• ტატიანე სირიელის სახელთან დაკავშირებული მწვალებლური მიმდინარეობანი
• ტატიანეს დამოკიდებულება ანტიკურ კულტურასთან

      ჩვენს წინა საუბარში გნოსტიციზმის შესახებ ყველაზე უფრო არსებითი ინფორმაცია მივაწოდეთ მსმენელს, ხოლო ამ რადიო ლექციისა და რადიო საუბრის წინ განვიხილავდით ტატიანე სირიელის მოძღვრებას, რომელმაც პირველი სულიერი ნაბიჯები ჭეშმარიტების ძიების გზაზე დიდი გულწრფელობითა და საღვთო მოშურნეობით გადადგა, მაგრამ შემდგომ უკიდურესობისკენ მსწრაფველმა ფანატიკურმა მარცვალმა თანდათანობით იმძლავრა მასში და ბოლოს იგი გაუკუღმართდა. ჩვენ ამ საკითხზე დეტალური საუბარი გვქონდა რამდენიმე შეხვედრის მანძილზე, მაგრამ მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა სურვილი, რომ ტატიანეს მოძღვრებას შევხებოდით უფრო ტექსტობრივად, უფრო საგნობრივად ციტატების განხილვის დონეზე. ამიტომ ჩვენც ვეხმიანებით ამგვარ სურვილს ჩვენდამი გამოთქმულს და შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად დეტალური ანალიზით, უკვე უშუალოდ ჩვენამდე მოღწეული ტატიანესეული აპოლოგეტური შრომის ცალკეული მონაკვეთებისა, უფრო ხელშესახები და მისაწვდომი გავხადოთ მსმენელისათვის გარკვეული ღირსეული საღვთისმეტყველო სწავლებანი და მათ გვერდით არაერთი და არაიშვიათი გაუკუღმართება, დოგმატური, ზოგადად საღვთისმეტყველო, ეგზეგეტური და ყველაზე უფრო ფართოდ ქრისტიანული, მართლმადიდებლური მოძღვრების თვალსაწიერიდან.

      ვიდრე ტექსტობრივ განხილვას დავიწყებდეთ ჯერ მაინც შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ზოგადად ტატიანემაც მისი მასწავლებლის, წმ. იუსტინეს, მსგავსად შემეცნებისა და ჭეშმარიტების ძიების ხანგრძლივი გზა განვლო, რასაც თვითონვე გვაუწყებს. გვაუწყებს თუ რა ნახა მან, რა განიცადა, როგორ გამოსცადა სხვადასხვა წარმართული კულტმსახურებანი, როგორ ეზიარებოდა იგი მისტერიებსაც, როგორ შეისწავლა მან აგრეთვე ფილოსოფიური მოძღვრებები და ბოლოს თუ როგორ მიაპყრო გულისყური მან ქრისტიანულ მსახურებებს და ირწმუნა იგი. მისი აპოლოგეტური შრომა, რომელსაც სახელწოდებად აქვს "ელინთა მიმართ" (ეს სათაური ჩვენ შეიძლებოდა აგრეთვე გვეთარგმნა როგორც "წარმართთა მიმართ", რადგან "ფოელენოი" ძველ ქართულად არაიშვიათად ითარგმნებოდა როგორც წარმართნი, რადგანაც ელინურობა წარმართულობის იგივეობრივად მოიაზრებოდა), აშკარად გვიჩვენებს, რომ ტატიანე მართლაც ღრმად იცნობს როგორც ზოგადად ანტიკურ ცივილიზაციას, ანტიკურ კულტურას, ასევე სახელდობრ ელინურ ღმერთთა თაყვანებას, ძველ რელიგიებს და ანტიკურ ფილოსოფიურ სისტემებს. როგორც ჩვენ შეგვიძლია მართლაც დავასკვნათ მისი ამ შრომიდან ტატიანეს სპეციალურად და საგანგებოდ ჰქონდა შესწავლილი, კონკრეტულად რომ ვთქვათ, პითაგორას, პლატონის, არისტოტელეს და კიდევ სხვა ანტიკური მოაზროვნის შრომები და მათი სწავლებანი. ავღნიშნავდით და ეხლაც გავიმეორებთ, რომ ტატიანე იყო იუსტინე ფილოსოფოსის მოწაფე. იუსტინეზე საუბრისას ჩვენ გამოვკვეთეთ ამ უდიდესი ღვთისმეტყველის მოღვაწეობის ის მხარე, რაც მის ანტიკურ ფილოსოფიასთან კავშირს გულისხმობს და მრავალი ციტატის მოხმობით ვფიქრობთ თვალსაჩინოდ წარმოვაჩინეთ წმ. იუსტინეს მიერ ანტიკური ფილოსოფიის ღირსეულ სწავლებათა პატივისცემა, გამოყოფა ანტიკური და წარმართული გონებითი სიბნელისგან ის რაღაც ნათლისმიერი სხივებისა, რაც ღირსეულ სწავლებებს შეიცავდა. ავღნიშნავდით იმასაც, რომ საპირისპიროდ იუსტინესა და საპირისპიროდ ზოგადად ყველა ჩვენთვის ცნობილი საეკლესიო მართლმადიდებელი მოძღვრისა, ტატიანე უაღრესად მკვეთრად გამოხატავდა თავის დაპირისპირებას ანტიკურობისადმი. ეს უკიდურესი სიმკვეთრე ჩვენ ფანატიზმად შევაფასეთ (ჭეშმარიტად ასეც არის), რამაც შემდეგ უკვე საკუთრივ ეკლესიურ მოძღვრებაშიც იჩინა თავი, როდესაც ტატიანემ ზედიზედ რამდენიმე მკვეთრად უარყოფითი, მკრეხელობის დონემდე ასული ცდომილება დაუშვა, როდესაც ვთქვათ ხორცი, როგორც ბოროტების წყარო, ასეთად შერაცხა საჭმელთა შორის, როდესაც ღვინო, როგორც ბოროტების წყარო, ასევე შერაცხა და ზიარებიდან მისი ამოღება მოითხოვა და როდესაც ქორწინებაც ბოროტების სათავედ წარმოაჩინა. ამიტომ მიიჩნევა, რომ ის სექტა, რომელიც ენკრატიტების სექტის სახელს ატარებს, სწორედ ტატიანესგან უნდა იყოს, თუ ჩანასახოვნად დაფუძნებული არა, გამყარებული მაინც, იმიტომ, რომ ენკრატიტები როგორც ცნობილია სწორედ ტატიანეს მსგავსად კრძალავდნენ ქორწინებას, ხორცს და ღვინოს, ხოლო ზიარების საიდუმლოს აღსრულების ჟამს ღვინის ნაცვლად წყლით სარგებლობდნენ, რის გამოც ეწოდათ მათ აგრეთვე აკვარიელები, ისევე როგორც ტატიანეს მიმდევრებსაც, რითაც ენკრატიტებისა და აკვარიელების ტატიანესთან კავშირი სრულიად თვალსაჩინო ხდება.

      ჩვენ ვფიქრობთ ერთი შენიშვნის გაკეთება მაინც გვმართებს, რომ ენკრატიტები, როგორც სექტის სახელწოდება, მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ საკუთრივ სიტყვისგან "ენკრატისი", რაც ძველ ქართულშიც შემოსული სიტყვაა და არაიშვიათად გვხვდება და რაც საეკლესიო ასკეტური შინაარსით ასკეტს, მოღვაწეს, ყველაზე უფრო ხშირად განდეგილს ან მონაზონს გულისხმობს. ე.ი. ეს ზოგადი და ჩვეულებრივი მნიშვნელობა სიტყვისა "ენკრატისი" არ უნდა გავუიგივოთ ტერმინს ენკრატიტები, რაც სექტის აღმნიშვნელია ზემორე შინაარსით. ამ სექტაზე ჩვენ მაგალითად გვაუწყებს წმ. ირინეოს ლიონელი (II ს-ის მიწურული), როდესაც ის ამბობს, რომ "ეგრეთ წოდებული ენკრატიისები ქადაგებენ უქორწინებლობას". ეგრეთ წოდებულს ირინეოსი ამბობს იმიტომ, რომ კვლავ ავღნიშნავთ ენკრატისი თავისთავად, როგორც ბერძნული ტერმინი, ქართულად რომ ვთარგმნოთ თავშეზღუდული, თავშეკავებული, უაღრესად ღირსეული ტერმინია და ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი აუცილებლად ენკრატისია ანუ თავშეკავებულია, ზომიერია და ვნებათა წინააღმდეგ მებრძოლია. მაგრამ საკუთრივ სექტობრივი გაგებით ეს სახელწოდება სწორედ იმ პირებმა დაისაკუთრეს, რომლებიც ქორწინებას, როგორც ბოროტებას ისე რაცხდნენ და უარყოფდნენ მას. ამიტომ ამბობს ირინეოსი რომ ისინი ნამდვილი ენკრატისები ანუ ნამდვილი თავშეკავებულნი, მმარხველნი და ასკეტები კი არ არიან, არამედ ეგრეთ წოდებული ენკრატისები, იმიტომ, რომ თვითონ განიკუთვნეს ეს სახელი.

      ამავე სექტას გულისხმობს აგრეთვე IV საუკუნის უდიდესი მეუდაბნოე წმ. მაკარი დიდი, რომელიც ენკრატიტების სექტის მამამთავრად ჩვენს მიერ ადრე ხსენებულ გნოსტიკოს დოსითეოზს წარმოგვიდგენს და გვაწვდის კიდეც მის შესახებ ცნობას, მაკარი კერძოდ ამბობს: "ენკრატიტები არათუ ქრისტიანები არიან, არამედ განუდგებიან სახარებისეულ სარწმუნოებას. მათ შორის კორიფეა (ბერძნ. კორიფაიუს ნიშნავს მოთავეს) დოსითეოზი, რომელიც მთელ რვა წიგნში (მაკარი გულისხმობს დოსითეოზის მიერ დაწერილ რვაწიგნედს, სადაც ეს უკანასკნელი გნოსტიკური ცრუ სწავლების საფუძვლებს წარმოადგენდა) განამტკიცებს თავის ამ ცრუ მოძღვრებას".

      რამდენადაც წმ. მაკარი ენკრატიტების სექტას დოსითეოზის სახელს უკავშირებს, ალბათ საყურადღებოა თვით დოსითეოზის შესახებ დაცული ცნობებიც, რომელთა მიხედვითაც ეს პიროვნება იყო სამარიტელთა ასკეტური სექტის მამამთავარი და ვის მიერაც დაფუძნებული სექტის მიმდევრებს ეწოდათ დოსითეზიანელები (დოსითეანელები). აღნიშნულ სექტა პირველად, ჩვენ რამდენადაც შეგვიძლია თვალი გავადევნოთ საეკლესიო ანტიერეტიკულ წერილობით ხაზს, აღწერა და მოიხსენია შედარებით დეტალურად წმ. იპოლიტე რომაელმა III ს-ის I ნახევარში, თავის ცნობილ შრომაში "სინტაგმა", რომლის უწყებითაც დოსითეოზი, როგორც ეს საერთოდ სჩვევიათ გნოსტიკოსებს, თავის თავს ბუნებით ღმერთად აცხადებდა. დოსითეოზის მიმდევართა შესახებ III ს-ის საეკლესიო ავტორი, ერთ-ერთი გაუკუღმართებული, მაგრამ მრავალი ღირსეული სწავლების შემცველიც და სხვა ერესთა წინააღმდეგ მედგარი მებრძოლი, ყველასთვის ცნობილი ორიგენე ამბობს: "დოსითეანელები არც თავდაპირველად გაფურჩქვნილან (ანუ როდესაც წარმოიქმნა არც მაშინ ქონდა ამ სექტას დიდი განვრცობა) აწ კი (III ს-ის I ნხევარი) სავსებით შემცირდნენ, ისე რომ მთლიანად ისინი 30-ზე მეტი არც იქნებიან". ე.ი. III ს-ის I ნხევარში დოსითეზიანელთა ანუ იგივე ტატიანელთა ან ენკრატიტთა სექტის რაოდენობა 30-ს არ აღემატებოდა. ამავე ორიგენეს უწყებით, როდესაც ის უკვე კონკრეტულად დოსითეოზის გამოჩენაზე გვესაუბრება, ვიგებთ, რომ "როდესაც გამოჩნდა ვიღაც დოსითეოზი, მან თავისი თავი წარმოადგინა წინასწარ მქადაგებელ ქრისტედ რომლისგანაც დღესაც არიან დოსითეზიანელები. მათ დააქვთ დოსითეოზის წიგნები და ამ დოსითეოზის შესახებ რაღაც ზღაპრებსაც ჰყვებიან, თითქოსდა სიკვდილი არ განუცდია მას, არამედ თითქოს კვლავაც ცხოვრებაში მკვიდრობს" (კვლავ ცოცხალია). აი ესაა ადრეული ცნობები დოსითეზიანელების შესახებ.

      აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ენკრატიტების სექტის ჩანასახოვანი წარმოშობა ჩვენ არ უნდა დავუკავშიროთ საკუთრივ ტატიანეს, როგორც ავღნიშნეთ ის უფრო განმამტკიცებლად უნდა მივიჩნიოთ ამ სექტისა. როდესაც რაიმე სექტობრივ სწავლებას იმ დროისათვის ცნობილი ღვთისმეტყველი მხარს დაუჭერს, ეჭვი არ არის, ყოფითი გაგებით ეს სექტის გაძლიერებას განაპირობებეს. მაგრამ ზოგადად სპეციალურ ლიტერატურაში აზრი იმის შესახებ, რომ ტატიანემ დააფუძნა ენკრატიტების სექტა მცდარად მიიჩნევა. ერთ-ერთი ინგლისელი მკვლევარი, რომელმაც ტატიანეს ჩვენს მიერ ადრე განხილული მეორე შრომა "დიატესარონი" შეისწავლა, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ წერს, რომ "დიატესარონის შესახებ პირველი ცნობა გვხვდება ევსებისთან (ევსები კესარიელთან), რომელიც ტატიანეს შეცდომით თვლის ენკრატიტების წინამძღვრად". ამგვარი ცდომილება, რომ ენკრატიტების დამფუძნებელია ტატიანე, ჩვენ ადრეც ავღნიშნეთ, უნდა იყოს ენკრატიტებისა და ტატიანეს უკიდურესი თვალსაზრისების თანხვედრა. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ტატიანე იზიარებდა ზოგ გნოსტიკურ აზრს, მაგალითად ცნობილია, რომ ის მხარს უჭერდა ერთ-ერთი თავისი დროის პოპულარული გნოსტიკოსის - მარკიონის მსგავსად განსხვავებას ახალი აღთქმის ღმერთსა და სამყაროს შემოქმედს ანუ დემიურგს შორის. ჩვენ წინა საუბარში ავღნიშნეთ, რომ ეს ერთ-ერთი ნიშნადობლივი მხარეა გნოსტიციზმისა - მკვეთრი მიჯნის დადება ახალი აღთქმის ღმერთსა (მათი აზრით კეთილ ღმერთსა) და ძველი აღთქმის ღმერთს (ბოროტ ღმერთს) შორის, რომ ძველი აღთქმის ღმერთი ამ სამყაროს მეუფეა, თითქოს ბოროტი და შურისმგებელი, ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი მისგან განსხვავებულია და არა მხოლოდ მისგან განსხვავებული, არამედ ამქვეყნად მის დასამხობად მოსული. მაშინ როცა მართლმადიდებლური სწავლებით ძველი და ახალი აღთქმა ერთ ბუნებით ყოვლისმპყრობელ უფალს, ყოვლადწმინდა სამებას გვიქადაგებს, გვაუწყებს და გვიცხადებს.

      ჩვენ ამჯერად ამით შემოვიფარგლებით, რომ ასეთი ცნობილი გაუკუღმართებების შესახებ, რამაც სექტის სახეც კი მიიღო, საუბარს ამით დავასრულებთ და უშუალოდ იმ შრომაზე გადავალთ, სახელწოდებით "ელინთა მიმართ", რითაც ტატიანე პატრისტიკაში შედის და პატროლოგიაში განიხილება.

      კვლავ გავიმეორებთ, რომ ტატიანე სირიელისგან ჩვენამდე მხოლოდ ეს ერთი აპოლოგეტური ხასიათის შრომაა მოღწეული, რომელიც ბერძნულადაა დაწერილი და ორიგინალის ენაზე ეწოდება "პროს ელლენას" ("პროს" ნიშნავს მიმართ). იგი საკმაოდ ვრცელი გახლავთ და ძალიან ბევრ საკითხს ეხება. როგორც საერთოდ აპოლოგეტური შრომების ნაწილი ეს შრომაც იწყება ზოგადად ანტიკური კულტურის თვითმყოფადობის განქიქებით, რაც აბსოლუტურად მართებული აზრი გახლავთ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ანტიკურ, ანდა ნებისმიერ არაქრისტიანულ კულტურაში, მწერლობაში თუ ფილოსოფიაში, რაიმე ჭეშმარიტი სწავლების, რაიმე ღირსეული აზრის შესახებ, ამას ხაზს ვუსვამთ არა საკუთრივ იმ ანტიკური ანდა რომელიმე სხვა არაქრისტიანული, არამართლმადიდებლური მოძღვრების სტრუქტურაში და როგორც მის შიგთავსს ასე კი არ განვიხილავთ, არამედ პირუკუ მასთან დაპირისპირებულს და თავისი არსით ჭეშმარიტების ანუ ქრისტიანული მოძღვრების ნაწილს. თავისთავადი მნიშვნელობა არც ანტიკურ კულტურას აქვს და არცერთ სხვა არაქრისტიანულ კულტურას, ანუ იგი არის ბერწი, როგორც ეს ძველი აღთქმის მოსესთან დაკავშირებულ თხრობაში ფარაონის ასულის სახით სიმბოლურად წარმოჩნდა, რაც ჩვენ განგვიმარტა დიდმა ღვთისმეტყველმა წმ. გრიგოლ ნოსელმა, რომელმაც დაწერა მოსეს ცხოვრება. მისი განმარტებით ფარაონის ასული, რომელმაც იშვილა მოსე და რომელიც ბერწი იყო, ანტიკური კულტურის სიმბოლოა, ანტიკური კულტურა კი თავისთავად არის ბრმა ტოტი, რომელიც თავისი თავისთვის ვერავითარ ნაყოფს ვერ იძლევა და იგი შეიძლება მხოლოდ გამოყენებითი იყოს დიდი ჭეშმარიტების მსახურად გარკვეული აზრით, კერძოდ თუნდაც ტერმინოლოგიური მიღწევების მხრივ ან ზოგიერთი ფილოსოფიური არგუმენტირებული თავლსაზრისის მიხედვით, ანუ მეორეხარისხოვნად, მსახურის როლში, როგორც საზოგადოდ მოგვიანებით დამკვიდრდება კიდეც ეს გამოთქმა, რომ ღვთისმეტყველება ანუ იგივე მართლმადიდებლობა ესაა დედოფალი, ხოლო მისი მხევალია, მისი მსახურია ნებისმიერი სხვა რამ კაცობრიული კულტურის გამოვილინება და მათ შორის ყველზე უფრო წარმოჩენითად ანტიკური ფილოსოფია და ზოგადად ფილოსოფია, ფილოსოფიის ის ღირსეული ნაწილი, რაც ჩვენ გვეხმარება ჭეშმარიტების გამოთქმაში, ტერმინების დაზუსტებაში და სხვა. ამიტომ ამ აზრით ტატიანე, რა თქმა უნდა, მართალია, როდესაც ის ანტიკური კულტურის თვითმყოფადობას განაქიქებს. დასაწყისი ნაწილი ამ ძეგლის გამოცემებში ასე გახლავთ დასათაურებული, რომ "არცერთი ხელობა, რითაც თავი მოაქვთ ელინებს, არ არის ელინური, არამედ ბარბაროსთაგან მოპოვებული". აქ ხაზია გასმული იმაზე, რომ ნებისმიერი დისციპლინა, იქნება ეს გეომეტრია, ფიზიკა, მათემატიკა, გნებავთ მუსიკაც და თვითონ ფილოსოფიაც თვით ანტიკური მოაზროვნეების აღიარებითვე მათ არაელინური ტომებისგან შეუთვისებიათ. ტატიანესთვის ეს ძალიან მომგებიანი არგუმენტია იმის დასასაბუთებლად, რომ ელინურობა, ანტიკურობა თავისთავად არაფრით არ გამოირჩევა, მას ყველაფერი გარედან აქვს შეთვისებითად მიღებული სხვადასხვა კულტურებიდან, რომ თვით მისგანვე აღმოჩენილი ზოგადსაგანმანათლებლო საგნების, რაც არის კვლავ ავღნიშნავთ გეომეტრია, მათემატიკა, ფიზიკა და სხვა, მხრივაც კი მისი ღირსებანი ყალბია, იმიტომ რომ ეს ღირსებანი ბარბაროსთა (იგულისხმება არაელინური ტომები) დამსახურებაა. შემდეგ ტატიანე ცალკეულად აღნუსხავს ფრიგიელთა, კვიპრელთა, ბაბილონელთა, სპარსელთა, ეგვიპტელთა, ფინიკიელთა და კიდევ სხვათა კულტურების მნიშვნელობას ელინური ცივილიზაციის ისტორიაში (სხვათაშორის წყაროთმცოდნეობითად ეს ძეგლი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იქნება კულტუროლოგებისათვის, რომელთაც მიზნად აქვთ სხვადასხვა გამქრალი თუ ნაწილობრივ დღემდე შემონახული, მაგრამ არქაული ცივილიზაციების კულტურათა კვლევა) და როდესაც ამ ვრცელ მიმოხილვას ასრულებს, ბოლოს ის ასე მიმართავ ელინებს: "ყოველივე ამის შემდეგ შეწყვიტეთ მიბაძვათა წოდება აღმოჩენებად". ეს სხვათაშორის ძალიან ბრძნული შენიშვნაა, ბრძნული აზრია. კაცობრიობის ისტორიის მრავალ მონაკვეთზე და დღესაც ძალიან მკვეთრად ვლინდება ეს უღირსი თვისება ადამიანისა, როდესაც ის სხვის მონაპოვარს საკუთარ აღმოჩენად წარმოაჩენს სხვათა წინაშე, და თუ ეს მოვლენას ახასიათებს, ამ შემთხვევაში ანტიკური ეპოქის სახით, თავისთავად ცხადია, ამაზე ხაზგასმა ტატიანესგან აბსოლუტურად მართებულია და მხოლოდ იმ ეპოქისა და იმ კულტურისადმი მიმართული არ არის, არამედ ის ზოგად დებულებად და ზოგად შეგონებად უნდა მივიღოთ.

      ეს ძეგლი ამ პირველი ნაწილის შემდეგ გადადის სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, კერძოდ II თავში უკვე იწყება საკუთრივ ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსთა განქიქება, მაგრამ ვიდრე ამ მეორე ნაწილზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ მოგვიწევს მცირე ხნით შესვენება, რამდენადაც ჩვენი დრო ამოიწურა და შემდგომ შეხვედარზე სწორედ ანტიკურ ფილოსოფოსთა შესახებ ტატიანეს განმაქიქებელი სიტყვების განხილვით დავიწყებთ საუბარს.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, ანტიკური_კულტურა, მწვალებლობა, პატროლოგია, ტატიანე

ნახვა: 393

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters