ისტერიული პიროვნებები


«ყოველგვარ სიახლეს თან ხიბლიც ახლავს»
ჰესე


   სიახლის ხიბლი, იდუმალება, უცნობი მოვლენების გაცნობის სურვილი, გაბედული საქციელით გამოწვეული სიხარული, – ეს ყველაფერი ისევე ბუნებრივია ადამიანისათვის, როგორც «ხანგრძლივობისა» და «უსაფრთხოების» განცდა; თავგადასავლები გვიზიდავს და უცხო ქვეყნებით მოხიბლულნი ვრჩებით; ჩვენთვის ნაცნობია მშობლიური სახლის მონატრება, ისევე როგორც შორეულ ქვეყნებზე ოცნება; ჩვენთვის ასევე ახლობელია დაცულობის განცდა და ის შთაბეჭდილებები, რომლებიც სცდება ძველ საზღვრებს, გვამდიდრებს და ჩვენი ცხოვრების ახალ ფურცლებს წერს. მათი წყალობით ვიცვლებით ჩვენც, ვეძებთ ახალ ადამიანებს, რათა კვლავ ახალი ძალით შევიცნოთ რაღაც და ამოვხაპოთ ჩვენი შესაძლებლობები, გავიფართოოთ ურთიერთობები ადამიანებთან, მოვმწიფდეთ და სრულვყოთ საკუთარი თავი.
   ამრიგად, მივედით შიშის მეოთხე, მთავარ ფორმასთან, რომელიც წარმოადგენს შიშს «სასრულობის», აუცილებლობისა და თავისუფლების წინაშე. ეს შიში საპირისპიროა ჩვენ მიერ აღწერილი ობსესიური ადამიანის შიშისა. თუ ობსესიურ პიროვნებას თავისუფლების, ცვლილებებისა და რისკის ეშინია, ისტერიული პიროვნების დროს სრულიად სხვა ტიპის შიშთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები აშკარად ელტვიან ცვლილებებსა და თავისუფლებას, მიესალმებიან ყოველგვარ სიახლეს და სიამოვნებით მიდიან რისკზე. მათ წინაშე შესაძლებლობებით აღსავსე მომავალია გადაშლილი; შესაბამისად მათ აშინებთ შეზღუდვები, ტრადიციები და დადგენილი წესები, რაც ობსესიური ადამიანისთვის ღირებულებებს წარმოადგენდა. ისტერიული ადამიანები ცხოვრობენ პრინციპით: «ის, რაც ერთხელ მოხდა, სათვალავში ჩასაგდები არ არის». ეს ნიშნავს, რომ ისინი არაფრის წინაშე არ იღებენ საბოლოო ვალდებულებას, რადგან არაფერს არ შეიძლება ჰქონდეს მარადიული ღირებულების პრეტენზია. მათთვის მნიშვნელოვანია «თვალის ერთი დახამხამება», ყოველივე ცხოველმყოფელი და მრავალფეროვანი, არსებობს მხოლოდ წამიერი აწმყო, ამიტომ «Carpe diem» – «გამოიყენე შესაძლებლობა!», რადგან სავარაუდოა, რომ ის აღარასოდეს მოვა. წარსულმა ჩაიარა და ამიტომ საინტერესო აღარ არის, მომავალი კი შესაძლებლობების ფართო ასპარეზს ქმნის, თუმცა მისი დაგეგმვა შეუძლებელია, რადგან ეს უკვე უამრავი რამის წინასწარ გათვალისწინებას მოითხოვს. მთავარია ის, რომ ადამიანი ყოველთვის მზადაა მის შესახვედრად, და შეუძლია, ყოველგვარი წინაპირობისაგან გათავისუფლდეს.
   რა იქნებოდა ადამიანი, თუკი იგი, ზემოთ მოყვანილი შედარების ენით რომ ვთქვათ, ყველაფრის გამაერთიანებელ სიმძიმის ძალას უგულებელყოფდა და შეეცდებოდა, ცენტრიდან წამოსული მიზიდულობის ძალით ეცხოვრა?
ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ადამიანი ყოველწამიერი არსებობით დაკმაყოფილდებოდა, ვერ დაისახავდა გარკვეულ მიზნებს, ვერ დააწყობდა გეგმებს და მუდმივად ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების მოლოდინში იქნებოდა; მის მოლოდინს კი, შესაბამისად, წინასწარ დადგენილი იმპულსები ან სურვილები წარმართავდნენ, რომლებიც მასზე გარედან ან შინაგანად იმოქმედებდნენ. ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების განცდა სჭირდება, რადგან წესრიგი და კანონები იწვევს შიშს, რომ რაღაც დადგენილის «თავიდან აცილება» არ შეიძლება. ზოგადად მოქმედი, აუცილებელი წესრიგი უმთავრესად იმ დროს გვამცნობს ხოლმე თავს, როდესაც თავისუფლების შეზღუდვა ხდება, – შესაძლებლობის ფარგლებში, უარყოფენ ან თავს არიდებენ მას. ამ გზით მიღწეული თავისუფლება «რაღაცასთან დაკავშირებულ» ან «რაღაცისთვის არსებულ თავისუფლებას» ნიშნავს.
   მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ქმედითი პიროვნება უგულებელყოფს ადამიანთა თანაცხოვრების თამაშის წესებს, და არ აღიარებს ბუნებისა და ადამიანური არსებობის კანონზომიერებებს? ამ დროს ადამიანი, თითქოს, ელასტიურ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც მოქნილია, და შეუძლია გაფართოვდეს. მასში ადამიანს არსებული წესრიგის გათვალისწინება არ სჭირდება, რადგან ეს წესრიგი მუდმივად იცვლება. ამ სამყაროში მუდმივად ღიაა ის უკანა კარი, საიდანაც ადამიანი საკუთარი ქმედებების შესაძლებელ შედეგებს თავს დააღწევს. მაგალითად, მე მზად ვარ ვაღიარო კაუზალობის კანონი, რომელიც მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს გამოხატავს, და, ალბათ, უფრო ბუნებისა და ფიზიკის სფეროს ეხება, მაგრამ მე არ შემიძლია იგი ვაღიარო, რადგან ეს კანონი სწორედ აქ, ახლოს, შესაძლოა, არც მოქმედებდეს.
   ბუნებრივია, ადამიანს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რაც მას აუცილებლობის სახით წარმოუდგება და ზღუდავს: ეს არის მამრობით და მდედრობით სქესთან დაკავშირებული პრობლემები, სიბერე და სიკვდილი. ამას გარდა, არსებობს უამრავი კონვენცია და თამაშის წესი, კანონი და წესდება, რომლებსაც საზოგადოება ადამიანთა ურთიერთობის მიზნით ქმნის. საერთოდ კი, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანს, მეტწილად, ცხოვრებასა და გარესამყაროში დაწესებული აუცილებელი შეზღუდვებისა ეშინია. ესაა ფაქტების სამყარო, რომელსაც «სინამდვილეს» ანუ რეალობას ვუწოდებთ. მასთან შეჩვევა და შეგუება იმის მიხედვით გვიწევს ხოლმე, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ცხოვრებასთან და რა ცოდნა გაგვაჩნია მის შესახებ.
ამ რეალობას ადამიანი საკმაოდ ფართო თვალსაწიერიდან უყურებს: ეჭვი შეაქვს მასში, მის მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს, აკნინებს მის მნიშვნელობას ან თვალს ხუჭავს მასზე, ცდილობს მასში მღელვარების შეტანას და მისგან თავის დაღწევას. ამ გზით ადამიანი მოიპოვებს მოჩვენებით თავისუფლებას, რომელიც მისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება; იგი ამ დროს არარეალურ, ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც მხოლოდ წარმოსახვა, შესაძლებლობები და სურვილები არსებობს, და არ გააჩნია ზღვარდადებული რეალობა.
   ამრიგად, ადამიანი სულ უფრო მეტად იძირება ფსევდორეალობაში, «არანამდვილ სინამდვილეში» და, რაც უფრო მეტად შორდება რეალობას, მით უფრო ძვირად უჯდება მოჩვენებითი თავისუფლება, რადგან ამ «არანამდვილ სინამდვილეში» გზას ვეღარ იგნებს და მასთან ურთიერთობას ვეღარ ამყარებს. საქმე იქამდე მიდის, რომ, ამ «სინამდვილეში» ყოფნის შედეგად, ადამიანი ძალიან იშვიათად აღწევს მიზანს; ამის შემდეგ იგი კიდევ უფრო იმედგაცრუებული უბრუნდება საკუთარ ვირტუალურ სამყაროს; მერე კი ამ სამყაროსა და ადამიანის სურვილებს შორის ღრმა უფსკრული ჩნდება, რომელიც ისტერიულ ადამიანს «ეშმაკის წრედ» შემოუბრუნდება.
ახლა კი გვინდა ფსევდოსინამდვილის საკითხი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. კაუზალობის კანონი ერთერთ რეალობაში ადამიანის მიზეზ-შედეგობრივ არსებობას ადასტურებს. მიზეზისა და ზეგავლენის, მოქმედებისა და შედეგის შესახებ ეს კანონი გვაიძულებს, კანონიერება დავიცვათ, რადგან მისი უგულებელყოფის შემთხვევაში სასჯელს ვერ გადავურჩებით. ეს კანონი ისტერიულ პიროვნებას მხოლოდ ზღუდავს, აიძულებს, სათანადო დასკვნები გამოიტანოს და რაღაცაზე უარი თქვას; იგი ცდილობს, ამ მდგომარეობას «სირაქლემის პოლიტიკის» მეშვეობით დააღწიოს თავი, და, ისე იქცევა, თითქოს კაუზალობის კანონი საერთოდ არ არსებობდეს; შესაბამისად, ისტერიული ადამიანი შეპყრობილია სურვილით, რომლის შესაძლო შედეგები მას სულაც არ აინტერესებს და თითქოს მოქმედებს პრინციპით: «ჩემს შემდეგ წარღვნას წაუღია ყველაფერი». ისტერიული ადამიანი იმედოვნებს, რომ ხდომილებების კაუზალობა და თანმიმდევრობა მასზე არ გავრცელდება, ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ, საეჭვო სიტუაციაში მაინც. იგი იმდენად შეპყრობილია მიზნის მიღწევის სურვილით, რომ საკუთარ თავს შესაძლო შედეგებზე მაღლა აყენებს, მხოლოდ ფინალურად ანუ შედეგობრივად აზროვნებს, ხოლო კაუზალობას ანუ მიზეზობრიობას უგულებელყოფს, რაც მასზე დიდ სუგესციურ ზემოქმედებას ახდენს. ამის დასტურად შემდეგ მაგალითს მოვიყვანთ:
   სკოლაში ერთ-ერთი კლასის მოსწავლეებს, საქველმოქმედო მიზნით, სამკერდე ნიშნების გაყიდვა დაავალეს. თითოეულ მოსწავლეს სიაში უნდა შეეტანა შემოწირული თანხისა და გაყიდული სამკერდე ნიშნების რაოდენობა. ცამეტი წლის მომხიბლავი ინგე სთავაზობდა მყიდველებს სამკერდე ნიშნებს; ისინიც ვერ უძლებდნენ გოგონას მიმზიდველ ღიმილს და შეთავაზებას სიამოვნებით იღებდნენ. მალე ინგემ ყველა სამკერდე ნიშანი გაყიდა და, წარმატებით გახარებულმა, გადაწყვიტა, საკუთარი თავი დაესაჩუქრებინა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს დაიმსახურა; მან ხომ ასე ყოჩაღად გაართვა საქმეს თავი! ამიტომ ახლა შეეძლო სურვილი აესრულებინა და ნამცხვარი ეყიდა. გოგონას ცდუნება ახლა მხოლოდ ფულს შეეძლო, რომლის წარმომავლობასა და დანიშნულებაზე იგი აღარ დაფიქრებულა; მთავარია, რომ «ეს ფული ახლა მას ეკუთვნოდა!» რაკი გოგონა საკუთარ სურვილზე უარისთქმას არ აპირებდა, სამკერდე ნიშნებში აღებული ფულით თავისი საყვარელი ნამცხვარი იყიდა. ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, გაურკვეველი წარმოდგენა აქვთ შედეგებზე და ფიქრობენ, რომ «როგორმე» მოაწესრიგებენ ყველაფერს, რადგან იმ წუთას აღვსილნი არიან სურვილით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიკმაყოფილონ.
   ამ დროს თავს იჩენს ისტერიული პიროვნებისათვის დამახასიათებელი უპირველესი ნიშან-თვისება: იგი ქმნის ხანმოკლე დაძაბულობის ველს, რომელიც საშუალებას აძლევს, საჭირო მიდრეკილებისა და უნარის უქონლობის გამო, მოთხოვნილებასთან დაკავშირებული დაძაბულობა აიტანოს. ისტერიულმა პიროვნებამ ნებისმიერი იმპულსი თუ სურვილი სწრაფად უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან ლოდინი მისთვის აუტანელია: ამ თვისების გამო ძალიან ადვილია ისტერიული ადამიანის ცდუნება.
ინგეს სია და ფული სკოლაში იმავე დღეს უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ახლა როგორღა მოქცეულიყო? გოგონა მასწავლებელთან მივიდა და სთხოვა, კიდევ მიეცა მისთვის გასაყიდად სამკერდე ნიშნები იმ იმედით, რომ ამათაც გაყიდდა და ფულს ერთიანად ჩააბარებდა. აღებული ფული გოგონას ამასობაში სახლში დაეტოვებინა (გოგონამ ამ დროს კიდევ რაღაც-რაღაცები მოისაბაბა, რაც ასევე დამახასიათებელია ისტერიული პიროვნებისთვის, რადგან საბაბი და ტყუილი მეტ «მტკიცებულებებს» მოითხოვს, რომ უფრო სარწმუნო გახდეს, მაგრამ მას მაინც უფრო სუსტი საფუძველი გააჩნია, ვიდრე რეალურად არსებულ ფაქტს). მასწავლებელმა ინგეს დამატებით მისცა სამკერდე ნიშნები. ამით გოგონამ დრო მოიგო: ამასობაში კი, ვინ იცის, ხომ შეიძლებოდა, «სასწაული» მომხდარიყო, რაც მას ამ მდგომარეობიდან იხსნიდა? (დროის მოგება და დაპირებები ასევე დამახასიათებელია ისტერიული პიროვნებისათვის). ამასობაში მოსაღამოვდა და ფულის ჩაბარების დრო მოვიდა. გოგონას კი ამასობაში, მისი აზრით, ბრწყინვალე აზრი მოუვიდა: ფული კარის მეზობელს სთხოვა და აუხსნა, სასწრაფოდ რვეულები მაქვს საყიდელი, დედაჩემი კი სახლში არ არისო. მეზობელმა გოგონას ფული ასესხა, რის შემდეგაც მან ისევ მოიგო დრო და «სასწაულისთვის» ისევ დაიტოვა სივრცე. ასეა თუ ისე, ახლა იგი მზად იყო, მასწავლებლისთვის ფული მთლიანად ჩაებარებინა; მეზობლისგან ნასესხები ფული გოგონამ მაშინვე დაივიწყა, რადგან საკუთარ თავს ერთთავად ეუბნებოდა: «ამაზე არ უნდა იფიქრო». ამ შემთხვევაშიც შეეძლო აღარ ეფიქრა მეზობელზე, რომელმაც «რაღაც გროშები» ასესხა.
   ისტერიულ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ გაურკვეველი მოლოდინები და იმედი იმისა, რომ სასწაულების წყალობით შეძლებენ, ნებისმიერ გაჭირვებას დააღწიონ თავი; ამის წარმოდგენის უნარი მათ ვირტუოზულად აქვთ გამომუშავებული. ასეთ შემთხვევებში ეს ადამიანები საოცარ გულუბრყვილობას იჩენენ, რადგან საკუთარი წარმოსახვისა სჯერათ და ფიქრობენ, რომ რეალობას გაექცევიან ამ ანდაზის თანახმად: «არ ცოდნა არ ცოდვაა». ბოლოს და ბოლოს ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც შეიძლება დაავიწყდეს რაღაც! ამ დროს ე.წ. «გადატანის» ტენდენციის მოწმენი ვხდებით: კონკრეტული რამ, ამ შემთხვევაში ვალად აღებული ფული, დავიწყებას ეძლევა; გოგონას მეხსიერებას ისღა შემორჩა, რომ ფული მეზობლისგან ოფიციალურად ისესხა და, ბუნებრივია, მას უკან დააბრუნებს (როდის და როგორ მოხდება ეს, იმ წუთას არასაინტერესოა). თუ მეზობელი მას ფულის დაგვიანებისთვის უსაყვედურებს, გოგონას შეუძლია უთხრას, რომ მას ვალის მიცემა ნამდვილად აღარ გახსენებია, და ახლა პატიებას ითხოვს; მაგრამ გოგონა იმედოვნებს, რომ ფულის ამბავი მეზობელსაც დაავიწყდება; ბოლოს და ბოლოს მისთვის თავადაც ხომ უცია რაღაც პატივი?! ხან კი იმასაც ფიქრობს, რომ ფულს «საიდანღაც» საჩუქრად მიიღებს ან სადმე იშოვის, და საკუთარ თავს არწმუნებს: «დრო ყველაფერს გვიჩვენებსო».
რამდენიმე დღის შემდეგ მეზობელმა ინგას დედას ვალის დაბრუნება სთხოვა. ეს ამბავი გამოაშკარავდა და დიდი უსიამოვნება გამოიწვია, რასაც გოგონა ასცდებოდა, ფული დროზე რომ დაებრუნებინა. იმის გამო, რომ მან უარი ვერ თქვა თავისი სურვილის დაუყოვნებლივ შესრულებაზე, შეიქმნა მთელი ჯაჭვი იმ უსიამოვნო შედეგებისა, რომელთა გამოც გოგონას ხანმოკლე სიამოვნება ძვირად დაუჯდა.
   ეს მაგალითი ბევრი თვალსაზრისით არის საგულისხმო და ყურადსაღები. იგი წარმოაჩენს ისტერიული ადამიანის ტიპური ქცევის შემთხვევებს; მას სურს დაუყოვნებლივ შეისრულოს სურვილი და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობს; ეუფლება არარეალური განწყობა, რის შედეგადაც უგულებელყოფს თავისი საქციელის შედეგს, შეპყრობილია დროის მოგების სურვილით და «სასწაულის მოლოდინით», ეხერხება მისთვის ხელსაყრელი სიტუაციების უეცრად მოფიქრება მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე, რომლის დროსაც, ერთი ხვრელის ამოქოლვის შემდეგ, მეორე აღებს პირს; შეუძლია «ამბების» საკუთარი სურვილისამებრ გადასხვაფერება ან გაყალბება; უმტკივნეულოდ ივიწყებს უსიამოვნო ამბებს, არ აწუხებს საკუთარი დანაშაულის გრძნობა; და ბოლოს, თავს არიდებს ისეთ უხერხულ აუცილებლობას, როგორიცაა რაიმეზე უარისთქმა, ლოდინი, საკუთარი საქციელის გამართლება. ასეთ ადამიანებზე ზედგამოჭრილია ნიცშეს სიტყვები: «ეს მე ჩავიდინე» – მეუბნება ჩემი მახსოვრობა; «არ შეიძლებოდა, ეს მე ჩამედინა» – მეუბნება ჩემი სიამაყე და ურყევად დგას თავის აზრზე. ბოლოს დათმობაზე ისევ მახსოვრობა მიდის». ასევე თავისუფლად უყურებს ისტერიული ადამიანი სხვა რეალობებსა და დროს. პუნქტუალობა, დროის დაგეგმვა და განაწილება მას პედანტურ და წვრილმან საქმედ მიაჩნია, რასაც, არცთუ იშვიათად, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ იყენებს.
   ახლა კი შევეხოთ თუნდაც ბიოლოგიურ რეალობას, ჩვენს დამოკიდებულ მდგომარეობას სექსუალურ მონაცემებზე, მომწიფების პროცესებსა და სიბერეზე. ისტერიული ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს. ის, რაც შეიძლება, დიდხანს დარჩებოდა უდარდელ ბავშვად ან, თუნდაც, უზრუნველ ყმაწვილად, რადგან საზოგადოება მათ ბევრ რამეს პატიობს და დიდ პასუხისმგებლობასაც არ აკისრებს. ისტერიული ადამიანისთვის პასუხისმგებლობაც უსიამოვნო ცნებაა, რადგან იგი კაუზალობის კანონს უკავშირდება და მას არასასურველ შედეგებს შეახსენებს. რაც შეეხება სიბერეს, ისტერიული ადამიანის აზრით, გარკვეული საშუალებებით მისი შეჩერება შესაძლებელია. «ადამიანი იმდენი ხნისაა, რამდენადაც ამას თავად შეიგრძნობს». ისტერიული პიროვნება არასოდეს ამხელს ასაკს; ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, ოღონდაც მოხუცის შთაბეჭდილებას არ ახდენდეს. ასეთ ადამიანს შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს ახალგაზრდულად ყოფნის ილუზია. ამისათვის იგი ახალგაზრდულად იცვამს, იყენებს კოსმეტიკურ საშუალებებს და კოსმეტიკური ქირურგიის დიდ შესაძლებლობებს, რაც მას ილუზიებს უნარჩუნებს; იგი, შეძლებისდაგვარად, გაურბის დარდს, მღელვარებას და აცხადებს, რომ ასეთ განცდებს ვერ გაუძლებს; მაგრამ, თუ მაინც აღმოჩნდება ასეთი რეალობის წინაშე, ყოველთვის შეუძლია მოიმიზეზოს ავადმყოფობა და უსიამოვნო განცდებს ასე დააღწიოს თავი.
   ისტერიულ პიროვნებას იგივე დამოკიდებულება აქვს ეთიკასთან და მორალთან. რა დაემართებოდა ადამიანს, ყველა წესსა და კანონს რომ იცავდეს? ნეტავ, ვინმე მართლა თუ იქცევა ასე? ან კი შეუძლია ვინმეს თქვას, რა არის «სიკეთე» და «ბოროტება»? ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ხომ პირობითია და იმაზეა დამოკიდებული, რა თვალსაზრისით აფასებს მას ადამიანი? აქედან გამომდინარე, ისტერიული ადამიანისათვის სამყარო სასიამოვნო და მოქნილია, დაშვებული შეცდომების გამართლება ყოველთვის შესაძლებელია; მთავარი მაინც ის არის, რომ არავინ იცის, რა ხდება ან რა ხდებოდა ადამიანში. საბედნიეროდ, აზრების გამოხატვის თავისუფლება უსაზღვროა, – თუ ვინმე საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თავად წარმოუდგენია, ვის შეუძლია მას საპირისპირო უმტკიცოს?
   ისტერიულ პიროვნებაზე ლოგიკაც დამთრგუნველად მოქმედებს, მაგრამ შეუძლია მასაც თავი აარიდოს. მისი ლოგიკა სხვებისაგან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ნაკლებად ლოგიკურია. როდესაც ისტერიული პიროვნება ნახტომისებურად და არალოგიკურად აზროვნებს, და მეორე ადამიანს მისი არ ესმის, ეს ამ ადამიანის პრობლემაა. მერედა, რა უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს ენა, როდესაც ისტერიული პიროვნება მისი მეშვეობით ათასგვარ საქმეს მოიმოქმედებს და უამრავ ადამიანს დაამარცხებს! ასე ავითარებენ ისტერიული ადამიანები ფსევდოლოგიკას, რომელსაც ხანდახან შეგნებულად თუ შეუგნებლად მივყავართ აბსურდამდე, როცა ადამიანის გაგება საერთოდ შეუძლებელი ხდება.
   ისტერიული ადამიანები ვერ შეიგრძნობენ საკუთრივ შიშს, კერძოდ კი, შიშს აუცილებლობისა და სასრულობის წინაშე. მაგრამ ამ დროს მათ ეშინიათ მოედნებზე და ქუჩაში გადაადგილებისა (აგორაფობია), დახურული სივრცისა (ლიფტი, მატარებლის კუპე და ა.შ. – კლაუსტროფობია), ასევე ცხოველებისა. ამ შემთხვევაში ხდება კონკრეტული შიშის უფრო მეორეხარისხოვან და უწყინარ შიშზე გადატანა, უპირველეს ყოვლისა კი, იმაზე, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია. თუ ადამიანს ლიფტში ჩაჯდომა ან ხიდზე გავლა ეშინია, შეუძლია, ლიფტი არ გამოიყენოს, ხიდზე არ გაიაროს და ამით შიში თავიდან აიცილოს. ეს კი კონკრეტული შიშია, რომელიც ადამიანმა შეიძლება თავისუფლების შეზღუდვისას ან ორჭოფულ სიტუაციაში იმის გამო იგრძნოს, რომ მას რაიმეზე უარისთქმა არ სურს ან ამას ვერ ბედავს. შინაგანი კონფლიქტის გადატანა ამ დროს შიშის გამომწვევ გარეგნულ ობიექტებზე ხდება, რომლებიც კონფლიქტს იმით «გადაჭრიან», რომ ადამიანი ამ შიშის გამო ცდუნებას აღარ მიეცემა. იგი ფიქრობს: თუ ქუჩაში შიშის გამო ვეღარ გავდივარ, ვერც ვერაფერი მაცდუნებს; რა თქმა უნდა, შიშისთვის თავის ამგვარად არიდება პრობლემის გადაჭრას არ ნიშნავს და არც შიშისგან ადამიანის დაცვის საშუალებას წარმოადგენს, რადგან ადამიანს მაინც უხდება შიშთან დაპირისპირება და მასთან იძულებითი ურთიერთობა. მაგრამ, როდესაც ისტერიული ადამიანი თავს კუთხეში მიმწყვდეულივით გრძნობს და მდგომარეობიდან გამოსავალს ვეღარ ხედავს, პანიკაში ვარდება და «გაქცევას» ცდილობს, რითაც სიტუაციის საღად შეფასებას შეუძლებელს ხდის.
ახლა გვინდა წარმოვიდგინოთ, ნელ-ნელა როგორ იყრის ერთად თავს ისტერიული ადამიანის გადაცდომები და როგორ მიდის იგი სულ უფრო გამოუვალ მდგომარეობამდე.
   რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ვალდებულებებსა და რაღაცის უცილობლობას წარმატებით დააღწიოს თავი? ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე მართებული იქნებოდა, თუ იგი ყოველთვის მხოლოდ წუთიერი ცხოვრებით იცხოვრებდა, თითქოს ადრე არც არსებობდა და მის წარსულს არავითარი შედეგები მოჰყოლია. თუ გუშინ რაღაც შეცდომა დავუშვი ან სისულელე ჩავიდინე და ამაში «გამომიჭირეს», ჩემთვის არავითარი «გუშინ» არ არსებობს და ცხოვრება მხოლოდ დღეიდან იწყება. როდესაც ისტერიული ადამიანები დროსთან და კაუზალობასთან კავშირს წყვეტენ, საოცრად მოქნილები ხდებიან, თითქოს წარსულის გარეშე ცხოვრობენ და უზარმაზარ ტვირთს იხსნიან ზურგიდან; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ ცხოვრებაში აქა-იქ წერტილივით ფრაგმენტულად გაიკიაფებენ უწყვეტი მოვლენები. ისტერიული ადამიანები, ქამელეონის მსგავსად, მიესადაგებიან ნებისმიერ ახალ სიტუაციას, მაგრამ ვერ ახერხებენ იმ უწყვეტი «მეს»-ს განვითარებას, რომელსაც, ჩვეულებრივ, «ხასიათს» ვუწოდებთ; ამის გამო ძნელია ამ ადამიანების ამოცნობა და გაგება. ისინი გამუდმებით რაღაც როლს თამაშობენ, რომელიც გარკვეულ სიტუაციებზე და საჭიროებებზეა გათვლილი; ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ისტერიულ ადამიანებს გარკვეულ პირებთან ისე, რომ ამ როლების თამაშის დროს თავადაც აღარ იციან, ვინ არიან სინამდვილეში. ასე გამოხატავენ ისინი საკუთარ ფსევდოპიროვნულობას, რომელსაც მკაფიო კონტურები და გამორჩეული თვისებები არ გააჩნია.
   როდესაც კუთხეში მიმწყვდეულ ისტერიულ ადამიანს შიში იპყრობს, მას შეუძლია, ამ დროს საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალოს; იგი თავისი თავისთვის სათქმელ საყვედურს რეფლექტორულად სხვა ადამიანს მოარგებს, როგორც ეს ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე, როდესაც ერთი მათგანი ამბობს: «სულელი ხარ!» მეორე კი უპასუხებს:
   «სულელის ხმა მესმის!» თუ ისტერიულ პიროვნებას აკრიტიკებენ ან საყვედურს ეუბნებიან, იგი საპასუხო კრიტიკისა და საყვედურისთვის ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფს, თუმცა იმ სიტუაციაში ყველაფერი გარკვეულია და არაფერია საკამათო. თავად ეს ადამიანი ამ დროს განიტვირთება, მაგრამ მის აზრს უკვე მნიშვნელობა ეკარგება. როდესაც ისტერიული პიროვნება დანაშაულის პროეცირებას ვინმეზე საყვედურით ახდენს, ბოლოს თვითონვე იჯერებს, რომ დამნაშავე ის მეორე ადამიანია. რა თქმა უნდა, ამ დროს იგი არაგულწრფელია საკუთარი თავის მიმართ, რამაც შემდგომში, შესაძლოა, მთელ მის ცხოვრებას სიცრუის კვალი დაამჩნიოს. ისტერიულ პიროვნებას მოგვიანებით დაუცველობის ფარული შეგრძნება და გაურკვეველი შიშები უჩნდება; უკიდურესი შეჭირვების შემთხვევაში ის ყოველთვის მოირგებს ხოლმე ისეთ როლს, რომელიც რეალობის უსიამოვნო შედეგებისგან დაიცავს: ეს როლი «ავადმყოფობაში» გამოიხატება, რაც მას, სულ მცირე, დროს მაინც მოაგებინებს.

ისტერიული ადამიანი და სიყვარული


   ისტერიულ ადამიანს თავად სიყვარული «უყვარს»; ასევე უყვარს ყველაფერი, რაც მას თვითშეფასების შეგრძნებას გაუძლიერებს; მაგალითად, ძლიერი შეგრძნებები, ექსტაზი, ვნებათაღელვა, რასაც იგი ბედნიერების მწვერვალზე აჰყავს. თუკი ობსესიური ადამიანი აპოლონისეული ხასიათით გამოირჩევა, ისტერიული პიროვნება უფრო დიონისესეულ თვისებებს ავლენს. მას იზიდავს ზღვარგადასული გრძნობები და განცდები; მაგრამ ეს მისთვის, დეპრესიული ადამიანის მსგავსად, საკუთარი «მე»-სათვის დაკისრებულ ამოცანას როდი შეადგენს; ისტერიული პიროვნება ამას შეიგრძნობს, როგორც ამ «მე»-ს აღზევებას და აპოთეოზს. თუ დეპრესიული ადამიანი საკუთარი თავის ტრანსცენდენტურში გადაყვანას «მე»-ს საზღვრებს მიღმა არსებული ერთგულების სიმბიოზით ცდილობდა, ისტერიული პიროვნება ისეთი ძლიერი განცდებისაკენ მიისწრაფვის, მას საკუთარ თავზე რომ აამაღლებს. აქედან გამომდინარე, ისტერიული ადამიანი ქმედითი, ვნებიანი და მომთხოვნია და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის დამკვიდრებაზე ზრუნავს. მას სურს, პარტნიორთან ერთად დატკბეს სიყვარულით და ბედნიერების ნეტარება შეიგრძნოს; ამ თვალსაზრისით, იგი ეროტიკული ატმოსფეროს შექმნის დიდოსტატია. ისტერიული პიროვნება ამ დროს ისეთ საშუალებებს იყენებს, როგორიცაა ფლირტი, თავის მოწონებისა და ცდუნების უამრავი ხერხი, რომლებსაც უზადოდ ფლობს. მას შეუძლია პარტნიორის პატივისცემა დაიმსახუროს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის სექსუალობას. ისტერიულ პიროვნებას შთაგონების უზარმაზარი ძალა გააჩნია, რომელიც დიდად მოქმედებს ადამიანზე; ამ დროს განსაკუთრებით დამაჯერებლად იჩენს თავს მისი ხიბლი თუ სხვა ღირსებები, რაც პარტნიორმა აუცილებლად უნდა ირწმუნოს.
   უკვე ხსენებული ძლიერი ლტოლვით შეპყრობილი ისტერიული პიროვნება «veni-vidi-vici»-ს პრინციპით მოქმედებს და ციხე-სიმაგრეს სწრაფი იერიშით იღებს, რადგან მისთვის უცხოა «ალყის შემორტყმისა» და დაყოვნებული მოქმედებების ტაქტიკა. მან მშვენივრად იცის საპირისპირო სქესთან მოქცევის წესები და ამიტომ მასთან ურთიერთობა არასდროსაა მოსაწყენი. ისტერიულ პიროვნებას, როგორც ითქვა, პარტნიორზე მეტად თავად სიყვარული «უყვარს» და ცდილობს, რაც შეიძლება, მრავალფეროვანი გახადოს იგი; ცნობისმოყვარეობისა და წრეგადასული სიხალისის გამო, ხშირად აწყობს ზეიმებს, ტრიალებს მოვლენების ეპიცენტრში, გამოირჩევა ტემპერამენტით და უშუალობით. ისტერიულ პიროვნებას შურისძიების სურვილი იპყრობს, თუ ვინმე მის სიყვარულს უარყოფს, მაგრამ იმავდროულად ერთგულებაც შეუძლია; რაკი ასეთი მჩქეფარე ცხოვრება იზიდავს, იგი ვერ იტანს მოწყენილობას და მარტოობას, ერთობ ხალისიანი და სპონტანური პარტნიორია, ეხერხება საკუთარი გრძნობების გამოხატვა და ყოველ წუთს შეიგრძნობს ცხოვრების მშვენიერებას; ერთგულებას, ყოველ შემთხვევაში – საკუთარს მაინც, მნიშვნელობას არ ანიჭებს; უყვარს იდუმალი შეხვედრები, რადგან ამ დროს შეუძლია გამოავლინოს რომანტიკული ფანტაზია.
ისტერიულ პიროვნებებს სექსის საკითხებში უფრო რთულად აქვთ საქმე; მათთვის წინასასიყვარულო თამაშები ხშირად სექსუალური სურვილის დაკმაყოფილებაზე უფრო მნიშვნელოვანია. თავიანთი გუნება-განწყობიდან გამომდინარე, მათ ამ დროს შეუძლიათ თქვან: «შეჩერდი, წამო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ!» ეს ადამიანები ამ წამით ტკბობას და მის გახანგრძლივებას ცდილობენ. მათ ასევე უყვართ, როდესაც «თაფლობის თვე» დიდხანს გასტანს ხოლმე, და მძიმედ განიცდიან, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიყვარულის ინტენსიობა იკლებს; როდესაც ისტერიული პიროვნება პარტნიორთან ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობას ვერ ამყარებს, მას ეს უნარი უქვეითდება და, შესაძლოა, ფრიგიდულობა ან იმპოტენცია განუვითარდეს. ორივე სქესის ისტერიული ადამიანისთვის სექსი ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ გაიძლიერონ თვითშეფასების გრძნობა და გამოსცადონ პარტნიორისადმი ლტოლვის უნარი. ამ დროს ისინი, ობსესიური ადამიანებივით, არ მიმართავენ იძულებას; მათი მიზანია, ვნებამ პარტნიორს სიამოვნება განაცდევინოს; ქალები «დანებების» ან «უარისთქმის» დროს განსაკუთრებით ბოროტად იყენებენ სექსუალობას შანტაჟის მიზნით.
ისტერიულ პიროვნებაში თავს იჩენს ხოლმე პარტნიორისადმი მეტისმეტი მომთხოვნელობა და თვითდამკვიდრების საგრძნობლად დიდი სურვილი. ამ დროს სასიყვარულო ურთიერთობა ისე უნდა წარიმართოს, რომ ისტერიულმა ადამიანმა მისთვის ესოდენ საჭირო თვითდამკვიდრების აუცილებლობა შეიგრძნოს. მას ეს გრძნობა უმთავრესად მაშინ უჩნდება, როდესაც პარტნიორი მისით აღფრთოვანებას გამოხატავს და არ მალავს, რომ იგი მისთვის სექსუალურად სასურველი ადამიანია. ასაკის მომატებასთან ერთად, ბუნებრივია, მდგომარეობა რთულდება; ისტერიულ პიროვნებათა ახალგაზრდული ხიბლი, რომელიც უმთავრესად მის გარეგნობაში წარმოჩინდება, თავის ძალას კარგავს, რის გამოც სიბერისთვის დამახასიათებელი კრიზისი ეწყება.
   ისტერიულ პიროვნებას პარტნიორი აუცილებლად სჭირდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ, დეპრესიული ადამიანის მსგავსად, მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, არამედ იმის გამო, რომ პარტნიორი მისთვის სარკეა, რომელშიც საკუთარ თავს სიყვარულის ობიექტად სახავს. ისტერიული პიროვნება მუდმივად საჭიროებს საკუთარი ნარცისიზმისა და ეგოიზმის დადასტურებას; მას გვერდით ისეთი პირმოთნე პარტნიორი ესაჭიროება, რომელიც აღფრთოვანდება მისი მომხიბვლელობითა და სილამაზით და მისი ქებით არ დაიღლება. ამიტომ ისტერიული პიროვნება ცდილობს, პარტნიორად ნარცისისტული ბუნების ადამიანი აირჩიოს, მაგრამ არა იმის გამო, რომ, შიზოიდის მსგავსად, მისი «განსხვავებული» თვისებები აშინებს, არამედ იმ მიზეზით, რომ იგი პარტნიორში საკუთარი თავის მსგავსებას ეძებს, რათა მასში თავისი თავი შეიყვაროს. ამასთან, ორივე სქესის ისტერიული ადამიანი, არცთუ იშვიათად, საკმაოდ უღიმღამო პარტნიორსაც ირჩევს, რათა მის ფონზე საკუთარი ბრწყინვალება მთელი სისავსით წარმოაჩინოს და თან იგრძნოს, რომ პარტნიორი მისით აღფრთოვანებას ვერ მალავს. ეს იმ ფარშევანგის იგავს გვაგონებს, ცოლად დედლის შერთვა რომ გადაწყვიტა. მათ დანახვაზე მმაჩის ბიუროს თანამშრომელი გაკვირვებას გამოხატავს და ფარშევანგს ეკითხება – ასეთ მშვენიერ არსებას რატომ მოგყავთ ცოლად ეს უსახური დედალიო. ფარშევანგი ამაზე ამაყად მიუგებს:
   «იმიტომ, რომ მე და ჩემს ცოლს სიგიჟემდე გვიყვარს ჩემი თავი».
ურთიერთობები, რომლებიც მუდმივად ერთი ადამიანის მიერ მეორის უპირატესობათა აღიარებას ეფუძნება, ბუნებრივია, კრიზისს არ გამორიცხავს. თუ პარტნიორი აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, ისტერიული ადამიანი ახლის ძიებას იწყებს და, შესაძლოა, მასთანაც მსგავსი ურთიერთობა განმეორდეს. ამ ტიპს მიეკუთვნებიან მექალთანეები და მეძავები, რომლებიც, თვითდამკვიდრების მიზნით, ადამიანს სასიკვდილოდაც კი გაწირავენ.
   ისტერიული პიროვნებისათვის პარტნიორის სიყვარულის მოპოვება თამაშია, რომელიც მან ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს. რაკი ეს ადამიანები სიყვარულის საკითხში ძალიან მომთხოვნები არიან, ცხოვრებაში ხშირად იმედგაცრუება ელით. როგორც კი ასეთი ადამიანი პარტნიორის სიყვარულს მოიპოვებს, უკვე ჰგონია, რომ მიჯნურის ფინანსები მასაც ეკუთვნის და საზოგადოებაში პარტნიორის წარმატება მის წარმატებასაც ნიშნავს. ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მიაჩნია, რომ პარტნიორი ამით თავის სიყვარულს უდასტურებს, და, რადგან ისტერიულმა პიროვნებამ ამ საკითხში ზომიერება არ იცის, ყველა საშუალებას მიმართავს, რათა თვითდამკვიდრების გრძნობა დაიკმაყოფილოს; საამისოდ კი პარტნიორის იძულებას სხვადასხვა გზით ცდილობს: შესადარებლად მოჰყავს სხვა პარტნიორი, რომელსაც იგი «ნამდვილად» უყვარს და როგორ მოიქცეოდა იგი ამ შემთხვევაში თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად. თუ პარტნიორი ისტერიულ პიროვნებას რაიმეში არ ეთანხმება, ამას საშინელი რეაქცია მოჰყვება ხოლმე; იგი აწყობს სცენებს და საყვედურობს პარტნიორს იმის გამო, რომ მას ასეთ «მათხოვრულ წინადადებას» სთავაზობს. ისტერიულ ადამიანში ამ დროს ხშირად თავს იჩენს სიყვარულისა და ანგარიშიანობის ნარევი გრძნობა, ასე რომ პარტნიორმა არასოდეს იცის, როგორ უნდა მოიქცეს მასთან. როდესაც ისტერიული ადამიანი სიყვარულთან ან ქორწინებასთან დაკავშირებით ილუზიებს იქმნის, ყოველთვის ისევ და ისევ იმედგაცრუებული რჩება; იგი ვერ გრძნობს რეალურ ვითარებას და კვლავ «დიდი სიყვარულის» ძებნას განაგრძობს; ამიტომ ისტერიული ადამიანები ხშირად შორდებიან პარტნიორებს და ახალ ურთიერთობებს იწყებენ. მაგრამ იმის გამო, რომ ახალმა პარტნიორმა ისტერიულ პიროვნებას ძველი იმედგაცრუება უნდა დაავიწყოს, ეს უკანასკნელი მას დიდ მოთხოვნებს უყენებს, რაც ამ ურთიერთობას ჩანასახშივე საეჭვოს ხდის.
მოპირდაპირე სქესთან დაკავშირებულ პირველ შთაბეჭდილებებს ყოველთვის ჩვენს მშობლებთან და და-ძმებთან ვაკავშირებთ. მშობლების ურთიერთობა ერთმანეთთან თუ გარესამყაროსთან, ჩვენი და-ძმების ქცევებისგან მიღებული გამოცდილება გვიქმნის პარტნიორთან, სიყვარულთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.
   ბედნიერება იქნებოდა, თუ ჩვენი მშობლები ისე გვეყვარებოდა, რომ მათ არ გავაიდეალებდით, ან თუნდაც შევიბრალებდით და შევიძულებდით კიდეც; რომ შეგვძლებოდა მათი აზრების, დარდის, ზრუნვისა და სიხარულის გაზიარება, მათი თანადგომა და გაგება, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა, შესაფერისი პარტნიორი გვეპოვა და, იმავდროულად, ჩვენი საკუთარი პარტნიორობის რეალური სახე წარმოგვედგინა. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ შვილს საკუთარი უპირატესობა და შეუმცდარობა უნდა დაუმტკიცონ და მის წინაშე იდეალური წყვილის როლი გაითამაშონ, მაშინ როდესაც ამის მიღმა სულ სხვა ურთიერთობები იმალება. ასეთი იდეალური ცოლქმრობის შემხედვარე ბავშვი ფიქრობს, რომ თავადაც შეძლებს მომავალში ასე ცხოვრებას. მშობლები, რომლებიც ბავშვს სექსუალური საკითხებისადმი ნორმალურად ვერ განაწყობენ, ამით იმედგაცრუებასა და შიშს იწვევენ მასში და ნეგატიურად მოქმედებენ მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებზე.
ისტერიული პიროვნებების სასიყვარულო ცხოვრებას ისიც ართულებს, რომ მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობის დროს ისინი კვლავ განაგრძობენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა ადამიანებთან და ძნელად გამოდიან ამ მდგომარეობიდან. ისტერიის ნიშნები ბავშვობის პერიოდის ბოლო ფაზაში, დაახლოებით 4-დან 6 წლამდე გამოვლინდება, როდესაც ბავშვი, როგორც ამას მოგვიანებით დავინახავთ, მის თვალწინ არსებულ სურათ-ხატებთან ახდენს საკუთარ იდენტიფიკაციას. ეს თავდაპირველი შთაბეჭდილებები მოგვიანებით ქმნიან წინასწარ განწყობას როგორც საკუთარი, ასევე მოპირდაპირე სქესის მიმართ. შემდგომ ამისა, ორი პრინციპული შესაძლებლობა არსებობს: ერთ შემთხვევაში, ის განწყობა, რომელსაც ადამიანი ბავშვობაში დედ-მამის ან და-ძმის განდიდებითა და გაიდეალებით გამოხატავდა, მას ახლა პარტნიორზე გადააქვს და იგი «საოცნებო მამაკაცის» ან «საოცნებო ქალის» სახით წარმოუდგება. მეორე შემთხვევაში კი, ის ძველი იმედგაცრუება, შიში თუ სიძულვილი, რომელიც ადამიანმა ბავშვობისდროინდელ ურთიერთობაში განიცადა და ვერ გადაამუშავა, მას ახლა, ნეგატიური გამოცდილების სახით, პარტნიორზე გადააქვს; ამის გამო, ადამიანის შემდგომ ურთიერთობებს პარტნიორთან წინასწარ განსაზღვრავს ცრურწმენა და მოლოდინი იმისა, რომ კაცები და ქალები ისეთივენი არიან, როგორებიც მისთვის თავდაპირველად იყვნენ. შემდგომში ისტერიული პიროვნება მამის ან დედის სურათ-ხატის პროეცირებას ახდენს პარტნიორზე, მაგრამ, თუ მასზე ეს პროექცია ისევე მოახდინა, როგორც ამას ძველ სურათ-ხატებზე ახდენდა, ეს ვერ დააკმაყოფილებს ვერც პარტნიორს და ვერც თვით მას, რადგან იგი ძალიან ღრმად არის შეჭრილი იმ ძველი დროის «ვაჟიშვილის» ან «ქალიშვილის» როლში.
   ვაჟიშვილი, რომელსაც დედამ იმედები გაუცრუა, შესაძლოა, ქალების მიმართ სიძულვილმა შეიპყროს და, ამ იმედგაცრუების გამო, შური პარტნიორებზე იძიოს; იგი მათ დონ-ჟუანივით აცდუნებს, მერე კი მიატოვებს და ამით დედის ჯავრს მათზე იყრის. მამით იმედგაცრუებული ქალიშვილი ქმარზე შურისძიებას თავისებურად ცდილობს: შესაძლოა, კაცების სიძულვილით ისეთ არაჯეროვან ემანსიპირებულ ქალად ჩამოყალიბდეს, რომელიც სქესთა თანასწორუფლებიანობისთვის იმის გამო კი არ იბრძვის, რომ ამას სამართლიანობისა და საკუთარი ღირსების გრძნობა კარნახობს, არამედ სურს საქმე ისე შეატრიალოს, რომ თანასწორუფლებიანობის მოთხოვნის საფარქვეშ ქალების ბატონობას გაუსვას ხაზი. ხდება ხოლმე, რომ ქალი, მამის ჯიბრზე, თავს იმცირებს მამაკაცებთან («შენ თუ არ გიყვარვარ, ესე იგი არაფრად ვღირვარ და შემიძლია, ღირსებაშელახულმა ვიარო», – ასეთია ზოგიერთი მეძავის ფსიქოდინამიკური ფონი). ზოგჯერ კი ქალი იმ კირკედ გადაიქცევა, რომელსაც კაცები მხოლოდ სექსისთვის სჭირდებოდა, მერე კი მათ ღორებად გადააქცევდა ხოლმე, როგორც ეს «ოდისეაშია» მოთხრობილი. იგი მათ ატყვევებს, ამცირებს და სექსუალურად იმორჩილებს. ამ ტიპის ქალთან ახლოს დგანან ის პარტნიორები, რომლებიც მამაკაცებს მეტისმეტად დიდ ფიზიკურ, სულიერ და მატერიალურ მოთხოვნებს უყენებენ, აუძლურებენ, «ასაჭურისებენ» და ღირსებას უკარგავენ. ასეთ დემონურ ქალებს ვხვდებით სტრინდბერგის რომანებსა და პიესებში. მოპირდაპირე სქესით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ ან შიშმა, შესაძლოა, ორივე სქესის ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, თანასწორუფლებიანობამდე მიიყვანოს. ასევე ყოველთვის შეიძლება, რომ მამის ან დედის როლი ძმამ ან დამ შეასრულოს.
   მოპირდაპირე სქესის პიროვნებებთან ადამიანების პირველი ურთიერთობა ის საყოველთაო ფენომენია, რომელზეც ფრანგები ამბობენ, რომ ისინი «On revient toujours a ses premiers amours».
   შემდეგი მაგალითი დაგვანახებს, როგორ არიან დამოკიდებული ისტერიული ადამიანები ადრინდელ პიროვნულ ურთიერთობებზე, თავიანთ «ოჯახურ რომანებზე», როდესაც ხშირად «სამკუთხედის ურთიერთობას» ქმნიან. ამ დროს ისინი ქვეცნობიერად კვლავ იმ ადგილას ამოყოფენ ხოლმე თავს, რა ადგილიც მშობლებთან ურთიერთობისას ეკავათ, და რასაც ამ წრის დედისერთა შვილებთან ვხვდებით.
   ისტერიული პიროვნებები, თითქოს თავისდაუნებურად, განგების ნებით, აღმოჩნდებიან ხოლმე «სამკუთხედის ურთიერთობაში». ისინი ამას ხშირად ბედისწერის ძალას მიაწერენ და ამით ხსნიან იმ ფაქტს, რომ ქალი ან მამაკაცი, რომელიც მათ მოეწონებათ, ყოველთვის უკვე დაკავებულია; სინამდვილეში ისინი უკვე დაკავებულ პარტნიორებს ეძებენ და წინასწარ იციან, რომ ისინი თავისუფლები არ არიან. ამით ისტერიული ადამიანები იმეორებენ იმ ძველ ურთიერთობას, როდესაც ისინი დედის ან მამის მიმართ მეტოქის როლს თამაშობდნენ. მათში ღრმად არის გამჯდარი აზრი, რომ აუცილებლად უნდა ჩაერიონ პარტნიორთა ურთიერთობაში, ერთ-ერთი მათგანი თავისთვის უნდა დაისაკუთრონ, თავისივე სქესის პარტნიორს მეტოქეობა გაუწიონ და დაამარცხონ კიდეც. თუმცა ისტერიული პიროვნება თავისუფალ პარტნიორსაც გაურბის, რადგან იცის, რომ ამ დროს საქმე უფრო სერიოზულ ურთიერთობას ეხება. ამ ადამიანების საქციელი რომ ავხსნათ, მათი ცხოვრების ისტორიას უნდა ვიცნობდეთ; ისინი სხვებზე შემდგომ მხოლოდ იმ ცოდვებს გადაიტანენ, რომლებიც მათ მიმართ იქნა ჩადენილი. ისტერიულ ადამიანებს საკუთარ ოჯახში არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ქალური ან მამაკაცური ბუნება ჯანსაღი საშუალებებით განევითარებინათ; ისინი ამ საკითხში ან მთლიანად ოჯახურ გარემოზე იყვნენ დამოკიდებული, ან ვერ ახერხებდნენ გარკვეული სურათხატების შექმნას, რომლებიც საჭირო იყო მათი შემდგომი სქესობრივი როლის შესასრულებლად. ისიც შესაძლებელია, რომ მათთან ამ როლის შესრულებაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი; სქესობრივმა ინსტინქტმა მათში არასწორი მიმართულება მიიღო, ანდა მამრისა და მდედრის ბუნება მათ მანამდე გაითავისეს, ვიდრე საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მოახდენდნენ. ამრიგად, ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს საკუთარი თავის შეფასება და სექსუალური როლისთვის შინაგანად მომწიფება, რათა მათში «მამაკაცი» ან «ქალი» განვითარებულიყო.
ისტერიული ადამიანის მთავარ პრობლემად უნდა განვიხილოთ მისი ილუზორული წარმოდგენები ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ქორწინებასა და მოპირდაპირე სქესზე. მას ვერ უყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულება იმ მზაობის მიმართ, რომელიც პარტნიორის მიმართ უნდა გამოიჩინოს. მერე კი სწორედ ეს ხდება მისი ახალ-ახალი იმედგაცრუებების მიზეზი. ისტერიულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ, პირველ რიგში, იგი ილუზორული განწყობისგან უნდა გათავისუფლდეს და მუდმივად ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა ადამიანებთან ისე, რომ ამ დროს საკუთარ გამორჩენაზე არ ფიქრობდეს, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს მის პრობლემას.
ისტერიული ადამიანის ეს თვისება პარტნიორის შერჩევისას იმაში ვლინდება, რომ მისთვის ისეთი მატერიალური ფასეულობები და პრესტიჟთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა პარტნიორის თანამდებობა, წოდება, ქონება, ასევე გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხასიათი, თვისებები. ისტერიული პიროვნებები ამ საკითხშიც ბავშვებად რჩებიან; მათ ადვილად აღაფრთოვანებთ პარტნიორის გარეგნული მხარეები და ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია ბედნიერი და საამური ცხოვრების მოსაწყობად; მერე კი საკუთარ იმედგაცრუებებში პარტნიორს ადანაშაულებენ. ისტერიულ ადამიანს არასრულფასოვნების შიში, შესაძლოა, თვითდამკვიდრების მანიად გადაექცეს, რომელიც, ნებისმიერი მანიის მსგავსად, ვერასოდეს დაკმაყოფილდება, რადგან იგი «გარეთ» ეძებს იმას, რისი რეალიზაციაც საკუთარ თავში უნდა მოეხდინა: ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი, რომელიც თვითშეფასების ჭეშმარიტ გრძნობას ბადებს.
   ბუნებრივია, პარტნიორობის დროს განსაკუთრებით პრობლემურია ვითარება, როდესაც ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებათა პროეცირებას სხვაზე ახდენს. ამ საკითხმა, შესაძლოა, დიდი კამათი, დავა გამოიწვიოს იმის თაობაზე, თუ ვინ არის «დამნაშავე»; ამას, როგორც წესი, თან ახლავს ბრალდებები და ტენდენციური, დამახინჯებული ფაქტების «ლოგიკა», რომელსაც მოჰყვება ცილისწამება და ინტრიგა. განსაკუთრებით რთულია ამ დროს ურთიერთობა ისტერიულ და ობსესიურ ადამიანებს შორის, რადგან ისინი სრულიად საპირისპირო ტიპებს წარმოადგენენ. ობსესიური პარტნიორი ცდილობს, რაც შეიძლება, თავშეკავებულად და თანმიმდევრულად დაიცვას საკუთარი პოზიცია, რომელზეც შეუძლია დამაჯერებლად იკამათოს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ისტერიული ადამიანი კი მისთვის ჩვეული, გაუგებარი «ლოგიკით» და «ნახტომისებრი» აზროვნებით, რომელსაც შულც-ჰენკე ჭადრაკის დაფაზე მხედრის გადაადგილებას ადარებს, ცდილობს ამ სიტუაციას გაექცეს. იგი აშკარად გრძნობს მეორე ადამიანის განწყობას, რომელიც უშედეგოდ ცდილობს, მიუთითოს იმ გამოუსწორებელ შეცდომაზე, რასაც ისტერიული ადამიანი მთელი თავისი ძალებით ეწინააღმდეგება. თუ პარტნიორი უფრო მოქნილია, იგი ისტერიულ პიროვნებას უკან დასახევ გზას უტოვებს, რის გამოც საქმე ბევრად უკეთ წარიმართება; კუთხეში მიმწყვდევის ნაცვლად, ობსესიური ადამიანი ამ დროს უნდა შეეცადოს, სიტუაციას პარტნიორის თვალით შეხედოს და იგი მისი განცდებიდან გამომდინარე შეაფასოს.
   ისტერიული პიროვნება ინსტინქტურად არიდებს თავს შიზოიდურ პარტნიორებს, რადგან ისინი იოლად ამოიცნობენ მის ბუნებას და არავითარი სურვილი არა აქვთ, მისი პიროვნებით «აღფრთოვანდნენ» და «გუნდრუკი უკმიონ» მას. სამაგიეროდ, ისტერიული ადამიანები სიამოვნებით ირჩევენ პარტნიორებად დეპრესიულ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან, მათ თავიანთი «აღფრთოვანება» დაუდასტურონ, და სხვა, უფრო მეტი მოთხოვნებიც დაუკმაყოფილონ; მაგრამ ასეთი ურთიერთობა, ჩვეულებრივ, დიდხანს მხოლოდ დეპრესიული პარტნიორის მოთმინების ხარჯზე თუ გასტანს ხოლმე. ისტერიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნორმალური, თუ მათში ისტერიული თვისებები ძალიან მკვეთრად არ იჩენს თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტოქეობისა და ურთიერთშეჯიბრების სურვილი მათ შორის აუცილებლად საჯილდაო ქვად გადაიქცევა.
   მხატვრული ლიტერატურა მდიდარია შესანიშნავად აღწერილი ისტერიული ქალებით. ასეთია, მაგალითად, მოემის «ლუიზე», სკარლეტი მარგარეტ მიჩელის რომანში «ქარწაღებულნი»; პუშკინის თუ ფონტანეს წერილებშიც უმთავრესად ისტერიული პარტნიორი ქალების რთული ხასიათია აღწერილი. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ზღაპარი «ოქროს თევზი და მებადური».

ისტერიული ადამიანი და აგრესია


   აგრესიის სპეციფიკური ფორმა, რომელსაც ბავშვი 4-დან 6-წლამდე დამატებით შეიძენს, არის «მეტოქეობა» და «კონკურენცია». ამასთან, როგორც ეს ნებისმიერი სიახლის დანერგვის დროს ხდება, აქაც შენარჩუნებულია ადრე არსებული აგრესიის ფორმები. ამ შემთხვევაში, «ბრძოლისა» და «მოპოვების» მთავარ აგრესიულ ფორმებთან ერთად, სქესობრივად სპეციფიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. აგრესიის ამ ფორმით ადამიანი ცდილობს, დაამტკიცოს საკუთარი ღირებულება და ებრძვის ყველაფერს, რაც ამ უკანასკნელს საფრთხეს შეუქმნის. ამ დროს აგრესია უპირატესად ვლინდება მეტოქესთან ბრძოლის სურვილში და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება.
ზემოაღწერილი ობსესიური პიროვნებისგან განსხვავებით, ისტერიული ადამიანი აგრესიას ხშირად მოხერხებულად, სპონტანურად, ანგარიშმიუცემლად, დაუფიქრებლად გამოავლენს; სამაგიეროდ, ასეთი აგრესია ხანმოკლეა და შურისძიების ხასიათს ატარებს. იგი იმპულსური გამოვლინების სხვადასხვა ხარისხით, თვითნებური და ნაკლებად ობიექტურია.
   რაც უფრო ძლიერია ადამიანში ისტერიული თვისებები, მით მეტად მიმართავს იგი აგრესიას პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად; ამ დროს ვხვდებით აგრესიის შერეულ ფორმებს, თვითგანდიდებით დაწყებული და თაღლითობის უკიდურესი ფორმებით დამთავრებული. აღნიშნული აგრესია განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება, თუ საქმე ადამიანის ნარცისისტული ბუნების შეურაცხყოფას ეხება. ამ დროს ადამიანი შეპყრობილია პატივმოყვარეობის დაუცხრომელი სურვილით; იგი ცდილობს, საკუთარი თავი წინა პლანზე წამოსწიოს და «პირველი მევიოლინის» როლში მოგვევლინოს. მისთვის ორივე სქესის ნებისმიერი ადამიანი პოტენციური მეტოქეა, რომელსაც იგი სიამოვნებით გაუსწორდებოდა საკუთარი დიდების მოსაპოვებლად. ისტერიულ ადამიანებთან ხშირად ვხვდებით ე.წ. «იმპონირების» ფორმას, როდესაც მათ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა სურთ. ეს სურვილი, შესაძლოა, მით უფრო ძლიერი იყოს, რაც უფრო ნაკლებად თავდაჯერებულია ადამიანი, და რაც უფრო დიდია განსხვავება წარმოსახვასა და რეალობას შორის. თვითკრიტიკისა და თვითკონტროლის ნაკლებობის გამო, აგრესიას ამ შემთხვევაში მეტისმეტად იმპულსური ხასიათი აქვს და მას ადამიანი საკმაოდ გაზვიადებულად გამოხატავს, რაც საერთოდ სჩვევიათ ხოლმე აგრესიულ პიროვნებებს. პარტნიორის წინააღმდეგ აგრესიის დროს ასევე თავს იჩენს განზოგადების ტენდენცია; მაგალითად, «ყველა კაცი ჩვარია», «ყველა ქალი სულელია» და ა.შ.
   ისტერიული აგრესია ხშირად ბობოქარ ქარიშხალს მოგვაგონებს; მაგრამ, თუ შიზოიდური პიროვნება ამგვარ აგრესიას იმ დროს გამოხატავს, როდესაც მას ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, ისტერიული ადამიანი მას სიტუაციის დრამატიზებისა და სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს. იგი ძალიან კმაყოფილია, როდესაც თავისი აგრესიით ადამიანებს შიშის ზარს სცემს, რადგან ფიქრობს, რომ ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიით. ისტერიული ადამიანისთვის თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა; შემდგომ კი ისტერიულ აგრესიას შეიძლება «არალოგიკურიც» ვუწოდოთ. ამის მაგალითია შემდეგი შემთხვევა:
   ცოლი საშინელი აფექტის მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ქმარმა მას ოჯახის მიმართ არხეინი დამოკიდებულების გამო მშვიდად და სამართლიანად უსაყვედურა. ქალი საერთოდ არ დაინტერესებულა ქმრის კონკრეტული შენიშვნით და იგი, თავის მხრივ, საყვედურებით აავსო, რასაც საქმის ვითარებასთან არაფერი ჰქონდა საერთო; ქალმა ამით საქმე თავის სასარგებლოდ «შემოატრიალა» და რეალობიდან გაქცევით უშველა თავს.
საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ისტერიული ადამიანის ამგვარი ქცევა მისი თვითშეფასების მყიფე და ლაბილური გრძნობით იყოს გამოწვეული, რის გამოც იგი, სრულიად უვნებელი კრიტიკისა და მცირე შემოტევების დროსაც კი, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. რაკი საკუთარ თავთან მის იდენტურობას ძალიან სუსტი საფუძველი გააჩნია, ამიტომ მისი შერყევა ადვილად შეიძლება. ისტერიულ ადამიანში, შესაძლოა, თავმოყვარეობის სულ მცირე შელახვამაც კი ძლიერი სიძულვილი გამოიწვიოს, რომელშიც აშკარად შეიგრძნობა შიში იმის წინაშე, რომ იგი «სიყვარულის ღირსი არ არის».
ისტერიული აგრესიის განსაკუთრებული ფორმაა «ინტრიგა». ოჯახური წარმოშობის «გადმონაშთი» აქაც შეიძლება დავინახოთ; ადამიანი ამ დროს ქვეცნობიერად კვლავ იმეორებს იმ სიტუაციას, როდესაც იგი მშობლებსა და სავარაუდო და-ძმას შორის იდგა, მათ შორის ურთიერთობებს აგვარებდა და აქეთ-იქით აწყდებოდა, რადგან მას ერთი მშობელი მეორის წინააღმდეგ განაწყობდა ან და-ძმას ერთმანეთს უპირისპირებდა. ამ დროს იგი ოჯახური პრობლემების მოგვარების ობიექტი ხდებოდა და მის ზურგზე გადადიოდა ცოლქმრული კონფლიქტების მთელი სიმძიმე. ასე იქმნება ინტრიგების, ერთმანეთის ლანძღვაგინების, ცილისწამებისა და აშკარა შურისძიების მთელი ქსელი; და თუ ამ ყველაფერს სქესობრივი ნიშნით აღბეჭდილი სიძულვილიც ემატება, მაშინ, შესაძლოა, შურისძიებამ უკიდურესი ფორმები მიიღოს.
ისტერიული აგრესიის დროს ადამიანი სულ უფრო მეტად იჩენს მიდრეკილებას «სცენებისადმი», რომლებშიც იგი ძირითადად «მაყურებელზე» გათვლილ, სამსახიობო ნიჭს ავლენს; ისტერიული აგრესიის გამოსახატავად ხშირად გამოიყენება დაუფარავი აღშფოთება, პათეტიკური ჟესტები და დაუცხრომელი ბრალდებები, თუმცა ისტერიული პიროვნება, როგორც კი დაინახავს, რომ მაყურებელი აღარ ჰყავს, აგრესიის გამოხატვის ამ საშუალებებს აღარ მიმართავს.
   მოვიყვანთ იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება სძულდეს მამაკაცები ქალს, რომელიც აშკარად გამოხატული ისტერიული ნიშნებით გამოირჩევა და შურისძიების გრძნობითაც არის შეპყრობილი.
   ქმარი იძულებული იყო, ცოლის მოთხოვნა შეესრულებინა და სიგარა ზამთარშიც აივანზე მოეწია, რადგან ქალს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ნერვებს ვერ თოკავდა და სიგარის კვამლს ვერ იტანდა. იგი ქმარს შვილების თანდასწრებით დასცინოდა და მას «პრიმიტივს» ეძახდა, როდესაც კაცი ტელევიზორში ფეხბურთის თამაშს უყურებდა; მოკლედ, ქალი აგდებულ დამოკიდებულებას გამოხატავდა ქმრის ნებისმიერი საქციელის მიმართ, რადგან თავად მის ინტერესებს არ იზიარებდა და მას აშკარად ყველაფერში ჩამორჩებოდა. ქმარი ცოლზე განათლებული იყო და ის წიგნები, რომლებსაც იგი ქალს წასაკითხად ურჩევდა, ამ უკანასკნელს მოსაწყენად ეჩვენებოდა, რადგან მათი შინაარსი არ ესმოდა და არც ცდილობდა გაგებას. ქმრის სექსუალურ სურვილებს ქალი უსამართლო მოთხოვნებად მიიჩნევდა და, რაღაც მიზეზებით, მათ შესრულებას თავს არიდებდა. ამრიგად, ქმარი მის თვალში მხოლოდ უარყოფით შეფასებას იმსახურებდა; ამით იგი ქვეცნობიერად იძიებდა შურს მამაზე, რომელსაც მასზე უფრო განათლებული და ჭკვიანი მისივე და გამორჩეულად უყვარდა. მოვიყვანთ ინტრიგის მოწყობის ერთ მაგალითს:
   ჩემთან დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, ერთმა პაციენტმა მითხრა, რომ იგი ფსიქოთერაპიულ მკურნალობას ადრე ერთ ჩემს კოლეგასთანაც გადიოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ასე მოეხდინა ჩვენი შედარება, რათა ჩვენ შორის უკეთესი გამოევლინა. პაციენტი ჩემს კოლეგას და მისი მკურნალობის მეთოდს უარყოფითად ახასიათებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოლეგას თურმე ჩემზეც იმავეს ეუბნებოდა. ასე რომ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ პაციენტი ერთსა და იმავე დროს ორ ადგილას მკურნალობდა. აღმოჩნდა, რომ ახლა იგი ჩვენც ისევე გვაგულიანებდა ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც ერთ დროს თავის მშობლებთან იქცეოდა. პაციენტი ამით შურს იძიებდა იმის გამო, რომ მშობლები მას ცუდად ექცეოდნენ, შვილს ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებდნენ და ამით ცდილობდნენ ბიჭის თავის მხარეზე გადაბირებას. ამრიგად, პაციენტი ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად მოიქცა, რათა ამჯერად სარგებელი ჩვენგან მიეღო, როგორც ერთ დროს, მშობლებისაგან მიღებული სიკეთით სარგებლობდა. ამასთან იგი მაშინდელივით არც ერთ ჩვენთაგანთან გულწრფელი არ იყო და თერაპიულ მკურნალობას ბოიკოტს ასეთი გზით უცხადებდა.

ცხოვრებისეული სივრცე


   რატომ ხდება, რომ ისტერიული ადამიანი ასე ძლიერად განიცდის შიშს აუცილებლობისა და გარდუვალობის წინაშე? რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ, საკუთარი იმპულსებიდან გამომდინარე, ასე ცალმხრივად გამოავლენს ცენტრიდანულ ანუ მიზიდულობის ძალას, რომელიც ცვლილებების იმპულსს წარმოადგენს? თუკი კვლავ შევავლებთ თვალს ამ მდგომარეობის შესაბამის თუ საპირისპირო ფაქტორებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისტერიულ ადამიანს გააჩნია თანდაყოლილი, ემოციური ცხოველმყოფელობა, ქმედითობა და ადამიანებთან ურთიერთობისკენ სპონტანური ლტოლვა, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინოს და შინაგანი განცდები გამოხატოს; ეს არის ადამიანური კონტაქტების აუცილებლობა, ამით გამოწვეული სიხარული, ასევე პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების აშკარა სურვილი. ასეთი განწყობის გამო, ისტერიული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მეორე ადამიანის თანადგომა და ის სიმპათია, რომელსაც ეს უკანასკნელი მის მიმართ გრძნობს; ეს დადებითად მოქმედებს მის სიცოცხლისუნარიანობასა და ხასიათის თვისებებზე: ისტერიული ადამიანი, თავისი ინტენსიური ქმედებებით, უფრო გულღია და შემწყნარებლური ხდება ცვლილებების მიმართ და თან გარკვეული მომხიბვლელობითაც გამოირჩევა. ასეთ ადამიანებს არ სჩვევიათ მოწყენილობა; მუდმივად მღელვარე სიტუაციების ძიებაში არიან და მათი თანამონაწილენი ხდებიან; თანდაყოლილი მომხიბვლელობის და ხშირად სილამაზის წყალობითაც ისტერიული ადამიანები ადვილად იმსახურებენ სიმპათიას და სიყვარულს, ამიტომ შეჩვეულნი არიან იმ აზრს, რომ, უბრალოდ, ისეთები მოსწონთ, როგორებიც არიან. თუმცა ეს უპირატესობები, შესაძლოა, მათ «დანაელების ხარკად» შემოუბრუნდეთ, რადგან ისტერიული ადამიანები იმ რწმენით ცხოვრობენ, რომ ისინი უნდა უყვარდეთ და ყველას აღაფრთოვანებდნენ, რომ მათ ამისათვის ხელის განძრევაც კი არ სჭირდებათ. ამის გამო ისტერიულ ადამიანებს, მხოლოდ თავიანთი გარეგნობის იმედით, მუდმივად ექმნებათ იმის მოლოდინი, რომ ყველგან და ყოველთვის უპირობოდ უყვართ. რაკი ამგვარი გუნება-განწყობა ისტერიულ პიროვნებას პრობლემებს უქმნის, საჭიროა, იგი გარესამყაროს მხრივ გარკვეულ გავლენებს განიცდიდეს, რაზეც ახლა გვექნება მსჯელობა.
ფსიქოანალიზური გამოკვლევების თანახმად, ისტერიის ნიშნები ადამიანში 4-დან 6-წლამდე ვლინდება. განვითარების ამ ფაზაში ბავშვი პატარაობის ასაკიდან გამოდის და ზრდის პროცესში ერთვება, რათა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. ამ დროისთვის მას უკვე გააჩნია უნარ-ჩვევებისა და ქცევების მდიდარი მარაგი, თუმცა ახლა იგი უკვე ახალი ამოცანების წინაშე დგას: ისტერიული პიროვნება ნელ-ნელა უნდა ეზიაროს მოზრდილთა სამყაროს და გაეცნოს მათი თამაშის წესებს. ადამიანმა განვითარების საწყის ეტაპზე უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი სქესობრივი როლი, რომელიც მისთვის შესაძლებლობების გამოვლინებისა და სხვებთან თანამშრომლობის საწინდარი გახდება. ამასთან, მან უარი უნდა თქვას მისთვის ესოდენ ჩვეულ, ილუზორული სურვილების სამყაროზე, რომლის წყალობითაც მას ექმნება წარმოდგენა საკუთარ უსაზღვრო შესაძლებლობებზე, იმის საპირისპიროდ, რასაც, ჩვეულებრივ, «რეალობას» ვუწოდებთ. ისტერიულმა პიროვნებამ სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა გააცნობიეროს საკუთარი ნებისა და უნარ-ჩვევების შეზღუდული შესაძლებლობები.
   ამრიგად, ამ დროისთვის ისტერიული პიროვნების შინაგანი თუ გარეგნული განცდების სამყარო ნელ-ნელა ფართოვდება, მდიდრდება და ფაქტობრივად უკვე მოიცავს იმ ემოციურ სფეროს, რომელსაც მოზრდილი ადამიანის ცხოვრება გულისხმობს. ბავშვისაგან ახლა უკვე გააზრებულ საქციელს, პასუხისმგებლობას და გონიერებას მოელიან: მოკლედ, ბავშვმა ამ დროისთვის მრავალი თვალსაზრისით უნდა გამოავლინოს რეალობასთან თანაარსებობისა და მისი აღქმის უნარი, რაც ასევე მისი ზრდის პროცესს განეკუთვნება. საკუთარი განვითარების გზაზე საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად ბავშვს შთამბეჭდავი მაგალითები სჭირდება, რომლებსაც იგი მისაბაძად გაიხდის; მან წინასწარ უნდა განიცადოს ის, რაც შემდგომ შეიძლება მისი მისწრაფებების საფუძველი გახდეს; ამიტომ მისთვის მიბაძვის ღირსი მხოლოდ მომხიბვლელი და რიგიანი გარესამყარო შეიძლება იყოს. ამ დროისთვის მშობლები უკვე ახალი მოთხოვნების წინაშე დგანან. მათი შვილი ის პატარა ბავშვი აღარ არის, რომელსაც მშობლები, ლამის არის, ღმერთებად წარმოედგინა. ეს ბავშვი ახლა კრიტიკული თვალით უყურებს ყველაფერს, დაუცხრომლად ესწრაფვის ცოდნას, სვამს შეკითხვებს და მოელის, რომ უფროსები მას დასაბუთებულ პასუხებს გასცემენ. ბავშვს სურვილი აქვს, რომ იგი პიროვნებად აღიქვან და სიყვარულის ღირსად ცნონ; ამასთან მას, უპირველესად, სურს იცოდეს, რომ თავად მისი სიყვარულიც რაღაცას ნიშნავს და მასაც შეუძლია მშობლებისთვის რაღაც გაიღოს: ბავშვს ამ ასაკში უყალიბდება სქესობრივი განვითარებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები; იგი ამ წესების გათავისებას ცდილობს და სურს, რომ ამის გამო სერიოზულად აღიქვან. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობლები შეგნებულად მიუდგნენ ბავშვის ნებისმიერ საქციელს, რადგან მას სწორედ ახლა სჭირდება ის სანიმუშო სურათ-ხატები, რომლებიც დაეხმარება, ხელისცეცებით შეეცადოს თვითშეფასების ჯანსაღი განცდის, საბოლოო ჯამში კი, საკუთარი იდენტურობის მოპოვებას.
   ისტერიულ პიროვნებებს სწორედ ამ დროს აკლიათ ის თანადგომა და ხელმძღვანელობა, რაც ესოდენ საჭირო წინარე სურათ-ხატების შექმნაში დაეხმარებათ. იმისათვის, რომ ადამიანი ბავშვობის ასაკს გასცდეს, ცხოვრება რეალურად აღიქვას, ბავშვური ქცევები მოიშალოს, პასუხისმგებლობის აუცილებლობა შეიგრძნოს და ცხოვრებისეულ სიძნელეებს შეეჭიდოს, გარესამყარომ ისეთი წესრიგი უნდა შეუქმნას, რომელშიც მის არსებობას აზრი ექნება. თუ მშობლები მოინდომებენ, რომ ბავშვი ისეთი გახადონ, როგორებიც თავად არიან, ამ შემთხვევაში ბავშვსაც უნდა გაუჩნდეს მათთან იდენტურობის სურვილი. ამ დროს იგი გამოავლენს მზაობას, დათმოს ადრინდელი თავისუფლება და ხელი აიღოს ბავშვურ ჩვევებზე. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი ასაკისათვის შესაფერისი უნარ-ჩვევები და სპეციფიკური სქესობრივი ნიშნები, რათა ახალი ამოცანების შესრულებისას სიხარულის, სიამაყისა და თვითშეფასების ჯანსაღი განცდა დაეუფლოს.
ახლა წარმოვიდგინოთ ის ბრწყინვალე თუ ქაოტური გარესამყარო, სადაც დღეისათვის განიკითხავენ იმას, რაზეც ხვალ არათუ თვალს დახუჭავენ, არამედ აღიარებენ კიდეც: გარემო, რომელშიც ბავშვს გამუდმებით პატარა, სულელ და უმნიშვნელო არსებად აღიქვამენ, მის შეკითხვებს სერიოზულად და გულწრფელად არ პასუხობენ. ის მშობლებიც გავიხსენოთ, ბავშვის თანდასწრებით საშინელ სცენებს რომ აწყობენ, ერთმანეთთან ურთიერთობებს არკვევენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ შვილს ჯერ არაფერი ესმის და ამიტომ საჭირო არ არის მასთან თავის შეკავება. თუმცა იგივე მშობლები ბავშვისგან მოითხოვენ, რომ იგი გონივრულად მოიქცეს და თუ მოზარდი მშობლების საქციელს მიბაძავს, მას ამისთვის კიცხავენ და ვერც კი ხვდებიან, რატომ იქცევა იგი ასე. გამოდის, რომ ის, რაც მშობლებისთვის ჩვეულებრივი საქციელია, ბავშვს თავხედობად ეთვლება და ამისათვის უნდა დაისაჯოს, თანახმად გამოთქმისა: «quod licet jovi, non licet bovi».
ამრიგად, ბავშვისთვის მცდარ ორიენტირს ის ქაოტური, წინააღმდეგობრივი და უაზრო გარესამყარო წარმოადგენს, რომელშიც არ არსებობს წესრიგი, ჯანსაღი, წარმმართველი ხელი და სანიმუშო სურათ-ხატები ბავშვის ქცევების ჩამოყალიბებისათვის; ამიტომაც იგი ამ დროს უპასუხისმგებლო ბავშვად დარჩენას ამჯობინებს.
   აი, მაგალითი ერთი გოგონას დღიურიდან: «უცნაური თუ იქნები, ყველა ყურადღებას მოგაქცევს. ავად თუ გახდები, დედა მზრუნველობას არ მოგაკლებს; მაგრამ, თუ ჯანმრთელი და «ნორმალური» ხარ, ეს ჩვეულებრივი ამბავია; ამიტომ ეშმაკობა უნდა იხმარო, თავი მოიკატუნო და ადამიანებს ის დაანახო, რის დანახვაც უნდათ. ამრიგად, იყავი მუდამ სახეგაცისკროვნებული, მხიარული და სანიმუშო ბავშვი, რომელიც ყველას სიყვარულით შეჰყურებს. მაშინ შენც ყველასთვის «საყვარელი» იქნები, სამაგიეროდ, მიიღებ იმას, რაც გჭირდება. თუ ადამიანებს ისე ძალიან არ უყვარხარ, რომ შენი სანიმუშო ქცევით მიზანს მიაღწიო, მაშინ მოიქეცი ისე, რომ აიძულო ისინი, შენზე იზრუნონ და ამ გზით გაიტანო შენი. ამიტომ, რაც უფრო ხშირად იავადმყოფებ, მით უფრო მეტად შეგიყვარებენ. კონფლიქტები უფროსებთან გარდამავალ ასაკში დამეწყო. 12 თუ 13 წლისა ვიქნებოდი, სტუმრად დეიდა რომ გვეწვია. მე, როგორც მჩვეოდა, კიბეზე ჩავირბინე და დეიდას გულში ჩავეკარი. «ნუ ხარ ასე ეგზალტირებული!» – დამტუქსა დედამ. «რას ნიშნავს ეგზალტირებული?» – ვკითხე მე. «აღგზნებულს და დაძაბულს ნიშნავს» – მომიგო მან. ახლა კი ნამდვილად აღარაფერი მესმოდა. თუ აქამდე ყოველთვის «საყვარელი ბავშვი» ვიყავი და «სანიმუშოდ» ვიქცეოდი, ახლა ჩემს საქციელს რატომღაც «აღგზნებული» და «დაძაბული» უწოდეს. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ თურმე ყველა ასაკს ქცევის თავისი კანონები აქვს. ახლა უკვე ვიცოდი, რომ ბავშვს ყველაფერი ეპატიება, მოზარდს უკვე ნაკლებად პატიობენ რამეს, ზრდასრული ადამიანისთვის კი არაფრის პატიება აღარ შეიძლება.
   ამჯერად ახალ ხრიკს მივმართე, რადგან ვიცოდი, რომ იგი ყველაზე მეტად ძლიერ სქესთან ურთიერთობაში გამომადგებოდა; ახლა უკვე გულუბრყვილო, უცოდველი და გამოუცდელი გოგონას როლი უნდა მეთამაშა, უზარმაზარი, გულისამაჩუყებლად უმწეო თვალებით რომ შეჰყურებს სამყაროს და მხოლოდ სიკეთეს მოელის მისგან. ღმერთო, რა გულუბრყვილო ვიყავი მანამ, სანამ ერთხელ ჩემმა ნაცნობმა ხანდაზმულმა ქალმა არ მირჩია, ჩემი ეს არაამქვეყნიური გულუბრყვილობა უფრო გამიზნულად გამომეყენებინა. მართლაც, ამის შემდეგ თვით ყველაზე ცნობილი დონ-ჟუანებიც კი ქედს იხრიდნენ ჩემი გულუბრყვილობის წინაშე და ვეღარ ბედავდნენ ჩემთვის უხამსი წინადადებების შემოთავაზებას. გუშინწინ ჩემი ბავშვობა რომ გავიხსენე, დედამ მითხრა: «ინტერნატში რომ იყავი, ხანდახან საერთოდ მავიწყდებოდა შენი არსებობა; ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იქ თავს ბედნიერად გრძნობდი, რადგან ძალიან ხალისიან წერილებს იწერებოდი». მაგრამ დედაჩემი ხომ ის ქალი იყო, რომელმაც, «მიწის ქვეშ რა ხდებოდა», ისიც იცოდა! მაშ რატომ დაიბრმავა თავი იმ ჩემი ცენზურაგამოვლილი წერილებით?! დიახ, მას სურდა, ჩემი მავედრებელი წერილების მიუხედავად, ინტერნატში დავეტოვებინე. აი, ასეთ დროს ერთადერთი იარაღი არსებობს: ავადმყოფობა. მეორე გოგონამ კი ასეთი რამ თქვა:
«ასეთი სულელი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდე (ის თავის ოჯახს გულისხმობდა) და გონიერება გამოვიჩინო? არა, ეს ჩემთვის მეტისმეტად მტანჯველი იქნება».
   გარემოსადმი ისტერიული ადამიანის დამოკიდებულების მაგალითი:
ოცდაათიოდე წლის მამაკაცმა კლინიკაში მკურნალობა შიშების სიმპტომებით დაიწყო; იგი კინოში გასასვლელთან ახლოს ჯდებოდა, ვერ მგზავრობდა ვერც ჩქარი მატარებლით («იმის გამო, რომ სადგურებს შორის ძალიან დიდი მანძილებია... მემანქანე რომ ვყოფილიყავი, შიში ამიტანდა თუ არა, მატარებელს გავაჩერებდი და გადმოვიდოდი!»), ვერც თვითმფრინავით; მანქანითაც კი, თუ მას ხიდზე უნდა გაევლო (ამ დროს პაციენტი მანქანიდან უნდა გადმოსულიყო და ხიდის მოაჯირის გასწვრივ, ფეხით გაევლო გზა). მას საშინლად ეშინოდა ოთახში მარტო დარჩენისა, რადგან ეგონა, რომ ამ დროს ჭერი თავზე ჩამოექცეოდა. ახალგაზრდა კაცი გრძნობდა, რომ მისი შიშები უსაფუძვლო იყო და ახლა იმის ეშინოდა, არ გაგიჟებულიყო (რადგან მისი ფსიქიურად დაავადებული ძმა კლინიკაში გარდაცვლილიყო).
მოვიყვანთ რამდენიმე ფაქტს ამ ახალგაზრდა კაცის ცხოვრებიდან, რათა გასაგები გახდეს მისი შიშების გამომწვევი მიზეზები:
პაციენტი ოჯახში პირველი შვილი იყო, რვა წლის შემდეგ მას ძმა გაუჩნდა, ამიტომ დედა მას მეტისმეტად ანებივრებდა. ბიჭის მამა ობსესიური თვისებების, წესიერი კაცი იყო; ბიუროში მოხელედ მუშაობდა, სამუშაო სახლში მოჰქონდა და მთელი დღეობით თავის ოთახში იკეტებოდა. ამიტომ, ოჯახის წევრები მას მხოლოდ სადილობისას, სუფრასთან თუ ხვდებოდნენ. დედა ბიჭს მამისგან ფარულად ანებივრებდა, ფულს აძლევდა, მისთვის უამრავ ტანსაცმელს ყიდულობდა, სკოლაში უსიამოვნების დროს კი მტკიცე კედელივით იყო აღმართული შვილსა და გარესამყაროს შორის. მამა ვერ ამჩნევდა და არც აინტერესებდა, რა ხდებოდა ოჯახში. ის კი არა, კმაყოფილიც კი იყო, რომ სიმშვიდეს არავინ ურღვევდა. ბავშვობაში ბიჭი ხშირად ავადმყოფობდა, რაც დედას საბაბს აძლევდა, შვილი უფრო მეტად გაეთამამებინა. ქმარი ცოლზე ბევრად უფროსი და თან ერთობ ჭკუადამჯდარი კაცი იყო, ქალი კი ფიქრობდა, რომ ქორწინებაში არ გაუმართლა; ამის გამო იგი ცხოვრების აზრს მხოლოდ შვილში ხედავდა და მის განებივრებას ყოველნაირად ცდილობდა, რათა მისი სიყვარული მოეპოვებინა. როდესაც ბიჭი წამოიზარდა, მეგობართან ერთად რომელიღაც შავ ბიზნესში ჩაერთო, ბლომად ფულს შოულობდა, ქალებში დროს ატარებდა და უზრუნველად ცხოვრობდა; მისი შავ-ბნელი საქმეების შესახებ კი მხოლოდ დედამ იცოდა. მამას შვილის საქმიანობაზე არაფერი უნდა გაეგო, რადგან, მისი ხასიათიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, შვილის საქციელს ნამდვილად არ მოიწონებდა (ეს მეტად წესიერი და პატიოსანი კაცი, თუ ხალხით გაჭედილ ავტობუსში ბილეთის შეძენას ვერ მოახერხებდა, მეორე დღეს ორ ბილეთს ყიდულობდა!). ყმაწვილი ახლა სკოლას ხშირად აცდენდა, ბნელ საქმეებში იყო ჩათრეული და შეიძლებოდა ეს ყველაფერი ყოველ წუთს გამოაშკარავებულიყო. ბიჭი, ამ ორმაგი ცხოვრების გამო, შიშმა შეიპყრო; მამის თვალში ის წესიერი შვილი იყო, მის ზურგს უკან კი თაღლითი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა და დედის მფარველობით სარგებლობდა.
ყმაწვილი გულის არეში ტკივილებს უჩიოდა, თავბრუ ეხვეოდა და საშინლად აფორიაქებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი თაღლითური ცხოვრება სომატურად ამ სიმპტომებით გამოვლინდა. საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მამასთან მას არანაირად ხიბლავდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ვალდებულება-მოვალეობის კაცი იყო, არამედ იმიტომაც, რომ მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა. ყმაწვილი კვირადღეს მამასთან სამუშაო ოთახში შედიოდა, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა. მამა-შვილი ერთმანეთის მოშორებით ჯდებოდა; მამა გაზეთის კითხვას იწყებდა, შვილი კი ილუსტრირებულ ჟურნალს ათვალიერებდა. ისინი ისხდნენ და დუმდნენ, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. ყმაწვილს საკუთარი მამაც და მისი ცხოვრების წესიც უცნაურად ეჩვენებოდა; დედასთან ერთად იგი ზურგსუკან დასცინოდა კიდეც «მოხუცის» მარტოსულობას და წესიერებას. დედა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში ბევრად უფროს კაცს გაჰყოლოდა ცოლად, მთელი ამ წლების განმავლობაში ბავშვობის ასაკს ვერ გასცდენოდა და ქმარს ყველაფერში ეწინააღმდეგებოდა. შვილის წყალობით, ქალი ახლა იმ «დიდებული ცხოვრებით» ცხოვრობდა, რომელზეც ადრე ოცნებობდა; ამიტომაც ვერ შეძლო, შვილი სწორ გზაზე დაეყენებინა და ბნელი საქმიანობისათვის აერიდებინა.
   ამრიგად, ყმაწვილმა ცხოვრებაში ვერ იპოვა თავისი გზა და ადგილი: მას ფეხქვეშ მიწა თანდათან ეცლებოდა და საშინელ შიშს შეეპყრო, რადგან გრძნობდა, რომ მალე ყველაფერი თავზე დაემხობოდა (ოთახში ჭერის ჩამონგრევა) ან ფეხქვეშ საყრდენი გამოეცლებოდა (ხიდზე გავლის შიში). ყმაწვილის სხვა შიშები დაკავშირებული იყო იმ სიტუაციებთან, საიდანაც, «თავს ვეღარ დაიძვრენდა» და მისი «თაღლითური» ცხოვრება გამოაშკარავდებოდა (ტკივილები გულის არეში და თავბრუსხვევა). ამასთან, ყმაწვილს იმის შიშიც სტანჯავდა, რომ შეიძლება გაგიჟებულიყო, რაც, ნაწილობრივ, ფსიქიურად დაავადებულ ძმას უკავშირდებოდა, ნაწილობრივ კი მისი ცნობიერების ყრუ გამოძახილი იყო, რომ ეს ყველაფერი ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა.
   ისტერიული თვისებების განვითარებას ხელს უწყობს ასევე ე.წ. «ოქროს გალიად» წოდებული საზოგადოება, რომლის წევრებსაც სახელი და პრესტიჟი უფრო აღელვებთ, ვიდრე საკუთარი შვილების ბედი, რომლებსაც გაურკვეველ «პერსონალს» გადაულოცავენ ხოლმე აღსაზრდელად და გამუდმებით შეახსენებენ თავიანთ წარმომავლობას და მშობლების როლს საზოგადოებაში. ამასთან, შვილებს ჩააგონებენ, რომ ამხანაგები კლასში შურის თვალით უყურებენ, რადგან მათ «ყველაფერი აქვთ», ამიტომ, მათი მხრივ უმადურობა იქნება, თუ ისინი «ბედნიერი ბავშვების» როლს არ ითამაშებენ. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები საკუთარ უბადრუკობას გაუგებარ ზესთამჩენობად წარმოაჩენენ და თავადვე სჯერათ, რომ ნამდვილად შესაშური ცხოვრება აქვთ.
თუ მშობლები მისაბაძ სურათ-ხატად ვერ გამოდგებიან, ამ შემთხვევაში შვილს ორი გზა რჩება: იგი მშობლებთან და მათ ვითარს ფასეულობებთან მაინც ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, ან მშობლებს სერიოზულად აღარ აღიქვამს და ამის გამო თავს სრულიად მიტოვებულად გრძნობს. უკვე ზრდასრულ ასაკში ეს ადამიანი კვლავ ძველებურად იქცევა, ამ ოპოზიციაში რჩება და არ სურს გახდეს «მშობლებისნაირი», რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება გონივრული აღზრდის შედეგად ჩაითვალოს.
ბავშვი ძნელად ეგუება, როდესაც მშობლები მათი სქესისთვის განკუთვნილ როლებს აღარ ასრულებენ; ამ დროს დედა შარვალში გამოწყობილი დადის, მამა კი «ფლოსტებიან გმირს» თამაშობს. ამ შემთხვევაში «მამაკაცურობისა» და «ქალურობის» დამახინჯებული ფორმები იგულისხმება და არა საზოგადოების მიერ ზუსტად დადგენილი, კონვენციური როლები. «ფლოსტებიანი გმირი» ცოლის მიერ დაშინებული და პატივაყრილი მამაკაცია, ხოლო «ვაჟკაცი» ქალი საკუთარი სქესის მიმართ მეტოქეობის გრძნობითაა შეპყრობილი და სძულს არა მხოლოდ მამაკაცურ, არამედ საკუთარ სქესთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ. ბავშვს ამ დროს არ ჰყავს თვალწინ შესაფერისი ნიმუში, რათა შეიცნოს საკუთარი სქესის მნიშვნელობა, რაც, სულ მცირე, აფერხებს მისი განვითარების პროცესს, მოგვიანებით კი პრობლემებს უქმნის მოპირდაპირე სქესთან ურთიერთობაში. მშობლების მხრივ სქესობრივი საკითხისადმი გონივრული მიდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვისათვის, რათა მან შეძლოს და მოახდინოს მისთვის მომხიბლავი «მამობრივ-ვაჟკაცურისა» თუ «დედობრივქალურის» იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან.
   საზოგადოებამ უნდა შესთავაზოს მამაკაცსა და ქალს მრავალნაირი შესაძლებლობა, რათა მათ საკუთარ თავზე აიღონ სქესობრივი როლების შესრულება და ამით დაადასტურონ მამაკაცისა და ქალის არსებობის მრავალფეროვნება. ცალმხრივად წარმოდგენა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს «მამაკაცი» ან «ქალი», როგორ უნდა იქცეოდეს თითოეული მათგანი, სათავეს იმ იერარქიული ან იდეოლოგიური ძალების პრეტენზიებში იღებს, რომლებსაც დღესდღეობით ვუპირისპირდებით ამ «როლების» ემანსიპაციისათვის. ეს დაპირისპირება ორივე სქესისთვის განკუთვნილ როლებს ეხება და ბორკილებისაგან მათ გამოხსნას ცდილობს. სხვადასხვა კულტურაში მამრობითი და მდედრობითი სქესის როლების განსხვავებულად განაწილების ფაქტი დაგვანახებს, რომ ამ როლებს დროის ფაქტორი განსაზღვრავს და არა ბიოლოგიური მოცემულობა, როგორც ამას უმთავრესად წარმოვიდგენთ ხოლმე. ყოველი საზოგადოება მამაკაცისა და ქალის ისეთ როლებს ქმნის, როგორიც მას სჭირდება, ამას კი უკვე ბავშვის აღზრდის ადრეული პერიოდიდან იწყებს. მარგარეტ მიდს თავის წიგნში «მამაკაცი და ქალი» ამის შთამბეჭდავი მაგალითები მოყავს.
   ადამიანში ისტერიული თვისებების განვითარებას ხელს უწყობს ასევე მშობლების წარუმატებელი ქორწინება; ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხებათ დედისერთა შვილებს და იმ ბავშვებს, რომელთაც ერთ-ერთი მშობელი თავისი პარტნიორის შემცვლელად ირჩევს. ამ დროს მშობელი ბავშვს მისი ასაკისთვის შეუფერებელ, მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს და იმ როლის შესრულებას აიძულებს, რომლისთვისაც ჯერ მომწიფებული არ არის; გარდა ამისა, იგი ბავშვს ადრევე უსპობს ცხოვრების ლაღ პერიოდს და ხელს უწყობს მის ნაადრევ მომწიფებას, რაც არ მოხდებოდა მისი ასაკის შესაფერისი, ნორმალური განვითარების დროს; მაგალითად, როდესაც ვაჟიშვილი ისეთი დედის მანუგეშებელი და მოკავშირე ხდება, რომელსაც მამამ იმედები გაუცრუა. ამ დროს ბავშვი მისი ასაკისთვის შეუფერებელ ამბებს ისმენს, რაც მას მძიმე ტვირთად აწვება. ის ამით ხარკს უხდის ნდობისათვის დედას, როგორც ძალიან ახლობელ და სანდო ადამიანს. დედას კი იგი მამასთან სამტროდ სჭირდება, ცდილობს გაუფუჭოს მასთან ურთიერთობა, რის შედეგადაც შვილი მამას მხოლოდ «დედის თვალით» უყურებს. ბავშვს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ორივე მშობელი ერთნაირად უყვარდეს, ორივეს მიმართ ისე გამოხატოს თავისი კეთილგანწყობა, რომ ამ დროს დანაშაულის გრძნობას არ განიცდიდეს. ბავშვის ინფანტილური თვისებების გვერდით მისი ასაკისთვის შეუფერებელი გონიერება იკავებს ადგილს. ამ დროს იგი თითქოს «გადაახტება» მამისაგან საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მომენტს, რაც შემდგომში ესოდენ მნიშვნელოვანია მამაკაცების წრეში დამკვიდრებისათვის. Mutatis mutandis იგივე ეხებათ გოგონებსაც. ამით ბიჭებსაც და გოგონებსაც ართმევენ შესაძლებლობას, ჯანსაღი ურთიერთობა დაამყარონ მოპირდაპირე სქესის მშობელთან.
   ამის შედეგად, ის თავსმოხვეული როლი, რომელიც ბავშვის არსს არ შეესაბამება, მას მხოლოდ იძულებით შესასრულებელ ფუნქციას კი არ აკისრებს, არამედ ჭეშმარიტი უსაფრთხოების გრძნობასაც უქრობს. ამასთან, ბავშვს, სხვა თვალსაზრისით, არსებითად ისევ ბავშვივით ეპყრობიან. ამიტომ ამგვარი ორმაგი დამოკიდებულება («ბავშვი უკვე დიდია», მაგრამ მას მაინც «ბავშვივით ეპყრობიან»), მასში დიდ დაბნეულობას იწვევს: უჩნდება არასრულფასოვნების შეგრძნება, რომ იგი მოლოდინებს ვერ ამართლებს, და ამ დროს ვერ აცნობიერებს, რომ მას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებენ.
მშობლები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან, რომ ცხოვრებაში მათ ოცნებებს აღსრულება არ ეწერათ, ხშირად ხელს უწყობენ ბავშვში ისტერიული თვისებების ჩამოყალიბებას. ამ დროს ისინი ბავშვს იმ ობიექტად აღიქვამენ, რომლითაც უნდათ მიაღწიონ იმას, რაშიც თავად ხელი მოეცარათ. ასეთი მშობლები ვერ გახდებიან ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითები და სწორი გზით ვერ წარმართავენ მის აღზრდას; ისინი ბავშვს აიძულებენ იმ როლის შესრულებას, რომელიც ხშირად არ შეესაბამება მის მიდრეკილებებს. ასეთი ბავშვისგან უმთავრესად ყალიბდება ისტერიულ-დეპრესიული შერეული, სტრუქტურული ტიპის ადამიანი.
   მსგავს შედეგებს ვიღებთ მაშინაც, როდესაც ბავშვს «დედიკოს და მამიკოს ამომავალი მზის» როლს მიაკუთვნებენ ხოლმე. ასეთი ბავშვი ყოველთვის სახეგაბრწყინებული, მხიარული, ხალისიანი და «მშობლების გულის გამხარებელია». მართალია, ამ თვისებების გამო იგი ყველას აღაფრთოვანებს და საყოველთაო სიყვარულსაც იმსახურებს, მაგრამ ამ დროს მოჩვენებითი ცხოვრებით ცხოვრობს, რის გამოც ასეთი ბავშვი ძალიან გვიან და ძნელად ახერხებს საკუთარ თავთან იდენტიფიკაციას; შესაძლოა, მან ეს როლი თავის მეორე ბუნებად გაიხადოს და ისე შეისისხლხორცოს, რომ სრულიად სხვა ცხოვრებით იცხოვროს. ასეთი ადამიანი, შესაძლოა, მძიმე დეპრესიაში ჩავარდეს და სულიერად დაეცეს, თუ მას ამ როლის შესრულება მოგვიანებით აღარ მოუხდება და ამის საჭიროება აღარ ექნება.
   ასევე რთულია ადამიანის ყოფნა ისეთ გარემოში, სადაც საზოგადოების წევრებს, გარკვეული მოსაზრებით, საყოველთაო მოვლენებისაგან შორს უჭირავთ თავი. ასეთ გარემოში გარკვეულწილად რომელიმე სოციალური ფენის ან კოლექტივში არსებული უმცირესობის წარმომადგენელთა ცნობიერება გამოვლინდება ხოლმე. ამ დროს ბავშვი ოჯახში ისეთ განწყობილებებსა და ქცევის წესებს ეზიარება, რომლებიც აქ, მართალია, ტრადიციულად დანერგილია და პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ «გარეთ» მათი აღიარება არ ხდება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი, სკოლაში სწავლის დაწყებისას, ხშირად კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე: იგი ამისათვის სრულიად მოუმზადებელია და წარმოდგენა არა აქვს, როგორ უნდა მოიქცეს; იმედგაცრუებას გრძნობს გარესამყაროს მიმართ, იპყრობს დაუცველობისა და სირცხვილის გრძნობა და ეუფლება მწარე განცდა იმისა, რომ შინ ნასწავლი გარეთ არ გამოადგება. ამ ფონზე ხშირად ვითარდება ისტერიულ-შიზოიდური ადამიანის შერეული სტრუქტურული ტიპი.
ისტერიული პიროვნებების მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარ თავთან იდენტიფიკაციას, ამბოხს უწყობენ მას, საკუთარ თავზე სხვა შემოთავაზებულ ან მიწერილ როლებს იღებენ.
გარდა აქ აღწერილი გარემოებებისა, რომლებიც ხელს უწყობს ისტერიული თვისებების განვითარებას, ასეთი ადამიანის სტრუქტურული ტიპი, შესაძლოა, მკვეთრად გამოხატულ ობსესიურ გარემოშიც ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამას ემატება პროტესტი იმ გაქვავებული, ყველა ცოცხალი იმპულსის გამანადგურებელი აღზრდის წესების მიმართ, რომლებიც ხელს უშლის ამ ასაკში ბავშვის ჯანსაღ სწრაფვას თავისუფლებისაკენ. ოპოზიციაში მყოფი ადამიანი ამ დროს უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება და ნაბან წყალს ბავშვსაც გადააყოლებს ხოლმე. იგი ახლა მხოლოდ მეტისმეტ შეზღუდვებს კი არ უარყოფს, არამედ ამ გამოწვევაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერში იმის საწინააღმდეგოს ხედავს, რისი მოლოდინიც მას ადამიანებისაგან ჰქონდა. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ზოგიერთი «ცუდად აღზრდილი» ბავშვი, რომელიც განსაკუთრებით მკაცრ, წესრიგის მოყვარულ ან ავტორიტარულ, შეზღუდულ გარემოში ცხოვრობს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არა «ნამდვილი», არამედ რეაქტიული ისტერიაა.
   ახლა მოკლედ შევეხებით ერთ ისტორიულ ფაქტს: წინათ ისტერიას მხოლოდ ქალებს მიაწერდნენ; ამის მიზეზი თავად ბერძნული სიტყვა «hystera» გახდა, რომელიც «საშვილოსნოს» ნიშნავს. ამან შეიძლება დაგვაფიქროს და ისტერიისა და მისი გამომწვევი მიზეზების გაგებაში დაგვეხმაროს, თუ დავსვამთ კითხვას – უფრო ხშირად მაინცდამაინც ქალები რატომ ავადდებიან ისტერიით. მაგრამ ამგვარი მიდგომა იმავდროულად სიფრთხილისკენაც მოგვიწოდებს, რათა, მეცნიერების წინაშე ყალბი პატივისცემის გამო, მეცნიერულ აზრებს ბრმად არ ვენდოთ – სწორედ ადამიანთან დაკავშირებით გამოთქმული ეს აზრები ხომ, თავისდაუნებურად, ან, შესაძლოა განზრახ, ტენდენციური აზროვნების შედეგია!
დასავლეთის კულტურაში ქალის ცხოვრება ადრე თითქმის მხოლოდ დიასახლისისა და მეუღლის როლით შემოიფარგლებოდა. საზოგადოება მისი ცხოვრების არსსა და დანიშნულებას მარტო ოჯახურ გარემოში ხედავდა («და იქ მბრძანებლობს კეთილგონიერი დიასახლისი...» – ნათქვამია შილერის «ზარში» ), – მამაკაცისგან განსხვავებით, რომელსაც თვითგანვითარების უამრავი შესაძლებლობა გააჩნდა. ამის გამო ქალის ურთიერთობა მამაკაცთან სხვა საზომით იზომებოდა და მამაკაცი, თავისი სოციალური როლის წყალობით, მრავალი თვალსაზრისით, უპირატესობით სარგებლობდა. «კაცური საქმე» ყოველთვის ბევრად მეტად ფასობდა, ქალის შრომა კი ნაკლებად ანაზღაურებადი იყო, ამასთან, იგი სამართლებრივად თუ ქონებრივად დაბეჩავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამგვარად, ყოველთვის და ყოველმხრივ დაზარალებულ ქალს განვითარების შესაძლებლობები შეზღუდული ჰქონდა, რადგან მისი სამყარო სახლითა და ოჯახით შემოიფარგლებოდა. იგი მუდმივად მამაკაცისა და საზოგადოების ნება-სურვილზე დადიოდა, საკუთარ სურვილებს უგულებელყოფდა და ცრურწმენების წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ქალს ძალიან დიდხანს აკნინებდნენ სულიერად, მას საკუთარი სექსუალური ბუნების გამოვლინებაც ეკრძალებოდა.
   ამრიგად, ქალის მდგომარეობა პატრიარქატის დროს ერთობ სავალალო იყო. უნდა ითქვას, რომ ასეთ პირობებში «ისტერია» ერთადერთი იარაღი იყო ქალის ხელში, რათა მამაკაცის წინააღმდეგ საკუთარი სურვილები და პრეტენზიები ამ გზით გამოეთქვა, და თან მასზე შურიც ეძია. ასე ვთქვათ, ქალმა ისტერია «გამოიგონა», როგორც ქცევა, რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგებოდა; ამ დროს მამაკაცი მის წინაშე თავს უმწეოდ გრძნობდა და ფარხმალს ყრიდა. ისტერიული ქცევა იმდენად ირაციონალური, ალოგიკური, გაუთვალისწინებელი და მოუხელთებელი იყო, რომ მამაკაცი, თავისი რაციოთი და ლოგიკით, მის წინაშე თავს უმწეოდ გრძნობდა. მან არ იცოდა, რატომ ჰქონდა ქალს ასეთი რეაქციები, რა დაავადება სჭირდა, ან რას ნიშნავდა იმ დროს მისი «არ მინდა» და «არ შემიძლია».
   დრამატული სცენები, სომატური სიმპტომები, სასოწარკვეთილების ნიაღვარი, თვითმკვლელობის მუქარა მამაკაცს საგონებელში აგდებდა, ვერ ხვდებოდა ქალის ზრახვებს და თავს ხშირად დამარცხებულად გრძნობდა. მას ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა – ქალი ნიცშეს მათრახით «მოეთვინიერებინა», რითაც მასთან პარტნიორობასაც ბოლოს მოუღებდა. ქალის «ცოლქმრულ მოვალეობაზე» დაყვანილი სექსუალობა ხშირად ხდებოდა მისი «ფრიგიდულობის» მიზეზი, რის გამოც მთელი პასუხისმგებლობა ისევ და ისევ ქალს ეკისრებოდა. მაგრამ მამაკაცის ამ მკრეხელური თავისუფლების, ძალადობისა და მესაკუთრეობის პრეტენზიის მიღმა, ქალის წინაშე ფრთხილი, ფარული და ღრმა შიში იმალებოდა. ეს მამაკაცის ცხოვრების ის «მეორე მხარეა», რომლის განცდაც მისთვის მით უფრო სახიფათო და შემაშფოთებელია, რაც უფრო ცალმხრივად და გაზვიადებულად ხდება «მამაკაცობის» ფენომენის განსაზღვრა და შეფასება.
ამრიგად, ქვეცნობიერის გენიალურობით, ქალმა «მამაკაცის უპირატესობის» საპირწონედ «ისტერია» აღმოაჩინა, რომელიც მისთვის ერთდროულად თავდაცვისა და შურისძიების საშუალება იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ყავლგასული პატრიარქატის პირობებში ე.წ. «კლასიკური ისტერია» სულ უფრო იშვიათად გვხვდება, რადგან თანასწორუფლებიან და საკუთარ უფლებებში თავდაჯერებულ ქალს აღარ სჭირდება იგი. ისტერიული ქცევების საპირისპიროა რეაქცია პარტნიორისა თუ საზოგადოების ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა: ჩაგვრა, ღირსების შელახვა, შეზღუდვები, ძალადობა, უგუნურება და აკვიატებული აზრები. მაგრამ ისტერიის გამოვლინება არ არის დამოკიდებული ადამიანის სქესზე. ამას ადასტურებს ზემოაღწერილი გარემოებები, რომლებიც ისტერიის წარმოშობას და განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ მას სქესობრივი ნიშნით არ გამოავლენს.
   ჩვენ ზოგადად აღვწერეთ ისტერიული პიროვნების განვითარების გენეტიკური ფონი, როდესაც საქმე ეხება შიშს რაიმეს დამკვიდრების, გარდუვლობის და აუცილებლობის წინაშე. ისტერიული ადამიანები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ თავისი შესწავლილი ქცევის წესებით მოსალოდნელ წარმატებას ვერ აღწევენ, თუმცა მას მით უფრო მოუთმენლად და დროზე ადრე მოელიან, რაც უფრო ხშირად განიცდიან მარცხს. რაკი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვერ ახერხებენ, ისტერიულ ადამიანებს სულ უფრო მეტად იპყრობს პატივმოყვარეობა, რომლის დაკმაყოფილებასაც ისინი კვლავ არასაკმარისი საშუალებებით ცდილობენ. ასე მიდიან ეს ადამიანები ისტერიულ «ეშმაკის წრესთან», რომლის გარღვევაც მხოლოდ თანმიმდევრულად მოპოვებული ცოდნით და უნარ-ჩვევებით თუა შესაძლებელი. ამასთან, გასაგები ხდება, თუ რატომ შეიძლება ასე ადვილად მათი ცდუნება.
   ისტერიული ადამიანები მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავენ, აღგზნებულები არიან და ამაღელვებელ სიტუაციებს მიელტვიან, რადგან მათგან რაღაც გამორჩენას ელიან. ისინი ფიქრობენ, რომ ცვლილებები სადღაც, მათ მიღმა უნდა მოხდეს და არა თავად მათში. თუ ისტერიული პიროვნება ამას გააცნობიერებს და აღიარებს, ეს მისი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
   ისტერიული პიროვნება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჯანმრთელდება, თუ აღარ გაექცევა რეალობას, თანმიმდევრულად აღიარებს და მიიღებს ამ რეალობაში მოქმედ თამაშის წესებს, წესრიგსა და კანონებს, ამასთანავე, გამოავლენს მზაობას თვითშეფასებისა და შემდგომი პიროვნული სიმწიფისადმი. საამისოდ მას სჭირდება გამბედაობა ჭეშმარიტების შესამეცნებლად და უარისსათქმელად საჭირო მზაობა, რისი აღსრულებაც ასევე ყოველი ჩვენთაგანის ხვედრია. მხოლოდ ამ შემთხვევაში წარდგება რეალობა მის წინაშე პოზიციური მხარეებით და აგრძნობინებს კმაყოფილებას, რომელსაც იგი იმსახურებს.
   საოცარია ის ფაქტი, რომ «ისტერიის» ცნებას ასე ხშირად ხმარობენ უარყოფითი მნიშვნელობით. ობსესიურ, დეპრესიულ თუ შიზოიდურ ადამიანს უფრო ადვილად თანავუგრძნობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი ამ ავადმყოფობით იტანჯება; მაგრამ, როგორც კი სიტყვა ისტერიულ ადამიანზე ჩამოვარდება, ბევრი მასში თითქოს რაღაც მორალურ უპირატესობას ხედავს. შესაძლოა, ეს იმ გავრცელებული აზრის ბრალი იყოს, რომლის თანახმადაც, ისტერიული ადამიანი ცდილობს «მოიავადმყოფოს» თავი, თუმცა, «თუკი მოინდომებს», შეუძლია სრულიად ჯანმრთელად და გონიერად გამოიყურებოდეს. ეს, ალბათ, ჩვენი ძველი ცრურწმენებითაც უნდა აიხსნას, რომლებსაც ადვილად ვერ ველევით.
   მაგრამ, როგორც ჩვენ მიერ აღწერილი ავადმყოფობის ისტორიებიდან უკვე გაცხადდა, ისტერია ნამდვილად დაავადებაა, მთელი თავისი განვითარებითა გამოვლინებებით, რომ ისტერიული ადამიანიც სხვა ავადმყოფების მსგავსად იტანჯება. ჩვენს ცრურწმენას, შესაძლოა, ისიც აძლიერებს, რომ გვგონია, თითქოს ისტერიით უფრო ხშირად ცხოვრებით განებივრებული ადამიანები «ავადდებიან», რათა ამით პირადი სარგებელი ნახონ. თუ მათი ცხოვრების ისტორიას გავეცნობით, ჩვენი ამ შეხედულების გადახედვა მოგვიხდება, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყოველ ჩვენგანს აწუხებს არასაკმარისად გაცნობიერებული წარსული.
   ვინც თავისი ცხოვრება წარმატებით იმის გამო ააწყო, რომ მას წარსულში ბედი სწყალობდა, მან, მადლიერების ნიშნად, მეტი გაგება და შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს ნაკლებად ბედნიერი ადამიანების მიმართ.

ნახვა: 590

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters