თავი 1

მხ. 1. 'უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.. 

ნეტარი თეოდორიტე: ორივე სახელმწიფოს მეფეთა ხსენებით ოსია ნათლად გვიჩვენებს, რომ მისი სიტყვები ისრაელისა და იუდასკენაა მიმართული). მხ. 2-3. 'როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს. წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული".

განმმარტებელთა აზრით, მოცემულ შემთხვევაში ოსია იუდეველთა ძვ. აღთქმის ღმერთს განასახიერებს, ხოლო გომერი - ისრაელის სამეფოს, გარყვნილების შვილები კი წინასწარმეტყველის თანამედროვე თანამემამულეები არიან. ოსიას მიერ გარყვნილი ქალის ცოლად მოყვანა ეკლესიის მამათა მიერ არაერთგვაროვნად აღიქმება. ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველმა მოძღვრების გადმოსაცემად ალეგორიას მიმართა და წარმოდგენილი უწყება არარეალურია. სხვანი თვლიან, რომ ოსია ნამდვილად დაქორწინდა გომერზე. მათი თქმით, გომერი წინასწარმეტყველზე შეუღლებისას მეძაობაში მხილებული არ ყოფილა, ხოლო წიგნის დასაწყისში გადმოცემული უარყოფითი შეფასება მოგვიანებით განვითარებული მოვლენების შედეგია, რაც ოსიამ წინსწრებით გააცხადა.

ქალისა და ვაჟის სიყვარული, ანუ მოცემულ შემთხვევაში ცოლ-ქმრობა, იუდეველთათვის ღმერთისა და ძველი აღთქმის რჩეული ერის ურთიერთდამოკიდებულების ერთგვარი სიმბოლო იყო. ხსენებული საკითხის ამგვარ აღქმას დასაბამი სოლომონ მეფის მიერ დაწერილმა წიგნმა ‘ქება ქებათა" დაუდო, სადაც სიძე და სძალი, რაბინთა თანახმად, განიმარტებოდა როგორც თხრობა უზენაესისა და იუდეველი ერის ურთიერთობის შესახებ, რაც მოგვიანებით პავლე მოციქულმა ქრისტესა და ახალი აღთქმის ეკლესიას დაუკავშირა. შესაბამისად, ოსიას მიერ აღსრულებული სიმბოლური მოქმედება მისი თანატომელების ცნობიერებისთვის არ იყო უცხო რამ და მომხდარის არსი უშუალოდ წინასწამრტყველისგან მიღებული განმარტებებით ისრაელის სამეფოს ნებისმიერი მკვიდრისთვის ხდებოდა საცნაური.

იოსებ ბროდოვიჩი: როგორ უნდა გვესმოდეს წინამდებარე თავში მეძავ გომერზე ოსიას დაქორწინების შესახებ უწყება? მრავალი ეგზეგეტი მხოლოდ ალეგორიულ განმარტებას უჭერს მხარს. ისინი რამდენიმე მოვლენაზე მიუთითებენ:

       1. მთავარი არგუმენტი ეთიკასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, შეუძლებელია, - ამბობენ ისინი, - ღმერთი იძლეოდეს განჩინებას, რომელიც შეუთავსებელია მის სიწმინდესთან, ხოლო ოსია, როგორც წინასწარმეტყველი, ზნეობრიობის საპირისპირო საქმეს ვერ აღასრულებდა. თუკი გომერზე ქორწინება საღვთო სიწმინდესთანაა შეუთავსებელი და ვერც ოსია მოიმოქმედებდა მზგავს საქციელს, წინასწარმეტყველი ამგვარ ქმედებას წარმოდგენაშიც არ დაუშვებდა და შესაბამისად, ვერც ალეგორიას შეთხზავდა ასეთი ფორმით, რადგან ქმედება, რომელიც ზნეობრივ ნორმას სცილდება, ისეთივე უზნეობაა, თუნდაც გონებაში გაიფიქროს მავანმა.

       2. ალეგორიული მოძღვრების დამცველნი მორიგ არგუმენტად შემდეგზე მიუთითებენ: პირველ თავში აღწერილი მოვლენები რომ სინამდვილე ყოფილიყო, მათში წარმოდგენილი ქმედებანი, რომლებიც რამდენიმე ეპიზოდად ნაწევრდება და ურთიერთისგან დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთითაა დაშორებული, ვერ იქნებოდა მოსახლეობაზე ზემოქმედების მქონე. მაგრამ არც ეს მოსაზრებაა სამართლიანი, ვინაიდან წინასწარმეტყველი მუდმივად განუმარტავდა მსმენელს, თუ რას განიცდიდა უფალი ისრაელთან მიმართებით, ხოლო შვილების სახელით მომავალ განსაცდელს ისეთივე გულმოდგინებით აუწყებდა თვისტომთ…).

ნეტარი იერონიმე: ებრაულ ტექსტში ოსიას ცოლის მდგომარეობის განმსაზღვრელად გვხვდება ტერმინი ზანუნიმ, რაც ნიშნავს არა გარყვნილებასა და გარყვნილს, როგორც ზოგიერთი ფიქრობს ამას, არამედ მრავალგზის გარყვნილებას. აქედან ვასკვნით, რომ ქალი, რომელიც ოსიას მოჰყავს ცოლად, ბევრჯერ იყო მხილებული მძიმე ცოდვაში. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიმბოლურ ქმედებასთან, რომელშიც წინასწარმეტყველი უზენაესს განასახიერებს, მისი მეუღლე კი იუდეველ ერს. თუ ვინმე წარმართთაგან მონათხრობს დასცინებს, ასეთებს იმას ვეტყვით, რასაც საბერძნეთი განადიდებს და ფილოსოფოსთა სკოლები აქებენ. რატომ აღამაღლებენ ისინი (ელინები) ქსენოკრატეს, უგანათლებულეს ადამიანს, რომელმაც არფასა და ფლეიტაზე დამკვრელ მანდილოსნებთან დღემუდამ დროის მატარებელი პოლემონი სიბრძნეს დაუმორჩილა და უსირცხვილო ჭაბუკი ბრძენთაბრძენ ფილოსოფასად აქცია? რისთვის განადიდებენ ზეცამდე სოკრატეს, რომელმაც ფედონი როსკიპთა სახლიდან აკადემიაში გადაიყვანა? ყველა მსგავს შემთხვევას წინასწარმეტყველთა დასაცავად მოვიხმობთ).

ნეტარი თეოდორიტე: წინასწარმეტყველი ცოლად მეძავ გომერს ირთავს. საქმე ისაა, რომ როდესაც ღმერთი უგრძნობელობით დასნეულებულ ადამიანებს მიმართავდა, ამას რიგ შემთხვევაში არ აკეთებდა სიტყვიერად, არამედ განსხვავებულ ფორმას იყენებდა, რითიც საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობდა. ხალხი, რომელიც ესაიას წელსზევით განმოსილსა და ამგვარად მოსიარულეს ხედავდა, საოცარ სანახაობას მისჩერებოდა და სურდა გაეგო ასეთი უცნაურობის მიზეზი. იგივე ხდებოდა, როდესაც იერემია ჯერ ხისა და შემდგომ რკინის უღელს ქედზე იდგამდა. ეზეკიელი სახლიდან გასასვლელად კედელში ნახვრეტს აკეთებდა და კარის ნაცვლად იქიდან გადიოდა. მსგავსი ქმედება ევალება ოსიას. მან, უფლის განჩინებით, სწორედაც რომ მრუში ქალი უნდა შეირთოს და ამით ხალხის მძიმე სულიერი მდგომარეობა განაცხადოს. თუკი ყოველივეს შემოქმედ განკაცებულ ღმერთს საკუთარი ნებით მრავალგზის მეძავ დედაკაცებთან უსაუბრია და ამით არასოდეს შებღალულა, არც ოსია გაუწმინდურებულა გომერთან კავშირით, რადგან მოწოდებას დათანხმდა არა ვნებათა კმაყოფილების მიზნით, არამედ ღვთის სიტყვის აღსასრულებლად. უნდა ვიცოდეთ, რომ ცუდი ან კარგი მიზნის შესაბამისად განისაზღვრება. ხორციელ ურთიერთობაში, მართალია, განსხვავება არაა, მაგრამ კანონიერი ქორწინება რჯულიერად მიიჩნევა, ხოლო ქორწინების გარეშე კავშირი რჯულის დარღვევად ირაცხება. იგივე შეიძლება ვთქვათ, როდესაც ერთ შემთხვევაში მძარცველი კლავს ადამიანს, მეორეგან მოსამართლეს გამოაქვს სახელმწიფოს სახელით სასიკვდილო განაჩენი. ერთი უკანონოა, მეორე - კანონიერი, საქმე ერთია, ხოლო მიზეზი და მიზანი განსხვავებული. მკვლელობა ჩაიდინა კაენმა, მაგრამ შურითა და ტყუილით. მკვლელობა ჩაიდინა ფინეზმა და იგივე ქმედება მოშურნეობისთვის სიმართლედ შეერაცხა მას. ქურდობაც უსამართლობაა, მაგრამ პირმშოობა მიიტაცა იაკობმა და არა მარტო არ განიკითხა, არამედ უკუნისამდე იკურთხა. მარხულობდა ელია, ასევე მარხულობდნენ ნაბოთეს მოკვლის განმზრახი იუდეველნი. ერთი ღვთის სიბრძნეში განისწავლებოდა, სხვანი კი ყალბისმქნელობის უკეთურებით დამაშვრალობდნენ. საულმა აგაგი შეიბრალა და მეფობა დაკარგა, სამუელმა კი მახვილით აკუწა და ღვთის ნება აღასრულა).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: უზენაესი წინასწარმეტყველს გარყვნილი ქალის ცოლად მოყვანას ავალებს. ისმის კითხვა: რატომ იძლევა უფალი ისეთ განჩინებას, რაც მის მიერ სინას მთაზე გაცხადებული რჯულის საპირისპიროა? უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ეს განჩინება არა საყოველთაოა, არამედ მხოლოდ ერთ ადამიანს - ოსიას განეკუთვნება. ბევრის აზრით, წიგნში გადმოცემული ამბავი, წინასწარმეტყველის გომერზე ქორწინების თაობაზე, არარეალურია, მაგრამ ჩვენ ამის საპირისპიროს ვამტკიცებთ, რადგან წარმოდგენილი თხრობა ოსიას შვილების შესახებ, მათი სახელები - იზრეელი, ლორუხამა და ლოყამი. ოსიას მეუღლე - გომერი. გომერის მამა – დიბლაიმი. ყოველივე ეს არ გვაძლევს უფლებას, აღნიშნული უწყება მხოლოდ იგავად მივიჩნიოთ.

ოსიამ ღვთის სიტყვა ყოყმანის გარეშე მიიღო, ხოლო ბიბლიაში მრავალგზის გვხვდება უწყება, როგორ უარყოფდნენ წმინდა ადამიანები უფლისგან დაკისრებულ ვალდებულებას. საღვთო სიტყვას ჩაძიების გარეშე სჭირდება მორჩილება. შესაბამისი მაგალითი ბიბლიიდანაც შეგვიძლია მოვიხმოთ: უზენაესმა საულს აგაგის მოკვდინება დაავალა, მაგრამ ისრაელის მეფემ ისურვა, რომ საღვთო განაჩენი არ შეესრულებინა და აგაგი ცოცხალი დატოვა. საულის უფალთან დაპირისპირება მისი მარცხითა და დაღუპვით დასრულდა. 
ზოგიერთები იმაზეც დრტვინავენ, თუ როგორ შეიძლებოდა, ოსია მეძავ დედაკაცთან შესულიყო კავშირში. მაგრამ ასეთებს ვეტყვით, რომ ნუთუ წინასწარმეტყველთა მიერ ადამიანთა მოკვდინება უკეთესი რამ მოვლენაა? განა საულმა საკუთარი ხელებით არ მოაკვდინა მეფე აგაგი? ელიამ ბაალის ქურუმები დახოცა. რატომ დადიოდა ესაია განმოსილი? ეს ხომ უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა. შენ იტყვი: ისინი ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ საღვთო ნებას მორჩილებდნენ. იმავეს ვიტყვი მეც ოსიასთან მიმართებით. ასევე დავძენთ, რომ საღვთო სიტყვა რიგ შემთხვევაში არაწმინდა სულის მქონე ადამიანებთან შედის ურთიერთობაში, მაგრამ ამით არაფერი აკლდება. ნუთუ ოსია ყოვლადწმიდა ღმერთზე აღმატებულია? განა ერთი და იგივე არ არის ოსიას კავშირი მეძავ დედაკაცთან და საღვთო სიტვყის კავშირი არაწმინდა ადამიანებთან? სახარებიდანაც მინდა ზოგი რამ დავიმოწმო: უფალი ჩვენი, ისეო ქრისტე, ცოდვილებთან და მეზვერეებთან ერთად ტრაპეზობდა, რისთვისაც ფარისევლებმა ბრალი წაუყენეს მას: ‘რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი?" უფალი რას პასუხობს ამაზე: ‘არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა" . მამა ღმერთმა საკუთარი ძე უდიდესი კაცთმოყვარების გამო ცოდვილ და დაცემულ კაცობრიობას მოუვლინა, რაშიც ვერავინ შეიტანს ეჭვს.

ოსიას ისტორიით ჩვენთვის საცნაური ხდება, თუ როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას ჩვენთან სულიერ კავშირში შემოვიდეს მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილნი და უკეთურებებით მოწყლულნი ვართ. მაშ ასე, ღმერთი ეუბნება ოსიას: ‘წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები". წინასწარმეტყველი არათუ ვნებებით ხელმძღვანელობს, არამედ უზენაესის ნებას ასრულებს. ამასთანავე ოსიამ გომერი გადაარჩინა. დედაკაცი, რომელიც ყველსათვის ხელმისაწვდომი იყო, ქორწინების გზით საკუთარ ქმარს შეუერთდა და შვილების დედად იქცა. წმინდა და გასაოცარი საქმეა, როდესაც ადამიანი არა საკუთარ სარგებელზე ზრუნავს, არამედ სხვის გამოხსნას ცდილობს. ასე რომ, არაფერია გასაკვირი, თუკი ოსია არსებული ჩვეულებისგან განსხვავებულად მოიქცა, გადაარჩინა გომერი და კეთილ და მართალ ცხოვრებაში დააბრუნა იგი. ამავდროულად მოცემული შემთხვევა არსებული რეალობის გამომხატველია: ისრეალი, მსგავსად გომერისა, კერპმსახურების გარყვნილებას მისცემოდა. დანში და ბეთილში ოქროს ხბოს ორი კერპი აღემართათ, არსებობდა ბაალის მრავალი სამსხვერპლო და სულიერად მეძაობდა მთელი ისრაელი).

იოსებ ბროდოვიჩი: ვის მიემართება ოსიას მიერ აღსრულებული სიმბოლური მოქმედებები? არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნულ ქმედებაში არ უნდა მოვიაზროთ მთელი იუდეველი ერი. თუკი წინამდებარე სიტყვებს - ‘გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს" მე-7 მუხლში გადმოცემულ მოძღვრებას შევუდარებთ (‘იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით"), გამოდის, რომ გარყვნილ ქვეყანაში ისრაელის ათტომიანი სამეფო იგულისხმება. მე-4 მუხლში გადმოცემული ცნობის მიხედვით, სადაც იეჰუს სახლისგან იზრეელის სისხლის მოკითხვაზეა საუბარი, ოსიას ოჯახური ისტორია ისრაელის სამეფოში იეჰუს ახალი დინასტიის აღზევებისას დაიწყო…

სახელი გომერი ბიბლიაში მხოლოდ ორგზის გვხვდება და ორივე შემთხვევაში ერის სახელწოდებაა . როგორც დედაკაცის ან მამაკაცის აღმნიშვნელი სახელი, წმინდა წერილში არსად ფიქსირდება იგი. მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ დიბლაიმი გომერის სამშობლოა, რადგან ხსენებულ სახელს ერთ-ერთ მოაბიტურ ქალაქთან აიგივებენ , თუმცა აღნიშნული მოსაზრების წინააღმდეგ ამ ორი სიტყვის აშკარად განსხვავებული გრაფიკული გამოსახულებანი მეტყველებენ. ამასთან, გომერი სწორედაც ებრაელი უნდა ყოფილიყო, რომ სიმბოლური მოქმედება, სადაც დედაკაცი ისრაელს განასახიერებს, ზედმიწევნით სახეობრივი ყოფილიყო).

დეკან. ალექსანდრე მენი: რჩეული ერის ბედი მეძავი დედაკაცის ბედს ეთვისება. რჯულის თანახმად, თუ მეძავი საყოველთაო განკითხვას გადაურჩებოდა, ამ შემთხვევაში ყველანაირ მემკვიდრეობაზე კარგავდა უფლებას და სახლიდან განიდევნებოდა. ასევე შეემთხვევა ისრაელს, ღვთისაგან განკრძალული, იგი გაღატაკდება და საღვთო მიწიდან გაძევდება. რჩეული ერის დანაშაული წმინდა წერილზე დაფუძნებული სარწმუნოების სამი ფუნდამენტური მოვლენის უარყოფის შედეგი იქნება: სიმართლე (ებრ. ემეტ), წყალობა (ებრ. ხესედ) და ღვთისშემეცნება (ებრ. დაატ ელოჰიმ). ისრაელმა ‘ქარი დათესა და ქარიშხალს მოიმკის". მან მეფეები მოითხოვა და ეს მონარქები ისრაელს დასაღუპავად წინამძღვრობენ. დაპირისპირება და ურთიერთთან ბრძოლა, პოლიტიკური ქაოსი ხელისუფალთა სულიერი სიბრმავის შედეგია).

იოსებ ბროდოვიჩი: ‘…და გააჩინე გარყვნილების შვილები". სიტყვები ‘და გააჩინე" მხოლოდ ვულგატაში იკითხება. ბერძნულში, სირიულსა და მასორიტულ ბიბლიებში ხაზგასმული ზმნის შესატყვისი არ გამოუყენებიათ. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ოსიას ხელით აღწერილ თავდაპირველ ტექსტში გვხვდებოდა იგი. ებრაულ წმინდა წერილში არსებული ზმნა ნიშნავს ‘მოიყვანე", ანუ ოსიამ გარყვნილ დედაკაცთან ერთად მისი შვილებიც უნდა მოიყვანოს, რომლებიც გომერს წინასწარმეტყველზე დაქორწინებამდე ჰყავდა და რადგანაც მათ ეპითეტი ‘გარყვნილი" (‘გარყვნილების შვილები") განეკუთვნა, ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ისინი არ არიან ოსიას შვილები).
მხ. 3-4. ‘დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა".

ოსიამ პირველ შვილს სახელად იზრეელი დაარქვა. რა ვიცით ამ სახელის შესახებ? იზრეელი გარკვეული დროის მანძილზე ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო, სადაც აქაბმა საკუთარი სამეფო სასახლე განათავსა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: აღნიშნული ადგილის განმარტებისას ზოგიერთები ბიბლიური ტექსტის განსხვავებულ თარგმანზე მიუთითებენ. შესაბამისად, სწორი დასკვნების გამოსატანად ამ საკითხს უეჭველად უნდა მივაპყროთ ყურადღება. მაშ ასე, ჩვენს გამოცემაში ვკითხულობთ: ‘კიდევ ცოტაც და იზრეელის სისხლს მოვკითხავ იუდას სახლს". ბიბლიის სხვა ტექსტში კი იმავე ადგილზე შემდეგი ციტატა გვხვდება : ‘ცოტაც და უნდა მოვკითხო იზრეელის სისხლი იეჰუს სახლს".

თუკი უპირატესობას უკანასნელ წაკითხვას მივანიჭებთ, მაშინ იგი შემდეგნაირად უნდა გვესმოდეს: ისრაელის სამეფოში იყო მეფე აქაბი, რომელსაც ცოლად ჰყავდა იზებელი. როდესაც მეფემ ძლიერ მოიწადინა, რომ ნაბოთეს ვენახს დაუფლებოდა, ხოლო პატრონი კი მას შეეწინააღმდეგა და მიუგო: ‘უფალმა დამიფაროს, რომ ჩემი მამების სამკვიდრო მოგცე", ნაბოთე, მეფისთვის უარის თქმის გამო, იზებელის მიერ ჩაფიქრებული გეგმის თანახმად მოკლეს, ხოლო ხსენებულ სავანეს (სავენახეს) აქაბი დაეუფლა . ის უდიდეს სიყვარულს იჩენდა კერპებისადმი. ყოველთა ზედა ღმერთმა მეფის მრავალი უკეთურების გამო ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება განიზრახა და ელისეს ისრაელის ახალ მეფედ იეჰუს ცხება დაავალა . წინასწარმეტყველმა საღვთო მოწოდება ზედმიწევნით აღასრულა, მან აღნიშნული მისიის განსახორციელებლად საკუთარი მოწაფე გააგზავნა. ახლადცხებული იეჰუ სამეფო ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდა: მოკლა იზებელი, იორამი, აქაბის 70 შვილი , დაამხო ბაალის გამოსახულებები, ბომონები და მათი მსახურები ერთიანად ამოხოცა. ასეთი გულისხმიერებისთვის უფალი ისრაელის ახალ მმართველს ოთხი შთამომავლის მეფობას ჰპირდება . მიუხედავად გამოჩენილი მოშურნეობისა, იეჰუმაც განარისხა ღმერთი, რადგან არ გაანადგურა ოქროს ხბოს კერპები და იერობოამ ნაბატის ძის გზით განაგრძო სრბოლა. მისი შვილი იოაქაზიც კერპმსახურებისკენ მიიდრიკა, რისთვისაც ‘აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს: და ბენ-ჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით" . იოაქაზს მისი ძე იოაში ენაცვლება, რომელიც ასევე უარყოფით შეფასებას იმსახურებს. მორიგი მეფეა იერობოამი. სწორედ მისი მეუფებისას გამოდის ასპარეზზე ოსია. შემდეგი ხელმწიფე - აზარია, იგივე ზაქარია, იერობოამის ძე, ასევე კერპმსახური. ზაქარია სელუმის მიერ იქნა მოკლული და ამით, უფლის სიტყვისამებრ, ისრაელის სამეფოში იეჰუს შთამომავალთა მმართველობა დასრულდა. 
მიუხედავად იმისა, რომ იეჰუ ცხებას იზრეელელი ნაბოთეს უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის მოსაკითხად, ისრაელში მიმდინარე კერპმსახურების აღმოფხვრისა და ხალხის ჭეშმარიტი ღვთისმსახურებისკენ მოწოდების მიზეზით ღებულობდა, თავად ხბოს გამოსახულებათა თაყვანისმცემელი გახდა. არც მისი შთამომავლები იშლიდნენ სიარულს მამის გზით. სწორედ ამიტომ ‘უნდა მოვკითხო იზრეელის სისხლი იეჰუს სახლს", როგორც მან იძია შური აქაბის სახლობაზე, ამბობს უფალი. იეჰუს შვილების მმართველობისას სირიის მმართველებმა ხაზაელმა და ბენ-ჰადადმა სძლიეს ისრაელის სამეფოს და სამარიის მრავალი ქალაქი გაანადგურეს.

მაშ, წინასწარმეტყველს შეეძინება ძე, რომელსაც იზრეელი უწოდეს, რადგან ღმერთი ოსიას თანამემამულეებს თითქოსდა ნაბოთეს წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკესა და კერპებისკენ დაუოკებელი სწრაფვის ჟინს შეახსენებს და ამიტომაც ‘შეიმუსრება ისრაელის მშვილდი იზრეელის ველზე", რაც, როგორც აღვნიშნეთ, ხაზაელისა და ბენ-ჰადადის მიერ მიღწეულ წარმატებებს გულისხმობს).

დეკან. ალექსანდრე მენი: ისრაელის მეფე იორამმა იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე, სირიელთაგან დაპყრობილი ქალაქი რამოთი ალყაში მოაქცია. ერთ-ერთი ბრძოლისას მეფე დაიჭრა და მკურნალობის მიზნით ქალაქ იზრეელში დაბრუნდა, თუმცა რამოთზე ალყა არ მოუხსნია. იორამთან ერთად უკან გამობრუნდა იუდეველი მეფე აქაზიაც. ჯარის ხელმძღვანელობა ძველმა მხედარმთავარმა - იეჰუმ ჩაიბარა. იგი ისრაელის სამხედრო ძალას აქაბის დროსაც წინამძღვრობდა. როდესაც მეფეებმა რამოთის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, იეჰუსთან უცნობი ყმაწვილი გამოცხადდა და სარდალს პირისპირ შეხვედრა მოსთხოვა. საუბარი ხანმოკლე გამოდგა. სტუმარი მოულოდნელად გაიქცა და მიიმალა. შეშფოთებული მეგობრები კი იეჰუს ასე მიმართავდნენ: რა გითხრა ამ ქაჩალმა? მხედარმთავარი თავიდან ყოყმანობდა, თუმცა შემდეგ მომხდარის არსი განაცხადა, რომ ყმაწვილმა მას თავზე ზეთი დაასხა და ისრაელის მეფედ გამოაცხადა. ‘ქაჩალი" ელისეს მიერ წარმოგზავნილი წინასწარმეტყველთა ერთ-ერთი ძე გამოდგა. მოსმენილით განპირობებული გაოგნება მალე გაიფანტა. გონს მოსულმა სხვა მხედარმთავრებმა საკუთარი სამოსი ფეხქვეშ დაუფინეს იეჰუს, ხოლო მცირეოდენი დროის შემდეგ საყვირის ხმების ფონზე ყოველი მხრიდან ასეთი შეძახილი გაისმოდა: გაუმარჯოს იეჰუს! მსგავსი სახის სამხედრო ამბოხით აღმოსავლეთის ქვეყნებში ხშირად შეცვლილა ვითარება, თუმცა ამჯერად არა მხოლოდ პოლიტიკური გადატრიალება იგეგმებოდა, არამედ ეს იყო მცდელობა, რომ ისრაელის სამეფოს მოსახლეობა კერპმსახურებისა და დესპოტური მმართველობის ზეგავლენისგან გათავისუფლებულიყო. ძნელია თქმა იმისა, თუ რატომ გამოირჩია ელისემ აღნიშნული საქმისთვის მაინცდამაინც იეჰუ. სავარაუდოდ, როგორც ჯარის მეთაური, სახელმწიფოში ის რეალური ძალის მფლობელი ერთადერთი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ელისეს არჩევანი ვერ იქნებოდა შემთხვევითი, თუმცა საბოლოოდ მან მაინც არ გაამართლა.

მართალია, იეჰუმ საჭირო ჟამს სიმტკიცე და გამბედაობა გამოიჩინა, მაგრამ ამ უხეშ სამხედრო მოღვაწეში გაცილებით ჭარბობდა ცბიერება და სისასტიკე, ვიდრე სიბრძნე და სამართლიანობა. როგორც კი იგი მეფედ გამოცხადდა, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: უზურპატორმა გასცა ბრძანება, რომ ყველა, ვისაც კი მომხდარი ამბოხის შესახებ ცნობების გავრცელება შეეძლო, დაეპატიმრებინათ, თავად კი ცხენზე ამხედრებული, თანამოაზრეებთან ერთად დასავლეთისკენ, იზრეელში, გაემართა, გადალახა მდინარე იორდანე და თითქმის შეუჩერებლად მსრბოლელმა, ორმოცდაათი კილომეტრის გავლის შემდეგ დანიშნულების ადგილს მიაღწია.

ქალაქის კედელზე მდგომმა ებგურმა ცხენებზე ამხედრებული ჯარისკაცები შორიდან შენიშნა და მაშინვე იორამს აუწყა. მეფემ მყისვე შიკრიკი გაგზავნა, რადგან ძლიერ სურდა გაეგო, თუ რას შეატყობინებდნენ იზრეელისკენ მსრბოლელნი. თუმცა წარგზავნილი უკან აღარ მობრუნდა. იგივე გამეორდა მეორე შიკრიკის შემთხვევაშიც. ამასობაში ებგურმა სამხედროთა შორის დაწინაურებული იეჰუ იცნო. მეფემ იფიქრა, რომ ბანაკში, სავარაუდოდ, რაღაც უნდა მომხდარიყო და შეთქმულების შესახებ მცირეოდენი ეჭვიც არ გასჩენია. იგი ეტლში ჩაჯდა და ქალაქიდან გამოვიდა. იორამს მეორე ეტლით უკან მიჰყვა იუდეველი მეფე აქაზია. საბედისწერო შემთხვევითობით ორი მხარის შეხვედრა ნაბოთეს ვანახთან მოხდა.

‘მშვიდობაა, იეჰუ?" - მყისვე იკითხე იორამმა. ‘რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის ამდენი ურჯულოების მერე?" - პასუხად მიუგო მხედარმთავარმა. იორამი მოსმენილი ხმის ტემბრმა და შინაარსმა არსებულ რეალობაში გამოარკვია, ცხენებს მათრახი გადაუჭირა მან და უკან, ქალაქის შესასვლელისკენ, ისწრაფა, ამავდროულად იუდეველ მეფეს შესძახა: ‘ღალატია, აქაზია!" თუმცა იეჰუსგან დადევნებულმა მშვილდმა ისრაელის მეფე ადგილზე განგმირა და მისი უსულო სხეული ეტლზე გადაეკიდა. ამბოხების მოთავე იეჰუმ ბრძანა, აღსრულებული შურისგების ნიშნად იორამის ცხედარი ნაბოთეს ვენახში ჩაეგდოთ, თავად კი იუდეის მეფეს დაედევნა. ჯარისკაცებმა დიდხანს სდიეს აქაზიას, მართალია იგი მიიმალა, მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრა და მცირეოდენ დროში გარდაიცვალა.

ამასობაში იეჰუ იზრეელში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა. ძირითადი სამხედრო ძალა საკმაოდ შორს იყო (ქალაქ რამოთის ალყას განაგრძობდა), ხოლო მოსახლეობას არაპოპულარული აქაბის სახლობის გამოქომაგება აზრადაც არ მოსვლია. იზებელს საკუთარი შვილის სიკვდილის შესახებ შეატყობინეს. დედოფალი მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულებულია, საუკეთესო სამოსი შეიმოსა, თვალები შეიღება, თმები გაილამაზა და სარკმელთან დადგა. როდესაც იეჰუ ეზოში შევიდა, იზებელი მას დაცინვით შეხვდა და ‘საკუთარი ბატონის მკვლელი" უწოდა. მხედარმთავარმა შესძახა: ვინაა ჩემ მხარეს? – და იქვე, ფანჯარაში, დედოფლის მომსახურე საჭურისები შენიშნა, რომლებსაც ნიშანი მისცა, ხოლო მათ იზებელი სიმაღლიდან გადმოაგდეს. იგი მაშინვე გარდაიცვალა, მეამბოხენი კი სამეფო სასახლეში შევიდნენ და მოპოვებული გამნარჯვების აღსანიშნავად ლხინი გამართეს. მიუხედავად მომხდარი მოვლენებისა, გადატრიალება ვერ იქნებოდა წარმატებული, სანამ აქაბის შვილების დიდი ნაწილი კვლავ მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას. სისხლიან გზაზე ერთგზის შემდგარი იეჰუ დაუნდობელ ქმედებებს კვლავაც განაგრძობს. იგი სამარიაში მეფისწულთა აღმზრდელებთან წერილებს აგზავნის და მათი თავების გამოგზავნას ითხოვს იზრეელში. წერილის წიკითხვის შემდეგ დიდად დამფრთხალი აღმზრდელები არაადამიანურ მოთხოვნას ემორჩილებიან. სამარია პარალიზებულია, იზრეელი კი სულმოუთქმელად დუმს... ისტორია ძველია, როგორც ეს სამყარო. ახალი მმართველი წინანდელზე უარესი აღმოჩნდება.

დილით იეჰუ სასახლიდან გამოდის, ხოლო კარიბჭესთან მეფისწულთა გასისხლიანებული თავებია დაწყობილი. შეძრწუნებული ხალხის კრებული მდუმარედ უცქერს საზარელ სანახაობას, მაგრამ ახალ მეფეს საკმარისზე მეტი ცბიერება აღმოაჩნდა: ის საკუთარი ბრალეულობის შესამსუბუქებლად სიტყვით მიმართავს საზოგადოებას და მომხდარ საშინელებას კანონიერ შურისგებად წარმოაჩენს... . შემდეგ იეჰუ სამარიაში გაემართა. გზაში რექაბელთა მამამთავარი იონადაბი შემოხვდა, რომელსაც მეგობრულად გაესაუბრა და ეტლზე შემოისვა. ისრაელის დედაქალაქში ახალი მეფე ტრიუმფით შევიდა და სამეფო ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრები ერთიანად მოაკვდინა. იაჰვისტების გულის მოსაგებად კი ბაალის ბომონისა და მსახურების განადგურებას მისთვის ჩვეული ცბიერებით შეუდგა.

‘და აღმოფხვრა იეჰუმ ბაალი ისრაელიდან", - ამბობს ბიბლიის აღმწერი, თუმცა იქვე ამატებს, რომ დაეუფლა რა იგი ხელისუფლებას, იაჰვეს გზაზე სიარული არც კი უცდია. ისრაელის სამეფოში მოღვაწე ღვთისმოშურნე ადამიანები, მათ შორის ელისეც, ალბათ, თავიდან დიდად ხარობდნენ უკეთური დინასტიის აღმოფხვრის მიზეზით, მაგრამ მალევე უნდა ეღიარებინათ, რომ იეჰუს სამეფო ტახტზე აყვანის მიუხედავად, მცირედითაც არ მიახლებიან ღვთისნიერებას. მართალია, ელისეს მოღვაწეობა ახალი მეფის ოცდარვაწლიან მმართველობას თანხვდება, თუმცა წმინდა წერილი არაფერს გვამცნობს იეჰუსა და მისი მცხებელი წინასწარმეტყველის ურთიერთობის შესახებ. ათეულობით წლების შემდეგაც კი იზრეელში დატრიალებული დრამა რელიგიური საზოგადოების მიერ იაჰვეს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მიიჩნეოდა, რაც ოსიას სიტყვებითაც დასტურდება, რომ იზრეელის სისხლი მოეკითხება იეჰუს სახლს...

იერობოამ მეორის დროს ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელსაც გარშემო მდებარე ყველა სამეფო დამორჩილდა და ხარკს უხდიდა. ხილული წარმატება ოდენ დროებითი მოვლენა აღმოჩნდა, რამდენიმე ათწლეულში კი ჩრდილოეთის სამეფომ სრული კრახით დასრულა არსებობა. უკიდურესად წამხდარი იყო ხელისუფალთა ზნეობრივი მდგომარეობა, რაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე უსამართლობამ ცხადად წარმოაჩინა. ყველა ადამიანი, ვინც კი თავის დროზე იეჰუს გამეფებას სიხარულით ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დინასტიათა ცვლას არანაირი კეთილი ნაყოფი არ გამოუღია. თვით რელიგიურ სფეროშიც კი, ერთი შეხედვით, იაჰვისტების მიღწეული გამარჯვება მალე მარცხისკენ შემობრუნდა. მართალია, იეჰუმ მათ რელიგიას, როგორც სახელმწიფოს ერთადერთ კულტს, უპირატესობა მიანიჭა, მაგრამ იგი ვიწრო ეროვნულ სარწმუნოებად იქნა აღქმული. რჯული რჩეული ერის მხოლოდ საღვთო მფრველობის გარეგნულ გამოვლინებად მიიჩნეოდა, რაც, ფაკტობრივად, არაფრით სხვაობდა ბაალისა თუ სხვა რომელიმე კერპისადმი წარმართულ სახელმწიფოებში არსებული დამოკიდებულებისაგან... მოსესთვის გაცხადებული მცნებების სულიერ-ზნეობრივი სწავლება იუდეველთა შეგნებაში პრიმიტიულმა რელიგიურმა შეხედულებებმა ჩაანაცვლა, რომლის თანახმადაც იაჰვე წარმოჩინდებოდა, როგორც აღთქმული მიწის ბატონი და მხოლოდ ერთი კონკრეტული ეთნოსისთვის წყალობათა მიმნიჭებელი არსება).

წმ. ეფრემ ასური: იეჰუს სახლისთვის იზრეელის სისხლის მოკითხვა გარდა ისრაელის ახალი მეფის მხრიდან კერპებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა, იუდეის მეფე აქაზიასა და მისი ძმების მოკვდინებას უკავშირდება, რადგან საუფლო დავალებით მხოლოდ აქაბის სახლობა უნდა განადგურებულიყო, ხოლო ღვთივკურთხეულ მეფეთა შთამომავლებს, დავითის მემკვიდრეებს, არავინ უნდა შეხებოდა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც უფალი იეჰუს სახლისგან პასუხს მოიკითხავს).

იეჰუმ აქაბის სახლი მთლიანად ამოძირკვა, რადგან ამგვარი ქმედება მის პირად გეგმებს თანხვდებოდა და სწორედ ამის გამო განეკუთვნა ბრალეულობა, არ მოიქცა რა ღვთის ნების შესაბამისად, რაც დანისა და ბეთილის კერპებისადმი კეთილ დამოკიდებულებაში წარმოჩინდა. იეჰუს რომ აქაბის ოჯახის წევრების დანდობა ჰქონოდა განზრახული, ამასაც მოიმოქმედებდა ღვთის ნების საპირისპიროდ.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: შევეცდებით, აღნიშნული მუხლების განსხვავებული შინაარსის განმარტებასაც .

აბრაამი და მისი უახლოესი შთამომავალნი (ისააკი, ისააკის ძე იაკობი, იაკობის ძეები) ჭეშმარიტ და ცხოველ ღმერთს მსახურებდნენ. დადგა ჟამი, როდესაც ისინი, შიმშილისგან ლტოლვილნი, ეგვიპტეში ჩავიდნენ და მრავალი წელი გაატარეს იქ. მწირობაში დაბადებულმა მომდევნო თაობებმა წინაპართაგან განსხვავებული შეხედულებები შეიძინეს, ყოველითურთ უარყვეს შეჭმარიტი გზა და ისეთ უკეთურებას ეუფლნენ, რომ ვფიქრობ, არ დარჩენილა უზნეო საქმენი, რაზეც მათ უარი უთქვამთ. იუდეველთა კრებული (სინაგოგა) სულიერად მეძაობდა ეგვიპტეში, მაგრამ უზენაესმა წყალობა მოიღო და იზრახა, კვლავ კეთილგონიერება მიემადლებინა მისთვის. სწორედ ამ მიზნით ყოვლადწმინდამ და ყოვლადუბიწო უფალმა ის (იუდეველთა საკრებულო) მოკავშირედ გაიხადა, მეტიც, დედად აქცია შვილებისა და სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლო მისგან შობილი პირმშოს გამოისობით .

ოსია ღვთის ყოვლადბრძენი განგებულების სახეა. ის, წმინდა წინასწარმეტყველი, ქორწინდება გომერზე, მეძავ დედაკაცზე. გომერი მას უშობს იზრეელს, რაც ღვთის შთამომავალს ნიშნავს . ამრიგად, ღმერთი უგონიერესი მოსეს მიერ იუდაურ სინაგოგას ერთობისა და სულიერი კავშირისკენ მოუწოდებს, რომ მისი გზით პირმშო ძე მოევლინოს წუთისოფელს, ვგულისხმობ ქრისტე ღმერთს, რომელიც ჭეშმარიტად არის ძე ღვთისა (სპორა- ქეოუ - ღვთის მემკვიდრე). მაგრამ ყოველივეს გასააზრებლად კვლავ ისტორიული მოვლენები უნდა განვიხილოთ.

მაშ ასე, საწინასწარმეტყველო სიტყვამ ნათლად განგვიცხადა ჩვენ, რომ იზრეელი ქალაქის სახელწოდებაა . ამასთანავე ვიცით, რომ იზრეელიდან იყო ნაბოთე და სწორედ ის არის სახე ქრისტეში გამოხნის საღვთო განგებულებისა, რადგან ნაბოთე მომავალს ნიშნავს, ხოლო აღნიშნულ სახელს წმინდა წერილი ხშირად ემანუელს უწოდებს: ‘კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა"  . ‘დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს"  . ნათლისმცემელი, აგზავნიდა რა ქრისტესთან მოწაფეებს, ეკითხებოდა: ‘შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?" . ნაბოთე რომ ქრისტეს წინასახეა, დაწერილითაც გულისხმავყოფთ: აქაბს ძლიერ სურდა, სავენახეს დაუფლებოდა და ეს მშვენიერი ადგილი ხეხილის ბაღად ექცია. ნაბოთემ მეფის ნება უარყო და მტკიცედ განაცხადა, რომ მამისეულ ვენახს არასოდეს დათმობდა . როდესაც ამის შესახებ ღვთისმგმობი იზებელი გებულობს, უკეთური მანქანებით მართალ კაცს მოაკვლევინებს, ხოლო აქაბს ვენახის დაპატრონებისკენ მოუწოდებს. ამის გამო უფალი იუწყება, რომ შურს იძიებს იზრეელის სისხლისთვის. აქაბი იეჰუს მიერ იქნა მოკლული, როგორც აღვნიშნეთ, იმავე ბედს იზიარებს იზებელიც.

ახლა კი ყოველივე თქმული, რაც წარსულში პირველსახის მსგავსად აღსრულდა, ქრისტეს დავუკავშიროთ. ესაია ამბობს: ‘ვენახი ჰქონდა ჩემს შეყვარებულს ნაყოფიერ გორაკზე ... რადგან უფალ ცაბაოთის ვენახი ისრაელის სახლია" . ისრაელის წინამძღოლებმა, რომელთა წინასახეც იყო აქაბი, უზენაესის ვენახის დაუფლება ინდომეს (ვენახში იუდეველი ერი მოიაზრება), მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ვენახი საუკეთესო ხარისხის ყოფილიყო, არამედ უნდოდათ, ხეხილის ბაღად ექციათ იგი, რადგან დიდი განსხვავებაა ხილის ბაღსა და ვენახს შორის . აქ მეტიც საჩინოვდება. ქრისტეს წინამძღოლობით იუდეველი ხალხი განა ყველაზე ნაყოფიერ და უხვმოსავლიან სავენახეს არ უნდა დამსგავსებოდა? მაგრამ ფარისეველთა ზნე-ჩვეულებებით მცხოვრებნი და ადამიანურ მცნებებში განსწავლულნი, ისინი არაფრით სხვაობდნენ ხილისგან, რომელიც ხეს ადრეულად წყდება და მიწაზე დავარდნილი მალევე ლპება.

მაშ ასე, იუდეველ წინამძღოლებს ძლიერ სურდათ, ქრისტეს ვენახს დაუფლებოდნენ და საკუთარი ხილის ბაღად ექციათ იგი, მაგრამ ვერაფრით მიდრიკეს უფალი, რომ მათთვის დაეთმო მამისეული ‘სავენახე". რას მოქმედებს ამის შემდეგ ღვთის წინააღმდგომი იზებელი, ანუ საკუთარი წინამძღოლების, სინაგოგის მორჩილი გაპირუტყვებული ბრბო? მოძღვართა ბოროტქმედების თანაგანმზრახი, იგი დევნის და ავიწროებს მართალ და წმინდა ნაბოთეს, ესე იგი, იგივე მომავალს (ო( ე)რხო`მენოჯ), და საქმეს იმგვარად მოაწყობს, რომ დევნილი მოკლული იქნება . სიცრუით მხილებული ემანუელი კვდება. ხოლო რამდენად შეუწყნარებელი იყო მომხდარი უზენაესის წინაშე, ამას ოსიასთვის გაცხადებული სიტყვებიც ადასტურებენ: ‘კიდევ ცოტაც და იზრეელის სისხლს მოვკითხავ იუდას სახლს". აქედან ცხადია, ქრისტეს სისხლი მთელს ისრაელს მოეკითხება, მაგრამ რადგან წინასწარმეტყველების წარმოთქმისას იუდად სამხრეთის, ხოლო ისრაელად ჩრდილოეთის სამეფოები იწოდებოდნენ, მთელი ისრაელის მისათითებლად ითქვა: ‘იზრეელის სისხლი მოეკითხება იუდას სახლს და გაუქმდება ისრაელის მეფობა").

ნეტარი იერონიმე: უპირველეს ყოვლისა შევნიშნავთ, რომ ოსიას წიგნში წარმოდგენილი ორი მეძავი დედაკაცი, პირველი გომერი, ხოლო მეორე - ის, ვისზეც წინასწარმეტყველი მესამე თავის თანახმად ქორწინდება, სიმბოლურად სხვადასხვა რამეს განასახიერებენ. მსგავს თხრობას ეზეკიელთანაც ვხვდებით ოჰოლასა და ოჰოლიბაზე იგავის სახით , თუმცა ამის თაობაზე უფრო დეტალურად შესაბამის ადგილზე ვიმსჯელებთ.

სიტყვა გომერი დასრულებულს ნიშნავს , დიბლაიმი კი - ლეღვის ტყლაპს . პირველ შვილს სახელად იზრეელი დაარქვეს. ეს სახელი ისრაელის სამეფოს ერთ-ერთ მთავარ ქალაქს ერქვა, სადაც მეფე აქაბს სამეფო რეზიდენცია ჰქონდა. სწორედ ქ. იზრეელში დაიღვარა უდანაშაულო ნაბოთეს სისხლი. იეჰუმ საღვთო ნებით უკეთური ოჯახი დასაჯა და თავად გახდა ხელისუფალი, მაგრამ ოსიას წიგნში ნათქვამი სიტყვა: იზრეელის სისხლი მოეკითხება იეჰუს სახლს, მითითებაა იმისა, რომ მიუხედავად შურისგებისა, თავად იეჰუსა და მის ჩამომავლებს არ შეუწყვიტავთ სიარული იერობოამ ნაბატის ძის გზით და ამიტომაც პასუხს აგებენ უკეთურებისთვის. სწორედ იეჰუს შვილთაშვილის იერობოამ II-ის დროს გამოდის ასპარეზზე ოსია. იერობოამის გარდაცვალებისას ტახტზე მისი ძე ზაქარია ავიდა. ეს უკანასკნელი 6 თვიანი მმართველობის შემდეგ სალუმმა მოაკვდინა. ამით იეჰუს მოდგმამ დაასრულა მეფობა ისრაელში.

ნაცვლად იეჰუსი ვულგატაში ვკითხულობთ, რომ იზრეელის სისხლი მოეკითხება იუდას სახლს. ვფიქრობ, ამგვარი ცდომილება არათუ სეპტანტის პირველადი ტექსტიდან მომდინარეობს, არამედ გადამწერთა გაუგებრობითაა განპირობებული, რომელთაც ნაცვლად იეჰუსი მცდარად ამოიკითხეს იუდა).

იოსებ ბროდოვიჩი: სავარაუდოდ ბერძნული ბიბლიის წინამდებარე მუხლში იეჰუს სახელი ასე იკითხებოდა: Iოუ (რამდენიმე კოდექსში აღნიშნული წაკითხვა დადასტურებულია). გადამწერმა, რომელსაც არ ახსოვდა იეჰუს სახელი, ახალი ნუსხის შედგენისას, მიაღწია რა შესაბამის ადგილს, ამოკითხული სიტყვა ვერ დაუკავშირა ისტორიულ მოვლენებს, მიიჩნია, რომ Iოუ შეცდომით ეწერა და სწორედ ამ ‘შეცდომის" გამოსწორება განიზრახა, რის შედეგადაც ახალ ბიბლიურ ხელნაწერში Iოუდა იქნა ჩაწერილი, ხოლო მოგვიანებით იგივე სახელი მრავალ კოდექსში აისახა).

მხ. 5. ‘იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეელის ველზე".

ნეტარი იერონიმე: იზრეელი გარკვეული დროის მანძილზე ისრაელის სამეფოს მთავარი ქალაქი იყო. მის სიახლოვეს ათი ათასი ნაბიჯის მომცველი უზარმაზარი ველი მდებარეობდა. სწორედ ამ ველზე განიგმირა ასურელთაგან ისრაელი, ანუ ათი ტომისგან შემდგარი სამეფო. მას ხშირად ეფრემადაც მოიხსენიებენ იერობოამ I-ის მიზეზით, რომელიც ეფრემის ტომს ეკუთვნოდა და ისრაელის პირველი მეფე იყო).

იოსებ ბროდოვიჩი: ებრაელებთან და, ზოგადად, სემიტებთან მშვილდი ძალის, ძლიერების, სამხედრო ძლევამოსილების სიმბოლოა. მოცემულ შემთხვევაში წინასწარმეტყველი ომის შესახებ საუბრობს. უფალი ბრძანებს, რომ ისრაელის სამხედრო ძალა იზრეელის ველზე შეიმუსრება. როგორც იზებელის მიერ იზრეელში დაღვრილი უდანაშაულო ნაბოთეს სისხლის წილ იმავე ადგილზე განხორციელდა შურისგება, ასევე იეჰუს სისასტიკით ჩადენილი სისხლისღვრა, რაც ერთგვარად ისრაელის უკეთურ სახეს წარმოადგენს, არ დარჩება შურისგების გარეშე. სავარაუდოდ, საუბარია ისრაელის ასურეთთან განცდილ უკანასკნელ მარცხზე, რასაც შედეგად ათტომიანი სამეფოს საბოლოო დაცემა და მოსახლეობის გადასხლება მოჰყვა. ისტორიულ წიგნებში ჩრდილოეთის სახელმწიფოს დაცემის წინ ომის მიმდინარეობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა, ბუნებრივია, ხსენებული სამეფოს მკვიდრნი წინააღმდეგობას გაუწევდნენ მომხდურს. ოსიას წიგნში კი აღნიშნულ ადგილად სწორედ იზრეელის ველი სახელდება. ხსენებული მიდამო უძველესი დროიდან იუდეველთა საომარი მოქმედებების არეალს წარმოადგენდა, განსაკუთრებით, როდესაც მტერი ჩრდილოეთიდან უახლოვდებოდა მათ. აქ ბრძოლობდნენ დებორა და ბარაკი სისარას წინააღმდეგ, გედეონი – მიდიამელებისა და ამალეკის პირისპირ, საული – ფილისტიმელებთან, აქაბი – ბენჰადათთან. აღნიშნულ ველს მნიშვნელობა არც მოგვიანებით დაუკარგავს. იზრეელზე ბანაკდებოდნენ ნაბუქოდონოსორის, ვესპასიანეს, იუსტინიანეს, ბონაპარტის, სულტან სალადინ II-ის და სხვათა ჯარებმა).

მხ. 6-7. ‘კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშეწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ. იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით. არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ".

ოსიას მეორე შვილი, ასული, შეეძინა, რომელსაც ლორუხამი დაარქვა (ლორუხამი - არშეწყალისი). თუ აქამდე იზრეელის სახელით განცხადდა, რომ იეჰუსგან მოიკითხებოდა დაღვრილი სისხლი, ლორუხამის სახელით უფალი უფრო მკაცრ განაჩენს გამოთქვამს: ‘აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ". ოსიას მეორე შვილის სახელი ისრაელის სამეფოს შეუწყალებლობაზე მიუთითებს.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იზრეელის შემდეგ ოსიას გომერთან მეორე შვილი, ამჯერად გოგონა, შეეძინება, რომელსაც საღვთო განჩინებით, ლორუხამა – არშეწყალისი ეწოდა. იქვეა მითითება, რომ ისრაელი ამიერიდან აღარ იქნება შეწყალებული უზენაესის მიერ, პირიქით, უფალი თავად აუმხედრდება და მტრად ექცევა მათ. უმძიმეს დღეში აღმოჩნდება ისრაელი, რადგან როდესაც ღმერთი აღდგება ადამიანის წინააღმდეგ, არსაიდანაა ასეთისთვის შეწევნა. ზეციურ მსჯავრს ვერავინ დაუპირისპირდება. მაშ ასე, ქალიშვილის სახელი არშეწყალისი სასარგებლო და აუცილებელიცაა მათთვის, ვინც უფალი შეურაცხყო, ვინაიდან გაიგებენ რა, თუ რატომ დაერქვა ოსიას შვილს ლორუხამა, ძალუძთ, სიკეთისკენ მიიდრიკონ და საღვთო მსჯავრი შეცვალონ. ვფიქრობ, ამ სახელში გადმოცემული შინაარსი ასურელთა მიერ ისრაელის სამეფოს დაქცევას უკავშირდება. ისრაელისგან განსხვავებით უზენაესი იუდას შეწყალებას ჰპირდება, რაც სენნახირიმის მიერ იერუსალიმის ალყისას მომხდარი სასწაულებრივი მოვლენის შესახებ გვაუწყებს. მოცემულ ისტორიულ თხრობას შევეშვათ და წერილის სიმბოლურ განმარტებას ვესწრაფოთ.

იზრეელის, ღვთის შთამომავლის, დაბადების შემდეგ (შენ მოცეულ შემთხვევაში ემანუელი მოიაზრე, რომლის სისხლისთვისაც ღმერთი შურისგებას ჰპირდება) გომერს, ანუ სულიერ მეძაობაში აღმოჩენილ იუდაურ სინაგოგას შეეძინება ასული ანუ ბრბო, რომელსაც ჯერ-არს, არშეწყალისი ეწოდოს, რადგან იგი იზრეელის ანუ ქრისტეს მოკვდინებაში მონაწილეობდა. ამიტომაც ის ღმერთს უპირისპირდება, რასაც შედეგად უმძიმესი მოვლენები - რომაელი ჯარისკაცების მიერ ქვეყნის აოხრება მოჰყვება. ეს ომი განსაკუთრებული სირთულის აღმოჩნდა, რადგან იერუსალიმის ალყისას იყო შემთხვევები, როდესაც დედები საკუთარ შვილებს ჭამდნენ. ამავდროულად უზენაესი წყალობას ჰპირდება იუდას. სამხრეთის სამეფოში სიმბოლურად ისინი იგულისხმებიან, რომლებმაც სულიწმინდის ძალით განსწავლულებმა ქრისტეს ბუნებითი ძეობა ირწმუნეს. უფლის მკვლელი იუდეველები სწორედაც რომ ლორუხამს უდარდებიან, რადგან დედაკაცი სიმბოლურად მხდალ და უძლურ სულს განასახიერებს. ასეთია ყველა, ვინც ქრისტეს მოძღვრება უარყო და არ ინდომა მის წმინდა და ღვთაებრივ მცნებებს მიჰყოლოდა).

იოსებ ბროდოვიჩი: გომერი იზრეელის გაჩენის შემდეგ კვლავ დაფეხმძიმდა და ამჯერად ქალიშვილი - ლორუხამა შვა. აღნიშნულ სახელში გამოყენებულ სიტყვას საფუძვლად უდევს ებრაული ზმნა, რომელიც ნიშნავს სინაზეს, სირბილეს, აქედან – მოფერება, შეყვარება, წყალობის, სიყვარულის მოპოვება (შვილის სახელის შემთხვევაში უარყოთი წინდებული ემატება). ზემოხსენებული ებრაული ზმნა გამოიყენება სიყვარულის მხოლოდ ისეთი ფორმისას, როდესაც სატრფიალო გრძნობა უმაღლესიდან უმდაბლესს, ძლიერისგან სუსტს, მდიდრისაგან ღარიბს, უფროსისაგან უმცროსს მიემართება, როგორც, მაგალითად, ღვთისაგან ადამიანისკენ, მშობლებისაგან შვილებისკენ. წმინდა წერილში ოდენ ერთი შემთხვევაა, როდესაც ხსენებული ზმნა პირიქით, ადამიანის ღმერთისკენ მიმართულ სიყვარულს გამოხატავს: ‘შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო" . ლორუხამას სახელით ისრაელს განეცხადა, რომ უფალი მეტად აღარ გაიღებს მასზე საკუთარ წყალობას, იუდას კი მფარველობას ჰპირდება და ამ საქმეში არ სჭირდება მას არც მშვილდი, არც მახვილი, არც ბრძოლა, არც მხედრები, რადგან ყველა ჩამოთვლილი საშუალება სრული არარაობაა ღვთის ყოვლადძლიერებასთან შედარებით. ხოლო როგორი ბრიყვი და უგუნურია ისრაელი, რომელსაც ნუგეშად სწორედ ქვეყნიური ძლიერება აურჩევია. ამიტომაც ვერ დაიხსნიან მას შურისგების დღეს ისინი. იუდას გადარჩენის შესახებ უწყება სწორედ იმ დროს უკავშირდება, როდესაც სენნახირიმმა ერთ ღამეში 185 000 მეომარი დაკარგა სასწაულებრივად. ცნობილია მეფეთა წიგნებიდან, რომ აღნიშნული მოვლენა ‘არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით" მომხდარა, არამედ უფლის ანგელოზმა აღასრულა).

მხ. 8-9. ‘მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი. თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი".

ოსიას მესამე შვილი შეეძინება და სახელად ლოყამს დაარქმევს . უფალი მესამე შვილის სახელით კვლავ აუწყებს იუდევეებს საკუთარ დამოკიდებულებას, რადგან მათი შეხედულება ღვთივრჩეულობასთან დაკავშირებით მკაცრი მხილებებით უნდა აღმოფხვრილიყო.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: გარკვეული დროის შემდეგ გომერს მესამე შვილი შეეძინება, რომელსაც ღმერთი ლოყამს უწოდებს და იქვე უთითებს ამ მოვლენის მიზეზს: რადგან თქვენ არა ხართ ჩემი ერი, ხოლო მე არ ვიქნები თქვენი ღმერთი. მესამე სახელში გადმოცემული წინასწარმეტყველების შინაარსი თეგლათფალასარისა და სალმანასარის მიერ სამარიის დაპყრობისას აღსრულდა. მტრის მახვილს გადარჩენილი და გადასახლებული იუდეველნი აღარ იწოდებოდნენ უფლის ერად. მათზე გამართლდა სახელი ლოყამი (არა ჩემი ერი). რაც შეეხება აღნიშნული სახელის განხილვას ქრისტესთან მიმართებით, მაცხოვრის სიკვდილში წილნაყარი იუდეველი ავაზაკების ბრბო, რომლებსაც არშეწყალისი (ლორუხამა) ეწოდა, ჯვარცმის შემდეგ კარგავს ღვთის ერის სახელის ტარების უფლებას და ამიერიდან ლოყამად (არა ჩემი ერი) იწოდება. რომაულ ჯარს გადარჩენილი იუდეველები მსოფლიოს მრავალ კუთხეში გაიფანტნენ, მაგრამ ისინი ღვთის ერად აღარ იწოდებიან).

დეკან. ალექსანდრე მენი: ოსიას წინასწარმეტყველების კითხვისას გეუფლება განცდა, რომ იგი სულმოუთქმელად, თითქოსადა ძლიერ სწარფად კარნახობდა ჩამწერს, ხოლო ეს უკანსაკნელი მოსმენილს წერილობით აღნუსხავდა. წიგნი ცოცხალი სიტყვის სტენოგრამას ჰგავს, მოკლე სტროფები დაუკავშირებელი ამოძახილებით წყდება, ირღვევა შინაგანი რიტმი, გადმოცემული სახეები ბუნდოვანი მინიშნებებითა და უცანური მონახაზებითაა აღსავსე. ეს მაშინ, როდესაც ამოსის წიგნი ერთმთლიანი, მკაცრი, მონომენტური სახითაა წარმოდგენილი, ხოლო ოსია შინაგანად განცდილი მწუხარების, ტკივილის, აღშფოთების მიზეზით რიგ შემთხვევაში მზადაა ხმადაბალი მსჯელობა მაღალ ხმაზე ყვირილით განაგრძოს… ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა ოსიას სული ახალი სულიერი სიღრმეების შესამეცნებლად განამზადა. დრამა - ‘ღმერთი და ადამიანი" ბეერის ძისთვის პირადი ცხოვრებისეული მტანჯველი და ტრაგიკული გამოცდილების შედეგად განცხადდა).

იოსებ ბროდოვიჩი: ოსია მესამე შვილის სახელში გადმოცემული მუქარის აღსრულებას მეფეთა წიგნი ასე გვაუწყებს: ‘მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა" ).

 

თავი 2

მხ. 1. ‘ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება. და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო".

‘ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი…" მსგავსი გამოთქმები ბიბლიაში არაერთგზის გვხვდება და ახალი აღთქმის ეკლესიის შვილთა სიმრავლის მომასწავებელია.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: დადგება ჟამი, როდესაც იუდეველები ჭეშმარიტ ღმერთს ირწმუნებენ და სწორედ მაშინ დაუბრუნდებათ სახელი და კვლავ ცოცხალი ღვთის შვილებად იწოდებიან).

ნატარი იერონიმე: მოცემულ მუხლში გადმოცემული წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის ეკლესიას უკავშირდება).

იოსებ ბროდოვიჩი: წინასწარმეტყველი, მიმართავს რა ათტომიან სამეფოს, ეუბნება, რომ ‘ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება". აღნიშნული სიტყვები საუკუნეებით უწინარეს მამამთავართათვის მიცემული აღთქმების ფაქტობრივი გამეორებაა (შდრ. დაბ. 22.17; 32.12). ოსია მათ გარკვეული საჭიროების გამო იხსნებს, რადგან მისგან გამოთქმული სიტყვები ისრაელის სამეფოს დაცემის შესახებ ხსენებული აღთქმების სრულიად საპირისპირო შინაარსს მოიცავს. ამიტომაც მსმენელს, რომელმაც მშვენივრად უწყოდა საღვთო კურთხევა, შესაძლოა წინასწარმეტყველის მუქარისთვის არ დაეჯერებინა, ანაც პირიქით, ოსიას სიტყვებს დანდობილი, მამამთავართათვის მინიჭებული დაპირების სისწორეში შეჰპარვოდა ეჭვი. ორივე მოვლენაზე საუბრით წინასწარმეტყველი მსმენელს მიუთითებს, რომ მომავალი საჯელი არ გულისხმობს აღთქმების გაუქმებას ისევე, როგორც არც აღთქმების არსებობაა გარანტი დაუსჯელობისა. მოახლოებული განსაცდელის მიზანი არა ისრაელის სრული განადგურებაა, არამედ მისი განწმენდა და გამოსწორება, რომ სწორედ ამ გზით გახდეს იგი ზემოხსენებული დაპირებების ღირსი.

‘და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო". უკეთურებაში შთაფლულ ისრაელს წინასწარმეტყველის შვილები საკუთარი სახელებით შეუჩერებლად უნდა აუწყებდნენ, რომ ღმერთმა მიატოვა ისინი. მაგრამ ისრაელის უარყოფა არ იქნება მუდმივი და დადგება ჟამი, როდესაც შეიწყალებს მას უფალი და მაშინ იგივე სახელები საღვთო წყალობის დაბრუნებას ამცნობს მსმენელს. რაზე მიუთითებს სიტყვები იმ ადგილზე ? მრავალი განმმარტებელი ქალდეურ თარგუმზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ხაზგასმულ სიტყვებში ისრაელის დატყვევების შემდგომი განსახლების ადგილია მითითებული, სადაც ოსიას შვილების ავისმომასწავლებელი სახელი სრულ ჭეშმარიტებად იქცა).

მხ. 2. ‘შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე".

ეგვიპტეში მცხოვრები გათითოკაცებული იუდეველები ოდესღაც სწორედ ერთი ადამიანის - მოსესგან მოსმენილმა ღვთაებრივი მოწოდების სურვილმა გააერთიანა, რაც მონობიდან თავდახსნას და აღთქმული ქვეყნის დაუფლებას გულისხმობდა. ასევე ახალი, სულიერი ისრაელი და იუდა განკაცებული ძე ღმერთის მიერ ბოძებულ მოძღვრებას მიიღებს და მათ შორის ყოველგვარი ზღვარი წარიხოცება.

წმ. კირელე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლში მოთხრობილი მოვლენა ისტორიულ ამბავს გვამცნობს: სამარიისა და იერუსალიმის (ისრაელისა და იუდას) მკვიდრნი ტყვეების სახით იმყოფებოდნენ მიდიელთა და სპარსთა სახელმწიფოში. როდესაც კამბიზის ძე - კიროსი ბაბილონს დაეუფლა (539 წ.), მცირე დროის შემდეგ (538 წ.) ისრაელი და იუდა ტყვეობიდან გაათავისუფლა და სახლში დააბრუნა. სამშობლოში მობრუნებული იუდეველნი ამიერიდან ერთად დამკვიდრდნენ, მათ ცალ-ცალკე ისრაელისა და იუდას სამეფოები აღარ აღუდგენიათ.

‘დიდი იქნება იზრეელის დღე" - აღნიშნული ადგილი განსხვავებულადაც განიმარტება: იზრეელის დღეში მოიაზრება ის ჟამი, როდესაც ისრაელიანები ქრისტეს ირწმუნებენ. სწორედ ქრისტე იქნება ტექსტში ნახსენები ‘ერთი მთავარი").

იოსებ ბროდოვიჩი: წინამდებარე მუხლში გადმოცემული სტყვებით წინასწარმეტყველი ტყვეობიდან ისრელისა და იუდას აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შესახებ გვაუწყებს. როგორც თავის დროზე ეგვიპტეში მყოფი იუდეველნი გაერთიანდნენ და აღთქმული ქვეყნისკენ გაემართნენ ერთობლივად, ასევე მოხდება გარკვეულ ჟამს, როდესაც ორივე სამეფოს შვილები ერთად შეიყრებიან და მშობლიურ მიწას მიაშურებენ. ერთ მთავარს აირჩევენ მსგავსად მოსეს წარსული ისტორიისა. რაც შეეხება იმას, რომ ‘დიდი იქნება იზრეელის დღე", ამაში მხოლოდ ის დღე იგულისხმება, როდესაც იზრეელის ველზე შეიმუსრება ისრაელის მშვილდი და ბოლო დაუდგება მის სამეფოს, ანუ ათტომიანი სამეფო დამარცხდება და ტყვედ იქნება წაყვანილი. დიდი ეწოდება ამ დღეს, ვინაიდან ღმერთთან დაბრუნებასა და იუდასთან შეერთებაში შეეწევა ისრაეს.

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, რომ ოსიას წარმოდგენილი ციტატა ისრაელთან ერთად ტყვეობიდან იუდას დაბრუნებას გვამცნობს, მაგრამ წინა თავის მე-7 მუხლში იმავე იუდას წყალობას ჰპირდება უფალი და, ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარი განმარტება წინააღმდეგობრივია. საქმე ისაა, რომ ხსენებული ორი წინასწამრმეტყველება განსხვავებულ დროზე მიუთითებს: პირველი მათგანი (პირველ თავში გადმოცემული) იუდას ბედს გვაუწყებს უახლოეს მომავალში, ხოლო მეორე – შორეულ წარსულს მიემართება. ამრიგად, მეორე წინასწარმეტყველება პირველის შემავსებელია. მსგავსი რამ სხვა საწინასწარმეტყველო წიგნებშიც გვხვდება, მაგალითად, ესაიასთან (ეს. 11. 11-12), სადაც იუდას ტყვეობიდან დაბრუნებაა ნაუწყება, თუმცა უწინარეს დატყვევების თაობაზე არაფერი თქმულა; ამოსი, რომელიც დავითის დაცემული კარვის აღდგომას გვაუწყებს (ამოს. 9.11), მაგრამ არაფერს ამბობს ამ კარვის დაცემის შესახებ).

მხ. 3. ‘დაუძახეთ თქვენს ძმებს: ყამი (ჩემი ერი) და თქვენს დებს: რუხამი (შეწყალებული)".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ზემოთ გადმოცემული მოძღვრების შემდეგ აღნიშნული მუხლი ლოგიკური გაგრძელებაა. ის იუდეველნი, რომლებიც ქრისტეს ირწმუნებენ, იყვნენ რა ადრე ლორუხამა და ლოყამი, ყამად (ჩემი ერი) და რუხამად (შეწყალებული) იწოდებიან).

იოსებ ბროდოვიჩი: წინასწარმეტყველი, ჭვრეტს რა სულიწმინდის მადლით მომავალ დროებას, როდესაც ისრაელი შეწყალებული იქნება უფლისგან და ავისმომასწავლებელი სახელები კეთილისმაუწყებელი შინაარსით დაიტვირთება, ათტომიან სამეფოში მცხოვრებ მართალ ადამიანებს მოუწოდებს, რომ ღვთისაგან უარყოფილ დებსა და ძმებს დაკარგული წყალობის დაბრუნების თაობაზე ახარონ.

როგორც ვნახეთ, წარმოდგენილ სამ მუხლში თხრობა უარყოფილ ისრაელს უკავშირდება: ეს უკანასკნელი კვლავ აღიდგენს ძეობის უფლებას, უკიდეგანოდ გამრავლდება, საკუთარ ძმას, იუდას, შეუერთდება, საერთო მთავარს დაისვამს და ტყვეობის ქვეყანას დაუტევებს. ნაწილობრივ აღნიშნული წინასწარმეტყველება მაშინ აღესრულა, როდესაც ღვთისაგან შეწყალებული ისრაელი ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ იუდეის სამეფოს მკვიდრებთან ერთად დაუბრუნდა აღთქმულ მიწას ზორუბაბელისა და მოგვიანებით ეზრას წინამძღოლობით. მაგრამ იმავე წინასწარმეტყველების სრულყოფილი აღსრულება მესიანურ დროებას უკავშირდება, როდესაც ებრაელები ქრისტეს ეკლესიას შეუერთდებიან. ეკლესიაში გაერთიანების პროცესი ქრისტეს დედამიწაზე მოვლინებისას დაიწყო, დღემდე გრძელდება და მომავალში დასრულება.

ოსია რამდენიმე მოვლენაზე მიუთითებს: 1. უარყოფილი ისრაელიანები ღვთის ძეობილობას აღიდგენენ. აღნიშნული ცნობა პეტრე მოციქულმა წარმართთაგან მოქცეული ქრისტიანებისთვის განკუთვნილ საკუთარ პირველ ეპისტოლეში (2.10), ხოლო მოციქულმა პავლემ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (9.26) გააჟღერეს და ამით ერთგვარი მტკიცებულება წარმოადგინეს, რომ ღმერთის განკაცებით წარმართებსაც განეკუთვნათ ღვთის ძეობილობა. 2. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, გაერთიანდებიან და ერთ მთავარს დაისვამენ. თუმცა ბიბლიური უწყების თანახმად, ოსიას სიტყვები სრულად არ აღსრულებულა ზორუბაბელისა და ეზრას მეთაურობით ბაბილონური ტყვეობიდან იუდეველი ერის დაბრუნებისას, რადგან ძირითადი ნაწილი რეპატრიანტებისა იუდასა და ბენიამენის ტომებს განეკუთვნებოდნენ, რომელთა რიცხვი საკმაოდ მცირე აღმოჩნდა, ხოლო მათ შორის მყოფი ისრაელის სამეფოს მოსახლეობის რაოდენობა ძალზედ უმნიშვნელო იყო. მათი შეერთების შედეგად მიღებულ ჯამს ზღვის ქვიშასავით სიმრავლეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამასთან, არც ერთი მთავრის ქვეშ გაერთიანებულან ისინი. ოსია მამამთავართა მიერ საუკუნეებით ადრე გამოთქმულ უწყებას ისრაელიანთა განვრცობის შესახებ იმეორებს და ამ სიმრავლეში არათუ ხორციელი, არამედ სულიერი ისრაელი მოიაზრება, რომელიც ქრისტეს ეკლესიაში წარმართთა გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა.

წინამდებარე თავის დარჩენილი ნაწილში (მხ. 4-25) ოსიასა და გომერის ქორწინება ღვთისა და ისრაელის ურთიერთობას უდარედება და წარმოდგენილი ორი ‘წყვილი" სრულ იდენტურობშია ურთიერთთან. წინასწარმეტყველი რჩეული ერის წარსულ ისტორიას იგონებს, მაგრამ ამ ყოველივეს ერთგვარი ნიღაბის ქვეშ, საკუთარი ოჯახური მდგომარეობის აღწერით წარმოგვიდგენს. ისრაელმა ღმერთს უღალატა, - ამბობს ოსია, - და კერპებს ეთაყვანება, რომლებსაც მატერიალურ კეთილდღეობას მიაწრეს. ამ მიზეზით ტყვედ აქცევს მას უფალი, საკუთარი წყალობის გარეშე დატოვებს, რომ სინანული აღეძრას გულში და ძველი, ცოდვისმიერი გზიდან გარემიიქცეს).

მხ. 4. ‘უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი; ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან".

‘უჩივლეთ დედათქვენს" - მოცემულ შემთხვევაში წინასწარმეტყველი მეტაფორას მიმართავს და ‘დედაში" ისრაელის მთელი საზოგადოება მოიზრება, ხოლო ‘შვილებში" - ამ საზოგადოების ცალკეული წევრები.

წმ. კირელე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ერთგზის გვაუწყა, რომ ისრაელი ღმერთს განუდგება და სამართლიანად დაერქმევა ლოყამი (არა ჩემი ერი), ხოლო მაცხოვრის მკვლელი ყოველგვარ ეჭვს გარეშე იწოდება ლორუხამად (არშეწყალისი), დადგება ჟამი, როდესაც იუდეველნი კვლავ აღიარებენ შეჭმარიტ ღმერთს და ქრისტეს რწმენაში შემოუერთდებიან ღვთის აღმსარებლებს. სწორედ ამ ხალხს მიმართავს უზენაესი, შეწყალებულსა და თავის ერად კვალადგებულს, და დედაში სინაგოგას მოიაზრებს. უფლის უწყებით, იუდეველებსა და ღმერთს შორის დარღვეული კავშირი არათუ უზენაესის ბრალია, არამედ მათი დედის, სინაგოგის, რომელმაც არ ინდომა ჭეშმარიტებასთან ერთობა და საუფლო ნაყოფთა მსხმოიარობა, მისგან შობილნი კი ყოვლითურთ გაუცხოებულნი არიან ჩემგან, ამბობს უფალი ოსიას ბაგეებით).

იოსებ ბროდოვიჩი: წინამდებარე მუხლში დედად ისრაელის მთელი საზოგადოება, მისი კრებსითი სახე, ხოლო შვილებად აღნიშნული საზოგადოების შემადგენელი ცალკეული ინდივიდები იწოდებიან. არ არსებობს დედა (საზოგადოება) შვილების (ცალკეული პიროვნებების) გარეშე. ათტომიენი სამეფო ერთ მთლიანობად არის განხილული და ისინი კერპმსახურების მორევში არიან შთაფლულნი. მაგრამ როგორც ყველა დროში, ოსიას მოღვაწეობის ჟამსაც, კერპთაყვანისმცემელი საზოგადოების გვერდით იყვნენ ადამიანები, ვისაც არ მიუძღოდა წილი უკეთურებაში. პირიქით, ისინი ღვთის სიტყვას ისმენდნენ, სწავლობდნენ, იმეცნებდნენ და ჭეშმარიტი სიყვარულით მსახურებდნენ შემოქმედს. სწორედ დასნეულებული საზოგადოების ამ ჯანსაღ ნაწილს მიმართავს უფალი ოსიას ბაგეებით, რომ საკუთარ დედასთან ჰქონდეთ ცილობა, რადგან არცთუ დიდი დროა დარჩენილი უმძიმეს განსაცდელამდე, ვინიცობაა მხილებამ შედეგი გამოიღოს და მომავალი უბედურება ასცილდეს ისრაელს. ‘აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი", აღნიშნული სიტყვებით ღირსეულ შვილებს მიეთითა, რომ სწორედ მათმა დედამ – ისრაელმა გაწყვიტა საქორწინო კავშირი. იეჰუს სახლის არჩვევისას, როგორც მეძავი, ისე შეიწყნარა თავის დროზე ღმერთმა ისინი, გამოსწორების იმედით. მაგრამ სხვაგვარად გამოვიდა. მხოლოდ თავიდან ჩანდა ისე, თითქოს ყველაფერი უნდა გაკეთილშობილებულიყო, თუმცა მალევე კვლავ უღალატა ისრაელმა რჯულისმიერ ‘მეუღლეს" და კვლავაც კრპებს გამოედევნა. სწორედ ამიტომ დარღვეულია ‘მეუღლებრივი" კავშირი. უფალი ბოლო მცდელობას მიმართვას, ზნეობრივი ადამიანების ხელით, რომ გამოსწორდეს დასაღუპად განწირული ეფრემი.

განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ წინასწარმეტყველზე დაქორწინებულმა გომერმა უღალატა საკუთარ მეუღლეს და ცხოვრების ძველ წესს დაუბრუნდა. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში სრულ სურათს ვღებულობთ პირველსახესა და მაგალითს შორის: ისიძავს მეუღლეობრივ კავშირში მყოფი ისრაელი).

მხ. 5. ‘თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ეგვიპტეში ცხოვრებისას იუდეველთა შორის, ვითარცა კერპმსახურებში, უკეთური სული სახლობდა, მაგრამ მოგვიანებით იგი განიდევნა მათგან, რადგან მოსეს მიერ ღვთისშემეცნებისკენ იქნენ წვეულნი, უფლის ჯვარცმისას კი რჩეული ერისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი აღმოჩნდა, ვინაიდან მათში არა მხოლოდ ერთი სული, არამედ უკეთურ ძალთა ლეგიონი ჩასახლდა).

იოსებ ბროდოვიჩი: როგორც ცოლ-ქმრულ კავშირში მყოფი ადამიანი, გაიგებს რა საკუთარი მეუღლის ღალატს, ყველა ძღვენსა და საჩუქარს ჩამოართმევს მას, ასევე მოექცევა ისრაელს ღმერთი და წყალობის გარეშე დაუტევებს. ცნობა უდაბნოსა და წყლის გარეშე დარჩენის შესახებ ტყვეობის თაობაზე გვაუწყებს).

მხ. 6-7. ‘არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან. რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი. რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო".

წმ. კირელე ალექსანდრიელი: საყვარლებში უწმინდური დემონები მოიაზრე, ვისთანაც გარყვნილებას ეძლეოდა სინაგოგა და ყველა მათ სურვილს აღასრულებდა).

მხ. 8. ‘ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ეკალ-ბარდებში იუდეველ ხალხს თავსდატეხელი ყველა უბედურება მოიაზრება: ომები, ტყვეობა, შიმშილი, მონობა... მას შემდეგ, რაც ისინი მიდიელთა და სპარსთა მორჩილებაში მოექცნენ, აღარ ისწრაფოდნენ ბაალისა და ოქროს კერპებისკენ, არამედ სანუკვარ თავისუფლებას მოკლებულნი მწარე ცრემლებით დასტიროდნენ საკუთარ ბედს და ხედავდნენ რა, რომ მოტყუებულნი აღმოჩნდნენ ცრუ დაპირებებითა და იმედებით, რასაც ბაალისა და ოქროს კერპების მსახურთაგან იღებდნენ, მათ განიკითხავდნენ, რადგან აღთქმულთაგან არაფერი გამართლდა. ასე აღემართება კედელი მას, ვინც ცოდვას არ ერიდება. ასეთს უზენაესი სასჯელს გამოსასწორებლად მოუვლენს და ყველა კარს დაუხშავს, რითიც მავანი ადრე უკეთურების გზას ეშურებოდა).

მხ. 9. ‘გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა. ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის. იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო".

წმ. კირელე ალექსანდრიელი: როდესაც მეძავი ცოლი საკუთარ გზებზე აღმართულ კედლებსა და ეკალბარდებს იხილავს, აზრებს შეიცვლის, მართალია, გვიან და მწარე გამოცდილების შედეგად. და მაშინ შეიყვარებს ღვთის მცნებებს და ისურვებს, რომ კვლავ აღდგეს ადრე არსებული მდგომარეობა. ის, რაც ერთი მხრივ სასჯელია, მეორე მხრივ საკურნებლად ეძლევა ადამიანს).

იოსებ ბროდოვიჩი: ისრაელი მთელი არსებით მიეცემა კერპმსახურებას, მათგან დაელოდება შემწეობას, მაგრამ ბოლოს, რაჟამს საკუთარ საქციელზე დაფიქრდება, განვლილი ცხოვრების ამაოებას შეიმეცნებს და ჭეშმარიტი ღმერთის დიდებულებაში დარწმუნდება. ასე განსჯიან ისინი: რისი უკუმიქცევას ვერ მოახერხეს კერპებმა, იმას ვერც მოგვივლებდნენ. შესაბამისად, უბედურება ღმერთმა მოგვივლინა და დახმარებაც მასთან უნდა ვეძებოთ. ‘მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას" ).

მხ. 11. ‘ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას, წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა".

წმ. კირელე ალექსანდრიელი: ღვინისა და პურის უკან წაღება ღვთაებრივი კურთხევისგან განშორების სიმბოლოა, ხოლო მატყლი და სელი (შესამოსელი) უზენაესის შემწეობაა. მისით მოსილი ღვთივკურთხეული იქნება უკუნისამდე, განმოსილი კი ზეციური წყალობის გარეშე დარჩება).

მხ. 14. ‘გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო. ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველნი საკუთარ ქვეყენაში მოყვანილ ნაყოფიერ მოსავალს წარმართული კერპების დამსახურებად მიიჩნევდნენ და პატივს მათ მიაგებდნენ, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი დავიწყებული ჰყავდათ. უზენაესი ოსიას ბაგეებით, ამბობს, რომ ამ ყოველივეს წაართმევს მათ, რათა მიხვდნენ საკუთარ უგუნურებას. იუდეველებს ყოველივე კეთილის შემოქმედად რომ კერპები და წარმართული ღვთაებები მიაჩნდათ, ამას იერემიას წიგნიც გვიდასტურებს: იერუსალიმის აღების შემდეგ გადის გარკვეული დრო და იუდეაში დარჩენილი ებრაელები გოთოლიას მკვლელობის გამო ეგვიპტეს მიაშურებენ, სადაც იერემია იძულებით წაიყვანეს. უცხოობაში მყოფი წინასწარმეტყველი თანატომელებს სიტყვით მიმართავს და განსაცდელების მიზეზად კერპმსახურებას ასახელებს, რაზეც იუდეველი დედაკაცები მას პასუხობენ, რომ ეს უბედურება სამშობლოში ცხოვრებისას კერპების არაჯეროვანი მსახურების შედეგია ).

მხ. 15. ‘მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა. როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა უფალმა".

ნეტარი იერონიმე: სახელი Bაალ მხოლობით რიცხვშია. თუკი ებრაული სიტყვის დასასრულს ვკითხულობთ ბგერებს იმ, ეს ყოველთვის მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვის მანიშნებელია, ხოლო ოტჰ დაბოლოების შემთხვევაში საქმე გვაქვს მდედრობითი სქესის მრავლობით რიცხვთან. ასე მაგალითად, სერაპჰიმ და ცჰერუბიმ მამრობითი სქესის მრავლობითი რიცხვია, ხოლო ა შაბაოტჰ, რაც ითარგმნება როგორც ‘ძალნი" ან ‘მხედრობანი", მდედრობითი სქესის მრავლობითი რიცხვია. იმავე გრამატიკული წესების თანახმად, Bაალიმ მამრობითი სქესს ეკუთვნის და მრავლობითი რიცხვითაა წარმოდგენილი).

მხ. 18 ‘იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ: ჩემო ქმარო! და აღარ დამიძახებ ჩემო ბაალო (ბატონო)".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ‘იმ დღეში" ჩვენი მხსნელის ქვეყანაზე მოვლინების ჟამი იგულისხმება, დრო, როდესაც წუთისოფელს მზე სიმართლისა აღმოუბრწყინდება. სულიერი გაგებით, ძველი აღთქმის ეპოქა ღამეა, ხოლო ახალი აღთქმა ნათლისმფენ სხივთა სიმრავლით ელვარებს).

ნეტარი იერონიმე: მრავალი ბერძნული და წარმართული წყარო გვაუწყებს, რომ უძველეს დროს აზიაში ბელის ძე ნინი მეფობდა. მან ასურელებს ქალაქი აუშენა და საკუთარი სახელი დაარქვა, რომელსაც ებრაელები ნინევიად მოიხსენიებენ. მისმა მეუღლემ, სემირამიდამ, კი ბაბილონის კედლები ააგო. ნინი, იმავე გადმოცემის თანახმად, მამაცურად ებრძოდა დიდ ბაქტრიელ მეფე ზოროასტრს. მან ისეთ დიდებას მიაღწია, რომ საკუთარი მამა - ბელი ღმერთად გამოაცხადა, რომელიც ებრაულ ენაზე Bელ-ად იხსენიება. მრავალ წინასწარმეტყველთან, განსაკუთრებით კი დანიელთან, აღნიშნული სახელი უმთავრეს ბაბილონურ ღვთაებას ეწოდება. სიდონელები და ფინიკიელები მას Bაალ-ს ეძახდნენ, რადგან თანხმოვან ბეტსა და ლამედს შორის (შდრ. B…ლ) ორი ერთნაირი ბგერა - აინ (..აა..) იწერება და ენათა თავისებურებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში იკითხება როგორც ბეელ, ხოლო ზოგჯერ კი - ბაალ. ებრაულ და სირიულ ენებზე Bაალ ნიშნავს ე)`ხწნ ანუ მქონეს . თუკი მავანს სურს მიუთითოს იმაზე, ვისაც თავად ეკუთვნის, უნდა თქვას ბაალი. ორივე ხსენებულ ენაზე ცოლები საკუთარ ქმრებს სწორედ Bაალი-თ მიმართავდნენ, რაც ითარგმნება როგორც ‘ჩემი ქმარი", ანუ Bაალი არის ის, ვისაც ამ სახელის წარმომთქმელი დედაკაცი ეკუთნის . იმავე ებრაულ ენაში ქმრის აღმნიშვნელად მეორე ტერმინიც არსებობს - ის.

წარმოდგენილი მუხლის შინაარსი შემდეგია: ებრაულ ენაში ორივე ტერმინი, ბაალი და ისსი, ერთი და იმავე მნიშვნელობისაა და ‘ჩემს მეუღლეს", ‘ჩემს ქმარს" ნიშნავს. უფალმა კერპ ბაალის სახელი ისე მოიძულა, რომ ორაზროვნების მიზეზით ხალხმა იგი (სახელი ბაალი) საერთოდ არ უნდა გამოიყენოს, რადგან ერთზე საუბრისაას ცოდვით დაზიანებულ გონებას შესაძლოა, სხვა რამისკენ გასჩენოდა სწრაფვა ).

მხ. 21-22. ‘და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით. დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს".

ნეტარი იერონიმე: უფალი სამგზის იმეორებს სიტყვას ‘დაგწინდავ". პირველი წინდობა აბრაამის გზით მოხდა, საუკონო ერთობისთვის. მეორე - სინას მთაზე აღესრულა, სადაც ხალხს წინდობის საჩუქრების წილ ჭეშმარიტება და რჯული ებოძა, აღეთქვა, რომ ცოდვის შემთხვევაში დევნილი იქნებოდა, ხოლო თუკი შეინანებდა, წყალობა არ მოაკლდებოდა. მარადიულობისთვის შეუღლებულმა სძალმა ეგვიპტეში საკუთარი საქმრო უარყო და გარყვნილებას მიეცა. ამიტომაც რჯულის გზით ხელმეორედ აღესრულა წინდობის საიდუმლო, რომელიც კვლავ უარყოფილი იქნა იმავე ხალხის მიერ, რაც სიძის მეგობრებად წოდებულ წინასწარმეტყველთა მოკვდინებაში გამოიხატა. საბოლოოდ ღვთის ძეც მოვიდა. მისი ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ყოველ ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, ახალი, მესამე წინდობის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა არა ძველი რჯულის გზით, არამედ სახარებისეული მადლმოსილებით).

წინამდებარე თავის ბოლო ნაწილი (16-25 მხ.) დათმობილი აქვს უზენაესის მიერ მომავალში კაცობრიობისა და იუდეველი ერის მიმართ გამოჩენილი კაცთმოყვარების შესახებ მოძღვრებას. წიგნის დასაწყისში ოსია მკაცრად ამხელს იუდეველ ერს და მათ საწინააღმდეგო მრავალ წინასწარმეტყველებას გამოთქვამს, ხოლო მითითებული მუხლები ნუგეშითაა აღსავსე.

 

თავი 3

იოსებ ბროდოვიჩი: ოსიასა და გომერის წყვილი ხელახლა ჩნდება ასპარეზზე. ღვთის განჩინებით წინასწარმეტყველს კვლავ მოჰყვას მეუღლე, რომელმაც მიატოვა იგი და უკეთურ გზას დაადგა, და გულმოდგინედ ზრუნავს მასზე, რომ გამოასწოროს. საკმაოდ დიდი დროის მანძილზე ოსია საკუთარ სახლთან, შორი-ახლოს აბინავებს გომერს, რომ ამ უკანასკნელმა ღვაწლი იტვირთოს. კერძოდ, მან არ უნდა დაამყაროს სქესობრივი ურთიერთობა არც სხვა მამაკაცებთან, არც საკუთარ მეუღლესთან. ამასთან, წინასწარმეტყველი განმარტოებით მყოფ გომერს ცხოვრებისათვის აუცილებელი საშუალებებით ამარაგებს. ამგვარი ეპიტემიის მიზანია, გომერი სრულყოფილი ცოლ-ქმრული კავშირისთვის მოემზადოს. მისი განმარტოებით ყოფნის დრო იუდეველი ერის ყოფის იმ მონაკვეთის სიმბოლოა, როდესაც ღვთისაგან უგულებელყოფილ ისრაელს არ ექნება კავშირი არც იაჰვესთან და არც ფსევდო კულტებთან, კერპებთან).

ფრიდრიხ რუჟემონტი: განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წიგნის მეორე თავი ოსიას მეუღლის პატიოსანი ცხოვრებიდან კვლავ გარყვნილებისკენ მიქცევის შემდეგ დაწერილი მოძღვრებაა და ამ დროს გომერმა, მთელი არსებით ძველ ცხოვრებას კვალადგებულმა, მიატოვა წინასწარმეტყველი, ხოლო მე-3 თავი სწორედ მისი უკან დაბრუნების შესახებ გვაუწყებს).

მხ. 1. ‘კვლავ მითხრა უფალმა: წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე, როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ".

წინამდებარე თავთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა. კომენტატორთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ‘ქმრის საყვარელ ცოლში", ვისზეც წინასწარმეტყველი უნდა დაქორწინდეს, სწორედ გომერი იგულისხმება. ოსია, მათი თქმით, პირველ თავში გადმოცემულ მოვლენას კვლავ იმეორებს და განსხვავებული სახით წარმოგვიდგენს. ამ ვერსიის გასამყარებლად ხსენებული განმმარტებლები შემდეგ არგუმეტს იშველიებენ: უფალი წინასწარმეტყველს არ დაავალებდა სხვისი საყვარელი ცოლის შერთვას, ვინაიდან ოჯახური ერთობისა და სიწმინდის მაკურთხეველი ღმერთი არ შეიძლება, ამ კურთხევათა საპირისპირო ქმედებისკენ აღძრავდეს ადამიანს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აწ უკვე აღწერილი ცოლ-ქმრული ცხოვრების ახალი ეპიზოდია წარმოდგენილი. იმავე განმმარტებელთა ვარაუდით, შესაძლოა, გარკვეული დროის მანძილზე გარყვნილების დასაკმაყოფილებლად გომერმა თავად მიატოვა ოსია, ხოლო მიღებულ განჩინებაში ქმრის საყვარელი ცოლის შეყვარების შესახებ იგულისხმება, რომ წინასწარმეტყველმა საკუთარი ცოლი უნდა მოიძიოს და დაარწმუნოს მის მიმართ გაუნელებელ სიყვარულსა და ოჯახური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაში. წარმოდგენილი მოვლენები სიმბოლური მნიშვნელობისაა: როგორც ოსია, მიუხედავად გომერის მხრიდან გამოჩენილი გულქვაობისა, მისი მოსიყვარულე რჩება და ცდილობს, კავშირი აღადგინოს, ასეთივე გრძნობები გააჩნია უზენაესს ძველი აღთქმის რჩეული ერისადმი, რომელიც, მსგავსად გომერისა, უცხო ‘ღმერთებთან" ღალატობს შემოქმედს.

განმმარტებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებულ დედაკაცში ოსიას მეორე ცოლი მოიაზრება, რომელიც მან გომერის გარდაცვალების შემდეგ შეირთო.

ნეტარი თეოდორიტე: ოსია მეძავ დედაკაცზე ქორწინდება, მაგრამ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მასთან არ შედის. ეს სიმბოლური მოქმედებაა, რითიც მითითებულია, რომ მართალია, უზენაესსა და რჩეულ ერს შორის კავშირი დარღვეულია, მაგრამ ღმერთს არ უარუყვია ისინი საბოლოოდ და კვლავაც ინარჩუნებს მზრუნველობას).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: დიდი ყურადღებით უნდა გამოვიკვლიოთ, თუ რას ნიშნავს წარმოდგენილი უწყება. პირველ გარყვნილ ქალზე ქორწინების შემდეგ ოსიას უზენაესისგან ევალება, რომ მეორედ იქორწინოს. შერჩეული დედაკაცი ამჯერადაც, მსგავსად პირველისა, მრუში და გარყვნილი ქალია . რაში მდგომარეობს ამგვარი ქმედების არსი? იუდეველი ერი დიდ ცდომილებაში იმყოფებოდა. იგი ბაალისა და ოქროს ხბოს კერპებს ემსახურებოდა და სწორედ ამიტომაა შედარებული წიგნის დასაწყისში გომერს, მეძავ ქალს. დგება ჟამი, როდესაც კაცობრიობის გამოხსნის მიზნით წუთისოფელს ძე ღვთისა ევლინბა. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ ვერ იცნო იგი და ზეციურ სასიძოზე უარი განაცხადა. მათ უარყვეს ის, ვინც საკუთარი სიცოცხლე კაცთა გამოხსნისთვის გაიღო. ოსია, რომელიც უზენაესს განასახიერებს, ამჯერადაც მეძავ და გარყვნილ დედაკაცს უკავშირდება, რომელიც სხვისი საყვარელი ცოლია. სხვაში (ვის ცოლადაც ეს ქალი სახელდება) ყველა ის ცოდვა და უკეთურება მოიაზრება, რომელსაც ქრისტეს უარმყოფელნი ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამგვარი მდგომარეობისა, ღმერთი მათზე ზრუნვას არ წყვეტს და კვლავ ხელს უწვდის ერთობისთვის. ოსიას მიერ მეორე ცოლის მოყვანაში იგულისხმება, რომ უფალი არასოდეს განეკრძალვის ცოდვით მოწყლულ ადამიანებს და მარადის მზადაა მათთან კავშირის აღსადგენად).

ნეტარი იერონიმე: ოსია კვლავ ღებულობს უზენაესისგან განჩინებას, რომ დაქორწინდეს, მაგრამ დედაკაცი ამჯერადაც მეძავია. ტექსტის თანახმად, ხსენებული დედაკაცი ან ბოროტების მოყვარულია, ან თავად ის უყვარს ახლობელ, მეგობარ ადამიანს, რადგან ებრაული სიტყვა რე ორმაგი მნიშვნელობისაა: ბოროტება და მეგობარი ).

იოსებ ბროდოვიჩი: ვინ მოიაზრება დედაკაცში, რომლის შეყვარებაც დაევალა ოსიას? უნდა დავეთანხმოთ მკვლევართა იმ ნაწილს, ვინც აღნიშნულ დედაკაცს პირველ თავში ნახსენებ გომერთან აიგივებს. ამგვარი მსჯელობა საკმაოდ მყარი არგუმენტებითაა განპირობებული: 1. რადგან წინა შემთხვევაში წინასწარმეტყველმა სახელით მოიხსენია დედაკაცი, რომელზეც დაქორწინება განეკუთვნა, ხოლო ამჯერად დუმილით აურა მის სახელს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე სწორედ ამ ორი ადამიანის იდენტურობის გამო მოიქცა. საუბარი სხვადასხვა ორ პიროვნებაზე რომ ყოფილიყო, გომერის პარალელურად მეორის სახელიც იქნებოდა ნახსენები. 2. სწორედ მოვლენათა ამგვარი გაგებით ვღებულობთ აღნიშნული მოქმედებიდან ზუსტ სიმბოლურ შინაარსს: მრუშობდა ისრაელი სულიერად ღმერთთან მიმართებით, სიძვას მისცემოდა ოსიასთან ქორწინებაში მყოფი გომერი. ღმერთს უყვარს მემრუშე ისრაელი, წინასწარმეტყველი ეტრფის მსიძავ მეუღლეს.

საპირისპირო მოსაზრების მქონე ადამინებს დამატებითი არგუმენტითაც ვუპასუხებთ. რადგანაც ოსიას წიგნში გადმოცემული ოჯახური მდგომარეობის მაუწყებელი ყველა მოვლენა ღრმა სიმბოლიკითაა დატვირთული, წინასწარმეტყველს სხვა ქალი რომ მოეყვანა ცოლად, განა რისი სახე იქნებოდა ამგვარი ქმედება? ნუთუ იმისა, თითქოს ღმერთმა უარყო უკეთურების მოქმედი ისრაელი და სხვა ერი შეიწყნარა? მაგრამ ამ მეორე დედაკაცის შესახებაც, ვინც მავანთა მსჯელობის თანახმად, სხვა ეთნოსის სიმბოლოა, ნათქვამია, რომ უკეთურია ისიც და მანაც უღალატა საკუთარ ქმარს. შესაბამისად, წიგნში გადმოცემული ყველა მოვლენა მხოლოდ ერთზე მიუთითებს: პირველსა და მესამე თავში წარმოდგენილი ორი დედაკაცი ერთი და იგივე პირია.

აქვე იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ ვინ იგულისხმება სხვაში, ვისი საყვარელი ცოლიც ოსიამ უნდა მოიყვანოს. მოცემული ქმედება, როგორც შევნიშნავდით, ღრმა სიმბოლური შინაარსისაა. ამიტომაც ხსენებულ სხვაში ოსია რომ არ მოიაზრებოდეს, გაუგებარი იქნება მოვლენების ამგვარი განვითარება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მესამე თავში წარმოდგენილ დედაკაცს ორი კანონიერი ქმარი ჰყოლია: პირველი - ის სხვა, ვისაც ოსიამდე ეკუთვნოდა იგი, და მეორე – თავად წინასწარმეტყველი, რომელსაც ხსენებული დედაკაცის მოყვანა დაევალა, მაშინ როდესაც ისრაელი მხოლოდ ერთ უზენაეს ღმერთზე იყო დაწინდული და გარდა სინას მთაზე გაცხადებული ზეარსისა, რჯულისმიერი კავშირი არავისთან ჰქონია. ამასთან, ჩვენ წინაშე წარმოდგენილი ქალი, რაჟამს ოსიას უფლისგან მასზე დაქორწინება დაევალება, ამავდროულად მეუღლეობრივ კავშირში იმყოფება, თუმცა მიტოვებული ჰყავს თანამეცხედრე, მაგრამ ეს არ გამხდარა საბაბი ცოლ-ქმრული ერთობის საბოლოო დარღვევისა, რადგან კვლავაც უყვარს იგი საკუთარ მეუღლეს. და სწორედ ამ დროს დაევალა ოსიას მისი მოყვანა. ხსენებული დედაკაცი რომ უცხო პიროვნების ცოლი ყოფილიყო, გამოდის, უფალმა სხვისი მეუღლებრივი კავშირის დარღვევა დაავალა წინასწარმეტყველს, რაც ყოვლადდაუშვებელი და წარმოუდგენელი მოვლენაა…

სიტყვები ‘სხვისი საყვარელი" გვიჩვენებს, რომ მიუხედავად გომერის მიერ ჩადენილი ღალატისა, ოსიას არ განელებია მისდამი სიყვარული, მაგრამ ტრფობისთვის მახასიათებელ ნიშნებს ძველებურად აღარ იჩენდა წინასწარმეტყველი. სწორედ ამიტომ მიეთითა მას ‘შეიყვარე", რაშიც არათუ გრძნობაზეა საუბარი, არამედ გრძნობის შედეგად გამოვლენილ ქმედებაზე, ყურადღებაზე, ვინაიდან შეწყვეტილი იყო არა პირველი (იგულისხმება სიყვარული), არამედ მეორე (ე. ი. სიყვარულით განპირობებული გარეგნული ფაქტორები: ყურადღება, ფიზიკური ზრუნვა…). სიყვარულის ოდენ გულში დასამარხავად, გაუმჟღავნებლად დარჩენის შემთხვევაში, წინასწარმეტყველს არაფერში სჭირდებოდა სადმე წასვლა, პირიქით, შეეძლო უბრალოდ სახლში მყოფს დაემარხა ეს გრძნობა. მაგრამ უფალი მოუწოდებს ოსიას, რომ ადგეს, წავიდეს და შეიყვაროს, ეს კი შემდეგს ნიშნავს: წადი მეუღლესთან, მოიძიე იგი, სიტყვითა და საქმით დაამოწმე მის წინაშე შენი სიყვარული და თავგანწირვისთვის მზადყოფნა).

მხ. 2-3. ‘ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად, ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოსია გარკვეულ საფასურად ყიდულობს დედაკაცს, საკუთარ სახლში განამწესებს მას და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს უზნეობისგან და გაერიდოს მეძაობას. ამავდროულად ჰპირდება, რომ თუ იგი არავის შეხედავს და ერთგული იქნება, თავადაც არასდროს დაარღვევს კავშირს მასთან. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

ღვთისმგმობელ და მკვლელ იუდეველ ბრბოს, მრუშსა და გარყვნილს, ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ უზენაესი ქმრის გარეშე დარჩენას ავალებს. თუ იგი არ იუკეთურებს, ან სხვა ‘ღმერთების" აღიარებას არ დაიწყებს, უფალი მას კავშირის აღდგენს ჰპირდება, მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც ამ კავშირში უპირველესად წარმართების სიმრავლე შემოვა, რადგან იუდეველნი ახალი აღთქმის ეპოქაში ბოლო ადგილს განიკუთვნებენ და ყველაზე უკან დგანან. ოსია მეორე ცოლთან არ შედის ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, არამედ ჰპირდება მას, რომ რაჟამს ის გამოსწორდება და აღარ ექნება სხვისადმი ტრფიალი, მხოლოდ მაშინ აღდგება ურთიერთობა. ამგვარადვე შეიწყნარებს მსიძავ ბრბოს ზეციური სასიძო კერპმსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რადგან თუკი უფლის ჯვარმცმელი იუდეველები მოსეს რჯულს დაიმარხავენ (თუმცა, რა თქმა უნდა, გარეგნულად და უგულისხმოდ, რადგან ძველი აღთქმის რჯული ქრისტესთან მიმყვანებელი იყო), ეს ნიშანვს, რომ აღარ მიაგებენ თაყვანს დემონებს სხვადასხვა ცრუ კერპმსახურებით .

ოსია საკუთარ ცოლს თხუთმეტ ვერცხლად იყიდის. ვერცხლი მოსეს რჯულს განასახიერებს, რჯული ერთდროულად სრულყოფილიც არის და არასრულყოფილიც. სრულყოფილია ის, რაჟამს სულიერად ვიაზრებთ, რადგან ქრისტეს საიდუმლოებებს გვემეტყველება, მაგრამ არასრულყოფილია, რაჟამს მის მიერ გამოზრდილთა გონება სიტყვის მიღმა ვერ შეაღწევს, რადგან ისტორიული მოვლენების ამოკითხვა და ცოდნა, თითქოს შუა გზაში აჩერებს ადამიანს. სრულყოფილების სიმბოლოდ რიცხვი ათია წარმოდგენილი, როგორც ამას წმინდა წერილი გვიმოწმებს: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირეზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება" . რიცხვი ხუთი კი, თანახმად თქმულისა: ‘ერთს ხუთი ტალანტი მისცა" , არასრულყოფილებაზე მიუთითებს, რადგან იგი, რგოროც ვთქვით, ათის ნახევარია. წარმოდგენილ მსჯელობას შენ სხვაც შეგიძლია დაურთო: თხუთმეტი საკუთარ თავში შვიდსა და რვას მოიცავს. ღვთივსულიერ წერილში, თითქმის ყველგან, რიცხვი შვიდი ძველი აღთქმის სიმბოლოა, ხოლო რვა ახალი აღთქმის ეპოქას გულისხმობს, რადგან ჩვენი მაცხოვრის - ქრისტეს აღდგომა მერვე დღეს განხორციელდა, იუდეველი ერი კი სწორედ შვიდეულში ანუ ძველი აღთქმის ეპოქაში იმყოფება.

იუდეველების ცხოვრება რომ მხოლოდ ხორციელისკენაა მიმართული, ამას ნათლად ცხადყოფს ოსიას მიერ მეუღლისთვის გადაცემული ‘ერთი ხომერი ქერი", რადგან ხსენებული საკვებით ცხოველები იკვებებიან, ხოლო ღვინო შესაძლოა, მათ სულიერ სიმთვრალეზე მიუთითებდეს, რადგან იყო მათთვის ნათქვამი: ‘წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ. ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით" . ეს მემთვრალეთა უძლურებაა, რადგან ისინი, მხედველნი, შესაძლოა ვერაფერს ხედავდნენ და მსმენელნთ არაფერი ესმოდეთ) .

იოსებ ბროდოვიჩი: როგორ გავიგოთ ოსიას წარმოდგენილი სიტყვები? მოვლენები ასე განვითარდა: რაჟამს გომერმა გადაწყვიტა, კვლავ დაბრუნებოდა ცხოვრების გარყვნილ წესს, რითიც წინასწარმეტყველთან დაქორწინებამდე იყო დაკავებული, მიატოვა ეს უკანასკნელი და მთელი ძალით უკეთურებას მიეცა. მაგრამ გავიდა გარკვეული დრო, ქმართან განშორებული და სიძვის მორევში ჩაძირული გომერი თავისთვის ამბობდა: წავალ, ჩემს პირველ მეუღლეს დავუბრუნდები, რადგან მასთან ვგრძნობდი თავს კარგად. იგი მზად იყო ნებისმიერი, თუნდაც არახელსაყრელი, პირობა მიეღო და ამ მოქმედებით, ერთი მხრივ, ზნებრივად დაცემულის აღდგომა საჩინოვდებოდა, ხოლო მეორე მხრივ, სიმბოლოს წარმოადგენდა ისრაელისთვის, რომ იგივეს მოიმოქმედებდა ღმერთი რჩეული, მაგრამ ურჩი ერის მიმართ. წინასწარმეტყველი არც მყისვე ღებულობს მოქცეულს და არც სარეცელს იზიარებს მასთან, არამედ სახლიდან მოშორებით აბინავებს მას და გარკვეული ღვაწლისთვის მოუწოდებს: გომერმა არავისთან უნდა დაამყაროს სქესობრივი კავშირი. სწორედ ამგვარი გულწრფელი კეთილქმედების შემთხვევაში შეძლებს ქალი, კვლავ დაუახლოვდეს საკუთარ მეუღლეს. ბუნებრივია, ოსია, როგორც კანონიერი თანამეცხედრე, ვალდებული იყო გომერის გამოკვებაზე ეზრუნა. სწორედ ამის თაობაზეა უწყება წინამდებარე მუხლებში. წინასწარმეტყველი იმ დოისთვის არსებულ ყველაზე უბრალო და იაფფასიან, ქერისაგან დამზადებულ პურს აძლევს გომერს საკვებად. ამასთანავე, გარკვეულ თანახსაც გადასცემს მას ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად).

მხ. 4-5. ‘რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მოცემულ მუხლში ნათლადაა ნათქვამი, თუ რატომ მოიყვანა ოსიამ გარყვნილი ქალი და რა მიზეზით დასვა იგი საკუთარ სახლში ისე, რომ მასთან ურთიერთობა არ ჰქონია. მეოთხე მუხლში გამოთქმული წინასწარმეტყველება იუდეველებზე ჭეშმარიტად დღემდე აღესრულება, რადგან მათ არ აქვთ ტაძარი, არ ჰყავთ მღვდელმთავარი, სასულიერო სამოსი და ა. შ. მაგრამ მეხუთე მუხლი გვიდასტურებს, რომ დადგება ჟამი, როდესაც ეს ხალხი დავითს ანუ დავითის ჩამომავალს ძებნას დაუწყებს და მისდამი ‘მოწიწებით განიმსჭვალება").

ნეტარი იერონიმე: ზოგიერთი იუდეველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია ბაბილონური ტყვეობის შესახებ, როდესაც აღთქმული მიწა უპატრონოდ იყო დატოვებულ, ხოლო რჩეული ერი ყველანაირ სიკეთეს მოაკლდა. ვფიქრობ, აქ ახალი აღთქმის ეპოქის შესახებაა საუბარი).

იოსებ ბროდოვიჩი: წინასწარმეტყველი ჩამოთვლის, თუ რას დაკარგავს ისრაელი. შეგვიძლიე ეს ჩამონათვალი სამ ცალკეულ მონაკვეთად გამოვყოთ. 1. მეფე და დიდებულები, საერო ხელისუფლების მოთავენი და დამცველნი, ვისაც ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, გარეშე მტრისაგან მათი დაცვა ევალებოდა. რადგანაც ისინი დაღუპვისთვის არიან განწირულნი, ბუნებრივია, სამეფოც განადგურდება. 2. მსხვერპლი და საკურთხვეველი; 3. მღვდლობა და გამოცხადება (ებრაული ბიბლიის თანახმად, ეფოდი და თერაფიმები). ეფოდი სამღვდელმთავრო ზედა შესამოსელია, რომელზეც ზემოდან სამკერდული განთავსდება, სადაც ურიმსა და თუმიმს დებდნენ. ურიმი და თუმიმი ერთგვარი მედიუმის ფუნქციას ასრულებდა და მღვდელმთავარი მნიშვნელოვანი თეოკრატიული საკითხების გადაწყვეტისას მათი საშუალებით გებულობდა საღვთო ნებას. ამრიგად, წინასწარმეტყველი მიუთითებს, რომ ტყვეობისას ისრაელი დამოუკიდებელ მმართველ იერარქებსაც დაკარგავს, ღვთისმსახურების გარეშეც დარჩება და ბოლოს, სიძულვილით განეკრძალვის კერპების თაყვანისცემასაც, რადგან ნათლად დაინახავს მათ ამაოებას საკუთარი უბედირების დღეს. არც ჭეშმარიტი ლიტურგია ექნება დატყვევებულ ისრაელს, მსგავსად დასჯილი გომერისა, რომელიც გარკვეული დროით მოკლებული იყო მეუღლესთან ურთიერთობას.

აღნიშნული მუქარა ათტომიან სამეფოზე ასურული ტყვეობისას აღესრულა. 'ისრაელის ძეებში" რომ უშუალოდ ათტომიანი სამეფო მოიაზრება, ამას არა მარტო წინამდებარე მოვლენების პირველ თავთან მჭიდრო კავშირი ადასტურებს, სადაც ისრაელი განსხვავდება იუდასაგან (ოსი. 1.7), არამედ ისრაელის ძეებისკენ მიმართული სიტყვები, რომლებშიც მათი მეფის - დავითისკენ მიქცევის შესახებაა საუბარი და ეს სიტყვები რამდენიმე საუკუნით ადრე ათი ტომის დავითის სახლისაგან განდგომას უკავშირდება. თუმცა წინასწარმეტყველის მუქარა მხოლოდ ისრაელის სამეფოთი არ უნდა შემოვფარგლოთ, რადგან იგივე სიტყვები ბაბილონურსა თუ რომაულ ტყვეობასაც მიემართება).

 

თავი 4

ნეტარი იერონიმე: პირადი ცხოვრების შესახებ წარმოდგენილი თხრობის შემდეგ, ამჯერად ოსია მკაცრი მამხილებელი სიტყვებით მიმართვას მსმენელს და სახელდებით ჩამოთვლის ორივე სამეფოში მრავლადჩენილ გაუკუღმართებებს. წინასწარმეტყველი მსმენელს აფრთხილებს, რომ უკვალოდ არაფერი ქრება და ხალხს, შეუნანებლობის შემთხვევაში, ყოველი შეცოდებისთვის მოუწევს პასუხისგება, რაც მომავალში ისრაელის სამეფოზე მოწევნად უმძიმეს განსაცდელებში აისახება).

მხ. 1-2. ‘ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან. რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა. სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: წიგნის პირველსა და მესამე თავში წინასწარმეტყველის პირადი ცხოვრებაა აღწერილი: მეუღლე გომერი, სამი შვილი - იზრეელი, ლორუხამა, ლოყამი, მეორე მეუღლე. მთელი ამ დროის მანძილზე ოსია თანამემამულეთა სულიერ სამყაროს უღრმავდება, იკვლევს მათ შინაგან მდგომარეობას, იმეცნებს საღვთო საიდუმლოებების არსს, მნიშვნელობას და როდესაც ზეგარდამო მიღებულისა და განცდილის ქადაგების ჟამი დგება, ის იწყებს წინასწარმეტყველებას. ოსია განმარტავს, თუ რა იქნება ისრაელის მომავალი დაღუპვის მიზეზი და, ერთი მხრივ, ისრაელში გაბატონებულ უკეთურებას წარმოაჩენს, რომ არავინ ჩათვალოს განსაცდელი უსამართლოდ, ხოლო მეორე მხრივ, ცდილობს, სინანული აღძრას მსმენელში, რომ ამგვარად აარიდოს მათ შურისგების მწარე სასმისი).

წინამდებარე თავში ოსია ისრაელში მიმდინარე უკეთურებას ამხელს, წარმართული მსახურების სახეობებს ჩამოთვლის და ამაში თანატომელებს სდებს ბრალს. მითითებულია რიტუალური მოქმედების რამდენიმე ფორმა:

მხ. 12-13. ‘ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას… განუდგნენ თავიანთ ღმერთს. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი".

ხეზე მკითხაობაში იგულისხმებიან თერაფიმები, ხისაგან გამოკვეთილი ადამიანის გამოსახულების მქონე ქანდაკებები, რომლებსაც თავიანთი მსახური ქურუმები ჰყავდათ. რაჟამს ადამიანი თერაფიმთან მომავლის გარკვევის მიზნით მიდიოდა, შუამავლის ფუნქციას ქურუმი კისრულობდა. სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა თერაფიმისადმი რაიმე კონკრეტული შეკითხვით მიმართვა და ამავე დროს პასუხიც იგივი ქურუმის მიერ მიეწოდებოდა დაინტერესებულ პირს. აქვეა ნახსენები მთათა მწვერვალები, გორაკები. სიმაღლეები ქანაანში მცხოვრები წარმართი ტომების კერპმსახურებისთვის გამორჩეულ ადგილებს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, იუდეველებმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან გადმოიღეს ხსენებული წარმართული მსახურების ფორმები და სწორედ ამაზე ამახვილებს წინასწარმეტყველი ყურადღებას.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხესა და ტოტებზე მკითხაობა - რავდომანტია (ბერძ. რ)აბდომანტეი`ან). მისნობის ხსენებული ფორმა ბერძნებთან საკმაოდ გავრცელებული იყო. სწორედ ამის შესახებ გვხვდება უწყება ეზეკიელთან, სადაც იგი ნაბუქოდონოსორის წინააზიური ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს. ქალდეველი ხელმწიფე ორ ისარს შორის აკეთებს არჩევანს. ერთზე ელამი აწერია, მეორეზე კი იერუსალიმი ).

მე-13 მუხლში მითითებულია მთათა მწვერვალებზე მსხვერპლის შეწირვის შესახებ, გორაკზე კმევის თაობაზე, ხეების ქვეშ აღსრულებულ მსახურებებზე. აქ ხის სამი სახეობაა ჩამოთვლილი მუხა, ჭადარი და ტერებინთი. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, გარდა პირდაპირი გაგებისა, მითითებულ ხეებში ასევე ღვთის უმეცარი ადამიანების მიერ აღსრულებული ქმედებების უსარგებლობა იგულისხმება, რადგან სამივე ეს ხე ყოვლად უნაყოფოა. ისინი ამავდროულად თითქოს აბრაამსაც ჰბაძავდნენ, რომელსაც უზენაესი მამრების მუხასთან გამოეცხადა .

იოსებ ბროდოვიჩი: აბარბანელი მაიმონიდისა და მიკოზის სიტყვებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ სიცილიელებსა და ებრაელებს ხის ტოტებზე მკითხაობის თავისებური ხერხი გააჩნდათ: ტოტს ერთი მხრიდან ტყავს სიგრძეში ბოლომდე გააცლიდნენ და მიწაზე დააგდებდნენ, შემდეგ უყურებდნენ, რომელი მხარე იყო ზემოთ მოქცეული, ტყავგაცლილი თუ ტყვაშერჩენილი ზედაპირი, და ამის მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ. ტაციტის მტკიცებით, გერმანელი ხალხი რავდომანტიის ასეთ ფორმას იყენებდა: ხილის ხეს ახალ რტოს მოკვეთდნენ, ნიშნებით აღჭურვავდნენ და თეთრ სამოსზე დაყრიდნენ. შემდეგ სახალხო ქურუმი (თუკი მკითხაობა მთელს სახელმწიფოს ეხებოდა), ან ოჯახის მამა (როდესაც რავდომანტია კერძო ინტერესებით ტარდებოდა) ღმერთებისკენ ლოცვას აღავლენდა და ზეცისკენ მომზირალი, სათითაოდ ღებულობდა სამოსზე მდებარე ყლორტებს, მათზე მდებარე ნიშნების მიხედვით კი მომავლს იუწყებოდა).

მხ. 15. ‘თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს. ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო!"

ებრაული სიტყვა გალგალ (გილგალი) ‘ბორბალს", ‘წრეს" ნიშნავს. ასე იწოდებოდა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი მოვლენის მიზეზით რიგ ადგილებში განთავსებული ქვები თავიანთი წრიული განლაგების გამო. იგივე სახელი ტოპოგრაფიული მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა. პალესტინაში მრავალი ასეთი ადგილი მდებარეობდა . მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მდინარე იორდანესა და იერიქონს შორის არსებული გილგალი იგულისხმება, სადაც არაერთი წმინდა რიტუალი აღუსრულებიათ იუდეველბს, თუმცა მოგვიანებით იგივე მიდამო წარმართული კულტმსახურების ადგილად იქცა.

ბეთ-ავენი ითარგმნება როგორც "კერპის სახლი" ან ‘სახლი სიცრუისა". ამ სახელწოდების ქალაქი ბეთილთან ახლოს მდებარეობდა. მას შემდეგ, რაც იერობოამმა ოქროს ხბოს ერთ-ერთი კერპი ბეთილში განათავსა (ბეთილი – სახლი ღვთისა), მას ირონიულად ბეთ-ავენად მოიხსენიებდნენ.

იოსებ ბროდოვიჩი: აღთქმულ მიწაზე რამდენიმე გილგალი არსებობდა. ერთი მათგანი იორდანესა და იერიქონს შორის მდებარეობდა, სადაც მდინარის გადალახვის შემდეგ პირველად დაბინავდნენ იუდეველნი. მეორე გილგალი იერუსალიმიდან და სიქემიდან თანაბარ მანძილზე იყო განთავსებული, სილომიდან სამხრეთ-დასავლეთით. მესამე გილგალი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ქანაანელი მეფის რეზიდენცია, რომელსაც ისუ ნავესმა სძლია. რომელ მათგანს გულისხმობს ოსია? სავარაუდოდ, წინასწარმეტყველი იორდანესა და იერიქონს შორის მდებარე გილგალზე მიუთითებს, რადგან იუდეველი ერის ცხოვრებაში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ხსემნებულ ადგილს უკავშირდებოდა: ისუ ნავეს მიერ იორდანის ფსკერიდან აღებული თორმეტი ქვის აღმართვა და ერის წინადაცვეთა; ქანაანურ მიწაზე განხორციელებული პირველი პასექი; სამუელის მიერ მსხვერპლის აღვლენა; გარკვეული დროით აღთქმის კიდობნის განთავსება; ელიასა და ელისეს დროს სწორედ აქ მდებარეობდა საწინასწარმეტყველო სკოლა. ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, ისრაელის სამეფოში არსებული საკერპმსახურო მრავალი ადგილიდან ერთ-ერთი იერიქონთან მდებარე გილგალი უნდა ყოფილიყო, თუმცა არც მისი წარმომავლობისა და არც ‘საღვთისმსახურო" თავისებურებების შესახებ შემონახულა ჩვენამდე რაიმე ცნობა).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მიმართვა ეხება როგორც ისრაელს, ასვე იუდას სამეფოს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის სამეფოს ყველა პირობა გააჩნდა ღვთისმსახურების აღსასრულებლად და გარეგნულად იქ მცხოვრები ადამიანები თითქოსდა საღვთო რჯულს იცავდნენ, შინაგანად დაუოკებელი იყო მათი ლტოლვა კერპებისკენ.

‘ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში". ბეთ-ავენი იგივე ქ. ბეთილია, სადაც ოქროს კერპი იყო განლაგებული. ბეთილი ღვთის სახლს ნიშნავს, მაგრამ კერპის აღმართვის შემდეგ მას ბეთ-ავენი ანუ სახლი უნაყოფობის, კერპის სახლი ეწოდა. რაც შეეხება გილგალს, ეს ის მიდამოა, სადაც საული მეფედ იქნა ცხებული, სადაც უდაბნოდან მისულმა ხალხმა, გადაკვეთა რა მდინარე იორდანე, დაიბანაკა და წინადაცვეთა აღასრულა. ყველა ადგილი, რომელიც იუდეველი ხალხის ღირსშესანიშნავ მოსაგონარს უკავშირდებოდა, მოგვიანებით ისრაელის სამეფოს გაუკუღმართებული მსახურებების ცენტრად გადაიქცა.

იუდას სამეფო მაგალითი უნდა ყოფილიყო ისრაელისთვის. მათ ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას, უზენაესისკენ სწრაფვას, გულწრფელ დამოკიდებულებას კეთილი შური უნდა აღეძრა ჩრდილოეთის სამეფოში მცხოვრებთათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, საპირისპირო მოხდა. თავად იუდას მოსახლეობის ნაწილი ისრაელში ისწრაფოდა კერპმსახურების აღსასრულებლად, სხვანი კი უკეთური საქმეებით თავიანთ სამშობლოში იყვნენ დაკავებულნი).

 

გაგრძელება →

 

ნახვა: 614

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: Other dragon communion spells for frost/ice damage

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 10:38am 0 კომენტარი

So these are the strongestSamurai builds we do think you should play in Elden Ring now, and if you need some Elden Ring runes to Elden Ring Runes build your character, welcome to get the best deal on our store!

Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations) Elden Ring Rune Farming Guide 2024: Top 5 Best Early & Late Game Rune Farms (Locations)1/4/2024 3:44:20 PMTag:Starter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters