ამონიოს ალექსანდრიელი, თეოგნოსტოს ალექსანდრიელი, პიერიუს ალექსანდრიელი

ვუბრუნდებით III საუკუნის II ნახევარს. ამ პერიოდში პატრისტიკის ისტორიაში ბერძნულენოვანი ხაზით ცნობილია მრავალი მნიშვნელოვანი მოღვაწე, თუმცა ისინი ვრცლად არ მიმოიხილებიან პატროლოგთაგან, რადგანაც მათ შესახებ ცნობები მცირეა და მათი შრომების აბსოლუტური უმრავლესობაც დაკარგულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მოღვაწეები ანდა ზოგადად აღნიშნული ავტორები უგულებელვყოთ და არსებული ინფორმაცია მათ შესახებ ჩვენს მსმენელებს არ გავაცნოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი განხილვა მხოლოდ ერთი ავტორით ანდა ერთი ავტორის რომელიმე შრომით არ იქნება შემოფარგლული, არამედ კრებსითი ხასიათი ექნება მეტნაკლებად და ეს კრებსითობა შესაძლოა რამდენიმე საუბრის მანძილზე გაგრძელდეს.
დავიწყებთ საუბარს III საუკუნის დაახლოებით შუა წლების ეპოქის ერთ-ერთი, შედარებით ანდა მნიშვნელოვნად უცნობი, პიროვნებით – ამონიოს ალექსანდრიელით (ჩვენ ჯერ მაინც ალექსანდრიელებს შევეხებით). მას დაწერილი ჰქონდა შრომა, რომელიც ახალქართულად შეიძლება ასე თარგმნილიყო “მოსესა და იესოს შეწყობა”. შეწყობა ნიშნავს სწორედ ამ თანაშენაწევრებას, თანხმობას, რომ მოსე წინასწარმეტყველებს ხოლო მაცხოვარი აღასრულებს და მათ შორის რომ თანხმობაა. აი ასეთი საყურადღებო ნაშრომის ავტორი იყო ეს პიროვნება და იგი, როგორც ჩანს ალექსანდრიული სკოლის ტრადიციების განმგრძობი, უეჭველად ძველ აღთქმას მისტიკური ალეგორიზმის მეთოდოლოგიით განჭვრეტდა და ამ კუთხით მაცხოვრისგან აღსრულებულ საქმეებს რა თქმა უნდა, როგორც ერთ მყარ ოღონდ წინასწარმეტყველურ ცოდნას ამოიკითხავდა მოსე წინასწარმეტყველის შრომებში, ბიბლიის პირველ ხუთ წიგნში. ამ ავტორზე ჩვენ გვაუწყებს ევსები კესარიელი თავის საეკლესიო ისტორიაში, კერძოდ მეექვსე წიგნში, თუმცა ევსები უშვებს ერთ შეცდომას, როდესაც იგი ასეთ იდენტიფიკაციას გვთავაზობს, რომ თითქოს აი ეს საეკლესიო ავტორი ამონიოსი უნდა ყოფილიყო იგივე ნეოპლატონიკოსი ამონიოს საკა. ამონიოს საკაზე ჩვენ ადრე ერთ-ერთ საუბარში ავღნიშნავდით, რომ იგი რომელიც მიიჩნევა ნეოპლატონიზმის ფუძემდებლად არის II-III საუკუნეების მიჯნის, ანდა III საუკუნის I ნახევრის მოღვაწე, და რა თქმა უნდა მისი დაკავშირება, მითუმეტეს იდენტიფიცირება საეკლესიო მოღვაწესთან ყოვლად შეუძლებელია, აქ მხოლოდ სახელთა თანხვედრამ განაპირობა მსგავსი დაშვება ევსები კესარიელისგან. იგივე შეცდომა სხვათაშორის გამეორებულია იერონიმეს მიერაც IV საუკუნის მიწურულში, კერძოდ მის ნაშრომში “ბრწყინვალე კაცთა შესახებ” (რაც ასევე არაერთგზის გვიხსენებია ევსების საეკლესიო ისტორიასთან ერთად) და თავისთავად ცხადია ეს თვალსაზრისი თუ რაღაც ცდომილება განმარტებული და აღმოფხვრილი უნდა იყოს დღეისათვის, და კარგა ხანია ეს შემჩნეულია.
რაც შეეხება საკუთრივ ნაშრომს, რომლის მხოლოდ სათაური ვიცით ჩვენ დღეისათვის, მასში ალბათ უნდა ყოფილიყო მცდელობა ძველი და ახალი აღთქმის ერთმთლიანობის წარმოსაჩენად, რასაც, როგორც ჩვენ ადრე ვრცლად ავღნიშნავდით, უარყოფდნენ გნოსტიკოსი მწვალებლები. გნოსტიციზმის ერთ-ერთ ტიპიურ ნიშნად ჩვენ ადრე გამოვყავით სწორედ ძველი და ახალი აღთქმის გათიშვა მათგან, ისინი თვლიდნენ რომ ძველი აღთქმა ესაა ბოროტი ღმერთის ანუ ამქვეყნიური ხილული სოფლის შემოქმედისა და უფრო ზუსტად წინამძღვრის შესახებ დაწერილი წიგნი, ხოლო ახალი აღთქმა ჭეშმარიტი ღმერთის, კაცობრიობის განმათავისუფლებლის შესახებ, რომ სხვა არის თითქოს ძველი აღთქმის ღმერთი და სხვა არის ახალი აღთქმის ღმერთი. აი ეს გახლდათ ერთ-ერთი პრინციპული ცდომილი ნიშან-თვისება გნოსტიციზმისა და როგორც ჩანს სწორედ ამ ცდომილების აღმოსაფხვრელად დაუწერია ამონიოსს ზემოაღნიშნული შრომა, იმის საჩვენებლად და იმის წარმოსაჩენად, რომ ძველი და ახალი აღთქმა ერთმთლიანობაა. მკვლევართა შორის არის საკმაოდ დამაჯერებელი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული ამონიოსი ჩვენ შეიძლებოდა გაგვეიგივებინა შედარებით უფრო ცნობილ ამონიოს ალექსანდრიელთან, რომელსაც სწორედ ევსები კესარიელი ახსენებს თავის ეპისტოლეში “კარპიანეს მიმართ”, როგორც ავტორს დიატესარონისას ანუ სახარებათა კონკორდანსისას. ადრე აღნიშნული გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ დიატესარონი ანუ ქართულად რომ ვთარგმნოთ “ოთხთაგანი”, ე.ი. ოთხი სახარებისგან შედგენილი ერთი სახარება თავდაპირველად შეადგინა ტატიანე სირიელმა და მისი ეს შენადგენი ძირითადად სირიულ ეკლესიაში იყო დამკვიდრებული IV საუკუნის ჩათვლით და როგორც ჩანს არ არის გამორიცხული ანალოგიური ტიპის ნაშრომი ბერძნულ ენაზე, ბერძნულენოვანი სახარებების მიხედვით, შეედგინა სწორედ ამონიოს ალექსანდრიელს, ანუ ისიც დიატესარონის ავტორია. არ არის გამორიცხული, რომ ის იყენებდა ტატიანეს დიატესარონს ანდა შეიძლებოდა ასეც კი გვეფიქრა, რომ მან თარგმნა ტატიანეს დიატესარონი ბერძნულად, თუმცა ისიც საგულვებელია, რომ ტატიანეს დიატესარონი ზოგი მკვლევარის აზრით სწორედ ბერძნულად დაიწერა და შემდეგ ითარგმნა სირიულად, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს დიატესარონი, იგივე ტიპის ნაშრომი რაც ტატიანეს თავის დროზე შეუდგენია, მიეწერება აგრეთვე ამონიოს ალექსანდრიელსაც ევსები კესარიელის მიერ და სწორედ ეს ამონიოს ალექსანდრიელი ბევრი მკვლევრის აზრით არის სწორედ ის ამონიოსი რომელსაც ჩვენ ამჯერად ვეხებით და რომელსაც დაუწერია შრომა სათაურით “მოსესა და იესოს თანხმობის შესახებ”. იმასაც დავძენთ, რომ ევსებისგან ხსენებული ამონიოს ალექსანდრიელის დიატესარონი საფუძვლად იღებდა მათეს სახარებას და ამ ტექსტს ავსებდა დანარჩენი სახარებებით, ე.ი. ფუძემდებლური მისთვის ტექსტობრივი თვალსაზრისით ყოფილა მათეს სახარება.
საზოგადოდ ამ ორი პიროვნების, ფორმალურად და პირობითად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ ამონიოსის, ავტორის შრომისა “მოსესა და იესოს თანხმობის შესახებ” და მეორე მხრივ ამონიოს ალექსანდრიელის, დიატესარონის ავტორის, იდენტიფიკაციის აზრი შესამჩნევია უკვე იერონიმესთან, რომელიც როგორ ავღნიშნეთ ამონიოსზე გვაწვდის ცნობებს.
აი ყველაფერი ის რაც ჩვენ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით შეიძლებოდა გვეთქვა და ცხადია ჩვენი განხილვითაც მხოლოდ ამ აღნიშნულით შემოვიფარგლებით.
რაც შეეხება სხვა ალექსანდრიელებს, მათგან პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ორიგენესა და ორიგენისტული ერეტიკული ტრადიციის, პირდაპირ ვიტყვით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი თეოგნოსტ ალექსანდრიელი. პირველ რიგში ამ პიროვნების მხრივ მცირედ განხილვას წარმოვადგენთ, თუმცა მისი შრომაც ისევე არ მოღწეულა ჩვენამდე როგორც ზემოგანხილული ამონიოსისა, მაგრამ ცნობები ამ პიროვნებასთან დაკავშირებით უფრო მეტი გვაქვს, რადგანაც მისი შრომა, მისი თხზულება სახელწოდებით “ჰიპოტიპოთეიზ”, ანუ ქართულად “განწესებანი”, საკმაოდ დეტალურად აქვს განხილული და მისი შინაარსი გადმოცემული IX საუკუნეში ფოტი პატრიარქს, ანუ იმ დროისთვის ეს ძეგლი ჯერ კიდევ არსებობდა და დაკარგული არ იყო. საზოგადოდ უშუალო გაგრძელების თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ თეოგნოსტი უნდა ყოფილიყო მომდევნო დიონისე ალექსანდრიელისა ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის წინამძღვრის თანამდებობაზე, საწინამძღვრო ხაზი დიონისე ალექსანდრელისგან როგორც ჩანს გადაეცა სწორედ თეოგნოსტოს ალექსანდრიელს, რომელიც ამ სკოლას წინამძღვრობდა 265-282 წლებში. ევსები და იერონიმე ამ პიროვნებას არ ახსენებენ, მაგრამ მეორე მხრივ როგორც ავღნიშნეთ ცნობილი ფოტი პატრიარქი თავის სახელგანთქმულ ნაშრომში სახელწოდებით “ბიბლიოთეკა”, კერძოდ 106-ე კოდექსში, აღწერს თეოგნოსტოსის ანდა თეოგნოსტას (ორივე ფორმით შეგვიძლია ვთქვათ) თხზულებას სახელწოდებით “ჰიპოტიპოსის”, როგორც უკვე ვთქვით, და არა მარტო აღწერს, არამედ გარკვეულ კონცეფტუალურ დასკვნებსაც მკაფიოდ გვთავაზობს, კერძოდ იმ დასკვნებს, რომ ეს თხზულება სხვა არაფერი უნდა ყოფილიყო თუ არა ორიგენისტული თეოლოგიის ერთგვარი რეზიუმე, ერთგვარი სისტემური წესით შეჯამება, კატეხიზმური სახით დალაგება ორიგენისტული ცალკეული დებულებებისა. ფოტი კერძოდ გვაუწყებს, რომ თეოგნოსტოს ალექსანდრიელს აქვს შრომა სახელწოდებით “მონახაზები (ანდა განწესებანი) ნეტარი თეოგნოსტოს ალექსანდრიელისა (თვით იმ ხელნაწერში რომლითაც ფოტი ხელმძღვანელობდა, ავტორი – თეოგნოსტოს ალექსანდრიელი ნეტარად იყო წოდებული) წერილთა განმმარტებლისა”. ფოტი გვაუწყებს, რომ ეს ნაშრომი შეიცავს (შეიცავდა) 7 წიგნს, რომელთაგან პირველში ავტორი ეხებოდა მამა ღმერთს, მამა ღმერთის შესახებ გადმოგვცემდა მოძღვრებას და ავტორი მკაფიოდ აყალიბებდა თავის შეხედულებას მამის, როგორც სამყაროს შემოქმედის შესახებ, საპირისპიროდ ანტიკური ტრადიციიდან მომდინარე თვალსაზრისისა და საპირისპიროდ ამ თვალსაზრისის დამცველთა, რომელთა თანახმადაც მატერია თითქოსდა თანაარსებულია და თანადაუსაბამოა ღმერთთან ერთად, როგორც ეს პლატონური და სხვა ანტიკურ მოაზროვნეთა თვალსაზრისი იყო, ე.ი. ამის უარყოფაა მოცემული თეოგნოსტოსის ხსენებული განწესებების ანუ ხსენებული მონახაზების პირველ წიგნში და ეს საზოგადოდ ჩვენ გვესახება საეკლესიო ტრადიციის განგრძობად, იმიტომ, რომ ყველა საღვთისმეტყველო შრომაში, ეკლესიის მამისგან დაწერილში, მკაფიოდ და პირველ რიგში სწორედ ეს დებულებაა წარმოდგენილი, რომ სამყარო შექმნილია ღვთისგან და ეს სამყარო არ არის თანამარადიული ღმერთთან.
მეორე წიგნში თეოგნოსტოსი გადმოგვცემდა იმ აუცილებელ მტკიცებულებებს (ასე ამბობს ფოტი), რაც სარწმუნოს ჰყოფდა მამისგან ძის შობას და მამისთვის ძის თანაარსებობას. თუმცა ეს თანაარსებობა ჩვენ სამწუხაროდ თეოგნოსტოსთან არ უნდა გავიგოთ საეკლესიო მართლმადიდებლური მოძღვრების შესაბამისად, რომ ისევე დაუსაბამოა ძე როგორც დაუსაბამოა მამა, რადგან თეოგნოსტოსი ამ საკითხში პირველ უმძიმეს ცდომილებას ორიგენისტულს ჩვენ, როგორც თეოლოგიურ დებულებას ასე გვთავაზობს, რომ ძე არ არის თანამარადიული მამასთან, რომ ძე თუმცა თანაარსებობს მასთან, მაგრამ თანაარსებობს გარკვეული მომენტიდან, გარკვეულ მომენტამდე მხოლოდ მამა არსებობდა მისთვის და გარკვეულ მომენტში მამისგან იშვა ძე. ესაა თეოგნოსტოსის ორიგენისტული ერეტიკული ცრუ სწავლება ძე ღმერთის შესახებ. ამიტომ იგი საუბრობს რა ძის შესახებ, მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ძე არის მისთვის ქმნილი არსი, რომელმაც თავისი არსებობა მიიღო ცვალებადობიდან, ე.ი. თითქოს არარსებობიდან არსებობაში გადავიდა. “როგორც ორიგენე, - გვეუბნება ჩვენ ფოტი პატრიარქი, თეოგნოსტოსიც მსგავს შეხედულებებს ინარჩუნებს ძის შესახებ და იმავე უღვთოებაში ვარდება. არაა გამორიცხული, რომ თეოგნოსტოსს მიზნად ჰქონოდა სწორედ ორიგენესი და ამ ორიგენისტული შეხედულების დაცვა, და ამიტომ მისი ეს ნაშრომი გარკვეულწილად აპოლოგეტური ანუ დაცვითი მიზანდასახულობისაც ყოფილიყო”. აქვე ფოტი პატრიარქი გახაზავს თეოგნოსტოსის ნაშრომის რიტორიკულ სტილს და მწიგნობრულ სახეს ანუ ერუდირებულობას ავტორისას არ ჩქმალავს და როგორც გარკვეულ ღირსებას მისას წარმოგვიჩენს ჩვენ. თუმცა მკაფიოდ აღნიშნავს იმასაც, რომ ავტორი სრულიად უგულებელყოფს ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლოებებს (იგულისხმება 7 საეკლესიო საიდუმლო) და როგორც ჩანს, ფოტის მითითებით, მას არც მიუღია ჭეშმარიტი მოძღვრება. ზეპირ საუბარში, როგორც ფოტი მიუთითებს და ესაა ამ შემთხვევაში ზოგადი დებულება (ასე შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ), გარკვეული შეცდომები შესაძლოა პიროვნებას ეპატიებოდეს, ზოგიერთი უმართებულო, ნაკლებზუსტი ფრაზის მოშველიება მისთვის შეიძლება არ იყოს მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ სხვა არის წერილობითი ნაშრომი, სადაც ყოველ სიტყვას აუცილებლად მკაფიოდ განსაზღვრული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული. ეს მხარე კონკრეტულად მეორე წიგნთან დაკავშირებით არის აღნიშნული ფოტი პატრიარქისგან. იგი ამავე დროს სხვა წიგნების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას, სადაც არანაკლები ცდომილებანი ვლინდებოდა, კერძოდ მესამე წიგნი, რომელიც ეხებოდა სულიწმინდას, პირველ რიგში წარმოადგენდა იმ არგუმენტებს რაც ადასტურებდა სულიწმინდის არსებობას, რომ სულიწმინდა ნამდვილად არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ მეორე მხრივ აქვე დაშვებული იყო იგივე შეცდომა რაც ორიგენეს მიერ გამოხატულია მის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ თეოლოგიურ თხზულებაში სახელწოდებით “დასაბამთა შესახებ”, ანდა “საწყისთა შესახებ”. ეს პარალელი საკუთრივ ფოტისგანაა გავლებული, ფოტი მიუთითებს რომ აქ იგივე შეცდომაა დაშვებული, რაც ორიგენესგანაა დაშვებული მის თხზულებაში დასაბამთა შესახებ, იგულისხმება, რომ სულიწმინდა ძისებრ გარკვეულ მომენტშია აღმოცენებული მამისგან და რომ ის მარადიული თითქოს არ არის მამასთან ერთად.
ასეთივე ორიგენისტული ნონსენსები სახეზეა მეოთხე წიგნში ანგელოზებთან და დემონებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც ავტორი (თეოგნოსტოსი) განუკუთვნებს ფაქიზ სხეულებს, რომ ისინი სხეულებრივნი არიან ოღონდ ეს სხეულები ფაქიზნი არიან და თითქოს ამით განსხვავდებიან ადამიანური სხეულებისგან.
მეხუთე და მეექვსე წიგნებში არის განხილული ღვთის განკაცება, მაცხოვრის მოვლინება და პირველ რიგში არის მსჯელობა მოცემული იმასთან დაკავშირებით, რომ ძის განკაცება შესაძლებელია, თუმცა ფოტის მითითებით, საკუთრივ მოძღვრება განკაცების შესახებ და განკაცების დანიშნულება მრავალი კუთხით სხვაობს ეკლესიური სწავლებისგან ამავე საკითხზე. არსებითად ეს სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ ძე წარმოდგენილია ფაქტობრივად როგორც ენერგია ანუ ძალა მამისა, რაც რა თქმა უნდა კვლავაც ძის კნინობითობას გულისხმობს.
მეშვიდე წიგნი, რომელსაც ცალკე სათაური აქვს, რაღაცნაირად გამოიყოფა სხვა წიგნებისგან და ეწოდება მას “ღვთის შესაქმის შესახებ”. თეოგნოსტოსი განიხილავდა საკითხებს სხვადასხვა კუთხით შესაქმესთან დაკავშირებით და საყურადღებოა, რომ ამ თავთან მიმართებით ფოტი პატრიარქი გარკვეულ მოწონებას ავტორისადმი გამოხატავას და აღნიშნავს, რომ აქ მისგან საკითხები განხილულია ღვთისმოშიშების ღრმა სულით, განსაკუთრებით ნაშრომის ბოლოს სწორედ ძის შესახებ. საზოგადოდ ორიგენისტული მოძღვრების, როგორც ჩვენ თავის დროზე აღგვინიშნავს, პარადოქსულობა ამაში ვლინდება, რომ არის ადგილები სადაც გამოხატულია უეჭველად ღრმა სარწმუნოებრივი განცდა ჭეშმარიტებისა, იმდენად რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ცალკეული მონაკვეთები ორიგენეს ამა თუ იმ ნაშრომისა და ეს წარუშლელობა მხოლოდ რიგით პიროვნებაზე კი არ ხდება, როგორც დავუშვათ ყველა ჩვენთაგანია, არამედ ამგვარივე შთაბეჭდილება მან დატოვა ეკლესიის უდიდეს მოძღვრებზე, წმინდანებზე, რომელთაც ეს სწავლებანი როგორც რაღაც ძვირფასი მარგალიტები ასე შეინახეს, და პარადოქსულობა სწორედ ესაა, რომ ამგვარი მონაკვეთების მიუხედავად სხვადასხვა შემთხვევაში და ვითარებაში სიცოცხლის ბოლომდე ორიგენე გამოთქვამდა ამავე დროს პრინციპულად უცხო შეხედულებებს ეკლესიური მოძღვრებისგან, რამაც სამწუხაროდ მისი ნაშრომების აუცილებელი ანათემირება განაპირობა და ცხადია თვით პიროვნებისაც. ასეა თუ ისე თეოგნოსტოსის თხზულება აი ამგვარი ხასიათისა ყოფილა, როგორც ეს ცალკეული წიგნების მიხედვით წარმოვადგინეთ და ეს წარმოდგენა დაფუძნებული ფოტი პატრიარქის მიმოხილვაზე, უეჭველად ცხადყოფს, რომ ეს თხზულება უნდა ყოფილიყო გარვეულწილად დოგმატური შეჯამება ორიგენისტული მოძღვრებისა, სადაც ყველაზე უფრო მკაფიოდ გამოხატულია მისი (ორიგენეს) ცდომილება ყოვლადწმინდა სამების წიაღში ე.წ. დაქვემდებარებულობის არსებობის შესახებ, ანუ ესაა სუბორდინაციანისტული ცდომილება, რომ მამა უფრო აღმატებულია, ძე უფრო ნაკლებ აღმატებულია და სულიწმინდა თითქოსდა კიდევ უფრო კნინობითია. შეიძლებოდა აღგვენიშნა ისიც, რომ საკუთრივ მეშვიდე წიგნიდან, რომელსაც როგორც ავღნიშნავდით ცალკე სათაური აქვს, ერთი მცირე ფრაგმენტი აღმოჩენილ იქნა ცნობილი მკვლევარის დიკამპის მიერ XIV ს-ის ხელნაწერში და გარდა ამ უმცირესი ფრაგმენტისა ჩვენ ხსენებული თხზულებიდან არაფერი დღეისათვის არ შემოგვრჩენია. ასე რომ კვლავაც ფოტი პატრიარქის მიმოხილვა ერთადერთი წყარო რჩება ჩვენთვის ამ თხზულებისა.
თეოგნოსტოს ალექსანდრიელთან ერთად ჩვენ ვახსენებთ აგრეთვე პიერიუს ანდა პიერიოს ალექსანდრიელს, თეოგნოსტოსის მონაცვლეს, მის მომდევნოს ალექსანდრიის კატეხიზმური სკოლის წინამძღვრად 282 წლის შემდეგ (282 წლამდე სწორედ თეოგნოსტოსი ივარაუდება წინამძღვრად), რომელიც ევსები კესარიელის მიხედვით უაღრესად დაფასებული პიროვნება იყო თავის დროზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი ერთი მხრივ უაღრესად უპოვარ ცხოვრებას მისდევდა და მეორე მხრივ თავისი განსწავლულობის, განსაკუთრებით ფილოსოფიური განსწავლულობის გამო. ევსები კესარიელი მიუთითებს, რომ პიერიუსი იყო განსაცვიფრებლად, ექსტრაორდინალურად, პარადოქსულად დახელოვნებული საღვთო წერილის განმარტებებში, განჭვრეტებში და გადმოცემაშიც კი, რაც მისდამი დიდ ყურადღებას განაპირობებდა. იერონიმეც ასე ვთქვათ ადასტურებს ამგვარ შეფასებას და გვაუწყებს, რომ პიერიუსი, ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელი, კარუსისა და დიოკლეტიანეს იმპერატორობის დროს, როდესაც ეპისკოპოსი იყო თეონა, ასწავლიდა ხალხს დიდი წარმატებით. იერონიმეს უწყებით პიერიუსმა ისეთ დახვეწილობას მიაღწია სამეტყველო ენისას და გამოაქვეყნა იმდენი ეგზეგეტიკური და საერთოდ საღვთისმეტყველო დანიშნულების ნაშრომი, რომ მას უწოდებდნენ ახალ ორიგენეს, ახალგაზრდა ორიგენეს, მეორე ორიგენეს. იმდროისათვის ეს იყო ერთ-ერთი უაღრესად ღირსეული ეპითეტი, რადგან პიერიუსის ჟამს ორიგენე არათუ დაგმობილი არ იყო, არამედ პირუკუ ერთ-ერთი მეწინამძღვრე და ალბათ ყველაზე აღმატებული პატივით შემოსილი პიროვნება იყო იმ ჟამისა და ეს ეპითეტიც სწორედ ამ ღირსებების დამტევი გახლდათ და არა ცხადია იმ შინაარსის რითაც იგივე ტერმინი დამკვიდრდა ვთქვათ განსაკუთრებით VI საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც ახალი ორიგენე ესაა იგივე ახალი მწვალებელი, ამის ტოლფასი. მაგრამ ამ შემთხვევაში იერონიმე როდესაც III საუკუნის შუა წლების და II ნახევრის ვითარებას წარმოგვიჩენს და იმდროინდელ ზედწოდებას პიერიუსისას, ის ცხადყოფს, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ამით გამოიხატებოდა მისდამი განსაკუთრებული კრძალვა და მისი დაფასება. აი ამგვარი ტიპის მოღვაწე გამოირჩეოდა თავისი ცხოვრების უკიდურესად მკაცრი წესითაც და ისეთი ნებაყოფლობითი უპოვარება და არასმქონეობა აჩვენა, რომ იმ ეპოქაში და იმ ჟამს მას რომ იტყვიან ტოლი არ ჰყავდა. როდესაც 50-იან წლებში და უფრო მოგვიანებით ეკლესიას დევნულება ემუქრებოდა, ამ დევნულებათაგან ერთ-ერთის ჟამს იგი გადავიდა საცხოვრებლად რომში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იერონიმეს უწყებით მისგან შემორჩენილი იყო (იერონიმეს დროისთვის) შრომა წინასწარმეტყველ ოსეს შესახებ, რაც როგორც ჩანს ამბიონიდან ყოფილა წარმოთქმული (ეს თვითონ იერონიმეს ვარაუდია) წინასააღდგომო ანდა უფრო ზუსტად აღდგომის ღამის ლიტანიობის ჟამს, წინასააღდგომო ღამის თევისას, ე.ი. ლიტურგიკული ფუნქციითვე ყოფილა თავიდანვე ეს ძეგლი პიერიუსისა, რომელსაც ცხადია ამავე დროს საღვთისმეტყველო საფუძველი ჰქონდა. თუმცა ეს შრომა ჩვენამდე არ მოღწეულა და ამიტომ კონკრეტულად რაიმეს თქმა რთული გახლავთ, მაგრამ გარკვეულ წყაროებს პიერიუსის შესახებ ჩვენ, გარდა იერონიმეს უწყებისა, ასევე შევეხებით. დროებით აქ შევჩერდებით და შემდეგ შეხვედრაზე კვლავ პიერიუსის შესახებ განვაგრძობთ საუბარს.

ტეგები: qwelly, ალექსანდრია, ამონიოს, თეოგნოსტოს, პიერიუს

ნახვა: 264

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters