ბუდისტური სკოლები

buda, Buddhism, budha, Buddhizm, budizmi, iaponia, indoeti, qwelly, religia, skola, filosofia, philosophy, ბუდიზმი, ბუდისტური სკოლები, ბუდისტური ფილოსოფია, ბუდჰა, გაუტამა, დალაი ლამა, დოგენი, დჰარმა, იაპონური ბუდიზმი, ინდოეთი, ინი და იანი, მსოფლიო რელიგია, რელიგია, ტიბეტური ბუდიზმი, ფილოსოფია, შაკიამუნი, ჩინური ბუდიზმი, ძენი

ჩინური ბუდუზმის სკოლები

      VI - VIII საუკუნეებში ჩინეთში სამი ძირითადი მიმართულების სკოლები შეიძლება გამოიყოს ეს იყო:

  • ტრაქტატების სკოლები (ლუნ), რომლებიც რომელიმე ინდურ შასტრას ეყრდნობოდნენ და ინდური ბუდიზმის შესაბამის თეორიებს ამუშავებდნენ. აქცენტი ამ სკოლებში კეთდებოდა კერძო ფილოსოფიურ საკითხებზე. მაგალითად, არსებობდა მადჰიამიკას, იოგაჩარას, თჰერავადას, ვასუბანდჰუს და ა.შ. ტრაქტატებზე დაფუძნებული მიმართულებები. ამ სკოლებში ასევე მნიშვნელოვანი მთარგმნელობითი სამუშაოები მიმდინარეობდა და ისინი საკუთრივ ინდური ბუდიზმის სკოლებს წარმოადგენდნენ ჩინეთში. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩინური ბუდიზმის ფორმირებაში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი სკოლები შედარებით მცირე ხანს არსებობდნენ და არამრავალრიცხოვანნი იყვნენ.
  • სუტრების სკოლები (ცზინ). ეს სკოლები რომელიმე სუტრას ეყრდნობოდნენ, რომელიც ტრადიციის მიხედვით მიეწერებოდა თავად ბუდას და ფილოსოფიურ საკითხებთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობდნენ რელიგიურ-დოქტრინალურ საკითხებსაც. სწორედ ამ მიმართულებაში ჩამოყალიბდა ჩინური ბუდიზმის ორი უმნიშვნელოვანესი ორიგინალური სკოლა: თიენტაის და ხუაიანის სკოლები. თიენტაის სკოლის ფუძემდებლად ითვლება ბერი სახელად ჩჟი-ი (538 - 597 წწ.), რომელიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ჩინეთში, თიენტაის მთაზე (პროვ. ჩჟეციანი). სწორედ აქედან მოდის სკოლის დასახელება: თიენტაიშანის, ანუ თიენტაის მთის სკოლა.

      ყველა სუტრაზე უფრო მაღლა იგი აყენებდა "ავატამსაკა" (ჩინ. ხუაიან ძინ) და "ლოტოსის" სუტრებს. ამ უკანასკნელს ჩინურად ეწოდება "ფა ხუა ძინ". აქედან მომდინარეობს სკოლის მეორე სახელწოდება: ფა ხუა ძუნი, ანუ ლოტოსის სუტრას სკოლა. თიენტაის ტრადიციის მიხედვით, როდესაც ბუდა შაკიამუნიმ გასხივოსნებას მიაღწია, იგი ერთგვარი ტრანსის, მედიტაციური კონცენტრირების მდგომარეობაში, იმყოფებოდა. ამ მდგომარეობაში მან გამოთქვა "ავატამსაკა" სუტრა და უქადაგა ის ღმერთებსა და ბოდჰისატვებს. მაგრამ სუტრას შინაარსი მათთვისაც კი რთული გასაგები აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბუდამ გადაწყვიტა ეტაპობრივად მიეყვანა არსებები ჭეშმატირების წვდომამადე და იქადაგა ბენარესში. აქ მან გამოთქვა მოძღვრება ოთხი ჭეშმარიტებისა და ბჰავაჩაკრას შესახებ. მესამე ეტაპზე მან გამოთქვა იოგაჩარას მოძღვრება ცნობიერების შესახებ, მეოთხეზე მადჰიამიკას შუნია-ვადა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვა მან "ლოტოსის" სუტრას მოძღვრება, რომელიც "ავატამსაკა" სუტრას შინაარსს იმეორებს, თუმცა, თავისი ფორმით ბევრად აღემატება მას, რადგანაც "ავატამსაკას" ენა ბრძენთათვისაც რთული გასაგებია, "ლოტოსის" სუტრა კი იმგვარი ენით არის დაწერილი, რომ ყველა ადამიანი მას თავისი შესაძლებლობების შესაბამისად გებულობს. ამ ტრადიციას ეწოდება მოძღვრება ხუთი ეტაპის შესახებ. ამგვარად, თიენტაი ძუნის მიხედვით, მხოლოდ "ლოტოსის" სუტრას გამოჩენის შემდეგ შეიძლება საუბარი სრულყოფილი, საბოლოო (მრგვალი იუან, როგორც მას ჩინურად უწოდებდნენ) მოძღვრების შესახებ. თიენტაის ძირითად დოქტრინას წარმოადგენს უკვე ნახსენები ეკა-ჩიტას თეორია. სკოლის სპეციფიკური ნიშანია მოძღვრება, რომელსაც ეწოდება "ი ნან სან ციან" "ცნობიერების ერთ აქტში სამი ათასი სამყარო". ექვს ბუდისტურ ლოკას მათ დაუმატეს კეთილშობილ არსებათა ოთხი სამყარო: შრავაკების, პრატიეკა-ბუდების, ბოდჰისატვების და ბუდას სამყაროები. თითეული ამ ათი სამყაროდან არსებობს ობიექტურად, მაგრამ მათი სფეროები არ არის პრინციპულად გამიჯნული ერთი მეორისგან, ისინი მსჭვალავენ ერთმანეთს. ამრიგად,10×10=100. გარდა ამისა, თითეული სამყარო შეიძლება განხილულ იქნას სამი ასპექტის მიხედვით: ბინადარი არსებების მიხედვით (მაგ., ცხოველთა), ხუთი სკანდჰას მიხედვით (ცნობიერების გაშლის ფსიქოლოგიური ასპექტი, ანუ, სამყარო როგორც ცნობიერების შინაასრის პროეცირება) და ადგილმდებარეობის მიხედვით (სამყარო, როგორც კონკრეტული სივრცე, ერთგვარი სამყარო-ქვეყანა). ამრიგად, 10×3=30. უკვე მიღებულ ასს ვამრავლებთ ამ ოცდაათზე და ვღებულობთ სამიათასს. თითეული ამ სამი ათასი სამყაროდან არსებობს როგორც ობიექტურად, ასევე როგორც არსებათა ცნობიერების შინაარსი და ეყრდობიან ეკა-ჩიტას (ჩინ. ი-სინ), როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ არსს, რომელიც, ამგვარად, ნებისმიერი არსებობის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ეკა-ჩიტა არის ის გონი, რომელიც თავისი ცნობიერების თითეულ აქტში მოიცავს სამი ათასივე სამყაროს. მთელი სამყარო მის მანიფესტაციას წარმოადგენს. ბუდას ბუნება მთელ სამყაროს და ყველა მის ობიექტს ახასიათებს. ამ მოძღვრებიდან გამომდინარე, თიენტაის სკოლა აღიარებს ბუდას ბუნებას არა მარტო ცოცხალ არსებებში, არამედ ბუნების ყველა მოვლენაშიც. ამ თვალსაზრისით, იგი გამონაკლისს წარმოადგენს, არც ერთი სხვა ბუდისტური სკოლა არ აღიარებს ბუდას ბუნების არსებობას არა ცოცხალ ორგანიზმებში. მთელი სამყარო და ყველა ობიექტი ამ სამყაროში, აბსოლუტის სხვადასხვა ასპექტების მანიფესტაციას წარმოადგენს. ამასთან, გასხივოსნება აღარ განიხილება როგორც შეძენილი თვისება. მხოლოდ ბრიყვი ახდენს ბუდას იდენტიფიკაციას სიდჰართჰა გაუტამასთან, რომელმაც გასხივოსნებას ჯამბუს ხის ქვეშ მიაღწია, წერია "ლოტოსის" სუტრაში. ამ ფრაზაზე დაყრდნობით შეიქმნა მარადიული ბუდას თეორია. "ბუდა" უკვე არის გასხივოსნება, ეს გასხივოსნება არც ჩნდება და არც ქრება (შესაბამისად, არც ბუდა იბადება ან კვდება), ის არის ჭეშმარიტი და მარადიული არსი, ხოლო სამყარო სხვა არაფერია თუ არა მარადიული ბუდას მარადიული გამოვლინებანი. ცოტა მოგვიანებით, უკვე იაპონიაში, როდესაც სკოლა შინაგანი დაკნინების პერიოდს განიცდიდა, ამ თეორიამ სერიოზული გაუგებრობა გამოიწვია. კონკრეტულად, მრავალი ბერისთვის ამოუხსნელი გახდა კონფლიქტი შეძენილ და თავდაპირველ გასხივოსნებებს შორის. თიენტაის სკოლის კიდევ ერთ სპეციფიკურ ნიშანს წარმოადგენს მოძღვრება სამმაგი ჭეშმარიტების შესახებ. შემეცნების სამი საფეხური არსებობს და თითეულ საფეხურზე შესაძლებელია შესაბამისი ჭეშმარიტების წვდომა. პირველს ეწოდება სიცარიელის ჭეშმარიტება. შემეცნების ამ დონეზე ადამიანი იმეცნებს საგანთა არსებობას, მათ დამოკიდებულებოს სხვადასხვა მიზეზთა და ვითარებებისაგან, ანუ, საბოლოო ჯამში, მათ სიცარიელეს. მეორე საფეხურზე ადამიანი უკვე იმეცნებს, რომ ასეთი ისინი არიან, ვინაიდან მოკლებული არიან ჭეშმარიტ, უცვლელსა და მარადიულ არსს. ამ საფეხურზე სამყარო და მისი ობიექტები ემსგავსებიან ილუზორულ სახეებს, ფანტომებს. ამ დონეს ეწოდება ჭეშმარიტება მცდარის შესახებ ან შეფარდებითი ჭეშმარიტება. მესამე საფეხურს ეწოდება ზომიერი გზის ჭეშმარიტება. ამ დროს ადამიანი იმეცნებს, რომ თითეული საგანი

      დაჯილდოებულია ბუდას ბუნებით (ჩინ. ფო სინ), რომელიც არც კვდება და არც იბადება. თუკი, პირველ საფეხურზე ცნიბიერება იმეცნებს საგნებს და მათ კავშირებს, ხოლო მეორე საფეხურზე მათ არასუბსტანციურობას, მესამე საფეხურზე კვლავ ხდება სამყაროს რეალურობის აღდგენა, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე. ფაქტიურად, ამ დონეზე ცნობიერება აღწევს იმის წვდომას, რომ სამყარო, თავისი ცოცხალი თუ არაცოცხალი ორგანიზმებით, დაჯილდოებული ბუდას ბუნებით, აბსოლუტური რეალობის თანაზიარი და მარადიული არსის მარადიული გამოვლინებაა. საკუთრივ ჭეშმარიტი, რა თქნა უნდა, მხოლოდ მესამე საფეხურია. რაც შეეხება სკოლის პრაქტიკებს, როგორც ჩანს, აქ დიდი სიახლეები არ იყო შემოტანილი. ჩჟი-ი გამოყოფს ფსიქო-პრაქტიკების ორ ძირითად მეთოდს, ერთი, რომელსაც ეწოდება

      "ოქროს დარიგებანი", ზეპირი ტრადიციით გადაიცემოდა თავად ბუდა შაკიამუნისგან, ხოლო მეორე, "ამჟამინდელი მასწავლებლის მეთოდი", მიეწერება ნაგარჯუნას. ჩინეთში თიენტაის სკოლა წამყვან როლს ინარჩუნებს IXს.-მდე, XI-XII სს.-ში ხანმოკლე აღორძინების პერიოდს განიცდის და მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განვითარება მისმა დოქტრინამ მომდევნო საუკუნეებში ვეღარ ჰპოვა, ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას დღესაც. ასევე საყურადღებო, მარგამ არამრავალრიცხოვანი გავრცელება მოიპოვა სკოლამ კორეასა და ვიეტნამშიც. IXს.-ში იაპონელმა ბერმა, საიტიომ (767_822წწ.), თიენტაის მოძღვრება ჩაიტანა იაპონიაში. აქ სკოლას დაერქვა ტენდაი, სადაც მან ძალიან დიდ სიძლიერეს მიაღწია. ისევე როგორც ჩინეთში, იაპონიაშიც ეს სკოლა დღემდე არსებობს და მთელი იაპონიის მაშტაბით მას ძალიან ბევრი მონასტერი და ტაძარი ეკუთვნის. მისი განვითარების შესახებ ვისაუბრებთ, როდესაც განვიხილავთ ბუდიზმის სხვადასხვა სკოლების გავრცელებას იაპონიაში. სუტრების სკოლების ჯგუფში შედის ასევე ჩინური ბუდიზმის მეორე ორგინალური სკოლა, ხუაიან ძუნი, ანუ "ხუაიანის" (ავატამსაკა) სუტრაზე დაფუძნებული სკოლა. სკოლის დამაარსებელია ბერი სახელად ფა-ძანი (643 - 712წწ.). მაგრამ ხუაიანის ტრადიციაში იგი მხოლოდ მესამე პატრიარქია. პირველ პატრიარქად აღიარეს დუ-შუნი (557 - 640წწ.), ვინაიდან იგი იყო პირველი, ვინც "ავატამსაკა" სუტრას კომენტირება დაიწყო. ეს საპატიო ტიტული მას მხოლოდ მოგვიანებით, სკოლის ჩამოყალიბების შემდეგ, მიეწერა, ცხოვრებაში კი მას დიდი სახელი ჰქონდა როგორც განსაკუთრებული სიწმინდისა და სულიერი ძალების მქონე ადამიანს. ფა-ძანმა ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო თავისი რელიგიური ძიებები. თავდაპირველად იგი შეუერთდა სიუან-ძანის ჯგუფს (ტრაქტატების სკოლის ტრადიციაში), სადაც მთარგმნელობით სამუშაოებს ასრულებდა. მაგრამ მალევე აიცრუა გული არა მარტო ამ სკოლის, არამედ, საერთოდ, ინდური ბუდიზმის მიმართ. ტრაქტატების სკოლის მიტოვების შემდეგ ფა-ძანმა საკუთარი სკოლა ჩამოაყალიბა და მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მწვავედ გააკრიტიკა მისი სკოლა, რომელსაც იმ დროისთვის სიუან-ძანის სხვა მოწაფე, კუი-ძი, ხალმძღვენელობდა. ფა-ძანის ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ კუი- ძის სკოლა მხოლოდ ფენომენთა შეცნობით იფარგლებოდა და არა იმ აბსოლუტისა, რომელიც ამ ფენომენებში ვლინდება. უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტი ნათლად აჩვენებს საერთოდ ჩინური ბუდიზმის მიმართებას ინდური ბუდიზმისადმი და ფა-ძანის კრიტიკამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრაქტატების სკოლების დასამარებას, რადგანაც თავის დროში იგი ძალზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ფა-ძანის ძირითადი მოძღვრება მდგომარეობდა პრინციპისა (ლი) და ფენომენის (ში) ურთიერთგანმსჭვალულობის თეორიაში. იგი ძალიან დეტალურად ამუშავებდა ამ თეორიას და შემდეგი თანმიმდევრიბით დაალაგა პრინციპისა და ფენომენის მიმართება: ერთი ყველაფერში, ყველაფერი ერთში, ერთი ერთში და ყველაფერი ყველაფერში. ვინაიდან ში არის ლის მანიფესტაცია, მას არ გააჩნია საკუთარი (ლისგან განსხვავებული) ბუნება. მაგრამ ეს არ აკნინებს ფენომენის მნიშვნელობას, პირიქით, ამგვარად ფენომენი ხდება პრინციპის ტოლფასი, ვინაიდან, როგორც დამოუკიდებელი ბუნების არმქონე, იგი სრულად დაჯილდოებულია აბსოლუტის ბუნებით, ანუ მარადიული, ჭეშმარიტი არსის მატარებელი ხდება. ეს თეორია ეყრდნობა "ავატამსაკა" სუტრაში მოცემულ ინდრას საბურველის ხატს. ეს საბურველი ძვირფასი ქვებითაა დაწნული, რომლებიც ირეკლავენ როგორც ერთი მეორეს, ასევე მთელ საბურველსაც. როდესაც ფა-ძანი უხსნიდა ამ თეორიას თავის მოწაფეებს იგი იყენებდა სარკეების ანალოგიას: ალის ირგვლივ ალაგებდა ათ სარკეს და თითეულში ამ სარკიდან ჩანდა მეორე, ხოლო მასში კიდევ სხვა და ა.შ. ალი რომელიც ასე უსასრულოდ გარდაიტეხება, არის აბსოლუტი, ხოლო სარკე ცნობიერების ანალოგიაა. ეს ანალოგია არსებობდა უკვე ინდურ ბუდიზმშიც, მაგრამ ჩინეთში იგი საბოლოოდ დამკვიდრდა, ისევე როგორც სარკეებით მოწყობილი ექსპოზიცია. ასეთი ექსპოზიციები დღემდე ეწყობა სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებში. მოძღვრება იმის შესახებ, რომ აბსოლუტური რეალობა (ბუდას ბუნება) იმყოფება ყველა ცოცხალ არსებაში, რა თქმა უნდა, არ იყო ახალი. მას ამა თუ იმ ფორმით, იზიარებს ჩინური ბუდიზმის თითქმის ყველა სკოლა. სიახლე, ამ შემთხვევაში, იყო ფენომენისა და აბსოლუტის სრული ტოლფასობის მტკიცება. ყოველი ყვავილი შიეცავს დიდი ეტლის ყველა სუტრას სიბრძნეს, ამბობდა ფა-ძანი, ქვიშის თითეული ნამცეცი განგის ნაპირზე, მოიცავს ინფორმაციას მთელი განგის და მთელი სამყაროს შესახებ, სადაც იმდენივე მდინარე არსებობს რამდენი ქვიშაცაა ერთ განგში. ვინაიდან მთელი სამყარო არის აბსოლუტის გამომხატველი, თითეული მისი ნაწილი მოიცავს ინფორმაციას როგორც სხვა ფენომენის, ასევე აბსოლუტის შესახებაც. ფა-ძანმა დაამუშავა მთელი რიგი ანალოგიებისა, როგორიც არის "ჩჟუ" (მასპინძელი) და "ში" (ეს _ ამ შემთხვევაში სუბიექტი იგულისხმება) ლის გამოსახატავად და "კე" (სტუმარი) და "ბი" (ის _ ობიექტი) ფენომენის გამოსახატავად. ეს

      ანალოგიებიც ღრმად დამკვიდრდა ჩინურ ნიადაგზე. უკვე IXს.-ს შუახანებიდან ხუაიან ძუნი, როგორც დამოუკიდებელი სკოლა, თითქმის მთლიანად ქრება (დღიესათვის ხუაიანის მხოლოდ ერთი ტაძარი არსებობს ჩინეთში და ანალოგიური ვითარებაა იაპონიაშიც, სადაც სკოლას დაერქვა კეგონ. ასევე ხანმოკლე იყო ხუაიანის სკოლის არსებობა კორეაშიც, სადაც მას ხვაომ ეწოდა), მაგრამ მისი ისტირიული როლი ძალიან დიდია. ფა-ძანის მიერ დამუშავებული თითქმის ყველა თეორია ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას დღესაც სხვა სკოლების ფარგლებში. იგივე მასპინძლისა და სტუმრის (მოგვიანებით შეიქმნა პატრონისა და მსახურის) ანალოგიები დღემდე ძალიან პოპულარულია მაგ., ჩანის სკოლაში. 3. დჰიანას (ჩან) სკოლები. გარდა საკუთრივ ჩანის სკოლისა, აქ იგულისხმება ჩვენს მიერ უკვე განხილული წმინდა მიწის ბუდიზმი, რომელმაც XII XIII სს.-დან ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაშიც.

     

ჩანის ტრადიციის ჩამოყალიბება

      სიტყვა *ჩან* (ჭვრეტა) არის ჩანნას შემოკლებული ვარიანტი და სანსკრიტული დჰიანას ჩინურ თარგმანს წარმოადგენს. დჰიანა აღნიშნავს მედიტაციას, უფრო სწორედ კი, ცნობიერების იმ დონეს, რომელიც მიიღწევა მედიტაციური კონცენტრირების დროს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მედიტაციური პრაქტიკები ჩინეთში თავიდანვე ადექვატურად იყო აღქმული, როგორც ჩანს, დოასიზმის წყალობით, რომელმაც მსგავსი პრაქტიკები იმთავითვე ჩართო თავის მოძღვრებაში. ჩანის სკოლამ წამყვანი მნიშვნელობა მიანიჭა სწორედ მედიტაციისა და ფსიქო-პრაქტიკების სხვადასხვა ფორმებს, ამასთან ძირითადი აქცენტი ინტუიტურ მედიტაციაზე კეთდებოდა. სკოლის მეორე დასახელებაა ფო სინ ძუნ, ანუ ბუდას გულის სკოლა. ტრადიციის თანახმად, სკოლას საფუძველი ჩაუყარა თავად ბუდა შაკიამუნიმ. ერთხელ მის ირგვლივ შეიკრიბნენ მოწაფეები და ყველა ელოდა ბუდასგან რაიმე დარიგებას ან ბრძნული მსჯელობის მოსმენას, მაგრამ ბუდამ არაფერი თქვა, იგი უყურებდა მოწყვეტილ ყვავილს და უხმოდ იღიმებოდა. ვერც ერთი მოწაფე ვერ მიხვდა ჟესტის მნიშვნელობას

      კაშიაპას გარდა. კაშიაპამ კი თავადაც მოწყვიტა ყვავილი და გაუღიმა მასწავლებელს. ამ დროს მან განიცადა გასხივოსნება, რომლის მუხტიც მას მასწვლებლისაგან უშუალოდ, გულიდან გულში გადაეცა (ამ ეპიზოდს ეწოდება ბუდას ყვავილების ქადაგება). სწორედ ამ მეთოდით, ანუ გულიდან გულში, ზეპირი ტრადიციით, ინდოეთში დჰარმა გადაიცემოდა ოცდარვა თაობის მანძილზე. უკანასკნელმა, ოცდამერვე, ინდოელმა პატრიარქმა, ბოდჰიდჰარმამ, ჩამოიტანა ეს ტრადიცია ჩინეთში და ამგვარად გახდა პირველი ჩინელი პატრიარქი და ჩანის სკოლის ფაქტიური ფუძემდებელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების არა ერთი აღწერილობა არსებობს, რეალური ცნობები ბოდჰიდჰარმას შესახებ თითქმის არ გაგვაჩნია. სავარაუდოდ, იგი იყო ბრაჰმანების ოჯახიდან სამხრეთ ინდოეთიდან. ხანგრძლივი და რთული მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა სამხრეთ ჩინეთში. აქაც ბევრი უმოგზაურია და საბოლოო ჯამში, შაოლინის მთაზე დასახლდა, სადაც, ტრადიციის თანახმად, ცხრა წელი გაატარა მჯდომარე მედიტაციაში. ამ ეპიზოდმა განსაზღვრა ახალი ტერმინის გაჩენა _ ბიგუან, რაც ნიშნავს კედლის ჭვრეტას (სწორედ კედლის პირდაპირ მჯდარა ბოდჰიდჰარმა მედიტაციის დროს) და მედიტაციურ პრაქტიკას აღნიშნავდა. ქრონიკები ასევე გვატყობინებენ, რომ ცხრა წლის გასვლის შემდეგ ბოდჰიდჰარმამ ვეღარ შეძლო ადგომა, მისმა ფეხებმა სრული ატროფირება განიცადეს. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უცნობია მისი შემდგომი ბედი, გარდაცვალების ადგილი ან ზუსტი თარიღი, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 534 წლისა. ბოდჰიდჰარმას მემკვიდრე იყო ხუაი-კე, რომელიც შაოლინის დათოვლილ მთებში მისულა მასთან და თხოვდა მიეღო იგი თავის მოწაფეთა რიგში, მაგრამ უარი მიიღო. ხუაი-კემ მოიკვეთა ხელი და მიუტანა იგი მასწავლაბელს დასტურად თავისი გადაწყვეტილების ურყეობისა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო იგი ბოდჰიდჰარმამ თავის მონასტერში. ცხრაწლიანი მედიტაციის შემდეგ ბოდჰიდჰარმამ თავისი მემკვიდრე დაასახელა და ეს პატივი სწორედ ხუაი-კეს ერგო წილად. ამგვარად გადაეცა მას დჰარმას ბეჭედი და იგი ჩანის მეორე პატრიარქი გახდა. გარდაიცვალა იგი 590 ან 593 წელს. მისი მემკვიდრის, სენ-ცანის შესახებ თითქმის არავითარი მნიშვნელოვანი ცნობა არ გაგვაჩნია. ვიცით მხოლოდ, რომ იგი 6 წლის მანძილზე იყო ხუაი-კეს მოწაფე, რის შემდეგაც მიაღწია გასხივოსნებას და მიიღო დჰარმას ბეჭედი. 606 წელს იგი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეა დაო-სინი (580 - 651წწ.). თავის მასწავლებელთან ერთად ხეტიალში (იმ დროს ყველა ბუდისტური მიმართულების სკოლის ბერები მოხეტიალე ცხოვრებას მისდევდნენ და შემოწირულობებით ირჩენდნენ თავს) მან ათი წელი გაატარა, რის შემდეგაც ჯერ ლუს მთაზე ათი წლით, ხოლო შემდეგ შუანფანზე დასახლდა, სადაც ცხოვრების დარჩენილი ნაწილი (დაახლ. 30 წელი) გაატარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ჩანის ბერების სამონასტრო ცხოვრების პირველი წესების შექმნა. იგი ჩანის პირველი ბერი იყო, რომელმაც უარი თქვა მოხეტიალე ცხოვრების წესზე მუდმივი ადგილსამყოფელის სასრგებლოდ და თავისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების წინაშე ფიზიკური შრომის აუცილებლობის საკითხი დააყენა. სიცოცხლის ბოლოსთვის მისი მოწაფეების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. გამომდინარე საძმოს განუწყვეტელი ზრდიდან, ახლომახლო დასახლებებში შემოწირულობათა აგროვება ვეღარ უზრუნველყოფდა საძმოს საჭიროებებს. ამიტომ ამ დროიდან ჩანის ბერები უკვე საკუთარ ბაღებსა და ბოსტნებში მუშაობას იწყებენ. ასევე ცნობილია, რომ დაო-სინი თავის განსაკუთრებულ მედიტაციურ პრაქტიკებს ფლობდა და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მათ. გადმოცემის თანახმად, 60 წლის მანძილზე იგი ერთხელაც არ წამოწოლილა. სწორი მედიტაციური პრაქტიკები, მისი თქმით, ნელ-ნელა ამცირებს ადამიანის ბუნებრივ, საკვებისა და ძილის, მოთხოვნილებებს, რაც იძლევა მედიტაციის პროცესის გახანგრძლივების და გაღრმავების საშუალებას. ასევე ათავისუფლებს ადამიანს სხეულის მოთხოვნილებებისადმი მიჯაჭვულობისაგან. მასწავლებლის გზა გააგრძელა მისმა მემკვირდემ, ხუნ-ჟენმა (601_674წწ.), რომელიც ასევე უდიდეს ყურადღებას აქცევდა მედიტაციას და მასწავლებლის მსგავსად ისიც ეძებდა ახალ მედიტაციურ პრაქტიკებს. დჰარმას ბეჭდის გადაცემის შემდეგ ხუნ-ჟენი გადავიდა პინჟუნის მთაზე. ამ დროს ჩანის სკოლამ უკვე დიდი პოპულარობა შეიძინა და ხალხში მას "აღმოსავლეთის მთის დჰარმას კარიბჭეს" ეძახდნენ. ხუნ-ჟენის შემდეგ ჩანის ერთიანი ტრადიციის გახლეჩა მოხდა. ეს მოვლენა უკავშირდება დჰარმას ბეჭდის გადაცემის ეპიზოდს. როდესაც V პატრიარქმა გადაწყვიტა გამოევლინა თავისი შემცვლელი, მან დაავალა მოწაფეებს შეედგინათ გატა, რომელიც გამოხატავდა მათი გასხივოსნების ჭეშმარიტებას. მის მოწაფეებში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბერი სახელად შენ-სიუ (606 - 706წწ.). იგი აკადემიური ჭკუითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა.

      ამიტომ ყველას ეგონა, რომ პატრიარქის მემკვიდრე სწორედ ის უნდა გამხდარიყო. შენ-სიუმ ღამე მედიტაციაში გაატარა და დილით ერთ-ერთი დარბაზის კედელზე ამოტვიფრა თავის მიერ შედგენილი გატა. ხუნ- ჟემნა შეაქო ლექსი, თუმცა განცალკევებით უთხრა შენ-სიუს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გატა გამართულია და მასში სწორი ანალოგიებია მოყვანილი, არ არის მცირედი მინიშნებაც კი ჭეშმარიტ გასხივოსნებაზე და შესთავაზა მას ხელახლა ეცადა ბედი. ამავე დროს მონასტერში ცხოვრობდა ყმაწვილი სახელად ხუაი-ნენი (623 - 713წწ.), რომელიც მოცემულ ეპიზოდამდე რამდენიმე თვით არდე მისულიყო მონასტერში, მაგრამ არც ბერი იყო და არც პატრიარქის მოწაფეობის ღირსი გამხდარა. სანამ მონასტერში მივიდოდა იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა და შეშის გაყიდვით ირჩენდა თავს. ერთხელაც, როდესაც თავის მუშტარს ესაუბრებოდა, ამ უკანასკნელმა წაუკითხა მას ნაწყვეტი ერთ-ერთი სუტრადან. ყმაწვილმა მაშინვე იგრძნო მუხტი გასხივოსნებისკენ და სწორედ ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა მას აღმოსავლეთის მთებში ჭეშმარიტების ძიება. მაგრამ ხუნ-ჟენმა არ ჩათვალა იგი მომზადებულად მოწაფეობის რთული გზისათვის და ამიტომ ხუაი-ნენი იძულებული იყო შეშა დაეჩეხა და სხვა მძიმე სამუშაოები შეესრულებინა მონასტრისათვის. დილით მანაც ნახა შენ-სიუს მიერ შედგენილი გატა, მაგრამ ვინაიდან წერა-კითხვა არ (ან თითქმის არ) იცოდა, სთხოვა სხვა ბერებს წაეკითხათ იგი მისთვის და ამის შემდეგ გვერდით მისი საკუთარი გატა ამოეტვიფრათ. ბერები გააოცა იმან, რომ თითქმის გაუნათლებელმა ბიჭუნამ ასეთი სრულყოფილი სტრიქონების შეთხზვა შეძლო, მაგრამ ხუნ-ჟენმა მისი ლექსიც დაიწუნა და გადახაზა ის სიტყვებით, რომ ვერც ხუაი-ნენმა მიაღწია გასხივოსნებას. თუმცა, იმავე ღამეს დაიბარა ყმაწვილი თავის ოთახში, საიდუმლოდ გადასცა მას პატრიარქის ატრიბუტები (თასი შემოწირულობათა ასაგროვებლად და ბერის ტანისსამოსი) და დაარიგა გამგზავრებულიყო სამხრეთით. სწორედ ამგვარად მოხდა ჩანის ერთიანი ტრადიციის გახლეჩვა სამხრეთისა და ჩრდილოეთის სკოლებად. ხუნ-ჟენის გარდაცვალების შემდეგ შენ-სიუმ ვეღარ შეძლო ტრადიციის გაგრძელება, რადგანაც ხუაი-ნენი პატრარქობის ბეჭდით იანცზის მდინარის სამხრეთით გამგზავრებულიყო. გარკვეული ხნის შემდეგ ხუაი-ნენმა დადო ბერის აღთქმა და ჩამოაყალიბა სკოლა, რომლის ტრადიციაშიც ხდება მთელი შემდეგდროინდელი ჩანის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ შენ-სიუს მოწაფე პუ-ძი აცხადებდა თავს ჩანის წიგნის მეშვიდე ფურცლად, ანუ მეშვიდე პატრიარქად, ხუაი-ნენის პატრიარქობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. მას ერთნაირად აღიარებდნენ ორივე სკოლაში. ბრძოლას მათ შორის ძირითადად იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა და ეყრდნობოდა ორ ტერნიმს: "დუნ" _ უეცარი, მყისიერი და "ცზიან" _ თანდათანობით, ნელ-ნელა. ხუაი-ნენს მიაჩნდა, რომ გასხივოსნება მყისიერად მიიღწევა და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკები, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ გასხივოსნების მიღწევას, გასხივოსნება დამოუკიდებელია მათგან და შეუძლია გამოვლინდეს ნებისმიერ მომენტში, ნაბისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს მას ყოველგვარი მოსამზადებელი პრაქტიკების გარეშეც. თუმცა, უკვე მიღწევის შემდეგ აუცილებელია კონკრეტული პრაქტიკების განხორციელება, რათა გასხივოსნების ბუნება სრულად გაიშალოს. შენ-ხუაიმ, ხუაი-ნენის მოწაფემ, შემდეგნაირად გამოთქვა თავისი მასწავლებლის მოსაზრება: გასხივოსნება, როგორც ცნობიერების ბუნება, არ შეიძლება იყოს რაიმეთი განპირობებული და უნდა გაანათოს პროფანული ცნობიერება ისევე უეცრად, როგორადაც უეცრად ანათებს წყვდიადს ელვა. შენ-სიუ არ უარყოფდა გასხივოსნების აქტის მყისიერებას, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსამზადებელ პრაქტიკებს. იგი ამბობდა, რომ გასხივოსნება თანდათანობით ხორციელდება, როგორც თანდათანობით იფანტება წყვდიადი განთიადისას. საინტერესოა ასევე ამ ორი პიროვნების დამოკიდებულება ვნებების ბუნებისადმი. შენ-სიუ თვლიდა, რომ საჭიროა გამუდმებული ბრძოლა მათ წინააღმდეგ, გონების თანდათანობითი და ეტაპობრივი განწმენდა დაბინძურებებისაგან. ხოლო ხუაი-ნენი აქცენტს აკეთებდა ვნებების არასუბატანციურობაზე. ამგვარად საკმარისია ადამიანმა უბრალოდ გაიაზროს, რომ ბოროტსა და კეთილს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს (რეალურად არსებული ხომ მხოლოდ ბუდას ბუნებაა, მასში კი არავითარი დუალიზმი აღარ არსებობს) და იგი ასევე მყისიერად განთავისუფლდება ყველა ვნებისაგან. მნიშვნელოვანია ასევე ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ხუაი-ნენი გაუნათლებელ და წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანად წარმოგვიდგება. იგივე წყაროებიდან ჩანს, რომ იგი თავის ლექციებში ხშირად ეყრდნობოდა სხვადასხვა სუტრებს. შესაბამისად, ლეგენდა მისი აბსოლუტური გაუნათლებლობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ტრადიცია მას მაინც ჯიუტად ასახელებს ასეთად. როგორც ჩანს, მისი განათლების დონე ბევრად ჩამოუვარდებოდა შენ-სიუს განათლებას, მიუხედავად ამისა მან მიაღწია გასხივოსნების ბევრად მაღალ დონეს. სწორედ ამ ფაქტის ხაზგასასმელად შეიძლება იყოს გამოყენებული ეს ლეგენდა. მით უმეტეს, რომ შენ-ხუაი გასხივოსნების მიღწევის შესაძლებლობას ერთნაირად აღიარებდა როგორც განათლებულ, ასევე გაუნათლებელი ადამიანებისთვის. ხუაი-ნენმა ხომ თქვა, გასხივოსნება არ გამომდინარეობს რაიმე პრაქტიკებიდან, იგი როგორც ცნობიერების ბუნება ახასიათებს ნებისმიერ ადამიანს და არა აქვს მნიშვნელობა არის ეს ადამაიანი განათლებული, ჭკვიანი და ა.შ. თუ არა. მას აქვს გონება და ეს უკვე საკმარისია, რადგან ამ გონების ბუნება სხვა არაფერია თუ არა ბუდას ბუნება. თუკი სიდჰართჰა გაუტამას უდიდესი ღვაწლი იყო ის, რომ მან ხსნის კარიბჭე გააღო საზოგადოების ყველა ფენისათვის, ხუაი-ნენის უდაო ღვაწლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან ასეთი შესაძლებლობა აღიარა (და საკუთარი მაგალითით დაამტკიცა კიდევაც) უკლებლივ ყველა ადამიანში განურჩევლად მათი განათლების თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების დონისა. ხუაი-ნენის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა ჩანის ყველა სკოლისთვის დოქტრინალური მნიშვნელობა შეიძინეს, ამიერიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომ გასხივოსნება მყისიერია და არ არის განპირობებული რაიმე ვითარებებით. პერიოდს მისი გარდაცვალებიდან (713წ.) იმპერატორ უ-ძუნის ანტიბუდისტურ დევნამდე (845წ.) ეწოდება ჩანის ოქროს ხანა. ამ დროს ხუაი-ნენის მოძღვრებამ სრული განხორციელება ჰპოვა. მეექვსე პატრიარქის მოძღვრებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩანის საბოლოო სახის ჩამოყალიბებისთვის, რომ მას ბოდჰიდჰარმასთან და ბუდა შაკიამუნისთან ერთად თანაბარი პატივი უნდა მიეგოს.

     

ჩანის-ბუდისტური სატორი, პრაქტიკები და სტერეოტიპული აზროვნების ნგრევა

      ჩანისთვის უძირითადესია გასხივოსნების (ჩინ. "უ," იაპ. "სატორი") მიღწევა. ამასთან ეს ცნება არ არის ნირვანას ზუსტი შესატყვისი. ნირვანა ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობაა, რომლის მიღწევა ერთჯერად აქტს წარმოადგენს. ჩან-ბუდისტური გასხივოსნება კი შეიძლება მრავალჯერადი იყოს. ამასთან, გასხივოსნების სხვადასხვა საფეხურები არსებობს. შეიძლება ადამიანმა თავიდანვე მიაღწიოს გასხივოსნების უმაღლეს დონეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მისი პირველი გამოცდილება არასრული იყოს. ასეთი გამოცდილების შთაბეჭდილება დროთა განმავლობაში შეიძლება განელდეს და სრულიადაც გაქრეს თუკი ადამიანი არ გააგრძელებს თავის ძიებებს და შეწყვეტს ყოველგვარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩანის სხვადასხვა სკოლები სხვადასხვა პრაქტიკებს თავაზობენ თავიანთ მიმდევრებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამის მიღწევა. ვინაიდან ხუთი სახლის თავისებურებებზე ცალკე ვისაუბრებთ, ამ თავში შევეხებით მხოლოდ ორი წამყვანი სახლის, ლინძის და ცაოდუნის, ძირითად პრაქტიკებს. როგორც უკვე ითქვა, ჩანის ტრადიცია ძირითად აქცენტს აკეთებდა მედიტაციაზე, რომელიც მიმართულია ინტუიტურ წვდომაზე. ასეთი პრაქტიკა იძლევა საშუალებას რეალობის უშუალო წვდომისა. უკვე მეოთხე და მეხუთე პატრიარქების მოღვაწეობის დროს დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ გასხივოსნება უფრო მედიტაციის, ვიდრე სუტრების შესწავლის, წყალობით მიიღწევა. ამიტომ ბერი გამუდმებით უნდა ცდილობდეს შეინარჩუნოს გონების ეს მდგომარეობა ნებისმიერი საქმიანობის დროს და საუკეთესო შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს მისი განხორციელება ძილის მდგომარეობაშიც კი. მაგრამ ხუაი-ნენის შემდეგ ვითარება შეიცვალა, უკვე ოქროს ხანაში გამოჩნდნენ პატრიარქები, რომლებიც აქცენტს განსხვავებულ მეთოდებზე აკეთებდნენ. ეს არის პირველ რიგში კოანების (ჩინ. გუნ-ან) პრაქტიკა. კოანი არის მოკლე რაპადოქსული ფრაზა ან გამონათქვამი, რომლის ამოხსნაც ევალება მოსწავლეს. ასეთი გამონათქვამები ხშირად წარმოადგენენ ამონაჭერს მონდოდან (ჩინ. ვენ-და _ სიტყვა-პასუხი), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ მონათხრობს მასწავლებლისა და მოსწავლის პარადოქსული სიტყვა-პასუხის შესახებ. კოანის, ალბათ, ყველაზე ცნობილი მაგალითია შემდეგი ფრაზა: ყველამ იცის როგორ ჟღერს ორი ხელით დაკრული ტაში, მაგრამ როგორ ჟღერს ცალი ხელით დაკრული ტაში? დავალების პარადოქსულობა სახეზეა: ტაში მხოლოდ ორი ხელით შეიძლება დაიკრას. მაგრამ დავალება მოცემულია და ის უნდა ამოიხსნას. თუმცა, იტელექტუალურ დონეზე ეს შეუძლებელია. როდესაც იწურება ადამიანის რაციონალური აზროვნების ყოველგვარი რესურსი, იგი შედის ერთგვარ ინტელექტუალურ ჩიხში და ამავე დროს მას ეძლევა შესაძლებლობა გასცდეს ლოგიკური აზროვნების საზღვრებს და მოახდინოს ერთგვარი ინტუიტური გარღვევა. სწორედ ეს არის სატორი. სუძუკი ამ პროცესს აღწერს სამი სიტყვით: დაგროვება, ავსება და გარღვევა. "დაგროვება" შეესაბამება იმ პერიოდს, როდესაც ადამიანი ცდილობს ყოველგვარი ხერხით იპოვოს პასუხი შეკითხვაზე, "ავსება" უკვე იმის მაუწუებელია, რომ მან ამოწურა ჩვეული ცნობიერების შესაძლებლობები და ერთგვარ ზღვარზე იმყოფება. ამის შემდეგ დგება რეაქციის ჯერი, ცნობიერებამ უნდა მოახდინოს გარღვევა საკუთარ თავში ინტუიტური ხედვის სფეროში გადასვლით. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივი არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. "დაგროვების" პროცესი შეიძლება გაიწელოს მრავალი თვეების და წლების მანძილზე. ასევე "ავსების" შემდეგ ყოველთვის სასურველი შედეგი როდი დგება. ფსიქიკურ ძალთა იმგვარი დაძაბულობა, რომელსაც ადგილი აქვს გარღვევის წინა ეტაპზე, ხშირად სახიფათოცაა. ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მან მიაღწია გასხივოსნებას, რადგანაც უჩვეულო ემოციებს განიცდის, სინამდვილეში კი უბრალოდ ფსიქიკური შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ჩანის მასწავლებლები კარგად იაზრებენ ამ საფრთხეს და მიუთითებენ "ცრუ გასხივოსნების" საშიშროების შესახებ. მასწავლებლის სწორი დარიგებები ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. მისი ავტორიტეტი ჩანის ტრადიციაში ურყევია. მოწაფე ყოველთვის და ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს თავის მოძღვარს. ასევე ჩანში არსებობს პრაქტიკა, სან-ძენი, რომელიც თუ არ ანეიტრალებს ზემოხსენებულ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში იძლევა მისი გაკონტროლების შესაძლებლობას. ეს არის ერთგვარი განდობილი საუბრები. ამ საუბრების დროს მოწაფეს შეუძლია გაანდოს მასწავლებელს თავისი განცდები და ემოციები, ის შიში, რომელიც მას შეიძლება გაუჩნდეს და ა.შ. ამ პრაქტიკას სამართლიანად ამსგავსებენ ფსიქოანალიტიკური მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკებს. სუნის ეპოქაში ჩინეთში დაიწერა კოანების ორი კრებული: "ბი-იან-ლუ" (1125წ.) და "უ-მენ- კუან" (1228წ.). პირველი კრებული შედგება 100 კოანისაგან, რომლებიც თავის დროზე შეაგროვა სიუ-ტოუმ (998 - 1052წწ.) და თითეული მაგალითი გატას სახით გააფორმა. ამის შემდეგ იუან-უმ თითეულ მაგალითს და შესაბამის გატას საკუთარი კომენტარები და შესავალი დაურთო. მეორე კრებულის შედგენა ეკუთვნის უ-მენ ხუაი-კეის (1184 - 1260წწ.). ეს კრებული 48 კოანისაგან შედგება და მაქსიმალურად ლაკონური ფორმით გამოირჩევა. იაპონელმა ბერმა კაკუსინმა (1207 - 1298წწ.) ეს კრებული საჩუქრად მიიღო ხუაი-კეისგან, როდესაც ჩინეთში მოგზაურობდა და ჩამოიტანა იგი თავის სამშობლოში. ორივე ეს კრებული ჩანის ორიგინელურ ლიტერატურულ ძეგლებს წარმოადგენენ და ფართოდ გამოიყენებიან დღესაც, როგორც სახელმძღვანელო ტრადიციული დავალებებისა ჩანის მოწაფეთათვის. ჩანის კიდევ ერთი სპეციფიკური მეთოდია ხუატოუ, ანუ შეკითხვა არსის შესახებ. მაგალითად, ადამიანი იმეორებს ბუდას სახელს და ამის შემდეგ საკუთარ თავს უსვავს შეკითხვას: ვინ არის ის, ვინც იმეორებს ბუდას სახელს? უკვე ითქვა, რომ ჩანის მიხედვით, საკუთარი ბუნების შეცნობა ბუდას გონების მდგომარეობის შეძენას ნიშნავს. ამგვარად, თუკი ადამიანის ცნობიერება ავა იმ დონეზე, რომელზეც მას შეეძლება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ეს იქნება გასხივოსნების მაუწყებელი. ლინძის სკოლაში ასევე გამოიყენება ე.წ. კაცუს (ჩინ. ხო) მეთოდი. კაცუ არის შეძახილი, რომლითაც მასწავლებელი უეცრად აშინებს მოწაფეს. ასევე გამოიყენება ცემის მეთოდიც. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ სისასტიკის გამოვლინებანია, ეს არის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს ზემოქმედება ფსიქიკაზე. ისინი ხშირად კოანების პრაქტიკის პარალელურად გამოიყენება. როდესაც ადამიანის ძალისხმევა მიმართულია კოანის ამოხსნაზე, უეცარი შიშის ან ტკივილის განცდა მისი გონების მდგომარეობის მყისიერ ცვლილებას იწვევს და ამ დროს შესაძლებელია გარღვევის განხორციელება. ლინძის არა ერთ პატრიარქს გასხივოსნებისათვის სწორედ ამგვარი პრაქტიკის მეშვეობით მიუღწევია. ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკები უფრო მეტად გამოიყენება ლინძის სკოლაში, ხოლო მედიტაცია _ ცაოდუნის სკოლაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, ცაოდუნი უარყოფს სხვა მეთოდებს და მეორეს მხრივ იმას, რომ ლინძის სკოლაში არ გამოიყენება მედიტაციური პრაქტიკები. ცაოდუნის ძირითადი მედიტაციის ფორმა არის მჯდომარე მედიტაცია გადაჯვარედინებული ფეხებით, რომელსაც ძა-ძენი (ჩინ. ძო-ჩან) ეწოდება. ეს არის უძველესი მედიტაციური პოზა (ლოტოსის პოზა), რომელშიც მიაღწია გასხივოსნებას ბუდა შაკიამუნიმ. ამიტომ მას ბუდასა და პატრიარქების მეთოდს უწოდებენ. ჩანის პრაქტიკისა და მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სტერეოტიპების ნგრევა, რაც გამოიხატება სუტრების დემონსტრაციულ დაწვასა და ბუდას გამოსახულებათა მსხვრევაში. ამ პრაქტიკით ადამიანი უნდა გათავისუფლდეს შესაბამისი სტერეოტიპისგან. ნებისმიერი ცნება ატარებს თავის თავში საფრთხეს გადაიქცეს ადამიანის ცნობიერებაში სტერეოტიპად, რომელიც დადებითი ზეგავლენის მაგიერ ცნობიერების დაბრკოლებას და თავისუფალი აზროვნების დამახინჯებას გამოიწვევს. მაგალითად, ბუდას ფიგურის გადაჭარბებულ იდეალიზირებას შეიძლება მოყვეს დოგმატური, სტერეოტიპული აზროვნების ჩამოყალიბება, რომელიც მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შინაარსს დებს ამ ცნებაში ადამიანი. იგივე უნდა ითქვას სუტრების შესახებაც. როდესაც მათი მნიშვნელობა გადაჭარბებულია, ჩნდება საფრთხე იმისა, რომ იმ ჭეშმარიტების ადგილს, რომელიც მათშია გადმოცემული, დაიკავებს თავად სუტრა. ადამიანი შეცდომით იწყებს ფიქრს, რომ ჭეშმარიტება არის თავად სუტრა, ანუ ჭეშმარიტების რწმენის მაგიერ "სიტყვის" რწმენას იწყებს. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს მის ცნობიერებას და კონკრეტული სტერეოტიპის მარწუხებში მოხვედრილ გონებას აღარ შეუძლია თავისუფალი აზროვნება და ამგვარად იგი ვერასოდეს მიაღწევს გასხივოსნებას. ბერმა ლინძი ი-სიუანმა თქვა: "თუ შეგხვდება სადმე ბუდა, მოკალი იგი! თუ შეგხვდება პატრიარქი, მოკალი პატრიარქი!" ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ როგორც ანარქიისა და ნიჰილიზმის ქადაგება. საუბარია სწორედ სტერეოტიპად ქცეულ სახელებზე.

      ეს სიმბოლური მკვლელობა ადამიანის ცნობიერებაში უნდა განხორციელდეს როგორც უპირობო, უშუალო და თავისუფალი აზროვნების შეძენის აქტი. ბუდა არის თავად ადამიანი მისი ჭეშმარიტი არსის მიხედვით და არა კანონმდებელი ან დოგმატიკოსი. ტანის ეპოქაში სუტრების დაწვას და ბუდას გამოსახულებათა მსხვრევას სისტემატიური ხასიათი მიეცა და შეიქმნა ერთგვარი მოდა. ამიტომ ჩანის მასწავლებლებმა მალევე გაიაზრეს იმის ხაზგასმის საჭიროება, რომ თავად სტერეოტიპების ნგრევა არ უნდა გადაიქცეს, თავის მხრივ, ახალ სტერეოტიპად. ზოგიერთი ავტორი დღესაც მიდრეკილია ამ პრაქტიკის საფუძველზე მიიჩნიოს, რომ ჩანი სრულიად უარყოფს სუტრებს და პატივს არ მიაგებს თავისი ტრადიციის მნიშვნელოვან მოღვაწეებს. ეს ბოლომდე ზუსტი არ არის. საუბარია მხოლოდ სტერეოტიპის ნგრევაზე, ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია მშვიდად დაუბრუნდეს სუტრების შესწავლას ან სანთელი დაანთოს ბუდას ფიგურასთან. სტერეოტიპებისაგან განთავისუფლებას ჩანის ტრადიციაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნირვანას ცნებაც კი არ შეიძლება გახდეს წამყვანი ფაქტორი ადამიანის ცნობიერებისა და აქტიურობისთვის. მაგალითად, მედიტეციაში ჯდომა ფიქრით, რომ ამგვარად მიიღწევა ბუდას მდგომარეობა, არასოდეს გამოიღებს შედეგს, რადგანაც ცნობიერება ნირვანას სტერეოტიპის მარწუხებში იმყოფება და არ გააჩნია თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა.

      მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მოახერხებს გაათავისუფლოს გონება ყოველგვარი მიზნობრივი მიმართულებისგან, შეეძლება მას გასხივოსნების მიღწევა. ამასთან, ჩანს აღარ აინტერესებს სპეკულაციები მრავალ დაბადებებთან დაკავშირებით. მას აინტერესებს ადამიანის ხსნა ერთი ცხოვრების ფარგლებში. თითეული სკოლა მიიჩნევს, რომ მისი პრაქტიკების წყალობით ამის მიღწევა შეიძლება უფრო მარტივად და რომ ისინი ხსნის უმოკლეს გზას თავაზობენ თავიანთ მიმდევრებს. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ითქვა, არავითარ მწვავე კონფლიქტზე სკოლებს შორის საუბარი არ არის. დღეს უკვე არსებობს ორი ძირითადი სკოლის, ცაოდუნის და ლინძის, გაერთიენების ტენდენცია. თანამედროვე ჩანის ჩინელი პატრიარქი, შენ-იანი, ორივე სკოლის ტრადიციებს აგრძელებს. უფრო ადრეც ჩანის მასწავლებლებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ პრაქტიკების

      ეფექტურობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია ადამიანის შინაგან მიდრეკილებებსა და ხასიათზე. როდესაც პერსპექტიული მოწაფე დიდი ხნის მანძილზე ვერ აღწევს შედეგს კონკრეტულ მოძღვართან, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მან სხვა მოძღვარს უნდა მიმართოს და განსხვავებული პრაქტიკები განახორციელოს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მის ხასიათს.

     

ჩინური ძენის ხუთი სახლი

      ხუაი-ნენის შემდეგ ჩანის დოქტრინამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. ოქროს ხანისა და შემდგომი პერიოდების ჩანის სკოლებს უკვე საერთო, საბოლოოდ გაფორმებული, მოძრვრების ბირთვი გააჩნიათ, რომელიც, თავის ძირითად მომენტებში მაინც, აღარ იცვლება. სამაგიეროდ აქტიური ჩამოყალიბების პროცესშია ჩანის სპეციფიკური პრაქტიკები. ოქროს ხანისა და შემდეგ ხუთი დინასტიის პერიოდის მანძილზე ყალიბდება ჩანის ხუთი სკოლა, ანუ ხუთი სახლი. პირველ სახლად ითვლება გუიიანის სკოლა, რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ორი მთის სახელებიდან: მთა გუი ხუნანის პროვინციაში და მთა იანი ცზიანსის პროვინციაში. ამ მთებზე სკოლის დამაარსებელთა მონასტრები მდებარეობდა და მთების სახელებითვე იწოდებიან თავად დამაარსებელნი: გუი შანი (771-853) და მისი მოწაფე იან შანი. დჰარმას ბეჭედი გუი შანმა ბაი ჩჟანისაგან მიიღო და, თავის მხრივ, გადასცა თავის ორ მოწაფეს: იან შანსა და სიან იანს. იან შანის შესახებ ცნობილია, რომ მისი მშობლები წინააღნდეგი იყვნენ ვაჟის არჩევანისა სამონასტრო ცხოვრებისათვის მიეძღვნა თავი. თავისი გადაწყვეტილების ურყეობაში მშობელთა დასარწმუნებლად იან შანმა ორი თითი მოიჭრა და ამგვარად დაარწმუნა ისინი თავის სიმტკიცეში. სიან იანის შესახებ კი ასეთი ეპიზოდია ცნობილი: ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა მას თუ რას წარმოადგენდა იგი თავის დაბადებამდელ მდგომარეობაში. სიან იანმა ვერ მოიფიქრა პასუხი და სუტრების გულმოდგინე შესწავლას შეუდგა. როდესაც ვერც იქ ნახა პასუხი გიუ შანის შეკითხვაზე, გული აიცრუა, დაწვა ყველა თავისი წიგნი და მარტოხელა მოხეტიალე ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება იმ იმედით, რომ მკაცრი ასკეტიზმი გამოიღებდა შედეგს. ერთხელაც, როდესაც ყოველდღიური საქმით იყო დაკავებული, უეცრად გაიგონა შორიახლოს ჩამოვარდბილი კრამიტის დაცემის ხმა. მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველა ეჭვი გაუქრო და გახარებული სიან იანი ბრუნდება მასწავლებელთან სიტყვებით: "ერთმა დარტყმამ დამავიწყა ყველაფერი რაც ვიცოდი და ახლა აღარ ვგრძნობ ასკეტური ცხოვრების საჭიროებას". ეპიზოდი მიუთითებს გუი შანის დჰარმას შესატყვისობაზე ხუაი ნენის მყისიერ გასხივოსნებასთან, მაგრამ ამასთანავე თავად გუიიანის სკოლის სპეციფიკასაც გამოხატავს, რომელიც დაბადებემდელი, გამოუვლენელი მდგომარების შეცნობაზე იყო ორიენტირებული. საკუთრივ გუიიანის სკოლის სპეციფიკა მგდობარეობს მოძღვრებაში "მრგვალი" ანუ სრულყოფილი ფიგურების შესახებ. სულ ცნობილია 97 მრგვალი ფიგურა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს თავდაპირველი გასხივოსნებული ცნობიერების ბუნებას, ანუ თავდაპირველ დაბადებამდელ სიმშვიდეს. სწორედ ამ ხერხით, ანუ ფიგურათა დახმარებით, მიუღწევია გასხივოსნებისათვის გუი შანის მეორე მოწაფეს, იან შანს, რომელიც ამგვარად მასწავლებლის სპეციფიკური მოძღვრების ტრადიციის გამგრძელებელი ხდება და გადასცემს მას თავის მოწაფეებსაც.

      მიუხედავად იმისა, რომ მრგვალი ფიგურები როგორც ასეთი მიღებული იყო სხვა სკოლებშიც (დღემდე არსებობს და პოპულარულია სუნის ეპოქაში ჩამოყალიბებული ერთგვარი "ილუსტრირება" ძენის ეტაპებისა (ნახატები ადამიანისა და ხარის შესახებ), ანუ ძენში ცხოვრების განვითარების ეტაპების, რომელიც წარმოდგენილია რამოდენიმე ნახატისაგან შემდგარი სერიით. პირველად ასეთი ნახატები შეუქმნია ვინმე სეიკიოს (იაპონური წაკითხვა სახელისა), რომელსაც ხუთი ეტაპი აღუნიშნია, მოგვიანებით შეიქმნა "ათი ნახატი"- და "ექვსი ნახატი ადამიანისა და ხარის შესახებ". ყველა ამ სერიაში ერთ-ერთი (სეიკიოს ვარიანტში უკანასკნელი, ხოლო სხვა ვარიანტებში ბოლოს წინა ან შუა) ნახატი წარმოადგენს ცარიელ მრგვალ ფიგურას, რომელსაც მთელი ფურცელი უკავია და გამოხატავს თავდაპირველ სიცარიელეს, ანუ ეტაპს, რომელზედაც ადამიანი სრულ გასხივოსნებას აღწევს. არსებობს ბევრი სხვა პრაქტიკაც, სადაც მრგვალი ფიგურები გამოიყენება, რაც ლოგიკურია ვინაიდან "მრგვალი" (- იუან) ჩინურ ტრადიციაში სრულყოფილს, დასრულებულს ნიშნავს.), მაგრამ გუიიანის სკოლის მრგავლი ფიგურები ჩანის ტრადიაში დაწუნებულ იქნა, როგორც ძველ, ჰიაიანურ მედიტაციურ პრაქტიკებთან დაბრუნების მცდელობა. ასევე ეს ფიგურები (რომლებშიც, როგორც ჩანს, აღინიშნებოდა სტიქიები) იწვევდა ასოციაციას კასინას პრაქტიკასთან, რომელიც არა მარტო ჩანში, არამედ საერთოდ მაჰაიანას მიმართულების ბუდიზმში აღარ არის პოპულარული და ყველგან ერთნაირად არის დაწუნებული როგორც "არაბუდისტური" და ჰიაიანური "ძველი გადმონაშთი". ასეა თუ ისე, ეს სკოლა შედარებით მცირე ხანს არსებობდა და მოძღვრებამ მრგვალ ფიგურათა შესახებ ვერ მოიპოვა აღიარება.

      მეორე სკოლა, რომელიც ამ პერიოდში ყალიბდება არის ე.წ. ცემისა და ყვირილის, ანუ ლინძის სკოლა. ლინძი ი-სიუანი (დაბადების თარიღი სავარაუდოდ 811წ. გარდაიცვალა 866 ან 867 წ.) თავისი დროის გამოჩენილი მასწავლებლისგან, ხუან-ბოსგან ღებულობს დჰარმას ბეჭედს. ხუან-ბო იყენებდა როგორც მა-ძუს მიერ პირველად გამოყენებულ კაცუს, ასევე ცემის პრაქტიკასაც, რომელიც ასევე უფრო არეული მასწავლებლებისგან მოდის. ცნობილია ამ პერიოდის მასწავლებელი სახელად დე-შანი, რომელიც ტრადიციის მიხედვით ყოველთვის ჯოხით დადიოდა და ასე მიმართავდა თავის მოწაფეებს: "ის, ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის, მიიღებს ოც დარტყმას ჯოხით. ის, ვინც არც ერთ სიტყვას არ იტყვის - მიიღებს ოც დარტყმას ჯოხით!". ასეთივე იყო ხუან ბოს პრაქტიკაც, რომლის მეშვეობითაც აღწევს გასხოვოსნებას ლინძი და განაგრძობს მის სწავლებას თავის მოწაფეებშიც. ცნობილია ეპიზოდი, როდესაც ლინძი მოუხმობს ერთ-ერთ თავის მოწაფეს და ასე მიმართავს: "ზოგი იყენებს ჯოხს, ზოგი - კაცუს. რომელი მათგანია უფრო ახლოს ჭეშმარიტებასთან?" მოწაფე პასუხოს "კაცუ!" და უმალ ღებულობს ლინძისგან დარტყმას. მესამე სახლი არის ცაოდუნის, ანუ ხუთი რანგის სკოლა. ამ სკოლის დასახელება მომდინარეობს მის დამაარსებელთა სახელებში პირველი იეროგლიფებიდან - დუნ შანი (807- 869) და ცაო შანი (840-901). დუნ შანს 9 წლის ასაკში მიუტოვებია სახლი და ამ დროიდან დაწყებული მრავალი მასწავლებლის სკოლა გამოიარა, მათ შორის იყვნენ მა ძუ, ნან ცზიანი და გუი შანიც. თუმცა, გასხივოსნებას დუნ შანი იუნ იანის (772-841) ხელმძღვანელობით აღწევს და მისი ტრადიციის გამგრძელებელი ხდება. ოცი წლის ასაკში დუნ შანი ბერის აღთქმას დებს და ამის შემდეგ კიდევ მრავალი წლის ნამძილზე კვლავ განაგრძობს მოგზაურობას სხვადასხვა მონასტრებში, სადაც თავისი დროის საუკეთესო მასწავლებლებს და ჩანის სხვადასხვა პრაქტიკებს ეცნობა. მხოლოდ 50 წლის ასაკში სახლდება იგი დუნის მთაზე, სადაც მის ირგვლივ მისი საკუთარი მოწაფეები იწყებენ შეგროვებას. მათგან ყველაზე ცნობილი არიან ცაო შანი და იუნ ცზიუი. იუნ ცზიუმ მთელი ძალისხმევა მიმართა მყისიერი გასხივოსნების პრაქტიკებზე, ხოლო ცაო შანი უფრო მეტად მიდრეკილია თეორიული მსჯელობებისადმი. ჩანის მონასტერში მისვლამდე, იგი კონფუციანელობას შეისწავლიდა. მონასტერშიც განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა და ჩამოაყალიბა მოძღვრება ხუთი რანგის შესახებ, რომელიც ცაოდუნის სკოლის განმასხავებელ სპეციფიკურ მოძღვრებას წარმოადგენს. თუმცა, მოგვიანებით ეს მოძღვრება კარგავს პოპულარობას და უკვე სუნის ეპოქიდან ცაოდუნის სკოლის განმასხვავებელი ნიშანი მის განსაკუთრებულ პრაქტიკაში, ძო ჩანის მედიტაციაში, მდგომარეობს. ცაო შანის ხუთი რანგი გამოხატავს აბსოლუტისა და ფენომენის, აბსოლუტური რეალობის და შეფარდებით-ფენომენალურის ერთიანობას და ამ აბსოლუტის შეცნობის საფეხურებს. თეორია დამუშავებულია ტრადიციული ჩინური ფილოსოფიისათვის დამახიათებელი ტერმინების და ელემენტების მეშვეობით, ასევე შეინიშნება ხუაიანის სკოლის გავლენაც. აბსოლუტის გამოსახატავად ცაო შანი იყენებს ტერმინებს "სწორი" და "ლი" - პრინციპი, ხოლო შფარდებითისათვის - "გრეხილი" და "ში" - შემეცნების ობიექტი, ფენომენი. სიმბოლურად ისინი გამოისახება შავი და თეთრი წრეების მეშვეობით, სადაც შავი წრე აბსოლუტის, ხოლო თეთრი წრე ფენომენის გამომხატველია. საუბარია აბსოლუტის გამოვლინებაზე ფენომენალურ სამყაროში და მათ სრულ ურთიერთგანსჭვალულობაში, რითაც ფენომენი და ფენომენალური არსებობა აბსოლუტის შემეცნების საშუალებად იქცევა, ვინაიდან მისი ჭვრეტით შესაძლებელია შეცნობა აბსოლუტისა, რომელიც მასშია გამოვლენილი. მეოთხე სახლს ეწოდება იუნ მენის ან მარტივი პასუხის სკოლა. იუნ მენმა (გარდაიცავალა 949წ.) გასხივოსნებას მიაღწია მუ ჭოუს (ხუან ბოს პირველი მოწაფის) ხელმძღვანელობით. მუ ჭოუ იყენებდა თავისი მასწავლებლის პრაქტიკებს.

      სწორედ მათი საშუალებით გასხივოსნდა იუნ მენიც. იგი სამჯერ მიდის თავის მასწავლებელთან და თხოვს უმაღლესი ჭეშმარიტების ახსნას. მაგრამ სამივეჯერ მუ ჭოუსაგან უხეშ პასუხს ღებულობს. ბოლოს მუ ჭოუ ხელის კვრით გააგდებს იუნ მენს თავისი სახლიდან და ისეთი ძალით მოიხურავს ჭიშკარს, რომ იუნ მენს, რომელსაც ფეხი აქვს მოყოლილი ჭიშკარში, ძვალი უტყდება. სწორედ ამ დროს, ფეხის მოტეხვის მომენტში, აღწევს იგი გასხივოსნებას. ამიტომ პრაქტიკის თავლსაზრისით, იუნ მენის სკოლა ბევრად არ განსხვავდება ლინძის სკოლისაგან. სპეციფიკური ნიშანი ამ სკოლისა მდგომარეობდა მარტივ, ერთსიტყვიან ან ერთმარცვლიან, პასუხებში, რომელიც ჩვეოდა იუნ მენს. სუნის ეპოქაში შედგენილ კოანთა კრებულში "ბი იან ლუ"-ში შესულია იუნ მენის შემდეგი ფრაზა: "მე არაფერს გეკითხებით განვლილი 15 დღის შესახებ, მაგრამ რა შეგიძლიან მითხრათ მომავალი 15 დღის შესახებ?" რასაც თავადვე პასუხობს: "ყოველი დღე კარგი დღეა". კომენტატორის თქმით, განვლილ 15 დღეში იგულისხმება ის პერიოდი, რომელსაც ადამიანი გადის გასხივოსნების პირველი მუხტის შეგრძნებიდან სრულ გახსოვოსნებამდე. ამ დროს მიღწეული გასხივოსნება სრულია, როგორც სავსე მთვარე. მაგრამ მომდევნო 15 დღის მანძილზე ხდება სატორისაგან მიღებული შთაბეჭდილების გაფერმკრთალება ისევე, როგორც მთვარე ილევა ნახევარი თვის ნამძილზე. ამიტომ ძენში მნიშვნელოვანია, რომ გასხივოსნების შემდეგაც არ ხდებოდეს ძალისხმევის შესუსტება და ყოველი დღე არის კარგი ახალი გამოცდილების მისაღწევად. ასეთი პრაქტიკის პირობებში ყოველი დღე იგივდება გასხივოსნებასთან და ქრება საზღვარი "მდე" და "შემდეგ", პიროვნება ამგვარად მარადიულ აწმყოში იმ "დღევანდელ დღეში" იმყოფება, რომელიც მარადიული გასხოვოსნების ტოლფასი ხდება. იუნ მენი თავისი დროის ყველაზე გამოჩენილ პიროვნებათა და ძენის საუკეთესო მასწავლებელთა რიცხვში შედის. უკანასკნელი, მეხუთე სახლის ფუძემდებელია ფა იანი (885-958), რომლის სკოლასაც ფა იანის ან არსებობის თვისებათა ურთიერთგანმსჭვალულობის სკოლას უწოდებენ, ვინიადან მისი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ არსებობის ექვსი მახასიათებლის ურთიერთგანმსჭვალულობის მოძღვრებაში მდგომარეობს. ეს ექვსი მახასიათებელია: ერთობა და განცალკევება, მსგავსება და განსხვავება, ხდომილება და გაქრობა.

      მოძღვრების არსი მდგომარეობს დაპირისპირებულთა ერთიანობის შეგრძნებაში. ფა იანის პრაქტიკაც დაკავშირებული იყო მრგვალ ფიგურებთან: წრეში ჩახატული ექვსი მახასიათებლის სიმბოლოების ჭვრეტა, როგორც აბსოლუტური მონიზმის წვდომის გზა. ამ პრაქტიკას კვლავ მედიტაციის ჰინაიანურ ფორმებამდე მივყავართ და ამგვარი მოძღვრება ვერ გახდებოდა ორგანული ძენისათვის. ჩანის ხუთ სახლს შორის ფა იანის სკოლას ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. საბოლოო ჯამში, ამ ხუთი მიმართულებიდან მხოლოდ ორი - ლინძისა და ცაოდუნის სკოლები უძლებენ დროის გამოცდას და განსაზღვრავენ ძენის სახეს, როგორც მომდევნო ეპოქებში, ასევე დღესაც. 845 წლიდან დაწყებულმა ბუდისტურმა დევნამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბუდიზმის თითქმის ყველა სკოლა. IX – X სს -ს შემდეგ ნელ-ნელა დაკნინებული და დასუსტებული ხუაიანის და თიენტაის სკოლები, უთმობენ წავყვან როლს ჩანის სკოლებს, რომელთაც დევნის მძიმე წლები მნიშვნელოვანი დანაკლისების გარეშე გაიარეს და მიუხედავად იმისა, რომ სუნის ეპოქაში ზოგადად ბუდიზმი დასუსტებულია, ჩანისათვის ეს კვლავ აყვავების და გაძლიერების საუკუნეებია. სუნის ეპოქაში იძენს ჩანი მნიშვნელოვან კულტურულ ზეგავლენას და განსაზღვრავს ამ ეპოქის ჩინური ხელოვენების სპეციფიკას. ჩანის გავლენას განიცდიან ტუშით მხატვრები: მუ ცი, ლიან კაი, სია გუი; პოეტები და ლიტერატორები: ვან ვეი, სუ ში, ლუ იუ და სხვ. X – XIV საუკუნეებში ჩანი ვიეტნამის ადრეული ლისა და ჩანის დინასტიების ოფიციალურ იდეოლოგიას წარმოადგენს. ამ დინასტიების მრავალი იმპერატორი ბერად აღკვეცილა ჩანის მონასტრებში და პატრიარქობისთვისაც მიუღწევიათ. ცნობილია ეპიზოდი ვიეტმანის ახალგაზრდა იმპერატორის ჩან ტხაი ტონგის (XIII ს.) ცხოვრებიდან, როდესაც იგი იონტიშონის მთაზე ბერად აღკვეცას განიზრახავს, მონასტრის წინამძღვარი ასე არიგებს იმპერატორს: "მთებში არ არის ბუდა, ბუდა ეს შენი საკუთარი გულია და მის გარეთ არ არსებობს არავითარი სხვა ბუდა". ეპიზოდში ჩანს, რომ აქაც ტათჰაგატაგარბჰას თეორიას ეყრდნობოდნენ. ამასთან, ვიეტმანში (სადაც ჩანს დაერქვა ტხიენ) ორი სპეციფიკურად ვიეტმანური მიმართულება ყალიბდება: ჩუკლამ ("ბამბუკის ტყე") XIII-XIV სს -ში, რომელიც როგორც ჩანს ჩუნური გუიიანის სკოლის საფუძველზე იქმნება და ლიეუ კუან (დამაარსებლის სახელის მიხედვით) - ჩინური ლინძის ბაზაზე ( XVIII ს-დან). კორეაში, სადაც მას დაერქვა სონ, ჩანი შედარებით მცირე ხნის ნამძილზე იკავებს წამყვან პოზიციებს, განსაკუთრებით ბერის ჩუნულის (1158-1210) მოღვ აწეობის შედეგად. თუმცა, მალევე კორეაში კონფუციანელობის იდეოლოგიური მონოპოლია მყარდება, რამაც ბუდისტური სკოლების დასუსტება გამოიწვია. იაპონიაში ძენის ფაქტიურ ფუძემდებლად ითვლება ბერი სახელად ეისეი (1141-1215).

     

ძენი იაპონიაში

      მიუხედავად იმისა, რომ ჩანი იაპონიაში უკვე მეშვიდე საუკუნეში აღწევს, მის ფაქტიურ ფუძემდებლად ითვლება ბერი, სახელად ეისეი (1141-1215), რომელმაც თავისი რელიგიური ძიებები ტენდაის (ჩინ. თიენტაი) სკოლის ფარგლებში დაიწყო. 1168 წელს, თავისი პირველი მოგზაურობის დროს ჩინეთში, იგი ეცნობა ჩანის ტრადიციას, ხოლო მეორე მოგზაურობის დროს, 1187 წელს, ღებულობს დჰარმას ბეჭედს ჩინელი მსაწავლებლისგან, ხუან-ლუნისგან, და ჩამოქავს ჩინური ლინძის ტრადიცია იაპონიაში, სადაც ამ ტრადიციას რინძაი დაერქვა. ამგვარად, ძენი იაპონიაში რინძაის სკოლის ფარგლებში ყალიბდება. იგი დიდ წინააღმდეგობას ხვდება ტენდაის სკოლის მხრიდან, რომელიც ამ დროს უკვე შინაგანი დაკნინების პერიოდს განიცდის, თუმცა მაინც ინარჩუნებს ფაქტიურ პრიორიტეტს სხვა სკოლებზე. უფრო მეტიც, ტენდაი ძენის ახალ მოძღვრებას "ერეტიკულად" აცხადებს. მაგრამ ძენი იძენს სამურაიების ფენის მხარდაჭერას და მათზე დაყრდნობით მალევე ძლიერდება და აყვავების ხანაში გადადის. კამაკურასა და მურომაჩის პერიოდებში შენდება ახალი მონასტრები ძენისათვის, ხოლო ძველი მონასტრების "გადაკეთება" ხდება ძენის მიზნებისათვის, სადაც წინამძღვრებად ძენის მასწავლებლები ინიშნებიან. ასე მაგ., ეისეი ინიშნება 1202 წელს, ახალაშენებული კენინძის მონასტრის (კიოტო) წინამძღვრად. თუმცა, ეს მონასტერი იმ დროს არ წარმოადგენდა ძენის მოანსტერს. გარდა ძენის დარბაზისა მედიტაციებისთვის, იქ იყო სპეციალური დარბაზები ტენდაისა და შინგონის რიტუალების შესასრულებლად და მიუხედავად იმისა, რომ დღეს კენინძი ძენის მონასტერია, ძველი ტრადიციიის მიხედვით, იქ კვლავ სრულდება ტენდაის სკოლის ცერემონიებიც. ეისეი ასევე ითვლება იაპონური ჩაის ცერემონიის დამაარსებლადაც. ჩაის იაპონელები იქამდეც იცნობდნენ, თუმცა, თავისი მოგზაურობებიდან ჩინეთში, ეისეის კვლავ ჩამოაქვს ჩაის თესლი, რომელსაც მონასტრის მიწაზე რგავს. ჩაის პოპულარიზაციისათვის მან მთელი ტრაქტატიც კი დაწერა, სადაც ჩაის სასარგებლო თვისებებს განიხილავს. ჩანის მეორე მიმართულების, ცაოდუნის (იაპ. სოტო), დამაარსებლად იაპონიაში ითვლება დოგენი (1200-1253). დოგენი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, მამამისს, კუგა მიჩიჩიკას, მაღალი პოსტი ეკავა საიმპერატორო კარზე, ხოლო დედა ფუძივარას გვარიდან იყო. თუმცა, ორივე მშობელი მან მცორეწლოვანმა დაკარგა (მამა 2 წლის ასაკში, ხოლო დედა - 7 წლის ასაკში.), რის შემდეგაც მასზე ზრუნვას იწყებს დედის უფროსი ძმა. დოგენმა შესანიშნავი განათლება მიიღო და მისი ბიოგრაფების ცნობით, უკვე 4 წლის ასაკში თავის პირველ ლექსებს კითხულობდა ჩინურად. ბიძა მას იმდროინდელი საუკეთესო ტრადიციების მიხედვით ზრდიდა და ამზადებდა საერო კარიერისათვის საიმპერატორო კარზე. თუმცა, დოგენს გული არ მიუწევდა ასეთი სამსახურისადმი და ცოტა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანებას მიაღწევდა, იგი გარბის სახლიდან და მიდის თავის უმცროს ბიძასთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა ხიეის მთის ძირში. ბიძასთან დოგენი ერთი წელი გაჩერდა, რის შემდეგაც ხიეის მთაზე ტენდაის მონასტერში ბერად აღიკვეცება. ისევე როგორც ეისეი, იგი მალევე აიცრუებს გულს ტენდაის სკოლის მოძღვრებაზე. კერძოდ, მისთვის გადაუწყვეტელი აღმოჩნდა წინააღმდეგობა თავდაპირველ და შეძენილ გასხივოსნებას შორის. თუკი ყველა არსება იმთავითვე დაჯილდოებულია ბუდას ბუნებით (გასხივოსნებით), რა საჭიროა ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელსაც ბუდები და ბოდჰისატვები მიმართავენ გასხივოსნების მისაღწევად? ტენდაის სკოლამ ვერ გასცა პასუხი დოგენის შეკითხვას. ამიტომ იგი ტოვებს მონასტერს და იწყებს თავის ძიებებს სხვა მონასტრებსა და სკოლებში. ერთი დრო მისი მასწავლებელი იყო ასევე ტენდაიზე გულაცრუებელი ბერი კიოინი. კიოინმა ალტერნატიული გზა ამიდაიზმში ნახა, თუმცა დოგენთან მცირე ხნის ურთიერთობის შემდეგ ურჩევს მას გაემგზავროს კენინძიში და გაეცნოს ეისეის ახალ მოძღვრებას, რომელიც გასხოვოსნების მყისიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ამ დროს კენინძიში ახალი წინამძღვარია სახელად მიოძინი, რომლის დროსაც იქ ისევ სრულდებოდა სამივე სკოლის (ტენდაი, შინგონი და ძენი) რიტუალები. აქედან ახალი დოგენისთვის მხოლოდ ძენის მოძღვრება იყო, რომლითაც იგი იმდენად ინტერესდება, რომ თავის მასწავლებელ მიოძინთან ერთად 1223 წელს მიემგზავრება ჩინეთში.

      გარკვეული ხნის მანძილზე დოგენი ცხოვრობს თიენ-დუნ-ჟუს მონასტერში, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს და კვლავ იწყებს მოგზაურობას მონასტრიდან მონასტერში, სადაც ძენის სხვადასხვა მასწავლებლებსა და მათ მოძღვრებას ეცნობა. როდესაც დოგენი გადაწყვიტავს კვლავ თიენ-დუნ-ჟუში დაბრუნებას, გებულობს თავისი მასწავლებლს გარდაცვალების ამბავს და იაპონიაში ბრუნდება. თუმცა, იაპონიაში დაბრუნებული გებულობს, რომ თიენ- დუნ-ჟუს წინამძღვრად ინიშნება სახელგანთქმული ბერი ცზიუ-ცინი. 1225 წელს დოგენი მეორედ მიემგზავრება ჩინეთში და ამჯერად უკვე ცზიუ-ცინს ემოწაფება, რომლის ხელმძღვანელობითაც აღწევს გასხივოსნებას. ერთხელ ღამის მედიტაციის დროს ერთ-ერთ მოწაფეს ჩაეძინება. ცზიუ-ცინი შემდეგი სიტყვებით აღვიძებს ბერს: "ძენში გონება და სხეული ერთია! როგორ მოახერხე დაძინება?" ამ სიტყვების გაგონებისას, დოგენი გასხივოსნებას აღწევს. ამის შემდეგ იგი კიდევ ორი წელი რჩება მონასტერში და განარძობს სრულყოფას ცზიუ-ცინის ხელმძღვანელობით. 1227 წელს ბრუნდება იაპონიაში, სადაც ამ დროს გარდაიცვლება მისი მასწავლებელი მიოძინი. დოგენი უარს ამბობს კენინძის მონასტრის წინამძღვარის თანამდებობაზე და სოფლის ნახევრად-მიტოვებულ მონასტერში სახლდება. თუმცა, მალევე ეს სოფლის მონასტერი (ფუკაკუსას მახლობლად) ხდება მოწაფეთა შეკრების ცენტრი. 1236 წელს დოგენი ახლადაშენებული კიოსიოჰორინძის წინამაძღვარი ხდება, სადაც თავისი მოწაფეებისათვის დღის მკაცრ განაწესს ადგენს, რომელშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მედიტაციურ ვარჯიშებს. ამის შემდეგაც განაგრძობს დოგენი მოგზაურობას და კიდევ რამდენიმე ადგილსამყოფელს იცვლის, მაგრამ სადაც არ უნდა მივიდეს ყველგან ხდება მის ირგვლივ მოწაფეთა შეკრება. მისი სახელი უკვე ცხორვებაშივე ძალიან დიდი იყო. დოგენის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს ტრაქტატი "სიობოგენძიო" (ჭეშმარიტი დჰარმას ძვირფასი ცოდნა). 1253 წლის 23 აგვისტოს იგი გარდაიცვლება ფილტვიების ქრონიკული დაავადებით (ჭლექი). მიუხედავად იმისა, რომ დოგენი სოტოს დამაარსებელია, იგი უარყოფითად უყურებდა ბუდიზმის სხვადასხვა სკოლათა ქიშპობას და არ თვლიდა თავს რომელიმე ერთი მიმართულების წარმომადგენლად. ბუდისტები მის სწავლებას ეძახიან "შაკიამუნის დჰარმას", ბუდასა და ბოდჰისატვების წმინდა ტრადციასთან დაბრუნებას და "განსაკუთრებულ ძაძენს". ძაძენს, ანუ ბუდას მჯოდომარე მედიტაციის მდგომარეობას, დოგენისათვის მართლაც უდიდედსი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩინეთში მეორე მოგზაურობიდან დაბრუნებული, დოგენი წერს ტრაქტატს "ფუკანძაძენგი", რომელიც ძაძენის ერთვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ძაძენს დოგენი განიხილავს როგორც უმოკლეს და უმარტივეს გზას გასხივოსნებისაკენ, ვინაიდან იგი, მისი თქმით, ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. ძაძენში გონება და სხეული ერთია, შესაბამისად როდესაც ადამიანის სხეული ღებულობს ბუდას მდგომარეობას, მისი გონებაც ისწრაფვის ამ მდგომარეობის მისაღწევად. ამიტომ ნებისმიერი მომენტი ძაძენში გასხივოსნების ტოლფასია. ამგვარ, ბუნებრივ, მდგომარეობაში, ცნობიერება თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი მიზნობრივი მისწრაფებისგან, არ შეიძლება ძაძენში ჯდომა გასხივოსნების მიღწევის სურვილით, გასხივოსნება თავად რეალიზდება ადამიანში როგორც კი იგი მიაღწევს ძაძენის მდგომარეობას. ამისთვის დოგენი გულმოდგინედ არიგებდა მოწაფეებს სხეულის სწორი მდგომარეობის შესახებ, გზა, მისი აზრით, მიიღწევა სხეულის მეშვეობით, ვინაიდან სხეული და გონება ერთი არიან. ძაძენის დროსაც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების ერთიანობის გაცნობიერება. რაც შეეხება ძაძენის გონებრივ შემაგდენელს, როგორც უკვე ითქვა, საჭიროა განთავისუფლება მიზნობრივი მისწრაფებისაგან და ყოველგვარი ფიქრისგან. ერთ ბერს ჰკითხა მოწაფემ: "რა უნდა მოვიაზრო მედიტაციის დროს?" რაზედაც მასწავლებელმა უპასუხა: "უნდა მოიაზრო არზების არ-არსებობა." ფიქრის არ-არსებობა სულაც არ ნიშნავს დოგენისათვის სრულ სიცარიელეს, ეს არის გონების თავდაპირველი მდგომარეობა, ანუ საუბარია დაბადებამდელი ცნობიერების შესახებ, რომელიც შეიმეცნებს (ანუ აქტიურია) შემეცნების ობიექტთან შეხების გარეშე. ამ შემთხვევაში საგანი შეიმეცნება არა როგორც ობიექტი, არამედ წარმოდგება თავისი ჭეშმარიტი არსის მიხედვით, ისეთად როგორიც არის სუბიეტ-ობიექტის მიმართების გარეშე.

      დოგენი ძენში სამ საფეხურს განარჩევს: პირველზე მიიღწევა გონებისა და სხეულის ერთიანობა, მეორეზე - ადამიანის, ინდივიდისა და ბუნების, მთელი სამყაროს ერთიანობის შეგრძნება, ხოლო მესამეზე - გასხივოსნება ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს. მეორე ეტაპზე იხსენაბა ყოველგვარი დაპირისპირება და ამ ეტაპზე ამოიხსნება ყველა კოანი (დოგენი არ უარყოფს კოანების პრაქტიკას, არამედ მეორეხარისხოვან, დამხმარე პრაქტიკების რიცხვს მიაკუთვნებს). ძენი არის გზა ერთიანობისაკენ: "მთელი სამყარო რაწმოადგენს ბუდას ბუნებას. ბუდას ბუნების ნაწილს ჩვენ ვუწოდებთ ცოცხალ არსებას". დოგენი არა მარტო თავისი დროის, არამედ საერთოდ იაპონიის უდიდეს პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება. იგი ბოდჰისატვად არის მიჩნეული როგორც სოტო-ძენში, ასევე ბევრ სხვა ბუდისტურ მიმართულებებშიც. მრავალი მეცნიერი მას მიიჩნევს იაპონური რელიგიური და ფილოსოფიური აზრის ისტორიაში ყველაზე დიდ ფიგურად. კამაკურას პერიოდში დაწყებული ძენის მონასტერთა და ტაძართა აგება თითქმის მთლიანად შეწყდა უკვე მე-14 საუკუნის ბოლოსათვის. ამ დროის მანძილზე ძენი პოპულარული გახდა არა მარტო სამურაიების (რომელთაც ძენის მკაცრი სამონასტრო განაწესი, სიმამაცე და სიკვდილის წინაშე შეუპოვრობა იზიდავდათ) და დიდებულ ფეოდალთა (დამიო) წრეში, არამედ ჩვეულებრივ ხალხშიც, რომელთათვისაც ბუდა ასოცირდებოდა ხალხური რწმენის კეთილ ღვთაებებთან. ძენის გამოჩენილი მოღვაწე მუსიო (1275-1351) პირდაპირ აიგივებს კამის თავდაპირველ ბუდასთან და აცხადებს კამის მის ავატარებად. ასეთი სინკრეტიზმი საერთოდ დამახასიათებელია ბუდიზმისათვის და იაპონიაშიც იმთავითვე მოხდა ბოდჰისატვებისა და კამის წრმენის ერთგვარი შერწყმა, რამაც ახალი რწმენა უფრო გასაგები გახადა ჩვეულებრივი ხალხისათვის. მით უფრო რომ თავდაპირველი გასხივოსნების, ბუდას ბუნების თეორიის, ახსნა კამის რწმენის საფუძველზე ბევრად იოლდებოდა. კამი ხომ მთელ სამყაროს ასულიერებენ, ნებისმიერ მცენარეში, მთაში თუ მდინარეში მილიარდობით კამი ცხოვრობენ. კამის გაიგივება ბუდას მანიფესტაციებთან უიოლებდა ხალხს იმის გაგებას თუ როგორ იმყოფება ბუდას (იაპ. ხოტოკე) ბუნება მთელ სამყაროში და ნებისმიერ ცოცხალ არსებაში. ამავე პერიოდში ძენი დიდ კულტურულ გავლენას იძენს. ძენის მონასტრები გადაიქცა იაპონური კულტურის ცენტრებად, სადაც მრავალი ხელოვნების დარგი (იაპ. დო - ანუ "გზები") ვითარდებოდა დაწყებული სამურაიების ბრძოლის ხელოვნებიდან და დამთავრებული მებაღეობით, მხატვრობით და ჩაის ცერემონიით (ჩა-ნო-იუ). ძენის ბერები ქმნიდნენ იმდროინდელ ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, როგორიცაა კიოტოს მახლობლად რიოანძის ტაძრის ბაღი გაშენებული 1499 წელს, რომლის ავტორად ითვლება სიოამი. ეს პროექტი გენერალ ხოსოკავა კაცუმოტოსთვის აიგო, რომელმაც იქ ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. რიოანძის ცნობილი ბაღი წარმოადგენს კომპოზიციას ქვებისა და ქვიშისაგან. ქვის დიდი ლოდები სიმბოლურად გამოხატავენ ხმელეთს, ქვიშა - მიწას, ხოლო ხავსი - ტყეებს. ამის გარდა ბაღში არაფერია. არც ფლორა და არც ფაუნა. ამგვარი ალეგორიით სიოამიმ გამოხატა სამყარო როგორც ბუდას სხეული და სიცარიელე. რაც შეეხება მხატვრობას, აქ აღსანიშნავია სესიუ (1421-1506), რომელიც 12 წლის ასაკიდან ცხოვრობდა და მოღცაწეობდა ძენის მონასტერში. მისი ნამუშევრები ითვლება იაპონური ტუშით მხატვრობის (სუმი-ე) საუკეთესო ნიმუშებად. მაგრამ უკვე მურომაჩის პერიოდის დასასრულისკენ შეინიშნება ხელოვენის განვითარება ერთგვარი "სამოქალაქო" სტილისკენ და იგი ნელ-ნელა ცილდება ძენის ტაძრების კედლებს. ტოკუგავას პერიოდში იაპონურ ბუდიზმში წამყვანი პოზიციები კვლავ ამიდაიზმსა და ძენს უკავია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ისინი მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან, რომელიც ხელს უწყობს სამწუხაროდ მხოლოდ მატერიალურ სიძლიერეს სკოლებისა და არა მათ შინაგან განვითარებას. ბუდისტი ბერის სიოდენის (გარდაიცვალა 1633 წ.) ხელით აღწერილ იქნა ყველა ბუდისტური ტაძარი და მონასტერი. ისინი დაიყო ე.წ. მთავარ მონასტრებად (როგორებიც იყო სამონასტრო კომპლექსები კიოტოსა და კამაკურაში) და ე.წ. პროვინციულ მონასტრებად (ერთგვარ ფილიალებად მთავარი მოასტრებისა). ამასთან ხელისუფლება ერეოდა ნებისმიერ დავაში მათ შორის და ბუნებრივად დავები მთავარი მონასტრების სასრგებლოდ წყდებოდა. მიუხედავად საერთო რთული სურათისა, ამ პერიოდშიც არიან გამოჩენილი ძენის მოღვაწეები და ძენის ახალი მიმართულებაც კი იქმნება (ობაკუ). მაგრამ უდიდესი სახელი ამ ხანაში მოიპოვა რინძაი ძენის მასავლებელმა ხაკუინმა. ხაკუინი (1685-1768) დაიბადა პატარა სოფელ ხარაში. დედმისი ამიდაიზმს მიყვებოდა და ხაკუინის პირველი რელიგიური შთაბეჭდილებები დაკავშირებული იყო ამიდაისტი ბერის ქადაგებასთან ჯოჯოხეთების შესახებ, რამაც შეძრა მცირეწლოვანი ხაკუინი და ჩაუნერგა თითქმის პანიკური შიში მომავალი ტანჯვის წინაშე. მაგრამ ამასთანავე, ეს გახდა პირველი იმპულსი მისი რელიგიური ძიებებისთვის. 15 წლის ასაკში ღებულობს იგი გადაწყვეტილებას სამონასტრო ცხოვრებას მიუძღვნას თავი. ამავე დროიდან იწყება მისი გამუდმებული ხეტიალი ერთი მონასტრიდან და ერთი მასწავლებლისგან მეორესთან.

      პირველ ხანებში ხაკუინი ვერსად ვერ აღწევს შედეგს და გარკვეული ხნის მანძილზე საერთოდ ეჭვდება იმაში, რომ ძენს შეუძლია დააკმაყოფილოს მისი სულიერი ინტერესი. 1708 წლისთვის იგი ხვდება ეტანს, რომლის ხელმძღვანელობითაც აღწევს თავის პირველ სატორის. თუმცა, 1710 წლისათვის ხაკუინი იძულებულია შეწყვიტოს რელიგიური ძალისხმევა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამ დროისათვის მას მთელი რიგი ნერვული აშლილობები და ფიზიკური სენი აწუხებს, რომელსაც "ძენის დაავადებას" უწოდებენ. თავის პირველ გამოცდილებას ხაკუინი თავადვე აღწერს. ამ დროს (დაახლ. 1708 წელი) იგი ღებულობს გადაწყვეტილებას არ შეასუსტოს ძალისხმევა მანამ, სანამ არ მიაღწევს გასხივოსნებას. დღე და ღამეს მედიტაციაში ატარებს და ეძებს პასუხს ცნობილ კოანზე სიცარიელის შესახებ (პირველი კოანი "უ მენ კუანის" კრებულში ბუდასა და ძაღლის ბუნების შესახებ). ამ მდგომარეობაში იგი მიდის იმ ზღვრამდე, რომელსაც შემდეგ სუძუკი ახასიათებს როგორც "ავსების" ეტაპს, თავად ხაკუინი მას უწოდებს "დიდ დაეჭვებას". მას უჩნდება განცდა თითქოს იყინება უზარმაზარ ყინულის ნატეხზე, სადაც მზერა ვერაფერს წვდება გარდა ყინულისა და მის ირგვლის სრული სიცარიელე სუფევს. როდესაც ხაკუინი ისმენდა ლექციებს, მასწავლებლის ხმა მას ესმოდა ყრუდ, თითქოს შორიდან შემოსული ხმა დარბაზში მედიტაციებისთვის. ამგვარ მდგომარეობაში იგი რამდენიმე დღე იმყოფებოდა, სანამ უეცრად ღამე არ გაიგონა ზარის ჩამორეკვის ხმა. ამ ხმამ დაფანტა მისი დაძაბულობა და აავსო სიხარულის და თავისუფლების უზომო განცდით. ხაკუინი წერს, რომ მიღებული განცდა იმდენად დიდი იყო, რომ იგი თავისთვის გადაწყვიტავს: ასეთი ღრმა გასხოვოსნებითვის ალბათ არავის მიუღწევია ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. სწორედ ასეთი შემართებით მიდის იგი თავის მასწავლებელ ეტანთან და უამბობს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც გადასცემს მასწავლებელს თავის მიერ დაწერილ ლექსებს, რომლებიც მისი აზრით გამოხატავენ მის მიერ განცდილი მდგომარეობის ჭეშმარიტებას. ეტანი წაიკითხავს ლექსებს და შემდეგ მიუბრუნდება ხაკუინის: "ეს არის ის, რასაც მიაღწიე? " ამასთან ლექსები მარცენა ხელში უჭირავს. "ახლა მჩვენე შენი გასხივოსნება!" - აგრძელებს ეტანი და გამოუწვდის ხაკუინს ცარიელ მარჯვენა ხელს. ხაკუინი თავზარდაცემულია, მას არ უნდა აღიაროს თავის გამოცდილების არასრულყოფილება და განაგრძობს მასწავლებელთან ცხარე კამათს. ბოლო ბოლო ხაკუინი იკითხავს მიზეზს თუ რატომ ჩათვალა ეტანმა მისი გამოცდილება არასრული, რაზედაც პასუხს თავადვე არ ისმენს ბოლომდე და გადის ოთხიდან.

      ამის შემდეგ ხაკუინი აორმაგებს თავის ძალისხმევას. ერთხელაც იგი კვლავ მიდის ეტანთან თავისი ლექსებით. ეტანი წაიკითხავს ლექსებს და იტყვის: "გაუგებრობა და სისულელე!" ნაწყენი ხაკუინი ირონიულად იმეორებს მასწავლებლის სიტყვებს "გაუგებრობა და სისულელე!", რასაც მოყვება კლასუკური სცენა რინძაი-ძენის სტილში: მასწავლებელი მოკიდებს მას ხელს კისერში, 20-ჯერ თუ 30-ჯერ ცემს მუშტით და ძალით მოისროლებს კიბიდან. ხაკუინი ეცემა სახით ტალახში და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იმყოფება. ამ მდგომარეობაში, ნახევრად გონება-დაკარგულს ესმის ეტნის ხმამაღალი სიცილი, რომელიც თავისი ვერანდიდან უყურებს ტალახში ჩაფლობილ მოწაფეს. ბოლო ბოლო ხაკუინი მოიკრებს ძალებს, დგება, თავს დაუხრის მასწავლებელს და მიდის. კვლავ და კვლავ ცდილობს ხაკუინი მიაღწიოს შედეგს და ჩუმად გადაწყვიტავს დატოვოს მონასტერი. სწორედ ამ პერიოდში დგება გარდატეხა. ერთხელ, როდესაც იგი შემოწირულობას ითხოვდა ერთ-ერთ სახლთან, კვლავ კონცენტრირებულმა კოანის ამოხსნაზე ვერ გაიგონა სახლის პატრონის სიტყვები, რომელიც მას წასვლას თხოვდა. გაბრაზებული მასპინძელი ხელის კვრით აგდებს ბერს. ხაკუინი კვლავ ეცემა ტალახში, მაგრამ ამასთანავე მის ცნობიერებაში ხდება გარღვევა, რომელსაც ის ამდენ ხანს ელოდა. კვალავ კოანის ამოხსნაზე კონცენტრირებული ხაკუინი უეცრად ხვდება მის აზრს და უნებურად იწყებს სიცილს. შეშინებული ხალხი გაეცლება "გადარეულ ბერს" და ხაკუინი ნელი ნაბიჯით მიდის კვლავ მონასტერში. აქ ეტანი მოისმენს მის მონათხრობს და როგორც იქნა უდასტურებს გასხივოსნების ჭეშმარიტებას. თუმცა ამავე დროს ხაკუინის ჯანმრთელობა იმდენად არის დასუსტებული (დაახლ.1710 წელი) რომ იგი იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს მოხეტიალე ბერს ხაკუიის, რომელიც დაოსური მედიტაციის მეთოდებს იყენებდა. ხაკუინისვე თქმით, ამის შემდეგ იგი სრულიად განიკურნა და ცხოვრების ბოლომდე აღარ შეუწუხებია არც ფსიქუკურ და არც ფიზიკურ სენს. "ძენის დაავადებას", რომელმაც თითქმის მთლიანად დაანგრია ამ დროისათვის ხაკუინის ორგანიზმი, განსაზღვრავენ როგორც ფილტვების ქრონიკულ დაავედებას, ტუბერკულოზს და ნერვულ აშლილობას, რომელიც აუცილებლად თან ახლავს ხოლმე ფიზიკურ ძალთა შესუსტებას და გონებრივ ძალთა დაძაბულობას. სიმპტომატურად ეს დაავადება გამოიხატება საერთო სისუსტით, სიცხით თავისა და გულისა არეში, კიდურების გაყინვით და ფსიქიკური აშლილობით. ხაკუნისვე თქმით, მისი გონება ერთგვარ დაბუნდულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყურებში გუგენი ესმოდა და "ძილში თუ ცხადში ათას სიზმარს ხედავდა", რაც ჰალუცინაციურ მდგომარეობაზე მიუთითებს. გამოჯანმრთელების შემდეგ ხაკუინი კვლავ უბრუნდება ძენის პრაქტიკებს. 1716 წელს იგი ხდება სიოინძის მონასტრის წინამძღვარი, სადაც მისი მოწაფეების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. თავის მოწაფეებს იგი აფრთხილებდა ძენის დაავადების საფრთხის შესახებ და თავადვე ასწავლიდა რეაბილიტაციის მეთოდებს. (თუმცა, მიუცედავად ამისა, ლეტალური შედეგი მაინც ხშირი იყო.) ხაკუინი თავისი პირადი გამოცდილების საფუძველზე ასწავლიდა ძენს. სწორედ ამიტომ მის მოძღვრებაში დიდი ადგილი უკავია "დიდი დაეჭვების" და "დიდი გარღვევის" ცნებებს. დიდ დაეჭვებას იგი უწოდებს ასევე "უფსკრულზე დაკიდებულის" მდგომარეობას და აღწერს მას, როგორც სრიალა ხავსით დაფარულ ქვაზე მდგომი ადამიანის მდგომარეობას, რომელიც უფსკრულზე დგას და ეჭიდება ბალახის წვრილ ღეროს. ამ დროს ადამიანი მაქსიმალურად არის კონცენტრირებული და ძალისმევის მოდუნება ერთი წამითაც კი გამოიწვევს მის გადავარდნას უფსკრულში. ეს ერთგვარი "ზღვრული" მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება და ამ დროს შესაძლებელია სწორედ "დიდი გარღვევა", რომელიც წარმოადგენს დაძაბულობის განმუხტვის ბუნებრივ რეაქციას.

      ხაკუინი იმდენად იყო დარწმუნებული თავისი მეთოდების ჭეშმარიტებაში, რომ ამბობდა: "როდესაც მიიღწევა დიდი დაეჭვება, ასი მოწაფიდან ასივე მიაღწევს გასხივოსნებას და ათასიდან - ათასი." ხაკუინი, ისევე როგორც დოგენი, უკმაყოფილო იყო ამიდაიზმის პოპულარობით, თუმცა დოგენი მიიჩნევდა, რომ ძაძენის მედიტაცია უმარტივესი გზაა გასხივოსნებისაკენ მაშინ, როდესაც ხაკუინი პირიქით, ნიომბუცუს მარტივ გზას უპირისპირებს კოენების დაძაბულ და რთულ პრაქტიკას. ხაკუინის აზრით, ნიომბუცუ არ არის ქმედითი თავის სიმარტივეში, მაშინ როდესაც ძენის ადეპტების უზარმაზარი ძალისხმევა და შეუპოვრობა გამოიღებს სასურველ შედეგეს. როგორც არ უნდა შევაფასოთ ხაკუინი და მისი პირადი გამოცდილება, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა იაპონური ძენის ისტორიაში და მისი მაგალითი შთააგონებდა და აღაფრთოვანებდა როგორც მის თანამედროვეებს ასევე მათ შთამომავლებსაც. ასევე უნიკალურია ხაკუინი ვინაიდან იგი, ალბათ, ერთადერთი ადამიანია, რომელიც ასე დაწვრილებით ცდილობს გამოხატოს საკუთარი მისტიკური გამოცდილება და მის ავტობიოგრაფიებში მრავალი საინტერესო მასალა შეიძლება იქნას აღმოჩენილი ამ თვალსაზრისით. ხაკუინი ერთი დრო გატაცებული იყო პოეზიით და მთელი ცხოვრების ნამძილზე შეინარჩუნა ეს სიყვარული პოეზიისადმი. მისი ლექსები რა თქმა უნდა არ არის იაპონური გენიის მწვერვალი, თუმცა, ამ ფაქტითაც იგი უნიკალურია, ვინაიდან მის პიროვნებაში გაერთიანდა როგორც გასხივოსნების მწვერალი, ასევე ხელოვნებისადმი ერთგულება. ასეა თუ ისე, ხაკუინი დოგენთან ერთად, უდიდესი ფიგურაა იაპონური ძენის ისტორიაში.

     

ტიბეტური ბუდიზმის წარმოშობა

      არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბუდისტური სწავლების სიმბოლოები ტიბეტში პირველად IV ს.-ში გამოჩნდა. ამ ლეგენდის მიხედვით, ზეციდან ჩამოვარდა სკივრი ბუდისტური სიმბოლოებით და ზარდახშა, რომელსაც ეწერა "ომ მანი პადმე ხუმ". მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა, დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ ბუდიზმზე ტიბეტში მხოლოდ მეფე სონგცენ გამბოს დროიდან (613-649), რომელმაც გააერთიანა ტიბეტური ტომები და ცენტრალიზებული სახელმწიფო შექმნა. კვლავ იგივე ლეგენდის მიხევდით, სონგცენ გამბო პირველი იყო, რომელიც დაინტერესდა ამ სიმბოლოების მნიშვნელობით და ამ მიზნით ინდოეთიდან ბუდისტი მისიონერების მოწვევა დაიწყო. მაგრამ პირველ ხანებში ბუდიზმს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივი რელიგია, ბონი. VII-VIII სს.-ში ტიბეტელი მეფეები დიდ ძალისხმევას მიმართავდნენ ახალი რელიგიის გასამყარებლად. VII ს.-ის შუახანებში სანსკრიტული ანბანის საფუძველზე შეიქმნა ტიბეტური დამწერლობა. მაგრამ მხოლოდ მეფე ტრისონგ დეცენის მმართველობის დროიდან (755-797) შეგვიძლია განვიხილოთ ბუდიზმი როგორც ძლიერი რელიგიური მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა იწყებს ბონის კულტის განდევნას. ტრისონგ დეცენმა დაიწყო ტიბეტელი სწავლულების გაგზავნა ინდოეთში ბუდიზმის შესწავლის მიზნით და ინდოეთიდან ცნობილი ბუდისტი მოღვაწეების მოწვევა. 781 წელს ბუდიზმი ტიბეტის სახელწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო 791 წელს დასრულდა პირველი ბუდისტური მონასტრის, სამიოს, მშენებლობა. ამავე პერიოდში აიკრძალა ბონის სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა. ტრისონგ დეცენმა ინდოეთიდან მოიწვია ბუდიზმის ცნობილი თეორეტიკოსი და ლოგიკოსი, შანტარაკშიტა. თუმცა, შანტარაკშიტა უძლური აღმოჩნდა ბონის რელიგიასთან ბრძოლაში, ვინაიდან ბონის ქურუმები სხვადასხვა მაგიურ რიტუალებს ეყრდნობოდნენ, რომლებიც უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ ხალხის ცნობიერებაზე, ვიდრე შანტარაკშიტას ქადაგება. ამიტომ, მისივე რჩევით, მეფემ მოიწვია ტიბეტში ინდური ბუდიზმის კიდევ ერთი

      ცნობილი მოღვაწე, პადმასამბჰავა, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი იოგური უნარებით. პადმასამბჰავა ტიბეტში დაახლ. 747 წელს ჩამოვიდა. მან მოახდინა ბონის და ბუდიზმის ერთგვარი შერწყმა: ბონის ღვთაებები ტიბეტურ ბუდიზმში გადაიქცნენ დჰარმაპალით (ანუ დჰარმას მფარველებად). ტიბეტურ პანთეონში დჰარმაპალი იიდამების შემდეგ მოდიან და მსგავსი ფუნქცია აქვთ: იიდამები დჰარმას სხვადასხვა დარგების მფარველნი არიან (მაგ., მედიცინის სუტრების და ა.შ.) მაგრამ თუ იიდამები არიან მშვიდობიანი, ნახერად– მშვიდობიანი და მრისხანე, დჰარმაპალი ყოველთვის მრისხანედ გამოისახებიან და მათი აგრესია მიმართულია იმ თვისებებისაკენ, რომელიც აბრკოლებს ადამიანს გასხივოსნების გზაზე. პადმასამბჰავას სახელთანვეა დაკავშირებული პირველი მონასტრის, სამიოს, მშენებლობაც. ასევე პადმასამბჰავამ შემოიტანა ტიბეტურ ბუდიზმში ტანტრული ელემენტები და დაარსა ტიბეტური ბუდიზმის პირველი სკოლა, ნინგმაპა (თარგმანების ძველი ტრადიცია). პადმასამბჰავას მოძღვრების განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ტანტრული ელემენტების შემოღება და ბონის პანთეონის ღვთაებების ბუდისტურ პანთეონში ჩართვა გახდა. იგი ქადაგებდა 9 საფეხურიან გზას, ანუ 9 ეტლს, რომლებიც დალაგებულია მოძღვრების გარკვეულ ეტაპებთან და ტანტრების შესაბამის ჯგუფებთან მიმართებაში: საერთო (ზოგადი) სწავლება, გარეგანი ტანტრა და შინაგანი ტანტრა. თითეული ამ სამი გჯუფიდან თავის მხრივ 3–3 საფეხურს მოიცავს. უმაღლესი მათ შორის არის მეცხრე (მესამე ჯგუფის უკანასკნელი) საფეხური – ატი–იოგა, რომელსაც სხვაგვარად ძოგჩენს და მეცხრე გზის სწავლებასაც ეძახიან. როგორც უმაღლესი გზა იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ძალიან მაღალი სულიერების მქონე ბერებისათვის. მიუხედავად ამისა, ძოგჩენმა მოიპოვა პოპულარობა და XX ს.–ს უკანასკნელ ათწლეულებში გავრცელდა ნეპალში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში (არც თუ უკანასკნელი როლი ამაში ითამაშა ნინგმაპას წმინდა ლიტერატურის ევროპულ ენებზე თარგმნამ და დასავლელ მეცნიერთა ყურადღებამ მათ მიმართ, პირველ რიგში ეს შეეხება „ბარდო ტხიოდოლ"–ის თარგმანს, რომელსაც წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო კარლ გუსტავ იუნგმა). ნინგმაპას წმინდა ლიტერატურას წარმოადგენს ტერმა. ტრადიციით, ტერმას კლასის ყველა თხზულება დაწერილია პადმასამბჰავას მიერ. მოძღვრების შენახვის მიზნით პადმასამბჰავას დაუმალია ეს ნაწერები სხვადასხვა ადგილებში მთელი ტიბეტის ტერიტორიაზე. XI ს.–დან, როდესაც იწყება ბუდიზმის აღორძინება ტიბეტში, გამოჩნდნენ ე.წ. ტერნტონები, განძის მაძიებელნი, ადამიანები, რომლებიც ღებულობენ სპეციალურ მინიშნებებს იმის შესახებ თუ სად არის დაფარული ტერმა. მას შემდეგ რაც ტერნტონი მიიღებს მითითებას, იგი (არც თუ იშვიათად მას სხვა ხალხიც მიყვება სასწაულის სანახავად) მიდის ადგილზე, რომელიც სიზმარში ნახა ან სხვა რაიმე ხერხით ენიშნა და აღმოაჩენს ტერმას. XIX ს.–ში მოხდა ამ ტექსტების კლასიფიკაცია და გამოიცა 111 ენციკლოპედიურ ტომად. გარდა ამისა, ნინგმაპაში პადმასამბჰავას დროიდან არსებობდა ტრადიციის ზეპირი გადმოცემაც, რომელიც უშუალოდ მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადიოდა. ზერიპი სწავლების ჩაწერა დაიწყო მხოლოდ XV ს.–ში. XVII ს.–ში მოხდა ამ ტექსტების სიტემატიზაციაც და ისინი გამოიცა კომენტარებთან და პრაქტიკულ სახელმძღვანელოებთან ერთად. ტერმასთან ერთად ორივე კრებული 550–ზე მეტ ენციკლოპედიურ ტომს შეადგენს. ტერმას კლასის ნაწერებს მიეკუთვნება ცნობილი „ტიბეტის მკვდართა წიგნიც" (ტიბ., „ბარდო ტხიოდოლ"), რომელიც სხვადასხვა რედაქციებით მრავალჯერ გამოიცა ევროპულ ენებზე. ამ წიგნში გადმოცემულია მოძღვრება შუალედური არსებობის (ტიბ., ბარდო) შესახებ. ჯერ კიდევ ვასუბანდჰუმ თავისი აბჰიდჰარმაკოშას შედგენისას აღნიშნა, რომ ამ დროის ბუდისტურ სკოლებში ინდოეთში (V საუკუნე) არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანი იმყოფება არსება შუალედურ არსებობაში. მისივე თქმით, ზოგი თვლის, რომ არსება ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება 7 დღე, სხვანი – რომ 7–ჯერ 7 დღე. ტიბეტში მიჩნეულია, რომ არსება გარდაცვალებიდან ახალ დაბადებამდე გადის 49 (ანუ 7–ჯერ 7) დღის ხანგრძლივობის პერიოდს. ასევე ტიბეტში წამთ, რომ თუკი ადამიანი ცხოვრების მანძილზე ასრულებდა კონკრეტულ იოგურ ვარჯიშებს და მედიტაციას, მაგრამ ვერ მიაღწია ხსნას გარდაცვალებამდე, მას შეუძლია მიაღწიოს გასხივოსნებას შუალედურ არსებობაშიც. მაშინ სკნდჰების ფორმირება და ახალ მატერიალურ სხეულში შესვლა აღარ მოხდება და არსება შუალედური არსებობიდან გადავა ნირვანაში. „ტიბეტის მკვრადთა წიგნის" დანიშნულებაც ისაა, რომ დაეხმაროს ადამიანს ამის მიღწევაში. ეს წიგნი, რომელიც თუ შეიძლება ასე ითქვას, შუალედური არსებობის გზამკვლევს წარმოადგენს, უნდა ეკითხებოდეს გარდაცვლილ ბერს. იგულისხმება, რომ მისი გონება ამ დროს ინარჩუნებს აღქმის სიწმინდეს და შეუძლია რა აღიქვას წაკითხული მითითებები, მათი დახმარებით მიაღწიოს გათავისუფლებას ილუზიებისაგან და გადავიდეს ნირვანაში ამავე (შუალედური არსებობის) მდგომარეობიდან. ნინგმაპას ტრადიციაში პადმასამბჰავა ბუდად არის მიჩნეული და სხვა ტიბეტური ბუდიზმის სკოლებშიც დიდი პატივი მიეგება, როგორც უდიდეს იოგინს და ტიბეტური ბუდიზმის დამფუძნებელს. ბუდიზმის გავრცელება უეცრად შეწყდა IX ს.-ში, როდესაც 836 წელს ტრისონგ დეცენის შვილიშვილმა, ახლადგამეფებულმა დარმამ, დაიწყო ბუდიზმის დევნა. სასტიკი ხასიათისა და ანტიბუდისტური ბრძოლოს გამო მას შეარქვეს "ლანგ", რაც ნიშნავს "ხარს". ლანგდარმას 6-წლიანი მმართველობის მანძილზე ბუდიზმს იმხელა ზიანი მიეყენა, რომ კვლავ მისი აღმორძინება შესაძლებელი გახდა მხოლოდ XI ს.-დან.

     

თარგამენის ახალი ტრადიციის სკოლები

      XI ს.-ს დასაწყისში მეფე ეშე ომ კვლავ განაახლა კულტურული კავშირი ინდოეთთან და მოიწვია ბუდისტ მისიონერთა ახალი ტალღა. ამავე საუკუნეში ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოყალიბდა ტიბეტური ბუდიზმის რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი სკოლა: კადამპა, კაგიუპა, საკიაპა და გელუგპა (თარგმანების ახალი ტრადიცია). 1073 წელს ლჰასას მახლობლად აიგო მონასტერი, რომელსაც ამ ადგილში ნიადაგის უცანაური ფერის გამო დაერქვა „საკია", რაც ნიშნავს ღია ნაცრისფერ მიწას. სკოლის ფუძემდებლად ითვლება საჩენ გუნგა ნინბო (1092–1158), თუმცა სკოლის ძირითადი სწავლება უკვე ბროგმის (993–1074) ჩამოუყალიბებია. ამიტომ საკიას სკოლის ისტორიას XI საუკუნიდან იწყებენ. ბროგმის სწავლების სპეციფიკა მდგომარეობდა მარგა–ბჰალას (გზა– ნაყოფი) მოძღვრებაში. ამ მოძღვრების მიხედვით გზის (დაბადებიდან ხსნამდე) მიზანი ახასიათებს თავად გზასვე და რეალიზდება ყოველ სულიერ ნაბიჯში. XIII – XIV სს.–ში საკიაპა თავისი განვითარების მწვერვალზე იყო და მისი ლიდერები დიდი პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდნენ. მათ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ მონღოლი მმართველების მხრიდანაც და დალაი ლამას ინსტიტუტის შექმნამდე წამყვანი პოლიტიკური როლი ეკუთვნოდათ. XI ს.–ს დასაწყისში იქმნება კადამპას სკოლაც, რომლის დამფუძნებელად ითვლება ეშე ოს მიერ ინოეთიდან მოწვეული კიდევ ერთი ბერი – ატიშა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბუდიზმი უკვე თითქმის გამქრალია ინდოეთში და, როგორც ჩანს, ეშე ოს მიერ მოწვეული მისიონერები, ინდური ბუდიზმის ერთ–ერთი უკანასკნელი დიდი მოღვაწეები იყვნენ. ატიშამ ტიბეტში თავისი ცხოვრების უკანასკნელი 13 წელი გაატარა. მან დიდი ძალისხმევა გაწია საიმისოდ, რომ ტიბეტური ბუდიზმი, გადახრილი საკრალური ტანტრული ტრადიციებისაკენ და ბონის მაგიზმისაკენ, კვლავ ინდურ კალაპოტში დაებრუნებინა. სწორედ ამგვარი რეფორმირების შედეგი გახდა კადამპას სკოლა, რომლის თითქმის პარალელურადაც ჩამოყალიბდა კაგიუპას სკოლაც. კაგიუპას ფუძემდებლებად ითვლებიან ინდოელი მისიონერი ტილოპა, მისი ინდოელი მოწაფე ნაროპა (1016–1100) და ნაროპას ტიბეტელი მოწაფე მარპა მთარგმნელი (1012–1096), რომე ლიც ბუდისტური განათლების მისაღებად ინდოეთში გამგზავრებულა. დოქტრინალური თვალსაზრისით კადამპასა და კაგიუპას სკოლებს შორის თითქმის არავითარი სხვაობა არ არის, თუმცა კაგიუპას სკოლა კვლავ დაუბრუნდა ტანტრულ ტრადიციებს და რიტუალურ–მისტიკურ ცერემონიებს. ითვლება, რომ ტილოპამ თავისი მოძღვრება მედიტაციური ტრანსის დროს მიიღო თავად ბუდა ვაჯრადჰარასგან (ადი–ბუდა). კაგიუპას ტრადიციაშია ასევე ტიბეტური ბუდიზმის ცნობილი მოღვაწე, მილარეპაც. ტიპოლას მოწაფეებში აღსანიშნავია ნიგუმა, ნაროპას და, რომელიც დაკინით, ანუ სიბრძნის ბოდჰისატას მდედრობით გამოვლინებად, ითვლება. ნიგუმა გამონაკლისი არ არის, ტიბეტურმა ბუდიზმმა მრავალი სხვა მდედრობითი სქესის ბოდჰისატვაც იცის და მათ არანლკებ პატივს მიაგებენ, ვიდრე მამაკაც წმინდანებს. კაგიუპას ტრადიციაში მოძღვრება ზეპირად გადაეცემა მასწავლებლიდან მოწაფეს (სიტყვა „კაგიუ" ზეპირ გადმოცემას ნიშნავს), ამიტომ ამ მიმართულებაში თუკი მასწავლებელი ვერ ასწრებს მოძღვრების სრულ გადაცემას თავისი რომელიმე მოწაფისათვის, მისი ხაზი იღუპება. XII ს.–ში კაგიუპას სკოლიდან გამოიყო ახალი მიმართულება: კარმაპა შავი ქუდების, ხოლო XIII ს.–ში : კარმაპა წითელი ქუდების. პირველ ტრადიციაში ჩამოყალიბდა ტულკუების ინსტიტუტი, ხოლო მეორე მიმართულებამ შემოიტანა ტიბეტში სპეციფიკური პრაქტიკა – რიტუალური ცეკვა, დოგარ. ტუკლუ, ანუ „გამოცხადებული", „გამოვლენილი" სხეული, შეესაბამება სანსკრიტულ ნირმანაკაიას (ბუდას სამი სხეულიდან უკანასკნელი: მატერიალური სხეული) და აღნიშნავს მაღალგანვითარებული პიროვნების მიერ (ბოდჰისატვა) თავისი ახალი ფიზიკური ფორმის შეძენას. როდესაც ტულკუ აღმოჩენილია, იგი მიყავთ თავის მონატერში (ანუ იმ მონასტერში, სადაც იგი წინა ცხივრებაში მოღვაწეობდა). მთელი ტიბეტის მაშტაბით ასობით ტულკუ არსებობს, თუმცა ყველაზე ცნობილი მათ შორის არის დალაი ლამა. XV ს.–ში კადამპას სკოლიდან გამოიყო კვლავ ახალი მიმართულება, რომელიც ლამას, ანუ მასწავლებელს, აცხადებს მეოთხე საგანძურად (დჰარმას, ბუდასა და სანგჰასთან ერთად) – გელუგპა. გელუგპას დამფუძნებელია ცონკაპა (ან ცზონჰავა) (1357–1419). ცონკაპა კადამპას სკოლის რეფორმირებას შეეცადა, თუმცა შედეგად სრულიად ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა. გალუგპას დაარსების თარიღად ითველბა 1417 წელი. ცონკაპამ გაამკაცრა სამონასტრო დისციპლინა, დაამყარა ცელიბატი ბერებს შორის, აკრძალა ალკოჰოლური სასმელების მიღება და ხორცის ჭამის აკრძალვასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ: ტიბეტის განსაკუთრებული ჰავის გამო ამ წესმა ტიბეტში ფეხი ვერ მოიკიდა და ვეგეტარიანობა ტიბეტში არასოდეს ყოფილა მიღებული. გელუგპას მთავარი მონასტერია გალდან, რომლის წინამძღვარიც XVI ს.-დან ღებულობს დალაი-ლამას ტიტულს. 1578 წელს მონღოლმა ალტან -ხანმა პირველად მიანიჭა ეს ტიტული გელუგპას სკოლის მეთაურს სონამუ გიაცოს (1543-1588). თუმცა, ტრადიციით სონამუ გიაცო მხოლოდ III დალაი ლამაა, ვინაიდან ეს ტიტული მიენიჭა გელუგპას სკოლის ორ წინამორბედ ლიდერსაც: გუდუნდუბს (1391-1474) და გუდუნ გიაცოს (1475 -1542). IV დალაი ლამად დასახელდა ალტან-ხანის შვილთაშვილი ენდონ გიაცო, რომელიც ერთადერთი მონღოლია ამ ხაზში. ყველა დანარჩენი დალაი-ლამა ტიბეტელია. V დალაი ლამამ, ლობსანგ გიაცომ (1617-1682) ლჰასაში ააშენა სასახლე - პოტალა, რომელიც დალაი ლამების ოფიციალურ რეზიდენციად იქცა. ასევე ლობსანგ გიაცომ საბოლოოდ მოახერხა სასულიერო და სამოქალაქო ხელისუფლების გაერთიანება. XVI ს -დან 1951 წლამდე დალაი ლამები (ხოლო მათი მცირეწლოვანების დროს რეგენტები) მართავდნენ ტიბეტურ სახელმწიფოს და აერთიანებდნენ სასულიერო და პოლიტიკურ ძალაუფლებას ერთ პიროვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამა გელუგპას ტრადიციაში იბადება, მას აღიარებს ტიბეტური ბუდიზმის ყველა სხვა სკოლაც. ყოველი ახალი დალაი ლამა წინამორბედის გარდაცვალებიდან 49 დღის შემდეგ იბადება. XVII-XVIII სს -ში დამუშავდა მათი ამოცნობის სისტემა. როგორც წესი, დალაი ლამას 2-4 წლის ასაკში ამოიცნობენ ხოლმე და ამავე დროს მიყავთ გელუგპას მთავარ მონასტერში, სადაც იგი მოწაფეობის პერიოდს გადის, ხოლო 16-18 წლის ასაკში ადის ტახტზე. დალაი ლამა თარგმანში ნიშნავს "მასწავლებელი ოკეანე" (ან სიბრძნის ოკეანე). ტიბეტური "დალაი" მონღოლურ "გიაცოს" შეესაბამება და ნიშნავს ოკეანეს, ხოლო ლამა ნიშნავს მასწავლებელს (რომელიც სიბრძნის მატარებელია) და როგორც ჩანს, შეესაბამება ინდურ გურუს. ყველა დალაი ლამა, ისევე როგორც ყველა ტულკუ, ერთი და იგივე პიროვნებად ითვლება, რომელიც გარდაცვალების შემდეგ კვლავ იბადება, რათა კვლავ იყოს თავისი სკოლის წინამძღვარი და დაეხმაროს სხვა ადამიანებს ხსნის მიღწევაში. დალაი ლამა ბოდჰისატვაა, იგი ავალოკიტეშვარას ინკარნაციად ითვლება. თანამედროვე დალაი ლამა XIV, ტენზინ გიაცო, დაიბადა 1935 წელს. რთული პოლიტიკური ვითარების გამო იგი იძულებული იყო 15 წლის ასაკში ასულიყო ტახტზე. 9 წლის მანძილზე იგი ცდილობდა მშვიდობიანი მოლაპარაკება ეწარმოებინა ჩინეთთან, მაგრამ ამაოდ: 1959 წლის 31 მარტის ღამეს იგი თავის ამალასთან ერთად იძულებული შეიქმნა გაცქეულიყო ინდოეთში, სადაც დღემდე ცხოვრობს ქ. დჰარამსალაში. დალაი ლამასთან ერთად ტიბეტი დატოვა სასულიერო პირთა უმრავლესობამ და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ინდოეთში დღეს 53 ტიბეტური დასახლება არსებობს. 1989 წელს ტენზინ გიაცო გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. ჩინური ოკუპაცია ტიბეტური ბუდიზმისათვის ძალიან დიდი ტრაგედია გახდა, ვინაიდან მას საუკუნეების მანძილზე ჰქონდა თავისი ტრადიციები, რომლებიც ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ტერიტორიასა და სახელმწიფოსთან. კაგიუპას (ზეპირი გადმოცემის სკოლების) მრავალი მიმართულება დაიღუპა 50–იან 60–იან წლებში. ასევე ცნობილია დალაი ლამას განცხადება, რომ XV დალაი ლამა არ დაიბადება მანამ, სანამ ტიბეტური ბუდიზმი არ დაბრუნდება თავის მიწაზე.

ბიბლიოგრაფია:
სალექციო კურსი ბუდიზმი.
თსუ.თბილისი. 2010 წელი.

ნახვა: 1675

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters