ექვსი სურათი მოთხრობის ნაცვლად

I - მდინარე და საათი

      იგი შესანიშნავი ხოძია(ხოძია – იმხანად ჩინელის მეტსახელი რუსეთში), ციური იმპერიის ნამდვილი ზაფრანისფერი წარმომადგენელი, ასე 25 წლისა, ანდა, შესაძლოა ორმოცისა? ეშმაკმა უწყის! მგონი, 23 წლისა გახლდათ.

      არავინ იცის, იდუმალებით მოცულმა ხოძიამ რამდენიმე ათასი ვერსი ხმელი ფოთოლივით რატომ გადმოიფრინა და მდინარის სანაპიროზე აღმართული ქონგურებიანი დაღრღნილი კედლის ძირას აღმოჩნდა. ხოძიას მაშინ გაბურძგნილი ყურებიანი ქუდი ეხურა, ნაკერებზე გარღვეული მოკლე ქურქი და უკანალზე გამოფხრეწილი დალიანდაგებული შარვალი ეცვა, ხოლო ფეხებზე საუცხოო, ყვითელი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ემოსა. ეტყობოდა, რომ ოდნავ მოღუნული, მაგრამ დაძარღვული ფეხები ჰქონდა. კაპიკი ფული არ გააჩნდა.

      კედელთან ყურებიანი ქუდივით გაბურძგნილი უსიამოვნო ქარი დაქროდა. ერთხელ თვალის შევლებაც კმაროდა იმის მისახვედრად, რომ მდინარე ძალზე ცივი და უცხო იყო. ხოძიას უკან ტრამვაის ცარიელი ხაზი მოჩანდა, ხოლო წინ დასვრეტილი გრანიტი, გრანიტს იქით, ფერდობზე, ძირგახვრეტილი ნავი, ნავს იქით ის დაწყევლილი მდინარე, მდინარის იქით ისევ გრანიტი, გრანიტს იქით კი სახლები, ქვიტკირის სახლები, ეშმაკმა უწყის, რამდენი სახლი. სულელური მდინარე რატომღაც შუა ქალაქში მიედინებოდა.

      გრძელი წითელი მილებისა და მწვანე სახურავების თვალიერებით გული რომ იჯერა, ხოძიამ მზერა ცას მიაპყრო. ცა ყველაფერზე უარესი იყო, რუხზე-რუხი, ჩაჟანგულ-ჩაჟამებული. ძალზე დაბალი კედლის მიღმა ამოზიდული გუმბათების გასწვრივ, რუხ ცაზე მიცურავდა ჩარუმბულ-ჩათქვირული ღრუბლები. ხოძიას ცა გაბურძგნილ ქუდზე მძიმედ ჩამოემხო. ახლა თუ არა, ცოტა ხნის შემდეგ მაინც ამ ციდან ცივი, სველი თოვლი ჩამოცვიოდა და, საერთოდაც, იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ასეთი ცის ქვეშ რაიმე სასიკეთოს მიაკვლევდა, სიმაძღრესა და სიამოვნებას პოვებდა.

      – ოოო, – რაღაც ჩაიბუტბუტა ხოძიამ და რამდენიმე სიტყვა სევდიანად დაუმატა იმ ენაზე, რომელიც არავის გაეგებოდა.

      ხოძიამ თვალები მოჭუტა და უმალვე მის წინაშე ამოტივტივდა ძალზე მცხუნვარე, მრგვალი მზე, ყვითელი, მტვრიანი გზა, გვერდზე ოქროს კედელივით აღმართული გაოლიანის(გაოლიანი – 4 მ სიმაღლის ჩინური ფეტვი) ტევრი, შემდეგ ტოტებგაშლილი მუხა, მიწაზე მოჩუქურთმებულ ჩრდილს რომ ჰფენდა, და ფანზის(ფანზა – ჩინური პატარა სახლი) წინ ალიზის ზღურბლი. ზღურბლთან ვითომ პატარა ხოძია დაყუნცულიყო და ძალიან გემრიელ ლავაშს შეექცეოდა, ხოლო თავისუფალ მარცხენა ხელს ცეცხლივით მხურვალე მიწაზე აფათურებდა. ხოძიას ძალიან სწყუროდა, მაგრამ წამოდგომა ეზარებოდა და ელოდა, მუხის იქიდან დედა როდის გამოჩნდებოდა. დედას მხრეულზე ორი ვედრო ეკიდა და ყინულივით ცივი წყალი მოჰქონდა...

      ხოძიას მკერდი შიგნიდან თითქოს სამართებელმა ჩაუსერა და გადაწყვიტა, რომ კვლავ უზარმაზარ სივრცეთა გადასალახავად გასწევდა. გასწევდა, მაგრამ როგორ? როგორ ესაზრდოვა? როგორმე. კიტაი-სა... შეუშვი, ვა-გო-ნო.

      უზარმაზარი ქონგურებიანი კედლის კუთხიდან ზარების მუსიკა მოისმოდა. ზარები ბუნდოვნად წკრიალებდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ, მაგრამ მაინც ცხადყოფდნენ, რომ ცდილობდნენ, რაღაც მელოდია ხმაშეწყობილად და ძლევამოსილად ეგალობათ. ხოძია იქით გაემართა, კუთხეს გასცდა, შორს, მაღლა აიხედა და ნახა, რომ მუსიკას რუხი წოპწოპა კოშკის ოქროსისრებიანი, მრგვალი, შავი საათი გამოსცემდა. საათი რეკვა-გალობას მორჩა და დადუმდა. ხოძიამ ღრმად ამოიოხრა, პირდაპირ კოშკში ტრახტრახით შესულ გაქერცლილ მოტოციკლეტს თვალი გააყოლა, ქუდი შუბლზე ჩამოიფხატა და გაურკვეველი მიმართულებით გაემართა.

II - შავი კვამლი, ბროლის დარბაზი

      საღამოთი ხოძია ქალაქის განაპირას აღმოჩნდა. შორს დარჩა მგალობელი საათი და რუხი სათოფურები. ჭუჭყიანი გარეუბნის მეორე გასასვლელ ეზოში, რომლის მიღმაც დამყაყებული რუხი თოვლის ზოლებითა და წითელი აგურის ნამსხვრევებით დაფარული უშენი ადგილი იწყებოდა, ორსართულიანი სახლი იდგა. მყრალი დერეფნის ბოლოს, პატარა ოთახში, კარზე დაფხრეწილი მუშამბა რომ ჰქონდა აკრული, მომცრო ღუმელი იდგა. ღუმელში შეშა იწვოდა და მოწითალო ალი ავად ბრიალებდა. ღუმლის ცეცხლოვანი, მრავალნასვრეტებიანი კარის წინ ძალზე ხნიერი ჩინელი ჩაყუნცულიყო. ასე ორმოცდათხუთმეტი, ანდა იქნებ ოთხმოცი წლისა იქნებოდა. სახის კანი ქერქად ჰქცეოდა, ღუმლის კარს როცა გამოაღებდა, თვალები დემონივით ავად უელავდა, ხოლო როცა მიხურავდა, ჩაუღრმავდებოდა და ცივად, სევდიანად იმზირებოდა. ხოძია დიდრონი, სხარტი ბაღლინჯოებით გაძეძგილ, ჩაღუნულ დასაკეც საწოლზე დაფენილ, ნაკუწებისგან შეკერილ, გაზინთულ საბანზე იჯდა, შეჭვარტლულ ჭერზე მოფარფატე და მოთამაშე შავ და წითელ ჩრდილებს დაფეთებული და გაფაციცებული უცქეროდა, მხრებს მალიმალ ისე არხევდა, თითქოს აჟრჟოლებსო, ხელს საყელოში შეიყოფდა, გააფთრებით იფხანდა და ბებერი ჩინელის მონაყოლს უსმენდა.

      ბერიკაცი ლოყებს აბურცავდა, ღუმელს უბერავდა და თვალებს მუშტებით ისრესდა, როცა მწარე კვამლი აუწვავდა. ამ დროს თხრობას წყვეტდა. მერე ღუმლის კარს მიხურავდა, ჩრდილში ჩაიკარგებოდა და ხოძიას გარდა ყველასთვის გაუგებარ ენაზე ალაპარაკდებოდა.

      ბებერი ჩინელი მოკლე-მოკლედ ძალზე გულგასატეხ რაღაცას ამბობდა, რაც შემდეგს ნიშნავდა: პური არ არის. სრულებით არ არის. მეც მშიერი ვარ. ვაჭრობა არ არის. ცოტა კოკაინი მაქვს, ოპიუმი არ არისო. ბოლო სიტყვები ეშმაკმა ჩინელმა განსაკუთრებით გამოკვეთილად წარმოთქვა. ოპიუმი არ არის, ვაი, ვაი, არ არისო. ბებრული ჩინური თვალები ამ დროს ირიბ ჭრილებში მთლიანად იმალებოდა და ღუმლის შუქი თვალთა იდუმალ სიღრმეში ვერ აღწევდა.

      – მაშ რა არის? – ჰკითხა სასოწარკვეთილმა ხოძიამ და მხრები აუცახცახდა.

      – რა არის? რაღაც არის, მაგრამ ყველაფერი ისეთია, ჯობდა, არ ყოფილიყო. ჩეკისტებისგან დევნა არის. კოკაინის პაკეტს მართმევდა და დანა დამარტყა მკვლელმა, ნასტკას არამზადამ.

      ბერიკაცმა თხელ კედელს თითი ატაკა. ხოძიამ ყური მიუგდო და ქალის ჩახრინწული სიცილი და სიცილ-ხიხინი შემოესმა.

      – არაყი არის, – თქვა ბერიკაცმა, მერე გაქონილი კოფთის სახელო გამოსწია და ძარღვებით ჩახლართულ-ჩაკვანძულ წინამხარზე ახალი, ირიბი სამგოჯიანი ნაიარევი გამოაჩინა. კარგად ეტყობოდა, რომ ეს ბასრი ფინური დანის ნაკვალევი იყო. ბერიკაცმა მეწამულ ნაიარევს დახედა, თვალები მიენისლა, ხმელი კისერი ჩაუმუქდა, კედლისკენ პირი მიაქცია და ჩაიჩურჩულა:

      – ბანდიტი არის!

      მერე დაიხარა, ღუმლის კარი გამოაღო, ცეცხლოვან ხახაში ორი ნაფოტი შეტენა, ლოყები გაბერა და ჩინურ ავსულს დაემგვანა.

      თხუთმეტი წუთის შემდეგ შეშა თანაბრად და მძლავრად გუგუნებდა, შავი მილი თანდათან წითლდებოდა. ოთახში სიმხურვალე დატრიალდა, ხოძიამ ქურქი გაიძრო, საწოლიდან ჩაჩოჩდა და იატაკზე ფეხმორთხმული დაჯდა, სითბოში გულმომბალი ბებერი ჩინელი ფეხებმოკეცილი იჯდა და რაღაც აბდაუბდას ჩმახავდა. ხოძია ყვითელ ქუთუთოებს ახამხამებდა, დასიცხული ფშუტუნებდა და ბერიკაცს შეცბუნებული სევდიანად ხანდახან თუ შეეკითხებოდა რამეს. ბერიკაცი კი ბურტყუნებდა: მე ბებერი ვარ და აღარაფერი მადარდებს. ლენინი არის, ყველაზე მთავარია და ძალიან არის, ბურჟუები არ არის, ოჰ, არ არის! სამაგიეროდ, წითელი არმია არის. ბევრი არის. მუსიკა? არის, არის. მუსიკა იმიტომ არის, რომ ლენინი საათიან კოშკში ზის. კოშკის იქით? კოშკის იქით წითელი არმია არის.

      – შინ დაბრუნება? არა, არა! საშვი არ არის, კარგი ჩინელი წყნარად ზის.

      – მე კარგი ვარ, სად ვიცხოვრო?

      – სად იცხოვრო? არა, არა. წითელი არმია ყველგან არის.

      – წითელი... – ჩაიჩურჩულა გაოგნებულმა ხოძიამ და ცეცხლოვან ნახვრეტებს ჩააშტერდა.

      ერთი საათი გავიდა. გუგუნი ჩაწყნარდა, ღუმლის კარის ექვსი ნახვრეტი ექვსი ცეცხლოვანი თვალივით იმზირებოდა. მოცახცახე ჩრდილებსა და მოწითალო ათინათებში გახვეული ხოძია ხელებს ბერიკაცისკენ იწვდიდა და რაღაცას ემუდარებოდა.

      გაიარა საათმა, კიდევ ერთმა საათმა. ღუმლის კარის ექვსი ნახვრეტი დაბრმავდა, გამოღებული სარკმლისკენ შავი, ტკბილი კვამლი მიიწევდა. კარს ზემოთ ღრიჭო ძონძებით იყო გამოჭედილი, ხოლო გასაღების ნახვრეტი ჭუჭყიანი ცვილით ამოგოზილი. სპირტქურის წვრილი, მოლურჯო ალი იატაკზე თრთოდა. ხოძიას ქურქი სპირტქურასთან გაეშალა და ცალ გვერდზე მოსწოლოდა, ხელში ნახევარი არშინის სიგრძეზე ჩიბუხი ეჭირა. ჩიბუხზე ფეხებგაფარჩხული დრაკონ-ხვლიკი იყო ამოჩუქურთმებული, ხოლო ოქროსფრად მოელვარე სპილენძის ბუნიკში შავი ბურთულა მეწამული წერტილივით დნებოდა. სპირტქურას მეორე მხრიდან ბებერი ჩინელი მოსწოლოდა. იატაკზე დაფხრეწილი საბანი გაეშალა, ხელში ისეთივე ყვითელი ჩიბუხი ეჭირა. მის გარშემო, როგორც ხოძიას ირგვლივ, შავი კვამლი იბოლქვებოდა, დნებოდა და სარკმლისკენ მიიწევდა.

      გათენებისას იატაკზე, ოდნავ მბჟუტავი ალის გვერდით, ბუნდოვნად მოჩანდა მოყვითალო-მოშავო კბილთა ორი რიგი. ბერიკაცი სად იყო, არავინ უწყოდა. ხოძია კი უზარმაზარი საათის ქვემოთ ბროლის დარბაზში ცხოვრობდა. საათი ყოველ წუთში აწკრიალდებოდა, როგორც კი ოქროს ისარი წრეს შემოირბენდა. საათის წკრიალს ბროლის დარბაზში სიცილი მოჰყვებოდა და ძალზე მხიარული ლენინი გამოჩნდებოდა. ლენინს ყვითელი კოფთა ეცვა, ხელში უზარმაზარი, პირგამართული, მოელვარე ცელი ეჭირა, თავზე ღილდაკერებული ქუდი ეხურა. იგი ქანქარა ისარს ჩაეჭიდებოდა და მარჯვნივ გააქანებდა – მაშინ საათი მარცხნივ აწკრიალდებოდა, ხოლო როცა მარცხნივ გააქანებდა, ზარები მარჯვნივ აწკრიალდებოდა. ლენინი ზარების რეკვას როცა მორჩებოდა, ხოძიას ხელს მოჰკიდებდა, აივანზე გაიყვანდა და წითელ არმიას აჩვენებდა. ბროლის დარბაზში ცხოვრებას რა სჯობდა – თბილოდა, თან ნასტკასაც ხედავდა. მზეთუნახავი ნასტკა ბროლის სარკეზე მიაბიჯებდა, ქოშები ეცვა და ისეთი პატარა ფეხები ჰქონდა, კაცს მუჭაში ჩაეტეოდა. ნასტკას არამზადა, მკვლელი და ბანდიტი დარბაზში შემოძრომას აპირებდა, ხელში ფინური დანა ეჭირა, მაგრამ გოლიათივით შემზარავი და მამაცი ხოძია წამოდგა, პირფართო მახვილი მოუქნია და თავი წააგდებინა. თავი აივნიდან ჩაგორდა, ხოძიამ კი თავმოკვეთილ გვამს ხელი წამოავლო, მოიქნია და თავს კვალდაკვალ მიაყოლა. მთელმა ქვეყნიერებამ მოისვენა და გაიხარა, რადგან ის არამზადა დანამომარჯვებული ვეღარ იწანწალებდა. ლენინმა ხოძიას დასაჯილდოებლად ზარებით მქუხარე ჰანგი დასჭექა და მკერდზე ბრილიანტის ვარსკვლავი ჩამოჰკიდა. ზარები ისევ აწკრიალდა და იქამდე წკრიალებდა, სანამ ბროლის იატაკზე გაოლიანის ოქროსფერი ტევრი არ ამოიზარდა; თავს ზემოთ მცხუნვარე, მრგვალი მზე გაბრწყინდა, ტოტებგაშლილი მუხა მოჩუქურთმებულ ჩრდილს ჰფენდა, მუხის იქიდან დედა მოდიოდა, მხრეულზე ვედროები ეკიდა და ყინულივით ცივი წყალი მოჰქონდა.

III - სიზმრები გაქრა, სინამდვილე დაბრუნდა

      არავინ იცის, შემდგომ ოთხ დღეს ორსართულიან სახლში რა ხდებოდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მეხუთე დღეს ხუთიოდე წლით მობერებული ხოძია ატალახებულ ქუჩაში გამოვიდა, ოღონდ ქურქი აღარ ეცვა, ზურგზე ტომარა ჰქონდა მოხურული. აღარც საუცხოო მაღალყელიანი ფეხსაცმელი ემოსა, ფეხები მოწითალო ჯღანებში წაეყო. ჯღანებიდან სადაფისფერფრჩხილიანი, დიდრონი, წითელი თითები მოუჩანდა. ქუჩის კუთხეში გადაბრეცილ ფარანთან რუხ ცას თვალები ჩააშტერა, ხელი ჩაიქნია და ვიოლინოსავით ჩამღერა:

      – წითელი...

      მერე გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

IV - ჩინელი ქამრადი

      ორი დღის შემდეგ ხოძია მრავალთაღიან უზარმაზარ დარბაზში ფიცარნაგზე იჯდა, ჯღანებიანი ფეხები ძირს ჩამოეკიდა, თავად თითქოს ბელეტაჟში იყო, ხოლო პარტერი ულვაშიანსა და უულვაშო თავებს გაევსო. ყველას წვეტიანი ქუდი ეხურა და ზედ უზარმაზარი წითელი ვარსკვლავი ჰქონდა მიკერებული. ხოძია ვარსკვლავიანთა სახეებს დიდხანს დასცქეროდა, ბოლოს იგრძნო, რომ ყურადღებაზე პასუხი რაიმეთი უსათუოდ უნდა გამოეხატა, თავდაპირველად ზაფრანისფერ სახეზე თავისი საუკეთესო ღიმილი გამოსახა, შემდეგ წვრილ ხმაზე წამღერებით თქვა ყველაფერი, რაც მრგვალი მზიდან ზარებიანი საათის მქონე დედაქალაქამდე შემზარავი გადარბენისას დაისწავლა:

      – პური... ვაგონო, შეუშვი... წითელი... კიტაი-სა – მერე სამი სიტყვა დააყოლა, რომელთა შეთავსება სასწაულებრივი ეფექტის მქონე გასაოცარ კომბინაციას იძლეოდა. ხოძიამ გამოცდილებით იცოდა, რომ ამ კომბინაციას თბილანა ვაგონის კარის გაღება შეეძლო, მაგრამ ასევე შეეძლო, ჩინელის გადახოტრილ თავზე მუშტების საშინელი ბაგუნიც გამოეწვია. ქალები ამ სიტყვების გაგონებაზე გარბოდნენ, ხოლო კაცები ძალზე სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ: ზოგი პურს აძლევდა, ზოგიც საცემრად მოიწევდა. ამჯერად სასიხარულო შედეგი იქონია. თაღებიან დარბაზში სიცილის მქუხარე ტალღა აგორდა და ჭერამდე ავარდა. ხოძიამ პირველ დაქუხებას შეთქმულების ოდნავი ელფერით შეხამებული № 2 ღიმილით უპასუხა და სამი სიტყვა გაიმეორა. ამის შემდეგ ეგონა, დავყრუვდებიო. გუგუნი გამყინავმა ხმამ გაკვეთა:

      – ვანია! აქ მოდი! მოხალისე ჩინელი, ნახე, დედას რა მაგრად იგინება!

      ხოძიას ირგვლივ ჩოჩქოლებდნენ, მერე ერთბაშად მისცეს წეკო, პური და თუნუქის ტოლჩით მღვრიე ჩაი. ხოძიამ კბილებში მოხრაშუნე სამი ნატეხი პური თვალის დახამხამებაში გააფთრებით შესანსლა, ჩაი დალია და წეკო ხარბად გააბოლა. შემდეგ ხოძია ვიღაცა მწვანე გიმნასტურიანი კაცის წინაშე წარდგა. საბეჭდი მანქანის გვერდით, გატეხილთალფაქიანი ლამპის ქვეშ მჯდარმა კაცმა ხოძია კეთილგანწყობით შეათვალიერა და კარში თავშემორგულს გასძახა:

      – ამხანაგებო, ცნობისმოყვარეობა დაიოკეთ. ჩვეულებრივი ჩინელია...

      თავშემორგული გაქრა თუ არა, უჯრიდან ქაღალდი ამოიღო, კალამი მოიმარჯვა და ხოძიას ჰკითხა:

      – სახელი? მამის სახელი და გვარი?

      ხოძიამ პასუხად გაიღიმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
გიმნასტურიან კაცს სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა.

      – რაო, ამხანაგო, რუსული არ იცი? ჰა? რა გქვია? – მან თითი ხოძიასკენ გააქნია, – სახელი? ჩინელი ხარ?

      – კიტაი-სა... – ჩაიმღერა ხოძიამ.

      – ჰო! ჰო! ჩინელი რომ ხარ, ეს გავიგე, მაგრამ რა გქვია, ქამრად? ჰა? – ხოძიას სახე ღიმილმა გაუბადრა. კუჭი პურსა და ჩაის ინელებდა და სასიამოვნოდ თენთავდა.

      – აი, ხათაბალა, – ჩაიბურტყუნა მწვანეგიმნასტურიანმა და მარცხენა წარბი ბრაზიანად მოიფხანა.

      მერე დაფიქრდა, ხოძიას ახედ-დახედა, ქაღალდი უჯრაში ჩადო და დამშვიდებულმა თქვა:

      – ახლა სამხედრო კომისარი მოვა და მაშინ შევავსებთ.

V - ვირტუოზი! ვირტუოზი!

      ორი თვე გავიდა. ჰოდა, როცა ცა რუხი ფერის ნაცვლად მტრედისფრად დაიფერა და ზედ კრემისფერი, გაფიჟვინებული ღრუბლები აცურდა, უკვე ყველამ იცოდა, როგორც ფრანც ლისტი იყო დაბადებული იმისათვის, რათა როიალზე შემზარავი რაფსოდიები დაეკრა, ხოძია სენ-ზინ-პო ამ ქვეყანას იმიტომ მოევლინა, რომ ტყვიამფრქვევიდან ესროლა. თავდაპირველად ბუნდოვანი ხმები გავრცელდა, შემდგომ ეს ხმები გაიბერა, ლეგენდებად იქცა და სენ-ზინ-პო დიდებით შემოსა. იმით დაიწყო, რომ თქვეს, ჩინელმა ძროხა სროლით შუაზე გადაჭრაო, და იმით დასრულდა, რომ პოლკებში ლაპარაკობდნენ, ხოძია ტყვიამფრქვევით ორი ათას ნაბიჯზე თავებს ასხეპავსო. თავებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ასპროცენტიანი მოხვედრება ნამდვილად ჰქონდა. აზრი გაჩნდა, 100 არამყარი და პირობითია, იქნებ 105 იყოსო? ირიბჭრილიან აქატისფერ თვალებში დაბადებითვე საუცხოო სამიზნე პანორამა იჯდა, სხვაგვარად ასეთი სროლის ახსნა შეუძლებელი გახლდათ.

      სასროლეთზე უზარმაზარი მანქანით მოვიდა რუხმაზარიანი, ფუმფულაულვაშებიანი მედიდური კაცი. იგი დურბინდმომარჯვებული იდგა და ხოძიას სროლას ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა. ხოძია შორეთს თვალებმოჭუტული ჩაშტერებოდა, აგრიალებული „მაქსიმის“ სახელურებს აწვებოდა და კორდს ისე ცელავდა, როგორც დედაკაცი ყანას მკის.

      – ეშმაკმა უწყის, მართლა საკვირველი ამბავია! ასეთ რამეს პირველად ვხედავ, – თქვა ფუმფულაულვაშიანმა, როცა გავარვარებული „მაქსიმი“ დადუმდა, მერე ხოძიას მიუბრუნდა და თვალებმომცინარემ უთხრა: – ვირტუოზი ხარ!

      – ვირტუ-ზი... – უპასუხა ხოძიამ და ჩინურ ანგელოზს დაემგვანა.

      ერთი კვირის შემდეგ პოლკის მეთაურმა მეტყვიამფრქვევეთა რაზმის მეთაურს ბოხი ხმით უთხრა:

      – ნამდვილი მამაძაღლია! – მერე მხრები აღფრთოვანებით აიჩეჩა, სენ-ზინ-პოსკენ შეტრიალდა და დაუმატა: – ამას პრემია უნდა ვაძლიოთ.

      – პრე-მი... აძლიო, აძლიო, – უპასუხა ხოძიამ და მოყვითალო ნათება დააფრქვია.

      მეთაურმა როგორც კასრიდან, ისე ამოიგრგვინა და მეტყვიამფრქვევეებმა მქუხარე ხმით უპასუხეს. იმავე საღამოს კანცელარიაში, ჩამტვრეული ტიტის ქვეშ მჯდარმა გიმნასტურიანმა კაცმა პოლკის მეთაურს მოახსენა, ქაღალდი მოვიდა, ხოძია ინტერნაციონალურ პოლკში გადაგზავნეთო. მეთაურს სახეზე სისხლი მოაწვა და წამოჭარხლებულმა ჩაიბუხუნა:

      – კიდევ რა უნდათ? – თანაც უზარმაზარი, ბალნიანი თითი მოკაკვა და ბრაწი აჩვენა. გიმნასტურიანი კაცი უმალვე შეუდგა წერილის შავად წერას. წერილი ამ სიტყვებით იწყებოდა: „რკინის პოლკის მეტყვიამფრქვევე სენ-ზინ-პო პოლკის სიამაყე და ვირტუოზია...“

VI - ბრწყინვალე დებიუტი

      ერთი თვე გავიდა, ცაზე პაწაწკინტელა ღრუბელიც კი არსად ჩანდა, თავს ზემოთ მცხუნვარე მზე იდგა. ორი ვერსის იქით, ტყის პირას ჩაყოლებული ლურჯი წარაფებიდან სამხედრო ჭექა-ქუხილისმაგვარი გრგვინვა-გრიალი მოისმა, ხოლო მარცხენა მხარეს რკინის პოლკი უკან იხევდა, გამშრალ მიწაზე სწრაფად მიაბიჯებდა. მხრებზე ლენტებგადაკიდებული ხოძია დამრეც ფერდობზე იდგა ცხვირწვეტა ტყვიამფრქვევის გვერდით. სახეზე ჩაფიქრება ეხატებოდა. დროდადრო ცას ასცქეროდა, მერე წარაფებს აკვირდებოდა, ხანაც თავს გვერდზე მიატრიალებდა და ნაცნობ მეტყვიამფრქვევეს ხედავდა. მისი თავი და მკერდზე გამონასკვული წითელი ბაფთა ორმოციოდე ნაბიჯის იქით ბუჩქებში გაკრთებოდა ხოლმე. მეტყვიამფრქვევეს წამით გახედავდა, მერე თვალებმოჭუტული კვლავ მზეს აცქერდებოდა, მზისგან გაფიცხებულ ქუდს შუბლზე აიწევდა, ოფლს მოიწმენდდა და იცდიდა, ჭახაჭუხს რა მოჰყვებოდა.

      ცდა დიდხანს არ დასჭირვებია. შორს, ლურჯ წარაფებში, შავი მწკრივები გამოჩნდა. ეს მწკრივები ხან მიწას გაერთხმებოდა, ხან წამოიმართებოდა, თანდათან ფართოვდებოდა, ხშირდებოდა და ბორცვის ფერდობს უახლოვდებოდა. ხოძიას უკან და მარცხნივ რკინის პოლკმა გააფთრებული გრგვინვა-ქუხილი უფრო გაახშირა. ხოძიას ზურგს უკან გამკივანმა შეძახილმა მთელ ბორცვს გადაუარა:

      – ცე-ცხლი!

      ბაფთიანმა მეტყვიამფრქვევემ ბუჩქებში ტყვიამფრქვევი უმალ ააკაკანა. ამ ხმას სადღაც მარცხნივ სხვა ხმაც აჰყვა და წამომართული მწკრივის წინ მიწიდან მტვრის ბურუსი ავარდა. ხოძია ტყვიამფრქვევთან მარჯვედ ჩაჯდა, ვირტუოზული ყვითელი ხელები სახელურებს ჩასჭიდა, ლულა ერთხანს უხმოდ ოდნავ მიატრიალ-მოატრიალა, მერე მოკლე-მოკლედ ააკაკანა, შეჩერდა... ისევ ააკაკანა და უცებ გამაყრუებელი გაბმული ჭახჭახით შემზარავი რაფსოდია ააჟღერა. გავარვარებულმა ტყვიებმა მწკრივი ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე რამდენიმე წამში გალოკ-გამოლოკა. მწკრივი მიწას განერთხა, ისევ წამოიმართა, ალაგ-ალაგ დაწყდა და დაიმსხვრა. უკან აღფრთოვანებული, ჩახლეჩილი ხმა გაისმა:

      – ხოძია! მოცელე! ცეცხლი! ცე-ცხლი!

      ხოძიამ მტვერსა და ბურუსში მეორე მწკრივისკენ ტყვიების განუწყვეტი თქეში მიმართა. ამ დროს მარჯვნივ, შორს, მიწიდან მუქი ზოლები ამოიზიდა და მათ გასწვრივ მტვრის სვეტები ავარდა. ბორცვის ფერდობს განგაშის უხილავმა ელვამ ჩაურბინა. ჩახრინწული ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაისმა:

      – მოიერიშე კავალერიისკენ...

      გუგუნმა მიწა ხოძიამდე შეარყია. მუქი ზოლები საშინელი სისწრაფით ახლოვდებოდა. ამ დროს, როცა ხოძია ტყვიამფრქვევს მარჯვნივ ატრიალებდა, მის თავს ზემოთ ჰაერი მკრთალმა შუქმა გაკვეთა. და იგი რაღაცამ მკერდით სახელურებზე მიანარცხა. ხოძია ვეღარაფერს ხედავდა.

      როცა მზე ხელახლა შეიგრძნო, მის წინ ბურუსიდან ტყვიამფრქვევი და გათელილი ბალახი ამოცურდა; ირგვლივ ყოველივე დაიმსხვრა და სადღაც გაფრინდა. უკან, პოლკში, ცეცხლი ჭახანით კანტიკუნტად გაიკვესებდა და გაქრებოდა. ხოძია მკერდში ისეთ მწვავე ტკივილს გრძნობდა, ძლივსღა სუნთქავდა, თავი შეატრიალა და დაინახა, რომ მტვრის ღრუბელში გახვეული მხედრები ელვისებურად მიექანებოდნენ იქით, სადაც რკინის პოლკი ისროდა, და სადაცაა, დააცხრებოდნენ. მარჯვნივ მეტყვიამფრქვევე გამქრალიყო. მწვანეტანსაცმლიანთა მწკრივები აღმართზე ამორბოდნენ. სირბილით მომავლებს სამხრეები ოქროსფრად უბრწყინავდათ. ისინი ყოველ წამს მატულობდნენ და ხოძია უკვე მათ სპილენძისფერ სახეებსაც ხედავდა. ხოძიამ ტკივილისგან დაიწრიპინა, დაბნეულად მიმოიხედა, სახელურებს ჩაეჭიდა და ტყვიამფრქვევი ააგრიალა. სახეები და ოქროსფერი სამხრეები ბალახში ჩაემხო. სამაგიეროდ, ახლა მარჯვნივ წამოიმართნენ და ხოძიასკენ გამოექანნენ. გვერდით მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაური გამოჩნდა. ხოძიამ ერთ წამს თვალი ბუნდოვნად მოჰკრა, რომ მას მარცხენა სახელოდან სისხლი ჩამოსდიოდა. მეთაურს ხოძიასთვის აღარაფერი დაუყვირია. ფეხზე წამოიმართა, მარჯვენა ხელი წინ გაიწოდა და მომხდურებს სროლა აუტეხა. მერე განცვიფრებული ხოძიას თვალწინ მაუზერის ლულა პირში ჩაიდო და გაისროლა. ხოძია წამით დუმდა, მერე კი ტყვიამფრქვევი კვლავ ააგრიალა.

      შაშხანამომარჯვებულმა, სირბილისგან სულშეხუთულმა, სპილენძისფერსახიანმა იუნკერმა მწკრივს გამოასწრო. იგი ხოძიასკენ მარჯვნიდან მოისწრაფოდა.

      – ტყვიამფრქვევს ხელი უშვი... წყეულო ჩინელო!!! – ხრიალებდა იგი. ტუჩებზე ქაფი ებუშტებოდა, – დაგვნებდი.

      – დაგვნებდი!!! – ღრიალებდნენ მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც, ოქროსფერი სამხრეები და წვეტიანი ხიშტები უკვე ფერდობის კიდეზე ათამაშდა. ა-რ-რა-პა-პა! – ტყვიამფრქვევმა უკანასკნელად წაიმღერა და ერთბაშად დადუმდა. ხოძია წამოდგა, ნებისყოფის დაძაბვით ჩაიხშო მკერდის ტკივილი და ავისმომასწავებელი გრძნობა, რამაც გული უეცრად შეუკუმშა. უკანასკნელ წამს მის თვალწინ სასწაულებრივად გაიელვა მცხუნვარე მზის ქვეშ დამსკდარმა მიწამ, ნაჩუქურთმევმა ჩრდილმა და ოქროსფერი გაოლიანის ტევრმა. შინისკენ, შინისკენ უნდა გასწიოს. ხოძიამ ტკივილი დათრგუნა, ირიბ სახეზე სხივმფინარე ღიმილი აიყვავილა და თუმცა უკვე გრძნობდა, რომ იმედი ქრებოდა, თვალები ცისკენ აღაპყრო და მაინც თქვა:

      – პრემი... წითელი ვირტუოზი... აძლიო! აძლიო!

      გოლიათმა სპილენძისფერ-წითელმა იუნკერმა ხიშტი მძლავრად გამოაქანა და ყელში ისე ატაკა, რომ ხერხემალი შეუმტვრია. ოქროსისრებიანმა შავმა საათმა სპილენძის მჟღერი ზარებით ჰანგის ჩამოწკრიალება მოასწრო და ხოძიას ირგვლივ ბროლის დარბაზი აელვარდა. ამ დარბაზში ვერავითარი ტკივილი ვერ შეაღწევდა. ტკივილგაყუჩებული, მშვიდი, სახეზე ღიმილშეყინული ხოძია ვერ გრძნობდა, იუნკერები ხიშტებით როგორ ჩხვლეტდნენ.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები, სურათები, ჩანახატი

ნახვა: 1201

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters