წმინდა ბასილი დიდი - ჰომილიები ექვსთა დღეთათვის
(ჰომილია VII, ჰომილია VIII, ჰომილია IX)

ჰომილია VII

ქვეწარმავალთა შესახებ

      1. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ (შესაქ. 1.20). მნათობთა შექმნის შემდეგ წყალი ცხოველებით აივსო, რათა თავისი წილი სამკაული მასაც მიეღო. ამ დროს დედამიწას საკუთარი სამკაული მცენარეების სახით უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო ზეცა ვარსკვლავთა ყვავილებით იყო შემკული და ვითარცა სახეს თვალები, დიდი მნათობების შეუღლებული წყვილი ამშვენებდა. წყალიღა იყო დარჩენილი და საკუთარი სამკაული მასაც უნდა მისცემოდა. მოვიდა ბრძანება და მდინარეებმა და ტბებმა, თითოეულმა თავისი ბუნების მიხედვით, მათთვის დამახასიათებელი ჯიშები წარმოშვეს. მცურავთა ყოველი მოდგმის შობისათვის მუცელი ზღვასაც ასტკივდა, წყალი არსად, იქნებოდა ეს შლამი თუ ჭაობი, ქმნილებათა გასრულების საქმეში უმოქმედოდ და მონაწილეობის გარეშე არ დარჩენილა. ცხადია, რომ ბაყაყები, კოღოები და ქინქლები სწორედ მათგან იშვნენ. რასაც ახლა ვუყურებთ, ის წარსულსაც წარმოგვიჩენს. ასე ისწრაფა ყველა წყალმა შემოქმედის ბრძანების სამსახურისათვის. ვერავის ხელეწიფება აღრიცხვა ჯიშთა, რომელთა სიცოცხლეც მოქმედად და მოძრავად ღმრთის დიდმა და გამოუთქმელმა ძალამ წარმოშვა. ასე რომ, ძალა სიცოცხლის შობისა წყალს ბრძანებით მიეცა.

      გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნელთა ცხოველთა. და დაიბადა პირველი ცხოველი, მშვენიერი და მგრძნობელობასთან წილნაყარი; თუმცა მცენარეებსა და ხეებზე საზრდოობისა და აღორძინების ძალის გამო ცოცხალი ითქმება, მაგრამ ცოცხალნი და მშვინვიერნი მაინც არ არიან. ამისთვის გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები. ყოველი მცურავი, რომელიც ზედაპირზე ცურავს თუ წყლის სიღრმეებს აპობს, ქვეწარმავლის ბუნებისაა, რადგან სხეულს წყალში მიათრევს. თუმცა წყლის ცხოველთაგან ზოგიერთს ფეხები აქვს და სიარული შეუძლია (მათი უმრავლესობა ამფიბიაა, როგორც მაგალითად, სელაპები, ნიანგები, ბეჰემოთები, ბაყაყები და კიბოები), მაგრამ მათი მთავარი საქმე მაინც ცურვაა.

      გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები. – ამ მცირე სიტყვით შეუქმნელი რომელი ჯიში დარჩა? რომელი აღარ იქნა შეყვანილი შესაქმის ამ ბრძანებაში? მაგალითად, ისეთი ცოცხალმშობი ცხოველები, როგორიცაა სელაპები, დელფინები, მელანთევზები და სხვა მათი მსგავსი, ე.წ. ხრტილოვანი თევზები? აგრეთვე ქვირითის დამყრელნი, როგორიცაა თითქმის ყველა ჯიში თევზებისა? მაგარქერცლიანები და რბილქერცლიანები, ფარფლებიანები თუ უფარფლებონი? ბრძანების ხმა მცირეა, უფრო მეტიც, ხმაც არაა, არამედ ოდენ წამი და აღძვრა ნებისა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბრძანების შინაარსია ისეთი მრავლისმომცველი, რამდენი განსხვავებული და საერთო თვისება არსებობს თევზებს შორის, რომელთა დაწვრილებით აღწერა იგივეა, რაც დათვლა ზღვაში ტალღებისა, ანდა მცდელობა მისი წყლის არწყვისა პეშვით.

      გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები. მათ რიცხვში შედის ისინი, რომელნიც ზღვაში, მის ნაპირებზე, სიღრმეებსა და ქვებში ცხოვრობენ და ჯოგებად ან მარტო დაცურავენ – ვეშაპები, ვეებერთელა თუ წვრილი თევზები. ერთი და იმავე ძალიდან, ერთი და იმავე ბრძანებიდან ყოფიერებაში მოსვლა წილად ხვდათ დიდთა თუ მცირეთ.

      გამოიღეთ წყალთა. – ამით შენ მცურავთა ბუნების წყალთან ნათესაობა გიჩვენა, რადგან თევზები წყალს მცირე ხნითაც რომ განშორდნენ, დაიღუპებიან. ისინი ხომ ამ ჰაერით ვერ ისუნთქებენ, არამედ რაც ხმელეთზე მცხოვრებთათვის ჰაერია, ის წყალია მცურავთა მოდგმისათვის. მიზეზი ამისა ნათელია. ჩვენ გვაქვს ფილტვი, ნაზი, მრავალნასვრეტიანი, დაჩვრეტილი ორგანო, რომელიც ჰაერს მკერდის გამყოფი შუასაძგიდის გზით იღებს და ჩვენს შინაგან სიმხურვალეს აგრილებს და ანიავებს, ხოლო მათთან სუნთქვის მაგივრობას ლაყუჩების გაფართოება და შეკუმშვა წევს, რომლითაც წყალს იღებენ და უკან აბრუნებენ.

      თევზებს საკუთარი ხვედრი აქვთ, საკუთარი ბუნება, საკუთარი საზრდელი და ცხოვრების საკუთარი წესი. ამიტომ მცურავთაგან არათუ არცერთის მოშინაურება არ შეიძლება, არამედ საერთოდ ადამიანის ხელის შეხებასაც ვერ ითმენენ.

      2. გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა ნათესაობისაებრ. ახლა უბრძანა წარმოშობა, როგორც რაღაც თესლებს ბუნებისა, ყოველი ჯიშის დასაბამს, ხოლო მათ გამრავლებას მემკვიდრეობის უწყვეტლობა წარმართავს, რაჟამს ისინი ზრდასა და გამრავლებას მოითხოვენ. სხვა ჯიშისაა ე.წ. ტყავბაკნიანები, როგორიცაა მაგალითად: ნიჟარები, სავარცხლები, ლოკოკინები, ზღვის ლოკოკინები, სტრომვები (ბზრიალები) და ხამანწკების ათასობით სახესხვაობა; სხვა ჯიშისანი არიან ე.წ. რბილნიჟარიანები, მაგალითად, ზღვის კიბოები, კიბორჩხალები და მსგავსნი ამათნი. სხვა ჯიშს მიეკუთვნებიან ე.წ. ლოქორები (რბილტყავიანები), რომელთაც ხორცი რბილი და მოშვებული აქვთ: პოლიპები, მელანთევზები და სხვა მათი მსგავსნი. ამათ შორისაც მრავალი სხვაობა განირჩევა, რადგან დრაკონები, ზღვის გველთევზები და გველთევზები, რომლებიც შლამიან მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ, ბუნებით უფრო შხამიან ქვეწარმავლებს ემსგავსებიან, ვიდრე თევზებს. სხვა ჯიში ქვირითის დამყრელთა და სხვა ცოცხალმშობთა. ცოცხალ შვილებს ზვიგენები, ძაღლთევზები და საერთოდ ე.წ. ხრტილოვანები შობენ; ცოცხალმშობია აგრეთვე ვეშაპთა დიდი ნაწილი, დელფინები და სელაპები, რომელთა შესახებაც მოგვითხრობენ, რომ ახალშობილ შვილებს, რაღაცა მიზეზით შეშინებულებს, ისინი კვლავ საშოში იღებენ და იქ მალავენ.

      გამოიღედ წყალთა ნათესავობისაებრ. სხვაა ჯიში ვეშაპისებრთა და სხვა წვრილი თევზებისა. და ისევე: თევზებს შორის ურიცხვი სხვაობანია და ისინი ჯიშებად არიან დაყოფილნი, რომელთაც სახელებიც საკუთარი აქვთ, საჭმელიც განსაკუთრებული და შესახედაობით, სიდიდით და ხორცის თვისებებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დიდი სხვაობებით გამოყოფილნი, ისინი სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან.

      ვის შეუძლია იმათგან, რომელნიც თევზების თვისებებს აკვირდებიან, ჯიშთა შორის არსებული სხვაობანი ჩამოგვითვალოს? თუმცა მათზე ამბობენ, რომ თევზთა დიდ ქარავანში მათი რიცხვის დადგენაც კი შეუძლიათ; მათგან, ვინც ზღვისპირას დაბერდა, ყველა სახის თევზის ისტორიის თხრობა რომელს შეუძლია? სხვა ჯიშებს იცნობენ ისინი, რომელნიც ინდოეთის ზღვაში თევზაობენ, სხვას – ეგვიპტის ყურეში, სხვას – კუნძულელები და კიდევს სხვას – მავრიტანელები. მაგრამ ყველანი, - პატარებიცა და დიდებიც, იმ პირველმა ბრძანებამ და გამოუთქმელმა ძალამ წარმოშვა. მრავალი სხვაობაა მათ ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია სხვაობა ყოველი ჯიშის გამრავლების წესებს შორის. თევზების დიდი ნაწილი, ფრინველებისაგან განსხვავებით, არ ჯდება კვერცხებზე, არც ბუდეს იშენებს და არც შვილების გამოზრდისათვის შრომობს, არამედ დაყრილ ქვირითს წყალი იღებს და მათგან სიცოცხლეს წარმოშობს. არცერთი ჯიში გამრავლების წესს არ იცვლის და არც სხვა ბუნების მქონეს შეერევა. არ არსებობს თევზების იმ წესით გამრავლება, რომლითაც ხმელეთზე ჯორები მრავლდებიან, ან ისეთი შეერთება, როგორიც იმ ფრინველთა შორის ხდება, რომელნიც ნარევ ჯიშებს წარმოშობენ. თევზებს შორის არ არიან ისეთები, რომლებიც ნახევრად იყვნენ აღჭურვილნი კბილებით, როგორც ჩვენთან ხარი და ცხვარი, რადგან მათ შორის არცერთი არ იცოხნება, გარდა სკაროსისა, როგორც ამას ზოგიერთები მოგვითხრობენ; მაგრამ ყველა თევზს აქვს მიჯრით მიწყობილი მახვილი კბილები, რათა საზრედლი ხანგრძლივი ღეჭვისას არ გადმოიქცეს, რადგან თუ იგი სწრაფად არ დაქუცმაცდა და მუცელს არ გადეცა, შესაძლებელია დაქუცმაცების დროს წყალმა წაიღოს.

      3. საზრდელი სხვადასხვა ჯიშის თევზისა სხვადასხვაა. ზოგი შლამით საზრდოობს, ზოგი ზღვის ბალახით, ზოგიც იმ მცენარეებით კმაყოფილდება, რომელნიც წყალში იზრდებიან. უმრავლესობა თევზებისა ერთმანეთს ჭამს; უფრო პატარა კერძია შედარებით უფრო დიდისა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ის, ვინც პატარა შთანთქა, მასზე ძლიერის ნადავლად იქცევა, - ასე რომ, ბოლოს ორივე ამ უკანასკნელის მუცელში აღმოჩნდება. სხვას რას ვაკეთებთ ჩვენ, ადამიანები, როცა იმათზე, ვინც ჩვენზე დაბლაა, ვმძლავრობთ? რა განსხვავებაა იმ უკნასკნელ თევზსა და მას შორის, ვინც სიმდიდრის გაუმაძღარი სიყვარულის გამო თავისი ანგარების ყოვლისშთანმთქმელ წიაღში მასზე უფრო სუსტებს ნთქავს? მან მიითვისა ღარიბის ქონება, შენ კი იგი შეიპყარი და შენი სიმდიდრის ნაწილად აქციე. უსამართლოზე უფრო უსამართლო და ხარბზე უფრო ხარბი აღმოჩნდი! ფრთხილად იყავ, რომ შენი ბოლოც ისეთივე არ იყოს როგორც თევზისა – ანკესი, ფაცერი ან ბადე. უეჭველია, რომ ჩვენც, ვინც მრავალ უსამართლობას ჩავდივართ, უკანასკნელ სამსჯავროს ვერ გავექცევით. უსუსურ ცხოველთა მრავალგვარი ცბიერებისა და ვერაგობის შეცნობით მინდა, რომ შენ უკეთურების მოქმედთა მიბაძვას თავი აარიდო. კიბოს ხამანწკის ხორცი სურს, მაგრამ ძნელია მისი მონადირება გარემომცველი ბაკნის გამო. ბუნებამ ხომ მისი ნაზი ხორცი შეუვალი ზღუდით შემოზღუდა. ამიტომაც ეწოდა ტყავბაკნიანი. რამდენადაც ორი ჩაზნექილი ნიჟარა ერთმანეთს ზუსტად ედგმება და ხამანწკას ფარავს, კიბოს მარწუხებიც იძულებით უმოქმედო ხდება. და როგორ იქცევა? როგორც კი დაინახავს, რომ ხამანწკა უქარო ადგილას სიამოვნებით თბება და თავის ნიჟარას მზის სხივებს უღებს, ფარულად კენჭს ჩაუგდებს, ხელს შეუშლის ნაწილების შეერთებას და რისი ძალაც არ შესწევს, იმას მოხერხებით აღწევს. ასეთია ბოროტება მათი, რომელთაც არც გონება და არც სიტყვა არ მიენიჭათ. მე მინდა, რომ შენ კეთილ საქმეთა მოგებაში სიმარჯვით კიბოს მიბაძო, ოღონდაც ისე, რომ მოყვსისათვის ვნების მიყენებისაგან თავი შეიკავო. ასეთია ხომ ის, ვინც ძმასთან მზაკვრულად მიდის, გასაჭირში ჩავარდნილ მახლობელს თავს დაატყდება და სხვათა უბედურებით ხარობს. მოერიდე მიბაძვას იმ ადამიანებისა, რომელნიც საძრახის საქციელს სჩადიან და რაც შენია, ის იკმარე. სიღატაკე, როცა შენი სიმართლით კმაყოფილი ხარ, გონიერთათვის ყველა ტკობობაზე უმჯობესია.

      არ შემიძლია გვერდი ავუარო მრავალფეხას ცბიერებასა და ქურდობას, რომელიც ყველა იმ ლოდის ფერს იღებს, რომელსაც მიეკრობა. ამიტომ მრავალი თევზი, ცურავს რა უშიშრად, მრავალფეხას, როგორც ქვას ისე უახლოვდება და ვერაგის განმზდებული ნადავლი ხდება. ასეთი ხასიათი აქვთ იმათაც, რომელნიც ძალაუფლების მფლობელთ შეუდგებიან და ყოველ ჟამს შესაფერისად გარდაიქმნებიან. ერთ განზრახვაზე არასოდეს დგანან, არამედ სხვად და სხვად ადვილად იქცევიან, კეთილგონიერებთან კეთილგონეირებას სცემენ პატივს, თავგასულებთან კი – თავგასულობას და ყოველი მათგანის საამებლად შეხედულებებს სწრაფად იცვლიან. მათი თავიდან მოშორება ადვილი როდია და თავის დაცვა მათგან მიყენებული ზიანისაგანაც ჭირს, რადგან განზრახული უკეთურება ღრმადაა დაფარული მეგობრობის ნიღბით. ამგვარი ზნის ადამიანებს უფალმა მტაცებელი მგლები უწოდა, რომელნიც ცხვრის ქურქით გვევლინებიან (მთ. 7.15). მოერიდე მრავალფერსა და მრავალგვარ ცვალებადობას და სიმართლეს, სიწრფელესა და უბრალოებას შეუდექი. გველს მრავალი ფერი აქვს (ჭრელია), ამიტომაც მიესაჯა მუცელზე ხოხვა, მართალი კი უბრალოა ვითარცა იაკობი (შესაქ. 25.27). ამიტომაც დაამკჳდრის ღმერთმან ერთსახენი სახლსა (ფს. 67.7).

      ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა (ფს. 103.25), მაგრამ მათ შორის რაღაც სიბრძნეა და მშვენიერება წესრიგისა. თევზებზე მხოლოდ დასაყვედრებელი როდი გვეთქმის; მათში ბევრი ისეთი რამეცაა, რაც მიბაძვის ღირსია. როგორ ხდება, რომ თევზთა ჯიშები, ირგუნა რა თითოეულმა წილად მისთვის შესაფერისი ადგილი, ერთმანეთთან კი არ გადადიან, არამედ საკუთარ საზღვრებში რჩებიან? მათ შორის არავინაა მიწისმზომელი, რომელიც ყველას თავ-თავის ადგილს მიუზომავდა და არც დადგენილი საზღვრები ჰყოფთ, მაგრამ ყველას მისთვის სასარგებლო თავისთავად დაუწესდა. ეს უბე თევზების ამ ჯიშს ასაზრდოებს, მეორე – სხვას; აქ რომ მრავლად არიან, სხვაგან მათი ნაკლებობაა; მათ ერთმანეთთან გადასვლა-გადმოსვლას არც ციცაბომწვერვალებიანი მთები აბრკოლებენ და არც გამყოფი მდინარე, არამედ საცხოვრებელი ადგილები ბუნებითმა სჯულმა თითოეულს საჭიროებისდა მიხედვით თანაბრად და სამართლლიანად გაუყო.

      4. ჩვენ კი ასეთები როდი ვართ. საიდან ჩანს? იქიდან, რომ ვსცვალებთ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა ჩვენთა (შეად. იგავ. 22.28), ვყოფთ მიწებს, შევაერთებთ სახლსა სახლისა მიმართ და აგარაკსა აგარაკისა მიმართ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ვხვეჭოთ (შეად. ეს 5.8).

      ვეშაპებმა იციან ბუნებისაგან მათთვის განსაზღვრული ადგილები, კერძოდ, ისინი მკვიდრობენ ზღვებში, რომლებიც დასახლებული ადგილიდან შორს მდებარეობენ, სადაც არც კუნძულებია და არც ხმელეთი მოპირდაპირე მხარეს და ამიტომაც არც ხომალდები დადიან. ვერც ცნობისმოყვარეობამ და ვერც რაღაც საჭიროებამ ვერ წააქეზა მეხომალდეები და მათში შესვლა ვერ გააბედინა. ეს ზღვები ვეშაპებმა დაიკავეს, რომლებიც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოცულობით უდიდეს მთებს ემსგავსებიან. ისინი თავიანთ საზღვრებში რჩებიან და არც კუნძულებსა და არც სანაპირო ქალაქებს ზიანს არ აყენებენ. ამგვარად, ყოველი ჯიში თევზებისა ზღვის მისთვის განსაზღვრულ ნაწილებში, ვითარცა ქალაქებში, სოფლებსა ან ძველ მამულებში, ისე სახლობს.

      თევზთაგან ზოგიერთები მოგზაურობენ კიდეც. თითქოს გადასახლებისათვის საერთო განზრახვით შეკრებილებს ერთი ნიშანი მიეცათო, ყველანი ერთად მიემართებიან. რაჟამს მათთვის განწესებული შობის ჟამი დაუდგებათ, სხვადასხვა ყურიდან აღდგებიან და ბუნების საერთო კანონით აღძრულნი ჩრდილოეთის ზღვისაკენ მიიჩქარიან. ამ აღსვლის ჟამს ნახავ ერთად შეკრებილ თევზებს, რომელნიც, მსგავსად ერთი დინებისა, პროპონტიდის გავლით ევქსინოს ზღვისკენ მიედინებიან. ვინ აღძრავს მათ? მეფის რომელმა განგებულებამ ან მოედნებზე წაკითხულმა რომელმა ბრძანებულებებმა აუწყეს მათ, რომ დრომ მოაწია? ან ვინ უნდა ისტუმროს ისინი? და ხედავ შენ, რომ საღმრთო ბრძანება ყოველივეს აღავსებს და თვით უმცირესსაც კი სწვდება. თევზი ღმრთის სჯულს არ ეკამათება, ადამიანები კი მაცხოვნებელ სწავლებას არ იცავენ. ნუ აიგდებ თევზს აბუჩად იმის გამო, რომ სრულიად უტყვი და უგუნურია, არამედ გეშინოდეს, რათა შემოქმედის ბრძანების წინააღდგომით მასზე უფრო უგუნურად არ იქცე. მოისმინე, რასაც ისინი, თითქოს ხმით გამოსცემენ, საქციელით გეუბნებიან: “ამ შორეულ მოგზაურობაში ჩვენ მოდგმის გადასარჩენად მივდივართ”. თევზებს არა აქვთ საკუთარი გონება, მაგრამ აქვთ ბუნებითი სჯული, რომელიც მათში მტკიცედაა ფესვგადგმული და მიუთითებს, როგორ მოიქცნენ. “წავიდეთ, ამბობენ ისინი, ჩრდილოეთის ზღვისაკენ, რომლის წყალიც, რადგანაც მზე მასზე მცირე ხნით ყოვნდება და მთლიანად ვერ მიაქვს სიტკბო, უფრო ტკბილია ვიდრე სხვა ზღვებისა”; არადა ეს სიტკბოება ზღვის ბინადართაც ახარებს, რის გამოც მიცურავენ ისინი მდინარეებში და ზღვიდან შორს მიემართებიან. პონტოსაც ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას სხვა ზღვებთან შედარებით, ვითარცა ხელსაყრელს შთამომავლობის შობისა და გამოზრდისათვის. ხოლო რაჟამს განზრახულს საკმარისად აღასრულებენ, ყველანი კვლავ ერთად შინ ბრუნდებიან.

      თუ რა არის მიზეზი ამისა, მათი დუმილისაგან მოვისმინოთ: “ჩრდილოეთის ზღვა არაა ღრმა და ფიცხელ ქართა წინაშე განფენილს სანაპიროებიცა და ქვაბულებიც ცოტა აქვს, რის გამოც ქარები ძირიდანვე ისე ადვილად აღამღვრევენ, რომ ფსკერის ქვიშა ტალღებს შეერევა; ამასთან მრავალი დიდი მდინარისაგან ავსებული ზამთარში ცივია.” ამიტომაც თევზები, რომელნიც ზაფხულში მისით საკმარისად დატკბნენ, ზამთარში კვლავ თბილი სიღრმეებისა და მზიანი ადგილებისაკენ მიისწრაფვიან და გაურბიან რა ჩრდილოეთის მძვინვარე ქარებს, მყუდრო ყურეებს ეფარებიან.

      5. მე ეს ვიხილე და ყოველსა შინა სიბრძნემ ღმრთისა გამაკვირვა. თუკი უგუნური ქმნილებანი თავის გადარჩენისათვის ასეთ საზრიანობას და სიფრთხილეს იჩენენ და თუ თევზმა იცის, რა აირჩიოს და რას გაექცეს, რაღა ვთქვათ გონებით პატივდებულთა, სჯულით განსწავლულთა, აღთქმათა მიერ განმხნევებულთა, სულიწმიდით განბრძნობილთა შესახებ, რომელნიც თავიანთ საქმეებს თევზებზე უფრო უგუნურად განაგებენ? მათ იციან, რომ მომავლისათვის უნდა იღვაწონ, ჩვენ კი მომავლის იმედწართმეულნი ცხოვრებას ჩვენსას პირუტყვული ტკბობანით წარვიწყმედთ. თევზი ამდენ ზღვას იცვლის, რათა თავისთვის სასარგებლო რაღაც იპოვოს. შენ რაღას იტყვი, ვინც ცხოვრებას უქმად ატარებ? უქმად ყოფნა ხომ ბოროტების დასაბამია! არცოდნას ნურავინ მოიმიზეზებს, რადგან ჩვენ ბუნებითი გონება გვაქვს, რომელიც კეთილის შეთვისებასა და მავნებლისაგან უცხოყოფას გვასწავლის.

      ისევ მოვიხმობ მაგალითებს ზღვის ცხოველთაგან, რადგანაც გამოსაკვლევად თვალწინ გვიდგანან. ვინმე სანაპიროზე მცხოვრებისაგან მოვისმინე, რომ ზღვის ზღარბი, სრულიად პატარა და არად ჩასაგდები ცხოველი, მენავეებს ხშირად ასწავლის, როდის იქნება ზღვა მშვიდი და როდის აღელდება. იცის რა წინასწარ, რომ ზღვას ქარები ააღელვებენ, მოზრდილი ქვის ქვეშ შეძვრება და მისით, ვითარცა ღუზით დამტკიცებული, უძლებს ქარიშხალს, რადგანაც ტალღებს ქვის სიმძიმის გამო, მისი წაღება ადვილად აღარ შეუძლიათ. როგორც კი ამ ნიშანს იხილავენ, მენავეებმა იციან, რომ მძლავრი ქარების ამოვარდნას უნდა ელოდონ. ზღარბისათვის ეს არც ვარსკვლავთმრიცხველებსა და არც ქალდეველებს, რომელნიც ჰაერის ამოძრავებას ვარსკვლავების ამოსვლით გამოიცნობენ, არ უსწავლებიათ, არამედ ზღვისა და ქართა უფალმა ნიშანი თავისი დიდი სიბრძნისა ამ პატარა ცხოველშიც ცხადყო. არაფერია ისეთი, რომლისთვისაც უფალი არ იღვწოდესე და არ ზრუნავდეს. თვალი იგი დაუძინებელი ყოველივეს ხედავს და ხსნას ყოველს ანიჭებს. უკეთუ ღმერთმა ზღარბიც კი არ დატოვა მიუხედავი, შენ აღარ მოგხედავს?

      ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თჳსნი (ეფეს. 5.25). რაჟამს ქორწინებით შეიყრებით, ერთმანეთისათვის უცხონიც რომ იყოთ, ბორკილები ბუნებისა და კურთხევის უღელი დაშორებულებს მაინც შეგაერთებთ. იქედნე, რომელიც ქვეწარმავალთაგან ყველაზე საშიშია, ზღვის გველთევზას ქორწინებით უკავშირდება, სტვენით მიანიშნებს თავის იქ ყოფნაზე და საქორწინო ხვევნისათვის სიღრმეებიდან მოუხმობს. ისიც ემორჩილება და გესლიან იქედნეს უერთდება. ამით რისი თქმა მინდა? იმისი, რომ, თუ ქმარს ტლანქი და ველური ხასიათი აქვს, ცოლმა უნდა დაითმინოს და ერთობა არცერთი მიზეზით არ უნდა დაარღვიოს. შფოთისთავია? მაგრამ ქმარია! ლოთია? მაგრამ ბუნებით ხართ შეერთებულნი! უხეშია და თავისებური? მაგრამ უკვე შენი ნაწილია და თანაც ნაწილთაგან უპატიოსნესი.

      6. მისთვის შესაფერისი შეგონება ქმარმაც მოისმინოს. თუკი იქედნე გესლს წინასწარ წამოანთხევს ქორიწნების წინაშე მოკრძალებისა გამო, ნუთუ შენ სულის სისასტიკე და არაადამიანურობა შეერთების რიდით ვერ უნდა დათმო? მაგრამ იქედნეს მაგალითი შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო სხვა მხრივაც იყოს. რამდენადაც იქედნესა და გველთევზას შეერთება ბუნებაში რაღაც მრუშობაა მხოლოდ, ისწავლონ მათ, რომელთაც სხვათა ქორწინების წახდენა სურთ, რომელ ქვეწარმავალს ემსგავსებიან. მე კი მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – ყოველივე ეკლესიის სწავლებისათვის გამოვიყენო. დაე, დასცხრეს ვნებანი თავშეუკავებელთა, - ხმელეთისა და ზღვის ცხოველთა მაგალითებით ალაგმული.

      ხორციელი უძლურება და საღამოს ჟამი მაიძულებენ სიტყვა აქ შევაჩერო, თუმცა შემეძლო მოსმემის მოყვარულთათვის ზღვის ნაშობთა და თავად ზღვის შესახებ კიდევ ბევრი რამ, გაკვირვების ღირსი, დამემატებინა: ვით იყინება წყალი მარილად, როგორ ხდება, რომ ფრიად ძვირფასი ქვა მარჯანი ზღვაში ბალახია და ქვად მაშინღა მყარდება, როცა ჰაერზე მოხვდება, საიდან უდებს ბუნება ისეთ უუბრალოეს ცხოველს, როგორიც ხამანწკაა, ბუდეში დიდად პატიოსან ქვას, მარგალიტს და ისიც, ასე სასურველი სამეფო განძისათვის, ხამანწკების ნიჟარებში ჩამალული, ზღვის სანაპიროზე ფრიალოსა და უხეშ ლოდებთანაა მიმოფანტული; საიდან ზრდიან ზღვის პინანი ოროვან მატყლს, რომლის მსგავსი ფერის მიღებაც დღემდე ვერცერთმა მღებავმა ვერ შეძლო, როგორ ახარებენ ლოკოკინები მეფეებს პორფირით, რომლის ფერიც სიხასხასით მინდვრის ყვავილებს აღემატება?

      გამოიღედ წყალთა და რაღა აღარ შეიქმნა იმათგან, რაც აუცილებელი იყო. რამდენი ძვირფასი რამ გვებოძა ცხოვრებისათვის! ერთნი შეიქმნენ სამსახურისათვის კაცთა, მეორენი – რათა მათ ქმნილებათა საოცრებისათვის ეჭვრიტათ, სხვანი კიდევ საშიშნი – ჩვენი უდარდელობის გასაწვრთნელად.

      დაბადნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი (შესაქ. 1.21). მათ დიდი მხოლოდ იმიტომ როდი ეწოდათ, რომ ზვიგენებსა და ზღვის წვრილ თევზებს აღემატებიან, არამედ იმიტომ, რომ სხეულის მოცულობით უდიდეს მთებს უტოლდებიან და რაჟამს წყლის ზედაპირზე ამოცურდებიან, ხშირად კუნძულებადაც კი გვეჩვენებიან. ასეთი ვეებერთელანი ზღვის ციცაბო ნაპირებთან თუ საერთოდ სანაპიროებთან კი არ ბინადრობენ, არამედ ე.წ. ატლანტიკის ზღვაში მკვიდრობენ. მსგავსი ცხოველები ჩვენს შესაძრწუნებლად და გასაოცებლად შეიქმნენ. რაჟამს მოისმენ, რომ პატარა თევზი, ეჰინე უდიდეს ხომალდს, რომელიც კეთილი ზურგქარისაგან სრულად გაშლილი იალქნებით მიცურავს, ადვილად აჩერებს და იგიც, თითქოს ფესვები სიღრმეში ჰქონდეს გადგმული, უძრავად რჩება, განა ამ პატარა თევზის სახითაც არ გექნება ისეთივე მტკიცება დამბადებლის ძლიერებისა? არა მხოლოდ თევზმახვილანი, ხერხიანები, ზღვის ძაღლები, ვეშაპები და ზვიგენები არიან საშიშნი, არამედ ნესტარიც ზღვის გვრიტისა და მისი გვამიც; არანაკლებ საშიშნი არიან ზღვის კურდღლები, რადგან სწრაფი და უცილობელი დაღუპვა მოაქვთ. დამბადებელს სურს მათი საშუალებით მღვიძარება გვასწავლოს და მათგან მიყენებულ ზიანს ღმრთის სასოებით თავს აღწევდე.

      ახლა კი სიღრმეთაგან აღმოვისწრაფოთ და ხმელეთს მივაშუროთ, რადგან შესაქმის საკვირველებანი ერთი მეორის მიყოლებით, ვითარცა ტალღები, ჩვენსკენ ზედიზედ მოისწრაფვიან და ჩვენს სიტყვას ძირავენ. გაკვირვებული დავრჩები, თუ ჩვენი გონება ხმელეთზე კიდევ უფრო დიდ საოცრებებს არ შეხვდება და იონას მსგავსად ისევ ზღვას მიაშურებს. მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს სიტყვას, გატაცებულს ათასგვარი საკვირველებით, ზომიერება დაავიწყდა და იგივე დაემართა, რაც ზღვაში მავალებს, რომელთაც, რაკიღა მყარზე არ მოძრაობენ, არ იციან, რამდენი გაიარეს. ქმნილებათა შესახებ საუბრისას, როგორც ჩანს, ჩვენც იგივე დაგვემართა და ვეღარ ვიგრძენით, რომ საუბარი გაგვიგრძელდა. თუმცა ეს პატიოსანი კრებული მოსმენის მოყვარულია და სამეუფო საკვირველებათა თხრობაც მონათა სასმენელთათვის ტკბილია, მაინც სიტყვა აქ გავაჩეროთ და რაც დაგვრჩა, იმის გადმოსაცემად დღის დადგომას დაველოდოთ. ავდგეთ ყველანი და მადლობა შევწიროთ იმისათვის, რაც ითქვა და დარჩენილი სათქმელის გასრულება ვითხოვოთ. დაე, საზრდელის მიღების დროსაც, სუფრასთან საუბრისას, გქონდეთ თქვენ საუბრის თემად როგორც ის, რასაც სიტყვა დილით შეეხო, ასევე ისიც, რაც საღამოს გადმოსცა. მათზე მოფიქრალთ მოგისწრებთ რა ძილი, ძილშიც დღის სიხარულით განისვენეთ, რათა თქვენც შეგეძლოთ თქმა: მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს (ქებ 5.2), რადგან დღისითაც და ღამითაც უნდა ვიწვრთნებოდეთ სჯულით უფლისა, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰომილია VIII

ფრინველებისა და წყლის ცხოველთა შესახებ

      1. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესავობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრეთ (შესაქ. 1.24). მოვიდა ბრძანება გზასა მავალი და დედამიწამაც საკუთარი სამკაული მიიღო; იქ: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველი ცხოველი და აქ: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. ნუთუ დედამიწა სულიერია და მართალნი არიან ცრუ ბრძენნი მანიქეველნი, რომელნიც დედამიწაშიც სულს დებენ? როცა თქვა გამოიღედ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაც მასში იყო, ის გამოიღო, არამედ იმას, რომ ძალა გამოღებისა მას ბრძანების მიმცემმა მიანიჭა. ამდენად, როცა დედამიწამ მოისმინა:გამოიღედ მწუანვილი თივისა და ხე ნაყოფიერი, მასში დაფარული ბალახი კი არ აღმოაცენა, ან სადღაც სიღრმეში ჩამალული ფინიკი, მუხა თუ კვიპაროსი კი არ ამოზარდა ზედაპირზე, არამედ დაბადებულთა ბუნება ღმრთის სიტყვით შეიქმნა.

      ქუეყანამან გამოიღედ ანუ აღმოაცენოს არა ის, რაც აქვს, არამედ შეიძინოს ის, რაც არა აქვს – ძალა მოქმედებისა, რომელიც ღმრთისაგან ებოძა. ასეა ამ შემთხვევაშიც: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი, - არა მასში არსებული, არამედ ის, რაც მას ღმრთის ამ ბრძანებით მიეცა. ამასთან, მათი სწავლება თვით მათსავე საწინააღმდეგოდ ტრიალდება, რადგან უკეთუ დედამიწამ სული გამოიღო, თავისი თავი სულის გარეშე დაუტოვებია. ასე რომ, მანიქეველთა მოძღვრება თავის სისაძაგლეს თვითონვე წარმოაჩენს.

      რისთვის ებრძანა წყალს გამოეღო ქუეწარმავალი სამშჳნველი ცხოველი და დედამიწას კი - სამშჳნველი ცხოველი?ვფიქრობთ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მცურავთა ბუნება სრულყოფილ ცხოვრებასთან შედარებით ნაკლებადაა ნაზიარები, რასაც მათი წყლის სიღრმეში არსებობა განსაზღვრავს. მათ სასმენელნიც მძიმე აქვთ და მხედველობაც სუსტი, იმიტომ, რომ წყალში ხედავენ; ამასთან, მათ არც მეხსიერება აქვთ, არც წარმოსახვანი და არც უნარი თვისტომის შეცნობის. ამიტომ სიტყვა თითქოს გვიჩვენებს, რომ წყლის ცხოველებში სამშვინველის მოძრაობებს ხორციელი ცხოვრება განაგებს, ხოლო ხმელეთის ცხოველებში, რამდენადაც მათი ცხოვრება უფრო სრულია, მთელი ძალაუფლება სამშვინველს გადაეცა. მათ გრძნობები უფრო განვითარებული აქვთ, აღქმა აწმყოსი – გამახვილებული, ხოლო ოთხფეხთა უმეტეს ნაწილს წარსულიც კარგად ახსოვს. ამიტომ, როგორც ჩანს, წყლის ცხოველთა სხეულები მშვინვიერნი დაიბადა (რადგან ქვეწარმავალნი სამშვინველთა ცხოველთა წყლისაგან წარმოაჩინა), ხოლო ხმელეთის ცხოველებში სამშვინველს ებრძანა სხეულის განმგებლად შექმნილიყო, მაგრამ ყოველი მათგანი მისი ბუნებითი ხმით მრავალ სულიერ განცდას გამოხატავს; მაგალითად, სიხარულს, მწუხარებას, თვისტომის შეცნობას, წუხილს საკვების მოკლების გამო, მახლობელთან განშორებას, თუ სხვა ათასგვარ განცდას ისინი ხმით საცნაურყოფენ.

      წყლის ცხოველები კი არა მხოლოდ უტყვნი, არამედ მოუთვნიერებელნიც, განუწვრთნელნიც და ადამიანთა ცხოვრებასთან ყოველგვარი ურთიერთობისათვისაც გამოუსადეგარნი არიან. იცნა ჴარმან ბაგაჲ თჳსი და ვირმან მომგებელი (ეს. 1.31). თევზს არ შეუძლია იცოდეს, ვინც აძლევს საკვებს, ვირი კი ცნობს ხმას, რომელსაც შეჩვეულია, იცის გზაც, რომელზეც ბევრჯერ გაუვლია, ხოლო ზოგჯერ მეგზურობს კიდევაც კაცს, რომელსაც გზა შეეშლება. ამბობენ, რომ ხმელეთის ცხოველთა შორის მასზე უფრო მახვილი სმენა არავის აქვსო. ზღვის ცხოველთაგან რომელს შეუძლია მიბაძოს აქლემს გულღრძოობაში, მრისხანებასა და გულისწყრომის ხანგრძლივად გაყოლაში? ოდესღაც ვინმესგან ნაცემი აქლემი წყენას დიდი ხნის განმავლობაში ინახავს და მარჯვე დროს იპოვის თუ არა, ბოროტების წილ ბოროტად მიაგებს. ისმინეთ მრისხანენო, რომელნიც წყენის დამახსოვრებაზე ვითარცა სათნოებაზე ისე ზრუნავთ: ვის ჰგავხართ მაშინ, როცა ღვარძლს მახლობლის მიმართ ისე ინახავთ, როგორც ნაპერწკალს ფერფლით დაფარულს, ვიდრე არ იპოვით საბაბს და თქვენი გულისწყრომისაგან ცეცხლს არ აღაგზნებთ?

      2. გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. რისთვის გამოიღო დედამიწამ სამშვინველი ცხოველი? იმისათვის, რომ შენთვის პირუტყვის სამშვინველსა და ადამიანის სულს შორის განსხვავება ესწავლებინა. ცოტა ხნის შემდეგ შეიცნობ, როგორ შეიქმნა სული კაცისა, ახლა კი პირუტყვთა სამშვინველის შესახებ მოისმინე. რამდენადაც წმინდა წერილის მიხედვით სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს (ლევ. 17.11), ხოლო რაჟამს სისხლი გაიყინება, ხორცად იქცევა, ხორცი კი გახრწნისას მიწას უერთდება, ამდენად სამართლიანი იქნება თქმა იმისა, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწისაგანაა.

      გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. იხილე თანმიმდევრობა გარდასახვისა – სამშვინველისა სისხლად, სისხლისა ხორცად, ხორცისა მიწად და შემდეგ კი იგივე საქმენი პირიქით დაასახელე: მიწიდან ხორცი, ხორციდან სისხლი, სისხლიდან სამშვინველი და მიხვდები, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწაა. ნუ იფიქრებ, რომ იგი მათ სხეულებრივ შედგენილობაზე უწინარესია და ნურც იმას, რომ სხეულის დარღვევის შემდეგაც დარჩება. გაექეცი ამპარტავან ფილოსოფოსთა ლაყბობას, რომელთაც საკუთარი და ძაღლის სულების ერთგვარად წარმოდგენისა არ რცხვენიათ და თავიანთი თავის შესახებ ამბობენ, რომ ისინი ოდესღაც ქალებად, ბუჩქებად და ზღვის თევზებად დაიბადნენ. მე თუმცა იმის შესახებ, იყვნენ თუ არა ისინი ოდესღაც თევზები, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მზად ვარ მთელი ძალით დავამტკიცო, რომ როცა ამას წერდნენ, თევზებზე უფრო უგუნურნი იყვნენ.

      გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. შეიძლება მრავალს გაუკვირდეს, სიტყვის უხვად მდინარების შემდეგ რისთვის დავდუმდი უცებ ხანგრძლივად? მაგრამ გულმოდგინე მსმენელებმა მიზეზი ამისა გამოიცნეს და ეს საიდან ჩანს? იქიდან, რომ გადახედეს რა ერთმანეთს და რაღაც ანიშნეს, ჩემი ყურადღება მიიპყრეს და გონება ჩემი იმათკენ წარმართეს, რომელნიც დამავიწყდნენ. მართლაც, ქმნილებათა მთელი სახეობა და ამასთან არცთუ უმნიშვნელო, გამოგვრჩა და სიტყვამ ისე, რომ დიდად შორს არ წასულა, იგი სრულიად გამოუკვლეველი დატოვა.

      გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა (შესაქ. 1.20). გუშინ ჩვენ, რამდენადაც ამის საშუალება საღამოს ჟამმა მოგვცა, მცურავთა შესახებ ვისაუბრეთ, დღეს ხმელეთის ცხოველთა გამოკვლევაზე გადავედით, მაგრამ დაგვავიწყდა ფრინველები, რომელნიც შუაში არიან. ასე რომ, იმ გულმავიწყ მოგზაურთა მსგავსად, რომელთაც საჭირო რამ ნივთი დაავიწყდათ და თუმცა გზის დიდი ნაწილი უკვე გავლილი ჰქონდათ, ისევ იმავე გზით უკან მობრუნება მოუხდათ და უზრუნველობისათვის ზედმეტი ჯაფის გაწევით ღირსეულად დაისაჯნენ, როგორც ჩანს, ჩვენც აუცილებლად უკან უნდა მივბრუნდეთ, რადგან რაც გამოგვრჩა, არად ჩასაგდები როდია, იგი ცოცხალი ქმნილებების მესამე ნაწილია, რამდენადაც ცხოველთა სულ სამი – ხმელეთის, ჰაერისა და წყლის მოდგმა არსებობს.

      ნათქვამია: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა ნათესაობისაებრ. ფრინველნი რატომღა დაიბადნენ წყლისაგან? იმიტომ, რომ ფრინველთა და მცურავთა შორის თითქოს რაღაც ნათესაობა არსებობს. როგორც თევზები აპობენ წყალს და წინ ფარფლების მოძრაობით მიისწრაფვიან, ხოლო მიხვევ-მოხვევასა და პირდაპირ მიმართულებას კუდის მოქნევის შედეგად განაგებენ, ასევე ფრინველებშიც შეიძლება დანახვა იმისა, რომ ისინიც ჰაერში ფრთების საშუალებით მსგავსად მიცურავენ. ამგვარად, რამდენადაც ერთსაც და მეორესაც ერთი თვისება აქვთ – ცურვა, წყლისგან წარმოშობის გამო რამდენადმე მსგავსებაც მიენიჭათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფრინველთაგან ფეხები ყველას აქვს, რადგანაც საკვებს მიწისაგან იღებენ და ფეხებისაგან გაწეულ სამსახურს უცილობლად საჭიროებენ. თუმცა მტაცებლებს ნადირობისათვის ბასრი ბრჭყალები მიეცათ, საკვების მოპოვებასა თუ ცხოვრებისეულ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში საჭირო სამსახურს მაინც ფეხები უწევენ. ფრინველთაგან ცოტანი არიან ისეთნი, რომელთაც ფეხები იმდენად სუსტი აქვთ, რომ მისით არც სიარული და არც საზრდელის მოპოვება არ შეუძლიათ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მერცხლები, რომელნიც ფეხებს ვერც სიარულისა და ვერც რაიმეს მონადირებისთვის ვერ იყენებენ და ასევე ისინიც, რომელთაც ნამგალებს ვუწოდებთ და რომელნიც მხოლოდ იმით საზრდოობენ, რაც ჰაერშია. სხვათა შორის, მერცხლებს ფეხების ნაცვლად სამსახურს მიწასთან ახლოს ფრენა უწევს.

      3. რაღა თქმა უნდა, არსებობს მრავალი განსხვავებული ჯიში ფრინველებისა, რომელთა შესახებაც თუ ვინმე იმგვარად მოგვითხრობს, როგორც ჩვენ ეს ნაწილობრივ თევზების გამოკვლევისას გავაკეთეთ, მიუხედავად ერთი საერთო სახელისა – ფრინველი, სიდიდის, აღნაგობისა და ფერის მიხედვით მრავალ სხვაობას აღმოაჩენს. შეუძლებელია აგრეთვე გადმოცემა იმ მრავალფეროვნებისა, რომელსაც მათ შორის ცხოვრების წესის, საქმიანობისა და ზნის სხვადასხვაობა ქმნის. ზოგიერთებმა მათთვის სახელის მიცემა უკვე სცადეს, რათა მანამდე უჩვეულო და უცხო სხეულების, როგორც რაღაც დამღების საშუალებით თითოეული გვარის საკუთარი თვისების შეცნობა შესაძლებელი გამხდარიყო; ზოგს ფრთაგაყოფილები შეარქვეს, როგორც მაგალითად, არწივებს, ზოგს ტყავფრთიანები, როგორც ღამურებს, ზოგს სიფრიფანა ფრთიანები, მაგალითად, ბზიკებს, ზოგსაც მაგარფრთიანები, მაგალითად, ხოჭოებსა და მათ, რომელნიც რაღაც ბუდეებსა და ნაჭუჭებში იბადებიან და ფრენისათვის საფარველის გაპობის შემდეგ თავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენთვის თვისებების მიხედვით ჯიშთა განსხვავებისათვის საკმარისი ნიშანია საერთო სარგებლობა და წმინდა წერილისეული განსაზღვრება წმიდა და უწმინდური ფრინველებისა.

      ამგვარად, სხვაა მოდგმა ხორცის მჭამელთა და სხვაგვარი, ცხოვრების ნირის შესაბამისი, აგებულებაც შეეფერებათ: მათ ბასრი ბრჭყალები, მოკაუჭებული ნისკარტი და სწრაფი ფრთები აქვთ, რათა მსხვერპლი ადვილად შეიპყრონ და დაგლეჯილი ნადავლი საზრდელად აქციონ. სხვაა აგებულება თესლისმჭამელთა და სხვა კიდევ იმათი, რომელნიც, რაც შეხვდებათ, იმით საზრდოობენ, ამათ შორისაც მრავალი სახესხვაობა განირჩევა: ზოგეირთები გუნდებად ცხოვრობენ, მაგრამ არა მტაცებელნი, რადგან მათ ერთმანეთთან არავითარი ურთიერთობა არ აქვთ, გარდა საქორწინო კავშირისა. ერთად ცხოვრება ბევრს უყვარს, როგორც მაგალითად, მტრედებსა და წეროებს, შოშიებსა და ჭკებს. სხვაობა ამათ შორისაც არსებობს: ზოგიერთებს უფროსობა არ ჰყავს და ამდენად თითქოს თვითრჯულნი არიან, ხოლო სხვები, მაგალითად, წეროები წინამძღოლს ემორჩილებიან. არსებობს სხვა სახის სხვაობაც: ერთნი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას მკვიდრობენ, მეორენი კი, შორს წასვლას არიან ჩვეულენი და მოახლოვდება თუ არა ზამთარი, მათი დიდი ნაწილი გადასახლებისთვის ემზადება. ფრინველთაგან მრავალნი, რომელთაც ადამიანები ზრდიან, მოშინაურებულნი და მორჩილნი არიან, გარდა განსაკუთრებით სუსტებისა, რომელნიც გადაჭარბებული შიშისა და სიმხდალის გამო ხელის შეხებასა და შეწუხებას ვერ იტანენ. ზოგიერთი ფრინველი ადამიანებს ენდობა და ჩვენთან ცხოვრებას ეგუება, სხვანი მათში ცხოვრობენ და უდაბნოს მოყვარულნი არიან. ფრინველთა შორის დიდია აგრეთვე სხვაობა ხმების მიხედვითაც; მათ ერთ ნაწილს ხმა აქვს და მოლაყბეა, ხოლო მეორე – მდუმარე. ზოგი მაღალხმიანია და მშვენივრად გალობს, სხვები კი სრულიად არამუსიკალურნი არიან და არც გალობა იციან. ზოგი წამხედურაა და ბაძვის უნარი ან ბუნებისაგან აქვს მინიჭებული, ან კიდევ წვრთნის შედეგად შეძენილი, ზოგიც კიდევ ერთფეროვანსა და უცვლელ ხმას გამოსცემს. მამალი ამაყია, ფარშევანგი – სილამაზის მოყვარული, მტრედები და შინაური ფრინველები ავხორცნი არიან და მთელ დროს ხორციელ კავშირში ატარებენ. ცბიერი და მოშურნეა კაკაბი და მონადირეებს ვერაგობით შეეწევა.

      4. როგორც ვთქვით, ფრინველები ერთმანეთისაგან საქმიანობითა და ცხოვრების წესითაც დიდად განსხვავდებიან. უტყვთაგან ზოგიერთები, იმდენად, რამდენადაც მოქალაქეობის თვისება ისაა, რომ თითოეულის საქმე ერთი საერთო შედეგისკენ იყოს წარმართული, თითქოს მოქალაქეობენ კიდეც, როგორც ეს შეიძლება ფუტკრებში დავინახოთ. მათ ერთი სახლი აქვთ, ფრენაც საერთო და საქმეც ყველასთვის – ერთი. რაც ყველაზე საოცარია, ისინი ყოველ საქმეს მეფისა და უფროსის ბრძანებით იწყებენ. ვიდრე არ დაინახავენ, რომ მათი მეფე აფრინდა, ისინი თავს მინდვრისაკენ გაფრენის ნებას არ აძლევენ; მეფე კი მათთან არც სახალხო კრების მიერაა არჩეული (რადგან ხშირად უგუნურებამ ხალხის სათავეში ყველაზე უარესი დააყენა) და ხელისუფლება არც წილისყრით რგებია (რადგან უგუნური შემთხვევითობა ძალაუფლებას ხშირად ყველაზე უკანასკნელს არგუნებს ხოლმე) და არც მამისგან მიღებული მემკვიდრეობით დამჯდარა ტახტზე (რადგან ამგვარნი ფუფუნებისა და მლიქვნელობის წყალობით უმეცარნი და ყოველგვარ სათნოებაში განუწვრთნელნი არიან), არამედ გამოირჩევიან რა სიდიდით, შესახედაობითა და ხასიათის სიმშვიდით, პირველობა ყოველთა ზედა ბუნებით აქვთ მინიჭებული. ნესტარი მეფესაც აქვს, მაგრამ მას შურისძიებისათვის როდი იყენებს. ასეთია თითქოს დაუწერელი კანონები ბუნებისა, რომელთა მიხედვით, მათ, რომელნიც უმაღლეს ხელისუფლებას აღწევენ, სამაგიეროს მიგება არ უნდა იჩქარონ. ფუტკრები, რომლებიც არ მისდევენ მეფის მაგალითს, თავიანთ უგუნურებას მსწრაფლ შეინანებენ და ნესტრის ჩასობით იღუპებიან. დაე, ისმინონ ეს ქრისტიანებმა, რომელთაც ნაბრძანები აქვთ: ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, არამედ სძლიერ კეთილითა მით ბოროტსა (რომ. 12; 17.21). მიბაძე ფუტკარს, რომელიც ფიჭებს ისე აშენებს, რომ არც არავის ზიანს არ აყენებს და არც უცხო ნაყოფს ანადგურებს. ცხადია, ცვილს იგი ყვავილებისაგან კრებს, ხოლო თაფლს – ყვავილებზე ცვარის სახით გაბნეულ ტენს, პირით ამოიზიდავს და ფიჭის უჯრედებში ჩაასხამს, რის გამოც თავდაპირველად თაფლი ნედლია, იგი მხოლოდ შემდეგ, დროთა განმავლობაში შესქელდება და თავის ჩვეულებრივ შედგენილობასა და სიტკბოს მიიღებს. ლამაზი და შესაფერისი ქება დაიმსახურა ფუტკარმა იგავებში, სადაც მას ბრძენი მუშაკი ეწოდა, რადგან გულმოდგინედ აგროვებს საზრდელს,რომლისა ნაშრომსა, ამბობს იგავი (6.8), მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. და როგორ ბრძნულად და ოსტატურად აგებს იგი სათავსებს თაფლისთვის! გადაჭიმავს რა ცვილს თხელ ქერქად, ფუტკარი მისგან ხშირსა და ერთმანეთზე შედგმულ სათავსებს აგებს ისე, რომ ეს, თვით უმცირეს ნაწილთა შორის არსებული მჭიდრო კავშირი, ყველასათვის საყრდენი გახდეს. ყოველი უჯრედი მეორეს ეყრდნობა, რომელსაც იგი თხელი ტიხარით ერთდროულად კიდევაც გამოეყოფა და კიდევაც უერთდება. ეს უჯრედი ორ და სამ სართულად ერთმანეთზეა დაშენებული. ერთი სრული სათავსის გაკეთებას ფუტკარი უფრთხის, რათა იგი სითხემ თავისი სიმძიმით არ გახვრიტოს.

      შეიცანი, რომ გეომეტრიის აღმოჩენაც ბრძენი ფუტკრის საქმეთა რიცხვშია. ფიჭის ყველა უჯრედი ექვსკუთხა და ტოლფერდაა და უშუალოდ ერთმანეთზე კი არ დგას, რათა საფუძვლის ქვეშ სიცარიელე არ ჰქონდეს და არ ჩაუტყდეს, არამედ ქვემოთა ექვსკუთხედების კუთხეები ზემოთა ექვსკუთხედების საფუძველსა და საყრდენს წარმოადგენს, რათა სიმძიმეც უსაფრთხოდ იტვირთონ და სითხეც თითოეულ უჯრედში, ცალ-ცალკე ფრთხილად იქნას შენახული.

      5. როგორ აღგიწერო ფრინველთა ცხოვრების ყველა თავისებურება? მაგალითად, როგორ ენაცვლებიან წეროები ერთმანეთს ღამის სადარაჯოზე? რაჟამს ერთნი იძინებენ, მეორენი გარს უვლიან და მათი ძილის სიმშვიდეს იცავენ. როცა დრო გაუვა, სადარაჯოზე მდგომი დაიყივლებს და ძილად მიდრკება; მას სხვა შეენაცვლება და სათანადოდ მიუზღავს სამაგიეროს იმ სიმშვიდისათვის, რომელიც მისი წყალობით ჰქონდა. ასეთ წესრიგს მათი გადაფრენის დროსაც ნახავ. წინამძღოლი, რომელიც ხან ერთია და ხან მეორე, განსაზღვრული დროის მანძილზე მიფრინავს თავში, რის შემდეგაც ბოლოში გადაინაცვლებს და წინამძღოლობასაც მომდევნოს გადასცემს.

      ხოლო ყარყატთა მოდგმის საქმენი მეტყველის გონიერებისგან დიდად როდია დაშორებული. ჩვენს მხარეში ისინი ყველანი ერთად მოფრინავენ და ასევე ყველანი, თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო, ერთდროულად მიდიან. მათ გარს ერტყმიან და მიაცილებენ ჩვენი ყვავები, ჩემი ფიქრით, მტრულად განწყობილ ფრინველებთან შეხვედრის ჟამს შემწეობის აღმოსაჩენად. ამას ჯერ ერთი გვიდასტურებს ის, რომ ამ დროისათვის არცერთი ყვავი არ ჩანს და მეორეც ის, რომ ისინი ჭრილობებით ბრუნდებიან და თავიანთი ღვაწლისა და გადატანილი ბრძოლის ცხად ნიშნებს ატარებენ. ვინ დაუდგინა მათ კანონები სტუმართმოყვარეობისა? ვინ დაემუქრა მათ საომარი მწყობრის მიტოვებისათვის ისე, რომ ამ გაცილების ჟამს არცერთი ყვავი შინ არ რჩება? დაე, ეს სტუმართმოძულე ადამიანებმა მოისმინონ, რომლებიც კარებს კეტავენ და მოსულებს არც ზამთარში და არც ღამით თავიანთ ჭერქვეშ არ იფარავენ.

      ყარყატთა მზრუნველობა მოხუცთა მიმართ კი საკმარისია, რომ ჩვენი ბავშვები, თუკი ისინი ამის შესმენას მოისურვებენ, მშობელთა მოყვარულებად იქცნენ, რადგანაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც გონიერებამ ისე მიატოვოს, რომ უტყვი ფრინველებისათვის სათნოებაში ჩამორჩენა სირცხვილად არ მიაჩნდეს. ყარყატები გარს ერტყმიან სიბერისაგან ბუმბულგაცვენილ მამას, საკუთარი ფრთებით ათბობენ, საჭმელსაც უხვად უზიდავენ და უჭირავთ რა ორივე მხრიდან თავიანთი ფრთებით, ფრენის დროსაც დიდად ეწევიან. მათი ეს თვისებები ყველასათვის იმდენად ცნობილია, რომ ზოგიერთი ნაცვლად იმისა, თქვას – მადლი მიაგეო, ამბობს – ყარყატისებურად მიაგეო.

      ნურავინ დაიჩივლებს სიღატაკეზე და თუნდაც შინ აღარაფერი ჰქონდეს, ნურც ცხოვრების სასოს წარიკვეთს, როცა მერცხლის მოხერხებულობას ნახავს. რაჟამს მერცხალი ბუდეს იშენებს, ჩალა პირით მოაქვს, მაგრამ თიხის მოტანა ფეხებით არ შეუძლია, ამიტომ ჯერ ფრთათა წვერებს დაინამავს და მერე უწვრილეს მტვერს მიიკრობს. ამ ხერხით ეზირება იგი საჭირო თიხას, ჩალას ერთმანეთთან თიხით, ვითარცა წებოთი, თანდათანობით შეაწებებს და მასში თავის შთამომავლობას ზრდის. თუ ვინმე მის ბარტყებს თვალებს დათხრის, მერცხალი, რომელსაც ბუნებისაგან რამდენადმე მკურნალობის ხელოვნებაც აქვს მიმადლებული, მათ თვალებს სიჯანსაღესა და მხედველობას უბრუნებს.

      აქედან ისწავლე, რომ სიღარიბის გამო არც ბოროტი საქმეებისაკენ უნდა მიდრკე და არც უმძიმეს ტანჯვასა შინა წარიკვეთო სასო; ხელები კი არ უნდა ჩამოუშვა და უმოქმედოდ კი არ უნდა გაჩერდე, არამედ ღმერთს უნდა მიაშურო, რომელიც, თუკი მერცხალს ამდენი მიანიჭა, მით უმეტეს, ბევრს მისცემს სხვას, ვინც მას მთელი გუილთ შეევედრება.

      ჭარლი (ალკუნი) ზღვის ფრინველია, რომელსაც ჩვევად აქვს ზედ ზღვის პირას დაიბუდოს, იგი კვერცხებს ქვიშაზე დებს და მათზე შუა ზამთარში ზის, როცა ხშირი და მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა ხმელეთს ეხეთქება. იმ შვიდი დღის განმავლობაში, როცა ალკუნი კვერცხებზე ზის ბარტყების გამოსაჩეკად, ყველა ქარი წყნარდება და ზღვაც მშვიდდება. რამდენადაც ახალგამოჩეკილებს საჭმელიც სჭირდებათ, მრავალმოწყალე ღმერთი ამ პატარა ფრინველს მეორე შვიდ დღესაც აძლევს ბარტყების გამოსაზრდელად. ეს ყველა მეზღვაურმა იცის და ამ დღეებს ალკუნის (ჭარლის) დღეებს ეძახის. ყოველივე ეს ღმრთის მზრუნველობით (განგებით) პირუტყვებში შენს განსასწავლად დადგინდა, რათა შენ მისგან, რაც ხსნისთვისაა საჭირო, ის ითხოვო. უკეთუ ღმერთმა ასე პატარა ფრინველისათვის დიდი და საშიში ზღვა დააყენა და შუა ზამთარში სიმშივდე უბრძანა, რა სასწაული არ მოხდება შენთვის, რომელიც ხატად ღმრთისად ხარ შექმნილი?

      6. გვრიტზე ამბობენ, რომ როცა მეუღლეს განშორდება, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუება, უქორწინებლად რჩება და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ კავშირზე უარს ამბობს. მოისმინოს ქალებმა, რომ ქვრივობის პატიოსნება უტყვთა შორისაც უფრო პატივდებულია, ვიდრე სააუგო მრავალგზის ქორწინება.

      შვილების გამოზრდისას ყველაზე უსამართლოდ არწივი იქცევა. გამოჩეკს რა ორ მართვეს, ერთ მათგანს ფრთების დარტყმით მიწაზე ჩამოაგდებს, ხოლო მეორეს იწყნარებს და ითვისებს. თავის ნაშობს ასე იგი იმიტომ ექცევა, საკვების მოპოვება ეძნელება.

      სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, გადაგდებულს სიკვდილისათვის ზღვის არწივი ვერ იმეტებს, თავის შვილებთან მიჰყავს და მათთან ერთად ზრდის. მსგავსად იქცევიან ის მშობლებიც, რომელნიც სიღარიბის საბაბით ან შვილებს იშორებენ, ან კიდევ მემკვდირეობას თანაბრად არ უნაწილებენ. სამართლიანობა ხომ ის იქნებოდა, რომ რამდენადაც ყოველ მათგანს არსებობა თანაბრად მისცეს, საცხოვრებელიც მათთვის ასევე თანაბრად და მიუკერძოებლად გაეყოთ.

      სისასტიკით ნუ დაემსგავსებით მოკაუჭებულბრჭყალებიან ფრინველებს, რომელნიც დაინახავენ თუ არა, რომ მათი შვილები უკვე ფრენას ბედავენ, ფრთებს ურტყამენ, კორტნიან, ბუდიდან აგდებენ და ამიერიდან ამთთვის აღარ ზრუნავენ.

      შვილთა სიყვარულისათვის საქებია ყვავი, რადგან იგი მაშინაც დასდევს მათ, როცა უკვე ფრენას იწყებენ, აჭმევს და ფრიად დიდი ხსნის განმავლობაში ასაზრდოებს.

      ფრინველთა მრავალ ჯიშს ორსულობისათვის არ სჭირდება მამრთან შეერთება, სხვებში კი, გაუნაყოფიერებელი კვერცხები უნაყოფოა. ძერებზეც ამბობენ, რომ ისინი უმეტესწილად შეუწყვილებლად შობენ; ამასთან დღეგრძელნიც არიან, რადგან მათი სიცოცხლე ხშირად ას წლამდეც გრძელდება. რაჟამს იხილავ ვინმეს, ვინც ჩვენს საიდუმლოს დასცინის და ამბობს – შეუძლებელია და არაბუნრბრივი ქალწულისაგან შობა ისე, რომ ქალწულობაც უხრწნელად შეინარჩუნოსო, ფრინველთა ისტორიიდან ეს გქონდეს ნიშნად, რათა მოიაზრო: ვინც ჯერ-იჩინა ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ (I კორ. 1.21), წინასწარ დაასწრო და ბუნებაში მრავალი საკვირველება დათესა, რათა შემდეგში ასწაულები დაგვეჯერებინა.

      7. გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. ფრინველებს ფრენა დეადმიწაზე ებრძანათ, რადგან საკვებს ყველა მიწისაგან იღებს, მაგრამ ასევე ზეცაშიც – სამყაროსაებრ ცისასა, რამდენადაც, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ცა (οὐρανός), წარმომადგარი სიტყვიდან ὅρασθαι (რაც იხილვება), აქ ჰაერს ეწოდება; ამასთან, ამ ჰაერს, რომელიც ჩვენს ზემოთაა, მყარიც (სამყაროსაებრ) ეწოდა, რადგანაც იგი ეთერის სხეულთან შედარებით რამდენადმე ხშირი და უფრო სქელია დედამიწიდან ასული ორთქლის გამო.

      გაქვს შენ ზეცა შემკული, დედამიწა გამშვენებული, ზღვა – მდიდარი თავისი ნაშობებით და ჰაერი – სავსე ფრინველებით, რომელნიც მასში დაფრინავენ! ყოველი, რამაც, ღმრთის ბრძანებით, არარასაგან არსებობა შეიძინა და ისინიც, რომელთაც ახლა სიტყვა მრავალსიტყვაობისათვის თავის არიდებისა და იმის გამო, რომ არ სურდა ზომიერებას გადაჭარბებული გამოჩენილიყო, არ შეხებია, - ეს ყოველივე, შრომისმოყვარევ, გონებით მოიაზრე და შეიმეცნებ რა ყოველივეთი ღმრთის სიბრძნეს, მუდამ გაკვირვებული დარჩი და ყოველი ქმნილებით შემოქმედი განადიდე.

      გყავს შენ ფრინველთა ჯიშები საზრდელის მომპოვნებელნი როგორც ღამის სიბნელეში, ასევე დღის სინათლეზეც, რომელნიც დღისით დაფრინავენ. ღამღამობით ჭოტები, ბუები და ღამურები საზრდოობენ. ზოგჯერ, როცა ძილი გაგიტყდება, საკმარისია შენი ყურადღება მათზე შეაჩერო და მათი თვისებები გამოიძიო, რომ ღმრთის დიდებისმეტყველების სურვილი აღგეძრას. როგორ მღვიძარებს ბულბული, როცა კვერცხებზე ზის და მთელი ღამის განმავლობაში დაუცხრომლად გალობს; როგორ არის ღამურა ერთდროულად ოთხფეხაცა და ფრთოსანიც, როგორ აქვს ფრინველთაგან მხოლოდ მას კბილები, შვილებს, ვითარცა ოთხფეხნი, ცოცხლად შობს, ხოლო ჰაერში არა ფრთებით, არამედ რაღაც ტყავის აპკებით მიცურავს; და ბუნებით როგორი სიყვარუყლი მოდგამთ ამ ქმნილებებს ერთმანეთისა! ღამურები ერთმანეთს მიყოლებით დაეკიდებიან მსგავსად ჯაჭვისა, რისი მიღწევაც ჩვენთვის, ადამიანებისთვისაც კი ძნელია, რადგან განყოფილი და კერძო მრავალი ჩვენგანისათვის ზოგადსა და საერთოზე უფრო პატივდებულია. როგორ ჰგვანან თვალებით ბუს ისინი, რომელთაც ამაო ფილოსოფოსობისათვის მოიცალეს. ბუს, რომელიც ღამით ხედავს, რაჟამს მზე გამობრწყინდება, თვალთ უბნელდება. მსგავსად ამისა, მათი გონებაც, ფრიად მახვილი ამაო საგნების ჭვრეტისას, ჭეშმარიტი ნათლის შეცნობისათვის ბნელდება.

      დღისით კიდევ უფრო ადვილია შენთვის შემოქმედის საკვირველებათა შეკრება ყოველი მხრიდან: როგორ გაღვიძებს საქმისათვის ფრინველი, რომელიც შენთან ცხოვრობს, მაღალი ხმით დაიყივლებს და მზის ამოსვლას შორიდან გაუწყებს, მოგზაურებს სისხამ დილით აყენებს ფეხზე, ხოლო მიწათმოქმედი სამკალად გაჰყავს. როგორი მღვიძარეა ბატის ჯიში და როგორი მახვილი ალღო აქვს იმის მიმართ, რაც დაფარულია; ოდესღაც მათ სამეფო ქალაქი იხსნეს, რადგან ნიშანი მისცეს მტრებზე, რომელნიც საიდუმლო მიწისქვეშა ხვრელიდან რომის სიმაგრის ასაღებად უკვე მზად იყვნენ.

      ფრინველთა რომელ ჯიშში არ გვაჩვენებს ბუნება რაღაც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ საკვირველ თვისებას? წინასწარ ვინ აუწყებს ძერებს იმ ადამიანთა სიკვდილს, რომელნიც ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ემზადებიან? შეგიძლია იხილო ძერების გუნდი, ლაშქრებს რომ მისდევს და საჭურველის მზადებისაგან ასკვნის შედეგს, რომელიც ამას მოჰყვება. ეს უკვე კაცობრივ განსჯათაგან შორს როდი დგას.

      როგორ აღგიწერო შენ თავზარდამცემი ლაშქრობები კალიებისა? თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო, ყველა ერთბაშად აღდგება და გაშლილ ადგილს დაბანაკდება, თუმცა ნაყოფს მანამდე არ ეხება, ვიდრე საღმრთო ბრძანება არ მიეცემა. როგორ მოსდევს მათ სელევკიდები (მგალობელი შაშვები) – მკურნალნი მათგან მიყენებული წყლულებისა, რადგანაც აქვთ ძალა განუზომლად ჭამისა და გაუმაძღარი ბუნება, რომელიც კაცთმოყვარე ღმერთმა მათ კაცთათვის სარგებლობის მოსატანად მისცა?

      როგორ მღერის ჭრიჭინა? როგორ მღერიან ისინი შუადღისას ჩვეულებრივზე ხმამაღლა, შეისუნთქებენ რა ჰაერს გაფართოებით მკერდისა, რომელიც მას აღმოუტევებს? მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი სიტყყვა, რომელიც ფრინველა საკვირველებებს ასახავს, უფრო ჩამორჩა, ვიდრე მაშინ ჩამოვრჩებოდი, რომ მეცადა და მათ სისწრაფეს ფეხით ავდევნებოდი.

      რაჟამს ფრინველთა შორის დაყოფილებად წოდებულებს – ფუტკრებსა და ბზიკებს (ასე უწოდეს მათ იმის გამო, რომ ყოველი მხრიდან რაღაცნაირად დაყოფილებად ჩანან), იხილავ, გულისხმაყავ, რომ მათ არც სუნთქვა იციან და არც ფილტვი აქვთ, არამედ ჰაერით მთელი სხეულით იკვებებიან. ამიტომაც, თუ ზეთით დასველდნენ, სხეულთა ნასვრეტების გადაკეტვის გამო იხოცებიან, მაგრამ თუკი მაშინვე ძმარს ვაპკურებთ, რომელიც ნასვრეტებს გახსნის, კვლავ ცოცხლდებიან. ჩვენს ღმერთს არაფერი შეუქმნია იმაზე მეტი, რაც საჭიროა და არც იმაზე ნაკლები, რაც აუცილებელია.

      თუკი ისევ წყლის მოყვარე არსებებს განვიხილავთ, სხეულის სხვაგვარ აგებულებას აღმოვაჩენთ. მათ არც განყოფილი ტერფები აქვთ, ვითარცა ყვავებს და არც მოკაუჭებულბრჭყალებიანი, როგორც ხორცის მჭამელებს, არამედ ბრტყელი, მსგავსი აპკისა, რათა წყალში ადვილად იცურონ და ეს აპკებიანი ტერფები მის გასაპობად, თითქოს ნიჩბებიაო, ისე მოიხმარონ.

      თუკი გედს დაუკვირდები, როცა იგი კისერს წაიგრძელებს და სიღრმეში ჩაყოფს, რათა იქედან თავისთვის საზრდელი ამოიღოს, მაშინაც ჩასწვდები დამბადებლის სიბრძნეს, ვინც გედს ყელი ფეხებზე გრძელი მისცა, რათა იგი ვითარცა ანკეზი, ჩაეშვა და სიღრმეში დაფარული საკვები ამოეტაცა.

      8. თუ წმიდა წერილის სიტყვებს უბრალოდ წავიკითხავთ, ისინი მხოლოდ რამდენიმე მოკლე მარცვალს წარმოადგენს:გამოიღედ წყალთა მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. მაგრამ რაჟამს ამ სიტყვების აზრს გამოვიკვლევთ, მაშინვე წარმოჩნდება დამბადებლის სიბრძნის დიდი საოცრება, - რამდენი სახეობა გაითვალისწინა მან ფრინველებისა, როგორ გაყო ერთმანეთისაგან ერთი მოდგმისანი, როგორ მისცა თითოეულს საკუთარი თვისება! ეს დღე არ მეყოფა იმისათვის, რომ თქვენ ჰაერსა შინა მყოფთა საოცრებებზე მოგითხროთ. ამასთან ხმელეთიც გვეძახის მისი მხეცების, ქვეწარმავალთა და მძოვართა წარმოსაჩენად, რომელნიც უკვე განმზადებული ჰყავს, რათა მათაც მცენარეთა, ყველა ჯიშის მცურავთა და ფრინველთა თანაბარი პატივი მიეგოთ.

      გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. რას იტყვით, თქვენ, რომელთაც არ გჯერათ პავლეს სიტყვებისა აღდგომისას განახლების შესახებ, როცა ნახავთ, რომ ჰაერის ცხოველთაგან თავის სახეს მრავალი იცვლის? მაგალითად, ინდოეთის რქოსანი მატლის შესახებ მოგვითხრობენ, რომ იგი ჯერ აბრეშუმის ჭიად (მუხლუხოდ) იქცევა, შემდეგ ჭუპრად, მაგრამ საბოლოოდ არც ამ სახით რჩება, არამედ რბილი და ფართო ფურცლების გამობმის შედეგად ფრთოსანი ხდება.

      ამგვარად, რაჟამს დასხდებით, დედანი, აბრეშუმის პარკიდან ამოსახვევად ნართისა, რომელიც თქვენ რბილი სამოსის დასამზადებულად ყაჭის ჭიამ გამოგიგზავნათ, გაიხსენეთ მისი გარდასახვანი, ნათლად წარმოიდგინეთ გონებით აღდგომა და ირწმუნეთ განახლება, რომელსაც პავლე მოციქული ყველას აღგვითქვამს.

      მაგრამ ვგრძნობ, სიტყვამ ზომიერების ზღვარს გადააბიჯა. რაჟამს გადავხედე სიმრავლეს თქმულისა, ვფიქრობ, რომ მართლაც გადავაჭარბე, მაგრამ როცა კვლავ ქმნილებათა შორის გამოვლენილი სიბრძნის მრავალფეროვნებას წარმოვიდგენ, ასე მგონია, საუბარი არც კი დამიწყია. ამასთან, არც თქვენი ჩემთან დაყოვნება იქნება უსარგებლო. სხვა საღამომდე რა უნდა აკეთოთ? არ გაჩქარებენ თქვენ თანამესუფრენი, არც ნადიმები გელოდებათ, სამაგიეროდ, თუ მოისურვებთ, ხორციელი მარხვა სულიერი სიხარულისთვის გამოგადგებათ; რაკიღა ხორცისათვის სამსახური ხშირად გაგიწევია, ახლა სამსახური სულს გაუწიე.

      იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისაჲ (ფს. 36.4). უკეთუ სიმდიდრის მოყვარული ხარ, გექნება სიმდიდრე, ოღონდ სულიერი: განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად (ფს. 18.10-11). უკეთუ შვებანი და ტკბობანი გიზიდავს, გაქვს მისთვის, ვინც სულიერი გრძნობებით მრთელია, სიტყვები ღმრთისა უტკბილეს უფროჲს თაფლისა და გოლეულისა (ფს. 18.11). თუ გაგიშვებთ და ამ კრებულს დავშლი, ზოგი კამათლების სათამაშოდ წავა, სადაც ფიცი, ფიცხი კამათი და ანგარებისმოყვარეობის სალმობანია. იქ დგას ეშმაკი, რომელიც წერტილებიანი ძვლებით სიცოფეს აღაგზნებს და ერთი და იგივე ფული ხან ამ მხარეს და ხან იმ მხარეს გადააქვს; ახლა რომ ერთს გამარჯვებით აღზევებს, მეორეს მწუხარებაში აგდებს, მერე ამ მეორეს წარმოაჩენს ამაყად და პირველს შეარცხვენს. რა სარგებლობას მოგვიტანს ხორციელი მარხვა, თუკი სული ათასგვარი ბოროტებითაა სავსე? ხოლო სხვა, თუმცა კამათლებით არ ითამაშებს, მაგრამ დროს უქმად დაკარგავს, რას აღარ იტყვის ამაოთაგან და რომელ აბდაუბდას აღას მოისმენს. მოცალეობა, ღმრთის შიშის გარეშე, მათთვის, ვინც არ იცის გამოყენება დროისა, უკეთურების მასწავლებელია. ასე რომ, შეიძლება ჩემს მიერ თქმულში სასარგებლო რამეც იპოვოთ, ხოლო თუ ვერა, ის სარგებლობა მაინც იქნება, რომ გაატარებთ რა აქ დროს, ცოდვას მაინც აღარ ჩაიდენთ. ამიტომ, რამდენადაც მეტ ხანს გაგაჩერებთ, იმდენად დიდი ხნით დაგაშორებთ ცოდვის ჩადენას.

      რაც ითქვა, გონმსჯელისათვის საკმარისია, თუკი იგი ყურადღებას არა ქმნილებათა სიმდიდრისაკენ, არამედ ჩვენი უძლურებისა და იმისაკენ წარმართავს, რომ შეკრებილებს სიხარულისათვის ესეც ეყოფათ.

      დედამიწამ თავისი მცენარეებით გიმასპინძლათ, ზღვამ – თევზებით, ჰაერმა – ფრინველებით, ხმელეთიც მზადაა, მათ მსგავსად გვიმასპინძლოს. დილის ტაბლას საზღვარი აქ დავუდოთ, რათა გარდამეტებული სიმაძღრით მწუხრის საზრდელით დატკბობისათვის მადა არ დავკარგოთ. დაე, ვინც ყოველივე თავისი ქმნილებებით აღავსო და ჩვენ ისინი თავისი ცხადი სასწაულების გასახსნელად დაგვიტოვა, ყოველი თქვცენგანის გულიც აღავსოს სულიერი სიხარულით ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰომილია IX

ხმელეთის ცხოველთა შესახებ

      1. როგორი მოგეჩვენათ თქვენ სიტყვიერი ტაბლა დილისა? მე კი აზრად მომივიდა, ჩემი თავი ვინმე ღარიბი, მაგრამ გულთბილი მასპინძლისთვის შემედარებინა, რომელსაც გულუხვი მასპინძლის სახელის მოხვეჭა სურს, მაგრამ რადგან ძვირფასი საჭმელ-სასმელი არა აქვს, სტუმრებს თავს აბეზრებს ღარიბული კერძებით, რომელიც სუფრაზე უხვად მიაქვს. ასე რომ, მისი პატივმოყვარეობა მისივე სასაყვედუროდ უგემოვნობაში გადადის ხოლმე. ასეთი იყო ჩვენი სიტყვაც, თუკი თქვენ მასზე სხვა რამეს არ იტყვით; მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო, აბუჩად მაინც არ უნდა აიგდოთ, რადგან არც ელისეს დასდეს ბრალი მისმა თანამედროვეებმა, როგორც მასპინძელს, თუმცა იგი მეგობრებს მხალითა ველურითაგაუმასპინძლდა (შეად. IV მეფ. 4,39).

      მეც ვიცი წესები სახისმეტყველებისა, თუმცა არა ჩემს მიერ აღმოჩენილი, არამედ სხვათა თხზულებებში ნაპოვნი. ამ წესების მიხედვით ზოგიერთები იმას, რაც დაწერილია, საყოველთაო მნიშვნელობით კი არ იგებენ, მაგალითად წყალს წყალს კი არ უწოდებენ, არამედ რაღაც სხვა ნივთიერებას და მცენარესაც და თევზსაც ისეთ განმარტებას აძლევენ, როგორიც სურთ; ქვეწარმავალთა და ცხოველთა წარმოშობასაც საკუთარი ვარაუდების შესაბამისად ხსნიან, ვითარცა სიზმართამხსნელები, რომელნიც ძილში ნანახ ზმანებებს თავიანთი ზრახვებისდამიხედვით განმარტავენ. მე კი, რომ მოვისმინე, ეს ბალახიაო, ბალახად მოვიაზრე, ასევე მცენარეს, თევზს, მხეცსა თუ საქონელს როგორც ითქვა, ისე ვიღებ, რადგან არა მრცხუენის მე სახარებაჲ (რომ. 1,16).

      თუმცა სამყაროს აღმწერებმა ბევრი რამ თქვეს დედამიწის ფორმაზე, ხან სფერო, ხანაც ცილინდრისებურიო, ხანაც წრეს ჰგავსო, ყოველმხრივ თანაბრად შემოხვეწილს, ხანაც კიდევ ლანგარს, შუაში ჩაღრმავებულსო (სამყაროს აღმწერებმა ყველა ამ ვარაუდს მიმართეს, თანაც ისე, რომ ყოველი მათგანი მეორის ვარაუდს ამხობდა), მაგრამ ვერ დავეთანხმები სამყაროს შესაქმეზე ჩვენი თხრობისათვის ნაკლები პატივის მიგებას, მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ღმერთის მსახურ მოსეს მის ფორმებზე არ უმსჯელია და არც ის უთქვამს მისი შემოწერილობა 180 ათასი სტადიონიაო, არც ის გაუზომია, სანამდე გრძელდება მისი ჩრდილი ჰაერში, როცა მზე დედამიწის ქვეშ ექცევა და არც ის განუმარტავს, როგორც ხდება დაბნელება მთვარისა, როცა მას ეს ჩრდილი მიეახლება. რადგანაც იგი იმაზე, რაც ჩვენ არ გვეხება როგორც უსარგებლოზე, დადუმდა, ამიტომ სიტყვანი სულისა წმიდისანი უგუნურთა სიბრძნეზე უდარესად მივიჩნიო? თუ პირიქით, უფრო მეტად არ უნდა განვადიდო ის, ვინც ჩვენი გონება ამგვარი ამაო მსჯელობებით კი არ დააკავა, არამედ ისე განაგო, რომ ყველაფერი ჩვენი სულების დასამოძღვრად და სრულყოფისათვის დაწერილიყო? ვფიქრობ, ეს ვერ შეიგნეს მათ, რომელთაც თავიანთი გაგებით, გაჭიანურებული მსჯელობებით და სახისმეტყველებით წმიდა წერილისათვის თითქოს რაღაც პატივის მინიჭება განიზრახეს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი სულიწმინდის სიტყვებზე უფრო ბრძნად მიიჩნიო და განმარტების მომიზეზებით საკუთარი აზრები შემოიტანო. ამიტომ, ჩვენ ისე მოვიაზრებთ, როგორც წერია.

      2. გამოიღედ ქვეყანამან სამშვინველი ცხოველი ოთხფერხთა და ქვეწარმავალთა. გულისხმაყავ სიტყვა ღმრთისა, დაბადებულთა შორის მსრბოლი, რომელიც მაშინ დაწყებულ მოქმედებას დღემდე აგრძელებს და ბოლომდე, თვით სამყაროს აღსასრულამდეც გააგრძელებს. ვითარცა ბურთი, რომელსაც ვინმე ფერდობიდან ჩააგორებს, როგორც თავისი სიმრგვალის, ისე ადგილის სიმარჯვის გამო, დაბლა მიექანება და მანამდე იგორებს სანამ ვაკე არ შეხვდება, ასე დაიძრა არსებულთა ბუნება ერთი ბრძანებით, ქმნილებათა შობითა და ხრწნილებით მოდის და მოდგმის გაგრძელებას მსგავსებით იცავს, ვიდრე დასასრულამდე არ მიაღწევს; ნაცვლად ცხენისა, ცხენს ქმნის, არწივისა-არწივს და ყოველ ცხოველს არსებობას მემკვიდრეთა მონაცვლეობის წყალობით უნარჩუნებს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ჟამის მდინარება ვერც წაახდენს და ვერც წარხოცს საკუთარ თვისებებს ცხოველებისა, არამედ დროს ისე მიჰყვებიან, თითქოს მათი ბუნება ახლახან იყოს შექმნილი.

      გამოიღედ ქვეყანამან სული ცხოველი. ეს ბრძანება დედამიწაზე დარჩა და ღმრთის სამსახურს დღემდე აგრძელებს. ცხოველთაგან ზოგიერთი ადრე არსებულისგან მემკვიდრეობის წყალობით იქმნება, ზოგი კი აქამდე მიწისაგან ცოცხლად იბადება. მაგალითად, წვიმების დროს იგი არა მხოლოდ ჭრიჭინებსა და სხვა ათასგვარი ჯიშის ფრთოსანთ, რომელნიც ჰაერში დაფრენენ და რომელთაც სახელებსაც კი ვერ დავარქმმევთ მათი სიმრავლისა და სიმცირის გამო, არამედ თაგვებსაც და ბაყაყებსაც წარმოშობს. როცა ეგვიპტეში, თებეს მახლობლად, კოკისპირულად გაწვიმდება, ქვეყანა მყისვე მინდვრის თაგვებით ივსება. ვხედავთ, რომ გველთევზაც არა სხვა გზით, არამედ შლამისაგან იბადება; ისინი კვერცხისა თუ სხვა ხერხის წყალობით როდი მრავლდებიან, არამედ მიწისაგან წარმოიშობიან.

      გამოიღედ ქუეყანამან სული. - პირუტყვები მიწისაგანნი არიან და მიწას ჩაჰყურებენ, ხოლო ადამიანი ზეცის მცენარეა და რამდენადაც სხეულის ხატით გამოირჩვეა, სულიერი ღირსებებითაც იმდენადვეა გამორჩეული. ოთხფეხთა გარეგნობა როგორიღაა? მათ თავები მიწისკენ აქვთ ჩახრილი, მუცელს ჩაჰყურებენ და მის სიამოვნებისათვის ყოველ ღონეს ხმარობენ. თავი შენი კი ზეცისკენ არის აღმართული და შენი თვალებიც ზევით იყურებიან. ამიტომ თუმცა შენ თავს ხანდახან ხორციელი ვნებებით შეურაცხყოფ და მუცელსა და იმას ემონები, რაც მუცლის ქვემოთაა, უგუნურ პირუტყვებს ბაძავ და მათ ემსგავსები (შეად. ფს. 48, 13), მაგრამ გმართებს ზრუნვა, რათა ზეცისასა ეძიებდე, სადაცა იგი ქრისტე არს (კოლ. 3,1) და მიწისაგან შობილებზე გონებით ამაღლება მოგეთხოვება. როგორი ხატიც მოგენიჭა, ცხოვრებაც იმგვარად წარმართე. იყავნ მოქალაქეობაჲ შენი ცათა შინა (ფილპ. 3,20), რადგან ჭეშმარიტი მამული შენი იერუსალიმია, ხოლო მოქალაქენი და თანამემამულენი- პირმშონი იგი, აღწერილნი ცათა შინა (ებრ. 12,22-23)

      3. გამოიღედ ქვეყანამან სული ცხოველი. ამრიგად, პირუტყვთა სამშვინველი მიწაში კი არ იყო და იქიდან კი არ გამოჩნდა, არამედ ბრძანებასთან ერთად წარმოიშვა. პირუტყვთა სამშვინველი ერთია, რადგან ერთი განმასხვავებელი თვისება აქვთ - უტყვობა, მაგრამ თითოეულ ცხოველს თავისი საკუთარი თვისებაც აქვს: ხარი გამძლეა, ვირი ზანტი, ცხენი - მხურვალე მდედრის გულისთქმისათვის, მგელი - მოუთვინიერებელი, მელა - მზაკვარი, ირემი – მფრთხალი, ჭიანჭველა - შრომისმოყვარე, ძაღლი - მადლიერი და მეგობრობაში ერთგული; თითოეულ მათგანს როგორც კი იშვა, მყისვე განსაკუთრებული ბუნებრივი თვისებაც მიენიჭა. ლომი დაბადებიდანვე მრისხანეა, მარტო ცხოვრებისა და თვისტომთაგან განცალკევებისაკენ მიდრეკილი; ვითარცა ხელმწიფე პირუტყვთა, ბუნებით დამახასიათებელი სიამაყის გამო ბევრთან გათანაბრებას ვერ ეგუება; არც წინა დღის საზრდელს ეკარება და არც თავისი ნადავლის ნარჩენებს მიუბრუნდება. ბუნებამ მას ხმის ისეთი ორგანოები მისცა, რომ მრავალ ცხოველს, რომელნიც მას სისწრაფით აღემატებიან, ხშირად მხოლოდ ღრიალით მოინადირებს. ჯიქი ფიცხია და მოქნილი, მის სხეულში ერთმანეთს ერწყმის სინოტივე და სიმსუბუქე, რის გამოც მისი მოძრაობა სისწრაფით სამშვინველის მოძრაობის თანმხვედრია. ბუნებით ზანტია დათვი, თავისებური ზნის, ხშირი ბეწვით შემოსილი. სხეულიც მსგავსი აქვს: მძიმე, მკვრივი, უსახსრებო, მართლაც შესაფერისი ცივი ცხოველისათვის, რომელიც ბუნაგში ცხოვრობს.

      უკეთუ სიტყვით შევეხებით იმას, თუ ეს პირუტყვები თავიანთ სიცოცხლეზე არა განსწავლულობით, არამედ ბუნებრივად როგორ ზრუნავენ, ჩვენც ან საკუთარი თავის დაცვისა და სულის გადასარჩენისთვის აღვიძრებით, ან ჩვენს თავს კიდევ უფრო მეტად განვსჯით, რაჟამს აღმოვაჩენთ, რომ შედარებისას პირუტყვებსაც კი ჩამოვრჩებით. ძუ დათვი, როცა მას ფრიად ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული, ხშირად თავის თავს თვითონვე მკურნალობს, ყოველი ხერხით ჩაიფენს რა ჭრილობაში მეფის სკიპტრას, რომელსაც ამოშრობის უნარი აქვს. შეგიძლია იხილო, მელა თავს ფიჭვის ფისით როგორ იკურნავს; იქედნეს ხორცით გამაძღარი კუ ველური ქონდრის წყალობით გაურბის გესლისაგან მიყენებულ ვნებას, გველი კი თვალების სენს კამის ძოვით შველის.

      ხოლო ჰაერის ცვლილებათა წინასწარი გამოცნობით რომელ მეტყველთა გულისხმისყოფას არ დაჩრდილავენ. ცხვარი იგრძნობს თუ არა ზამთრის მოახლოებას, საკვებს ხარბად ეტანება, თითქოს მომავალში მოკლების სიშით იმარაგებსო. ზამთრის განმავლობაში ჩაკეტილი ხარები გაზაფხულის მოახლოებისას ბუნებითი გრძნობით იგრძნობენ თუ არა ცვალებადობას, ბოსლების გასასვლელისკენ იყურებიან და თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო მდგომარეობას იცვლიან. ზოგიერთ ცნობისმოყვარე დამკვირვებელს უნახავს, რომ ხმელეთზე მცხოვრებმა ზღარბმა თავის სოროს ორი საჰაერო როგორ დაატანა; თუ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავდა, სოროს ჩრდილოეთ მხარეს გმანავდა, ხოლო სამხრეთის ქარის დაქროლვისას ჩრდილოეთის საჰაეროსთან გადადიოდა.

      რას გვაჩვენებს ჩვენ ეს, ადამიანებს? არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი შემოქმედის ზრუნვა ყოველივეზე ვრცელდება, არამედ იმასაც, რომ მომავლის გრძნობა რამდედადმე პირუტყვებსაც აქვთ, ჩვენც არა მხოლოდ ამ ცხოვრებას უნდა მივეჯაჭვოთ, არამედ მომავალი საუკუნო ცხოვრებისთვისაც ყოველმხრივ უნდა ვიღვაწოთ. შენი თავისათვის არ უნდა განსაჯო ადამიანი? ხედავ, რა ჭიანჭველას მაგალითს, ამ ცხოვრებაშივე არ უნდა მოამზადო ის, რაც მომავალში განსვენებისთვის საჭიროა? იგი საზრდელს ზამთრისათვის ზაფხულშივე აგროვებს. ჯერ მწუხარება ზამთრისა არ დამდგარა, რომ დროს უქმად არ კარგავს, ბეჯითად და თავდაუზოგავად შრომობს, ვიდრე თავის საუნჯეებში საკმარის საკვებს დაიუნჯებდეს; და ამას არა დაუდევრად, არამედ რაღაც ბრძნული მზრუნველობით აკეთებს, რათა იმდენი საზრდელი მოიპოვოს, რამდენიც, რაც შეიძლება, დიდხანს ეყოფა. თითოეილ მარცვალს იგი პირით შუაში კვნეტს, რათა არ აღმოცენდეს და საზრდელად მისთვის მოუხმარებელი არ გახდეს; ხოლო თუ შეამჩნია, რომ დანესტილია, მაშინ აშრობს კიდეც, მაგრამ გასაშრობად ყოველ დროს როდი გამოაქვს, არამედ მაშინ, როცა შეატყობს, რომ ჰაერი გაწმენდილია; და მართლაც, ვერ ნახავ, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ჭიანჭველა მარაგს აშრობს, ღრუბლებიდან წვიმა იღვრებოდეს.

      რომელი სიტყვა მისწვდება? ან რომელი სასმენელი დაიტევს? ანდა დროის რა მონაკვეთი იქნება საკმარისი, რათა გიამბოთ და გაუწყოთ შემოქმედის ყველა საკვირველებათა შესახებ? არამედ სჯობს ჩვენც ვთქვათ წინასწარმეტყველებთან ერთად: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ (ფს. 103-24). იმის თქმა: წიგნებისაგან არა გვისწავლია, რა არის ჩვენთვის სასარგებლოო, თავის გასასამართებლად საკმარისი როდი იქნება, რადგან ბუნებითი სჯულის წყალობით სწავლის გარეშეც შეგვიძლია არჩევა იმისა, რაც უმჯობესი იქნება ჩვენი სარგებლობისათვის. იცი, რა არის სიკეთე შენი მახლობლებისთვის? ის, რაც გსურს, რომ შენ სხვამ გაგიკეთოს. იცი, რა არის ბოროტება? ის, რაც არ გინდა, რომ სხვისგან განიცადო. არც ფესვების დაჭრის ოსტატობითა და არც ბალახებზე ცდების გამოკვლევის შედეგად არ აღმოუჩენიათ პირუტყვებს, როგორ შეიცნონ სასარგებლო. არამედ თითოეული ცხოველი ბუნებრივად პოულობს ხსნის გზას და რაღაც გამოუთქმელი ნათესაობა აქვს იმასთან, რაც მის ბუნებას შეესაბამება.

      4. ჩვენც გვაქვს ბუნებრივი სათნოებანი, რომელთანაც სულს ნათესაობა არა კაცობრივი განსწავლის შედეგად აქვს, არამედ ბუნებით. არცერთი მეცნიერება არ გვასწავლის, ავადმყოფობა შეიძულეთო, მაგრამ ჩვენ თვითონვე გვძაგს ყოველივე, რაც კი მწუხარებას გვაყენებს. ასე რომ, სულშიც არის რაღაც, რომელიც განსწავლის გარეშეც ერიდება ბოროტებას. ყოველგვარი ბოროტება უძლურებაა სულისა, ხოლო სათნოება - სიჯანსაღე. ზოგიერთებმა კარგად განსაზღვრეს სიჯანსაღე. როცა თქვეს, რომ იგი სიმყარეა ბუნებრივ მოქმედებათა. იმის წინაშე, რაც დადგენილია. არც ის შესცოდავს, რომელიც სულის სიმრთელეზეც ამასვე იტყვის. სულიც ხომ განსწავლის გარეშე ისწრაფვის ამისკენ, რაც მისთვის დამახასიათებელია და მისი ბუნების შესაფერისი. ამიტომაც ყველასათვის საამაყოა სიწმინდე, შეწყნარებულია სამართლიანობა, საკვირველია სიმამაცე და სასურველი გონიერება. ესენი უფრო დამახასაიათებელია სულისთვის, ვიდრე სხეულისათვის სიჯანსაღე.

      შვილნო, გიყვარდეთ მამანი თქვენნი და მშობლებო, ნურც თქვენ განარისხებთ შვილთა თქვენთა (ეფ. 6,4). განა ბუნებაც ამასვე არ გვეუბნება? პავლე მოციქული ახალ რამეს კი არ გვირჩევს, არამედ ბუნების ბორკილებს განამტკიცებს.

      უკუეთუ ძუ ლომს უყვარს ნაშობნი მისნი და მგელიც თავისი ლეკვებისათვის იბრძვის, რაღა ეთქმის ადამიანს, რომელიც მცნებასაც არღვევს და ბუნებასაც შეურაცხყოფს, კერძოდ, რაჟამს შვილი პატივს არ სცემს მამის სიბერეს, ხოლო მამა მეორე ქორწინების გამო თავის შვილებს ივიწყებს.

      საოცარია, უჩვეულოდ დიდია მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული პირუტყვთა შორის, რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ისინი შექმნა, გონების მოკლების წილ, დიდი გრძნობების მიცემით ანუგეშა.

      რით აიხსნება, რომ კრავი, გამოვარდება თუ არა იგი ფარეხიდან, ფერითა და ხმით ათას ცხვარში შეიცნობს დედას და მისკენ გარბის, ეძებს რა საკუთარ წყაროს რძისას? დედის ძუძუნი კიდევაც რომ მწირად დაუხვდეს, მაინც კმაყოფილდება და გულგრილად აუვლის გვერდს მრავალ ძუძუს, რძით დამძიმებულს. ასევე დედაც თავის შვილს ათას კრავში იცნობს. ხმა ყველას ერთი აქვს, ფერიც აგრეთვე და რამდენადაც ეს ჩვენი ყნოსვისთვის მისაწვდომია, სუნიც ერთი, მაგრამ აქვთ რომელიღაც გრძნობა ჩვენსაზე მახვილი, რომლის წყალობითაც ყოველი მათგანი ადვილად შეიცნობს საკუთარს. ძაღლის ლეკვს ჯერ კბილები არ ამოსვლია და უკვე პირით იცავს თავს იმისაგან ვინც არ ასვენებს. ხბოს რქები ჯერ კიდევ არ აქვს და უკვე იცის, საჭურველი სად ამოეზრდება. ყოველივე ეს გვაჩვენებს, რომ მათ ბუნებრივი თვისებანი სწავლის გარეშე ეძლევათ და რომ არსებულთა შორის არაფერია უწესრიგო და განუსაზღვრელი, არამედ ყოველი შემოქმედის სიბრძნის კვალს ატარებს და თითოეული გვიჩვენებს, რომ აღჭურვილია საკუთარი თავის დაცვისა და გადარჩენისთვის.

      ძაღლი არაა გონებით დაჯილდოებული მაგრამ აქვს გრძნობა თითქმის თანაბარი გონებისა. რაც ამა სოფლის ბრძენთა ძლივს აღმოაჩინეს, ისხდნენ რა სიცოცხლის მეტი წილი მოცლილნი ამისთვის, კერძოდ, ჩახლართულ დასკვნებს ვგულისხმობ, ის, როგორც ჩანს, ძაღლს ბუნებამ ასწავლა. ეძებს რა ნადირის კვალს, რაჟამს იპოვის, რომ იგი მრავალ ტოტად იყოფოდა, ყველას მოირბენს და თავისი საქცილეით თითქმის ხმით გვეუბნევა, რაც დაასკვნა: ნადირს ან აქეთ უნდა გადაეხვია, ან აქით, ან კიდევ ამ მხარეს, მაგრამ რამდენადაც არც აქეთ წასულა და არც აქეთ წასულა და არც იქით, მაშინ რჩება, რომ აქეთ უნდა გაქცეულიყო. ამგვარად პოულობს ჭეშმარიტებას სიცრუეთა უარყოფით. ამაზე მეტს რას აკეთებენ ისინი, რომელნიც მედიდურად უსხედან სამწიგნობრეებს, მტერზე წერენ, სამი წინადადებიდან ორს უარყოფენ და დარჩენილში პოულობენ ჭეშმარიტებას?

      განა ის, რომ ამ ცხოველმა წყალობის დამახსოვრება იცის, არ არცხვენს უმადურებს კეთილისმყოფელთა მიმართ? ჰყვებიან, რომ მრავალი ძაღლი, რომელთა პატრონებიც უდაბურ ადგილებში მოკლეს, იქვე დაიღუპა, ხოლო ზოგიერთი მწარე განცდამ მკვლელთა მძებნელების მეგზურად აქცია და იმისთვის მიაღწევინა, რომ ბოროტისმოქმედები სამსჯავროზე გადაცემულიყვნენ. რა ეთქმის იმათ, რომელთაც არა მხოლოდ უყვართ მათი შემოქმედი და გამომზრდელი უფალი, არამედ იმათთანაც კი მეგობრობენ, რომელნიც ღმერთზე უსამართლოდ მსჯელობენ, მათთან ერთად ტაბლას იზიარებენ და თვით ჭამის დროსაც კი ითმენენ გმობას გამომზრდელისას.

      5. მაგრამ მივუბრუნდეთ ქმნილებათა განხილვას. ადვილად მოსანადირებელი ცხოველები მშობიარობისას უფრო ნაყოფიერნი არიან. მრავლად შობენ კურდღლები და ველური თხები, ასევე გარეული ცხვარიც ტყუპებს ბადებს, რათა არ შემცირდეს მათი მოდგმა, რომელსაც ხორცის მჭამელები ანადგურებენ. იმ ცხოველებს კი, რომელნიც სხვებს ჭამენ, შვილები ცოტა ყავთ. მაგალითად, ძუ ლომი ძლივს ხდება დედა ერთი ლომისა, რადგანაც, როგორც ამბობენ, ბოკვერი მახვილი ბრჭყალებით აპობს საშოს და ისე გამოდის. ასპიტიც დედის დაღრღნის შედეგად იბადება და მშობელს შესაფერის საზღაურს ამგვარად მიაგებს.

      ასე რომ, არცერთი არსება არაა დატოვებული განგების გარეშე და არცერთს არ აკლია შესაფერი მზრუნველობა.

      თუკი ცხოველთა ნაწილებს შეისწავლი, აღმოაჩენ რომ დამბადებელმა არც ზედმეტი რამ მისცა მათ და არც ის დააკლო, რაც აუცილებლად სჭირდებოდათ. ხორცისმჭამელ ცხოველებს მახვილი კბილები უბოძა შესაფერისად საკვების სახისა. იმათ კი, რომელნიც კბილებით ნახვერად აღჭურვა, საჭმლისათვის მრავალი სხვადასხვა სათავსო გაუმზადა. რამდენადაც მათ საკვების საკმარისად დაღეჭვა თავიდანვე არ შეუძლიათ, შესაძლებლობა მიეცათ კვლავ ამოიღონ გადაყლაპული და ცოხნის შედეგად დანამცეცებული შეირგონ. სტომაქი, ჩიჩახვი და გრძელი ნაწლავი უსარგებლოდ როდი მიეცა იმ ცხოველებს, რომელთაც ესენი აქვთ და რომელთაგან თითოეულს აუცილებელი მოთხოვნისათვის იყენებენ.

      აქლემს ყელი გრძელი აქვს, რათა ფეხებთან ჩასწვდეს ბალახს, რომლითაც იკვებება, ხოლო ყელი დათვისა მოკლეა და მხრებს შორის ჩავარდნილი, ასევე მოკლე ყელი აქვს ლომს, ვეფხვს და ყველა იმ დანარჩენს, რომელიც ამ მოდგმას მიეკუთვნება. რადგან ბალახით არ საზრდოობენ, არ არიან იძულებულნი მიწისკენ დაიხარონ, ისინი ხომ ხორცისმჭამელები არიან და მონადირებული ცხოველებით კმაყოფილდებიან.

      რისთვის სჭირდება ხორთუმი სპილოს? ამ დიდ ცხოველს, უდიდესსაც კი ხმელეთის ცხოველთა შორის, რომელიც შემხვედრს შიშით აკრთობს, წილად ერგო ყოფილიყო ახოვანი და ჰქონოდა უზარმაზარი სხეული. ამიტომ თუკი გრძელი, ფეხების შესაფერისი ყელი მიეცემოდა დიდი სიმძიმისა გამო მისი დაჭერა გაუჭირდებოდა და მუდმივად დაბლა ექნებოდა ჩახრილი. ახლა კი თავი კისრის მრავალრიცხოვანი მალით უკავშირდება ზურგს და აქვს ხორთუმი, რომელიც ავსებს ყელის ნაკლს, კერძოდ, იგი მისი მეშვეობით იღებს საჭმელსა და სასმელს. ფეხები უსახსრო აქვს, ვითარცა სვეტები, მტვირთველნი სხეულის სიმძიმისა. ისინი, რომ ნაზი და ლბილი კუნთებით შეგვეცვალა ხშირად ეღრძობოდა ფეხი სახსრებში, რომელნიც ვერ იტვირთავდნენ სიმძიმეს, რაჟამს სპილო მუხლებში ჩაიკეცებოდა ან ადგებოდა. ახლა კი მას მოკლე ტერფზედა ძვალი აქვს ფეხის ქვეშ, მაშინ როცა მუხლს ქვემოთაც და მუხლშიც უსახსროა; მოძრავი, მსხლტომარე სახსრები ხომ უჩვეულოდ დიდ, მერყევ სხელს, რომლითაც სპილოა შემოსილი, ვერ დაიჭერდა. ამიტომაც სჭირდება ეს ხორთუმი, ფეხებამდე ჩამოგრძელებული. ვერ ხედავ, რომ ბრძოლებში, როგორც სულჩადგმული კოშკები, სპილოები რაზმებს წინ მოუძღვებიან და ვითარცა ხორცის ბორცვები, დაუოკებელი სისწრაფით არღვევენ შემჭიდროებულ ფარებს მტრებისას? ქვემოთა ნაწილი რომ თანაზომიერი არ ჰქონდეს, ეს ცხოველი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ახლა კი, როგორც ზოგიერთი გვამცნობს, სპილო სამასსა და მეტ წელსაც კი ცოცხლობს. ამიტომაც აქვს ფეხები მთლიანი და უსახსრო. საზრდელს კი, როგორც ვთქვით, მიწიდან ხორთუმით იღებს, რომელიც ბუნებრივად მოქნილია და გველის მსგავსად იკუმშება და იშლება.

      ამგვარად, ჭეშმარიტია სიტყვა, რომელიც გვასწავლის, რომ დაბადებულებში არც რამე ზედმეტისა და არც ნაკლებობის პოვნა არ შეგიძლია. ცხოველი, რომელიც ასე დიდია, ღმერთმა კაცის მორჩილად შექმნა. რაჟამს ვასწავლით, ესმის და როცა ვცემთ, ითმენს, რითაც ღმერთი ნათლად შეგვაგონებს, რომ ყოველივე ჩვენ დაგვიმორჩილა, რადგანაც ჩვენ ხატად დამბადებლისა ვართ შექმნილნი.

      არა მხოლოდ დიდ ცხოველებში იხილვება გამოუკვლეველი სიბრძნე შემოქმედისა, არამედ თვით ყველაზე პატარებშიც კი როდი შეგროვდება ნაკლები რიცხვი საკვირველებათა; ისევე როგორც დიდი მთების მწვერვალებზე, ასე ახლოს რომ არიან ღრუბლებთან და ქართა განუწყვეტელი ქროლვის გამო მარადიულ ზამთარს ინარუნებენ, ნაკლებ როდი გვაოცებს ღრმა ხეობები, რომელნიც არა მხოლოდ მთის ქარებს არიან განშორებულნი, არამედ ჰაერის სითბოსაც მუდმივად ინახავენ, ასევეა ცხოველთა აგებულებაშიც, ჭეშმარიტად არ მაოცებს სპილო თავისი სიდიდის გამო თაგვზე მეტად, რადგანაც თაგვი სპილოსთვისაც კი საშიშია, და არც უწვრილეს ისარზე მორიელისა, რომელიც შემოქმედმა სალამურის მსგავსად გამოაღრუვა, რათა დაგესლილზე შხამი მისით გადმოინთხეს. ნურავინ დასდებს ბრალს დამბადებელს, რომ მან გესლიანი ცხოველები შექმნა, მტერნი და განმხრწნელნი ჩვენი სიცოცხლისა. ასე ვინმე მასწავლებელსაც დასდებს ბრალს იმაში, რომ ქარაფშუტა ყრმა წესრიგისაკენ მიჰყავს და ცემითა და შოლტით მის თავაშვებულობას განაბრძნობს.

      6. ცხოველები რწმენის გამომცდელნიც არიან. უკეთუ გწამს უფლისა, რომელმაც გითხრა: ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი (ფს. 90,13), სარწმუნოების ძალით გექნება შენ ძალა გველისა და მორიელის დასათრგუნავად.

      ვერ ხედავ რომ პავლეს, როცა იგი ფიჩხს აგროვებდა, იქედნე დაეკიდა ხელზე, მაგრამ ვერა ავნო რა, რადგანაც წმინდანი რწმენით აღსავსე აღმოჩნდა (საქმ. 28,3-6), ხოლო თუკი ურწმუნო ხარ, ცხოველზე მეტად საკუთარი ურწმუნოების უნდა გეშინოდეს, რომლითაც თავი შენი ყოველივე ხრწნილებას წარსაწყმედად განუმზადე.

      მაგრამ უკვე კარგა ხანია ვგრძნობ, რომ ადამიანის წარმოშობაზე შემეკითხებით, თითქოს მესმის კიდევაც მსმენელთა გულიდან ამოსული ღაღადისი: ჩვენ ვიღწვით შესწავლისათვის ბუნებისა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, მაშინ როცა საკუთარ თავს არ ვიცნობთო, ასე რომ, აუცილებელია საუბარი იმის თაობაზეც, რისთვისაც საჭიროა დავძლიოთ გაუბედაობა, რომლითაც შეპყრობილი ვართ. მართლაც, როგორც ჩანს, ყველაზე ძნელი საქმე საკუთარი თავის შეცნობაა, რადგანაც არა მხოლოდ თვალს არ შეუძლია თავისი თავის დანახვა და მხოლოდ იმას ხედავს, რაც მის გარეშეა, არამედ ჩვენი გონებაც, რომელიც ასე გამჭრიახია სხვისი ცოდვების დანახვისას, საკუთარ ნაკლულევანებათა შეცნობაში მძიმეა და ნელი.

      ამიტომაცაა, რომ ამ შემთხვევაშიც, სიტყვა ჩვენი, რომელიც ასეთი სიმახვილით აღწერს უცხოებს, თვისთა საქმეთა გამოსაძიებლად სიზანტითა და შიშით აღსავსეა. თუმცა, უკეთუ ვინმე თავის თავს გონივრულად გამოიკვლევს, ღმერთს ზეცისა და მიწისაგან უფრო მეტად როდი შეიცნობს, ვიდრე ჩვენი საკუთარი აგებულებისაგან. წინასწარმეტყველიც ამბობს: საკვირველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან (ფს. 138,6). ესე იგი, თავი ჩემი შევისწავლე და ამ გზით შევიცანი გარდამეტებულობა შენი სიბრძნისაო.

      და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი (შესქ. 1,26). სად არის იუდეველი, რომელიც როგორც ზემოთ, რაჟამს ნათელი ღმრთისმეტყველებისა თითქოს სარკმლებიდან გამობრწყინდა და მეორე პირი თუმცაღა არა ცხადად, მაგრამ საიდუმლოდ წარმოჩნდა, ჭეშმარიტებას წინ აღუდგა და ამტკიცებდა, რომ ღმერთი თავის თავს ესაუბრება? იგი ამბობს: ღმერთმა თვითონვე თქვა და თვითონვე შექმნაო: იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი (შესქ. 1,13) მაშინაც ადვილი იყო შეუსაბამობის მხილება იუდეველის სიტყვებში, რადგანაც რომელი მჭედელი ან ხურო, ან კიდევ მეხამლე, როცა მას შემწედ არავინ ჰყავს, ეტყვის თავის თავს, მიუჯდება რა თავისი ხელობის იარაღებს: გავაკეთოთ დანა, შევკრათ გუთანი, ან შევკეროთ ფეხსაცმელიო? პირიქით, განა დუმილით არ შეასრულებს თავის სამუშაოს? ჭეშმარიტად უაზრო ლაყბობაა მტკიცება იმისა, რომ ვინმე თავისი თავის მთავრად და ზედამდგომელად დაჯდება და უფლებამოსილებითა და მძლავრობით აშრომებს. მაგრამ არ ეშინიათ რა თვით უფლის ცილისწამებისაც კი, რისი თქმაღა აღარ შეუძლიათ, აქვთ რა ენა, სიცრუეში ფრიად გაწვრთნილი. ახლა თქმულმა კი უცილობელად უნდა დაადუმოს ისინი. და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი. მითხარი, ახლაც მხოლოდ ერთი პირია? "შევქმნათ კაციო" და არა "იქმნას კაციო", -წერია ხომ?

      ვიდრე მოწაფე გამოჩნდებოდა, სიღრმესა შინა იყო დაფარული ღმრთისმეტყველების ქადაგება, მაგრამ როცა ადამიანის შექმნის მოლოდინი გაჩნდა, რწმენა გაშიშვლდა და თვალსაჩინოდ გაცხადდა დოგმატი ჭეშმარიტებისა: "ვქმნეთ კაცი".

      გესმის, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლო, სიტყვა მიმართულია შესაქმის მონაწილისადმი, რომლისაგანაც შეიქმნეს საუკუნენი, რომელსა უტჳრთავნ ყოველნი სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაითა (ებრ. 1,23). მაგრამ იუდეველი მშვიდად როდი იღებს სიტყვას ღმრთისმოსაობისა, არამედ ვითარცა გალიაში ჩამწყვდეული ყველაზე კაცთმოძულე მხეცი, გისოსებს ღრღნის, წარმოაჩენს რა ამით საკუთარი ბუნების სისასტიკესა და ველურობას, თუმცაღა თავისი სიცოფის აღსრულება არ შეუძლია; ასევე, სიმართლით შევიწროებული, ჭეშმარიტების მტერი მოდგმა ურიათა, ამბობს, რომ მრავალია პირი, რომელთა მიმართაც ღმერთის სიტყვა ითქვა და რომ თითქოს იგი მასთან მყოფ ანგელოზებს ეუბნებოდეს: ვქმნეთ კაცი. იუდეური გამონაგონი! მხოლოდ მათი ქარაფშუტობისათვის დამახასიათებელი შეთხზული არაკი.

      იმისთვის რომ ერთი არ მიიღონს, ბევრი შემოჰყავთ და ძის უარსაყოფად თანამზრახველობის პატივს მსახურებს აკუთვნებენ: ჩვენსავე მსგავს მონებს ჩვენი შესაქმის მბრძანებლად წარმოადგენენ. მართალია, სრულქმნილი კაცი ანგელოზთა პატივში აღიყვანება, მაგრამ რომელი ქმნილება შეიძლება იყოს თანასწორი შემოქმედისა? გულისხმაჰყავ ეს სიტყვებიც: "ხატად ჩუენდა" (შესქ. 1,26), რას იტყვი ამის თაობაზე, ერთია ხატი ღმრთისა და ანგელოზთა? ძესა და მამას უცილობლად ერთი ხატი აქვს, ცხადია, უკეთუ ღმრთივმშვენიერ ხატს ვიგულისხმებთ, ანუ არა სხეულებრივად მოხაზულს, არამედ ღმრთეებრივ თვისებას.

      ისმინე შენც, რომელიც ახალ წინადაცვეთას ეკუთვნი და რომელიც ქრისტიანობის დაჩემებით იუდაიზმს მოციქულობ, ვის ეტყვის: ხატად ჩუენდა? ვის ეტყოდა თუ არა მას, რომელი-იგი იყო ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ (ებრ. 1,3) და რომელი იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ (კოსლ. 1,15).

      ამგვარად, ღმერთი მიმართავს თავისსავე ცხოველ ხატს, რომელმაც გვამცნო: მე და მამაჲ ერთ ვართ (ინ.10,30) დარომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი (ინ. 14,9). სწორედ მას ეუბნება: "ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა". სადაც ერთი ხატია, იქ სად შეიძლება იყოს არამსგავსება? და შექმნა ღმერთმან კაცი (შესქ. 1,27), არა თქვა: შექმნესო, რითაც პირთა სიმრავლეს მოერიდა; პირველით იუდეველნი დამოძღვრა, ხოლო უკანასკნელით წარმართობა გამორიცხა. იგი (მოსე) უშიშრად დაუბრუნდა ერთარსებას, რათა მამასთან ერთად ძეც მოიაზრო და პოლითეიზმის საფრთხესაც თავი დააღწიო. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი (შესქ. 1,27). როცა თქვა: "ხატად ღმრთისად" და არა "ხატად თვისადო", ისევ შემოიყვანა შემწე პირი. რით ემსგავსება ადამიანი ღმერთს და როგორ მონაწილეობს იგი ამ დამსგავსებაში, თუ ღმერთი ძალას მოგვცემს მომდევნო საუბრებში ვიტყვით. ახლა კი მხოლოდ ამას ვიკითხავთ: თუკი ხატი ერთია, საიდან შეიძინე ასეთი მოუთმენელი უსჯულოება, ამტკიცებ რა, რომ ძე არაა მსგავსი მამისა? ო, ეს უმადურობა! მსგავსებას, რომელიც შენ მიიღე, არ აძლევ მწყალობელს შენსას; ის, რაც შენ მადლით მოგეცა, გსურს სამარადისოდ შენი იყოს, ძეს კი ნებას არ აძლევ დამბადებელთან მისთვის ბუნებრივი მსგავსება ჰქონდეს.

      მაგრამ უკვე დუმილს გვიბრძანებს მწუხრი ესე, რომელსაც მზე უკვე კარგა ხანია დასავლეთით წარუგზავნია. საკმარისად ვთვლი რა თქმულს, ჩვენც ჩვენი სიტყვა აქ დავაყენოთ; ჩვენ ახლა იმდენად შევეხეთ სიტყვას, რამდენადაც ეს საჭირო იყო აღსაძვრელად თქვენი მოშურნეობისა, ხოლო უფრო სრულყოფილ გამოკვლევას ამ საკითხისა, სულიწმინდის შემწეობით, მომდევნო საუბრებში შემოგთავაზებთ.

      წადით სიხარულით, შეკრებილნო ქრისტესმოყვარენო და ნაცვლად სანუკვარი და მრავალფერი სანოვაგისა, აქ თქმულის გახსენებით შეამკეთ თქვენი პატიოსანი ტაბლა. დაე, რცხვენოდეთ უსჯულოებს, პირი იბრუნონ ურიებმა, ღმრთისმოსავი ხარობდეს ჭესმარიტების მოძღვრებით და იდიდებოდეს უფალი, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო
გვანცა კოპლატაძემ

თბილისი, 2011 წ.

◄ წინა ნაწილი

დასაწყისი ▼

ტეგები: Qwelly, ბასილი_დიდი, ბიბლია, ეგზეგეტიკა, ძვ.აღთქმა, ჰომილიები

ნახვა: 420

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters