ომი რომ დაიწყო, სანტექნიკოსი და მემონტაჟე იოჰან ბარტოკი ხუთი თვის დაქორწინებული იყო. მაშინვე ომში გაიწვიეს და საზღვართან, ავსტრიულ გარნიზონში გაგზავნეს. გამგზავრების დღეს თავისი საქმეები მოაწესრიგა და პატარა მაღაზია ცოლსა და თავის ქარგალს გადააბარა. ისიც კი მოახერხა, რომ ორი დამატებითი შეკვეთა მიეღო. ამ ყველაფერს ნაშუადღევამდე მოუნდა, კმაყოფილი იყო, რომ შობამდე მაინც, ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. როდესაც მოსაღამოვდა, თავისი საუკეთესო კოსტიუმი ჩაიცვა და, ცოლთან ერთად, ფოტოგრაფთან წავიდა. აქამდე ვერ მოუხერხდათ სურათის გადაღება. თავი რომ გაეტანათ, მძიმე მუშაობა უწევდათ. ამიტომ ამისათვის ფულის დახარჯვა ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებოდათ. მაგრამ ახლა ამ საქმეს სხვა თვალით შეხედეს. ფოტოგრაფმა მეორე დღეს ფოტოები მატარებელთან მიუტანა. მიუხედავად იმისა, რომ სურათები ცოტა უფრო დიდი ზომის აღმოჩნდა, ვიდრე ბარტოკი მოელოდა, ის შეეცადა, ისე ამოეჭრა ორივეს სახე, რომ ფოტო საათის თავსახურში ჩატეულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ თავისი დანა აიღო, საკუთარი სურათი მოაჭრა და მხოლოდ ცოლისა დაიტოვა. ახლა ის ზუსტად ჩაეტია თავსახურში.

      ბარტოკის პოლკი მალე ფრონტზე გადაისროლეს. 1914 წლის ზამთარში შეტევაზე გადავიდნენ და ღამით გააფთრებულ ბრძოლაში ჩაებნენ. მტერმა საფლანგო მანევრი შეასრულა და სამ ასეულს ალყა შემოარტყა. მთელი დღე თავს იცავდნენ. როდესაც ტყვია-წამალი გაუთავდათ, იძულებული გახდნენ, მტერს ტყვედ ჩაჰბარებოდნენ. მათ რიგებში ბარტოკიც იყო. ტყვეებმა რამდენიმე თვე ბანაკში გაატარეს. ბარტოკი მთელი დღეები ქოხში იჯდა ჩაფიქრებული. აინტერესებდა, როგორ იყო მისი ცოლი, შეძლო თუ არა ახალი შეკვეთების მიღება, რადგან ახლა ამით უნდა გამოეკვება თავი. მაგრამ მთელ ბანაკში წერილი არავის მიუღია. ბარტოკს ერთადერთი იმის გაკეთება შეეძლო, რომ თვითონ გაეგზავნა სახლში წერილები, რომლებშიც ცოლს რჩევებს მისცემდა და ასევე, იმ ადამიანების მისამართებს აცნობებდა, რომლებსაც, შესაძლოა, მაგალითად, ახალი რკინის კარი ან უნიტაზი დასჭირვებოდათ. აპრილის დასაწყისისთვის 1800-კაციანი რაზმი შექმნეს და სანაპიროზე გადაისროლეს. მათ შორის ბარტოკი და მისი ამხანაგებიც იყვნენ. ისინი გემის ბორტზე აიყვანეს. გავრცელდა ჭორი, რომ აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ ბანაკში უნდა გადაეყვანათ.

      პირველ დღეებში თითქმის ყველა ზღვის ავადმყოფობით იტანჯებოდა. შემდეგ შეძლებისდაგვარად განთავსდნენ. ბნელ, დახუთულ ტრიუმში ისხდნენ და სანამ სიგარეტი ჰქონდათ, ეწეოდნენ. მხოლოდ რამდენიმე ვიწრო ილუმინატორიდან შეეძლოთ, ზღვისთვის თვალი შეევლოთ. რიგრიგობით იყურებოდნენ ხოლმე. წყალი ლურჯი და გამჭვირვალე იყო, ზოგჯერ თეთრ ფრთას ან დიდი თევზის ჩრდილს მოჰკრავდნენ თვალს. დრო გავიდა და ზედამხედველებმა ყურადღება მოადუნეს. ტყვეებმა ეს შეამჩნიეს და შეიმუშავეს გეგმა, თუ როგორ დასხმოდნენ თავს ეკიპაჟს და გემის კონტროლი თვითონ ჩაეგდოთ ხელში. ზოგიერთმა მათგანმა ის ოთახები დაზვერა, სადაც იარაღი ინახებოდა, სხვები კი საიდუმლოდ იარაღდებოდნენ ნაგელებით, ბაგირებითა და დანებით.

      მალევე, ერთ შტორმიან ღამეს დაიწყო ყველაფერი. სამი გოლიათივით უნტერ-ოფიცერი ხელმძღვანელობდა რაზმს, რომელსაც ბარტოკიც მიეკუთვნებოდა. ვითომ უსაქმოდ დაეხეტებოდნენ, ისე გაემართნენ კაიუტის კიბისკენ და უცებ კატებივით დაესხნენ თავს გაოცებულ ზედამხედველებს, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს. რამდენიმე წამის შემდეგ ლიუკები ამოამტვრიეს და გემბანზე აღმოჩნდნენ.

      ეკიპაჟის ნაწილს ეძინა და ისინი ადვილად დაიმორჩილეს, დანარჩენები კი ჩაჰბარდნენ. მხოლოდ კაპიტანი და ორი ოფიცერი დაიმალნენ და ცეცხლი გახსნეს. სამი ტყვე რევოლვერიდან გასროლას ემსხვერპლა. მაგრამ როცა ტყვეებმა ტყვიამფრქვევი მოიყვანეს პოზიციაში, მძიმედ დაჭრილი კაპიტანიც დანებდა.

      ტყვეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომელიმე ნეიტრალურ ნავსადგურამდე მიეღწიათ, რადგან კარგად იყვნენ უზრუნველყოფილი იარაღითა და სურსათით. ამასთან, მათ შორის ყოფილი მეზღვაურებიც იყვნენ. გემის მეთაურობა თავის თავზე ყოფილმა ოფიცერმა აიღო. ყოველდღე სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ, ბარტოკი ტყვიამფრქვევის მოხმარებას სწავლობდა. მეთაური ვარაუდობდა, რომ შემდეგ პორტამდე მისაღწევად სრული ერთი კვირა დასჭირდებოდათ, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. მეოთხე დღეს ჰორიზონტზე სამხედრო ხომალდის დაბალი, რუხი კორპუსი გამოჩნდა. მისი მილებიდან კვამლი ამოდიოდა და პირდაპირ მათკენ მოემართებოდა.

      შეეცადნენ, გასცლოდნენ, მაგრამ სიჩქარე არ აღმოჩნდა საკმარისი. მაშინ კი ყველაფერი მოამზადეს, რომ თავი დაეცვათ. იმედი ჰქონდათ, დაღამებამდე გაუძლებდნენ და შემდეგ, ნისლისა და სიბნელის დახმარებით ხელიდან დაუსხლტებოდნენ.

      ოღონდ არ გაუმართლათ. ავტომატები კი ჰქონდათ, მაგრამ გემს ვერ მიაწვდენდნენ. ერთი საათის შემდეგ უკვე ბევრი დაღუპული ჰყავდათ და იძულებული გახდნენ, თეთრი დროშა აღემართათ. როდესაც სამხედრო ხომალდის პირველი ნავი გვერდიდან მოუახლოვდათ, გემის ოფიცერმა თავი მოიკლა. კრეისერის კაპიტანმა ტყვეები ჯარისკაცებად კი არა, ამბოხებულებად ჩათვალა. ამიტომ ისინი ერთ-ერთ კუნძულზე სადამსჯელო კოლონიაში მიიყვანეს. რამდენიმე მეთაური დახვრიტეს, მათ შორის იყო ბარტოკის მეგობარი მიხაელ ჰორვათი. მან ბარტოკს თავისი საათი და საფულე გადასცა.

      - წარმატებას გისურვებ, იოჰან, - უთხრა მან და გამომშვიდობებისას ხელი ჩამოართვა, - არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვკვდები, საბოლოოდ ხომ შედეგი ერთია. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოძვრები! თუ დედაჩემი კიდევ ცოცხალი იქნება, ეს ნივთები გადაეცი, კარგი?

      დანარჩენი ტყვეები ამბოხებაში დაადანაშაულეს. ყოველ მეხუთეს "უვადო" პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენებს - 15 წლით იძულებითი მუშაობა. გადათვლისას ბარტოკს გაუმართლა - მას მხოლოდ თხუთმეტი წელი მიუსაჯეს.

      "თხუთმეტი წელი, - ფიქრობდა ის პირველსავე საღამოს. სახსრები სტკიოდა და გოფრირებული თუნუქის გახურებული ქოხის კუთხეში მიწოლილიყო, - თხუთმეტი წელი. ახლა ოცდათორმეტი წლის ვარ. ესე იგი, იმ დროს ორმოცდაშვიდის ვიქნები. - საათის თავსახურიდან ცოლის სურათი ამოიღო და დიდხანს უყურა. შემდეგ თავი გადააქნია და დაძინებას შეეცადა.

      სამუშაო მძიმე იყო, ხოლო კლიმატი - აუტანელი. პირველ წელს ას ოთხმოცი კაცი გარდაიცვალა, მეორე წელს - ას ათი. მეოთხე წელს ბარტოკი ბანატელ გლეხს, ვილცეკს დაუმეგობრდა, მეექვსე წელს კი ის დაასაფლავა. მეშვიდე წელს წინა კბილები დაკარგა. მერვე წელს გაიგო, რომ ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო. მეცხრე წელს გაჭაღარავდა. მეათე წელს თექვსმეტი კაცი გაიპარა, მაგრამ ისევ დაიჭირეს. მეთორმეტე წელს აღარავინ ლაპარაკობდა სახლზე. სამყარო მათთვის მხოლოდ ამ კუნძულს წარმოადგენდა, ცხოვრება კი - ტანჯვასა და ღრმა ძილს. მონატრება გაქრა, ტკივილი დაჩლუნგდა, მოგონებები წაიშალა. ამ, ჯერ კიდევ გადარჩენილ აპათიურ არსებებზე, რომლებიც ღამით უსიტყვოდ წვებოდნენ, რომ მომკვდარიყვნენ, მაგრამ დილით ისევ ეღვიძებოდათ, მხოლოდ ახოვანი და პირქუში ზედამხედველები ბატონობდნენ, და კიდევ ციებ-ცხელება და სასოწარკვეთილება.

      როდესაც ერთ დღეს მათ ზედამხედველმა უთხრა, თავისუფლები ხართო, თავიდან არ სჯეროდათ. უკანასკნელ დღემდე ფიქრობდნენ, - ზედამხედველი მოვიდოდა და ეტყოდა, რომ კიდევ დამატებითი ხუთი წელი მოუწევდათ იქ დარჩენა. უკვე თითქმის ვერ წარმოედგინათ, რას ნიშნავდა თავისუფლება. თავიანთი უბადრუკი ქონება ჩაალაგეს და ქვემოთ, ნავსადგურისკენ გაეშურნენ. ბარტოკმა კიდევ ერთხელ მიიხედა უკან. იქ, ქოხების წინ, ის გადარჩენილი ამხანაგები დაინახა, რომლებსაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და კუნძულზე დარჩენა უწევდათ. ისინი მდუმარედ უყურებდნენ გათავისუფლებულ ტყვეებს. წასვლამდე ბარტოკმა ორ მათგანს ჰკითხა, სახლიდან რაიმე ხომ არ გამოეგზავნა მათთვის. - მოკეტე! - უპასუხა ერთ-ერთმა, მიბრუნდა და წავიდა. მეორეს უკვე აღარაფერი ესმოდა. პირველი მაინც გაეკიდა მათ და დაიყვირა:

      - ერთხელ ჩვენც წამოვალთ! სხვები არ განძრეულან. ისინი გაქვავებული მზერით იდგნენ.
გემისკენ მიმავალმა ბარტოკმა საათი ამოიღო. ჯერ კიდევ ჰქონდა ცოლის სურათი, რომელიც ისეთი გახუნებული იყო, რომ აღარაფერი ეტყობოდა. მაგრამ მაინც ამოიღო და შეეცადა, წარსული გაეხსენებინა. დიდი ხანია აღარ უფიქრია იმ პერიოდზე და იმდენად გადაჩვეული იყო, რომ მალე თავი ასტკივდა.

      ხმელეთზე რომ გადავიდნენ, რამდენიმე ამხანაგთან ერთად განაგრძო გზა. მათ აღმოაჩინეს, რომ მათი სამშობლო ახლა იმ ქვეყნის ნაწილი იყო, რომელიც ადრე მათ წინააღმდეგ იბრძოდა. სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე, ეს ტერიტორია სხვა ქვეყნისთვის მიეკუთვნებინათ. ვერ გაიაზრეს ეს ფაქტი, მაგრამ დასაწყისისთვის შეეცადნენ, შერიგებოდნენ ამას, რადგან მათთვის განვლილი თხუთმეტი წლის განმავლობაში მთელი სამყარო შეცვლილიყო. ისინი ხედავდნენ სახლებს, ქუჩებს, მანქანებს, ადამიანებს - ესმოდათ ნაცნობი სახელები, მაგრამ მაინც ყველაფერი უცხო იყო. ქალაქები გაზრდილიყვნენ, ტრანსპორტის მოძრაობა აშინებდათ, უჭირდათ იმის გაგება, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო. ყველაფერი სწრაფად მოძრაობდა, ისინი კი ნელა ფიქრს იყვნენ მიჩვეულები.

      ბოლოს და ბოლოს, ბარტოკი თავის მშობლიურ ქალაქში ჩავიდა. აღელვებისგან მუხლები ისე უკანკალებდა, რომ ნელა მიდიოდა და ჯოხს ეყრდნობოდა. იპოვა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა. მაღაზია ისევ ადგილზე იყო, მაგრამ მისი ცოლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში მაღაზია სხვას ჰქონდა იჯარით აღებული. როგორც ჩანს, მისი ცოლი უკვე დიდი ხანია, სხვაგან იყო გადასული. ბარტოკი ყველგან ეძებდა მას. ბოლოს გაიგო, რომ ცოლი ახლა, სავარაუდოდ, დასავლეთში, უფრო დიდ ქალაქში ცხოვრობდა.

      იმ ქალაქისკენ აიღო გეზი, რომელიც დაუსახელეს. სხვადასხვა სახლის კარზე აკაკუნებდა და ცოლს კითხულობდა. ვერსად ვერაფერი გაიგო და, დაქანცული და იმედგადაწურული, უკვე უკან გამგზავრებას აპირებდა, როცა უეცრად რაღაც აზრი მოუვიდა თავში. შეტრიალდა და მოხელეს თავისი ყოფილი ქარგლის გვარი დაუსახელა. მოხელემ კიდევ ერთხელ ჩაიხედა წიგნში და იპოვა ის. მისი ცოლი ქარგალს შვიდი წლის წინ გაჰყოლოდა ცოლად. ბარტოკმა თავი დაუქნია. ახლა მისთვის ნათელი გახდა, რატომ არ იღებდა წერილებს, რატომ არ მოსდიოდა ცნობები სახლიდან. ყველას უფიქრია, რომ ის დაიღუპა.

      ნელა აუყვა კიბეს და ზარი დარეკა. კარი ხუთი წლის ბავშვმა გაუღო. შემდეგ მისი ცოლიც გამოვიდა. შეხედა მას, არ იყო დარწმუნებული, რომ ქმარი ედგა წინ, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

      - იოჰანი ვარ, - თქვა ბოლოს კაცმა.

      - იოჰან! - ქალმა უკან დაიხია და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. - ღმერთო ჩემო! - თქვაქ ქალმა და ტირილი დაიწყო. - მაგრამ ჩვენ ხომ მაშინ ცნობა მივიღეთ, საბუთი, რომ დაიღუპე!

      ქალმა უჯრა გამოაღო და აკანკალებული ხელებით დაიწყო ქექვა. თითქოს მისი ცხოვრება იმაზე იყო დამოკიდებული, იპოვიდა თუ არა ამ ცნობას.

      - კარგი, კარგი, თავი დაანებე... - ბარტოკმა აპათიური მზერით გაიარა სამზარეულოში. - შენი ბავშვია? - იკითხა მან. ქალმა თავი დაუქნია. - კიდევ გყავს?

      - ორი.

      - ესე იგი, ორი. - მექანიკურად გაიმეორა მან. შემდეგ დივანზე დაჯდა და თვალი გაუშტერდა.

      - ახლა რა იქნება, იოჰან? - ჰკითხა თვალცრემლიანმა ცოლმა. ბარტოკმა ამოიხედა.

      მის წინ, დაბალ კამოდზე მოოქრულ ჩარჩოში ჩასმული ფოტო იდო. ეს ის ფოტო იყო, რომელიც ფრონტზე გამგზავრებამდე გადაიღეს. ბარტოკმა ფოტო ჩამოიღო და დიდხანს უყურა. შემდეგ ისევ ცოლს შეხედა და შუბლზე ხელი გადაისვა.

      - ხუთი თვე ვიყავით ერთად, არა?

      - ჰო, იოჰან.

      - ახლა?

      - შვიდი წელია, - უპასუხა მან წყნარად. კაცმა თავი დაუქნია და წამოდგა. ქალი მოეხვია. - ხომ არ დაგვტოვებ?

      - არა, წავალ, - თქვა ბარტოკმა და თავისი კეპი აიღო.

      - ვახშმამდე მაინც დარჩი, - სთხოვა ცოლმა, - სანამ ალფრედი მოვა.

      კაცმა თავი გააქნია.

      - არა, არა, ასე ჯობია. შენ თავად უნდა გაერკვე ამ საქმეში. ასე უფრო სწორი იქნება.

      გარეთ ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა სახლის წინ. შემდეგ ისევ სადგურში წავიდა და თავის მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა. იქ სამსახურის შოვნას და ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა.

ერიხ მარია რემარკი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რემარკი

ნახვა: 614

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

წინწაგდებული საქმე ხიდის მშენებლობაზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2022.
საათი: 12:32am 0 კომენტარი

      მართალია, ჩემს უბნელებსაც კი ღიმილისმომგვრელად ეჩვენათ ჩემი იდეა, საბჭოთა „აზნევთის“, ევროპული, კლასიკური, არაორიგინალური სახელწოდებით „ხიდისუბანით“ ჩანაცვლებაზე, მაგრამ ეგ არაფერი - ფაქტი ერთია - აქამდე ორი ხიდი გვქონდა უბნის გადმოსახედზე, ახლა უკვე სამი გვაქვს.

      მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე, 2019 წლის, 22 მარტით დათარიღებულ სტატიაში ვკითხულობთ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს,…

გაგრძელება

ვრცელი დღე ყოფილი პრეზიდენტის გარშემო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2022.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დეკემბერი ცივი იქნება - ხვალიდან თოვლს ველოდებით. მთავარი ამბებიც ნელ-ნელა ერთფეროვნდება. ბოლო დღეები მთლიანად მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება. დღევანდელი მეინსტრიმიც ასეთი იყო - მიშა პატიმარი, მიშა ავადმყოფი, მიშა მოწამლული და ა.შ. ცხადია, ხმაურიანი უნდა ყოფილიყო რუსეთის აფხაზური „მივლინებების“, ასევე შიდა პოლიტიკური ნიუსები და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარია.…

გაგრძელება

On the difficulty of RuneScape stories

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2022.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

On the difficulty of RuneScape stories, do not by any ignore the questlines OSRS GP. Here I've skilled gothic horror Epic myth, epic fantasy and one person's desire to bake a cake. I will never forget the time I spent inside the Temple of Light, although I occasionally wish I may want to. And then there's Old School RuneScape via which I can go back in time back to the game I fell in love with.

I've taken breaks, frequently during my time absorbed in the latest game that is, RuneScape…

გაგრძელება

მაღალი დონის შეხვედრები, პრეზიდენტის სამსჯავრო ჯანმრთელობა და მინისტრი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      დეკემბრის დადგომას ჯერ თოვლი არ მოყოლია, მეტიც, ბათუმში ცოტაც და საბანაოდ შევიდოდნენ ზღვაში. პოლიტიკურ ამბებში ის სიახლეებია, რომ ჩვენი პრემიერი და პარლამენტის უფროსი, საერთაშორისო შეხვედრებს მართავენ, სააკაშვილის ჯამრთელობის ამბავი დღის მეინსტრიმია, ასევე განათლების მინისტრის საათი პარლამენტში და ეკონომიკის მინისტრის სიახლეები. ჯანდაცვა და ომიც არ გვავიწყდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters