სოფონიას წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1


      მხ. 1. უფლის სიტყვა, რომელიც გამოეცხადა სოფონიას, ძეს ქუშისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი, იუდას მეფის, იოშია ამონის ძის დროს…"
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მოცემულ მუხლში წარმოდგენილი ცნობა გვიცხადებს, თუ როდის უწევდა მოღვაწეობა სოფონიას. ესაა იოშიას მეფობის დღეები. ერთ-ერთი უღირსეულესი მეფის, ეზეკიას გარდაცალების შემდეგ ტახტზე მისი ძე მანასე ადის, რომელიც იუდეის სამეფოს ისტორიაში უკეთურებით გამორჩეულ პიროვნებად იხსენიება. სწორედ მის სახელს უკაშირდება ესაიას გარდაცვალება. მანასეს შემდეგ ტახტს მისი ვაჟი ამონი იკავებს, რომელიც მამის გზაზე აგრძელებს სრბოლას. ამონმა ორი წელი იმეფა. მისი გარდაცალებისას ტახტზე მციროწლოვანი ვაჟი, იოშია ავიდა. იგი იუდეის მეფეთა შორის ერთ-ერთი უღირსეულესი მმართველია. სწორედ ამ დროს გამოდის ასპარეზზე სოფონია).
       მხ. 2-3. ‘ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი".
ნეტარი იერონიმე: უფალი იუდეას განადგურებას ჰპირდება. სოფონიას მოღვაწეობისას სამხრეთის სამეფოს სათავეში ერთ-ერთი უღირსეულესი მეფე – იოშია უდგას. რომ არა ეს ადამიანი, იუდეველებს სხვა მეფეთა პირობებში (მანასე, ამონი, იოაქაზი, ოიაკიმე, იექონია, სედეკია) შეეძლოთ თავი ემართლებინათ და სახელმწიფოში არსებული გაუკუღმართებები მათთვის დაებრალებინათ. მოცემულ შემთხვევაში საქმე ისაა, რომ ამჯერად ვერავის დასცდება აუგი, ვერავინ იტყვის ძვირს, რადგან იოშიამ ყველაფერი გააკეთა ერის გადასარჩენად, მოსახლეობამ კი მეფის მსურველობა არად ჩააგდო. სწორედ ამიტომ მოხდება ის, რაზეც წინასწარმეტყველი მიუთითებს).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი ყოელგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადადის და იუდეის სამეფოს დაქცევას იუწყება. სოფონიას თქმით, მიწის პირიდან აიხვეტება კაცი თუ პირუტყვი, ცის ფრინველი და ზღვის თევზი. ადამიანებში ისინი მოიაზრებიან, ვინც არ ინტერესდება ჭეშმარიტებით, ვისთვისაც სულიერი ცხოვრება არაფერს წარმოადგენს. პირუტყვად საზოგადოების ცხოველური ვნებებით შეპყრობილი ნაწილი სახელდება, ვისზეც ბრძანებს მეფსალმუნე: „კაცი პატივსა შორის იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" . ცის ფრინველებში ისინი იგულისხმებიან, რომლებსაც თითქოსდა ამაღლებული გონება აქვთ, თითქოს სიბრძნის წყარონი და ყოველთა მოძღვარნი არიან, მაგრამ წარმოდგენა არ გააჩნიათ ჭეშმარიტების შესახებ და მხოლოდ სხვის თვალში წარმოსაჩენად განიბრძნობენ საკუთარ თავს. ცის ფრინველებს ხშირად განსაკუთრებული ამპარტავნების ვნებით შეპყრობილ ადამიანებს ადარებენ. თევზები უგუნურ ბრბოს განასახიერებენ. თევზი ყველაზე უტყვი, მდუმარე არსებაა და სწორედ ეს მდუმარებაა სიმბოლურად უგუნურება).
      მხ. 4-6. ხელს მოვუღერებ იუდას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს; მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად, მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცებენ და თავიანთ მეფეს იფიცებენ; მათ, ვინც განუდა უფალს და აღარ ეძიებს უფალს, და აღარ კითხულობს".
წინარე მუხლებში გაჟღერებული უბედურებების შემდეგ სოფონია პირდაპირ ამ უბედურებათა ადრესატს მიმართავს. იუდეასთან ერთად წინასწარმეტყველი ქ. იერუსალიმს ახსენებს. საქმე ისაა, რომ იერუსალიმი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენდა, რადგან ერთადერთი ლიტურგიკული მსახურების შესაძლებლობა ადამიანს სწორედ ამ ქალაქში ეძლეოდა. აქვე იმყოფებოდნენ რჯულისმოძღვრები, განათლებული და მწიგნობრობაში განსწავლული რაბინები. ერთი სიტყვით, იერუსალიმი ქვეყნის სულიერ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ სახეს წარმოადგენდა. ამიტომაც საწინასწარმეტყველო წიგნებში ხშირად იუდას დედაქალაქი იხსენიება და ესა თუ ის სასჯელი სწორედ მას განეკუთვნება.
წინასწარმეტყველი აქვე უთითებს მიზეზს, თუ რატომ ეწევა უბედურება იუდას. პირველი მითითება ბაალის კერპს უკავშირდება: „აღვიხუნე ადგილისა ამისგან სახელნი ბაალისნი". ღვთის განაჩენი სიდონური ნაყოფიერების კერპის ბაალის განადგურების შესახებ იუწყება . აღნიშნულ კულტმსახურებას ისრაელის სამეფოში მაშტაბურად მეფე აქაბის დროიდან აღასრულებდნენ . მოგვიანებით იგი იუდაშიც გავრცელდა. აღმოიფხვრება ბაალის ყველა კერპი და განადგურების საზომი ისეთი მძლავრი იქნება, რომ ხალხის მეხსიერებაში კერპის სახელი და მისი მსახურებიც დავიწყებას მიეცემიან (შდრ. „აღვიხუნე ადგილსა ამისგან სახელნი ბაალისნი და სახელნი მღდელთანი"). მღვდლებში სწორედ კერპის მსახური ქურუმები იგულისხმებიან, რადგან ებრაულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი გაკკემარიმ, ხოლო ლევიტელი სასულიერო პირები ებრაულ ბიბლიაში იხსენიებიან ტერმინით კოგანიმ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სოფონია საკუთარი სიტყვების ადრესატად იუდასა და იერუსალიმს ასახელებს და მიუთითებს, თუ რა განაპირობებს ღვთის მსჯავრს. წინასწარმეტყველი იუდეაში არსებული კერპების სიმრავლეზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ყველა მათგანი საკუთარი მსახურებითურთ აღმოიფხვრება. სოფონია მეფე იოშიას პერიოდში მოღვაწეობს. წინასწარმეტყველის წარმოდგენილი უწყება სწორედ მეფე იოშიამ განახორციელა. მან პირწმინდად გაანადგურა კერპები, გაწმინდა ტაძარი და აღადგინა მსახურება. მისი ხელი მეზობელ, იმჟამად განადგურებულ ისრაელის სამეფოსაც გადასწვდა და სახელოვანმა მეფემ იქაც ძირფესვიანად აღმოფხვრა ყველა გაუკუღმართება, მაგრამ სოფონიას სიტყვა, ვფიქრობ, არა მეფე იოშიას მიერ აღსრულებულ საქმიანობას, არამედ ნაბუქოდონოსორისგან იერუსალიმის დაქცევას გვაუწყებს. ქალდეველმა მეფემ ქვა ქვაზე არ დატოვა იუდაში. თუმცა იოშიასგან განსხვავებით, რომელიც ყოველივე ამას ღვთის სადიდებლად იქმოდა, ნაბუქოდონოსორი მართალია, უზენაესის დაშვებით, მაგრამ კერპებთან და კერპმსახურებთან ერთად იერუსალიმის ტაძარსა და მის ჭეშმარიტ მსახურებს ერთიანად გაუსწორდება). მორიგი უწყება ბანზე ციური ლაშქრის თაყვანისმცემელ ადამიანებს უკავშირდება (შდრ. „და რომელნი თაყუანის-სცემენ ბანებსა ზედა ძალთა ცისათა"). მითითებული კერპმსახურების სახეობაში იგულისხმება ებრაელთათვის შორეული წარსულიდან ცნობილი , მაგრამ საკუთრივ იუდაში მეფეების აქაზისა და მანასეს მიერ გავრცელებული ბაბილონური წარმართული მსახურების ფორმა ციური მნათობების თაყვანისცემა, ეგრეთწოდებული საბეიზმი. აღნიშნული წესის განსახორციელებლად არ იყო საჭირო სპეციალური პირის, ქურუმის, არსებობა და სპეციალიზებული ნაგებობის ბომონის აგება, რადგან კერპისადმი პატივმიგება ინდივიდუალურად სახლის ბანზე აღესრულებოდა. ამ კულტმა იუდეველთა შორის საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვი. მას იუდეის დაქცევის შემდეგ ეგვიპტეში გაქცეული ებრაელები ადრინდელი მონდომებით კვლავაც აღასრულებდნენ .
დაბოლოს. ღვთის რისხვას დაიტეხენ ისინი, „რომელნი არა გამოეძიებენ უფალსა და არა შეუდგენ უფალსა" (მხ. 6). ადამიანები, რომლებსაც არც კერპი აინტერესებთ, არც ჭეშმარიტ ღმერთს ეძებენ, ვისთვისაც ერთია ყოველივე.
      მხ. 7. იდუმე უფლის, ღვთის წინაშე, რადგან ახლოსაა უფლის დღე; რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები".
წინასწარმეტყველი საღვთო სასჯელის შინაარსს მოკლედ სამი მდგომარეობით გადმოსცემს: ა). ახლოსაა უფლის დღე" („ახლოს არს დღე უფლისა"); ბ). გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს" (‘განმზადა უფალმან მსხვერპლი თვისი"); გ). არჩეული ჰყავს სტუმრები" („წმიდა-ყუნა ჩინებულნი თვისნი").
„დღე უფლისა" (ებრ. იომ იეგოვა) ნეტარი იერონიმეს განმარტებით, შემცოდე ერის ტყვეობისა და შურისგების დღეებია. მართლაც, ძველ აღთქმაში უფლის დღე სიმართლის ზეიმის შესახებ გვამცნობს და სწორედ იმ ჟამზე გვითითებს, როდესაც რჯულის დამრღვევთა მიმართ გამოვლენილი მრავალი სულგრძელების შემდეგ უზენაესი საკუთარ თავს ვითარცა მრისხანე ხელმწიფე და მსაჯული წარმოაჩენს და განხორციელებული სასჯელით კვლავ აღადგენს დარღვეულ სამართლიანობას . მეორენაირად იგივე ტერმინი ძველი აღთქმის ეპოქაში განიხილებოდა, როგორც უწყება ნათელი მომავლის, დედამიწაზე სასუფევლის დამყარების შესახებ, რაც მაცხოვრის განკაცებას უკავშირდება. მესამე მნიშვნელობის თანახმად კი, „უფლის დღეში" საყოველთაო, უკანასკნელი სამსჯავრო იგულისხმება.
მსხვერპლში ღვთის მცნებების დამრღვევი ხალხი მოიაზრება, ხოლო სტუმრებში ბაბილონელები.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სოფონია ამბობს, რომ ახლოსაა უფლის დღე. უფლის დღეში 586 წლის მოვლენები მოიზრება, „რადგან განმზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები". მომზადებულ მსხვერპლში იუდეაში მცხოვრები მოსახლეობა იგულისხმება, ხოლო არჩეულ სტუმრებში ბაბილონელები, რომლებიც განწესებულ ჟამს იუდა უნდა დაიმორჩილონ).
ნეტარი იერონიმე: სოფონია იუდეველთა ნაბუქუდონოსორის მიერ დამორჩილებაზე საუბრობს, მაგრამ გარდა ქალდეველების სისასტიკისა მოცემულ შემთხვევაში შორეული მომავალიც მოიაზრეა, როდესაც ტიტე მიწასთან გაასწორებს იერუსალიმს. წმინდა წერილს ხშირად ახასიათებს ასეთი რამ, ერთ საკითხს განიხილავს და მას სხვა, უფრო დიდი მოვლენის წინასახედ წარმოადგენს).
       მხ. 8-9.  დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით შემოსილს; მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამვსებელს".
წინასწარმეტყველი საღვთო რისხვის პირველ მიზეზად იუდას სამეფოში მიმდინარე კერპმსახურებას ასახელებს და იქვე მიუთითებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ დამნაშავე ერის ზნეობრივ გახრწნაში. მთავრებში" სამეფო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, ხოლო უფლისწულებში" მეფე იოსიას შვილები იგულისხმებიან. ბრალდების არსი ისაა, რომ ყველა მათგანი წარმართული, ასურული, ბაბილონური, ეგვიპტური, კულტურითა და მოდით იყო გატაცებული. ასეთი სწრაფვა ყოველივე უცხოურისკენ იუდეველებს ბუნებრივ სულიერ-რელიგიურ დამოკიდებულებას უჩენდა სხვა ერებისადმი, რამაც რჩეული ერი საბოლოოდ დაღუპა.  სოფონია სახელმწიფოში არსებულ სამ იერარქიას ამხელს: 1). მეფე; 2). მეფის სახლი  თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ებრაულში ნაცვლად სახლისა  გვხვდება ტერმინი დენე ძენი, ანუ მეფის ძენი (დენე გამმელეხ; ვულგ. ფილიოს რეგიოს); 3). სამღვდელოება.
„მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს..." . განმარტებელთა ნაწილი აქ მეფეთა წიგნში მოთხრობილი მოვლენის ასახვას ხედავს. კერძოდ, ფილისტიმელები დაგონის ტაძარში შესვლისას ზღურბლზე ფეხს არ აბიჯებდნენ, რადგან მათი კერპის - დაგონის მოკვეთილი თავი და ორივე ხელის მტევანი სწორედ ზღურბლზე ეგდო , ამტომაც მას საკრალურ ადგილად მიიჩნევდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს წესი მეფე მანასემ იუდაში დაამკვიდრა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ქვეყნებისა და ქალაქების კეთილმოწყობისა და კეთილდღეობისთვის სამი რამაა აუცილებელი: 1). სამეფო ხელისუფლება. 2). სამეფო ხელისუფლებას დამორჩილებული სახელმწიფოს მართვისთვის საჭირო მაღალჩინოსნები. 3). სამღვდელოება. თუკი სამივე ძალა ჯანსაღია, მათზე დამოკიდებული ყველა საქმე კეთილად და დაუბრკოლებლად წარიმართება, მაგრამ უკეთუ ისინი უკეთური გზით სიარულს ისურვებენ და უზნეობას შეუდგებიან, ყველაფერი თავდაყირა დადგება და სახელმწიფო დაღუპვისთვისაა განწირული. როგორც თავის ტკივილის დროს მტკივან ორგანოს სხეულის სხვა ნაწილებიც თანაუგრძნობენ, ასევე ხდება უმაღლესი იერარქიის ბოროტებისკენ მიდრეკისას, რადგან მისი ქვეშევრდომებიც მაშინვე მას ჰბაძავენ.
წინასწარმეტყველი მოცემულ მუხლებში ამ სამი ძალის მიმართულებით იძლევა უწყებას: ‘დადგება საუფლო მსხვერპლის დღე და მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით შემოსილს". უცხო სამოსით მოსილებში ძვ. აღთქმის სამღვდელოება მოიაზრება. მათ იმდენად გააუკუღმართეს ზნე-ჩვეულებანი, რჯული, რომ ღვთისმსახურებისას კანონით გაუთვალისწინებელი შესამოსით იმოსებოდნენ და აშკარად აარონის ორი ძის დათანისა და აბირონის გზას მიუყვებოდნენ, ხოლო თუ როგორი წილი ერგება ადამიანს ამ გზაზე სიარულისას, ძველი ისტორიიდანაც ნათელია).
      მხ. 10-11. ‘გაისმება იმ დღეს, ამბობს უფალი, გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი მთაგორებიდან".  წარმოდგენილი უწყება საყოველთაო უბედურების შესახებ გვაუწყებს. მტერი იერუსალიმში ჩრდილოეთიდან შემოვიდა და სწორედ ის ადგილებია ჩამოთვლილი, რომლებიც იერუსალიმში ჩრდილოეთით მდებარეობდა: 1). თევზთა კარიბჭე (ებრ. სჰაარ გადდაგიმ); 2). საპირისპირო მხარე; 3). მთაგორები (ებრ. გებაოტ); 4). ხეობა (ებრ. მახსჰემ). წარმოდგენილი ადგილმდებარეობების ზუსტი განსაზღვრა ძველი იერუსალიმის ტოპოგრაფიული ცნობების არარსებობის ფონზე მხოლოდ მიახლოებით შეიძლება . „საპირისპირო მხარეში", რასაც იოსებ ფლავიუსი გადმოგვცემს, როგორც ალლჰ პოლიჯ, იგულისხმება იერუსალიმის ჩრდილოეთი ნაწილი. იგი ქალაქის პირველსა და მეორე კედელს შორის მდებარეობდა.
      მხ. 12. ‘მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სოფონიას სიტყვების გამოძახილს იოსებ ფლავიუსთან ვხვდებით, როდესაც ის ტიტეს მიერ იერუსალიმის აღებაზე საუბრობს. დაპყრობილ ქალაქში რომაელები ლამპრებით ხელში ყველა სარდაფსა და მიწისქვეშა თხრილებს ამოწმებდნენ, ვინმეს თავი რომ არ გადაერჩინა.
      მხ. 15-16. ‘რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ".
ნეტარი იერონიმე: სოფონიას სიტყვები ზედმიწევნით აღსრულდა. რომაელთა მიერ იუდეის განადგურების შემდეგ ოდესღაც ცნობილი ქალაქები (იერუსალიმი, სილომი, გაბა, რამა, ბეთრონი…) ნანგრევებად იქცა და ასეა დღემდე. მას შემდეგ, რაც რჩეულმა ერმა ღვთის წმინდა ადამიანები მოაკვდინა, შემდეგ კი განკაცებული ღმერთი ჯვარს გააკრა, უდიდესი განსაცდელები შეემთხვა. ებარელებს საკუთარ ქალაქში ჩასვლისა და დატირების უფლებაც არ გააჩნიათ და მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შედეგად ახერხებენ ამას. ასე რომ, ისინი, ვინც ოდესღაც ქრისტეს სისხლი იყიდა, ამჯერად საკუთარი ცრემლებისთვის იხდიან საფასურს. რომაელთაგან იერუსალიმის დაპყრობის ყოველ წლისთავზე შენ შეგიძლია ნახო დედაქალაქში თავმოყრილი იუდეველი, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხი, ჯვალოში მოსილი ქალები და კაცები, რომლებიც თავიანთი ქცევითა და სამოსით თავსდატეხილ ღვთის რისხვას ამდასტურებენ. ხელები ზეცისკენ აღუპყრიათ, თმები გსწეწიათ, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდით და ტაძრის ნანგრევებს დასტირიან, ხოლო იქვე მდგომი ჯარისკაცი მათაგნ თანხას ითხოვს, კვლავაც რომ დართოს ტირილის უფლება. ამის შემხედვარეს სოფონიას სიტყვები გახსენედება: ‘რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ").
პირველი თავის ბოლო ნაწილში სოფონია კიდევ ერთხელ ცხადად მიუთითებს, რომ უფლის დღემდე მცირე დროა დარჩენილი და მისი დადგომისას ძე ხორციელი ვერ შეძლებს განრიდებას. არც ვერცხლი, არც ოქრო არ დაიხსნის მათ „შურის დღეს" რადგან „ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს!").


თავი 2


       მხ. 1. გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო, ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე".
პირველი თავისგან განსხვავებით, სადაც წინასწარმეტყველი იუდეაზე მოწევნად განსაცდელებზე საუბრობდა, მეორე თავი ხალხის სინანულად მოქცევის მოწოდებით იწყება.
       მხ. 4. რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი".
ფილისტიმელების ისტორია, ბიბლიის თანახმად, იუდეველი ხალხის პარალელურად ვითარდება. ხდებოდა ისე, რომ პირველნი ხელმწიფებდნენ მეორეზე, ზოგჯერ კი პირუკუ, მეორენი იმორჩილებდნენ პირველთ. ამ ორ ხალხს შორის, მოყოლებული მსაჯულთა ეპოქიდან, ცხოველი კავშირი და ურთიერთობა შეინიშნება.  ფილისტიმელთა სახელმწიფო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული შედგენილობით ხუთ ოლქად იყოფოდა, თითოეული ოლქი საკუთარ მმართველს ემორჩილებოდა და ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს თავისი დედაქალაქი გააჩნდა: ღაზა, აზოტი, ასკალონი, ეკრონი (ან აკკარონი) და გეთი. წინასწარმეტყველი მხოლოდ ოთხ ქალაქს ახსენებს და არაფერს ამბობს გეთზე. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ქალაქი იუდეველმა მეფე ოზიამ გაანადგურა ფილისტიმელებზე თავდასხმისას, ხოლო მცირე დროის შემდეგ, 711 წელს, ის საბოლოოდ წყვეტს არსებობას.
სოფონია პირველ ადგილზე უკედურეს სამხრეთში განლაგებულ უმთავრეს ქალაქ ღაზას ახსენებს. ებრაული ეტიმოლოგიის თანახმად, იგი აზ ფუძიდან მომდინარეობს, რაც ძალას ნიშნავს.
ქ. ასკალონი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა.
ქ. აზოტი ადგილი, სადაც დაგონის კერპი იდგა. სწორედ ამ ქალაქში, ხსენებული კერპის ბომონში მოათავსეს თავის დროზე აღთქმის კიდობანი. მეფე ოზიას ხელი მასაც მისწვდა. იდეველმა ხელმწიფემ აზოტის კედლები დაანგრია, თუმცა ქალაქმა არსებობა მაინც განაგრძო.
ქ. აკკარონი ხუთ ქალაქს შორის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობდა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც სოფონიამ სინანულისკენ მოუწოდა ხალხს, ამჯერად მისი სიტყვა ტყვეობის მომდევნო პერიოდს შეეხო. წინასწარმეტყველი იუწყება, რომ ღაზა, ასკალონი, აზოტი, აკკარონი ღვთის რისხვას იგემებენ. აღნიშნული მოვლენა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ხდება. ეზდრა მღვდლის წინამძღოლობით იუდეველნი სამშობლოში ჩადიან და იერუსალიმის კედლებისა და ტაძრის მშენებლობას იწყებენ, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის მიერ იუდეის დაქცევისას ხარობდნენ და მათ ღმერთს დასცინოდნენ, ამჯერად შურით აღიგზნებიან და ერთობლივ ლაშქრობას მოაწყობენ ბაბილონური ტყვეობიდან დაბრუნებული მეზობლების წინააღმდეგ. ბრძოლა იოშაფატის ველზე მოხდება, სადაც ებრაელები ღვთის შემწეობით წარმატებას მიაღწევენ და წარმართთა ქალაქებსაც დაეუფლებიან. სწორედ ეს ისტორიული მოვლენა სახელდება მოცემულ შემთხვევაში).
ნეტარი იერონიმე: ფილესტიმელთა შესახებ წინასწარმეტყველება შესაძლოა სიმბოლურადაც გვესმოდეს. ტექსტში ნათქვამია, რომ უფლის რისხვის დღეს განადგურდება ღაზა, აზოტი, ასკალონი და ეკრონი.
ღაზა ითარგმნება როგორც ჩემი ‘ციხე-სიმაგრე", ანუ ის, ვისაც საკუთარი სხეული, ჯამრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე, კერპად აღუმართია, უფლის რისხვის ანუ გარდაცვალების დღეს შეიმუსრება. ასკალონი – ‘აწონილი", აიწონება უფლის დღეს უკეთური და საქმეებისამებრ განისჯება. აზოტი ჩვენს ენაზე ნიშნავს ცეცხლი შობისა", ე. ი. ის, ვისშიც დაუოკებელი ვნებები მსგავსად ცეცხლისა ბობოქრობენ. ეკრონი ‘უნაყოფობა" ან ‘ამოძირკვა" უნაყო, ამოსაძირკვად გამზადებული ადამიანის სიმბოლოა. სოფონია ყველა მათგანს უფლის რისხვის დღეს განადგურებას ჰპირდება).
       მხ. 5. ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები".
ქერეთელ ხალხში კრეტელები მოიაზრებიან , რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით, უძველეს დროს გადასხლდნენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში და ადგილობრივი ტერიტორიის მსგავსი სახელი ფილისტიმელები ეწოდათ. სოფონიას მუქარა ეგვიპტელი ფარაონის ნეხაო II-ის (609-594 წწ.) დროს აღსრულდა, რომელიც ბაბილონთან დაპირისპირების მიზეზით ევფრატის დასავლეთით მდებარე ტერიტორიის გაერთიანებას შეეცადა.
        მხ. 8. მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან".
იუდეის დასავლეთით განლაგებული მეზობლების შესახებ საუბრის დასასრულს წინასწარმეტყველი აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოებს ახსენებს. ისინი ებრაელთა მონათესავე ერები არიან , მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივად მტრობდნენ იუდას.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინარე მუხლებში დაწყებული მსჯელობა გრძელდება და ჩამოთვლილია იუდეველთა მეზობელი სამეფოები, რომლებსაც, მსგავსად ფილისტიმელებისა, უდიდესი რისხვა დაატყდა თავს. იოშფატის ველზე სხვა მომხდურებთან ერთად ისინიც იმყოფებოდნენ და იმავე ბედის თანაზიარნი შეიქმნენ.
აღნიშნული ადგილი სიმბოლურადაც განიმარტება. იუდეა ახალი აღთქმის ეკლესიის, ხოლო მომხდურნი უკეთური ძალის სიმბოლოები არიან. რაჟამს ყოველთა ზედა ღმერთი საკუთარი განგებულებით ეკლესიას განსაცდელს მოუვლენს, არავინ დასცინოს მას (ეკლესიას), არამედ მიმდინარე ორთაბრძოლის დასარულს ელოდოს, რომ იხილოს, თუ როგორია უფლის მიერ ნაწინამძღვრები საქმის ბოლო).
       მხ. 12. თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით".
ქუშელები, ანუ ეთიოპელები, ქამის შვილის – ქუშის შთამომავლები იყვნენ . ეთიოპიელი მეფეები ეგვიპტეს ძვ. წ. აღ.-ის 670 წლამდე ფლობდნენ, სანამ ასურელი მეფის ასარგადონისგან არ იწვნიეს მარცხი. სოფონიას სიტყვები ნაბუქოდონოსორის დროს აღესრულა. რადგანაც ბაბილონური არმია იარაღი იყო ღვთის ხელში, უფალი მას თავის მახვილად მოიხსენებს (შდრ. ‘თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით").
        მხ. 13. გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს ასურს, და გაატიალებს ნინევს. იუდეიდან შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ასურეთის იმპერიის შესახებ სოფონია, ეთიოპიისგან განსხვავებით, საკმაოდ ვრცლად საუბრობს. წინასწარმეტყველის სიტყვები მალე აღსრულდა, რასაც ისტორიული წყაროები ნათლად ადასტურებენ. დაახლოებით 200 წლის მანძილზე სილამაზესა და სიმდიდრეში აღმოსავლეთის განთქმულ ქალაქებს შორის ნინევს ბადალი არ ჰყავდა. ასურეთის დედაქალაქს ორი უმძლავრესი კედელი ჰქონდა შემოვლებული ირგვლივ. თითოეული მათაგნი სიმაღლეში 30, ხოლო სიგანეში 15 მეტრი იყო. კედლებს შორის დიდი სივცრე მდებარეობდა, სადაც ქალაქის მოსახლეობას საზრდო მოჰყავდა. ბაბილონელებისა და მიდიელების 614 წელს ნინევზე განხორციელებული შეტევა თავიდან სრული წარუმატებლობით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებვით ბუნებრივი კატაკლიზმების, მომხვდურთა მახვილგონიერებისა და ქალაქის მკვიდრთა უგულისხმობის შედეგად სამწლიანი ალყა წარმატებით დასრულდა. გარშემომზღუდავი შიდა კედელი ტიგროსის ადიდებას შეეწირა, რადგან მდინარემ უზარმაზარ კედელს ძირი გამოურეცხა. 612 წელს ფაქტობრივად აუღებელი ნინევი დაეცა. ქალაქის დაცვისას ასურელთა მეფე სინშარიშკუნი დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილმა ნაწილმა მეფედ აშურბალიტ II აირჩია, რომელიც ოდესღაც ძლევამოსილი ასურეთის იმპერიისგან დარჩენილ ნარჩენებს რამდენიმე წლის მანძილზე მართავდა. ახალ დედაქალაქად ქ. ხარანი გამოცხადდა. აშურბალიტს დასახმარებლად ჯარით გამოსული ფარაონი ნახაო II ვერ შეეწია. ლეგენდარული იმპერიის უკანასკნელმა მმართველმა საკუთარ სახელმწიფოსთან ერთად 609 წელს კარხემისთან გამართულ ბრძოლაში არსებობა დაასრულა.


თავი 3


       მხ. 1-2. ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება ".  სიფონია კვლავ აგრძელებს იერუსალიმის მხილებას და იუდეველებს შეუგნებელ, უგულისხმო ხალხს უწოდებს, რომელთაც ღვთაებრივი არაფერი აინტერესებთ.
      მხ.3. „მისი მთავრები მბრდღვინავი ლომები არიან მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ ტოვებენ".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი იუდეველ დიდებულებს მშიერ ლომებს ადარებს. ხსენებული მხეცები შიმშილისას ბრდღვინავენ და ასე ეძებენ საზრდოს, ხოლო როდესაც მსხვერპლს იგულვებენ, ისეთ ხმაზე იგრგვინებენ, რომ ხშირად მათი ხმის სიმძლავრით დამფრთხალი არსება ადგილიდან დაძვრასაც ვერ ახერხებს. სწორედ მათ ადარებს სოფონია დიდებულებს, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად ხშირად უდანაშაულო ადამიანებსაც არად აგდებდნენ.
საღამოს მგლები" (სეპტ. არაბული მგლები). არაბული მგლები, როგორც ამბობენ, სისასტიკით ყველა მხეცს აღემატებიან. ისინი გაუმაძღარი არსებანი არიან, მუდამ შიათ, ძალზედ სწრაფად დარბიან და შეუძლებელია მათი მოხელთება).
       მხ. 4-6. ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი, მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ. სამართლიანია მის წიაღში უფალი, არ სჩადის სიმრუდეს. დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება. მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი. გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინა მცხოვრები".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: სოფონია ცრუ წინასწარმეტყველებსა და სასულიერო პირებს ამხელს, მღვდლებს სიწმინდის წამბიწველებად მოიხსენიებს. სასულიერო პირები არაფრად აგდებდნენ მოსეს რჯულით დადგენილ კანონებს. რჯულით ყველანაირი მსხვერპლის შეწირვის ჟამი იყო გათვლილი, ხოლო ისინი მსახურებას მაშინ აღასრულებდნენ, როცა ამის სურვილი თავად გააჩნდათ. უზენაესი კვლავაც მოაგონებს მსმენელს, თუ რა შეემთხვევა მათ ქალაქებსა და სახლებს ასეთი თვითნებობის გამო).
      მხ. 8-9. ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ზემოთ გაჟღერბული მუქარის შემდეგ ამჯერად სოფონია, მსგავსად სხვა წინასწარმეტყველებისა, ნუგეშინისცემაზე გადადის. უზენაესი მისი ბაგეებით იუწყება, რომ დადგება დრო, როცა მათი შემაწუხებელი ძალა განქარდება და ისინი კვლავ შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. ყველა ხალხი, ვინც ოდესღაც იუდეველთა უბედურებას დასცინოდა, საკუთარი თვალით იხილავს, თუ როგორია უზენაესის თანადგომა. აზრი იმის შესახებ, რომ ებრაელთა ღმერთი უძლური ყოფილა, შეიცვლება).
ნეტარი იერონიმე: ებრაელები სოფონიას სიტყვებს მესიის მოსვლას უკავშირებენ. მათი თქმით, მესიის მოსვლისას უფალი ყველა ხალხს ერთად შეკრებს და რისხვის თასს გადმოღვრის მათზე. შემდეგ ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებელი ადამაინები ებრაულ ენაზე დაიწყებენ საუბარს, როგორც ეს ენების აღრევამდე ხდებოდა, და მთელი სამყარო უზენაესს ემსახურება. ჩვენ აღნიშნული ადგილი ქრისტეს პირველ მოსვლას უნდა დავუკავშიროთ. სწორედ ამ დროს გათავისუფლდნენ ადამიანები დემონის მძლავრებისგან და ღვთისადმი გულმოდგინე მსახურების შესაძლებლობა მიეცათ).
       მხ. 14-20. გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ…"
ნეტარი თეოდორიტე: ვიცი, რომ ზოგიერთები ამ ადგილის განმარტებისას იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებას მოიაზრებენ და არც მე ვეწინააღმდეგები მათ, რადგან წინასწარმეტყველება მითითებულ მოვლენასაც ეხმიანება, თუმცა აქ გადმოცემული უწყება ჩვენი მხსნელის განკაცებას უკავშირდება, რადგან სწორედ იმ ჟამიდან კურნავს უფალი გულით შემუსვრილებს და განაახლებს ადამიანურ ბუნებას).
ნეტარი იერონიმე: სოფონიას მსგავსად წინასწამრტყველი ზაქარიაც ამბობს: იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე" , მათე მახარებელმა კი აღნიშნული უწყება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას დაუკავშირა ).

ნახვა: 415

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters