ოქტავიუსი, მინუციუს ფელიქსი, პატროლოგია, ქველი, აპოლოგია, წმინდა მამა, qwelly, Minucius Felix, oqtaviusi, octavius

     1. როცა ვიგონებ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ოქტავიუსს, და მეხსიერებაში აღვადგენ ყველაფერს, რაც ამ ადამიანის მომხიბვლელობასა და ღირსებას შეეხება, რაღაცნაირად მგონია, რომ იმას კი არ ვიგონებ, რაც მოხდა და დასრულდა, არამედ თავად ვბრუნდები წარსულში. მისი სახე ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ყველაზე უსათუთეს გრძნობებს შეერია.

     ტყუილად არ დაგვიტოვა ამ საოცარმა და წმინდა ადამიანმა განუზომელი სევდა. მასაც მეტისმეტად ვუყვარდით. ჩემი აზრები - დადებითიც და უარყოფითიც - ყოველთვის მისას ემთხვეოდა, წვრილმანი იქნებოდა თუ რაიმე სერიოზული საკითხი. ისე, რომ იფიქრებდი, ამ ორ ადამიანში ერთი და იგივე სულია განაწილებულიო. იგი ყოველთვის თანამიგრძნობდა, სიყვარულშიც და მიუტევებელ შეცდომებშიც. როცა ბნელით მოცული წყვდიადის გარღვევით მე გადავლახე უფსკრული და სიბრძნისა და ჭეშმარიტების გზას დავადექი, არა მარტო ჩემი თანამოაზრე გახდა, მისდა სასახელოდ, მაჯობა კიდეც.

     ახლა, როცა ჩვენს გულთბილ ურთიერთობებს ვიხსენებ, უპირველეს ყოვლისა, მახსენდება მისი საუბარი ცეცილიუსთან, რომელიც მაშინ ცრუმორწმუნეობამ გაიტაცა. თავისი საფუძვლიანი მსჯელობებით ოქტავიუსმა იგი ჭეშმარიტებისაკენ მოაბრუნა.

     2. ჩემს სანახავად და თავისი საქმეების გამოც ოქტავიუსი რომში გამოემართა. დატოვა სახლი და პატარა ბავშვები, მეტად საყვარლები, უცოდველ ასაკში რომ არიან და თითქმის გაურკვევლად, სასიამოვნოდ რომ ტიტინებენ.

     არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე ის აღფრთოვანება, რაც ჩემი მეგობრის ჩამოსვლამ მომანიჭა. მით უფრო იმიტომ, რომ ამ სიხარულს ემატებოდა მისი მოულოდნელი ჩამოსვლის ელდაც.

     ერთი-ორი დღის შემდეგ, როცა ერთმანეთს ვუამბეთ ყველაფერი, რაც უნახაობის გამო აღარ ვიცოდით, მან მოიწადინა წავსულიყავით ოსტეაში, რომელიც უმშვენიერესი ქალაქია, და სადაც ჩემი ორგანიზმის განკურნებისთვის მეტად სასიამოვნო და საჭირო ზღვის აბაზანებია. ასე რომ, იურიდიული საქმეების შემდეგ, რთველის ჟამს, მშვენიერი დასვენება გამომივიდა. ზაფხულის ცხელ დღეებს უკვე თანდათან ცვლიდა შემოდგომა.

     გამთენიისას სასეირნოდ წავედით ზღვის ნაპირზე, რათა გვესუნთქა სუფთა ჰაერი, რომელიც ასე ახალისებს სხეულს და მიგვეღო უდიდესი სიამოვნება - გვესეირნა რბილ ქვიშაზე და ზედ ნაკვალევი დაგვეტოვებინა.

     ცეცილიუსმა იქვე სერაპისის[1] ქანდაკება შენიშნა, და როგორც ხალხურ ცრუმორწმუნეობას ჩვევია, ხელი მიიტანა ტუჩთან და ბაგეებზე კოცნა აღბეჭდა.

     3. მაშინ ოქტავიუსმა მითხრა: ძმაო მარკუს, ცუდია, მიატოვო ბრბოსმიერი უვიცობის წყვდიადში ადამიანი, რომელიც განუყრელად შენთანაა, შინ და გარეთ. და დაუშვა, რომ ამ მშვენიერ დღეს მუხლი მოიყაროს გამშვენიერებული და გვირგვინებით შემკობილი ქვების წინაშე. მითუმეტეს, როცა მისი შეცდომა შენი სირცხვილიცაა.

     ამ ლაპარაკში გავიარეთ ქალაქის ნახევარი და მივადექით ფართოდ გაშლილ ზღვის ნაპირს, რომელსაც თითქოსდა სასეირნოდ რწყავდა მსუბუქი ტალღა. მუდამ მოუსვენარი ზღვა აქაფებულ ზვირთებს კი არა, მოლივლიოვე ტალღებს ესროდა ნაპირს. ჩვენ ვიდექით ნაპირის ბოლოს და აღტაცებული ვიყავით ზღვის ანცობით. იგი ხან ჩვენს ფეხებს ეთამაშებოდა ტალღებით, ხან კიდევ უკან აბრუნებდა და აუჩინარებდა მათ.

     ასე ნელ-ნელა მივყვებოდით ზღვის ნაპირს და ვყვებოდით თავშესაქცევ ამბებს. ოქტავიუსი გვიამბობდა ნაოსნობის შესახებ. საკმაო მანძილი გავიარეთ ამ ლაპარაკში, შემდეგ კი იგივე გზით უკან გამოვბრუნდით. იმ ადგილს რომ მოვადექით, სადაც ნაპირზე გამორიყული პატარა ნავები ეყარა, ცელქი ბიჭები შევამჩნიეთ. ისინი ზღვაში ქვების სროლით ერთობოდნენ.

     ეს თამაში ასეთია: იღებენ ზღვისაგან გამორიყულ მომრგვალებულ ქვას, იჭერენ თითებით, იხრებიან რამდენიც შეუძლიათ და ისვრიან ზღვის ზედაპირზე. მსუბუქი სროლის შემთხვევაში ქვა ტივტივებს და უკან მოცურავს. როცა საგულდაგულოდ ისვრიან, მაშინ იგი იძირება და ისევ ამოტივტივდება. გამარჯვება რჩება იმ ბავშვს, რომლის ნასროლიც დიდხანს მოძრაობს და ხშირად გამოირიყება ხოლმე ნაპირზე.

     4. ამ სანახაობით ძალიან ვისიამოვნეთ. მაგრამ ცეცილიუსი არაფერს არ აქცევდა ყურადღებას, არც იცინოდა. გაჩუმებულს და შეწუხებულს შორს ეჭირა ჩვენგან თავი, ვერ გამეგო რას გამოხატავდა მისი სახე.

     რაშია საქმე? - ვკითხე მე - ცეცილიუს, რატომ ვერ გამჩნევ სიხალისეს და ვერ ვხედავ შენს თვალებში იმ სიხარულს, რომელიც მეტად სერიოზულ მომენტებშიც გქონდა ხოლმე?

     მან მიპასუხა: მე მაწუხებს და მაშფოთებს ოქტავიუსის სიტყვები, ცოტა ხნის წინ ნათქვამი, რომლითაც თავს დაგესხა და გამხილა. არანაკლებ უვიცობას მწამებს იგი მეც. ამაზე ვერ გავჩუმდები და მოვითხოვ, ოქტავიუსმა ამიხსნას, რაშია საქმე. და თუ იგი დამთანხმდება, მიხვდება, რომ უფრო იოლია ახლობლების წრეში კამათი, ვიდრე ისეთნაირი მსჯელობა რაიმე საკითხზე, როგორც ამას ფილოსოფოსები აკეთებენ.

     დავსხდეთ ქვის ჯებირზე, რომელიც საბანაოს იცავს და შეჭრილია ზღვაში. დაღლილობისგანაც დავისვენებთ და ინტენსიურ კამათსაც შევძლებთ.

     დავსხედით ისე, როგორც ცეცილიუსმა გვირჩია. მე შუა ადგილი მარგუნეს. არა იმიტომ, რომ პატივი მცეს, ან მომრიგებლად დამაყენეს - მეგობრობაში ხომ ყველას თანაბრად მიეგება. არამედ იმიტომ, რომ, როგორც მსაჯული, ორივესთან ახლოს ვყოფილიყავი, ყური მეგდო მათთვის და ორივე მოკამათე თანაბრად შემეფასებინა.

     5. ცეცილიუსმა ასე დაიწყო: ძმაო მარკუს, შენ არაფერი გაქვს საყოყმანო იმაზე, რაზეც ახლა ჩვენ ვკამათობთ. შენ ხომ დიდი დაკვირვებით შეისწავლე ცხოვრების ორივენაირი ფორმა, ერთი უარყავი და მეორე აღიარე. ახლა კი ისე უნდა მოიქცე, თითქოს ნამდვილად გეჭიროს ხელში მართლმსაჯულების სასწორი, საკუთარი კეთილგანწყობის საფუძველზე არც ერთ მხარეს არ უნდა მიუდგე, რათა ჩვენი კამათისმიერი მოსაზრებები წარმოაჩინო, და არა შენი პირადი დამოკიდებულება.

     ასე რომ, თუ შენ დაესწრები ჩვენს კამათს, როგორც ორივე მხარისთვის უცნობი, მაშინ იოლი იქნება იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს შეეხება, საკამათოა, ბნელით მოცული, დაუჯერებელი და სინამდვილესთან უფრო ახლოს მყოფი, ვიდრე ნამდვილი. საწყენია და მოუთმენელი იმ გაუნათლებელ ადამიანთა საქციელი, რომელთაც არაფერი გაეგებათ ყველაზე მარტივი ხელოვნებისაც კი და თავს ნებას აძლევენ, განსაჯონ ყველაზე უმთავრესი და წმინდა საკითხები, რომელთა შესახებაც საუკუნეთა განმავლობაში დავობს სხვადასხვა მიმდინარეობა, და, საერთოდ, ფილოსოფია.

     სინამდვილეში მართლაც შორსაა ღვთაებრივის გაგებისგან ადამიანური შესაძლებლობები. მას არ ძალუძს ჩასწვდეს იმას, რაც ჩვენს ზემოთ, ცაშია, და არც იმას, რაც მიწის ქვემოთაა. ამისი არც ცოდნა აქვს მონიჭებული, არც მასში შეღწევისა და წვდომის ღვთაებრივი უნარი. საკმაოდ გონივრული იქნება, თუკი ძველ სიბრძნეს გავყვებით და საკუთარ თავს უკეთ შევიცნობთ. თუ მაინცდამაინც გავაგრძელებთ უაზრო და ტყუილუბრალო ჯაფას, მაშინ ადამიანური შესაძლებლობების საზღვარს გადავალთ და ჩვენი უტიფარი სურვილებით მიწისთვის გაჩენილები ცისა და მნათობებისკენ გადავინაცვლებთ. ასეთ შემთხვევაში უნაყოფო და საშინელ წარმოდგენებს მაინც ნუ მივუმატებთ ამ შეცდომას.

     ყველაფრის სათავე არის ბუნების თესლი, რომელიც მყარად დევს მის ფუძეში. შემოქმედი ღმერთი ვინღაა? სამყაროს ყველა ნაწილი შეიქმნა, გაიყო და განაწილდა შემთხვევითი შეხვედრის წყალობით. მომწესრიგებელი ღმერთი ვინღაა? ვარსკვლავებმა ცეცხლი აღაგზნეს, ზემოთ ცა ამაღლდა, ქვემოთ მიწა დამკვიდრდა სიმძიმის წყალობით, ზღვა წყლით აღივსო. რელიგია რაღაა, ან უფლის შიში, ან ცრუმორწმუნეობა?

     ადამიანი, და საერთოდ, ცოცხალი არსება იბადება, სუნთქავს და იზრდება ელემენტების თავისუფალი შეკავშირების წყალობით. შემდეგ ისინი ისევ ნაწილებად იშლებიან, ეს ელემენტები წყვეტენ ერთმანეთთან კავშირს და განიბნევიან. ასე რომ, თავდაპირველ წყაროს უბრუნდება ყველაფერი. ყოველგვარი ოსტატის, მსაჯულისა და შემოქმედის გარეშე.

     ცეცხლოვან თესლთა შეერთების წყალობით მუდამ ანათებენ სხვადასხვა მნათობები, მიწიდან ამოსული ორთქლით ღრუბლები წარმოიქმნება, მათი შეხების შედეგად ავდრის ღრუბელი ჩნდება. შემდეგ ის დაბლა ეშვება და წვიმად იქცევა, ქრიან ქარები. მოდის სეტყვა. ღრუბლების შეჯახებით ქუხს, ელავს და ანათებს. მეხი განურჩევლად ეცემა ყველაფერს, მთებსა და ხეებს, ანადგურებს წმინდა თუ უწმინდურ ადგილს. კლავს როგორც დასჯის ღირსს, ასევე ღვთისმოსავ ადამიანს. რა უნდა ითქვას გამოუცნობ შემთხვევათა ასეთ სიმრავლეზე, რომელიც ყოველგვარი წესისა და რიგის გარეშე ანადგურებს სიცოცხლეს?

     ერთნაირია კარგისა და ცუდის ბედი საზღვაო კატასტროფისას. განურჩეველია ღირსეული და უღირსი. ხანძრის დროს ერთად იღუპებიან უდანაშაულონი და ბოროტმოქმედნი. როცა სასიკვდილო ეპიდემია მძვინვარებს, განურჩევლად იხოცება ყველა. ომის დროს საუკეთესო ადამიანები უფრო ადრე კვდებიან. მშვიდობიანობისას კი არა თუ გათანაბრებულია ურცხვი ღირსეულთან, არამედ აღმატებულიც. ასე რომ, უმრავლეს შემთხვევაში არც კი იცი, რომელი უკეთესია, იმათი ნაკლი დაგმო თუ ბედნიერებას შენატროდე.

     სამყარო რომ ღვთაებრივი წინასწარგანგებითა და შემოქმედის ნებით იმართებოდეს, ფალარისი[2] და დიონისიოსი[3]ვერასოდეს მიიღებდნენ მეფობას, რუტილიუსსა[4] და კამილუსს[5] არ გადაასახლებდნენ, სოკრატეს საწამლავი არ ერგებოდა.

     აი, უხვმოსავლიანი ხეები, შემოსული პურის ყანა, სავსე მტევნები წვიმისგან ზიანდება, სეტყვით ილეწება; ასე რომ, ან ჭეშმარიტებაა ჩვენთვის მიუწვდომლად დაფარული და ბინდით მოცული, ან, - რაც უფრო სარწმუნოა, სხვადასხვა საეჭვო კანონებით სამყაროს მართავს თავაშვებული ბედისწერა.

     6. რადგანაც ყველაფერს მართავს დადგენილი ბედისწერა, ან განუსაზღვრელი, საიდუმლოებით მოცული ბუნება, ბევრად უკეთესი და მისაღები, ჭეშმარიტების სათავედ მივიჩნიოთ წინაპართა მოძღვრება, შევუდგეთ ტრადიციულ სარწმუნოებას, გვეშინოდეს და თაყვანი ვცეთ იმ ღმერთებს, რომლებიც წინაპრებმა აღიარეს. იოლად ნუ გავუშინაურდებით მათ და ღმერთის ნებას ნუ კი განვსჯით, წინაპრებს დავუჯეროთ, რომლებიც კაცობრიობის გაჩენისთანავე, ადრეულ ხანაში ღირსნი გახდნენ, ჰყოლოდათ მათი მფარველი და წარმმართველი ღმერთები.

     ყოველ სახელმწიფოში, პროვინციასა და ქალაქში თვითმყოფადი, წმინდა ეროვნული ხასიათის ღვთისმსახურების რიტუალი სრულდება. ყველა თავთავიანთ ადგილობრივ ღვთაებას სცემს თაყვანს. როგორც მაგალითად, ელევსინელები - ცერერას[6]. ფრიგიელები - მატერს[7]. ეპიდავრელები - ესკულაპეს[8]. ქალდეველები - ბელუსს[9]; სირიელები - ასტარტეს[10], ტავრიელები - დიანას, გალები - მერკურს, რომაელები კი - ყველას.

     რომაელთა ძლიერება და ავტორიტეტი მთელ დედამიწას სწვდება. მზის გზაზე უფრო თვალუწვდენელია იგი და თვით ოკეანის ნაპირებამდეც აღწევს. ისინი საომარ საქმეებშიც კი რელიგიურ ზნეობას ამჟღავნებენ. ტაძრებითა და უცოდველი ქალწულებით ამაგრებენ ქალაქებს, პატივსა და დიდებას მიაგებენ ქურუმებს. მაშინაც კი, როცა კაპიტოლიუმში არიან მომწყვდეულნი, თაყვანს სცემენ ღმერთებს, რომელთაც სხვები გაუნაწყენდებოდნენ და განუდგებოდნენ. რწმენით გამამაცებულები უიარაღოდ არღვევენ გალელთა ლაშქარს და როცა მტრის ციხე-სიმაგრეში შედიან, გამარჯვებით გამხნევებულები დამარცხებულთა ღმერთებს სცემენ თაყვანს. ყოველგან მათთვის უცხო, ახალ ღმერთებს ეძებენ, თავისად აქცევენ და საკურთხევლებს უშენებენ მათ. ასე გაითავისეს სხვა ხალხთა ღვთაებები და მთელი ქვეყნიერების მეფობის ღირსნი გახდნენ. საუკუნეთა მანძილზე ასეთი განუწყვეტელი განახლებით მათი რელიგიური წესები კი არ დაკნინდა, პირიქით, გაძლიერდა. კულტმსახურება და ტაძრები ხომ იმდენად უფრო წმინდაა, რამდენადაც სიძველითაა გამაგრებული.

     7. სხვათა შორის, არც იმის აღიარებისა მეშინია, რომ, შესაძლოა, რაიმე მეშლებოდეს. მაგრამ თქვენ უფრო მეტად ცდებით. ჩვენი წინაპრები ყურადღებით ეკიდებოდნენ ფრინველთმისნობასა და სხვადასხვა სახის მკითხაობას, აშენებდნენ საკურთხევლებსა და ტაძრებს, სწირავდნენ მსხვერპლს.

     ჩაიხედე ისტორიულ წიგნებში, როგორ ასრულებდნენ ისინი ყველა რელიგიურ წესს, როგორ წყალობდა მათ ღმერთი, როგორ არიდებდნენ თავს რისხვას და მოსალოდნელ სასჯელს.

     ამის მოწმეა დედა იდეა, რომელმაც თავისი მოსვლით ქალური სიწმინდეც დაგვანახა და ქალაქიც იხსნა მტრის საშიშროებისაგან. ამის მოწმეა ორი მხედარი ძმის ძეგლი, ტბასთან რომ დგას. სულთმობრძავ და გახვითქულ ცხენებზე ამხედრებულებმა იმავე დღეს აუწყეს ქალაქს სპარსეთზე გამარჯვების ამბავი. ამის მოწმეა სანახაობანი, რომლებიც განრისხებული იუპიტერის სახელზე სრულდება ხოლმე, და რომელიც ერთმა მდაბიომ ნახა სიზმარში. ამის მოწმეა დეკიუსების შეგნებული თავგანწირვა და კურციუსი, რომელიც თავის ცხენთან ერთად თვალუწვდენელ უფსკრულში გადაეშვა.

     ჩვენი მკითხაობებიც ადასტურებენ ღმერთების არსებობას ზოგჯერ უფრო მეტადაც, ვიდრე ეს ჩვენ გვსურს. მდინარე ალია[11] უბედურების მომტანად ითვლება. ის, რაც კლავდიუსმა და იუნიესმა ჩაიდინეს, კართაგანელების წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, მომაკვდინებელი მარცხი იყო. ტრაზიმენუსის ტბა რომაელთა სისხლით გაივსო იმიტომ, რომ ფლამინიუსმა[12] მასხრად აიგდო ფრინველთმისნობა. კრასუსმა თავისი ამპარტავნებით რისხვა დაიმსახურა და იძულებული გაგვხადა, პართელებისგან გამოგვეხსნა ჩვენი საბრძოლო ალამი.

     აღარ გავიხსენებ უამრავ ძველ ამბავს, ღმერთების დაბადების შესახებ რომ მოგვითხრობს, არც მათ წყალობასა და მსხვერპლზე ვიტყვი რაიმეს, პოეტების სიმღერებსა და მისთანა წინასწარმეტყველებაზეც გავჩუმდები, მეტისმეტად ზღაპრულად რომ არ მოგეჩვენოთ ისინი.

     დააკვირდი ტაძრებსა და საკურთხევლებს. ისინი მფარველობენ რომაელთა სახელმწიფოს და კიდეც ალამაზებენ. წმინდად ითვლებიან უფრო იმის გამო, რომ აქაური თუ სხვა ქვეყნების ღმერთების სამყოფელია, და არა იმიტომ, რომ მდიდრული და თვალწარმტაცი შესაწირავებით არიან სავსე. ამიტომაც ღმერთთან წილნაყარი მისნები წინასწარმეტყველებენ მომავალს, მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ გვაფრთხილებენ, სნეულებს კურნავენ, აძლევენ იმედს დაცემულებს, გაჭირვებულებს ეხმარებიან, უბედურებს ანუგეშებენ, მშრომელებს ტვირთს უმსუბუქებენ. ძილშიც კი ვხედავთ ღმერთებს, გვესმის და შევიცნობთ მათ, რომელთაც დღისით უსამართლოთ უარვყოფთ, უტიფრად ვეწინააღმდეგებით და ტყუილ ფიცს ვაძლევთ.

     8. ამრიგად, თუმცა უცნობია ღმერთების გაჩენის ამბავი და მათი ცხოვრების წესი, მაგრამ მათ არსებობას ყველა მტკიცედ და ერთსულოვნად აღიარებს. არაფერი მსმენია იმაზე უფრო მკრეხელური და ურწმუნო, ვიდრე ბოღმით ავსებული ადამიანების მსჯელობა, რომლებიც ასე ძველი, სასარგებლო და მართალი სარწმუნოების დარღვევასა და დამცირებას ლამობენ. ასეთები იყვნენ თეოდორე კირინევსი და მასზე უფრო ადრე - დიაგორას მელიუსი, რომელსაც წინაპრებმა სახელად "უღმერთო" შეარქვეს. ორივე მათგანი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი. ისინი უგულებელყოფდნენ საკულტო წესებსა და ყოველგვარ შიშს, რომელიც ადამიანურ ცხოვრებას წარმართავს.

     ის ფილოსოფიური მიმდინარეობები, რომლებიც ამ უმსგავსო მოძღვრებას გაჰყვებიან, ვერასოდეს მოიხვეჭენ სახელსა და ავტორიტეტს.

     ღვთაებრივ საქმეთა უმართებულო განკითხვისათვის პროტაგორა აბდერელი ათენელებმა გააძევეს თავიანთი საზღვრებიდან. მისი ნაწერები კი საჯაროდ დაწვეს. იმედია ნებას მომცემთ, თავისუფლად ვილაპარაკო: განა დასანანი არაა, გასაცოდავებული, უარყოფილი და უიმედოდ დარჩენილი ადამიანები რომ ეწინააღმდეგებიან ღმერთებს? ისინი ყველაზე უფრო ჭუჭყიანი სფეროდან აგროვებენ გამოუცდელებს და ქალებს, თავიანთი სუსტი სქესის გამო მალემრწმენებს. ღამეული შეკრებებით, სადღესასწაულო წესებითა და არაადამიანური ქცევით რაიმე წმინდა წესს კი არ ასრულებენ, არამედ ბილწავენ ყველაფერს. ესენი ბნელი და სინათლის მოშიში ხალხია. საზოგადოებაში ჩუმად არიან, მოფარებულ ადგილებში ლაზღანდარაობენ. საკურთხევლები ეჯავრებათ, რადგანაც ღმერთის საფლავებად თვლიან მათ, ღმერთებს შეურაცხყოფენ, წმინდა რიტუალებს მასხრად იგდებენ. თავს ისაწყლებენ, და თუ ამის საშუალება მიეცემათ, თავად ნახევრადტიტვლები, ზემოდან უყურებენ ქურუმთა პატივსა და მეწამულ ტანისამოსს. გასაკვირი სიბრიყვეა და დაუჯერებელი თავხედობა. თანადროულ, ცხოვრებისეულ გასაჭირს არად აგდებენ, მაშინ, როცა ეშინიათ ამოუცნობი მომავალი განსაცდელის. სხვათა შორის, სიკვდილისა არ ეშინიათ, ოღონდ ეშინიათ სიკვდილისა გარდაცვალების შემდეგ. ასე აცდუნებს მათ მკვდრეთით აღდგომის ფუჭი იმედი და შიშს უნერგავს.

     9. ეს არაფრის მომტანი რწმენა უფრო და უფრო ნაყოფიერად ვითარდება, დღითი-დღე იზრდება და მთელ სამყაროს მოიცავს ამ უწმინდური ხალხის საშინელი სამლოცველო. ასეთი რამ ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას და ერთსულოვნად დაიგმოს.

     საიდუმლო და გამორჩეული ნიშნებით ცნობვენ ისინი თავიანთ თანამზრახველებს და გაცნობამდეც კი უყვართ ერთმანეთი. რაღაც სიყვარულის მაგვარი რწმენით არიან დაკავშირებულები და განურჩევლად უწოდებენ ერთმანეთს დებსა და ძმებს, რათა იმათი ყოვლად ჩვეულებრივი უზნეობა წმინდა სახელით მოინათლოს. ასე სახელგანთქმულია მანკიერებებით იმათი არაფრის მომტანი და ბრმა სარწმუნოება.

     ეს რომ მართალი არ იყოს, არც ასე მრავალნაირი სახელგავარდნილი ჭორები იქნებოდა მათ შესახებ; გამიგონია, რომ ისინი თაყვანს სცემენ ყოვლად უგვანიუ ცხოველიუს, ვირის თავს და წმინდად ჰყავთ შერაცხული. ოღონდ არ ვიცი, რის საფუძველზე სწამთ ეს[13]. ღირსეულად ითვლება ასეთი წეს-ჩვეულებების მქონე რელიგია!

     სხვები ამბობენ, რომ ესენი თაყვანს სცემენ თავიანთ წინამძღოლსა და ქურუმს, ისე ევედრებიან მას, როგორც შემქმნელსა და მშობელს.

     არ ვიცი, იქნებ ტყუილია, მაგრამ ეს ეჭვი მათი საიდუმლო ღვთისმსახურების წესებით მართლდება. იმასაც ამბობენ, რომ ქრისტეანები მუხლს უყრიან ადამიანს, რომელიც დაისაჯა უღირსი საქციელის გამო და წმინდად აცხადებენ სიკვდილის მომასწავებელ ხის ჯვარს. დაცემულებისა და ცოდვილების საკადრისი საკურთხევლები აქვთ და ისეთ რაიმეს ეთაყვანებიან, როგორის ღირსებიც არიან.

     ამ საზოგადოებაში შესვლის ცერემონიალი ისეთივე საზიზღარი რამეა, როგორი ხმებიც დადის მის შესახებ. გამოუცდელი ადამიანის მოსატყუებლად ფქვილში ფარავენ ბავშვს. ფქვილის ზედაპირით მოტყუებული თითქოსდა უვნებელ დარტყმას აყენებს და ბრმად კლავს ბავშვს. ო! სისაძაგლე! გაშმაგებულები ლოკავენ სისხლს, იყოფენ მისი სხეულის ნაწილებს და ასეთი მსხვერპლით უკავშირდებიან ერთმანეთს. ამნაირი შეთანხმებული ბოროტმოქმედება თანაბრად ავალდებულებს ორივე მხარეს, რომ ჩუმად იყოს. ეს რიტუალი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე შებილწვა ყველაფერი იმისა, რაც წმინდაა.

     ცნობილია მათი ნადიმების ამბებიც. ამაზე თითქმის ყველა ლაპარაკობს. მათ შორის ცირტელი ორატორიც[14]. მზის სადღესასწაულო დღეს იკრიბება ყველა სქესისა და ასაკის ადამიანი ბავშვებთან, დებთან და დედებთან ერთად. ტრაპეზის შემდეგ, როცა შეზარხოშდებიან და სასმელი ვნებების ცეცხლში გახვევს მათ, ხორცის ნაჭერს უგდებენ კანდელზე თოკით მიბმულ ძაღლს გაცილებით უფრო შორს, ვიდრე თოკის სიგრძეა. ძაღლი მიიწევს ხორციხკენ, აყირავებს შანდალს და აქრობს სანთელს. ეს ადამიანები ენით გამოუთქმელი სურვილებით მიისწრაფიან, თანაზიარი გახდნენ ასეთი ბნელი ამბების. თუ თავად არ ჩადიან, თანაუგრძნობენ სხვებს.

     10. ზოგიერთ ამბავს განზრახ გვერდს ვუვლი. ისედაც საკმაოდ ბევრია.

     ყველაფერი თუ არა, უმრავლესობა რომ მაინც სინამდვილეს შეეფერება, ამ რელიგიის საიდუმლოებებიც ცხადყოფენ. საგულდაგულოდ რატომ მალავენ ყველაფერს, რასაც ჩადიან. კეთილი საქმე ხომ ყოველთვის საჯაროდ ხდება, ბოროტი კი - მალვით. რატომ არა აქვთ სამსხვერპლოები, ტაძრები, ცნობილი ძეგლები? თავისუფლად რატომ არ იკრიბებიან და ლაპარაკობენ, თუ არა იმის გამო, რომ რასაც მალულად ემსახურებიან, სასირცხოა და სასჯელის ღირსი?

     და მართლაც ვინ არის ეს ღმერთი, ან სად არის იგი, საყოველთაო, მარტოსული და მიტოვებული, რომელსაც არ აღიარებს არა ხალხი, არა სახელმწიფო, არც რომაული რელიგია. მხოლოდ საწყალმა იუდეველებმა აღიარეს ერთი საყოველთაო ღმერთი და ისიც საჯაროდ. თანაც ტაძრებიც აქვთ, საკურთხევლებიც, მსხვერპლშეწირვაც იციან და სხვა წმინდა წესებიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ღმერთს არავითარი ძალა და მეუფება არ ჰქონია. ამიტომაც დაატყვევეს იგი რომაელებმა მის აღმსარებელ ხალხთან ერთად.

     გარდა ამისა, რამდენ სასწაულს, რაინაირ უცნაურობებს იგონებენ ქრისტიანები. თითქოს ეს იმათი ღმნერთი, რომელსაც ვერც სხვებს უჩვენებენ და თვითონაც ვერ ხედავენ, ყველას საქმესა და საქციელშია, ნათქვამსა და ფარულ ნააზრევშიც კი სუფევს. ყველაფერს მოიცავს და ყველგანაა. წამებულად მიიჩნევენ მას და ურცხვად თვლიან, რომ იგი ყველასა და ყველაფერზე ზრუნავს. ყველაფრის მფარველია და ყველგანაა. ასეთი განფენილობის გამო არ ძალუძს თითოეულს ეჩვენოს და რადგანაც თითოეულში იმყოფება, შეუძლებელია სრული სახით გამოჩნდეს.

     11. მაინც რას ამბობენ ისინი? იმუქრებიან, რომ მიწას, და საერთოდ, მთელ სამყაროს მნათობების ცეცხლი დაწვავს. დაიწყება ნგრევა, დაირღვევა ღვთაებრივი კანონებით დადგენილი სამყაროს წყობა, ელემენტთა ურთიერთკავშირი, ზეციური ჰარმონია და ასე მოწესრიგებული სამყარო დაიშლება.

     არც ამით კმაყოფილდებიან ქრისტიანები. ათასგვარ ამბავს იგონებენ. სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ ისევ აღდგება იმათი გვამი და ფერფლი; არ მესმის, ისეთი თავდაჯერებით სწამთ თავიანთი ტყუილის, თითქოს და მართლა აღდგენ მკვდრეთით. ორმხრივი ბოროტებაა, ორმაგი სისულელე. ცასა და ვარსკვლავებს, ჩვენთვის ხელშეუხებლებს, ისინი დაღუპვას უწინასწარმეტყველებენ. თავიანთ თავებს კი მოკვდავებს, რომლებიც ისევე კვდებიან, როგორც იბადებიან, მარადიულ სუფევას ჰპირდებიან.

     აშკარაა, რომ ამიტომაც წვავენ ისინი გვამებს, თითქოს ამის გარეშე ვერ გაიხრწნება მიწაში. რა განსხვავებაა, მხეცები დაგლეჯენ სხეულს, ზღვა ჩაყლაპავს, მიწა შთანთქავს თუ ცეცხლი დაწვავს. ყველანაირი დასაფლავება სატანჯველია, თუ ამას სხეული გრძნობს, და თუ ვერ გრძნობს, უმჯობესია, რაც უფრო სწრაფად განადგურდება.

     ასეთი შეცდომის წყალობით კარგებს ისინი სიკვდილის შემდეგ ნეტარ სიცოცხლეს აღუთქვამენ, სხვებს კი, როგორც უსამართლოებს - მარადიულ ტანჯვას.

     ბევრ რამეს დავუმატებდი ნათქვამს, რომ არ ვჩქარობდე სიტყვის დამთავრებას. უსამართლოები რომ არიან, ამაზე აღარ გავაგრძელებ, უკვე გითხარით. მე რას მივიჩნევ, ეს არაფერ შუაშია. უმრავლესობის აზრით, და ამაში თქვენც დამერწმუნებით, ბედისწერა ხდის ადამიანს ბოროტად ან უცოდველად.

     ჩვენს საქციელს, რომელსაც ბედისწერა წარმართავს, თქვენ ღმერთისეულად მიიჩნევთ. ასე რომ, თქვენი მიმდევარი ხდება არა ის, ვინც ნებით ისწრაფვის ამისკენ, არამედ გამორჩეული. გამოდის, რომ ღმერთი უსამართლო მსაჯულია, რომელიც ადამიანებს განიკითხავს თავისი არჩევანის მიხედვით და არა თავისუფალი ნებით.

     ისიც მინდა გავიგო, თქვენი აზრით, როგორ აღდგება ხელმეორედ ადამიანი? სხეულით? რომელი სხეულით? თავისივეთი თუ განახლებულით? თუ სხეულის გარეშე? რამდენადაც მე ვიცი, უსხეულოდ არც გონებაა, არც სული და არც სოცოცხლე. იგივე სხეულით? იგი ხომ დიდი ხანია გაიხრწნა. ახალი სხეულით? ეს ხომ სხვა ადამიანის დაბადებაა და არა უწინდელის აღდგომა.

     რამდენი დრო გავიდა, უთვალავმა საუკუნემ ჩაიარა, მიცვალებულთაგან რომელი ერთი დაბრუნდა უკან თუნდაც იმ სახით, როგორც პროტე სილაური, რაღაც გარკვეული დროით, რათა სარწმუნო მაგალითად გვქონოდა. ყოველივე ეს არაჯანსაღი გონების წარუმატებელი გამონაგონია და ცრუ პოეტების ყოვლად უსარგებლო ნუგეში, რომელიც თქვენ, მალემრწმენებმა ურცხვად მიაწერეთ ღმერთს.

     12. თქვენ ანგარიშს არ უწევთ თანამედროვეთა გამოცდილებას, თორემ დარწმუნდებოდით, ტყუილი რომაა ეს იმედები და დაპირებები. რა გელით სიკვდილის შემდეგ, ამაზე იფიქრეთ, სანამ კიდევ ცოცხლები ხართ. აი, ნახეთ, საუკეთესო ნაწილს, თქვენივე თქმით, ყველაფერი აკლია, უკიდურესი გაჭირვებით შრომობს, და ღმერთი ამათ ითმენს, თვალს ხუჭავს. არ სურს, ან არ ძალუძს დაეხმაროს თავისიანებს. ასე რომ, იგი ან სუსტია, ან უსამართლო. სიკვდილის შემდეგ უკვდავებაზე რომ ფიქრობ, ნუთუ ვერ გრძნობ, რომ საფრთხე გემუქრება, ციება გაგაწამებს, დარდი მოგინელებს. ნუთუ ვერ აფასებ შენს მდგომარეობას, ვერ შეიგრძნობ წარმავლობას. საწყალო, თავს ნებას აძლევ, რომ აღიარო შენი უძლურება!

     აღარ გავაგრძელებ საერთო უბედურებაზე ლაპარაკს. აი თქვენი მსჯავრი, რისხვა, წამება, არა სალოცავი, არამედ უბედურების მომტანი ჯვარი. ცეცხლი, რომელზეც წინასწარმეტყველებთ და გეშინიათ კიდეც. სადაა ის ღმერთი, რომელსაც მკვდრეთით აღდგომილთა შეწევნა ძალუძს და ცოცხლებისა არა. განა მის გარეშე არ მოიპოვეს რომაელებმა ძალაუფლება და ბატონობენ მთელ ქვეყნიერებაზე და თქვენზეც? თქვენ კი, დაბვეჩავებულები და შეწუხებულები უარს ამბობთ ჩვეულებრივ სიამოვნებაზეც კი. არ ესწრებით სანახაობებს, არ მონაწილეობთ დღესასწაულებში, საერთო ნადიმებზე, საკრალურ შეჯიბრებებში. ზიზღით უყურებთ სამსხვერპლო საჭმელ-სასმელს. ასე გეშინიათ თქვენგანვე უარყოფილი ღმერთების.

     ყვავილებით არ იმკობთ თავებს, ნელსაცხებელს არ იცხებთ. გვამებისთვის ინახავთ მას. საფლავების გვირგვინებით შემკობაზეც უარს ამბობთ. ფერწასულები და აკანკალებულები მუდამ სიბრალულს იმსახურებთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ღმერთებისგან. საცოდავებო, თქვენ ვერც აქ ცხოვრობთ და ვერც სიკვდილის შემდეგ აღდგებით.

     თუ კიდევ შეგრჩათ კეთილგონიერება და სინდისი, მოეშვით ცის სამყაროს, მიწის საიდუმლოებებს და მასზე წინასწარმეტყველებას. გაუნათლებელ, უბირ და უხეშ ადამიანთათვის საკმარისია იმის გამოკვლევა, რაც თქვენს ფეხთქვეშაა. ვისაც არ ძალუძს შეიცნოს კაცობრივი, მითუმეტეს არ ხელეწიფება განსაჯოს ღვთაებრივი.

     13. თუკი ფილოსოფიური აზროვნების მიმართ რამენაირი მიდრეკილება გაქვთ, რამდენადაც შეგიძლიათ, მიბაძეთ სოკრატეს, ბრძენთა შორის უპირეველესს. როცა მას რაიმეს ჰკითხავდნენ ციური ამბების შესახებ, იგი ყოველთვის ასე პასუხობდა: "რაც ჩვენს ზემოთაა, იგი საჩვენო საქმე არაა". ღირსეულად შეაფასა იგი მისანმა. მართლაც, შეუდარებელი ბრძენკაცი იყო. სოკრატემაც იცოდა, რომ ყველაფრის ცოდნით კი არ აღემატებოდა სხვებს, არამედ არცოდნის აღიარებით. ასე რომ, ამ აღიარებაში უდიდესი სიბრძნე დევს.

     სწორედ აქედან მომდინარეობს არკესილაუსის, კარნეალესა და უმეტესი აკადემიკოსების თვალსაზრისი, უმაღლეს საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარი ფილოსოფიური მიდგომა უვიცებისთვის უსაფრთხოა, სწავლულთათვის კი - სასახელო. სიმონიდეს სიფრთხილე ხომ ყველას აოცებს, განა არ უნდა მივბაძოთ მას? როცა ტირანი ჰიერონუსი შეეკითხა, რა აზრისა იყო ღმერთზე, პასუხისთვის პირველად პირველად სიმონბიდემ ერთი დღე ითხოვა. მერე ორი დღე, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი ამდენი, ბოლოს, როცა ტირანმა დაყოვნების მიზეზი იკითხა, ასეთი პასუხი მიიღო: "რამდენად უფრო ღრმად შევუდექი გამოკვლევას, იმდენად უფრო ბუნდოვანი გახდა ჩემთვის ჭეშმარიტება".

     მეც მაგ აზრისა ვარ. ის, რაც საეჭვოა, ხელშეუხებლად უნდა დავტოვოთ. როცა ასეთი დიდი პიროვნებები თავს იკავებენ განმარტებებისაგან, შემთხვევითმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს, თორემ შესაძLოა, რაიმე ცრურწმენა მოახვიოს ვინმეს თავს, ან მთლიანად დაანგრიოს რელიგია.

     14. ასე თქვა ცეცილიუსმა და სიხარულით გაბრწყინდა (მისი სიტყვებიდან გადმოღვრილი შემართება ასუსტებდა გულისწყრომის ცეცხლს). ნუთუ ამაზე პასუხს გამცემს ოქტავიუსი, პლავტეს მოდგმის კაცი, უპირველესი მცხობელი და უკანასკნელი ფილოსოფოსი?

     მე მას ვუთხარი: თავი შეიკავე, ნუ ზეიმობ ჯერ გამარჯვებას, წინასწარ ნუ აიკვეხნი შენი საუბრის მხატვრული სილამაზით, სანამ ორივე მოკამათე არ იტყვის საბოლოო სიტყვას. მით უმეტეს, რომ თქვენ თავის გამოსაჩენად კი არა, ჭეშმარიტების საძიებლად კამათობთ. და რამდენადაც მომეწონა შენი გონებამახვილური სიტყვა, იმდენადვე მაინტერესებს მეორე მხარეც, კონკრეტულად კი არა, საერთოდ, კამათის ფორმით. უმეტეს შემთხვევაში, მოკამათეთა უნარის მიხედვით ყველასათვის ნათელი ჭეშმარიტების სახეც კი შეიძლება შეიცვალოს. ასეთი რამ დამახსაიათებელია მალემრწმენი მსმენელისათვის, რომელიც ლამაზი სიტყვებით შეცდება ხოლმე, საქმის ნამდვილ არსს მოწყდება, განსჯის გარეშე ღებულობს ყველანაირ ნათქვამს და მართალს ტყუილისაგან ვეღარ არჩევს. არ იცის, რომ დაუჯერებელ რამეშიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მარცვალი და პირიქით, სარწმუნოში - ტყუილი. ასე რომ, რაც უფრო ხშირად ენდობა მსმენელი ასეთ შეუვალ მტკიცებებს, მით უფრო იოლად ატყუებს მას გამოცდილი მოკამათე. დაუფოქრებლობით ასე განუწყვეტლივ ცდებიან და იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავცი დაიდანაშაულონ, სხვებს სდებენ ბრალს. ყველაფერს აკრიტიკებენ და უარყოფენ, და არა იმას, რამაც შეაცდინა. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ეს, არასწორად რომ არ მივუდგეთ კამათს, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანთა უმრავლესობას ემართება ხოლმე, მალემრწმენები იოლად აღმოჩნდებიან ასეთ მახეში და მერე ეჭვის თვალით უყურებენ ყველაფერს. რთულ საკითხებზე მსჯელობას შემდეგი გარემოებანი ახასიათებს: ერთი მხრივ, ჭეშმარიტება ბუნდოვანია, მეორე მხრივ, კი საუბრის არაჩვეულებრივი სიმსუბუქის წყალობით ნათქვამი ჭეშმარიტების დამადასტურებელ სახეს იღებს. ამიტომაც ზედმიწევნით უნდა ავწონ-დავწონოთ თითოეული და შევაფასოთ მოქმედების ასეთი უნარი, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ავირჩიოთ და მოვიწონოთ მხოლოდ ის, რომელიც სწორია.

     15. ცეცილიუსმა მიპასუხა: ვერ ასრულებ შენ ნამდვილი მსაჯულის მოვალეობას. უსამართლო ჩარევით ჩემს პოზიციებს ასუსტებ, მაშინ, როცა ოქტავიუსს ერთადერთი და შეუჩერებელი მიზანი ამოძრავებს, როგორც შეუძლია თავი იმართლოს.

     მე ვუთხარი: ის, რაშიც შენ ბრალს მდებ, საერთო სარგებლობისთვის მოვიტანე, რათა ზედმიწევნით გამოძიებით და არა თავდაჯერებული მჭერმეტყველებით წარმოგვედგინა ჩვენი მოსაზრებები და საქმისეულ სიმყარეს დავყრდნობოდით. ნუ გადავიტანთ ყურადღებას ამ ბრალდებებზე, უმჯობესია, გულისყურით მოვუსმინოთ ჩვენს მოპასუხეს.

     16. ოქტავიუსმა დაიწყო: მე ვიტყვი იმას, რასაც შევძლებ და შენც უნდა შემომიერთდე, რათა სიმართლით ჩამოვიწმინდოთ ბრალდებების ლაქა. ღმერთმა იცოდეს, ტყუილს არ ვამბობ. დასაწყისშივე შევამჩნიე მის სიტყვებში რაღაც დაბნეულობა და გაურკვევლობა. ახლა ძნელია იმის გაგება, საბოლოოდ დაირღვა მისი აზრების მთლიანობა თუ შეცდომამ შეიტყუა იგი.

     ცეცილიუსი ზოგჯერ ამბობდა, რომ ღმერთებისა სწამს, ხან მერყეობდა მათ განსაზღვრაში. მისი მერყევი პოზიცია არასაიმედო საფუძველს აძლევს ჩვენს პასუხსაც. ღვთის გულისათვის, არ მინდა დავიჯერო, რომ ამას იგი განზრახ აკეთებდა. მისი უბრალოებისგან შორსაა მოხერხებული ცბიერება. რა გამოდის? ჭეშმარიტი გზის არ მცოდნე იბნევა იქ, სადაც ეს გზა განტოტდება, შეშინებულმა არ იცის, რომელი ერთი აირჩიოს. და ვერც ყველას აღიარებს. ასე მარცხდება ის, ვისაც ჭეშმარიტებაზე მყარი აზრი არ გააჩნია, ასე იფანტება მისი მერყევი თვალსაზრისი. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ცეცილიუსი ხშირად ვარდება წინააღმდეგობაში და მერყეობს. ეს რომ კიდევ არ განმეორდეს, შევეცდები უკუვაგდო მისი მოსაზრებები, რაგინდ წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს. ჭეშმარიტი გზით ხომ ერთადერთი მოიძებნება და დამტკიცდება ხოლმე. იგი არც საეჭვო იქნება და არც მერყევი.

     ჩემი ძმის სიტყვებით, იგი მტკივნეულად განიცდის იმას, რომ გაუნათლებელი, საწყალი და გამოუცდელი ადამიანები კამათობენ ზეციურ საკითხებზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, სქესიოსა და მდგომარეობისა, გაჩენილია გონიერად და მგრძნობიერად, ჭკვიანად და მოხერხებულად, და ეს უნარი მან შემთხვევით კი არ მიიღო იღბლის წყალობით, არამედ მომადლებული აქვს. მაგრამ თვით ფილოსოფოსებიც, ან ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწენი სანამ სახელმოხვეჭილები გახდებიან გამომსახველობითი უნარისა და გონების წყალობით, უბრალო, ჩვეულებრივი ხალხია. სიმდიდრეზე მიჯაჭვულები კი უფრო მეტად თავიანთ ოქროს უთვალთვალებენ, ვიდრე ცას. ქრისტიანებმა კი, გლახაკებმა, თავადაც შეიძინეს ნამდვილი ცოდნა და სხვებსაც გადასცეს. - აქედან ცხადია, რომ ეს უნარი სიმდიდრის მიხედვით კი არ ეძლევა ადამიანს, არც მცდელობით, არამედ გონებასთან ერთად უჩნდება: ასე რომ, არაფერია უღირსი და გასაბრაზებელი იმაში, თითოეულმა ადამიანმა ღვთაებრივი ჭეშმარიტების ძიებისას თავისი მოსაზრება რომ გამოთქვას, რადგან იგი მაძიებლის ავტორიტეტით კი არა, ძიების სისწორის მიხედვით მოიპოვება. ამასთანავე, რამდენადაც ბუნებრივია საუბარი, იმდენად უფრო ნათელია აზრი, მჭერმეტყველებითა და ლამაზი სიტყვებით კი არაა შეფერილი, უბრალოა და თავისუფალი.

     17. მე არ ვეწინააღმდეგებვი იმას, რასაც ცეცილიუსი ამტკიცებს, რომ ადამიანმა უნდა შეიცნოს საკუთარი თავი და ყოველნაირად შეისწავლოს, ვინ არის, საიდან და რატომ წარმოიშვა. ელემენტებისგან შედგება, ატომთა გეგმაზომიერი შეხამებით მივიღეთ, თუ, უფრო სწორად, ღმერთმა შექმნა და სული შთაბერა. მაგრამ შეუძლებელია, შევისწავლოთ ადამიანური ბუნება ღვთაებრივი გახსნის გარეშე, რადგანაც ისინი მყარად უკავშირდებიან ერთმანეთს. ამიტომაც, თუკი ღვთაებრივ ბუნებას ვერ ჩაწვდები, ვერც ადამიანურს გაიგებ. ვერ შეძლებ, კარგად მოაწყო კონკრეტული სამოქალაქო საქმე, თუ არ შეისწავლი მას საერთო-კაცობრიულის დონეზე. ჩვენ ცხოველებისგან ის გვასხვავებს, რომ იმათ, მიწისკენ თავდახრილებს არ შეუძლიათ სხვა რაიმე დაინახონ გარდა საჭმელისა. ჩვენ კი ზემოთ მიმართული სახით ზეცას ვაკვირდებით, მეტყველებისა და აზროვნების წყალობით ღმერთს შევიცნობთ. ვგრძნობთ მას და ვემსგავსებით. შეუძლებელია, ვერ ვხედავდეთ ცის სინათლეს, რომელიც იპყრობს ჩვენს თვალებსა და გრძნობებს. უდიდესი მკრეხერლობაა, მიწაში ვეძებოთ ის, რაც ყველაზე ამაღლებულ ადგილას უნდა იყოს.

     ჩემი აზრით, ვისაც ჰგონია, რომ მთელი ეს მოწესრიგებული სამყარო ღვთაებრივი წესით კი არა, სხვადასხვა ნაწილების დაკავშირებითაა შექმნილი, მას არც გონება აქვს, არც გრძნობა და არც მხედველობა. რაა იმაზე იოლი, უეჭველი და ნათელი, თვალები მიაპყრო ზეცას და დაინახო ის, რაც მის ირგვლივ და ქვემოთაა. შეამჩნიო, რომ არსებობს რაღაც ისეთიც, რომლის შეცნობა აღემატება ადამიანის გონებას; რომლის საშუალებით მთელი ბუნება სულდგმულობს, მოძრაობს, იზრდება, იმართვის. შეხედე ცას, რა ფართოდაა გადაჭიმული, რა სწრაფი მოძრაობებია იქ, ღამით როგორაა დაწინწკლული ვარსკვლავებით, ან დღისით როგორ ჩახჩახებს მზით. მაშინ დარწმუნდები, რომ მასში ყოვლისმპყრობელი და საკვირველი ღვთაებრივი ნებაა განსხეულებული. დააკვირდი წელიწადს, როგორ იქმნება იგი მზის მოძრაობით, თვეებს დააკვირდი, როგორ იცვლებიან მთვარის გაზრდა-დაბერებასთან ერთად. როგორ უცვლის ერთმანეთს ადგილს ბნელი და ნათელი, რომ ჩვენი საქმიანობა და დასვენებაც თანმიმდევრულად შეენაცვლოს ერთმანეთს. უფრო ფართოდ ასტროლოგებმა ილაპარაკონ მნათობებეზე და ვარსკვლავებზე, როგორ წარმართავენ ისინი მეზღვაურების მოძრაობის მიმართულებას, ან როგორ გვამცნობენ თესვისა და მკის დროს. ყოველივე ეს ვერ შეიქმნებოდა და მოწესრიგდებოდა უზენაესი შემოქმედისა და სრულყოფილი გონების გარეშე. და მართლაც, შეუძლებელია ამის გარეშე შევიგრძნოთ, განვსაჯოთ და შევიმეცნოთ რაიმე.

     რა უნდა ითქვას დროების ასეთ სტაბილურ ცვალებულობაზე? განა თავის შემოქმედზე არ მიგვანიშნებს გაზაფხული ყვავილებით, ზაფხული და შემოდგომა – სასიამოვნო, მწიფე ნაყოფით, ზამთარი – ზეთისხილის სიუხვით? ეს ჰარმონია იოლად დაირღვევოდა, უმაღლესი გონებით რომ არ იმართებოდეს. წინასწარგანზრახულია გაზაფხულისა და შემოდგომის ზომიერი ტემპერატურაც. ზამთრის სიცივესა და ზაფხული პაპანაქებასთან ერთად, რათა შეუმჩნეველი და უზიანო იყოს ჩვენთვის წლის დროთა ცვალებადობა.

     ყურადღება მიაქციე ზღვას, იგი ნაპირითაა შემოსაზღვრული. რაც რამ მცენარეა, ყველა მიწის საშოსგან საზრდოობს. ოკეანეს შეხედე, განუწყვეტლად მოძრაობს იგი ტალღების დინებით, წყაროები დაუსრულებლად მოედინებიან, ასევე მდინარეებიც, თავიანთი ნელი, აუჩქარებელი მოძრაობით. რა უნდა ვთქვათ მკვრივად და სწორად განლაგებულ მთებზე, ოკრო-ბოკრო ბორცვებზე, გაშლილ მინდვრებზე, ასეთ მრავალფეროვან, ერთმანეთის საწინააღმდეგო ცხოველთა თავდაცვის საშუალებებზე. ზოგი რქებითაა შეიარაღებული, ზოგი კბილთა ზღუდით, ან მაგარი ჩლიქებით, ზოგს წვეტიანი ნესტოები აქვს, ან ფეხის სისწრაფე შველის, ან ფრთები. ჩვენი სახის სილამაზეც ცხადყოფს, რომ ღმერთია მისი შემოქმედი. მდგომარეობა – პირდაპირი, გამომეტყველება – ზეაღმართული, თვალები – მომაღლოდ, თითქოს სათვალთვალოდ დგანან. სხვა დანარჩენი გრძნობის ორგანოებიც, თითქოს, მცველებად განლაგებულან.

     18. შორს წაგვიყვანს თითოეულ მათგანზე შეჩერება. ადამიანის სხეულში არაფერია ისეთი, რომელიც აუცილებელი არ იყოს და მარტო სილამაზეს ემსახურებოდეს. და რაც მეტად საკვირველია, ყველას ერთნაირი სახე აქვს თავ-თავიანთი განმასხვავებელი ნიშნებით. ამიტომაც ერთმანეთის მსგავსნი ვართ და თითოეული – განსხვავებული. განა ღმერთმა არ მოგვანიჭა შობისა და გამრავლების უნარი? ან ის, რომ დედის მკერდი ბავშვის დაბადების მოახლოებასთან ერთად რძით ივსება, და ახალშობილი ამ დაგროვილი რძით იკვებება?

     ღმერთი არა მხოლოდ მთლიანზე, არამედ თითოეულ ნაწილზეც ზრუნავს. ბრიტანეთი მზის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ სითბოს იმ ზღვის საშუალებით ღებულობს, რომელიც მას გარს აკრავს. ეგვიპტის სიმშრალეს მდინარე ნილოსი არბილებს. ევფრატი წვიმას უგზავნის მესოპოტამიას, მდინარე ინდუსი აცოცხლებს და რწყავს აღმოსავლეთის მიწებს.

     როცა შედიხარ კარგად მოვლილ, მოწესრიგებულ და მშვენიერ სახლში, მაშინვე გრძნობ, რომ მას პატრონი ჰყავს, და იგი ბევრად აღემატება მთელ მის ქონებას. ასევე, როცა ცასა და მიწას აკვირდები, მასში წინასწარგანზრახვას, რიგსა და კანონს ამჩნევ, ირწმუნე, რომ ამ სამყაროს სახლშიც არის უზენაესი მეუფე, ყველაფრის შემოქმედი, რომელიც თვითონ ვარსკვლავებზე, და საერთოდ მთელი სამყაროს ნაწილებზე დიადია.

     რადგანაც სამყაროს წესრიგის წინასწარგანზრახულობაში არაფერია საეჭვო, ისიც უნდა გაარკვიო, ერთი რომელიმე ძალაუფლება განაგებს მას თუ მრავალთა სათათბირო. ამ საკითხის გადაწყვეტა ბევრ ჯაფას არ მოითხოვს, თუკი დაფიქრდები მიწიერ ხელისუფლებაზე, რომელიც ცის მაგალითზეა შექმნილი. ყოფილა ოდესმე, რომ ხელისუფალთა კავშირი ფიცით არ დაწყებულიყოს და სისხლით არ დამთავრებულიყოს? არაფერს ვამბობ სპარსელებზე, რომლებიც ცხენების ჭიხვინით მკითხაობდნენ ძალაუფლების შესახებ... მოვიყვან თებელი ძმების ძველ ამბავს. ყველამ იცის ორი ტყუპი ძმის თავგადასავალი, ისინი განუწყვეტლად დაობდნენ ცხვრისა თუ სახლის პატრონობის შესახებ. მეტად გავრცელებულია აგრეთვე სიძის და სიმამრის ომების ამბავი. ორის კეთილდღეობას არ ეყო დიდი ძალაუფლება. დააკვირდი, ერთი პატრონი ჰყავს ფუტკარს, მეორე – ცხვარს, მესამე – მსხვილფეხა საქონელს. ნუთუ გგონია, რომ ცაშიც გაყოფილია უზენაესი ხელისუფლება და დანაწევრებულია ეს ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალაუფლება?

     ყველასათვის ცხადია, რომ შემოქმედ ღმერთს არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ყველაფრის საწყისის მიმცემი თავად მარადიულია, იგი სამყაროზე ადრეულია; ყველაფერი, რაც არსებობს, სიტყვით შექმნა, გონებით გაანაწილა, ძლიერებით განამტკიცა.

     ღმერთი უხილავია, შეუძლებელია მისი გამოცნობა და შეფასება. გრძნობებზე უფრო მაღალია, დაუსაბამოა, განუზომელია, და მხოლოდ მან იცის თავისი სიდიადე. ჩვენი გონება ძალიან ვიწროა მის აღსაქმელად, და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ საკადრისად, როცა შეუფასებელს ვუწოდებთ. ისე ვიტყვი, როგორც მგონია: ვისაც ღმერთის სიდიადის შეცნობა უნდა, ის ევედრება მას, და ვისაც არ სურს შეევედროს, ის ვერ მიწვდება მას.

     ნუ ეძიებ ღმერთისათვის სახელს, ღმერთია მისი სახელი. ასეთი რამ მაშინ იქნება საჭირო, მრავალი ღმერთი სათითაოდ რომ იყოს გასარჩევი. ერთისთვის კი სახელი ღმერთი ყველაფრის მომცველია. თუ მას მამად მოიხსენიებ, მიწიერად ჩათვლი, თუ მეფეს უწოდებ – ხორციელად, თუ პატრონს – ჩათვლი, რომ მოკვდავია. მოაშორე მას მიმატებული სახელები და დაინახავ მის სილამაზეს. ნუთუ ვინმე არ მეთანხმება ამაში? მე მესმის, როგორ აღაპყრობს ხალხი ცისკენ ხელებს და სხვას არაფერს ამბობს, გარდა ღმერთისა. “ღმერთი დიადია”, “ღმერთი ჭეშმარიტია”, “თუ ღმერთი მოგვცემს”. ეს ხალხის ბუნებრივი საუბარია თუ მორწმუნე ქრისტიანის ნათქვამი? ისინი, ვინც იუპიტერს ანიჭებენ პირველობას, სახელში ცდებიან, თორემ ერთიანი ღმერთის ძალაუფლების შესახებ ჩვენ საერთო აზრი გვაქვს.

     19. პოეტებიც ადიდებენ ღმერთებისა ადამიანების შემქმნელ საერთო მამას და ამბობენ, რომ ყოვლისშემქმნელმა ღმერთმა მიანიჭა მოკვდავ არსებას სული. რა შეიძლება იყოს უფრო ნათელი და ცხადი, ვიდრე მანტუარელი პოეტის, მარონის[15]სიტყვები: ცასა და დედამიწას და სამყაროს სხვა ნაწილებს გონება წარმართავს და ცხოველმყოფელი სული მართავს. ასე წარმოიშობა ადამიანთა და ცხოველთა სამყარო. იგივე გონებასა და სულს სხვა ადგილას ღმერთს უწოდებს. აი ეს სიტყვები: ღმერთი ყველაფერშია, მიწაში, ზღვის სიღრმესა და უკიდეგანო ცაში. მისგან შეიქმნა ადამიანები და ცხოველები, წვიმა და ცეცხლი – ჩვენც ხომ სხვას არაფერს ვაღიარებთ ღმერთად, თუ არა გონს, აზრს და სულს.

     თუ გადავხედავთ ფილოსოფოსთა შრომებს, ვნახავთ, რომ ისინიც არსებითად ერთსა და იმავე აზრს გამოთქვამენ. აქ არ შევჩერდებით იმ უბრალო და ძველ ადამიანებზე, რომლებმაც მხოლოდ თავიანთი გამონათქვამებით დაიმკვიდრეს სწავლულთა სახელი.

     თალეს მილეტელი იყო პირველი, ვინც ღვთაებრივი ამბების შესახებ დაიწყო მსჯელობა. ყველაფრის საწყისად იგი წყალს მიიჩნევდა. მისი მოძღვრებით ღმერთი იყო ის გონი, რომელმაც წყლისაგან შექმნა ყოველივე. წყლისა და სულის შესახებ ღრმა და ამაღლებული იდეა ღმერთისაგან გვაქვს მონიჭებული, რათა ადამიანმა შეძლოს მისი შეცნობა.

     ხედავ, ერთერთი ყველაზე ადრეული ფილოსოფოსის მოსაზრება როგორ ემთხვევა ჩვენსას? მოგვიანებით ანაქსიმენე და დიოგენე საწყისად ჰაერს სახავენ, უსასრულოს და განუზომელს. ღვთაებრივის შესახებ ამათი მოსაზრებებიც ჩვენის მსგავსია. ანაქსაგორა ამბობდა, რომ ღმერთი არის დაუსაბამო სულის განფენა და მოძრაობა. პითაგორას მიხედვით: ღმერთი არის სული, რომელიც განფენილია მთელ სამყაროზე, მისგან იღებს სიცოცხლეს ყველა სულდგმული. ქსენოფანეს თქმით, ღმერთი უსასრულოა, რომელიც თავისი სულით დასაბამს აძლევს ყველაფერს. ანტისთენე თვლიდა, რომ ხალხის მიერ შექმნილი ღმერთი ბევრია, მაგრამ ჭეშმარიტი – ერთადერთი. სპევსიპეს მოძღვრებით, ღმერთი არის (ბუნებრივი) სულიერი ძალა, რომელიც ყველაფერს მართავს. დემოკრიტე, რომელმაც პირველმა შექმნა ატომთა შესახებ მოძღვრება, განა არ ამბობს, რომ ღმერთი არის ბუნება, ყველაფრის სახის მიმცემი, და შემმეცნებელი გონება. იგივე ბუნებას მიიჩნევს ღმერთად სტრატონიც. ეპიკურეც კი, რომელიც ან საერთოდ უარყოფს ღმერთს, ან შემოქმედად არ მიიჩნევს მას, ყველაზე მაღლა ბუნებას აყენებს. არისტოტელე თუმცა სხვადასხვანაირად მსჯელობს, მაგრამ ყოველთვის მიუთითებს ერთიან ძალაუფლებაზე. მას ხან გონებას, ხან სამყაროს, ხან კი ღმერთს უწოდებს და სწორედ მას უქვემდებარებს სამყაროს. სხვადასხვანაირად მსჯელობს თეოფრასტე. პირველობას ხან სამყაროს ანიჭებს, ხან კი ღვთაებრივ გონს. ჰერაკლიტე პონტოელი მიწიერ სამყაროს ღვთაებრივ სულს მიაწერდა. ზენონი, ქრიზიპე და კლეანთე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ ერთნაირად მივიდნენ იმის აღიარებამდე, რომ ყველაფერი წინასწარგანზრახვითაა შექმნილი. კლეანთე ხან გონებას, ხან სულს, ხან ეთერს, უმეტესად კი გონებას უწოდებს ღმერთს. ზენონი, მისი მასწავლებელი, თვლიდა, რომ ყველაფრის სათავე არის ბუნებრივი და ღვთაებრივი კანონი, რომელიც ეთერიცაა და გონებაც. როცა იგი განმარტავს, რომ იუნონა ფლობს ჰაერს, იუპიტერი – ცას, ნეპტუნი – ზღვას, ვულკანუსი ცეცხლს და ამათ მსგავსად სხვა ღმერთებს მიაწერს ელემენტებს, ღრმად ცდება და ხალხსაც ატყუებს.

     თითქმის ასევე, ქრიზიპე ღმერთს მიიჩნევდა უზენაეს გონიერ ძალად, ბუნებად და სამყაროდ, ან ბედისწერით განსაზღვრულ აუცილებლობად. ჰესიოდეს, ჰომეროსისა და ორფევსის სიმღერების საბუნებისმეტყველო ახსნა-განმარტებაში იგი ზენონს ბაძავდა. დიოგენე ბაბილონელს მთელი რიგი ამბები აქვს მოტანილი იუპიტერის დაბადების, მინერვასა და სხვა ღმერთების წარმომავლობის შესახებ. გამოდის, რომ ესენი საგანთა აღმნიშვნელი სახელებია და არა ღმერთებისა. სოკრატეს მიმდევარი ქსენოფონტე შეუძლებლად მიიჩნევდა ღმერთის სახის სრულყოფილად შეცნობას. ამიტომაც საჭიროდ არ მიაჩნდა მისი ძიება. სტრელი არისტონიც ასე თვლიდა. ორივე გრძნობდა, რომ ღმერთის სიდიადის შეცნობა წარმოუდგენელი რამაა.

     პლატონი ნათლად გამოთქვამს თავის აზრს ღმერთის, მისი არსისა და საქმიანობის შესახებ. და თავად ეს აზრი შეიძლებოდა ღვთაებრივად ჩაგვეთვალა, ადამიანური თავდაჯერებულობის ნარევით რომ არ იყოს გაჭუჭყიანებული. როგორც “ტამაიოსში” ამბობს, ღმერთი თავისივე სახელით არის სამყაროს მამა, სულთა შემოქმედი, ციურისა და მიწიერის ოსტატი, რომლის შეცნობა ძალზე ძნელია განუზომლობისა და არაჩვეულებრივობის გამო. და თუ შეიცნობ მას, საჯაროდ ამის გამოხატვა შეუძლებელია. ეს თითქმის იგივე აზრია, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ჩვენც შევიცნობთ ღმერთს, ყველაფრის მამამთავარს და ამაზე საჯაროდ არასოდეს ვლაპარაკობთ, თუ სპეციალურად არ გვეკითხებიან.

     20. მე წარმოვადგინე თითქმის ყველა იმ ფილოსოფოსთა მოსაზრება, რომელთა საუკეთესო ღირსება ისაა, რომ სხვადასხვა სახელებით მიუთითებენ ერთი ღმერთის არსებობაზე. ასე რომ, კაცი იფიქრებს, ან ახლანდელი ქრისტიანები არიან ფილოსოფოსები, ან კიდევ ფილოსოფოსები იყვნენ ჯერ კიდევ იმ დროს ქრისტიანები.

     ვინაიდან სამყარო იმართვის წინასწარგანზრახვით და ერთი ღმერთის ნებით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ძველების შეცდომა. ისინი თავიანთი მონათხრობი ამბებით კმაყოფილდებოდნენ. ძველების შეხედულებებს ისევ ფილოსოფოსების მოსაზრებები უარყოფს, რომელთაც სიძველის ავტორიტეტიც გააჩნიათ და გონივრულობისაც.

     ჩვენი წინაპრები იმდენად მალემრწმენები იყვნენ, რომ დაუფიქრებლად იჯერებდნენ ათასგვარ უმსგავსო და საკვირველ ამბავს. თითქოს, არსებობდა მრავალსახა სკილა, სხვადასხვა ფორმის მქონე ქიმერა, ჰიდრა, რომელიც თავიდან ცოცხლდებოდა ჭრილობების მიუხედავად. კენტავრი – ადამიანისა და ცხენის ნარევი; ისინი სიამოვნებით ისმენდნენ ყველაფერს, რისი შეთხზვაც კი შესაძლებელი იყო.

     რა უნდა ვთქვათ იმ უგუნურ ამბებზე, თითქოს ადამიანი შეიძლება გადაიქცეს ჩიტად ან მხეცად, ხედ ან ყვავილად. ეს რომ ოდესმე ნამდვილად მომხდარიყო, ახლაც მოხდებოდა; და რამდენადაც ასეთი რამ ახლა შეუძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ არც არასოდეს მომხდარა. ასეთი გაუთვალისწინებლობით, მალემრწმენობითა და არაპატივსაცემი უბრალოებით მიუდგნენ ჩვენი წინაპრები ღმერთის რწმენასაც. მეფეებსაც კი უზენაესად აღიარებდნენ, გამოსახულებებს უდგამდნენ და ძეგლების საშუალებით ინახავდნენ იმათ ხსოვნას. ის, რაც ამ მიზნით შექმნეს, შემდგომში წმინდად შერაცხეს. ვიდრე სხვადასხვა ქვეყნების ურთიერთობები გაიშლებოდა და ერთმანეთისგან წეს-ჩვეულებებს გადაიღებდნენ, თითოეული ერი თავის დამაარსებელს, სახელგანთქმულ მეთაურს, უმანკო დედოფალს, ან რომელიმე ხელოვანს სცემდა თაყვანს, როგორც რჩეულს. ასე ისინი წარსულსაც პატივს მიაგებდნენ და მომავალ თაობასაც მაგალითს აძლევდნენ.

     21. წაიკითხე ისტორიკოსთა და სწავლულთა წიგნები და აუცილებლად დამეთანხმები. ევჰემერუსი თვლის, რომ ისინი ღმერთებად ითვლებიან დამსახურებისა და ღირსების გამო – გვიამბობს მათ დაბადებაზე, სამშობლოზე, საფლავებზე. კრეტელი იუპიტერის, დელფოსელი აპოლონის, ფარისელი იზიდას და ელევსინელი კერესის შესახებ.

     პროდიკუსი წერს, რომ ღმერთების რიცხვს მიემატა ეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მოგზაურობების შედეგად აღმოჩენილი სიახლეებით რაღაც სარგებლობა მოუტანეს ხალხს. ამავე აზრს იზიარებს პერსევსი. ამასთანავე, იგი ერთსა და იმავე სახელს უწოდებს აღმოჩენილ სიახლეებს და თავად მათ აღმომჩენებს, როგორც ამას კომიკოსის ნათქვამი ადასტურებს: “ვენერა ბერდება ცერერასა და ლიბერას გარეშე”.

     თავისი დედის მიმართ ცნობილ წერილში ალექსანდრე მაკედონელი წერდა, რომ მისი ძლევამოსილებით შეშინებულმა ერთმა ქურუმმა გაუმხილა, რომ ღმერთებიც ადამიანები არიან. ასე გაღმერთებულ ადამიანთაგან პირველი ვულკანუსი იყო, შემდეგ კი – იუპიტერის მოდგმა. დაუკვირდი იზიდას სისტრს[16], რომელიც მერცხლად გადაიქცა, ნახე ოზირისის[17] საფლავი, ან სერაპისის მიმოფანტული სხეულის ნაწილები.

     22. ბოლოს და ბოლოს, დააკვირდი სამსხვერპლოებსა და თავად მისტერიებს. საშინელი დასასრული, სიკვდილი და დასაფლავება, საწყალი ღმერთების მწუხარება და ტირილი, შვილის დამკარგავი იზიდა ტირის, წუხს, ეძებს მას თმაშეკრეჭილ ქურუმებთან და კინეკეფალოსთან ერთად. საცოდავი იზიდას ქურუმები გულში იცემენ ხელს და გაუბედურებული დედის მწუხარებას იზიარებენ. მაგრამ როგორც კი ბავშვი გაჩნდა, იზიდა გამხიარულდა, ქურუმები აღტაცებულნი არიან, კინეკეფალოსიც ზეიმობს.

     ასე ხდება ყოველ წელს. ისინი ან კარგავენ იმას, რაც იპოვეს, ან პირიქით, პოულობენ დაკარგულს.

     სასაცილო არაა, დაიტირო ის, რასაც აღმერთებ, ან გააღმერთო ის, რასაც დასტირი? ეს წესი ადრე ეგვიპტელებს ჰქონდათ, ახლა კი რომაელებმაც გადმოიღეს.

     შეწუხებული და შეშინებული ცერერა ანთებული ლამპარებითა და გველით დაეძებს თავის მოტყუებულ და შერცხვენილ ქალიშვილს, ეს ელევსინელთა საკრალური წესია. იუპიტერის სახელზე ასეთ წესს ასრულებენ: თაყვანს სცემენ თხას, მის ძიძას, და თავად მას, ახალშობილს იტაცებენ გაუმაძღარი მამისაგან, რომ არ შეჭამოს ბავშვი. კორუბანტები წინწილას უკრავენ და სპეციალურად ქმნიან აურზაურს, რომ მამამ არ გაიგოს ბავშვის ყვირილი. სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ციბელა დინდიმელმა – უმრავლესი ღმერთების დედამ, იმიტომ, რომ ვერ დაიყოლია საყვარელი ადამიანი მრუშობაზე, როგორც უშნომ და ბებერმა, დაასაჭურისა იგი; როგორც ჩანს, იმიტომ, რომ საჭურისი ღმერთი შეექმნა. ამის გამოა, რომ ციბელას ქურუმები საკუთარი სხეულის დასაჭურისებით ემსახურებიან ღმერთს. ეს წმინდა საკრალული წესი კი არა, სატანჯველია.

     განა თქვენი ღმერთების სახესა და არსში არ ჩანს მათი სისულელე და უმსგავსოება? ვულკანუსი კოჭლია და სუსტი. აპოლონი რა ხნისაა და მაინც ქოსაა. ესკულაპე კი, თუმცა ყმაწვილი აპოლონის შვილია, კარგა წვერებიანია. ნეპტუნი მწვანეთვალებაა, მინერვა – ცისფერთვალა, იუნონა – ხარისთავალა, მერკური – ფრთაფეხა. პანს ჩლიქები აქვს, სატურნი ფეხებშებორკილია. იანუსს ორი სახე აქვს, თითქოს საწინააღმდეგო მხრითაც უნდა იაროს. დიანა კარგად შეიარაღებული მონადირეა. დიანა ეფესელს მაღალი მკერდი აქვს, დიანა ტრივიელს კი – სამი თავი და უამრავი ხელი. თავად იუპიტერი ხან ქოსაა, ხან კი წვერებიანია. ჰამონად იწოდება და რქებიც აქვს. კაპიტოლიუმიელ იუპიტერს თან ახლავს ელვა. ლაციუმიელი იუპიტერი სისხლითაა გაჯერებული, ფერეტრიელ იუპიტერს ვერ მოუსმენ. ამაზე აღარ გავაგრძელებ. რამდენი სასწაული ჩაუდენია იუპიტერს, იმდენი სხვადასხვა სახელი აქვს.

     ერიგონე მარყუჟზე ჩამოეკიდა, რათა ვარსკვლავებს შემატებოდა, როგორც ქალწული. კასტორები დროდადრო კვდებიან, ხელახლა რომ გაცოცხლდნენ. ესკულაპე ელვის საშუალებით კვდება იმისთვის, რომ ღმერთად იქცეს. ადამიანად ცხოვრება რომ დაასრულოს ჰერკულესმა, ეტას მთებზე იწვავს თავს.

     23. აი ასეთი თქმულებები და ტყუილი ამბები გადმოგვცეს გამოუცდელმა წინაპრებმა. და არა მარტო გადმოგვცეს, უფრო მძიმეა ის, რომ ჩვენ ვსწავლობთ ყველაფერ ამას. განსაკუთრებით პოეტების სიმღერებს, რომელთაც თავიანთი ავტორიტეტით დიდი ზიანი მიაყენეს ჭეშმარიტს, ნამდვილს. ამიტომაც იყო, რომ სრულიად გასაგები მიზეზის გამო სახელგანთქმული და გვირგვინოსანი ჰომეროსი პლატონმა არ შეიყვანა იმ სახელმწიფოში, რომელიც მან თავის დიალოგში ჩამოაყალიბა. ამ უპირველესმა პოეტმა, თუმცა გასართობად გააკეთა ეს, მაგრამ ტროას ომის აღწერისას თქვენი ღმერთები ადამიანთა საქმეებში ჩარია. დაყო ისინი ორ ნაწილად. დაჭრილი ვენერა მარსს დაუკავშირა და მასთან გააქცია. მოგვითხრო იმის შესახებ, თუ როგორ გაათავისუფლა ბრიარეუსმა იუპიტერი, ცხარე ცრემლებით როგორ დაიტირა ვაჟიშვილი სარპედონი, რომელიც ვერასგზით ვერ გამოსტაცა სიკვდილს. და ვენერას ქამრით დაბმული და სიყვარულით ანთებული თავის ცოლთან იუნონასთან მიეცა ნეტარებას.

     იქ, სადღაც ჰერკულესი ნეხვს ეზიდება და აპოლონი ადმეტეუსის ფარას მწყემსავს. ლაომედონტის კედელს აშენებს ნეპტუნი, და უბედური მშენებელი ვერ იღებს შრომის საზღაურს. იქ, გრდემლთან კი ენეასის მახვილთან ერთად იუპიტერის ელვა იჭედება, მაშინ, როცა ცაც, ელვაც და ჭექაც გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე იუპიტერი დაიბადებოდა კრეტაში. არც ერთ კიკლოპს არ შეეძლო გამოესახა ნამდვილი ელვის ნათება და იუპიტერს არ შინებოდა მისი.

     რა უნდა ითქვას მარსისა და ვენერას გამოაშკარავებული მრუშობის შესახებ, ან იუპიტერისა და განიმედეს სიწმინდედ შერაცხილ უპატიოსნობაზე. ამ ამბებს იმიტომ მოგვითხრობენ პოეტები, რომ რამდენადმე გააბათილონ ადამიანური მანკიერებანი. ამის მსგავსი გამოგონილი ამბები აბნელებენ მოზარდის გონებას. მისი გავლენის ქვეშ ექცევიან და ღრმა სიბერემდე გაყვებათ იგი. სიბერეშიც ამ შეცდომით ცხოვრობენ, რადგან ჭეშმარიტებას შემთხვევით ვერ იპოვი. უნდა ეძებო იგი.

     ამ მოდგმის მამამთავარს, სატურნს ყველა ძველი ბერძენი და რომაელი მწერალი ადამიანად წარმოადგენს, ეს ნეპოტისა და კასიუსის ისტორიებიდან ვიცით, ამასვე ამბობენ თალესი და დიოდორე.

     შვილის რისხვას გამორიდებული სატურნი კრეტიდან იტალიაში მოვიდა. იანუსმა გულთბილად მიიღო იგი. მან ბევრი რამ ასწავლა აქაურ უბირ და გაუნათლებელ ხალხს, როგორც გამოცდილმა ბრძენმა კაცმა. წერის კულტურა, მონეტების დამზადება, სხვადასხვა ხელსაწყოების ხმარება. თავშესაფარს, სადაც იგი უსაფრთხოდ იმალებოდა (“ლატუისსეტ”) ლაციუმი უწოდა, ქალაქს კი თავისი სახელი – სატურნია. ისევე, როგორც იანუსმა უწოდა ქალაქს იანიკულოსი, რათა შთამომავლობისათვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო. გამოდის, რომ ლტოლვილი ადამიანი, რომელმაც სხვაგან იპოვა თავშესაფარი, ადამიანთა მამამთავრად ითვლება და თავადაც ადამის ძეა. იგი მიწისა და ცის შვილად ითვლებოდა, რადგანაც იტალიელებმა არ იცოდნენ მისი მშობლების ვინაობა, ისე, როგორც ჩვენს დროში ციდან გამოგზავნილებს ვუწოდებთ ხოლმე მოულოდნელად გამოჩენილ მიწიერ ადამიანებს.

     მისი შვილი, იუპიტერი, მამის გაძევების შემდეგ კრეტაში გამეფდა. აქვე გარდაიცვალა. ჰყავდა შვილები. ახლაც შეიძლება ნახოთ იუპიტერის გამოქვაბული და მისი საფლავი. მისი ადამიანური ბუნება მჟღავნდება იმ საკრალური წესებითაც, რომლებიც მის საპატივცემულოდ სრულდება ხოლმე.

     24. აზრი არ აქვს თითოეულ ღმერთზე ცალ-ცალკე ლაპარაკს. მათი მამამთავრების მოკვდავობა შთამომავლობით გადაეცა თაობებს. ამათ გარდა, თქვენ გარდაცვლილ ადამიანებსაც მიაკუთვნებთ ხოლმე ღმერთების რიგს. ასე რომ, პროკულოსი[18]და იუბა[19] ისეთივე ღმერთები არიან, როგორც რომულუსი. ისინი ღმერთად შერაცხეს არა ღვთაებრივი ნიშნით, არამედ მათი დამსახურების პატივსაცემად, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. მათი სურვილი სწორედ ადამიანად ყოფნაა; ღმერთობისა ეშინიათ კიდეც, თუმცა არც დაბერება სურთ. არ შეიძლება მოკვდავთაგანი ღმერთი იყოს, რადგან შეუძლებელია ღმერთის სიკვდილი. არც ვინმე დაბადებულთაგანი იქნება ღმერთი, რაც იბადება, კვდება კიდეც. ღვთაებრივი კი მხოლოდ ისაა, რასაც არც საწყისი აქვს და არც ბოლო. ამასთანავე, თუკი ღმერთები ოდესმე დაბადებით გაჩდნენ, რატომ ახლა არ იბადებიან? განა არ დაბერდა იუპიტერი და იუნონამ არ დაკარგა გამრავლების უნარი, მინერვა გაჭაღარავდა, ვიდრე დედა გახდებოდა. იმის გამო ხომ არ შეწყდა ღმერთების დაბადება, ამნაირი ამბებისა აღარავის რომ არ სჯერა? ღმერთებს დაბადება რომც შეეძლოთ, მათი სიკვდილი მაინც შეუძლებელია. მაშინ ადამიანებზე მეტი ღმერთები გვეყოლებოდა. ვერც ცა დაიტევდა მათ, ვერც ატმოსფერო და ვერც მიწა ატარებდა. ცხადზე უცხადესია, რომ ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც დაიბადნენ და მოკვდნენ.

     ხალხი საჯაროდ ეთაყვანება ღმერთად შერაცხილ გამოსახულებებს, უეჭველია, რომ გამოუცდელ ადამიანთა აზრი და გონება დატყვევებულია მხატვრული ჰარმონიით; დაბრმავებულია ოქროს ბრწყინვალებით, ვერცხლის სინათლითა და სპილოს ძვლით. თუ ვინმე ჩაუფიქრდება, რა გზითა და საშუალებით კეთდება ყოველგვარი გამოსახულება, შერცხვება, ხელოვანის მიერ ღმერთის სახედ შექმნილი საგნის რომ ეშინია. ხეზე გამოკვეთილი ღმერთის სახე რაღაც მორისგან ან უნაყოფო ხისგან მზადდება, მუშავდება, გამოირანდება, ხოლო ოქროსა და ვერცხლზე შესრულებული ღმერთის გამოსახულება კი, როგორც ეს ეგვიპტელ მეფეს შეემთხვა – რაიმე ჭუჭყიანი ჭურჭლისგან კეთდება, ჩაქუჩით გამოიჭედება და გრდემლის საშუალებით იღებს ფორმას. ქვაზე შესრულებული კი – ქვისგან გამოიკვეთება ვინმე კადნიერი ხელოსნის მიერ და ამგვარად შექმნილი ღმერთი ვერც იმას გრძნობს, როგორ წარმოიშვა და ვერც ღვთისმსახურების პატივს. ქვაში, ხეში და ვერცხლში ხომ თავიდანვე არაა ღმერთი, მაშინ როდის ჩნდება იგი? აი, მას საფუძველს უყრიან, ამუშავებენ, გამოაქანდაკებენ, მაგრამ ეს ღმერთი როდია. ტყვიით შეადუღებენ, დადგამენ, მოაწყობენ – არც ესაა ღმერთი. აი, მორთავენ, თაყვანს სცემენ, ლოცულობენ – მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ღმერთი, როცა ადამიანი მოიწადინებს და მსხვერპლს შესწირავს მას.

     როგორ უყურებენ თქვენს ღმერთებს ცხოველები? თაგვებმა, მერცხლებმა და ძერებმა იციან, რომ მათი გამოსახულებები ვერაფერს გრძნობენ. ისინი ეჯახებიან, ზედ ასხდებიან, და თუ არ გაყრით ხოლმე, ზედ თქვენი ღმერთების ბაგეებთან გაიკეთებენ ბუდეებს. ობობები სახეს უფარავენ და ზედ თავებზე უბამენ აბლაბუდებს. თქვენ ასუფთავებთ, ხეხავთ, იფარავთ და ამასთანავე, გეშინიათ იმისი, რასაც თვითონვე ქმნით. არც ერთ თქვენგანს არ მოსვლია აზრად, რომ ღმერთის თაყვანისცემამდე მისი შეცნობა იყო საჭირო.

     ისინი დაუფიქრებლად მისდევენ წინაპართა ნაკვალევს; ურჩევნიათ, სხვების მცდარი აზრი გაიზიარონ, ვიდრე თვითონ ირწმუნონ რაიმე. არაფერი იციან იმის შესახებ, რისიც ეშინიათ. ამიტომაც მოხდა, რომ ოქროსა და ვერცხლში ანგარებისმოყვარეობა სიწმინდედ შეირაცხა. ცარიელ ქანდაკებებს მიეცა აღნიშნული ფორმა და ასე გაჩნდა რომაული ცრუმორწმუნეობა.

     რამდენ სასაცილოსა და უგუნურს აღმოვაჩენთ, თუ ამ რიტუალებს გადავხედავთ. ერთნი შიშვლები დადიან საშინელ სიცივეში. მეორენი – თავსაბურავებით და ფარსებსაც ატარებენ, კანს იჭრიან, მოწყალებას ითხოვენ, სოფელ-სოფელ დაატარებენ ღმერთებს. ერთ სამლოცველოში წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შესვლა. ზოგიერთის ნახვა კი საერთოდ აკრძალულია. ზოგან მამაკაცი ვერ შევა, ზოგან – ქალი. ზოგიერთი ცერემონიალის დროს მონის დასწრება არ შეიძლება. ზოგ კერპს გვირგვინით ამკობს მხოლოდ ერთხელ განათხოვარი ქალი, მეორეს – ბევრნაქმარევი, და დიდი რუდუნებით ეძებენ ასეთს. საკუთარი სისხლის დაღვრა და ჭრილობებით ღმერთზე ლოცვა უგუნური საქციელი უფროა, ვიდრე რელიგიური. ისინი, ვინც თავს ისაჭურისებენ და ფიქრობენ, რომ ასეთი რამ ღმერთს სიამოვნებს, განა არ შეურაცხყოფენ მას? ღმერთს რომ საჭურისები ნდომოდა, არ შეეძლო, შეექმნა ისინი?

     განა ვინმესთვის გაუგებარია, რომ ესენი არაჯანსაღი, ყოვლად უსარგებლო და გონებადაბნელებული ადამიანები არიან? თავიანთი შეცდომებით ორმაგ გაურკვევლობაში მოქცეულან. ეს სიბრმავე რომ საერთო სენია, არაჯანსაღ ადამიანთა სიმრავლეზე მეტყველებს.

     25. “მაგრამ რომაელების სარწმუნოებამ ხომ შექმნა, გააფართოვა და გაამყარა მათი ძალაუფლება. სიმამაცეზე უფრო რწმენამ და ღვთისმოსავობამ გააძლიერა ისინი” უდავოა, რომ გამოჩენილი და სახელმოხვეჭილი რომაული სამართალი იმპერიის დაარსების დღიდანვე შექმნეს. განა უხეში ძალისა და ბოროტების განმტკიცებით არ ჩამოყალიბდა იგი? თავდაპირველად იგი ხომ გამოქცეული ადამიანების თავშესაფარი იყო. აქ თავი მოიყარეს უსინდისოებმა და ბოროტმოქმედებმა, ცოდვილებმა, მკვლელებმა და მოღალატეებმა. აქაურმა მეფემ და მმართველმა, რომოლუსმა ძალაუფლების მოსაპოვებლად გამოუსწორებელი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. აი ასე ჩაეყარა საფუძველი ღვთისმოსავ სახელმწიფოს. ამის შემდეგ რომაელებმა არა ერთი და ორი დანიშNული თუ უკვე გათხოვილი ქალი მოიტაცეს, გააუპატიურეს, შეარცხვინეს, იმათ მშობლებთან, თავიანთ სიმამრებთან ომი გამართეს და საკუთარი ნათესავების სისხლი დაღვარეს. რა შეიძლება იყოს უფრო უზნეო და უხამსი, ვიდრე ეს თავხედური ბოროტმოქმედება. საკუთარი მიწებიდან მეზობელი ხალხის გაძევება, ქვეყნების განადგურება ტაძრიან-საკურთხევლიანად, ხალხის დატყვევება, ბოროტმოქმედებითა და სხვათათვის ზიანის მიყენებით გაძლიერება – აი, ეს იყო რომოლუსისა და შემდეგ დროინდელი მეფეების ზრუნვის საგანი. ასე რომ, ყველაფერი, რაც რომაელებს გააჩნიათ, ეთაყვანებიან და ფლობენ, მათი თავხედობის მონაპოვარია. იმათი ტაძრები წარმოტყვენილი ქონების, ქალაქების დანგრევის ღმერთების გაძარცვისა და ქურუმების დასჯის ხარჯზეა აგებული.

     სასაცილო და დამამცირებელია ის ფაქტი, რომ რომაელებმი თავად ემორჩილებიან დამარცხებულთა სარწმუნოებას და გამარჯვების შემდეგ დატყვევებულთა ღმერთებს ევედრებიან. მართლაც მკრეხელობაა და არა ღმერთის თაყვანისცემა შეევედრო იმას, ვინც დაატყვევე. რომაელებს იმდენივე სამარცხვინო საქმე აქვთ ჩადენილი, რამდენიც ტრიუმფალური. რამდენი გამარჯვებაც მოიპოვეს, იმდენჯერვე გაქურდეს ღმერთები. ასე რომ, ძლიერები არიან არა იმდენად ღვთისმოსავობის, არამედ კადნიერების წყალობით, შეუძლებელია, ომის დროს მფარველად მოვლენოდნენ ის ღმერთები, რომელთა წინააღმდეგ იარაღს აღმართავდნენ და გამარჯვების შემდეგ კი ევედრებოდნენ. ან რისი გაკეთება შეუძლიათ იმ ღმერთებს, როცა საკუთარ თაყვანისმცემლებს ვერაფრით დაეხმარნენ რომაელთა მახვილის წინააღმდეგ?

     ვიცნობ საკუთრივ რომაელთა ღმერთებსაც: რომულუსი, პიკუსი, პილუმნუსი და კოლუმნუსი. ტაციტუსმა ახალი ღმერთი-კლოაცინა შექმნა და თაყვანი სცა მას. ჰოსტილიუსმა – “პალორი” და “პავორი” (შიშIსა და ძრწოლის ღმერთი), გარდა ამისა, არ ვიცი ვიღაცამ “ფებრისიც” – კი (ციება) ღმერთად გამოაცხადა. აი, რა მფარველობს ამ ქალაქს, ცრუმორწმუნეობა, შიში და ავადმყოფობა. თქვენ წარმოიდგინეთ, აკა ლარენცია და ფლორა, ეს ურცხვი მეძავები, დასახელებულ ავადმყოფობებთან ერთად რომაელთა ღმერთების რიცხვს მიეწერებიან. ესენი რომაელებს დაეხმარნენ თავიანთი ძალაუფლების გავრცელებასა და დამარცხებულთა ღმერთების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთ რაიმეს ვერ ჩაიდენდა თრაკიელი მარსი, ან კრეტელი იუპიტერი, ან იუნონა არგოსელი, სამოსელი, კართაგანელი, ან ტავრიელი, ვერც დიანა, ან ღმერთების დედა იდეა, ანუ ეგვიპტელი, რომელიც სასწაულმოქმედი უფროა, ვიდრე ღმერთი. ნუთუ მათ რომაელებში წმინდა ქალწულები იპოვეს, ან კეთილმოსურნე ქურუმები? განა არ დაისაჯა უამრავი ქალი, რომელთაც, რა თქმა უნდა, ვესტას ნების გარეშე განუკითხავად იმრუშეს? და თუ სხვები გადაურჩნენ სასჯელს, ეს არა მათი ზნეობრივი სისუფთავისთვის, არამედ უფრო იღბლიანი გარყვნილობის წყალობით.

     სხვაგან სად იქცევიან უფრო სამარცხვინოდ, ვიდრე ქურუმები ტაძრებსა და საკურთხევლებში. ტაძრის მეთვალყურეთა კედლებში ხშირად უფრო უზნეოდ მრუშობენ, ვიდრე საროსკიპოებში.

     რომაელებზე უფრო ადრე, ღმერთის განგებით, ასირიელები, მედიელები, სპარსელები, ბერძნები და ეგვიპტელები ფლობდნენ ძალაუფლებას, მაშინ, როცა არც ქურუმები ჰყავდათ და არც მწყემსები, არც მარსისა და ვესტას ქურუმები, არც ფრინველთმისნები, არც დამწყვდეული წიწილები, რომელთა მადისა და აზიზობის მიხედვით იმართებოდა უმაღლესი სახელმწიფოებრივი საქმეები.

     26. ახლა გადავდივარ რომაელთა წინასწარმეტყველებისა და მკითხაობის ამბებზე, რომლებიც ასე გულდაჯერებით შეკრიბე და დაიმოწმე; მათი უყურადღებოდ დატოვება დამღუპველი შედეგის მომტანი იყო, დაკვირვება კი – ბედნიერებისა. ნუთუ გგონია, რომ კლოდიუსს, ფლამინიუსსა და იუნიუსს იმიტომ გაუნადგურდა ჯარი, რომ ვერ მოისაზრეს დალოდებოდნენ წიწილების წინასწარ მომასწავებელ ნიშანს? რა, რეგულუსი განა ყურადღებით არ ეკიდებოდა ავგურების მისნობას, ტყვედ რომ ჩავარდა? მანცინუსიც იცავდა რელიგიურ წესებს, მაგრამ მონა გახდა. წიწილებისგან კარგმა წინასწარცნობამ გაახარბა პაულუსი, კანასთან რომ დამარცხდა, გაიუს ცეზარმა არ დაუჯერა ავგურებისა და მისნების ნათქვამს – ზამთრამდე არ გამგზავრებულიყო აფრიკაში, მაგრამ ძალიან იოლად მივიდა და გაიმარჯვა კიდეც.

     რა უნდა ვთქვა მისნების შესახებ? ამფიარაუსმა განჭვრიტა, რა იქნებოდა მისი სიკვდილის შემდეგ, ის კი არ იცოდა, რომ ცოლი უღალატებდა ყელსაბამის გამო. ბრმა ტირესიამ იწინასწარმეტყველა მომავალი, მაგრამ ვერ ხედავდა აწმყოს. ენნიუსმა პითიელი აპოლონის პასუხიც კი შეთხზა პირუსის შესახებ, მაშინ როცა, აპოლონი, ეს მოხერხებული და ორაზროვანი მისანი, უკვე აღარ ეწეოდა ამ საქმეს, იმის შემდეგ, რაც ადამიანები განათლებულები და ნაკლებად მალემრწმენები გახდნენ. დემოსთენე, რომელმაც იცოდა პითიას მოგონილი პასუხების ამბავი, ჩიოდა, რომ იგი ფილიპეს მხარეს იჭერდა.

     “მაგრამ არა ერთხელ ემთხვეოდა ეს წინასწარმეტყველება და მისნობა სინამდვილეს”. შემთხვევის წყალობით, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ნამდვილად მსგავსი აღმოჩენილიყო, მაგრამ დავიწყებ თავად ამ შეცდომისა და ტყუილის წყაროდან, რომლიდანაც მომდინარეობს მთელი ეს წყვდიადი, უფრო ღრმად ჩავწვდები მას და ნათლად წარმოვაჩენ.

     არსებობს უწმინდური და მაცდური სულები, ციდან მიწიერ ჭუჭყსა და ვნებებში ჩამოუსლი. ამ სულებმა თავიანთი ბუნებრივი უბრალოება დაკარგეს, მანკიერება შეიძინეს და უბედურებაში თავის დასამშვიდებლად, თავად დაღუპულები, სხვებსაც აცდენენ, ტყუილს ნერგავენ და ღმრთისაგან დაშორებულნი, ცდილობენ, მანკიერი რწმენით სხვებიც დააშორონ მას. ამ სულებს დემონებად იცნობენ პოეტები, ამაზე მსჯელობენ ფილოსოფოსები, ეს შეიცნო სოკრატემ, რომელიც მასთან მყოფი დემონის სურვილისა და ნების მიხედვით ან გადადებდა რაიმე საქმეს, ან იწყებდა მის კეთებას. ჯადოქრები არა მარტო იცნობენ დემონებს, არამედ მათი საშუალებით ჩადიან ყველაფერ სასწაულებრივს. მათი თანამონაწილეობითა და გავლენით ისინი ატყუებენ სხვებს, რომ დაანახონ ის, რაც არ არსებობს, ან დაუმალონ ის, რაც სინამდვილეშია.

     პირველი ამ ჯადოქართაგან თავისი სიტყვითა და საქმით არის ჰოსტანესი, იგი შესაფერი სიწმინდით ლაპარაკობს ჭეშმარიტ ღმერთზე, ანგელოზებზე, ესენი არიან ღმერთის მსახურები და მაცნეები, წარმოადგენს მათ, როგორც ღმერთის ტახტრევნათან მდგომებს, ისეთნაირად, რომ უფლის ნებისა და მისი სახის წინაშე შიშIთ კანკალებენ. იგივე ჰოსტანესი ზოგჯერ დემონებს წარმოადგენს, როგორც მიწიერ არსებებს, მერყევებს და ადამიანთა მტრებს. რა, პლატონი, რომელსაც სჯეროდა, რომ ღმერთის შეცნობა ძნელი საქმეა, განა არ გვიამბობს ანგელოზებისა და დემონების შესახებ და თავის “ნადიმში” არ ცდილობს, განსაზღვროს დემონური ბუნება? მისი აზრით, ეს არის რაღაც სუბსტანცია მოკვდავ და უკვდავ არსებათა შორის, ანუ რაღაც საშუალო სხეულსა და სულს შორის. იგი შედგენილია მიწიერი სიმძიმისა და ციური სიმსუბუქის შერწყმით, მისგან გვეძლევა სიყვარულის უნარი, გვენიჭება გარკვეული სახე, იგი მკვიდრდება ადამიანის გულში, მოქმედებს ჩვენს მდგომარეობაზე, აღვივებს გრძნობებს და ვნებათა ცეცხლს.

     27. ამგვარად, ეს უწმინდური სულები, რომლებსაც იცნობდნენ ჯადოქრები, ფილოსოფოსები და პლატონიც, იმალებიან წმინდად შერაცხილ ქანდაკებებსა და გამოსახულებებში, ისე, თითქოს ამ გამოსახულებებში ღმერთი იყოს ჩასახლებული. ისინი შთააგონებენ ქურუმებს საკურთხევლებში, მოქმედებენ შინაგან ბუნებაზე, წარმართავანე ბედისწერას, უამრავი ტყუილისაგან ქმნიან ბნელ, გამოუცნობ წინასწარმეტყველებებს. თვითონ ცდებიან და ჩვენც გვაცდენენ, იმიტომ რომ არ იციან უტყუარი ჭეშმარიტება, ან თუ იციან, არ აღიარებენ, მათთვის დამღუპველი რომ არ აღმოჩნდეს. ამგვარად, ისინი ციდან ქვემოთ, მიწისკენ ეწევიან ადამიანებსა და ჭეშმარიტი ღმერთიდან – მატერიისაკენ. განსაცდელს უქმნიან ცხოვრებას, აფორიაქებენ სიზმრებით, ჩუმად შეძვრებიან ადამიანის სხეულში, როგორც ნაზი სულები, იწვევენ ავადმყოფობას, გონებას უფრთხობენ, უზიანებენ სხეულის ნაწილებს, იმისთვის, რომ თაყვანი აცემინონ ხალხს, თითქოს ისინი საკურთხევლის კვამლითა და სამსხვერპლო ცხოველებით კვებავენ, ზრუნავენ და აღადგენენ მათ, ვისთანაც კავშირი აქვთ. სწორედ ესენი არიან ის შეშლილები, ხალხში რომ დარბიან, ის ჯადოქრები, რომლებიც ტაძრის გარეთ ასე გიჟურად იქცევიან, შმაგობენ, ისინი ერთნაირად წაქეზებულები არიან დემონისაგან, განსხვავებულია მხოლოდ მიზეზები. სწორედ მათგან მომდინარეობს ის, რის შესახებაც შენ ილაპარაკე ცოტა ხნის წინ, რომ იუპიტერი სიზმრებში სანახაობებს (თამაშობებს) აწყობს, რომ ჩნდებიან კასტორები, ცხენზე ამხედრებულები, რომ მატრონას საბელს მიჰყვებოდა ნავი.

     უმეტესობა თქვენგანმა იცის ყოველივე ეს. დემონები თავიანთ თავს ავლენენ მაშინვე, როცა ჩვენი სამსჯავრო სიტყვებითა და მგზნებარე ლოცვით სხეულიდან ვაძევებთ მათ.

     თავად სატურნი, სერაპისი, იუპიტერი და თითოეული დემონთაგანი, რომელთაც თქვენ იცნობთ და თაყვანს სცემთ, ზოგჯერ თქვენი თანდასწრებითაც კი ცრუობენ საკუთარი უსახურობის დასამალავად.

     დაუჯერეთ ამათ მოწმობას, მართალს ამბობენ, რომ ისინი დემონები არიან, ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთის მიერ დაწყევლილები, საცოდავად კანკალებენ, ან მაშინვე ტოვებენ სხეულს, რომელშიც ბუდობენ, თანდათანობით უჩინარდებიან იმის მიხედვით თუ რამხელა რწმენა და სურვილი ამოძრავებს ადამიანს.

     ქრისტიანების მიახლოებისა ეშინიათ, მაგრამ თქვენი საშუალებით შორიდან თავს ესხმიან მათ, შიშით იპყრობენ გამოუცდელ ადამიანთა სულებს და ფარულად ზიზღით განაწყობენ ჩვენს მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ გიყვარდეს ის, რისიც გეშინია, და თუ შესაძლებელია, ზიანი მიაყენო. ასე იმონებენ დემონები ადამიანთა სულებს მანამ, ვიდრე ჩვენ შეგვიცნობდნენ, ისე იქცევიან, რომ შეგვიძულონ, ჩვენი შეცნობის შემდეგ ან არ მოგვბაძონ, ან აღარ უარგვყონ.

     28. რაოდენ საწყენია, რომ განსჯით იმას, რაზეც არ გიფიქრიათ და არ შეგისწავლიათ. ენდეთ ჩვენს სინანულს, ჩვენც ხომ ასე ვიქცეოდით, დაბრმავებულები და ბრიყვები თქვენსავით ვფიქრობდით, თითქოს ქრისტიანები ეთაყვანებიან გამოგონილ სასწაულებს, ბავშვებს კლავენ, თავიანთ ნადიმებზე უწმინდურ საქმეებს ჩადიან; ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი დემონებისაგან მოდიოდა, გამოუკვლეველი და დაუდასტურებელი იყო. ამ ხნის განმავლობაში არავინ გამოჩნდა, რომელიც ამას ნათელყოფდა, არა იმდენად ნამოქმედარის შესაწყნარებლად, არამედ თუნდაც თავისი მიგნების გამოსავლენად. ქრისტიანები იმდენად სუფთანი არიან, რომ ბრალდებულები არც წითლდებიან და არც ეშინიათ, ერთადერთი იმაზე წუხან, რომ თავიდანვე არ აღიარებდნენ ამ სარწმუნოებას.

     ვიღაც მკრეხელები, ბოროტმოქმედნი და მამისმკვკლელები პოულობდნენ ჩვენში დამცველებსა და მფარველებს, იმაზე კი არასოდეს გვიფიქრია, ერთხელ მაინც მოგვესმინა ქრისტიანებისათვის, იშვიათად, როცა მათ მიმართ სიბრალული აღგვეძროდა, კიდევ უფრო უმოწყალოდ ვექცეოდით, იმისთვის, რომ უარეყოთ თავიანთი რწმენა; ვფიქრობდი, ამით გადავარჩენდით სიკვდილისაგან, ვაწამებდით მათ გაუმართლებელი საჩივრებით, ამას ჩავდიოდით არა ჭეშმარიტების საძიებლად, არამედ იმიტომ, რომ მცდარი გზით წაგვეყვანა ისინი. და თუკი ვინმე სუსტი და ამ გამოცდით დამარცხებული უარყოფდა ქრისტიანობას, ჩვენ მას განსაკუთრებულად ვწყალობდით, თითქოს, ქრისტიანობის უგულებელყოფით იგი გამოისყიდდა ჩადენილ ცოდვებს. ვერ ხედავთ, ჩვენც ისე ვფიქრობდით და ვიქცეოდით, როგორც ახლა თქვენ: დემონების წაქეზებას კი არა, გონებას რომ ემართა ჩვენი საქციელი, უნდა გვეიძულებინა ქრისტიანები, არ უარეყოთ თავიანთი მრწამსი, არამედ ეღიარებინათ სამარცხვინო საქციელი, უმსგავსო ჩვეულებანი, და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის ფაქტი.

     აი, ასეთი ამბებით უტენიან დემონები ყურებს ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოუცდელ ადამიანებს, იმისთვის, რომ დაგვგმონ და ეშინოდეთ ჩვენი; არცაა გასაკვირი, ყოველგვარი ჭორი, რომელიც ტყუილის ნაყოფით იკვებება, ჭეშმარიტების გამოვლენისთანავე ნადგურდება: აი, ესაა დემონის საქმე! აქედან იბადება, ამასვე ემყარება მცდარი აზრი, რაც შენგან მოვისმინეთ, თითქოს, ჩვენ ღვთაებრივ პატივს მივაგებთ ვირის თავს. ვინ უნდა იყოს ისეთი ბრიყვი, რომ ასეთ რამეს ეთაყვანოს? ან ვინ უნდა ირწმუნოს ასეთი თაყვანისცემის? თქვენ ხომ არა, რომლებიც წმინდად თვლით ვირების მთელ ჯოგს, თქვენს ღმერთ ეპინესთან ერთად, რომელსაც მიირთმევთ კიდეც ისიდესთან ერთად, კლავთ და თან ეთაყვანებით ხარისა და ცხვრის თავებს, თხისა და ადამიანის, ან ლომისა და ძაღლის შერეულ გამოსახულებას უდგამთ ღმერთებს განა თქვენც ეგვიპტელებივით წმინდა ხარს, აპისს არ უვლით და ეთაყვანებით? არც იმათ სხვა წესებს უარყოფთ – გველების, ნიანგების, სხვა მხეცების, ჩიტებისა და თევზების თაყვანისცემას რომ გულისხმობს, ვინმემ რომ მოკლას რომელიმე მათგანი, სიკვდილით დაისჯება. იგივე ეგვიპტელებს და უმრავლესობა თქვენგასაც ხახვის სიმწარის უფრო ეშინია, ვიდრე ისიდესი, ასევე ერიდებიან სერაპისს – როგორც ადამიანის სხეულიდან გამომავალ სამარცხვინო ხმებს.

     ვინც მლოცველთა წინააღმდეგ გამოდის, ცდილობს, მოგვაწეროს მისთვის დამახასიათებელი მანკიერებანი, ყველანაირი მრუშობა და გარყვნილება, რომელიც კულტურული ცხოვრების სახელს ატარებს; ისინი შენატრიან მეძავების უსირცხვობას, და მეტისმეტად ავხორცულად ცხოვრობენ. ამ ადამიანებს ბილწი ენა აქვთ მაშინაც კი, როცა დუმან. კი არ ერცხვინებათ გარყვნილება, უბრალოდ, წყინდებათ.

     რა საშინელებაა! თავს ნებას აძლევენ, ჩაიდინონ ისეთი დანაშაულებრივი საქციელი, რომელიც არ შეეფარდება არანაირ ასაკს, რომელსაც ვერ გაიძულებს ვერანაირი მონობა.

     29. ასეთი და ამის მსგავსი საშინელების მოსმენაც კი არ შეგვფერის, სამარცხვინოც კია, თავი დავიცვათ მსგავსი ბრალდებებისგან, თქვენ კი წმინდა და უბიწო ადამიანებზე იმას ფიქრობთ, რის არსებობასაც კი ვერ დავიჯერებდით, თქვენ რომ არ განასახიერებდეთ.

     ბევრი შორსაა ჭეშმარიტებისგან, დამნაშავე ადამიანისა და მისი ჯვრის თაყვანისცემას რომ მოგვაწერთ, ნუ გგონიათ, რომ დამნაშავეს, ან ჩვეულებრივ მიწიერ ადამიანს შეეძლოს ღმერთობა. ვინ შეიძლება იყოს იმაზე უფრო საცოდავი, ვინც მთელ თავის იმედებს მოკვდავ ადამიანზე ამყარებს? მისი წყალობა ხომ ამ ადამიანის სიკვდილთან ერთად მთავრდება. კი, ეგვიპტელები მართლაც ირჩევენ ადამიანს, რომელსაც ემსახურებიან, მხოლოდ მას აღმერთებენ, მას ეკითხებიან ყოველგვარ რჩევას, მას სწირავენ მსხვერპლს; და ის, ვინც სხვებისთვის ღმერთია, ნება-უნებლიეთ, ადამიანია, იგი ვერ აცდუნებს საკუთარ შეგნებას, თუმცა სხვებს კი ატყუებს. სრულიად ბუნებრივია, თავმდაბლობით დაემორჩილო მეფეებსა და პატრონებს, როგორც დიდ და გამორჩეულ ადამიანებს და არა როგორც ღმერთს, რჩეული ადამიანისთვის პატივის მიგება მართლაც ჭეშმარიტი ღირსება, მაგრამ ამას ისინი ღმერთს უწოდებენ, მუხლს იყრიან ქანდაკებების წინაშე. ცრემლებით ევედრებიან იმათ სულს, იგივე დემონებს და უფრო უსაფრთხოდ თვლიან, სიცრუით შეჰფიცონ იუპიტერს, ვიდრე თავიანთ მეფეს.

     ჯვრებს კი, თქვენ რომ გგონიათ, ისე არც ვემსახურებით და არც ვევედრებით. რა თქმა უნდა, თქვენ, რომელთაც ხისგან გაკეთებული არსებები გყავთ გაღმერთებული, ხის ჯვრებს ეთაყვანებით, როგორც თქვენი ღმერთების ნაწილს; მართლაც, სხვა რა არის საბრძოლო დროშები და ნიშნები, თუ არა მოქსოვილი და მორთული ჯვრები? თქვენი გამარჯვების კვარცხლბეკებს არა მარტო ჯვრის ფორმა აქვს, არამედ ჯვარცმულ ადამიანს გამოსახავენ. ჯვრის ბუნებრივ ნიშანს ჩვენ ვხედავთ ნავში, როცა იგი მიდის გაშლილი აფრებით, როცა უღელი იკვრება, იმასაც ჯვრის ფორმა აქვს. როცა ადამიანი გაშლილი ხელებით და წმინდა გულით ღმერთს ეთაყვანება, იგივე სახეს იღებს, ასე რომ, ჯვრის ნიშანი მოიპოვება ბუნებაშიც და თქვენს რელიგიაშიც.

     30. ვისურვებდი შეხვედროდი იმას, ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ ჩვენი ნათლობა ხდება ბავშვის სიკვდილითა და მოკლულის სისხლით. ნუთუ, შენ ფიქრობ, რომ შესაძლებელია ასეთი რამ არსებობდეს, რომ ასე ნაზ და ნორჩ სხეულს ჭრილობებს აყენებდნენ? რომ ვინმეს შეუძლია მოკლას ახალშობილი, გამოიღოს მისი სისხლი და შესვას? არ შეიძლება, ვინმემ ეს დაიჯეროს, გარდა იმისა, ვინც თავად გაბედავს ჩაიდინოს ასეთი რამ. მე ვხედავ, რომ თქვენ ახალშობილებს მხეცებსა და ჩიტებს მიუგდებთ ხოლმე, ახრჩობთ, კლავთ. არიან თქვენ შორის ქალები, რომლებიც თავიანთ ნაყოფს ძლიერმოქმედი წამლების საშუალებით ანადგურებენ და შობამდე კლავენ, ამისკენ თქვენი ღმერთების საქციელი გიბიძგებთ. სატურნმა კი არ გადააგდო თავისი შვილები, არამედ შეჭამა. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მშობლები მსხვერპლად სწირავენ თავიანთ შვილებს, მოფერებითა და კოცნით აჩერებენ იმათ ღრიალს, რომ მტირალი არ შეწირონ მსხვერპლად. ტავრიელებს, პონტოელებს და ეგვიპტელ მეფეს, ბუზირასს წესად ჰქონდათ, მსხვერპლად შეეწირათ უცხოელი, სტუმარი, ხოლო გალები კი მერკურს მსხვერპლად სწირავდნენ როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს; რომაელები მსხვერპლშეწირვის მიზნით ცოცხლად მარხავდნენ როგორც ბერძენ, ასევე გალელ ქალ-ვაჟს, ისინი დღესაც თაყვანს სცემენ ლაციუმელ იუპიტერს ადამიანთა მკვლელობით: სატურნის შვილი კი ცუდი და დამნაშავე ადამიანების სისხლით იკვებება. მჯერა, რომ თავად კატილინამ ამ ღმერთისგან ისწავლა სისხლით კავშირის შეკვრა, ბელონა თავის მსხვერპლს ადამიანის სისხლით ასველებდა, უმძიმეს დაავადებას – ეპილეფსიას ადამიანის სისხლით კურნავდა. ამათგან ბევრად არ განსხვავდებიან ისინი, ვინც არენაზე გამოყვანილ ცხოველებს ჭამენ, ადამიანის სიხლით სხეულისა ნაწილებითა და ხორცით გამოკვებილებს. ასეთი რამის დანახვა და მოსმენაც კი არ შეგვიძლია, იმდენად ვფრთხილობთ, რომ საკვებად გამოყენებული ცხოველების სისხლსაც კი არ ვეკარებით.

     31. სამარცხვინო ღრეობების ამბავიც დემონების მოგონილია, რათა ჩვენი უბიწოების სახელს ჩირქი მოსცხონ, და ვიდრე ადამიანები სინამდვილეს გაიგებენ, ჩამოგვაშორონ. ამის შესახებ შენი ფონტონიც ლაპარაკობს, მაგრამ არა როგორც მოწმე იმისა, რაც ნახა, არამედ როგორც დამადანაშაულებელი ორატორი.

     ეს, უპირველეს ყოვლისა, თქვენთან გაჩნდა. სპარსელებისათვის დედებთან შეუღლება მიღებული წესია, ეგვიპტელებს და ათენელებს კანონიერი უფლება აქვთ, დებთან იქორწინონ, თქვენი ისტორიები და ტრაგედიები, რომელთაც დიდი სიყვარულით კითხულობთ და ისმენთ, სამარცხვინო საქმეებითაა სავსე. ურცხვნი არიან ის ღმერთებიც, რომელთაც თქვენ ემსახურებით, რომლებიც დედებთან, შვილებთან და დებთან შეუღლდებიან. ამიტომაც თქვენ შორის დასაშვებად ითვლება სისხლის აღრევა და ყოველთვის ნებადართულია. საცოდავებო, შესაძლებელია თქვენი არცოდნით ჩაიდინოთ დაუშვებელი რამ, რადგანაც განუკითხავად მიჰყვებით ვენერას, ყველასთან განურჩევლად აჩენთ შვილებს, და სახლში დაბადებულებს გარეთ ყრით ხოლმე, სხვების მოწყალების იმედით. შესაძლოა, რომ ერთხელ უკან დაგიბრუნდეთ შვილები და ვეღარ იცნოთ ისინი. ამგვარად, თავად ცოდვილები ჩვენზე ჭორაობთ, მაშინ როცა არავითარი სამისო საბუთი არა გაქვთ.

     ჩვენ კი უბიწოება მხოლოდ სახეზე კი არ გვაწერია, გონებაშიც გვაქვს. ერთჯერ ვქორწინდებით, იმისთვის რომ გვყავდეს შთამომავლობა, ერთი ცოლი გვყავს, ან საერთოდ არ გვყავს. ჩვენი შეხვედრები არა მარტო კეთილგონივრულობითაა გამორჩეული, არამედ ზომიერებითა და სიფრთხილითაც. ღრეობას კი არ ვეძლევით, ზომიერად მიგვყავს ლხინი, მხიარულებას ვაწონასწორებთ სერიოზული ზნეობრივი საუბრებით და თავშეკავებული მოძრაობებით. უმრავლესობა ცხოვრობს სხეულის მუდმივი უბიწოებით და ამით არ მედიდურობს. და ბოლოს, იმდენად შორსაა ჩვენგან სისხლის აღრევის წადილი, რომ ზოგიერთს სირცხვილადაც კი მიაჩნია ნორმალური ცოლ-ქმრული კავშირიც კი. არც მთლად უკანასკნელი მდაბიოთაგანი ვართ, თუმცა კი თქვენს დიდებასა და მეწამულ ტანსაცმელს უარვყოფთ, არც ბევრ რასმე მივედ-მოვედებით, ყველანი ერთ სიკეთეს მივყვებით, და ერთად შეკრებილები ისევე წყნარად ვიქცევით, როგორც თითოეული ცალ-ცალკე. არც ჩუმ-ჩუმად მოლაყბენი ვართ, საჯაროდ ჩვენი მოსმენის რომ გრცხვენიათ და გეშინიათ.

     ჩვენი რიცხვი, მართლაც, დღითი-დღე იზრდება, ეს დანაშაულებრივი შეცდომა კი არაა, საქებარი საბუთია. ლამაზად ვცხოვრობთ, და ამიტომაც ვიზიდავთ სხვებს. ერთმანეთს ვცნობთ არა სხეულის ნიშნებით, როგორც თქვენ გგონიათ, არამედ უბიწოებითა და თავშეკავებულობით. ერთმანეთთან სიყვარული გვაკავშირებს, ამას თქვენც გძნობთ, და არ ვიცით სიძულვილი. თქვენ გშურთ, ერთმანეთს ძმებს რომ ვუწოდებთ, როგორც ერთი ღმერთის შვილებს, რწმენისმიერ და-ძმებს, იმედით დაკავშირებულებს. თქვენ არც კი იცნობთ ერთმანეთს, სიძულვილი გამოძრავებთ, არც ძმებს უწოდებთ და მაშინაც ვერ ცნობთ ერთმანეთს, როცა ბოროტებას ჩადიხართ.

     32. მართლა გგონიათ, რომ ჩვენ ვმალავთ იმას, რასაც ვეთაყვანებით, რადგანაც არც ტაძრები გვაქვს და არც სამსხვერპლოები? რა ღმერთის გამოსახულება უნდა შევქმნა მე, მაშინ, როცა თუ სწორად განსჯით, ადამიანი თავად არის ღმერთის სახე. რა ტაძარი უნდა ავუშენო მას, როცა მთელი სამყარო, მის მიერ შექმნილი, უძლურია დაიტიოს იგი? და თუ მე, ადამიანს ფართოდ ყოფნა მიყვარს, როგორ ჩავატიო ერთ პატარა სამლოცველოში ამოდენა ღვთაებრივი ძალა? უმჯობესი არაა, ჩვენს გონებაში მოვათავსოთ იგი, და გულში შევინახოთ წმინდად? ვუძღვნა მას მსხვერპლი და შესაწირავი, რომელიც ჩემი სარგებლობისათვის მომანიჭა, უკან დავუბრუნო მას თავისივე ნაწყალობევი? ეს უმადური საქციელი იქნება. ღმერთის მსხვერპლი არის კეთილი გული, წმინდა გონება და წრფელი აზრები. ასე რომ, ვინც პატიოსნებით ცხოვრობს, ღმერთს ეთაყვანება, ვინც პატივს სცემს სამართლიანობას, იგი მსხვერპლს სწირავს მას. ვინც არ ცრუობს, ის შეიწყნარებს ღმერთს, ვინც მოყვასს განარიდებს საფრთხეს, იგი სწირავს ყველაზე დიდ მსხვერპლს, ასეთია ჩვენი მსხვერპლშეწირვა, ასეთია ღმერთის წმინდა წესები. ჩვენს შორის ისაა უფრო ღრმა მორწმუნე, ვინც მეტად სამართლიანია.

     “ღმერთს”, რომელსაც ვემსახურებით, ვერც სხვებს ვუჩვენებთ და ვერც ჩვენ ვხედავთ”. პირიქით, იმიტომ გვწამს მისი, რომ შევიგრძნობთ მას, თუმცა ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ მის არსებობას ყველაფერში, მთელ სამყაროში. ჭექა-ქუხილში, ელვაში, ნათელ ამინდში. ნუ გიკვირს, შენ რომ ვერ ხედავ ღმერთს. ქარისა და ქროლვისგან ყველაფერი მოძრაობაში მოდის, ირხევა და ირყევა, მაგრამ თვალისთვის შეუმჩნეველია თავად ქარის მოძრაობა. ჩვენ მზის დანახვაც კი არ შეგვიძLია, მზისა, რომელიც თავადაა მხედველობის მიზეზი. მისი სხივები თვალებს აბრმავებს, და თუ დიდხანს უყურებ მთლიანად დაკარგავ მხედველობის უნარს. რა, თავად მზის შემომქმედი, მისი სინათლის წყარო შეგიძლია დაინახო, მაშინ, როცა მზის ბრწყინვალებას ვერ უძლებ და მის ცეცხლოვანებას ემალები? შენ გსურს, ხორციელი თვალით დაინახო ღმერთი, მაშინ როცა არ ძალგიძს ხედავდე საკუთარ არსებას, რომლითაც ცხოვრობ და ლაპარაკობ.

     “მაგრამ ღმერთი ადამიანთა მოქმედებებს ვერ ხედავს, და ცაში მყოფს არ ძალუძს, შეაღწიოს ყველაფერში ან შეიცნოს თითოეული ცალ-ცალკე”. ცდები, ადამიანო, გეშლება, რანაირად არის ღმერთი ჩვენგან შორს, მაშინ, როცა ყველაფერი ზეციური და მიწიერი და ის, რაც ამ სამყაროს გარეთაა, ღმერთისთვის ცნობილია, იგი ყველაფერშია, ყველგანაა და არა მარტო ახლოა ჩვენთან, არამედ ჩვენშია. ისევე მზეს დააკვირდი! იგი ცაშია, მაგრამ განფენილია მთელ დედამიწაზე, ყველაფერშია, ყველგან არის, ყველაფერს აღაგზნებს, და არასოდეს ამოიწურება მისი სინათლე. რამდენად უფრო მეტადაა ღმერთი ყველაფრის შემომქმედი და ყველაფრის მხედველი, როცა არაფერი შეიძლება იყოს მისგან დაფარული. იგი ბნელშიცაა, ჩვენს არსებაშიც, რომელიც იგივეა, რაც სიბნელე. ჩვენ არა მარტო მისი საშუალებით ვმოქმედებთ, არამედ, თუ შეიძლება ითქვას, მასთან ერთად ვცხოვრობთ.

     33. ჩვენ სიმრავლით არ მოგვაქვს თავი. კი გვგონია, რომ ბევრნი ვართ, მაგრამ ღმერთისთვის ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენ განვარჩევთ მოდგმასა და ეროვნებას, ღმერთისთვის კი ეს სამყარო ერთიანი სახლია. მეფეებმა თავიანთი სამფლობელოების შესახებ ყველაფერი იციან მინისტრების სამსახურის წყალობით. ღმერთს არ სჭირდება ასეთი მაჩვენებლები. ჩვენ ვცხოვრობთ არა მარტო მის თვალწინ, არამედ მის წიაღში.

     “მაგრამ იუდეველებს არაფერში დახმარებია ის, რომ ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და უდიდესი მოწიწებით უგებდნენ ტაძრებს”. სულელური საქციელია, თუკი ივიწყებ წარსულს ან არ იცი იგი და ყურადღებას ამახვილებ მხოლოდ ახლანდელზე. როცა ისინი გულწრფელად და ხანგრძლივად თაყვანს სცემდნენ ჩვენს ღმერთს, რომელიც ასევე ყველასია, დიდი მოწყალება გადმოდიოდა მათზე. მცირერიცხოვანებიდან მრავალრიცხოვანი გახდნენ, არაფრის მქონენი გამდიდრდნენ, მონობაში მყოფნი მფლობელებად იქცნენ. არც თუ ისე მრავალრიცხოვანმა და თითქმის უიარაღომ ღმერთის ნებით და გარემოების შეწევნით, აურაცხელი მტერი გაანადგურა.

     კიდევ ერთხელ გადაიკითხე იმათი წიგნები, და თუ რომაელებისა გირჩევნია, მაშინ ძველი მწერლების, იოსებ ფლავიუსის ან ანტონიუს იულონოსის თხზულებანი ნახე. მაშინ გაიგებ, თუ რა ხვედრი მოიმკეს მათ თავიანთი ურწმუნოებით, მიხვდები, რომ ყველაფერი წინასწარგანგებით შეემთხვა ამ ხალხს, რადგანაც ღმერთს არ დაემორჩილნენ, უფრო ადრე ისინი განუდგნენ უფალს, ვიდრე ღმერთი მიატოვებდა მათ. ამიტომაც უმართებულოა, შენ რომ ამბობს, თავიანთ ღმერთთან ერთად დამარცხდნენო, ისინი ღმერთმა ჭკუის სასწავლებლად ჩაუგდო ხელში მტრებს.

     34. რაც შეეხება ცეცხლს, თუ თქვენ არ გჯერათ იმისა, რომ ცის გახსნის შედეგად ჩამოვარდა იგი დედამიწაზე, ეს ხალხისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი შეცდომაა. რაც კი რამ იბადება, ყველაფერი კვდება, ის, რაც წარმოიქმნება, დასასრულს უახლოვდბა. ცა და ყველაფერი ის, რაც ცაშია, უნდა დაინგრეს, იმდენად რამდენადაც წარმოიშვა. სტოელებს მყარად სჯეროდათ, რომ სასიამოვნო წყაროები, ზღვის წყლებს რომ კვებავენ, ცეცხლის ძალით გაქრებიან. და მთელი ეს სამყარო სითხის მარაგის ამოწურვასთან ერთად დაიწვება. იგივე აზრი აქვთ ეპიკურელებსაც ელემენტების სრულიად გადაწვასა და სამყაროს დანგრევის შესახებ. პლატონი ამბობს, რომ სამყაროს ნაწილები ზოგი წყალდიდობით დაინგრევა, ზოგი დაწვის შედეგად, თავად სამყარო კი მარადიულია და დაულეველი. მაგრამ იმასაც უმატებს, რომ მისი დარღვევა და სიკვდილი შეუძლია მხოლოდ ღმერთს, მისსავე შემოქმედს. ასე რომ, არაფერია საკვირველი იმაში, უზარმაზარი სამყარო რომ დაინგრეს სწორედ მისივე მეოხებით, ვისითაც შეიქმნა. შენ ხედავ, რომ ფილოსოფოსებიც იმასვე ფიქრობენ, რასაც ჩვენ ვამბობთ. მაგრამ ჩვენ კი არ მივყვებით იმათ ნაკვალებს, არამედ თავად ისინი ბაძავენ წინასწარმეტყველთა ღვთაებრივ ქადაგებებს ჭეშმარიტების განმარტებაში.

     სწავლულთაგან ყველაზე უფრო სახელგანთქმულმა, პირველმა პითაგორამ და უფრო მეტად პლატონმა, გადმოგვცეს მეტ-ნაკლებად სწორი და გაორებული თვალსაზრისი სიკვდილის შემდეგ ხელახლა აღდგინების თაობაზე. სხეულის განადგურების შემდეგ მხოლოდდამხოლოდ სული გადარჩება და მარადიულად გრძელდება, ერთი სხეულიდან გადადის სხვა, ახალ სხეულში, ამასვე უმატებენ აზრს, რომელიც ამახინჯებს ჭეშმარიტებას, რომ თითქოს, ადამიანთა სულები სიკვდილის შემდეგ ბრუნდებიან ცხოველების, ფრინველების და მხეცების სხეულში. ეს აზრი უფრო მასხარის ბოდვას ჰგავს, ვიდრე ფილოსოფოსის მოძღვრებას. მაგრამ ჩემთვის საკმარისია ისიც, რომ თქვენი ფილოსოსოფოსების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულად ჩვენსას ემთხვევა.

     გარდა ამისა, რომელი ბრიყვი და უგუნური ფიქრობს, რომ ადამიანის შემოქმედ ღმერთს, ასევე არ შეუძლია ხელახლა განაახლოს იგი? რომ აღარაფერი იქნება მისი სიკვდილის შემდეგ ისევე, როგორც არაფერი ყოფილა დაბადებამდე. თუ შესაძლებელია, რომ არაფრისგან გაჩნდა იგი, ასევე შესაძლებელია არაფრისგან ხელახლა შექმნას იგი. გაცილებით უფრო რთულია, არარსებულს მიანიჭო არსებობა, ვიდრე არსებული აღადგინო ახალი სიცოცხლით. გჯერა შენ, რომ ღმერთისთვის ქრება ის, რაც ჩვენს სუსტ თვალს მოეფარება? ყოველგვარი სხეული, რომელიც მტვრად იქცევა თუ წყლად, ფერფლად თუ კვამლად, ჩვენს დასანახად ქრება, ღმერთი კი ინახავს მის ელემენტებს. ჩვენ მიცვალებულის გვამის კრემაციისა არ გვეშინია, მაგრამ მივყვებით დასაფლავების ძველ და უკეთეს ტრადიციას.

     დააკვირდი, ჩვენი აზრით სასარგებლოდ, თუ როგორ ატარებს თავის თავში მთელი ბუნება ხელახლა აღდგომის იდეას. მზე ჩადის და ისევე ამოდის. ვარსკვლავები ქრებიან და ისევ ბრუნდებიან, ყვავილები ჭკნებიან და ისევ ყვავიან, ხეები ფოთოლცვენის შემდეგ ისევ გამწვანდებიან. თესლები დალპობის შემდეგ გაცოცხლდებიან. სხეულსაც იგივე ემართება დროთა განმავლობაში, რაც ხეებს ზამთარში; კარგავენ სასიცოცხლო ძალას, თვალის მომატყუებელი სიკვდილის სახით. რა საჩქაროა, ჯერ კიდევ მკაცრი ზამთრის პირობებში განცხოველდეს და დაბრუნდეს? ჩვენც უნდა დაველოდოთ ჩვენი სხეულის გაზაფხულის მოსვლას. ვინც იცის, რისი ღირსიცაა იმდენად კი არ სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ აღარ აღდგება, რამდენადაც ასე სურს, ურჩევნია მთლიანად გაქრეს, ვიდრე აღდგეს სასჯელისათვის. მათი შეცდომა კიდევ უფრო იზრდება იმითაც, რომ ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. ღმერთი კი ითმენს. მაგრამ რამდენადაც არ ჩქარობს ღმერთი განკითხვისთვის, იმდენად სამართლიანი იქნება სასჯელი.

     35. თქვენი სწავლულები და პოეტები თავიანთ თხზულებებში ახსენებენ რაღაც ცეცხლის ნაკადსა და სტიქიის ჭაობს, მუდმივად მოძრავ ალს, რომლებიც ადამიანთა სამუდამო წამებისთვისაა გამიზნული. ამის შესახებ მათ დემონების შთაგენოებითა და მისნების წინასწარმეტყველებათა წყალობით იციან. ამიტომაა, რომ თავად მეუფე იუპიტერიც კი ღვთისმოსავობით იფიცებს ცეცხლოვან ნაპირებსა და ბნელ უფსკრულებს. მასში იგი თავის თაყვანისმცემლებთან ერთად მოსალოდნელ განსაცდელს ხედავს, რომელსაც არა აქვს არავითარი საზომი და საზღვარი. ეს “გონიერი” ცეცხლი წვავს და აღადგენს სხეულის ნაწილებს, ასუსტებს და თან კვებავს მას, იმ ელვის მსგავსად, რომელიც ეხება სხეულს და არ ანადგურებს. როგორც ეთნასა და ვეზუვის, და საერთოდ, ყველა მიწიერი ვულკანის ცეცხლი ყოველთვის ვარვარებს და არ ქრება, ასევე ეს სამსჯავრო ალიც ანთია არა იმისთვის, რომ დაწვას მისთვის შეწირულები და ამით მორჩეს, არამედ სხეულის გამანადგურებელი წვალებით იკვებება.

     მათთვის ვინც არ იცის ღმერთის არსებობა, სამართლიანია წამება, ისევე, როგორც დამნაშავეებისა და უსინდისოებისთვის, ამაზე არავინ ეჭვობს, სულელის გარდა. ვინაიდან ყველაფრის შეწმოქმედისა და მეუფის უარყოფა არანაკლები ბოროტებაა, ვიდრე მისი შეურაცხყოფა; რამდენადაც ღმერთის არცოდნა სასჯელ იმსახურებს, იმდენად მისი შეცნობა გვეხმარება, რა თა შეწყალებული ვიქმნეთ.

     შესაძლოა ზოგიერთი ქრისტიანი ვერ ერკვეოდეს ყველაფერში ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ თქვენთან შედარებით მაინც ბევრად უკეთესები ვართ. თქვენ კრძალავთ მრუშობას, მაგრამ მრუშობთ, ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ ცოლებთან ვცხოვრობთ, თქვენთვის დასაშვებია ბოროტების ჩადენა, თუმცა სჯით მას. ჩვენთვის კი მაგის გაფიქრებაც კი ცოდვაა. თქვენ გეშინიათ თანამხილველებისა, ჩვენ კი მხოლოდ სინდისის, რომლის გარეშე არ შეგვიძლია არსებობა. და ბოლოს, ციხეები გადავსებულია თქვენი ხალხით, ქრისტიანები იქ არ არიან, გარდა საკუთარი რწმენის სიმტკიცის გამო დასჯილებისა და რჯულგანდგომილებისა.

     36. ნურავინ შეეცდება, ბედისწერით დაიმშვიდოს ან გაიმართლოს თავი. როგორც არ უნდა იყოს ბედის განაჩენი, ადამიანის სული ხომ მაინც თავისუფალია. სწორედ ამის, და არა მდგომარეობის მიხედვით განისჯება მისი მოქმედება. მართლაც, სხვა რა არის ბედი, თუ არა თითოეული ჩვენთაგანისათვის ღმერთისაგან განგებული რამ? ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფრის არსი და დამსახურებისა და ღირსების მიხედვით განსაზღვრავს თითოეულის ბედს. ამგვარად, იგი ადამიანებს განსჯის არა წარმომავლობის, არამედ ღირსების მიხედვით. ბედის შესახებ საკმარისია რაც ვთქვით. უფრო ნათლად და სრულყოფილად ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ.

     სხვათა შორის უმეტესწილად საცოდავ ადამიანებზე რომ ვლაპარაკობთ, ეს სამარცხვინო კი არა, პირიქით საპატიოა. როცა სული თავისუფლდება ფუფუნებისაგან, ზომიერებით მყარდება. ან როგორ შეიძლება, ღარიბი იყოს ის, ვისაც არაფერი აკლია, სხვებისა არ ეხარბება, ვინც ღმერთის წყალობითაა მდიდარი. საცოდავი უფრო ისაა, ვისაც ბევრი აქვს და უფრო მეტს ითხოვს. ვიტყვი ისე, როგორც ვფიქრობ: არავინ ისე ღარიბად არ რჩება ცხოვრებაში, როგორიც დაბადების დროსაა. ფრინველები მშობლების დანატოვრის გარეშე ცხოვრობენ და ყოველდღიურ ლუკმას მოიპოვებენ. ამასთანავე, ისინი ჩვენი სარგებლობისთვის არიან გაჩენილნი. ჩვენ არაფერი გვწყურია, ყველაფერი გვაქვს; ხომ გაცილებით იოლად დადის მგზავრი, რომელსაც ნაკლები ბარგი აქვს. სასიცოცხლო გზაზეც უფრო ნეტარია ის, ვინც სიღარიბით იმსუბუქებს ცხოვრებას და სიმდიდრის ტვირთის ქვეშ სულს არ ღაფავს. ჩვენ რომ საჭიროდ და სასარგებლოდ ვთვლიდეთ სიმდიდრეს, ღმერთს შევთხოვდით და ისიც გაიღებდა მოწყალებას, ყველაფერი ხომ მის ხელთაა. ჩვენი სურვილია, კი არ ვფლობდეთ სიმდიდრეს, გვეჯავრებოდეს იგი. უბიწოება გვწადია, მოთმინებას ვითხოვთ და გვსურს, უფრო მეტად კეთილები ვიყოთ, ვიდრე მფლანგველები.

     ადამიანური ბუნების ნაკლს რომ ვგრძნობთ და ვითმენთ, ეს სასჯელი კი არა, ჩვენი მოვალეობაა. მამაცობა ზოგჯერ სისუსტითაც მაგრდება, უბედურება კი ღირსების მომასწავებელია. და ბოლოს სულისა და სხეულის ძალა ვარჯიშის გარეშე სუსტდება. ყველა მამაცი ადამიანი, ვისაც თქვენ მისაბაძად თვლით, საშინელი წამების შემდეგ გახდა სახელოვანი. განა არ ძალუძს ღმერთს, შეგვეწიოს, განა ხელი აიღო ჩვენზე, იგი ყველაფრის წარმმართველია და უყვარს თავისიანები, მაგრამ თითოეულს გამოცდის, განსაცდელში ამოწმებს ადამიანის დიდსულოვნებას, ბოლო ამოსუნთქვამდე აკვირდება მის კეთილშობილებას, ყოველგვარი შიშის გარეშე, რადგანაც იცის, რომ მის უნებურად არაფერი დაიკარგება. ასე რომ, როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლით, ასევე ჩვენ – განსაცდელით.

     37. რა სასიამოვნო სანახავია ღმერთისთვის, როცა ქრისტიანი განსაცდელს აწყდება და წინააღმდეგობას უწევს სასჯელსა და წამებას. როცა იგი ღიმილით ხვდება სიკვდილის შიშსა და წვალებას. სილაღით ჯაბნის მეფეებსა და წინამძღოლებს და ემორჩილება მხოლოდ ღმერთს, მის შემოქმედს. როცა გამარჯვებული დასცინის იმათ, ვინც სასჯელისთვის განამწესა. გამარჯვებული ხომ მართლაც ისაა, ვინც თავის დასახულ მიზანს შეეწირა. რომელი ჯარისკაცი არ შეხვდება მედგრად განსაცდელს მხედართმთავრის თვალწინ? მაგრამ ჯილდოს მანამ ვერ მიიღებს, სანამ არ გამოიცდება. მხედართმთავარიც ვერ დაასაჩუქრებს მას იმით, რაც თავად არ გააჩნია. ვერ გაუხანგრძლივებს ცხოვრებას, შეუძლია, მხოლოდ საბრძოლო პატივი მიაგოს. ღმერთის ჯარისკაცი კი მარტო არაა განსაცდელის დროს, არც სიკვდილით მთავრდება მისი არსებობა. შესაძლოა ქრისტიანი უბედური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. თქვენც ხომ აგყავთ ცაში განსაცდელის გადამტანი გმირები. ასე მაგალითად, მუციუს სკევოლა, რომელიც შეცდა მეფესთან და მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდებოდა, მარჯვენა რომ არ დაეკარგა. რამდენმა ქრისტიანმა გამოსცადა არა მარტო ხელის, არამედ მთელი სხეულის დაწვის სიმწარე ყოველგვარი კვნესის გარეშე. თუ მოისურვებდნენ, შეეძლოთ განსაცდელის თავიდან აშორებაც. რა, ეს ადამიანები შევადარო მუციუსს, აკვილიუსს ან რეგულუსს?

     მოთმინებით შთაგონებული ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები სიცილით უყურებენ ყველანაირ განსაცდელს, ადამიანთა დასასჯელად რომ გაქვთ მომზადებული. საცოდავებო, ნუთუ ვერ ხვდებით, უმიზეზოდ რომ არავინ მოიწადინებს განსაცდელის გადატანას, და ვერც გაუძლებს ასეთ წამებას ღმერთის თანადგომის გარეშე.

     იქნებ თქვენ ეს გაცდუნებთ, რომ ბევრი ფუფუნებით ცხოვრობს ღმერთის შეცნობის გარეშეც, პატივდებულია, აქვს ძალაუფლება. უბედურებო! ისინი იმიტომაც არიან ასეთ სიმაღლეზე, რომ უფრო ღრმად დაეცნენ. სამსხვერპლო ცხოველებივით იკვებებიან სასჯელისათვის და გვირგვინებით ირთვებიან. ბევრი თქვენგანი ძლევამოსილებასა და პირველობას აღწევს, რათა ბოროტად გამოიყენოს იგი თავისი ვაჭრული მისწრაფებებისათვის. ღმერთის შეცნობის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი ბედნიერება. სიზმრის მსგავსად მთავრდება იგი. სანამ დაიჭერ გაფრინდება. მეფე ხარ? თავადაც ისევე გეშინია, როგორც სხვებს ეშინია შენი. მართალია, ახლობლები გახვევია გარს, მაგრამ განსაცდელში მაინც მარტო ხარ. მდიდარი ხარ? საშიშია, ენდო ბედს. დიდი ქონება ხანმოკლე სიცოცხლეს ვერ გაუკვლევს გზას, პირიქით, ამძიმებს. უმაღლესი ძალაუფლებითა და მეწამული ტანისამოსით ხარ პატივდებული? ესეც თავის მოტყუებაა და არარსებული ღირსების თაყვანისცემა – როცა ბრწყინავ ტანისამოსით და სულით კი ჭუჭყიანი ხარ. შენი წარმომავლობით ხარ ცნობილი? თავს იქებ სახელოვანი წინაპრებით? ჩვენ ხომ ერთნაირები ვიბადებით, მხოლოდ ღირსებით განვირჩევით.

     ადამიანებს სინდისისა და ზნეობის მიხედვით ვაფასებთ. ამიტომაც შეგნებულად ვარიდებთ თავს თქვენს გართობებს, დღესასწაულებსა და სანახაობებს, რადგანაც ვიცით, თუ საიდან იღებენ ისინი სათავეს და ვგმობთ მათ ყალბ სილამაზეს. მართლაც შემაძრწუნებელი სანახავია, რა გიჟურად იქცევა ხალხი ასეთი თამაშობების დროს. რა, გლადიატორთა ბრძოლები ნამდვილი მკვლელობის გაკვეთილები არაა?

     არანაკლები სიგიჟე და სისულელეა განსახიერებული თქვენი თეატრების სცენაზეც. ხან მეძავობის სცენას წარმოადგენს მსახიობი, ხან დაცემულ სიყვარულს, იგივე კომედიანტი თქვენს ღმერთებსაც შეურაცხყოფს, გადმოგვცემს იმათ სამარცხვინო შურიანობასა და ოხვრა-ვაებას, ჟესტებით ასახიერებს იმათ დარდს და ცხარე ცრემლებით გატირებთ.

     რა გამოდის? ნამდვილ ცხოვრებაში თქვენ ხელს უწყობთ მკვლელობებს, და როცა ამას სცენაზე წარმოადგენთ, ცრემლებს ღვრით.

     38. რაც შეეხება იმას, რომ სამსხვერპლო ხორცსა და ღვინოს ვერიდებით, ჩვენი შიშის გამომხატველი კი არაა, ჭეშმარიტი თავისუფლების დასტურია. ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს, ღმერთისაგან მონიჭებული ხელშეუხებელი საჩუქარია, და არ უნდა დავაზიანოთ იგი ჩვენი მოქმედებით. ნურავინ იფიქრებს, თითქოს ამით დემონებს ვაძლევთ უპირატესობას და ჩვენი რელიგიისა გვრცხვენია.

     ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ გაზაფხულის ყვავილებს სათუთად არ ვექცევით, არ ვტკბებით ვარდების, შროშანებისა და სხვა ყვავილების სილამაზით? ჩვენ მათ სიამოვნებისთვის ვწყვეტთ და ყვავილწნულებს ვიკეთებთ ყელზე. თავს რომ არ ვირთავთ გვირგვინებით, ამაზე უკაცრავად, ჩვენ ვტკბებით ყვავილების სასიამოვნო სურნელით, მაგრამ არ გვჩვევია, თავსამკაულად გამოვიყენოთ იგი. არც მიცვალებულებს ვამკობთ გვირგვინებით. მე თქვენი ჩვეულებით ვარ გაკვირვებული. თუ გგონიათ, რომ გვამები მგრძნობიარეები არიან, რატომ წვავთ, და თუ ვერაფერს გრძნობენ გვირგვინებით რატომ ამკობთ? ნეტარი ყვავილებს არ საჭიროებს, საცოდავი კი ამით ვერ იხარებს. ჩვენ ისევე მშვიდად და უბრალოდ ვასრულებთ დასაფლავების წესებს, როგორადაც ვცხოვრობთ. მიცვალებულს არ ვამკობთ მალეჭკნობადი გვირგვინით, მაგრამ ღმერთის წყალობით, მარად ცოცხალი ყვავილებით ვაცილებთ მათ. ზომიერი სიმშვიდის, ჩვენი ღმერთის უძლეველობისა და მომავლის იმედით ვცხოვრობთ აწმყოში და ნეტარქმნილნი აღვდგებით სიკვდილის შემდეგაც.

     ატიკელი მაწანწალა, სოკრატე თვლიდა, რომ არაფერი იცოდა, თუმცა კი სახელგანთქმული იყო მაცდური დემონის მტკიცებებით, არკესილაოსი, კარნეადე, პირონი და მრავალი სხვა აკადემიკოსი ბევრ რამეზე ეჭვობდა. სიმონიდე განუწყვეტლივ აჭიანურებდა მთავარი საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ფილოსოფოსთა ქედმაღლობას. გვჯერა, რომ ისინი არიან მაცდურები, მეძავები, ტირანები, რომლებიც ასე მაღალფარდოვნად გმობენ იმ უღირსებებს, რაც თავად ახასიათებდათ. ჩვენ ბრძნულ იერს გარეგნულად კი არ ვატარებთ, სულში გვაქვს იგი. ამაღლებულად კი არ ვლაპარაკობთ, ვცხოვრობთ ამნაირად. ჩვენდა საამაყოდ, ვიპოვეთ ის, რასაც ისინი მთელი ძალისხმევით ეძებდნენ და ვერ მიაკვლიეს. რატომ უნდა ვიყოთ უმადურები? რა უნდა ვინატროთ ამაზე მეტი. ჩვენს დროში ხომ ნათელი მოეფინა ღვთაებრივ ჭეშმარიტებას. ვისიამოვნოთ ამ სიკეთით და ჭეშმარიტების კანონებით ვიხელმძღვანელოთ, შეწყდეს ცრუმორწმუნეობა, დაეცეს უღირსება და იზეიმოს ჭეშმარიტმა რელიგიამ.

     39. როცა ოქტავიუსმა დაამთავრა სიტყვა, რაღაც დროის განმავლობაში დუმილით შევყურებდით მას. რაც შემეხება მე, უაღრესად განცვიფრებული ვიყავი იმ ხელოვნებით, რომლის აღქმა უფრო ადვილია, ვიდრე გადმოცემა. მაკვირვებდა მისი სარწმუნო არგუმენტები, მაგალითები და, საერთოდ მსჯელობის უნარი. მან იმავე იარაღით დაამარცხა მოწინააღმდეგეები, რითაც თავად იყვნენ შეიარაღებულები. ფილოსოფოსთა ისრებითვე სძლია მათ და მეტად უბრალოდ და სასიამოვნოდ წარმოაჩინა ჭეშმარიტება.

     40. იმ დროს, როცა მე გაჩუმებული ვფიქრობდი ამაზე, ცეცილიუსმა წამოიყვირა: მე სულითა და გულით ვულოცავ ოქტავიუსს და საკუთარ თავსაც, არ დაველოდები განაჩენს. ჩვენ გავიმარჯვეთ. მეც უკანონოდ ვითვისებ ამ გამარჯვებას. ოქტავიუსმა მძლია მე, მე კი – ჩემს შეცდომებს. რაც შეეხება უმაღლესი ჭეშმარიტების პოვნას, მე ვაღიარებ, წინასწარგანგებულებას, მუხლს ვიყრი ღმერთის წინაშე და ვგრძნობ რელიგიური საზოგადოების სიწმინდეს. მრჩება ზოგიერთი გასარკვევი საკითხი, რომელიც ჭეშმარიტებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ აუცილებელია მათი ახსნა – ამაზე ხვალ ვიმსჯელოთ. ახლა კი მზე უკვე ჩადის, ჩვენც ხომ შესაფერისი სინათლით გავარკვიეთ ყველაფერი.

     41. ამასობაში მე ვთქვი: ძალიან მიხარია, ოქტავიუსმა რომ გაიმარჯვა. ამით მან გამათავისუფლა განაჩენის გამოტანის არასასურველი ვალდებულებისგან. მე არ შემიძლია, საკადრისად შევაქო მისი მსჯელობა. ამისთვის ერთი ადამიანის მოწმეობა არ კმარა, მაგრამ მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ღმერთის შეწევნაა, რომელმაც შთააგონა იგი და გამარჯვება მოაპოვებინა.

     ამის შემდეგ გახარებულებმა გავაგრძელეთ გზა. ცეცილიუსს უხაროდა, რომ ირწმუნა, ოქტავიუსს – რომ გაიმარჯვა, და მე კი ის, რომ ერთმა ირწმუნა და მეორემ გაიმარჯვა.


შენიშვნები

[1] - სერაპისი – ელინისტური სამყაროს ერთ-ერთი ღვთაება, მისი კულტი ეგვიპტის დედაქალაქში შემოღებულია პტოლემეოს პირველის დროიდან (305-283 ჩვ. წ. ა.). ითვლებოდა ნაყოფიერების, აგრეთვე მიცვალებულთა მფარველად. მასში გაერთიანებული იყო პოპულარურლი ეგვიპტური ღვთაებები – ოზირისი და აპისი.

[2] - ფალარისი – სიცილიელი ტირანი.

[3] - დიონისიოსი – სირაკუზელი ტირანი.

[4] - რუტილიუსი – ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, აზიის პროვინციის მმართველი, გარდაიცვალა სმირნაში.

[5] - კამილუსი – რომის დიქტატორი. გარდაიცვალა 364 წ. ჩვ. წ. ა.

[6] - ცერერა – უძველესი რომაულ-იტალიური ღვთაება. მიწათმოქმედების, მარცვლეულის, ნაყოფიერებისა და დედობის დამცველი.

[7] - მატერი, მატიტა – რომაულ მითოლოგიაში ქალთა მფარველი ღვტაება.

[8] - ესკულაპე – მკურნალობის მფარველი ღვთაება.

[9] - ბელუსი – ბაბილონურ-ასირიული მიწის მფარველი ღვთაება.

[10] - ასტარტე – ფინიკიურ-სირიული ღვთაება, ცის, მთვარის, სიყვარულისა და ბედიღბლის მფარველი.

[11] - ალია – პატარა მდინარეია, სადაც ჩვ. წ. ა. 390 წ. რომაელები სასტიკად დამარცხდნენ გალებთან ბრძოლაში.

[12] - ფლამინიუსი – ჩვ. წ. ა. 232 წ. იყო სახალხო ტრიბუნი, დაიღუპა 217 წ. ჩვ. წ. ა. თრაზიმენუსის ტბასთან ბრძოლის დროს.

[13] - ეს აზრი მომდინარებს ტერტულიანესგან. ამაზე ტაციტუსიც მოგვითხრობს თავის ისტორიაში. თითქოს იუდეველებს ეგვიპტის უდაბნოში ხეტიალის დროს ვირმა უჩვენა წყაროს გზა და ამიტომაც წმინდად შერაცხეს ეს ცხოველი. შემდეგ ეს ბრალდება გავრცელდა ქრისტიანებზე.

[14] - იგულისხმება კორნელიუს ფრონტონი, რომელმაც დაწერა ქრისტიანების დამადანაშაულებელი თხზულება.

[15] - იგულისხმება ვერგილიუსი.

[16] - მეტალის სისტრი, ტრიალა, რომელსაც ეგვიპტელები იყენებდნენ იზიდას საკულტო წესის აღსრულების დროს. დაკარგული ოზირისის დასატირებლად.

[17] - ოზირისის – ეგვიპტური მითოლოგიის ღვთაება, მიწისქვეშა სამყაროს მეფე.

[18] - იულიუს პროკულოსი – რომაელი სენატორი.

[19] - იუბა – ნუმიდიის მეფე.

ლათინურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთი

ნინო დობორჯგინიძემ

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", ტ. II

ტეგები: Felix, Octavius, Qwellyland, patrology, პატროლოგია, ქველი

ნახვა: 655

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters