Champs, Dame, Notre, de, ernest, fiction, hemingway, literature, miller, novel, qwelly, ანეგდოტი, აფრიკის, ედგარ, ემერსონი, ერნესტ, ერნესტ ჰემინგუეი, ესქილე, კინე, კლასიკა, ლექსი, მემსაიბი, მოვკალი, მოთხრობა, მოთხრობები, მური, მუშაობა, მწვანე, ნაპოლეონი, ნოველა, პო, პროზა, ჟრუანტელი, რუსეთი, სამოცდაათგირვანქიანი, სევასტოპოლის, სტრიქონები, ტალანტი, ტანსაცმელი, ტოლსტოი, ტორო, უიტიერი, ულისი, ფილიპსი, ქართული, ქედები, ყაზახები, ცა, ცნობილი_ავტორი, ჯარი, ჯოისი, ჯორჯ, ჰემინგუეი, ჰენრი, ჰომეროსი, ჰოსპიტალი, ჰოუთორნი

აფრიკის მწვანე ქედები - ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი - მოთხრობები

      ხის ტოტებისაგან შეკოწიწებულ კარავში ვისხედით, ბიცობის მახლობლად, როცა საბარგო მანქანის ხმა შემოგვესმა. ჯერ სადღაც შორიდან მოისმა, და პირველად ვერც კი გავარჩიეთ, რა უნდა ყოფილიყო. მერე ისევ მიწყნარდა, და ერთი პირობა ვიფიქრეთ, ალბათ მოგვეყურა ან ქარმა თუ გადაიქროლაო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უფრო მკაფიოდ გაისმა გუგუნი, ამჯერად თანდათანობით ძლიერდებოდა, ბოლოს კი ყურისწამღები გრუხუნითა და ქოთქოთით გაიხრიგინა ჩვენი კარვის უკან. ორ მეგზურ მონადირეთაგან უცებ ერთი წამოვარდა, სწორედ ის, რომელსაც ტრაგიკოსი მსახიობის მანერები ჰქონდა.

- გათავდა ყველაფერი! - თქვა მან.

      ტუჩებზე თითი მივიდე და ვანიშნე, დაჯექი-მეთქი.

- მორჩა, ყველაფერი გათავდა! - გაიმეორა და ხელები ფართოდ გაშალა. თავიდანვე არ მომდიოდა ეს კაცი თვალში, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ავიმრიზე.

- დაიცა, - წავჩურჩულე მე. მაგრამ მ’კოლამ თავი გააქნია. მე მის მოტიტვლებულ, შავ კეფას დავაშტერდი, მან კი ნახევრად ჩემკენ მოაბრუნა თავი, საულვაშეზე თხელი, ჩინური ღინღლი გამოაჩინა.

- მორჩა, - თქვა მან, - Hapana ni uzuri.

- ცოტა კიდევ დავიცადოთ, - ვუთხარი მე. მ’კოლა კვლავ ჩაცუცქდა, რათა კარვის შემჭკნარ რტოებში მისი თავი არ გამოჩენილიყო. შეღამებამდე ასე ვეგდეთ მტვრიან ორმოში. უკვე ისე ჩამობნელდა, რომ სამიზნეს ვეღარ ვხედავდი ჩემს თოფზე, ანტილოპები კი არა და არ ჩანდნენ. ჩვენი "ტრაგიკოსი" მოუსვენრად წრიალებდა ერთ ადგილზე. ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო, როცა მ’კოლას გადაუჩურჩულა - ამ სიბნელეში როგორღა უნდა ვისროლოთო.

- ენა დაამოკლე, - გაუჯავრდა მ’კოლა, - შენ რომ ვერაფერს გაარჩევ, ბვანა მაშინაც კი მოახვედრებს მიზანში. მეორე მეგზურმა, რომელსაც დიდი სწავლულობით მოჰქონდა თავი, ახლაც არ გაუშვა ხელსაყრელი შემთხვევა და შავ კანჭზე წკირით თავისივე სახელი ამოჩხაპნა - აბდულა. მე დიდი აღფრთოვანება არ გამომიხატავს და მ’კოლამაც გულგრილად გადახედა მის შავ კანზე წაჩხაპნილ ასოებს. მეგზურმა იმავე წკირით გადაშალა წარწერა. ერთხელ კიდევ მოვსინჯე თოფის სამიზნე, მაგრამ დავრწმუნდი, რომ თუნდაც ფართოდ გამეწია აქეთ-იქით რტოები, მიზანში ამოღება მაინც აღარ შეიძლებოდა. მ’კოლა ყურადღებით მაკვირდებოდა.

- მორჩა, - ვთქვი მე.

- რას იზამ, - გამომეხმაურა იგი სუახილიურად, - უკანვე გავბრუნდეთ.

- წავიდეთ.

      ავდექით, ორმოდან გამოვძვერით, დატკეპნილ სილას გამოვყევით, გადმობურულ ტოტებქვეშ წელში მოკაკულებმა ხელის ცეცებით გამოვიკვლიეთ გზა და შარაზე გამოვედით. მანქანა კარვიდან ერთი მილის დაშორებით გველოდებოდა, რომ მივუახლოვდით, შოფერმა კამაუმ ფარები აანთო. იმ მანქანამ გაგვიფუჭა საქმე. დილით ჩვენი მანქანა გზაზე დავტოვეთ და დიდი სიფრთხილით გავწიეთ ბიცობისაკენ. წინადღით ცოტა წამოწვიმა, მაგრამ ბაცობი არ დაუტბორავს. ეს იყო მომცრო ორმო ქაშანზე, ირგვლივ მიწა ჩლიქებს დაეტკეპნა და აქა-იქ პატარა ღრმულებს შენიშნავდით. ამ ადგილებში ნადირი მარილს ლოკავდა ხოლმე. აქ ვნახეთ ოთხი მამალი კუდუს ახალი ნაკვალევი, გულის მოყვანილობისა, ეტყობა, წინაღამით ყოფილიყვნენ, და კარგა ბლომად ასევე ახალი ნაკვალევი უფრო მომცრო ანტილოპებისა. მარტორქაც მოსულიყო. ნაკვალევისა და აქა-იქ ბლომა-ბლომად დახვავებული ნეხვის მიხედვით, რომელშიც მოუნელებელი ჩალა გამოჩრილიყო, ადვილად მიხვდებოდი, რომ ესეც მუდმივი სტუმარი იყო ამ ადგილისა. ჩვენი საფარი ბიცობიდან ისრის გასროლის მანძილზე ამოვთხარეთ, ვისხედით ამ ნაცრითა და მტვრით ამოვსებულ ორმოში, ბეჭები ორმოს პირზე გვქონდა მიყრდნობილი, ზეწამოწეული მუხლები ლამის ნიკაპს ეხებოდა, ვისხედით და ველოდებოდით. უცებ შემჭკნარი რტოების ჭუჭრუტანაში ერთი მომცრო მამალი კუდუ დავლანდე - ბუჩქებიდან გამოძვრა და მარილიან ქაშანზე გაქვავდა. დიდებული სანახაობა კი იყო - თავად ნაცრისფერი, დაგრეხილი რქები მზეზე უელავდა, ძარღვიანი, ჩასკვნილი კისერი ჰქონდა. შიგ მკერდში დავუმიზნე, მაგრამ აღარ გამისროლია: უკან, ალბათ, უფრო მსხვილი ცხოველები მოჰყვება, შებინდებისას გამოჩნდებიან, და არ დავაფრთხო-მეთქი.

      მაგრამ კუდუს სმენას ჩვენზე ადრე მისწვდა მანქანის შორეული ხმაური, და ბუჩქებს შეერია. სხვა ცხოველებიც, რომლებიც ბუჩქებში მალვით მოძვრებოდნენ ბიცობისაკენ, ანდა პატარ-პატარა გორაკებიდან ეშვებოდნენ, მოჰკრეს თუ არა ყური საშინელ გრუხუნს, ადგილზე გაქვავდნენ. ვიცი, რომ მერე გამოვლენ, სიბნელეში, მაგრამ გვიანღა იქნება. მივყვებოდით სილიან გზას და ჩვენი მანქანის სინათლეზე მალიმალ აელვარდებოდა ხოლმე სილაში განაბულ ღამის ფრინველთა თვალები; როგორც კი მანქანა ჩაუქროლებდათ, ისინი დაფეთებით აიჭრებოდნენ ჰაერში. გზისპირ ვხედავდით ამ დამშეული ადგილებიდან დასავლეთისაკენ დაძრული მგზავრების კოცონებს - ღამეს აქ ათევდნენ, ხოლო დილით კვლავ განაგრძობდნენ გზას. თოფის კონდახი ტერფზე მქონდა მიყრდნობილი, ლულას მარცხენა ხელით ვეყრდნობოდი. ბოთლი მუხლებში მოვიქციე, ვისკი ალუმინის ჭიქაში ჩავასხი და მ’კოლას გადავაწოდე, ხელის ცეცებით, რათა იმას მათარიდან წყალი ჩაემატებინა. პირველი ყლუპი რომ მოვსვი - დღევანდელი ულუფის პირველი ყლუპი, ყველაზე სანუკვარი რამ, რასაც კი ადამიანი ინატრებს - თავი ნიავს მივუშვირე, ნესტოებით აფრიკის დიდებული სურნელი შევიყნოსე და თავი ბედნიერად ვიგრძენი.

      წინ დიდი კოცონი გამოჩნდა, როცა ჩავუქროლეთ, გავარჩიე, რომ გზაზე საბარგო მანქანა იდგა. კამაუს მანქანა გავაჩერებინე და უკანსვლით წავაყვანინე. ისევ რომ გავუპირისპირდით, ცეცხლის შუქზე დავინახე - მანქანის კაპოტი აეხადათ, ვიღაც დაბალი, ფეხმონგრეული კაცი, რომელსაც თავზე ტიროლური ქუდი ეხურა და ტყავის მოკლე შარვალი და საყელოგადაღეღილი პერანგი ეცვა, ძრავს უტრიალებდა, ხოლო ირგვლივ ადგილობრივი მცხოვრებლები ირეოდნენ.

- იქნებ გიშველოთ რამე! - ჩავძახე მე.

- არა. მექანიკოსია საჭირო. ამ მანქანას რაღაც ვერ შევეწყვე, მანქანებს არ ვუყვარვარ, საერთოდ.

- რა მოუვიდა? დენს არ ატარებს? ისე თუხთუხებდა ძრავა, წეღან რომ ჩაგვიარეთ, ხელადვე მივხვდით, რაცა სჭირდა.

- მგონი, უფრო საშინელი რაღაცა სჭირს. არ უჩანს კარგი პირი.

- ჩვენს ბანაკამდე თუ მოახერხებთ მოსვლას, იქ მექანიკოსი გვყავს.

- შორსა ხართ?

- ოც მილამდე იქნება.

- ვცდი დილით. ისე მომაკვდავივით ხროტინებს ეს ძრავა, რომ ახლა მეშინია. ვერ შემეწყო, ვძულვარ, ეტყობა, და აურია. მეც არა ნაკლებ მძულს.

- იქნებ დალიოთ, - ბოთლი გავუწოდე, - ჩემი გვარია ჰემინგუეი.

- მე კანდისკი გახლავარ, - თავი დამიხარა, - სადღაც კი გამიგონია თქვენი გვარი. ჰემინგუეი. სად მაინც? ნეტა სად გავიგონებდი?! აჰ! Dichter[4]. პოეტ ჰემინგუეის იცნობთ?

- სად წაგიკითხავს მისი ლექსები?

- "კვერშნიტში".

- აჰ, მე ვყოფილვარ, - ვუთხარი ნასიამოვნებმა. "კვერშნიტი" გერმანულია ჟურნალია; მანამ ამერიკაში დამიწყებდნენ ბეჭდვას, ამ ჟურნალში დავბეჭდე რამდენიმე ცუდი ლექსი და ერთი გაჭიანურებული მოთხრობა.

- რასა ბრძანებთ! - გაიკვირვა ტიროლურ ქუდიანმა, - ერთი ეს მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რინგელნაცი როგორ მოგწონთ?

- დიდებულად წერს!

- აჰ, მოგწონთ! ძალიან კარგი. ჰენრიხ მანზე რას იტყვით?

- საძაგელი მწერალია.

- მართლა?

- რა ვიცი, მე კი არ შემიძლია მისი ნაწერების კითხვა და.

- მართალი ხართ .მართლაც ცუდი მწერალია. ზოგ რამეზე ერთნაირი შეხედულება გვქონია. აქ რას აკეთებთ?

- სანადიროდ ჩამოვედი.

- იმედია, თქვენც სპილოს ძვალს არ აგროვებთ.

- არა. ანტილოპებზე ვნადირობ.

- ნეტა რას ერჩიან ამ ანტილოპებს! პოეტი ხართ, მოაზროვნე კაცი... და ანტილოპებს კი ხოცავთ.

- ჯერ ერთიც არ მომიკლავს, - ვუპასუხე მე, - ისე კი, მთელი ათი დღეა გამწარებით დავდევთ. დღეს გადავეყარეთ ერთს, და მოვკლავდით კიდეც, თქვენს მანქანას რომ არ დაეფრთხო.

- თქვენც ამ ოხერმა მანქანამ გიმუხთლათ?! ნადირობა თუ გინდა, მთელი წელიწადი უნდა ინადირო. ერთ წელიწადში ხან რას მოკლავ და ხან რას. მერე კი სინანული მოგიცავს. მარტო ერთ რამეზე ნადირობა ვის გაუგონია. რა საინტერესოა!

- მე ასე მირჩევნია.

- ჰო, თუ გირჩევნიათ... ერთი ესეც მითხარით, ნუ დამიმალავთ, რილკეზე რა აზრისა ხართ?

- მარტო ერთი რამე წამიკითხავს მისი.

- მაინც რა?

- "კორნეტი".

- მოგეწონათ?

- დიახ.

- მე კი ვერა ვკითხულობ. მოთმინება არ მყოფნის. ნამდვილი სნობიზმია. ვალერი, მაგალითად, სულ სხვა რამეა. სნობიზმი არც იმას აკლია. მაგრამ მაინც სხვაა... კიდევ კარგი, რომ თქვენ მაინც არ ხოცავთ სპილოებს.

- სიამოვნებით მოვკლავდი მსხვილ სპილოს.

      მსხვილი რას ჰქვია?

- სამოცდაათგირვანქიანი ეშვი რომ ჰქონდეს. თუმცა ნაკლებსაც არ დავიწუნებდი.

- ყველაფერზე არა გვქონია ერთნაირი შეხედულება. ძალიან მიხარია, რომ "კვერშნიტის" სახელოვანი პლეადის წარმომადგენელს გავეცანი. ერთი ესეც მითხარით, ჯოისი რას წარმოადგენს? ძალიან ძვირს ფასობს მაგისი წიგნი და ვერ ვიყიდე... ახლა ეს სინკლერ ლუისი - ღმერთმა უწყის, რა არის, ვიყიდე მისი წიგნები და... კარგი, კარგი, ხვალამდე გადავდოთ ეს საუბარი. თქვენს მეზობლად რომ დავბანაკდე, ხომ არ გეწყინებათ? მეგობრები გახლავთ? მარტო ნადირობთ თუ აქაური თეთრკანიანიც გახლავთ ვინმე.

- ცოლი მახლავს და ერთი თეთრკანიანი მონადირე. ძალიან გაგვეხარდება თქვენი მეზობლობა.

- რატომ ის თეთრკანიანი არ გამოგყვათ?

- ანტილოპებზე ცალ-ცალკე უნდა ინადიროო, დაუჟინია.

- სულაც რომ არ ინადირებდეთ ანტილოპებზე, ის აჯობებს. ვინ არის, რა კაცია? ინგლისელია?

- დიახ.

- ვინმე გაიძვერა იქნება.

- აჰ, მშვენიერი კაცია. თქვენც მოგეწონებათ.

- წადით. აღარ დაგაყოვნებთ. იმედი მაქვს, ხვალ გნახავთ. რა უცნაური შეხვედრა იყო მაინც!

- აბა!.. ხვალ მექანიკოსი ნახავს მაგ თქვენს მანქანას, სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ?

- ნახვამდის, - მითხრა მან, - გზა მშვიდობისა.

- ნახვამდის, - ვუთხარი მეც. ჩვენი მანქანა დაიძრა, და მე ვხედავდი, როგორ უახლოვდებოდა იგი ცეცხლს, შორიდანვე უქნევდა ხელს თავისიანებს. მე მისთვის არ მიკითხავს, რატომ ახლდა ოცი აფრიკელი, ცენტრალური აფრიკის მკვიდრი, ან საით მიემგზავრებოდა. საერთოდ, არც არაფერი მიკითხავს. ჩვეულებად არა მაქვს, გამოკითხვა დავუწყო ხალხს: საცა მე აღვიზარდე, ეს უზრდელობად ითვლება. მაგრამ რაც ბაბათიდან გამოვედით, მთელი ორი კვირა ისე გავიდა, რომ თეთრკანიანი ადამიანი არ დამილანდავს... და უცებ, აგერ, შუაგულ გზაზე, ამ შიმშილობის მხარიდან დაძრულ ლტოლვილ ინდოელთა შორის, სადაც თვით ინდიელ ვაჭარსაც კი ძალიან იშვიათად თუ გადაეყრები, გხვდება ტიროლურად ჩაცმული კაცი, თითქოს ბენჩლის კარიკატურიდან გაცოცხლებულაო, რომელიც მიცნობს თურმე, პოეტს მეძახის, "კვერშნიტს" კითხულობს, იოაჰიმ რინგელნაცის თაყვანისმცემელია, და თუ აჰყევი, რილკეზედაც სიამოვნებით გაგიბამს საუბარს. ეს მართლაც რომ ფანტასტიკური იყო. და უცებ, თითქოს და ამ ფანტასტიკის დასაგვირგვინებლად, ჩვენი მანქანის პროჟექტორმა სიბნელიდან წამოაგდო ერთად დახვავებული, კონუსისებურად აწოწოლებული, სამი უშველებელი რაღაც, რომელთაც ორთქლი ასდიოდა. გააჩერე-მეთქი, კამაზუს ვანიშნე; თითქმის სამი ფუტის სიმაღლე იყო თვითეული. ერთ-ერთს ხელი შევახე. ჯერ ისევ თბილი იყო.

- ტემბო, - თქვა მ’კოლამ. სპილოების ფუნა აღმოჩნდა, ახლახან გადასულიყვნენ გზაზე. გარკვევით ჩანდა, ამ ცივი ღამის ჰაერში როგორ ზანტად ადიოდა ორთქლი. მალე მივედით ბანაკში. მეორე დღეს კი, ჯერ გათენებულიც არ იყო, მეორე ლაშესკენ გავემართეთ...

*

- რაღაც წიგნები ჩვენც მოგვეძევება, - თქვა კანდისკიმ, - ახალ-ახალი წიგნების ყიდვას ვინ აუვა, მაგრამ გასაუბრება და აზრის გაზიარება ყოველთვის შეიძლება. საინტერესოც არის ასეთი ლაპარაკი. შინ მუდამ ვმსჯელობთ ხოლმე ჩვენ. ყველაფერზე მსჯელობას გავმართავთ. ინტელექტუალურ ცხოვრებას ვეწევით. უწინ, პლანტაციის მფლობელი ვიყავი "Querschnitt”-ი მქონდა გამოწერილი. ისე ვიყავი ამეებით გართული, თითქოს მეც იმ წრეში ვტრიალებდი, "Querschnitt"-ის ირგვლივ შემოკრებილ ბრწყინვალე პლეადაში. ჩემს სურვილზე რომ ყოფილიყო, იცოცხლე, მართლაც ვიტრიალებდი იმ წრეში. თქვენ, ალბათ, ხშირად შეხვედრიხართ მათ!

- ზოგიერთს მართლაც შევხვედრივარ. ზოგს - პარიზში, ზოგს - ბერლინში.

      არ მინდოდა წარმოდგენა გამეფუჭებინა ამ კაცისთვის და ცალ-ცალკე აღარ დამიხასიათებია ეს "ბრწყინვალე" ხალხი.

- დიდებული ხალხია, - ვიცრუე მე.

- როგორა მშურს თქვენი, იმ ხალხს რომ იცნობთ! თქვა კანდისკიმ, - რას იტყვით, ყველაზე დიდი მწერალი ვინ არის ახლა ამერიკაში?

- ჩემი ქმარი, - წამოიძახა ჩემმა ცოლმა.

- არა. პირადი სიმპათიები დავივიწყოთ. მართლა გეკითხებით. ჰა, ვინ არის? ყოველ შემთხვევაში, ეპტონ სინკლერი არა. არც სინკლერ ლუისი. ვინ არის თქვენი თომას მანი? ან თქვენი ვალერი ვინ არის?

- ჩვენ არა გვყავს დიდი მწერლები, - ვუპასუხე მე, - განსაზღვრულ ასაკს რომ მიაღწევენ ჩვენი მწერლები, რაღაც ემართებათ. ამისი ახსნაც შემეძლო, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება სიტყვა და თავს მოგაბეზრებთ.

- აჰ, რასა ბრძანებთ! მითხარით. ძალიან მიყვარს ამისთანა ლაპარაკი. მეტი რა შეგვრჩენია ცხოვრებაში. აბა ანტილოპების ჟლეტა სჯობია!

- ჯერ ხომ ერთი სიტყვაც არ დამცდენია, - ვუთხარი მე.

- წინასწარ მიხარია. ლუდი დალიეთ, ენას გაგიხსნით.

- ისედაც გახსნილი მაქვს, - ვუპასუხე მე, - ენად არა ვარ გაკრეფილი! თქვენ რატომღა არა სვამთ?

- ვერიდები ხოლმე. ინტელექტზე ცუდად მოქმედებს. ან რა საჭიროა. აბა, დაიწყეთ. ძალიან გთხოვთ.

- რა უნდა გითხრათ, - დავიწყე მე, - ერთ დროს ამერიკაშიაც გვყავდა ბრწყინვალე მწერლები. ედგარ პო - ბრწყინვალე მწერალია. ბრწყინვალე მოთხრობები აქვს, დიდებულად დაწერილი. რიტორიკით გატაცებული მწერლებიც გვყავდა, რომელთაც ბედმა გაუღიმათ და სხვის ბიოგრაფიებში თუ მოგზაურობის დროს რაღაც წარმოდგენა შეექმნათ საგნებზე, ნამდვილ საგნებზე, ვეშაპებზე, მაგალითად. მაგრამ ეს ყველაფერი რიტორიკაშია გათქვეფილი, ქიშმიში რომ გინახავს პლუმ-პუდინგში. ზოგჯერ დამოუკიდებლადაც გამოუდით, უპუდინგოდ, და ამისთანა წიგნი მართლაც რომ კარგია! მელვილს მოსდის, მაგალითად, ასე. მაგრამ მელვილის თაყვანისმცემლებს რიტორიკა მოსწონთ მისი, რიტორიკას კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მის შემოქმედებაში. ამისთანა თაყვანისმცემლები მისტიკურობას მიაწერენ მელვილის წიგნს, სინამდვილეში კი მისტიკურობის ნატამალიც არ არის იქ.

- მესმის, - თქვა კანდისკიმ, - გავიგე. მაგრამ რიტორიკა ხომ ინტელექტის მუშაობის ნაყოფია. რიტორიკა ცისფერი ნაპერწკლებივითაა, რასაც დინამომანქანა აფრქვევს ხოლმე.

- ზოგჯერ ასეც ხდება. ხოლო ზოგჯერ ის დინამომანქანა ცისფერ ნაპერწკლებს კი აფრქვევს, მაგრამ მუშაობით სულაც არ მუშაობს, ისე ტყუილუბრალოდ ბრუნავს.

- დიახ, დიახ. განაგრძეთ.

- აღარც კი მახსოვს, რას ვამბობდი.

- კარგით ერთი, განაგრძეთ.

- ძალიან ადრე თუ ამდგარხართ, როდესმე, გათენებამდე, და...

- მუდამ ასე არა ვდგები! განაგრძეთ, განაგრძეთ.

      მაშ, ასე. ჩვენ სხვა მწერლებიც გვყავდა. ისე წერდნენ ისინი, თითქოს ძველი ინგლისიდან, რომელთანაც მათ უკვე აღარაფერი ესაქმებოდათ, გაუძევებიათ და იძულებულნი გამხდარან ახალ ინგლისში გადასახლებულიყვნენ, რომელსაც საკუთარი ხელით აშენებენო. დიდებული ხალხი იყო. ლიტერატორები, კვაკერები...

- მაინც ვინ?

- ემერსონი, ჰოუთორნი, უიტიერი და სხვებიც. ჩვენი კლასიკოსები ადრეული პერიოდისა, რომელთაც არც კი იცოდნენ, რომ ახალი კლასიკოსი სულაც არა ჰგავს ხოლმე თავის წინაპარს. მას შეუძლია ზოგი რამ იმისგანაც ისესხოს, ვინც გაცილებით უფრო ცუდადა წერდა, ვინც ვერ ეღირსა კლასიკოსობას. ასე იქცეოდა ყველა კლასიკოსი. ზოგი მწერალი მხოლოდ იმიტომ იბადება, რომ სხვას დაეხმაროს თუნდაც ერთადერთი ფრაზის დაწერაში. მაგრამ წინა თაობის კლასიკოსთა გადამღერება და მიბაძვა არ შეიძლება. თანაც, ეს მწერლები, მე რომ ვახსენე, ჯენტლმენები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ წესიერებით. სიტყვას ვერ შეხვდები მათ ნაწარმოებებში, რომ სალაპარაკო, ცოცხალ მეტყველებაში იხმარებოდეს. თითქოს უსისხლხორცონი არიანო. ინტელექტი აქვთ, ეგ ცხადია. მშრალი, დახვეწილი, სასურველი ინტელექტი. ძალიან მოსაწყენად ვლაპარაკობ, მაგრამ რა ვქნა, თქვენ თვითონ მთხოვეთ.

- განაგრძეთ.

- ერთი მწერალი იყო იმხანად, საყოველთაოდ მიღებული და დაფასებული მწერალი - ჰენრი ტორო. მე პირადად ვერაფერს გეტყვით მასზე, ვერ მოვიცალე მისი წიგნების წასაკითხავად. თუმცა ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ბუნებისმეტყველთა წიგნების კითხვა მხოლოდ მაშინ ძალმიძს, თუ ზედმიწევნით იცავენ ისინი სისწორეს და მაღალფარდოვნებას არ იჩენენ. ბუნებისმეტყველებმა ცალ-ცალკე უნდა იმუშაონ, ხოლო მათი გამოკვლევები მერე სხვა ვინმემ უნდა დაამუშაოს. მწერლებსაც ასევე მართებთ. მათაც ცალ-ცალკე უნდა იმუშაონ. მწერლები მხოლოდ მაშინ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, როცა სამუშაოს მორჩებიან, და მაშინაც კი არ არის სასურველი მაინცდამაინც ხშირი შეხვედრა. თორემ ისინიც თავიანთ ნიუ იორკელ თანამოძმეებს დაემსგავსებიან. ჭიებსა ჰგვანან ხოლმე, რომლებიც საქნიერებად დაუგროვებიათ და ბოთლში ჩაუყრიათ. და ახლა ცდილობენ ერთმანეთს წაგლიჯონ ცოდნაცა და საზრდოც. ბოთლის როლს ხან ხელოვნება თამაშობს, ხან - ეკონომიკა და ხანაც - რელიგიად ქცეული ეკონომიკა. მაგრამ რაკი ერთხელ ბოთლში მოხვდა, სამიდღემჩიოდ იქა რჩება. ბოთლის გარეთ ეულად იგრძნობენ თავს. მარტოობა კი ხელს არ აძლევთ. თავიანთ რწმენასთან მარტოდმარტო დარჩენისა ეშინიათ, ხოლო ისეთი ქალიც არ მოიძებნება, რომ ისინი შეიყვაროს და მარტოობის გრძნობა გაუქარწყლოს, ან ერთად განიცადონ ეს მარტოობა, ან არადა ისეთი სიხარული მიანიჭოს, რაც სხვას ყველაფერს უმნიშვნელოდ აქცევს.

- ტოროზე რას იტყვით მაინც? - ჩამეკითხა კანდისკი.

- თქვენ თვითონ უნდა წაიკითხოთ. ალბათ მეც წავიკითხავ, როცა იქნება. "როცა იქნება" ყველაფრის გაკეთება შეიძლება.

- კიდევ დალიე ლუდი, - მითხრა ცოლმა.

- ახლავე.

- კარგ მწერლებად ვინ ითვლებიან თქვენში?

- ჰენრი ჯეიმსი, სტივენ კრეინი და მარკ ტვენი. კარგი მწერლები არიან, მაგრამ მე ახლა თანმიმდევრობით არ ჩამომითვლია. კარგ მწერლებს არავითარი რანგები არა სჭირდებათ.

- ვიცი, რომ მარკ ტვენი იუმორისტია. სხვები კი როგორღაც არ მაგონდება.

- მთელი ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენის ერთი წიგნიდან გამოდის, მისი "ჰეკლბერი ფინიდან". თუ წაიკითხავთ, იმ ადგილს დააკვირდით, როცა ჰეკს ზანგ ჯიმსა სტაცებენ. აი, ნამდვილი დასასრული. დანარჩენი ნაწვალებია ყველაფერი. მაგრამ მაგაზე უკეთესი წიგნი ჩვენ არა გვაქვს. იქიდან გამოვიდა მთელი ამერიკული ლიტერატურა. "ჰეკლბერი ფინამდე" არაფერი გვქონია. არც შემდეგ გამოჩენილა რამე მაგისი ფასი.

- ის ორი მწერალი?

- კრეინს ორი შესანიშნავი მოთხრობა აქვს - "კანჯო" და "ცისფერი სასტუმრო". "ცისფერი სასტუმრო" უფრო კარგია.

- სად არის ახლა კრეინი?

- მოკვდა. არც გასაკვირია, თავიდანვე კვდებოდა ხოლმე.

- ის ორი?

- ისინი დაბერდნენ, მაგრამ წლებთან ერთად სიბრძნე არ შემატებიათ. ახლაც ვერ გამიგია, მეტი რა უნდოდათ. ერთმა ღმერთმა იცის, რას ვუშვრებით ამ ჩვენს მწერლებს.

- ვერ გავიგე, რას ამბობთ.

- ჩვენ თვითონ ვღუპავთ, და ამისთვის კი ათასი საშუალება არსებობს. რაც მთავარია, ეკონომიურად ვღუპავთ. ფულის ხვეტას იწყებენ ხოლმე. მწერალი რომ ფულის დაგროვებას დაიწყებს, ამაზე სარისკო არაფერია, თუმცა კარგი წიგნი ფულს თავისთავად მოიტანს. ცოტას რომ გამდიდრდებიან, ხელგაშლილ ცხოვრებას იწყებენ ჩვენი მწერლები და სწორედ მაშინ იღუპებიან. ამის შემდეგ, ეწერებათ თუ არ ეწერებათ, მაინც უნდა წერონ, რათა ეს ფუფუნება არ მოაკლდეთ, ცოლები კარგად შეინახოთ და რა ვიცი... და სწორედ ამას მოჰყვება მაკულატურა. განა წინასწარ ფიქრობენ ასე. ფაცხაფუცხით მუშაობამ იცის ასე. როცა არაფერი გეწერება და მაინც წერ, როცა წყალი ამომშრალია ჭაში და ცდილობ, მაინც ამოიღო. პატივმოყვარეობაა ყველაფრის მიზეზი. რაკი ერთხელ უღალატეს საკუთარ თავს, ცდილობენ გაამართლონ ეს ღალატი, და სულ ახალ და ახალ მაკულატურას ვღებულობთ. სხვაგვარადაც ხდება: მწერლები კრიტიკული წერილების კითხვას იწყებენ. მაშინ თუ დაუჯერე კრიტიკას, როცა საკმეველს გიკმევენ და გაქებენ, მერეც უნდა დაუჯერო, გინებას რომ დაგიწყებენ, ამას კი საკუთარი რწმენის დაკარგვა მოჰყვება ხოლმე. ორი კარგი მწერალი გვყავს ამჟამად, მაგრამ წერა უკვე აღარ შეუძლიათ, იმიტომ რომ კრიტიკული წერილების კითხვას გადაყვნენ და საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს. წერისთვის რომ არ დაენებებინათ თავი, ზოგჯერ კარგი რამე გამოუვიდოდათ, ზოგჯერ - საშუალო, ზოგჯერ ძალიან ცუდიც, მაგრამ ის კარგი ხომ დარჩებოდა. მაგრამ კრიტიკული წერილების კითხვას გადაჰყვნენ და ჰგონიათ, რომ მარტო შედევრები უნდა წერონ. ისეთი შედევრები, როგორსაც, კრიტიკოსების თქმით, ადრე წერდნენ. შედევრებამდე, რა თქმა უნდა, მაშინაც ბევრი უკლდათ. ისე, არა უშავდა რა. ახლა კი სულაც ვეღარ წერენ. კრიტიკამ მოუცარათ ხელი.

- ვინ არიან მაინც ეს მწერლები?

- გვარების დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არაფრის მეტყველი იქნება თქვენთვის. თან, ვინ იცის, ამასობაში იქნებ კიდევ მოახერხეს კარგი რამის დაწერა, მერე კი დაფრთხნენ და ისევ ხელმოცარულები არიან.

- რა მოსდით მაინც ამერიკელ მწერლებს? უფრო გარკვევით მითხარით.

- წარსულზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ მაშინ არ ვყოფილვარ ამქვეყნად, ამჟამად კი - რა არ მოსდით. გარკვეულ ხანს რომ მიაღწევენ კაცი მწერლები, ჭირვეული დედაბრები ხდებიან ხოლმე; ქალი მწერლები - ჟანა დარკებად იქცევიან, თუმცა ჟანა დარკის მებრძოლი სულით ოდნავადაც კი ვერ დაიტრაბახებენ. იმათაც და ამათაც სულიერ ბელადებად წარმოუდგენიათ თავი. ვინ არიან მათი მიმდევრები, ამას სულაც არ დაგიდევენ. თუ არ გამოუჩნდათ მიმდევრები, გამოიგონებენ ხოლმე. რაკი ერთხელ ჩარიცხავენ ვინმეს ამათ მიმდევრად, მორჩა, აღარავითარი პროტესტი აღარ შველის. ღალატში სდებენ ბრალს. ეჰ! რა არ ხდება ჩვენში. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ისეთებსაც შეხვდებით, რომელთაც სულის ხსნა წერით მოუწადინებიათ. ძალიან გაიოლებული აქვთ საქმე. ზოგს ღუპავს პირველი ფული, პირველი ქება, პირველი თავდასხმა, პირველი შიში - წერა აღარ შეგვიძლიაო, პირველი აკვიატებული რწმენა - ეგ არის ჩვენი საქმე, სხვა არაფერი შეგვიძლიაო. ზოგჯერ მწერალს თვითონვე ვერ გაურკვევია, რა უნდა და რა სჭირდება. ჰენრი ჯეიმსს ფული სჭირდებოდა, მაგრამ ბევრი ფული, რაღა თქმა უნდა, თავის დღეში არ უხილავს.

- თქვენ?

- მე სხვაც მრავალი ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, მაგრამ წერით მაინც უნდა ვწერო, უამისობა არ შემიძლია; განსაზღვრული რაოდენობის სტრიქონები რომ არ დავწერო, მთელ დანარჩენ ჩემს ცხოვრებას მომხიბვლელობა და ეშხი დაეკარგება.

- თქვენ რაღა გჭირდებათ?

- წერა, რაც შეიძლება კარგად წერა, ისე რომ ამ წერის დროს ვისწავლო კიდეც. ამის გარდა, მე ჩემი საკუთარი სამყარო მაქვს, და ძალიანაც კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი სამყარო მაქვს.

- ანტილოპებზე ნადირობას გულისხმობთ?

- ანტილოპებზე ნადირობაც და სხვაც ბევრი რამ.

- სხვა რა?

- რა ვიცი, ათასი რამე.

- ის თუ გაქვთ შეგნებული, რა გჭირდებათ?

- რა თქმა უნდა.

- მართლა გსიამოვნებთ და კმაყოფილებას განიჭებთ ის, რასაც ახლა აკეთებთ? ასეთი სულელური რამე, როგორც ანტილოპებზე ნადირობაა?

- პრადოში შესვლაზე არა ნაკლებ.

- როგორ, ანტილოპებზე ნადირობას ადარებთ პრადოს?

- ჩემთვის ერთიც და მეორეც აუცილებელია, სხვა რამეებს რომ თავი დავანებოთ.

- ჰო, რა თქმა უნდა. ისე როგორ იქნება. მაგრამ მართლა ასეთ სიამოვნებას განიჭებთ?

- დიახ.

- გარკვეულად იცით, რა გჭირდებათ?

- სავსებით გარკვეულად, და მაქვს კიდეც, რაცა მჭირდება.

- ამას ხომ ფული სჭირდება!

- ფულიც მაქვს ხოლმე, თანაც, ყოველთვის მიმართლებს ცხოვრებაში.

- მაშ, ბედნიერი ყოფილხართ!

- მანამ სხვებზე დავიწყებდე ფიქრს - კი.

- სხვებზედაც ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა.

- მაგრამ არაფერს აკეთებთ მათთვის!

- არა, არაფერს.

- სულ არაფერს?

- ზოგჯერ იქნებ ცოტა რამე გავაკეთო.

- რას იტყვით, თქვენი სამწერლო მოღვაწეობა ღირს კი იმად, რომ მთელი არსებით მიეცეთ? სიცოცხლის ერთადერთ მიზნად გამოდგება?

- რა თქმა უნდა.

- დარწმუნებული ხართ?

- სავსებით.

- რა სასიამოვნოა, ალბათ, ასეთი რწმენა, არა?

- მართლაც ძალიან სასიამოვნოა, - ვუთხარი მე.

- ძალიან სერიოზული საუბარი კი გამოგდით, - თქვა ჩემმა ცოლმა.

- სერიოზული თემაა.

- ხომ ხედავთ, ყოფილა ისეთი საქმეც, რასაც განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება, - თქვა კანდისკიმ, - ადრევეც ვგრძნობდი, რომ ანტილოპებს გარდა, სხვაც ბევრი რამ აინტერესებდა, უფრო სერიოზული პრობლემები.

- რატომ არის, რომ ახლა ყველა იმას ცდილობს, როგორმე გვერდი აუაროს ამ საკითხს, მის მნიშვნელობას ამცირებენ, მაინც ვერაფერს გავხდებითო, ამტკიცებენ? იმიტომ, რომ ძალიან რთულია ეგ საკითხი. ამის განხორციელებას ათასი ფაქტორი სჭირდება.

- თქვენ რაზე ლაპარაკობთ?

- იმაზე, თუ როგორ უნდა წეროს კაცმა. პროზის იმ დონეზე, რომლის მიღწევა სავსებით შესაძლებელია, თუკი სერიოზულად მოეკიდები საქმეს. ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს მეოთხე და მეხუთე განზომილება. და ამის მიღწევა შეიძლება კიდეც.

- თქვენ ეს გჯერათ?

- ვიცი, რომ ასეა.

- ვთქვათ, ამას გაართვა მწერალმა თავი, მერე?

- მერე ყველაფერი ადვილია. მწერლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქნებ მარცხიც განიცადოს, ეგ სულ ადვილი შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, რაღაც შანსები წარმატებისა მაინც არსებობს,.

- მე მგონი, რასაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, ამას პოეზია ჰქვია.

- არა. ეს პოეზიაზე გაცილებით უფრო რთულია. ეს პროზაა, ისეთი პროზა, რაც ჯერ არავის დაუწერია. მაგრამ შეიძლება კი დაიწეროს, და ისე, რომ არავითარი მანჭვა-გრეხა და შარლატანობა ამას არა სჭირდება.

- რატომ აქამდე არ შეიქმნა ასეთი პროზა?

- იმიტომ, რომ ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ჯერ ერთი, ტალანტია საჭირო. დიდი ტალანტი. კიპლინგისნაირი ტალანტი. მერე - თვითდისციპლინა. ფლობერის თვითდისციპლინა. შემდეგ საჭიროა მკაფიოდ გვქონდეს წარმოდგენილი, რასა წერ და რა გამოგივა; საჭიროა სინდისი, ისეთი წმინდა და უტყუარი, როგორც პარიზის მეტრ-ეტალონი, რათა თავიდან აიცდინო ყოველგვარი სიყალბე. გარდა ამისა, მწერალს სჭირდება ჭკუა, უანგარობა და, რაც ყველაზე მთავარია - დიდი ხნის სიცოცხლე. სცადეთ და ერთ პიროვნებაში გააერთიანეთ ყველაფერი ეს და აიძულეთ იგი, დაძლიოს ყოველგვარი გავლენა, რაც მწერალს ბორკავს და უკან ეწევა ხოლმე. მთავარი მაინც, - ბოლოს და ბოლოს, დრო სწრაფად მიჰქრის, - ის არის, რომ დიდხანს იცოცხლოს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ნეტა, მართლა მოგვცა ასეთი მწერალი, ნეტა მართლა შეიძლებოდეს ასეთი წიგნების წაკითხვა, რაო, რა თქვით? იქნებ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ!

*

      დილით გზას გავუდექით. მივუძღოდით წინ ჩვენს ხალხს და დინჯად მივემართებოდით - ხან აღმა გორაკებზე, ხან დაბლა, გზას მივიკვლევდით დაბურულ ტევრში, ვკვეთავდით მინდვრებს, გადგმული ბალახი ფეხებში გვებლანდებოდა და სიარულს გვიშლიდა. ზოგჯერ ჩრდილში შევდგებოდით, სულს მოვითქვამდით და კვლავ გავარვარებულ მზეში გავდიოდით, ძლივძლივობით მივიკვლევდით გზას სქლად ფესვგადგმულ ბალახში. ხვითქი გადაგვდიოდა ხუთივეს, დაწალიკებულად მივდიოდით - ჩანთააკიდებული დრუპი და მ’კოლა, რომელთაც თითო მძიმე თოფის გარდა ზურგზე ეკიდათ აგრეთვე წყლიანი მათარა და ფოტოაპარატები; მე და ფილიპსაც თოფები გვეკიდა, სულ უკან კი მემსაიბი მოგვყვებოდა - შლიაპა გვერდზე მოქცეოდა და სიარულში დრუპის ბაძავდა. ძალიან ნასიამოვნები ჩანდა, რომ ჩვენ მოგვყვებოდა და თან ფეხსაცმელიც დღეს ისე აღარ უჭერდა. როგორც იქნა, მივადექით ხეობის თავზე წამომართულ აკაციებს, თოფები ხეზე მივაყუდეთ, ჩრდილში შევცვივდით და მიწაზე გავწექით. მემსაიბმა ჩანთიდან წიგნები ამოიღო, და ისა და ფილიპსი კითხვას შეუდგნენ, მე კი, ამასობაში, ხეობას ჩავყევი და ნაკადულისაკენ გავემართე, რომელიც მთიდან ეშვებოდა, აქ წავაწყდი ლომის ახალ კვალსა და მარტორქების მიერ კაცის სიმაღლე ბალახში გათელილ ბილიკებს. სიცხისაგან დაღლილ-გასავათებული ხეობის სილიან ბილიკს გავყევი, ჩვენებთან მივბრუნდი, ჩამოვჯექი, ზურგით ხეს მივეყრდენი და ტოლსტოის "სევასტოპოლის მოთხრობები" გავშალე. დაუბერებელი წიგნია. რა დიდებულად არის აღწერილი ბრძოლის სურათი, როცა ფრანგები ბასტიონებისაკენ მიდიან იერიშით. თვითონ ტოლსტოიზე დავფიქრდი; რა დიდი უპირატესობაა, როცა მწერალს თავად აქვს სამხედრო გამოცდილება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, თანაც ისეთი თემა, რაზეც ძალიან ძნელია სიმართლით წერა. იმ მწერლებს, რომელთაც ომი არ უნახავთ, მუდამ შურთ ხოლმე ვეტერანებისა და ცდილობენ, საკუთარი თავიც დაარწმუნონ და სხვაც, თითქოს ეს უმნიშვნელო თემა იყოს, არაბუნებრივი და არაჯანსაღი. სინამდვილეში კი ისინი თვითონვე მოაკლდნენ იმას, რისი ანაზღაურებაც აღარაფრით აღარ შეიძლება. "სევასტოპოლის მოთხრობებმა" Boulevard Sebastopol-ი მომაგონა. გამახსენდა, როგორ მივდიოდი ერთხელ ამ ბულვარზე წვიმაში ველოსიპედით. სტრასბურგინიდან შინ ვბრუნდებოდი მაშინ. გამახსენდა გასლიპული ტრამვაის ლიანდაგები; რაღაც თავისებური გრძნობა მოგიცავს, როცა წვიმიან დღეს ხალხმრავალ ქუჩაში მიდიხარ, ქვაფენილსა და გასლიპულ ასფალტზე ფეხი ცურავს... კინაღამ Boulvard de Temple-ზე დავსახლდით მაშინ. ის ბინაც თვალნათლივ წარმომიდგა - მთელი მოწყობილობაცა და შპალერიც, - მაგრამ გადავიფიქრეთ და Notre Dame de Champs-ის ქუჩაზე დავბინავდით, სხვენზე. ეზოში სახერხი ჰქონდათ მოწყობილი და უეცრად გაიწივლებდა ხოლმე ხერხი, ნახერხისა და წაბლის სუნი სახურავზე ამოდიოდა. დაბლა სართულზე გიჟი ქალი ცხოვრობდა. მთელი ის წელიწადი უფულოდ ვიტანჯებოდით, მოთხრობებს ზედიზედ უკანვე მიგზავნიდნენ ფოსტით, კარის ჭრილში შემოაცურებდნენ ხოლმე, თან ბარათებსაც მოაყოლებდნენ რედაქციიდან - ეს მოთხრობები კი არა, უბრალო ჩანახატებია, ანეგდოტები, contes და რა ვიცი, რას არ წერდნენ. ერთი სიტყვით, მოთხრობები არავის უნდოდა და მთელი წელიწადი ხახვსა და წყლიან კაგორზე გადავდიოდით. გამახსენდა, რა ლამაზი შადრევნებია Place de l’observatoire-ზე... ლუქსემბურგის ბაღში, იმ ადგილას, სადაც უმოკლესი გასასვლელია Soufflot-ის ქუჩაზე, ფლობერის ბიუსტი დადგეს (იმ ფლობერისა, რომლისაც ჩვენ გვჯეროდა და გვიყვარდა, ახლა კი აგერ, მძიმე ქვაში გამოკვეთილი, როგორც ნამდვილ კერპს შეეფერება, აქ დადგეს). ომი არ უნახავს მას, სამაგიეროდ, რევოლუცია და კომუნა ნახა, რევოლუცია კი, დოგმატიკოსი თუ არა ხარ, კიდევ უფრო უკეთესია. სამოქალაქო ომი - ყველაზე საუკეთესო ომი მწერლებისათვის - ნამდვილად რომ ჭკუის სასწავლებელია. სტენდალმა ნახა ომი, ნაპოლეონმა მას წერა ასწავლა. სწავლით, ყველას ასწავლა, მაგრამ სტენდალს გარდა ვერავინ ისწავლა.

*

      ...იმ უკანასკნელ საღამოს, ჯოისსთან, მე მთვრალი ვიყავი, ჯოისმა კი ედგარ კინეს ერთი სტრიქონი დაიჟინა: Frache et rose comme au jour de bataille". მგონი მთლად სწორად ვერ ვამბობ. როცა შევხვდებოდი, ჯოისს შეეძლო, სამი წლის წინათ გაწყვეტილი საუბარი გაეგრძელებინა. მართლაც რომ სიამოვნების მომგვრელია ჩვენს დროში ჭეშმარიტად დიდი მწერლის ნახვა. მე მხოლოდ ერთ რამე მჭირდებოდა - მუშაობა. კარგად არც კი დავფიქრებივარ, როგორ დატრიალდა საქმე ამგვარად. საკუთარ ცხოვრებას უკვე აღარ ვუყურებდი სერიოზულად, სხვათა ცხოვრებას - კი. მუშაობა, მხოლოდ მუშაობა მგვრიდა სიამოვნებას, სხვა დროს კი, თუკი არ ვმუშაობდი, - ჩემი დაწყევლილი ცხოვრება; საცა მომიხდებოდა და როგორც მომიხდებოდა, ისე ვატარებდი დროს. ის ადგილები, საცა ახლა ჩამოვედი, სწორედ რომ ჩემს სულს ეგუებოდა. აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე იტალიაში. დიახ, როგორ არა! იტალიის ცას რა შეედრება. შემოდგომობით ესპანეთსა და ჩრდილო მიჩიგანშიაც კარგი ცა იცის, მექსიკის უბეშიაც. ამაზე კარგ ცას სხვაგანაც ნახავ, მაგრამ ამაზე უკეთეს ქვეყანას ვერსად შეხვდები. ახლა ერთი რამ მინდა მხოლოდ - აფრიკაში დაბრუნება. ჯერ არც წავსულვარ აქედან, მაგრამ ღამღამობით გამომეღვიძება და, ძილგატეხილს, უკვე განშორების სევდა მომიცავს ხოლმე.

      ვიჯექი, გავყურებდი ცას, ქარისაგან დაძრულ თეთრ ღრუბლებს და უცებ ისე წამომიარა ამ ქვეყნის სიყვარულმა, რომ თავი ბედნიერად ვიგრძენი. ასეთ ბედნიერებას საყვარელ ქალთან სიახლოვის შემდეგ ვგრძნობ; გამოფიტული და დაცარიელებული, ელოდები კვლავ როდის წამოგიარს, აჰა, წამოგიარა კიდეც, სრულ დაკმაყოფილებას ვერასოდეს იგრძნობ. მაგრამ, რაც განიცადე, ის შენია, შენ გეკუთვნის, თუმცა სულ უფრო მეტი და მეტი გინდა - გინდა განუწყვეტლივ გქონდეს ეს განცდა, ამით ცოცხლობდე და სულდგმულობდე, კლავ და კვლავ იგრძნო ეს ნეტარება, რასაც თითქოს ბოლო არა აქვს... გინდა შეაჩერო დრო, და ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს მართლაც შეჩერდა, მერე კი, ყველაფრის შემდეგ, ელოდები, ისევ როდის წამოგივლის, და მართლაც ნელ-ნელა მოგიცავს ხოლმე ეს გრძნობა. მარტოობის განცდა კი აღარა გაქვს, რადგან მართლა თუ მთელი სულითა და გულით გიყვარდა, ისიც სამუდამოდ შენი ერთგული დარჩება; ვინც არ უნდა შეიყვაროს, საცა არ უნდა წავიდეს, შენ მაინც ყველაზე მეტად უყვარხარ. თუკი ნამდვილად გიყვარდა ცხოვრებაში ქალი ან ქვეყანა, თავი ბედნიერად ჩათვალე - რომ მოკვდები, იმის შემდეგაც კი შენი სიკვდილი არაფერს შეცვლის. ახლა, აფრიკაში ყოფნის დროს, ხარბად ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი რამე წამეღო მისგან - წელიწადის დროთა ცვლა, წვიმები, როცა ერთ ადგილას გამოიმწყვდევი და ფეხი ვეღარ მოგიცვლია, მოუწყობლობა, რასაც მოთმინებით ეჩვევი, რათა უფრო კარგად განიცადო ყველაფერი, სოფლების სახელწოდებანი, წვრილ-წვრილი ცხოველები და ფრინველები; ცდილობ, ენაც შეისწავლო, რაც შეიძლება მეტი დრო გამონახო, რათა კარგად ჩასწვდე ყველაფერს და არსაით მიგეშურებოდეს, მთელი ჩემი დღე და მოსწრება სხვადასხვა ქვეყნების სიყვარულში გამიტარებია. ქვეყნები მუდამ სჯობს ადამიანებს, ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ შემიძლია მიყვარდეს.

      ...ისევ ხელში მეჭირა ტოლსტოის "სევასტოპოლის მოთხრობები", და ამავე წიგნში "ყაზახებიც" წავიკითხე - ძალიან კარგი მოთხრობა. აქ არის ზაფხულის ხვატი, კოღოები, ტყე, რომელსაც წელიწადის სხვადასხვა დროს სულ სხვადასხვა იერი ადევს, მდინარე, რომელზედაც თათრები გადადიან ხოლმე... და მეც თითქოს იმ დროინდელ რუსეთში მოვხვდი.

      ისეთივე ნამდვილი და რეალური გახდა ჩემთვის ჩვენი სამოქალაქო ომის დროინდელი რუსეთი, თითქოს ძალიან ნაცნობი ადგილი ყოფილიყოს, როგორც მიჩიგანი, მაგალითად, ან ქალაქის ჩრდილოეთით გაჭიმული პრერიები, ანუ ევანსის საქათმე ფერმას შემორტყმული ტყე; ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს ტურგენევის წყალობით მე თვითონ მეცხოვროს რუსეთში, ისევე, როგორც ბუდენბროკებთან მიცხოვრია, ან "წითელ და შავში" ფანჯრიდან შევპარულვარ ქალთან; აჰა, ის დილაც, როცა ქალაქის კარიდან პარიზში შევედით და ვნახეთ, როგორ გამოაბეს სალსედი ცხენს, როგორ ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯეს გრევის მოედანზე. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მინახავს. მაგრამ მაინც ვერ ჩამომახრჩეს, იმიტომ რომ ჯალათთან საოცარი თავაზიანობა გამოვიჩინე, როცა კოკონასთან ერთად უნდა დავესაჯეთ, და ბართლომეს ღამეც მახსოვს, როგორ ვიჭერდით ხოლმე ჰუგენოტებს და მერე ალყაში მოვხვდი, იმ ქალთან რომ ვიყავი სახლში, და ამ გრძნობასაც არაფერი შეედრება, როცა დავრწმუნდი, ლუვრის კარი დაკეტილი იყო, ან როცა მის სხეულს შევყურებდი წყალში, ანძიდან რომ გადავარდა. ახლა იტალია - იტალიას რა დამავიწყებს - რომელი წიგნი შეედრება, წაბლის ტყეში განცხრომით მოელვარეს; შემოდგომაზე კი Du omo-ს გადაღმიდან ნისლი დაიძრება, გაივლი მთელ ქალაქს და Ospedale Maggiore-სკენ მიემართები, დალურსმული ჩექმები ქვაფენილზე მიბაკუნებენ; გაზაფხულობით მთაში მოვარდნილ ღვართქაფები, ჯარის სუნი, თითქოს პირში სპილენძის ნაჭერი გიდევსო. საშინელი ხვატი დგას და Denzenzano-სთან მატარებელი ჩამოდგა, იქვეა Lago de Garda, ის ჯარი კი ჩეხური ლეგიონი აღმოჩნდა; მერე წვიმა, მეორედ რომ ჩაივლი, უკვე ღამეა, მერე საბარგო მანქანით ჩავუარე და შევნიშნე, როგორ ბრუნდებოდა სადღაციდან და მე სერმიონეს მხრიდან მივადექი, სიბნელეში. იმიტომ რომ ჩვენც იქ ვიყავით - წიგნებში თუ წიგნებს გარეთ, ხოლო საცა ჩვენ მოვხვდებით - თუკი კალამი გვიჭრის - იმ ადგილებს მერე თქვენც მოინახულებთ. გამოფიტული მიწა, მტვერს ქარი იტაცებს, ხალხი იხოცება, ხოლო ვინც ხელოვნებას ემსახურებოდა, საუკუნეებს შერჩება ხოლმე. მაგრამ ახლა თავს ანებებენ მუშაობას, იმიტომ რომ მეტისმეტი სიმარტოვეა, მეტისმეტად ძნელია და მოდიდანაც გადავარდა. ათასწლიანი ეკონომიკა მიამიტობად გვეჩვენება, ხელოვნების ნაწარმოები კი მარად უკვდავია, მაგრამ შექმნაა ძნელი, თან ახლა მოდიდანაც გადავარდა. უკვე აღარ მისდევენ ხელოვნებას, მოდიდან არ გადავვარდეთო, ეშინიათ, და არც ლიტერატურაზე მცოცავი ტილები აღირსებენ შექებას. მძიმე საქმეა. რა გაეწყობა! დავჯდები აგერ და ვიკითხავ, როგორ გადასჭრეს თათრებმა მდინარე, ამ შებერებულ მთვრალ მონადირეს გავეცნობი, იმ გოგონას მოვინახულებ და ვნახავ, როგორ სულ სხვადასხვანაირია ის ქვეყანა წელიწადის სხვადასხვა დროს. ფილიპსსა და მემსაიბს მალე ჩაეძინათ, მე კი კვლავ ტოლსტოის წიგნი ავიღე და "ყაზახები" ბოლომდე ჩავათავე. დიდებული მოთხრობაა.

*

      ...ეს კუთხე სავსებით ახალი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც თითქოს დიდი ხნის ნაცნობ ადგილებს მოგვაგონებდა. ნადირის გაკვალული ბილიკი შიბად გასდევდა კლდეს და მთის ღორღში იკარგებოდა. ყველაფერი ეს საოცრად მოგვაგონებდა არაგონს და მაშინღა მივხვდი, ესპანეთში არა ვარ-მეთქი, როცა დასაპალნებული ჯორების ნაცვლად ათიოდე აფრიკელთაგან შემდგარ ჯგუფს შევხვდით. მთელი მათი ჩაცმულობა თეთრი ქსოვილის ნაჭერი იყო, რაც ტოგასავით მოეკუჭუჭებინათ ბეჭებთან; თავი და მუხლები შიშველი ჰქონდათ, მაგრამ ამათ რომ გავშორდით და კვლავ გავხედე ხეთა შორის გავლებულ დაგრეხილ ბილიკს, ისევ ესპანეთი წარმომიდგა, თითქოს ცხენზე ვზივარ - წინაც ცხენიანი კაცი მომდევს - და ლამის გული წამივიდეს, როცა ვხედავ, როგორ დახვევია ქინქლები წინა ცხენს კუდთან. ასეთივე ქინქლები აქაც ვნახეთ - ლომებს დახვეოდნენ. ესპანეთში ეს საზიზღარი მწერები კისერში ჩაგვიძვრებოდნენ ხოლმე და პერანგის გაუხდელად ვერც მოკლავდი. ზოგჯერ ჩაგიძვრებოდა ერთი ქინქლი საყელოში, ზურგზე ჩაცურდებოდა, მერე იღლიიდან მუცელზე გადმოძვრებოდა და ჭიპისკენ ჩაცოცდებოდა. ხელს ვერ მოავლებ, ვერასდიდებით ვერ გასრეს, ისე გაგისხლტება თითებშორის, რომ გაგიკვირდება კიდეც. უნდა ადგე და სულ გაიხადო ტანსაცმელი. შევყურებდი მაშინ იმ ქინქლებს ცხენის კუდთან და სიმწრის ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ასეთი საშინელი განცდა ჩემს დღეში არა მქონია, გარდა იმ დღეებისა, როცა ჰოსპიტალში ვიწექი, მკლავგადატეხილი. ღია მოტეხილობა მხარსა და ნიდაყვს შორის: ხელის მტევანი ზურგზეა აღრეცილი, ბიცეფსები - გაფატრული, ხორცის ნაფლეთებმა ლპობა იწყეს, დაიბერნენ და დასკდნენ, ჩირქმა იწყო დენა. ებრძვი ამ ტკივილს მარტოდმარტო, მთელი ხუთი კვირა რული არ გაჰკარებია თვალს და ერთხელ, ღამით, უცებ გაიფიქრებ - ირემს რაღა მოუვა, ბეჭში რომ მოარტყა და ასე დაჭრილი გაიქცეს. და იმ ღამეს, ძილგატეხილმა, ირმის მაგივრად მე თვითონ გამოვცადე ყველაფერი - ტყვიის მოხვედრის ელდიდან დაწყებული სულის ამოსვლამდე. ჭკუა ხომ დალაგებული არ მქონდა მაშინ და გავიფიქრე - მთელი მონადირეების ცოდვა მე მომეკითხა-მეთქი. მერე, როცა გავჯანსაღდი, ასე გადავწყვიტე: თუ მართლა შურისგება იყო ეს, აკი მოვითმინე და გადავიტანე; მეც იმას ვაკეთებდი, რაც სხვებმა მე გამიკეთეს. მეც ხომ მომარტყეს ტყვია, დამასახიჩრეს, და მეც დაჭრილი გავიქეცი. მაგრამ იმის მოლოდინში ვიყავი, ასე იქნება თუ ისე, მომკლავენ-მეთქი და, სინდისს ვფიცავ, ამაზე აღარ მიწუწუნია. მაგრამ რაკი საყვარელ საქმეზე ხელის აღება ძნელი გამოდგა, გადავწყვიტე, მანამდე ვინადირო, ვიდრე ერთი გასროლით მოკვლას მოვახერხებ, ხოლო როცა ამას ვეღარ შევძლებ, ნადირობასაც გამოვეთხოვები...

*

- მოიხედეთ, მართლა მწერალია? - იკითხა ფილიპსმა ჩემზე, - რომ არა ჰგავს! თუ ნადირობით გარჩენთ თქვენც და საკუთარ თავსაც?

- არა. წერს. თუ კარგად ააწყო მუშაობა, მაშინ რა გიჭირს. მაგრამ მანამ ააწყობდეს, მტრისას! ჯობს, არც გაეკარო, ვიდრე წერას შეუდგებოდეს, ერთი კარგად უნდა გაბრაზდეს. და როცა შეიქნება ლაპარაკი, ჩემს დღეში კალამს ხელს აღარ ვახლებო, ვიცი, რომ უკვე კარგად არის საქმე.

- რატომ ლიტერატურაზე არაფერს გვეუბნება? - იკითხა ფილიპსმა, - სულ კანდისკი ლაპარაკობს. გვიამბეთ ლიტერატურული ანეგდოტები.

- კარგი, მომისმინეთ. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საღამო პარიზში. წინა დღე სოლონში გავატარე, ბენ გალაჰერთან ერთად. იქ fermèe-ს ვაწყობდით ხოლმე, - ბაჭიებისათვის დაბალ ღობეს შემოავლებენ ეზოს, - და მთელი დილა ბაჭიებზე ვნადირობდით, ნასაუზმევს კი ხოხობზე სანადიროდ გავედით და ერთი chevreuil-იც მოვკალი.

- მერე, ლიტერატურასთან რა ესაქმება მაგას?

- დამაცადეთ. უკანასკნელ საღამოს ჯოისი გვეწვია სადილად, ცოლიც ახლდა. შემწვარი ხოხობითა და შვლის სუკებით გავუმასპინძლდით. მე და ჯოისი ვსვამდით კიდეც, იმიტომ რომ მეორე დღეს აფრიკაში მოვემგზავრებოდი. ეჰ, რა საღამო იყო!

- ეგ სადაური ანეგდოტია! ან ლიტერატურასთან რა კავშირი აქვს? - თქვა ფილიპსმა, - ჯოისი ვინღაა?

- მშვენიერი კაცია, - ვუთხარი მე, - "ულისის" ავტორი.

- "ულისი" ხომ ჰომეროსმა დაწერა, - გაიკვირვა ფილიპსმა.

- მაშ ესქილე ვიღამ დაწერა?

- ისიც ჰომეროსმა დაწერა, - მიპასუხა ფილიპსმა, - ასე ადვილად ვერ დამიჭერთ. აბა, კიდევ თქვით ერთი ლიტერატურული ანეგდოტი.

- პაუნდი თუ გაგიგონიათ?

- არა, - მომიგო ფილიპსმა, - პირველად მესმის.

- პაუნდზე გამოულეველად მაქვს ანეგდოტები.

- ჰო, როგორ შეექცეოდით რაღაც უცნაურ ნადირს და როგორ სვამდით, არა?

- არც უმაგისობა ყოფილა.

- რას ერჩი, კაი მხიარული ცხოვრებაა. რას იტყვით, მე თუ გამოვდგებოდი მწერლად?

- რატომაც არა.

- ხომ ხედავთ, - მიმართა ფილიპსმა ჩემს ცოლს, - ნადირობა გვერდზე გადავდოთ და მწერლები გავხდეთ ორივენი.

- ჯორჯ მური თუ გაგიგონიათ?

- ეს რომელი მურია, ლექსი რომ დაუწერეს: "მაშ გავემგზავროთ! დღეგრძელება ამ თასით მურსა?"

- სწორედ ის გახლავთ.

- რა მოუვიდა მერე?

- მოკვდა.

- კარგი ანეგდოტი კი ყოფილა, მე და ჩემმა ღმერთმა. ცოტა უფრო მხიარულს ვერაფერს გაიხსენებთ?

- ერთხელ წიგნის მაღაზიაში შევხვდი.

- ასე. ხომ ხედავთ, სცოდნია ანეგდოტები, თუკი მოიწადინა.

*

      ...ვიგრძენი, რომ კვეხნის ჟინმა წამომიარა, მაგრამ ფილიპსი და ჩემი ცოლი სადღაც წავიდნენ, და ყურის დამგდები აღარავინ დარჩა. კვეხნა ვერაფერი საინტერესოა, განსაკუთრებით - როცა არ ესმით შენი, მაგრამ სულ ტყუილად ყოფნას მაინც ასე სჯობს, მით უმეტეს ამდენი ლუდის შემდეგ...

- შენც ყოჩაღი ყოფილხარ, - ტოგამოსხმულ რომაელს რომ ჰგავდა, იმას ვუთხარი, - ორივენი ყოჩაღები ვართ. ქურთუკის ჯიბეში ვაზნები მეწყო. კიდევ დავლიე ლუდი და შევნიშნე, ბერიკაცი მე მიყურებდა. ექვსივე ვაზნა ჩავამწკრივე.

- ტრაბახი მომინდა, - ვთქვი მე, - უნდა მოითმინოთ, მეტი რა გზაა. აბა, შეხედეთ, - ვაზნებს სათითაოდ შევახე ხელი, - სიმბა, სიმბა, ფარო, ნაიტი, ტენდალა, ტენდალა. რას იტყვით? გნებავთ - ნუ დაიჯერებთ. აბა, შეხედე, მ’კოლა, - და ისევ სათითაოდ შევახე ხელი ექვსივე ვაზნას, - ლომი, ლომი, მარტორქა, კამეჩი, ანტილოპი, ანტილოპი.

- ჰაა, - მხიარულდ წამოძახა რომაელმა.

- ნ’დიო, - ზეიმით დაუკრა კვერი მ’კოლამ, - ასეა. მართალია.

- ჰაა, - კვლავ წამოიძახა რომაელმა და ცერზე წამავლო ხელი.

- სრული სიმართლეა, - ვთქვი მე, - თუმცა ძნელი დასაჯერებელი კია.

- ნ’დიო, - გაიმეორე მ’კოლამ და ვაზნები გადათვალა, - სიმბა, სიმბა, ფარო, ნიატი, ტენდალა, ტენდალა.

- სხვებსაც შეატყობინეთ, - ვთქვი მე ინგლისურად. ტრაბახიც ამას ჰქვია. დღეს მეყოფა...

- მ’კოლა, - ვთქვი მე, - დღეს კუდუ იყოს. ხვალ - ანტილოპები, კამეჩი, სიმბა.

- ჰაპანა კამეჩი, - შემესიტყვა იგი და თავი გააქნია, - სიმბა არ იქნება.

- მე და ვანდერობო-მასაი მიგვიშვი კამეჩთან, - ვთქვი მე.

- ჰო, - გაეხარდა ვანდერობო-მასაის, - უსათუოდ.

- აქვე, ახლოს დიდი სპილოებიც მეგულება, - განაცხადა ჩვენმა ტრაგიკოსმა.

- მაშ, სპილოებს შევუტიოთ ხვალ, - გავაბრაზე მ’კოლა.

- ჰაპანა სპილოები, - გრძნობდა, რომ ვაბრაზებდი, მაგრამ ამისთანა ლაპარაკის მოსმენაც კი არ უყვარდა.

- სპილოები, - განვაგრძე მე, - კამეჩი, სიმბა, ლეოპარდი.

      გახარებული ვანდერობო-მასაი თავს მიქნევდა.

- მარტორქა, - დაუმატა მან.

- ჰაპანა! - შეჰყვირა მ’კოლამ. ეტყობოდა, იტანჯებოდა.

- იმ მთებში სავსეა სულ კამეჩი, - თარგმნა ბერიკაცმა სიტყვები რომაელისა, რომელიც მგზნებარედ წამოხტა და ხელი მთებისაკენ გაიშვირა.

- ჰაპანა! ჰაპანა! ჰაპანა! - მტკიცედ და რიხიანად გაიძახოდა მ’კოლა. ლუდი აღარ გინდათ? - დანა გვერდზე გადადო.

      მ’კოლა გვერდზე ჩამიცუცქდა და მობოდიშებას მოჰყვა. ფილიპსი ახსენა და მივხვდი, ფილიპსს ეწყინებაო, ამბობდა, ამას არ მოიწადინებსო.

- ვიხუმრე, - ვთქვი მე ინგლისურად და მერე სუახელიურად დავძინე, - ხვალ ანტილოპებზე წავიდეთ?

- ჰო, - თქვა მან გატაცებით, - უსათუოდ. ამის შემდეგ რომაელთან გავაბი საუბარი. მე ესპანურად ვლაპარაკობდი, ის კი, ღმერთმა უწყის, რა ენაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ, ეტყობოდა, ხვალინდელი ნადირობის გეგმას ვაწყობდით.

*

      ...მიყვარს აფრიკა და თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო როცა ადამიანს, სამშობლოს გარდა, სხვა ქვეყანაც ასე გიყვარს, უნდა იცხოვრო კიდეც იქ. პაპაჩემის სიცოცხლეში მიჩიგანის შტატი მალარიის კერა იყო. ხან ციებას ეძახდნენ, ხანაც ხურვებას. ტორტუგასის კუნძულზე კი ყვითელმა ციებამ ჩემს მახსოვრობაში ათასი კაცი გაჟუჟა. ახალი კონტინენტები და ახალი კუნძულები ცდილობენ სნეულებებით დაგვაფრთხონ, როგორც გველი აფრთხობს სისინით ადამიანს. შხამიანი გველიც რომ გამოერევა, უნდა აიღო და გასრისო. მე კი მგონია, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელსაც თავისი უკვე მოუჭამია და თავსღა ვიტყუებთ, მაინც კარგი ქვეყანააო, ათასწილად ჯობს, ნადვილად კარგი ქვეყანა შეარჩიო საცხოვრებლად და ავადმყოფობისაგან თავი სულ უბრალო პროფილაქტიკური საშუალებებით დაიცვა.

      ჩვენს გამოჩენასთან ერთად კონტინენტები სწრაფად იფიტებიან. ადგილობრივი ხალხი შეჩვეულია მათთან. სხვა ქვეყნებიდან მოსულები კი ყველაფერს ანადგურებენ - ტყეებს ჩეხავენ, წყაროებს სპობენ და ეს საბოლოოდ წყალმომარაგების მთელ სისტემას არღვევს, ბალახის გამუდმებული ჩიჩქნისაგან მალე ნიადაგიც ღარიბდება, საბოლოოდ, სულმთლად იფიტება, როგორც ყველგან, ყველა ძველ ქვეყანაში, და როგორც ეს ჩემ თვალწინაც დაიწყო კანადაში. ბევრი დამუშავებისაგან მიწა იღლება. თუ ადამიანი, თავის ცხოველებთან ერთად, საკუთარ ეკსკრემენტს არ აძლევს ნიადაგს, ქვეყანა მალე იფიტება. საკმარისია, ადამიანმა მანქანით შესცვალოს ცხოველი, რომ მალე მიწა გაიმარჯვებს მასზე. მანქანა არც თავისივე მსგავსს წარმოშობს, არც მიწას აპოხიერებს და საკვებადაც ისეთი რამ სჭირდება, რასაც ადამიანი არა ზრდის. ქვეყანა ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც პირველად ვიხილეთ ჩვენ. ჩვენ მოსულები ვართ, და ჩვენი სიკვდილის შემდეგ, ქვეყანა იქნებ სულ გატიალდეს; დარჩენით უსათუოდ დარჩება, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორი იქნება. ვაითუ ისეთივე ბედი ეწიოს, რაც გობის უდაბნოს ერგო! სიამოვნებით ჩამოვიდოდი აფრიკაში კიდევ ერთხელ, მაგრამ საშოვარზე კი არა. რა ბევრი რამე მე მინდა - თავის სარჩენად ორიოდ ფანქარი და ერთი დასტა უბრალო ქაღალდი მეყოფა. იმიტომ ჩამოვიდოდი, რომ მიყვარს აქაურობა - აქ რომ ვარ, კი არ მივაჩანჩალებ ჩემს წუთისოფელს, კაცურად ვცხოვრობ. ჩვენს წინაპრებს ამერიკისაკენ მიუწევდათ გული, იმიტომ რომ, ყველა იქითკენ მიეშურებოდა. კარგი ქვეყანა იყო ამერიკა, ჩვენ კი, ეშმაკმა უწყის, რად ვაქციეთ. მე პირადად უსათუოდ სხვაგან გავემგზავრები; ამის უფლება არავის წაურთმევია, საცა გვინდა, იქ წავიდეთ და ასეც ვიქცეოდით ხოლმე მუდამ. უკან დაბრუნება არასოდეს არ იქნება გვიან. დე, ისინი გაემგზავრონ ახლა ამერიკაში, ვინც ვერა ხვდებიან, რომ მეტისმეტად დააგვიანეს. ჩვენმა წინაპრებმა მაშინ იხილეს ეს ქვეყანა, როცა ნამდვილად კარგი იყო და სისხლით იცავდნენ მას, როცა მართლაც ღირდა დასაცავად. მე კი ახლა სხვაგან წავალ. ძველადაც აკი მივემგზავრებოდით ხოლმე ხან სად და ხან სად. მაშინ კარგი ადგილებიც ბლომად იყო.

      მე კარგად შემიძლია გავარჩიო ცუდი ქვეყანა კარგისაგან. აფრიკაში უამრავი ნადირია, ჩიტებიც ბლომადაა და მე მიყვარს აქაური ხალხი. დიდებულია აქ ნადირობა და თევზაობა. ჩემთვის კი ყველაზე სანუკვარია - ნადირობა, თევზაობა, წიგნის კითხვა, წერა და იმის აღწერა, რასაც ირგვლივ ხედავ. ყველაფერი მახსოვს, რასაც კი ვხედავ. და რაც აქ ჩამოვთვალე, ამის გაკეთება თვითონვე მიყვარს, დანარჩენს კი შორიდან ვუთვალთვალებ. თხილამურებიც მიყვარს, მაგრამ ის მუხლი უკვე აღარ მაქვს. თან კარგი თოვლის საძებნელად დროის დაკარგვა უაზროდ მიმაჩნია, მეთხილამურეებით გაივსო მთელი ქვეყანა.

ნახვა: 1010

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters