მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას აუცილებელია მისი პერიოდიზაცია, ანუ საზოგადოების მიერ განვლილი ცხოვრების გზის ეტაპებად — პერიოდებად დაყოფა.

      ისტორიის პერიოდიზაციის კვლევისას შემდეგი საკითხია გასარკვევი: როგორ ვითარდებოდა ამ მიმართულებით ისტორიული აზრი, ანუ ძველი, თუ ახალი ხანის ისტორიკოსები რას უდებდნენ საფუძვლად ისტორიის ცალკეულ პერიოდებად დაყოფას, და როგორია მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ყველაზე უფრო გავრცელებული თეორიები?

      დღეისათვის მსოფლიო ისტორიის მრავალი პერიოდიზაცია არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქის თუ ისტორიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კაცობრიობის განვლილი გზის პერიოდიზაციის განსხვავებულ პრინციპებს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ.

      მართლაც, კაცობრიობის წარსული ცხოვრების პერიოდიზაცია, სულ სხვადასხვა მახასიათებლებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ისტორია შეიძლება დავყოთ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს გავრცელებული, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, საბრძოლო და სამეურნეო იარაღის, საკულტო და საცხოვრებელ ნაგებობათა არქიტექტურის განვითარების მიხედვით; აგრეთვე იმ ძირითადი მასალის (მაგალითად ქვა, ლითონი და ა.შ.) მიხედვით, რომელსაც ადამიანები თავიანთი სამეურნეო და საბრძოლო იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ (არქეოლოგების მიერ შეთავაზებული პერიოდიზაცია) და სხვ.

      ყველა მსგავსი პერიოდიზაცია წარმოდგენას გვიქმნის, ან შეგვიქმნის კაცობრიობის ისტორიული განვითარების ცალკეულ მხარეებზე, თუმცა სრულად ვერ ასახავს მისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ამ პრობლემისადმი გამართლებულია უფრო ზოგადისტორიული მიდგომა: საჭიროა მსოფლიო ხალხების ისტორიიდან ისეთი უმთავრესი, ძირეული მომენტების გამოყოფა, რომლებიც ერთგვარ წყალგამყოფს წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში.

      ისტორიის ასეთი ძირეული მომენტების გამოყოფა, უმთავრესი ნიშნულების დასმა, რომლის მიხედვითაც წინაპართა მიერ განვლილი გზა პერიოდებად დაიყოფოდა, ადამიანთა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ძალზე შორეულ წარსულში დაიწყო. ამას ისტორიის სტიქიური, ანუ თავისთავადი, მეცნიერული ანალიზის გარეშე აღმოცენებული პერიოდიზაცია უნდა ეწოდოს. სტიქიურ პერიოდიზაციას საფუძვლად ის მოვლენები დაედო, რომლებიც ადამიანს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ყველაზე მეტად აღელვებდა. მაგალითად, როდის, როგორ და რა თანმიმდევრობით შექმნეს ღმერთებმა ან ღმერთმა სამყარო, დედამიწა, ცოცხალი ბუნება და ადამიანი? ასე წარმოიშვა სტიქიური პერიოდიზაციის ყველაზე ადრეული სქემა: სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ.

      საინტერესოა, რომ ყველა ამ ტიპის პერიოდიზაციაში პირველი პერიოდი, ანუ სამყარო ღმერთის მიერ ადამიანის შექმნამდე, აგრეთვე იყოფა ქვეპერიოდებად: ღმერთის (ან ღმერთების) მიერ წყლისა და ხმელეთის შექმნა, ღმერთის მიერ მცენარეული საფარის, ცხოველებისა და ფრინველების გაჩენა და ა.შ. ამ პერიოდების თანმიმდევრობა სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

      უძველესი ადამიანი მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირას ცხოვრობდა, ამიტომ დიდი წყალდიდობა მისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო.

      ასეთ პირობებში დედამიწის სულ სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ხალხებში გაჩნდა გადმოცემები საყოველთაო წყალდიდობის — წარღვნის შესახებ, რომლის შემდეგ ადამიანთა საზოგადოების ისტორია ხელახლა დაიწყო. ასე წარმოიშვა კაცობრიობის ისტორიის სტიქიური პერიოდიზაციის დამატებითი ათვლის წერტილი: წარღვნამდელი და წარღვნის შემდგომი ხანა.

      ცეცხლის დამორჩილება კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ნახტომი იყო. მართლაც, ცეცხლის დამორჩილება სხვადასხვა სახით მრავალი ხალხის მითოლოგიაში აისახა. ზოგიერთმა მითმა იმ ლეგენდარული გმირების სახელებიც კი შემოგვინახა, რომლებმაც ადამიანებს ცეცხლი აჩუქეს. ძველბერძნულ თქმულებებში ასეთად პრომეთე გვევლინება. ძველი ჩინელებისთვისაც ცეცხლის დაუფლება და ცეცხლზე საჭმლის მომზადება, სახლის აგებასთან ერთად, სახელმწიფობამდელი ისტორიის ის უმთავრესი მიღწევა იყო, რომელიც საზოგადოების მეხსიერებას მითების სახით შემორჩა. ამიტომაც ცეცხლის დაუფლება სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთ ნიშნულად შეიძლება მივიჩნიოთ: ადამიანები ცეცხლის დამორჩილებამდე და ადამიანები ღმერთებისაგან ცეცხლის მოტაცების შემდეგ (ბერძნული ვერსია), ანდა ვინმე ბრძენკაცის მიერ ცეცხლის დამორჩილებისა და თანატომელებისათვის ამის სწავლების შემდეგ (ჩინური ვერსია).

      თანამედროვე ადამიანიც კი, ძირითადად, წინაპართა ორ: მშობლების, და ბებია-პაპების თაობას იცნობს. ძველი ადამიანისთვის ამ თაობებზე ადრე მცხოვრები წინაპრები მხოლოდ გადმოცემებში არსებობდნენ. რაც უფრო დაშორებული იყვნენ წინაპრები მის ეპოქას, ძველი ადამიანის თვალში ისინი სულ უფრო გმირულ სამოსელში იმოსებოდნენ და ნახევარღმერთებად იქცეოდნენ. განვლილი ცხოვრების თაობებად დაყოფა სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთი და საყოველთაოდ გავრცელებული ფორმაა.

      თანდათანობით ისტორიის თაობების მიხედვით დაყოფის პრინციპი ადამიანებმა ღმერთებზეც გაავრცელეს. ღმერთების თაობებით პერიოდიზაციის კლასიკური მოდელი ძველბერძნულ წარმართულ პანთეონში გვხვდება, სადაც ურანისა და გეას თაობა და უზენაესი მმართველობა მათი შვილების: კრონოსის და რეას და შვილიშვილების — ზევსისა და ჰერას და მათი მრავალრიცხოვანი და-ძმებისა და შვილების თაობამ და უზენაესმა მმართველობამ შეცვალა.

      ადამიანს ზოგადად წარსულის იდეალიზაცია ახასიათებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც უძველესი ადამიანი იყო. მასაც, დღევანდელი ადამიანების უმეტესობის მსგავსად, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი შორეული წინაპრები ბევრად უკეთესები იყვნენ და უკეთესად ცხოვრობდნენ, ვიდრე მისი თაობა. კითხვაზე, თუ რატომ მოხდა ასე? — არსებობდა მარტივი პასუხი: თავდაპირველად ადამიანები ღმერთებს (ან ღმერთს) უჯერებდნენ, შემდეგ კი რაღაც შესცოდეს. ასე გაჩნდა ისტორიის სტიქიური პერიოდიზაციის კიდევ ერთი ათვლის წერტილი: ადამიანის ღმერთებთან (ან ღმერთთან) ჰარმონიული ცხოვრების ხანა და ადამინის მიერ ღმერთების განაწყენების შემდგომი პერიოდი.

      თაობების ცვლისა და ღმერთების განაწყენების პრინციპზე აგებული კაცობრიობის განვლილი გზის ერთერთი უადრესი პერიოდიზაცია ძველბერძენ სწავლულ ჰესიოდესთან გვხვდება. ჰესიოდემ ისტორია 5 თაობად დაჰყო, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლე ოთხ: ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა და რკინის ხანაში გაანაწილა. ოქროს ხანაში ადამიანები ღმერთებთან თანხმობით ცხოვრობდნენ, ამიტომ მათ არც გაჭირვება იცოდნენ და არც ავადმყოფობა. თანდათანობით ადამიანთა თაობები ღმერთებს დაშორდნენ და არ უჯერებდნენ. ამის გამო ღმერთებმა მათი ცხოვრება ავადმყოფობებითა და ომებით სულ უფრო და უფრო დაამძიმეს. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე, ჰესიოდეს აზრით, მისი ეპოქა — რკინის ხანა იყო.

      ღმერთისა და ადამიანის დამოკიდებულების მიხედვით, კაცობრიობის ისტორიის უძველეს ხანას ბიბლია სამ დიდ პერიოდად ყოფს: 1. ადამ და ევას ღმერთისადმი ყურისგდების, სამოთხეში ცხოვრების ხანა, 2. ღმერთის განაწყენების გამო ადამიანთა მოდგმის სამოთხიდან გაძევება და 3. ადამიანთა ცოდვების გამო ღმერთის განრისხება და კაცობრიობისათვის წარღვნის მოვლენა.

      ქრისტიანობამ "ახალი აღთქმის" სახით, კაცობრიობის ისტორიის ამ ნიშნით დაყოფას კიდევ ერთი პერიოდი დაუმატა: ღვთის მიერ საკუთარი ძის დედამიწაზე მოვლინებისა და მისი ჯვარცმით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის შემდგომი ეპოქა.

      სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ, ისტორიის ათვლა თავდაპირველად მეფეთა ზეობის ხანით ხდებოდა, რაც თაობებად პერიოდიზაციის თავისებურ სახეცვლილებას წარმოადგენს. ისტორიული დროის გარკვეულ მონაკვეთში სახელმწიფოს ერთი საგვარეულო, ანუ სამეფო დინასტია მართავდა, რომელსაც შემდგომში სხვა დინასტია ცვლიდა. ერთგვარი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ძველმა სწავლულებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ყოველი ახალი დინასტიის მმართველობა ძველი დინასტიის მმართველობისაგან განსხვავდებოდა (საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რეფორმები და ა.შ.). ასე ჩაეყარა საფუძველი ისტორიის პერიოდიზაციას უკვე მმართველი დინასტიების მიხედვით, სადაც ისტორიული ეპოქები დინასტიების მიხედვითაა გამოყოფილი, ხოლო თაობების ცვლა ამა თუ იმ დინასტიის მეფეთა რიგის მიხედვითაა მოცემული.

      ისტორიის მმართველი დინასტიების მიხედვით დაყოფა შეიძლება ისტორიის პირველ მეცნიერულ პერიოდიზაციადაც მივიჩნიოთ, ვინაიდან ეპოქების მმართველი დინასტიების მიხედვით დაყოფა, განსწავლულობას, ისტორიულ წყაროებზე მუშაობის გარკვეულ უნარს, რაც მთავარია, წარსულის თავისებურ მეცნიერულ სისტემატიზაციას მოითხოვდა.

      დინასტიების მიხედვით ისტორიის დაყოფის დღემდე ცნობილ უძველეს ნიმუშს ძველი ეგვიპტური პერიოდიზაცია წარმოადგენს, სადაც ღმერთებისა და ნახევრადღმერთების დინასტიების შემდეგ ეგვიპტის ფარაონთა 31 დინასტიის მეფეების რიგია მოცემული.

      ისტორიის პერიოდიზაციის სტიქიური და დინასტიური პრინციპების შერწყმის პირველი ცდა წიგნთაწიგნში—ბიბლიაში გვხვდება. ბიბლიაში სტიქიური პერიოდიზაციისათვის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნულები: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის შემდეგ; ადამიანის ღმერთთან ჰარმონიული თანაცხოვრების ხანა და ღმერთის განაწყენების შემდგომი პერიოდი; წარღვნამდე და წარღვნის შემდგომი ხანა, ისევე როგორც ეთნარქების თაობათა მიხედვით პერიოდიზაცია, შერწყმულია დინასტიების მიხედვით პერიოდიზაციასთან.

      ბიბლიამ, უფრო ზუსტად ძველმა აღთქმამ სამყაროს ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო: სამყარო ადამიანის შექმნამდე და ადამიანის შექმნის შემდეგ. რაც შეეხება, კაცობრიობის ისტორიას, ის ხუთ პერიოდად დაიყო: ადამიანთა სამოთხეში ცხოვრების ხანა, ადამიანის სამოთხიდან გამოძევებიდან წარღვნამდე პერიოდი, წარღვნა, წარღვნის შემდგომი პერიოდი, რომელშიც ბაბილონის გოდოლის შენების დაწყებაც მოიაზრება და ბაბილონის გოდოლის დარღვევის შემდგომი პერიოდი, როდესაც ბიბლიის მიხედვით იქამდე ერთენოვანი კაცობრიობა, ერთმანეთისაგან განსხვავებული ენების ხალხებად დაიშალა. თითოეული ამ პერიოდის შიგნით მოცემულია ეთნარქების თაობათა მონაცვლეობა, რასაც შემდგომ ებრაელი ხალხის მსაჯულებისა და მეფეების მონაცვლეობა მოსდევს.

      ისტორიის მეცნიერული პერიოდიზაციის ახალ ეტაპს ბერძნული წარმოშობის რომაელმა სწავლულმა კლავდიუს პტოლემაიოსმა დაუდო სათავე, რომელმაც კაცობრიობის განვლილი გზა პირველმა, პოლიტიკური ნიშნულით ოთხი წამყვანი სამეფოს, ანუ მონარქიის მონაცვლეობის მიხედვით, ოთხ დიდ ისტორიულ პერიოდად დაყო: ასურეთ-ბაბილონის, მიდია-სპარსეთის [იგულისხმება აქემენიანთა იმპერია], საბერძნეთ-მაკედონიისა და რომის იმპერიის.

      ისტორიის თითოეულ ამ პერიოდში არაერთი სხვა სახელმწიფოც იყო და მათ შესახებ კლავდიუს პტოლემაიოსმა, უეჭველად, იცოდა, მაგრამ ის მხოლოდ იმ სახელმწიფოებს გამოყოფს, რომლებიც, ისტორიის აღნიშნულ პერიოდებში, მისთვის ცნობილ სამყაროში მოწინავეობდნენ. კლავდიუს პტოლემაიოსისათვის, მსოფლიო სამეფოები რომის იმპერიის წარმოქმნამდე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, რომის იმპერიას კი მუდმივად უნდა ეარსება. ამის მიზეზი იოლი მისახვედრია: ის რომის იმპერიის სიძლიერის ხანაში ცხოვრობდა და იმპერიის დაცემა ვერ წარმოედგინა.

      კაცობრიობის ისტორიის ოთხ მსოფლიო მონარქიად დაყოფისა და რომის სახელმწიფოს მუდმივობის პრინციპი III-IV სს-ის მიჯნაზე მიიღო და დააკანონა ქრისტიანულმა ეკლესიამ. ასე მიეცა საბოლოო სახე რომის, როგორც იმპერიის უკვდავობის იდეას, რამაც დიდი გავლენა იქონია XV საუკუნემდელი ევროპის ისტორიულ აზროვნებაზე.

      ისტორიული პროცესის ასეთი გააზრების გამო, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა (476 წ.) თანამედროვეებმა ამ იმპერიის დასასრულად ვერ აღიქვეს და ევროპელ ხელმწიფეებში ყველაზე სანუკვარ პატივად კვლავაც რომის იმპერატორის გვირგვინი რჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ფრანკთა ხელმწიფე კარლოს დიდი, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან 300 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 800 წ. რომის იმპერატორად ეკურთხა. ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან თითქმის 500 წლის შემდეგ შეიქმნა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია, რომელმაც ფორმალურად 1806 წლამდე იარსება.

      აღმოსავლეთ რომის იმპერიამ — ბიზანტიამ არსებობა 1453 წ. შეწყვიტა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, "მესამე რომად" თავი მოსკოვის დიდმა სამთავრომ გამოაცხადა, რომლის მთავარმა ივანე IV მრისხანემ რომის კეისრის (იმპერატორის), იგივე ცეზარის — რუსული გამოთქმით ცარის ტიტული მიიღო.

      ბევრად უფრო ადრე, XV ს-ის დასასრულს, როდესაც ბიზანტიამ აღმოსავლეთში თავისი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგა, რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზია ქართველებმაც გამოაცხადეს. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს მეფემ გიორგი II-მ თავის ტიტულატურას "ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსის" ტიტულიც დაუმატა.

      IV-VII სს-ში ადგილი ჰქონდა "ხალხთა დიდ გადასახლებას", რაც მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე ახალი ხალხების გამოსვლით აღინიშნა. განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი, ხალხების ამოძრავებამ მთლიანად წალეკა ძველი ანუ ანტიკური სამყარო, მანამდე არსებული ცხოვრების წესი და არა მარტო შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, არამედ მსოფლიოს დიდ ნაწილში მკვეთრად დასწია ცოდნის და კულტურის დონე. ყოველივე ამის გამო, მომდევნო, სულ ცოტა ხუთ საუკუნეს ევროპისათვის ცოდნისა და კულტურის განვითარების თვალსაზრისით, პირობითად, "უმეცრების ხანაც" ეწოდება. XI ს-ის მიწურულიდან მსოფლიო ისტორიაში ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენას, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობებითაა ცნობილი. ამ ლაშქრობების დროს ათიათასობით ევროპელი რაინდი გაეცნო ბიზანტიას და მახლობელ აღმოსავლეთს და მათი მეშვეობით ბერძნულ-რომაულ კულტურას ეზიარა, რომელმაც თავი სწორედ მსოფლიოს ამ რეგიონში შემოინახა.

      ევროპელების მიერ ანტიკურ კულტურასთან ხელახლა ზიარებამ XII-XIII სს-ისათვის საფუძველი მოუმზადა კულტურის ისტორიის ახალ ეპოქას, რომელიც რენესანსის (აღორძინების) სახელითაა ცნობილი. ამ კულტურის შემოქმედებს ჰუმანისტებსაც უწოდებენ. ჰუმანისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც ანტიკურ ეპოქასა და მათ თანამედროვე ეპოქას შორის საუკუნეებს კაცობრიობის კულტურის უკანსვლის, სიბნელისა და უმეცრების ხანა უწოდეს. ამგვარად, მათ კაცობრიობის ისტორია სამ პერიოდად დაყვეს: ძველი, იგივე ანტიკური, შუა საუკუნეები, ანუ კაცობრიობის ისტორიის "შავბნელი ხანა" და ანტიკური კულტურული ტრადიციების აღორძინება-აღდგენის, იგივე რენესანსის, ანუ მათი თანამედროვე ეპოქა.

      ამგვარად, XV საუკუნისათვის, თანდათანობით, დამკვიდრდა კაცობრიობის ისტორიის ახალი პერიოდიზაცია, რომლის უპირატესობა მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის მანამდე არსებულ სისტემებთან იმაში მდგომარეობდა, რომ ის ისტორიის პერიოდებად დაყოფას საზოგადოების ცხოვრების ერთ-ერთი ზოგადი მახასიათებლით — კულტურით შეეცადა. კაცობრიობის ისტორიის ასეთ დაყოფას სამწევროვან დაყოფასაც უწოდებენ.

      აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა "ანტიკური, ანუ ძველი" ჰუმანისტებისათვის მხოლოდ ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორიასა და კულტურას ნიშნავდა. ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო არც სხვა ძველი ქვეყნებისა და რეგიონების ისტორია და არც კაცობრიობის ისტორიის ის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა, რომელიც სახელმწიფოს წარმოქმნამდე არსებობდა და რომელსაც თანამედროვე მეცნიერები პირობითად წინარეისტორიულ ან სახელმწიფოებამდელ ხანას უწოდებენ.

      სამწევროვანი პერიოდიზაციის აღიარებისთანავე არაერთი სირთულე იჩენს თავს. მაგალითად, ბუნებრივად ისმის კითხვა: რა ავიღოთ მიჯნად ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებს შორის? ან რომელი ისტორიული მოვლენა თუ მოვლენები მივიჩნიოთ შუა საუკუნეების დასასრულად და მსოფლიო ისტორიის ახალი ხანის დასაწყისად? ვინაიდან ისტორიის ანტიკური პერიოდის ბოლო ოთხ საუკუნეზე მეტხანს ამ სამყაროს დიდ ნაწილს რომის იმპერია აერთიანებდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ანტიკური, ანუ ძველი ხანის დასასრული მსოფლიო ისტორიის სამწვეროვანი პერიოდიზაციის მიმდევრებმა ქალაქი რომის დაცემას დაუკავშირეს.

      ამგვარად, პირველი თარიღი, რომელიც ისტორიის ძველ და შუა პერიოდებს შორის მიჯნად დასახელდა, გერმანელი ალარიხის მიერ ქ. რომის აღების თარიღი იყო — 410 წ.

      მოგვიანებით ანტიკურობის დასასრულის თარიღმა ერთი საუკუნით გადაიწია — 313 წ. ეს თარიღი რომის იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება. ეს უკვე ახალი ნიშნულის შემოტანას ნიშნავდა. ამავე ხანებში შუასაუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად 1453 წ. ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის, ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღი იქნა შეთავაზებული.

      ორივე ეს თარიღი მსოფლიო ისტორიის უეჭველად მნიშვნელოვანი წყალგამყოფია. მართლაც, 313 წ. რომის იმპერიაში ქრისტიანობის ნებადართულ რელიგიად გამოცხადება, ანტიკური სამყაროს ამ მოწინავე რეგიონში წარმართობის, როგორც ანტიკური პერიოდის იდეოლოგიის, დასასრულს მოასწავებდა. ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა როგორც ანტიკური, ანუ წარმართული საზოგადოების აზროვნების მოდელი, ისე მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი.

      რაც შეეხება ათასწლოვანი ბიზანტიის დაცემას, ეს მოვლენა ქრისტიანულმა სამყარომ, მათ შორის, საქართველომაც უდიდეს ტრაგედიად აღიქვა. მით უფრო, რომ თურქ-ოსმანები საბოლოოდ გაბატონდნენ დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთთან (ინდოეთი, ჩინეთი) დამაკავშირებელ მაგისტრალებზე. ამან დასავლეთ ევროპას ახალი გზების ძიებისაკენ უბიძგა, რასაც შედეგად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მოჰყვა.

      მესამე თარიღი, რომელიც სამწვეროვანი პერიოდიზაციის მიმდევრებმა ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების მიჯნად დაასახელეს, გერმანული წარმოშობის რომაელი სარდლის ოდოაკრის მიერ რომის ბოლო იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების და რომის, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების საბოლოოდ შეწყვეტის წელია — 476 წ. დღეს ეს თარიღი აღნიშნული პერიოდიზაციის მომხრეთა შორის ყველაზე უფრო გაზიარებულია.

      ბევრად უფრო რთული შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გამიჯვნა აღმოჩნდა, ვინაიდან კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ერთ-ერთი ზემოთ უკვე ნახსენები "დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებია", რომელმაც დედამიწის შესახებ ახალ ცოდნას და კაცობრიობის გამთლიანებას დაუდო საფუძველი.

      მსოფლიო ისტორიაში ეს იმდენად მნიშვნელოვანი წყალგამყოფია, რომ XVIII ს-იდან ისტორიკოსთა ერთმა ნაწილმა ის შუა საუკუნეების დასასრულად და ახალი ხანის დასაწყისად მიიჩნია.

      ვინც ,,დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს” შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად იღებს, ისტორიული პერიოდების გამიჯვნა-დახასიათებისათვის უპირატესობას პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებელს ანიჭებს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები პოლიტიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლად იმიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ მან საფუძველი დაუდო კოლონიალური იმპერიების შექმნას და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური სისტემის თანდათანობით ჩამოყალიბებას.

      XVI ს-ის დასაწყისში (1517 წ.) ევროპაში დაიწყო რეფორმისტული მოძრაობა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის რეფორმას ისახავდა მიზნად. ეს შუასაუკუნეობრივი ევროპის სულიერი ცხოვრების საფუძვლის, კათოლიკური ეკლესიისათვის იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ ისტორიკოსთა ნაწილმა რეფორმაციის დასაწყისი შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად მიიჩნია.

      როგორც ვხედავთ, ისტორიის ძველი, შუა და ახალი პერიოდების გამმიჯნავ თარიღებს შორის განსხვავება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ, რა მახასიათებლებს მივანიჭებთ უპირატესობას. მაგალითად, თუ ჰუმანისტების მსგავსად, ძირითად მახასიათებლად კულტურას ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ სხვა თარიღებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, თუ მახასიათებლად რელიგია-იდეოლოგიას ავიღებთ — სხვას, თუ გეოგრაფიულ-ეკონომიკურ ფაქტორს (გეოგრაფიული აღმოჩენები, საზოგადოებაში დოვლათის დაგროვება და ა.შ.) — სხვას და თუ პოლიტიკურს (ქალაქის, ან ქვეყნის აღება-დანგრევა, ან პირიქით, აშენება-დაარსება, ქვეყნის გამთლიანება-დაშლა) — სხვას, მაგრამ იმისათვის, რომ აქ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელიმეს ან რამდენიმეს ერთად მივანიჭოთ უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი. ამას ძირითადი მახასიათებლის განსაზღვრა ჰქვია.

      თუ ამ კუთხით ანტიკური ხანის სახელმწიფოებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ, მიუხედავად ანტიკური სახელმწიფოების გეოგრაფიულ-რეგიონალურ-ეთნიკური მრავალფეროვნებისა, რამაც, ბუნებრივია, პოლიტიკური წყობის განსხვავებული ვარიაციები მოგვცა, მაინც იკვეთება ის ძირეული საერთო ნიშნები, რომელიც მოჭარბებულად მხოლოდ ისტორიის ამ პერიოდის სოციალურეკონომიკურ სისტემას და კულტურას ახასიათებს და, რაც მას სხვა ისტორიული პერიოდებისაგან განასხვავებს.

      ამის უკეთ გასაგებად, აუცილებელია კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდის მოკლე დახასიათება. მართლაც, რა წესები თუ კანონები განაპირობებდა ამ საზოგადოების ცხოვრებას? როგორი იყო მისი ტექნიკისა თუ ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების დონე? მისი ფილოსოფიური თუ რელიგიური წარმოდგენები?

      ანტიკური ხანა კაცობრიობის ისტორიის ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებამ წინარეისტორიული, ანუ სახელმწიფოებამდელი მდგომარეობიდან ისტორიულ, ანუ სახელმწიფოებრივ ხანაში შეაბიჯა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა, რაც სახელმწიფოს შექმნაში გამოიხატა.

      ანტიკურ საზოგადოებაში ადამიანები ორ დიდ კატეგორიად იყოფოდნენ: საზოგადოების წევრებად, ანუ თავისუფალ და საზოგადოების მიღმა მყოფ, არათავისუფალ ადამიანებად, ანუ მონებად. თავისუფლებიც უფლებებით ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. სრულუფლებიან საზოგადოების წევრს მკვიდრი, მოქალაქე წარმოადგენდა. შეზღუდული უფლებების "თავისუფალს" არამკვიდრები და სხვადასხვა დროს მოსული ადამიანები ქმნიდნენ, რომლებიც, უმეტესად, ეთნიკურ-რელიგიურ თემებად ცხოვრობდნენ. ამ კატეგორიას განთავისუფლებული მონებიც ავსებდნენ.

      კაცობრიობის ისტორიის ანტიკური პერიოდი, მისი მომდევნო შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით, მოქალაქეებს, ანუ ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას წოდებრივი ნიშნით არ ყოფდა. ბუნებრივია, ანტიკურ საზოგადოებაშიც, წარმომავლობა ადამიანებს შორის განსხვავებას ქმნიდა, მაგრამ ეს ძირითადად არა წოდებრივ პრივილეგიებში, არამედ წინაპრების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ სიმდიდრესა და გავლენაში გამოიხატებოდა, ამიტომაც გამოჩენილი და სახელოვანი წინაპრები ანტიკური პერიოდის ადამიანისათვის უდიდესი სიამაყისა და თავმოწონების საგანი იყო. მან ზეპირად იცოდა თავისი წინაპრების ხანდახან ათეული თაობის წარმომადგენელთა სახელები და თითოეული მათგანის მიერ ჩადენილი გმირობისა და დიადი საქმეების შესახებ, დაწვრილებითა და სიამაყის გრძნობით აღვსილი, მოუთხრობდა ნაცნობებსა თუ უცნობებს.

      სიმდიდრე-სიღარიბისა თუ თანამდებობრივ-იერარქიული კიბის სხვადასხვა საფეხურზე ყოფნის მიუხედავად, ანტიკური საზოგადოების მოქალაქეები კანონის წინაშე თანაბარნი იყვნენ. ამით ეს საზოგადოება საოცრად წააგავს თანამედროვეს, ოღონდ ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავებით — მას ახასიათებდა ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების უდაბლესი დონე.

      იმავდროულად, არათავისუფალი, ანუ მონა ანტიკური საზოგადოებისათვის ადამიანად არ განიხილებოდა, ის ანტიკური საზოგადოების მიღმა იდგა, მას არავითარი უფლებები არ ჰქონდა და კანონის მხოლოდ ობიექტი იყო. მონები ასრულებდნენ ყველა სახის სამუშაოს, რასაც მათ უბრძანებდნენ.

      ანტიკური ცივილიზაციის წამყვან ქვეყნებში: ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში — პოლისებში და რომის სახელმწიფოში მონების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი დოვლათის ძირითად მწარმოებლებადაც კი იქცნენ.

      იმჟამად არსებული სოციალური ინსტიტუტებით, უფრო ზუსტად, მათი აღმნიშვნელი ტერმინებით თუ ვეცდებით მსოფლიო ისტორიის ანტიკური პერიოდისათვის სახელის შერქმევას, მას უფალ-მონობის ხანა შეიძლება ვუწოდოთ.

      ანტიკური პერიოდი, ძირითადად, კაცობრიობის წარმართობის ხანა იყო, როდესაც ადამიანები მრავალ ღმერთს ეთაყვანებოდნენ.

      ისტორიის ანტიკური პერიოდი ქალაქური ცივილიზაციის ხანა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტიკური საზოგადოების ცხოვრების ცენტრი ქალაქი იყო, განვითარებული ხელოსნობით, ვაჭრობითა და ფულის მიმოქცევით.

      უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ქალაქური ცხოვრებისა და ვაჭარ-ხელოსნობის განვითარების შედარებით მაღალი დონე, ეკონომიკის ბაზარზე ორიენტირებულობა, და განსაკუთრებით გაცხოველებული საგარეო ვაჭრობა, ისევე, როგორც ამის თანმდევი ფულის ინტენსიური ბრუნვა, არის ის უმთავრესი ნიშანი, რაც გამოარჩევს კაცობრიობის ისტორიის აღნიშნულ პერიოდს შემდგომი, შუა საუკუნეების ეპოქისაგან, განსაკუთრებით, შუა საუკენეების ადრეული ეტაპისაგან და რაც ანტიკურ სამყაროს კვლავაც თანამედროვე ეპოქას ამსგავსებს.

      სხვადასხვა რეგიონებში, განსხვავებული პოლიტიკური წყობილების, თუ სხვა თავისებურების მიუხედავად, ანტიკური ქვეყნები ერთიან, შეკრულ სამყაროს ქმნიდნენ, რომელსაც მყარი პოლიტიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები აერთიანებდა.

      ანტიკურ სახელმწიფოებს ჰქონდათ მეტ-ნაკლებად მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნოლოგიური საფუძველი და რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები.

      რამ განაპირობა ისტორიის ანტიკური პერიოდის დასასრული?

      ზოგი ამას გარეშე ძალას უკავშირებს, რომელშიც ხალხთა დიდი გადასახლება იგულისხმება.

      ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: მართლაც განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ხალხების ამოძრავება გახდა მთავარი მიზეზი ძველი ცივილიზაციის დაღუპვის, თუ ეს მიზეზი უფრო ღრმად, თვით ამ საზოგადოების განვითარების თავისებურებებშია საძიებელი?

      ახალი ხალხების ისტორიის ასპარეზზე გამოჩენამ ანტიკურ სამყაროს მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა. განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი, სახელმწიფოებრიობის ჯერ არმქონე ხალხების ამოძრავებამ და ამის შედეგად ძველი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში გამეფებულმა განუკითხაობამ, მსოფლიოს უმთავრეს სავაჭრო-საქარავნო გზებზე უსაფრთხოება მოშალა, რამაც ამ სავაჭრო გზებს კარგა ხნით მათი მნიშვნელობა დააკარგვინა. მსოფლიო ვაჭრობის მოშლამ ანტიკური სამყაროს ეკონომიკური უკანსვლის უკვე დაწყებული პროცესი უფრო დააჩქარა. ეკონომიკურ უკანსვლაში პირველ რიგში ვაჭრობის, ხელოსნობის და ფულის მიმოქცევის მნიშვნელოვნად შემცირება იგულისხმება, რასაც ანტიკური ქალაქების დაკნინება, სოფლებად გადაქცევა ან სულაც გაქრობა მოჰყვა.

      მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ანტიკური საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ნგრევის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, თვით ამ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ. საქმე ისაა, რომ ანტიკური საზოგადოების დაქვეითება ახ. წ. III ს-დან დაიწყო, ხალხთა დიდი გადასახლება კი IV ს-დან. ასე რომ, ეს მოვლენა მხოლოდ დაქვეითების პროცესის დამაჩქარებლად და დამასრულებლად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მიზეზად. მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა: ანტიკურ სამყაროში მოსახლეობისა და საზოგადოების მოთხოვნების ზრდა შეუსაბამობაში აღმოჩნდა იმჟამინდელი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან, რომლებიც, თავიანთი განვითარების ფრიად დაბალი დონის გამო, ამ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდნენ.

      რომის სახელმწიფოს შემოსავალი ვაჭრობიდან, წარმოებიდან და სოფლის მეურნეობიდან, ანუ ის გადასახადები, რასაც რომის მოქალაქეები თუ დაქვემდებარებაში მყოფი რეგიონები სახელმწიფოს უხდიდნენ, ვერ ფარავდა სახელმწიფოს სულ უფრო მზარდ ხარჯებს. მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ხარჯები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე შემოსავლები. ტექნიკის დაბალი დონე, მონური შრომის, ანუ წარმოების გაუმჯობესების ინტერესის არმქონე მწარმოებლის ფონზე, წარმოების განვითარებისა და ინტენსიფიკაციის გზით, შემოსავლების გაზრდის საშუალებას არ იძლეოდა. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების გაზრდის ორი გზა რჩებოდა: დაპყრობითი ომები ან მოსახლეობისათვის გადასახადების დამძიმება.

      დაპყრობითი და, საერთოდ, ომები დიდ ხარჯებს და დიდ ადამიანურ რესურსებს მოითხოვდა. უნდა ითქვას, აგრეთვე, რომ რომის იმპერიამ ახ. წ. II საუკუნეში თავის მაქსიმალურ საზღვრებს მიაღწია. ახალი სამხედრო წარმატებები თვისობრივად ახალი ტიპის შეიარაღებას და ჯარს მოითხოვდა. ეს კი ანტიკური ცივილიზაციის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გადასახადების ზრდაც, რომელიც მეურნეობისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობიდან კი არ გამომდინარეობდა, არამედ სახელმწიფოს მხრივ თვითნებურად მოქალაქეებისაგან წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი თანხის ამოღებას ისახავდა მიზნად, მხოლოდ დროებით ეფექტს იძლეოდა. ასე უსაფუძვლოდ გაზრდილი გადასახადები ერთი-ორი წლით სახელმწიფო შემოსავალს კი ზრდიდა, მაგრამ მწარმოებელს აჩანაგებდა და შესაბამისად, მომავალში მისგან გადასახადის აკრეფას შეუძლებელს ხდიდა. ბუნებრივია, ყოველივე ეს მყისიერად არ მომხდარა, მაგრამ კრიზისი უკვე, როგორც აღვნიშნეთ, ახ. წ. III საუკუნეში დადგა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმპერიის ქალაქებში ვაჭრობა-ხელოსნობის თანდათანობით შემცირებასა და მოსახლეობის გაღარიბებაში გამოიხატა.

      ასეთ ვითარებაში ქალაქის მოსახლეობამ თავის რჩენის მიზნით, ნელ-ნელა სოფელს მიაშურა, სადაც მსხვილი მიწათმფლობელების ლატიფუნდიებში — დიდ და ვრცელ მამულებში დასახლდა, მათ სამსახურში შევიდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.

      ყოველივე ზემოთქმული, წარმოდგენას გვიქმნის ანტიკური ეკონომიკური წყობის ნგრევის მიზეზებზე, მაგრამ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას, როდის დაიწყო შუა საუკუნეები, ზოგადად უნდა გავერკვეთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ ტერმინში, ანუ რა არის შუა საუკუნეების, როგორც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მონაკვეთის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები.

      ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც ძველი მსოფლიო მოიცვა, არსებული ანტიკური სოციალურეკონომიკური სისტემა თანდათანობით ახალი, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემით შეცვალა. მართლაც ძველი, ანტიკური იმპერიების განადგურებამ და უზარმაზარ სივრცეზე ბარბაროსული სახელმწიფოების წარმოქმნა-გაბატონებამ, არა მარტო მკვეთრად დასცა კულტურისა და ცოდნის დონე, არამედ ჯერ კიდევ ანტიკურ იმპერიებში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქალაქების დაკნინებასა და ფულის მიმოქცევის შემცირებაში გამოიხატა, საყოველთაო და შეუქცევადი გახადა. თუ ანტიკური იმპერიები ორ ეკონომიკურ ბოძს — სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობას ეყრდნობოდნენ, შეიძლება ითქვას, ერთი ბოძი ჩამოიქცა. ფულის სიმცირემ და ქალაქში თავის შენახვის შეუძლებლობამ, ქალაქის მოსახლეობას მასიურად სოფლისაკენ უბიძგა.

      ამგვარად, თუ ანტიკური ცივილიზაციის ეკონომიკური ცენტრი ქალაქი იყო, შუა საუკუნეების გარიჟრაჟზე, ეკონომიკური ცხოვრების მთავარი საყრდენი სოფელი გახდა. ხოლო რომაელ არისტოკრატთა ლატიფუნდიები, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, უპირველეს ყოვლისა, საბაზროდ, ანუ გასაყიდად მოჰყავდათ და ამით ამერიკაში, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მონის შრომაზე დამყარებულ პლანტაციებს მოგვაგონებდნენ, შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში თანდათანობით თვითკმარ, კარჩაკეტილ ნატურალურ მეურნეობებად გარდაიქმნენ.

      რას ვგულისხმობთ გამოთქმაში: ნატურალური მეურნეობა?

      ნატურალური მეურნეობა ბაზარსა და ყიდვაგაყიდვაზე ნაკლებად ორიენტირებული მეურნეობაა. მისი უმთავრესი მიზანი მიწის მუშაკისა და მიწის მეპატრონის გამოკვებაა. ასეთი მეურნეობა, ზოგადად, განუვითარებელ, ბარბაროსულ საზოგადოებებს ახასიათებთ, როგორიც იყვნენ კიდეც ისტორიის ასპარეზზე გამოსული ახალი ხალხები.

      ასეთივე მეურნეობა შეიძლება მეტ-ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებაშიც წარმოიშვას, მანამდე არსებული საბაზრო ურთიერთობების მძიმე ეკონომიკური კრიზისის შედეგად ნგრევის გამო, რასაც, როგორც ზემოთ შევეცადეთ გვეჩვენებინა, ადგილი ჰქონდა ჩვენ მიერ მაგალითად აღებულ რომის ანტიკურ იმპერიაში.

      ეკონომიკური ცხოვრების უკანსვლისა და ნგრევის მასშტაბებს მით უკეთ გავიაზრებთ, თუ დავაკვირდებით, რომ ანტიკურობისა და შუა საუკუნეების გასაყარზე ზემოთ განხილული ორივე შემთხვევის თანხვედრა მოხდა.

      ვინაიდან ფული საზოგადოებაში ფრიად მცირე იყო და მისი შოვნა წარჩინებულებსაც კი უჭირდათ, ამიტომ ადამიანები აღებ-მიცემობას უმრავლეს შემთხვევაში პროდუქტის პროდუქტზე გაცვლით, ანუ ნატურით აწარმოებდნენ. მაგალითად, ხელოსანი გლეხს უმზადებდა მისთვის საჭირო იარაღს, ვთქვათ — თოხს, მისგან კი, ფულის ნაცვლად, თოხის დამზადების საფასურს ხორბლით, ან სხვა პროდუქტით იღებდა, თანაც იმ რაოდენობით, რაზედაც წინასწარ ჰქონდათ შეთანხმება.

      ადრეშუასაუკუნეები ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში სწორედ ნატურალური მეურნეობის გაბატონებით დაიწყო. ნატურალური მეურნეობის ხასიათიდან და მიზნებიდან მისი კარჩაკეტილობა და თვითკმარობა თავისთავად გამომდინარეობს.

      ბუნებრივია, კარჩაკეტილია ეკონომიკა, რომელიც ბაზარზე და, შესაბამისად, გარე სამყაროზე ნაკლებადაა ორიენტირებული. მართლაც, ხშირი შემოსევებისა და რბევა აწიოკების კვალდაკვალ დიდი მამულები გამაგრებულ ჯუჯა სახელმწიფოებს დაემსგავსნენ საკუთარი ლაშქრითა და მმართველობით. მსხვილი მემამულეების სასახლეები და რომაული ტიპის ვილები კი ციხე-დარბაზებად იქცნენ. თითოეული მამული, ძირითადად, თვითონ აწარმოებდა ცხოვრებისათვის საჭირო პროდუქტებს თუ ნივთებს, ამიტომ ქვეყნის სხვა მხარეებზე ნაკლებად იყო დამოკიდებული. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც მეურნეობის თვითკმარობაზე ვსაუბრობთ.

      ბარბაროსთა შემოსევებმა ამგვარ სისტემას, რომის იმპერიის საზღვრებში, სახე ძირითადად იმით უცვალა, რომ ძველი რომაული არისტოკრატიის ნაცვლად ახლა გერმანელ ტომთა ბელადები და მეომრები აქცია მმართველ კლასად და მსხვილი მამულების ბატონ-პატრონად. ასეთ მამულებში ახალი წარჩინებულები თავიანთი დიდი ოჯახებითა და მთელი სახლეულით: მსახურებით, მოლაშქრეებით და ა.შ. სახლდებოდნენ.

      სახლეულის ერთიან აღმნიშვნელ ძველ ქართულ ტერმინად ტაძრეული იქცა, რაც ბატონის, მთავრის, მეფის სასახლეში მცხოვრებს, ბატონის მოლაშქრე-მხლებელს აღნიშნავდა. კიდევ უფრო ნიშანდობლივია რუსული ტერმინი დვორიანე, რომელიც თავდაპირველად "დვორ"-ში, ანუ ეზო-სასახლეში მცხოვრებს გულისხმობდა, შემდგომ კი, ზოგადად, ფეოდალური კლასის, ანუ თავადაზნაურობის აღმნიშვნელი გახდა.

      მართლაც, ფულის მიმოქცევის შემცირების ფონზე ხელისუფლებისათვის (მთავარი, მეფე და ა.შ.) ძნელი ხდებოდა ტაძრეულისათვის — სამოხელეო აპარატისა და ლაშქრისათვის — ხელფასის გაცემა, რის გამოც, ხელფასის ნაცვლად მათ გამოსაკვებად დროებით სარგებლობაში მიწას: სოფელს ან სოფლებს აძლევდა.

      მიწით დაჯილდოებული პირი თავის სამფლობელოში მთელი თავისი ოჯახითა და მსახურებით სახლდებოდა, ხოლო იქ მის მისვლამდე მცხოვრები მიწის მუშაკი ახლად მოვლენილი მიწის მესაკუთრის განკარგულებაში გადადიოდა. ამის შემდეგ მიწის მუშაკისა და მიწის მესაკუთრის ურთიერთობა შემდეგნაირად ეწყობოდა: მიწის მუშაკი მესაკუთრის მიწით სარგებლობის გამო ვალდებული იყო საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლის ნაწილი მესაკუთრისათვის ეწილადა, ანუ ისიც ერჩინა.

      თავდაპირველად, ევროპასა და საქართველოში ფეოდალებს სამსახურის პირობით მიცემული მიწები დროებით სარგებლობაში ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, სამეფო ხელისუფლების შესუსტებისა და ზოგ შემთხვევაში საერთოდ გაქრობის შედეგად — მემკვიდრეობით მფლობელობაში დარჩათ.

      ასე ჩაეყარა საფუძველი დასავლეთ ევროპაში ფეოდალურ სისტემას. სახელწოდება ლათინური სიტყვა "ფეოდიდან" მოდის. ასე, მემკვიდრეობით გადაცემის უფლებამინიჭებულ ბენეფიციუმს უწოდებდნენ. ფეოდიდან ტერმინი ფეოდალიზმი შეიქმნა, რაც ზოგადად შუა საუკუნეების ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი სოციალურ-ეკონომიკური სისტემების აღსანიშნავადაც გამოიყენება.

      ფეოდალური საზოგადოება წოდებრივი საზოგადოება იყო. ის, რეგიონალური თავისებურებებისდა მიუხედავად, ყველგან რამდენიმე სოციალურ წოდებად იყოფოდა და ყოველ წოდებას გამოკვეთილი უფლება-მოვალეობები ჰქონდა, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობით ან ადათჩვევებით იყო განმტკიცებული. საკუთრივ ფეოდალები, როგორც სამხედრო-სამოხელეო ფენა, ქვეყნის მართვას და კანონიერების დაცვას უზრუნველყოფდნენ, სამღვდელოება საზოგადოების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, გლეხობა კი ამ ორ მაღალ წოდებას ემსახურებოდა. ძველი ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, არისტოკრატია ხმალს იქნევდა, სამღვდელოება ლოცულობდა, გლეხობა კი მათ გამოსაკვებად ოფლს ღვრიდა.

      ნიშანდობლივია, რომ ამ გამონათქვამში ქალაქის მოსახლეობა საერთოდ არ იხსენიება, ვინაიდან ფეოდალური ეპოქის გარიჟრაჟზე ქალაქის მოსახლეობა, ანუ ვაჭარ-ხელოსნობა ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელო როლს ასრულებდა.

      შუა საუკუნეების მიწის მუშაკი — გლეხი, თავდაპირველად, თავისუფალი ადამიანი იყო და ფეოდალისაგან სხვაგან წასვლა შეეძლო. მისი მოვალეობებიც — ბეგარაგადასახადი, თუ მემამულის ყანაში გაწეული სამუშაო, იმ მიწით სარგებლობით იყო განპირობებული, რომლის უზენაეს მესაკუთრედ მემამულე მიიჩნეოდა.

      ბუნებრივია, გლეხს სხვაგან წასვლისა და მემამულის მიწის მიტოვების შემთხვევაში, მიწის მეპატრონის მიმართ მოვალეობებიც ეხსნებოდა. მოგვიანებით, მუშახელისა და მიწის მუშაკის მიერ შესატანი ბეგარა-გადასახადების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, ფეოდალებმა გლეხების ერთი ბატონისაგან მეორესთან, თუ საერთოდ სხვაგან (მაგალითად, ქალაქში) წასვლა, შეზღუდეს. ასეთ შეზღუდვებს მეფეები დროდადრო კანონის სახეს აძლევდნენ. საბოლოოდ გლეხს ბატონისაგან წასვლა აეკრძალა, გაქცევის შემთხვევაში კი, მისი ძებნა დაწესდა. ამას მიწის მუშაკის დაყმევება ჰქვია.

      სხვადასხვა რეგიონებში თუ ქვეყნებში გაქცეული გლეხის ძებნისა და უკან დაბრუნების სხვადასხვა ვადები არსებობდა. რუსეთში გლეხს გაქცევის შემთხვევაში მუდმივად ეძებდნენ და მის შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ძველ პატრონს უბრუნებდნენ. საქართველოში გლეხს ყველაზე უმეტეს ოცდაათი წელი ეძებდნენ.

      გლეხის, ანუ ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის დაყმევებით, შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ანტიკური ხანისაგან, სადაც მკვიდრი მიწის მუშაკი, თავისუფალი მოქალაქე იყო. რაც შეეხება მონას, ის როგორც გვახსოვს, ანტიკურ სამყაროში არა თუ მოქალაქედ, არამედ ადამიანადაც არ მოიაზრებოდა. ამ ნიშნით შუა საუკუნეები მნიშვნელოვნად განსხვავდება ახალი ისტორიისაგანაც, როდესაც მიწის მუშაკი კვლავ ყმობისაგან განთავისუფლებული ფერმერი ხდება.

      გლეხის დაყმევებისა და იძულების ფორმები ყველგან ერთგვაროვანი არ იყო და ეს განსხვავება მხოლოდ გაქცეული გლეხის ძებნის ვადებით როდი ამოიწურებოდა.

      ქართველი გლეხი, ევროპელი მიწის მუშაკის მსგავსად, საგლეხო მამულს — ფუძეს იყო მიმაგრებული, რომელიც მას მუდმივ მემკვიდრეობით მფლობელობაში წასვლისა და გაყიდვის უფლების გარეშე ჰქონდა. მიწის უზენაეს პატრონად ფეოდალი განიხილებოდა, მაგრამ გლეხი, შეიძლება ითქვას, მუდმივი მოიჯარე იყო. გლეხის გაყიდვა-გასხვისება მხოლოდ მის მთლიან სამეურნეო ერთეულთან — მამულთან ერთად იყო შესაძლებელი. ასე რომ, გაყიდვის შემთხვევაში გლეხი უბრალოდ პატრონს იცვლიდა და ახალი პატრონის მიმართ ძველი ბეგარასამსახურის შესრულებას აგრძელებდა. რაც შეეხება მის მიწამეურნეობას — ის კვლავ მის მემკვიდრეობით მფლობელობაში რჩებოდა. გლეხის ოჯახის წევრების ცალ-ცალკე და უმიწოდ გაყიდვას საქართველოში კანონი კრძალავდა. იგივე წესით ხდებოდა ყმა გლეხის გაჩუქება, მზითვში მიცემა.

      გლეხის დაყმევების უფრო მსუბუქი ფორმა მუსლიმურ ქვეყნებში შემუშავდა, სადაც, მაგალითად, ოსმალეთში გლეხი — რაია გადასახადს იყო მიმაგრებული და არა მიწას. შესაბამისად, მას სხვაგან წასვლა არ ეზღუდებოდა. გადასახადი რაიას — გლეხს მეპატრონისათვის უნდა გადაეხადა, ოღონდ ამას სოფელში ყოფნით მოახერხებდა თუ სხვაგან წასვლით, მისი საქმე იყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაფანტულ და გაქცეულ რაიებს — გლეხებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეძებდნენ და პოვნის შემთხვევაში მათ კვლავაც უკან, სოფელში აბრუნებდნენ. ყველაზე უფრო მძიმე, თითქმის მონის მსგავს მდგომარეობაში რუსი გლეხი "კრესტიანინი" იმყოფებოდა. ის უშუალოდ არა მამულს, არამედ ბატონს და საცხოვრებელ ადგილს — თემს იყო მიმაგრებული.

      გადასახადიც რუსეთში გლეხს და მის მამულს კი არა, თემს ჰქონდა შეწერილი. მაგალითად, თუ თემში ათი გლეხი ცხოვრობდა და თემის გადასახადი 10 რუბლი იყო, შესაბამისად, თითოეულ გლეხზე 1 რუბლი მოდიოდა. მაგრამ გლეხის გაქცევის შემთხვევაშიც თემის გადასახადი კვლავ 10 რუბლი რჩებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლა თითოეულ გლეხზე უკვე 1,11 რუბლი მოვიდოდა. ამიტომ თანამეთემეები ერთმანეთს უთვალთვალებდნენ, რომ შემთხვევით ვინმე არ გაქცეულიყო. ყველაზე მძიმე რუსი კრესტიანინის მდგომარეობაში, რაც მას უფლებრივად ანტიკური პერიოდის მონასთან აახლოვებდა, მიწის ნაკვეთზე მუდმივი მფლობელობის უფლების არქონა იყო. მართლაც, მიწის ნაკვეთი "კრესტიანინს" მუდმივ სარგებლობაში როდი ჰქონდა. თემი სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ მიწების ხელახალ გადანაწილებას ახდენდა და ერთი გლეხის მინდორი ახლა მეორის ხელში გადადიოდა. ამიტომ გლეხის გაყიდვის შემთხვევაში მებატონე მას, ბუნებრივია, მიწისა და მამულის გარეშე ჰყიდდა. ასე რომ, გლეხის ოჯახის დანგრევა და ცოლ-ქმრის ან შვილებისა და მშობლების ცალ-ცალკე გაყიდვა ჩვეულებრივი რამ იყო. ახალ მებატონეს ნაყიდი გლეხი საკუთარ მამულში მიჰყავდა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის სულ სხვა ბოლოში ყოფილიყო და გაყიდულ გლეხს თავის სიცოცხლეში ცოლ-შვილი ვეღარც ენახა.

      საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობაც ფეოდალური ურთიერთობის საფუძველზე გაფორმდა. ეკლესია-მონასტრები მრავალ სოფელს და მამულს ფლობდნენ, რომლებიც მათ, ძირითადად, მეფე-მთავართაგან შეწირულობის გზით ჰქონდათ მიღებული.

      ხშირად მთავრები ბერებს სამონასტროდ ისეთ მიწებს უბოძებდნენ, რომელზედაც ჯერ კიდევ თავისუფალი მიწის მუშაკი სახლობდა. მონასტრის აგების შემდეგ ასეთი მიწის მუშაკი მონასტრის ყმა-გლეხად იქცეოდა. ეკლესია-მონასტრებისათვის მთელი სოფლების იქ მცხოვრები ყმა-გლეხებით შეწირვაც ხომ ფეოდალური საზოგადოების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი იყო. მართლაც, სოფლებსა და გლეხებს ფეოდალები სწირავდნენ სულის მოსახსენებლად, პარაკლისის გადასახდელად და ა. შ.

      ასე თანდათან წარმოიქმნა საზოგადოება, რომლის ქვაკუთხედს მსხვილი მიწათმფლობელი და მასზე დაქვემდებარებული, მიწის ნაკვეთს, პატრონს ან გადასახადს მიმაგრებული, არათავისუფალი წვრილი მიწათმოქმედი წარმოადგენდა.

      ვინაიდან ფეოდალური საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სამსახურის პრინციპზე იყო მოწყობილი, ამიტომ მისი ცხოვრების წესი ხშირი ომიანობა, თავდასხმები, ურთიერთქიშპი იყო. ასეთ ვითარებაში მცირე მამულის მფლობელი აზნაურები მთავრებში დამცველ ძალას ხედავდნენ და მათ მფარველობაში შედიოდნენ. მფარველობაში შესვლა მფარველის მიერ მიწის წყალობასაც გულისხმობდა. მფარველს ევროპაში სენიორი, სიუზერენი, ქართულად კი უფალი, პატრონი, მოგვიანებით — ბატონი ეწოდებოდა. მფარველობაში შესულს ევროპაში ვასალი, საქართველოში კი ყმა ერქვა. ასეთ ყმას, როგორც წესი, თვითონაც ჰყავდა საკუთარი ყმები — მსახურები, რომლებისთვისაც ის, თავის მხრივ, უფალი-პატრონი იყო. ამიტომ კლასიკური გაგებით ფეოდალური საზოგადოება იერარქიული კიბის პრინციპზე იყო აგებული.

      ამ კიბის სათავეში მეფე იდგა, მის ქვემოთ მთავრები, ანუ ჰერცოგები, უფრო ქვემოთ გრაფები, საქართელოში დიდებული აზნაურები, ხოლო XV ს-დან თავადები; კიდევ უფრო ქვემოთ ბარონები, და რაინდები; საქართველოში — აზნაურები და მსახურები იყვნენ.

      ამგვარად, როგორც ვხედავთ, ევროპაში და, მათ შორის, საქართველოშიც, რომელიც შუა საუკუნეებში სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურის თვალსაზრისით, ტიპოლოგიურად ყველაზე დიდ სიახლოვეს სწორედ დასავლეთ ევროპასთან ავლენს, თვით ფეოდალური საზოგადოება თავის შიგნით კიდევ წოდებებად იყოფოდა.

      სოციალური კიბის ცალკეულ საფეხურზე მდგომ პირს თავისი სიუზერენი და, იმავდროულად, ვასალი ჰყავდა.

      ყველა წოდებას თავისი პრივილეგია ჰქონდა, რაც სამართლით იყო დაკანონებული. ამ წოდებების თითოეული წარმომადგენლის მოკვლის თუ ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში დაწესებული სასჯელი ძალზედ განსხვავებული იყო. საზოგადოების ასეთი დანაწილება, უპირველეს ყოვლისა, კანონთა კრებულებში — სამართლის წიგნებში და სასჯელის განსხვავებულ ნორმაში — სისხლის ფასში იყო ასახული. ევროპულ სამართალში მას ვერგელდი ეწოდებოდა.

      ხშირად ფეოდალურ საზოგადოებად მხოლოდ შუა საუკუნეების ისეთ საზოგადოებებსა და რეგიონებს მიიჩნევენ, სადაც სწორედ ასეთი მრავალსაფეხურიანი ვასალური სტრუქტურა ჩამოყალიბდა.

      თუმცა შუა საუკუნეების მთავარი თავისებურება ანტიკურ ხანასთან შედარებით ნატურალურ-კარჩაკეტილი და თვითკმარი ეკონომიკაა, რაც შეეხება ვასალურ-სენიორალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ეს ამ ტიპის ეკონომიკის ერთ-ერთ, მაგრამ სრულებით არასავალდებულო პირობად უნდა მივიჩნიოთ.

      ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არ წარმოქმნილა და მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების თავისებურებად დარჩა. მსოფლიოს უდიდეს ნაწილში სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიული ფენა ერთიან პრივილეგირებულ წოდებად ჩამოყალიბდა. მსოფლიო ისტორიამ ისეთი ქვეყნებიც იცის, მაგალითად, რუსეთი, სადაც, თავდაპირველად, ვასალურ-სენიორალური სტრუქტურა წარმოიშვა, მაგრამ შემდგომ მან ამ სახით არსებობა შეწყვიტა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიული ფენა ერთ წოდებად გაფორმდა.

      ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიის ანტიკური პერიოდის არ იყოს, შუა საუკუნეებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდებოდა.

      სქემატურად ეს ტიპოლოგიური განსხვავებები შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს: მიწა-მამულის ფლობის, ძირითადად კერძო საკუთრებაზე დამყარებული სისტემები და შერეული სისტემები.

      მიწა-მამულის ფლობის კერძო სისტემა ქვეყნის მმართველი სამხედრო არისტოკრატიის მიერ მამულის კერძო საკუთრებაში ქონას გულისხმობს, მისი თითქმის სრული განკარგვის, გაყიდვის, გაჩუქების და სხვ. ჩათვლით. ასეთი სისტემა ძირითადად ევროპაში და საქართველოში განვითარდა. ესაა კლასიკური გაგებით ფეოდალური სისტემა.

      შუა საუკუნეების ამ ვერსიის საფუძველი, როგორც ჩანს, ფეოდალური ურთიერთობების განვითარების ადრეულ საფეხურზე მეფის თუ მთავრის ხელისუფლების დასუსტებასა და, ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, საფრანგეთში, საქართველოში) ფაქტობრივ გაქრობაშია საძიებელი. მიწის ფლობის სახელმწიფო საკუთრებაზე დამყარებულ სისტემას, ვინაიდან ის მნიშვნელოვანწილად აღმოსავლეთში განვითარდა, აღმოსავლური შუა საუკუნეები შეიძლება ვუწოდოთ.

      აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურება ისაა, რომ აქ, ლენის — ბენეფიციუმის (იგივე იკტის) ევროპის მსგავსად გარდაქმნა ფეოდად და შემდგომ კერძო საკუთრებაში მყოფ მამულად, შეფერხდა. მაგალითად, ოსმალთა იმპერიაში გარკვეული პერიოდიდან ზიამეთის და თიმარის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება კი მიიღეს, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი შეზღუდვები იყო. მაგალითად, მამული მამიდან შვილზე გადაიცემოდა, შვილიშვილზე კი არა. თანაც მამიდან შვილზე გადაცემის შემთხვევაშიც სულთნის მხრივ, თუმცა, ფორმალური, მაგრამ მაინც თანხმობა იყო საჭირო სამხედრო არისტოკრატიას მამულების გაყიდვა და გასხვისებაც ეკრძალებოდა.

      ევროპული შუა საუკუნეებისაგან განსხვავებით აღმოსავლური შუა საუკუნეების თავისებურების საფუძველი, ალბათ, იმაშია საძიებელი, რომ აქ, აზიის უზარმაზარ კონტინენტზე მესაქონლე-მომთაბარეთა მკვიდრ ცხოვრებაზე გადასვლის პროცესი დროში ფრიად გაწელილად და მიწათმოქმედი რეგიონებისთვის ფრიად მტკივნეულად მიმდინარეობდა. ერთი მომთაბარე ხალხი დამკვიდრებას და მამულების დასაკუთრებას ვერ ასწრებდა, რომ მას მეორე ცვლიდა. ასე რომ, ძველი სამხედრო არისტოკრატიის მნიშვნელოვანწილად ამოწყვეტა და ახლის, მოსულის მიერ მიწის პერიოდული გადანაწილება მიწის კერძო ფეოდალური მფლობელობის განვითარებას ხელს, ბუნებრივია, არ უწყობდა. მიწის ყოველი გადანაწილების შემდეგ, მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩებოდა. სახელმწიფო მიწები კი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიაზე სახელმწიფოს მიერ სამოხელეო სამსახურის შესრულებისა და მოლაშქრეობის სანაცვლოდ გაიცემოდა, ამიტომ მიწის მფლობელობის ამ აღმოსავლურ სისტემას აღმოსავლურ, სამოხელეო ან კიდევ სახელმწიფო ფეოდალიზმსაც ეძახიან.

      თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმოსავლური შუა საუკუნეებისთვისაც უცხო როდი იყო მიწა-მამულზე კერძო საკუთრება. თვით ოსმალთა იმპერიაში ოჯახკლიკებად, ანუ სრული კერძო საკუთრების უფლებით არაერთი მამული იყო გაცემული, ვაკუფებიც — მუსლიმური სასულიერო წოდებისა და მუსლიმური ტაძრების — მეჩეთების მამულებიც სასულიერო წოდების უპირობო კერძო საკუთრებაში იყო.

      გარდა ამისა, აზიის უკიდურეს აღმოსავლეთშიც — იაპონიაში მიწა-მამულის, ძირითადად, კერძო საკუთრებაზე დამყარებული, ევროპული ფეოდალური სისტემის მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური წყობა განვითარდა. იაპონია ხომ კუნძული იყო და მომთაბარე დამპყრობლების შემოსევებისაგან მნიშვნელოვნად დაცული. ამიტომ იქ, დანარჩენი აზიისაგან განსხვავებით, მიწების ხშირ გადანაწილებას არ ჰქონია ადგილი.

      მესამე, შერეული სისტემის მაგალითად რუსეთი შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც კარგა ხანი ეს ორი სისტემა ერთგვარად თანაარსებობდა. მართლაც, ვოტჩინების, ანუ კერძო საკუთრებაში მყოფი მამულების გვერდით, რუსეთში მიწების დიდი ნაწილი სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიაზე პომესტიებად იყო გაცემული.

      პომესტიები მემამულე-მფლობელთა კერძო საკუთრებად არ მიიჩნეოდა. მათი გათანაბრება ვოტჩინებთან ანუ კერძო საკუთრებაში მყოფ მამულებთან საბოლოოდ მხოლოდ XVIII ს-ის მეორე ნახევარში მოხდა.

      ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეიძლება ჩამოვთვალოთ შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები: ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარი ხასიათი და ბაზარზე ნაკლებად ორიენტირებულობა; ქვეყნის მკვიდრი მიწის მუშაკის დაყმევება, ანუ მისთვის პირადი თავისუფლების შეზღუდვა; საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურა, როდესაც ერთ წოდებას, თუ ფენას კანონით, ან პრაქტიკით განმტკიცებული ადათით, მეორესთან შედარებით მეტი ან ნაკლები უფლებები და პრივილეგიები აქვს. ყველა ამ მახასიათებელს ერთდროულად არ უჩენია თავი. უპირველესი და მთავარი, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, ბაზარზე ორიენტირებული ანტიკური ეკონომიკის ნატურალურ-თვითკმარ ეკონომიკად გარდაქმნა და ქალაქიდან ცხოვრების ეკონომიკური ცენტრის პროვინციასა და სოფელში გადანაცვლება გახდა.

      ასე რომ, 476 წელი, ანუ გერმანელი ოდოაკრის მიერ დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორის გადაყენების თარიღი, ისტორიის ძველი, ანუ ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების გასაყარზე, რომის იმპერიის ვრცელ ტერიტორიაზე ეკონომიკური ცხოვრების წესში მიმდინარე საუკუნეებზე გაწელილი თვისობრივი ცვლილების გამოხატვის სიმბოლურ თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ.

      შუა საუკუნეებს ძირითადად სამ: ადრე, განვითარებულ და გვიან პერიოდებად ყოფენ. თუმცა ამ პერიოდების დაწყება-დასრულების მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონები დიდ განსხვავებას გვიჩვენებენ.

      ადრეშუასაუკუნეებად VI-IX სს-ებს მიიჩნევენ. ეს, ძირითადად მიწის მუშაკის დაყმევებისა და საზოგადოების წოდებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბების ხანაა. განვითარებულ შუა საუკუნეებად მსოფლიოს მოწინავე რეგიონებისათვის X-XIII სს. განიხილება, როდესაც ფეოდალური შუა საუკუნეები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, თავისი გაფურჩქვნისა და აყვავების მწვერვალს აღწევს. ხოლო XIV ს-დან კი შუა საუკუნეების გვიან ეტაპს გამოყოფენ, როდესაც ახალი ისტორიისათვის დამახასიათებელი კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობების ჩანასახები იწყებს განვითარებას.

      შუა საუკუნეების დასასრულისა და ახალი ისტორიის დასაწყისი თარიღის დადგენა, არანაკლებად რთულია. მართლაც, რითი განსხვავდება ისტორიის ახალი პერიოდი, შუა საუკუნეებისაგან და რა მოვლენებმა განაპირობა შუა საუკუნეების სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა და წარმოების წესის დასასრული?

      როგორც უკვე ვნახეთ, შუა საუკუნეები ნატურალური, თვითკმარი მეურნეობის საფუძველზე წარმოიშვა და, ბუნებრივია, ამ ტიპის ეკონომიკის კრიზისმავე იმსხვერპლა. ახალი ისტორია ქალაქების ზრდაზე, ფულის მიმოქცევისა და ვაჭრობის მკვეთრად გაძლიერებაზე, ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის წარმოქმნაზე აღმოცენდა. ამით ის შუა საუკუნეების საპირისპირო და იმავდროულად, ერთი შეხედვით, ანტიკური ეპოქის მსგავსია, თუმცა ტექნიკის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებით ანტიკურ ხანას ძალზე აღემატება.

      შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გასაყარზე ბაზარზე ორიენტირებული მეურნეობის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, მანუფაქტურული წარმოების აღმოცენება იგულისხმება. მანუფაქტურა, როგორც საწარმო, შუა საუკუნეების სახელოსნოსაგან განვითარდა და ასევე ხელით შრომას ეფუძნებოდა, თუმცა შუა საუკუნეების სახელოსნოსაგან განსხვავებით, ბევრად მეტ მუშახელს იყენებდა. მანუფაქტურის სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ ნაწარმს თავიდან ბოლომდე ერთი პირი კი არ ამზადებდა, როგორც ეს შუა საუკუნეების სახელოსნოსათვის იყო ძირითადად დამახასიათებელი, არამედ ეს პროცესი მუშებს შორის დანაწილებული იყო. თანამედროვე ტერმინოლოგიით, მანუფაქტურა ხელით შრომაზე დაფუძნებული კონვეირული ხაზი იყო, რამაც საზოგადოებას, ისტორიაში პირველად, საშუალება მისცა ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო მეტი პროდუქცია დაემზადებინა. მანუფაქტურებში ძირითადად თავისუფალი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც გაწეულ შრომაში ფულად ანაზღაურებას იღებდნენ.

      თანდათანობით ევროპის საზოგადოებაში "ახალი მდიდრები" მომრავლდნენ, რომლებიც თავიანთი წარმოშობით ფეოდალთა პრივილეგირებულ წოდებას არ მიეკუთვნებოდნენ. ისინი უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეების, იგივე ვაჭარ-ხელოსნების და ზოგჯერ თავისუფლებანაყიდი გლეხების წრიდან გამოდიოდნენ. ქალაქს ფრანგულად — ბურჟი ერქვა, ამიტომ საზოგადოების ამ გამდიდრებულ, მაგრამ ფეოდალური წოდებებისა და პრივილეგიების არმქონე ფენის უნივერსალურ სახელწოდებად ბურჟუაზია იქცა. ბუნებრივია, ბურჟუაზია იმთავითვე წოდებების მოწინააღმდეგე და კანონის წინაშე ადამიანთა გათანაბრების მოსურნე იყო. გამდიდრებულ ბურჟუაზიას უფლებებში ძველ არისტოკრატიასთან გათანაბრება სურდა, ამისათვის კი წოდებების გაუქმება იყო საჭირო. ახალ ეპოქაში, ცხოვრების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფულზე, უფრო ზუსტად, ძვირფას ლითონებზე — ოქროსა და ვერცხლზე მოთხოვნილება ძალიან გაიზარდა.

      მეტი ფულის ძიება მეწარმეს წარმოების გაზრდისაკენ უბიძგებდა, ამისათვის კი მეტი მუშახელი და ნედლეული იყო საჭირო. მუშახელისადმი მოთხოვნას ბატონყმური ქვეყანა, მიწას მიმაგრებული გლეხით, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფდა. ამან ევროპის მოწინავე ქვეყნებს გლეხების ბატონყმობისაგან განთავისუფლებისაკენ უბიძგა. ეს კი ფეოდალური შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ წარმოების წესს საფუძველს აცლიდა და ისტორიის ახალი პერიოდისათვის დამახასიათებელ ფულადსასაქონლო ურთიერთობებზე და თავისუფალ მუშახელზე დამყარებულ სოციალურ-ეკონომიკურ წყობას ამკვიდრებდა.

      წარმოების ახალი წესის შემოქმედები იყვნენ: ერთი მხრივ, წარმოებისათვის საჭირო ფულისა და ზოგადად წარმოების საშუალებების, ანუ კაპიტალის მფლობელი პირი, რომლის სახელად მოგვიანებით კაპიტალისტი (კაპიტალის მქონე) დამკვიდრდა და, მეორე მხრივ, თავისუფალი მწარმოებელი — მუშა, რომელიც წარმოების საშუალების არქონის გამო, თვისი თავის და ოჯახის სარჩენად, იძულებული იყო, კაპიტალისტს მიქირავებოდა და მის საწარმოში ხელფასისათვის ემუშავა.

      ანტიკური და ფეოდალურ-შუასაუკუნეებრივი წესისაგან განსხვავებით, წარმოების ამ ახალ წესს კაპიტალისტური ეწოდება. წარმოების კაპიტალისტურმა წესმა თანდათანობით მთლიანად შეცვალა შუასაუკუნეობრივი ადამიანის ცხოვრება და აზროვნება.

      ნედლეულის მოცულობის თვისობრივი გაზრდა მხოლოდ ნედლეულის ახალი წყაროების ხელში ჩაგდებით შეიძლებოდა. შორეული ქვეყნების ათვისების სურვილის რეალობად ქცევას კი ახალი სანაოსნო ტექნიკა უზრუნველყოფდა, რომელიც შორეული ზღვაოსნობის შესაძლებლობას იძლეოდა. ამას უკვე ზემოთ ნახსენები დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაემთხვა, რომელიც თურქ-ოსმანთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზების თურქ-ოსმალთა კონტროლქვეშ მოქცევაზე არანაკლებ, დასავლეთ ევროპის საზოგადოების ნედლეულზე მზარდმა მოთხოვნილებამ განაპირობა. ასე რომ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, როგორც მოვლენა ისტორიის ახალი პერიოდის დადგომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზი.

      ბურჟუაზია, თავიდანვე, შრომისმოყვარეობით, მომჭირნე, სადა და მოზომილი ცხოვრებით გამოირჩეოდა. მისთვის გაუგებარი და აღმაშფოთებელი იყო ფეოდალური საზოგადოების მფლანგველობა. კათოლიკური ეკლესიის წოდებრიობაზე დამყარებული იერარქია, გადამეტებული ფუფუნება და მრავალრიცხოვანი საეკლესიო დღესასწაულები, რომელიც ბურჟუაზიის თვალში დიდი ნაკლით გამოირჩეოდა — მის წარმოებაში დასაქმებულ მუშებს სამუშაო პროცესიდან წყვეტდა. ამან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპაში კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების მომხრეთა მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი. 1517 წელს გერმანელმა თეოლოგმა მარტინ ლუთერმა თავისი ცნობილი თეზისები გამოაქვეყნა. ლუთერის მიმდევრები პროტესტს უცხადებდნენ კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარქიულ მოწყობას და მოითხოვდნენ საეკლესიო მღვდელ-მსახურების გამარტივებას. ამიტომ ამ მოძრაობას პროტესტანტიზმი, იგივე რეფორმაცია ეწოდა.

      ყოველივე ზემოთქმულს თუ დავაჯამებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფეოდალური შუა საუკუნეების კვდომა და ისტორიის ახალი პერიოდის დაბადება, ისევე როგორც წინაისტორიული ეპოქების შენაცვლება, დროში გაწელილი პროცესი იყო. შუა საუკუნეებიდან ახალ ეპოქაში გადასვლა მანუფაქტურების წარმოქმნასთან ერთად, უკვე XIII ს-ში დაიწყო და თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა.

      დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ახალი მიწების აღმოჩენამ და დედამიწის გამთლიანებამ ისევე, როგორც დედამიწის მანამდე იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხების მსოფლიო ისტორიის ფერხულში ჩაბმამ, უკვე მიმდინარე ისტორიულ პროცესს დამატებითი მუხტი შესძინა.

      რაც შეეხება რეფორმაციას, ის პირველი, ბურჟუაზიული სულისკვეთებით გამსჭვალული მოძრაობა იყო, რომელიც ახალი ისტორიის მამოძრავებელი სოციალური ფენის, ბურჟუაზიის მისწრაფებებს გამოხატავდა. ამდენად, უფრო სწორი იქნება, თუ ახალი ეპოქის დადგომის სიმბოლურ თარიღად სწორედ პროტესტანტული მოძრაობის დასაწყისს — 1517 წელს მივიჩნევთ.

      XVI-XVIII სს. გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ევროპას ახალი კონტინენტები, განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხები გააცნო. ევროპელ მოგზაურებს მეცნიერები მიჰყვნენ, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ კაცობრიობის პირველყოფილი პერიოდი ამ ხალხების მაგალითზე ცოცხლად შეესწავლათ. ცოდნის ასეთმა გაფართოებამ მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციაში კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი პერიოდი და ახალი მახასიათებლებიც შემოიტანა. ეს ლუის მორგანის დამსახურებაა.

      ლუის მორგანმა კაცობრიობის ისტორია ორ დიდ პერიოდად დაყო — 1. გვაროვნული საზოგადოების ხანა, რომელიც საზოგადო, თემურ საკუთრებას ეფუძნება და 2. პოლიტიკური საზოგადოების ხანა, რომელიც კერძო საკუთრებას, ტერიტორიას და სახელმწიფოებრივ მოწყობას ეფუძნება.

      ამგვარად, ლუის მორგანი პირველი იყო, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის პირველყოფილი-თემური წყობილების ხანა აღმოაჩინა და მისი დახასიათება მოგვცა.

      მორგანმა ამ პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ ნიშნად გვარი, ანუ გვაროვნული წყობილება მიიჩნია. ასე რომ, მან ისტორიული პერიოდების გამიჯვნადახასიათებისათვის ახალი: სოციალური (გვაროვნული წყობილება) და ეკონომიკური (საკუთრების ქონა/არქონა) ფაქტორი წამოწია.

      მორგანის მოღვაწეობით, ისტორიის სამწვეროვან დაყოფას კიდევ ერთი, წინარეისტორიული ხანა მიემატა, თუმცა ძველი სახელი "სამწვეროვანი" ამ პერიოდიზაციას მაინც დარჩა.

      XIX ს-ის მეორე ნახევარში გერმანელმა მეცნიერებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა მორგანის შრომების გათვალისწინებით შექმნეს საზოგადოების განვითარების შესახებ ახალი მოძღვრება. მათ მოძღვრებას მარქსიზმი, ამ მოძღვრების მიმდევრებს კი მარქსისტები ეწოდებათ.

      კაცობრიობის ცალკეული ისტორიული პერიოდების დახასიათებისას, ძირითად, განმასხვავებელ ნიშნებად მარქსმა და ენგელსმა წარმოების, ანუ შრომის ორგანიზაციის სხვადასხვა წესი მიიჩნიეს, რომელიც საწარმოო ძალების განვითარების დონესა და წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმას ეფუძნება. მათი აზრით, როგორიც იყო საწარმოო ძალების განვითარების დონე, ისეთი იყო მათზე საკუთრების ფორმები და შრომის ორგანიზაციის წესიც.

      ამგვარად, პირველად კაცობრიობის ისტორიის პერიოდებად დაყოფისას ისტორიული ეპოქის მთავარ მახასიათებლად, საწარმოო ძალების განვითარების დონე და წარმოების ორგანიზაციის წესი გამოცხადდა, რასაც, როგორც ისტორიული ეპოქისათვის მთავარ და განმსაზღვრელ ფაქტორს, მარქსმა და ენგელსმა ბაზისი, ანუ საძირკველი უწოდეს, პოლიტიკური მოწყობის წესს, ისევე როგორც კანონმდებლობას, კულტურას, მეცნიერებას, იდეოლოგიას — კი ბაზისთან მიმართებაში ზედნაშენი, რომელიც ბაზისს ეფუძნება და, შესაბამისად, ბაზისის ცვლასთან ერთად იცვლება.

      ბაზისის და ზედნაშენის ერთობლიობის, ანუ ცალკეული ისტორიული პერიოდების აღსანიშნავად მათ ტერმინი ფორმაცია შემოიღეს და კაცობრიობის ისტორია ხუთ — ოთხ არსებულ და მეხუთე სამომავლო — ფორმაციად დაჰყვეს: პირველყოფილ-თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და კომუნისტური.

      აქედან პირველყოფილ-თემური ფორმაცია, იგივე მორგანისეული გვაროვნული საზოგადოებაა, სადაც წარმოების საშუალებები თემურ, ანუ საზოგადო საკუთრებაშია, რაც გამორიცხავს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მეორის ექსპლოატაციას.

      მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ ფორმაციებში კი წარმოების წესი წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას ემყარება. შესაბამისად, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც წარმოების საშუალებებს ფლობს, წარმოების საშუალებების არმქონე ნაწილს უწევს ექსპლოატაციას. კომუნისტური ფორმაცია, მარქსიზმის მიხედვით, სამომავლო ფორმაციაა, რომელიც პირველყოფილ-თემური წყობილების მსგავსად, კვლავაც საწარმოო საშუალებებზე საზოგადო საკუთრებას დაეფუძნება.

      მარქსიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XIX ს-ის II ნახევრისა და XX ს-ის მსოფლიოს ეკონომიკურ, ისტორიულ და პოლიტიკურ აზროვნებაზე. ის ოფიციალურ მოძღვრებად იქცა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთში, აგრეთვე, ევროპის, აზიის და ამერიკის რიგ ქვეყნებში.

      წარმოების საშუალებების ფლობა-არფლობის მიხედვით, პირველყოფილ-თემური და სამომავლო კომუნისტური ფორმაციის გამოკლებით, დანარჩენ სამ ფორმაციაში ანუ ისტორიულ პერიოდში, მარქსისტები განასხვავებენ საზოგადოებაში ორ დაპირისპირებულ, ანტაგონისტურ კლასს. მაგალითად, ანტიკურ პერიოდში: მონათ-მფლობელი და მონა; შუა საუკუნეებში — ფეოდალი და ყმა-გლეხი, ისტორიის ახალ პერიოდში — კაპიტალისტი და მუშა. ხოლო კაცობრიობის ისტორიის მამოძრავებელ ძალად ამ დაპირისპირებულ კლასებს შორის ბრძოლას მიიჩნევენ.

      მარქსისტების მიხედვით, ბოლო კომუნისტური ფორმაცია პირველყოფილი-თემურ წყობილებას იმით დაემსგავსება, რომ იმ შორეული დროისათვის გაქრება კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე და ეს საშუალებები ისევ მთელი საზოგადოების ერთიან კოლექტიურ მფლობელობაში გადავა. შესაბამისად, გაქრება დაპირისპირებული კლასებიც და მოისპობა ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლოატაცია. იმ საოცნებო ხანაში ყველა იშრომებს შესაძლებლობის მიხედვით, ანაზღაურებას კი მიიღებს მოთხოვნილების შესაბამისად.

      მარქსისა და ენგელსის უტოპიური იდეების ცხოვრებაში გატარება 1917 წლის რევოლუციების შედეგად შექმნილმა რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ — საბჭოთა კავშირმა სცადა.

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის გავლენით სახელმწიფო და საზოგადო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა დაინერგა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და მის მომიჯნავე ქვეყნების ნაწილში. კერძო საკუთრების გაუქმებამ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკა საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანა. ამას საბჭოთა კავშირის დაშლა და ე. წ. სოციალისტურ ქვეყნებში კერძო საკუთრებისა და კაპიტალისტური ეკონიმიკის აღდგენა მოჰყვა.

      XX ს-ში უკვე განხილულ ოთხ ისტორიულ პერიოდს: პირველყოფილ-თემური (ანუ გვაროვნული), ანტიკური, შუა საუკუნეები და ახალი, კიდევ ერთი, მეხუთე — უახლესი პერიოდი დაემატა.

      მართლაც, ისტორიკოსებმა შენიშნეს, რომ მათი თანამედროვე საზოგადოება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ისტორიის წინა, ახალი პერიოდის საზოგადოებისაგან, ამიტომ პერიოდს XIX ს. 60-70-იან წლებიდან დღემდე ისტორიის უახლესი პერიოდი უწოდეს.

      ამ შედარებით ხანმოკლე, საუკუნენახევრიან ეპოქაში უახლესი ისტორიის სპეციალისტები სამ ქვეპერიოდს გამოყოფენ: მსოფლიო ისტორია XIX ს. 60-70-იან წლებიდან 1945 წლამდე, ანუ II მსოფლიო ომის დასასრულამდე; მსოფლიო ისტორია 1946 წლიდან 1991 წლამდე — ცივი ომის პერიოდი და 1991 წლიდან დღემდე — ცივი ომის შემდგომი ხანა.

      უახლესი ისტორიის დასაწყისი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მრავალ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენებითა და რეფორმებით აღინიშნა. მათ შორის, ბატონყმობა გადავარდა და ბურჟუაზიული რეფორმები გატარდა რუსეთის იმპერიაში, რეფორმების გზით კაპიტალისტური განვითარების გზას დაადგა იაპონია, რეფორმები დაიწყო და I კონსტიტუცია მიიღო ოსმალეთის იმპერიამ, სამოქალაქო ომის შედეგად მონობა გაუქმდა აშშ-ში, ინგლისში გატარდა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და სხვ.

      მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია, რაც ოფიციალურად 1991 წლის დეკემბერში გაფორმდა. ეს ისტორიის უახლესი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა.

      მსოფლიო ისტორიის ზემოთ განხილული პერიოდიზაციების გარდა, ისტორიის სხვადასხვა დარგების სპეციალისტები კაცობრიობის მიერ განვლილი გზის არაერთ განსხვავებულ პერიოდიზაციას გვთავაზობენ, მათ ერთ ნაწილს ისტორიის შესაბამისი დარგების გაცნობისას განვიხილავთ. აქ კი მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სამწვეროვანი პერიოდიზაცია, რომელიც, როგორც ვნახეთ, ამასობაში ხუთწევროვანადაც იქცა, დღესდღეობით ისტორიკოსებში ყველაზე უფრო მიღებულია.

წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში
წიგნი I

თბილისი
2013

ტეგები: Qwelly, ისტორია, მსოფლიო_ისტორია, პერიოდი, ქველი

ნახვა: 7584

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters