როდესაც მისმა ბრწყინვალებამ, პრინცმა ჟანგიმ ორმოცდაათ წელს მიაღწია, მიხვდა, რომ სიკვდილის დღე მოუახლოვდა. ეს ის პრინცი იყო, რომელმაც ერთ დროს აზია განაცვიფრა. ჟანგის თავისი მეორე ცოლი, პრინცესა ვიოლეტა მურაზაკი, მრავალგზის ღალატის მიუხედავად, მაინც უყვარდა. პრინცესა ადრე გარდაიცვალა, მან თავისი ცვალებადი და რთული ცხოვრების გზა ღირსეულად განვლო. ჟანგი სწუხდა, რადგან არ შეეძლო, ზუსტად აღედგინა მეხსიერებაში მისი ღიმილი ან მიმიკა ატირებამდე, რომელიც პრინცს ყოველთვის ძალიან აღელვებდა. მესამე მეუღლემ, დასავლეთის სასახლის პრინცესამ, მას ახალგაზრდა ნათესავთან უღალატა.        ახალგაზრდობაში თვითონ პრინცმაც წაართვა მამამისს ნორჩი მეუღლე. იგივე პიესა მსოფლიო თეატრში მეორდებოდა, მაგრამ ჟანგიმ იცოდა, რომ ამჯერად მისთვის მხოლოდ მოხუცის როლი თუ იქნებოდა შემონახული, ამ როლის შესრულებას კი მას აჩრდილის როლი ერჩივნა. ამიტომაც პრინცმა თავისი ქონება დაარიგა, მსახურებს პენსია დაუნიშნა და მოემზადა, რომ თავისი დღეები იმ სავანეში დაესრულებინა, რომელიც მთის კალთაზე ააშენებინა. მან უკანასკნელად გადაჭრა ქალაქი. თან მოჰყვებოდა მხოლოდ ორი თუ სამი ერთგული მსახური, რომლებსაც არ სურდათ, მის გამო საკუთარ ახალგაზრდობას გამომშვიდობებოდნენ.                                        მიუხედავად იმისა, რომ ადრიანი დილა იყო, ქალები დარაბებიდან იცქირებოდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ ლამაზი იყო. ჟანგი კი ისევ და ისევ უმტკიცებდა საკუთარ თავს, რომ მისი წასვლის დრო უკვე დამდგარიყო. სამი დღე დასჭირდათ სავანემდე მისაღწევად, რომელიც გაველურებულ მინდორზე მდებარეობდა. ასწლოვანი ნეკერჩხლის ძირას პატარა სახლი იდგა. შემოდგომა იყო და ამ ლამაზი ხის ფოთლები სახლის ჩალის სახურავს ოქროს კილიტებივით ფარავდნენ. ასეთ სიმარტოვეში ცხოვრება ადვილიც იყო და ძნელიც. ადვილი იყო, რადგან ჟანგის სიმარტოვე საზღვარგარეთ ხანგრძლივი გადასახლების დროსაც არ უგრძვნია. ამ დახვეწილმა კაცმა ბოლოს და ბოლოს შეძლო, განეცადა დიდებული აღმოჩენა, რომ ყველაფერი წარმავალია. მალე სიცივეები დაიჭირა. მთის კალთები თოვლით დაიფარა, როგორც ბამბის ტანსაცმლის ფართე ნაკეცები. ნისლმა მზეც დაფარა. განთიადიდან დაბინდებამდე მაყალის სუსტ შუქზე ჟანგი საღვთო წერილს კითხულობდა და მის მკაცრ ტაეპებში იმ სიბრძნეს პოულობდა, რომელიც სიყვარულზე მის ყველაზე პათეტიკურ ლექსებშიც არ მოიძებნებოდა. მალე შეამჩნია, რომ მხედველობა უქვეითდებოდა, ცრემლები თვალებს სწვავდა და მიხვდა, რომ მისთვის წყვდიადი სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე დაიწყებოდა. დრო და დრო დაღლილობისა და სიცივისაგან გათოშილი კურიერი მოდიოდა დედაქალაქიდან, კოჭლობით შედიოდა ქოხში და პრინცს მოკრძალებით აძლევდა წერილებს ნათესავებისა და მეგობრებისაგან, რომლებსაც სურდათ, კიდევ ერთხელ სტუმრებოდნენ, სანამ ჟანგი უსასრულო და ბუნდოვან ცხოვრებაში გადასახლდებოდა. მაგრამ ჟანგის არ სურდა სტუმრებს მხოლოდ სიბრალული და პატივისცემა ჰქონოდათ მის მიმართ. ეს ის ორი გრძნობა იყო, რომელსაც უფრთხოდა და რომლის დავიწყებაც სურდა. პოეტური ტალანტითა და ხელწერით ოდესღაც ცნობილი ეს პრინცი თავს საცოდავად აქნევდა და კურიერს ცარიელი ფურცლით ისტუმრებდა. დედაქალაქთან ურთიერთობა ნელ-ნელა შეწყდა. პრინცისგან შორს კვლავ ტარდებოდა სეზონური დღესასწაულები, რომელთაც ერთ დროს იგი მარაოს ერთი დაქნევით ხელმძღვანელობდა. მარტოობაში დარჩენილ ჟანგის სულ უფრო ემატებოდა თვალების ტკივილი და უკვე ტირილისაც აღარ რცხვენოდა. ჟანგის ძველ საყვარელთაგან ორმა თუ სამმა შესთავაზა, ერთად გაეტარებინათ დარჩენილი ცხოვრება. ყველაზე ნაზი წერილები ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონისაგან მოსდიოდა. ეს გახლდათ საშუალო ფენის, არც თუ ისე ლამაზი ქალი. იგი პატიოსან ქალბატონად იყო წარდგენილი ჟანგის მეუღლეებთან. 18 წლის განმავლობაში მას ისე უყვარდა პრინცი, რომ არასოდეს შეუწუხებია თავისი გრძნობების დემონსტრირებით. იგი მას საღამოობით ესტუმრებოდა ხოლმე, მაგრამ ეს შეხვედრები ისეთი იშვიათი იყო, როგორც წვიმიან ღამეს ვარსკვლავები, რომლებიც სრულიად საკმარისნი იყვნენ ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონის ცხოვრების გასანათებლად. ქალი არ აცხადებდა პრეტენზიას არც სილამაზეზე, არც გონებამახვილობაზე და არც კეთილშობილ წარმომავლობაზე. ჟანგის ამდენ საყვარელს შორის მხოლოდ იგი ინახავდა სიყვარულის ნაზ მოგონებას. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, კაცს ძალიან უყვარდა იგი. ქალის წერილები პრინცისადმი ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა, ამიტომ ქალმა დაიქირავა პატარა ეკიპაჟი და მარტოსული პრინცის ქოხისაკენ გაემგზავრა. მან ფრთხილად გამოაღო ვაზის ტოტებისგან გაკეთებული კარი, მოკრძალებით გაუღიმა და მოსვლისთვის მოუბოდიშა. ეს ის დრო იყო, როცა ჟანგი ჯერ კიდევ ცნობდა სტუმართა სახეებს, თუ ისინი მას ძალიან მიუახლოვდებოდნენ. პრინცი საშინლად გაბრაზდა ამ ქალზე, რადგან იგი გარდასულ დღეთა მტკივნეულ მოგონებებს უღვიძებდა. ქალის ტანსაცმლის სახელოებს ჯერ კიდევ იმ ნელსაცხებლის სურნელი შერჩენოდა, რომელსაც ჟანგის გარდაცვლილი ცოლები ხმარობდნენ. ქალმა მას მორიდებით შესთხოვა, მოსამსახურედ მაინც დაეტოვებინა. შეუბრალებელმა პრინცმა კი გააგდო. მაგრამ პრინცის მოხუც მეგობართაგან რამდენიმე კაცმა ქალი დაარწმუნა, რომ პრინცთან მაინც დარჩენილიყო. ზოგჯერ სწორედ ისინი ატყობინებდნენ მას ახალ ამბებს. პირველად თავის ცხოვრებაში ქალი შორიდან ადევნებდა თვალყურს ჟანგის დაბრმავებას და ამას ისე ელოდა, როგორც მოუთმენელი ქალი საყვარელთან შეხვედრის ღამეს. როცა ქალმა პრინცის სრული დაბრმავება შეიტყო, ქალაქური ტანსაცმელი გაიხადა, ჩაიცვა ახალგაზრდა გლეხის ქალებისთვის განკუთვნილი მოკლე და უხეში კაბა, სოფლის გოგონების მსგავსად დაიწნა თმა და ხელში აიღო ნაჭრებით და თიხის ჭურჭლით სავსე კალათა, რომლითაც სოფლის ბაზრობაზე დადიან ხოლმე. ამგვარად ჩაცმული გაეშურა იქით, სადაც საკუთარი ნებით გადასახლებული პრინცი შვლებთან და ფარშევანგებთან ერთად ცხოვრობდა. მან რამდენჯერმე გაიარა ერთი და იგივე გზა, რომ ტალახსა და დაღლილობას ხელი შეეწყო, კარგად გაეთამაშებინა როლი. გაზაფხულის ნაზი წვიმა რბილ მიწაზე ეცემოდა. ეს ის დრო იყო, როცა ჟანგი ბერის მკაცრ კაბაში გახვეული, ნელა სეირნობდა ბილიკზე, რომელიც მისმა მოხუცმა მსახურებმა დიდი მონდომებით გაწმინდეს უმცირესი კენჭისგანაც კი, რათა პრინცისთვის დაბრკოლების საფრთხე არ შექმნილიყო. მისი მშვიდი, სიბრმავისა და ასაკისაგან გაფერმკრთალებული სახე ტყვიისფერ სარკეს ჰგავდა, რომელშიც ოდესღაც მისი სილამაზე ირეკლებოდა. ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონს არ დასჭირდა თავი მოეჩვენებინა, თითქოს ტიროდა. ქალაქელი ქალის ტირილის ხმამ ჟანგი შეაძრწუნა და ნელ-ნელა მისკენ გაემართა.

     - ვინ ხარ, ქალო? - ჰკითხა შეწუხებულმა.

     - მე უკიფუნა ვარ, სო-ჰეის ფერმერის ქალიშვილი, - თქვა ქალბატონმა, თან არ ავიწყდებოდა, რომ სოფლური აქცენტით ელაპარაკა, - ქალაქში წავედი დედაჩემთან ერთად, რომ ქსოვილები და ქვაბები მეყიდა, რადგან ახალ მთვარეზე მათხოვებენ. მე კი მთის ბილიკებში დავიკარგე. რა ვქნა, არ ვიცი, გარეული ღორების, დემონების, მამაკაცთა გულისთქმის და გარდაცვლილთა ლანდების ძალიან მეშინია.

     - წამოდი ჩემს ქოხში, - გამამხნევებელი ხმით უთხრა პრინცმა, - ცეცხლთან გათბები, თუმცა, ბუხარში ნაცარი მეტია, ვიდრე ნაკვერჩხალი. ქალი უკან გაჰყვა, ცდილობდა, გლეხი ქალის სულელური ნაბიჯით ევლო. ორივემ თითქმის ჩამქრალი ცეცხლის წინ ჩაიმუხლა. ჟანგი ხელებს ცეცხლისაკენ იწვდიდა, ქალბატონი კი სოფლის გოგონასათვის მეტისმეტად ნაზ ხელებს მალავდა.

     - მე ბრმა ვარ, - ამოიოხრა ჟანგიმ წუთის შემდეგ, - შენ შეგიძლია, სველი ტანსაცმელი გაიხადო და შიშველი გათბე ცეცხლთან. ქალმა მორჩილად გაიძრო გლეხის კაბა. ცეცხლმა მისი სხეული, რომელიც თითქოს ცვილისგან იყო გაკეთებული, შეავარდისფრა. უცებ ჟანგიმ ჩაიჩურჩულა:

     - მოგატყუე, მე ჯერ კიდევ არ ვარ სრულიად ბრმა. მე შენ დაგინახე ნისლში, შენ, რომელიც შენივე სილამაზის შარავანდედი ხარ. ნება მომეცი, ხელი დაგადო მკლავზე, რომელიც ჯერ კიდევ თრთის. ამგვარად, ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი ისევ პრინც ჟანგის საყვარელი გახდა. ქალს არ დავიწყებია, მიებაძა ახალგაზრდა გოგონას ცრემლებისა და მორცხვობისათვის პირველი სიყვარულის დროს. მისი სხეული განსაცვიფრებლად ნორჩი დარჩენილიყო. პრინცის მხედველობა ძალიან სუსტი იყო იმისათვის, რომ მისი რამდენიმე ღერი ჭაღარა გაერჩია. როდესაც მათი ალერსი დასრულდა, ქალმა პრინცის წინ ჩაიმუხლა და უთხრა:

     - მოგატყუე, პრინც! მე მართლა უკიფუნა ვარ, სო-ჰეის ფერმერის ქალიშვილი, მაგრამ მე არ დავკარგულვარ მთაში, პრინც ჟანგის დიდებამ სოფლამდეც მოაღწია და მე ჩემი ნებით მოვედი, რომ შენს მკლავებში სიყვარული განვიცადო. ჟანგი ბარბაცით წამოდგა, ისე, როგორც ფიჭვი ქანაობს ზამთრის ქარის დაბერვისას და სისინა ხმით წამოიყვირა:

     - წყეულიმც იყავ! ეს-ეს არის, გამიღვიძე ჩემი ყველაზე დიდი მტრის შესახებ მოგონება, იმ კეთილი პრინცისა, რომლის სახე მე ყოველ ღამე მაფხიზლებს. წადი აქედან...

     და ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი გაშორდა მას. იგი მწარედ ნაღვლობდა ჩადენილ შეცდომაზე. მომდევნო კვირების განმავლობაში ჟანგი მარტო იყო. იტანჯებოდა. სასოწარკვეთილი ამჩნევდა, რომ ჯერ კიდევ ჩაბმული იყო ამქვეყნიურ მაცდუნებელ ორომტრიალში და არ იყო მზად სხვაგვარი ცხოვრების სიღარიბისა და სიახლეებისათვის. ფერმერის ქალიშვილის ვიზიტმა მასში ვიწრომაჯებიანი, კონუსისებურ გრძელმხრებიანი, პათეტიკური და მორჩილღიმილიანი ქალებისადმი მისწრაფება გააღვიძა. მას შემდეგ, რაც პრინცი დაბრმავდა, მისთვის მხოლოდ შეხების გრძნობა წარმოადგენდა ერთადერთ საშუალებას ამქვეყნიურ სილამაზესთან კონტაქტისათვის. ბუნებამ კი, სადაც თავის შესაფარებლად მოვიდა, ვერ დაამშვიდა იგი, რადგან ნაკადულის ხმაური უფრო მონოტონურია, ვიდრე ქალის ხმა; რადგანაც გორაკთა ბილიკები თუ ღრუბლები იმათთვისაა შექმნილი, რომლებსაც მათი ხილვით ტკბობა შეუძლიათ. ორი თვის შემდეგ ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონმა ისევ სცადა ბედი... ამჯერად პროვინციულად ჩაიცვა, დიდი მზრუნველობით იპკურა სუნამო, მაგრამ არ ავიწყდებოდა, რომ ტანსაცმელი ნაკლებ ელეგანტური უნდა ყოფილიყო. მის მოკრძალებულ, მაგრამ ბანალურ სურნელს პრინცისთვის ახალგაზრდა გოგონას უგემოვნება უნდა შთაეგონებინა. პრინცს უნდა ეგრძნო, თითქოს იგი გამოსული იყო პროვინციის პატივსაცემი ფენიდან და არასდროს ენახა სამეფო კარი. ამ შემთხვევისთვის ქალმა მებარგულეები და დიდი ტახტრევანი დაიქირავა, ისეთი, სრულყოფილებამდე ბევრი რამ რომ აკლდა. ყველაფერი გაითვალისწინა, რათა ჟანგის ქოხთან შუაღამეს მისულიყო. მთებში ქალის მოსვლას ზაფხულის მოსვლამ დაასწრო. ჟანგი ნეკერჩხლის ძირას იჯდა და ჭრიჭინას სიმღერას უსმენდა. ქალი პრინცს მიუახლოვდა, მარაოს უკან ძნელად არჩევდა მის სახეს. ბოლოს კი გაურკვევლად ჩაიჩურჩულა:

     - მე ვარ შუჟო, იამატოს პროვინციის მეშვიდე თაობის თავადის, სუკაზუს ცოლი. სალოცავად მივემგზავრები იზეს ტაძარში, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა მებარგულემ ახლახან ფეხი იღრძო და არ შემიძლია გზა განვაგრძო განთიადამდე. სად არის ქოხი, სადაც შემიძლია თავი შევაფარო ისე, რომ არ მქონდეს ცილისწამების შიში; სადაც შემიძლია დავასვენო ჩემი მსახურები?

     - ახალგაზრდა ქალო, ბრმა მოხუცის სახლში შენ ცილისწამებისგან თავშესაფარი გინდა იპოვო? - უკმეხად უპასუხა პრინცმა, - ჩემი ქოხი ძალიან პატარაა შენი მსახურებისათვის, მაგრამ ისინი ამ ხის ქვეშ მოთავსდებიან, შენ კი ჩემი სავანის ერთადერთ ლეიბს დაგითმობ. პრინცი ხელისცეცებით წამოდგა გზის საჩვენებლად. მხოლოდ ერთხელ გაიხედა ქალისკენ. ქალი დარწმუნდა, რომ ის სრულიად დაბრმავებულიყო. ქალი ხმელი ფოთლების ლეიბზე დაწვა, ჟანგიმ კი თავისი მელანქოლიური ადგილი დაიკავა ქოხის ზღურბლზე. მოწყენილი პრინცი იმაზე ფიქრობდა, ეს ახალგაზრდა ქალი ლამაზი იყო თუ არა. ღამე ცხელი და ნათელი იყო. მთვარე შუქს ჰფენდა ბრმის სახეს. ერთი გრძელი წუთის შემდეგ ქალმა დატოვა ტყის საწოლი და ზღურბლზე ჩამოჯდა. პრინცს ოხვრით უთხრა:

     - ღამე ისეთი ლამაზია, არ მეძინება. ნება მომეცი ვიმღერო ერთი სიმღერა, რომლითაც სავსეა ჩემი გული. და ისე, რომ პასუხს არც დალოდებია, იმღერა რომანსი, რომელიც პრინცს ძალიან უყვარდა, როცა მას ერთ დროს საყვარელი ცოლის - პრინცესა ვიოლეტას ბაგეებიდან ისმენდა. ჟანგი აღელვებული მიუახლოვდა უცნობ ქალს:

     - საიდან მოდიხარ შენ, ახალგაზრდა ქალო? საიდან იცი ის სიმღერები, ჩემს ახალგაზრდობაში რომ უყვარდათ? არფაზე უკრავდნენ ძველ ლირებს, ნება მომეცი შევეხო შენს სიმებს. და თმებზე მიუალერსა. ერთი წუთის შემდეგ ჰკითხა:

     - ნუთუ შენი ქმარი უფრო ლამაზი და ახალგაზრდა არ არის, ვიდრე მე, იამატოს ქვეყნის ქალო?

     - ჩემი ქმარი ნაკლებ ლამაზია და ახალგაზრდულადაც არ გამოიყურება, - უბრალოდ უპასუხა ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონმა. ახალ ტანსაცმელში გადაცმული ქალბატონი ისევ გახდა პრინც ჟანგის საყვარელი, რომელსაც ქალი მანამდეც ეკუთვნოდა. დილას იგი კაცს ცხელი ბულიონის მომზადებაში ეხმარებოდა. ერთხელ ჟანგიმ მას უთხრა:

     - შენ მოხერხებული და ნაზი ხარ, ახალგაზრდა ქალო, და არ მჯერა, რომ თვით პრინც ჟანგისაც, რომელიც სიყვარულში ძალიან ბედნიერი იყო, შენზე სათუთი და ნაზი საყვარელი ჰყოლოდა.

     - მე არაფერი მსმენია პრინც ჟანგიზე, - თქვა ქალმა თავის ქნევით.

     - რაო? - უკმეხად წამოიყვირა ჟანგიმ, - ასე მალე დაივიწყეს?

     და მთელი დღის განმავლობაში პრინცი მოღუშული იყო. ქალი მიხვდა, რომ მეორედ შეცდა, მაგრამ ჟანგი მის გაგდებაზე ამჯერად არაფერს ამბობდა. პრინცი ბედნიერი ჩანდა, ბალახებში აბრეშუმის კაბის შრიალი რომ ესმოდა.

***

     შემოდგომა დადგა. მრავალფერადოვანი მთის ხეები მეწამულსა და ოქროსფერში შეიმოსნენ, რაც პირველივე სიცივეებში მათ სიკვდილს მოასწავებდა. ქალი ჟანგის ბუნების მონაცრისფრო-ყავისფერ, იასამნისფერ-ყავისფერ ფერებს აღუწერდა. იგი განუწყვეტლივ აღაფრთოვანებდა ჟანგის ყვავილებისგან მოხერხებული სამაჯურების კეთებით; მარტივად დამზადებული გემრიელი კერძებით. ახალ ლექსებს ამაღელვებელ და სევდიან ძველ სიმღერებთან ახამებდა და... ქალმა იმ მეხუთე საყვარლის მომხიბვლელობანი ისევ გამოავლინა, იმ საყვარლისა, რომელსაც ჟანგი ოდესღაც სტუმრობდა პავილიონში, სადაც ქალი სხვადასხვა საყვარლით ერთობოდა და სადაც პრინცს არაფერი შეუმჩნევია. შემოდგომის ბოლოს სიცხეები ჭაობებიდან მაღლა ამოვიდა. მწერები ინფიცირებულ ჰაერში ირეოდნენ და ყოველი ამოსუნთქვა მოწამლული წყაროს წყლის ერთ ყლუპს ემსგავსებოდა. ჟანგი ავად გახდა და თავისი გამხმარი ფოთლების საწოლში იმ შეგნებით ჩაწვა, რომ აღარ ადგებოდა. რცხვენოდა ქალის წინაშე თავისი სისუსტის გამოვლინება და იმ დამამცირებელი ზრუნვის მიღება, რასაც მას საყვარელი ქალი სთავაზობდა. ერთ დილას, როცა ქალი ფეხებს უზელდა, ჟანგი იდაყვზე წამოიმართა და ხელის ცეცებით ქალის ხელების ძებნა დაიწყო. ჟანგიმ ჩაიჩურჩულა:

     - ახალგაზრდავ, შენ ზრუნავ მასზე, ვინც მალე მოკვდება, მე შენ მოგატყუე, მე პრინცი ჟანგი ვარ.

     - როცა მე შენთან მოვედი, ერთი პროვინციელი უვიცი ვიყავი, - უთხრა ქალმა, - და მე არ ვიცოდი, ვინ იყო პრინცი ჟანგი. ახლა კი ვიცი, რომ ის იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე სასურველი მამაკაცთაგან, მაგრამ რომ შემიყვარდე, შენ არ გჭირდება პრინც ჟანგად ქცევა. ჟანგიმ ქალს ღიმილით გადაუხადა მადლობა. თვალები დახუჭა. მისი სახის მნახველი იფიქრებდა, რომ ჟანგი ტუჩებით იმზირებაო.

     - მე ვკვდები, - ძლივს წაიჩურჩულა მან, - მაგრამ არ ვწუხვარ ჩემს ბედზე, რომელიც გავიზიარე ყვავილებთან, მწერებთან, მნათობებთან ერთად იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი სიზმარივით წარმავალია, თუმცა ზოგს მისი გახანგრძლივება სურს. მაღონებს ის, რომ ყველა წარმავალი არსება თავისთავად განუმეორებელია. ოდესღაც, ჩემი ცხოვრების რომელიღაც წამს მქონდა რწმენა, რომ ზეშთაგონება ისევ მეწვეოდა. ახლა ვგრძნობ, რომ ზეშთაგონების დრო ჩემთვის აღარ განმეორდება. ახლა მე ვკვდები, როგორც შერცხვენილი და როგორც პრივილეგირებული, რომელიც მარტო ესწრება ერთხელ გამართულ დიდებულ ზეიმს. ძვირფასო მიზნებო, თქვენ მოწმედ მხოლოდ ბრმა გყავთ, რომელიც კვდება. ქალები მუდამ ისეთივე მომღიმარები იქნებიან, როგორებიც მე მიყვარდა, მაგრამ მათი ღიმილი განსხვავებული იქნება, მათი სილამაზის მარცვალი, რომლიც ვნებებს აღმიძრავდა, სხვა გულებს დაამსხვრევენ აუტანელი სიყვარულის ძალით, მაგრამ მათი ცრემლები ჩემი არ იქნება... ყვავილოვანი ნუშის ხის ქვეშ გაოფლიანებული ხელები ერთმანეთთან შეხებას განაგრძობენ. მე ვგავარ ადამიანს, რომელიც წყალდიდობამ წალეკა და რომელსაც სურდა ეპოვა მშრალი მიწის ერთი ნაწილი მაინც, რამდენიმე წერილი და გაყვითლებული მარაო რომ გადაერჩინა.... რა გელის შენ, როცა მე აღარ ვიქნები. შენზე გული ამიჩუყდება, ცისფერო პრინცესავ, ჩემო პირველო ცოლო, შენი სიკვდილის შესახებ მე მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვე... ჩემი ძალიან ლამაზი დედინაცვლისა და ძალიან ახალგაზრდა მეუღლის ვერაგო მოგონებებო... შენ, ნაზო მოგონებავ, ჭრიჭინების ბაღის ქალბატონზე, რომელიც მოკრძალებით გაშიშვლდა თავისი ახალგაზრდა ძმის გვერდით, რათა მე დავმშვიდებულიყავი... ძმის ბავშვური სახე ქალის მორცხვ ღიმილს ირეკლავდა. შენ, ძვირფასო მოგონებავ, გრძელი ღამის ქალბატონზე, რომელიც ისეთი ნაზი იყო, რომ დათანხმდა, თუნდაც მესამე ყოფილიყო ჩემს სახლსა და გულში. შენ, საბრალო პატარა მოგონებავ მწყემსის, სო-ჰეის ფერმერის გოგონაზე, რომელსაც ჩემში მხოლოდ ჩემი წარსული უყვარდა... შენ, ტკბილო მოგონებავ პატარა შუჟოზე, რომელიც ახლა ფეხებს მიზელ... შუჟო, რომელთან შეხვედრასაც დიდი ხნით ადრე ვისურვებდი, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ხილი მომავალი შემოდგომისთვისაც უნდა გადაინახო... სევდისაგან გაფითრებულ ჟანგის თავი უხეშ ბალიშზე დაუვარდა. ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი დაიხარა და მთლად აკანკალებულმა წასჩურჩულა:

     - ნუთუ შენს სასახლეში არ იყო სხვა ქალი, რომლის სახელიც არ გითქვამს? ნუთუ არ იყო ის ისეთი ნაზი, რომ მოგეგონებინა? რა ერქვა მას... ნუთუ არ გახსოვს?.. არ ერქვა მას ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი?.. მაგრამ პრინც ჟანგის ნაკვთებს უკვე დაუფლებოდა სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ გარდაცვლილთათვის არის განკუთვნილი. ხანგრძლივი ტკივილის დასასრულმა მისი სახიდან მოყირჭებულისა და სიმწარის ნაკვალევი წაშალა. თითქოს მიცვალებულს შთაგონებული ჰქონდა, რომ ისევ 18 წლის იყო. ფოთოლცვენია ქალაქის ქალბატონი, თავშეკავებული ხასიათის მიუხედავად, მიწაზე ღრიალით დაეცა. მარილიანმა ცრემლებმა ლოყები დაუღარა ისე, როგორც ჭექა-ქუხილი აოხრებს და ანადგურებს ყველაფერს და თმა, რომელსაც მუჭებით იგლეჯდა, მიჰქროდა როგორც აბრეშუმის ნაძენძი. ის ერთადერთი სახელი, რომელიც ჟანგის დაავიწყდა, სწორედ მისი იყო.

ტეგები: Qwelly, იურსენარი, ლიტერატურა, მარგარიტი, პრინცი, ჟანგი, რომანი, სიყვარული, ფრანგული, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 459

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters