საქართველოს საზღვრები - ივანე ჯავახიშვილი

Ivane Javakhishvili, Qwelly, historical, history of georgia, აღმოსავლეთ საზღვარი, ივანე ჯავახიშვილი, ისტორიული საზღვრები, იურიდიული საზღვრები, მეცნიერება, სამხრეთ საზღვარი, საქართველო, საქართველოს ისტორია, საქართველოს იურისდიქცია, საქართველოს საზღვრები, სახელმწიფო საზღვრები, ქველი, ჩრდილოეთი საზღვარი

◄ დასაწყისი

V თავი. სამხრთ-დასავლეთის სამზღვარი. მესხეთი ანუ ზემო ქართლი.

      საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ნაწილს საზოგადო სახელად ზემოქართლი ეწოდებოდა, საკუთრივ-კი და უფრო ხშირად მესხეთს ეძახდნენ და სწორედ ამ სახელით იქმნება იგი ქვემოთ ნახსენები ხოლმე.

      მესხეთი ბევრს სხვადასხვა სახელის მატარებელს თემს შეიცავდა. მესხეთის სანაპირო თემებად აღმოსავლეთითგან რომ მოვაყოლოთ შემდეგი ადგილები იყო: ჯაეახეთ-აბოცი, არტაჰან-კოლა, კლარჯეთი, ტაო-ოლთისი და თორთუმ-ისპირი. კლარჯეთის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის პირას ტრაპიზონამდის უკვე ლაზისტანი, ანუ ჭანეთი იყო.

§ 1. პალაკაციო, ანუ აბოცი და საქართველოს ამ სამზღვრის ხაზი.

      აბოცი ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობდა და ვითარცა მესხეთისა და ქვემო-ქართლის შუა მდებარე თემი ზოგჯერ მესხეთს ეკუთვნოდა. მაგრამ ხშირად მე-XVII-XVIII-ე ს. ში განსაკუთრებით ქვემო-ქართლის საზღვრებში იყო მოქცული.

      აბოცს ძველად პალაკაციოსაც ეძახდენ. შემდეგში-კი, თუნდა მაგ. ვახტანგ VI მეფის დროს. ყაიყული ეწოდებოდა. იგი "გამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა". (ვახუშტი. გეოგრაფია 148-150). აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან ,ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. (იქვე 148). ამავე უკანასკნელ სახელით არის ეს მთა ეხლაც ცნობილი. მას ჩრდილო-სამხრეთით აქვს მიმართულება, "მდებარებს სამხრიდამ ჩრდილოთ კერძ" (იქვე). მაღალია, "მარადის თოვლიანი და უტყეო და კალთათა ბალახოვანი" (იქვე).

      დასავლეთ-სამხრეთით აბოცს სამზღვრად აღაბას მთა ჰქონდა, რომელიც ერთის მხრით ტბა "პალაკაციოს (Чалдырское) და აბოცს" შორის მდებარეობდა და ამასთანავე იყო "საზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა (ვახუშტი. გეოგრაფია 150).

      ამ აბოცში მდებარეობდა "ყაზანჩი", რომელიც თურმე "იყო ქალაქი მცირე." (იქვე). ორივე სახელი ყაიყული და ყაზანჩიც ვითარცა ნაშთი ეხლაც არის საგეოგრაფიო სახელად შენახული რუკაზე. "ყაიყული-ყაზანჩის" სახით სწორედ ყარაღაჯის ქედსა და აღაბაბის მთას შორის მდებარე მაღლობ ვაკეზე.

      მაშასადამე, აბოცის სამხრეთის სამზღვარი იწყობა იქ, სადაც ირჯინის ანუ ყარა-დაჯისა და ბერდუჯის (ბეზობდალის) მთების შესაყარია აქეთგან ხაზი მიდის ბაბას მთების ქედ-ქედ დიდ აღბაბის მწვერვალამდე, შემდეგ უკვე საკუთრი მესხეთის სამზღვარი იწყება და იმ ძველად ყარსის მთებად წოდებული მთავარი წყალთგამყფელი მთების ქედს მისდევს, რომელიც მტკვრისა და ჭოროხის შემდინარეების აუზს არეზის აუზისაგან ჰყოფს და რომელნიც ამ ჟამად ჯერ ყარსის გუბერნიის არტაანის ოლქისა და ხოლო მერმე ოლთისის ოლქის სამხრეთ აღმოსავლეთს სამღვარს ჰქმნის. შემდეგ სამზღვარი მიდის ძველ დროს ირიჯლუს მთებად წოდებულ ჭოროხისა და არეზის შემდინარეების წყალთგამყოფელი მთების ქედზე, მერმე ჩრდილო-დასავლეთით უხვევს, სანამ ლაზისტანის სამზღვარს არ მიადგება.

§ 2. ტაო-ისპირის მოსახლეობა უძველეს დროს და VIII-XII ს. ს.

      უძველეს დროს ლაზისტანვით ტაო და ისპირიც ქართველთა ტომს ლაზებს (ხალიბებს) ეკუთვნოდა. მაგრამ მე-II ს. ქ. წ. სომხებმა მათ ტაო წაართვეს და ამის წყალობით აქ შერეული მოსახლეობა გაჩნდა. გაქრისტიანების დროსა ეს ქვეყანა თითქოს ისევ სომეხთა ხელში უნდა ყოფილიყო. სპარსეთ-ბიზანტიის. შორის მე-VI ს. გამწვავებული და ხანგრძლივი ომიანობისა და ხოლერის მსგავსი საშინელი მოარული მძვინვარების გამო თითქმის მთელს ზემო ქართლში, ანუ მესხეთში, განსაკუთრებით-კი სამცხეში. შავშეთ-კლარჯეთში და ტაოში, ხალხი თითქმის სრულებით მოისპო (იხ. ქართველი ერის ისტ. 1, 320, 327 333). სხვათა შორის ტაოში ყოფილი შერეული მოსახლეობაც ამოწყდა და თითქმის მთელი ტაო უდაბურ ტყით შეიმოსა. მხოლოდ მე-IX ს.-ში აქ კვლავ ქართული მოსახლეობა ჩნდება. შიდა ქართლითგან ჯერ მეუდაბნოენი და მონაზონები შემოვიდენ და დასახლდენ, ხოლო მათ კვალს მდაბიო ხალხიც გაჰყვა, დაბურული ტყეები გაჩეხა, დასახლდა და ბერებისა და ახალშენთა დაუღალვი შრომის წყალობით ეს ქვეყნები ქართული საეკლესიო და სამოქალაქო კულტურის ნაყოფიერ ასპარეზად იქცა. მე-IX-XIV ს.ს.-ების ქართული ხელოვნების მრავალი საუცხოვო ძეგლები, რომელთა ნაშთებმა მთელს მესხეთში მრავლად მოაღწია ჩვენამდისაც კი, ამ გარემოების მჭერმეტყველი დამამტკიცებელი საბუთია მესხთა მოღვაწეთა და მწერლების ენაც საუკეთესო ქართულად ითვლებოდა.

§ 3. მესხეთის მდგომარეობა და პოლიტიკური ბედიღბალი XIII-XVIII ს. და მისი გამაჰმადიანება.

      ზემო ქართლი, ანუ მესხეთი საცხე-ჯავახეთითგან მოყოლებული ტაო-ისპირამდე ერთს საგამგეო ერთეულს, საერისთავთ-საერისთაოს და სამთავროს შეადგენდა. მე-XIII.ს-ის მეორე ნახევარში მესხების მთავრის განსაგებელი იწყობოდა ბორჯომის ხეობითგან ტაშისკარითგან და კარნუქალაქამდის აღწევდა (ჟამთააღ.* 875, გვ. 719). მე-XIII ს.-ის დამდეგს თამარ მეფის მიერ დაარსებულის ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა ლაზისტანი, ანუ ჭანეთი, მაგრამ შემდეგში იგი საქართველოს შემოუერთდა და ჯერ მესხეთის მთავარს, შემდეგ გურიელს ეჭირა, ხოლო 1511 წ. სამცხის მთავრის, ათაბაგის ხელში გადავიდა (ვახუშტი. საქართ. ცხოვრება 241).

      ოსმალთა გაბატონებამ მცირე აზიაში და კონსტანეპოლში მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მეტადრე ეს უკანასკნელი მონაპირე კუთხე, საშინელს განსაცდელში ჩააგდო. საუკუნეთა განმავლობაში ოსმალეთი დაუცხრომელი სიმედგრით საქართველოს ამ ძვირფას და მშვენიერ ნაწილის ჩაყლაპვას ლამობ და ყოველგარი საშუალებით, პოლიტიკური თუ სარწმუნოებრივი დევნით და ეკონომიური შევიწროებით და ცდილობდა, რომ ქრისტიანობა აქაურ ქართველთა შორის დაემხო და ქვეყანა გაემაჰმადიანებინა. ჯერ უმაღლეს წრითგან დაიწყო, შემდეგ ხანგძლივ ბრძოლის საშუალებით მაჰმადიანობა თვით ხალხშიც გაავრცელეს. მე-XVII-ე საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო გამაჰმადიანების პროცესი (ვახუშტი. საქართველოს ც-ა 254-247) და მთელს მე-XVIII-ე და მე-XIX-ე საუკუნის დამდეგამდე გაგრძელდა. წინანდელი დამოუკიდებლობისა და ქართველობის ხსენებაც-კი რომ მოესპოთ ოსმალებმა სამცხის მფლობელნი "ახალციხის ფაშა"-დ გახადეს, მხოლოდ ეს ღირსება ამავე საგვარეულოს მემკვიდრეობითი კუთვნილებად დასტოვეს. ამ საშუალებით ოსმალეთმა ეს მშვენიერი ქვეყანა საქართველოს მოსწყვიტა და მთლად შთანთქა. ოსმალთა დროს ახალციხის საფაშო (ფაშალიკ) კვლავინდებურად მთელი ჭოროხის მხარესაც შეიცავდა და 24 თემად ანუ სანჯაყად იმყოფებოდა. თვითეულს თემს ან სანჯაყს სათავეში მემკვიდრეობითი მფლობელები სანჯაყბეგები უდგნენ.

     

§ 4. უფლებრივი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასა და მესხეთს შორის XVII1 ს.

      ადვილი წარმოსადგენია, რომ საქართველო ასეთი კუთხის დაკარგვას და ამოდენი მოძმე ქართველობის მოწყვეტას ისე ადვილად ვერ შეურიგდებოდა. უფრო ძველ დროითგანაც რომ არ დავიწყოთ ისიც საკმარისი იქნებოდა, თუ გავიხსენებდით, რომ მე-XV1II-ე ს-შიაც მაგ. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის დროს, საქართველოს მთავრობა ცდილობდა ახალციხის ფაშებებთან, რომელთაც მაჰმადიანობისდა მიუხედავადათ თავიანთი ქართველობა დავიწყებული არ ჰქონდათ, ერთის მხრით განსაკუთრებით კეთილი მეზობლურ კავშირი ჰქონდათ, ეს ცდა უნაყოფო არ ყოფილა (С Н. Бурнашевъ. Картина Грузіи 14 და Н. Бутковъ Матеріалы 11 141-142). — მეორე მხრით ყოველ ხელსაყრელ შემთხვევით სარგებლობდა, რომ თავიანთი უფლება მესხეთზე ანუ ახალციხის საფაშოზე გამოეაშკარავებინთ. ამიტომ იყო, რომ საქართველოს მეფეები თავიანთ თავს სამეფო სახელწოდებაში ასე ხაზ-გასმით ამ ქვეყნის მემკვიდრეობითი მფლობელად აცხადებდენ (იხ. С Н. Бурнашевъ. op. cit. 14 და Н. Бутковъ Матеріалы 11 130). ამავე მიზნის მისაღწევად, სრულიად საქართველოს გაერთიანების განხორციელების ხელშემწყობ პირობების შესაქმნელად განსაკუთრებით-კი სწორედ ამ ძველ ქვემო ქართლის, ახალციხის საფაშოს, საქართველოსთან შემოსაერთებლად იყო სხვათ შორის 1783 წ. ხელშეკრულება ერეკლე მეფისა და ეკატერინე 1 შორის დადებული. ერეკლე მეფის წარმომადგენლებმა ამ ხელშეკრულებაში მეორე მუხლად შეატანინეს, რომ რუსეთის ხელმწიფე არამცთუ ერეკლე მაშინდელ სამეფოს სამფლობელოს ხელშეუხებლობის თავდებობას კისრულობდა, არამედ ისეთისაც, რომელიც შემდეგში შეძენილი იქნებოდა. და რომ ეს მუხლი სწორედ იმ აზრით იყო ჩართული ხელშეკრულებაში, ამას იმდროინდელი რუსეთი ერთ-ერთ წარმომაგენელის ნ. ბუტკოვის სიტყვებიც ცხადყოფენ, რომ ამ "მეორე მუხლის შინაარსი სწორედ საქართველოს მეფეთა ძველ სამფლობელოს, ახალციხის საფაშოს, ანუ სამცხო-საათაბაგოს ეხებოდა"-ო (Н. Бутковъ Матеріалы 11 14*). სწორედ ასე გაიგო ამ ხელშეკრულების შინაარსი იმდროინდელმა ახალციხის ფაშამ და რაკი დარწმუნდა, რომ საქართველოს მეფისგან ის მეფობას განსაცდელი მოელის, ამიტომ რუსეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ მეფე ერეკლეს გადაეკიდა და მტრობა დაუწყო (Н. Бутковъ Матеріалы 11 142).

§ 5. რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება და მისი შედეგი. სომეხთა გადმოსასლება ამ კუთხეში.

      როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წ.-ს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი ნაწილი, ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24-თიგან მხოლოდ 10 სანჯაყი. ქობლიანისა, ოძრხისა. (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქის, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა) რაც ძველსა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული.

      რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წ. ომის შემდგომ მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, სახელდობრ აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი (=ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს.

      მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდენ (Иваненко. История гражданскаго управ, на Кавказе. 265, 260). რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (=ეხლანდელს ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგანაც (=ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფე და წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც (АКАГК VIII 291 და Иваненко. op. cit. 199) ამავ დროს ოსმალეთითგან, ყარსსა და არზუმის საფაშოებითგან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადსახადისგან გაათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000-მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში (Иваненко op. cit. 265 — 266).

      ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა. წინათ აქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წ. აღწერამ კი დაამტკიცა, რომ ამ მთელს ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ. მაგ. 1828 წ. ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა. ეროვნული შემადგენლობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ-ფესეიანად შეიცვალა. თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 წ-ლს. ქართველთა მანგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი-ღა ეიჭრათ (Иваненко op. cit. 267).

      ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ამ ძველის ძველს კერაში.

§ 6. სომეხთა წამოდავება ჯავახეთის სომხეთთან შესაერთებლად და ამ საკითხის ახლო წარსული.

      სომხებმა დაივიწყეს, რომ ისინი ჯავახეთში ოსმალეთითგან მოვიდენ მხოლოდ ვითარცა ლტოლვილნი, რომ სრულებით შემთხვევით უძველეს დროითგან საქართველოს უცილიბელს კუთხეში ისინი უმრავლესობად იქცენ და ამ გარემოებისდა მიუხედავად მაინც ახალქალაქის მაზრაც სომხეთის მიწაწყლად გამოაცხადეს (А. Шахатунянъ. Административный переделъ Закавказскаго края გვ. 70-72 და 132—133). ეს რომ განხორციელებულიყო, მათ ამ მაზრის ტფილისის გუბერნიის- ანუ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებითგან გამოყოფა მოითხოვეს, იმ მიზნით, რომ იგი დანარჩენ სომხურ მაზრებთან შეეერთებინათ და ამ გზით ერთი მთლიანი სომხური საერობო თვითმართველი ოლქი შეექმნათ, ეს აზრი წამოყენებული იყო სომხების მიერ 1913 წ., როდესაც კავკასიაში მეფის მოადგილედ სომეხთა მწყალობელი გრაფი ილ. ვორონცოვ-დაშკოვი იყო. მათი წადილი რომ უფრო სამართლიანად და ობიექტურ მოსაზრებით ნაკარნახევად სჩვენებოდა ადამიანს, სომხებმა საბუთად ისიც კი წამოაყენეს, ვითომც ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრა ეკონომიურად ტფილისის გუბერნიასთან კი არა, არამედ გუმბრთან (ალექსანდროპოლთან) ყოფილიყოს დაკავშირებული.

      ვორონცოვის სურვილსდა თანახმად, იმავე წელს ბრძანება იყო გაცემული, რომ ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის სამაზრო კომისია შემდგარიყო და გამოერკვია, შეიძლება თუ არა და რამდენად ხელსაყრელია, რომ ახალქლაქის მაზრა ტფილისის გუბერნიას ჩამოსცილდეს და გუმბრისას ალექსანდროპოლს) მიემატოს, რომ მასთან ერთად ცალკე განსაკუთრებით სომხობით დასახლებული გუბერნია შემდგარიყო. ამ კომისიაში თავმჯდომარითურთ სულ 14 კაცი იღებდა მონაწილეთბას, რომელთგან 8 კაცი რუსი იყო (თავმჯდომარე მაზრის უფროსი პოდპოლკ. კალინინი, მომრიგებელი მოსამართლე მიტკევიჩი. ფოსტა-ტელეგრაფის კონტორის უფროსი დელიბაში, სამაზრო ბეითალი ტოროპოვი, საუბნო ბოქაულები ჩაპლიგინი და ლაზარევი. დუხობორების წარმომადგენელნი ალექსი უგლოვი და ვას. გრემიაკინი), 4 ქართველი (გადასახადთა ინსპექტორი თ-დი მაყაშვილი და მემამულეთა წარმომადგენელეი ქართველ-მაჰმადიანნი მამედ-ალი-ბეგი და მუსტაფა-ბეგი ფალავანდიშვილები, ბარალეთის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი მურჯიკნელი), და 2 სომეხი (ქალაქის მამასახლისი მეწატუნიანცი და ბოგდანოვკის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი კაროიანცი).

      ბჭობის შემდგომ სამაზრო კომისიამ ერთმხრივ უარჰყო ჯავახეთის ანუ ახალქალქის მაზრის ტფილისის გუბერნიისაგან ჩამოშორება და გუმბრთან (ალექსანდროპოლთან) და ერევანთან შეერთება. თავის აზრის დასასაბუთებლად კომისია, სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ კუთხის ეკონომიურსა და მიმოსვლის საკითხს შეეხო და დაადგინა: შემცდარი აზრია, ვითომც ახალქალაქის მაზრა ქ. გუმბრთან (ალექსანდროპთლთან) ყოფილიყოს დაკავშირებული. მთელი ვაჭრობა და ყველა საჭირბოროტო ინტერესები მცხოვრებლებს განსაკუთრებით ტფილისთან აერთებს, სადაც ისინი თავის საქონელს, სანოვაგესა და ადგილობრივ ნაწარმოებს ასაღებს და საითგანაც მოაქვთ საქონელი და ყველაფერი სახმარი მთელი მაზრისათვის. ამასათანავე საქონლის გადატან-გადმოტანა მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულშიც და ზამთარშიაც, სწარმოებს ახალციხე-ბორჯომ-ბაკურიანის შარაგზით. აგრეთვე როდიონოვკა-წალკა-მანგლისზე მოკლე, პირდაპირი საურმო გზით. რომელიც ზამთარშიაც-კი არ იკვრება ხოლმე. გუმბრთან-კი (ალექსანდროპოლთან) ზამთარში ნამქერების გამო, ხოლო გაზაფხულზე წყალდიდობის და ტალახების გამო მთელ თვეობით ყოველგვარი კავშირი, საფოსტოც-კი სრულებით შეწყეტილია ხოლმე. ზაფხულშიც-კი, როდესაც გუმბრის (ალექსანდროპოლის) გზა გახსნილია, მთელი სავაჭრო საქონელი ჯავახეთითგან (ახალქალაქის მაზ.) მაინც ახალციხეზედ, ბაკურიანზე მიდის და მხოლოდ ამ მაზრის ბოგდანოვკის უბნის სამხრეთს ნაწილს, ზოგიერთი საქონელი, მეტადრე ბრინჯი, ზაფხულობით გუმბრითგან (ალექსანდროპოლთგან) მოსდის ხოლმე.

      ახალქალაქის სამაზრო კომისიის ზემო აღნიშნული ერთმხრივი დადგენილება 24 იანვარს 1914 წ. ტფილისის განსაკუთრებულმა საბჭომ იმავე შემადგენლობით, როგორიც ბორჩალოს სამაზრო კომისრის მსგავსივე საკითხის შესახები დადგენილების განსახილველად იყო შეყრილი, ერთმხრივ დაამტკიცა (იხ. Докладъ члена Тифлиск. гу-берн. по крестьянскими деламъ Присутствия И. Абхази Председателю Особаго Закавказскаго Комитета къ № 2651).

§ 7. ჯავახეთ-სამცხის უმჭიდროესი ეკონომიური კავშირი საქართველოსთან წარსულშიცა და ეხლაც.

      თუ იმისდა მიუხედავად რომ ზემოაღნიშნულ ორთავე საბჭოს წევრებმა რუსმა მოხელეებმა მეფის მოადგილის სურვილი იცოდენდნენ - მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ ის ამ გამოყოფას თანაუგრძნობდა, მაინც ეს აზრი ერთმხრივ უარჰყვეს, ცხადია ჯავახეთის ჩამოშორება ტფილისის გუბერნიისგან და გუმბრთან შეერთება მართლაც სრულებით შეუწყნარებელი და ნაძალადევი გეგმა ყოფილა. მართლაც-და საკმარისია ადამიანმა ახალქალაქის გეოგრაფიული პირობები გაითვალისწინოს, რომ მისთვის ნათელი გახდეს, რამდენად თვით ამ ქვყნის ბუნებრივი აგებულობა ეწინააღმდეგება მის შეერთებას გუმბრთან (ალექსანდროპოლთან). ერევნის გუბერნიისა და გუმბრსა და ყარსისაგან ჯავახეთს და სამცხეს ერუშეთს ანუ ახალაქისა და ახალციხის მაზრებს და ყარსის ოლქის ფოცხოვის უბანს მაღალი 7-8 თვის განმავლობაში თოვლიანი და გაუვალი ჯერ ბერდუჯის მთების (=რუსულს Безобдальскій хреб.) დასავლეთი ნაწილი, შემდეგ აბოცის მთების (=რუსულს Мадатапинскій хреб.), მერმე ნიალისყურის მთის (=რუსულს Чаддырскій хреб. და Ульгарскій хреб. აღმოსავლეთს ნაწილს) დასასრული ერუშეთის მთის (=რუსულს Ульгарскій хреб.) სახელებით ცნობილი უღელტეხილი ჰყოფს. ამგვარ ოროგრაფიული თვისების გამო ეს მთები მტკვრის შემდინარეების წყალთ-გამყოფველი ქედია და გზებსაც ბუნებრივი მიმართულება სწორედ მტკვრის ხეობისაკენ, ე. ი. ჩრდილოეთისაკენ, აქვს და არა სამხრეთისაკენ. ამიტომაც არის, რომ ეკონომიურადაც ამ კუთხეს მხოლოდ საქართველოსთან შეეძლო რომ ჰქონოდა კავშირი. ასე იყო ყოველთვის წარსულშიც. ისტორიკოს პაპუნა ორბელიანის სიტყვები მაგ. ცხად-ჰყოფენ, რომ მე-XVIII-ე ს.-შიაც, როდესაც მესხეთი ახალციხის საფაშოს სახით ოსმალეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა და საქართველოს პოლიტიკურად ჩამოშორებული იყო, მაშინაც კი მთელ მესხეთს, განსაკუთრებით კი ჯავახეთსა და სამცხეს საქართველოსთან ჰქონდა მჭიდრო ეკონომიური დამოკიდებულება და იქაური სასოფლო-სამეურნეო ნაწარმოები, სანოვაგე, განსაკუთრებით-კი პური ტფილისში და გორში ჩამოჰქონდათ გასაყიდად (იხ. ბროსსეს გამოც. Hისტოირე ლე Géორგიე II, 466 და გორელი ქედხუდების არზა ერეკლე 11-სადმი მირთმეული).

      ჯავახეთის (ახალქალაქის) სამაზრო კომისიის ზემომოყვანილი დადგენილება ამტკიცებს, რომ ეხლაც ეკონომიური დამოკიდებულების ვითარება და მიმართულება არ შეცვლილა: კვლავინდებურად იქითგან საქონელი ტფილისში ჩამოდის. მაგრამ ამაზე უფრო საყურადღებო ის გარემოებაა, რომ ჯავახეთსა და სამცხეს, ანუ ახალაქალაქისა და ახალციხის მაზრებს, როგორც რკინის გზის საკომერციო განყოფილების ყოველწლიური ანგარიშებითგანა სჩანს, მარტო აღმოსავლეთ საქართველოსთან კი არ ჰქონია ეკონომიური კავშირი (საქონელი მარტო რკინის გზით კი არა, იქითგან პირდაპირი შარა და საურმე გზებითაც მოდის), არამედ დასავლეთ საქართველოსთანაც, ქუთაისის გუბერნიასთანაც. აი მაგ. ომამდის რამდენი პური და სხვა მარცვლეულობა გამოდიოდა ყოველწლივ ამ კუთხიდან დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში და რამდენი მთელს დანარჩენს ამიერკავკასიაში, სომხეთში და ადერბეჯანში მიდიოდა (ყარსში, ერევანში, ქამარულაში, ბაქოში და სხვაგან):

      საქართველოში: დანარჩენ ამიერკავკასიაში:

1910 წ. 60557 ფ. 462 ფ.

1911 წ. 152858 ფ. 1800 ფ.

1912 წ. 207752 ფ. 3588 ფ.

1913 წ. 96074 ფ. 1312 ფ.

1914 წ. 17144 ფ. 1238 ფ.

      მაგრამ მარტო მიწათმოქმედების მხრივ არ იყო ეს კუთხე დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებული, მესაქონლეობისა და მეცხვარეობის მთელი მეურნეობა საქართველოში უმჭიდროესად, შეიძლება ითქვას განუყრელად, ამ კუთხესთან და ბორჩალოს მაზრის საზაფხულო საძოვრებთან არის დაკავშირებული. ასე იყო ძველად, მაშინაც-კი, როცა მესხეთი ოსმალთა ხელში იყო, ასე ახლაც. რაკი საუკუნეთა განმავლობაში ადგილობრივ ჰავის პირობებისდა გვარად შემუშავებულმა ტეხნიკამ უთუო აუცილებლობით დაამტკიცა საზაფხულო საძოვრების საჭიროება, ამიტომ სწორედ აქ, თვით ბუნების მიერ შექმნილს საზაფხულო საძოვრებზე იყრიდა ხოლმე თავს საქართველოში მყოფი საქონელი. ეს კუთხე იმდენად აუცილებელი იყო საქართველოს მესაქონლეებისათვის. რომ მაშინაც-კი როცა მესხეთი ოსმალთა ხელში იყო, საქონლის პატრონები, განსაკუთრებით მეცხვარეები იძულებული იყვნენ სხვა სახელმწიფოში გადასულიყვნენ საქონლით და მთელი ზაფხული იქ გაეტარებინათ (იხ. ვახუშტის გეოგრაფია 182).

      მესაქონლეობის მხრივ ეხლაც საქართველოში იგივე პირობებია, როგორიც წარსულში იყო. მთელს აღმოსავლეთს საქართველოში სულ 857000 დეს. საზაფხულო საძოვარი ითვლება, აქეთგან საუკეთესო საძოვრები ქვემო ქართლში და ჯავახეთში, ანუ ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებშია, სადაც 291000 დ. საძოვარია.

      ამჟამად მთელ აღმოსავლეთ საქართველოში 3 683 000 თავი საქონელი არსებობს, სომხეთის საზღვრებში-კი (ერევნის გუბ., ყარსის ოლქ. და განჯის მაღლ.) სომეხთა მთელ მოსახლეობას სულ 3 561 000 თავი საქონელი ჰყავს. ამ მაღლობებზე სომხებს დიდძალი 2 000 000 დეს. საუკეთესო საძოვრი აქვთ, ისე, რომ მთელი ბალახი მოძოვილი იყოს მათი საქონელი ამისთვის საკმარისი არ არის და ვერც შესძლებს. ამიტომ სრულიად ცხადია, რომ სომხებს საზაფხულო საძოვრები სრულებით არ ესაჭიროებათ. მაშასადამე მათთვის ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრები ამ მხრივ, ეკონომიურად არც გამოსადეგნი არიან და არც ესაჭიროებათ. სულ სხვა მდგომარეობაშია აღმოსავლეთი საქართველო: უამ მაზრებოდ მთელი მესაქონლეობა უკიდურეს მდგომარეობაში და განსაცდელში ჩავარდებოდა, საქონელი, განსაკუთრებით ცხვარი, დაიხოცებოდა.

      თვით ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთაც შედარებით იმდენი საქონელი არა ჰყავთ (ორთავეში 515 772 თავი ითვლება), რომ მარტო მათმა საქონელმა მთელი ამ ფართო და ღონიერ საზაფხულო საძოვრებს მოჭმა შესძლოს. მაგ. ბორჩალოს მაზრაში საიჯარო საზაფხულო საძოვარი 46 000 დეს. ითვლება, აქეთგან 26 სომეხთა სოფლის საზოგადოება 10 000 დეს.-ით სარგებლობს საქონლის საძოვრად. დანარჩენი 36 000 დეს.-კი აღმოს. საქართველოს სხვა მაზრებითგან მოსულს მესაქონლეებს უჭირავთ. როგორც წარსულშიც, საუკუნეთა განმავლობაში, ეხლაც აღმოსავლეთ საქართველოს დიდძალი საქონელი პატრონებს აქ მოჰყავთ და აძოვებენ. მაშასადამე სრულებით ცხადია, რომ თუმცა მე-XIX-ე ს.-ში შემთხვევითი მიზეზების გამო ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებში სომეხი ლტოლვილები დაეშენნენ და ქართველთა მოსახლეობა აქ მცირერიცხოვანია, მაგრამ მთელს აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენს მოსახლეობას ამ მაზრებთან არამც თუ ეკონომიური კავშირი არ შეუწყვეტია. არამედ წინანდებურად უმჭიდროესად მასთან არის დაკავშირებული.

§ 8 როგორ უნდა შევხედოთ სომეხთა წადილს ჯავახეთის დაპატრონებისას?

      ყველა ზემონათქვამის შემდგომ ცხადია, თუ როგორ შეიძლება შეხედოს ქართველობამ სომეხთა წადილს ჯავახეთის (ახალქალაქის მაზ.) დასასაკუთრებლად. ერეკლე მეფის პირით საქართველოს რასაკვირველია რუსეთთან ამისთვის არ დაუდვია 1783 წ. ხელშეკრულება, რომ მას შემდგომ, რაც მესხეთი ოსმალეთს ჩამოერთვა, ეს უხსოვარ დროითგან საქართველოს კუთვნილი ქვეყანა ქართული კულტურის ერთი ძლიერ კერათაგანი სომხებს გადასცემოდა, სომეხთა ამ კუთხეში დასახლებისათვის ქართველობას შეეძლო შეეხედა მხოლოდ ვითარცა დროებითი მოვლენისათვის, ვითარცა ოსმალთა მიერ დევნილი ხალხის დროებითი შემოხიზნისა და თავშეფარებისათვის. რა წამს სომეხთათვის პოლიტიკურად ხელსაყრელი პირობები შეიქმნებოდა, — ეხლა ხომ სწორედ ასეთი ხანა დადგა, — ეს ოსმალეთითგან შემოხიზნული სომხობა კვლავ თავის სამშობლოს, მამა პაპათა კერას უნდა დაუბრუნდეს, იქითგან კი, ოსმალეთითგან აქ დაბრუნდებიან ამ მიწაწყლის წინანდელი პატრონები. მე-X1X საუკუნის განმავლობაში ოსმალეთში გადასახლებულს ქართველს მაჰმადიანებს არა-ერთხელ უნდოდათ გულით თავიანთ სამშობლოში დაბრუნება და ჯავახეთ-მესხეთში, მამა-პაპეულ მიწებზე დასახლება, მაგრამ მათი ადგილი დაჭერილი იყო. ეხლა რაკი სომხები თავიანთ წინანდელ ქვეყანაში, სომხეთში წავლენ. მაშინ სამართლიანობა აღდგენილი იქმნება და ორთავე ერს თავისი მამა-პაპეული კერა დაუბრუნდება.

VI თავი. საქაართველოს სამზღვრის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ხაზი.

§ 1. კოლა-არტაანი, ტაო-თორთუმ-ისპირი.

      რაკი ეხლა საკითხი ჯავახეთის (ახალქალაქის მაზრის) შესახებ უკვე ყოველმხრივ გამორკვეული გვაქვს, უნდა საქართველოს დანარჩენ მონაპირე კუთხეების შესახებ ზოგიერთი ზედმეტი ცნობები დავურთოთ.

      ზევით უკვე აღნიშნული იყო, რომ ეხლანდელ ყარსის გუბ.-ის არტაანისა და ოლთისის ოლქები, რომლებიც ძველად კოლა-არტაანსა და ტაოს ჩრდილოეთს ნაწილს უდრიდენ, საუკუნეთა განმავლობაში ქართველ მოსახლეობას და ერს ეკუთვნოდა. მხოლოდ XVI1 ს-ითგან მოყოლებული არტაანისა და ოლთისის Oლქში თურქთა 200 წლის ბატონობის და ისლამის წყალობით ქართველ მამჰადიანებს ქართული ენა დავიწყებული აქვთ. მოსახლეობა აქ თხელია და 1889 წ. არტაანის ოლქში 65 763 სული იყო და აქეთგან მხოლოდ 1923 სომეხი ითვლებოდა. ოლთისის ოლქი მთლად 31519 მცხოვრებთა შორის სომეხი 3130 იყო.

      ამგვარად ცხადია, რომ არტაანისა და ოლთისი ოლქებში სომხები მოსახლეობის უმნიშვნელო რაოდენობას შეადგენენ. ამას ჯერ კიდევ შარშან, 1918 წ. თვით სომხებიც არ უარჰყოფდნენ და ა. შაჰტუნიანი მაგალითად ამბობდა: "აქ სომხები უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენენო" და ამის გამო ამიერკავკასიის გადამიჯვნის დროს სომხეთის სამზღერებს გარეშე დავტოვეთო Административный переделъ Закааказскаго Края - ტფილისი 1918 წ. გვ. 73-74 და 75). ეს გარემოება სომხებს ეხლა ალბად დავეიწყებიათ და სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრებში მოქცევა ჰსურთ არტაანისა და ოლთისის ოლქისაც, რომელიც მათ არც ისტორიულად და არც სომეხთა თანამედროვე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ არ ეკუთვნით.

      ხოლო ოსმალეთის სამზღვრებში დარჩენილს მესხეთის ზემო ტაოს ნაწილში, თორთუმის ხეობაში მთელი მცხოვრებნი 1400 სული მთლად გამაჰმადიანებული ქართველები არიან, მაგრამ ქართული დავიწყებული აქვთ. ისპარში-კი, პარხალის, ხევეკის, გუდახევის და ჭირჭიმის ხეობებში ყველგან ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობენ და ქართულად ლაპარაკობენ.

§ 2. ლაზისტანი.

      ქართველთა მოსახლეობის უუკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი ჭანებს, ანუ ლაზებს უჭირავთ. ასე იყო წარსულშიაც. მათი კილო მეგრულს ახლო უდგება. ოდესღაც ლაზების ანუ ჭანების მოსახლეობა ტრაპიზონსაც კი სცილდებოდა და თვით ეს ქალაქი და ოლქიც მათ ქვვყანას ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ წარსულ საუკუნეში, მაგ. 1868 წ. ლაზთა რაოდენობა ინგლისის კონსულის ვ. ჯიფფორდ პალრის ცნობით რამდენსამე ასს ათასს აღემატებოდა. (Извест. Кавк. отд. геог. Общ. 1881 წ. V1I წიგ. I. დამატება 1 გვ. 15, 17, 59-60 და 68)

      პროფ. ნ, მარრის ადგილობრივმა დაკვირვებამ გამოარკვია, რომ ისლამის წყალობით ლაზების გათურქება მსწრაფი ნაბიჯით წინ წასულა.

      ამჟამად ლაზური ან ჭანური მოსახლეობა მხოლოდ რიზეს სინჯაყით განისაზღვრბა, რომელსაც ლაზსტანის სინჯაყსაც უწოდებენ. მაგრამ ეს მიწაწყლიც ორ მთავარ ნაწილად უნდა გაიყოს: რიზესა და ათინას ოლქად. პირველში ხალხს უკვე დედაენა დავიწყებული აქვს. და თურქული შეუთვისებია, მეორეში კი მცხოვრებთა დედაენა ჭანური ანუ ლაზურია. ეს ათინას ოლქი საკუთრივ ათინას და ხოფას ყაზრებისგან შესდგება. სამხრეთ-დასავლეთით მისი სამზღვარი ქემერის კონცხთან (ქემერბურუნ) იწყობა, შემდეგ აჰყვება მდ. ყინლიდერეს, გადასჭრის ათინას წყალისა და ბეიუკ-დერეს სათავეებს და მიადგება პონტოს ქედის მწვერვალს, რომელსაც ვარსამბეკი (ვერშემბეკი) ჰქვიან. აქეთგან მოყოლებული ჭანეთის მიწა-წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთასკენ მიემართება და პონტოს ქედსა და შავზღვას შუაა მოქცეული. ეს ზოლი თანდათან ვიწროვდება და ბათუმის ოლქში სარპთან თავდება.

      ათინას ოლქი ექვს უბნად იყოფა: ხოფას, არქაბეს, ვიწეს, არტაშენის, ათინას და ხემშინის უბნებად. სულ 178 სოფელი არის, აქეთგან 39 სოფელი ხემშინის ოლქში ითვლება, რომელშიც 12 778 სული მცხოვრებია. ხემშნები გამაჰმადიანებული და გათურქებული სომხები არიან. თვით ლაზთა რაოდენობის შესახებ ზედმიწევნითი ცნობები იმ გვარადვე, როგორც ოსმალეთში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა შესახებ, არ მოიპოვება. რუსეთის გენერ. შტაბის საიდუმლო გამოცემაში გენ. ავერიანოვს თავს მონოგრაფიში "Этнографическій и военно-политическій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской имперіи" (СПГ. 1912 г. издан1е отд. генералъ-квартир-мейстера გვ. 20) ლაზების რაოდენობა 200 000-ად აქვს აღრიცხული, როდესაც რუსეთის ჯარმა ამ მსოფლიო ომის დროს ლაზისტანი დაიჭირა, მცხოვრებთა უმრავლესობამ ოსმალთა ჯართან ერთად უკან დაიხია და აგილობრივ მხოლოდ 35 000 ლაზი-ღა იყო დარჩენილი უდროვოდ განსვენებული პროფეს. იოს. ყიფშიძის მიერ ადგილობრივ შეკრებილი ცნობების მიხედვით ათინას ოლქში მკვიდრ ლაზთა რაოდენობა თუ მეტი არა, 80 000-მდე მაინც უნდა ყოფილიყო. ზედმიწევნითი რიცხვის გაგება მხოლოდ ეხლა შეიძლება, როდესაც მცხოვრებნი თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდნენ, ისიც მხოლოდ ხალხის აღწერის საშუალებით.

ბოლოსიტყვაობა

      ყველა ზემოაღნიშნული მკითხველს უეჭველია ნათლად დაანახვებდა, თუ რა სამზღვრები ჰქონდა საქართველოს და როგორის თავგამოდებით იცავდა მათ ჩვენი ერი საუკუნეთა განმავლობაში. ამ სამზღვრებში მოქცეული მიწაწყალი და მოსახლეობა მთლიანს ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ბუნებრივ ზღუდეებითაც (მთებითა და მდინარეებით) არის შემოფარგლული და, თანაც, ვითარცა მტკვრისა, რიონისა და ჭოროხის აუზების შემცეელი, გეოგრაფიულად და ეკონომიურადაც ურთიერთთან მჭიდროდ დაკავშირებულია. თუმცა ისტორიული და საერთაშორისთ სამართლის ძალით საქართველოს სწორედ ის სამზღვრები უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ზევით იყო აღნუსხული, მაგრამ ზოგან, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი არსებობისათვის უვნებლად დათმობა შეიძლება. საქართველოს შეუძლიან დაუთმოს მეზობლებს, რომ მეზობლური განწყობილება, რომელიც საქართველოს წარსულშიაც კარგი ჰქონდა, ეხლაც თანხმთბითა და მშვიდობიანობით დაიწყოს.

      სახელმწიფოებრივს ერთეულს თავისი აუცილებელი მოთხოვნილება და არსებობის პირობები აქვს, რომელთა შორის საპატიო ადგილი სამზღვრებს უჭირავს. საქართველოს სამზღვრების საბოლოვო მოხაზულობის გამორკვევის დროს ქართველ ერსა და მის მთავრობას შეუძლიან მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს. მართალია სომეხთა მმართველი წრეები და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ჩვენს ერსა და მთავრობას მხოლოდ ეთნოგრაფიულ თვალსაზრისით ხელმძღვანელობას ურჩევენ, მაგრამ რამდენად მათი რჩევა გულწრფელია და გამოსადეგი, ის გარემოებაც ცხად-ჰყოფს, რომ თვით მათ პირადად ამ თვალსაზრისით არასდროს თავიანთ პოლიტიკურ გეგმაში არ უხელმძღვანელიათ. მათ მიერ თავდაპირველი კონფერენციისათვის წარსადგენად დამზადებული დიდი სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრები შავი ზღვითგან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმული და ტფილისისა, ბათომისა და ტრაპიზონ-სინოპის შემცველი, ნათლად მოწმობს, რომ თვით მათ თავიანთი სახელმწიფოს სამზღვრების შემოხაზვის დროს არცთუ თანამედროვე ეთნოგრაფიულ მოსახლეობის პირობებით არ უხელმძღვანელიათ, არამედ ზოგან მეტისმეტად შორეულს ისტორიულს საბუთებზე, უფრო-კი მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილზე დაუმყარებიათ თავიანთი მიწაწყლის მოხაზულობის რუკა, მის შემდეგ სწორედ გასაოცარია, როდესაც სომეხთა პოლიტიკური და გავლენიანი წრეები ჩვენი მთავრობის წევრებს ნ. ჟორდანიას და ე. გეგეჭკორს და საქართველოს საზავო დელეგაციის წარმომადგენლებს ნ. ჩხეიძეს და ირ. წერეთელს სტამბოლის სომხურს პრესაშიაც-კი პრინციპების ღალატსა და იმპერიალისტობას სწამებდენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს სახელმწიფოებრივი თვალსაზრსით ხელმძღვანელობენ და არა მარტო ეთნოგრაფიულით. როცა საერობო ერთეულზე იყო ლაპარაკი, ამგვარი მოსაზრება ასე-თუ-ისე კიდევ გასაგები იყო, სახელმწფოს სამზღვრების შემოფარგვლის დროს კი უმთავრესი საფუძველი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი უნდა იყოს.

      რატომ არის, რომ თვით სომეხთა პოლიტიკოსები ყოველთვის და ყოველგან სომხეთის რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს ეთნოგრაფიულს რინციპებს არ ემყარებიან— იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს პრინციპი თვით სომეხთათვის არის საზარალო. თუ ამისდამიუხედავად ისინი ჩვენს მთავრობასა და წარმომადგენლებს ამ პრინციპით ხელმძღვანელობას ურჩევენ, ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ ეს თვალსაზრისი მხოლოდ საქართველოსთვის არის სავალდებულო, სომხეთს-კი უფლება აქვს ყოველგვარი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს და რომ მაშინაც-კი, როცა ისინი სომხეთისათვის საფრანგეთზე დიდი მიწაწყლის დასაკუთრებას ლამობდენ და თავიანთ რესპუბლიკის საზღვრებში სომხებზე უფრო მრავალრიცხოვან უცხო ტომთა მოქცევაზე ოცნებობდენ, ეს იმპერიალისტობა-კი არ არის, არამედ უაღრესი დემოკრატობაა.

      სახელმწიფოს არსებობისათვის უცილებლად საჭიროა, რომ მას გარეშე მტრის შემოსევისაგან თავდაცვის საშუალება ჰქონდეს და მისი მყუდრო სამოქალაქო ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს. ამიტომაც არის, რომ ქართველი ერის შეგნებულს ნაწილს, მისს მოთავეებს და რესპუბლიკის მთავრობას არ შეუძლიანთ თავიანთ სახელმწიფოს სამზღვრების მოხაზულობას სამხედრო თვალსაზრისითაც არ შეხედონ. თვით სომხებმა და არარატის რესპუბლიკის მთავრობამ ამ მხრივ ქართველობას რასაკვირველია თავისდა უნებურად, დიდი სამსახური გაუწიეს და მეზობლურ ძმობა-ერთობაზე ტკიბილ საოცნებო სიზმრებითგან გამოაფხიზლეს, როდესაც წინასწარი ფარული სამხედრო მომზადების შემდგომ მოულოდნელად საქართველოს სამხრეთის სამზღვრები გადმოლახეს და დაუნდობელი საომარი მოქმედება დაიწყეს. ბ-ნ ჩალხუშიანის როსტოვის რუსულ-სომხურ გაზეთში ამ ამბავის ერთი თვით უწინარეს მოთავსებული ცნობა, რომ სომეხ-ქართველთა შორის ომია და ძლევამოსილი სომხები ტფილისს მიადგნენ, რომელიც დღე-დღეზე სომეხთა ჯარის მიერ აღებული იქნებაო, აგრეთვე ინგლისურ გაზეთში დაბეჭდილი სომხეთის წარმომადგენელთა მიერ სომხეთისათვის მოთხოვნილი სამზღვრების მოხაზულობა და სტამბოლში გამოცემული სომხეთის ორი რუკა, რომლებშიაც ტფილისი, მცხეთა, გორი და ბათუმიც სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრებშია მოქცეული, დასასრულ სომეხთა საომარ მოქმედების მთელი მსვლელობა სრულის სიცხადით ააშკარავებენ, რამდენად ფართო გეგმა ჰქონდათ სომხეთის მთავრობასა და ხელმძღვანელებს. მათი მიზანი ტფილისის დაპყრობა და დასაკუთრება იყო, ხოლო თუ სამხედრო ბედი გაუღიმებდათ, იქმნებ სომხურ რუკაზე მოხაზული მიწა-წყლის აღებაც. ადვილი წარმოსადგენელია, როგორი ძმობა-ერთობის ჰანგებზე დამღერდენ დაშნაკელთა ბელადები და რა სამზღვრებს მიაკუთვნებდენ ისინი საქართველოს, მათ მოუფიქრებელს მოქმედებას მთელი ქართველობა რომ დიდი პატარამდე, კიდით კიდემდე არ შეეძრა და შემოსეული მტერი მედგრად არ უკუეგდო. თუ ეხლანდელი საშინელი განსაცდელისა და უბედურების შემდგომაც, თუ ისტორიისა და თანამედროვე მრავალი მწარე გაკვეთილებისდა მიუხედავადაც სომხეთის გავლენიანი წრეები მაინც საქართველოს სამზღვრების გადმოლახვას არ დაერიდენ და ჩვენ დედაქალაქის ძალით ხელში ჩაგდება მოისურვეს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად მათ მადა მოემატებათ შემდეგში, როდესაც წარსულისა და აწმყოს მწარე დღეები დავიწყებული ექმნებათ. ამიტომ ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე მოვალეა თავის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სამზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად უდგეს. ეს არც ძმობა-ერთობასა და არც კეთილ მეზობლობას დაუშლის იმათთან, ვინც მართლაც ძმობაზე და მეზობლობაზე ფიქრობს და ქართველ ერსაც ყოეელგვარ მოსალოდნელ ხიფათისაგან გადაარჩენს. სწორედ ამ კეთილმეზობლურ დამოკიდებულების დამყარება-განმტკიცებისათვის ქართველობას შეუძლიან უარი სთქვას თავის უფლებაზე იქ, სადაც საქართველოს თავდაცვის საშუალებას ეს დათმობა საგრძნობ ზიანს არ მიაყენებს, მაგ., აღმოსავლეთით, საინგილოში სამზღვრად გიშის წყლის მაგიერ კაშკა-ჩაი დასდვას, სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვრის ხაზად-კი ისტორიულის მაგიერ დებედას შემდინარეების წყალთ-გამყოფელი მთა აირჩიოს, ხოლო სამხრეთის ხაზად ისტორიულის სამზღვრის ერევნის (=ბამბაკის) მთების მაგიერ უფრო ჩდრილოეთით მდებარე ბერდჯის (=რუს. ბეზობდალის) მთები მიიჩნიოს მოსამზღვრე ხაზად: საქართველოს ხელში ბერდუჯის მთები იქმნება, სომხეთის ზღუდედ და სამზღვრად ერევნის მთები.

ივანე ჯავახიშვილი

ბათუმი - კონსტანტინეპოლი
1919 წ. იანვარი - მარტი.

შენიშვნები

1. «Копироваль ее въ Москве въ месяце Іюле 1743 г. полевой артиллеріи каптенармусь Даника Гем...» გვარი სრულად არ იკითხება. (იხ დედანის ფოტოტ. პირი და С Н. Бурнашевъ. Новая. Мат. для жизнеописаиія и деятельности С. Д. Бурнашева. СПБ. 1901, გვ.

2. "Содержаще 2-го артикула трактата.- указывало прямо на ахалцихскій пашалыкъ или Самцхэ-Саатабаго, древнее достояше царей грузинскихъ".

3. დაწვრილებითი ცნობები ამ საგნის შესახებ იხ. აგორნომ ყაზახაშვილის თხზულებაში "საქართველოს საეროვნო მეურნეობის მოთხოვნილებანი გადამიჯვნის საკითხთან დაკავშირებით".

შემოკლებულად დაბეჭდილ სათაურების განმარტება

• АКАГК- = Акти, собранные Кавказской Археографической комиссіею.

• Бурнашевъ. Картина = С. Д. Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе политическаго состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго, Тифлисъ изд. Бегичева 1896 г.

• С. Н. Бурнашевъ Новые Мат. = Новые Материалы для жизнеописанія С. Д. Бурнашева, бывшаго въ Грузіи съ 1783 по 1787 г., собралъ и издалъ съ приложеніемъ картъ, портретовъ и факсимиле С Н. Бурнашевъ СПБ. 1901 г.

• ნ. ბუტკოვი Матеріалы = П. Г. Бутковъ Матеріалы для новой нсторіи Кавказа съ 1722 по 1803 годъ I და II წ. - СПБ. 1869 წ.

ტეგები: Qwelly, ივანე_ჯავახიშვილი, ისტორია, იურისდიქცია, საზღვრები

ნახვა: 592

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters