დეკარტი, ეჭვის გააბსოლუტურებით, ადამიანური ცოდნის რადიკალურ შემოწმებას მიმართავს. მკვლევარი ამ დროს უკიდურესი სკეპტიკოსია, მაგრამ რადგან ეჭვი მისთვის უეჭველის დასადგენი საშუალებაა მხოლოდ და არა მიზანი, შემოწმების ამ პროცესს მეთოდური სკეპტიციზმი ეწოდება. დეკარტის აზრით, ამგვარ ყოვლისმომცველ და უკიდურეს ეჭვს ვერ უძლებს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გრძნობადი ცოდნა, რომელიც გამოცდილებისაგანაა მიღებული. მე ერთ დროს მეგონა, გვაუწყებს დეკარტი, რომ ჩვენს ცნობიერებაში არც ერთი იდეა არაა ისეთი, რომელსაც შეგრძნებებში არ გაევლოს და ისე მოხვედრილიყოს ჩვენს ცნობიერებაში (6,82). როგორც ცნობილია, ეს დებულება ყოველგვარი ემპირიზმისა და სკეპტიციზმის ძირითადი დებულებაა. ეს დებულება არისტოტელემ მიიღო, როგორც ჩვენს ცნობიერებაში იდეის შინაარსის მოხვედრის გენეტიკური გზის აღწერა. ამასთანავე, არისტოტელე თვლიდა, რომ ამგვარი ახსნა ხელს არ უშლის იდეის შინაარსის რაციონალისტურ გაგებას. ასე ესმოდა ეს პრინციპი იოანე პეტრიწს (XI-XII სს.) და სხვა ნეოპლატონიკოსებს. დეკარტი თავისი განვითარების იმ პერიოდზე მიგვითითებს, როცა მას არისტოტელეს კვალად სწამდა, რომ იდეები ჩვენს სულში (ცნობიერებაში) მხოლოდ გამოცდილებიდან ხვდება. შემდეგ იგი გაიზიარებს პლატონის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამოცდილება მხოლოდ აღვიძებს ჩვენი ცნობიერების (სულის) თანშობილ, მაგრამ მატერიალურში მისი მოქცევის შემდეგ დავიწყებულ შინაარსს.

      რაციონალისტი დეკარტი მიმართავს მეთოდურ ეჭვს. იგი ამტკიცებს, რომ არავითარ ემპირიულ ცოდნას არა აქვს აუცილებლობა, ე.ი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საგნისათვის ჩვენ მიერ მიწერილი რაიმე ნიშანი (რაიმე მახასიათებელი, რაიმე პრედიკატი) უდავოა და მუდმივი. მაგალითად, როგორია სანთლის ცვილი? მაგარი, რბილი, თუ თხევადი? ჩვენ ამას ემპირიულად ვერ დავადგენთ, რადგან სხვადასხვა ტემპერატურაზე იგი სხვადასხვა სახეს იღებს. მეტიც, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, უეჭველია თუ არა თავად ჩვენი სხეულებრივი არსებობა. კერძოდ ის, რომ მე ახლა ბუხრის წინ ვზივარ. თითქოს სასაცილოა ამაში შეეჭვება, მაგრამ მე ხომ ხშირად დამსიზმებია ამგვარი რამ? ზოგჯერ გამოფხიზლების შემდეგ, უცებ ძნელია გაერკვე ეს სიზმარი იყო თუ ცხადი. თუ დავუკვირდებით, გავაცნობიერებთ, რომ არ გაგვაჩნია ნათელი სიზმრისა და რეალობის ერთმანეთისაგან განმასხვავებელი კრიტერიუმი. ამაზე ჯერ კიდევ პლატონი მსჯელობდა „თეეტეტში“ (150,Eე-დ). ეს რომ შემთხვევითი, ანდა ახირებული აზრი არ არის, ამის საბუთი ისიცაა, რომ მოგვიანებით, სულ სხვა კულტურის წარმომადგენელი, ჩინელი ფილოსოფოსი ჩუანგ თსუ (366- 268), ჩინური ფილოსოფიის დიდმნიშვნელოვანი მიმართულების - დაოიზმის (გზის ფილოსოფიის) წარმომადგენელი, რომელსაც ლაო-ძის (VIV სს.) გვერდით მოიხსენებენ, წერდა: ერთხელ დამესიზმრა, რომ მე - ჩუანგ თსუ - ვარ პეპელა. გამეღვიძა და ვხედავ, რომ იმავე ადგილას ვწევარ, მაგრამ ახლა არ ვიცი, მე ისა ვარ, ვისაც ესიზმრებოდა, რომ ის არის პეპელა, თუ მე ვარ პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ის არის ადამიანი.

      დეკარტი იმას კი არ ამტკიცებს, რომ ემპირიული ცოდნა მუდამ ყალბია, არამედ იმას, რომ ეს ცოდნა მუდამ საეჭვოა. იგი უდავო არასდროს არაა. აუცილებელია ვიპოვოთ კრიტერიუმი უეჭველი ცოდნის დასადგენად, და ამგვარს გამოცდილებაში ვერ ვიპოვით. ამიტომ ყველაფერი, რაშიც ეჭვი ლოგიკურად შეიძლება იქნეს შეტანილი, კი არ უნდა გადავაგდოთ, არამედ განზე უნდა გადავდოთ, მანამ, სანამ ჭეშმარიტის მცდარისაგან გასარჩევად საიმედო კრიტერიუმს ვიპოვით. ამგვარი კრიტერიუმის რაობას, კი იმგვარ ვითარებაში, იმგვარ საგანთან მიმართებაში ამოვიკითხავთ, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გაუძლებს. ამის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ძიების პროცესში ჩვენს მიერ დროებით განზე გადადებულ საგნებს და მათი ღირებულება შევაფასოთ.

      ჯერ-ჯერობით, ახალი არაფერი თქმულა. ემპირიული ცოდნისადმი უნდობლობის დასაბუთების მრავალი მცდელობა იყო წამოყენებული სკეპტიკოსებისა და იდეალისტების მიერ. მაგრამ დეკარტი ეჭვს იმაზეც ავრცელებს, რაც უმრავლესობას უეჭველად მიაჩნდა. იგულისხმება მათემატიკა და გეომეტრია. თითქოს, დეკარტისათვის, ანალიზური გეომეტრიის შემქმნელისათვის, უეჭველი უნდა იყოს მათემატიკური ცოდნა. დეკარტი ცოდნის ამ სახის უპირატესობას არ უარყოფს, მაგრამ მიაჩნია, რომ სრული უეჭველობის გარანტიას ეს ცოდნაც ვერ იძლევა. მათემატიკურ დასაბუთებაში დაეჭვების შესაძლებლობის საჩვენებლად, დეკარტი ახდენს ეჭვის რადიკალიზაციას: თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენი შემქმნელი კეთილი ღმერთი კი არ არის, არამედ ბოროტი გენიაა - ბოროტი სულია, რომელმაც ისე შეგვქმნა, რომ უეჭველი გვეჩვენება ის, რაც სინამდვილეში მოჩვენებაა, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი მრუდე სარკეები ვართ - მაშინ მათემატიკურ დებულებებშიც შეიძლება შევიტანოთ ეჭვი.Eე.ი. სინამდვილეში შესაძლებელია 2+2=5, მაგრამ ჩვენ ყველას გვეჩვენება, რომ 2+2=4. ამგვარ დაშვებაში ალოგიკური არაფერია. ასეთ შემთხვევაში, შემეცნებაში ადამიანისათვის რაიმე სიცხადესა და უეჭველობაზე ლაპარაკი ფუჭია. მაგრამ დეკარტი აქედანაც ნახულობს გამოსავალს. მისი აზრით, ადამიანს ამ შემთხვევაშიც რჩება ერთი და მოუცილებელი თვისება, რაც ეჭვისაგან ხელშეუხებელია. ესაა ლოგიკური მსჯელობის, აზრთა გამომდინარეობის სისწორის გაგების უნარი (რასაც ყველაზე რადიკალური სკეპტიკოსი და აგნოსტიკოსიც უშვებდა). უამისოდ შეეჭვებაც და უარყოფაც შეუძლებელი იქნებოდა. დეკარტმა სავსებით უეჭველი რამ ვერც „ბუნების დიდ წიგნში“, ვერც არსებულ მეცნიერებებში (70,265) და ვერც საკუთარ თავში იპოვა. მაგრამ ყოველივეს საეჭვოდ გამოცხადება არ არის იმედისმომცემი ვითარება.Dდეკარტს სურს საეჭვოდ გამოცხადებული და განაჩენის მომლოდინე ჩვენი ცნობიერების შინაარსის ღირებულების შემმოწმებელი კრიტერიუმი დაადგინოს. მაგრამ ჯერჯერობით ამის არავითარი იმედი არ ჩანს.

      მკვლევარი სწორედ ამ უკიდურეს მომენტში, როცა ყველაფერი საეჭვოდ გამოცხადდა, აღმოაჩენს, რომ სწორედ აქ ვდგევართ უეჭველის წინაშე. იგი ხვდება, რომ თავად იგი, როგორც მოეჭვე (მოაზროვნე) უეჭველად არსებობს, თუნდაც, როგორც მხოლოდ ეჭვისა და შეცდომისათვის განწირული. აზროვნება, როცა იგი ყოველგვარ პრეტენზიაზე უარს ამბობს, ხედავს, რომ ამ თვისებას მას ვერავინ წაართმევს. ამიტომ დეკარტისათვის „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ (ცოგიტო, ერგო, სუმ) უეჭველი დებულებაა. აქ საქმე ეხება მხოლოდ აზროვნებას, როგორც რაღაცაზე მიმართულობას. აზროვნების პროცესის მეტი აქ არაფერი იგულისხმება. ეს არის თვითცნობიერების გამოხატულება. ჩოგიტო, თავისი პირველადი მნიშვნელობით, ნიშნავს სულში რაღაცის შეკრებას, შეჯამებას და შედარებას, ე.ი. ინტენციურია. აზრისა და არსის გლობალური ერთიანობა, მათი იგივეობის თვალსაზრისით, რაც პარმენიდემ (დ. ძვ. წ. 540 ან 515) შემეცნების პირობად გამოაცხადა, დეკარტთან შეზღუდულია მხოლოდ აზროვნებისა და მისი არსებობის უწყვეტი კავშირის დადგენით. აქ აზროვნებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური სინამდვილე (იდეალური ან მატერიალური) უარყოფილი კი არ არის, არამედ იგულისხმება, როგორც შესაძლებელი, რომელიც დასაბუთებას ელის.

      დეკარტის ძირითადი დებულების გასაგებად საჭიროა გავითვალისწინოთ, შემდეგი: როცა დეკარტი ამბობს, რომ უეჭველი დარჩა „მე“, როგორც მოაზროვნე ნივთი, აზროვნების ქვეშ იგი გულისხმობს საერთოდ ცნობიერების მოუცილებელ შინაარსს.M „მეტაფიზიკური განაზრებების“ III თავში ვკითხულობთ: მოაზროვნე, ანუ ცნობიერების მქონე ნივთი არის ის, „რომელიც ეჭვობს, ამტკიცებს, უარყოფს, ცოტა რაღაც იცის, მრავალი რამ არ იცის, სურს და არ სურს, ასევე შეუძლია ხატოვნად წარმოიდგინოს რაიმე და შეიგრძნოს“. ამის შემდეგ მოულოდნელი არაა მისი დებულება „შეგრძნება ხომ მეტი არაფერია თუ არა აზროვნება“ (7,99). ისიც „მე“ -ს გულისხმობს აუცილებლობით.

      აზროვნების მიერ მოწოდებული მრავალი სახის შინაარსი (მაგალითად, როგორც ის, რომ „ბუხარი ათბობს“, ასევე ის, რომ „სამკუთხედის კუთხეების ჯამი 2დ-ს უდრის“ ) საეჭვოა დეკარტის მეთოდური ეჭვისათვის.Mმაგრამ ცოგიტოს უეჭველობა საერთოდ ღირებულებათა ახალი საზომის დაფუძნების იმედს იძლევა.მის უეჭველობაში ვერ შეგვაეჭვებს თუნდაც უზენაესი ბოროტი ძალის Dდაშვებაც, ე.ი. ის უეჭველი იქნება ღმერთის ნების საპირისპიროდაც. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დეკარტის ამ დებულებით ფილოსოფია თავისუფლდება თეოლოგიის მსახურის როლისაგან. დეკარტმა ხომ თითქოს ის პუნქტი მონახა, სადაც აზროვნება მხოლოდ საკუთარ თავს ემყარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დროის იდეალიზმი დეკარტმა, როგორც ჰეგელი ამბობდა, თვითცნობიერებას დააფუძნა. ამ დებულების სიცხადე და გარკვეულობა მისი უდავო ჭეშმარიტების გარანტიაა. მასში ვერავითარი ინსტანცია ვერ შეაეჭვებს ჩვენს ცნობიერებას. Hჰეგელი დეკარტის ფილოსოფიის არსებად აზროვნებისა და ყოფიერების (ყოფნის) ამ სიცხადის დადგენას თვლიდა (42,20,257).

      საკუთარი არსებობის უეჭველობის რეფლექსია მოცემულია ჯერ კიდევ ინდური მი- თოლოგიის შესანიშნავ ძეგლში „უპანიშადებში“ (ვედების ნაწილი, ძვ. წ. 1000-500), აშკარაა იგი ავგუსტინესთანაც (354-430). იყენებდა მას დეკარტის უფროსი თანამედროვე თ. კამპანელაც. მაგრამ დეკარტამდე წმინდა აზროვნების ძალა არავის დაუპირისპირებია ღმერთის ყოვლისშემძლეობისათვის. „უპანიშადებში“ იგი ემპირიული თვითცნობიერების ნაწილია, ხოლო ავგუსტინესთან მხოლოდ ერთ-ერთია სხვა ტიპის ჭეშმარიტ დებულებათა, მაგალითად, დიალექტიკურ და მათემატიკურ ჭეშმარიტებათა შორის (61,I,152). დეკარტის ეს დებულება არც ინდუქციით საბუთდება და არც დედუქციით. მისი გაგების საშუალებას დეკარტი ინტუიციას, ე.ი. დანახვას (ხედვას, ჭვრეტას) უწოდებდა.Eეს ჭეშმარიტების უშუალოდ დანახვაა, არა გრძნობადი თვალის, არამედ გონების თვალის დახმარებით. ეს ის თვალია, რომლის არქონასაც უფიქსირებდა, გადმოცემის თანახმად, ემპირისტ არისტიპეს (435-355/60) პლატონი (ცხენს ხედავ, რადგან გრძნობადი თვალი გაქვს, ცხენობას ვერა, რადგან გონების თვალი არა გაქვს). აქ არაა რაიმე მისტიკური, ანუ მრუმე ვითარება, რომლის გარკვევა და ნათელყოფა შეუძლებელია. დეკარტს ამით იმის აღნიშვნა სურდა, რომ აქ საქმე გვაქვს საკუთრივ ფილოსოფიური მეთოდის სპეციფიკის გამოხატულებასთან. ეს დებულება უმაღლეს აუცილებლობას ფლობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დებულების უარყოფა შეუძლებელია, რადგან მისი უარყოფის მცდელობა მასვე ამტკიცებს. იგულისხმება, რომ აზროვნების უარყოფა მხოლოდ აზროვნებითაა შესაძლებელი.

      დასაბუთების ამგვარ წესს დეკარტამდეც იცნობდნენ. სწორედ ამგვარია სოკრატე-პლატონის დებულება ადამიანისათვის ჭეშმარიტების შესაძლებლობის უარმყოფელი აზრის წინააღმდეგობრიობის, ე.ი. ალოგიკურობის შესახებ. სოკრატემ (469-399) სოფისტების კრიტიკით აჩვენა ეს წინააღმდეგობა: სოფისტების მიერ ადამიანისათვის ჭეშმარიტების მიღწევის შეუძლებლობის მტკიცება თავადაა პრეტენზია ჭეშმარიტების ფლობაზე. სოფისტი მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მფლობელად. აქ ჩვენ პირობით მსჯელობასთან გვაქვს საქმე. იგი გვეუბნება: თუ ვინმე უარყოფს ჭეშმარიტების არსებობას, მაშინ ის, ძალაუნებურად ამტკიცებს მას, რადგან საკუთარი დებულება მიაჩნია ჭეშმარიტად. აქ ჩვენ „თუ..., მაშინ“ -ის სფეროში ვართ.

      დეკარტის დებულება (ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ) სწორედაც რომ მხოლოდ აზროვნების უეჭველ არსებობას ადგენს. მისი აუცილებლობის საფუძველი ამავე დებულებაში დევს და არა მის გარეთ, როგორც ეს დასაბუთების ტრადიციულ მეთოდებშია. ეს ის მეთოდია, რომელსაც ჰეგელის შემდეგ დიალექტიკური დასაბუთება ეწოდება. ამ მეთოდით მოპოვებულია ჭეშმარიტების კრიტერიუმი, როგორც სიცხადე და გარკვეულობა ჩვენი გონებისათვის. მსგავსი ტრადიციული კრიტერიუმებისაგან განსხვავებით, მისი სპეციფიკა ისაა, რომ მისი სიცხადე ნიშნავს, ამ ვითარების სხვაგვარად მოაზრების შეუძლებლობას. ეს არის ერთადერთი საიმედო საყრდენი პუნქტი, მაგრამ მისგან დედუქციურ სისტემას ვერ მივიღებთ, რადგან უეჭველი მხოლოდ ისაა. მისგან რომ რაიმე გამოყვანილზე გავავრცელოთ უეჭველობა, ეს დეკარტის მეთოდური სკეპტიციზმის უარყოფა იქნებოდა, რადგან მან ყველაფერი სხვა (კოგიტოს პრინციპის გარდა) საეჭვოდ გამოაცხადა. საუკუნის შემდეგ დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ი. გ. ფიხტე შეეცდება დეკარტის ამ პრინციპიდან ძირითადი დებულებების გამოყვანას, რომელიც ამავე დროს განვითარებაც, ანუ ახალი უეჭველი შინაარსის დადგენაც იქნებოდა. მაგრამ დეკარტი აზროვნებას ამდენ ძალას არ ანიჭებს და ტრადიციულად, საშველად ღმერთს მიმართავს.

      დასაბუთება ამდაგვარია: რაკი ჭეშმარიტების კრიტერიუმი სიცხადე და გარკვეულობაა, ამიტომ ჩვენი ცნობიერების შინაარსი კვლავ უნდა გადავსინჯოთ: იქნებ იქ არის რაღაც, რაც ამ შინაარსში ამოსავალი პუნქტის ძიებისათვის გამოგვადგება. იგი გაგვახსენებს, რომ მათემატიკის და გეომეტრიის დებულებებმა ყოველგვარ ეჭვს გაუძლეს, გარდა ერთისა: ეს არის ღმრთის ბოროტი ნების არსებობის შესაძლებლობის დაშვება. ბოროტ გენიას შეიძლება შევექმენით, როგორც მრუდე სარკეები. ამიტომ, თუ დასაბუთდა, რომ ღმერთი ბოროტი არ შეიძლება იყოს, რომ იგი კეთილია, მაშინ ზუსტ მეცნიერებათა დებულებები, თუ ისინი ჩვენთვის ცხადი და გარკვეულია, უდავოდ ჭეშმარიტი იქნებიან. საღი ადამიანური გონებისათვის ცხადი და გარკვეული ნიშნავს რაციონალურად დასაბუთებულს, ე.ი. ჭეშმარიტს. ცხადია აქ მარტო ინდუქცია და დედუქცია არ იგულისხმება. დეკარტს შემოაქვს დასაბუთების მესამე სახე - ინტუიცია. გონების სახელმძღვანელო წესების ჩამოყალიბებისას დეკარტი სავსებით ნათლად წერს, რომ დასაბუთების მესამე და უმაღლესი სახე არის ინტუიცია. ინტუიცია მე მესმის, გვასწავლის დეკარტი, არა როგორც გრძნობების მერყევი მოწმობა, და არც როგორც მოუწესრიგებელი ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ნათელი და დაკვირვებული გონების მოწმობა - ისე ნათელი და გამოკვეთილი, რომ არავითარ ეჭვს არ ტოვებს.მას მხოლოდ გონების ბუნებითი სინათლე იძლევა და თავისი სიმარტივის წყალობით უფრო სარწმუნოა, ვიდრე თავად დედუქცია. აქ ნათლადაა განსხვავებული დასკვნის სამი სახე: ინდუქცია, დედუქცია და ინტუიცია. ამით დეკარტთან, როგორც თითქმის ყველგან, პრობლემა კი არ იხსნება, არამედ ჩნდება პრობლემის ახალი ასპექტი. ინტიუციის მაგალითებად დეკარტს გარდა დებულებისა „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ მოჰყავს სხვა დებულებებიც: „სამკუთხედს მხოლოდ 3 გვერდი აქვს“, „წრეს მხოლოდ ერთი ზედაპირი აქვს“ და სხვა. დეკარტი თვლის, რომ ეს დებულებებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმრავლესობა მათ ყურადღების ღირსად არ თვლის (70,86). ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს დებულებები ცნების ანალიზით არიან მიღებული (რაკი ინტუიციებს წარმოადგენენ). ისინი უნდა გავიგოთ, როგორც ცნების შინაარსის დადგენა, ინდუქციისაგან განსხვავებული წესით.

      ეს რაციონალიზმი გარკვეული ასპექტით შეზღუდული რაციონალიზმია და ამდენად კავშირშია შუა საუკუნეების შეზღუდულ რაციონალიზმთან. დეკარტთანაც, ჩვენ ღმერთის მხოლოდ არსებობა შეიძლება დავადგინოთ. მისი არსება, ანუ ის, თუ როგორაა ღმერთი ყოველგვარი არსებობის გამაერთიანებელი საფუძველი, სავსებით შეუმეცნებადია. ამ აზრს მეტი საფუძველი მიეცემა, თუ გავიხსენებთ, რომ დეკარტი აქ, თავისი მიზნის მისაღწევად, ღმერთის, როგორც სრულყოფილი არსების ანსელმ კენტერბერისეულ (1033-1109) დასაბუთებას იყენებს.

      აზროვნების ქვეშ დეკარტს ესმის ჩვენი ცნობიერების ნებისმიერი შინაარსი, რომელიც რაღაცნაირად შეიძლება დავაფიქსირო, როგორც ჩემს განცდასთან რაღაცნაირ კავშირში მყოფი (მე მტკივა კბილი, მე ვცდილობ ამოცანის გაგებას, ვუყურებ ფოთოლს, ანდა მზეს და ა. შ.). როგორც ცნობიერების შინაარსის „ნაწილები“ ისინი, ეს შინაარსები სრულუფლებიანი არიან (7,9). დეკარტი მათ ყველას იდეებს უწოდებს. ჩვენში არსებული ამგვარი იდეების ანუ წარმოდგენების დიდი მრავალფეროვნება სამ ტიპზე დაიყვანება:

      I. გარედან, ანუ გამოცდილებიდან ჩვენს მიერ მიღებული;

      II. ჩვენს მიერ შექმნილნი (მაგალი- თად, წარმოსახვის ძალით, ფანტაზიით); და

      III. ისეთნი, რომლებიც იბადებიან ჩვენთან ერთად და არ შეიძინებიან (იქვე,105).

      ყველა იმ იდეას შორის, რომლის დასაბუთებაც ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ერთია ისეთი, რომლის ცნებაშიც არსებობა აუცილებლობით მოიაზრება. ნებისმიერი სხვა არსებულის (ფოთოლის, მზის, მიწის, ვარსკვლავების ... და ა.შ.) ცნება მისი შესაბამისი ობიექტის ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობას გულისხმობს; ხოლო ღმერთის ცნება გულისხმობს თავისი ობიექტის აუცილებელ არსებობას. ყველა სხვა ობიექტის ცნებაში ჩვენ ვასხვავებთ, ობიექტის (საგნის) არსებას, რაც ამ საგნის ცნებით გამოიხატება, და არსებობას, რაც ამ ცნებისაგან დამოუკიდებლად რაღაცნაირ არსებობას გულისხმობს. რაგინდ ნათლად არ უნდა მოვიაზროთ სხვა ცნებები, მათში მაინც ვერაფერს დავინახავთ, რაც მათი შესატყვისი საგნის (ობიექტის) აუცილებელ ფაქტიურ, ანდა რაიმენაირ აუცილებელ არსებობაზე მიუთითებდეს.

      გამონაკლისია მხოლოდ ღმერთის ცნება. მასში არსებობა ისეთივე აუცილებლობით იგულისხმება, როგორც სამკუთხედის ცნებაში მისი კუთხეების სიდიდე (მაგრამ არა არსებობა). ეს ცნება ჩვენში მხოლოდ ღმერთის ჩადებული შეიძლება იყოს, რადგან დეკარტის აზრით, ნაკლოვანი (ანუ ჩვენ და ჩვენი აზროვნება) არ შეიძლება სავსებით სრულის მიზეზი იყოს.

      დეკარტი მიუთითებს ღმერთის არსებობის დასაბუთების ანსელმ კენტერბერიელისაგან ნასესხები ონტოლოგიური არგუმენტის კიდევ ერთ ასპექტზე, რომელიც დეიზმის საწინააღმდეგოა და რომელსაც, შემდეგ, ნ. მალბრანში (1638-1715) გამოიყენებს. მხედველობაში გვაქვს დეკარტის „ფილოსოფიის საწყისები“_ს მე-18 პარაგრაფში გამოთქმული აზრი: ჩვენი სოცოცხლის ხანგრძლივობაც კი, საკმარისია ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად, რადგან, ჩვენი არსებობის ერთი რომელიმე პერიოდიდან აუცილებლობით არასდროს გამომდინარეობს სხვა, და ასევე, მათი (ამ ორის) ერთიანობისათვის საჭირო გარეშე ძალა.

      აქ ორმხრივი მიმართებაა: ერთის მხრივ, დეკარტი, ღმერთის კეთილობას აფუძნებს ადამიანური გონების ბუნებით სინათლეზე (ლუმენ ნატურალე), როგორც მათემატიკურ ჭეშმარიტებათა ადამიანებისათვის გასაგებ კრიტერიუმზე. მაგრამ ამგვარი დაფუძნება დასაბუთებისათვის გარკვეული უპირატესობის მინიჭებაა, რაც თავად ანსელმსაც პრობლემას უქმნიდა. ბუნებითი ჭეშმარიტება ხომ დასაბუთების ძალაა და მეტი არაფერი (არაა, ვთქვათ, მისტიკური ხედვა). მართალია, მეორე მხრივ, ჩვენი გონების ბუნებით ძალას, იმისათვის, რომ საკუთარი თავი ირწმუნოს, კეთილი ღმერთის არსებობის დასაბუთება სჭირდება, მაგრამ რაკი ეს დასაბუთებაა, საქმეც მხოლოდ აზროვნებასთან გვაქვს, ანუ აზროვნება თავად შველის საკუთარ თავს. ამიტომ არ მოსწონდა თომა აქვინელს (1224- 1275) ანსელმ კენტერბერიელი. ამავე ასპექტით აფასებდა დეკარტის საქმეს დიდი მორწმუნე და დიდი მეცნიერი, დეკარტის უმცროსი თანამედროვე და, გარკვეული აზრით, მემკვიდრე ბლეზ პასკალი. იგი წერდა: მე არ შემიძლია ვაპატიო დეკარტს, რომ მან თავისი ფილოსოფიის კურსში, ასე ვთქვათ, გვერდი აუარა ღმერთს; მაგრამ მაინც ვერ შეძლო არ მიეცა მისთვის სამყაროს მოძრაობაში მომყვანი პირველი ბიძგის განმახორციელებელის ფუნქცია, რის შემდეგაც მას არავითარი საქმე აღარ ჰქონია ღმერთთან (20,34). ამგვარი საყვედურის ასაცილებლად, დეკარტმა თავის „მეტაფიზიკურ განაზრებებს“ წაუმძღვარა წერილი - „რენე დეკარტი. პარიზის წმინდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტის მაღალგანათლებულ და შორს სახელგანთქმულ პირებს: დეკანს და დოქტორებს“. იგი აღნიშნავდა: რასაკვირველია, ჩვენთვის, მორწმუნეებისათვის საკმარისია მყარი რწმენა იმისა, რომ ადამიანური სული სხეულთან ერთად არ იღუპება და, რომ ღმერთი არსებობს; მაგრამ როგორც ჩანს, ურწმუნოს, ვერავითარ რელიგიაში და ვერავითარ ზნეობრივ ქველობაში ვერ დააჯერებთ, სანამ ორივე პრინციპს ბუნებითი გონებით არ დაუსაბუთებთ (7,92- 93). ეს მოძღვრების ავტორისეული ინტერპრეტაციაა, რომელსაც ზოგიერთი მოაზროვნე დეკარტის სიცოცხლეშივე არ დაეთანხმება. ამ უთანხმოებამ, დასავლეთის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაში არაერთი საინტერესო თვალსაზრისის წარმოშობა განაპირობა.

      ღმერთის არსებობის დასაბუთების შემდეგ, დეკარტისათვის ახალ ძალას იძენს ადამიანის საღი აზრი. მას უკვე გარანტირებული აქვს ჭეშმარიტის მცდარისაგან, ასევე გამოცდილებისეულის თანშობილისაგან განსხვავების კრიტერიუმი. მისი საშუალებით ჩვენი ცნობიერების იმ შინაარსისაგან, რომელიც მეთოდოლოგიური ეჭვისას კითხვის ქვეშ მოექცა და განზე გადაიდო (დიდი ხნის შემდეგ, ე. ჰუსერლი (1859-1938) ამ ოპერაციას, დროებით „ფრჩხილებში ჩასმას“ უწოდებს), ყოველივე ადეკვატურად შეფასდება. ამგვარი საფუძვლის შემდეგ, ეჭვის სფეროში მოქცეული მათემატიკა, სამაგალითო მეცნიერება ხდება. მეცნიერული კვლევის სფეროში მათემატიკური მეთოდი უეჭველობას, ამასთანავე ყოვლისმომცველობასაც იძენს.

      მეცნიერების მიზანი დეკარტთან, ისევე, როგორც ბეკონთან, არის მეცნიერული ტექნიკის საშუალებით ბუნებაზე გაბატონება. ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე დეკარტს შესაძლებლად მიაჩნია დაადგინოს კვლევის ახალი მეთოდის სახელმძღვანელო წესები:

      1. არაფერი მივიჩნიოთ ჭეშმარიტად, რაც ჩვენს გონებას ისე ნათლად და გარკვეულად არ წარმოუდგება, რომ ეჭვის საბაბს არ იძლევა.

      2. კვლევის წინაშე მდგომი სიძნელე უნდა დავყოთ იმდენ ნაწილად, რამდენიც შესაძლებელია და უმჯობესია მისი დაძლევისათვის.

      3. კვლევა ადვილით, მარტივად მისაწვდომით უნდა დავიწყოთ და თანდათანობით გადავიდეთ რთულზე. საკვლევ საგანში წესრიგი, ჩვენი ინიციატივით მხოლოდ იქ უნდა დავუშვათ, სადაც იგი ბუნებრივად არ მოგვეცემა.

      4. საკვლევის შესახებ იმდენად სრული ცხრილები და მიმოხილვანი უნდა შევადგინოთ, რომ გამოტოვების ეჭვი არ გაგვიჩნდეს.

      ამ წესებიდან ნათელია დეკარტისა და ბეკონის ფილოსოფიათა განსხვავებაც და მსგავსებაც. მომდევნო არსებითი პრობლემა, რომელიც დეკარტის ბუნებითი თეოლოგიისათვისაც მნიშვნელოვანია და ფილოსოფიისათვისაც, არის შემეცნებაში შეცდომის შესაძლებლობის პრობლემა. საკითხი ასეთ სახეს იღებს: თუ ღმერთი კეთილია და, ამ საფუძველზე, ჭეშმარიტების კრიტერიუმიც ხელთა გვაქვს, რატომ ხდება შეცდომა მეცნიერულ შემეცნებაში? შეცდომის შესაძლებლობა დეკარტს გამოჰყავს ადამიანში, როგორც სასრულო გონიერ არსებაში, გონებისა და ნების განსხვავებისაგან. ადამიანს გონების, როგორც ჭეშმარიტების ძიების ორგანოს გარდა, აქვს თავისუფალი ნება, რომელიც მის „ძირითად სრულყოფილებას“ წარმოადგენს, რადგან მას ეს თვისება ღმერთთან საზიარო აქვს.

      გონებასა და ნებას სხვადასხვა მიზნები აქვთ, მაგრამ მსჯელობისათვის, როგორც კვლევის შედეგის დადგენისათვის ორივე აუცილებელია. ჩვენი ნება ისევე უსასრულოა, როგორც ღვთის ნება, ჩვენი გონება კი სასრულოა. მას აინტერესებს მეცნიერული შემეცნება. იგი თავისი საგნის კვლევის შედეგებს, გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ჩვენს ნებას. რომლის სურვილი და გადაწყვეტილება (თუნდაც მხოლოდ ფანტაზიაში) ყველაფერს შეიძლება შეეხოს. ნებას ამოძრავებს ადამიანის ამქვეყნიური ინტერესები და, არანაკლებ, იმქვეყნიური. დეკარტი აქ იმ პრობლემას შეეხო, რაც რუსთველმა (XII ს.) საინტერესოდ გააანალიზა (გულის, ცნობის და გონების არსებითი ერთიანობისა და, ამავდროულად, მაინც დაპირისპირების თაობაზე (21,სტრ.848). როგორც რუსთველთან, ისე დეკარტთანაც, გული ხშირად ხელს უშლის ობიექტურ შემეცნებას. მაგრამ ეს არასგზით არ ნიშნავს, რომ იგი საჭირო და აუცილებელი არ არის შემეცნებისათვის და თავად ადამიანისათვის. „არ ვარგა კაცი უგულოდ“ ამბობს რუსთველი. თავისუფალი ნების გარეშე ჩვენ მხოლოდ ავტომატები ვიქნებოდით, არც ქებას და არც სასჯელს არ დავიმსახურებდით, ამტკიცებს დეკარტი. ნება ჩვენი პიროვნულობის პრინციპია. შემდეგ კი კანტი იტყვის, რომ თავისუფალი ნება ის პრინციპია, რომელიც, შეუძლებელს ხდის ადამიანის მანქანად მიჩნევას, რისი შესაძლებლობის დასაბუთებაც სურდა ჟ. ო. დ. ლამეტრის (1709-1751). თუ ჩვენ მოთმინებით დაველოდებით გონების კვლევის შედეგებს (გონებას, შეიძლება ითქვას, არ ეჩქარება, განსხვავებით ჩვენი ნებისაგან), დეკარტის აზრით, შემეცნებაში შეცდომა არ Mმოხდება. შეცდომა ჩვენი ნების არასწორ, ნაჩქარევ გამოყენებაში მდგომარეობს. იგი წინ უსწრებს გონებას. საინტერესო ისაა, რომ ამ გასწრებისას ადამიანი კიდევაც, რომ წააწყდეს ჭეშმარიტებას, რაც გამორიცხული არაა, იგი მას ვერ დაასაბუთებს, ე.ი. არ ეცოდინება ფლობს თუ არა მას (70,442). ამდენად, ჩვენ, როგორც თავისუფალი არსებანი, მხოლოდ ჩვენი ნებით ვცდებით. ფილოსოფია, გაგებული, როგორც საერთოდ დასაბუთებული ცოდნა, ე.ი. როგორც მეცნიერება, დეკარტის აზრით, ერთადერთია რაც ცივილიზებულ საზოგადოებას ველურობისაგან განასხვავებს. ფილოსოფიური სისტემის პირველსაწყისები, მართალია, საგნების შემეცნებამდე, უეჭველობით უნდა იქნან დადგენილი, მაგრამ იმგვარი ბუნებისა უნდა იყვნენ, რომ საგანთა შემეცნება მათ გარეშე შეუძლებელი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტაფიზიკა აძლევს საფუძველს მთელს დანარჩენ მეცნიერულ შემეცნებას. ფილოსოფიის, როგორც საერთოდ მეცნიერული შემეცნების ერთიანობის გასაგებად, დეკარტი ფრანგ გამომცემელ კ. პიკოს წერდა: ფილოსოფია ჰგავს ხეს, რომლის ფესვები არის მეტაფიზიკა, ტანი - ფიზიკა, ტოტები კი - დანარჩენი მეცნიერებანი. დადგენილი კრიტერიუმის (სიცხადის და გარკვეულობის) საფუძველზე დეკარტს იმედი მიეცა, რომ გამოჰყოფდა ერთმანეთისაგან მეცნიერებებს იმის მიხედვით, თუ რომელი რომელზეა დამოკიდებული. რაიმეს უმაღლესი დამოუკიდებლობა ამ სფეროში იმას ნიშნავს, რომ მისი მოაზრებისათვის არაფერი მისგან განსხვავებულის მოაზრება არაა საჭირო, გარდა ღმერთისა. როგორც რაციონალისტი, დეკარტი აღადგენს პარმენიდესა და ძენონისეული პრინციპის ძირითად აზრს: რაც სიცხადით და გარკვეულობით შეიმეცნება, როგორც დამოუკიდებელი, იგი სინამდვილეშიც ისე (ე.ი. ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად) იარსებებს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, შემეცნებისას დადგენილი აუცილებლობა ნიშნავს არსებობის აუცილებლობას. თუ ერთი რაიმეს ცნება მეორე რაიმეს ცნების შინაარსის გარეშე მოიაზრება, მაშინ, რაციონალისტის აზრით, მათ შესაბამის საგნებსაც არ შეიძლება შინაგანი კავშირი ჰქონდეს.

გურამ თევზაძე

ტეგები: Qwelly, განხილვა, დეკარტი, თევზაძე, ფილოსოფია

ნახვა: 1617

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters