ეპისტოლე არიანელთა წინააღმდეგ, ეგვიპტისა და ლიბიის მხარის ეპისკოპოსთა მიმართ

 1. ყოველივე, რასაც ქმნიდა და რასაც გვასწავლიდა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ლუკამ თქვა, შექმნა მან თავადმა, ხსნად ჩვენდა მოვლენილმა; რამეთუ, როგორც იოანე იტყოდა, “არა რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ” (იოანე 3,17). მისი წყალობა ყველაფერთან ერთად იმითაც გვაცვიფრებს, რომ იგი არც ჩვენს მოპაექრეთა შესახებ დადუმებულა. არამედ პირიქით, ნათლად გვიწინასწარმეტყველა, რათა ამის ახდენის ჟამს ჩვენი გონება მისი სწავლებით ყოფილიყო შემოზღუდული, სადაც ნათქვამია: “რამეთუ აღდგენ ქრისტესმტყუვარნი და ცრუწინასწარმეტყველნი, და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა. აჰა ესენი წინასწარ გარქუ თქუენ” (მათე 24, 24-25). თუმცა კი მრავალნია და ადამიანზე აღმატებულნი მისგან ბოძებული სწავლანი და ნიჭნი, როგორიცაა: ზეციური მოქალაქეობის სახე, უფლება ეშმაკთა ზედა, შვილება, და ბოლოს, სრულიად განსაკუთრებული და დიდებული ნიჭი – მოძღვრება მამისა და სიტყვის შესახებ და აგრეთვე მადლი სულიწმინდისა. მაგრამ მაინც, “შეყოფილ არს მომგონებლობაი კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა” (დაბ. 8,21), თანაც “წინამოსაჯულსა ჩუენსა ეშმაკსა” შურს, რომ ესოდენი მადლი მოგვნიჭებია და “მიმოვალს და ეძიებს”, წარგვტაცოს თესლი სიტყვისა (I პეტრე 5,8). ამიტომაც უფალმა ეს მოძღვრება წინასწარმეტყველებით დანერგა ჩვენში, ვითარცა განძი თვისი, და თქვა: “იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათა” (მათე 24, 4-5; ლუკა 21,8). რაღაც უდიდესი მადლი მიგვიღია სიტყვისაგან – არა ცდუნებად ხილულითა, არამედ სულიწმინდის მადლით ცნობად დაფარულისაც. რაკი ყოვლადსაძაგელ არს ცოდვის მომგონი, და საშინელი დემონია ეშმაკი, მისი ოდნავი გამოჩენაც და, ყველა მას დევნის, ვითარცა გველს, ვითარცა ვეშაპს, ვითარცა ლომს, რომ ეძიებს, ვინ მოიტაცოს და ჩანთქას.

ამიტომაც იმალება და ფარავს, რომ ასეთია და მზაკვრულად ითვისებს ყველასათვის სანატრელ სახელს, რათა უბრალო გარეგნობით მაცდუნებელმა მოხიბლულნი უკვე შებოჭოს თავისი საკრველნით. ვისაც სხვისი შვილების მონებად გაყიდვა უნდა, მათი მშობლების სახეს ღებულობს, როგორც კი ისინი ბავშვებს განშორდებიან, მერე კი მიჰყავს ისინი შორს და უკვე ღუპავს. ასევე, ბოროტი სული და მაცდური ეშმაკი, რაკი ვერ ბედავს ცხადად ქმედებას (უწყის ადამიანის სიყვარული ჭეშმარიტებისადმი), სიცრუით ღებულობს ჭეშმარიტების ხატს და ასე ანთხევს შხამს მათ, ვინც მის კვალს შეუდგება.

2. ასე აცდუნა მან ევა – განა თავისას ამბობდა რასმე, არამედ სიცრუით იტყოდა ღვთაებრივ სიტყვებს, ოღონდ აზრს ცვლიდა. დასცა მან იობის ცოლიც – შთააგონა მას, ქმრის სიყვარულის მოჰფარებოდა და ღმერთის გმობა კი შეესწავლა. ასე ატყუებს ის ცრუ ადამიანებს უბრალო ხატით – იტაცებს ყოველს და თავისი ცოდვის ჯურღმულში ითრევს. ძველ დროშიც ასე აცდუნა მან პირველი კაცი, ადამი. თანაც იზრახდა, ამით ყოველნი ქვეშევრდომებად გადაექცია, კადნიერებით გაბედა, ეთქვა: “და მკვიდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ხელითა ჩემითა, ვითარცა ბუდე, და ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს, რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე” (ესაია 10,14).

როდესაც უფალი მოვიდა, მტერმა ხერხიანად შეიტყო კაცთათვის მისი განგებულება, რადგან ვერ შეძლო, ეცდუნებინა იგი სხეულით. და იმ დღიდანვე ეს ამპარტავანი, მთელი სამყაროს ხელში ჩაგდებას რომ იქადოდა, ბეღურასავით ბავშვთა სათამაშოდღა გადაქცეულა – ქრისტეს შემდგომ, ქრისტესვე ძალით. “აწ ყრმამან მცირემან ხურელსა ზედა ასპიტისასა ხელი დასდვას” (ესაია 11,8), და დასცინის ევას შემცდენელს. უფლისმიერი ყველა მართლმადიდებელი ფეხით თრგუნავს ამის წარმომთქმელს. “ზედაით ვარსკვლავთა ცისათასა დავდვა საყდარი ჩემი, აღვიდე მთასა ზედა მაღალსა და ვიყო მსგავს მაღლისა” (ესაია 14, 13-14). ამას მტერი სირცხვილით ითმენს. მაინც კიდევ ბედავს ეს ურცხვი, სხვისი სახე რომ მიითვისოს. მაგრამ ამ წყეულს ახლა კიდევ უფრო ადვილად ცნობენ შუბლზე ძლევის ნიშნით აღბეჭდილები და მეტი ძალით განაძევებენ შერცხვენილსა და გაწბილებულს. აწ თუნდაც ნათლის ანგელოზადაც გამოგვეცხადოს, მცოცავი გველივთ მაქციერობა ვეღარ აღდგება, რამეთუ ვიცით: “გინა თუ ანგელოზი ზეცით გვახარებდეს ჩვენ გარეშე მისსა, რომელ იგი მივიღოთ, შეჩუენებულ იყავნ” (გალ. 1, 8-9).

3. თუკი კვლავაც დაფარავს თავის სიცრუეს და ბაგეებით თვალთმაქცურად ილაპარაკებს ჭეშმარიტებას, რაკიღა ვიცით მისი ზრახვანი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ მასზე სულიწმინდისგან გაცხადებული: “ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: “რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა” (ფს. 49,16). და “არა შუენიერ ქება პირთა შინა ცოდვილისათა, რამეთუ არა უფლისაგან მოივლინა” (ზირ. 15, 9). რადგან სიმართლის თქმითაც არ იმსახურებს ნდობას ეს ვერაგი. წმინდა წერილმაც ეს გვამცნო, როცა მოგვითხრო ევას წინააღმდეგ სამოთხეში მისი მზაკვრობა. და უფალმა ჯერ მთაზე ამხილა იგი, როდესაც მისი გულის კუნჭულებიც კი გამოაჩინა; გვიჩვენა თუ ვინ ყოფილა ეს მლიქვნელი, გამოააშკარავა, რომ გამომცდელი ვინმე წმიდათაგანი კი არა, სატანა იყო და ჰრქუა: “წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, რამეთუ წერილს არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე” (მათე 4,10). და კიდევ: “საფლავით მოღაღადე ეშმაკები რომ დაადუმა. თუმცა კი ჭეშმარიტებას ამტკიცებდნენ მაშინ ისინი, არა ცრუობდნენ და ასე ამბობდნენ: “შენ ხარ ძე ღმრთისა” (მათ. 8,29), “წმიდაი ეგე ღმრთისაი” (მარკ. 1,24). და მაინც არ მოისურვა, უწმინდურ ბაგეთაგან წარმოთქმულიყო ჭეშმარიტება, მით უმეტეს, - ეშმაკთა პირით, რათა ჭეშმარიტების საბაბით არ შეერიათ მასში თავიანთ ცოდვილი ნება, და არ დაეთესათ იგი, “ვითარცა დაიძინეს კაცთა” (მათ. 13,25). ამიტომ, რაკი თვითონ არ დართო ნება, ეშმაკებს ასე ელაპარაკათ, ასევე არ სურს, ჩვენ შევიწყნაროთ ამის მსგავსი რამ და თვითვე გვიბრძანა: “ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ” (მთ. 7,15), ხოლო წმიდა მოციქულთა მიერ: “ნუ ყოველნი სული გრწამნ” (I იოანე 4,1).

ასეთია სახე წინააღმდგომი მოქმედებისა, ასეთები არიან ერეტიკული თავყრილობები. რადგან ყოველ მწვალებლობას საკუთარი მომგონებლობა უვის მამად, უხსოვარი დროიდანვე შეცდომილი, კაცისმკვლელად და ცრუ ეშმაკად გადაქცეული. მას ერცხვინება, წარმოთქვას საკუთარი ლირწი სახელი, თვალთმაქცობით ითვისებს უმშვენიერეს და ყოველივეზე აღმატებულ მაცხოვრის სახეს, კრებს წმინდა წერილიდან გამონათქვამებს, წარმოთქვამს სიტყვებს, მაგრამ ნამდვილ აზრს კი არ ამხელს და ბოლოს თავის გამოგონებულსა და შექმნილსაც ფარავს რაიმე ხერხით და მოტყუებულთა მკვლელად იქცევა.

4. ნეტავ მარკიონსა და ან მანესს, კანონის უარმყოფელებს, სახარება რისთვის სჭირდებათ? ძველით ახალი მტკიცდება, ახალი კი ძველზე ამოწმებს. და განა უკანასკნელის უარმყოფელნი აღიარებენ კი იმას, რაც მისით დამტკიცებულა? პავლე სახარების მოციქულად იქცა, “რომელი-იგი წინაისწარ აღუთქუა წინასწარმეტყველთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა” (რომ. 1,2). თვით უფალმა თქვა: “გამოეძიებდით წიგნთაგან, რომელნი წამებენ ჩემთვის” (იოანე 5,39). მაშ, როგორღა აღიარებენ უფალს, ჯერ წმინდა წერილი თუ არ იკვლიეს? მოწაფეები ამბობენ, რომ ჰპოვეს იგი, “რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინასწარმეტყველთა” (იოანე 1,45). და კვლავ: “რად უნდათ კანონნი სადუკეველებს წინასწარმეტყველებს რომ არა ცნობენ? ღმერთმა, ვისგანაც სჯულნი მოგვეცა, სჯულშივე აღგვითქვა, წინასწარმეტყველთ რომ აღგვიდგენდა – რამეთუ თავადია უფალი სჯულისაც და წინასწარმეტყველთაც; და ამ ორთაგან ერთის უარმყოფელი, უეჭველია, მეორეს არ ცნობს. ან ძველი აღთქმა რაღად უნდა იუდეველებს, აღთქმით მომლოდინე მაცხოვარი რომ არ მიიღეს? მათ რომ მოსეს წერილი ერწმუნებინათ, თქმა აღარ უნდა, ირწმუნებდნენ უფლის სიტყვებსაც: “რამეთუ მან ჩემთვის დაწერა” (იოანე 5,46) – ბრძანებს უფალი. რად უნდა წერილი სამოსატელს, რომელიც უარყოფს ღმერთის სიტყვასა და მის ხორცით მოსვლას, დამოწმებულსა და მითითებულს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში? რად უნდათ წერილი არიანელებს? – რატომ ფიქრობენ და ამტკიცებენ მათი კაცები, თითქოს ღვთის სიტყვა ქმნილება იყოს და წარმართთა მსგავსად “დაბადებულთა და არა დამბადებელსა” (რომ. 1,25) ღმერთს მსახურებენ? არცერთს ამ მწვალებლობათაგან განსჯათ სიბილწით არაფერი აქვს საერთო წმ. წერილთან. ერესის დამცველთ უწყიან, რომ წერილი ბევრ რამეში, - უკეთესია, გვეთქვა – ყველაფერში ეწინააღმდეგება თითოეული მათგანის ბრძნობას. მაგრამ მიამიტთა მოსახიბლავად, ასეთებზეა ნახსენები იგავში: “უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაი” (იგავ. 14,15), ისინი მათივე მამის, ეშმაკის მსგავსად, თავს აჩვენებენ, თითქოს სწავლობენ და იმარხავენ წმინდა წერილის გამონათქვამებს, რათა ამითი წარმოაჩინონ თავიანთი ბრძნობის სისწორე. და ბოლოს, დაარწმუნონ უბრალო ხალხი, წმინდა წერილის წინააღმდეგ იმომგონებლონ. რა თქმა უნდა, ყოველ მწვალებლობაში ამგვარადაა გამოფენილი სიცრუით სავსე გამონათქვამნი. უფალმა ხომ მათზე ბრძანა: “აღდგენ ქრისტესმტყუვარნი და ცრუწინასწარმეტყველნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა” (მათე 24,24). ასე მოდის სწორედ ეშმაკი და გველიზღება თითოეული ერესის სახით: მე ვარო ქრისტე, ჩემთან არის ჭეშმარიტება. ეს ცილის დამწამებელი ყოველ ერესის ცალ-ცალკე და ერთიანადაც, აიძულებდა, ტყუილი ეთქვა. და საოცარია! – ყველა ისინი ერთიმეორეს ეფუძნებიან ყოველივეში, რა სისაძაგლეც თითოეულს მოჰგონებია. და ერთ რამეში, სახელდობრ ტყუილში, განუყოფლად ერთად შერწყმულან, რამეთუ ერთია იმათი მამა, ვინც ყველაფერში სიცრუეს თესავს.

სახარების სანდო მასწავლებელი, სულიერების განსჯის მადლით ცხებული, ვისაც სახლი კლდესა ზედა უშენებია, მტკიცედ დგას და უშიშარია მათი ხიბლისგან. ხოლო უმეცარს, რწმენაში მტკიცედ დაუმოძღვრელს, რაკი მხოლოდ სიტყვები ესმის და აზრს ვერ წვდება, მალე იტაცებს მათი მზაკვრობა. ამიტომაც, მშვენიერი და საშური საქმეა, ისურვო სულთა განრჩევის მადლის მიღება. რათა ყველამ იცოდეს იოანეს ანდერძის შესაბამისად, ვის განერიდოს და ვინ იგულოს მეგობრადა და თანამორწმუნედ. ბევრის დაწერას შეძლებდა იგი, ვინც გამოწვლილვას მოინდომებდა. მაშინ უზომო და ნაირგვარი აღმოჩნდებოდა მწვალებლობათა უღმერთოება და ავმზრახველობა, მაცდურთა მანქანებანი კი – საშინელნი უკიდურესად. მაგრამ ვისაც მეტის გაგება უნდა ამის შესახებ, ღმერთის სიტყვის კითხვას ვურჩევდი, რაკი კმა არს ყველაფრისათვის წმინდა წერილი. მე კი ახლა შევეცადე, ყველაზე უფრო საჭირო მეთქვა და ამის გამო განსაკუთრებით ასე დავწერე.

5. ამ ქვეყნებში ცხოვრებისას მე მსმენია (სარწმუნო და მართლმადიდებელმა ძმებმა შემატყობინეს), რომ ზოგიერთი არიანული მოსაზრების მქონე შეკრებილა, დაუწერიათ მრწამსის შესახებ, როგორც მათ სურდათ და ახლა თურმე თქვენთან გამოგზავნას ეპირებიან, რათა მათ შეხედულებებზე თუნდ ხელმოწერით დაადასტუროთ თქვენი თანხმობა. სჯობს აწ იმაზე ვილაპარაკოთ, რაც შთააგონა მათ ეშმაკმა, ანდა იმაზე, რომ დევნის ყოველს, ვინც კი შეესიტყვება. ამ ქვეყნების ეპისკოპოსთა შეწუხებას უკვე იწყებენ – ამრიგად, აქედან ნათელი ხდება დამწერთა ზნეობა. ისინი ხომ იმისთვის იღწვიან, რომ მათი წერილის ბოლო იყოს დევნა და სხვა სასჯელნი, და განა, შეიძლება, ისინი ქრისტიანთა მოკეთენი და ეშმაკისა და მისი დემონების მტრები გვეგონოს?! მით უმეტეს, რომ კეთილმორწმუნე მეფე კონსტანტინე კაცთმოყვარეა, და ისინი იმის ნების წინააღმდეგ იმას გაჰყვირიან, რაც ეპრიანებათ. ამასაც კი ქვეგამხედვრობით შვრებიან და, როგორც მე მგონია, უფრო ამ ორი მიზეზით: ერთი იმიტომ, რომ თქვენი ხელის მოწერით ჩაჩუმდეს ბოროტი ხმები არიოზზე და თვითონაც თვალში არავის მოხვდნენ, თითქოსდა, არიოზის აზრების უარმყოფელნი იყვნენ. მეორეც ის, რომ, როგორც ჩანს, ამის დაწერით, ასევე, დაჩრდილონ მაშინდელი ნიკეის კრება და იქ გადმოცემული არიოზის მწვალებლობის საწინაღმდეგო მრწამსი. მაგრამ სწორედ ამით მჟღავნდება მათი უსჯულოება და არამართლმადიდებლობა. მათ რომ წრფელად სწამდეთ, ნიკეის სრულიად მსოფლიოს კრების დადგენილ მრწამსს დასჯერდებოდნენ. და თუ ჰგონიათ, ცილსა სწამებენ და უსამართლოდ უწოდებენ არიანელებს, მაშინ არა უხმდათ მათ არიოზის საპირისპიროდ დაწერილის შეცვლის მცდელობა, რათა არიოზის საპირისპირო მათ განმაქიქებლად არ ქცეულიყო. ასე როდი იქცევიან ახლა ისინი: იმგვარად ზრუნავენ საკუთარ თავზე, თითქოს თვითონვე იყვნენ არიოზები. მაშ, იხილეთ: ჭეშმარიტებისთვის არ არის იმათი ზრუნვა, არამედ პირიქით, ყოველივეს არიოზის განწვალების სარგებლობისთვის უბნობენ და მოქმედებენ. ვბედავ, დავწამო მათ ის, რაც მშვენივრად გაარკვია მსოფლიო კრებამ და შევუდგე სხვა რამის წერას. კიდევ რას სჩადიან ისინი – ეს ხომ იგივეა, რომ მამებს ამტყუნებენ და მწვალებლობას ესარჩლებიან, რაც უარყვეს და განაჩენიც გამოუტანეს წმინდა მამებმა?! რასაც ახლაც წერენ, - წერენ, როგორც ვთქვი, ჭეშმარიტებაზე ზრუნვით კი არა, არამედ უფრო – სამასხარაოდ, მზაკვრობით იქმან ამას ხალხის მოსატყუებლად. რათა წერილების დაგზავნით ხალხის ყურადღება აქეთ მიაპყრონ, უჩინო-ჰყონ თავიანთი უსჯულოება და საშუალება იქონიონ, გაავრცელონ მწვალებლობა, ვითარცა ლპობა ხორცსა, საძოვარს რომ ყოველგან ჰპოვებს.

6. ისინი ყოველივეს აღძრავენ და აღაშფოთებენ. თავიანთ განმარტებებსაც ვერ ჯერდებიან, ყოველწლიურად იკრიბებიან, ვითომც, თანხმობას რომ მიაღწიონ, ეჩვენებიან, თითქოს, მრწამსზე მსჯელობენ და ყველაზე უფრო დასაცინი და გაწბილებულნი კი გამოდიან – არათუ სხვები, თვითვე უარყოფენ საკუთარ განსჯათ. დარწმუნებულნი რომ ყოფილიყვნენ იმაში, რაც ადრევე დაუწერიათ, მაშინ აღარ შეეცადებოდნენ სხვა რამის წერას, მერე – ამას აღარ მიატოვებდნენ და სხვა ახალის გამოგონებას აღარ შეუდგებოდნენ, რასაც, უეჭველია, დაუფიქრდებოდნენ და, კიდევ შეცვლიდნენ. მცირე ხანში კი, როგორც შემთხვევა გამოუჩნდებათ, ვინმეს აუცილებლად მახეს უგებენ. ასეთ დროს განსაკუთრებით მოაქვთ თავი, რომ მრწამსზე წერონ. რათა პილატეს ხელთა დაბანის არ იყოს, მათაც მოკლან დაწერის შემდეგ ქრისტეს კეთილმსახურნი. ხოლო მრწამსის შესახებ თარგმანებათა შედგენით, როგორც ჩანს და ბევრჯერაც მითქვამს, გაექცნენ არამართლმადიდებლობის ბრალდებას.

მაგრამ ვერც დაფარვას მოახერხებენ, და ვერც გაქცევას, რამეთუ თავის მართლების ჟამსაც საკუთარ ბრალმდებლებად გვევლინებიან. ეს სამართლიანია – თვითონვე პასუხობენ მათ შესახებ დადუმებულთაც. მაგრამ თავს კი იმას აჯერებენ, რაც თვითონ უნდათ. განა ოდესმე საკუთარ სამსჯავროზე განთავისუფლებულა ბრალეული შეცოდებისგან?! ამიტომაც დაუცხრომლად წერენ ისინი, ნიადაგ იცვლიან შეხედულებებს, ისე ირჯებიან, რომ მათი სარწმუნოება ბუნდოვანია, უკეთ თუ ვიტყვით – აშკარაა მათი ურწმუნოება და ბოროტმძლეობა. და ვგონებ, სამართლიანად მოიჭირვებენ ამას, რამეთუ განუდგნენ ჭეშმარიტებას, სწადიათ შერყვნა ნიკეაში მშვენივრად გადმოცემული მრწამსისა  და “შეიყვარეს”, ვითარცა წერილ არს, “ძრვაი ფერხთა მათთაი” (იერ. 14,10). სწორედ ამიტომ, როგორც ოდესღაც იერუსალიმი, შეზრუნვებულან და იქანცებიან ამ ღონისძიებებით – ერთს წერენ მეორეს ნაცვლად, ოღონდ კი დრო მოიგონ და დარჩნენ კვლავაც ქრისტესმბრძოლებად, ადამიანები რომ ცდომაში შეჰყავთ.

7. ჭეშმარიტების რომელი გულმოდგინე მორწმუნე ისურვებს კვლავ მათ ატანას? ვინ არ გადრკება სამართლიანად ამ მწერალთაგან? ვინ არ გაკიცხავს მათ შეუპოვრად? არ არიან ისინი ბევრნი, მაგრამ ესწრაფვიან, მათი აზრი იყოს ყველაზე ძლიერი; ნატრობენ, მათი თავყრილობები მძლავრობდეს, ფარულ და საეჭვო ადგილებში რომ იკრიბება. მედგრობენ, დაარღვიონ და შეურაცხყონ უტყუარი და წმინდა უწინდელი მსოფლიო კრება.

ის ხალხი, პატივგებული ევსების მიმდევართაგან, იმისთვის, რომ იცავდნენ ქრისტესმხდრომ ერესს, კადნიერდება შეთხზეს თარგმანება მრწამსის შესახებ, და როდესაც უნდა დაისაჯნენ, როგორც ცოდვილნი, კაიაფას განჩინებას თვითონ იღებენ – წერენ “თალიას”, იმის წადილით, სჯეროდეთ მათი მაშინ, როცა ის არ უწყიან, თვითონ ვითარ სწამთ.

ვინ არ იცის, რომ არიანული სიშმაგის გამო მათ შეიწყნარეს სეკუნდი პენტაპოლელი, განძებული უწინაც ბევრჯერ, და რომ განდიდდნენ გიორგი, ლაოდიკეას რომაა ახლა, და ლეონტი საჭურისი; მასზე უწინ კი –სტეფანე და თეოდორე ირაკლიიდან? ურზაციუსი და ვალენტიც კი, აღმსარებლობაში თავიდანვე დაგეშილნი არიოზისგან, ვითარცა შეგირდნი, და ოდესღაც მოკვეთილნი სამღვდელო ხარისხს, უკეთურობისათვის ბოლოჟამს ეპისკოპოსებად მოვლინებულან. აკაკი, პატროფილე და ნარკისი, ყველაზე მედგარი ავისმქმნელები, სარდიკიის დიდ კრებაზე განიდევნენ, ხოლო ევსტათის, აწ სებასტიას დამკვიდრებულს, დიმოფილეს, გერმანეს, ევდოქსიას და ბასილის, ცოდვის ქომაგებს, სამღვდელო ხარისხისთვის მიუღწევიათ. აწინდელთა შესახებ – კეკროპზე, ე.წ. ავქსენტისა და მასხარა ეპიქტეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი არის, როცა ყველასთვის თვალსაჩინოა, როგორ, რა მიზეზებით, და რომელ მტერთაგან არიან დამოძღვრებულნი – ცილს სწამებენ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს, რომელთაც მზაკვრობას უმზადებენ. რამეთუ მათაც, თუმც კი, ცხრა მთას გადაღმა ცხოვრობდნენ და შეუსწავლელნი იყვნენ ხალხისთვის, სიავის გამო ეპისკოპოსის სახელი მოუხვეჭიათ. დღეს კი დაუქირავებიათ ვინმე გიორგი, კაპადოკიელი და თქვენთან გზავნიან. მაგრამ სიტყვის თქმა აღარც მასზე ღირს – ამ ქვეყანაში ხმა დადის, ის კაცი თითქოს ქრისტიანი სულაც არ იყოს, არამედ უფრო – კერპთა მოშურნე, ხოლო ხელობით კი – ჯალათი არის. ამიტომ, როცა მათ მიიღეს ისეთი კაცი, ვისაც შეეძლო, ჩაედინა გმობა, ტაცება, მკვლელობა (რაკი ამათში იწვრთნებოდა ის უფრო მეტად), სულაც არ იცის, ქრისტეს სჯული რაგვარი გახლავთ.

8. ამ სახით გაიძვერობენ ისინი ჭეშმარიტების დასათრგუნვად. მაგრამ მუდამ გამოცხადდება მათი წადილი, თუმც კი ათას ხერხს მიმართავენ ქვეწარმავალთა მსგავსად თავდასაძრომად და დასაფარავად, რომ ქრისტეს მხდომნი არიან.

ამიტომ გევედრებით: დაე, ნუ დაგიპყრობენ ისინი, არამედ შურით აღინთეთ უფლისა მიმართ, თითქოს ქრისტიანულ სარწმუნოებას იუდაური ლირწი ემუქრებოდეს. და, ეყოველმა დაიმარხოს მამათა მრწამსი, ნიკეაში შეკრებილებმა წერილობით რომ დაგვიტოვეს დასახსომებლად; და ნუვინ შეიწყნარებს მათ, ვინც ამის წინააღმდეგ რაღაც სიახლის შემოღებას განიზრახავენ. მართალია, დაგიწერენ გამონათქვამებს საღმრთო წიგნთაგან, ნუ მიიღებთ ამის დამწერთ; თუნდ მართლმადიდებლური სიტყვებიც წართქვან, ნუ მოუსმენთ ასე მოუბართ. რადგან ნამდვილი აზრით კი არ ამბობენ, არამედ სიტყვებით დაფარულან ცხვრის ტყავის მსგავსად. შინაგანად კი, ისევე, როგორც განწვალების წყარო – ეშმაკი, არიანულად მოაზროვნობენ. ბოროტი სულიც ხომ წმინდა წერილის სიტყვებს ამბობდა, მაგრამ მაცხოვარმა ხმა გაუკმინდა. რასაც ამბობდა, ის რომ ეფიქრა, აღარ ჩამოვარდებოდა მაშინ ცათაგან. აწ ის ვერაგი, აზრით დანარცხებული, სიტყვით თვალთმაქცობს. ძალიან ხშირად ეს ქვებუდენი წარმართული ჭარბსიტყვაობით და ტყუილი სიბრძნით ცდილობენ მახის დადებას.

ასე რომ, რაც კი მართლმადიდებლური დაუწერიათ, მათ ნაწერებში არაფერია საეჭვო, იმიტომ, რომ ზნეობა ამ მოციქულთასწორ კაცთა უბრალოა და წრფელი. გავიხსენოთ თუნდაც ოსია – დიდი აღმსარებელი; მაქსიმინე – გალიის ეპისკოპოსი; ანდა მისი თანამოსაყდრე, ანდა ფილოგონი და ევსტათი – აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი; ანდა იულიუსი და ლიბერიუსი – რომაელი ეპისკოპოსნი; ანდა კირიაკოსი – მისიის ეპისკოპოსი; ანდა პისტი და არისტე – საბერძნეთის ეპისკოპოსნი; ანდა სილვესტრი და კროტოგენი – დაკიის ეპისკოპოსნი; ანდა ლეონტი და ევსიხი – კაპადოკიის ეპისკოპოსნი; ანდა ცეცილინე – აფრიკის ეპისკოპოსი; ანდა ევსტორგი – იტალიელი ეპისკოპოსი; ანდა კაპიტონი – სიცილიის ეპისკოპოსი; ანდა მაკარი – იერუსალიმის ეპისკოპოსი; ანდა ალექსანდრე – კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, ანდა პედეროტი – ირაკლიის ეპისკოპოსი; ანდა დიდი მელეტი და ბასილი, ლონგინე, და მათთან ერთად სომხეთისა და პონტოს სხვა ეპისკოპოსნი; ანდა ლუპი და ამფიონი – კილიკიის ეპოისკოპოსნი; ანდა იაკობი და მასთან ერთად შუაზღვისპირეთის სხვა ეპისკოპოსნი; ანდა ჩვენი ნეტარი ალექსანდრე და მისი თანამორწმუნენი.

9. ის ყველაფერი განწვალების დასაცავად მოსყიდულებმა მოჩმახეს, ხოლო ღვთაებრივი იგავის მიხედვით “სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ” (იგავ. 15,18), და “უღმერთონი იღუწიდენ ზაკვასა” (იგავ. 12,5). ამიტომაც, როგორც უფალმა ბრძანა, მღვიძარება და კრძალვა გვიხმს, ძმებო, რათა არ მოვიხიბლოთ ჭარბსიტყვაობითა და ვერაგობით, არავინ მოვიდეს ჩვენთან ქრისტეს სახელით, თქვას: “მეც ვაღიარებ ქრისტესა”, და უფრო კი ანტიქრისტე არ შეგვრჩეს ხელში. სწორედ რომ ანტიქრისტენი არიან ისინი, თქვენსკენ რომ მოიჩქარიან არიოზის სიცოფის თესვად. განა არ გყოფნით რამე, რომ უცხო ქვეყნიდან სჭირდებოდეს ვინმეს თქვენამდე მოსვლა? განა არ ყოფნის რაიმე ეგვიპტეს, ლიბიისა და ალექსანდრიის ეკლესიებს, რომ სიმდიდრესა და პატივს დახარბებული ეპისკოპოსების მაძიებელნი შემოიჭრნენ სხვათა ეკლესიებში? ვინ არ იცის და ვინ ვერა ხედავს, ყველაფერ ამას სიბილწის სასარგებლო შეთქმულებისთვის რომ აკეთებენ? ამიტომაც, თუმცა, თავს გვაჩვენებენ განცვიფრებულად, თუმცა აქვთ დიდი, ფარისევლური აღმაფრენებიც, იხარჯებიან ქადაგებებად და ხმის ძლიერებას წვრთნიან ნიადაგ – არ ეგების, მათ დავერწმუნოთ. რამეთუ სარწმუნოებას გამონათქვამი კი არა, აზრი და ღვთისნიერი ცხოვრება განამტკიცებს. რატომ გაწბილდნენ მაცხოვრისგან სადუკეველები და ჰეროდიანნი? თუმცა, ბაგეებით სჯულს აღიარებდნენ, უფლისაგან ესღა მიიღეს: “სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არა ძალი ღმრთისაი” (მატე 22,29). ყველასათვის საცნაურია, რომ ვითომდა სჯულისმეტყველნი გულით წარმოჩნდნენ მწვალებლებად და ღვთისმგმობრებად. დიახაც, რომ ამბობდნენ ამას, ოღონდ სხვებს აცთუნებენ. მაგრამ უფლის მოტყუება კი ვეღარ შეძლეს. კაცად ხორცქმნილის, რამეთუ “სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა” (იოანე 1,14) – სიტყვა, რომელმაც “უწყის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო” (ფს. 9,11), ასე ამხილა მაცხოვარმა მის წინააღმდეგ მოღვაწე იუდეველი: “უკუეთუმცა ღმერთი მამაი თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ თქვენდა” (იოანე 8,42). ვგონებ, ესენიც ასე ქვებუდანობენ – რამეთუ ფარავენ, რასაც ფიქრობენ, თვით ნაწერებში კი უკვე წმინდა წერილს ესესხებიან გამონათქვამებს, რათა ამგვარად მიიტაცონ უბირნი და შეიყვანონ სიბოროტეში.

10. მაშ განსაჯეთ, განა ასე არ არის სინამდვილეში? თუკი სარწმუნოებაზე ყოველგვარი წინასწარი მიზნის უქონლად წერენ, მაშინ ეს ქმედება სრულიად ზედმეტია და, იქნებ, საზიანოც: როდესაც არავითარი კითხვა არაა, ისინი გვთავაზობენ კამათის მიზეზს, მოყვასთ უაუგო გულს უწეწავენ და სთესვენ იქ იმას, რაც არასდროს გაუფიქრიათ. და თუკი წერა თავდასაცავად წამოუწყიათ, - თითქოს არ დგანან არიოზის მწვალებლობაზე, მაშინ ჯერ მისი გაზრდილი ღვარძლის თესლი უნდა აღმოეფხვრათ, შეერცხვინათ თესლის მთესვარნი, და ამ სახით, მართლმადიდებლური წესით ეწერათ მათ წინააღმდეგ, ანდა აშკარად ედევნათ ერესი, რომ ქრისტესმბრძოლნი დაფარულნი არ დარჩენილიყვნენ, არამედ – ცხადად ჩენილნი, რათა ყველა ივლტოდეს მათგან, “ვითარცა პირისაგან გუელისა” (ზირაქ. 21,1). ახლა კი არიოზის მოძღვრებას აჩუმათებენ და თავს აჩვენებენ, თითქოს სხვა რამეს წერდნენ. ექიმი, დაწყლულებულსა და გატანჯულთან რომ მოუხმობენ, მაგრამ შევა და იარის ნაცვლად მრთელ ასოებზე იწყებს მსჯელობას, დიდ ჭკუამოკლედ ჩაითვლებოდა, რამეთუ სწორედ მასზე დუმს, რისთვისაც მისულა, სრულიად სხვას კი განიხილავს, რაც არავის სჭირდება. ამგვარადვე, ისინიც გვერდს უქცევენ იმ მწვალებლობას, რაც მათ ბრალედებათ, წერა კი სულ სხვა რამეზე წამოუწყიათ. ისინი რომ სარწმუნოებაზე მონაღვლეობდენენ და ქრისტე უყვარდეთ, მაშინ ჯერ გმობის სიტყვათა განადგურება იყო საჭირო და წრფელ აზრთა წერა. თვითონ ხომ ამას არ აკეთებენ, მაგრამ მსურველთაც აღარ უშვებენ ან უმეცრების, ანდა მზაკვრობის გამო. 

11. ეს საქმე თუკი უმეცრებით ემართებათ, მაშინ ისინი დიდ უგუნურებად ჩაითვლებიან – ლაპარაკობენ უგბილად მასზე, რისაც არა გაეგებათ რა. ხოლო თუკი იციან და თვალთმაქცობენ, მაშინ უფრო დიდი ბრალი ედებათ, - უცებად არაფერს აკეთებენ, როდესაც საკუთარ საქმეთ განიხილავენ, ხოლო უფლის შესახებ წერისას კი მასხარაობენ და უმალ ყველაფერს კადრულობენ, ვიდრე დოგმას ჭეშმარიტებასა ზედა. ჩქმალავენ, რითაც მათი მწვალებლობა განიკითხება, თუმცა წმინდა წერილიდან მოჰყავთ გამონათქვამნი. ეს ხომ თვალნათელი ძარცვაა ჭეშმარიტების და ყოველგვარი სიცბილით სავსე, რასაც, კარგად ვიცი, თქვენი კეთილმსახურებაც განჭვრეტს სრულიად: ვერცერთი სიძვით შემცოდე ვერ იმართლებს თავს იმით, რომ ქურდი არაა; და ვინც მკვლელობაში ადანაშაულებს, ვერ მოითმენს, ბრალდებულებმა თავი იმართლონ: “ფიცი არ დაგვირღვევია, არამედ შევინახეთ, რაც ჩვენ გვებარა”. ამას ღინცილი თუ დაერქმევა, ვიდრე ბრალისაგან თავის მართლება და დაჯერება ჭეშმარიტების. რა აქვთ საერთო მკვლელობასა და ფიცის გატეხას, ანდა სიძვას და პარვას?! მართალია, ყოველგვარ მანკიერებას აქვს ერთი ძირი – ერთი გულიდან მოედინება, მაგრამ ბრალის აცილების დროს კავშირი მათ არ გააჩნიათ. ასე, აქარი, ისუ ნავესგან დაწერილ წიგნში, ძარცვაში შესმენილი, არ განრიდებია ბრალს სამხედრო საქმეში მუყაითობის წარმოჩინებით, არამედ ხელმრუდობაში მხილებული ქვით ჩაიქოლა. საულსაც, დაუდევრობა და სჯულის დახსნა რომ ბრალდებოდა, სიკეთეს ვერ მოუტანდა სხვა საბუთების მოშველიება, რამეთუ ერთში გამართლება სხვა დანაშაულს ბრალს ვერ აშორებს. არამედ, თუკი ყოველივეში სჯულიერად და სამართლიანად მოვიქცეოდით, თავი იმაში უნდა ვიმართლოთ, ვისაც რა ცოდვა მოგვეწერება; ანდა დავამტკიცოთ, რომ უკვე არც ვშვრებით ამას და აღარასოდეს გავიმეორებთ. მაგრამ როდესაც სჩადიოდა და იქმოდა ამას, მაგრამ მალავს და არ აღიარებს, და ერთს ამბობს მეორის ნაცვლად, ცხადი არის, რომ მცდარად მოიქცა და თვითონვე ვერ შეუგნია დანაშაული. 

მაგრამ ბევრის თქმა განა არის კიდევ საჭირო, როდესაც თვითვე გამოაქვთ მსჯავრი არიანული მწვალებლობისთვის. თუკი წარმოთქმასაც კი ვერ ბედავენ და უფრო მალავენ თავის მონაჩმახს, ნათელია, რომ ამ სწავლებას ჭეშმარიტებისაგან განშორებულად და უცხოდ თვლიან. მაგრამ რადგანაც ფარავენ და ლაპარაკისაც ეშინიათ, ჩვენ უნდა შემოვაძარცვოთ სამოსელი უწმინდურებასა და უცილობლად შევარცხვინოთ ეს მწვალებლობა, რადგანაც ვუწყით ყველაფერი: რას ამბობდნენ მაშინ არიანელნი, როგორ განიკვეთნენ ეკლესიიდან და ჩამოშორდნენ სამღვდელო კრებულს. მაგრამ უპირველესად ბოდიშს მოვიხდი იმ ბილწი გამოთქმებისათვის, რასაც აქ დავწერ – ვამბობ ამას არა მწვალებლური მომგონებლობით, არამედ მათ სამხილებლად.

12. ამრიგად, ნეტარხსენებულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ეკლესიიდან გააძევა არიოზი, რომელიც მოაზროვნობდა და ამბობდა ასე: “ღმერთი ყოველთვის არ იყო მამა; ყოველთვის არ ყოფილა ძე; არამედ, როგორც ყოველი არსი არარსისაგან, ძე ღვთისა ასევეა არარსისაგან; და როგორც ყოველი არსი არის ქმნილება, ასევე თავადაც – ქმნილებაა და შემოქმედება; როგორც ყოველი ქმნილება არ იყო ადრე, არამედ გაჩნდა, ასევე იყო ოდესღაც, რომ თვით სიტყვა ღმრთისა არა ყოფილა – და არ იყო, ვიდრე არ დაიბადა. არსებობას აქვს დასაბამი, რამეთუ მაშინ გაჩნდა, ოდეს ღმერთმა ინება, იგი შეექმნა, რამეთუ თავადაც ღმერთის ქმედებათ მიეკუთვნება; და თუმცა იგი შეცვალებადი არის ბუნებით, მაგრამ საკუთარი თავისუფლებით სრულყოფილია იმდენად, რამდენზეც ნებავს. და თუკი ისურვებდა, შეიცვლებოდა იგიც, როგორც ყველაფერი სხვა. ამიტომაც ღმერთმა იმის წინასწარ ცნობით, რომ იგი სრულყოფილი შეიქმნებოდა, წინასწარ მიანიჭა მას ის დიდება, რასაც შემდგომში მოიხვეჭდა სათნოებისათვის. ანუ მისსივე საქმეებით, ღმერთმა რომ განჭვრიტა, გამხდარა აწ იგი ასეთი”. ამ საფუძველზე ამბობენ ისინი, რომ “ქრისტე არაა ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ იგი, როგორც ყოველივე დანარჩენი, ზიარების შემდგომად იწოდა ღმერთად”. დასძენენ იმასაც, რომ “ქრისტე არაა ბუნებით არსი მამაში, და საკუთრივ სიტყვა მისი არსისა, და საკუთრივ სიბრძნე მისი, რომლითაც შეიქმნა ეს სამყარო; არამედ სხვა არსი: მამასთან მყოფი, მისი საკუთარი სიტყვა; და სხვაა: მამაში მყოფი, საკუთრივ მისი სიბრძნე, რომელი სიბრძნითაც შეიქმნა ის სიტყვა. თავად ეს ღმერთი კი სიტყვად ზეაზრით იწოდება, - მეტყველ ქმნილებათა მიზეზით. და სიბრძნედაც ასევე ზეაზრით იწოდა, - სიბრძნით აღვსილ ქმნილებათა მიზეზით”. რა თქმა უნდა, ამასაც ამბობენ ისინი “როგორც ყოველი არსი არსებით უცხოა მამისაგან და მისგან განშორებული, ასევე ქრისტეც – იგი ყველაფრით შორსააAმამისეული არსობისაგან, და ამით დაშორებული, იმ არსთა და ქმნილებათა თანაზიარია, რომელთაც ყოფნა მინიჭებიათ და ერთ-ერთია მათი რიცხვიდან; რამეთუ იგი არის ქმნილება, შემოქმედება, საქმე”. და კიდევ ამბობენ, რომ ღმერთმა ჩვენ კი არ შეგვქმნა მისთვის, არამედ იგი – ჩვენთვის. იმიტომ რომ, როგორც ამტკიცებენ, ღმერთი ერთი იყო და მასთან არ ყოფილა სიტყვა. ხოლო შემდეგ, რაკი ჩვენი შექმნა მოიწადინა, უკვე იგიც შექმნა; და როგორც კი თავადი გაჩნდა, უწოდა მას სიტყვა და ძე სიბრძნე, რათა თავადის მეოხებით ჩვენც შევქმნილიყავით. და როგორც ყველაფერი ადრე არარსებული ღვთის ნებას შეადგენდა, ასევე იგიც, ადრე არყოფილი, ღმრთის ნებით გაჩნდა. რამეთუ სიტყვა საკუთრივ მამისაგან ბუნებით არ შობილა, არამედ იგიც მადლმა წარმოქმნა. ცოცხალმა ღმერთმა შექმნა ძე არყოფილი იმავე ნებით, რითაც ყოველი შეიქმნა, აღაგო, წარმოქმნა, ინება, რათა გაჩენილიყო”. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ ქრისტე “არაა ჭეშმარიტი ძალა ღმრთისა, არამედ როგორც მატლსა და მუმლს ძალა დაერქვა (შდრ. იოველ 2,25), ასევე იწოდა იგი ძალად მამისა”. ამას არიოზმა დაამატა, რომ “მამა ძისათვის საიდუმლოა, და ძეს არ ძალუძს არც განცდა მამისა და არც ცოდნა მისი სიზუსტითა და სრულყოფილებით. იმიტომ რომ, რაკი მყოფობის დასაბამი აქვს, არ შეუძლია, მისწვდეს დაუსაბამოს და მასაც კი, რასაც ხედავს და შეიმეცნებს, საკუთარი საზომის შესაბამისად გრძნობს და განიცდის, როგორც ჩვენ ვიცით და ვხედავთ საკუთარი ძალის მიხედვით”. ამას არიოზმა კიდევ ისიც დაამატა, რომ “ძემ არა თუ სიზუსტით არ უწყის მამა, არამედ არ იცნობს საკუთარ არსობასაც კი”.

13. არიოზი ამას და ამის მსგავსთ ამტკიცებდა, რისთვისაც გამოცხადდა კიდეც მწვალებლად. მე კი ისიც სანანებლად მაქვს, რაც აქ დავწერე, თუმცა ამის საპირისპიროს ვფიქრობ და ვადგავარ ღვთისშიშის ზრახვას. მთელი ეპისკოპოსნი ნიკეის კრებაზე ყოველი მხრიდან შემოკრებილნი, სმენას იხშობდნენ ამ სიტყვების გაგონებაზე, ყველამ ერთად განაქიქა არიოზი და შეაჩვენეს ეს მწვალებლობა. მსჯავრმდებელნი ასე იძულებით არ მოქცეულან, არამედ ყველა თავისი სურვილით გამოესარჩლა ჭეშმარიტებას. ამას იქმოდნენ კანონიერად და სამართლიანად, რამეთუ ამ ცრუმოძღვრებით შემოდის უღმერთოება, უფრო სწორად ვთქვათ, - წმინდა წერილის საპირისპირო იუდაიზმი, რასაც წარმართობაც მალე მოჰყვება. და ვინც ასე სჯის, მას ქრისტიანიც აღარ უნდა დაექვას, რადგან ყველაფერ ამით ღვთაებრივ წერილს შეეცილება.

იოანე იტყვის: “პირველითგან იყო სიტყვა” (იოანე 1,1), ეს მწვალებელნი კი ამტკიცებენ: იგი არ იყო, ვიდრე არ იშვა. იოანემ კიდევ დაწერა: “ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაი საუკუნოი” (იოანე 5,20); ხოლო ისინი, როგორც ღვთისმხდომნი, ამბობენ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი არაა, რომ ისიც, როგორც ყველა, ზიარების მეშვეობით იწოდა ღმერთად. მოციქული აბრალებს კერპთმსახურთ, რომ ქმნილებათ შეუვრდებიან და ამბობს: “ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა” (რომ. 1,25). ისინი კიდევ ამტკიცებენ, რომ უფალი ქმნილება არის და თაყვანს სცემენ მას, როგორც შექმნილს. და რითიღა განირჩევიან წარმართებისგან?! თუკი ასე მომგონებლობენ ისინი, განა, მათ წინააღმდეგ არაა მოყვანილი ადგილი, და განა მათ არ ჰკიცხავს ნეტარი პავლე?! უფალი ამბობს: “მე და მამაი ჩემი ერთ ვართ” (იოანე 10,30); და “რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი” (იოანე 14,9); და წარმართებთან საქადაგებლად წარგზავნილი მოციქული პავლე წერს: “რომელი იგი არს ბრწყინვალებაი დიდებისაი და ხატი არსებისა მისისაი” (ებრ. 1,3). ეს უღმერთოები კი თავხედდებიან, განწვალონ და მას მამის არსობისა და მარადიულობისგან უცხო დაარქვან, ცვალებადად წარმოგვიდგინონ, და ვერ ხედავენ, რომ ამის მტკიცებით იგი მამის კი არა, ქმნილებათა ერთ არსი ხდება. ვინ ვერ ხვდება, რომ ელვარება განუყოფელია ნათლისაგან და საკუთრებაა მისი, მასთან ერთად ბუნებით მყოფი და არა შემდგომად წარმოშობილი?! შემდეგ, მამა იტყვის: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი” (მათე 3,17), და წერილიც ამბობს, რომ იგი არის “სიტყვა” მამისა, რომლითაც “ცანი დაემტკიცნეს” (ფს. 32,6); და რათა შემოკლებულად ვიტყოდეთ, “ყოველივე მის მიერ შეიქმნა” (იოანე 1,3). ამათ კი, რაღაც ახალი დოგმატებისა და აზრების გამომგონებელთა, სხვა სიტყვა შემოაქვთ და ჩმახავენ, თითქოს არსებობდეს მამის სხვა სიბრძნე, ხოლო ქრისტე კი ზეაზრით, მეტყველ ქმნილებათა მიზეზით სახელ-იდება სიტყუვად და სიბრძნედ. და ვერ ხვდებიან აქედან რაოდენი შეუსაბამობა გამომდინარეობს.

14. რამეთუ, თუკი ზეაზრით, ჩვენი გულისთვის იწოდა სიტყვად და სიბრძნედ, სინამდვილეში თვითონ რაღაა? – არ ამბობენ, რაღა თქმა უნდა. თუკი წერილნი ამტკიცებენ, რომ თავადი არის სიტყვა და სიბრძნე, ხოლო მათ ხელს არ აძლევს, რომ ღმერთი იყოს სიტყვა და სიბრძნე,  მაშინ ამ უსჯულოთა და წერილისმხდომთ, აშკარაა, აღარც მისი არსებობა მოსდით ჭკუაში. თუმცა, მორწმუნეთ შეიძლება ყოველივე მამის ხმისაგან რომ შეისწავლონ, ასევე მისი თაყვანისმცემელი ანგელოზების და წმინდანებისგან, მის შესახებ რომ დაუწერიათ. ხოლო მათ, რაკი შეურყვნელი განსჯანი არ გააჩნიათ, და არ შესწევთ ძალი, შეისმინონ ღვთაებრივ კაცთა და ღვთისმეტყველთა, მხოლოდ მათსავე მსგავსი დემონებისგან სწავლა თუღა ხელეწიფებათ. რამეთუ ისე ქადაგებდნენ, რომ მრავალს არ სცნობდნენ, არამედ მხოლოდ ის ერთი უწყოდნენ და ამბობდნენ: შენ ხარ “წმიდაი ეგე ღმრთისაი” (მარკ. 1,24), და “ძე ღმრთისაი” (მათე 8,29). მასაც კი, ვინც შთააგონა მათ ეს ერესი, მთაზე გამოცდისას არ უთქვამს: “უკუეთუ” შენ “ხარ ძე ღმრთისაი” (მათე 4,3), აღიარა, რომ ის მხოლო არის ძე. ეხლა კი ვხედავთ, რომ როგორც წარმართებმა დაკარგეს ცნება ერთი ღმერთის შესახებ და მიადგნენ მრავალღმერთიანობას, ასევე ამ უცნაურ ხალხსაც ვერ ურწმუნია, რომ ერთი არის მამისა სიტყვა, და მრავალთა მოაზრებამდე დანარცხებულან. მას უარყოფენ, ვინც ჭეშმარიტი ღმერთია და ჭეშმარიტი სიტყვა, კადნიერდებიან, ის ქმნილებად წარმოადგინონ, და ვერც ამჩნევენ, რარიგი ღვარძლითაა აღვსებული ამგვარი გრძნობა. თუკი იგი ქმნილება არის, მაშ როგორღა გამოდის იგი შემოქმედი სხვა ქმნილებათა?! ანდა როგორღა არის იგივე ძეც, სიბრძნეც, სიტყვაც?! სიტყვა არ იქმნება, არამედ იბადება. ხოლო ქმნილება ძე კი არაა – შემოქმედება. და თუკი ქმნილებანი მისით გაჩნდნენ, და თვითონაც ქმნილება არის, მაშ, ის თვითონ ვისგანღა მოსულა ყოფიერებად? ქმნილებები ყოფად ვინმეს მეშვეობით უნდა მოვიდნენ, როგორც სინამდვილეშიც გაჩნდნენ სიტყვისგან, რამეთუ იგი არაა ქმნილება, არამედ მამის სიტყვა. და კიდევ: თუკი უფლის გარდა არის სხვა, მამაში მყოფი სიბრძნე, მაშინ სიბრძნესაც სიბრძნისგან მისცემია მყოფობა. და თუკი სიბრძნე არის სიტყვა ღმერთისა, მაშინ სიტყვაც სიტყვისაგან წარმოშობილა. და თუკი სიტყვა ღმრთისა არის ძე, მაშინ გამოდის, რომ ძე ძისგან შექმნილა.

15. ამიტომ როგორ თქვა უფალმა: “მე მამისა თანა ვარ, და მამაი ჩემ თანა არს” (იოანე 14,10), როდესაც მამაში ყოფილა სხვა, ვისგანაც თვითონ უფალი მოსულა მყოფობად? მაშინ რატომღა დადუმდა იმ მეორეზე იოანე, ხოლო ამაზე გვაუწყა და თქვა: “ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა” (იოანე 1,3)? თუკი ყველაფერი, ნებით შექმნილი, მან შექმნა, მაშინ ის თვითონ რა სახითღაა ერთი ქმნილებათაგანი? როდესაც მოციქული ამბობდა: “რომლისათვის არს ყოველი, და რომლისაგან არს ყოველი” (ებრ. 2,10), რატომღა ამტკიცებენ ისინი: ჩვენ კი არა ვართ მისთვის, არამედ მას მიემადლა ჩვენთვის მყოფობა? ეს რომ ასე ყოფილიყო, მოციქულს უნდა ეთქვა: მათი გულისთვის გაჩნდა სიტყვა. ახლა კი არ ამბობს ამას, არამედ: “რომლისათვის არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი”. ამით აჩვენებს, რომ ისინი მწვალებელნი არიან. თუკი გაკადნიერდნენ, ემტკიცებინათ, თითქოს ღმერთში არის სხვა სიტყვა, მაშინ, რაკი ამის ნათელი დასაბუთებანი წერილში არაა, დაე, თუნდ ერთი საქმე აჩვენონ სიტყვისა, ან საქმე მამისა, აღსრულებული სიტყვის გარეშე, რომელსაც ვქადაგებთ. რათა ჰქონდეთ რაიმე საჩინო მიზეზი თავიანთი შენათხზავისათვის. ჭეშმარიტი სიტყვის საქმენი ყველასათვის ცხადია და თავადაც, შესაბამისი ზომით, ამ საქმეთა მეშვეობით შეიცნობა. რამეთუ ქმნილების ხილვისას გონებით ვჭვრეტთ მის შემოქმედ ღმერთს. ასევე, როდესაც ყოველივეს თვალს მივადევნებთ და ვხედავთ, რომ შესაქმეში არაფერია შემთხვევითი, რომ ყოველივე მოძრაობს და არსებობს წესრიგით და ზრახვის განკარგულებით, ვასკვნით, რომ არის ყოველთა ზედა ცოცხალი და მეუფე სიტყვა ღმრთისა, და რომ “ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისა არცა ერთი რაი შეიქმნა”. ხოლო რომელ სიტყვაზეც ისინი ლაპარაკობენ, ამ სიტყვის არცაღა ერთ გამონათქვამს, არცაღა ერთ საქმეს მიუთითებენ. რამეთუ თვით მამა, ვინაც თქვა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი”, გვაგებინებს, რომ არ არის სხვა სიტყვა თავადის გარდა.

16. ამიტომ ამ გაგებით ეს უცნაური ხალხი უკვე მანიქეველთ უერთდებიან. რამეთუ ისინიც მხოლოდ მოწყალე ღმერთს სახელ-სდებენ სახელით და არ კი ძალუძთ, აჩვენონ მისი არც ხილული, არც უხილავი საქმე. ჭეშმარიტი და ნამდვილად არსებული ღმერთის უარყოფით, უეჭველია, წმინდა წყლის არაკს თხზავენ. მგონი ეს ბოროტგანმზრახნი ამასვე განიცდიან საკუთარ თავზეც, რამეთუ ჭეშმარიტი და მამაში მყოფი ერთადერთი სიტყვის საქმეთ შესცქერიან და მას უარყოფენ. თავიანთთვის კი სხვა სიტყვა მოუფიქრებიათ, რომლის დამტკიცება ან საქმით ან გადმოცემით არ შეუძლიათ. თხზავენ არაკებს, რაღაც რთულ ღმერთს იგონებენ, რომელიც ლაპარაკობს, ვითარცა კაცი, იცვლის სიტყვებს და კვალად, ასევე ბრძნობს და აზროვნებს. ამასობაში ვერ ხედავენ, როგორი უაზრობა მოსდით ამის თქმით: თუ მისი სიტყვები შემთხვევითია, მაშინ თავადი, მათი აზრით, ჩვეულებრივი კაცი ყოფილა და თუ მისგან სიტყვები წარმოიქმნება და შემდეგ ქრება, ამის თქმა კიდევ მეტი უწმინდურება გახლავთ, რამეთუ ამით არყოფნაში გადადის არსისიმიერიც. თუკი საერთოდ მიაჩნიათ, რომ ღმერთი ჰბადებს, მაშინ უმჯობესია და უფრო კეთილმსახურული იქნებოდა, გეთქვა, რომ ღმერთი არის მშობელი მხოლოდ სიტყვისა, რომელიც ჰგიეს სავსებად მისი ღვთაებრიობის, ვისშიაც ყოველი ცოდნის საუნჯეა დაუნჯებული; და გვეღიარებინა, რომ თავადი არის სიტყვა, და თანაარსი მამისა, და რომ “ყოველივე მის მიერ შეიქმნა”, ვიდრე თაყვანს ვსცემდეთ ღმერთს, ვითარცა მამას მრავალ განუცხადებელთა, და ბუნებით მარტივ არსს რთულად ვსახავდეთ, თითქოსდა შემდგარს სიმრავლისაგან, და ადამიანის მსგავს პირმოთნედ და მრავალსახოვნად. შემდეგ, როდესაც მოციქული იტყვის: “ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე” (I კორ. 1,24), მათ იგი მრავალ ძალთა შორის შერაცხეს, და რაც კიდევ უარესია, ეს უსჯულონი მას მუმლის და სხვა უსულო ქმნილებათა მსგავსად თვლიან, თავადს მათ დასასჯელად რომ მოუვლენია. მაგრამ რამდენადაც უფალი იტყვის: “არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან” (მათე 11,27), და კიდევ: “არა თუ ღმერთი ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან” (იოანე 6,46), ჭეშმარიტად ხომ სწორედ ღმრთისმბრძოლნი გამოდიან ისინი, როდესაც ამტკიცებენ, რომ ძისათვის მამა სრულყოფილებით უხილავია და შეუცნობელი?! თუკი უფალი იტყვის: “ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი” (იოანე 10,15), მამამ ნაწილობრივ როდი იცის ძე, მაშინ სწორედ რომ განცოფებულან ისინი უქმეტყველებით, თითქოს ძემ ნაწილობრივ იცოდეს მამა და არა – სრულიად. შემდეგ: თუკი ძეს არსებობის დასაბამი აქვს, ასევე გააჩნია ყოველიოვეს დასაბამი შექმნისა; დაე, თქვან, რომელი რას უსწრებს? მაგრამ ვერაფერს იტყვიან ეს მზაკვარნი, არც ასეთი დასაბამის მითითება შეუძლიათ სიტყვისათვის, რამეთუ იგი ჭეშმარიტი და საკუთრივ მამის დაბადებულებაა და “პირველითგან იყო სიტყუაი, და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” (იოანე 1,1). ხოლო იმაზე, რასაც ისინი ამბობენ, თითქოს ძემ არ უწყოდეს თავისი არსება, სიტყვისგება ზედმეტიც კია, მხოლოდ მათ სიბორგილეს თუ განიკითხავ: ვითომ საკუთარ თავს არ იცნობს სიტყვა, რომელიც ყოველს ანიჭებს ცოდნას მამისა და თავის შესახებ, ხოლო საკუთარ თავის ვერმცნობელთ კი კიცხავს.

17. მაგრამ როგორც იტყვიან, წერილ-არს: “უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა საქმეთა შორის მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე” (იგავ. 8,22). ჰოი უმეცარნო და გონებით მრუშნო! წერილში იგი მონადიც სახელდებულა, ძედაც მხევლისა, კრავადაც, ცხვრადაც. ნათქვამია, რომ იქანცებოდა, სწყუროდა, იგვემებოდა და ეწამა. მაგრამ წერილში კერძო მიზეზიცა აქვს ასეთ გამოთქმებს და ძირითადიც. სახელდობრ ის, რომ იგი გახდა კაცი და ძე კაცისა, მიიღო ხატი მონისა, ანუ ხორცი კაცობრივი. რამეთუ იოანე იტყვის: “სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა” (იოანე 1,14). და თუკი ხორციელ იქმნა, მაშინ აღარ უნდა შეგვაცდინოს მსგავსმა ნათქვამმა – რამეთუ კაცთა არს ქმნილება, მყოფობად მოსვლა, აღორძინება, დაღალვა, ტანჯვა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა. ხოლო ვითარცა სიტყვას და სიბრძნეს მამისა, აქვს ყოველივე მამისეული: მარადისობა, უცვლელობა, მსგავსება ყველაფრითა და ყველაფერში, და ისიც, რომ არც პირველია ქმნილებათაგან და არც ბოლო მოსულა ყოფიერებად, არამედ თანაარსობს მამისა თანა და თვითვე არს იგივე ხატება ღმრთეებისა და ამასთან, არის სიმყარე და არა – ქმნილება. იმიტომ, რომ რაკი არსობით მამის მსგავსია, არაა ქმნილება, არამედ იგი შემოქმედია, - თვითონვე უთქვამს: “მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ” (იოანე 5,17). ამ სახით, რაკი კაც-იქმნა და ხორციც შეისხა, აუცილებლობით დაერქვა შექმნილიცა და შეზაავებულიც, მიიღო ხორცისმიერი ყველა თვისება. მაგრამ მწვალებლებს სირაჯთა მსგავსად ღვინო წყალში შეურევიათ, - აკნინებენ სიტყვას და მის ღვთაებრიობას ქმნილ არსთა ცნებაში აიგივებენ.

ამიტომ უფლებითა და სამართლიანად განრისხდენენ მამები და შეაჩვენეს ბილწი ერესი. მაგრამ ამათ, რაკი შეიგნეს, რომ ადვილად ირღვევა და ყოველმხრივ არამყარია მათი მოძღვრება, ეშინიათ და მას მალავენ. ჩვენ ეს მოკლედ დავწერეთ მათ განსაკითხავად. ხოლო თუკი ვინმეს მოესურვება, გაცილებით ფართოდ ამხილოს ისინი, აღმოაჩენს, რომ ეს მწვალებლობა შორს აღარაა წარმართობისგან და სხვა მწვალებლობათა ნარჩენებსა და ლექსაც შეიცავს. რამეთუ ისინი ან სხეულისა და უფლის განკაცების შესახებ მოძღვრებაში სცოდავენ, (ერთნი ასე სცოდავენ, მეორენი – სხვაგვარად), ანდა შეპყრობილნი არიან იუდეველთა მსგავსად და მიაჩნიათ, რომ სულაც არ მოსულა უფალი ჩვენთან. ოღონდ ეს ერთი, მომეტებული სიბორგილით აღმდგარი თვით ღვთაების წინააღმდეგ, გაკადნიერდა მტკიცებით, თითქოს სულაც არ იყო სიტყვა იგი, და მამა არ იყოს მამა. ამიტომ, განა, უმართლო იქნება ვინმე, თქვას, რომ სწორედ მათზე წერია ფსალმუნში: “თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არ არს ღმერთი. განირყუვნეს და ბილწ იქმნეს იგინი უშჯულოებითა” (ფს. 13,1).

18. მაგრამ ზრახავენ: “შეგვწევს ძალა და კიდეც შევძლებთ, მწვალებლობას მზაკვრულ ხერხებით რომ ვუქომაგოთ”. უკეთესი იქნებოდა ეს მათი დაცვა, რაღაც მანქანებითა და ელინური ტყუილგანბრძნობით კი არა, უბრალო რწმენით რომ შეძლებოდათ. ამიტომ თუკი დაჯერებულნი არიან საეკლესიო მოძღვრებაში, მაშინ დაე, დაუფარავად გამოთქვან “სიბრძნე”. “არცაღა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხუმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიედ სახლსა შინა” (მათე 5,15; ლუკა 8,16). თუUკი მართლა შეუძლიათ თავიანთი მოძღვრების დაცვა, დაე, დაწერონ აზრები ჩვენს წინაშე, და თავიანთი მწვალებლობა ყოველგვარი საფარველის გარეშე, სანთელივით გამოაჩინონ. დაე, პირდაპირ დაადანაშაულონ ნეტარხსენებული ეპოისკოპოსი ალექსანდრე, რომ უსამართლოდ განკვეთა არიოზი, განწვალების სულისჩამდგმელი. დაე, განაქიქონ ნიკესი კრება, რომელმაც უწმინდურების ნაცვლად კეთილმორწმუნე მრწამსი დაწერა და გადმოსცა ხსოვნას. მაგრამ დიახაც, ვიცი, არ იქმან ამას – განა არ ესმით, რა სიავე გამოიგონეს და ცდილობენ თესვას. პირიქით, კარგად იციან, თუმც თავიდან უგუნურთ უბრალო ცდუნებით კი იტაცებენ. მაგრამ მალე “დაშრტება” მათი სწავლება, ვითარცა “ნათელი უღმრთოთაი” (იობი 18,5), და ყოველგან შერცხვებიან, როგორც მტრები ჭეშმარიტებისა. რატომაა, რომ ყოველივეს სიმახინჯით იქმან და აკი, ლაპარაკობენ კიდეც, როგორც მახინჯნი. ოღონდ ამ ერთში იქცევიან კეთილგონივრულად, ვითარცა ძენი ამა დროებისანი: თავიანთ სანთელს ფარავენ ქვეშე ხვიმირსა, რათა ოდესმე მიეცეს შემთხვევა გამოჩენისა, და არ დაიშრიტოს განკითხვით, მართლაც რომ ხილული გახდეს.

როდესაც ევსების მიმდევართა მეცადინეობით ავგუსტუსმა კონსტანტინემ იხმო თვითონ მწვალებლობის დამფუძნებელი და ევსების თანამოაზრე, მზაკვარი არიოზი, და მოსთხოვეს მას, წერილობით გადმოცემა თავისი მრწამსისა, მან დაფარა თავისი უწმინდური გამონათქვამნი, ეშმაკივით იფარისევლა და წმინდა წერილის უბრალო სიტყვები იხმია, როგორც სინამდვილეში არის კიდეც დაწერილი. შემდეგ ნეტარხსენებულმა კონსტანტინემ თქვა: თუ ამას გარდა გონებაში არაფერი გაქვს, მოწმედ მოიხმე ჭეშმარიტება (რამეთუ ტყუილზე დაფიცებისთვის უფალი დაგსჯის). მაშინ დაიფიცა იმ წყეულმა, რომ აქ დაწერილის მეტს არაფერს ზრახავს, და არც არასოდეს უფოქრია და უთქვამს სხვაგვარად. მაგრამ მალე გამოვიდა, ვითარცა ჭეშმარიტად მსჯავრდადებული, დავარდა და “განსქდა შორის, და განიბნნეს ყოველნი ნაწლევნი მისნი” (საქმე 1,18).

19. მართალია, რომ სიკვდილი კაცთა საერთო აღსასრულია, და არ შეიძლება, დასცინო ვინმეს, თუნდ მტერიც იყოს აღსრულებული. რადგან არ უწყი, ჯერ კიდევ შემწუხრებამდე იქნებ შენც გეწიოს იგივე ბოლო. მაგრამ ჩვეულებრივი არ ყოფილა აღსასრული არიოზისა, ამიტომაც ღირს, გიამბოთ მასზე.

ევსების მომხრენი არიოზის ეკლესიაში შეყვანით იმუქრებოდნენ. ამას წინ აღუდგა ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ეპისკოოსი. მაგრამ არიოზს მტკიცედ ეიმედებოდა ევსების ზავთისა და ძალადობისა. შაბათი დღე იდგა, არიოზი მოელოდა, რომ მეორე დღეს მას მიიღებდნენ. დიდი შეტაკებაც მოხდა ამისთვის. ისინი იმუქრებოდნენ, ალექსანდრე კი ლოცვად იდგა.

და აჰა, მსაჯულად მოგვევლინა თვითონ უფალი და განუჩინა მსჯავრი შეურაცხმყოფელთ. მზე ჯერ არ ჩასულიყო და სწორედ დათქმულ ადგილას დიდი რისხვა დაატყდა არიოზს, იქვე წაიქცა და მეყსეულად განშორდა ორთავეს ერთად – ეკლესიასთან კავშირსაც და სიცოცხლესაც.

ნეტარხსენებულმა კონსტანტინემ მალე შეიტყო ეს ამბავი და გაოცდა, რაკი იხილა, რომ დასჯილიყო, როგორც ფიცისგამტეხი. მაშინ ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომ უძლური აღმოჩნდა ევსების თანამოაზრეთ დაქადებანი და არიოზის იმედიც ამაო იყო. ისიც გამოჩნდა, რომ არიოზის სიბორგილეს მაცხოვართან არაფერი ჰქონია საერთო არც აქვეყნად და არც პირველქმნულ ეკლესიაში ცათა შინა.

მაშ, უფლისაგან განკითხულთა მედგრობის მხილველნი როგორ არ უნდა განგვაცვიფროს იმ სიჯიუტემ, რაკი ისინი ასე უგბილად იცავენ იმ მწვალებლობას, რაზეც უფალმა მიგვანიშნა, რომ მასთან ზიარება აღკვეთილი აქვს, რაკი არ დაუშვა, მათ მეთაურს ეკლესიაში ფეხი დაედგა! როგორ არა აქვთ შიში დაწერილისა და შეუძლებელს მიესწრაფვიან! რამეთუ “რომელსა განიზრახავს ღმრთისა წმიდაი, ვინ დახსნის?” (ესაია 14,27), და არსღა ვინმე მისი გამმართლებელი, რომელი თვითონ ღმერთს დაუსჯია?! დაე, დაიცვან თავიანთი ნაოცნებარი და წერონ, რაც უნდათ, მაგრამ გვედრებთ, თქვენ, ძმებო, ვითარცა ღვთაებრივ ჭურჭელთა მფარველთ, ვითარცა დამცველთ საეკლესიო დოგმატებისა, ამ ამბების განმსჯელნი იყოთ. და თუ არიოზის ზემოთმოყვანილ გამოთქმათა გარდა სხვებსაც იხმარენ, განიკითხეთ ამისთვის ისინი, როგორც თვალთმაქცნი, რომ მალავენ თავიანთ შხამს და გველის მსგავსად ბაგისმიერი სიტყვით ცრუობენ. წერენ, რაკი თავისთან ეგულვით მაშინ არიოზთან ერთად განკვეთილი სეკუნდი პენტაპოლელი და ოდესღაც მხილებული ალექსანდრიელი სამღვდელო პირნი და ალექსანდრიის მკვიდრთ უგზავნიან თავიანთ ნაწერს.

საოცარია! – მე და ჩემს მოყვასთ დევნაც მოგვიწყვეს. თუმცა კი, ფრიად კეთილმორწმუნე და ხალხთა ერთსულოვნებაზე მზრუნველმა კონსტანტინემ მშვიდობით გამისტუმრა სამშობლოსა და ეკლესიაში. მაგრამ მათ მოახერხეს რომ ეკლესიები ახლა მათ გადაეცათ და ყველამ იხილა, რომ ყოველგვარი ბოროტმძლეობა ჩემსა თუ სხვათა წინააღმდეგ თავიდანვე მათი წყალობა ყოფილა თურმე.

20. ამის ჩამდენნი შეძლებენ კი, ნდობით განგვაწყონ თავიანთი ნაწერის მიმართ?! მათ რომ მართლიად ეწერათ, მოსპობდნენ არიოზის შეთხზულ “ტალიას” და ამოძირკვავდნენ განწვალების ყლორტს. მაგრამ ისინი უსჯულოების მოწაფენი და თანამზრახველნი შეიქმნენ და არიოზის სასჯელის მოზიარენიც. რაკი მწვალებლობას არ უარყოფენ, ყველასათვის საჩინოს ხდიან, რომ წესიერად არ აზროვნებენ, თუმცა, კვლავაც ბევრჯერ დაწერენ. ამიტომაც გვიხმს, ფრთხილად ვიყოთ, რათა წერილის საბურველს არ ეფარებოდეს რაიმე ხრიკი და ზოგიერთნი კეთილმორწმუნე მრწამსს არ განდრიკონ. თუკი მათ თავი ყოველივეში კეთილსვიანად და ბედნიერად წარმოიდგინეს, კვლავ გაბედავენ და არიოზის მსგავსად დაწერენ. მაშინ ჩვენ სხვა არა გვრჩება, დიდ კადნიერებას უნდა მივმართოთ – გავიხსენოთ მოციქულის წინასწარმეტყველება, ამდაგვარი მწვალებლობისგან ჩვენს განსაკრძალავად რომ დაიწერა, და წარმოვთქვათ: ვიცით, “რამეთუ უკანაისკნელთა ჟამთა გან-ვე-დგენ” წრფელნი სარწმუნოებისაგან და ერჩდნენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა” (I ტიმ. 4,1), “რომელნი გარე-მიქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან” (ტიტ. 1,14); და “ყოველთავე, რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხოვრებაი ქრისტე იესოს მიერ, იდევნენ. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძვირესისა მიმართ, აცთუნებდნენ და სცთებოდიან” (II ტიმ. 3, 12-13). მაგრამ ჩვენ მსგავსი ვერაფერი დაგვარწმუნებს და ვერ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, თუნდაც სიკვდილით გვემუქრებოდნენ ერეტიკოსნი. ჩვენ ხომ ქრისტიანნი ვართ და არა არიანელნი! ეჰ ნეტავ კი ამის დამწერნიც არ შედგომოდნენ არიოზის კვალს! დიახ, ძმებო. აწ საჭიროა ასეთი კადნიერება: “არა მოგიღებიეს სული იგი მონებისაი რაითამცა კუალად გეშინოდა” (რომ. 8,15), არამედ “აზნაურებასა ჩინებულთასა” გვიწოდა ღმერთმა (გალატ. 5,13). და ვაი, რა სამარცხვინოა, თუ მაცხოვრისაგან მოციქულის პირით მოგვეცა რწმენა და ჩვენ კი ვაშთობთ არიოზის და მათი გულისთვის, ვინც არიოზის მოძღვრებას ადგას. ამიტომ იმ ქვეყნებშიც ძალიან ბევრნი, ამის დამწერთა ვერაგობა ვისაც სმენია, მზად არიან, წინ აღუდგნენ მათ მანქანებას, თუნდ სისხლის ღვრამდეც მივიდეს საქმე, განსაკუთრებით, თქვენი სიმტკიცე რაკი შეიტყვეს. თქვენც ხომ ამხილეთ ეს მწვალებლობა და მიაკვლიეთ მას, როგორც გველს, სოროში შემძვრალს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან უსაფრთხოდაა ყრმა, ჰეროდე რომ ეძებდა მოკლვად, და რომ ცოცხლობს თქვენში ჭეშმარიტება და სარწმუნოება თქვენი მრთელია.

21. აი, ხელთ მიპყრია ნიკეას მამათა მიერ გადმოცემული მრწამსი, რასაც ვიმარხავ უდიდესი გულმოდგინებით და სასოებით უფლისა მიმართ, და გევედრებით: ექმნეთ ყველას სახე კეთილის, უჩვენეთ რომ, აწ ჭეშმარიტების დასაცავად შეგვხვდება ბრძოლა მწვალებლობასთან, და რომ მრავალგვარია მტრის მანქანებანი. განა მხოლოდ კერპებისთვის ასაბოლებლის შეწირვაზე უარისყოფა (ანუ ცხადი მოწამეობა), არამედ სარწმუნოებისგან განუდგომლობა უკვე არის ნათელი ზნეობრივი მოწამეობა. არა მხოლოდ კერპთ მოშურნენი, არამედ ჭეშმარიტების მინდობილნიც განისჯებიან, როგორც უცხონი. არც იუდას მიურთმევია მსხვერპლი კერპთათვის, მაგრამ მოციქულობის მადლს განეშორა, რადგანაც გასცა. არც ჰიმენოს და ალექსანდროს მიქცეულან კერპების მიმართ, მაგრამ რწმენას შეუორგულდნენ და განიკვეთნენ (შდრ. I ტიმ. 1,20). ასევე მამამთავარი აბრაამიც არავის მოუკლავს, მაგრამ გვირგვინმოსილა, რაკი ღმერთის ერთგული გახდა. სხვა წმინდანებიც, ვის შესახებაც პავლე მოგვითხრობს – გედეონი, ბარაკი, სამფსონი, იქფთაი, დავითი და სამუელი და მათთან სხვანიც (შდრ. ებრ. 11,32) არა თუ სისხლით მიეწივნენ სრულყოფილებას, არამედ განმართლდნენ რწმენით და დღემდე განცვიფრებით შთაგვაგონებენ, რადგან მზად იყვნენ, მიეღოთ სიკვდილი სარწმუნოებისათვის უფლის წინაშე. თუ საჭიროა, დავურთოთ ჩვენი მაგალითებიც: აბა, იცოდეთ, რომ ნეტარხსენებული ალექსანდრე სიკვდილის პირამდეც კი ებრძოდა ამ მწვალებლობას. მოხუცებულმა დაითმინა მრავალი ურვა და დიდი ღვაწლი, და ღრმად მოხუცი შეერთო მამათ. სხვა მრავალთაც რაოდენი იწროება არგუნა მტერმა, გვასწავლეს უსჯულოების წინააღმდეგ და იქებიან ქრისტეს სახელით.

მოვალენი ვართ ყველაფრისათვის განვემზადოთ ჩვენც ღვაწლსა დიდსა, როცა მოგველის ან რწმენისაგან გადადგომა ან მისი დაცვა. ახოვან ვიქმნეთ, რომ დავიმარხოთ, რაც მიგვიღია (ნიკეას დაწერილი მრწამსი ხომ გვაქვს შესახსენებლად!), ახალმოძღვრებათ კი განვეშოროთ და ვუკიჟინოთ ხალხს: არ შეისმინონ “სულთა მაცთურთა”, არამედ ყველანაირად გაეცალნენ არიანელთა ბოროტმძლეობას და მათთან შეთქმულ მელეტიანელთ.

22. ხედავთ, აწ ღვთისა ჩვენისა იესუ ქრისტესა დასაგმობად როგორ შეთანხმდნენ ჰეროდეს და პილატეს მსგავსად, რისთვისაც მავანი სამართლიანად შეიძაგებს მათ. ექიშპებოდნენ ერთმანეთს საკუთარისთვის, ხოლო ჭეშმარიტების მტრობასა და უფლის წინაშე უწმინდურებაში კი დამეგობრდნენ და ერთმანეთს ხელს უმართავენ თუმცა მაინც, საკუთარი მოლოდინის საპირისპიროდ, მოთმინებით იტანენ ამას თავიანთი განზრახვისათვის (მელეტიანნი – ზემოჯდომის და ვერცხლისმოყვარეობის გიჟურ ვნებისთვის, არიანელნი – ბოროტმძლეობის გასავრცელებლად), რათა ასეთ შეთქმულებაში შეიძლონ, ერთმანეთს ავმზრახველობით მოემსახურონ: პირველთ დაფარონ მეორეთა უსჯულოება, მეორეთ კი – მზაკვრობაში გადააჭარბონ პირველთ სიავეს; ხოლო ერთად შეკავშირებულთ გაამთლიანონ თავიანთი ბოროტი საქმე, როგორც ბარძიმი ბაბილონისა (შდრ. გამოცხ. 18,6) და იმზაკვრონ მათ წინააღმდეგ, ვინც უფლის ჩვენის იესო ქრისტეს წინაშე კეთილმსახურებს. მელეტიანელთა მზაკვრობანი და ცილისწამება ყველასათვის ნათელი იყო, და რაც მთავარია, არიანელთა ღმრთის წინააღმდგომი მწვალებლობაც კარგა ხანია, ყოველგან და ყველასათვის დასანახია, რადგან არცთუ ისე ცოტა ხნისაა. უკვე ორმოცდათხუთმეტი წელიწადია, რაც პირველთაგან მოხდა განხეთქილება, და ოცდათექვსმეტი, რაც მეორენი გამოცხადდნენ მწვალებლებად და მთელი მსოფლიოს კრების მსჯავრით განიკვეთნენ ეკლესიიდან. მაგრამ იმათი საქმით, ვინც, როგორც ჩანს, მათ ხელს აფარებს, ნათელი გახდა, რომ სხვა არაფრისთვის, არამედ საკუთარი ავბოროტი მწვალებლობისათვის თავიდანვე იზრახდნენ ბოროტს ჩემსა და ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის შესაურვებლად. რამეთუ აი, აწ აღსრულდა ის, რისკენაც ევსების მიმდევარნი ადრიდანვე მიისწაფოდნენ: მათ მოახერხეს, რომ ჩვენ წაგვართვეს ეკლესიები; განიდევნენ ეპისკოპოსნი და მოძღვარნი, ვისაც მათთან საერთო არა ჰქონიათ; ეკლესიას განაშორეს ყველა, ვინც მათდამი ზიზღით აღვსილა; ეს ეკლესიები კი გადაეცათ არიანელებს, შეჩვენებულებს ამდენი ხანია. გადაეცათ, რადგან რაკი მათთან მელეტიანელთა ფარისევლობა შეერთებულა, შიში აღარ აქვთ, ამოანთხიონ ეკლესიებში თავიანთი ბილწი სიტყვები და განუმზადონ, როგორც თვითონ ეპირებიან, გზა ცდუნებისა ანტიქრისტეს, მათში მწვალებლობის თესლის განმბნეველს.

23. დაე, თავიანთ ძილბურანში იოცნებონ ამაოებით, რამდენიც უნდათ! ვიცით, რომ კაცთმოყვარე მეფე, მორწმუნე, მალე აღკვეთს მათ ვერაგობას და დიდხანს ვეღარ იბოგინებენ. რადგან წერილ-არს: “გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს” (იგავ. 10,20). ხოლო ჩვენ, ღვთაებრივი წერილის სიტყვით შემოსილნი, წერილისამებრ, წინააღვუდგეთ განდგომილებს, თავიანთი სიბორგილის დამკვიდრება რომ სწადიათ უფლის სახლში, და როგორც ხორციელი სიკვდილი ნუ შეგვაშინებს, ისე მათ გზებსაც ნუ შევუდგებით. ხომ ყველამ უწყით, რომ ევსების მომხრენი ჩვენც გვარწმუნებდნენ – ან თვალთმაქცურად მიგვეღო მათუ უსჯულოება, ან მათგან ხიფათს მოვლოდებოდით. არ ვისურვეთ მათთან თანხმობა, არამედ გადავწყვიტეთ: უმჯობესია, მათ განვედევნეთ, ვიდრე მიგვებაძა იუდას ზნისათვის. რა თქმა უნდა, მათ აღასრულეს თავიანთი დანაქადები და იეზაბელის მიმბაძველებმა მელეტიანნი თავიანთ საფრად გამოიყენეს.

ვიცით, როგორ მოქმედებდნენ ისინი ნეტარხსენებული პეტრეს წინააღმდეგ, მას შემდეგ – დიდი აქილას, და შემდეგ – ნეტარხსენებული ალექსანდრეს წინააღმდეგ. ამისვე მსგავსად მელეტიანელთ, როგორც მეტად გამოცდილთ ამგვარ ამბებში, ჩემს წინააღმდეგაც უნდა წარემართათ საქმე ისე, როგორც ჩააგონებდნენ, რათა არიანელთ ენახათ მიზეზი ჩემი დევნისა და მოეძიათ ჩემი სიკვდილი. მათ ეს სწყურიათ და წყურივილი დღემდე ვერ მოუკლავთ, ნატრობენ ჩემი სისხლის დაქცევას. მაგრამ ამაზე სულაც არ ვზრუნავ, რამეთუ ვიცი და მტკიცედ მწამს, რომ ტანჯულთ მიეზღვება სასყიდელი მაცხოვრისგან. და თუ თქვენც დაითმენთ მამათა მსგავსად, ხალხს კეთილის სახედ ექცევით, და დაამხობთ ამ უცნაურსა და უცხო გამოგონებას, იდიდებით, ვითარცა მთქმელნი: “სარწმუნოებაი დამიმარხავს” (II ტიმ. 4,7). მაშ მიიღეთ: “გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა” (იაკ. 1,12). ჰოი, ნეტავ მე და თქვენც გვერგოს არა მარტო პავლეს მიმართ, არამედ ყოველთათვის მიხარებული, ვისაც უყვარს მოსვლა უფლისა, მაცხოვრისა, ღმრთისა და ყოველთა მეუფისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომლისა მიერ მამა იდიდების და სულიწმიდით მეუფება დაემტკიცების, აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თარგმნა თამარ ჩუბინიძემ
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა", ტ. II. 1991 წ. თბილისი

 

ამოსაბეჭდი ვერსია

← სარჩევი

ტეგები: Patrology, Qwelly, ათანასე, ალექსანდრიელი, არიანე, არიანელები, არსენი, ეპისკოპოსი, ეპისტოლე, თარგმანი, მეტი...იყალთო, პატროლოგია

ნახვა: 217

მიმაგრებული ფაილები:

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 1 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters