპულსის საშუალებით დაიცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შიშის ოთხი მთავარი ფორმა გაცნობიერებული აქვს.

      პიროვნების ოთხი სტრუქტურული ტიპი, უპირველეს ყოვლისა, გარკვეულწილად აქცენტირებულ, ნორმალურ სტრუქტურებს წარმოადგენს. თუ მათი აქცენტირება მეტისმეტად ცალმხრივად და მკვეთრად მოვახდინეთ, მაშინ ეს ცალმხრიობა იმ ზღვარს გასცდება, რომლის იქითაც ოთხი უმთავრესად ნორმალური სტრუქტურის ტიპი უკვე ნევროზული ფორმების ან ექსტრემალური ვარიანტების სახით წარმოგვიდგება. აქედან გამომდინარე, საქმე გვექნება სტრუქტურული ტიპების ნევროზულ ვარიანტებთან, რომლებსაც ფსიქოთერაპია და სიღრმისეული ფსიქოლოგია აღწერს როგორც შიზოიდიის, დეპრესიის, ობსესიური ნევროზისა და ისტერიის ოთხ მთავარ ნევროზულ ფორმას. შესაბამისად, ნევროტიკული პიროვნებები მხოლოდ მწვავე ან ექსტრემალური შემთხვევების დროს გამოავლენენ ამ ზოგადადამიანური არსებობის საყოველთაოდ ცნობილ ფორმებს.

      საბოლოო ჯამში, საქმე «სამყაროში არსებობის» ოთხ განსხვავებულ სახეობას ეხება. ახლა მინდა, მათი ცალმხრივი გამოვლინების ფორმები აღვწერო, სრულიად ჯანსაღი, მსუბუქი ფორმებით დაწყებული და ფსიქიური აშლილობის მძიმე ფორმებით დამთავრებული. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ადამიანის კონსტიტუციის თავისებურებანი, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენთვის მაინც მისი ცხოვრებისეული სივრცეა საინტერესო.

      მანამდე კი მინდა კიდევ ერთი შენიშვნა გამოვთქვა: პიროვნების ოთხი სტრუქტურის აღწერამ, შესაძლოა, ადამიანის ტიპების შესახებ მოძღვრების ხასიათი მიიღოს; მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ იგი სხვა ტიპოლოგიებისაგან განსხვავდება, რადგან მის საფუძველს უმთავრესად ფსიქოთერაპიისა და სიღრმისეული ფსიქოლოგიის მონაცემები და გამოცდილება წარმოადგენს. ამდენად, ზემოხსენებული სტრუქტურული ტიპები, საბოლოო ჯამში, ნაკლებად ფატალური და ცვალებადი ხასიათისანი არიან, იმ დროს, როდესაც კონსტიტუციისა და ტემპერამენტის მიხედვით აღწერილი ტიპები ფატალურ და უცვლელ ხასიათს ავლენენ და ამიტომ ისინი ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. მაგრამ აქ სხვა რამ მაქვს მხედველობაში.

      ჩემს პიროვნებას ქმნის და გარკვეულ სტრუქტურულ ნიშან-თვისებებს სძენს არა მხოლოდ ის, რომ სხეულის ჩემეული აგებულებით გამოვირჩევი, არამედ ისიც, რომ სამყაროსა და ცხოვრების მიმართ იმ განწყობილებებსა და დამოკიდებულებას გამოვხატავ, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რომ მივიღე. რაც ამ დროს განგების ნებით ხდება, იქნება ეს ჩვენი თანდაყოლილი ფსიქიკური და ფიზიკური მონაცემები, ურთიერთობა ბავშვობისდროინდელ გარემოსთან, ჩვენს მშობლებთან, აღმზრდელებთან თუ საკუთარი წესებით მოთამაშე საზოგადოებასთან, რომლის წიაღშიც დაბადებიდან ვარსებობთ, – აი, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩვენი თანამონაწილეობით ხდება. მაგრამ ამის შეცვლა შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ადამიანი უნდა შეეგუოს. იმ პიროვნულ სტრუქტურებში, რომლებსაც ახლა ვგულისხმობთ, ადამიანის მთლიანი სურათის ერთ-ერთი ასპექტი წარმოჩინდება. უპირველეს ყოვლისა, განგების ნებით არასაკმარისად განვითარებული, უგულებელყოფილი, მცდარი, გაუცხოებული თუ დათრგუნული ცალკეული ასპექტების შემდგომმა განვითარებამ, შესაძლოა, უკვე არსებული სტრუქტურა ადამიანის მთელი წარმოსახვის ან სიმწიფის სასარგებლოდ იმდენად შეცვალოს, რამდენადაც ეს ცალკეულ პიროვნებას საკუთარი თავისთვის ხელეწიფება.

      აქ ზოგადად არსებულ ოთხ უმთავრეს განწყობას და შესაძლებელ ქცევას ჩვენი არსებობის პირობებთან და ურთიერთობებთან მიმართებაში განვიხილავთ, რომლის დროსაც მოქმედი წესრიგი და წონასწორობის დაცვის კოსმიური ნიმუში თითქოს შეუსაბამოდ უპირისპირდება ერთმანეთს.

      ნევროზების შესახებ არსებული თეორიიდან ცნებების აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინების გადმოტანას ოთხი სტრუქტურული ტიპის ასევე ჯანმრთელ ადამიანებზე, თავისი პრაქტიკული უპირატესობა გააჩნია, რადგან ეს ცნებები ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობას, მათი საშუალებით ერთდროულად განვიხილოთ ადამიანის ბიოგრაფიული მონაცემები და ნევროტიული ვარიანტები. ამასთან, ეს ტერმინები ისე ფართოდ დამკვიდრდა, რომ ახლების შექმნა სრულიად ზედმეტი ჩანს. მკითხველი, ალბათ, მალე მიხვდება ამას, როდესაც შიზოიდიის, დეპრესიისა და სხვა ცნებებს, მათი აღწერის შემდეგ, ნათლად გაიაზრებს. შევეცადე, ამ წიგნში არ შევხებოდი განსხვავებას «შიშსა» (Angst) და «ძრწოლას» (Furcht) შორის, რასაც უმთავრესად ლიტერატურულ ტექსტებში ვხვდებით ხოლმე. ჩემი კონცეფციისთვის ამ საკითხს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, უმართებულო მგონია ამ ორი ცნების ჩვეულებრივ მეტყველებაში დამკვიდრებული ხმარების წესიც. ძალიან ძნელია ამ ორ სიტყვას შორის განსხვავების დადგენა, როდესაც ვლაპარაკობთ «სიკვდილის შიშზე» და «სიკვდილის წინაშე ძრწოლაზე». შეიძლება კიდეც არის გარკვეული სიმართლე გავრცელებულ აზრში, თითქოს «ძრწოლა» რაღაც განსაზღვრულსა და კონკრეტულს გამოხატავს, «შიში» კი, პირიქით, რაღაც განუსაზღვრელთან და უფრო ირაციონალურთან მიმართებაში იხმარება, მაგრამ ამის დასაბუთება ყოველთვის ვერ ხერხდება. რატომ ვამბობთ, მაგალითად, «ძრწოლა ღვთის წინაშე» (Gottesfurcht), მაშინ როდესაც, ზემოაღნიშნული განსხვავების თანახმად, უნდა ყოფილიყო «შიში ღვთის წინაშე»(Gottesangst). აქედან გამომდინარე, შეგნებულად ვთქვი უარი, დამედგინა განსხვავება «შიშისა» და «ძრწოლის» ცნებებს შორის. ამ წიგნის მიზანია, დაეხმაროს თითოეულ ადამიანს, გაერკვეს საკუთარ ცხოვრებაში, მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, გააცნობიეროს, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის ადრეული ბავშვობის წლები. წიგნი ასევე ისახავს მიზნად, დააფიქროს ადამიანები იმ დიდ მოვლენებზე, რომელთა შუაგულშიც ვტრიალებთ, რადგან, ჩემი აზრით, მათი წყალობით შეიძლება ბევრი რამ მნიშვნელოვანი ვისწავლოთ.

გაგრძელება →

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

ნახვა: 1973

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters