ეზეკიელის წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

       წიგნის პირველ ნახევარში (1-24 თავები) ეზეკიელი იუდაზე მოწევნადი განსაცდელების შესახებ გვთავაზობს წინასწარმეტყველებებს: სულიერი მახვილი აღთქმული მიწის წინააღმდეგაა მიმართული, ეზეკიელმა კი გადასახლებაში მყოფ იუდეველებს ზეციური მსჯავრის მიზეზებისა და შედეგების შესახებ უნდა აუწყოს. პირველ სამ თავში საწინასწარმეტყველო დადგინებაა წარმოდგენილი და უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიურ უწყებათა შორის მსგავსი სახის მოვლენების აღწერისას სწორედ ეზეკიელის წიგნში გადმოცემული საღვთო გამოცხადებაა ყველაზე ვრცელი (საწინასწარმეტყველო დადგინების შესახებ თხრობას პირველი სამი თავი ეთმობა). მხ. 1. ’ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები".

       ეზეკიელის წინასწარმეტყველება ‘და" კავშირით იწყება, რამაც მკვლევართა ნაწილს აფიქრებინა, რომ წიგნმა ჩვენამდე არასრული სახით მოაღწია და მისი დასაწყისი ნაწილი ჟამთა სვლის გამო დაიკარგა. თუმცა ეს მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება, რადგან ბიბლიურ წიგნთა შორის და კავშირით დაწყებულ არაერთ ტექსტს ვხვდებით. მაგალითად, ასეთებია: ‘გამოსვლათა", ‘ისუ ნავესი", ‘რუთი", ‘მსაჯულთა", ‘მეფეთა", ‘იონა", ‘ესთერი", ‘I მაკაბელთა". ძველი დროის იუდეველთათვის წიგნის ამგვარი დასაწყისები ჩვეული მოვლენა იყო.  ეზეკიელი საწინასწარმეტყველო ღვაწლისთვის მოწოდების თარიღად 30-ე წელს ასახელებს, თუმცა თუ საიდან ახდენს ხსენებული თარიღის ათვლას, არ უთითებს. მე-2 მუხლში აღნიშნული დანაკლისი შევსებულია და ნათქვამია, რომ ხსენებული 30-ე წელი იყო იუდეის მეფის იოაკიმეს ტყვეობის მე-5 წელი (593 წ.). მითითებულ თარიღებთან დაკავშირებით რამდენიმე სახის განმარტება არსებობს: უძველესი საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ორიგენე, წმ. ეფრემ ასური, ნეტერი იერონიმე, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი ამ თარიღში ეზეკიელის ცხოვრების 30-ე წელს ხედავენ, ანუ წინასწარმეტყველი განსაკუთრებული მისიით ასპარეზზე იმ ასაკში გამოვიდა, როდესაც სამღვდელო მსახურებას უნდა შესდგომოდა. მითითებულ წელს მან 'სულიერი ნათლობა" მიიღო წინასწარმეტყველებისთვის.

       ეზეკიელის მოწოდება მე-4 თვეს, ივნისში მოხდა. წინასწარმეტყველი ახსენებს მდინარე ქებარს, რომლის სანაპიროზეც მან საუფლო გამოცხადება იხილა. იგი იუდეველი ტყვეების განსახლების  ადგილად მიიჩნევა. რაც შეეხება თავად ამ მდინარეს, მისი ადგილმდებარეობის შესახებ უამრავი ვარაუდი გამოითქვა. წინასწარმეტყველი მდინარე ქებარის სანაპიროზე მყოფი წყალს გასცქეროდა და საკუთარი ქვეყნის წარსულზე, მძიმე აწმყოსა და მოსალოდნელ მომავალზე ფიქრობდა და სწორედ ამ დროს, ღრმა ფიქრებში ჩაძირული, უფლის დაშვებით საოცარი გამოცხადების მომსწრე შეიქმნა. მხ. 2. ‘თვის მეხუთე დღეს - ეს იყო მეხუთე წელი მეფე იოაქინის ტყვეობისა". წინამდებარე მუხლში შეცდომითაა ნახსენები მეფის სახელი. ნაცვლად იექონიასი მისი მამა იოაკიმე სახელდება. იექონიამ მხოლოდ 3 თვე იმეფა იუდეაში და შემდეგ ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში იქნა გადასახლებული. სწორედ მასთან ერთად მოუწია მესოპოტამიაში გამგზავრება ეზეკიელსაც. იექონიას გადასახლება ნაბუქოდონოსორის გამეფებიდან 8 წლის შემდეგ მოხდა, ხოლო ცნობილია, რომ ქალდეველი ძლევამოსილი მეფე ტახტზე 605 წელს ავიდა მამის, ნაბოპალასარის, გარდაცვალებისას. შესაბამისად, ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-8 წელი 597 წ-ა. სწორედ ამ ჟამს წაიყვანეს იექონია ბაბილონში. 'იექონიას განდევნის მეხუთე წელი" (593 წ.), ესაა ეზეკიელის საწინასწარმეტყველო ღვაწლისთვის მოწოდების თარიღი. მხ. 3. ‘გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი".

       მკითხველი ამგვარი დასაწყისის შემდეგ ელოდება, თუ რა აუწყა უზენაესმა წინასწარმეტყველს, თუმცა ამის ნაცვლად ჩვენ წინაშე თავისი დიდებულებით შემაძრწუნებელი სანახაობა იშლება და მკითველი ხვდება, რომ სიტყვა, რომელიც ეზეკიელმა ისმინა სინამდვილეში უსიტყვო შინაარსის, ასე ვთქვათ, უსიტყვო სიტყვაა, თუმცა თავისი ძალმოსილებით – გასაოცარი დიდებულების.

       ეზეკიელის მამის სახელი 'ბუზი" ნიშნავს ‘დამდაბლებულს", ‘შეურაცხყოფილს". მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ სახელით გადმოცემულია მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, ეზეკიელის გვარს რაღაც მიზეზით საზოგადოებაში მდაბალი ადკილი ეკავა. იუდეველი რაბინების აზრით, ბუზი იგივე იერემია წინასწარმეტყველია, რომელსაც აღნისნული სახელი შეუჩერებელი მხილებების მიზეზით უკმაყოფილო იუდეველთაგან განეკუთვნა, თუმცა ამგვარი მოსაზრება ეკლესიის მოძღვართა მიერ უარყოფილია. ამავე მუხლში მითითებულია ეზეკიელის სამღვდელო დასისადმი კუთვნილება. იექონიასთან ერთად ბაბილონში მრავალი სასულიერო პირიც გადაასახლეს. ეზეკიელმა სამღვდელო მსახურებაში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწრო, ხოლო ბაბილონში ყოფნის პერიოდში იუდეველი ერის ცხოვრებაში ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეწყვეტილი იყო. მხ. 4. ‘და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი". მე-4 მუხლიდან იწყება ეზეკიელის მიერ ნანახი ხილვის აღწერა. თხრობისას დასახელებულია გრიგალი, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი. ღვთაებრივი გამოცხადებისას მსგავსი სახის აღწერილობა არაერთგზის გვხვდება ბიბლიაში. იქ, სადაც ღმერთი 'გარდამოდის", შეუძლებელია, ბუნებამ ცვალებადობა არ განიცადოს.

       ეზეკიელი ამბობს, რომ გრიგალი ჩრდილოეთიდან მოუახლოვდა. იუდეველებზე ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ ჩრდილოეთიდან აღიძვროდა. ამჟამადაც სამეფოს მორიგი საფრთხე ნაბუქოდონოსორის სახით კვლავ ჩრდილოეთიდან მოელოდა. წმინდა წერილი მრავალგზის წარმოგვიდგენს ცნობას უზენაესისა და მისი ძლიერების გამოჩინების შესახებ და ამ ცნობებში ერთადერთი გეოგრაფიული მხარე, რომელიც ბიბლიის წიგნთა ყველა ავტორის მიერ ერთხმადაა უარყოფილი, დასავლეთია, როგორც სიბნელისა და ბოროტების სიმბოლური სამკვიდრო. მხ. 5. ‘მის შიგნით ჩანდა ოთხი ცხოველი, რომელთაც ადამიანის სახე ჰქონდათ". ეზეკიელი წარმოდგენილ მუხლში ამბობს, რომ მან ცხოველის ოთხი სახეობა იხილა, თუმცა იგი წიგნის მე-10 თავამდე ზეციურ არსებათა ვინაობას ვერ აკონკრეტებს. ნანახი არსებანი ქერუბიმები არიან, რაც მოგვიანებით, განმეორებითი ხილვისას გულისხმაჰყო წინასწარტმეტყველმა , რადგან თავად უფალი მოიხსენებს მათ ამ სახელით. ხსენებულ მოვლენებამდე ტერმინი ქერუბიმი ბიბლიაში პირველად შესაქმის წიგნში ფიქსირდება: მას შემდეგ, რაც უფალმა ედემიდან ადამი და ევა გააძევა, სამოთხის კარს მცველად სწორედ ქერუბიმი დაუყენა . შემდგომ ამ ტერმინის შესახებ ცნობებს მოძრავი ტაძრის აგებისას ვხვდებით . მორიგი უწყება სოლომონის მიერ ტაძრის შენების პერიოდს უკავშირდება . ფსალმუნთა წიგნში და წმინდა წერილის სხვა ნაწილში უფალი სწორედ ქერუბიმებზე მჯდომარე წარმოგვიდგება . ეზეკიელი ყოველგვარი სახელდების გარეშე აღწერს იმას, რასაც ხედავს. მხ. 6. ‘თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდა".

       სახის სიმრავლე ქერუბიმებს შესაძლებლობას აძლევდა, ყველა მიმართულებით ეცქირათ, რაც მათი შემოქმედი ღმერთის ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისმხილველობის სიმბოლოა. ამავდროულად თავად ანგელოზთა ძალასაც ცხადყოფს და გვიჩვენებს, რომ მათგან არაფერია დაფარული. ფრთები, რომლებიც ქერუბიმებს ჰქონდათ, ზეციურ სამკვიდრებელზე მიგვითითებენ. ფრთათა რაოდენობა (4-4 ფრთა) აქამდე არსებულ ცნობებს არ შეესაბამება, რადგან აღთქმის კიდობანზე განლაგებულ ქერუბიმებს ორ-ორი ფრთა ჰქონდათ, ხოლო ესაიას მიერ ნანახი სერაფიმები ექვს-ექვსი ფრთით იყვნენ წარმოდგენილნი. ქერუბიმები ოთხი ფრთიდან ორით სხეულს იფარავდნენ, ხოლო დანარჩენი ორით იმასვე აჩრდილებდნენ, რასაც ტაძარში, წმიდათა წმიდაში განლაგებული ქანდაკებები, კერძოდ იმ კვარცხლბეკს, რომელზეც უფლის საყდარი იყო განლაგებული. მხ. 7. ’მათი ფეხები სწორი იყო და მათ ფეხთა ტერფი იყო მსგავსი ხბოს ფეხის ტერფისა. და ბრწყინავდნენ, როგორც ლაპლაპა სპილენძი". წინასწარმეტყველი იდუმალებით მოცულ არსებათა ფეხების რამდენიმე თვისებაზე მიუთითებს:  ქერუბიმთა ფეხები სწორი სახისაა, ყოველგვარი სახსრებისა და შეერთების გარეშე. ჩვეულებრივი განლაგება, როგორც ეს ცხოველებისა და ადამიანების შემთხვევაში ხდება, ხილვაში ნანახ არსებებს არ ესაჭიროებათ, რადგან მათი გადაადგილება ყოველგვარი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე წარიმართება. ამავდროულად უსახსრო ფეხები განასახიერებენ სიმტკიცეს, მოუდრეკელობას, რომლითაც ქერუბიმები უდიდეს ტვირთს, ღვთისმადიდებლობას, ატარებენ და ზეციურ არსებათა ძლიერებას წარმოაჩენენ. მხ. 9. ‘მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა".

       ქერუბიმების პირდაპირი, შეუბრუნებელი სვლა ნიშნავდა იმას, რომ უსხეულო არსებანი არასოდეს მარცხდებიან, არამედ პირიქით, მარადის წინ მიილტვიან (ნეტარი იერონიმე). ოთხსახოვნებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნის, რომ როგორც ღვთის პირისახის ხილვა არ ხელეწიფება ადამიანს, ასევე ზეციურ მეუფესთან უშუალო სიახლოვეს მყოფი ანგელოზებიც კაცთაგან სრულად განუჭვრეტელი ბუნებისანი არიან. მხ. 10. ‘მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს". ეზეკიელი მხოლოდ წინამდებარე მუხლიდან იწყებს ნანახი არსებების ვიზუალურ აღწერილობას. წინ ადამიანის სახე იმზირებოდა, იგი ქერუბიმთა გონიერებასა და სიბრძნეზე მიუთითებს. მარჯვნივ - სახე ლომისა, რაც მათი ძლიერების სიმბოლოა. მარცხნივ - სახე ხარისა, ქერუბიმთა ძალასა და მორჩილებას გამოსახავს, ხოლო უკანა მხარეს - არწივის სახე, იგი უსხეულო ბუნების სულიერ სიმაღლეზე მიგვანიშნებს. წარმოდგენილი ოთხი არსება მთელს სამყაროში გარკვეული თვისებებით გარკვეულ უპირატესობებს ფლობს: ქმნილებათა შორის – ადამიანი, ფრინველთა შორის – არწივი, პირუტყვთა შორის – ხარი და მხეცებს შორის  ლომი.

მხ. 15. ‘ვუყურებ ცხოველებს და, აჰა, თითო ბორბალია მიწაზე ცხოველთა გვერდით, ოთხსავე მხარეს". ბორბლები იგულისხმება რომ, ეტლთან უნდა იყოს მიერთებული, თუმცა ეზეკიელი ამ უკანასკნელის შესახებ არაფერს ახსენებს, რადგან ღვთის ტახტის გადასაადგილებლად განკუთვნილი ბორბლები (მსგავსად დანიელის ხილვისა. შდრ. დან. 7.9) არ საჭიროებენ რაიმე სახის კავშირს ამავე ტახტთან მხ. 16. ‘იაგუნდს ჰგავდნენ შესახედაობით და ნაკეთობით ეს ბორბლები და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული". ბორბლების შესახედაობა ადამიანს ქრიზოლითს, ძვირფას ქვას, მოაგონებდა, რომელსაც მღვდელმთავარის სამკერდულში მეოთხე რიგში პირველი ადგილი ეკავა. მხ. 18. ‘ფერსოები მათი მაღალი და საშინელი იყო, ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე". ბორბალი განსულიერებული სახით იმიტომაა წარმოდგენილი, რომ მკვდარი, უსულო სხეული, ნივთი შეუძლებელია ღვთის დიდების იარაღს წარმოადგენდეს. ბობრბალზე განლაგებული თვალები არ იყვნენ უმოქმედო მდგომარეობაში, პირიქით, მათით იმზირებოდნენ ხსენებული ბორბლები და ხედავდნენ, თუ საით მიემართებოდნენ. ‘ბორბლები ცოდნით იყვნენ აღვსილნი" (ნეტარი იერონიმე). მხ. 21. ‘ცხოველი სული ედგა ბორბლებს". აღნიშნული უწყებით წმინდა წერილი ამოწმებს, რომ ბორბლები ცოცხალი არსებანი არიან და არ უნდა გავაიგივოთ ისინი ჩვეუებრივი ეტლის გადასაადგილებლად მასზე მიმაგრებულ ბორბლებთან (ნეტარი იერონიმე). მხ. 25-28. აღნიშნული ადგილი შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს: ქერუბიმების ორ-ორი გაშლილი ფრთა, რომლებიც მოძრაობდნენ და გადაადგილებაში წეეწეოდნენ, უეცრად ანგელოზთა შორის მდებარე სივრციდან გაჟღერებული მითითების შედეგად ჩერდებიან, რის შედეგადაც სრული სიჩუმე ჩამოწვა. ხმათა უეცარმა მონაცვლეობამ ეზეკიელი ინსტინქტურად აიძულა, მზერა ქერუბიმებს ზემოთ, ცენტრისკენ მიემართა. და სწორე ამ დროს მან იხილა ტახტის მსგავსი რამ, რომელზეც კაცის ძის მსგავსი დაბრძანებულიყო. წინასწარმეტყველი განჭვრეტილი არსების დიდებულებას საფირონის ქვას ადარებს. ეზეკიელი, განსხვავებით ქერუბიმთა აღწერილობისაგან, ერთად-ერთი რასაც ახერხებს ისაა, რომ ტახტზე მჯდომის გამოსახულებას მოელვარე ცეცხლს ადარებს. ნათება ისეთი მძლავრი იყო, რომ წინასწარმეტყველმა მხოლოდ მჯდომარე გამოსახულების მოხაზულობა გაარჩია. აღნიშნული ნათება საყდარზე მყოფს გარშემოც ფარავდა, რაც მეტად ართულებდა მხედველობის საშუალებით მის განმრჩეველობას. წინასწარმეტყველი აღნიშნულ ხილვაში ხაზსგასმით მიუთითებს, რომ მან ღმერთი არათუ არსით იხილა, არამედ იმგვარად შეიმეცნა, რამდენადაც თავად უზენაესმა გამოუცხადა საკუთარ ქმნილებას.  

       ეზეკიელის მიერ ქებარის ნაპირზე ნანახი ხილვა საიდუმლოებითაა მოცული. წმინდა მამები ეზეკიელის წიგნის პირველ თავს, მიუხედავად სირთულისა, გვერდს არ უვლიან და მის შესახებ გარკვეულ ცნობებს გვაწვდიან. მათი ამგვარი მოსაზრებებიდან შეიძლება მოვიხმოთ შემდეგი: საიდუმლოებით მოცული ოთხსახოვანი ცხოველი ოთხ მახარებლს განასახიერებს, ხოლო თავად ერთად აღებული ხილვა სიმბოლოა დედამიწაზე ქრისტიანული მოძღვრების განფენისა. ამგვარი განმარტებისთვის ისინი შემდეგ დეტალებზე მიუთითებენ: მახარებელთა რაოდენობაც ზუსტად იგივეა, რაც ეზეკიელის მიერ ნანახი ცხოველების რიცხვი. თითოეულ მათგანს ოთხი სახე გააჩნია, რაც მათი ნებისმიერი მიმართულებით სვლისთვის მზადყოფნას მიგვითითებს. მსგავსადვე ოთხივე სახარება საყოველთაო გავრცელებისთვისაა განკუთვნილი. ისინი ერთმანეთს უმზერენ, რადგან თითოეული მათგანი ურთიერთთან სრულ თანხმობაშია. მახარებელთა მიერ აღწერილი წმინდა წიგნებიც ერთიან და განუყოფელ ღვთაებრივ მოძღვრებას გადმოგვცემენ, რომელთა შორის სრული ჰარმონიაა. ქერუბიმებს ოთხი ფრთა გააჩნიათ და ძალუძთ, მთელს სამყაროში სწრაფად გადაადგილდნენ. მსგავი სისწრაფით მოხდა ქრისტიანული მოძღვრების გავრცელება, რომელმაც პირველივე საუკუნეში რომის, მსოფლიო იმპერიის, ყველა კუთხესა და მხარეს მიაღწია. ეზეკიელის წარმოდგენილი ხილვა გარკვეულწილად ქრისტიანულ ეპოქაზე მიუთითებს: იუდეველთა ტაძარში ქერუბიმთა ზედა მობინადრე უფალი ამიერიდან იცვლის საკუთარ სამკვიდრებელს, რადგან არ სურს შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ერითა და სახელმწიფოთი. ამიტომ სახარების გზით უზენაესი მთელს წარმართულ კაცობრიობას განუცხადებს საკუთარ თავს.

 

თავი 2

       მხ. 1. ’და მან მითხთხრა: ძეო კაცისავ! დადექ ფეხზე და დაგელაპარაკები!" ეზეკიელისა და ნაწილობრივ დანიელის წიგნის თავისებურებას საღვთო ხმობა - 'ძე კაცისა წარმოადგენს (ეზეკიელს უფალი ამ სახელით 70-ჯერ მოუწოდებს). სირიული ენისთვის ხსენებული მიმართვა იმდენად ნიშანდობლივი იყო, რომ ადამიანისადმი სხვა მიმართვის ფორმა არ არსებობდა. თვით ადამსაც კი, სირიული ენის თანახმად, ძე კაცისა ეწოდებოდა. მხ. 2. ‘შემოვიდა ჩემში სული, როცა მელაპარაკებოდა, და ფეხზე დამაყენა, და მესმოდა მისი, ვინც მელაპარაკებოდა". ნანახით შეძრწუნებულ წინასწარმეტყველს, რომელსაც არ ძალუძს, ძალა მოიკრიბოს და ფეხზე წამოდგეს, 'სული" აიყვანს და ფეხზე აყენებს. მესამე მუხლიდან უფალი საუბარს იწყებს და ეზეკიელს გარკვეულ დავალებას აძლევს: ეს უკანასკნელი გადასახლებაში მყოფ იუდეველებთან უნდა მივიდეს და მათ უფლის სიტყვა უნდა განუცხადოს. უზენაესი აქვე განუმარტავს წინასწარმეტყველს, რომ მისი თანატომელნი მიუხედავად ყველაფრისა ‘სახე-ჯიუტნი და გულსასტიკნი არიან".

        მხ. 9-10. ‘და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: მოთქმა, კვნესა და ტირილი". მეორე თავის ბოლო მუხლებში ეზეკიელი მოგვითხრობს, თუ როგორ გამოუწოდა უფალმა წინასწარმეტყველს ‘გრაგნილი წიგნისა", უფალი ამ წიგნს ეზეკიელის წინაშე გაშლის და ეწერა მასზე ’გოდებაჲ, უბადრუკებაჲ და ვაებაჲ" (მოთქმა, კვნესა, ტირილი). აღმოსავლეთში წერისას გამოყენებულ გრაგნილებზე, როგორც წესი, შინაარსი მხოლოდ ერთ მხარეს, ვერტიკალურ სვეტად იწერებოდა. ამჯერად კი ორმხრივად იყო აღწერილი სიტყვები, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავდა იმას, რომ უფალი წინასწარმეტყველის საშუალებით დიდი დროის მანძილზე მსმენელს მრავალი მოვლენის შესახებ აუწყებდა.

თავი 3

       მხ. 1-3. ‘მითხრა: ძეო კაცისავ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს. გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში". ეზეკიელმა უფლის მიერ გამოწვდილი გრაგნილი შეჭამა, რაც ნიშანია იმისა, რომ ღვთისგან მიღებული სიტყვა წინასწარმეტყველმა საკუთარი შინაგანი სამყაროს კუთვნილებად უნდა აქციოს, ხოლო ქადაგებისას სწორედ ამ შინაგანი სულიერი სიღრმიდან წარმოუდგინოს მსმენელებს სათქმელი და ამგვარად ნათქვამი სიტყვა განსაკუთრებული ძალმოსილებით განიმსჭვალება. ეზეკიელი, გრაგნილზე არსებული წარწერების გათვალისწინებით, მას მწარე შესაჭმელად მიიჩნევდა, თუმცა მოლოდინის საპირისპიროდ გრაგნილი თაფლივით ტკბილი აღმოჩნდა. ამით ნაჩვენებია, რომ უზენაესის სიტყვა, განურჩევლად მასში განცხადებული შინაარსისა, ამ სიტყვის ჭეშმარიტ შემწყნარებელს უდიდეს სულიერ სიტკბოებას მიჰმადლებს. მხ. 4. ‘მითხრა: ძეო კაცისავ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები". უფალი ამხნევებს საკუთარ რჩეულს, თუმცა უთითებს, რომ ის არ უნდა მოელოდეს ქადაგების მყისიერ შედეგებს, რადაგან ისარაელის სახლი წინასწარმეტყველის ყურისგდებას არ შეეცდება, რადგან ღმერთის მოსმენის სურვილი არ გააჩნია. უზენაესის უარმყოფელნი მისგან წარგზავნილ მოღვაწესაც დაუპირისპირდებიან, ვინაიდან მსგავს საკითხებში ‘მდიდარი გამოცდილება" გააჩნიათ: ეს ის ხალხია, ვინც ასწლეულების მანძილზე იქცეოდა ამგვარად. მხ. 8-9. უფალი ეზეკიელს შესაბამისი ვითარებისთვის მძმე შრომის გასაწევად ‘აღჭურვავს": სიმტკიცესა და სიჯიუტეს (ამ სიტყვის კეთილი მნიშვნელობით) ანიჭებს, სულიერ მოშურნეობასა და მხნეობას მიჰმადლებს. ამგვარად შეიარაღებული წინასწარმეტყველი საწინააღმდეგო მხრიდან გამოვლენილ ნებისმიერ დაპირისპირებას წინააღუდგება, არ შეშინდება და საღვთო საქმის აღსრულებისას უკან არ დაიხევს.  მხ. 12. ‘ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა: კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!^" წინამდებარე მუხლში ეზეკიელი მდინარე ქებარის სანაპიროზე დაწყებული ხილვის დასასრულს გვაუწყებს. კვლავ სულმა წამოაყენა იგი და ზურგისკენ შეაბრუნა. წინასწარმეტყველს უკნიდან ძლიერი ხმაური ესმის, იქვე გაისმება სიტყვები: ‘კურთხეულია უფლის დიდება მისი ადგილიდან." მხ. 14-15. ‘და სულმა ამიტაცა მე და წამიყვანა, და წავედი მე გამწარებული და გაჯავრებული სულით, და უფლის ხელი მტკიცედ იყო ჩემზე. მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული".

       ეზეკიელის გამწარება და გაჯავრება, განმმარტებელთა ნაწილის აზრით, ღვთისაგან გაცხადებულმა ისრაელის უგულისხმობამ გამოიწვია. სხვანი მიიჩნევენ, რომ ხსენებული მდგომარეობა საწინასწარმეტყველო ღვაწლის სიმძიმით იყო განპირობებული, როგორც თავის დროზე იერემიამ გამოხატა აღშფოთება, როდესაც განაცხადა: ‘არ ვიწინასწარმეტყველებ". ეზეკიელი სულმა ქალაქ თელაბიბში გადაიყვანა. ეგზეგეტთა გარკვეული რაოდენობის ვარაუდით, აღნიშნული გადაადგილება სასწაულებრივი გზით აღესრულა. კომენტატორები თვლიან, რომ ქალაქი თელ-აბიბი არ წარმოადგენდა გადასახლებაში მყოფი ეზეკიელის საცხოვრებელ ადგილს, რადგან ამავე მუხლში თავად ამბობს, რომ ის აღნიშნულ ქალაქში სხვა, ჩვენთვის უცნობი ადგილიდან ჩავიდა. თელ-აბიბიც ისევე, როგორც წინასწარმეტყველის საცხოვრებელი ადგილი, მდინარე ქებარის ნაპირზე მდებარეობდა. ხსენებული ადგილი იუდეველი ტყვეებით განსახლებულ მრავალ მიდამოს შორის გარკვეული უპირატესობით სარგებლობდა და ერთგვარ კოლონიურ ცენტრს წარმოადგენდა, რადგან თელ-აბიბში იმყოფებოდნენ იუდეველი უხუცესები . სწორედ ამგვარი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო აგზავნის უფალი ეზეკიელს ხსენებულ ქალაქში, როგორც თავის დროზე თეკოიელი ამოსი ბეთილში წარავლინა, ხოლო ანათოთელი იერემია - იერუსალიმში. თელ-აბიბთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ასურეთში, მესოპოტამიასა და სირიაში მრავლად იყო ქალაქი, რომელთა სახელწოდებაც თელ-ით იწყებოდა. თელ არამეული სიტყვაა და გორაკს ნიშნავს. აბიბი ებრაული ტერმინია და თავთავად ითარგმნება. შესაბამისად, მათი შეერთებით (თელ-აბიბი) ვღებულობთ კომპოზიტს, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც თავთავთა გორაკი (ნეტარი იერონიმე). განმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებული ადგილი ძალზედ მოსავლიანი იყო. სხვების აზრით, ტყვედ წაყვანილ იუდეველებს ბაბილონში საუკეთესო მიწებს არავინ დაუთმობდა. ამიტომაც ეს იყო ქვიშით დაფარული მიდამო, თილ-აბუბად წოდებული, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულმა სახელმა მცირედი ცვალებადობა განიცადა და ჩვენამდე თელ-აბიბის სახით მოაღწია. ეზეკიელი ამავე მუხლში ამბობს, რომ ის 7 დღე უსიტყვოდ, მიღებული გამოცხადების განცდის ქვეშ მყოფი მიმოდიოდა ადგიობრივებს შორის. როგორც ჩანს, ამავდროულად წინასწარმეტყველი თელ-აბიბში მცხოვრებ იუდეველებს და სამოქმედო ასპარეზს ეცნობოდა. მხ. 22-23. ‘იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები. ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე". მოცემულ მუხლში კიდევ ერთი, მორიგი გამოცხადებაა წარმოდგენილი, რომელიც ქებარის ნაპირზე ნანახი პირველი გამოცხადების გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოდ. მას შემდეგ, რაც ეზეკიელმა რამდენიმე დღე თელ-აბიბში გაატარა, უფალამ იგი ქალაქიდან გამოიხმო და ერთ-ერთ ველზე გაიყვანა, სადაც წინასწარმეტყველს ქებარის ნაპირზე ნანახი უფლის დიდება მოელოდა. ამჯერად წინასწარმეტყველი სამოღვაწეო საქმიანობის შესახებ ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურ მითითებებს ღებულობს: მან საღვთო დავალება სიმბოლური მოქმედებების აღსრულებით უნდა დაიწყოს. მხ. 24. ‘შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა, მელაპარაკა და მითხრა: შედი, ჩაიკეტე შენს სახლში". სახლში გამოკეტვის შესახებ მითითების მიცემა გულისხმობს, რომ ეზეკიელი მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს თანატომელებთან ურთიერთობაში და მსგავსად წინამორბედი წინასწარმეტყველებისა, არ უნდა იაროს და იქადაგოს გზადაგზა, ხალხის თავშეყრის ადგილებში მძიმე, შემაძრწუნებელი სიტყვებით, არამედ სახლში უნდა იჯდეს, ხოლო დაინტერესებული ადამიანები თავად მიაკითხავენ მას და სწორედ ისინი იქნებიან თელ-აბიბში მისული მოღვაწის განსაკუთრებული მდგომარეობის დამმოწმებელნი, რაც ღვთისაგან ამ პიროვნების გამორჩეულობას დაადასტურებს. შესაძლოა, ეზეკიელი დროდადრო მეტყველების უნარსაც კარგავდა (შდრ. მხ. 26. ‘სასას მივაწებებ შენს ენას, რომ დამუნჯდე და ვეღარ ამხილებდე მათ, რადგან ურჩი მოდგმაა ისინი") და პარალიზებული ადამიანის მდგომარეობაშიც იმყოფებოდა (შდრ. ‘აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს" ), რაც ასევე სიმბოლურ მოქმედებას წარმოადგენდა და შემდეგი რამ იგულისხმებოდა: ისრაელის მეამბოხე სახლის შეგონების უსარგებლობას. მოსმენისა და გულისხმისყოფის უნარს ისინი მხოლოდ მას მერე შეიძენენ, რაც გარდაუვალ მსჯავრს განიკუთვნებენ. აღნიშნული მსჯავრი იერუსალიმის დაღუპვაში გამოვლინდება, სწორედ მაშინ მოიხსნება წინასწარმეტყველზე დაკისრებული ’შეზღუდვები" და ეზეკიელი მთელი ხმით ამეტყველდება .              

თავი 4

       წინამდებარე თავში უფალი ეზეკიელს გარკვეული სიმბოლური ქმედებებისკენ მოუწოდებს. მხ. 1-2. `და შენ, ძეო კაცისავ, აიღე შენთვის აგური და დაიდე წინ და დახაზე მასზე ქალაქი იერუსალიმი. და გამოხატე მისი ალყა, ააშენე მის წინააღმდეგ სიმაგრე და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილი და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები და შემოაწყვე მის ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანებიუფალი მე-3 თავში დაწყებულ მიმართვას აგრძელებს. წინასწარმეტყველი ამ დროს თელ-აბიბის ერთ-ერთ ხეობაში იმყოფება, სადაც უზენაესის დავალებით გადის (შდრ. ეზეკ. 3.23). აღნიშნული ხილვა მალევე, ქებარის ნაპირზე მიღებული გამოცხადების წელს ხდება. ეზეკიელს აგურზე ქალაქი იერუსალიმი უნდა დაეხატა. სავარაუდოდ, წინასწარმეტყველმა მხოლოდ ხაზებით, გარკვეული წერტილებით აღნიშნა მითითებული მოვლენები. აღსასრულებელი მოქმედება დაახლოებით თხუთმეტი თვის მანძილზე უნდა გაგრძელებულიყო. იგი იერუსალიმის ალყისა და იუდეველთა დედაქალაქზე მოწევნადი განსაცდელების მომასწავლებელი ცოცხალი სიმბოლური სახეა (იერუსალიმის დაცემამდე 4 წელი რჩება). აგური ასურეთსა და ბაბილონში არა მარტო სამშენებლო მიზნით, არამედ საწერ მასალადაც გამოიყენებოდა. თანამედროვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მთელი რიგი ბიბლიოთეკები, სადაც აგურებსა და თიხის ფირფიტებზე შესრულებული წარწერებია დაფიქსირებული. წარწერების აღსრულებისას ისინი ჯერ კიდევ გამოუმშრალი, ნესტიანი სახის იყვნენ, ხოლო შემდეგ მათ გამოაშრობდნენ და წიგნის მსგავსად იყენებდნენ.

       მხ. 3. შენ კი, აიღე შენთვის რკინის ტაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის... როდესაც ნაბუქოდონოსორის ჯარისკაცები იერუსალიმის ირგვლივ ალყას აღმართავენ, გულშეწუხებული ქალაქის მკვიდრნი უზენაეს შველას შესთხოვენ. თუმცა აღნიშნული ვედრება არ იქნება შესმენილი და ეზეკიელი ყოველივეს მორიგი სიმბოლური მოქმედებით იუწყება: ღმერთსა და იერუსალიმს შორის ყრუ კედელი აღიმართა, რომელიც რკინასავით მყარია და არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ორ მხარეს შორის კავშირი დამყარდეს. ამავდროულად ეზეკიელმა, როგორც იაჰვეს ნების გამცხადებელმა, ქალაქისკენ (აგურისკენ) მრისხანე მზერა უნდა მიმართოს. ამით ნაჩვენებია, რომ უზენაესი შეურყეველი და მტკიცეა იერუსალიმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საქმეში (ნეტარი იერონიმე და ნეტარი თეოდორიტე) და სწორდ მან მოაქცია ალყაში საკუთარი რჩეული ქალაქი, ხოლო ბაბილონელნი აღნიშნულ საქმეში საღვთო განგების აღსასრულებელ იარაღად გამოიყენა. მხ. 4. `და დაწექი მარცხენა გვერდზე და დადე ისრაელის სახლის ურჯულოება მასზე და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ურჯულოებას. წინასწარმეტყველს, მსგავსად სხვა მოღვაწეებისა, მძიმე მისია დაეკისრა, რომელთაგანაც ზოგი შიშველი დადიოდა, ზოგიერთს კისერზე უღელი ედგა და ამგვარად ჩნდებოდა ხალხში, ვიღაცას გარყვნილი ქალის ცოლად მოყვანა დაევალა. ეზეკიელიც გარკვეული ქმედებისკენ იქნა მოწოდებული. სიმბოლური მოქმედების არსი ისაა, რომ ეზეკიელი თავდაპირველად რამდენიმე თვის მანძილზე მარცხენა გვერდზე, თავით იერუსალიმისკენ, უნდა დაწოლილიყო, ხოლო შემდეგ გვერდი შეენაცვლა და მარჯვენა მხრეს გადაბრუნებულიყო. იგი ამ ვითარებაში ძლიერ იტანჯებოდა და სიმბოლურად ხალხის ცოდვებს ტვირთულობდა. წინასარმეტყველი ქრისტეს მიერ მთელი სამყაროსთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებდა.

        ეზეკიელი წარმოდგენილი სიმბოლური ქმედებით წინასწარმეტყველებს იმის შესახებ, რომ ამგვარადვე შეიბოჭებიან და უმოქმედობაში იქნებიან იერუსალიმში ალყაშემორტყმული იუდეველები. იგი მიუთითებს, რომ იერუსალიმის დაქცევით, რომელიც თავისი სულიერი მნიშვნელობით ისრაელისა და იუდეის სამეფოების ცენტრს წარმოადგენდა, დასჯილია მთელი იუდეველი ერი, წინასწარმეტყველი სასჯელს სიმბოლურად ტვირთულობს, ხოლო რეალურად იგი ხალხის კუთვნილებაა. მხ. 5-6. `და მე დაგიწერე მათი ურჯულოების წლები მათი დღეების რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათი დღე... და შეასრულე ეს და დაწექი შენს მარჯვენა გვერდზე და ატარე ურჯულოება იუდას სახლისა ორმოც დღეს. 390 დღის გასვლის შემდეგ ეზეკიელს მარჯვენა გვერდზე გადაბრუნება და იუდას სახლის ურჯულოების ორმოცი დღის მანძილზე ტვირთვა დაევალა. ამავდროულად აგურისკენ (იერუსალიმისკენ) მიმართული მარჯვენა ხელი დედაქალაქის წინააღმდეგ გამოთქმული მრისხანე წინასწარმეტყველების დამამოწმებელია. მხ. 8. `და მე დაგადებ შენ ბორკილებს და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე შენი ალყის დღეების დასრულებამდე. უფალმა წინასწარმეტყველს უხილავი ბორკილები დაადო, რათა იგი ერთი გვერდიდან მეორეზე არ გადაბრუნებულიყო, რაც ალყაში არმოჩენილი მოსახლეობის ყოფას გამოხატავდა. უწყება 390 და 40 დღის შესახებ გაურკვეველია. მხ. 9-14. უზენაესი ეზეკიელს ავალებს, საკვების გარკვეული რაოდენობა და წყალი მოიმარაგოს და მხოლოდ განსაზღვრული წონით მიიღოს. მითითებული საზომი (ოცი შეკელი) საკმაოდ მცირეა, რითიც იერუსალიმში გამოკეტილი მოსახლეობის უმძიმესი მდგომარეობაა გაცხადებული.

       პალესტინის ცხელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, პურის კვერები მეორე დღეს საკვებად აღარ გამოდგებოდა. ამ ვითარებაში უფალი წინასწარმეტყველს ავალებს, რომ ცამეტი თვის მარაგი პური, რა დროის მანძილზეც მოუწევს მას მარჯვენა გვერდზე წოლა, წინდაწინ გამოაცხოს. რატომ განუწესა ღმერთმა ამგვარი თავშეკავება წინასწარმეტყველს მხოლოდ 390 და არა 430 დღის მანძილზე (390+40=430)? განმმარტებელთა აზრით, ჩრდილოეთის სამეფო (ისრაელი) განსაკუთრებული უკეთურებით გამოირჩეოდა და ტექსტის თანახმად სწორედ ისრაელს უკავშირდებოდა 390-დღიანი პირველი მოქმედება. ასეთივე თავშეკავებით უნდა სვას ეზეკიელმა წყალიც. რიგით ახალი მითითება იუდეველებს ალყისას განცდილი საკვების სიმწირესთან ერთად მის უწმინდურებზეც მიუთითებდა. სწორედ ამ მიზნით ღებოლობს უწყებას ეზეკიელი, რომ მოსამარაგებელი პური ადამიანთა ფეკალურ მასებზე გამოაცხოს. აღმოსავლეთის ქვეყნებში შეშის უკმარისობის მიზეზით საქონლის ნაკელს ხშირად იყენებდნენ ცეცხლისთვის. მას ბზეს ურევდნენ, ოთხკუთხა ფორმის ბრიკეტებს ამზადებდნენ და შემდეგ მზეზე აშრობდნენ. გადამუშავებული ‘შეშა" ნელა იწვოდა და საშინელ მყრალ სუნს გამოსცემდა. სწორედ ასეთ ცეცხლზე აცხობდნენ პურს. ცომი რომ კარგად გამომშრალიყო, ტაფაზე თხელ ფენას განათავსებდნენ. ამგვარად გამომცხვარი პურით იკვებებოდა ღარიბი მოსახლეობა. თუმცა ეზეკიელი გაცილებით რთულ განწესებას ღებულობს და ნაცვლად საქონლისა ადამიანის ფეკალური მასა უნდა გამოიყენოს (ვულგატაში აღნიშნულ უწყებას ემატება მითითება, რომ წინასწარმეტყველმა ასეთი სახით გამომცხვარ პურზე ხსენებული უწმინდურობა ზემოდან უნდა განათავსოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეჭამოს). მთელი ეს სიმბოლიკა დაკავშირებული იყო არა მარტო ალყის პერიოდთან, არამედ ბაბილონურ ტყვეობაში ყოფნასთანაც, რადგან წარმართულ გარემოში ცხოვრება და ადგილობრივი საკვების გამოყენება იუდეველთათვის რჯულის თანახმად გაუწმინდურებას ნიშნავდა. სწორედ ამ სახით შეიძლება აიხსნას თანამედროვე მკითხველისთვის ესოდენ გაუგებარი მესამე სიმბოლური მოქმედების მნიშვნელობა. ეზეკიელი განსახორციელებელი ქმედების არსს სრულად აცნობიერებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა გაგონილმა უდიდესი შეძრწუნება მოჰგვარა. წინასწარმეტყველი გულმხურვალედ შეჰღაღადებს ღმერთს და პასუხად განწესებული პირობის შერბილების შესახებ გებულობს: მას შეუძლია პურის დასამზადებლად საქონლის ნაკელი გამოიყენოს. მართალია, ეზეკიელმა საღვთო განჩინების ცვალებადობა შეიტყო, მაგრამ იუდას წინააღმდეგ მიმართული მსჯავრი უცვლელი რჩება.

 

თავი 5

       წინამდებარე თავში რიგით მეოთხე, იერუსალიმის მომავალი ბედის მაუწყებელი სიმბოლური მოქმედების შესახებ ვკითხულობთ. საქმის ვითარება ეზეკიელს 1-4 მუხლებში ზეგარდამო ეუწყება, ხოლო 5-17 მუხლებში შესაბამისი განმარტებებია წარმოდგენილი. თუკი პირველ სიმბოლურ ქმედებას (აგურზე დახატულ იერუსალიმს) დედაქალაქზე მოწევნადი ალყა უნდა დაემოწმებინა, მეორეს (390 და 40 დღე მარცხენა და მარჯვენა გვერდებზე წოლა) - ამ ალყის ხანგრძლიობა, მესამეს (პურის ცხობის შესახებ უწყება) - მტერთაგან გარემოცული იუდეველების უმძიმესი ვითარება, მეოთხე ქმედება ალყის საბოლოო შედეგს გადმოგვცემს.  მხ. 1. `შენ კი, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის მჭრელი მახვილი, დალაქთა სამართებელი აიღე შენთვის და გადაატარე შენს თავზე და შენს წვერზე და აიღე შენთვის ასაწონი სასწორი და გაანაწილე თმა~. ეზეკიელი უფლის მოწოდებით თმასა და წვერს იპარსავს, რითიც უდიდეს სამარცხვინო მდგომარეობას წარმოაჩენს, რადგან სასულიერო პირთათვის აკრძალული იყო თმის მოპარსვა . მოკვეცის შემდეგ წინასწარმეტყველმა თმა ებრაული ტექსტის თანახმად, სამ ტოლ ნაწილად, ხოლო ბერძნულის მიხედვით, ოთხად უნდა დაყოს. აღნიშნული განაწილებისას წინასწარმეტყველმა სასწორი უნდა გამოიყენოს (თმის თითოეული ნაწილი სასწორზე აიწონება), რაც საღთო განგებულების ზუსტ განსაზღვრულობას გულისხმობს. ნეტარი იერონიმე ბერძნულ ვერსიას გადამწერის შეცდომად მიიჩნევს.  მხ. 2. `მესამედი კოცონზე დაწვი ქალაქის შუაგულში ალყის დღეების დასრულებისას, და აიღე მესამედი და მახვილით დაკეპე... მესამედი ქარში გაფანტე. სიმბოლური 430 დღის დასრულებისთანავე ეზეკიელმა თმის პირველი მესამედი აგურზე გამოსახულ იერუსალიმზე უნდა დაწვას, მეორე მესამედი იმავე გამოსახულების კიდეებში მახვილით დაკეპოს, დარჩენილი მესამედი ჰაერში გაფანტოს, შემდეგ გაბნეული თმების ნაწილი კვლავ შეკრიბოს და შესამოსლის კიდეს გამოაბას, მერმე ნაწილი ჩამოგლიჯოს და იერუსალიმის (აგურის) შუაგულში დაწვას. სიმბოლოებით, სახეობებით მსჯელობა და ფიქრი აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის იმდენად ბუნებრივი მოვლენა იყო, რომ მათ ცნობიერებაში რეალობა არაფრით სხვაობდა სიმბოლოთაგან. შესაბამისად, ეზეკიელის მიერ აღსრულებული ქმედებანი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა გადასახლებაში მყოფ თანატომელებზე. ცეცხლზე დამწვარი თმების პირველი მესამედი იუდეველთა დედაქალაქის უმძიმეს განსაცდელზე მიუთითებდა, ეს იმ ხალხის სიმბოლოა, რომლებიც შიმშილსა და ავადმყოფობებს შეეწირნენ. ისინი, ვინც ქალაქიდან გაქცევით შეეცდებიან თავის გადარჩენას, იერუსალიმის შემოგარენში მახვილით აღესრულებიან (მეორე მესამედი). ჰაერში გაბნეული თმები ბაბილონში გადასახლებულ და ეგვიპტეში აღმოჩენილ იუდეველებს განასახიერებდა. მხ. 3-4. `აიღე იქიდან მცირეოდენი და მიაბი ისინი შენი ტანსაცმლის კიდეს. და მათგან აიღე კიდევ და ჩაყარე ისინი ცეცხლში და დაწვი ისინი ცეცხლში. ტანსაცმლის კიდეზე გამობმული თმები ალყის შემდგომ სამშობლოში დარჩენილი ებრაელების სიმბოლოა და ისმაელის მიერ გოთოლიას მოკვდინების შედეგად განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება (სავარაუდოდ, გოთოლიას სიკვდილის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა იუდეაში დამსჯელი სამხოდრო მოქმედებები განახორციელა და დარჩენილი იუდეველების ნაწილი ბაბილონში გადაასახლა). განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ხილვა შორეულ მომავალს - ტიტეს მიერ იერუსალიმის დაქცევას უკავშირდება. წინასწარმეტყველი მსმენელებს უცხადებს, რომ ყოველივე სწორედ უზენაესის განგებით აღსრულდება. აქვე ნაუწყებია (მხ. 10), რაოდენ დიდი და მძიმე იქნება ალყის პერიოდი: `მამები შეჭამენ შვილებს... და შვილები შეჭამენ თავიანთ მამებს.

 

თავი 6

        მეექვსე და მეშვიდე თავებში გადმოცემულია ორი საწინასწარმეტყველო სიტყვა მომავალი სამსჯავროს შესახებ.

‘იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ", ასე იწყებს ეზეკიელი თითოეულ უწყებას. პირველის თემაა ისრაელის კერპმსახურება, მომავალი სასჯელის მთავარი მიზეზი (თავი 6), ხოლო მეორე ნაწილში აღნიშნული სამსჯავროს აღწერილობაა წარმოდგენილი (თავი 7). მხ. 1-3. ‘იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: ძეო კაცისავ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ, უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ხრამებს და ხეობებს: აჰა, მოვავლენ თქვენზე მახვილს და გავანადგურებ თქვენს გორაკებს". ბაბილონის უკიდეგანო სივრცეში მცხოვრები და სამშობლოს მთასა და ბარზე დანატრებული ეზეკიელი საკუთარ მამულში მცხოვრებ იუდეველებს შორიდან მიმართავს და ღვთის მსჯავრს განუცხადებს, რისი მიზეზიც კერპებისადმი აღსრულებული მსახურებები იქნება. რჩეული ერის გამოჩენამდე ქანაანის მიწაზე მრავალი ‘სიმაღლე" მდებარეობდა. ღმერთმა პალესტინაში ჩასულ იუდეველებს მათი განადგურება დაავალა , ხოლო უზენაესის თაყვანისცემა ისრაიტელებს მხოლოდ კიდობნის განთავსების ადგილას, სილომში უნდა განეხორციელებინათ . ხსენებული ქალაქის ფილისტიმელთაგან განადგურების შემდეგ ებრაელები ღვთისადმი თაყვანისცემის ცენტრალური ადგილის გარეშე აღმოჩნდნენ (აღნიშნული ვითარება იერუსალიმში ტაძრის აგებამდე გაგრძელდა). სამსხვერპლო და კიდობანი თავდაპირველად გაბაონში განათავსეს , მოგვიანებით კი – კირიათიარიმში . წინადაგების პურების მაგიდა, სავარაუდოდ, - ნობში . სწორედ ამ დროის მანძილზე უფალმა ღვთისმსახურების ჩასატარებლად იუდეველბს დროებით დართო ნება, რომ ესარგებლათ სიმაღლეებით. ძველი აღთქმიდან ცნობილი ფაქტებია, სამუელ წინასწარმეტყველი  და მეფე სოლომონი  ასეთ სიმაღლეებზე აღასრულებდნენ ღვთისადმი პატივმიგებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც იერუსალიმში ტაძარი აიგო, სიმაღლეებზე ნსახურება კვლავ აკრძალულ მოვლენად იქცა. მათი უდიდესი ნაწილი კერპმსახურების აღსარულებელ მიდამოებად იქცა . ღვთისადმი ერთგულების მქონე იუდეველი მეფეები ცდილობდნენ, ასეთი სიმაღლეები გაენადგურებინათ, თუმცა მოსახლეობა კვლავ აღადგენდა მათ, განსაკუთრებუთ უღვთო მეფეთა ზეობისას. ეზეკიელის სამოღვაწეო დროისთვის პალესტინაში მრავალი ასეთი სიმაღლე მდებარეობდა.

 

თავი 8

       მხ. 1. `იყო მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს, როცა ვიჯექი მე ჩემს სახლში და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. და დაეშვა იქ ჩემზე ხელი უფალი ღმერთისა. წინამდებარე თავში აღწერილი გამოცხადება ეზეკიელმა ქალდეაში გადასახლებიდან მეექვსე წელს, საკუთარ სახლში პირველი ხილვიდან თოთხმეტი თვის შემდეგ, ძვ. წ. აღ-ის 592 წლის 17 სექტემბერს განჭვრიტა. ცალ გვერდზე წოლით განპირობებული გაუსაძლისი ყოფა და უმძიმესი მარხვა წინასწარმეტყველს გამოცხადების მისაღებად სულიერად განამზადებს. იუდას უხუცესნი, რომლებიც ეზეკიელთან სახლში იმყოფებოდნენ, განმმარტებელთა მოსაზრებით, გადასახლებაში მყოფ იუდეველთა საგვარეულოების თავკაცები არიან. მათი თავშეყრა ცხადყოფს, რომ ეზეკიელი მოღვაწეობის დასაწყისიდან ერთი წლის შემდეგ გადასახლებულთა შორის უდიდესი ავტორიტეტის სარგებლობდა. მხ. 2-3. `დავინახე და აჰა, სახება მსგავსი კაცისა. გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი.

        ეზეკიელმა სულიერი მზერით სახება მსგავსი კაცისა იხილა. განჭვრეტილი გამოსახულება პირველ, ქებარის მდინარესთან ნანახ ხილვას ჰგავდა , თუმცა თავად გამოცხადება სრულიად სხვაგვარად წარიმართა. განმმარტებელთა აზრით, როგორც პირველ შემთხვევაში, ეზეკიელი ამჯერადაც შეგნებულად მეტყველებს ბოლომდე გაურკვეველი სახით, რადგან ‘უყურადღებობის" შემთხვევაში შესაძლოა ბრალდებული ყოფილიყო, როგორც ღმერთის ადამიანის სახით წარმომდგენი. ღმერთს არც სხეული აქვს, არც ხელი. ამიტომაც წინასწარმეტყველი სიფრთხილით შემდეგს გვაუწყებს, რომ ხილვაში ნანახმა არსებამ თითქოსდა ხელი გამოიწოდა, შეეხო და აიყვანა იგი. სულით იერუსალიმში გადანაცვლებული ეზეკიელი სხეულით ადგილზე, ბაბილონში, საკუთარ სახლში უძრავად დარჩა. წინასწსარმეტყველი ყოველივეს (თავზე ხელის შეხებას, ჰაერში ატაცებას, ადგილის მონაცვლეობას) სულით განიცდიდა, ხოლო ოთახში მყოფი უხუცესებისთვის მომხდარი გაურკვეველი რჩებოდა. მათ მიმდინარე მოვლენების სულიერი მხარე არ უხილავთ. მხოლოდ უკან მობრუნების შემდეგ უამბობს ეზეკიელი ყოველივეს. ხილვაში წინასწარმეტყველი ზეცასა და ქვეყანას შორის იქნა აღტაცებული და იერუსალიმში, ჩრდილოეთისკენ მიმართული შიდა კარიბჭის შესასვლელთან აღმოჩნდა (იგულისხმება ტაძარი). ტაძრის შიდა ეზოს გარეთა ეზოსაგან გამყოფ კედელში სამი შიგნითა და ამდენივე გარეთა კარიბჭე იყო განლაგებული: ერთი აღმოსავლეთ მხარეს (ცენტრალური შესასვლელი) მდებარეობდა. მეორე - სამხრეთით (სამეფო შესასვლელი: აღნიშნული კარიბჭე სამეფო სასახლიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე განეთავსებინათ) და მესამე - ჩრდილოეთით. ეზეკიელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას, ტაძრის გარეთა ეზოში აღმოჩნდა, პირით სამხრეთისკენ მიქცეული, და შიგნითა ეზოს მიმართულებით, მისი ჩრდილოეთის შიგნითა კარიბჭის გასწვრივ იმზირებოდა. წინასწარმეტყველმა `შურის კერპი~ იხილა. რომელ კერპზეა მითითება, უცნობია, ვინაიდან ბიბლიური ცნობებით, იერუსალიმის ტაძარში მხოლოდ ერთი კერპის არსებობა დასტურდება . მისი შიდა, სამღვდელო ეზოში ყოფნა იუდეის სამეფოში მიმდინარე ღმერთთან დაპირისპირების რელურ სახეს წარმოადგენს. კარპისადმი თაყვანისცემით იუდეველები მეორე მცნებას არღვევდნენ. მხ. 4. 'აჰა, იყო იქ ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი იმისა, რაც ხეობაში ვიხილე;. ეზეკიელი დროის რაღაც მონაკვეთში უფლის დიდებას ხედავს, მსგავსად ქებარის ნაპირზე ნანახი გამოცხადებისა. მხ. 7-9. 'მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და დავინახე, აჰა, ერთი ხვრელია კედელში. მითხრა: ადამის ძევ! გათხარე კედელი! მეც გავთხარე კედელი და, აჰა, გასასვლელია ერთი მითხრა: შედი და იხილე ბოროტი სისაძაგლეები, რასაც აქ სჩადიან.

       წინამდებარე მუხლებში წინასწარმეტყველი აღგვიწერს, როგორ მიიყვანა იგი იმავე ხელმა ეზოს შესასვლელთან. სავარაუდოდ, წინასწარმეტყველი ტაძრის შიგნითა ეზოში აღმოჩნდა. მის წინ აღნიშნული ეზოს შემომზღუდავი კედელია, რომელშიც ნახვრეტია გაკეთებული. უფალი ეზეკიელს კედლის ნახვრეტის გაფართოებას ავალებს, შედეგად იგი საიდუმლო კარს აღმოაჩენს. მიზანი ამგვარი ქმედებებისა ისაა, რომ სასწაულებრივად იერუსალიმში აღმოჩენილი ეზეკიელი გახდეს მომსწრე იმისა, თუ როგორ ურჯულოებენ იუდეაში დარჩენილი მისი თანატომელები. მხ. 10. `და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოჭრილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე. კედლები სხვადასხვა გამოსახულებით იყო მოხატული. განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ დახატული არსებები ეგვიპტური კულტმსახურების შესაბამისობაში იყო შერჩეული: ნიანგი, გველი, კატა, ხარი... და ისინი იხილა წინასწარმეტყველმა. მხ. 11. `სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან და იაზინიაჰუ შეფანის ძე იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე. თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და ხშირი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა~. ხსენებული სამოცდაათი უხუცესი, განმმარტებელთა აზრით, იერუსალიმში დარჩენილი წარჩინებული, არისტოკრატიული წრის წარმომადგენელნი არიან. მათ შორის ეზეკიელმა ერთი პიროვნება ამოიცნო - იაზინიაჰუ შაფანის ძე (იგი მეფე იოშიას დროს სამეფო კარზე შაფან მწერლის სახელით ცნობილი იერარქის შვილია ), რამაც ძლიერ დაამწუხრა, რადგან ხსენებული ადამიანის ოჯახის ყველა წევრი უფლისადმი უდიდეს ერთგულებას ინახავდა და იუდეაში დიდ პატივისცემას იმსახურებდა. კერპთმსახურების ლიტურგიკურ მხარედ გამოსახულებებისთვის კმევაა ნახსენები, რაც ეგვიპტური კულტისთვის დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენდა. ქურუმები ხშირად მას ადამიანთა დაექსტაზების მიზნით იყენებდნენ. მხ. 12. 'მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა.

       უფალი ეზეკიელს მიანიშნებს, რომ მან კარგად ნახოს, თუ რას აკეთებენ ოთახში შეკრებილი ადამიანები. წინასწარმეტყველი მათ ნათქვამ სიტყვებსაც გებულობს: `უფალი ვერ გვხედავს ჩვენ. დატოვა უფალმა ეს ქვეყანა. წარმოდგენილი ფრაზა, როგორც ჩანს, იუდეველთა შორის 597 წლის შემდეგ ხშირი გამოყენების საგნად იქცა, რადგან მათ ვერ გაეგოთ, თუ როგარ დაანება რჩეული ერის მფარველმა ღმერთმა წარმართ ბაბილონელებს 10 000-მდე ებრაელის გადასახლება. მხ. 14. 'მიმიყვანა უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის, და, აჰა, სხედან იქ დედაკაცები და გლოვობენ თამუზს.  ეზეკიელი კვლავ იცვლის ადგილს და უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან აღმოჩნდება, სადაც ტაძრის გარეთა ეზო მდებარეობდა. წინასწარმეტყველმა იხილა იქ ქალები მსხდომნი, მოტირალნი თამუზისთვის. ასე უწოდებდნენ იუდეველნი უძველეს შუმერულ ღთაებას. მიიჩნეოდა, რომ გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძება და სიმწვანით შემოსვა თამუზის დამსახურება იყო, ხოლო მოგვიანებით ზაფხულის დასასრულს, შემოდგომისას, რაჟამს ბუნების სიმწვანე ფერმკრთალდებოდა, ხალხის შეხედულებით, ეს მოვლენა თამუზის გარდაცვალებას უკავშირდებოდა, რის შემდეგაც იგი მიწისქვეშეთში ჩადიოდა და მომავალი წლის გაზაფხულამდე ტარტაროზში რჩებოდა. რიტუალური მსახურებისას წამყვანი ფუნქცია დედაკაცებს ეკისრებოდა. მათი ტირილი ხსენებული კერპმსახურების სიმბოლურ მხარეს წარმოადგენდა. ამგვარ ქმედებას შემოდგომაზე აღასრულებდნენ, ხოლო გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებას, ნაცვლად გლოვისა, სიხარულითა და ზეიმით დღესასწაულობნენ, ხოლო დასასრულს, ორივე შემთხვევაში სიმბოლური ქმედებანი არნახული, უგარყვნილესი ორგიებით სრულდებოდა. მხ. 16. `და მიმიყვანა მე უფლის სახლის შიდა ეზოსთან და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, დარბაზსა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით მდგარი უფლის ტაძრისკენ. მათი სახეები აღმოსავლეთით იყო მიმართული და თაყვანს სცემდნენ აღმოსავლეთით მზეს.

        ეზეკიელი ამჯერად კვლავ შიდა ეზოში აღმოჩნდა. ტაძრის შესასვლელსა და სამსხვერპლოს შორის მან ოცდახუთი ადამიანი იხილა. აღნიშნული ადგილზე მსხვერპლშეწირვის მსახურებები აღესრულებოდა, სადაც სასულიერო პირებს უზენაესისადმი გოდებით უნდა მიემართათ ხალხისთვის ცოდვათა მიტევების თხოვნით. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსნებული ადამიანები სასულიერო პირები არიან, რადგან მითითებულ მიდამოზე დგომის უფლება გარდა ლევიტელებისა სხვას არავის გააჩნდა. ისინი ამომავალ მზეს მიაგებდნენ თაყვანს და ამიტომაც აღმოსავლეთისკენ იყვენენ მიქცეულნი, ხოლო ტაძრისა და, შესაბამისად, მასში მობინადრე უზენაესისთვის ზურგი ჰქონდათ შექცეული, ხოლო მსგავსი სახის დამოკიდებულება, თუნდაც ადამიანისადმი, დიდად უარყოფით შეფასებას იმსახურებდა. ეზეკიელი სასკუთარი თვალებით ხედავდა, თუ როგორ არღვევდნენ რჯულს ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად ევალებოდა მისი დაცვა.მხ. 18. `და მეც მივიქცევი გულისწყრომით, არ შეიცოდებს ჩემი თვალი და არ შევიბრალებ, და შეჰღაღადებენ ჩემს ყურებს დიდი ხმით და არ შევისმენ მათ~.

 

თავი 9

       მხ. 2. `და აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, რომელიც ჩრდილოეთისკენაა მიმართული, და თითოეულს თავისი გამანადგურებელი იარაღი აქვს ხელში, და მათ შორის ერთი კაცი, სელით შემოსილი და მწერლის სამელნით წელზე, და მოვიდნენ და დადგნენ სპილენძის სამსხვერპლოსთან.ხსენებული კაცები ადამიანის გარეგნობის მქონე ანგელოზები არიან, რომელნიც ღვთის ნების აღსასრულებლად მოემართებიან ხმობილი ადგილისკენ. სელის სამოსით მოსილ უცნობთან ერთად მათი რიცხვი შვიდს შეადგენს. ისინი ჩრდილოეთის კარიბჭით გარეთა ეზოდან შიგნით მოემართებიან. ჩრდილოეთიდან მათი გამოჩენა სიმბოლური შინაარსისაა, რადგან იერუსალიმში მტერი სწორედ ხსენებული მიმართულებიდან შემოიჭრა.

       მოსულთა შორის იმყოფება ერთი კაცი, სელით შემოსილი და მწერლის სამელნით წელზე. მითითებული პიროვნება დანარჩენი ექვსისგან ძლიერ განსხვავდება და ამიტომ სხვების შემადგენლობაში არ აღირიცხება. სელის სამოსელი ძველი აღთქმის რჯულის თანახმად, იუდეველი სასულიერო პირის შესამოსელს წარმოადგენდა, მღვდლებს მკაცრად ეკრძალებოდათ მატყლისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარება . ხსენებული შესამოსი თეთრი ფერის იყო და ხშირად ირეცხებოდა. იგი სიმბოლურად იმ სიწმინდესა და სისპეტაკეს განასახიერებდა, რაც სასულიერო პირს მოეთხოვებოდა.  მეშვიდე ანგელოზის თეთრი სამოსი მასზე დაკისრებულ მისიაზე მიუთითებს, ხოლო დანარჩენი ექვსი ანგელოზის ჩაცმულობაზე ეზეკიელი არაფერს ამბობს. მეშვიდე ანგელოზს წელზე მწერლის სამელნე ჰქონდა დამაგრებული. ამგვარი რამ აღმოსავლეთში ჩვეული მოვლენა იყო, სამწერლობო საქმიანობით დაკავებული ადამიანები წელზე მიმაგრებულ სამელნეს ატარებდნენ. შვიდი ანგელოზი სპილენძის სამსხვერპლოსთან ჩერდება. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ადამიანებისთვის ცოდვების მიტევება სამსხვერპლოსთან ხდებოდა. ამიტომაც ანგელოზებმა თავი იქ მოიყარეს, სადაც სულიერი თვალით განიჭვრიტება, ვის არ მიეტევება ცოდვები და ვინ ექვემდებარება სასჯელს. მხ. 3. `და დიდება ისრაელის ღმერთისა ამოვიდა ქერუბიმიდან, რომელზეც იყო იგი, სახლის ზღურბლისაკენ~.

       როგორც კი ანგელოზები ტაძარს მიუახლოვდნენ, დიდება ისრაელის ღმერთისა ამოვიდა ქერუბიმიდან. წინამდებარე ფრაზა გვაუწყებს, რომ ღმერთი იუდეველთა ურჯულოების მიზეზით ტოვებს წმინდა ქალაქს, იერუსალიმს, და ეზეკიელი რჩეული ერის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენას (ღვთის განშორებულობას) სულიერი მზერით განჭვრეტს. ისმის კითხვა: რომელი ქერუბიმიდან უნდა ამოსულიყო ღვთის დიდება? აღთქმის კიდობანზე განთავსებული ქერუბიმიდან თუ მსგავსად ქებარის ნაპირზე ნანახი ცოცხალი ქერუბიმებიდან, რომელთა შესახებ ეზეკიელი მე-10 თავის მესამე მუხლში მოგვითხრობს? განმმარტებელთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წმიდათა წმიდაში მდებარე, აღთქმის კიდობანზე მდგომი ქერუბიმები იგულისხმებიან და წინასწარმეტყველი სწორედ მათ შესახებ საუბრობს, რადგან ეზეკიელმა ამ დროისთვის ხილვაში ნანახი ცოცხალი არსებების ვინაობა არ უწყის და მოგვიანებით (შდრ. ეზეკ. 10.15) გებულობს მათ სახელს. შესაბამისად, წინასწარმეტყველი იყენებს რა ტერმინს ქერუბიმი, განმმარტებლებს მიაჩნიათ, რომ  მათში წმინდათა წმინდაში მდებარე ქანდაკებები მოიაზრებიან. ღმერთი, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად ტოვებს საკუთარ სამკვიდრებელს, რასაც ეზეკიელი წარმოდგენილი სახით აღგვიწერს. მხ. 4. უფალი შვიდი ანგელოზიდან სელით მოსილს მოიხმობს და ეუბნება მას: გაიარე ქალაქის შიგნით, იერუსალიმის შიგნით, და ნიშნით დანიშნე ადამიანთა შუბლები, რომელნიც კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო, რომელიც მის შიგნით ხდება~. შუბლზე ნიშნის აღბეჭდვა ხდებოდა არა მარტო მითითებული ადგილის კარგი ხილვადობის გამო, არამედ ამით გამორჩეულ, უფლის სიწმინდის დამცველ ადამიანებს ერთგვარი სიმტკიცის ბეჭედი მიემადლათ, რათა მათი გონება დაცული ყოფილიყო ყოველგვარი უკეთურებისგან. ნიშანი რაიმე სახის გამოსახულებას გულისხმობს. შესაძლოა, მასში ებრაული ანბანის ბოლო ბოლო ნიშანი ტაბ იგულისხმებოდეს. იგი უძველეს ალფავიტებში, არა მარტო იუდაურში, არამედ სამარიულში, ფინიკიურში, ეთიოპიურში, ბერძნულსა და რომაულში, ჯვრის ფორმისა იყო, ხოლო ჯვარი ყოველთვის ყველაზე მოხერხებულ სანიშნედ მიიჩნეოდა. ზემოთქმულის გათვალისწინებით, განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სელით მოსილ ანგელოზს უფლის რჩეულები სწორედ ჯვრის გამოსახულებით უნდა დაენიშნა. დანარჩენ ანგელოზებს უზენაესი დავალებას აძლევს: მათ მთელი ქალაქი უნდა მოიარონ და ნიშნის გარეშე მყოფი ყველა ადამიანი შემუსრონ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. მხ. 8-10. ანგელოზთაგან ადამიანთა მასრიური მოკვდინება ტაძრის გარეთ, ქალაქში მიმდინარეობდა. ეზეკიელი ხილვაში ტაძრის ეზოში მარტო რჩება, მის გარშემო უამრავი გვამია. ეს ის სასულიერო პირები არიან, რომლებიც წინასწარმეტყველმა სამსხვერპლოსთან მდგომნი და მზისადმი პატივმიმგებნი იხილა. ქალაქის მკივდრთაგან განსხვავებით, სადაც მრავალი სათნო ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, ეზეკიელის გარშემო მყოფთაგან სიცოცხლე ვერავინ შეინარჩუნა. ჭინასწარმეტყველი, რომელიც შორიდან ხედავს, თუ როგორი საშინელება ტრიალებს იერუსალიმში, შეძრწუნებული შეჰღაღადებს უფალს: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე? მრისხანეა უფლის პასუხი: ის არ შეუნდობს უკეთურებით მოწყლულთ. მხ. 11. სელის სამოსით მოსილი ანგელოზი ტაძართან ბრუნდება და აუწყებს უფალს, რომ დაკისრებული საქმე აღასრულა (იგულისხმება ღვთის მცნებების აღმსრულებელი ადამიანების დანიშვნა, რასაც შედეგად ამ ადამინთა გადარჩენა მოჰყვა).

       კვლავ შევნიშნავთ, რომ ეზეკიელის მიერ მე-8 თავიდან დაწყებული ტაძრის ხილვის აღწერილობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წიგნის აღნიშნული მონაკვეთი გვაუწყებს, თუ როგორ ტოვებს უზენაესი (უფლის დიდება) იერუსალიმის ტაძარს (დეტალური განხილვა მორიგ თავებში იქნება წარმოდგენილი).

თავი 10

       უფლის დიდება ტოვებს ღვთის ტაძარს მხ. 1-2. 'ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ. იწყება ხილვათა მესამე ნაწილი, რომელშიც იერუსლიმის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის უკანასკნელი მოქმედება - დედაქალაქის ცეცხლით განადგურებაა აღწერილი. ეზეკიელი წმინდაში მყოფ ქერუბიმებს და მათ მიერ პყრობილ ტახტს ხედავს. ტახტზე მჯდომი სელის სამოსით მოსილს უხმობს (რომელმაც მისთვის მიცემული დავალება დაასრულა და კვლავ უკან დაბრუნდა) და ავალებს მას: `მოდი ბორბლებს შორის, ქერუბიმის ქვეშ და გაივსე მუჭები ცეცხლის ნაკვერცხლებით, როლებიც ქერუბიმებს შორისაა, და მოისროლე ქალაქზე~. აღნიშნული ქმედება სიმბოლური მხარეა მოვლენებისა, რომლებიც იერუსალიმის წინააღმდეგ რეალურად განხორცილედება: რამდენიმე წლის შემდეგ ქალაქს ქალდეველი მეომრები გადაწვავენ. მხ. 3. `ქერუბიმები იდგნენ სახლის მარჯვნივ... და ღრუბელმა გაავსო ისინი.

       ეზეკიელი დროებით წყვეტს დაწყებული მოვლენის შესახებ თხრობას და მთელს ყურადღებას უფლის დიდებასა და ქერუბიმებს უთმობს (ზეციური არსებანი აღნიშნული სახელით პირველად სწორედ წინამდებარე თავში იწოდებიან).  მხ. 4. 'ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით. უფლის დიდება წმინდათა წმინდიდან წმინდაში გადადის და გასასვლელისკენ მიიწევს. ეზეკიელს ქერუბიმების გადაადგილებისას ფრთების მოძრაობის ხმა ესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს. მხ. 6-7. 'როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა. სელით მოსილი კაცი უფლის დანაბარებს ასრულებს და ნაკვერჩხალს ღებულობს, რომლითაც ქალაქი უნდა გადაიწვას. სწორედ ამ დროს, უფლის მიმართვის შედეგად, გებულობს ეზეკიელი, რომ მის წინაშე მყოფი არსებანი, რომლებიც მდინარე ქებარის ნაპირზეც ენახა, ზეციური ძალები, ქერუბიმები, ყოფილან. მე-8 მუხლიდან ეზეკიელი კვლავ უბრუნდება ტაძრის გასასვლელთან მყოფი ქერუბიმების შესახებ თხრობას. ეს გამეორებაა იმისა, რის შესახებაც წინასწარმეტყველი პირველ თავში გვესაუბრებოდა. თუმცა ამჯერად, 'მთელი მათი ტანი, მთელი მათი ზურგი, ყველა მათი ფრთა და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ბორბლები ოთხივე მათგანისა. მხ. 12. წინასწარმეტყველი ბორბლებზე ნანახი თვალების აღწერით არ შემოიფარგლება და ამბობს, რომ იგივე თვალები ქერუბიმებზეც იყო განლაგებული. ეზეკიელი ზუსტად მიუთითებს, თუ სხეულის რომელ ნაწილზე მდებარეობდნენ ისინი: მთელი ტანი, ზურგი, ხელები, ფრთები. ნეტარი იერონიმე მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველი ერთგვარ მეტაფორას მიმართავს, რადგან პირველ თავში იმავე ქერუბიმებზე თვალები ამ სახით არ იხილვებოდა (ისინი (თვალები) მხოლოდ ბორბალზე იხილვებოდნენ). მხ. 14. `და ოთხი სახე თითოეულს ერთი სახე ქერუბიმის სახე, მეორე სახე ადამიანისა, მესამე ლომის სახე და მეოთხე - არწივის სახე~. თუ პირველ თავში ნანახ ხილვას გავიხსენებთ, სადაც ოთხი სახეა ნახსებეი (ადამიანის, ხარის ლომის, არწივის) ვნახავთ, რომ წარმოდგენილ მე-14 მუხლში გარკვეული განსხვავებაა, იმავე არსებებს ადამიანის, ლომის, არწივის და ქერუბიმის (და არა ხარის) სახეები გააჩნიათ. განმმარტებლები ორ ვერსიას გვთავაზობენ: ნაწილი მიიჩნევს, რომ ტექსტის გადაწერისას შეცდომა მოხდა და რამაც ხსენებული განსხვავებულობა განაპირობა; სხვათა მოსაზრებით, ძველაღმოსავლურ მითოლოგიაში ‘ქერუბიმის სახე" სწორედაც რომ ‘ხარის გამოსახულებას" უიგივდებოდა. მხ. 15. `და აიწიენ ქერუბიმები. ეს ის ცხოველი იყო, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე~. უფლის დიდება ტაძარს ტოვებს და გარკვეული მიმართულებით გადაადგილდება. მხ. 20. `ეს ის ცხოველია, რომელიც მე ვნახე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის ნაპირზე, და მივხვდი, რომ ქერუბიმებია ისინი.

       საყდარმა ტაძრის აღმოსავლეთ შესასვლელისკენ გადაინაცვლა, სადაც უფლის დიდება ელოდებოდა მას, რომ ამხედრებულიყო სულიერ სამეუფო ტახტზე. ეზეკიელი გასაოცარი ხილვს ბოლო ნაწილს ხედავს: იაჰვე ტოვებს რჩეულ ერს, რასაც შედეგად უმძიმესი მოვლენები მოჰყვება. პირველ თავში, სადაც ეზეკიელმა მის მიერ ნანახის დეტალური აღწერა წარმოგვიდგინა, არსადაა ნახსენები ზეციური არსებების სახელები. განმმარტებელთა აზრით, მაშინ წინასწარმეტყველმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ისინი ტაძარში გამოყენებული გამოსახულებებისგან განსხვავდებოდნენ (ტაძრის ქერუბიმებს ორი ფრთა და ადამიანის სახე ჰქონდათ) და ეზეკიელი ბუნებრივია, რომ ვერ ახერხებდა მათ შორის რაიმე აზრობრივი კავშირის დამყარებას. წინასწარმეტყველმა სწორედ ამჯერად გულისხმაჰყო ნანახი არსებების ვინაობა. 

თავი 11

       მხ. 1. `და ამიყვანა მე სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთის კარიბჭესთან... და კარიბჭის შესასვლელში იდგა ოცდახუთი კაცი, და მე დავინახე მათ შორის იააზანია, ძე ყაზურისა და ფელატია ძე ბენაიასი, ერის მთავარნი. აღმოსავლეთის კარიბჭე (საუბარია ტაძრის გარეთა ეზოზე), სადაც ეზეკიელი საღვთო სულმა მიიყვანა (აღნიშნული კარიპჭით გზა კედრონის ხევისა და ზეთისხილის მთისკენ მიემართებოდა), სასამართლო გარჩევებისა და დამნაშავეთა დასშჯის ადგილს წარმოადგენდა. წინასწარმეტყველი ოცდახუთ ადამიანს ხედავს. ისინი ერისმთავრები არიან და მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე თათბირობდნენ (აღნიშნული პირები განსხვავდებიან მე-8 თავში ნანახ მზის თაყვანისმცემელ ლევიტელთაგან). ეზეკიელის დროისთვის თავყრილობა არა მარტო ქალაქის, არამედ ტაძრის კარიბჭეებთანაც მიმდინარეობდა. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ამ ადამიანთაგან ორთან წინასწარმეტყველს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა. ამ დროისთვის, მე-9 თავის მიხედვით, იერუსალიმის მოსახლეობა განადგურებულია, ხოლო მე-10 თავის შესაბამისად, ქ. იერუსალიმი გადამწვარია, აქედან გამომდინარე, განმმარტებელთა ნაწილს ამ ვითარებაში ხსენებული ოცდახუთი ადამიანის თათბირი გაუგებარ მოვლენად მიიჩნია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეზეკიელი გამოცხადებას აღწერს, რაც დროითა და სივრცით ვერ შემოიზღუდება. მხ. 2-3. 'მითხრა: ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში. ამბობენ: არ არის ახლოს დრო სახლების შენებისა, ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი".

       უფალი ეზეკიელს მიუთითებს, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ბოროტისა და ამაოს მზრახველნი. მათი თქმით, არ არის ახლოს დრო ქალაქის დაცემისა, რადაგან ეს ქალაქი ქვაბია ჩვენ კი ხორცი, როგორც ქვაბის კედლები იცავენ ხორცს დაწვისგან, ასე დაგვიცავს იერუსალიმის გალავანი. მორიგ მუხლებში უზენაესი ეზეკიელს ავალებს, რომ ამ ადამიანებს წარმოდგენილი ცრუ რწმუნების ნაცვლად ჭეშმარიტება იქადაგოს, ხოლო ჭეშმარიტება ისაა, რომ იერუსალიმი დაეცემა და მისი მკვიდრნი განადგურდებიან. მხ. 13. 'როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?

       ღვთისაგან გამოთქმული მუქარა მყისიერ დასტურდება: ოცდახუთ კაცს შორის მყოფი ფელატია გარდაიცვლება, რასაც სხეულებრივად ქალდეაში მყოფი ეზეკიელი სულიერი თვალებით განჭვრეტს. რაოდენ დიდი გაოცება და გაოგნება უნდა მოეხდინა აღნიშნულ ცნობას, როდესაც წინასწარმეტყველისგან უხუცესებისთვის ნათქვამი ეს ამბავი გარკვეული დროის შემდეგ იუდეიდან ჩამოსულმა მაცნეებმა თელ-აბიბში მყოფ თანატომელებს აცნობეს. ყველაზე მეტად კი თავად ეზეკიელი შეძრწუნდა, რადგან მიხვდა, რომ ნანახი სულიერი ხილვა გარკვეული დროის შემდეგ გარდაუვალ რეალობად იქცეოდა. მხ. 17-20. უფალი შეძრწუნებულ წინასწარმეტყველს აუწყებს, რომ დადგება ჟამი, როდესც რჩეული ერი კვლავ დაუბრუნდება ისრაელის მიწას. მეთერთმეტე თავის ბოლო ნაწილში მოთხრობილია, თუ როგორ ტოვებს იერუსალიმს უფლის დიდება. მხ. 22. 'გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ. ისრაელის ღმერთის დიდებაში ყველგან, სადაც ეს ტერმინია გამოყენებული, თავად უზენაესი მოიაზრება. მხ. 23. 'აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის". ზეთისხილის მთა იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი 818 მეტრის სიმაღლისაა და დედაქალაქს ზემოდან დასცქერის. სწორედ ამ მთიდან ამაღლდა მაცხოვარი. უფლის დიდებამ წმინდათა წმინდიდან წმინდათაში გადაინაცვლა, წმინდიდან ეზოში, ხოლო ეზოდან ქერუბიმთა ზედა მობინადრე უზენაესმა ზეთისხილის მთას მიაშურა. აღნიშნულ მთაზე უფლის დიდება მცირე დროით ჩერდება. განმმარტებელთა აზრით, მწუხარებს ღმერთი და უმძიმს წმინდა ქალაქის დატევება და აი, თითქოს უკანასკნელად მიაპყრო მზერას და ემშვიდობა მას. თავად ეს ადგილი კი ამიერიდან ღვთის კურთხევას მოაკლდება, სანამ იმავე გზის გავლით, ზეთისხილის მთიდან, უფლის დიდება კვლავ არ დაუბრუნდბება იერუსალიმს (აღნიშნული მოვლენა ეზეკიელის წიგნის 43 თავშია აღწერილი, მხ. 1-3). რა თქმა უნდა, ასწლეულების შემდეგ მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის ზეცად ამაღლება, რომელიც კვლავ დაუბრუნდება იმავე ადგილს, არ შეიძლება, უბრალო დამთხვევა იყოს. ეზეკიელის წიგნში აღწერილი მოვლენები სიმბოლურად სწორედც რომ აღნიშნულ საიდუმლოებებს უკავშირდება. მხ. 24-25. 'სულმა ამიტაცა და ხილვაში, ღვთის სულით, მიმიყვანა ქალდეაში გადასახლებულებთან. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე. მერე ვუამბე გადასახლებულებს ყველაფერი, რაც უფალმა მახილვინა მე. კვლავაც გამოცხადების პროცესში მყოფი ეზეკელი გრძნობს, თუ როგორ ბრუნდება ქალდეაში, სადაც მთელია ამ დროის მანძილზე სხეულებრივად იმყოფებოდა, იუდეველ უხუცესთაგან გარშემორტყმული. ძველ მდგომარეობას დაბრუნებული წინასწარმეტყველი სიტყვა სიტყვით უყვება მსმენელს ნანახ მოვლენებს, რომ ყველამ იცოდეს სამშობლოში დარჩენილი თანატომელების სულიერი მდგომარეობა.

 

თავი 12

       ეზეკიელი წიგნის 12-19 თავებში ცრუ ოპტიმიზმს ამხელს და ამგვარი განწყობების უსარგებლობაზე მიუთითებს. ძირითადი თემა უცვლელია: იერუსალიმი განწირულია. ერთი და იმავე საკითხის შესახებ ხშირი საუბარი, როგორც ჩანს, ბაბილონში გადასხლებული იუდეველების მხრიდან წინასწარმეტყველისაგან მოსმენილი მოვლენებისადმი ბოლომდე მიუნდობელი განწყობით იყო განპირობებული. სედეკიას მეფობისას არა მარტო იერუსალიმის მკვიდრნი იყვნენ დარწმუნებულნი აღთქმული ქვეყნის ხელშეუხებლობაში, არამედ დატყვევებული რჩეული ერის შვილებიც სამშობლოში უმოკლეს დროში დაბრუნების შესახებ მსჯელობდნენ. ეზეკიელის მიერ პანტომიმის სახით აღსრულებული ახალი საწინასწარმეტყველო გზავნილები ხსენებული ცრუ შეხედულებების განქიქებას ემსახურებოდა.  მხ. 1-2. 'იყო ჩემს მომართ უფლის სიტყვა ნათქვამი: ადამის ძევ, ურჩთა სახლის შუაგულში ცხოვრობ შენ. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ სასმენად და არ ესმით, რადგან ურჩთა სახლია ისინი.

წინასწარმეტყველი უფლისგან მორიგ დავალებას ღებულობს.

მხ. 3. 'ამიტომ, ძეო კაცისავ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან. ეზეკელმა გადასახლების პანტომიმა უნდა აღასრულოს. განმმარტებელთა აზრით, წინასწარმეტყველი იმავე ქალაქში, თელ-აბიბში, რჩება, მაგრამ სხვა სახლში უნდა გადავიდეს. მხ. 4-6. 'გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად. მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე. მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის. ეზეკიელს ევალება, რომ გადასზიდად შეკრული ბარგი დღისით სახლის წინ დააწყოს, რითიც მეზობლად მცხოვრები იუდეველების ყურადღებას მიიქცევს, ხოლო თავად კი სახლიდან საღამოს გამოვიდეს. გადასახლების პროცესი გაპარვის მცდელობას ემსგავსება, რადგან წინასწარმეტყველი არათუ კარის გავლით უნდა გავიდეს, არამედ კედელში ნახვრეტი უნდა გააკეთოს და იქიდან დატოვოს ოთახი. მოგზაურობისას თვალებზე ხელი უნდა აიფაროს და ხელისცეცებით გაიკვლიოს გზა. განმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამით მინიშნებულია იუდას მეფის - სედეკიას ბედი, რომელმაც იერუსალიმის დაცემის ღამეს საიდუმლო კარით გააღწია ქალაქიდან, ხოლო მოგვიანებით, დატყვევების შემდეგ, ნაბუქოდონოსორის ბრძანებით თვალის ჩინი დაკარგა. მხ. 12. 'მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს ქვეყანა. ეზეკიელი კვლავ მეფე სედეკიას შესახებ იუწყება, რომელიც სამეფო ბაღით ცდილობდა გაპარვას, რადგან ქალაქის ყველა კარიბჭე ბაბილონელი ჯარისკაცებს გაემაგრებინათ. სამეფო ბაღის ბოლოში საიდუმლო კარი მდებარეობდა, საიდანაც მეფე იუდეველი მაღალჩინოსნებისა და ოჯახის წევრების თანხლებით გაიქცა. თუმცა მალევე შეიპყრეს და დასაჯეს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს. ეზეკია იმავე ბედს უწინასწარმეტყველებს ჯარს და ქალაქის მოსახლეობასაც. მხ. 17-20. ეზეკიელი ახალ სიმბოლურ მოქმედებას აღასრულებს. მან პური კნკალით უნდა ჭამოს, წყალი ცახცახითა და დარდით სვას, რითიც აჩვენებს, თუ რა ვითარებაში აღმოცნდება იერუსალიმში ალყამოქცეული თუ ტყვეობაში წაყვანილი საზოგადოება. მხ. 21-28. ამჯერად თხრობა ჭეშმარიტ და ცრუ წინასწარმეტყველებს შეეხება. ეზეკიელის თანამედროვე იუდაური საზოგადოება ვეღარ არჩევდა სიყალბესა და სიმართლეს, ხოლო ფსევდო მქადაგებელთა რაოდენობა დღითი დღე მატულობდა. თუმცა უმთავრესი მიზეზი საზოგადოების გაუცნობიერებლობისა ისაა, რომ თვით ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებანიც კი იშვიათად თუ აღესრულებოდა ერთი თაობის ეპოქაში. ამიტომაც გაჩნდა ასეთი თქმულება: დღეები დღეებს მიჰყვება, მაგრამ არც ერთი საწინასწარმეტყველო სიტყვა არ აღსრულებულა (იგულისხმება, რომ იერემიამდე და ეზეკიელამდე საუკუნეების უწინარეს მქადაგებელი მრავალი წინასწარმეტყველი იგივეს იუწყებოდა იერუსალიმის უეჭველი განადგურების შესახებ, მაგრამ მათი სიტყვები არ აღსრულებულა და აი, იერუსალიმი დღესაც, მიუხედავად ქალდეველთა ძლიერებისა, კვლავ დაუმორჩილებელია). უფალი უცხადებს ეზეკიელს, რომ ამგვარ თქმულებას გააუქმებს, რადგან ახლოს არის დღე ყოველივე თქმულის აღსრულებისა და სწორედ ამჟამინდელი თაობის თვალწინ მოხდება ‘მეაბოხე სახლის" განკითხვა. 

თავი 13

        ეზეკიელი აგრზელებს ცრუ წინასწარმეტყველთა მხილებას და სწორედ ამ საკითხს ეძღვნება  წინამდებარე თავი. ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ თანატომელთათვის შთაენერგათ რწმუნება იმისა, რომ იერუსალიმს ვერავინ და ვერაფერი დაძლევს, მაშინ როცა, ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ამის საწინააღმდეგოს ქადაგებდა. მხ. 11-12. ‘უთხარი მლესავთ, ჩამოწვება-თქო თქვენი კედელი. წამოვა თავსხმა და, თქვენ, ყინულის ქვებო, ჩამოცვივდებით, და ქარიშხალი ამოვარდება. აჰა, დაეცა კედელი. ხომ გეტყვიან, სად არის ბათქაში, რომლითაც შელესეთო?" თავსხმა წვიმა, ქარიშხალი ბაბილონური ჯარია, რომელიც იუდას სამეფოს წალეკავს. მხ. 17-19. ეზეკიელი ამჯერად მდედრობითი სქესის ფსევდო წინასწარმეტყველებს მიმართავს. იუდაურმა ისტორიამ არაერთი დედაკაცი იცის, რომლებიც მომავლის გაცხადების უნარს ღვთისაგან იყვნენ დაუფლებულნი. ტყვეობაში მყოფი რჩეული ერის წარმომადგენლებში განსაკუთრებული რაოდენობით ქალი მქადაგებლები გამოირჩეოდნენ. მათი სიმრავლე დატყვევებული ებრაელების მძიმე დეპრესული სულიერი მდგომარეობითა და ქალდეური მაგიის ზემოქმედების შედეგით აიხსნება. განმმარტებელთა თქმით, ხსენებული ცრუ წინასწარმეტყველი დედაკაცები გადასახლებული იუდეველების იმ ნაწილს, რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ ბაბილონელ მმართველს, საღვთო კეთილდღეობას აღუთქვამდნენ, ხოლო ისინი, ვინც განსხვავებულად მოიქცევიან, პირიქით, უზენაესის სამსჯავროს დაექვემდებარებიან. შესაბამისად, ყველა ასეთი გზავნილი პირდაპირ უპირისპირდებოდა ჭეშმარიტ მოძღვართა მიერ გამოთქმულ სიტყვებს.

 

თავი 14

       მხ. 1. 'მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინ. ხსენებული ისრაელის უხუცესები, განმმარტებელთა აზრით, მე-8 თავში დასახელებული უხუცესებისგან განსხვავდებიან. ისინი შესაძლოა, სხვადასხვა დასახლებიდან იყვნენ ჩამოსულნი. ეზეკიელთან მათი სტუმრობის მიზეზზე არაფერია ნათქვამი. მხ. 3. 'ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო? ჟამთა სვლის პარალელურად ეზეკიელის სახლში უხუცესებისა თუ რიგითი იუდეველების სტუმრობა სულ უფრო ხშირად ხდებოდა. მოცემულ შემთხვევაში უხუცესები წინასწარმეტყველთან იერუსალიმში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით მიემართებიან. მაგრამ უფალი უცხადებს ეზეკიელს, რომ მასთან მისული ადამიანები კერპთაყვანისმცემლები არიან. ამიტომაც უზენაესი არათუ მათი სურვილისამებრ მოიქცევა და დედაქალაქის ბედს გაამხელს, არამედ უკაცრესი სიტყვებით განაქიქებს სტუმრად მოსულთა გაუკუღმართებებს. მხ. 12-20. ეზეკიელის თანამედროვე იუდეველები, უწყოდნენ რა წმინდა წერილში აღწერილი მოვლენები, ათი მართალი ადამიანის შემთხვევაში უკეთურებით გამორჩეული ქალაქების გადარჩენის შესახებ, ფიქრობდნენ, რომ უფალი იერუსალიმში მცხოვრები სათნო პიროვნებების მიზეზით დაიხსნის წმინდა ქალაქს ქალდეველთა ხელიდან. საპირისპიროდ ამგვარი შეხედულებებისა წინასწარმეტყველი წარმოაჩენს, რაოდენ უკეთურებათა სიღრმეებში აღმოჩნდა იუდეა და ამიტომაც მისი დაღუპვა გარდაუვალი რეალობაა. ეზეკიელი იერუსალიმსა და იუდეაში არსებული ურჯულოების წარმოსაჩენად მართალი წესით მცხოვრებ სამ ადამიანს ასახელებს: ‘ეს სამი კაცი რომ აღმოჩნდეს მათ გარემოში - ნოე, დანიელი და იობი, თავიანთი სიმართლით გადაირჩენდნენ თავს, ამბობს უფალი ღმერთი. თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ, ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაარჩენდა, ქვეყანა კი გაუდაბურდებოდა". ნოე, დანიელი და იაკობი დასახელებულნი არიან, როგორც მართალი ადამიანები, რომლებმაც სყოველთაო უკეთურების დროს საკუთარი სიწმინდე შეურყვნელად დაიცვეს და სწორედ ამის საშუალებით გადაურჩნენ დაღუპვას.

       განმარტებელთა ნაწილი ხსენებულ დანიელში ვიღაც სხვა, გაცილებით ადრე მოღვაწე პიროვნებას ხედავს, თუმცა მათი მოსაზრება მცდარია. დანიელი აღნიშნული პერიოდისთვის (ეზეკიელის მიერ წინამდებარე სტრიქონების აღწერისას) დაახლოებით ორი ათეული წლის გადასახლებული იყო ქალდეაში და სიზმრების განმარტებითა და ზეგარდამო მიმადლებული სიბრძნის წყალობით მთელს იმპერიაში ცნობილი ადამიანი შეიმქნა. მხ. 22-23. ‘აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე. დაგავიწყებენ ყველაფერს, როცა მათ საქციელს და საქმეებს დაინახავთ, და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე, ამბობს უფალი ღმერთი". იუდეველი ხალხის გარყვნილებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და ისეთ წმინდა ადამიანებსაც კი, როგორებიც აქ დასახელებული პიროვნებები არიან, არ ძალუძთ, ვინმეს შეეწიონ. თუმცა უფალი იუწყება, რომ იერუსალიმი მთლიანად არ დაიღუპება დარჩნენ მასში გადარჩენილნი. მიზანი მათი გადარჩენისა ისაა, რომ დანარჩენმა საზოგადოებამ ამ ადამიანების საშუალებით გულისხმაჰყოს იერუსალიმის მკვიდრების მძიმე ზნეობრივი მდგომარეობა და მიხვდეს, როგორი მრავლისდამთმენი ყოფილა უზენაესი.

 

თავი 15

       წინამდებარე თავი მცირე ზომისაა, 8 მუხლისგან შედგება. ეზეკიელი იუდეველ ხალხს ვაზის ხეს ადარებს, რომელიც არავის არაფერში არგებს. მისგან ისეთი უმნიშვნელო ნივთიც კი არ გამოვა, როგორიც კავია. საბოოლოოდ წინასწარმეტყველი უსარგებლო და უნაყოფო ვაზს ცეცხლით განადგურებას ჰპირდება.

 

თავი 16

       ესაია წინასწარმეტყველის მიხედვით, იერუსალიმი, სანამ მეძაობას დაიწყებდა, სიმართლისა და სამართლიანობის ქალაქად, უფლის მთად იწოდება. ამოსი აღნიშნავს, რომ იუდეველი ერის ცხოვრებაში აღთქმული ქვეყნისკენ მოგზაურობის წლები იყო იდეალური, ოსია ცოდვისმიერი მიდრეკილებების მოჭარბებას მოგვიანებით პერიოდს უკავშირებს, იერემიამ იცის დრო, როცა იუდეველი ხალხი, მსგავსად სასიძოს მიდევნებული პატარძლისა, სიყვარულით იყო გამსჭვალული უზენაესისადმი. ყველა ზემოთ წარმოდგენილი ცნობის საპირისპიროდ ეზეკიელი იერუსალიმის უკეთურებას (იგულისხმება ზოგადად იუდეველი ერის უკეთურება) მისი ჩვილობის ასაკიდან ხედავს: კერპმსახურება ერის ჩამოყალიბების პროცესის თანმდევი მოვლენაა და იგი ეგვიპტეში დაიწყო. უკეთური მიდრეკილებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველივეს ლოგიკური დასასრული იერუსალიმის დაცემაში უნდა გამოვლინდეს. წინასწარმეტყველი იერუსალიმს შერეული ქორწინების შედეგად შობილ არასასურველ ბავშვს ადარებს. ცნობილია, რომ ისრაელმა სემისაგან მიიღო დასაბამი. რაც შეეხება იერუსალიმს, სანამ მას მეფე დავითი დაეუფლებოდა, ქანაანელთა საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ქანაანელები არა სემის, არამედ ქამის ჩამომავლები იყვნენ. იერუსალიმის პირველველბინადარნი იებუსეველები იყვნენ.

       მხ. 3. ‘და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი". ამორეველები ძირითადად მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ, თუმცა მათი ნაწილი მეორე მხრესაც სახლობდ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც იუდას ტომს ხვდა წილად. ამორეველები დანარჩენ ქანაანელ ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვან და განვითარებულ ეთნოსს წარმოადგენდნენ. ისინი გარყვნილებასა და უზნეობაშიც ყველას აღემატებოდნენ და სწორედ მათგან გამოვიდნენ სოდომისა და გომორის მკვიდრნი. ხეთები ეგვიპტური და ასურული წყაროების მიხედვით, ევფრატსა და ორონტს შორის ცხოვრობდნენ, თუმცა მათი გავლენა ქანაანამდეც ვრცელდებოდა.

       მხ. 4. ‘შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ". ეზეკიელი იუდეველ ერს ახლადშობილ და დედის მიერ მიტოვებულ ჩვილს ადარებს, რომელიც არც განბანილია, არც ჭიპლარი აქვს მოკვეთილი და მოკლებულია სასიცოცხლო აუცილებელ პირველად ზრუნვის საშუალებებს. მხ. 6. 'ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! უფალმა შემთხვევით ჩაიარა იმ მიდამოში, სადაც მშობლებისაგან მიტოვებული ყრმა იმყოფებოდა (იგულისხმება ეგვიპტე) იპოვა იგი და მშობლის მზრუნველობა არ მოაკლო მას. მხ. 8. 'ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი. ამჯერად გვერდზე მეორედ ჩავლის შესახებაა საუბარი. განმარტებელთა აზრით, აღნიშნული მოვლენა სინას მთასთან მოსეს დროს აღესრულა, როდესაც იუდეველ ხალხსა და უზენაეს შორის რჯული დაიდო. მხ. 11. 'სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი". მხ. 15-19. 'დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი..."

       მეძაობაში უპირველეს ყოვლისა კერპმსახურება იგულისხმება. ძალა, სიმდიდრე, მზარდი ცნობადობა... რის გამოც იუდეველი ერი საკუთარი ზეციური მეუფის მადლიერი უნდა ყოფილიყო, საპირისპიროდ ამისა თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების წყაროდ იქცა. მეზობელ წარმართულ სახელმწიფოებთან თანაცხოვრების შედეგად ისრაიტელებმა მათი ზნე-ჩვეულებანი, კულტურა, რელიგიური შეხედულებანი შეითვისეს. სოლომონის მმართველობის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ვიდრე ქალდეველთაგან განადგურებამდე ებრაელები ყველა მათთვის ცნობილ კერპმსახურების სახეობას ეხმიანებიან და დაუბრკოლებლად ითვისებენ. ხდება ისეც, რომ გარკვეულ ჟამს ერთგვარი სულიერი გამოფხიზლების დრო ჩამოდგება, თუმცა იგი საკმაოდ ხანმოკლეა და ყოველ ასეთ ჯერზე გაუკუღმართებათა ახალ მორევში იძირებიან. მხ. 20-22. ‚წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა! შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად. ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი". აღნიშნული რიტორიკული შეკითხვა წარმართული უკეთურებების ყველაზე ამაზრზენი მსახურებებიდან იუდეველთა მიერ ათვისებულ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის რიტუალს უკავშირდება, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვეული მოვლენა იყო. ყველაზე მეტად ამგავრ მსხვერპლს ამონეველთა მთავარ ღვთაებას მოლოქს სწირავდნენ. იუდეველებმა დიდი მონდომებით მიბაძეს წარმართებს და საკუთარ წიაღში უკეთურების ხსენებული ფორმა დანერგეს, განსაკუთრებით ახაზის მეფობის პერიოდიდან. მოსეს რჯულის თანახმად, ადამიანის მსხვერპლშეწირვა აკრძალული იყო . თუმცა არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული აკრძალვა უძველესი დროიდან მოყოლებული ირღვეოდა და მსგავსად წარმართებისა იუდეველები იაჰვესთვისაც კი ცდილობდნენ ადამიანთა მსხვერპლად მიტანას. მახვილით მოკლულ ყრმას ‚ცეცხლში ატარებდნენ", რაც გულისხმობს იმას, რომ ცეცხლსი აგდებდნენ (მოლოქის შემთხვევაში, ხსენებული კერპის გახურებულ მუცელში აგდებდნენ). მხ. 23-29. ისტორიული კუთხით მოღალატე მეუღლის სიძვის ობიექტად ეგვიპტე დასახელებული. იუდეველთა ნაცნობობა ეგვიპტურ კულტებთან უძველეს წარსულში იღებდა დასაბამს და 400 წლიან მონობაში ყოფნას უკავშირდებოდა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არა მარტო სულიერი, არამედ პოლიტიკური მეძაობაც მოიაზრება.

       მხ. 38. 'დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას. უზენაესი იუწყება, თუ რა ეკუთვნის ამგვარი ცოდვების ჩამდენს: „და მე განგსჯი შენ მრუშთა და სისხლამღვრეულთა სახელით". იუდაური კანონი მრუშისა და მსიძავის ქვებით ჩაქოლვას ითვალისწინებდა. სიკვდილი ელოდა უმიზეზოდ სისხლის დამღვრელსაც. ქალაქი იერუსალიმი, მსგავსად მრუშისა და მსიძავისა, ქალდეური კატაპულტებიდან გატყორცნილ ქვებს შეეწირა. მხ. 46. 'შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად. ეზეკიელი სამარიას იერუსალიმის უფროს დად სახელდებს,  სოდომს - უმცროსად,  რითიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ ზნეობრივ სახეს. იერუსალიმის უფროს და უმცროს დებად სამარია და სოდომი არა დროის, არამედ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების სიდიდის მიხედვითა და ისტორიული მნიშვნელობის მიხედვით იწოდება. წინასწარმეტყველი ყველა დასახელებულ ქალაქს ერთ სიბრტყვეში განიხილავს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იერუსალიმმა დანარცენ ორს უკეთურების გმნაში დიდად გაუსწრო.

 

თავი 17

       წინამდებარე თავში მორიგი იგავია გადმოცემული. განსხვავებით წინა თავში ნაუწყები მოვლენებისგან, სადაც ეზეკიელი მოახლოებული უბედურების სულიერ მიზეზე საუბრობდა, ამჯერად პოლიტიკური და სამხედრო საკითხებია გაანალიზებული. დროის ისტორიული ვითარება იმგვარია, რომ ყოველდღიურად მზარდი ბაბილონის იმპერიისგან დამოუკიდებლად არსებობა იუდეველთათვის შეუძლებელი მოვლენაა, მაგრამ ამავდროულად ქალდეველთა მორჩილების უღელი არცთუ მძიმე სატარებელი იქნება, როგორც ამას წინასწარმეტყველი მიუთითებს იგავში. ღმერთს, რომელიც რჩეულ ერს იფარავს, სურს, იუდეველებმა აღნიშნული უღელი ნებსით იტვირთონ, მაგრამ მეფე სედეკიამ, სუსტი ნებისყოფისა და პოლიტიკურად ახლომხედველმა იერარქმა, საღვთო ნმების მორჩილებას ეგვიპტის ფარაონ ოფრასთან კავშირი არჩია. სწორედ ამის შესახებაა უწყება იგავის პირველ ნაწილში (მხ. 1-4). მხ. 1-4. 'იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ძეო კაცისავ! მიეცი გამოცანა და შეუთხზე იგავი ისრაელის სახლს: უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს. მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო. ეზეკიელი აღწერს, როგორ მოფრინავს დიდი ზომის არწივი, მიდის ლიბანში და მიაქვს კედრის კენწერო. პირველი არწივი ნაბუქოდონოსორს განასახიერებს. რატომ მიფრინავს იგი ლიბანში, თუკი საუბარი იუდაზეა? ლიბანი, როგორც ცნობილია, განთქმული იყო კედრის ხის ჯიშებით და სწორედ მისგან აიგო იერუსალიმის სამეფო სასახლე, რომელიც სიმბოლურად მთელს იუდეას განასახიერებს. არწივის მიერ მოწყვეტილი კედარის მწვერვალი 597 წელს მეფე იექონიასთან ერთად ბაბილონში გადასახლებული საზოგადოების არისტოკრატიული ნაწილის სიმბოლოა. მხ. 5. 'აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით. თესლში და განტოტილ ვაზში მეფე სედეკია იგულისხმება (იოშიას მე-3 შვილი), რომელიც ბაბილონის მეფესთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო.

       მხ. 7. 'იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.  ხსენებული არწივი განსხვავდება პირველი არწივისგან და მასში ეგვიპტის ფარაონი ოფრა მოიაზრება. სწორედ მასთან დაამყარა სედეკიამ მეგობრული კავშირი, რათა ბაბილონური საფრთხე აერიდებინა. მხ. 8. 'მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.

       ეზეკიელი ამბობს, რომ ხსენებულ ვაზს საუკეთესო ადგილი ჰქონდა ნაყოფის გამოსაღებად, არ სჭირდებოდა მორწყვა, მოვლა და ძალუძდა, ბრწყინვალე ნაყოფი მოესხა. მხ. 10. 'აჰა, დარგულია, მაგრამ თუ იღორძინებს? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეძგერება? იმ კვალშივე გახმება, სადაც აღმოცენდა. ეზეკიელი ნაბუქოდონოსორს აღმოსავლეთის ქარს ადარებს, რომლის სიმხურვალე და სიმშრალე ნებისმიერ მცენარეს დაღუპვას უქადდა. მხ. 11. 'იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი". წინამდებარე თავი ორ ნაწილად იყოფა, პირველი ნაწილი (მხ. 1-10), რომელშიც უშუალოდ იგავია მოთხრობილი და მეორე ნაწილი, სადაც წინასწარმეტყველი იმავე იგავის განმარტებას გვთავაზობს. მხ. 12. 'უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.

       იგულისხმებიან მეფე იექონია და მასთან ერთად გადასახლებული იუდეველები. მხ. 13-14. 'აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე და აღთქმა დაუდო; ფიცში შეიყვანა და წაასხა ძლიერნი ქვეყნისა, რომ დამდაბლებულიყო სამეფო და არ გაამაყებულიყო, რომ დაეცვა მისი აღთქმა და გადარჩენილიყო. მოცემულ შემთხვევაში სედეკიაზეა მითითება, ვისთანაც ნაბუქოდონოსორმა ერთგვარი ხელშეკრულება დადო. იოშიას შვილს ბაბილონელი ხელმწიფის მორჩილება დაევალა, ხოლო ერთგულების წილ იუდეის მართველობა გადაეცა. მორიგ მუხლებში ეზეკიელის სწორედ სედეკიას მიერ აღსრულებულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე მიუთითებს, როდესაც ამ უკანასკნელმა ეგვიპტისკენ დაიწყო სწრაფვა და მათი ცხენებითა და ეტლებით მოისურვა ბაბილონური ძალის მოგერიება. თუმცა ეზეკიელი აქვე განმარტვას, რომ სედეკიას მცდელობა ფუჭია, ფარაონი მას ვერაფერში შეეწევა. წინასწარმეტყველი იოშიას მესამე შვილს (სედეკიას) დაპატიმრებას და საპყრობილეში წაყვანას უწინასწარმეტყველებს. იგივე ბედი ელის იუდაურ ჯარს: ისინი განადგურდებიან და გაიფანტებიან. მხ. 22-23. 'ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ. ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს.

       მიუხედავად უბედურებისა, რომელიც სედეკიას და დავითის მთელ სამეფოს ეწია, დადგება ჟამი, როდესაც მაღალ მთაზე დარგული კედარი გაიხარებს და იყვავილებს. განმარტებელთა აზრით, ეზეკიელი მესიის შესახებ საუბრობს. ბოლო მუხლები კი მომავალი მესიის საყოველთაო მმართველობის შესახებ გვამცნობენ.

ტეგები: bible, holly, old_testament, qwelly, აღთქმა, ბაბილონი, განმარტება, დანიელი, ეზეკიელ, ეზეკიელ_წინასწარმეტყველი, მეტი...ეზეკიელის_წინასწარმეტყველება_განმარტება, თეოდორიტე, იერონიმე, ნეტარი, პალესტინა, ძველი, წერილი, წინასწარმეტყველი, წმინდა

ნახვა: 1044

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 1 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters