არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი V

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      საწყისის პირველი მნიშვნელობაა საგნის თავდაპირველი მოძრაობის საწყისი. მაგალითად, საიდანაც იწყება საგნის სიგრძე და მიმართულება, იქვეა მისი საწყისიც. მოწინააღმდეგე მხრივ მოძრაობისას საწყისი მეორე მხარეს იქნება. საწყისის მეორე მნიშვნელობაა, საიდანაც ესა თუ ის საქმე უკეთესად კეთდება. მაგალითად, შემეცნების დროს საწყისია არა ის, საიდანაც შესწავლა იწყება, არამედ ის, საიდანაც ადვილია შესწავლა. მესამე შემთხვევაში საწყისად ითვლება ის, საიდანაც იქმნება საგანი. მაგალითად, გემისათვის ასეთია ფუძე, სახლებისათვის - ქვაკუთხედი, ცხოველებში, ზოგის აზრით, ესაა გული, ზოგის აზრით კი - ტვინი, დანარჩენნი სხვადასხვა საწყისებს ასახელებენ. საწყისის მეოთხე მნიშვნელობა, ის, საიდანაც წარმოიშობა ის, რაც არ არსებობდა და საიდანაც იწყება ბუნებრივი მოძრაობა და ცვალებადობა. მაგალითად, ბავშვებისათვის საწყისია მამა და დედა და ბრძოლაში - ჩხუბი საწყისის მეხუთე მნიშვნელობაა ის წინასწარი მიმართეულება, რომელიც ეძლევა მოძრავ და ცვალებად საგანს, მაგალითად, რა აზრითაც ლაპარაკობენ, როგორც დამწყებზე, ქალაქის ხელმძღვანელოზე, მმართველზე და ტირანზე, აგრეთვე ხელოვნებაზე და მათ შორის ყველაზე მეტად მშენებლობაზე. საწყისის მეექვსე მნიშვნელობაა ის, საიდანაც იწყება საგნის შემეცნება. მაგალითად, დასაბუთების საწყისია წანამძღვრები.

      დაახლოებით, ამდენივე მნიშვნელობა აქვთ მიზეზებს, რადგან ყველა მიზეზი საწყისია. ყველა საწყისისათვის, უპირველესად ყოვლისა, საერთოა ის, რომ მათგან ან არსებობს, ან წარმოიშვება, ან შეიცნობა საგანი. ამათგან ზოგი თვით საგანშივე არსებობს, ზოგი - მის გარეთ. მაშასადამე, საწყისია ბუნებაც, ელემენტიც, განსჯაც, გადაწყვეტილებაც, სუბსტანციაც და მიზანიც. ბევრ შემთხვევაში შემეცნებისა და მოძრაობის საწყისია სიკეთე და მშვენიერება.

თავი 2

      მიზეზის პირველი მნიშვნელობაა ის მასალა, საიდანაც მზადდება ესა თუ ის საგანი. მაგალითად, სპილენძი ქანდაკების მიზეზია, ვერცხლი - თასისა და სხვა. მიზეზის მეორე მნიშვნელობაა სახე და ნიმუში, რაც საგნის არსების ცნება და საგნის გვარია. მაგალითად, ოქტავაში ორიანის მიმართება ერთთან და რიცხვი, საერთოდ. აგრეთე ცნების შემადგენელი ნაწილები. მისი შემდეგი მნიშვნელობაა ცვალებადობის ან უძრაობის პირველი საწყისი. როგორც მაგალითად, მიზეზია რჩევის მიმცემი, ან ბავშვისათვის მამა და საერთოდ, მოქმედი შექმნილის მიზეზია და ის, ვინც სცვლის - ცვალებადისა. მისი მეოთხე მნიშვნელობაა მიზანი, ე.ი. რისთვისაც მოქმედება წარმოებს. მაგალითად, სეირნობის მიზეზი ჯანმრთელობაა და კითხვაზე, თუ რატომ სეირნობს ადამიანი, ვპასუხობთ, რათან გაჯანმრთელდეს. ჩვენი აზრით, მოპასუხე ამ შემთხვევაში მიზეზს ასახელებს. ხოლო ყოველივე ის, რაც მიზნისაკენ მიმართულ შუა გზაზეა, სიგამხდრე, სისუფთავე, წამლები და საექიმო იარაღები, - მიზნის გულისათვის არსებობს. ისინი ერთიმეორისაგან იმით განსხავდებიან, რომ ერთნი არსებობენ, როგორც იარაღები, მეორენი კი, როგორც მოქმედნი. მიზეზს, დაახლოებით, ამდენი მნიშვნელობა აქვს. და ხშირად ხდება ხოლმე, რომ დასახელებული მიზეზებიდან რამოდენიმე ერთი და იმავე საგნის არაშემთხვევით მიზეზს წარმოადგენს. მაგალითად, ქანდაკების მიზეზია, როგორც სკულპტურა, ისე სპილენძი, რომლებიც სხვადასხვა საგნის მიზეზები კი არ არიან, არამედ ქანდაკებისა. თუმცა ისინი ქანდაკებასთან ერთნაირ მიმართებაში არ არიან, არამედ ერთი მიზეზია, როგორც მატერია, მეორე - როგორც მოძრაობის საწყისი. არსებობენ აგრეთვე ერთიმეორის მიზეზებიც როგორც, მაგალითად, შრომა ჯანმრთელობის მიზეზია და ეს უკანასკნელი კი შრომისა. მაგრამ ისინი ერთნაირი მიზეზები კი არ არიან, არამედ ერთი მათგანი მიზანია და მეორე კი - მოძრაობის საწყისი.

      გარდა ამისა, ერთი და იგივე შეიძლება საწინააღმდეგო მოვლენების მიზეზიც იყოს. მაგალითად, საგნის არსებობა მიზეზია რაღაც გარკვეული მოვლენისა, მისი არარსებობა კი ამის საწინააღმდეგოსი. მაგალითად, მესაჭის არყოფნა შეიძლება იყოს გემის გადატრიალების მიზეზი, ხოლო მისვლა კი - ხსნისა. ორივე კი, როგორც ყოფნა, ისე მისი არყოფნა მამოძრავებელი მიზეზებია.

      ყველა ზემოხსენებული მიზეზი ოთხ ჯგუფად იყოფა. მიზეზია, როგორც მარცვლის შემადგენელი ბგერები და საგანთა მასალა, ასევე ცეცხლი, მიწა და ყველა სხვა ამდაგვარი სხეული, მთელის ნაწილებიც და დასკვნის წანამძღვრებიც. მაგრამ აქედან ზოგი სუბსტრატია, მაგალითად, ნაწილები ზოგი კი - არსება, როგორიცაა მთელი, შედგენილი საგანი[1] და ფორმა. მიზეზია თესლიც, ექიმიც, მრჩეველიც და საერთოდ მოქმედი, და ყველაფერი ის, რაც მოძრაობის, ან უძრაობის საწყისია. ზოგი მიზეზია, როგორც ყველა დანარჩენის მიზანი და სიკეთე. რისკენაც ისწრაფვიან საგნები, მათზე უკეთესი და მათი მიზანი უნდა იყოს. მნიშვნელობა არა აქვს ვუწოდებთ მას ნამდვილ, თუ მოჩვენებით სიკეთეს.

      მიზეზები ამგვარია და ამდენი სახისა. რაოდენობით მიზეზები ბევრნი არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი მათში ძალიან ცოტაა. მართლაც, მიზეზებს მრავალი მნიშვნელობა აქვთ და თვით ერთი სახის მიზეზებშიაც ერთი მიზეზი მეორის წინამორბედი, ან მომდევნოა მაგალითად, ჯანმრთელობას წინ უსწრებს ექიმი და ჯანმრთლობის საქმის მცოდნე, ოქტავას - ორმაგი და რიცხვი. საერთოდ, ზოგადი ყოვლთვის წინ უსწრებს კონკრეტულ საგანს[2]. გარდა ამისა, მიზეზს შეიძლება ჰქონდეს შემთხვევითის და მისი გვარის მნიშვნელობაც. მაგალითად, ქანდაკებისათვის, ერთი მხრივ, მიზეზია პოლიკლეტი, მეორე მხრივ, - მოქანდაკე, რადგან მოქანდაკისათვის პოლიკლეტად ყოფნა შემთხვევითია. ასევე შეიძლება, რომ ზოგადი შემთხვევითის მიზეზი იყოს, მაგალითად, ადამიანი, ან უფრო ზოგადად, ცხოველი, მიზეზია ქანდაკებისა, რადგან პოლიკლეტი ადამიანია, ადამიანი კი - ცხოველი. შემთხვევითი მიზეზებიდან ზოგი ერთმანეთთან უფრო მეტად დაშორებულია, ზოგი კი - ნაკლებ. მაგალითად, ქანდაკების მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო პოლიკლეტი ან ადამიანი, არამედ თეთრიცა და მცოდნეც.

      ყველა არსებით და შემთხვევით მიზეზებზე[3] შეიძლება მსჯელობა შესაძლებლობისა და სინამდვილის თვალსაზრისით. მაგალითად, სახლის მშენებლობისათვის მიზეზია, საერთოდ, მშენებელი, ანდა ის მშენებელი, რომელიც სახლს აშენებს. ზემოთქმულის მიხედვით, ანალოგიურად შეიძლება ვისჯელოთ იმის შესახებ, რის მიზეზებსაც მიზეზები წარმოადგენენ. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს მიზეზი, როგორც ამ კონკრეტული ქანდაკებისა, ისე საერთოდ, ქანდაკებისა, ანდა გამოსახულებისა. ასევე არსებობს მიზეზი ამ სპილენძისა საერთოდ, ანდა მატერიისა. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს შემთხვევით მიზეზებშიც. ერთმანეთთან კავშირში იხმარება, როგორც ეს, ისე ის ცნებები[4]. მაგალითად, მიზეზია არა პოლიკლეტი ან მოქანდაკე ცალ-ცალკე, არამედ მოქანდაკე პოლიკლეტი.

      ყველა ეს მიზეზები, ერთად აღებული, რიცხვით ექვსია, მაგრამ თითოეული იხმარება ორი მნიშვნელობით: კონკრეტული საგნის ან გვარის, შემთხვევითი ნიშნის ან შემთხვევითი ნიშნის გვარის, მათი ერთმანეთთან შეკავშირების ან დაშორების აზრით, მაგრამ, ყოველივე ეს, ან სინამდვილეში არსებობს, ან შესაძლებლობაში. განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული საგანი და მათი მიზეზები სინამდვილეში ერთდროულად არსებობენ და არც არსებობენ, მაგალითად, მკურნალი და განსაკურნავი, მშენებელი და ასაშენებელი. შესაძლებლობაში კი ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან სახლი და შენებელი ერთდროულად არ ისპობიან.

თავი 3

      ელემენტი ეწოდება საგნის პირველ შემადგენელ ნაწილს, რომელიც სხვა სახის ელემენტებად აღარ დაიშლება. მაგალითად, ბგერის ელემენტებია ის, რისგანაც ბგერა შედგება და რაზეც ის საბოლოოდ დაიშლება. ეს უკანასკნელი კი სხვა სახის ბგერებად აღარ იშლება. მაგრამ თუ დაიშლება, იმავე სახის ნაწილებად. მაგალითად, წყლის ნაწილები ისევ წყალია და არა მარცვლები. იგივე უნდა ითქვას სხეულის ელემენტებზე, რაზეც ჩერდება საბოლოოდ დაშლის პროცესი. ეს ელემენტები კი აღარ დაიყვანებიან სხვა სახის ელემენტებზე. ასეთებს, ერთია, თუ ბევრი, ელემენტები ეწოდებათ. ანალოგიურად უნდა ვიმსჯელოთ ნახაზებისა და დასაბუთების ელემენტების შესახებ. ის პირველი დასაბუთებანი, რომლებიც მრავალ სხვა დასაბუთებათა შემადგენლობაშიც შედიან, დასაბუთებათა ელემენტებად იწოდებიან, ასეთია პირველი სილოგიზმები, შემდგარნი სამი ტერმინისაგან. აქედან ერთ-ერთი შუა ტერმინია. გადატანითი მნიშვნელობით ელემენტს უწოდებენ იმას, რაც არსებობს, როგორც ერთი და პატარა, მაგრამ როგორც გამოსადეგი მრავლისათვის. ამიტომაც პატარას, მარტივსა და დაუშლელსაც ელემენტი ეწოდება, საიდანაც წარმოიშვა შეხედულება, რომ ელემენტი არის ყველაზე უფრო ზოგადი, ერთი და მარტივი, შემავალი მრავალის, ყველას ან უმეტესობის შემადგენლობაში. ზოგი კი ერთსა და წერტილს თვლის საწყისად. რადგან ე.წ. გვარები ზოგადნი და დაუშლელნი არიან და მათი განსაზღვრება კი არ არსებობს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ გვარები ელემენტებიაო და უფრო მეტად, ვიდრე ნიშანი, რადგან გვარი უფრო მეტად ზოგადია. მართლაც, სადაც სახეობითი ნიშანია, იქ გვარიც იქნება. მაგრამ სადაც გვარია, იქ ყველგან არაა სახეობითი ნიშანი.

      ამრიგად, ყველა ამ თვალსაზრისისათვის საერთოა ის, რომ ელემენტად არის მიჩნეული ცალკე აღებული საგნის პირველი შემადგენელი ნაწილი.

თავი 4

      ბუნება, ერთი მხრივ, ეწოდება იმას, რაც წარმოშობის პროცესშია, მაგალითად, როდესაც ვინმე გრძლად ამბობს V-ს. მეორე მხრივ, ის პირველი შემადგენელი ელემენტია, რისგანაც წარმოიშობა წარმოშობადი. გარდა ამისა, ბუნება ეწოდება იმას, საიდანაც იწყება მოძრაობა ბუნებაში არსებულ იმ კონკრეტულ საგანთა, რომლებსაც მოძრაობა ახასიათებთ.

      წარმოშობა[5] ეწოდება სხვის ზემოქმედებით ზრდას შეხებით, შერწყმით ან მიმატებით, როგორც ამას ადგილი აქვს ჩანასახში. შერწყმა განსხვავდება შეხებისაგან, რადგან იქ, სადაც შეხება გვაქვს, სხვა არაფერი არ არსებობს აუცილებლობით, გარდა შეხებისა. ხოლო შერწყმულთა შორის არსებობს ორივე მხარისათვის რაღაც საერთო, რაც შეხების შედეგად იძლევა შერწყმას და უწყვეტობას რაოდენობის და არა თვისებრიობის თვალსაზრისით.

      შემდეგ, „ბუნება“ ეწოდება იმას, რისგანაც, როგორც პირველი ელემენტისაგან, რომელსაც თავისი თავის მოწესრიგებისა და შეცვლის საკუთარი უნარი არა აქვს ან არსებობს, ან წარმოიშობა რაიმე ბუნებრივი საგანი. მაგალითად, ქანდაკებისა და სპილენძის ჭურჭლისათვის ბუნებაა სპილენძი, ხოლო ხის ჭურჭლისათვის - ხე. ასევეა სხვა შემთხვევებშიც. მისგან არის წარმოშობილი ყოველი კონკრეტული საგანი, რომელიც ინარჩუნებს ამ პირველად მატერიას.

      ასევე ელემენტებს ბუნებრივად არსებულ საგანთა ბუნება ეწოდებათ. ზოგი ასეთად ცეცხლს ასახელებს, ზოგი მიწას, ზოგი ჰაერს, ზოგი წყალს და ზოგიც სხვა რაღაც ამდაგვარს[6]. ოღონდ ზოგი ასეთად ელემენტების ნაწილს თვლის, ზოგი კი ყველას. გარდა ამისა, სხვა მნიშვნელობით „ბუნება“ ეწოდება ბუნებრივად არსებულ საგანთა არსებას, როგორც ამტკიცებენ ის მოაზროვნენი, რომელთა აზრით ბუნება არის პირველი სინთეზი.

      მაგალითად, ემპედოკლე ამბობდა, რომ არსებული საგნების „ბუნება სხვა არაფერია, თუ არა შერევა და უკვე შორეულთა დაშორება, ამას უწოდებენ ადამიანები ბუნებას“. ამიტომაც იმ საგნებზე, რომლებიც ბუნებრივად არსებობენ ან იშვებიან, არ ვამბობთ, რომ „ბუნება აქვთ“, თუ არა აქვთ სახე და ფორმა, თუნდაც უკვე არსებობდეს ის მატერია, რისგანაც უკვე წარმოიშვნენ ან არსებობენ ბუნებრვი საგნები. მაგალითად, ცხოველები და მათი ნაწილები ორივე ამათგან შედგებიან[7].

      ბუნებას წარმოადგენს აგრევე პირველი მატერია. ამასაც ორი მნიშვნელობა აქვს: ან როგორც პირველი ამ საგნისათვის, ანდა როგორც პირველი საერთოდ. მაგალითად, სპილენძისაგან დამზადებული საგნებისათვის თვითონ სპილენძია პირველი, საერთოდ კი წყალი, თუ ყოველივე დნობადი წყლად იქცევა. ბუნებაა აგრეთვე ფორმა და არსება, რაც წარმოშობის მიზანია. გადატანითი მნიშვნელობით, საერთოდ, ყოველგვარ სუბსტანციას ბუნება ეწოდება, რადგან ბუნებაც რაღაც სუბსტანციაა. ზემოთქმულის მიხედვით, ბუნება უპირველესად ყოვლისა, და უმთავრესად, არის იმ საგანთა არსება, რომლებსაც როგორც ასეთთ, მოძრაობის საწყისი თავის თავში აქვთ. ხოლო მატერიას ბუნება ეწოდება, რადგან შეუძლია მიიღოს მოძრაობა, რომლისგანაც არსებობს, როგორც წარმოშობა, ისე ზრდა. მოძრაობის საწყისი კი ბუნებრივ საგნებში ერთი და იგივეა, არსებული ან შესაძლებლობაში, ან რეალურად.

თავი 5

      „აუცილებელი“ ეწოდება იმას, რომლის გარეშე როგორც დამხმარე მიზეზის გარეშე, შეუძლებელია ცხოვრება (მაგალითად, ცხოველისათვის აუცილებელია სუნთქვა და კვება, რადგან ამის გარეშე ის ვერ იარსებებს), სიკეთის არსებობა და წარმოშობა, ბოროტების უკუგდება და უარყოფა (მაგალითად, წამლის დალევა აუცილებელია იმისათვის, რომ არ ვიავადმყოფოთ, ხოლო ეგინაში[8] გაცურვა აუცილებელია ფულის მისაღებად). აუცილებელი ნიშნავს, აგრეთვე იძულებას და ძალას, რაც მისწრაფებისა და განზრახვის სისრულეში მოყვანის დამაბრკოლებელია და ხელის შემშლელი. ამიტომ აუცილებლობას იძულებაც ეწოდება და უსიამოვნებაც (როგორც ევენოსი[9] ამბობს: „ყოველი აუცილებელი საგანი ჩვენთვის უსიამოვნოა“). აუცილებლობა რაღაც იძულებაა. და როგორც ამბობდა სოფოკლე: „აუცილებლობა მაიძულებს მე ვაკეთოს ეს”[10]. ჩანს, რომ აუცილებლობა რაღაც გარდაუვალია, რადგან ის ეწინააღმდეგება წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებისა და გონების მიხედვით მოქმედებას. შემდეგ, იმაზე, რასაც სხვანაირად ყოფნა არ შეუძლია, ვამბობთ, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს. აუცილებლობის ამ მნიშვნელობების მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, თუ როგორ უნდა ვუწოდოთ აუცილებელი ყოველივე დანარჩენს.

      „აუცილებლობა“ ისეთი მოქმედება ან ვნებაა, რომელიც იძულების გამო არ შეესატყვისება ჩვენს მისწრაფებას. აუცილებელია ის, რის გამოც სხვაგვარად არსებობა შეუძლებელია. იგივე ითქმის ცხოვრებისა და სიკეთის გამომწვევ დამხმარე მიზეზებზე. პირველ შემთხვევაში შეუძლებელია ცხოვრება და არსებობა რაიმეს გარეშე, მეორე შემთხვევაში - სიკეთის მიღწევა. ეს კი აუცილებლობაა და რაღაც აუცილებელი მიზეზი. შემდეგ დასაბუთებაც აუცილებლობას განეკუთვნება, რადგან თუ დასაბუთება მარტივია, შეუძლებელია მისგან სხვა შედეგის მიღება. ამის მიზეზი კი წანამძღვრებია, რომელთაგან სხვა სილოგიზმი არ მიიღება. მოვლენების ნაწილს აუცილებლობის სხვა მიზეზი აქვთ, ნაწილს კი არავითარი, არამედ თვითონ არიან სხვათა აუცილებლობის მიზეზნი. ასე რომ, პირველი და მთავარი აუცილებლობაა მარტივი მოვლენა, რომელიც არ შეიძლება მრავალნაირი იყოს, ე.ი. ხან ასეთი და ხან კი ისეთი, რადგან ამ შემთხვევაში ის უკვე მრავალი იქნებოდა.

      ამრიგად, თუ არსებობს რაღაც მარადიული და უძრავი, მასში არაფერია იძულებითი ან ბუნების საწინააღმდეგო[11].

თავი 6

      ერთი არის როგორც შემთხვევითი, ისე თავის თავადი. შემთხვევითის მაგალითია „კორისკოსი“ და „განათლებული”, აგრეთვე „განათლებული კორისკოსი”, რადგან ერთი და იგივეა, ვიტყვით ჩვენ „კორისკოსს”, თუ „განათლებულსა“ და „სამართლიანს“ და „განათლებულ კორისკოსს“ და „სამართლიან კორისკოსს”. აქ ყოველივე ერთია შემთხვევით, „სამართლიანი“ და „განსწავლული”. შემთხვევით ახასიათებენ ერთ სუბსტანციას, ხოლო „განათლებული“ „განათლებული კორისკოსის“ შემთხვევითი ნიშანია. ასევე „განათლებული კორისკოსი“ და „კორისკოსი“ ერთია, რადგან პირველი გამოთქმის ერთ-ერთი ნაწილი მეორეს შემთხვევითი ნიშანია, სახელდობრ, „განათლებული“ „კორისკოსისა”. ასევე „განათლებული კორისკოსი“ და „სამართლიანი კორისკოსი“ ერთია, რადგან ორივე გამოთქმის ერთი ნაწილი ერთი და იმავეს შემთხვევით ნიშანს წარმოადგენს. ასევეა მაშინაც, როცა გვარს ან ზოგადად ცნებას შემთხვევით ვუწოდებთ საერთო სახელს. მაგალითად, როდესაც „ადამიანს“ ვაიგივებთ „განათლებულ ადამიანთან“ ან იმიტომ, რომ „ადამიანს”, როგორც ერთი არსების მქონეს, ახასიათებს „განათლებულის”, ანდა იმიტომ, რომ ორივენი რაღაც სხვის, მაგალითად, „კორისკოსის“ შემთხვევითი ნიშნებია. მაგრამ ორივე მათგანი ერთნაირად არ ახასიათებს მას, არამედ ერთი მათგანი, როგორც გვარი ან არსებაში შემავალი, მეორე კი როგორც არსების მდგომარეობა ან თვისება.

      შემთხვევით ერთს ამდენი მნიშვნელობა აქვს. თავისთავადი ერთი კი ეწოდება იმას, რაც უწყვეტია. როგორც, მაგალითად, თასმით შეკრული გროვა და წებოთი შეკრული ხის ნაჭრები. აგრეთვე ხაზს, თუნდაც მოღუნულს, მაგრამ უწყვეტს, ერთი ეწოდება, მაგალითად, ჩვენი სხეულის თითოეულ ნაწილს, როგორიცაა ფეხი და ხელი. ამათგან ბუნებრივად უწყვეტნი უფრო მეტად წარმოადგენენ ერთს, ვიდრე ხელოვნურად უწყვეტნი. უწყვეტი ეწოდება აგრეთვე იმას, რომლებსაც ახასიათებთ თავისთავად ერთი სახის და არა მრავალფეროვანი მოძრაობა. ხოლო ერთს იმ მოძრაობას ვუწოდებთ, რომელიც დაუნაწევრებელია, სახელდობრ, დაუნაწევრებელია დროში. თავისთავად უწყვეტია ის, რაც ერთია არა შეხების გამო. მაგალითად, ერთმანეთის გვერდით დაწყობილ ხის ნაჭრებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი ერთნი არიან, ერთი ხე, ერთი სხეული, ანდა სხვა რაიმე უწყვეტი. საერთოდ უწყვეტი ერთი ეწოდებათ იმ საგნებსაც, რომლებიც მოხრილი არიან. უფრო მეტად კი იმათ, რომლებიც არ არიან მოხრილი, როგორც მუხლი ან თეძოს ნაწილი, რადგან მთელი თეძო შეიძლება ყოველთვის ერთნაირად არ მოძრაობდეს. სწორი ხაზი კი მოღუნულზე უფრო მეტადაა ერთი. ხოლო მოღუნულსა და კუთხოვანს ვუწოდებთ როგორც ერთს, ისე არაერთს. რადგან მისი მოძრაობა შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც ერთდროულად, ისე არაერთდროულად. სწორის მოძრაობა ყოველთვის ერთდროულად ხდება და მას არა აქვს სიდიდის მქონე უძრავი და მოძრავი ნაწილები, როგორც მოღუნულ საგნებს.

      შემდეგ, სუბსტრატის სხვა მნიშვნელობაა ისეთი რამ, რომელსაც არა აქვს განსხვავებული სახეები. განსხვავების არმქონეა ის სახე, რომელიც დაუნაწევრებელია შეგრძნებებისათვის, ხოლო სუბსტრატია ის, რაც ან პირველია ან უკანასკნელი მიზნის თვალსაზრისით. ღვინოსაც და წყალსაც ერთს ვუწოდებთ, როგორც სახით დაუნაწევრებელს. აგრეთვე ყველა სითხეს ერთი ეწოდება, როგორიცაა ზეთი, ღვინო, და ყოველივე დნობადთ, რადგან ყველა ამათ საბოლოო სუბსტრატი ერთი და იგივე აქვთ. ყოველივე ეს ან წყალია ან ჰაერი. ერთი ეწოდებათ იმათაც, რომლებსაც ერთი გვარი აქვთ და განსხვავდებიან დაპირისპირებული ნიშნებით. ყველა ესენიც იწოდებიან ერთად, რადგან გვარი ერთი აქვთ, რაც ამ განსხვავებათა სუბსტრატია. მაგალითად, ცხენი, ადამიანი, ძაღლი არიან რაღაც ერთი, რადგან ყველა ესენი არიან ცხოველები და როგორღაც ერთმანეთს ენათესავებიან, როგორც ერთი მატერიის მქონენი. ყველა ამათ ამ აზრით ეწოდებათ „ერთი“.

      ხან კი „ერთი“ ეწოდება ზოგად გვარს, როგორც მისადმი დაქვემდებარებულ სახეებზე მაღლა მდგომს. მაგალითად, თანასწორგვერდებიანი და თანასწორფერდებიანი სამკუთხედები ერთი და იმავე ფორმისანი არიან, რადგან ორივე სამკუთხედია, თუმცა ისინი იგივეობრივნი არ არიან. შემდეგ „ერთი“ ეწოდება ცნებას, რომელიც როგორც არსების გამომხატველი, განუყოფელია, არსების გამომხატველ სხვა ცნებებთან შედარებით, თუმცა თავისთავად ყოველი ცნება დანაწევრებადია. ასევე ზრდადი და წარმავალი საგნებიც ერთნი არიან, რადგან ერთია მათი გამომხატველი ცნება, როგორც მაგალითად, სიბრტყეების გვარეობითი ცნება. საერთოდ კი აზრი, რომელიც არსებას მოიაზრებს, დაუნაწევრებელია და მისი დაყოფა არ შეიძლება არც დროში, არც სივრცეში, არც მსჯელობაში. განსაკუთრებით კი ერთნი ისინი არიან, რომლებიც სუბსტანციას გამოხატავენ. საერთოდ ის, რაც არ დაიყოფა, იმდენად, რამდენადაც არ დაიყოფა, „ერთია“. მაგალითად, ადამიანი, როგორც ადამიანი, არ დაიყოფება, ამდენად ის ერთია. ის ერთია აგრეთვე, როგორც ცხოველი და როგორც სიდიდე. მეტწილად კი, ერთი ეწოდება საგანს, რომელიც როგორც ერთი, ან მოქმედებს ან განიცდის, ან რაიმე მიმართებაშია სხვა ერთთან. ზემომოტანილი მსჯელობის მიხედვით კი ერთია ის, რომელიც ერთია ან როგორც სუბსტანცია, ან უწყვეტობის გამო, ან ფორმით, ან ცნებით.

      მრავლად კი იმას ვთვლით, რაც ან უწყვეტი არაა, ან, რომელსაც ერთი სახე აქვს, ან ცნება არა აქვს. შემდეგ, ერთს ვუწოდებთ იმათ, რომლებსაც უწყვეტი სიდიდე აქვთ. და არ ვუწოდებთ მაშინ, თუ არ წარმოადგენს რაიმე მთელს. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ მას ერთი სახე არა აქვს. მაგალითად, ერთს არ ვუწოდებთ ფეხსაცმლის ნაწილებს, თუ მათ ნებისმიერი განლაგება აქვთ და არ ჰქმნიან უწყვეტ მთელს. ისინი მთელი მაშინ იქნებოდნენ, რომ თავისი განლაგებით ფეხსაცმელი შეექმნათ და რაღაც ერთი სახე ჰქონოდათ ამიტომაც წრე სხვა ხაზებთან შედარებით უფრო მეტად არის ერთი, რადგან მთელია და დასრულებული.

      რაიმეს ერთ საწყისად ყოფნა კი რიცხვად ყოფნას ნიშნავს. რადგან საწყისია პირველი ზომა. ხოლო ყველა გვარში პირველი საზომი ისაა, რომლითაც პირველად შევიცნობთ რაიმეს. ამრიგად ერთი არის თითოეული საგნის შემეცნების დასაწყისი. მაგრამ ის ყველა გვარში ერთი და იგივე არ არის. რადგან ის ერთგან დიეზია, მეორეგან ხმოვანი და მესამეგან თანხმოვანი. სიმძიმისათვის ის სხვაა, მოძრაობისათვის კი სხვა. მაგრამ ერთი ყველგან განუყოფელია ან რაოდენობით, ან სახით. როგორც რაოდენობით, ისე ყოველმხრივ დაუნაწევრებელს და ადგილმდებარეობის არმქონეს ერთი ეწოდება. ყოველმხრივ დაუნაწევრებელს და გარკვეული ადგილმდებარეობის მქონეს კი ეწოდება წერტილი. ერთი მხრივ, დაყოფადია ხაზი, ორმხრივ - სიბრტყე, ყველა მიმართულებით, და მაშასადამე, სამმხრივ - სხეული. და პირიქით, ორმხრივ დაყოფადია სიბრტყე, ერთი მხრივ - ხაზი, სრულიად დაუყოფელია წერტილი და ერთი. ამათგან მდებარეობის არმქონეა ერთი, ხოლო მდებარეობის მქონე - წერტილი.

      შემდეგ, ზოგი რიცხვითაა ერთი, ზოგი სახით, ზოგი გვარით, ზოგი ანალოგიით. რიცხვით ერთნი არიან მატერიით ერთნი, სახით ერთნი ცნებით ერთნი არიან, გვარით ერთნი ფორმით და კატეგორიით ერთნი. ანალოგიით ერთნი კი ისინი არიან, რომლებსაც ისეთივე მიმართება აქვთ, როგორც სხვებს. მომდევნო ყოველთვის წინამორბედს მოსდევს. მაგალითად, ის, რაც რიცხვითაა ერთი, სახითაც ერთია, მაგრამ ის, რაც სახითაა ერთი, ყოველთვის არაა რიცხვით ერთი. ყველა, რაც სახით ერთია, გვარითაც ერთია, მაგრამ რაც გვარით ერთია, ყველა არაა სახით ერთი, არამედ ანალოგიით. ხოლო რაც მიმართებით ერთია, ყველა არაა გვარით ერთი.

      ცხადია, რომ მრავლის შესახებ ერთის საწინააღმდეგო აზრით შეიძლება ლაპარაკი. პირველი: ის არაა უწყვეტი. მეორე: მას როგორც უმაღლესი, ისე უმდაბლესი სახის მატრია დანაწევრებადი აქვს. მესამე: არსების გამომხატველი ცნება - მრვალი მნიშვნელობის მქონე.

თავი 7

      არსებული ეწოდება, ერთი მხრივ, შემთხვევითს, მეორე მხრივ, თავისთავადს. შემთხვევითია, მაგალითად, ნათქვამი, რომ „სამართლიანი განათლებულია“, „ადამიანი განათლებულია“ და „განათლებული ადამიანია“. დაახლოებით, ასევე ვამბობთ ჩვენ „განათლებული სახლის მშენებელი“, რადგან სახლის მშენებელი შემთხვევითაა განათლებული და განათლებული კი სახლის მშენებელი. „ეს არის ის“ ნიშნავს იმას, რომ ეს იმის შემთხვევითი ნიშანია. ასევე ზემომოტანილ შემთხვევაშიაც, როდესაც „ადამიანზე“ ვამბობთ, რომ „განათლებულია“, ხოლო „განათლებულზე“, რომ „ადამიანია“, ანდა რომ „თეთრი განათლებულია“, ან „განათლებული თეთრია“, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე ერთსა და იმავეს შემთხვევითი ნიშანია, ანდა არსებულისა. „განათლებული ადამიანია“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს განათლება ახასიათებს. ამავე აზრით ვამბობთ „არათეთრი არსებობს“, რადგან არსებობს ის, რასაც ეს თვისება ახასიათებს.

      ერთი მხრივ, შემთხვევით არსებობას შემდეგი მნიშვნელობები აქვს: ან ორივე ახასიათებს ერთსა და იმავეს, ან ერთ-ერთი მათგანი ასე ან ისე არსებულს მიეწერება, ან არსებობს ის, რასაც ეს თვისება მიეწერება.

      თავისთავად არსებულს კი იმდენი მნიშვნელობა აქვს, კატეგორიის რამდენ ფორმაშიც იხმარება ის. რადგან რამდენ მნიშვნელობასაც ვაძლევთ მას, იმდენივე მნიშვნელობით არსებობს ის. კატეგორია კი გამოხატავს ან არსებას, ან თვისებას, ან რაოდენობას, ან მიმართებას, ან მოქმედებას, ან ვნებას, ან ადგილს, ანდა დროს. თითოეული მათგანი არსებობას ნიშნავს. რადგან არავითარი გასხვავება არაა, ვიტყვით „ადამიანი ჯანმრთელია“, თუ „ადამიანი ჯანმრთელდება“, „ადამიანი მოსიარულეა და მჭრელი“, თუ „ადამიანი დადის და ჭრის“. ასევე სხვა შემთხვევებშიაც.

      შემდეგ, არსებობა ნიშნავს იმას, რომ არსებული ჭეშმარიტია, ხოლო არარსებობა არა ჭეშმარიტებას, არამედ მცდარობას. ასევეა მტკიცებისა და უარყოფის შემთხვევაში. მაგალითად, „სოკრატე განათლებულია“ ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია აგრეთვე ისიც, რომ „სოკრატე არის თეთრი“, ხოლო დებულება იმის შესახებ, რომ „დიაგონალი არ არის თანაზომადი“, მცდარია.

      გარდა ამისა, არსებობა ზემოთქმულის მიხედვით ზოგჯერ შესაძლებლობას ნიშნავს, ზოგჯერ სინამდვილეს. მაგალითად, „მხედველს“ ვუწოდებთ, როგორც ხედვის უნარის მქონეს, ისე სინამდვილეში მხედველს. „მცოდნეს“ ვუწოდებთ, როგორც იმას, ვისაც შეუძლია ცოდნის გამოყენება, ისე იმას, ვინც იყენებს კიდეც სინამდვილეში. „მშვიდს“, როგორც იმას, ვინც მშვიდადაა, ისე იმას, ვისაც შეუძლია მშვიდად იყოს. ასევე სუბსტანციების მიმართაც. ჩვენ როგორც ჰერმესზე ვამბობთ, რომ ქვაშია, ასევე ხაზის ნახევარზე. ხოლო პურს ვუწოდებთ ჯერ მოუსვლელ პურსაც. თუ როდის გვაქვს შესაძლებლობასთან საქმე და როდის არა ამას სხვაგან განვსაზღვრავთ.

თავი 8

      არსება ეწოდება მარტივ სხეულებს, მაგალითად, მიწას, ცეცხლს, წყალსა და სხვა ამდაგვარს, საერთოდ, სხეულებს და მისგან წარმოშობილ ცხოველებს, სულსა და მის ნაწილებს.ყველა ამათ ეწოდებათ არსება, რადგან ისინი სხვა რაიმეს შესახებ კი არ ითქმიან, არამედ მათ შესახებ ითქმის ყოველივე სხვა. არსების მეორე მნიშვნელობაა არსებობის მიზეზი ისეთი საგნებისა, რომლებიც სხვაზე არ ითქმიან. როგორიცაა ცხოველის სული. შემდეგ ის იმ სხეულების ნაწილია, რომლებსაც ის განსაზღვრავს, რომელთა არსებას გამოხატავს და რომლის მოსპობით ისპობა მთელი. მაგალითად, სიბრტყის მოსპობით, ამბობს ზოგიერთი, ისპობა სხეული და ხაზის მოსპობით - სიბრტყე. ზოგიერთის აზრით, რიცხვიც რაღაც ამდაგვარია, რომლის მოსპობა სპობს ყოველივეს და რომელიც ყოველივეს განსაზღვრავს.

      გარდა ამისა, არსებაა ის, რაც „ამად“ ან „იმად“ ყოფნას გამოხატავს, რომლის ცნება განსაზღვრებაა და რაც თითოეული საგნის არსებაა. ამრიგად, არსებას ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი, უკანასკნელი სუბსტრატი, რაც სხვაზე არასოდეს არ ითქმის. მეორე, კონკრეტული და დამოუკიდებელი არსება, რაც ყოველი კონკრეტული საგნის ფორმა და სახეა.

თავი 9

      „განსხვავებული“ ნიშნავს სხვას არსების, რაოდენობის, სახის, გვარის, ან მიმართების მიხედვით. განსხვავებულს მსგავსი უპირისპირდება.

      „იგივეობრივი“ ეწოდებათ, ერთი მხრივ, შემთხვევით მოვლენებს, მაგალითად, „თეთრს“ და „განათლებულს”, რადგან ისინი ერთი და იმავეს შემთხვევითი ნიშნებია. შემთხვევითი ნიშანია „ადამიანიცა“ და „განათლებულიც”, რადგან ისინი ერთმანეთის შემთხვევითი ნიშნები არიან. ხოლო „განათლებული ადამიანია“ იმიტომ, რომ „განათლება“ „ადამიანს“ შემთხვევით ახასიათებს. ამათგან ერთი მეორეს ახასიათებს და, პირიქით. მაგალითად, „განათლებულ ადამიანზე“ შეიძლება ითქვას, როგორც „განათლებული”, ისე „ადამიანი“ და თითოეულ ამათგანზე „განათლებული ადამიანი”. მაგრამ ყოველივე ამის განზოგადება არ შეიძლება, რადგან არ იქნებოდა ჭეშმარიტი იმის თქმა, რომ „ყველა ადამიანი“ და „განათლებული“ ერთი და იგივეა. რადგან ზოგადი თავისთავად არსებობს, შემთხვევითი კი არა, არამედ ითქმის ცალკეულ კონკრეტულ საგანზე. ჩვენი აზრით, „სოკრატე“ და „სოკრატე არის განათლებული“ ერთი და იგივეა, მაგრამ „სოკრატე“ და „ყველა“ არაა ერთი და იგივე, რადგან სოკრატე არ ნიშნავს „ყველა ადამიანს”.

      ამრიგად, ესაა „იგივეობრივის“ პირველი მნიშვნელობა. მისი მეორე მნიშვნელობა იგივეა, რაც „ერთის“, რადგან იგივე ეწოდება იმასაც, რასაც მატერია ან რიცხვით ან სახით ერთი აქვს. იგივეობრივია ისიც, რასაც ერთი აქვს არსება. ასე რომ, იგივეობა არის რაღაც ერთობა ან სიმრავლეთა, ან იმათი, რომლებსაც, როგორც სიმრავლეს, ისე ვიყენებთ. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ ის თავის თავთან იგივეობრივია, ამ შემთხვევაში მასში ორს ვგულისხმობთ. „სხვა“ ისეთ საგნებს ეწოდება, რომლებსაც ან სახე, ან მატერია, ან არსების გამომხატველი ცნება ბევრი აქვთ. საერთოდ კი „სხვა“ „იგივეს“ საწინააღმდეგო ცნებაა.

      „განსხვავებული“ ეწოდება საგნებს, რომლებიც არიან რა იგივე, ამავედროს განსხვავდებიან არა მხოლოდ რიცხვით, არამედ აგრეთვე ან სახით, ან გვარით, ან მიმართებით; ამას გარდა, როგორც ისინი, რომლებიც გვარით სხვა ან დაპირისპირებული არიან, აგრეთვე ისინი, რომლებიც არსებაში რაღაც სხვაობას შეიცავენ.

      „მსგავსი“ ეწოდება იმათ, რომლებმაც ან ყოველმხრივ, ან მეტწილად ერთი და იგივე განიცადეს, ვიდრე სხვა და რომლებსაც ერთი და იგივე თვისება აქვთ. აგრეთვე იმ დაპირისპირებულთ, რომლებიც შესაძლებელია იცვლებოდნენ, მაგრამ რომლებსაც თვისებების უმრავლესობა, ან ძირითადი თვისებები მსგავი აქვთ. „მსგავსს“ განსხვავებული უპირისპირდება.

თავი 10

      დაპირისპირებული ეწოდება უარყოფას, წინააღმდეგობას[12], მიმართებას, ნაკლს, ქონებას და იმას, თუ საიდან და საითკენ მიემართება საბოლოოდ წარმოშობა და მოსპობა. აგრეთვე იმათ, რომლებიც არ შეიძლება ერთდროულად რაიმეში იყვნენ. დაპირისპირებული არიან, როგორც თავისთავადი მოვლენები, ისე ის ნაწილებიც, რომელთაგანაც ისინი შედგებიან. ამიტომაც ნაცრისფერი და თეთრი არ შეიძლება ერთდროულად ერთისა და იმავეს თვისება იყოს და ცხადია, რომ დაპირისპირებული იქნებიან მათი შემადგენელი ფერებიც[13].

      „მოწინააღმდეგე“ ეწოდება სხვადასხვა გვარის მოვლენებს, რომლებიც არ შეიძლება ერთსა და იმავეს ახასიათებდნენ. აგრეთვე ერთი გვარის ფარგლებში ყველაზე მეტად განსხვავებულს, ერთი და იმავე სუბსტრატის ყველაზე მეტად განსხვავებულ თვისებებს, ყველაზე უფრო განსხვავებულთ ერთი და იმავე უნარის ფარგლებში და ან საერთოდ[14], ან გვარით, და ან სახით ყველაზე მეტად განსხვავებულთ. ყოველივე დანარჩენს მოწინააღმდეგე ეწოდება ან იმიტომ, რომ ახასიათებს დასახელებული წინააღმდეგობანი, ან იმიტომ, რომ მათი მიღების უნარი აქვს, ან ასეთი მოქმედება და განცდა შეუძლია, ან სინამდვილეში მოქმედებს და განიცდის, ჰკარგავს ან ითვისებს, აქვს ან არა აქვს ისინი.

      რადგან ერთსა და არსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამოდინარეობს, რომ ყოველივე სხვაც, რაც მასზე ითქმის, დაექვემდებარება იგივეობის, განსხვავების, დაპირისპირებისა და ყველა დანარჩენ კატეგორიებს.

      სახით განსხვავებული ეწოდება ერთი და იმავე გვარის საგნებს, მაგრამ არა ერთიმეორისადმი დაქვემდებარებულთ, არამედ რომლებიც მართალია, ერთი და იმავე გვარის ფარგლებში არიან, მაგრამ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ერთიმეორეს არსებით უპირისპირდებიან.

      „მოწინააღმდეგე“ ეწოდებათ აგრეთვე ერთმანეთისგან სახით განსხვავებულთ ან ყველას, ან გვარში პირველთ, აგრეთვე განსხვავებული ცნების მქონე, უკანასკნელ სახეებს გვარში. მაგალითად, ადამიანი და ცხენი რომლებიც გვარის განუყოფელი შემადგენელი ნაწილები არიან და ცნებებიც განსხვავებული აქვთ. აგრეთვე იმათ, რომლებიც განსხვავებას შეიცავენ ერთი და იმავე არსების ფარგლებში. ერთი და იმავე სახის მქონეთა შესახებ კი ამის საწინააღმდეგო აზრით შეიძლება ვილაპარაკოთ.

თავი 11

      „წინამორბედსა“ და „მომდევნოზე“ ლაპარაკობენ იმ აზრით, რომ თითოეულ გვარში არის რაღაც პირველი და საწყისი, რაც რაღაც განსაზღვრულ საწისთან უფრო ახლოა ან მარტივად, ან თავისი ბუნებით, ან მიმართებით, ან ადგილით, ან ვინმეს თვალსაზრისით. მაგალითად, ადგილის მიხედვით ასეთია თავისი ბუნებით, ან შემთხვევით რაიმე გარკვეულ ადგილთან ახლო მყოფი, როგორიცაა, შუა, კიდე, ან ნებისმიერი ადგილი, „მომდევნო“ დაშორებულიცაა, ყველაზე მეტად დაშორებული აი, ამ მომენტიდან, მაგალითად, უკვე მომხდარი ფაქტიდან, როგორც მიდიურ[15] ომს წინ უსწრებს ტროას ომი, რადგან უფრო მეტადაა დაშორებული ამ მომენტიდან.

      „პირველი“ ეწოდება აგრეთვე იმას, რაც ამ მომენტთან უფრო ახლოა. მაგალითად, ნემეური[16] თამაშობანი წინ უსწრებს პითიურს[17], რადგან უფრო ახლო არიან იმ მომენტთან, რომელსაც ვხმარობთ საწყისისა და პირველი მნიშვნელობით. მოძრაობაში ის, რაც პირველ მამოძრავებელთან უფრო ახლოა, ადრეც არის. მაგალითად, ბიჭი ახლოა მამაკაცთან, რომელიც ბიჭისთვის რაღაც თავისთავადი საწყისია.

      შესაძლებლობისდა მიხედვით ის, რაც უფრო ძლიერია, პირველიცაა და მეტი უნარის მქონეც, და მის განზრახვას აუცილებლად ემორჩილება მეორე, მომდევნო მხარე. ასე რომ, თუ ის არ ამოძრავებს, არც ეს მოძრაობს და თუ ამოძრავებს, ესეც მოძრაობს. განზრახვა კი საწყისია. თანმიმდვრობის თვალსაზრისით წინამორბედი მაშინ გვაქვს, როდესაც საგნები რაღაც გარკვეულისადმი რაიმე წესრიგით არიან განლაგებული. მაგალითად, გუნდში მეორე ადგილზე მყოფი მესამე ადგილას მყოფზე წინაა. პირველ შემთხვევაში საწყისია გუნდის ხელმძღვანელი, მეორე შემთხვევაში - საშუალო სიმი.

      „პირველის „შესახებ ამდენი აზრით შეიძლება ლაპარაკი. სხვაგვარად კი ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც შემეცნებისათვის პირველია, ის პირველია სუბსტანციურადაც. აზროვნებისათვის პირველი სხვაა, და შეგრძნებებისათვის სხვა. რადგან აზროვნებისათვის პირველი ზოგადია, შეგრძნებებისათვის პირველი კი - ინდივიდუალური. აზროვნებაში შემთხვევითი ნიშანი წინ უსწრებს მთელს, მაგალითად, „განათლებული“ „განათლებულ ადამიანს“ და მთელი გამოთქმა არ არსებობს ნაწილის გარეშე. თუმცა „განათლებულიც“ ვერ იარსებებდა, თუ არ იქნებოდა განათლებული ვინმე.

      შემდეგ, „წინამორბედი“ ეწოდება წინამორბედი საგნების თვისებას. მაგალითად, სისწორე წინ უსწრებს სიბრტყეს, რადგან პირველი თავისთავად ხაზის თვისებაა, მეორე კი სივრცისა. ზოგს ამ აზრით ეწოდება „წინამორბედი“ და „მომდევნო“, ზოგს კი ბუნებისა და არსების მიხედვით. ეს უკანასკნელნი არ შეიძლება არსებობდნენ პირველთა გარეშე და პირველნი კი ამათ გარეშე. ამ განსხვავებას იყენებდა პლატონიც.

      „არსებობასაც“ მრავალი მნიშვნელობა აქვს. მისი პირველი მნიშვნელობაა სუბსტრატი და სუბსტანცია. შემდეგ, შესაძლებელი და რეალური. აქედან პირველი შესაძლებლობაშია პირველი, მეორე კი სინამდვილეში. მაგალითად, შესაძლებლობაში ნახევარი და ნაწილი წინ უსწრებს მთელს, მატერია - სუბსტანციას. სინამდვილეში კი მოსდევს მას, რადგან სინამდვილეში ისინი დაშლის შემდეგ არსებობენ.

      ყოველივე ზემოთქმული „წინამორბედისა“ და „მომდევნოს“ შესახებ შეიძლება ასე შევაჯამოთ: ზოგი მოვლენა წარმოშობის თვალსაზრისით შეიძლება იყოს სხვისგან დამოუკიდებელი, მაგალითად, მთელი არსებობდეს ნაწილის გარეშე, ზოგი კი - მოსპობის თვალსაზრისით. მაგალითად, ნაწილი შეიძლება იყოს მთელის გარეშე. ასევე ყველა სხვა შემთხვევაშიც.

თავი 12

      უნარი ეწოდება მოძრაობის ან ცვალებადობის საწყისს, რომელიც ან სხვაში არსებობს, ან სხვაა[18]. მაგალითად, მშენებლობა არის უნარი, მაგრამ, იგი არ არსებობს იმ სახლში, რომელიც შენდება. მედიცინა კი ისეთი უნარია, რომელიც არსებობს იმაში, რომელსაც კურნავენ, მაგრამ არა როგორც განსაკურნავი. საერთოდ, ცვალებადობის ან მოძრაობის საწყისი არის ძალა, რომელიც არსებობს სხვაში, ან წარმოადგენს სხვას.

      მეორე მნიშვნელობის მიხედვით, ის სხვისგან განიცდის ზემოქმედებას ან სხვაა. იმ საგანზე, რომელიც რაიმეს ზემოქმედებით რაღაცას განიცდის, ამ განცდის უნარის მქონეს ვუწოდებთ. როგორც მაშინ, როდესაც მას ნებისმიერი განცდა აქვს, ისე მაშინ, როცა აქვს არა ყოველგვარი განცდის უნარი, არამედ მხოლოდ უკეთესისა.

      შემდეგ, უნარი არის რაიმე საქმის კარგად, ან წინასწარი გადაწყვეტილებით შესრულების შესაძლებლობა, რადგან იმათ, რომლებიც დადიან ან ლაპარაკობენ ცუდად, ან არა წინასწარი გადაწყვეტილებით, ვერ ვუწოდებთ მეტყველების, ან სიარულის უნარის მქონეთ. ასევეა განცდის შემთხვევაშიც.

      შემდეგ, უნარის მქონე ეწოდებათ იმათაც, რომლებიც საერთოდ, უგრძნობი ან უცვლელნი არიან, ანდა ძნელად იხრებიან ცუდისაკენ. რადგან გატეხვა, ხახუნი, გაღუნვა და საერთოდ, განადგურება ხდება არა უნარის, არამედ უუნარობისა და რაღაც ნაკლის გამო. ყოველივე ამას არ განიცდის ის, რაც ან სუსტად განიცდის მას, ან მშვიდად განიცდის უნარის, შესაძლებლობის და რაღაც მდგომარეობის გამო.

      ამრიგად, უნარზე ამდენი მნიშვნელობით შეიძლება ლაპარაკი. უნარის მქონე, ერთი მხრივ, ნიშნავს უძრაობის ან ცვალებადობის საწყისს (მოძრაობის შეჩერების უნარიც რაღაც საწყისია), რომელიც ან სხვაშია, ან თვითონაა სხვა. მეორე მხრივ, ის რაიმე სხვაა, რასაც მის მიმართ იგივე უნარი აქვს. შემდეგ, უკეთესისა და უარესისაკენ ნებისმიერი ცვალებადობის უნარი. ისიც კი, რაც იღუპება, დაღუპვის უნარის მქონეა, რადგან არ დაიღუპებოდა, ამის უნარი რომ არ ჰქონოდა. ამჟამად კი მას აქვს ამ განცდის რაღაც განწყობა, მიზეზი და საწყისი, რადგან ის ხან ჩანს ამ უნარის მქონედ, ხან კი არა. თუ ნაკლიც როგორღაც თვისების ქონებაა, მაშინ ყველაფერი რაღაც ქონება იქნებოდა. ასე რომ, უნარია რაღაც თვისებისა და საწყისის ქონება. უნარის მქონე ნიშნავს ნაკლსაც, თუ შესაძლებელია ნაკლის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჰომონიმი იქნება[19]. უნარია ისიც, როდესაც სხვას არ ძალუძს იყოს რაიმეს საწყისი ან დამღუპველი. ყველაფერი ეს ეხება იმ შემთხვევებს, სადაც მხოლოდ წარმოშობა ხდება ან არ ხდება, ან ხდება კარგად. ეს უნარი არსებობს უსულო საგნებშიც, მაგალითად, მუსიკალურ ინსტრუმენტებში: ზოგ ლირაზე ვამბობთ, რომ მას ბგერის გამოცემის უნარი აქვს, ზოგს კი არა. ზოგს აქვს არაჰარმონიული ჟღერადობა. უუნარობა კი ეწოდება უნარის ან საწყისის არქონებას საერთოდ, ან იქ და მაშინ, როდესაც მისი ქონება ბუნებრივია. რადგან ჩვენ ერთნაირად არ ვუწოდებთ დაბადების უნარის არმქონეს ბავშვს, მამაკაცს და საჭურისს. შემდეგ, ყოველ უნარს უუნარობა უპირისპირდება. ეს ითქმის, როგორც საერთოდ მოძრაობის, ისე კარგად მოძრაობის უნარის მქონეზე.

      „უუნარო“ ეწოდება, ერთი მხრივ, ასეთს უუნარობას, მეორე მხრივ, მას შესაძლებელისა და შეუძლებელის მნიშვნელობის მნიშვნელობა აქვს. შეუძლებელია ის, რომლის საწინააღმდეგო აუცილებლად ჭეშმარიტია. მაგალითად, დიაგონალის თანაფარდობითობა გვერდებთან შეუძლებელია, როგორც სიცრუე, რომლის საწინააღმდეგო არა მხოლოდ ჭეშმარიტია, არამედ აუცილებელიც. კერძოდ, აუცილებელია ის არაფარდობითი იყოს. ხოლო ფარდობითობა არა მარტო შეცდომაა, არამედ აუცილებელი შეცდომაა. ამას უპირისპირდება ისეთი შესაძლებელი, რომლის მოპირისპირე არაა აუცილებლად შეცდომა. მაგალითად, ადამიანს შეუძლია ჯდომა, რადგან არაა აუცილებელი შეცდომა იყოს მსჯელობა, „ის არ ზის“.

      როგორც უკვე ვთქვით, შესაძლებელი, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად შეცდომა არაა ან ჭეშმარიტია, ან შესაძლებელია ის ჭეშმარიტიც იყოს. გადატანითი მნიშვნელობით ის არის გეომეტრიული შესაძლებლობა. შესაძლებელის ყველა ამ მნიშვნელობას საერთო არაფერი არა აქვს ძალასთან. შესაძლებლობის ყველა ზემოთქმული მნიშვნელობა გულისხმობს საწყისს სხვაში, ან თვით ცვალებადის სხვად ყოფნას. ყოველივე სხვას უნარის მქონე ეწოდება ზოგჯერ იმიტომ, რომ რაღაც ასეთი უნარი აქვს, ან არა აქვს. ზოგს კი იმიტომ, რომ აქვს ის გარკვეული სახით. იგივე ითქმის უუნარობაზე.

      ამრიგად, უნარის მრავალი განსაზღვრებაა ცვალებადობის საწყისის სხვაში ყოფნა, ან ცვალებადის სხვად ყოფნა.

თავი 13

      რაოდენობა ეწოდება დაყოფადს ისეთ ნაწილებზე, რომელთაგან თითოეული თავისი ბუნებით რაღაც გარკვეული ერთია. სიმრავლე არის რაღაც დათვლადი რაოდენობა, სიდიდეა ის, რაც გაიზომება. მეორე მხრვივ, სიმრავლეა ის, რაც დაიშლება არაუწყვეტ ნაწილებად, ხოლო სიდიდე - უწყვეტად. ერთი მიმართულებით უწყვეტი სიდიდე არის სიგრძე, ორი მიმართულებით - სიბრტყე, სამი მიმართულებით - სიღრმე. აქედან განსაზღვრული სიმრავლე რიცხვია, განსაზღვრული სიგრძე - ხაზი, განსაზღვრული სიბრტყე -ზედაპირი, განსაზღვრული სიღრმე - სხეული. ამას გარდა, ზოგ მათგანს ეწოდება რაოდენობა თავისთავად, ზოგს კი შემთხვევით. მაგალითად, ხაზი არის რაღაც რაოდენობა თავისთავად, „განათლებული“ კი შემთხვევით. ამათგან ზოგი თავისთავადია არსებით. მაგალითად, ხაზი არის რაღაც რაოდენობა, რადგან მისი არსების გამომხატველ ცნებას რაღაც რაოდენობა ახასიათებს. ზოგი წარმოადგენს ამ არსების მდგომარეობას ან თვისებას. მაგალითად, ბევრი და ცოტა, გრძელი და მოკლე. ბრტყელი და ვიწრო, ღრმა და არა ღრმა, მძიმე და მსუბუქი და სხვა ამგვარი. აგრეთვე დიდი და პატარა, მეტი და ნაკლები, როგორც თავისთავად, ისე ერთიმეორის მიმართ თავისთავადი რაოდენობის მდგომარეობანი არიან. მაგრამ ეს ტერმინები სხვა საგნებზედაც გადაიტანებიან. როგორც უკვე ვთქვით, რაოდენობა ზოგს შემთხვევით ეწოდება, როგორც, მაგალითად, „განათლებულიც“ და „თეთრიც“ რაღაც რაოდენობაა იმისა, რის თვისებაც ისინი არიან. ზოგი კი რაოდენობაა მოძრაობისა და დროის თვალსაზრისით. ესენიც რაღაც რაოდენობასა და დაუნაწევრებელს წარმოადგენენ, რადგან დაუნაწევრებელია ის, რომლის თვისებაც ესენი არიან. მე ვგულისხმობ არა მოძრავ საგანს, არამედ მანძილს, რომელიც მან განვლო. მაგრამ რადგან მანძილი რაოდენობაა, ამიტომ რაოდენობაა მოძრაობაც და რადგან მოძრაობა რაოდენობაა, ამიტომ რაოდენობაა დროც.

თავი 14

      თვისება, ერთი მხრივ, სუბსტანციის სახესხვაობას ეწოდება.მაგალითად, ადამიანის, როგორც ცხოველის თვისებაა ორფეხიანობა, ცხენისა - ოთხფეხიანობა, წრისა - უკუთხო ფორმა, რაც სუბსტანციის თვისობრივ სხვაობას წარმოადგენს. ამრიგად, თვისება ერთი მხრივ, სუბსტანციის სახესხვაობას ნიშნავს, მეორე მხრივ კი, უძრავს და მათემატიკურ მოვლენებს. რიცხვებიც რაღაც თვისებებია, მაგრამ არა მხოლოდ ერთი მიმართულებით დანაწევრებადნი, არამედ ისეთნი, რომელთა მიბაძვა სიბრტყეები და სხეულებია. ამათგან პირველნი დანაწევრებადნი არიან ორი მიმართულებით, მეორენი კი - სამი. და საერთოდ, ყველაფერი, რაც კი მათ ახასიათებთ, გარდა რაოდენობისა, მოცემულია მათ არსებაში. არსება კი თითოეულს ერთი აქვს. მაგალითად, ექვსს აქვს არა ორი ან სამი, არამედ ერთი არსება, რადგან ექვსი ერთხელ არის ექვსი. მოძრავი საგნების თვისებებია: სითბო - სიცივე, სითეთრე - სიშავე, სიმძიმე - სიმსუბუქე და სხვა ამდაგვარი, რომელთა ცვალებადობის შესატყვისად იცვლებიან სხეულები, აგრეთვე კეთილშობილებისა და სიმდაბლის და საერთოდ, ბოროტებისა და სიკეთის შესატყვისად.

      თვისობრიობის შესახებ, დაახლოებით, ორგვარი აზრით შეიძლება მსჯელობა. აქედან ერთი უმთავრესია: პირველ ყოვლისა, თვისობრიობა არის არსების სახესხვაობა, რაც რიცხვებში გამოხატული თვისობრიობის განსაზღვრებაა, რადგან ისიც რაღაც სახესხვაობაა ან უძრავ, ან მოძრავ არსებათა, ოღონდ არა იმდენად, რამდენადაც ისინი მოძრავნი არიან. მეორე მხრივ, ის მოძრავ საგანთა თვისობრიობაა, რაც მათ მოძრაობაში მდგომარეობს. ასევეა თვით მოძრაობის სახესხვაობებშიც. სიკეთე და ბოროტებაც თვისებათა რაღაც საზომია, რადგან ავლენენ მოძრაობის და მოქმედების თვისებებს, რომლის მიხედვით მოძრავი საგანი კარგს ან ავს აკეთებს, ან განიცდის. ის, რასაც შეუძლია ასე მოქმედება, კარგია, რასაც ისე - ცუდი. ბოროტება და სიკეთე უფრო მეტად სულიერ არსებათა თვისებებზე მიგვითითებენ და ამათგან ყველაზე მეტად იმათზე, რომლებიც წინასწარი განზრახვით მოქმედებენ.

თავი 15

      მიმართება ეწოდება, ერთი მხრივ, ისეთ დამოკიდებულებას, როგორც ორმაგისა ნახევარისადმი, სამმაგისა მისივე მესამედისადმი, მრავალკეცისა ნაწილებისადმი და ჭარბისა იმისადმი, რასაც ჭარბობს.

      მეორე მხრივ, მიმართება ეწოდება ისეთ დამოკიდებულებას, როგორიც არსებობს გამათბობელსა და თბობადს, მჭრელსა და ჭრადს და საერთოდ, მოქმედსა და განმცდელს შორის. მესამე მხრივ, გასაზომსა და საზომს, შეცნობადსა და ცოდნას, შეგრძნებადსა და შეგრძნებას შორის. პირველი სახის დამოკიდებულება ეხება რიცხვთა ზოგად ან კონკრეტულ მიმართებას, აგრეთვე რიცხვთა ერთმანეთთან, ან ერთთან მიმართებას. როგორც ორმაგი წარმოადგენს განსაზღვრულ რიცხვს ერთთან მიმართებაში, ხოლო მრავალკეცი ერთკეცთან, მაგრამ არა განსაზღვრულ „ამ“ ან „იმ“ ერთთან. ერთნახევარი ორმესამედთან ისეთ მიართებაშია, როგორც რიცხვი გარკვეულ რიცხვთან. ხოლო მთელი გაყოფილი ერთზე განუსაზღვრელ დამოკიდებულებაშია ერთთან, როგორც მრავალკეცი ერთკეცისადმი და ჭარბი იმისადმი, რასაც ჭარბობს, საერთოდ, განუსაზღვრელ რიცხობრივ დამოკიდებულებაშია. რადგან რიცხვი ფარდობითია და არაფარდობითს რიცხვი არ უდგება. ხოლო ჭარბი, რასაც ჭარბობს, ერთი იმდენია და კიდევ მეტი, რაც განუსაზღვრელია, ე.ი. ნებისმიერი, როგორც მისი ტოლი, ისე არა.

      აი, ყოველივე ის, რაც შეიძლება ითქვას რიცხობრივ მიმართებათა და რიცხვთა თვისებების შესახებ.

      რაც შეეხება „თანაბარს“, „მსგავსს“, „იგივეობრივს“, ისინი სხვადასხვაგვარად იხმარებიან. „ერთი“ ეწოდება ყოველივე იმათ, რომლებსაც არსება ერთი აქვთ. „მსგავსნი“ - რომლებსაც ერთი აქვთ თვისება და „თანასწორი“, რომლებსაც რიცხვი აქვთ ერთი. ერთი კი რიცხვთა საწყისი და საზომია. ასე რომ, ყოველივე ეს ეხება სხვადასხვაგვარ რიცხობრივ დამოკიდებულებას.

      „მოქმედი და განმცდელი“, ერთი მხრივ, მოქმედისა და განმცდელის შესაძლებლობა არიან და, მეორე მხრივ, შესაძლებელის რეალობა, როგორიცაა, თბობადის მიმართება გამათბობელისადმი, ე.ი. იმისადმი, რომელსაც გათბობის უნარი აქვს. და პირიქით, გამათბობლისა თბობადისადმი და მჭრელისა ჭრადისადმი, როგორც სინამდვილეში მოქმედთადმი. რიცხობრივი მიმართებანი არ არიან რეალური მიმართებანი, და თუ როგორ არსებობენ, ამის შესახებ ჩვენ ვთქვით სხვა ადგილას. რიცხვებს მოძრაობის თვალსაზრისით რეალური არსებობა არ ახასიათებთ. მიმართებაზე შეიძლება მსჯელობა უნარისა და დროის მიხედვით, მაგალითად, შემოქმედისა ქმნილისადმი და კეთების უნარის მქონისა იმისადმი, რაც შეიძლება გაკეთებულ იქნას. ასევე მამას ეწოდება ბავშვის მამა, პირველი შემოქმედია, მეორე კი რაღაც განმცდელი. ზოგჯერ უნარი ეწოდება ნაკლს. მაგალითად, იმას, რაც შეუძლებელია და რაც უხილავია.

      მიმართება რიცხვისა და უნარის მიხედვით ისეთი მიმართებაა, რაც თავისი არსებით ითქმის სხვაზე და არა სხვა მასზე. გაზომვადი, შეცნობადი, გააზრებადიც სხვასთან მიმართებაში არიან, იმიტომ, რომ სხვა მათთან მიმართებაშია. გააზრებადი ნიშნავს იმას, რომ აზროვნება მისკენაა მიმართული. მაგრამ იმის გამო, რომ აზროვნება მისკენაა მიმართული, ის აზრი არაა, რადგან ამ შემთხვევაში ერთი და იგივე ორჯერ იქნებოდა თქმული. ასევე ხედვა არის არა ხედვა არა ხედვისა (თუმცა ამის თქმა ჭეშმარიტი იქნებოდა), არამედ ფერისა, ან სხვა ამდაგვარისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორჯერ იქნებოდა თქმული, რომ ხედვა არის ხედვა ხედვისა. მიმართებაში თავისთავად ზოგჯერ ეს იგულისხმება, ზოგჯერ კი ისინი, რომელთა გვარი ასეთ მიმართებაშია. მაგალითად, მედიცინა მიმართებაა იმიტომ, რომ მისი გვარი - მცნიერება არის რაღაცასთან მიმართება. ამას გარდა, ზოგი იმიტომ არის მიმართება, რომ რის თვისებაც ისაა, ის მიმართებაა, მაგალითად, თანასწორობა არის რაღაცის თანასწორობა. მსგავსება არის რაღაცის მსგავსება.

      ზოგჯერ არსებობს შემთხვევითი მიმართება. მაგალითად, ადამიანი არის მიმართება, რადგან მას შეიძლება ჰქონდეს „ორმაგის“ შემთხვევითი ნიშანი, რაც მიმართებაა. ანდა „თეთრი“ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ორმაგობისა და სითეთრის შემთხვევითი ნიშანი.

თავი 16

      „დასრულებული“ ეწოდება, პირველი, იმას, რომლის გარეთ არაფერი არ იმყოფება, მისი ერთი ნაწილიც კი. მაგალითად, დრო სრულია, რომლის გარეშე არ არსებობს რაიმე, რაც ამ დროის ნაწილი იქნებოდა. სიკეთე და კეთილდღეობა სრულყოფილია, როდესაც ამ გვარში მასზე უკეთესი არ მოიძებნება. როგორც, მაგალითად, სრულყოფილია ის ექიმი და ფლეიტისტი, რომელთაც ამ სპეციალობის ცოდნაში არაფერი არ აკლიათ.

      გადატანითი მნიშვნელობით ასევე შეიძლება მსჯელობა ბოროტებაზე, მაგალითად, სრულყოფილ ენატანიასა და სრულყოფილ ქურდზე. მათ ვუწოდებთ „ კარგს“, ვგულისხმობთ რა „დასრულებულ ქურდსა“ და „დასრულებულ“ ენატანიას. სათნოებაც რაღაც სრულყოფილებაა. ამრიგად, ყოველი მოვლენა მაშინაა დასრულებული და მაშინა აქვს დასრულებული არსება, როდესაც ამ ბუნებას მისი გვარის ფარგლებში არ აკლია არც ერთი ნაწილი.

      შემდეგ, „დასრულებული“ ეწოდება იმას, რასაც აქვს დასრულებული და ამავე დროს კარგი დასასრული. რადგან დასრულებულია ის, რასაც ბოლო აქვს, ხოლო ბოლო კი რაღაც საზღვარისმაგვარია. გადატანითი მნიშვნელობით ცუდსაც ვუწოდებთ დასრულებულს. მაგალითად, საბოლოო მოსპობას და საბოლოო სიკვდილს, როდესაც საგნის მოსპობას, ან ბოროტებას არაფერი არ აკლია, არამედ საზღვარს მიაღწია. ასევე სიკვდილი გადატანითი მნიშვნელობით დასასრულს ეწოდება, რადგან ორივე საზღვარს წარმოადგენს. დასასრულია აგრეთვე საბოლოო მიზანი.

      აი, ამდენი მნიშვნელობით შეიძლება ლაპარაკი დასრულებულზე. თავისთავად დასრულებული ეწოდება იმას, რომელსაც არაფერი არ აკლია, ან რომლის უკეთესი არ არსებობს, ანდა რომლის გარეშე არაფერი არ არსებობს. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს თითოეული გვარის ფარგლებში უკეთესის არ არსებობას, მის გარეთ არაფრის არ არსებობას. ზემოთქმულის მიხედვით, ყოველივე სხვას აგრეთვე „დასრულებული“ ეწოდება ან იმიტომ, რომ ასე მოქმედებს, ან ასეთი რამ აქვს, ან შეჰფერის ეს, ანდა როგორღაც უდგება მას „დასრულებულის“ შესახებ ზემოთქმული.

თავი 17

      „საზღვარი“ არის თითოეული საგნის კიდე, რომლის გარდა სხვა რამ პირველი არ არსებობს, რომელიც ყველაზე პირველი იქნებოდა. ის არის სიდიდის ფორმა ან საერთოდ, სიდიდე და ყოველი საგნის დასასრული, რომლისკენაც არის მიმართული მოძრაობა და მოქმედება და არა ის, საიდანაც იწყება მოძრაობა. ხანდახან მას ორივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ის, საიდანაც იწყება მოძრაობა, ისე ის, საითკენაც მიემართება. ის მიზანსაც ნიშნავს. ის არის აგრეთვე თითოეული საგნის არსება, ე.ი. ის, რასაც საგანი წარმოადგენს. რადგან ის არის შემეცნების საზღვარი და თუ ის შემეცნების საზღვარია, საგანთა საზღვარიც იქნება. ასე რომ, ცხადია, რამდენი მნიშვნელობითაც ლაპარაკობენ საწყისზე, იმდენი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობით საზღვარზე, რადგან ყველა საწყისი რაღაც საზღვარია, მაგრამ ყველა საზღვარი საწყისი არაა.

თავი 18

      საერთოდ, მას იმდენივე მნიშვნელობა აქვს, რამდენიც მიზეზს. „თავისთავადი“ ნიშნავს საგნის არსებას, არსების თვისებებს, იმას, რასაც სხვა მიზეზი არა აქვს და რაც მხოლოდ მას ახასიათებს, სხვა საგნებისაგან დამოუკიდებლად.

      გამოთქმას „რაიმეს შესატყვისად„ მრავალი მნიშვნელობა აქვს. მისი პირველი მნიშვნელობაა კონკრეტული საგნის ფორმა და არსება. მაგალითად, „სიკეთის შესატყვისად“ თვით სიკეთესაც ნიშნავს. შემდეგ, ის, რაშიც ბუნებრივად პირველად წარმოიშვება რამე, მაგალითად, ფერი ზედაპირზე. როგორც უკვე ვთქვით, „რაიმეს შესატყვისის“ პირველი მნიშვნელობაა ფორმა. მეორე - თითოეული საგნის მატერია და პირველი სუბსტრატი საერთოდ. „რაიმეს შესაბამისად“ იმდენივე მნიშვნელობით იხმარება, რამდენითაც იხმარება მიზეზი. „რის შესაბამისად“ იმავე მნიშვნელობით იხმარება, როგორც „რა მიზეზით მოვიდა“. აგრეთვე „რის შესაბამისად წარმოებს მცდარი მსჯელობა“, ანდა „მსჯელობა საერთოდ“ იგივეა, რაც „მცდარი მსჯელობის მიზეზი“ და „მიზეზი მსჯელობისა საერთოდ“. გარდა ამისა, „რაიმეს შესაბამისად“ ნიშნავს აგრეთვე მდგომარეობას, ე.ი. იმას, თუ რის მიმართ დგას ან მოძრაობს საგანი. ყოველივე ეს კი ნიშნავს ადგილსა და მდებარეობას.

      „თავისთავადსაც“ აუცილებლად ასევე მრავალი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, „თავისთავად“ ნიშნავს საგნის არსებას. მაგალითად, „კალიას“ ნიშნავს „კალიას თავისთავად“ და კლაიას არსებას. შემდეგ, ყოველივე ის, რაც შედის საგნის არსებაში, მაგალითად, „კალიას თავისთავად“ ცხოველია, რადგან კალიას ცნებაში ცხოველიც შედის. კალიას ხომ რაღაც ცხოველია. ამას გარდა, რაც იმყოფება პირველ არსებაში, ან მის ნაწილებში. მაგალითად, ზედაპირი თავისთავად არის თეთრი და ადამიანი თავისთავად ცოცხალი. რადგან სული არის ადამიანის რაღაც ნაწილი, რომელშიაც მოცემულია სიცოცხლე, უპირველესად ყოვლისა.

      შემდეგ, ის, რასაც სხვა მიზეზი არა აქვს. მაგალითად, ადამიანს ბევრი მიზეზი აქვს: ცხოველი, ორფეხი. მაგრამ ადამიანი ყველა ამ შემთხვევაში მაინც ადამიანად რჩება. შემდეგ, ის, რაც მხოლოდ ამ საგანს ახასიათებს, როგორც თავისთავადს და სხვებისაგან დამოუკიდებელს. თავი მეცხრამეტე

თავი 19

      „განლაგება“ იმ საგანს აქვს, რომლის ნაწილები მოწესიგებული არიან ან უნარის, ანდა სახის მიხედვით. როგორც ტერმინიც ცხადყოფს, განლაგება რაღაც მდგომარეობაა.

თავი 20

      „ქონების“ პირველი მნიშვნელობაა მქოლებლის რაიმე დამოკიდებულება ქონებისადმი, რაიმე მოქმედების ან მოძრაობის სახით. მაგალითად, როდესაც ერთი აკეთებს, მეორე კი კეთდება, მათ შუა შემოქმედება იმყოფება. ასევე ტანისამოსის პატრონსა და კუთვნილ ტანისამოსს შორის იმყოფება ქონება. აქედან ცხადია, რომ ქონების ქონება არ შეიძლება. ქონება რომ ქონების ქონება ყოფილიყო, პროცესი უსასრულოდ გაგრძელდებოდა.

      სხვანაირად, ქონება მდგომარეობას ეწოდება, რომელის გამო საგანი კარგ ან ცუდ განწყობაშია ან თავის თავის, ან სხვის მიმართ. მაგალითად, ჯანმრთელობაც რაღაც ქონებაა, რადგან ის არის გარკვეული განწყობა. გარდა ამისა, ქონება ეწოდება ასეთი განწყობის ნაწილსაც. მაშასადამე, ნაწილთა სიკარგეც რაღაც ქონებაა.

თავი 21

      „განცდის“ ერთი ნიშვნელობაა თვისება, რომელიც იცვლება. მაგალითად, თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე, მძიმე და მსუბუქი და სხვა ამდაგვარი. მისი შემდეგი მნიშვნელობაა ყოველივე ამის რეალური არსებობა და ცვალებადობა. შემდეგ, უფრო მეტად განცდა ეწოდება მავნე ცვლილებებსა და მოძრაობებს, განსაკუთრებით კი ზიანს, აგრეთვე დიდ უბედურებას და უსიამოვნებას.

თავი 22

      „ნაკლის“ ერთი მნიშვნელობაა არქონება იმისა, რის ქონებაც, საერთოდ, ბუნებრივია, ოღონდ არა მარტო ამ კონკრეტული საგნისათვის, მაგალითად, მცენარეებისათვის თვალების არქონება. მეორე, როდესაც საგანს არა აქვს ის, რაც ან მას, ან მის გვარს ბუნებრივად ახასიათებს. მაგალითად, სულ სხვადასხვანაირია ადამიანისა და თხუნელას სიბრმავე. მეორე შემთხვევაში მთელი გვარია მოკლებული მხედველობას, პირველ შემთხვევაში, ერთი ადამიანი, აგრეთვე ის, რაც ბუნებრივად ახასიათებს რამეს და არა აქვს მაშინ, როდესაც უნდა ჰქონდეს. სიბრმავე რაღაც ნაკლია, მაგრამ ბრმა ყველა ასაკში კი არაა ბრმა, არამედ იმ შემთხვევაში, თუ არა აქვს მხედველობა მაშინ, როდესაც ბუნებრივად უნდა ჰქონდეს. აგრეთე, როდესაც არა აქვს იმ ადგილას, ან იმის მიმართ, ან იმასთან შედარებით, ან იმგვარად, როგორც უნდა ჰქონდეს. შემდეგ, „ნაკლი“ ეწოდება რაიმესათვის რაიმეს იძულებით წარმართვას და რამდენი მნიშვნელობაც აქვს „არა“ ნაწილაკით დაწყებულ უარყოფას, იმდენივე მნიშვნელობით შეიძლება ვილაპარაკოთ საგანთა ნაკლზე. მაგალითად, არათანასწორია ის, რასაც არა აქვს თანასწორობა. უხილავია ის, რასაც ან საერთოდ არა აქვს ფერი, ანდა უმნიშვნელო შეფერილობა აქვს. ასევე უფეხოა როგორც ის, რომელსაც საერთოდ არა აქვს ფეხები, ისე ის, რომელსაც სუსტი ფეხები აქვს. აგრეთვე როცა რაიმე პატარაა. მაგალითად, ხილს უკურკო მაშინ ეწოდება, როდესაც პატარა კურკა აქვს. გარდა ამისა, რაც ადვილი არაა, ანდა კარგად ვერ კეთდება. მაგალითად, დაუყოფელია არა მარტო ის, რაც არ დაიჭრება, არამედ ისიც, რის დაჭრა ან ადვილი არაა, ანდა კარგად ვერ დაიჭრება. ნაკლია აგრეთვე თვისების სრულიად არქონება, რადგან ბრმა ეწოდება არა ცალთვალას, არამედ ორივე თვალით უსინათლოს. მაგრამ ყველაფერი კარგი ან ცუდი, სამართლიანი და უსამართლო კი არაა, არამედ არსებობს შუალედიც.

თავი 23

      „ქონებას“ მრავალი მნიშვნელობა აქვს. პირველი, როცა რაიმე იქცევა მისი ბუნების ან მისწრაფების შესაბამისად. ამ აზრით ვამბობთ, რომ ადამიანს ციებ-ცხელება აქვს, ხოლო ტირანების შესახებ, რომ ისინი ქალაქის მფლობელები არიან და ჩამცმელები ტანისამოსისა. მისი შემდეგი მნიშვნელობაა რაიმეს რაიმეში არსებობა. მაგალითად, სპილენძს აქვს ქანდაკების ფორმა და ავადმყოფობას - სხეულისა. შემდეგ, გარემომცველის და გარემოცულის მნიშვნელობით. „გარემოცული“ იმის შესახებ ვამბობთ, რომელიც იმაში იმყოფება, რაც მას გარემოიცავს. მაგალითად, ვამბობთ, ჭურჭელში სითხეა, ქალაქში ადამიანები, ნავში მეზღვაურები. ამავე აზრით ვამბობთ მთელზე, რომ ნაწილები აქვს.

      ქონებას ვუწოდებთ იმ შემთხვევასაც, როდესაც რაიმე რაიმეს ხელს უშლის მოქმედებაში, ან მოძრაობაში მისი მისწრაფების მიხედვით, როგორც, მაგალითად, სვეტები მასზე დაყრდნობილ სიმძიმეს. აგრეთვე როგორც პოეტები ამბობენ, რომ ატლანტს უჭირავს დედამიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დედამიწას დაეჯახებოდა, რასაც ზოგიერთი ბუნებისმეტყველიც ამტკიცებს. ამავე მნიშვნელობით გამაერთიანებელი ეწოდება იმას, რასაც აქვს გასაერთიანებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული ნაწილი საკუთარი მიდრეკილებით გამოცალკევდებოდა. ასევე „ქონების“ ანალოგიით ვხმარობთ გამოთქმას „რამე არსებობს რამეში”.

თავი 24

      „რაიმესაგან“ - ნიშნავს მატერიისაგან წარმოებულს. აქაც ორი გაგება შეიძლება არსებობდეს: როდესაც შემადგენელი პირველი გვარია, ანდა უკანასკნელი სახე. „რაიმესაგან“ შეიძლება ვიხმაროთ იმ აზრითაც, როგორც ყოველი დნობადი წყლისაგან შედგება, ან როგორც ქანდაკება შედგება სპილენძისაგან. მისი შემდეგი მნიშვნელობაა პირველი მამოძრავებელი საწყისიდან წარმოშობილი. მაგალითად, რისგან წარმოდგება ბრძოლა? - უთანხმოებისაგან, რომელიც ბრძოლის მიზეზია. ზოჯგერ ის ნიშნავს მატერიისა და ფორმისაგან შედგენილი მთელის ნაწილებს. მაგალითად, სტრიქონი, ამოღებული „ილიადადან“, ან ქვები - სახლიდან. მიზანი არის ფორმა და დასრულებული კი ისაა, რასაც ბოლო აქვს.

      შემდეგი გაგებით ის ნიშნავს ნაწილებისაგან შემდგარ გვარს. მაგალითად, ადამიანს - შემდგარს ორფეხობისაგან და მარცვალს - ასოებისაგან. აქ სულ სხვა დამოკიდებულებაა, ვიდრე ქანდაკებასა და სპილენძს შორის, რომლისგანაც ქანდაკებაა დამზადებული. რადგან სუბსტანცია შედგება გრძნობადი მატერიისაგან, ხოლო გვარი გვარისათვის დამახასიათებელი მატერიისაგან.

      ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება ეს გამოთქმა, ზოგჯერ კი იმ გაგებით, რომ ერთ-ერთი ამათგანი საგანს ნაწილობრივ ახასიათებს. როგორც ბავშვი არის დედის და მამისაგან წარმოშობილი, მცენარე მიწისაგან, უფრო სწორად მისი ნაწილებისაგან.

      ზოგჯერ კი მასში დროული თანმიმდევრობაა ნაგულისხმევი. მაგალითად, ამბობენ დღისაგან ღამეა და წყნარი ამინდისაგან ქარიშხალიო, რადგან ერთი მეორის შემდეგაა. ამას ვამბობთ იმათ შესახებ, რომლებსაც ერთიმეორეში გადასვლა შეუძლიათ, როგორც ახლახან მოტანილ მაგალითებში, ზოგჯერ კი მხოლოდ თანმიმდევრობაა ნაგულისხმევი. როგორც შემოდგომის დასაწყისიდან შესაძლებელია ნაოსნობა, რაც შემოდგომის დასაწყისს მოსდევს და დიონისეს[20] დღესასწაულიდან კი თარგილიონი[21], რადგან ის დიონისეს დღესასწაულს მოსდევს.

თავი 25

      „ნაწილი“ ერთი გაგებით ეწოდება იმას, რაზედაც ნებისმიერი სიდიდე იყოფა. რადგან სიდიდისაგან ჩამოშორებული ნაწილიც სიდიდეა, ამიტომ მას ამ სიდიდის ნაწილი ეწოდება, როგორც ორს სამის ნაწილი, ზოგჯერ კი ნაწილი ეწოდება საზომს. ამიტომაც პირველ შემთხვევაში ორი სამის ნაწილია, მეორე შემთხვევაში - არა. გარდა ამისა, რაზედაც დაიშლება ფორმა, სიდიდისაგან დამოუკიდებლად იმასაც ნაწილი ეწოდება. ამიტომ ამბობენ, სახე არის გვარის ნაწილიო. გარდა ამისა, რადაც დაიშლება, ან რისგანაც შედგება მთელი, ან სახე, ან სახის შემცველი. მაგალითად, სპილენძის სფეროსათვის, ან სპილენძის კუბისათვის სპილენძი ნაწილია. ის მატერიაა, რომელშიაც მოცემულია ფორმა. ნაწილია კუთხეც. აგრეთვე ის, რაც ცნების შემადგენლობაშია და რაც თითოეულ ნაწილს ცხადყოფს, ისიც მთელის ნაწილია. ამიტომაც გვარი არის ფორმა და ნაწილი. სხვანაირად კი სახე არის გვარის ნაწილი.

თავი 26

      „მთელი“ ეწოდება იმას, რასაც არაფერი არ აკლია იმისაგან, რაც მთელის ბუნებას შეადგენს. და გარემომცველიც გარემოცულთან ერთად რაღაც მთელია, რაც ორი აზრით იხმარება: ან იმ აზრით, როგორც თითოეული საგანი წაროადგენს ერთს, ან იმ აზრით, რომ მისგან ერთი წარმოიშობა. ზოგადი და საერთოდ, ის, რასაც არსებული მთელი ეწოდება, ზოგადია ან იმიტომ, რომ მრავალს მოიცავს, რომელზეც ის ითქმის და რომელთაგან თითოეული ერთს წარმოადგენს. როგორც, მაგალითად, ცხოველია ადამიანიც, ცხენიც და ღმერთიც. ხან კი მთელი ეწოდება უწყვეტს და განსაზღვრულს, როდესაც ის, მრავლისაგან შემდგარი რაღაც ერთია, რომლებიც, უმეტესად, შესაძლებლობაში არსებობენ, ზოგჯერ კი რეალურად. მათ შორის უფრო მეტად ასეთია ბუნებრივი, ვიდრე ხელოვნური საგნები. ერთის შესახებ ვთქვით, რომ ის როგორც მთლიანობა, რაღაც ერთიანობაცაა. ისევე, როგორც რაოდენობა, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა და კიდე, რომლებიც თუ მდებარეობით არ განსხვავდებიან, ყველა ეწოდებათ და თუ განსხვავდებიან, მაშინ მთელი. ხოლო თუ ორივეთი განსხვავდებიან, მაშინ იქნება, როგორც მთელი, ისე ყველა. ამას კი იმ საგნებში ვხვდებით, რომელთა ბუნება ცვალებადობაში იგივე რჩება, ფორმა კი ეცვლებათ, როგორც ცვილსა და ტანისამოსს, ამიტომ მათ როგორც „მთელი“, ისე „ყველა“ ეწოდებათ. წყალზე, სინოტივეზე და რიცხვზე ითქმის „მთელი“, ხოლო გამოთქმა „ყველა რიცხვი“, „ყველა წყალი“ იხმარება არა პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობით. „ყველა“ იმათზე ითქმის, სადაც ამ გამოთქმას იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორც „ერთის მიმართ“. „ყველანი“ კი იხმარება ერთმანეთისაგან განცალკევებულ საგნებზე. „მთელი“ რომელიმე ერთი რიცხვია, „ყველა“ კი მასში შემავალი ერთიანები.

თავი 27

      „არამთელი“ ეწოდება არა ნებისმიერ სიდიდეს, არამედ დაყოფადსა და მთელს. მაგალითად, ორიანი არ იქნება „არამთელი“, თუ მას ნებისმიერ ერთიანს ჩამოვაცილებთ, რადგან მოტეხილი არასოდეს არაა დარჩენილი ნაწილის ტოლი და არც სხვა ნებისმიერი რიცხვი, რადგან არამთელმა საჭიროა არსება იგივე შეინარჩუნოს. ფიალა მთელიც რომ არ იყოს, მაინც ფიალაა. რიცხვი კი იგივე აღარ იქნება. გარდა ამისა, რასაც თანაბარი ნაწილები არა აქვს, არც ისაა ასეთი. მაგალითად, რიცხვია ისიც, რომელსაც არათანაბარი ნაწილები აქვს, ორი, სამი და სხვა. საერთოდ, ის, რომლის ნაწილები არ ჰქმნიან განსხვავებას განლაგებაში, არც არამთელი იქნება, არამედ მთელი. მაგალითად, წყალი ან ცეცხლი. თუ ნაწილებს არსების შესაბამისი განლაგება აქვთ და უწყვეტიც არიან, არც იქ იქნება არამთელი. მაგალითად, ჰარმონიას აქვს ნაწილების განსხვავებული განლაგება, მაგრამ არამთელი მაინც არაა. ამას გარდა, არც მთელი საგნები ხდებიან არამთელი ნებისმიერი ნაწილების დაკარგვის შედეგად, არსების ძირითადი, ანდა ნებისმიერი ნაწილების დაკარგვის შემთხვევაშიც კი. მაგალითად, თუ ჯამი გახვრეტილია, არამთელი მაინც არაა, ის იმ შემთხვევაშია არამთელი თუ მოტეხილი აქვს რომელიმე ნაპირი, ან სახელური. ასევე ადამიანიც ხეთუ იბარი არაა, დაზიანებული აქვს ან სხეული, ან ელენთა, არამედ თუ აკლია რომელიმე კუდური და ისიც არა ყველა, არამედ ის კიდური, რომელიც აღარ წამოეზრდება. ამიტომაც მელოტნი ხეიბარნი არ არიან.

თავი 28

      გვარი მაშინ გვაქვს, როდესაც ერთი და იმავე სახის საგნების უწყვეტი წარმოშობა ხდება. მაგალითად, გამოთქმა „სანამ ადამიანთა გვარი არსებობს“, ნიშნავს: „სანამ მათი წარმოშობა უწყვეტია“. მისი შემდეგი მნიშვნელობაა პირველი მამოძრავებლიდან წარმოშობილი. ამ გაგებით ვამბობთ „ელინთა გვარი“ ან „იონელთა გვარი“, რომ ერთნი თავდაპირველად ელინისაგან არიან წარმოშობილი, მეორენი კი იონისაგან და რომ ისინი უფრო წარმომშობელისაგან არსებობენ, ვიდრე მატერიისაგან. იმასაც ამბობენ, რომ გვარი ქალისაგან არისო, მაგალითად, პიურასაგან. აგრეთვე იმ გაგებით, რომ სიბრტყე ბრტყელი საგნების გვარია და სხეული სხეულებისა, რადგან თითოეული ფორმა ან გარკვეული სიბრტყეა, ან გარკვეული სხეული. ეს კი განსხვავებათა სუბსტრატია. მისი შემდეგი მნიშვნელობაა: მსჯელობის პირველი შემადგენელი ნაწილი, საგნის არსების გამომხატველი გვარი, რომლის სახესხვაობებს თვისებები ეწოდება.

      გვარს ამდენი მნიშვნელობა აქვს: პირველი, ერთი და იმავე სახის საგანთა უწყვეტი წარმოშობა, მეორე, პირველი მამოძრავებელის მსგავსი, მესამე, მატერია, რადგან იქ, სადაც არის განსხვავება და თვისება, იქ არის სუბსტრატიც, რასაც ჩვენ მატერიას ვუწოდებთ.

      „სხვაგვარისა“ კი ეწოდებათ იმ საგნებს, რომლებსაც პირველი სიბსტრატი სხვადასხვა აქვთ, რომლებიც არ დაიყვანებიან ერთიმეორეზე და არც ორივე მესამეზე. მაგალითად, ფორმა და მატერია სხვადახვა გვარისანი არიან. აგრეთვე ისინიც, რომლებიც ეკუთვნიან არსებულ კატეგორიათა სხვადასხვა ფორმას, რომელთაგან ნაწილი გამოხატავს არსებას, ნაწილი თვისებას, ნაწილი კი იმას, რაც უკვე თქმული იყო თავდაპირველად. არც ესენი დაიყვანებიან ერთიმეორეზე, არც რაღაც ერთზე.

თავი 29

      „მცდარი“ ერთ შემთხვევაში ეწოდება ყალბ მსჯელობას: ან იმ აზრით, რომ ეს ასე არაა სინამდვილეში, ან რომ სინამდვილე ასეთი არ შეიძლება იყოს. მაგალითად, ორი მსჯელობიდან „დიაგონალი თანაზომიერია“, ანდა „შენ ზიხარ“ პირველი მუდამ შეცდომაა, მეორე კი ხანდახან, ე.ი. მაშინ, როდესაც სინამდვილეში ეს ასე არაა. ზოგჯერ კი შეცდომა ეწოდება არსებულს, რომელიც გვგონია, რომ სინამდვილეში ასეთი არაა, ანდა საერთოდ, არ არსებობს. მაგალითად, ჩრდილი და სიზმარი, რომლებიც, მართალია, არსებობენ, მაგრამ არა ისე, როგორც გვეჩვენებიან. მცდარი მსჯელობა იხმარება იმ აზრით, რომ ან მისი ობიექტი არ არსებობს, ანდა მისგან შექმნილი წარმოდგენის ობიექტი არ არსებობს. ამრიგად, შემცდარი აზრია ის, რაც ეხება არარსებულს, ამიტომაც ყოველი მცდარი აზრი ეხება სხვა საგანს, ვიდრე ჭეშმარიტი. მაგალითად, ჭეშმარიტი დებულება წრის შესახებ სამკუთხედებისათვის შეცდომაა. აზრი ერთი საგნის შესახებ შესაძლებელია ერთი იყოს, თუ ის საგნის არსებას გამოხატავს. მაგრამ შეიძლება ბევრიც იყოს, რადგან როგორღაც ერთია საგანი და განმცდელი საგანი. მაგალითად, „სოკრატე“ და „განათლებული სოკრატე“. ხოლო შემცდარი აზრი, საერთოდ, არაფრის აზრი არაა. ამიტომაც სცდებოდა ანტისთენე, რომელიც ფიქრობდა, რომ საგანს საკუთარი სახელების გარდა, რაც ყოველ საგანს ერთი აქვს, სხვა არაფერი არ შეჰფერისო, აქედან კი გამომდინარეობდა, რომ წინააღმდეგობა არ არსებობს და მაშასადამე, არც შეცდომა არსებობს. მაგრამ ყოველ საგანს შეიძლება ვუწოდოთ არა მხოლოდ თავისი სახელი, არამედ სხვაც, რაც შეიძლება ხან სრულიად მცდარი, ხან კი ჭეშმარიტი იყოს. მაგალითად, რვა არის ორმაგი, რადგან ორმაგის ცნება მასაც უდგება. ამრიგად, ზოჯგერ შეცდომას ეს აზრი აქვს.

      ცრუ ადამიანი კი ისაა, ვინც ადვილად იჯერებს და ირჩევს ასეთ მსჯელობებს, მაგრამ არა რაღაც სხვა მიზნით, არამედ თვით მათივე გულისთვის და ვინც სხვებსაც აჩვევს ასეთ მსჯელობებს.

      საგნებს კი „ცრუს“ მაშინ ვუწოდებთ, როდესაც ცრუ წარმოდგენებს იწვევენ. ამის გამო მსჯელობა „ჰიპიუსში“ იმის შესახებ, რომ ერთი და იგივეა ცრუ და მართალი, მცდარია, რადგან ცრუდ ცხადდება სიცრუის თქმის შემძლე, რომელიც მცოდნე და გონიერია. ამას გარდა, უპირატესობა ეძლევა თავისი ნებით ბოროტს. ეს შეცდომა კი გამომდინარეობს სილოგიზმიდან, რომ განზრახ კოჭლი სჯობს უნებურად კოჭლს. ნაგულისხმევია, რომ კოჭლობა არის მიბაძვა. მაგრამ თავისი ნებით კოჭლი ისევე ცუდია, როგორც ზნეობრივ სფეროში თავისი ნებით ბოროტი.

თავი 30

      ჭეშმარიტებას ამბობენ ისინი, რომლებიც შემთხვევითს უწოდებენ თვისებას, რომელიც ახასიათებს რაიმეს, მაგრამ არც აუცილებლად და არც უმეტეს შემთხვევაში. მაგალითად, თუ ვინმე მცენარის დარგვისას მიწის გათხრის დროს განძს იპოვის, ორმოს მთხრელისათვის განძის პოვნა შემთხვევითია, რადგან ერთი მეორისაგან არც აუცილებლობით გამომდინარეობს, არც მოსდევს მას და არც ხშირად მომხდარა, რომ მცენარის დარგვისას განძი ეპოვნოთ. თუ ვინმე განათლებული ამავე დროს თეთრიცაა, ამას ჩვენ შემთხვევითს ვუწოდებთ, რადგან ეს არც აუცილებელია და არც ხშირი. ასე რომ, შემთხვევითია საგნები ან თვისებები, რომლებიც ახასიათებენ ზოგიერთ საგნებს გარკვეულ ადგილს და გარკვეულ დროს, მაგრამ არა აუცილებლად, არც აუცილებლად ახლა, ან ამ ადგილს. შემთხვევით თვისებას აქვს არა განსაზღვრული, არამედ შემთხვევითი მიზეზი, რომელიც განუსაზღვრელია. მაგალითად, ვინმე ეგინაში შეიძლება შემთხვევით ჩამოვიდეს, ე.ი. არა იმიტომ, რომ მიზნად ჰქონდა დასახული აქ ჩამოსვლა, არამედ იძულებული იყო ან მკაცრი ზამთრით, ანდა ყაჩაღებმა დაატყვევეს. ამრიგად, ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ თვით ფაქტი კი არაა შემთხვევითი, არამედ მისი გამომწვევი მიზეზი. რადგან სიცივეა იმის მიზეზი, რომ ადამიანი ჩავიდა იქ, სადაც არ სურდა, სახელდობრ ეგინაში.

      „შემთხვევითს“ სხვა მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, ის თვისება, რომელიც ახასიათებს საგანს თავისთავად, მაგრამ არ შედის მის არსებაში, როგორც სამკუთხედისათვის ორი სწორი კუთხის ქონება. ეს თვისებები შეიძლება იყვნენ მარადიული, მაგრამ, ზემოდასახელებული კი არასოდეს. ამის შესახებ სხვაგან გვაქვს მსჯელობა.

« წიგნი მეოთხე

წიგნი მეექვსე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] ἡ σ ύ ν θ ε σ ι ς -ში იგულისხმება, როგორც კავშირი, ისე საგანი, რომელიც ფორმისა და მატერიისაგან შედგება. კუბიცკი მას თარგმნის „კავშირად“ ჩვენ ეს ტერმინი გადმოვეცით „შედგენილი საგნით“.

[2] არისტოტელე აქაც არკვევს ზოგადისა და კერძოს მიმართების საკითხს და ამ შემთხვევაში მას ზოგადი კონკრეტულის წინამორბედად მიაჩნია.

[3] τ ὰ ο ἰ κ ε ί ω ς და τ ὰ κ α τ ὰ σ υ μ β ε β η κ ό ς, პირველი ნახმარია არსებითი და მეორე შემთხვევითი ნიშნის მნიშვნელობით. ისინი აქაც, როგორც ყველგან, ერთმანეთს უპირისპირდებიან მეტნაკლები სიმყარით.

[4] არსებითი და შემთხვევითი ნიშნის ცნებები.

[5] ϕ ύ ε σ θ α ι -ს აქვს, როგორც „წარმოშობილის“, ისე „ზრდის“ მნიშვნელობა.

[6] აქ ყველგან ნაგულისხმევია ონელები.

[7] ფორმისა და მატერიისაგან.

[8] ε ἰ ς Α ἴ γ ι ν α ν, ეგინა, კუნძულის სახელია.

[9] Ε ὔ η ν ό ς, ევენოსი, სოკრატეს თანამედროვე ფილოსოფოსი და პოეტი, ელიგიების ავტორი.

[10] ციტატა მოტანილია სოფოკლეს ცნობილი ტრაგედიიდან „ელექტრა“.

[11] ამ თავის ძირითადი შედეგია უძრავი მამოძრავებლის დაშვების აუცილებლობა, რომლისთვისაც უცხოა მოძრაობა, იძულება და ყოველივე არაბუნებრივი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მმართველობის უმაღლესი ფორმისთვისაც უცხო უნდა იყოს ძალმომრეობა, ძალადობა, იძულება, ტირანია.

[12] ἀ ν τ ι κ ε ί μ ε ν α λ έ γ ε τ α ι ἀ ν τ ί ϕ α σ ι ς κ α ὶ τ ἀ ν α ν τ ί α „დაპირისპირება არის უარყოფა და წინააღმდეგობა“. აქ „დაპირიპირებული“ ნახმარია წინააღმდეგობის ყველა ფორმათა ზოგად სახელად. პირველი ტერმინი „უარყოფა“ (ἀ ν τ ί ϕ α σ ι ς) კონტრადიქტორული წინააღმდეგობის მნიშვნელობითაა ნახმარი, მეორე ცნება (τ ἀ ν α ν τ ί α) - კონტრარულისა.

[13] „შედგენილი ფერები“ - ნაგულისხმევია ის ფერები, რომლებიც საწყისი ფერებიდან, თეთრიდან და შავიდან მიიღება.

[14] ἁ π λ ῶ ς „ზოგად განსხვავებად“ ვთარგმნეთ, რაშიც საგანთა შორის არსებული სუბსტანციალური განსხვავებაა ნაგულისხმევი.

[15] მიდიური ომები, ანუ სპარსეთის ომები.

[16] τ ἀ Ν έ μ ε α ნემეური თამაშობანი, რომლებიც იმართებოდნენ ზევს ნემეელის პატივსაცმად.

[17] Π υ θ ί ο ς პითიური თამაშობანი, ნაგულისხმებიან თამაშობანი, რომლნიც იმართებოდნენ ორ წელიწადში ერთხელ აპოლონ პითიელის ტაძართან.

[18] „მოძრაობის საწყისი სხვაში“, ან „თავის თავში“, ეს გამოთქმები ხშირად გვხვდება „მეტაფიზიკაში“ და გულისხმობს: პირველი სხვის მამოძრავებელს, მეორე კი თავის თავისას.

[19] ე.ი. მხოლოდ სიტყვიერად ექნებოდა ეს თვისება და არა სინამდვილეში.

[20] τ ὰ Δ ι ο ν ύ σ ι α დიონისეს დღესასწაული, იმართებოდა დიონისე ვაკხის პატივსაცემად წელიწადში ოთხჯერ.

[21] Θ α ρ γ ή λ ι α თარგილიონი, მკის დღესასწული, იმართებოდა თარგილიონში, მკათათვეში, ივლისის თვეში.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 239

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters