← დასაწყისი

ფრეკენი
ჩემი სახელო მოგხვდათ, ალბათ. აი, აქ დაჯექით და დაგეხმარებით. (მკლავში ჩასჭიდებს ხელს და დასვამს. თავს უკან გადაუწევს; ცხვირსახოცის წვერით ცდილობს, მტვრის ნაწილაკი თვალიდან ამოუღოს) ნუ მოძრაობთ, გაჩერდით! (ხელზე დაჰკრავს) აი, ასე. დამემორჩილეთ! ასეთი ძლიერი მამაკაცი როგორ ცახცახებთ! (მხრებს მოუსინჯავს) ასეთი ძლიერი მხრების პატრონი!
ჟანი
(აფრთხილებს) ფრეკენ ჟული!
(ამასობაში კრისტინი დგება და ნახევრად მძინარე გადის ოთახიდან) ფრეკენი
დიახ, მესიე ჟან.
ჟანი
Attention! Je ne suis qu’un homme!
ფრეკენი
ნუ მოძრაობთ-მეთქი! აი, ასე. მორჩა, აღარა გაქვთ. ახლა ხელზე მაკოცეთ და მადლობა გადამიხადეთ!
ჟანი
(დგება) ფრეკენ ჟული, მომისმინეთ! კრისტინმა დაიძინა. გთხოვთ, მომისმინეთ!
ფრეკენი
ჯერ ხელზე მაკოცეთ!
ჟანი
მომისმინეთ-მეთქი!
ფრეკენი
ჯერ ხელზე მაკოცეთ!
ჟანი
კეთილი, ოღონდ, საკუთარ თავს დააბრალეთ!
ფრეკენი
რა დავაბრალო?
ჟანი
ვერ ხვდებით, არა? 25 წლის ასაკშიც ბავშვი ხართ? არ იცით, რომ ცეცხლთან თამაში სახიფათოა?
ფრეკენი
ჩემთვის არა; მე დაზღვეული ვარ.
ჟანი
(გამბედავად) არა, არა ხართ! და რომც იყოთ, იცოდეთ, რომ თქვენ სიახლოვეს ცეცხლსაშიში ნივთიერებაა!
ფრეკენი
საკუთარ თავს გულისხმობთ, ალბათ...
ჟანი
დიახ! და არა იმდენად ჩემს თავს, არამედ იმას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ვარ.
ფრეკენი
მომხიბლავი გარეგნობით - რა გაუგონარი თავდაჯერებულობაა! იქნებ დონ ჟუანიც ბრძანდებით? ან, იოსები?! თავს დავდებ, რომ ნამდვილად იოსები ხართ.
ჟანი
თქვენ ასე გგონიათ?
ფრეკენი
ლამისაა შემეშინდეს!
(ჟანი თამამად წამოიწევს წინ. ცდილობს, წელზე ხელი მოხვიოს და აკოცოს) ფრეკენი (სილას გააწნავს) თავხედო!
ჟანი
ხუმრობთ თუ სერიოზულად დამარტყით?
ფრეკენი
სერიოზულად!
ჟანი
ანუ ამასწინათაც სერიოზულად აკეთებდით ყველაფერს! მეტისმეტად სერიოზულად თამაშობთ, რაც ძალიან საშიშია! მომბეზრდა ეს თამაში. თქვენი ნებართვით, სამუშაოს დავუბრუნდები. გრაფს დროულად უნდა მივართვა ჩექმები, რახანია უკვე შუაღამეს გადასცდა.
ფრეკენი
მოაშორეთ ეგ ჩექმები!
ჟანი
არა. ეს ჩემი სამსახურია. ვალდებული ვარ, შევასრულო, მაგრამ არავინ მავალდებულებს, თქვენი თამაშების მონაწილე ვიყო და არც არასოდეს ვიქნები! ამისთვის მეტისმეტად კარგი ვარ.
ფრეკენი
და ამაყიც.
ჟანი
ხან ვარ, ხან - არა.
ფრეკენი
ოდესმე შეყვარებული ყოფილხართ?
ჟანი
ჩვენ ამ სიტყვას არ ვამბობთ, თუმცა ბევრი გოგო მომწონებია. ერთხელ ავადაც გავხდი, იმიტომ, რომ ერთი გოგო ჩემი ვერ გახდებოდა. ავად გავხდი, როგორც შეყვარებული უფლისწულები „ათას ერთ ღამეში“; სიყვარულით დაავადებულები საჭმელს რომ არ ეკარებიან.
ფრეკენი
ვინ იყო ის გოგო?
(ჟანი დუმს) ფრეკენი
ვინ იყო ის გოგო?
ჟანი
ამის თქმას ვერ მაიძულებთ.
ფრეკენი
და თუ გთხოვთ, როგორც თანასწორს, გთხოვთ, როგორც... მეგობარს? ვინ იყო?!
ჟანი
თქვენ!
ფრეკენი
(ჯდება) ძვირფასი ამბავია!..
ჟანი
თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე მიიღეთ. სულელურად გამოვიდა! სულ ცოტა ხნის წინ ამ ამბის მოყოლას არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა მოგიყვებით. იცით, ქვემოდან როგორ ჩანს სამყარო? არა, საიდან გეცოდინებათ! მტაცებელ ფრინველებს ჰგავს: ქორებს, შევარდნებს, რომელთა ზურგებსაც ვერასოდეს ვხედავთ, იმიტომ, რომ ყოველთვის მაღლა დაფრინავენ. მუშის ფარდულში ვცხოვრობდი შვიდ და-ძმასთან ერთად, ჭუჭყიან ეზოში ერთი გოჭი დარბოდა. არც ერთი ხე იქ არ იდგა! მაგრამ ფანჯრიდან გრაფის ბაღის გალავანს ვხედავდი, გარეთ გადმოხრილი ვაშლის ხეებით. ეს სამოთხის ბაღი იყო; იქაურობას ბოროტი ანგელოზები იცავდნენ ცეცხლოვანი მახვილებით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე და სხვა ბიჭებმა მაინც მოვახერხეთ ცნობადის ხესთან მისასვლელი საიდუმლო გზის პოვნა. თქვენ ალბათ შეგზიზღდით, არა?
ფრეკენი
აჰ! ვაშლებს ყველა პატარა ბიჭი იპარავს.
ჟანი
ახლა ასე ამბობთ, მაგრამ მაინც გეზიზღებით! რა გაეწყობა. ერთ დღეს მე და დედაჩემი სამოთხის ბაღში ხახვის ნარგავების გასამარგლავად შემოგვიშვეს. ბაღის ბოლოში თურქული პავილიონი იდგა, ჟასმინის ჩრდილში, ცხრატყავას ყვავილებში ჩაფლული. არ ვიცოდი, რისთვის იყო საჭირო, მაგრამ მსგავსი სილამაზის ნაგებობა მანამდე არასოდეს მენახა. ხალხი შედიოდა და გამოდიოდა და ერთხელაც კარი ღია დარჩათ. ჩუმად შევიპარე და მეფეებისა და კეისრების პორტრეტებით მორთული კედლები დავინახე, ფანჯრებს ფოჩებიანი წითელი ფარდები ფარავდა. ახლა ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? მე... (იასამნის ტოტს ერთ ყვავილს მოატეხს და ფრეკენს ცხვირთან ახლოს მიუტანს) მე სასახლეში არასოდეს ვყოფილვარ, ეკლესიის გარდა არაფერი მენახა, მაგრამ ეს უფრო ლამაზი იყო. რაზეც უნდა დამეწყო ფიქრი, აზრები სულ აქეთ მოიწევდა. დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, სრულად შემეგრძნო მთელი სიამოვნება და როგორც იქნა, შევიპარე და აღფრთოვანებულმა დავათვალიერე იქაურობა. უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა. ბატონებისთვის ერთადერთი გამოსასვლელი არსებობდა, მაგრამ ჩემთვის კიდევ ერთი იყო და სხვა გზა არ მქონდა, უნდა მესარგებლა.
(ფრეკენ ჟულის, რომელმაც ამასობაში იასამანი გამოართვა, ყვავილი მაგიდაზე უვარდება) მერე გავიქეცი, ფეხქვეშ ჟოლოს ბუჩქები მედებოდა, მარწყვის ნარგავები გადავთელე და ბოლოს ვარდების ბაღში აღმოვჩნდი. აქ ვარდისფერი კაბა და თეთრი წინდები დავინახე. ეს თქვენ იყავით. მაშინვე სარეველებში ჩავიმალე. წარმოიდგინეთ, მკბენარებით სავსე ბალახში ჩავწექი, სველ, აქოთებულ მიწაზე. გაკვირდებოდით, როგორ დასეირნობდით ვარდის ბუჩქებში და ვფიქრობდი: თუ სიმართლეა, რომ ყაჩაღს შეუძლია სასუფეველში მოხვდეს და ანგელოზებთან იცხოვროს, რატომ არ შეიძლება, რომ აქ, ღმერთის მიერ შექმნილ მიწაზე, გლეხის შვილი სასახლის ბაღში გრაფის ქალიშვილთან თამაშობდეს?
ფრეკენი
(გრძნობამორეული) როგორ გგონიათ, ყველა ღარიბი ბავშვი ასე იფიქრებდა თქვენ ადგილას?
ჟანი
(თავიდან ყოყმანით, შემდეგ დაბეჯითებით) ყველა ბავშვი? ჰო, რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!
ფრეკენი
სიღარიბე ალბათ უდიდესი უბედურებაა.
ჟანი
(ღრმა ტკივილით, ძლიერ ემოციურად) ო, ფრეკენ ჟული! ო! ძაღლსაც კი აქვს უფლება, გრაფის ასულის ტახტზე იკოტრიალოს. ცხენსაც კი ეფერება პატარა ფრეკენის ნაზი ხელები, მაგრამ მსახურ ბიჭს - (ტონს იცვლის) ჰო, შიგადაშიგ ისეთებიც გამოერევიან, ვისაც მარიფათი აღმოაჩნდება, საზოგადოებაში მაღლა გადაინაცვლოს, მაგრამ განა ხშირად ხდება ასე? ამასობაში, რომ იცოდეთ, რა გავაკეთე! - წისქვილის წყაროში შევხტი ტანსაცმლიანად, მაგრამ გამომათრიეს და კარგად მიმტყიპეს. მომდევნო კვირადღეს, როცა მამაჩემი და ოჯახის ყველა წევრი ბებიასთან გაემგზავრა, იმდენი მოვახერხე, რომ სახლში დავრჩი. საპნითა და თბილი წყლით ვიბანავე, საუკეთესო ტანსაცმელი ჩავიცვი და ეკლესიაში წავედი, თქვენ რომ მენახეთ. დაგინახეთ და სახლში დავბრუნდი, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მოვკვდებოდი; თუმცა, ლამაზი და სასიამოვნო სიკვდილი მინდოდა, უმტკივნეულო. მაშინ გამახსენდა, რომ ანწლის ბუჩქის ქვეშ ძილი საშიში იყო. ერთი დიდი ბუჩქი იქვე გვედგა, თანაც სწორედ იმ დროს ყვაოდა. სულ დავამტვრიე ყველა ტოტი და შვრიით სავსე სკივრში საწოლი მოვიწყვე. შეგიმჩნევიათ, როგორი პრიალაა შვრია? ადამიანის კანივით ნაზია!.. მოკლედ, კარი გადავიკეტე და თვალები დავხუჭე; ჩამეძინა და როცა გამომეღვიძა, მართლაც ავად ვიყავი. მაგრამ, როგორც ხედავთ, არ მოვმკვდარვარ. არ ვიცი, რა მინდოდა! რა თქმა უნდა, თქვენი გულის მოგების არავითარი იმედი არ არსებობდა - თქვენ იყავით იმის განსახიერება, თუ რამდენად უიმედოდ მეჩვენებოდა იმ წრიდან გამოღწევა, სადაც დავიბადე.
ფრეკენი
როგორ მომხიბლავად ჰყვებით, რომ იცოდეთ! სკოლაში გივლიათ?
ჟანი
ცოტა ხანს. მაგრამ ბევრი რომანი მაქვს წაკითხული და თეატრშიც დავდიოდი. ამას გარდა, კეთილშობილი ხალხის ლაპარაკს ყურს ვუგდებ და სწორედ მათგან ვისწავლე ბევრი რამ.
ფრეკენი
დგახართ და გვისმენთ, რას ვლაპარაკობთ.
ჟანი
რა თქმა უნდა. საკმაოდ ბევრი მომისმენია. მეეტლის კოფოზე ან ნავში, როცა ნიჩბებს ვუსვამდი. ერთხელ გავიგონე, ფრეკენ ჟული როგორ ეუბნებოდა თავის მეგობარ ქალს...
ფრეკენი
ოჰ! მაინც რა გაიგონეთ?
ჟანი
არა, ამის გამეორება მერიდება. თუმცა, გაკვირვებული კი დავრჩი, ვაღიარებ, და ვერ მივხვდი, ასეთი სიტყვები სად ისწავლეთ. ეტყობა, არც ისე დიდია სხვაობა კეთილშობილ და უბრალო ხალხს შორის, როგორც ყველას ჰგონია!
ფრეკენი
გრცხვენოდეთ! ჩვენს წრეში დანიშნული ადამიანები ასე არ იქცევიან.
ჟანი
(მიაჩერდება) მართლა ასეა? ფრეკენ, ჩემთან არაა საჭირო უცოდველის თამაში...
ფრეკენი
მე იმ ნაძირალას ჩემი სიყვარული ვაჩუქე.
ჟანი
ყოველთვის ასე ამბობთ, როცა ყველაფერი მთავრდება.
ფრეკენი
ყოველთვის?
ჟანი
ჰო, ყოველთვის, იმიტომ, რომ ეგ სიტყვები სხვებისგანაც გამიგონია მსგავს შემთხვევებში.
ფრეკენი
რა შემთხვევებში?
ჟანი
რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. ბოლოს, როცა...
ფრეკენი
(წამოდგება) გაჩუმდით! აღარ მინდა ამის მოსმენა!
ჟანი
არც იმას უნდოდა. რა უცნაურია. კეთილი, ახლა თქვენი ნებართვით, წავალ, დავიძინებ.
ფრეკენი (ნაზად) ზაფხულის ღამის დღესასწაულზე წახვალთ და დაიძინებთ?
ჟანი
დიახ! იმ ხალხთან ერთად ცეკვა სულ არ მეხალისება.
ფრეკენი
გასაღები აიღეთ და ნავით ტბაზე გამიყვანეთ, მზის ამოსვლა მინდა ვნახო!
ჟანი
რამდენად გონივრულად გეჩვენებათ ეს?
ფრეკენი
გეგონება, საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებით!
ჟანი
რატომაც არა? სულ არ მინდა, დასაცინი გავხდე ან სარეკომენდაციო წერილის გარეშე გამაძევონ, ახლა, როცა საზოგადოებაში ადგილს ვიმკვიდრებ. თანაც, მგონი, კრისტინის მიმართაც რაღაც ვალდებულებები მაქვს.
ფრეკენი
აჰა, ახლა კრისტინის ბრალი ყოფილა...
ჟანი
და თქვენიც. დამიჯერეთ, წადით და დაიძინეთ!
ფრეკენი
თქვენ უნდა დაგიჯეროთ?
ჟანი
ამ ერთხელ; თქვენთვისვე აჯობებს! გევედრებით. გვიანია უკვე, გეძინებათ, სასმელი მოგეკიდათ და თავი გიხურთ. წადით, დაიძინეთ! თანაც, თუ სმენა არ მღალატობს, ხალხი მოდის აქეთ, ალბათ, მე მეძებენ. თუ აქ წაგვასწრეს, დაიღუპებით.
(შორიდან ისმის გუნდის სიმღერა) ტყიდან მოდის ორი ქალი, ტრიდირიდი-რალა ტრიდირიდი-ლა...
დაუსველდათ ფეხი ცალი.
ტრიდირიდი-რალა-ლა...
ცხოვრებში ფული ელით, ტრიდირიდი-რალა ტრიდირიდი-ლა...
ჯიბეები - ცარიელი
ტრიდირიდი-რალა-ლა..
და ამ გვირგვინს ჩემი ხელით
ტრიდირიდი-რალა ტრიდირიდი-ლა...
თურმე სულ სხვა ქალი ელის.
ტრიდირიდი-რალა-ლა...
ფრეკენი
მე ვიცნობ ხალხს, მიყვარს ხალხი და მათაც ვუყვარვარ. შემოვიდნენ და თავად დარწმუნდებით!
ჟანი
არა, ფრეკენ ჟული, მათ თქვენ არ უყვარხართ. ისინი პურს თქვენი ხელიდან ჭამენ და მერე იფურთხებიან. დამიჯერეთ! უსმინეთ, უსმინეთ, რას მღერიან! ანდა, არა, ნუ მოუსმენთ.
ფრეკენი
(ყურს უგდებს) რას მღერიან?
ჟანი
უხამსი სიმღერაა, თქვენზე და ჩემზე.
ფრეკენი
რა სიმდაბლეა! რა საშინელებაა!
ჟანი
ბრბო ყოველთვის მხდალია! ამ ბრძოლიდან გაქცევით უნდა უშველო თავს.
ფრეკენი
გაქცევით? საით? გარეთ ხომ ვერ გავალთ?! კრისტინთანაც ვერ შევაფარებთ თავს.
ჟანი
იქნებ ჩემს ოთახში? გაჭირვებამ წესები არ იცის. შეგიძლიათ მენდოთ - მე თქვენდამი პატივისცემით სავსე, თქვენი ნამდვილი, ერთგული მეგობარი ვარ.
ფრეკენი
და მერე? მერე თქვენს ოთახში რომ დაგიწყონ ძებნა?
ჟანი
კარს ურდულით გადავკეტავ, თუ ვინმე შემომტვრევას გაბედავს, ვესვრი! წავიდეთ! (მუხლებზე დგება) წავიდეთ!
ფრეკენი
(მნიშვნელოვნად) მპირდებით?..
ჟანი
გეფიცებით!
(ფრეკენი სწრაფი ნაბიჯით გადის მარჯვნივ. ჟანი სწრაფად მიჰყვება) *
ბალეტი
შემოდიან საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი გლეხები, ქუდებში ჩაწნილი ყვავილებით. წინ მევიოლინე მოუძღვით. მაგიდაზე აწყობენ ლუდის პატარა კასრს და ფოთლებით მორთულ არყით სავსე მათარას. ჭიქები გამოაქვთ. სვამენ. მერე წრიულად დგებიან, მღერიან, ცეკვავენ და თამაშობენ ფერხულ-თამაშს „ტყიდან მოდის ორი ქალი“. როცა ფერხულს მორჩებიან, სიმღერ-სიმღერით გადიან.
*
(ფრეკენი მარტო შემოდის. ხედავს გადაჯეგილ სამზარეულოს; ხელებს შეატყუპებს; შემდეგ იღებს ფერუმარილს და სახეზე ისვამს) ჟანი
(შემოდის აღელვებული) აი, ხომ ხედავთ! ხომ გაიგონეთ? მაინც გგონიათ, რომ აქ დარჩენა შეიძლება?
ფრეკენი
არა, არ მგონია. მაგრამ რა უნდა ვქნათ?
ჟანი
გავიქცეთ, გავემგზავროთ აქედან შორს!
ფრეკენი
გავემგზავროთ? საით?
ჟანი
შვეიცარიაში, იტალიურ ტბებზე. თქვენ ხომ იქ არასოდეს ყოფილხართ?
ფრეკენი
არა. ლამაზია იქაურობა?
ჟანი
იქ სულ ზაფხულია, ფორთოხალი და დაფნა ხარობს!
ფრეკენი
მერედა, იქ რა უნდა ვაკეთოთ?
ჟანი
სასტუმროს გავხსნი უმაღლესი კლასის მომსახურებით უმაღლესი კლასის კლიენტებისთვის.
ფრეკენი
სასტუმროს?
ჟანი
დამიჯერეთ, ესაა ნამდვილი ცხოვრება - გამუდმებით ახალი სახეები, ახალი ენები. როცა არა გაქვს არც ერთი თავისუფალი წუთი განცდისა და ნერვიულობისათვის; არ ფიქრობ, ნეტავ ახლა რა საქმე გავაკეთოო, როცა საქმე ყოველთვის გაქვს; დღედაღამ რეკავს ზარი, უსტვენენ მატარებლები, ომნიბუსები მიდი-მოდიან; და ჩვენს სალაროში ოქროს ნაკადი უწყვეტად მოედინება. აი, ესაა ცხოვრება!
ფრეკენი
ჰო, ალბათ ესაა ცხოვრება, მაგრამ მე?
ჟანი
სახლის ქალბატონი, ჩვენი ფირმის მშვენება. თქვენი გარეგნობით... და თქვენი მანერებით... როგორ გითხრათ, წარმატება გარდაუვალია! თქვენ დედოფალივით დაბრძანდებით კაბინეტში და ელექტროღილაკზე თითის ერთი დაჭერით აამუშავებთ მონებს. სტუმრები თქვენს ტახტთან ჩამოივლიან და მოკრძალებით დატოვებენ შემოსაწირს მაგიდაზე. ვერ დაიჯერებთ, როგორ კანკალებენ ადამიანები, როცა მათ გადასახდელ ანგარიშს აწვდი. მე პილპილს არ მოვაკლებ და გვარიანად გავამწარებ, თქვენ კიდევ თქვენი უმშვენიერესი ღიმილით დაატკბობთ სტუმრებს. აჰ! მოდით, გავეცალოთ აქაურობას (ჯიბიდან ტრანსპორტის განრიგს ამოიღებს)! ახლავე, პირველივე მატარებლით! - შვიდის ნახევარზე უკვე მალმიოში ვიქნებით; ცხრას რომ ოცი დააკლდება, დილით ადრე, უკვე ჰამბურგამდე ჩავაღწევთ; ფრანკფურტი-ბაზელი - ერთი დღე; გოტჰარის გზით კომომდე კი, ერთი წამით... ჰო, სამი დღე! სამი დღე!
ფრეკენი
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ, ჟან, შენ უნდა გამამხნევო. მითხარი, რომ გიყვარვარ! მოდი, მომეხვიე!
ჟანი
(ყოყმანით) მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ! არა, ამ სახლში აღარ გვინდა! მე თქვენ მიყვარხართ. ამაში ეჭვი არ მეპარება. თქვენ? ნუთუ თქვენ გეპარებათ ეჭვი?
ფრეკენი (მორცხვად, ნამდვილი ქალურობით) „თქვენ“! - შენობით მომმართე. ჩვენ შორის ბარიერები აღარ არსებობს. შენობით მომმართე.
ჟანი
(ტანჯვით) არ შემიძლია! სანამ ამ სახლში ვრჩებით, ჩვენ შორის ბარიერები მაინც არსებობს. არსებობს წარსული, არსებობს გრაფი - ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია ადამიანი, ვისაც მასზე მეტ პატივს ვცემდი. საკმარისია, სკამზე მიყრილი მისი ხელთათმანები დავინახო, რომ თავი პატარა მგონია. საკმარისია, ზარი დარეკოს, დაფეთებული ცხენივით გავრბივარ. და როცა ახლა მის ჩექმებს ვუყურებ, მის მაღალ და ძლევამოსილ ჩექმებს - ჟრუანტელი მივლის. (ჩექმებს ფეხს ჰკრავს) ეს ცრურწმენები და აკვიატებები, რითაც ბავშვობაში თავი გამოგვიტენეს! ამათაც ადვილად დავივიწყებთ! საკმარისია, სხვა ქვეყანაში ჩავიდე, ოღონდ კი რესპუბლიკა იყოს, რომ ხალხი ჩემს პორტიეს დაუხრის თავს, თავს დაუხრის-მეთქი, აი, ნახავთ! მაგრამ მე თვითონ ასე არ მოვიქცევი! მე იმისთვის არ დავბადებულვარ, ვინმეს თავი დავუხარო, მე მაქვს ძალა და ნებისყოფა. საკმარისია, პირველ ტოტს მოვეჭიდო, რომ ნახავთ, როგორ სწრაფად ავძვრები მაღლა! დღეს მსახური ვარ, მაგრამ მომავალ წელს საკუთარი ქონება მექნება; რომელსაც ათ წელიწადში გავაქირავებ და მერე რუმინეთში წავალ, რაიმე ტიტულს ვიყიდი და შემიძლია, - კარგად დააკვირდით, მე ვამბობ „შემიძლია-მეთქი“ - სულაც გრაფი გავხდე!
ფრეკენი
კარგია, კარგი!
ჟანი
აჰ, რუმინეთში გრაფის ტიტულის ყიდვა შესაძლებელია, თქვენ კიდევ ისევ გრაფის ქალი იქნებით! ჩემი მეუღლე!
ფრეკენი
ეს არ მადარდებს, ამ ყველაფერს უკანმოუხედავად ვტოვებ. მითხარი, რომ გიყვარვარ. თუ არ მეტყვი... თუ არ მეტყვი, მე ვინ გამოვდივარ?
ჟანი
გეტყვით, ათასჯერ გეტყვით, მაგრამ სხვა დროს. ოღონდ, აქ არა! და თანაც, არ გვინდა გრძნობები, თორემ ყველაფერს გავაფუჭებთ! საქმეს ცივად უნდა მივუდგეთ, როგორც გონიერი ადამიანები. (იღებს სიგარას, აჭრის ბოლოს და უკიდებს) აი, იქ დაჯექით. მე აქ დავჯდები და ისე ვილაპარაკოთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
ფრეკენი
(სასოწარკვეთით) ღმერთო ჩემო! თქვენ რა, გრძნობები არა გაქვთ?
ჟანი
მე? ჩემსავით მგრძნობიარე ადამიანი მეორე არ არსებობს! მაგრამ გრძნობების გაკონტროლება შემიძლია.
ფრეკენი
სულ ცოტა ხნის წინ მზად იყავით, ჩემი ფეხსაცმელები დაგეკოცნათ და ახლა...
ჟანი
(უხეშად) ეს მაშინ იყო! ახლა სხვა საფიქრალი გვაქვს.
ფრეკენი
ასე უხეშად ნუ მელაპარაკებით!
ჟანი
არა, უბრალოდ, აზრს ვატან სიტყვებს! ერთი სიგიჟე საკმარისია, მეტს ნუღარ ჩავიდენთ! გრაფი ნებისმიერ წუთს შეიძლება დაბრუნდეს, მანამდე ჩვენი ბედი უნდა გადაწყდეს. რას ფიქრობთ ჩემს სამომავლო გეგმებზე? მოგეწონათ?
ფრეკენი
საკმაოდ დამაჯერებლად მომეჩვენა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: ამხელა წამოწყება დიდ კაპიტალს მოითხოვს.გაქვთ ეს კაპიტალი?
ჟანი
(სიგარას ღეჭავს) მე... თავისთავად! ჩემი პროფესიული უნარები მაქვს, წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება, ენების ცოდნა. საკმარისი კაპიტალია, მე ვიტყოდი.
ფრეკენი
მაგრამ მაგ კაპიტალით მატარებლის ბილეთსაც კი ვერ იყიდით.
ჟანი
მართალს ბრძანებთ, ვაღიარებ. სწორედ ამიტომაც ვეძებ კომპანიონს, ვინც თანხებს მომიძიებს.
ფრეკენი
და ასეთ სიჩქარეში სად გეგულებათ?
ჟანი
თქვენ მეგულებით, თუ ინებებთ, ჩემი კომპანიონი გახდეთ!
ფრეკენი
მე ეს არ შემიძლია. თანაც, საკუთარი ქონება არა მაქვს.
(პაუზა) ჟანი
მაშინ ყველაფერი ჩაიშლება...
ფრეკენი
ანუ....
ჟანი
ისევე დარჩება, როგორც ახლაა!
ფრეკენი
თქვენ გგონიათ, ამ სახლში დავრჩები და თქვენი საყვარელი გავხდები? გგონიათ, მინდა თითით საჩვენებელი გავხდე. გგონიათ, შევძლებ ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემს თვალი გავუსწორო? არა! წამიყვანეთ აქედან, მომაშორეთ დამცირებასა და სირცხვილს! ო, ღმერთო, რა ჩავიდინე, ღმერთო! (ტირის) ჟანი
აჰა, დაიწყო ნაცნობი სიმღერა! რა ჩაიდინეთ? ისეთი არაფერი, რაც თქვენამდე ბევრს არ ჩაუდენია!
ფრეკენი (კივის) და ახლა თქვენც გეზიზღებით! როგორ დავეცი, როგორ დავეცი!
ჟანი
არა უშავს, მე წამოგაყენებთ.
ფრეკენი
რა ძალა მიზიდავდა თქვენკენ? სუსტს ძლიერისკენ, დაცემულს აღზევებულისკენ! ან იქნებ ეს სიყვარული იყო? სიყვარული იყო? თქვენ იცით, რა არის სიყვარული?
ჟანი
მე? ვიცი რომელია! თქვენი აზრით, აქამდე სხვასთან არ ვყოფილვარ?
ფრეკენი
რა საშინელი აზრები მოგდით და რა საშინელებებს ამბობთ!
ჟანი
ასე მასწავლეს და აი, ასეთი ვარ! ნუღარ განიცდით და შეწყვიტეთ კეთილშობილი ქალბატონის როლის თამაში, იმიტომ, რომ ახლა მე და თქვენ ერთ ნავში ვსხედვართ. დაწყნარდი, ჩემო პატარა გოგო, მოდი, ერთ ჭიქას დაგალევინებ. (აღებს მაგიდის უჯრას და იღებს ღვინის ბოთლს; ორ გაურეცხავ ჭიქაში ჩამოასხამს) ფრეკენი
ეს ღვინო საიდან გაქვთ?
ჟანი
სარდაფიდან.
ფრეკენი
მამაჩემის ბურგუნდიული ღვინო!
ჟანი
მერე, სიძეს არ გამოადგება თუ?
ფრეკენი
და მე ლუდს ვსვამ! მე!
ჟანი
ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩემზე უარესი გემოვნება გაქვთ.
ფრეკენი
ქურდო!
ჟანი
ენას მიუტანთ?
ფრეკენი
ო, ღმერთო! ქურდბაცაცას თანამოაზრე! ნუთუ დავთვერი? იქნებ სიზმარში ვარ? ზაფხულის ღამის დღესასწაულია! უმანკო თამაშების ღამე...
ჟანი
უმანკო? ჰმ!
ფრეკენი
(ბოლთას სცემს) ჩემზე უბედური ნეტავ არის ვინმე ამ წუთას მთელ დედამიწაზე?
ჟანი
რამ გაგაუბედურათ? ასეთი გამარჯვების შემდეგ! აბა, კრისტინი გაიხსენეთ. როგორ ფიქრობთ, მას გრძნობები არა აქვს?
ფრეკენი
სულ ცოტა ხნის წინ მჯეროდა ამის, მაგრამ ახლა აღარ მჯერა. მსახური მსახურია და....
ჟანი
და ბოზი ბოზია!
ფრეკენი
(მუხლებზე ეცემა, ხელებს შეატყუპებს) ღმერთო, მაღალო, ბოლო მოუღე ჩემს უბედურ ცხოვრებას! მომაშორე ამ სიბინძურეს, რომელშიც ვიძირები! გადამარჩინე! მიხსენი!
ჟანი
სიმართლე გითხრათ, მეცოდებით. მაშინ, ხახვის კვლებში რომ ვიწექი, ვარდების ბაღში რომ დაგინახეთ... ახლა უნდა ვაღიარო... ისეთივე ბინძური აზრები მომდიოდა თავში, რაც ყველა დანარჩენ ბიჭს.
ფრეკენი
თქვენ ხომ ჩემ გამო თავს იკლავდით!
ჟანი
შვრიის სკივრში? ეს ისე, უბრალოდ მოვყევი.
ფრეკენი
ანუ მომატყუეთ?
ჟანი
(ძილი ერევა) დაახლოებით! გაზეთში წავიკითხე ერთი ბუხრის მწმენდავის ამბავი, რომელიც ხის ყუთში ჩაწვა და იასამნები დაიწყო ზედ, იმიტომ, რომ ალიმენტის გადახდა დააკისრა სასამართლომ...
ფრეკენი
აი, თურმე როგორი ყოფილხართ...
ჟანი
ჰო, აბა რა უნდა მექნა? ქალები გიჟდებიან ეგეთ ლამაზ-ლამაზ ამბებზე!
ფრეკენი
ღორო!
ჟანი
Merde!
ფრეკენი
გამოდის, რომ ქორის ზურგი იხილეთ....
ჟანი
მთლად ზურგი არა...
ფრეკენი
და მე თქვენი პირველი ტოტი უნდა ვყოფილიყავი...
ჟანი
ჰო, მაგრამ ტოტი დამპალი აღმოჩნდა...
ფრეკენი
თქვენი სასტუმროს აბრა უნდა გავმხდარიყავი...
ჟანი
ჰო, და მე სასტუმრო...
ფრეკენი
დახლს უკან დავჯდებოდი, მივიზიდავდი თქვენს კლიენტებს, გავაყალბებდი თქვენს ანგარიშებს...
ჟანი
მაგას მე თვითონ ვიზამდი...
ფრეკენი
თურმე ადამიანის სული ასეთი ბინძურიც შეიძლება იყოს!
ჟანი
მოდი მერე, გამრეცხე!
ფრეკენი
ლაქია! მსახურო! ფეხზე წამოდექი, როცა გელაპარაკები!
ჟანი
მსახურის ბოზო, ლაქიას საყვარელო, ენა ჩაიგდე და აქედან გაეთრიე! როგორ ბედავ და მე მეძახი უწესოს? ჩემნაირებიდან არავინ ასე უწესოდ არ მოქცეულა, როგორც შენ იქცეოდი ამ საღამოს. გგონია, რომ ნებისმიერი მსახური გოგო ეგრე გაბედავს კაცთან მოქცევას? სადმე გინახავს, ჩემი წრის გოგოები ასე ურცხვად სთავაზობდნენ კაცს თავიანთ თავს? ასე მხოლოდ ცხოველები და ზნედაცემული ქალები იქცევიან!
ფრეკენი
(განადგურებული) მართალია. დამარტყი, გამთელე! უკეთესის ღირსი არა ვარ. საძაგელი ცხოველი ვარ, მაგრამ დამეხმარე! თუ რაიმე გზა არსებობს, დამეხმარე, რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო!
ჟანი
(ნაკლებად მკაცრად) არ უარვყოფ, რომ მქონდა პატივი, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა თქვენს ცდუნებაში; თუმცა, როგორ ფიქრობთ, ჩემი წრის კაცი თქვენთვის თვალის გასწორებას მაინც თუ გაბედავდა, თქვენგანვე რომ არ ეგრძნო გამოწვევა?! ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ...
ფრეკენი
და ამაყი...
ჟანი
რატომაც არა? თუმცა კი ვაღიარებ, გამარჯვება მეტისმეტად იოლად მერგო, საიმისოდ, რომ მისით ტკბობამ დამათროს.
ფრეკენი
კიდევ დამარტყით!
ჟანი
(დგება) არა! ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის, რაც ვთქვი! წაქცეულს არ ვურტყამ და მით უმეტეს, ქალს. თუმცა, ვერ უარვყოფ, რომ ერთი მხრივ მახარებს, როცა ვხვდები, თურმე ქვემოთ მყოფებს რაც ბრწყინვალედ გვეჩვენებოდა, ოქრო სულაც არ ყოფილა; და რომ ქორს ზურგზეც ნაცრისფერი ბუმბული აქვს; რომ მშვენიერ ღაწვებს თურმე ფერუმარილი უსვია; რომ გაპრიალებულ ფრჩხილებქვეშაც შეიძლება ჭუჭყის ზოლი იპოვო, რომ ცხვირსახოცი დასვრილი იყო, თუმცა კი ასდიოდა სუნამოს სუნი!.. მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ ის, რასაც ვესწრაფოდი, უფრო ამაღლებული და ღირსეული არ აღმოჩნდა. ვწუხვარ, როცა ვხედავ, ისე როგორ დაეცით, რომ თქვენი მზარეულიც კი თქვენზე მაღლა დგას. თითქოს შემოდგომის წვიმამ ყვავილები გაანადგურა და ტალახად აქცია.
ფრეკენი
ისე ლაპარაკობთ, თითქოს უკვე რამეთი აღმემატებოდეთ!
ჟანი
ასეცაა! აბა, დააკვირდით: მე შემეძლო გრაფის მეუღლედ მექციეთ, თქვენ კი ვერასოდეს მაქცევდით გრაფად.
ფრეკენი
მე გრაფის შვილი ვარ, რასაც თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ!
ჟანი
მართალია, მაგრამ ჩემი შვილები ხომ მიაღწევენ... თუ...
ფრეკენი
თქვენ ქურდი ხართ; მე კი არა.
ჟანი
ქურდობა სულაც არაა უარესი დანაშაული! ბევრად ცუდიც არსებობს! და სხვათა შორის, თუ ვინმეს სახლში ვმსახურობ, თავს ოჯახის წევრად მივიჩნევ, თითქოს მეც ბავშვი ვარ, რომელსაც ქურდობად არ ეთვლება, თუ გადახუნძლული ბუჩქიდან ცოტა კენკრას მოიპარავს. (ისევ ერევა ვნება) ფრეკენ ჟული, თქვენ შესანიშნავი ქალი ხართ, ჩემნაირი კაცისთვის მეტისმეტად კარგი! სიმთვრალის მსხვერპლი გახდით და ახლა შეცდომის დასაფარად თავს ირწმუნებთ, რომ გიყვარვართ. ეს ტყუილია, თუმცა შესაძლოა, ჩემმა გარეგნობამ მოგხიბლათ. ამ შემთხვევაში თქვენი სიყვარული ჩემსას არაფრით სჯობს. მაგრამ მე არასოდეს დავჯერდები თქვენი შინაური ცხოველის როლს, თქვენი ნამდვილი სიყვარულის მოპოვებას კი ვერასოდეს შევძლებ.
ფრეკენი
დარწმუნებული ხართ?
ჟანი
გინდათ მითხრათ, რომ ეს შესაძლებელია? რა თქმა უნდა, მე შემიძლია შეგიყვაროთ! თქვენ მშვენიერი ხართ, დახვეწილი (უახლოვდება, ხელზე ეხება) განათლებული და მომხიბლავი, როცა ინდომებთ; და თუ ერთხელ მამაკაცის გულში ცეცხლი დაანთეთ, ის არასოდეს ჩაქრება. (წელზე მოხვევს ხელს) მძაფრი, სურნელოვანი სანელებლებით შეზავებულ ღვინოს ჰგავხართ და თქვენი ერთი კოცნა... (ცდილობს, ოთახიდან გაიყვანოს, მაგრამ ქალი ნელა გამოეხსნება) ფრეკენი
თავი დამანებეთ! ჩემს გულს ასე ვერ მოიგებთ!
ჟანი
აბა, როგორ? ასე ვერაო! მოფერებით და ტკბილი სიტყვებით ვერა; სამომავლო გეგმებზე ფიქრით ვერა; დამცირებისგან გადარჩენით - ვერა! აბა, როგორ?
ფრეკენი
როგორ? როგორ? არ ვიცი... საერთოდ არაფერი არ ვიცი! მეზიზღებით, როგორც ვირთხა, მაგრამ თქვენგან გაქცევა არ შემიძლია!
ჟანი
ერთად გავიქცეთ.
ფრეკენი
(გასწორდება) გავიქცეთ? ჰო, უნდა გავიქცეთ. მაგრამ ძალა აღარა მაქვს! ერთი ჭიქა ღვინო დამისხით.
(ჟანი უსხამს ღვინოს, ფრეკენ ჟული საათს გახედავს) ფრეკენი
ოღონდ, ჯერ უნდა დავილაპარაკოთ, ცოტა დრო კიდევ გვაქვს. (ჭიქას გამოცლის და ცარიელს ჟანს გაუწვდის, კიდევ დამისხიო) ჟანი
იმდენს ნუ დალევთ, რომ დათვრეთ.
ფრეკენი
მერე რა?
ჟანი
როგორ თუ რა? სიმთვრალე პლებეურია! აბა, რა უნდა გეთქვათ ჩემთვის?
ფრეკენი
ჩვენ აუცილებლად გავიქცევით. ოღონდ, ჯერ უნდა დავილაპარაკოთ, ანუ მე უნდა ვილაპარაკო, იმიტომ, რომ აქამდე მხოლოდ თქვენ ლაპარაკობდით, თქვენს ცხოვრებაზე მიამბობდით, ახლა მე მინდა, ჩემსაზე მოგიყვეთ, რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, სანამ ერთად გავემგზავრებით.
ჟანი
ერთი წამით! მაპატიეთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ არ ინანებთ, თქვენი ცხოვრების საიდუმლოებებს როცა გამანდობთ?
ფრეკენი
განა თქვენ ჩემი მეგობარი არა ხართ?
ჟანი
ჰო, შეიძლება ითქვას... მაგრამ მაინც ნუ მენდობით.
ფრეკენი
ტყუილად ლაპარაკობთ. თანაც, ჩემი საიდუმლოებები ისედაც ყველამ იცის. იცით, დედაჩემი უბრალო წარმოშობისა იყო. თავისი დროის შესაბამისად, თანასწორობის იდეით გაზარდეს, ასწავლიდნენ, რომ ქალი თავისუფალია და ა.შ. ამიტომაც ქორწინებისადმი თავიდანვე ზიზღით იყო განწყობილი. ამიტომაც, როცა მამაჩემმა მისი ხელი ითხოვა, დედამ უპასუხა, თქვენი ცოლი არასოდეს გავხდები, მაგრამ თუ გინდა, ჩემი საყვარელი იყავიო. მამამ უთხრა, არ მინდა ჩემს საყვარელ ქალს ჩემზე ნაკლები პატივით ეპყრობოდნენო. მაგრამ ვნებით მოცულმა მამაჩემმა დაიჯერა, რომ დედას მართლა არ ადარდებდა, რას იტყოდნენ სხვები და ბოლოს მის პირობებს დათანხმდა. თუმცა, ამის გამო თავისმა წრემ მოიკვეთა და იძულებული გახდა, სახლში ჩაკეტილიყო, რითიც ვეღარ კმაყოფილდებოდა. ამასობაში მე გამაჩინეს - როგორც ვხვდები, დედაჩემის სურვილის საწინააღმდეგოდ. დედაჩემმა ჩემი ბუნების შვილად აღზრდა გადაწყვიტა, უფრო მეტიც, ყველაფერს მასწავლიდნენ, რასაც ბიჭები სწავლობდნენ, მე უნდა ვყოფილიყავი მაგალითი იმის დასამტკიცებლად, რომ ქალი ისეთივეა, როგორიც მამაკაცი. ბიჭის ტანსაცმელს ვიცვამდი, ცხენების მოვლა ვისწავლე, აი, ბოსელში კი არ მიშვებდნენ... ვწმენდდი და ვვარცხნიდი ცხენებს, სანადიროდაც დავდიოდი და უფრო მეტიც - მიწის დამუშავებასა და ცხოველების დაკვლასაც მასწავლიდნენ. რა საშინელება იყო! ჩვენს მამულში კაცები ქალების საქმეს აკეთებდნენ და ქალები - კაცებისას, რის გამოც ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა და ყველამ სასაცილოდ აგვიგდო. საბოლოოდ მამაჩემი თითქოს გამოფხიზლდა მოჯადოებული მდგომარეობიდან, აჯანყება მოაწყო და ახლა ყველაფერი მისი ნება-სურვილის მიხედვით კეთდებოდა. დედაჩემი დაავადდა - არ ვიცი, რა სჭირდა, - ხშირად ჰქონდა შეტევები, სხვენში ან ბაღში იმალებოდა, ზოგჯერ სულაც მთელ ღამეს გარეთ ატარებდა. მერე ის დიდი ხანძარი გაჩნდა, რომელის შესახებაც ალბათ გსმენიათ. ჩვენი სახლი, ყველა თავლა და ბეღელი დაიწვა ძალიან უცნაურ გარემოებაში და ეჭვი გაჩნდა, რომ ვიღაცამ ხანძარი განზრახ გააჩინა, რადგან უბედური შემთხვევა სწორედ კვარტალური დაზღვევის ვადის გასვლიდან მეორე დღეს მოხდა, თანაც მამაჩემის მიერ გაგზავნილი გადასახადი, შიკრიკის უპასუხისმგებლობის გამო, დაგვიანებული აღმოჩნდა და დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ ჩააღწია. (ღვინოს ისხამს და სვამს) ჟანი
მეტს ნუღარ დალევთ.
ფრეკენი
დიდი ამბავი! სრულიად უფულოდ დავრჩით, ეტლებში გვეძინა. მამაჩემმა აღარ იცოდა, საიდან ეშოვა სახლის ასაშენებელი ფული, რადგან ძველ მეგობრებთან კავშირი უკვე აღარ ჰქონდა. მაშინ დედამ ურჩია, მისი ახალგაზრდობის მეგობრის, აგურის ქარხნის მფლობელისგან ესესხა, რომელიც იქვე, მეზობლად ცხოვრობდა. მამამ ფული ისესხა, მაგრამ იმ კაცს პროცენტი არ მოუთხოვია, რაც მამას ძალიან გაუკვირდა. ასე რომ, ჩვენი კარ-მიდამო ხელახლა ააშენეს! (კიდევ სვამს) იცით, ვინ დაწვა სახლი?
ჟანი
დედათქვენმა.
ფრეკენი
იცით, ის ქარხნის მფლობელი ვინ იყო?
ჟანი
დედათქვენის საყვარელი?
ფრეკენი
იცით, ვისი იყო ფული?
ჟანი
ცოტა ჩუმად... არა, ეგ არ ვიცი.
ფრეკენი
დედაჩემის!
ჟანი
ანუ, წესით ეგ ფული გრაფსაც ეკუთვნოდა, თუ საქორწინო კონტრაქტი გააფორმეს?
ფრეკენი
არა, კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. დედაჩემს ცოტა ქონება ჰქონდა და არ უნდოდა, მამაჩემისთვის მიეცა მისი განკარგვის უფლება, ამიტომ მიაბარა ეს ფული... მეგობარს.
ჟანი
რომელმაც ფული დაატრიალა!

გაგრძელება → 

ნახვა: 488

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters