ედგარ ალან პო - უილიამ უილსონი

ამაზე რაღა ითქმის? რას მეტყვის სინდისი, ჩემს გზაზე მდგომი მრისხანე აჩრდილი?
უ. ჩემბერნელი. "ფარონიდა".

      თქვენი ნებართვით, უილიამ უილსონს ვუწოდებ ახლა თავს. წინარე გაშლილი სუფთა ქაღალდი ნამდვილი სახელით არ მინდა დავსვარო. ჩემს საგვარეულოს ისედაც ყოველ წუთს ზარავდა ჩემი სახელი და ნიადაგ სიძულვილითა და წყევლა-შეჩვენებით მიხსენიებდნენ. დედამიწის უშორეს კუთხეებსაც ხომ არ მოსდეს მძვინვარე ქარებმა ჩემი უმაგალითო სიბილწის ამბავი? ჰოი, მთლად მოკვეთილო, უბილწესო ბილწთა შორის! განა მკვდრადშობილი არ ხარ ამ სოფლისათვის? მის პატივს, მის ყვავილებს, მის სხივთა მთოველ სიამეთ მოკლებული? ღრუბელი განუჭვრეტელი და უკიდეგანო სამარადჟამოდ ხომ არ ჩადგა შენს სასოებასა და ზეცას შუა?

      რომც შემძლებოდა, აქ და დღეს არ შევუდგებოდი ჩემი ცხოვრების უკანასკნელი წლების ენით უთქმელი უკუღმართობისა და მიუტევებელი ცოდვების აღწერას. ამ ბოლო დროს ისე ღრმად და ღრმად ჩავიფალ ბიწიერების ჭაობში, რომ დღეიდან ერთი მიზანი მაქვს - მხოლოდ მის სათავეზე გიამბობთ. კაცი ბიწიერებას ჩვეულებრივ თანდათან ეჩვევა ხოლმე, მე კი ქუდივით უმალ გადამძვრა მადლი. შედარებით პატარა ცოდვებიდან გოლიათური ნაბიჯებით მივაღწიე იმას, რომ ჰელიოჰაბალუსის საკადრისი დიდი ცოდვა დამედო. რა შემთხვევამ ან რა ძალამ ჩამადენინა ეს ყველაფერი? გთხოვთ მომისმინოთ. აღსასრული მიახლოვდება და სულს დამეფინა მისი წინამორბედი ჩრდილი. ბნელ ველზე მიმავალს მოყვასის თანაგრძნობა მჭირდება, კინაღამ წამომცდა - შებრალება-მეთქი. მინდა დავაჯერო ჩემი მოყვასი - კაცის უნებური რამ ძალის მსხვერპლი ვიყავი და მსურს აქ გამოწვლილვით ნაამბობი ჩემი უბედურების მიზეზად ბედისწერა მიიჩნიონ - რაღაც პატარა ოაზისი ცდომილებათა უდაბნოში. დაე აღიარონ, შეუძლებელია არ აღიარონ - თუმცა საცდური შეიძლება ადრეც მრავალი იყო, მაგრამ არასოდეს ასერიგად არ უმოქმედია კაცზე და, რაღა თქმა უნდა, ასერიგად არავინ დაცემულა და სული არ წაუწყმედია. იქნებ, ამიტომ არც არავინ დატანჯულა ესოდენ? განა მე მართლაც სიზმარში არ ვიყავი? განა ახლა არ ვკვდები საშინელებისა და შეუცნობლობის მსხვერპლი, მსხვერპლი უსაზარლესი ზმნაებისა მთვარისქვეშეთში?

      ჩემი ჩამომავლობა იმ გვარისაა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიფიცხითა და მგრძნობიარობით. ყრმობის წლებიდან მივხვდი: სრულიად გამომყოლოდა მემკვიდრეობითი ნიშნები. გადიოდა ხანი, ხსენებული ნაკლი უფრო და უფრო მიმტკიცდებოდა და ეს ამბავი მრავალი მიზეზის გამო მეტად აშფოთებდა ჩემს მეგობრებს, თავად მე კი ძალიან მვნებდა. ერთობ ჟინიანი, თავისნება, თავგასული, დაუოკებელ ვნებათა მონა შევიქენი. მშობლებიც ჩემნაირივე ნიშნით იყვნენ ცხონებული. ამ უნებისყოფო ადამიანებს ვეღარ მოეთოკათ ბოროტებისადმი ჩემი ლტოლვა. მათი უძილო და მოუქნელი მცდელობა მათივე სრული მარცხით და, რაღა თქმა უნდა, ჩემი სრული გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ ჩვენს ოჯახში კანონად იქცა ყოველი ჩვეულებრივი დედის ხსენი არ შემშრობია პირზე, მხოლოდ საკუთარი გულის წადილს ვისრულებდი, ჩემს ნებაზე ვიქცეოდი.

      ინგლისის ერთ ნისლიან-ბურუსიან სოფელთან, ელისაბედ დედოფლის დროინდელ დიდ და ულაზათო შენობასთანაა დაკავშირებული ჩემი ადრინდელი მოგონებები. ვეება დაკორძილ ხეებს გაედგა აქ ფესვები, სიძველე მორეოდათ სახლებს. ეს ძველი, ღირსსაცოდნელი დაბა ზღაპრული, მყუდრო და უშფოთველი ადგილი იყო. ვწერ ამ სიტყვებს და ნათლად ვგრძნობ მისი ჩრდილოვანი ბუჩქნარის სურნელს. ცის კარი გადამეხსნება ხოლმე, როცა ხანდახან ბინდსა და მდუმარებაში ჩაფლული გოტიკურჩუქურთმიანი სამრეკლოდან მესმის გარემოს შემაჩქვიფებელი ჩემი გუგუნი.

      გულსა და სულს მესალბუნება - რამდენადაც შემრჩენია ამის უნარი - სკოლის დღეებისა და მასთან შერთული ყოველი წვრილმანი მოგონება. სატანჯველში, ვაგლახმე, უცილობელ სატანჯველში მომეტევება შემთხვევითი და უთავბოლო წვრილმანი ამბების მოჩხრეკით თუნდაც წამიერი შვების მოპოვების სურვილი. განა რამით გამოირჩეოდნენ ეს წვრილმანი ამბები, ალბათ სიცილადაც არ ეყოფოდა ვინმეს, თუმცა ჩემს მოგონებაში მათ აქვთ მსწრაფლწარმავალი, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაკიღა უკავშირდება იმ დროს და იმ ადგილს, საიდანაც აგორდა ბედისწერის ის ბორბალი, რომელმაც შემდეგ მთლად ჩამითრია. აჰა ის, რაც გამახსენდა.

      როგორც მოგახსენეთ, შენობა ძველი ნაგები იყო. დიდი ეზო ყოველი მხრიდან აგურის ფართო, მაღალი კედლით შემოეზღუდათ. კედლის თავანი კირით მოეთეთრებინათ და შუშის ნატეხებით მოეფინათ. ჩვენს სამყოფელს ციხესავით შემორკალოდა გალავანი: კვირაში სამჯერ შეგვეძლო ეზოდან გასვლა - შაბათს, ნაშუადღევს, ორი ზედამხედველის თავგამოდებით მცირე ხნით მივდიოდით შემოგარენის მინდვრებში სასეირნოდ, და კვირადღით ორჯერ - მწკირავად დაწყობილნი მივემართებოდით ცისკრისა და მწუხრის წირვაზე სოფლის საყდარში. ამ საყდრის წინამძღვრადაც იყო ივენის სკოლის თავი. რა გაოცებული და შეცბუნებული შევყურებდი ხოლმე საქორალოდან, როცა იგი ნელა და საზეიმო ნაბიჯით ადიოდა კათედრაზე! სიკეთე და თავმდაბლობა დაფენოდა ამ დროს სახეზე ღირსეულ მოძღვარს, საკვირაო, ფოფინა საზეიმო სამოსელი ერთთავად უბრჭყვიალებდა და ეხურა უხვად პუდრმოფრქვეული პარიკი. ნუთუ ეს ის კაცი გახლდათ, ვინც მერე, სახეჩამომტირალი და გაავებული, სასწავლებლის საზარელი კანონების ძალით იქმოდა სამართალსა და სასჯელს? ჰოი, განუზომელო პარადოქსო, გასაგებად მეტად შემზარავო!

      დიდი კარიბჭე იბღვირებოდა, ვეებერთელა ზღუდეთა კუთხიდან, მოჭედილი რკინის კოპებითა და რკინისავე წვეტებით. რა თავმოდრეკილი, რა შეშინებული ვჭვრეტდით მას! კარიბჭე, როგორც მოგახსენეთ, კვირაში მხოლოდ სამჯერ განიხვნებოდა; და ამ დროს ანჯამების ღრჭიალში მრავალსახა იდუმალების მოხილვა შეიძლებოდა, აგრეთვე უამრავი საბაბის მიკვლევა ნაღვლიანი სიტყვისა და ნაღვლიანი ფიქრისათვის.

      ეზოს ეს დიდი ზღუდე უსწოროდ იყო ნაგები. სათამაშოდ შიგ სამი თუ ოთხი საკმაოდ მოზრდილი, მოხრეშილი და მოსწორებული მოედანი მოეწყოთ. კარგად მახსოვს, იქ არც ძელსკამი იდგა, არც ხე და არც არაფერი. რაღა თქმა უნდა, მოედნები შენობის უკან გაემართათ. წინ კი გაეშენებინათ მარადმწვანე ბზები, მრავალნაირი ბუჩქები და ყვავილნარი. მაგრამ სულ რამდენჯერმე თუ გაგვივლია ამ ნაკრძალში: ერთხელ მაშინ, სკოლაში პირველად რომ შევდგით ფეხი, მეორედ სკოლის დამთავრებისას და კიდევ იმ დროს, მშობლები ან მეგობრები რომ გვესტუმრებოდნენ და გახარებულნი საახალწლო ან საზაფხულო არდადეგებზე შინ მივეშურებოდით ხოლმე.

      ჰოი, რა ძველი, რა საკვირველი შენობა იყო ეს ჩვენი სკოლა! ჩემთვის მართლაცდა მოჯადოებული სასახლე! ბოლოს ვერ უნახავდა კაცი იმის მიხვეულ მოხვეულ ტალანებს, მოულოდნელად პატარ-პატარა დერეფნებს. შენობა ორსართულიანი იყო, მაგრამ კაცს მაინც გაუჭირდებოდა ეთქვა, რომელზე იმყოფებოდა იმ წუთას. ერთი ოთახიდან მეორეში შესასვლელად სამი-ოთხი საფეხური უნდა აგვევლო ან ჩაგვევლო. იმდენი დერეფანი და მოსახვევი შეგხვდებოდა ყოველ ნაბიჯზე, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ოთახების ზუსტი განლაგების დადგენა ისევე შეუძლებელი იყო, როგორც უსასრულობის მიმოხილვა. სკოლაში ყოფნის ხუთი წლის მანძილზე ისიც კი ვერ მოვახერხე, სწორად ამომეცნო: სად, რომელ კუთხეში მიგვიჩინეს საძინებელი ადგილი მე და ჩემს ამხანაგებს- თვრამეტ თუ ოც მოწაფეს.

      ჩვენი სამეცადინო დარბაზი ყველაზე დიდი იყო ამ შენობაში და, როგორც იმხანად მეგონა, მთელ ქვეყნიერებაზეც. ამ წაგრძელებულ პალატას ჰქონდა ვიწრო, სულის შემხუთავად დაბალი მუხის ჭერი და გოტიკურ ყაიდაზე წაწვეტებული სარკმლები. მის შორეულ, შემზარავ კუთხეში გამოეყოთ რვა-ათი ფუტის ოდენა სამყოფი, იმ სკოლის უფროსი - ღირსი დოქტორ ბრენსბის sanctum ადგილი. კედლებში მთლიანი, მძიმე კარი დაეტანებინათ. ჩვენი dominie-ს იქ არყოფნისას მის გაღებას peine forte et dure-თი სიკვდილი გვერჩივნა. ასევე სხვა კუთხეებსაც ნახავდით აქ, იმ პირველთან შედარებით ნაკლებ მოსარიდებელს, მაგრამ მაინც ზარდამცემ ადგილებს. ერთში ,,კლასიკურის" კათედრა იმყოფებოდა, ერთიც "ინგლისურსა და მათემატიკას" დაეკავებინა. სამეცადინო ოთახის მთელ სიგრძე-სიგანეზე უამრავი ჩაშვებული, დაძველებული, ჭიისგან დაფუტუროებული სკამი და მერხი მიმოფანტულიყო და ზედ წიგნები მიეყარ-მოეყარათ. ათასნაირი ინიციალებით, სახელებითა და უცნაური ფიგურებით დაკაწრულ სკამ-მერხებს ადრინდელი პეწი გასცლოდათ. ოთახის ერთ ბოლოში წყლიანი ვედრო იდგა, მეორეში - ვეებერთელა საათი.

      ჩემი ცხოვრების მესამე ხუთწლეული მოწყენისა და ზიზღის გარეშე გავატარე ღირსსახსოვარი სასწავლებლის ჭერქვეშ. ბავშვის გონება საზრდოდ არ საჭიროებს გარესამყაროს გასაოცარ ამბებსა და გასართობებს; ჩემი სკოლამდელი ყოფის აშკარა ერთფეროვნება უფრო სასვე და გაჯერებული იყო მძიმე მღელვარებით, ვიდრე ამას შემდეგ, ყმაწვილკაცობის დროინდელ ფუფუნებაში ვპოულობდი, ხოლო შედარებით გვიან - მძიმე ცოდვებში. და მაინც, ეტყობა, იმთავითვე ბევრი უცნაურობა მომდგამდა, ასე განსაჯეთ - outre-ც კი. მოწაფულ ასაკში ყრმობის წლებიდან იშვიათად თუ გადმოჰყვება კაცს გარკვეული შთაბეჭდილებანი, ბუნდოვანი რამ ჩრდილიღა რჩება - მცირე სიამეთა და ენით უთქმელ სატანჯველთა სუსტი, აწეწილ-დაწეწილი მოგონებები. მე არ ვიყავი ასეთი. ალბათ ბავშვობიდანვე ვაჟკაცურ ძალას ვგრძნობდი, რაკიღა ჩემი მაშინდელი ცხოვრების ამბები ისე მკაფიოდ, ღრმად და ცოცხლად მაქვს ჩაჭედილი მეხსიერებაში, როგორც exergues კართაგენულ მედლებს.

      მართალიცაა ეს საყოველთაო აზრი, თავისი ყრმობის ხანისა კაცს ცოტაღა აქვს მოსაგონარი! დილით გაღვიძება, საღამოს ძილი, გაკვეთილების ზუთხვა, გამოკითხვა, სადღესასწაულო დღეები, ხეტიალი, სათამაშო მოედანი, იქ დაკადაკა, სეირის ყურება, ბუტვა და ზაკვა. ყველაფერ ამას, მრავალი ჯამით დაფარულს, წარმოსახვის ჯადოსნურობის კვალობაზე თან სდევდა ზღვა გრძნობები, საარაკო თავგადასავლები, განცდები მთელი სამყარო და სულის დამმონებელი უსაზომო ვებები. Oh, le bons temps, que ce siècle de fer!

      მართლაც, გულფიცხობამ, გრძნობიერებამ და მბრძანებლობამ მალე გამომარჩიეს, თანაკლასელებში და თანდათან, მიუძალებლად, ამ ზნე-ხასიათის გამო ყველა დამმორჩილდა, ჩემზე ცოტა უფროსებიც კი, გარდა ერთისა. ეს იყო ჩემი გვარისა და სახელის მოზიარე ბიჭი - არაფერს ნიშნავდა ეს ამბავი. რაკიღა, თუმც მაღალ წრეს ვეკუთვნოდით, ეს უბრალო გვარი ოდითგანვე მდაბიოთა გვარი იყო. სწორედ ამიტომ დავირქვი ახლა უილიამ უილსონი, ნამდვილისაგან მცირეოდნავად მეტოქეობას სწავლაში, თამაშსა და ჩხუბში იმათ შორის ვინც, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე. "ჩვენს მარაქაში" გადიოდა, მხოლოდ ის ბედავდა ეჭვით მოჰკიდებოდა ჩემს სიტყვას, წინაღდგომოდა ჩემს სურვილსა და ჩემს ყოველ უდიერ საქმეს. მთელ ქვეყანაზე თუკია დიდზე დიდი და შეუზღუდავი ძალაუფლება, ეს არის ბიჭობის წლებში ერთის ბატონობა მეორეზე. იმაზე, ვინც შედარებით დამყოლია და სუსტი.

      უილსონის ამბოხმა უფრო იმიტომ ამიბნია თავგზა, რომ, თუმც ხალხის თვალწინ ვყოყლოჩინობდი ამ ბიჭთან, მაგრამ ჩუმად მაინც მეშინოდა მისი. ასე ვფიქრობდი, რაკიღა ასე ადვილად შეუძლია ჩემთან გატოლება, ეს ამბავი მის ეჭვმიუტანელ უპირატესობას მოასწავებს-მეთქი. მართლაც მხოლოდ და მხოლოდ გაუთავებელი ბრძოლის შედეგად ვერ ეჯობნა ჩემთვის. მაგრამ რაღაც აუხსნელი სიბეცის გამო ვერ ამჩნევდა მის ამ უპირატესობას ან თუგინდ გატოლებას. სინამდვილეში მისი ქიშპობა და განსაკუთრებით მისი კადნიერი ჟინიანობა, როგორმე ჩემთვის ხელი შეეშალა გულისწადილის შესრულებაში, ფარული იყო, თუნდაც უცილობელი. ამავე დროს თითქოს სრულიად არ მოსდგამდა ის პატივმოყვარეობა, რაც მე მამოძრავებდა და ის სიფიცხე, რითაც აგრე ვიყავი გამორჩული სხვებში. კაცს შეიძლება ეფიქრა, ამ მეტოქეობის ერთი ნიშანი ეცხო: წინააღმდეგობა გაეწია ჩემთვის, დავეჩაგრე ან დავემცირებინე; თუმცა ხანდახან გაოცებული, გაჯავრებული და შეურაცხყოფილი ვამჩნევდი, სულ მუდამ ეტყობოდა ცხადი და ფრიად შეუსაბამო გულითადობა. ჩემი აზრით, წმინდა წყლის თავდაჯერებულობით გამოწვეულ ამ მის გაუგებარ საქციელს მდაბიური მზრუნველობისა და ქომაგობის ელფერი დაჰკრავდა.

      ამ ამბავმა და კიდევ იმ გარემოებამ, რომ გვარი ერთი გვქონდა და განგების ნებით სკოლაში ერთ დღეს მოვედით, აფიქრებინა უფროსკლასელებს, ესენი უთუოდ ძმები არიანო. უკვე ვთქვი ან ადრევე უნდა მეთქვა, უილსონი არაფრით მენათესავებოდა. ძმები რომ ვყოფილიყავით, რაღა თქმა უნდა, უსათუოდ ტყუპები ვიქნებოდით, რადგან ბატონ ბრენსბის დაწესებულება რომ დავტოვე, მაშინღა გავიგე შემთხვევით, ჩემი სეხნია 1809 წლის ცხრამეტ იანვარს დაბადებულა, რამდენადმე საყურადღბო თანხვდომილება - თურმა იმავე დღეს ამ ქვეყანაზე მეც გავჩენილვარ.

      იქნებ, უცნაურიც იყო, რომ უილსონის გაუთავებელი ჩუმი ჭიდილისა და ნიადაგ შემაწუხარი მეტოქეობის მიუხედავად, მაინც ვერ შევიძულე ეს ბიჭი საბოლოოდ. თითქმის ყოველდღე ვჩხუბობდით და როცა საჯაროდ პირველობის ალამს დამითმობდა, კიდევაც მაგრძნობინებდა, წესით იგი მე მეკუთვნისო. და მაინც ჩემი მზვაობარი ბუნება და მისი ალალი ღირსება ხელს უწყობდა ჩვენ შორის, როგორც იტყვიან, "საერთო ენის" გამონახვას. ამავე დროს ზნე-ხასიათით ერთმანეთს დიდად ვგავდით და ხშირად მიფიქრია, ჩვენი უჩვეულო მდგომარეობა რომ არა, ვინ იცის, იქნებ, მეგობრებიც ვყოფილიყავით-მეთქი. მართლაცდა ძნელია განსაზღვა ან თუნდაც აღწერა იმ გრძნობისა, მისადმი რომ განვიცდიდი. ნაირფერ გრძნობათა ნაზავი იყო ეს - ერთწილ გაარჯლებული მტრობა, ჯერ კიდევ სიძულვილში გადაუსვლელი; ერთწილ კრძალვა-მოწიწება, უფრო მეტი პატივისცემა, უსაზმო შიში და მოზღვავებული ცნობისწადილი. მორალის მქადაგებელმა კაცმა სჯობს ისიც გაიგოს, სულ ერთად ვიყავით უილსონი და მე.

      ეჭვი არაა, სწორედ ჩვენი უჩვეულო დამოკიდებულება განაპირობებდა, რომ ამ ბიჭის საწინააღმდეგო ჩემი ყოველი გამოხდომა (ვინღა მოთვლის, რამდენი შეფარული თუ აშკარა) უფრო ქილიკაობა და ღლაბუცი ჩანდა (ვითომცდა თავის შესაქცევი, მაგრამ სინამდვილეში, მეტად ღვარძლიანი), ვინმემ ნამდვილი და საცხადო შუღლი. მაგრამ ამ მხრივ ჩემს თუნდაც ფრიად მახვილგონივრულად მოფიქრებულ ცდებს ყოველთვის როდი გაუმარჯვია, რადგან ჩემი სეხნია ისეთი თავშეკავებული და თავმდაბალი იყო, რომ აქილევსის ქუსლს ვერ უპოვიდა კაცი და მისი ხუმრობა სულ მუდამ გულში მოგხვდებოდათ, ხოლო თავად დაცინვის საგნად არავის გაუხდებოდა. უილსონის ნაკლი ესღა იყო - რაღაც დაავადებით გამოწვეული ზადი ჰქონდა და ამით ჩიხში მომწყვდეული ჩემნაირი კაცი თუ ისარგებლებდა. ჩემს მეტოქეს წაერთმეოდა ჩვეულებრივი მეტყველების უნარი, ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა, ძლივს გასაგონად ჩურჩულებდა. და საქმე საქმეზე როცა მიდგებოდა, მისი ამ მცირე ნაკლოვანებით სულ ვსარგებლობდი.

      უისლონიც მრავლად მიზღავდა სამაგიეროს, ერთი ისე კარგად მოეფიქრებინა, რომ უზომოდ გულს მიწვრილებდა. ვფიქრობ და ვერ გამომიცვნია, პირველად როდის მიხვდა, ასეთი პატარა რამე რომ მოთმინებას მაკარგვინებდა. მაგრამ, მიხვდა კია და ანწუხზეც მაგებდა. ჩემი ჩვეულებრივი, სულ უბრალო გვარი, მდაბიურო, რომ არა ვთქვათ, ნიადაგ მეთაკილებოდა, მისი გაგონება გულს მიკლავდა; და როცა სკოლაში მისვლისთანავე მეორე უილიამ უილსონიც გამოჩნდა, იმ წუთას წამოვენთე რისხვით: ამ გვარის ვიღაც ყოფილა აქ და მისი გაგონება ორჯერ მეტად მომიხდება-მეთქი, ამიტომ იგი ორჯერ მეტად შემძაგდა; ესეც გავიფიქრე, ამ გვარის ბიჭი თვალთაგან აღარ მომშორდება და ჩვეულებრივ სასკოლო ცხოვრებაში მის სიტყვასა და საქმეს ამ ბედითი თანხვდომილების გამო ჩემს სიტყვასა და საქმეში აურევენ-მეთქი.

      ყოველ შემთხვევაში ნათლად წარმომიჩენდა ხოლმე ჩემსა და იმ ბიჭს შორის სულიერ თუ გარეგნულ მსგავსებას. ამის კვალობაზე მიძლიერდებოდა აგრე გულის მომწყვლელად ჩაბუდებული ზემონახსენები გრძნობა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ის საგულისხმო ამბავი, რომ ჩემი კბილა იყო; მაგრამ ვხედავდი, სიმაღლე ერთი გვქონდა და იმასაც ვამჩნევდი, ერთმანეთს საოცრად ვგავდით სახის ნაკვთებითა და აღნაგობით. თანაც გულს მიმღვრევდა უფროსკლასელებში დარხეული ხმაც, თითქოსდა ის ჩემი ნათესავი იყო. ერთი სიტყვით, ისე არაფერი მაშფოთებდა (რასაც საგულდაგულოდ ვმალავდი), როგორც ვინმეს ნათქვამი: რა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მაგრამ უნდა გითხრათ, არ გამიგია, ეს მსგავსება (ხმები მხოლოდ ჩვენს ნათესაობაზე დადიოდა და ამაში უილსონს მიუძღვოდა წვლილი) თანაკლასელებს შეემჩნიათ და სალაპარაკოდ გაეხადათ. მაგრამ თავად კი ამას მშვენივრად ხედავდა, ცხადია, ჩემსავით. ამასთან ყოველ წვრილმანში ბევრ გასაცინარ-გასაქირდავად აღმოაჩენდა, რაც მოწმობდა, როგორც მოგახსენებთ, მის გასაოცარ გამჭრიახობას.

      უილსონს მიზნად დაესახა გამოწვლილივით მოებაძა ჩემთვის გამოთქმასა და მიხრა-მოხრაში და კიდევაც მიაღწია სრულ მსგავსებას. ჩემი ჩაცმულობის გადაღებას რა დაუშლიდა: ჩემი სიარული და თავის დაჭერაც სულ ადვილად შეითვისა; ზემოთ ხსენებული იმ ბუნებრივი ზადის მიუხედავად კარგადაც ახერხებდა ჩემი ხმის მიმსგავსებას. რაღა თქმა უნდა, ხმამაღლა საუბარი არ შეეძლო, მაგრამ გამოთქმა იგივე ჰქონდა; და სწორედ რომ ჩემი ხმის ექო გახდა მისი თავისებური ჩურჩული.

      თუ რა შემაწუხარი გამხდარიყო ჩემთვის ეს წაბაძვა (რომლის კარიკატურად მიჩნევა შეუძლებელი იყო), ახლა აღარ გეტყვით. გულს ერთი გარემოება მიფრინავდა - მხოლოდ მე ვამჩნევდი ამ წაბაძულობას და, როგორც ჩანს, მხოლოდ მე მიხდებოდა ჩემი სეხნიის იქედნური ღიმილის მოთმენა. საწადელის მიღწევით ფრიად კმაყოფილს, თითქოს უხაროდა ჩემი გულისტკივილი და სულაც არაფრად მიაჩნდა მქუხარე ტაშისკვრა, რასაც სულ ადვილად მოიხვეჭდა თავისი გონებამახვილობით. მე კი დიდხანს მაღელვებდა და ვერ გამომეცნო ის ამბავი, სკოლაში რატომ ვერავინ მიუხვდა ამ ზრახვას და მასთან ერთად არავინ დამცინოდა. თანდათან რომ მემსგავსებოდა, შესაძლოა სწორედ ამიტომ ვერ ხვდებოდნენ ვერაფერს, თუმცა ჭკუასთან ახლოს ეს უნდა ყოფილიყო: სხვათა ყბაში რომ არ ჩავვარდნილვარ, ჩემი წამბაძველის დიდი ხელოვნების წყალობა იყო, რაკიღა გარემსგავსებას არაფრად აგდებდა (მხოლოდ ბრიყვისთვისაა ეს მთავარი) და უნაკლოდ გადმოსცემდა ორიგინალის სულს. ამას კი მხოლოდ მე ვამჩნევდი და ჩემთვისდა იყო საწყენი.

      ბევრჯერ ვახსენე მისი გულისამრევი, სამოწყალო მფარველობის ამბავი, რაც ნიადაგ ჩემს საქმეებში ჩაჩრითა და კადნიერ რჩევა-დარიგებაში გამოიხატებოდა. თანაც ეს დარიგება პირდაპირ და ნათლად კი არა, ჩუმად და მიკიბულ-მოკიბულად იყო ნათქვამი. ზიზღმორეული ვისმენდი და წლიდან წლამდე მიძლიერდებოდა ამ ბიჭის სიძულვილი, მას შემდეგ დიდი დროა გასული და ახლა მინდა ჩემს მეტოქეს კუთვნილი მივაგო და ვაღიარო: ერთხელაც არ ყოფილა მისი შეგონება მცდარი ან ცეტური, თითქოს რომ უნდა სჩვეოდა მის სიყრმესა და მოჩვენებით გამოუცდელობას; და მაინც, თავისი ნიჭითა და ცხოვრებისეული სიბრძნით თუ არა, არ უარმეყო ის მრავლისმეტყველი, ჩემგან ასე სასტიკად შეძლებული ჩურჩულით წარმოთქმული დარიგება, დღეს უკეთესი ვიქნებოდი და, მაშასადამე ბედნიერიც.

      მაგრამ მისმა გულისგამაწვრილებელმა მეთვალყურეობამ ბოლოს და ბოლოს მეტად შემაშფოთა და მეც დღითიდღე ვეღარ ვმალავდი წყენას ამ, როგორც მეგონა, უსაშველო ქედმაღლობის გამო. უკვე ვიცით, სწავლის პირველ წლებში ადვილად შემეძლო დავმეგობრებოდი და თუმცა მეგონა, უსაშველო ქედმაღლობისა გამო. უკვე იცით, სწავლის პირველ წლებში ადვილად შემეძლო დავმეგობრებოდი და თუმცა ჩემი იქ ყოფნის უკანასკნელ თვეებში მისი საქციელი, ეჭვი არაა, აღარ იყო ისეთი მომაბეზრებელი, მე იგი მაინც უფრო შემზიზღდა. მგონი, ერთხელ კიდევაც შენიშნა ეს ამბავი და მას მერე სულ მერიდებოდა ან, ყოველ შემთხვევაში, თავს მაჩვენებდა ასე.

      მეხსიერება თუ არ მღალატობს, ერთ დღეს, დაახლოებით იმავე ხანებში, მაგრად წავიჩხუბეთ. განრისხებულმა, მისთვის ჩვეულებრივი სიფრთხილე უკუაგდო და ისე ჯიქურ მოიქცა, აქამომდე რომ არასოდეს გვენახა. მაშინ შევნიშნე - ან, იქნებ, კიდევაც მომეჩვენა - მის სიტყვებში, მის საქციელში რაღაც ისეთი, რამაც პირველად შემაშინა, შემდეგ კი მეტად დამაინტერესა. მისმა მოქცევამ ჩემი ყრმობისდროინდელი სურათები ამომიტივტივა მეხსიერებაში, იმ ხანის უწესრიგოდ მოძალებული მქრქალი მოგონებები, როცა მეხსიერება ჯერ კიდევ არ გამჩენოდა. ამ წამიერ დამთრგუნველ გრძნობას უკეთ გამცნობთ, თუ ვიტყვი, თითქოს უხსოვარი ხანიდან ვიცნობდი ამ ჩემ წინ მდგომ ბიჭს. თუმცა ეს ზმანება იმწუთსავე გამიქრა და ეს ამბავი მხოლოდ იმ დღის აღსანიშნავად გავიხსენე, როცა უკანასკნელად ვესაუბრე ჩემს საკვირველ სეხნიას.

      ამ ვეებერთელა ძველ შენობაში იყო ერთმანეთში გამავალი რამდენიმე დიდი დარბაზი, სადაც მოსწავლეებს ეძინათ. მაგრამ აქ ბევრგან ნახავდით პატარ-პატარა ოთახებსაც (ასე უსწოროდ ნაგებ შენობაში ეს გარდაუვალია). დოქტორ ბრენსბის ბრძნული მომჭირნეობით ეს ადგილი ასევე საძინებლად ექციათ, თუმცა თავდაპირველად ისინი საკუჭნაოდ უნდოდათ და თითოეულში ერთი მოწაფე თუ დაეტეოდა. სწორედ ასეთი მომცრო სამყოფელი ჰქონდა უილსონსაც.

      ერთხელ ღამით, სკოლაში ყოფნის მეხუტე წლის მიწურულს, ზემოთ ხსენებული ჩხუბის შემდეგ, დავიცადე სანამ ყველა დაიძინებდა, მერე ავდექი და ლამპით ხელში ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გასასვლელებით ჩემი საძინებელი ოთახიდან მეტოქესთან შევიპარე. უკვე კარგა ხანია ვაპირებდი მომეწყო მისთვის ერთი ბოროტი ოინი, რაიც აქამომდე ვერ მომეხერხებინა. და ახლა გულისწადილს რომ ავასრულებდი, დიახაც მიხვდებოდა, რა დიდი ბოღმა და ჯავრი მკლავდა მისი. ამ ბიჭის პატარა ოთახს მივატანე, შუქფარიანი ლამპა კარს უკან დავდგი, უხმაუროდ გადავაბიჯე ზღურბლზე და ჩემი სეხნიის წყნარი სუნთქვას ყური მივუგდე. სძინავს-მეთქი, რომ დავრწმუნდი, დერეფანში გავბრუნდი, ლამპა ავიღე, მოფარდაგებულ საწოლს მივუახლოვდი - მოსახდენი უნდა მომხდარიყო - ფარდა ფრთხილად გადავწიე და როცა სინათლე დაეფინა მძინარის სახეს, კარგად დავაკვირდი და უცებ გავხევდი, სისხლი გამეყინა ძარღვებში, ასე მეგონა, გული საგულედან ამომივარდებოდა, მუხლი მომეკვეთა, ტან-იოგში დამშალა რაღაც უსაგნო გრძნობამ, სული ძლივს მოვიბრუნე. ნუთუ ეს... ეს ნაკვთები უილიამ უილსონისაა? რა თქმა უნდა, ვხედავდი, მისი სახე იყო და არ მჯეროდა. მაინც ასე რამ შემაშფოთა? უთავბოლო ფიქრები ამეშალა. დღის ფაცაფუცში, მღვიძარე მოსვლის დღეს იგივე! და კიდევ ჩემი სიარულის, ჩემი ხმის, ჩემი ჩვევების, ჩემი მიხრა-მოხრის უაზრო და გამუდმებული წაბაძვა. ნუთუ შესაძლოა, ჩემს დასაცინად მომართული ჩვეულებრივი ვარჯიშის შედეგი იყო ეს, რაც ახლა ვიხილე? ლამპა ჩავაქრე, შეძრწუნებული, აკანკალებული ოთახიდან უხმოდ გამოვსხლტი და იმ საათშივე დავტოვე ეს ძველი სკოლა, რათა იქ აღარასოდეს მიმედგა ფეხი.

      რამდენიმე თვის შინ განცხრომის შემდეგ იტონის უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. საკმარისი აღმოჩნდა სულ მცირე ხანი, რომ დოქტორ ბრენსბის სასწავლებლის ამბებს ფერი მიხდოდა ან, ყოველ შემთხვევაში, შემცვლოდა ის განწყობა და ახლა იმ დროს სხვა გრძნობით ვიგონებდი. მართლაც, ხანი რომ გამოხდა, წარსული აღარ მეჩვენებოდა ასეთი ტრაგიკული. მეტად მაეჭვებდა მაშინდელი ჩემი გრძნობების სიცხადე, იშვიათადაც ვიწუხებდი თავს მათი მოგონებებით და ვიგონებდი, მევე მაოცებდა ჩემი გულუბრყვილობა და ღიმს მგვრიდა ის ამბავი, წინაპართაგან მემკვიდრეობით წარმოსახვას რა ძალუმი უნარი დამყვა-მეთქი. იტონში ცხოვრებამ ხომ სულ შეუწყო ხელი ამ შეხედულების განმტკიცებას. ყოველივე წარხოცა თავაწყვეტილმა და შემაქცევარმა დროსტარებამ, რასაც მყისვე მივეცი თავი, ერთბაშად დაინთქა მძიმე და ღირსსახსოვარი შთაბეჭდილება და მეხსიერებაში შემომრჩა მხოლოდ იმ პირვანდელი არსებობის აუმღვრეველი სიმსუბუქის შეგრძნება.

      მაგრამ არა მსურს აქ გამოწვლილვით მოვყვე კანონით უარმყოფელი ჩემი გარყვნილი ცხოვრება, რაც შეუმჩნეველი რჩებოდა იტონის უფროსობას. სამი წლის გადაბმულ ღრეობას ის შედეგიღა ჰქონდა, რომ ბოროტება ძვალ-რბილში გამიჯდა და ამისდა კვალად მეტისმეტადაც ჯანმოჭარბებული გავხდი. ერთხელ მთელი ერთი კვირის გაუთავებელი ქეიფის შემდეგ ჩემთან ჩუმად მოვიწვიე მცირე ჯგუფი, ისინი, ვისთანაც უფრო დაახლოებული ვიყავი. დილამდე რომ გაეტანა ლხინს, ჩვეულებისამებრ ღამე მოვიყარეთ თავი. ღვინო ულეველი გვქონდა, არც სხვა, უფრო სახიფათო გართობანი დაგვიკლია და აღმოსავლეთით შეფერიანებული იყო, როცა ჯერ კიდევ შუა ქეიფში ვიყავით, ღვინითა და კარტის თამაშით სახეშეშლილი ჯიუტად ვლამობდი ერთი უსაძაგლესი სადღეგრძელოს წარმოთქმას, რომ უცებ მსწრაფლ, თუმც პატარაზე გამოიღო წინაოთახის კარი და მსახურის შეშფოთებულმა ხმამ, ვიღაც კაცი ჩქარობს, სიტყვა აქვსო თქვენთან სათქმელი.

      ღვინით გონებაანთებული ვიყავი და ალბათ, იმიტომ უფრო გამახარა მოულოდნელმა სტუმრობამ, ვიდრე გამაოცა ფეხარეული იმწამსვე გავედი. ამ დაბალჭერიან, პატარა სამყოფელში ლამპა არ ენთო, არც სინათლე შემოდიოდა, დილაბინდიღა ატანდა მომრგვალებული სარკმლიდან. ზღურბლს გადმოვაბიჯე თუ არა, ყმაწვილი ვინმე შევნიშნე, დაახლოებით ჩემი სიმაღლისა, ახალმოდურად შეკერილი თეთრი ქიშმირის ისეთსავე სამოსელში იყო გამოწყობილი, როგორიც მე მეცვა იმ ღამეს. ბინდბუნდში ესღა გავარჩიე, სახის ნაკვთები ბნელში დაძიროდა. ოთახში შემოსული მსწრაფლ შემომეგება, გაგულისებით და მოუთმენლად მტაცა ხელი და ჩამჩურჩულა: "უილიამ უილსონი!" იმ წამსვე გამოვფხიზლდი.

      უცნობის მიხრა-მოხრასა და იმაში, თუ როგორ ურთიერთობდა ჩემ თვალწინ სარკმლის შუქზე ზე აწვდილი თითი, იყო რაღაც მეტად გასაოცარი, მაგრამ ამას ისე არ ავუღელვებივარ, როგორც სულით ხორცამდე შემძრა მრავლისმეტყველმა საზეიმო გაფრთხილებამ, განუმეორებელი, ჩუმი, სისინა ხმით წარმოთქმულმა და განსაკუთრებით უბრალო, ნაცნობმა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა - გასაღებმა, რამაც განახვნა გარდასული დღეების მოგონებათა კარიბჭე და სულსა და გულში დამიარა გალვანური ბატარეის დენივით. გონს რომ მოვედი, ამ კაცის კვალიც გამქრალიყო.

      თუმცა ჩემს არეულ გონებაზე ამ შემთხვევაში მეტად იმოქმედა, მაგრამ როგორადაც შთამბეჭდავი, ასევე მსწრაფლწარმავალი აღმოჩნდა იგი. პირველ ხანებში გულმოდგინედ ვიძიებდი ამ ამბავს, მწარე ფიქრების მღვრიე მორევში ვიყავი დანთქმული. საკუთარი თავისთვის არ დამიმალავს ვინაობა იმ პიროვნებისა, ვინც ასეთი თავგამოდებით ერეოდა ჩემს საქმეებში, აღარ მასვენებდა თავისი შემპარავი რჩევა-დარიგებით. მაგრამ ვინ ან რა კაცი იყო ეს უილსონი? საიდან გამოტყვრა? გულში რა ჰქონდა? ვერც ერთ კითხვას ვერ ვუპასუხე. მხოლოდ ის გავიგე, იმ საღამოს, როცა დოქტორ ბრენსბის დაწესებულება დავტოვე ისიც წასულიყო იქიდან; თურმე შინ რაღაც უბედურება მოსვლოდა. ამ ამბავზე ფიქრს სულ მალე თავი გავანებე, რადგან ჩემი ყურადღება მხოლოდ მთლიანად მიიპყრო ოქსფორდში გამგზავრების სამზადისმა. მართლაც, ცოტა ხანში გზას დავადექი, მშობლების უსაშველო პატივმოყვარეობისადმი კვალად თავით-ფეხებამდე დიდებულად ვიყავი შემოსილი, წლიური სარჩოც იმდენი დამიწესეს, ჩიტის რძეც არ დამაკლდებოდა. ფუფუნებით ცხოვრება დიახაც უკვე გამიტკბა. მფლანგველობაში მეტოქეობას გავუწევდი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი და წარჩინებული ოჯახის დიდგულა შვილებსაც კი.

      ამგვარად, რაკიღა ბოროტება კარგად მეხერხებოდა და თანაც დაბადებითვე ვნებაულევი ბუნებისა ვიყავი, გაორკეცებული მგზნებარებით მივეცი თავი გარყვნილების მღვრიე მორევს და ზიზღით უარვყავი კაცურკაცობის წესები. საკმარისია ითქვას, რომ მხარჯველობაში ჰეოროდესაც კი ვაჯობე. სხვა, ჯერ არაგაგონილი ათასი სიგიჟე მოვიგონე და ამით გვარიანად გავადიდე ბიწიერების გრძელი სია, რითაც სახელი ჰქონდა გავარდნილი ევროპის ამ ყველაზე უფრო ზნედაცემულ უნივერსიტეტს.

      ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საკუთარი თავისთვის აქაც აღარ მიღალატნია და პროფესიონალი მოთამაშეების უმსგავსო ფანდები გადმოვიღე. ამ ბილწ მეცნიერებას ისე კარგად დავეუფლე, რომ გულუბრყვილო ძმაბიჭების ხარჯზე ისედაც აღურიცხველი ქონების პატრონი უფრო და უფრო გავმდიდრდი. და სწორედ ის, რომ დანაშაული ადრე საშინელი იყო, ყოველგვარ ადამიანურობასა და პატიოსნებას მოკლებული, უეჭველია, გახლდათ მთავარი მიზეზე, თუ ერთადერთი არა, ჩემი სრული დაუსჯელობისა. მართლაც თუნდ უგარყვნილესი ჩემი ძმაკაცი უმალ საკუთარ წმინდა გრძნობაში დაეჭვდებოდა, ვიდრე ცუდს იფიქრებდა მხიარულ, უზაკველ, გულწრფელ უილიამ უილსონზე - მთელ ოქსფორდში მორჭმულ და სახელიან სტუდენტზე, რომლის თავაშვებულობა (ასე იტყოდა მისი ჯამილოკია მხოლოდ ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი იყო, ხოლო ბიწიერება მისი უმაგალითო ჟინიანობისა და დაუოკებელი ხასიათის შედეგი.

      ასე გულმხიარულად გავატარე მთელი ორი წელი, როცა უნივერსიტეტში მოვიდა ყმაწვილი, გუშინდელი აზნაური გლენდენინგი, როგოც ამბობდნენ, სიმდიდრის ადვილად მომხვეჭელი ჰეროდე ატიკელივით დიდ ქონებას ფლობდა. ჭკუადათხელებულობით არ გამოირჩეოდა, ამას სულ მალე მივხვდი და, რაღა თქმა უნდა, ვიფიქრე, ჩემი საქმისთვის გამომაგდება-მეთქი. ხშირად ვჯდებოდი მასთან სათამაშოდ და ბადეში კარგად რომ მომყოლოდა, ყველა არამზადა მოთამაშის დარად ჯერ დიდი ფული მოვაგებინე. დაბოლოს, როცა შესაფერისი დრო დადგა, ჩვენი მეგობრის (ბ-ნ პრესტონის) ბინაზე შევხვდი (იმ ვარაუდით, რომ ეს შეხვედრა საბოლოო იქნებოდა). ბ-ნი პრესტორნი ჩვენ ორივეს ერთნაირი თვალით გვიყურებდა და სამართალი უნდა მივაგო - ჩემს განზრახვზე არაფერი იცოდა. სათანადო გარემოს შესაქმნელად რვა-ათკაციან ჯგუფს მოვუყარე თავი, რა არ ვიღონე და ბოლოს კიდეც მოვახერხე, რომ თითქოს სრულიად შემთხვევით მოგვინდა თამაში, და სწორედ ჩემმა მსხვერპლმა გამოთქვა პირველად სურვილი ამის თაობაზე. სიტყვას აღარ გავაგრძელებ ამ ბინძურ ამბავზე, მხოლოდ დავსძენ, იმ საღამოს ყველა ხრიკი მოვიშველიე, რასაც ამ დროს მიმართავენ ხოლმე. მიკვირს და ვერ მიმხვდარვარ, ასეთი ჭკუაგამოლეული მაინც როგორ არიან ადამიანები და აგრე იოლად როგორ გაებმებიან ხოლმე მახეში.

      გვიან ღამემდე ვისხედით. დაბოლოს შევძელი, რომ გლენდენინგის პირისპირ მხოლოდ მე დავრჩენილიყავი. რაღა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ ეკატერინეს ვთამაშობდით. სხვებს დაეყარათ თავ-თავიანთი კარტი და, თამაშის შედეგით დაინტერესებულები, ჩვენ გვიყურებდნენ. გუშინდელ აზნაურიშვილს მოსვლისთანავე კარგად ბლომად დავალევინე და ახლა მეტად აღელვებული ჭრიდა და არიგებდა კარტს, რაიც, ჩემი ფიქრით, ნაწილობრივ და არა მთლად, მისი სიმთვრალით აიხსნებოდა. ცოტა ხანში დიდი ფული წააგო, თავისით პორტვეინი გადაჰკრა და ის გააკეთა, რასაც გულცივად მოველოდი, ანუ წინადადება მომცა ისედაც დიდი ფსონი ერთიორად გაგვეზარდა. ვითომცდა ამ თხოვნით შეშფოთებული ჯერ დიდ უარზე დავდექი, ხოლო როცა ცეცხლი გამოშალა კბილებიდან და ჩემი თანხმობა უკვე თავმოყვარეობაშელახული კაცის თანხმობად გამოჩნდებოდა, დასტური მივეცი. მერე რაც მოხდა, რაღა თქმა უნდა, იმას მოწმობდა, რომ სრულიად გამოჭერილი ჰყავდა ეს კაცი: რამდენიმე წუთიც და ვალი გაუოთხკეცდა. მალე ღვინით წამოწითლებულ სახეზე ჩემდა გასაოცრად მკვდრისფერი დაედო. ჩემდა გასაოცრად-მეთქი, ვინაიდან იმთავითვე ჩემი დაბეჯითებული გამოკითხვის შედეგად ვიცოდი, გლდენდენინგი აღურიცხავი სიმდიდრის პატრონი იყო; ხოდა, მეც გავიფიქრე, მართალია, ბევრი წააგო, მაგრამ ამ თანხის დაკარგვას ასე მაინც არ უნდა ემოქმედა ამ კაცზე, ღვინო რომ დალია, ალბათ, ამან თუ მოათავა-მეთქი; თანამესუფრეთა თვალში რომ ჩირქი არ მომცხებოდა, უფრო ამიტომ მოვითხოვე თამაშის შეწყვეტა. ამ დროს უცებ გვერდით მსხდომნი შეწრიალდნენ, რაღაც ჩაილაპარაკეს, ხოლო გლენდენინგს კვნესავაება აღმოხდა. და მივხვდი, თურმე მათხოვრად მიქცევია ჩემი მსხვერპლი, ისე გამიკოტრებია, რომ მისი ცოდვით ქვაც კი ატირდებოდა, თავად ეშმაც ვეღარ მიაგებდა მეტ ბოროტებას.

      აწ ძნელია იმის თქმა, რას ვიზამდი, როგორ მოვიქცეოდი. ამ ბრიყვის საცოდაობამ ყველა დააბნია და თავზარი დასცა; რამდენიმე ხნით გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა და ვიგრძენი, ზოგიერთი არც ისე გათახსირებული მოქეიფის მრისხანე შემოხედვაზე როგორ წამომენთო ღაწვები. უნდა ვაღიარო, იმ უჩვეულო ამბავმა, რაც შემდეგ მხვდა, მღელვარებით შებოჭილი მკერდი წამით შვებით ამიშვა. ერთბაშდ განიხვნა ფართო, მძიმე კარი და თითქოს რაღაც ჯადოთიო, ოთახში ყველა სანთელი ჩაქრა. მაგრამ ჩამობნელებამდე თვალი შევასწარი ვიღაც ახალშემოსულს, ჩემი სიმაღლისა იქნებოდა და მთლიანად გახვეულიყო მოსასხამში. ამ წყვდიადში მხოლოდ ვგრძნობდით, რომ ის აქ, ჩვენ შორის იდგა, ვერ კი ვხედავდით. ასეთი თავხედური მოხდომით თავგზადაკარგულნი ჯერ კიდევ გონზე არ ვიყავით მოსულნი, რომ ხმა გაისმა.

- ბატონებო, - თქვა ამ კაცმა დაბალი, მკაფიო, მარად დაუვიწყარი ჩურჩულით და მეც ტანზე ეკალი ამესხა, - ბატონებო, მაპატიეთ, მაგრამ მოვალეობამ ჩამადენინა ეს საქციელი. თქვენ, რაღა თქმა უნდა, არ იცნობთ ბატონ გლენდენინგისთვის ეკარტეში დიდი თანხის მომგები კაცის ჭეშმარიტ ბუნებას. ამიტომ ყველაფერი ზუსტად რომ გაიგოთ, უნახეთ გადმოკეცილი სახელოს სარჩული, გაუჩხრიკეთ ხალათის ფართო ჯიბე და იქ სხვა კარტებსაც უპოვით.

      სანამ ამას ამბობდა, მდუმარება ჩამოვარდა. დაასრულა და როგორც მოვიდა, ისევე უცებ გაქრა, შევძლებ კი იმის აღწერას რა დამემართა? ან რა ჯოჯოხეთური ტანჯვა გადამხდა? მაგრამ აღარ დამცალდა ფიქრი. მრავალი ხელი უხეშად მწვდა, იმწუთას აანთეს სანთელი და გაჩხრიკეს. სახელოში ყველა მომგებიანი კარტი მიპოვეს, ხალათის ჯიბეში კი ისეთივე კარტების დასტა, როგორითაც ჩვენ ვთამაშობდით. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ, როგორც ამ საქმის მცოდნენი ამბობენ, ისისნი arrondees დაემუშავებინათ; დიდი კარტები ბოლოებში იყო ამობურცული, მცირენი - გვერდებზე. ამ შემთხვევაში მსხვერპლი, წესისამებრ, სიგრძივ რომ მოუჭრის დასტას, მომგებიან კარტებს მოწინააღმდეგეს დაუტოვებს და თავად ბედის ანაბარაღა რჩება.

      ასეთი გამოაშკარავების შემდეგ ყურის წამღები ღრიანცელი ჩემზე უფრო ნაკლებად იმოქმედებდა, ვიდრე ის ზიზღიანი სიჩუმე თუ თავშეკავებული დაცინვა, რითაც შეხვდნენ ამ ამბავს.

- ბატონო უილსონ, - წარმთქვა მასპინძელმა და ჩემ ფერხთით დაგდებული უძვირფასესი ბეწვით გაწყობილი მოსასხამი აიღო. - ბატონო უილსონ, ეს თქვენია (ციოდა, წამოსვლისას ხალათის ზემოდან მოსასხამი მოვიგდე და შემოსვლისთანავე იქვე, იატაკზე მოვისროლე). კარგად დახელოვნებულხართ, მაგრამ ჩვენთვის კი მართლაც კმარა. უნდა დატოვოთ ოქსფორდი, ყოველ შემთხვევაში ეს სახლი მაინც.

      დამცირებულს, თავლაფდასხმულს ამ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო შესაძლოა სილა გაეწნა მისთვის, რომ მთელი ჩემი გულისყური ერთ შემაძრწუნებელ გარემოებას არ მიეპყრო. ისე იშვიათი და ძვირფასი ბეწვით იყო გაწყობილი ის ჩემი მოსასხამი, თქმაც ვერ გამიბედავს. უსაზღვროდ მოყვარული ჩაცმა-დახურვისა რას არ ვიგონებდი, ეს მოსასხამიც ჩემი ფანტაზიის მიხედვით შევაკერინე. ამიტომ, როცა ბ-ნმა პრესტონმა კართან მიგდებული მოსასხამი აიღო და გამომიწოდა, გაოცებისაგან ზარდაცემულმა შევნიშნე: ის, საკუთარ მკლავზე რომ მქონდა გადაგდებული (რაც, ეჭვი არაა, უნებურად გავაკეთე) და ისიც, რომელიც ახლა მომცეს, ზუსტად ერთნაირი იყო. გამახსენდა, ჩემს ასე უღვთოდ გამომაჭენებელ მომხდურსაც ჩემნაირივე მოსასხამი მოეგდო მხრებზე. გონება მთლად მაინც არ დამიკარგავს პრესტონს მოსასხამი გამოვართვი, შეუმჩნევლად ჩემსას გადავაფარე და, ვინემ წავიდოდი, იქ მყოფთ მკაცრად, ზიზღით მოვავლე თვალი. დილაუთენია კი გატანჯულმა და სირცხვილნაჭამმა სასწრაფოდ დავტოვე ოქსფორდი და კონტინენტზე გადავედი.

      მაგრამ ამაოდ გადავიხვეწე. ბედისწერა რაღაც ბოროტი სიხარულით ყველგან მომწვდა და ცხადი გახდა, რომ ახლაღა დაეწყო თავისი იდუმალი ძალის გამოვლინება. შევდგი თუ არა პარიზში ფეხი, მაშინვე გადამხდა ერთი ამბავი, რამაც დამიდასტურა - სწორედ უილსონი ჩარეულიყო კვლავაც საზიზღრად ჩემს საქმეებში. გადიოდა წლები და ვეღარ და ვეღარ მოვითქვი სული. არამზადა! რა უდროოდ, რა ლანდად ჩადგა რომში ჩემსა და ჩემი წადილის საგანს შუა! ასევე ბერლინში, ასევე მოსკოვში! ყველგან წყევლაკრულვით ვიხსენიებდი ამ კაცს! დაბოლოს ვეღარ ავიტანე ენით უთქმელი ჩაგვრა, გამოვექეცი, როგორც შავ ჭირს. სად არ წავედი, მაგრამ მაინც ვერაფერს გავხდი. სულ ამაოდ გადავიხვეწე.

      ისევ და ისევ, ჩემს თავს იდუმალ რომ ვესაუბრებოდი, ვიკვლევდი: "ვინ არის? საიდანაა? რა უნდა?" მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი და გამოწვლილვით ვიძიებდი მთავარს, რაც ამ უკადრის ზედამხედველობაში იმალებოდა. ოღონდ ამ მხრივაც დასკვნისთვის ხელმოსაჭიდი ცოტაღა მქონდა. თუმცა ეს კი ჩანდა: მრავალგზის რომ გადამიდგა, მხოლოდ იმ გულისწადილის შესრულება და მხოლოდ ის საქმეები ჩამეფუშა, რომლებსაც დიდი ბოროტების მოტანა შეეძლო. რა უსუსური გამართლებაა იმისათვის, რომ ასე უსაზღვროდ მჯაბნიდა! რა კადნიერად თელავდა ჩემს თავისუფლებას, არ მანებებდა სურვილისამებრ მოვქცეულიყავ.

      კარგა ხანს ამასაც ვამჩნევდი - ჩემს საქმეებში ამდენგზის ჩარევისას ერთხელაც არ დამინახავს ჩემი მწვალებლის სახე (თუმცა ამავე დროს ცდილობდა ზუსტად ჩემსავით ჩაეცვა). ვინც უნდა ყოფილიყო უილსონი, მაინც გონებადახშული და ბეცი ბრძანდებოდა, ნუთუ ერთი წამითაც შეეძლო გულში გაევლო, რომ ვეღარ ვიცნობდი ჩემს იტონელ ჭკუის დამრიგებელს, ოქსფორდში ჩემი სახელის შემარცხვენელს - იმას, ვინც რომში წინ აღუდგა ჩემს პატივმოყვარეობას, პარიზში - შურისძიებას, ნეაპოლში - ვნებიან სიყვარულს ან იმას, რომელმაც ეგვიპტეში ჩემს საქმეებს ოქროსმომხვეჭველობა შეარქვა, სკოლის წლებიდანვე ჩემს მტერსა და ბოროტ სულს, უილიამ უილსონს, ჩემს სეხნიას, ძმაბიჭს, ზიზღსა და ზარის მომგვრელ მეტოქეს დოქტორ ბრენსბის სასწავლებლიდან? შეუძლებელია. მაგრამ, თქვენი ნებართვით, ამ დრამის ბოლო სურათსაც გიამბობთ ახლა.

      აქომამდე უხმოდ, თავმოდრეკით ვითმენდი მის ძალადობას. შიშსა და მოწიწებას ვგრძნობდი უილსონის სიბრძნით გამორჩეული, ღრმადმხედველი, ყოვლისშემძლე გონების წინაშე. თუ დავუმატებთ იმ მარადიულ შემზარავ გრძნობას, რასაც მგვრიდა მისი ხასიათის სხვა თვისებები და საკუთარი ვარაუდები, რაღა გასაკვირია, რომ ბოლოს ასეთი დასკვნა გამოვიტანე; მთლად უსუსური და უილაჯო ვყოფილვარ და რა გზა მაქვს, ისევ მისი მორჩილება მმართებს-მეთქი. იმ უკანასკნელ ხანებში გაუთავებელად ვსვამდი. ღვინომ და თანდაყოლილმა სიფიცხემ უფრო ჭირვეული და მოუთმენელი გამხადა. და მეც დავეჭვდი, აღვშფოთდი, ავზვავდი, ურჩობის გუნებაზე დავდექი. ნუთუ მხოლოდ ჩემმა ფანტაზიამ დამარწმუნა, რომ ჩემი სიმტკიცის ზრდის კვალობაზე იმისი შესუსტდა-მეთქი? ასე იყო თუ ისე, დიდი ფიქრების შემდეგ სასოწარკვეთილებამ მკაცრ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. უნდა თავი დავაღწიო-მეთქი ამ გაუთავებელ დამცირებას.

      18... წლის რომის კარნავალის დროს ნეაპოლის ჰერცოგის, დი ბროლიოს სასახლეში მასკარადზე წავედი. ღვინო ჩვეულებრივზე მეტი დავლიე, ისე რომ გაუსაძლისი შეიქნა ჩემთვის სულისშემხუთველი ჰაერისა და აუარება ხალხის ატანა, თანაც სისხლი ყელში მებჯინებოდა, რომ ამ ორომტრიალში ვერა და ვერ გავაღწიე. მე კი მოუთმენლად დავეძებდი (რა უღირსი მიზნისთვის, აღარ ვიტყვი) დაჩაჩანაკებული და პირგანაცრებული დი ბროლიოს მხიარული, მშვენიერ, ნორჩ მეუღლეს. სულ ცოტა ხნით ადრე ქალმა ურცხვად შემატყობინა რა სამეჯლისო სამოსელში იქნებოდა გამოწყობილი. თვალი მოვკარი და მაშინვე მივაშურე. იმწუთას ვიღაცამ მხარზე რბილად დამკრა ხელი და ოდინდელი, ჩუმი, დავიწყებული ჩურჩული ჩამესმა.

      მრისხანებისაგან თვალებდაბნელებული მივვარდი ჩემს სულთამხდელს და გამეხებულმა სახელოზე ხელი ვტაცე. ზუსტად ჩემსავით იყო მორთულ-მოკაზმული, როგორც სჩვეოდა. ლურჯი ხავერდის ესპანურის მოსასხამი მოესხა, წელზე მეწამული ფერის სარტყელი შემოერტყა დაშნითურთ. შავი აბრეშუმის ნიღაბი მთლიანად უფარავდა სახეს.

- გათახსირებულო! - შევძახე ბრაზით ხმაჩახრინწულმა, თითქოს ვგრძნობდი, ყოველი წარმოთქმული ბგერა სულ უფრო მიმატებდა მრისხანებას, - გათახსირებულო! თვითმარქვია! წყეულო! აწ ვეღარ, ვეღარ მომიწამლავ წუთისოფელს! მომყე ან არადა, აქვე აგიგებ ანდერძს! - და სწრაფად წავათრიე გვერდით ოთახისკენ. ისიც წინააღმდეგობის გაუწევლად გამომყვა.

      შესვლისთანავე გაცეცეხლებუმა ხელი ვკარი და კედელს მივახეთქე. მერე წყევლა-კრულვით კარი გადავკეტე და ვუბრძანე, თავი დაიცავი-მეთქი. წამით შეყოყმანდა, შემდეგ ამოიხვნეშა, მდუმარედ ამოიღო დანა და თავდასაცავად მოემზადა.

      ბრძოლა ხანმოკლე გამოდგა. ყველანაირი სახისა და ჯურის ჩემმა მრისხანებამ ათი კაცის ძალა მომგვარა მარჯვენაში. ორიოდე წამი და კუთხეში მივამწყვდიე გაშმაგებულმა. კარგად ვხედავდი, ჩემს ხელთ იყო და მხეცური კბილთა ღრჭენით დაშნა რამდენჯერმე ვატაკე მკერდში.

      ამ დროს კარს ვიღაცა წაეპოტინა. შევშფოთდი, ვაითუ ვინმე შემოვიდეს-მეთქი, ურდული გავამაგრე და მყისვე მომაკვდავ მეტოქესთან გამოვბრუნდი. მაგრამ მეყოფა კი ძალა იმ გაოცებისა და შიშის ზარის გადმოსაცემად, რაც განვიცადე? თვალი რომ მოვაცილე, ეს ერთი წამი საკმარისი აღმოჩნდა ოთახის მეორე ბოლოში მომხდარი საკვირველი ცვლილებისათვის. დიდი სარკე - ამ მღლვარებაში პირველად ასე მეგონა, მომეჩვენა-მეთქი - იქ დავინახე, სადაც წეღან არაფერი შემინიშნავს და როცა შეძრწუნებულმა ფეხი გადავადგი, საკუთარი თავი დავლანდე, ფერმილეული და სისხლით მოთხვრილი, ბარბაცით ჩემკენ დაძრული.

      მომეჩვენა-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ასე არ ყოფილა. მეტოქე - უილსონი იდგა ჩემ წინ, სულთმობრძავი, სახემორღვეული; ნიღაბი და მოსასხამი იქვე ეგდო იატაკზე. მისი სამოსელის ყოველი ნაკერი, მისი განუმეორებელი სახის ყოველი ნაკვთი სრულიად დამთხვეოდა ჩემსას!

- გათავდა, მორჩა, შენ გაიმარჯვე, მაგრამ აწ მკვდარი ხარ. მკვდარი ამ სოფლისთვის, სასოებისთვის, მაღლა ცისთვის! ჩემში იყო შენი არსებობა და ჩემშია შენი სიკვდილიც, საკუთარი სახე გამცნობს, ვით მოიკვეთე სამარადისოდ!

ტეგები: Qwelly, literature, motxroba, ავტორი, ედგარ, მოთხრობა, მწერალი, სოფელი, უილიამ, უილსონი, მეტი...ცხოვრება

ნახვა: 1018

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:05pm 9 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

ნამდვილი მეთევზე

გამოაქვეყნა ბექა ხოჯავა_მ.
თარიღი: ივნისი 25, 2020.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

      თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის…

გაგრძელება

არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters