ეს კრება საერთო სახელწოდებით - ტრულის, შედგა იმ მიზნით, რომ მეხუთე და მეექვსე მსოფლიო კრების კანონებზე დამატებები მიეღო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კრებების სხდომებზე მხოლოდ და მხოლოდ დოგმატური საკითხები განიხილებოდა, არც ერთი განწესება საეკლესიო დისციპლინასთან დაკავშირებით მათ არ გამოუციათ. სულ მალე წარმოჩნდა გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ მსოფლიო კრების ავტორიტეტული სახელით გამოსულიყო ისეთი კანონები, რომლებიც მწვალებლური შფოთის შედეგად ეკლესიაში დასუსტებულ დისციპლინას განამტკიცებდა; საჭირო გახდა წინარე კრებების ძალმოსილების აღდგენა და ახალი კანონებით მკაცრი წესრიგის დამყარება.

      რადგანაც VI მსოფლიო კრების მამები მაშინვე, ამ კრების მიერ დოგმატური განჩინებების მიღებისთანავე, თავ-თავიანთ ადგილებზე დაბრუნდნენ, ამიტომ საჭირო შეიქნა მათი თავიდან შეკრება, რათა ის აუცილებელი კანონები მიეღოთ, რაზეც ზემოთ ითქვა და რაც ადრე არ გაკეთებულა. თავისი ასეთი ამოცანიდან გამომდინარე, მოწვეულ კრებას მეხუთე-მეექვსე დაერქვა, ხოლო რამდენადაც იგი 681 წლის კრების გაგრძელებას წარმოადგენდა და სამეფო დარბაზების იმავე განყოფილებაში მიმდინარეობდა, სადაც ხსენებული კრების სხდომები, ამიტომ მის მიერ მიღებული კანონები ტრულის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებად იწოდება.

      იმპერატორ იუსტინიანე II-ის მოწვევით მამები კონსტანტინოპოლში 691 წელს შეიკრიბნენ. კრების სხდომების მიმდინარეობა 691 წლის 1 სექტემბრისა და 692 წლის 31 აგვისტოს შორის მოდის. მის მუშაობაში 227 მამა იღებდა მონაწილეობას, ე.ი. 53-ით მეტი, ვიდრე 681 წელს. კრებას პირადად ესწრებოდნენ პატრიარქები: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის; რომის პაპის წარმომადგენლებად მის მიერ დანიშნული იყვნენ ლეგატები, რომელთა შორის მთავარი ბასილი იყო, გორტინის მთავარეპისკოპოსი. იმპერატორისადმი მისალმების წარგზავნის შემდეგ, კრება მაშინვე თავის საქმიანობას შეუდგა და 102 კანონი მიიღო. ეს კანონები შეტანილია აღმოსავლეთის ყველა კანონიკურ კრებულში.

      დასავლური ეკლესია ამჟამად არ ანიჭებს ამ კანონებს თავისთვის სავალდებულო კანონებრივ ძალას, წინათ კი ასე არ იყო: როგორც აღვნიშნეთ. კრებას რომაელი ლეგატები ესწრებოდნენ, ხოლო ბასილი გორტინელის ხელმოწერას მის პირველივე აქტებზე ვხვდებით; VII მსოფლიო კრებაზე, როცა ტრულის 82-ე კანონთან დაკავშირებით ეს კანონები VI მსოფლიო კრების კანონებად მოიხსენიეს, რომაელ ლეგატებს არც კი უფიქრიათ რაიმე საწინააღმდეგო აზრი გამოეთქვათ; პაპი ადრიანე I თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში პატრიარქ ტარასის მიმართავს, საზეიმოდ აცხადებს, რომ იწყნარებს ამ კანონებს; იგივეს აცხადებს იგი სხვა, VII მსოფლიო კრების მხარდასაჭერ ეპისტოლეშიც ფრანკელ ეპისკოპოსებისადმი; პაპი იოანე VIII, როცა ამ კანონებზე საუბრობს, არაფერს მის საწინააღმდეგოს არ გამოთქვამს; ინოკენტი III-ს მოჰყავს 82-ე კანონი და მას VI მსოფლიო კრების კანონად მოისხენიებს; გრაციანემ ამ კრების ბევრი კანონი აღწერა თავის დეკრეტში, - როგორც VI მსოფლიო კრებისა. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე დასავლეთში სხვაგვარად დაიწყეს ამ კანონების აღქმა და ყველა მოხსენიებულ და, აგრეთვე, სხვა მოწმეებზე ამბობენ, რომ აღნიშნული პირები მხოლოდ უმეცრებით მიაწერდნენ მათ VI მსოფლიო კრებას.

კანონი 1

      ღვთისმეტყველის სიტყვისამებრ, ყოველი სიტყვის და ყოველი საქმის დაწყების საუკეთესო წესია ღმერთით დაწყება და ღმერთით განსრულება. ამის გამო ამჯერადაც, როცა ჩვენ მიერ ღვთისმსახურებაც უკვე აშკარად იქადაგება და ეკლესიაც, რომლის საფუძველიც ქრისტეა, განუწყვეტლივ იზრდება და იმდენად წარემატება, რომ ლიბანის ნაძვებზე უფრო მაღლაა აღმართული, დასაბამს ვუწოდებთ წმინდა სიტყვიერებას და ღვთის მადლით განვაჩინებთ: შეუხებლად იქნეს დაცული სიახლეების შემოღებებისა და ცვლილებებისაგან სარწმუნოება, რომელიც გადმოგვეცა თვითმხილველებისა და სიტყვისმსახურების, ღვთივრჩეულ მოციქულთაგან; ასევე სამას თვრამეტ წმინდა და ნეტარ მამისაგან, რომლებიც ნიკეაში ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას უკეთური არიოზის და მის მიერ გამოგონილი წარმართული უცხოღმერთიანობის, ანუ ჩვეული სიტყვით რომ ვთქვათ, მრავალღმერთიანობის გამო შეიკრიბნენ. ამ წმინდა მამებმა, რომლებსაც სარწმუნოების შესახებ საერთო ხედვა და აზრი ჰქონდათ, აგვიხსნეს და შეგვაგონეს სამ ჰიპოსტასში ღმერთმთავრობითი ბუნების ერთარსი და კი არ დაუშვეს, რომ დაფარული ყოფილიყო უმეცრების "ხვიმირსა ქუეშე", არამედ ნათლად ასწავლეს მართლმორწმუნეთ მამისა და ძისა და სულიწმიდის თაყვანისცემა ერთიანი თაყვანისცემით; დაამხეს და დაარღვიეს ცრუსწავლება ჰიპოსტასთა ღმრძთეებრიობის არათანაბარი ღირსების შესახებ და მწვალებლების მიერ ქვიშისაგან ნაშენი მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ბავშვური ნაგებობა დაანგრიეს და გააცამტვერეს. ვიმარხავთ, ასევე, ჩვენი მეფის, დიდი თეოდოსის ზეობისას ამ სამეფო ქალაქში შეკრებილი ას ორმოცდაათი წმინდა მამის მიერ ქადაგებულ რწმენის აღმსარებლობას, ვიზიარებთ მათ მიერ სულიწმიდაზე გამოთქმულ ღვთისმეტყველებას, ხოლო უწმინდურ მაკედონიოსს, ჭეშმარიტების სხვა უწინდელ მტრებთან ერთად, განვაგდებთ, რამეთუ შლეგური კადნიერებით ჩათვალა მან მეუფე მონად და თავხედურად ლამობდა ისე განეყო ერთიანი და განუყოფელი, რომ არ იქნებოდა აღსრულებული საიდუმლო ჩვენი სასოებისა. ამ საძაგელ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ მძვინვარე მაკედონიოსთან ერთად აპოლინარსაც ვკიცხავთ; იგი ბოროტებას ფარულად ატარებს და აღმოანთხია უწმინდურობა, თითქოს უფალმა სხეული მიიღო უსულო და უგონო, და ამ სახით შემოიტანა ასევე აზრი, თითქოს ცხონება ჩვენთვის არასრულყოფილად შესრულებულიყოს. ვაღიარებთ და ვიმარხავთ, აგრეთვე, ჩვენი მეფე თეოდოსის, არკადის ძის ზეობისას, პირველად ქალაქ ეფესოში შეკრებილი ორასი ღმერთშემოსილი მამის მიერ გადმოცემულ სწავლებას და ვითარცა ღვთისმოსაობის შეუმუსრავ უძლეველობას, ერთსულოვნებით ვამტკიცებთ; ერთ ქრისტე ძე ღვთისას და განკაცებულს ვქადაგებთ და მის უთესლოდ მშობელს, უმწიკვლო მარადქალწულს საკუთრივ და ჭეშმარიტ ღვთისმშობლად ვაღიარებთ; ხოლო ნესტორის უგუნურ გაყოფას, როგორც საღვთო განგებულებისაგან განშორებულს, - უარვყოფთ, რამეთუ ის ასწავლის, რომ ერთი ქრისტე არის ცალკე ადამიანი და ცალკე ღმერთი, და აღორძინებს იუდეველთა უსჯულოებას. მართლმადიდებლურად ვაღიარებთ, აგრეთვე, სამთავრო ქალაქ ქალკედონში ჩვენი მეფე მარკიანეს ზეობისას ექვსას ოცდაათი ღვთივრჩეული მამის მიერ ჩამოყალიბებულ რწმენის აღმსარებლობას, რომლითაც მთელ ქვეყნიერებას საზეიმოდ ეუწყა ერთი ქრისტე ძე ღვთისა, ორი ბუნებისაგან შემდგარი და ამ ორ ბუნებაში განდიდებული, ხოლო ამაოდმბრძნობი ევტიქი, რომელიც ამბობდა, რომ "საცხოვრებელი განგებულებაი საიდუმლოისაი" შედგა მოჩვენებითად, როგორც რაღაც საზარელი და როგორც ჭირი, ამ კრებამ ეკლესიის წმინდა ზღუდეთაგან განთხია; მასთან ერთად ნესტორიცა და დიოსკორეც, რომელთაგან ერთი ქრისტეში ბუნების გაყოფის დამცველი და ქომაგი იყო, მეორე კი პირიქით - ბუნებათა შერევის, და რომლებიც უსჯულოების ურთიერთსაწინააღმდეგო ქვეყნებიდან უღმერთოებისა და წარსაწყმედელის ერთ უფსკრულში შთავარდნენ; კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტინიანეს ზეობისას - ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს - შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისაგან გამოთქმულთ, და ამ სიტყვებით შთამომავლობას ჩვენსას განვსწავლით. ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე, ორიგენე, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს, რადგან იმათ ელინური ზღაპრები განაახლეს და წარმომავლობა და გადაქცევა ზოგიერთი სხეულისა და სულისა კვლავ სამარცხვინოდ წარმოგვიდგინეს სიზმრისეულ ოცნებებში მოხეტიალე გონებით, და მკვდრეთით აღდგომის წინააღმდეგ უსჯულოდ და უგუნურად გამოვიდნენ. ასეთივე ერთობით შეაჩვენეს და მოიძაგეს თეოდორიტეს მიერ მართალი სარწმუნოებისა და ნეტარი კირილეს თორმეტი თავის საწინააღმდეგოდ დაწერილი წერილი და ეგრეთ წოდებული იბას წერილი; ასევე ვალდებულებას ვიღებთ უცვლელად დავიმარხოთ მეექვსე კრების დადგენილება, რომელიც ახლახან ამ სამეფო ქალაქში შედგა ჩვენი მეფე კონსტანტინეს ზეობისას - ნეტარი ხსოვნა მას. სარწმუნოების შესახებ ამ დადგენილებამ, უაღრესი სიმტკიცე მიიღო, როცა ღვთისმოსავმა იმპერატორმა, რათა ყველა საუკუნეთა შინა სარწმუნო გაეხადა, იგი თავისი ბეჭდით დაამოწმა. ამ განჩინებამ ღვთისმიერი სიყვარულით განგვიმარტა, რომ ჩვენი ხსნისათვის განკაცებულ ერთ უფალში და ჭეშმარიტ ღმერთში ჩვენში იესო ქრისტეში, ორ ბუნებრივ სურვილს, ანუ ორ ნებას და ორ ბუნებრივ ქმედებას უნდა ვაღიარებდეთ. ისინი კი, რომელთაც ჭეშმარიტების ნამდვილი დოგმატი შერყვნეს და ჩვენს უფალ ღმერთში, იესუ ქრისტეში ერთი ნება და ერთი ქმედება უქადაგეს ხალხს, ამ კრებამ კეთილმსახურების სამართლით გაამტყუნა. ესენი იყვნენ თეოდორე (ეპისკოპოსი) ფარანელი, კვიროს ალექსანდრიელი, ჰონორე რომაელი, სერგი, პიროსი, პავლე, პეტრე, რომლებიც ამ ღვთივდაცულ ქალაქში წინამძღვრები იყვნენ; ანტიოქიის ეპისკოპოსი მაკარი, მისი მოწაფე სტეფანე და უგუნური პოლიქრონიოსი. ამგვარად, შეუცვლელად იქნა დაცული ჩვენი ქრისტე ღმერთის საერთო სხეული. მოკლე სიტყვით რომ ვთქვათ, ვადგენთ: სარწმუნოება ყველა იმ კაცთა, რომლებიც საღვთო ეკლესიაში გაბრწყინდნენ, მსოფლიო მნათობნი იყვნენ და ჰქონდათ სიტყუაი ცხორებისაი, ინარჩუნება მტკიცედ, და ჰოი, ჰგიეს საუკუნეთა განსრულებამდე შეურყევლად მათ მიერ ღვთივმოცემულ წერილებსა და დოგმატებთან ერთად. უკუვაგდებთ და ანათემას გადავცემთ ყველას, ვისაც ისინი უკუაგდებენ და ანათემას გადასცემენ, როგორც ჭეშმარიტების მტრებს, ღმერთზე ამაოდ განლაღებულთ და უმართებულობის სიმაღლედ აღყვანების მოსურნეებს. ხოლო თუ ვინმე არ დაიმარხავს და არ შეიწყნარებს კეთილმსახურების ზემოთქმულ დოგმატებს, ვინც ასე არ აზროვნებს და ქადაგებს, არამედ კადნიერდება ამათ საწინააღმდეგოდ წასვლას, დე, შეჩვენებულ იყოს ზემოხსენებულ წმინდა და ნეტარი მამების აქამომდე დადგენილი განჩინებით, და ქრისტიანთა კრებულისაგან გარიცხული და გაძევებული, როგორც გარეშე. რამეთუ ჩვენ სასვებით ვეთანხმებით იმას, რაც უწინარეს არის განჩინებული და გადავწყვიტეთ არცაღა მივუმატოთ მას, არცაღა მოვაკლოთ, და არცა შეგვეძლო სხვაგვარად.

(II მსოფლ. 1; III მსოფლ. 7; კართ. 1,2).

კანონი 2

      ბრწყინვალედ და უაღრესად ყურადღების ღირსად მიიჩნია ამ წმინდა კრებულმა ისიც, რომ ამიერიდან სულის საკურნებლად და ვნებათა დასაცხრომად მტკიცედ და ურღვევად რჩება ჩვენი წინამორბედი წმინდა და ნეტარი მამების მიერ შეწყნარებული და დამტკიცებული, და მათ მიერ ჩვენთვის წმინდა და დიდებულ მოციქულთა სახელით გადმოცემული ოთხომოცდახუთი კანონი. ამ კანონებით გვემცნო, რომ კლიმენტის მიერ გადმოცემული წმინდა მოციქულთა განწესებანი შეგვეწყნარებინა, მაგრამ რადგანაც კლიმენტისეულ დადგენილებებში ოდესღაც მწვალებლებმა ეკლესიისათვის საზიანოდ შეიტანეს სიყალბე და კეთილმსახურებისათვის უცხო, და ნათელი დაუჩრდილეს საღვთო სწავლების კეთილმშვენიერ სილამაზეს, ამიტომ ქრისტიანული სამწყსოს შეგონებისა და მფარველობის მიზნით, კლიმენტის მიერ გადმოცემული ეს დადგენილებანი ღვთივბრძნობით გვერდზე გადავდეთ, რათა არასგზით დაგვეშვა მწვალებლური ცრუსიტყვიერების გავრცობა და მათი შერევა მოციქულთა წმინდა და სრულყოფილ სწავლებასთან. ერთსულოვნებით ვბეჭდავთ ყველა სხვა წმინდა განწესებებსაც დადგენილთ ჩვენი წმინდა და ნეტარი მამების მიერ, ესენია: ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტი მამისაგან მოცემული; ასევე, ანკვირიაში, ნეოკესარიაში, აგრეთვე ღანგრაში, ასურეთის ანტიოქიაში, ფრიგიის ლაოდიკიაში შეკრებილთაგან; ამათ გარდა ამ ღვთივდაცულ და სამეფო ქალაქში შეკრებილ ასორმოცდაათი მამისაგან და სამთავრო ქალაქ ეფესოში პირველად შეკრებილ ორასი, და ქალკედონში შეკრებილ ექვსასი მამისაგან; ასევე ვიწყნარებთ და ვამტკიცებთ კანონებს მიღებულთ სარდიკიაში და კართაგენში და კვლავ ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქში კონსტანტინოპოლის საყდრისმპყრობელ ნეკტარიოსის დროს; ამათ გარდა განწესებებს დადგენილთ: ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს თეოფილეს, დიონისე ალექსანდრიელს, მთავარეპისკოპოსისა და მოწამის პეტრე ალექსანდრიელის, ნეოკესარიელ ეპისკოპოს გრიგოლ სასწაულმოქმედის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ათანასეს, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ბასილის, ეპისკოპოს გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, ამფილოქე იკონიელის, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ტიმოთე პირველის, ამავე ქალაქ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს კირილეს და ამ ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის პატრიარქ გენადის მიერ; აგრეთვე აფრიკის ქვეყნების მთავარეპისკოპოსისა და მოწამის კვიპრიანესაგან და მასთან ერთად შეკრებილ მამათაგან დასხმულ კანონს, რომელთა განწესებაც მხოლოდ ხსენებულ წინამძღვრისადმი დაქვემდებარებულ ადგილებში იყო შენარჩუნებული მათი ჩვეულების შესაბამისად. ნუმცა მიეცეს ვინმეს ნება ზემოაღნიშნული კანონების შეცვლის, ან უარყოფის, ან წინამდებარე კანონთა ნაცვლად, სხვა კანონების შეწყნარებისა, ცრუ სახელით დაწერილისა ზოგიერთი ადამიანის მიერ, რომელთაც ეყოთ კადნიერება ჭეშმარიტებით ევაჭრათ. ხოლო იმ პირს, რომელიც დასახელებული კანონების შეცვლასა და გაუკუღმართებაში იმხილება, ისეთი ეპიტიმია უნდა დაედოს, როგორსაც მის მიერ დარღვეული კანონი განაჩინებს და ამ გზით განიკურნოს იმისგან, რაშიაც შესცოდა.

(მოც. 35; VII მსოფლ. 1; კართ. 1; ორგზ. 10).

კანონი 3

      ჩვენმა კეთილმსახურმა და ქრისტესმოყვარე მეფემ ამ წმინდა მსოფლიო კრების წინაშე დასვა საკითხი, რომ სამღვდელონი და საეკლესიო დასის სხვა წევრები წარმოჩენილ იყვნენ წმინდა და უმწიკვლო მსახურებად და ყოვლადძლიერი ღმერთისათვის, რომელიც თავად არის მსხვერპლიც და უმაღლესი მღვდელმთავარიც, მსხვერპლშეწირვის ღირსად, ამიტომაც მართებთ მათ იმ ბიწისაგან გაწმენდა, რომელიც უკანონო ქორწინებით მოეცხოთ; ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა რომის ეკლესიის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ სჯულის მკაცრად დაცვას, ხოლო ამ ღვთივდაცული სამეფო ქალაქის ტახტის ქვეშევრდომნი ამ საკითხისადმი კაცთმოყვარეობითა და სულგრძელობით მიდგომას გვთხოვენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მამობრივად და ღვთისათვის სათნოდ, ერთიც და მეორეც შევაჯერეთ (ნუმც გამოგვეჩინოს სიმშვიდე უძლურებით, ან სიმკაცრე სისასტიკით განზავებული, განსაკუთრებით ასეთ პირობებში, როდესაც უმეცრებისაგან მრავალი ადამიანი მოიცვა ცოდვამ) და ერთხმად განვაჩინეთ: ვინც უკვე განვლილი მეოთხე ინდიქტიონის ექვსი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი წლის გასული იანვრის თხუთმეტამდე არის დამონებული ცოდვას და არ უნდა მისგან განთავისუფლება, კანონებრივი განკვეთით დაისაჯოს. რაც შეეხება იმათ, ვინც მეორედქორწინების ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ ჩვენს განჩინებამდე შეიგნო თავისთვის სასარგებლო, მოიკვეთა ბოროტება და ღვთისმსახურებისათვის შეუფერებელი და უსჯულო თანამეცხედრეობა უარყო, ანდა ვისაც მეორე ცოლი გარდაეცვალა, თვითონ კი, ამასთან, მოქცევა გადაწყვიტა, ძველ უსჯულოებას მალევე განერიდა და კვლავ უბიწო ცხოვრებას შეუდგა (მღვდელი იქნება ის თუ დიაკონი), მათ მიმართ ვადგენთ: დაე, ღვთისმსახურებაში ყოველგვარი მონაწილეობისაგან დაცხრენ და გარკვეული დროით ეპიტიმიის ქვეშ დაჰყონ, ხოლო სამღვდელო დასაჯდომელისა და დასადგომელის პატივით ისარგებლონ და დაკმაყოფილდნენ მღვდელმსახურის სახელით, მასთან, შესტირონ უფალს, რათა მიეტევოთ უმეცრების ცოდვები, რამეთუ არ შეშვენის სხვისი კურთხევა იმას, ვისაც თავისი წყლულები აქვს სამკურნალო. ერთ ცოლთან შეუღლებული, მაგრამ თუკი ცოლი მანამდე ქვრივი იყო, ისჯება ისევე, როგორც ხელთდასხმის შემდეგ დაქორწინებული მღვდელი, დიაკონი და იპოდიაკონი. ყველა ასეთი პირი ისჯება ღვთისმსახურებიდან მოკლევადიანი განყენებით, ხოლო სასჯელის შემდეგ კვლავ აღედგინონ თავიანთ წოდებაში, ცხადია, უსჯულო თანამეცხედრეობის დატევების შემდეგ, მაგრამ სხვა უფრო მაღალ ხარისხში აყვანის აკრძალვით. ეს დადგენილება, როგორც უკვე ითქვა, ეხება მხოლოდ სამღვდელო პირებს და, მათ შორის იმათ, რომლებიც მეოთხე ინდიქტიონის იანვრის მეთხუთმეტე დღემდე ზემოაღნიშნულ ცოდვაში იმყოფებოდნენ. ამიერიდან კი განვაჩინებთ და ვაღორძინებთ კანონს, რომელიც ამბობს: ვინც ნათელღების შემდეგ ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, ან ხარჭა ესვა, არ შეუძლია გახდეს ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი და, საერთოდ - სასულიერო კრებულის წევრი. ასევე, ვინც ქვრივი შეირთოს, ან მეუღლისაგან განტევებული, ან მეძავი, ან მხევალი, ან მსახიობი, არ შეიძლება გახდეს ეპისკოპოსი, ან მღვდელი და, საერთოდ - სასულიერო კრებულის წევრი.

(მოც. 17,18; ტრულ. 26; ბასილი დიდი 12,27).

კანონი 4

      თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, მკითხველი, მგალობელი ან მეკარე, ღმერთისათვის შეწირულ ქალწულთან შეერთდეს, თავისი პატივიდან განიკვეთოს, როგორც ქრისტეს სძლის განმხრწნელი; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ამას, უზიარებელ იქნეს.

(მოც. 25; I მსოფლ. 9; IV მსოფლ. 16; ტრულ. 21,40,44,45; ანკვირ. 19; ნეოკეს. 9; კართ. 6,44; ბასილი დიდი 3,6,18,19,20,32,60).

კანონი 5

      სასულიერო პირი, რომელსაც არა ჰყავს მასთან მაცხოვრებელი, კანონით განსაზღვრული ეჭვმიუტანელი პირი, ნუ აიყვანს თავისთან დედაკაცს, ან მხევალს, რათა არ აღმოჩნდეს ამისათვის განკითხვის ქვეშ. ვინც ჩვენ მიერ განწესებულს დაარღვევს, განიკვეთოს. ეს ეხება საჭურისებსაც, რათა არავინ დაძრახოს ისინი; ამ განწესების დამრღვევი კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს.

(მოც. 5,21,22,23,24,26; I მსოფლ. 1,3; ტრულ. 12,13; VII მსოფლ. 18,22; ანკვირ. 19; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდი 83).

კანონი 6

      ვინაიდან, მოციქულთა კანონებში ნათქვამია, რომ საეკლესიო დასში გაწევრიანებულ უქორწინებელთა შორის მხოლოდ მკითხველებსა და მგალობლებს შეუძლიათ დაქორწინება, ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ ამას და განვაჩინებთ: ამიერიდან, ხელთდასხმის შემდეგ იპოდიაკონს, დიაკონს, ან მღვდელს აღარ აქვთ დაქორწინების უფლება; ვინც გაკადნიერდება და ამ განჩინებას დაარღვევს, განიკვეთოს; ხოლო თუ ვინმეს, საეკლესიო მწყობრში შემსვლელთაგანს,, კანონერად დაქორწინება სურს, მან ეს მანამ გააკეთოს, სანამ იპოდიაკვნად, დიაკვნად, ან მღვდლად ხელთდასხმას მიიღებდეს.

(მოც. 5,26,51; IV მსოფლ. 14; ტრულ. 3,13,21,30; ანკვირ. 10; ნეოკეს. 1; კართ. 16; ბასილი დიდი 69).

კანონი 7

      შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ ეკლესიაში დიაკვნებს საეკლესიო თანამდებობები უკავიათ და ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა, თავხედურად და თვითნებურად, თავს მღვდლის წინ ჯდომის უფლება მისცა, ამის გამო განვაჩინებთ: დიაკონს, რომც ჰქონდეს რაიმე პატივი, ანუ გარკვეული საეკლესიო თანამდებობდა, არ მიეცეს მღვდელზე მაღალი ადგილის დაკავების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რაიმე საქმეზე სხვა ქალაქში წარგზავნილი, თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს წარმოადგენს, რადგან ასეთ შემთხვევაში, იგი მათ ადგილს იკავებს, როგორც ადგილის მცველი და, მხოლოდ ამისთვის არის პატივდებული. ხოლო, ვინც ძალადობით და თავხედობით იკადრებს ამის ჩადენას, ჩამოქვეითდეს თავისი ხარისხიდან და ყველას შორის დარჩეს უკანასკნელი იმ წოდებაში, რომელი წოდებაც თავის ეკლესიაში აქვს. თავად ჩვენი უფალიც რომ არ არის წარმოჩინებულ ადგილას ჯდომის მოყვარე, ამაში სწავლება გვარწმუნებს, რომელიც ლუკა მახარებელისაგან მოგვეცა თვით ჩვენი უფლისა და ღმერთის პირით, რამეთუ იგი მოწაფეთ ასეთ იგავს ეუბნება:" რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან; და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად. არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა. რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (ლუკა 14, 8-11).

      ეს ყველაფერი დაცულ იქნეს სამღვდელო წოდების სხვა ხარისხებშიც, რამეთუ ვიცით, რომ სულიერი ღირსება და თანამდებობა უაღრესად აღემატება ამსოფლიურ თანამდებობებს.

(I მსოფლ. 18; ტრულ. 16; ლაოდ. 20).

კანონი 8

      ჩვენი წმინდა მამების მიერ მიღებული დადგენილებანი ჩვენც გვსურს ყოველმხრივ შევინარჩუნოთ, ამიტომ ვაღორძინებთ IV მსოფლიო კრების მე-19 კანონსაც, რომელიც ბრძანებს, რომ ყოველწლიურად შედგეს თითოეული სამთავროს ეპისკოპოსთა კრება იმ ადგილზე, სადაც მიტროპოლიტის ეპისკოპოსი თავისი შეხედულებით საუკეთესოდ მიიჩნევს; მაგრამ რადგანაც ბარბარსოთა შემოსევებისა და სხვა შემთხვევითი დაბრკოლებების გამო, ეკლესიათა წინამძღვრებს არა აქვთ ყოველ წელიწადს ორგზის შეკრების საშუალება, ამიტომ განვაჩინეთ: ყველა სამთავროში, საეკლესიო საკითხების წამოჭრასათან დაკავშირებით, ეპისკოპოსები უნდა შეიკრიბონ წელიწადში ერთგზის ყოველ მიზეზგარეშე წმინდა აღდგომის დღესასწაულიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე იმ ადგილას, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, მიტროპოლიტი აირჩევს. ხოლო ეპისკოპოსებს, რომლებიც არ მოვლენ კრებაზე, თუმც კი იმყოფებიან თავიანთ ქალაქებში და ამასთანავე ჯანსაღნი არიან და ყოველგვარი აუცილებელი და გადაუდებელი საქმისაგან თავისუფლანი, ძმური სიყვარულით გამოეცხადოთ გულისწყრომა.

(მოც. 37; I მსოფლ. 5; IV მსოფლ. 19; VII მსოფლ. 6; ანტიოქ. 20; კართ. 95).

კანონი 9

      სამღვდელო დასის წევრს არა აქვს უფლება იქონიოს სავაჭრო დუქანი, რადგან თუკი ასეთ პირს დუქანში შესვლაც კი ეკრძალება, მაშინ რაოდენ მეტად უჯეროა მისთვის იქ სხვების მომსახურება და შეუფერებელი საქმინობით დაკავება. ვინც ამგვარი საქმიანობითაა დაკავებული, დაცხრეს, არადა - განიკვეთოს.

(მოც. 54; ლაოდ. 24; კართ. 40).

კანონი 10

      ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც ვახშს იღებს ანუ ე.წ. მეასედს, დაცხრეს, არადა - განიკვეთოს.

(მოც. 44; I მსოფლ. 17; VII მსოფლ. 19; ლაოდ. 4; კართ. 5,16; ბასილი დიდი 2,14; გრიგოლ ნეოკ. 3; გრიგოლ ნოს. 6).

კანონი 11

      არც სამღვდელო პირმა და არც ერისკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იხმიოს იუდეველთა მიერ მიწოდებული უფუარი; არ უნდა იმეგობროს მათთან; ავადმყოფობისას არ უნდა მოუხმოს და მკურნალობა მათაგან არ მიიღოს; არც აბანოში იბანაოს მათთან ერთად. ამ განწესების დამრღვევი სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 7,64,70,71; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106).

კანონი 12

      შევიტყვეთ, რომ აფრიკაში, ლიბიასა და სხვა ადგილებში, ზოგიერთი ღვთისმოსავი მღვდელმთავარი მასზე ხელთდასხმის შემდეგაც თავის მეუღლესთან აგრძელებს ცხოვრებას, რითაც სხვებს დაბრკოლებებსა და საცდურებს უქმნის. ვინაიდან გვსურს, რომ ყოველივე მოვაწყოთ ჩვენთვის მინდობილი სამწყსოს სულის სასარგებლოდ, ამიტომ მათთვის სასიკეთოდ მივიჩნიეთ განგვეჩინა შემდეგი: ამიერიდან ნუ ექნება ადგილი მსგავს ქმედებას. ამას ვამბობთ არა მოციქულთა კანონმდებლობის გასაუქმებლად ან შესაცვლელად, არამედ მრევლზე მზრუნველობის მიზნით, მათი გადარჩენისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის; აგრეთვე, იმიტომ, რომ ბიწი არ მოეცხოს სამღვდელო წოდებას, რამეთუ საღვთო მოციქული ამბობს: "...ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ, დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა" (I კორ. 10, 31-33; 11,1). ვინც შემჩნეული იქნება აღნიშნულ ქმედებაში, განიკვეთოს.

(მოც. 5,51; I მსოფლ. 3; ტრულ. 30,48; კართ. 3,4,25,70).

კანონი 13

      ვინაიდან შევიტყვეთ, რომ რომის ეკლესიაში კანონის სახით შემოუღიათ, რომ პირი, რომელიც ღირსი ხდება დიაკვნად ან მღვდლად ხელთდასხმისა, ვალდებულებას იღებს აღარ იცხოვროს საკუთარ ცოლთან, ამიტომ ჩვენ მივყვებით რა მოციქულთა ძველ კანონებს ეკლესიის კეთილმოწყობისა და წესრიგის შესახბ, ვაცხადებთ: მღვდელმსახურთა ცხოვრება მეუღლეებთან სავსებით კანონიკური ხასიათისაა და მომავალშიც დაურღვევლკად იქნეს ეს კანონი შენარჩუნებული; მღვდელმსახურებმა არ უნდა გაწყვიტონ მეუღლეებთან კავშირი, შესაფერის დროს კი ცოლ-ქმრული ურთიერთობა იქონიონ. ასე რომ, ვინც იქნება ხელთდასხმის ღირსი - იპოდიაკვნად, დიაკვნად ან მღვდლად, მას ამაში არასგზით არ უშლის ხელს კანონიერ მეუღლესთან თანაცხოვრება; ხელთდასხმისას არავინ დაავალდებულოს იგი, რომ მოეკრძალოს კანონიერ შეერთებას საკუთარ ცოლთან, რათა ამით არ შეურაცხვყოთ ღვთის მიერ დადგენილი და მის მიერ თავისი მოსვლისას ნაკურთხი ქორწინება, რამეთუ სახარების ხმა ღაღადებს: "...აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნდა, კაცნი ნუ განაშორებს" (მათ. 19,6); მოციქულიც გვასწავლის: "პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ..." (ებრ. 13,4); ასევე: "შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ..."(I კორ. 7,27). ვიცით, რომ კართაგენში შეკრებილმა მამებმაც, მღვდელმსახურთა ცხოვრების სიწმინდეზე ზრუნვის მიზნით დაადგინეს, რომ იპოდიაკვნები, რომლებიც წმინდა საიდუმლოებებს ეხებიან, ასევე დიაკვნები და მღვდლები, მათთვის მსახურებისათვის განკუთვნილ და მოსამზადებელ პერიოდში უნდა ეკრძალებოდნენ თანამეცხედრეებს. ამრიგად, ჩვენც უვნებლად დავიმარხოთ მოციქულებისაგან გადმოცემული და ძველთაგანვე დაცულიც; ვიცოდეთ ჟამი ყველაფრისა, მით უფრო კრძალვისა და ლოცვისა, რამეთუ საკურთხეველის წინ წარმდგართ, მაშინ, როცა სიწმინდეებთან აპირებენ მიახლებას, ყველაფრისაგან მოკრძალება მართებთ და, ამით შეძლებენ მიიღონ ღმერთისაგან უბრალოებაში ნათხოვნი; ხოლო ვინც მოციქულთა კანონების საწინააღმდეგოდ გაკადნიერდება და რომელიმე სასულიერო პირს, ანუ მღვდელს, დიაკონს ან იპოდიაკონს კანონიერ ცოლთან კავშირსა და ურთიერთცხოვრებას აუკრძალავს, განიკვეთოს. მსგავსადვე, მღვდელი, ან დიაკონი, რომელიც კეთილკრძალულების საბაბით გაუშვებს თავის ცოლს, განყენებულ იქნეს მღვდელმსახურებიდან, ხოლო მოუდრეკელობის შემთხვევაში - განიკვეთოს.

(მოც. 5,17,26,51; I მსოფლ. 3; IV მსოფლ. 14; ტრულ. 5,6,30; VII მსოფლ. 18; ანკვირ. 19; ნეოკეს. 1,8; ღანგ. 4; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდი 12,27,88).

კანონი 14

      წმინდა და ღმერთშემოსილი ჩვენი მამების შემდეგი კანონიც იქნეს შეწყნარებული: ოცდაათ წლამდე ნურავინ იქნება მღვდლად ხელთდასხმული: თუნდაც კაცი ყოვლად ღირსეული იყოს, მისი კურთხევა მაინც უნდა გადაიდოს დადგენილ ასაკამდე, რამეთუ უფალმა იესუ ქრისტემ ნათელ-იღო ოცდაათი წლისამ და დაიწყო დამოძღვრა. ასევე, დიაკონი არანაკლებ ოცდახუთი წლისა და დედათდიაკონი - ორმოცი წლისა, იკურთხებიან.

(IV მსოფლ. 15; ტრულ. 15; ნეოკეს. 11; კართ. 16).

კანონი 15

      იპოდიაკონი ხელთდასხმულ იქნეს არანაკლებ ოცი წლის ასაკისა. თუ ვინმე განსაზღვრულ ასაკამდე იქნება აყვანილი რომელიმე სამღვდელო ხარისხში, განიკვეთოს.

(IV მსოფლ. 15; ტრულ. 14; ნეოკ. 11; კართ. 16).

კანონი 16

      რამდენადაც წიგნში "საქმენი მოციქულთა" მოთხრობილია, რომ მოციქულთაგან შვიდი დიაკონი არის დადგენილი, ნეოკესარიის კრების მამებიც მათ მიერ დაწესებულ კანონებში ნათლად განსაჯეს, რომ კანონით შვიდი დიაკონი უნდა დაადგინონ, რაც არ უნდა დიდი ქალაქი იყოს და, ამაში ისინი წიგნმა "საქმენი მოციქულთა" დაარწმუნა. ამის გამო ჩვენ, შევადარეთ რა მამათა აზრები მოციქულთა გამონათქვამებს, აღვიქვით, რომ მათი სიტყვა იყო არა საიდუმლოთა მსახურებაზე, არამედ ტრაპეზზე მსახურების საჭიროებისათვის, რამეთუ წიგნში "საქმენი" წერია შემდეგნაირად: "ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი, და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი" (საქმე 6, 1-6).

      ეკლესიის მოძღვარი იოანე ოქროპირი ამ ადგილის შესახებ ამბობს: "განცვიფრების ღირსია როგორ არ გაიყო ერი ამ კაცთა გამორჩევისას, როგორ არ განიშორეს მათ მოციქულები". მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ როგორ ღირსებას ატარებდნენ ის კაცები და როგორი ხელთდასხმა მიიღეს: დიაკონის წოდება ხომ არა? მაგრამ ეს მაშინ არ იყო. ეკლესიების მღვდლების თანამდებობდა ხომ არა? მაგრამ მაშინ არ იყო არავითარი ეპისკოპოსი, იყვნენ მხოლოდ მოციქულები. ამის გამო ვფიქრობთ, რომ არც დიაკონს და არც მღვდლის სახელი არ იყო მაშინ ცნობილი და არც იხმარებოდა. ამის საფუძველზე ჩვენ ვქადაგებთ, რომ ზემოხსენებული შვიდი დიაკონი არ უნდა იქნენ მიღებულნი როგორც საიდუმლოთა მსახურები. გადმოცემული სწავლების თანახმად მათ დავალებული ჰქონდათ სახლთგაძღოლა საერთო საჭიროებისათვის და, ამ შემთხვევაში, ისინი ჩვენთვის არიან მისაბაძნი კაცთმოყვარეობასა და შეჭირვებულთათვის მზრუნველობაში.

(I მსოფლ. 18; ტრულ. 7; ნეოკეს. 15; ლაოდ. 20).

კანონი 17

      ვინაიდან სხვადასხვა ეკლესიის სამღვდელო დასის წევრებმა მიატოვეს თავიანთი ეკლესია, სადაც განწესებული იყვნენ, გადავიდნენ სხვა ეპისკოპოსებთან და თავიანთი ეპისკოპოსების ნებართვის გარეშე სხვის ეკლესიებში დაეწესნენ, რითაც დაუმორჩილებლობას წარმოაჩენენ, ამიტომ განვაჩინეთ: იანვრის თვიდან, გასული IV ინდიქტიონიდან, დასის არც ერთ წევრს, რომელ ხარისხშიაც არ უნდა იყოს, არა აქვს უფლება თავისი ეპისკოპოსის განსატევებლი სიგელის გარეშე სხვა ეკლესიაში დაეწესოს. ამიერიდან ამ განჩინების დამრღვევი და მისი ხელთდამსხმელის შემარცხვენელი, განკვეთილ იქნეს; ასევე, მისი არამართებულად მიმღები ეპისკოპოსიც.

(მოც. 12,15,32,33; I მსოფლ. 15,16; IV მსოფლ. 5,6,10,13,20,23; ტრულ. 18; ანტიოქ. 3,6; ლაოდ. 41,42; სარდიკ. 15,16,19; კართ. 23,106).

კანონი 18

      საეკლესიო დასის წევრებს, რომლებმაც ბარბაროსთა შემოსევების მიზეზით, ან სხვა რაიმე გარემოებათა გამო, დატოვეს თავიანთი ადგილები, ვუბრძანებთ: როცა მდგომარეობა შეიცვლება ან ბარბაროსთა შემოსევა - თუ ეს იყო მათი წასვლის მიზეზი - ჩაცხრება, კვლავ უკან დაბრუნდნენ და არ მიატოვონ თავიანთი ეკლესიები დიდი ხნით საპატიო მიზეზის გარეშე. ვინც ამ კანონის დარღვევით სხვაგან ყოფნას გააგრძელებს: მსახურება აეკრძალოს, სანამ თავის ეკლესიაში არ დაბრუნდება. იგივეს ექვემდებარება მისი შემწყნარებელი ეპისკოპოსიც.

(მოც. 15; I მსოფლ. 15,16; IV მოსფლ. 5,10,20,23; ტრულ. 17; VII მსოფლ. 15; ანტიოქ. 3; სარდიკ. 15,16,19).

კანონი 19

      ეკლესიების წინამძღვრებმა ყოველდღე, უფრო კი კვირა დღეებში, დამოძღვრონ მთელი საეკლესიო დასი და მრევლი ღვთისმოსავი სიტყვებით, ამოკრიბონ საღვთო წერილიდან ჭეშმარიტების შესაგონებელი და შესამეცნებელი ადგილები და, ამასთან, არ გადავიდნენ ღმერთშემოსილი მამების გადმოცემებსა და მათ მიერ დადებულ ზღვარს. როცა წმიდა წერილის სიტყვას გამოიკვლევენ, სხვაგვარად არ განმარტონ იგი, არამედ როგორც ეს თავიანთ ეპისტოლეებში ჩამოაყალიბეს ეკლესიის მნათობებმა და მოძღვრებმა და, წინამძღვრები ამით უფრო დაკმაყოფილდნენ, ვიდრე საკუთარი სიტყვების შედგენით, რათა წმიდა წერილის არასაკმარისი ცოდნა არ გახდეს ჭეშმარიტებისაგან გადახრის მიზეზი. სწორედ ზემოხსენებულ მამათა სწავლებებით უნდა შეიმეცნოს მრევლმა, რა არის სასარგებლო და არა - უსარგებლო, რა არის ასარჩევი და რა - დასაგმობი და, ცხოვრების გამოსწორება დაიწყოს, რათა აღარ იტანჯებოდეს უმეცრების სენით, არამედ სწავლას ყურ-მიპყრობილი თავს აიძულებდეს ბოროტებისაგან განრიდებას და, სასჯელის მოწევის შიშით, საკუთარ ცხონებას აღაშენებდეს.

(მოც. 58; I მსოფლ. 2; ლაოდ. 19; სარდ. 11; კართ. 71,121,123).

კანონი 20

      ეპისკოპოსს არა აქვს უფლება საჯაროდ იქადაგოს სხვა ქალაქში, რომელიც მის განსაგებელში არ შედის, ხოლო ვინც შემჩნეული იქნება ასეთ ქმედებაში, განკანონებულ იქნეს ეპისკოპოსობიდან და მხოლოდ სამღვდელო საქმე აკეთოს.

(მოც. 14,35; I მსოფლ. 8,5; II მსოფლ. 2; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 29; ანკვირ. 18; ანტიოქ. 13,22; სარდიკ. 3,11,12).

კანონი 21

      ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა და ერისკაცთა რიგებში იქნა გადაყვანილი, თუკი ნებაყოფლობით სინანულში მოვა და საბოლოოდ განეშორება იმ ცოდვას, რომლის გამოც მადლი დაკარგა, მაშინ მას უფლება ეძლევა თმები კლერიკოსის მსგავსად შეიკვეცოს, ხოლო თუ არ მოინდომებს მონანიებას, ასეთ შემთხვევაში თმები ერისკაცთა მსგავსად გაიზარდოს, რადგან ზეციურ ცხოვრებას ამსოფლიური სიამოვნება ამჯობინა.

(მოც. 5,62,81,83; I მსოფლ. 9,12; III მსოფლ. 9; IV მსოფლ. 7; ნეოკეს. 9; კართ. 36; ორგზ. 16; ბასილი დიდი 3,70; კირილე ალექს. 3).

კანონი 22

      ეპისკოპოსი ან სხვა ნებისმიერი ხარისხის სასულიერო პირი, რომელიც ფულით იქნა ხელთდასხმული, და არა გამოცდითა და გამორჩევით თავისი ღვთისსათნო ცხოვრების შედეგად, განკვეთილ იქნეს; განიკვეთოს, აგრეთვე, მისი ხელთდამსხმელიც.

(მოც. 22; IV მსოფლ. 2; ტრულ. 23; VII მსოფლ. 4,5,15,19; სარდიკ. 2; ბასილი დიდი 90; გენადის ეპისტ.; ტარასის ეპისტ.).

კანონი 23

      ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონბმა არ უნდა მოითხოვოს მაზიარებელთაგან ფული ან სხვა რაიმე წმინდა ზიარების გაცემისათვის, რამეთუ მადლი არ იყიდება და ჩვენ ფულისათვის არ გადავცემთ სულიწმიდის მადლს; იგი ყოველგვარი მზაკვრობის გარეშე უნდა მიეცეს ამ ნიჭის მიღებისათვის მომზადებულთ; ხოლო თუ ვინმე დასის წევრთაგან შემჩნეული იქნება რაიმე სახის მისაგებელის მოთხოვნაში იმისაგან, ვისზედაც გასცემს ყოვლადწმიდა ზიარებას, განკვეთილ იქნეს, როგორც სიმონიის ცდომილებისა და მზაკვრობის მოშურნე.

(მოც. 4,29; IV მსოფლ. 2; ტრულ. 23; VII მსოფლ. 4).

კანონი 24

      არავის, სამღვდელო წოდების პირთაგან, არც მონაზონს, არა აქვს უფლება ცხენების ჯირითზე იაროს, ან სხვა სანახაობრივ თამაშებს დაესწროს; თუ ვინმე კლერიკოსთაგან ხმობილი იყოს ქორწილში, იგი, როგორც კი მაცდუნებელი თამაშები დაიწყება, ადგეს და განერიდოს იქაურობას, რადგან ასე ბრძანებს ჩვენთვის მამათა მოძღვრება, ხოლო მხილებული მსგავს ქმედებაში, დაცხრეს, არადა - განიკვეთოს.

(ტრულ. 51,62,65; ლაოდ. 54; კართ. 15,45,63).

კანონი 25

      ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, ვაღორძინებთ იმ კანონსაც, რომელიც აწესებს, რომ ყოველი ეკლესიის სამრევლო, იქნება ეს სოფლებში თუ ქალაქის გარეუბნებში, უცვლელად დარჩეს მათი მმართველი ეპისკოპოსების ხელუსუფლების ქვეშ და, მით უფრო, თუ ეპისკოპოსები ოცდაათი წლის განმავლობაში უკამათოდ ფლობდნენ მათ თავიანთ მმართველობაში, ხოლო თუ ოცდაათი წელი არ გასულა, ან ამის თაობაზე რაიმე კამათი იქნა, მაშინ იმ პირს, ვინც დაჩაგრულად თვლის თავს, შეუძლია საქმე აღძრას სამთავრო კრების წინაშე.

(IV მსოფლ. 17).

კანონი 26

      მღვდელმა, რომელმაც უმეცრებისა გამო დაივალდებულა თავი უწესო ქორწინებით, სამღვდელო საჯდომელის პატივით ისარგებლოს, როგორც ეს სჯულდებულია ჩვენთვის წმინდა კანონში, ხოლო სხვა სამღვდელო მოქმედებისაგან თავი შეიკავოს, რამეთუ ასეთ სასულიერო პირთათვის მიტევებაც საკმარისია. სხვისი კურთხევა-დამოძღვრა კი არ მართებს იმას, ვისაც ჯერ საკუთარი წყლულები აქვს განსაკურნებელი, რამეთუ კურთხევა არის გადაცემა სიწმიდისა, ხოლო ვისაც ეს წარეწყმიდა უმეცრების ცოდვის მიზეზით, იგი სხვას როგორღა გადასცემს? ამის გამო ნურც საჯაროდ, ნურც განცალკევებით ნუ აღასრულებს კურთხევას; ნურც ქრისტეს ხორცს დაურიგებს სხვებს, ნურც სხვა რაიმე მსახურებას ჩაატარებს, არამედ დაკმაყოფილდეს მღვდელმსახურის ადგილით და ცრემლით შესთხოვდეს უფალს უმეცრებით შემთხვეული უსჯულოების შენდობას. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი უჯერო ქორწინება უნდა გაუქმდეს, რადგან არ უნდა იქონიოს კაცმა თანამკვიდრობა იმასთან, ვის გამოც მღვდელმსახურება აეკრძალა.

(მოც. 17; IV მსოფლ. 14; ტრულ. 3,6,21; ნეოკეს. 9; ბასილი დიდი 27).

კანონი 27

      კლერიკოსთაგან არავინ შეიმოსოს შეუფერებელი სამოსლით, არც ქალაქში და არც გზაში მოგზაურობისას; თითოეულმა მათგანმა ის სამოსელი უნდა ჩაიცვას, რაც უკვე დაწესებულია სასულიერო პირთათვის. ვინც ამ წესს დაარღვევს, ერთი შვიდეულით განყენებულ იქნეს ღვთისმსახურებისაგან.

(VII მსოფლ. 16; ღანგ. 12,21).

კანონი 28

      ვინაიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიღაც დამკვიდრებული წესის თანახმად, საკურთხეველში ყურძენი შეიწირება, მღვდელმსახურები კი მას უსისხლო მსხვერპლშემოწირულობასთან აერთიანებენ და ამ სახით ორივეს ერთად უწილადებენ მრევლს, ამის გამო აუცილებლად მიგვაჩნია, დადგინდეს: შემდგომში ეს აღარ განმეორდეს; მღვდელმსახურმა მისცეს მრევლს ერთი მსხვერპლი, განსაცხოველებლად და მისატევებლად ცოდვათა; რაც შეეხება ყურძნის შემოწირვას, მღვდელმსახურებმა მიიღონ, როგორც პირველნაყოფი და, განსაკუთრებულად ნაკურთხი, მთხოვნელებს დაურიგონ - ნაყოფის ყველა შემომწირველისადმი მადლიერებით, რითაც, ღვთის განსაზღვრით, სხეული ჩვენი იზრდება და იკვებება. ვინც კლერიკოსთაგან ამ განჩინების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, თავისი პატივისაგან განიკვეთოს.

(მოც. 3,4; ტრულ. 32; კართ. 37).

კანონი 29

      კართაგენის კრების მამათა კანონი ბრძანებს, რომ ღვთისმსახურება საკურთხეველში უნდა ჩატარდეს სხვა არანაირად, თუ არა უზმოზე მყოფ კაცთა მიერ, გარდა წელიწადის ერთი დღისა, როცა საუფლო სერობა ეწყობა. ამ წმინდა მამებმა შეიძლება, რაიმე ადგილობრივი მიზეზების გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რაც მაშინ სასარგებლო იქნებოდა ეკლესიისათვის. ამჟამად კი ჩვენ არაფერი გვაიძულებს, რომ კეთილკრძალული სიმკაცრე დავუტევოთ. ამიტომაც, მივყვებით რა სამოციქულოთა და წმინდა მამათა გადმოცემებს, განვაჩინებთ: არ არის მართებული დიდმარხვაში, უკანასკნელი შვიდეულის ხუთშაბათს, მარხვის გახსნა და ამით მთელი დიდმარხვის შეურაცხყოფა.

(მოც. 69; ტრულ. 89; ლაოდ. 50; კართ. 41,47; ტიმოთე ალექს. 16).

კანონი 30

      გვსურს რა ყველაფერი მოვიმოქმედოთ ეკლესიის აღსაშენებლად, გადავწყვიტეთ უცხო ტომის ხალხთა ეკლესიებშიც კეთილად მოვაწყოთ მღვდელთა მსახურება. ამის გამო განვაჩინებთ: რადგან ისინი თავს ვალდებულად თვლიან გარდაამეტონ მოციქულთა განწესებას, რომელიც კრძალავს საკუთარი ცოლის განტევებას კეთილკრძალულების მომიზეზებით და დადგენილზე მეტს ეჭიდებიან, რის გამოც თავის მეუღლეებთან შეთანხმებით მათთან თანამეცხედრეობას გაურბიან, ამიერიდან აღარ ჰქონდეთ მეუღლეებთან თანაცხოვრება არანაირი სახით, რათა ამგვარად წარმოგვიჩინონ სრულყოფილი მტკიცებულება თავიანთი აღთქმისა. ეს ჩვენ მათთვის დავუშვით სხვა არაფრის გამო, თუ არა მათი სულმოკლე ზრახვებისა და ჯერ კიდევ გაუცხოებული და კეთილმოუწყობელი ზნეობის მიზეზით.

(მოც. 5; I მსოფლ. 3; ტრულ. 12,13,48; ღანგ. 1,4,9,10; კართ. 4).

კანონი 31

      განვაჩინებთ, რომ მღვდელმსახურებმა სამღვდელო მოქმედება, ან ნათლისღება კარის ეკლესიაში აღასრულონ სხვა არანაირად, თუ არა ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. კლერიკოსი, რომელიც ამ წესს არ დაიცავს, განიკვეთოს.

(მოც. 31; IV მსოფლ.18; ტრულ. 34,59; VII მსოფლ. 7,10; ღანგრ. 6; ანტიოქ.5; ლაოდ. 58; ორგზ. 12; კართ. 10).

კანონი 32

      შევიტყვეთ, რომ სომეხთა ქვეყანაში უსისხლო მსხვერპლის შემწირველნი წმინდა ტრაპეზზე მხოლოდ ღვინოს სწირავენ, არ აზავებენ მას წყლით და თავიანთი ქმედების გასამართლებლად ეკლესიის მოძღვრას, იოანე ოქროპირს იმოწმებენ, რომელიც მათესაგან სახარების განმარტებაში ასე ამბობს: "რატომ წყალი არ შესვა მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა, არამედ ღვინო? იმის გამო, რომ ძირიანად აღმოეფხვრა უწმინდური მწვალებლობა, რადგან არიან ისეთები, რომლებიც საიდუმლოში მხოლოდ წყალს იყენებენ, წმინდა იოანემ მიუთითა, რომ უფალმა ღვინო გამოიყენა მაშინ, როცა მოწაფეებს საიდუმლოს გადასცემდა და, აღდგომის შემდეგაც, როცა საიდუმლოს გარეშე უბრალო ტრაპეზს სთავაზობდა მათ და, აღნიშნავს რა ამას, ამბობს: "...ნაყოფისაგან ამისა ვენაჴისა..." (მთ. 26.29), ყურძნის ვენახი კი ღვინოს წარმოშობს და არა წყალს". აქედან გამოჰყავთ, თითქოს ეს მოძღვარი უარყოფს წყლის შეზავებას წმინდა შესაწირავთან [ღვინოსთან]. იმისათვის, რომ ისინი ამიერიდან აღარ იყვნენ უმეცრებით შეპყრობილნი, ჩვენ განვმარტავთ ამ მამის მართლმადიდებლურ შემეცნებას: რადგანაც არსებობდა ჰიდროპარასტატების უძველესი ბოროტი მწვალებლობა, სხვაგვარად - წყლის შემწირველები (водоприносители), რომლებიც მსხვერპლშეწირვისას ღვინის ნაცვლად მხოლოდ წყალს იყენებდნენ, ამიტომაც ამ ღმერთშემოსილმა კაცმა, უარსაყოფად ასეთი მწვალებლების უსჯულო სწავლებისა და გამოსაჩენად იმისა, რომ იგი მოციქულთა გადმოცემების პირდაპირ საწინააღმდეგოა, წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები; ხოლო მან თვითონ, თავის ეკლესიაში, რომელზედაც მას მწყემსმთავრული მმართველობის რწმუნება ჰქონდა, ღვინისა და წყლის შეზავება დააწესა, როცა უსისხლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება, და ამით ჩვენი გამომხსნელისა და მაცხოვრის, ქრისტე ღმერთის უხრწნელი გვერდიდან გამომდინარე სისხლისა და წყლის შეერთება წარმოაჩინა - განსაცხოველებლად ყოველი სოფლისა და ცოდვებისაგან ყოველთა გამოსასყიდელად; და ყველა ეკლესიაში, სადაც კი ბრწყინავდნენ სულიერი მნათობნი, სწორედ ეს ღვთივმოცემული წესი შეიწყნარებოდა. აგრეთვე, იაკობიც, ქრისტე ღმერთის ხორციელი ძმა, რომელსაც პირველს ჩაებარა იერუსალიმის ეკლესიის საყდარი, და ბასილი დიდი, კესარიის მთავარეპისკოპოსი, რომლის დიდება მთელ მსოფლიოს გადასწვდა, წერილობით გადმოგვცემენ სამღვდელო მოქმედების საიდუმლოს და წესად ადგენენ, რომ საღვთო ლიტურგიისას წყალი და ღვინო შეზავდეს წმინდა ბარძიმში; და კართაგენში შეკრებილმა ღირსმა მამებმაც ზუსტად ეს სიტყვები წარმოთქვეს: "წმინდა საიდუმლოში მხოლოდ ხორცი და სისხლი შეიწირება და სხვა არაფერი, რამეთუ ეს თვით უფლისაგან გადმოგვეცა, ანუ პური და ღვინო წყლით განზავებული". თუ ვინმე ეპისკოპოსთაგან, ან მღვდელთაგან ყოვლადწმიდა მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს სხვანაირად აღასრულებს - არა მოციქულთა გადმოცემულ წესისამებრ - და წყალს ღვინოსთან არ განაზავებს, განკვეთილ იქნეს, როგორც საიდუმლოს არასრულად მქადაგებელი და სიახლის შემოღებით წმინდა გადმოცემის დამზიანებელი.

(მოც. 3,4; ტრულ. 81; კართ. 37).

კანონი 33

      ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სომხეთში მხოლოდ ისინი მიიღებიან საეკლესიო კრებულში, რომლებიც სამღვდელო გვარეულობას მიეკუთვნებიან, რითაც ამის მოქმედნი იუდეველთა ჩვეულების მიმდევრებად წარმოგვიდგებიან; ამასთან, ზოგიერთ მათგანს საეკლესიო მსახურის აღკვეცაც არ მიუღია და ისე დგინდება საღვთო ტაძარში ეკლესიის მგალობლად ან წიგნის მკითხველად, ამიტომაც განვაწესებთ: ამიერიდან არავის მიეცეს უფლება კლერიკოსის პატივში მიღებისას კანდიდატის შთამომავლობით იმსჯელოს; დასში მიღებისას, წმინდა კანონებში განსაზღვრული დადგენილებებით უნდა მოხდეს გამოკვლევა: არიან თუ არა კანდიდატები მასში მიღების ღირსნი, მიუხედავად იმისა, ხელთდასხმულ წინაპართა შთამომავლები არიან ისინი თუ არა. ასევე, არავის მიეცეს ნება ამბიონიდან უქადაგოს მრევლს საღვთი სიტყვა კრებულის წევრის უფლებით; ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მან სამღვდელო აღკვეცა მიიღო და კანონისამებრ სულიერი მოძღვრისაგან მიეცა ქადაგების კურთხევა. ამ განწესების დამრღვევი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 76; VII მსოფლ. 14; ლაოდ. 15).

კანონი 34

      საღვთო კანონის განცხადებით, თანამზრახველობითი დანაშაული, ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე [სამოქალაქო] კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, - ნუ იყოფინ! აქედან გამომდინარე, წესრიგის დასაცავად ვადგენთ: თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონაზონი ბოროტთანამზრახველობას და შეთქმულებაში იქნება მხილებული, ანდა, ეპისკოპოსის, ან თანამოძმის წინააღმდეგ ვერაგობაში, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან.

(მოც. 31; IV მსოფლ. 18; ანტიოქ. 5; კართ. 10; ორგზი. 13,14,15).

კანონი 35

      მიტროპოლიტთაგან არავის მიეცეს უფლება მის საყდარს დაქვემდებარებული ეპისკოპოსის სიკვდილის შემთხვევაში, გაფლანგოს ან მიიტაცოს მისი ან მისი ეკლესიის ქონება. ყველაფერი ეს უნდა დარჩეს იმ ეკლესიის კრებულის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის წინამძღვარიც იყო აწ აღსრულებული, სანამ ახალი ეპისკოპოსი არ დადგინდება; გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ დარჩება ეკლესიაში დასის წევრი. ასეთ შემთხვევაში მიტროპოლიტმა მთელი ქონება უდანაკარგოდ უნდა შეინარჩუნოს და შემდგომში ახალ ეპისკოპოსს გადასცეს.

(მოც. 40; IV მსოფლ. 22,25; ანტიოქ. 24; კართ. 22,26,81).

კანონი 36

      ვაღორძინებთ ამ ღვთივდაცულ და სამეუფო ქალაქში შეკრებული ასორმოცდაათი და ქალკედონში შეკრებილი ექვსასოცდაათი წმინდა მამის მიერ სჯულდებულს და განვაჩინებთ: მიენიჭოს კონსტანტინოპოლის საყდარს რომის საყდრის თანაბარი უპირატესობა და მის შემდეგ მეორე, მსგავსადვე განიდიდოს საეკლესიო საქმეებში; ხოლო ამის შემდეგი ჩაითვალოს საყდარი დიდი ქალაქისა ალექსანდრიისა, შემდეგ - ანტიოქიის საყდარი და მის შემდეგ იერუსალიმის საყდარი.

(I მსოფლ. 6,7; II მსოფლ. 2,3; IV მსოფლ. 28).

კანონი 37

      იმისა გამო, რომ სხვადასხვა დროს ბარბაროსთა თავდასხმებს ჰქონდათ ადგილი და მრავალი ქალაქი ურჯულოთა მიერ იქნა დაპყრობილი, ასეთი ქალაქის მღვდელმთავარს არ შეეძლო მასზე ხელთდასხმის შემდეგ თავისი საყდარი მიეღო ფაქტიურ მმართველობაში: დაფუძნებულიყო მასში მღვდელმთავრის მდგომარეობით, ჩაეტარებინა ხელთდასხმა და ეწარმოებინა ყველაფერი ის, რაც ეპისკოპოსს ევალება. ჩვენ, ვიცავთ რა სასულიერო პირთა პატივსა და ღირსებას, გვსურს, რომ წარმართთა შემოსევამ ვერ შეძლოს საეკლესიო სამართლის ხელყოფა, ამიტომ განვაჩინებთ: ხელთდასხმულნი, რომლებიც იმის გამო, რომ ზემოთქმული მიზეზებით თავიანთ საყდარმთავრო მოვალეობას ვერ შეუდგნენ, განკიცხვას არ ექვემდებარებიან; საეკლესიო კრებულში სხვადასხვა ხარისხის ხელთდასხმა მათ წესისამებრ ჩაატარონ და წინამძღვრის უპირატესობით თავისი შეძლების ფარგლებში ისარგებლონ; მათგან გამომავალი სამთავრობო მოქმედება მიჩნეულ იქნეს მტკიცედ და კანონიერად, რათა დროებითმა შეჭირვებამ და სიზუსტის დაცვაში დაბრკოლებებმა ვერ შეზღუდონ მართვა-გამგეობის საზღვრები.

(მოც. 36; I მსოფლ. 16; III მსოფლ. 9; IV მსოფლ. 6,29; ანკვირ. 18; ანტიოქ. 17,18; კირილე ალექს. 1,2,3).

კანონი 38

      ჩვენი მამების მიერ დადებულ კანონს ჩვენც ვიმარხავთ, რომელიც ასე აცხადებს: თუ სამეფო ხელისუფლებით განახლდა, ან მომავალში განახლდება ქალაქი, მაშინ სამოქალაქო და საერო წესს, შესაბამისად, საეკლესიო საქმეთა განწესებაც უნდა მიჰყვეს.[1]

(I მსოფლ. 4,6,7; II მსოფლ. 3; IV მსოფლ. 17,28).

კანონი 39

      რადგან ძმა და თანამსახური ჩვენი, კუნძულ კვიპროსის წინამძღოლი იოანე, თავის მრევლთან ერთად ბარბაროსთა თავდასხმის მიზეზით დასახელებული კუნძულიდან ელისპონტოს სამთავროში გადასახლდა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებითა და ჩვენი ქრისტესმოყვარე და კეთილმსახური მეფის მეცადინეობით, - რათა თავი დაეღწიათ წარმართთა მონობისაგან და ქრისტიანულ სახელმწიფოს კვერთხს დამორჩილებოდნენ, - ამიტომ ვადგენთ: ხელშეუხებელ იქნეს დაცული ის უპირატესობა, რაც ზემოდასახელებული კაცის საყდრისათვის ეფესოში წინათ შეკრებილ ღმერთშემოსილ მამათა მიერ განიწესა; აღიჭურვოს ახალი იუსტინიანაპოლი კონსტანტინოპოლის უფლებებით და მასში დაწესებული ღვთისსათნო ეპისკოპოსი მთავრობდეს ელისპონტოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსზე, და დგინდებოდეს იგი ძველი ჩვეულების მიხედვით თავისი ეპისკოპოსების მიერ; იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ღმერთშემოსილმა მამებმაც გადაწყვიტეს დაცული ყოფილიყო თითოეული ეკლესიის ჩვეულება, ამიტომ ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დაექვემდებაროს დასახელებულ იუსტინიანაპოლის წინამძღვარს ყველა სხვა, ზემოდასახელებულ ღვთისსათნო წინამძღოლ იოანეს დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთა მაგალითისამებრ და, მისგან, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, თვით ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსიც დადგინდეს.

(მოც. 34; I მსოფლ. 6,7; II მსოფლ. 2,3; III მსოფლ. 8; IV მსოფლ. 28; ტრულ. 36,37; ანტიოქ. 9).

კანონი 40

      ვინაიდან ფრიად საცხოვნებელია ყოფიერების შფოთისაგან თავგარიდებით ღმერთს მიმსჭვალვა, ამიტომ გამოუცდელად და უდროოდ არ უნდა მივიღოთ ყველა მათგანი, ვინც კი მონაზვნური ცხოვრების არჩევანს გააკეთებს; მათთან მიმართებით უნდა დავიცვათ მამებისაგან გადმოცემული დადგენილება. ამიტომ, ღვთისსათნო ცხოვრების აღთქმა უნდა მივიღოთ როგორც უკვე მტკიცე და, მეცნიერებითა და განსჯადობით შობილი გონების სრულად გახსნის შემდეგ. ამდენად, მონაზვნურ უღელქვეშ შედგომის მოსწრაფე ნუ იქნება ათ წელიწადზე ნაკლები ასაკისა, მაგრამ ამ ასაკს მიღწეულის საქმეც წინამძღვრის განსაგებელია: ხომ არ არის უმჯობესი გადაუწიოს მას მონაზვნური ცხოვრების დაწყებისა და მასში დამკვიდრების ჟამი. თუმცა, მართალია, დიდი ბასილი თავის წმინდა განწესებებში სჯულმდებლობს, რომ ვინც თავისი ნებით შეეწირა ღმერთს და ქალწულობა ირჩია, ჩვიდმეტი წლის ასაკიდან ჩაირიცხოს ქალწულთა დასში, მაგრამ ჩვენ, ქვრივებისა და დედათდიაკვნების შესახებ კანონის მაგალითზე, მონაზვნურ ცხოვრების მოსურნეთათვის განვაჩინეთ ზემოთქმულ წელთა რიცხვი, რამეთუ საღვთო მოციქულს უწერია "ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ..." (I ტიმ. 5.9), ხოლო წმინდა კანონებით გადმოგვეცა დედათდიაკვნად დადგინება ორმოცი წლის ასაკში, რადგან თვალსაჩინოა, რომ ეკლესიამ, ღვთის მადლით, ფრიად ძალმოსილებას და წარმატებას მიაღწია, და საღვთო მცნებათა დამმარხველნი მტკიცე და კეთილსაიმედონი არიან. ჩვენ ეს სრულფასოვნად შევიმეცნეთ და მასთან შესაბამისობაში განვაწესეთ: ღვთისსათნო მოსაგრეობის მოსწრაფე მალევე უნდა აღინიშნოს მადლის კურთხევით, როგორც ბეჭედდასმული; ამით თანაშევეწიოთ მას, რომ დიდხანს არ დაყოვნდეს და არ იორჭოფოს და უფრო გულმოდგინე გავხადოთ იგი კეთილის არჩევაში და მასში განსამტკიცებლად.

(I მსოფლ. 19; IV მსოფლ. 15; ტრულ. 14; კართ. 6,44,126; ორგზ. 5; ბასილი დიდ. 18,24).

კანონი 41

      ქალაქებში ან სოფლებში, ვისაც სადაყუდებულოში დამკვიდრება ნებავს და განმარტოებაში საკუთარი თავის შეცნობა, უწინარესად მონასტერში უნდა დაწესდეს და იქ შეისწავლოს განდგომილი ცხოვრება; მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში დაჰყოს სამი წელი ღვთის შიშითა და ყველაფერში, როგორც ესადაგების, მორჩილება შეასრულოს, და ასეთნაირად გამოხატოს საკუთარი ნებელობა ამგვარი ცხოვრებისა; გამოიცადოს ადგილობრივი წინამძღვრისაგან - მთელი გულწრფელობით მიემსჭვალება თუ არა ასეთ მოღვაწეობას. ამის შემდეგ წელიწადის განმავლობაში კიდევ დაჰყოს მოთმინებით საყოფელს გარეთ, რათა უმეტესად საცნაურ-შეიქნეს მისი განზრახვა, რამეთუ მაშინ ღირსსარწმუნოდ წარმოჩინდება, რომ არა ამაო დიდების ძიებით, არამედ თვით ჭეშმარიტი სიკეთის ტრფიალით ისწრაფვის მდუმარებისაკენ. ამ დროის განსრულების შემდეგ კი, თუ ასეთივე გულისთქმაში დარჩება, დაე, დაეწესოს დაყუდებაში. მაგრამ მას უკვე ეკრძალება ამ ყოფიდან საკუთარი სურვილით გამოსვლა, თვინიერ იმ შემთხვევებისა, როცა ამას საქვეყნო მსახურება მოითხოვს, ან მარგებელია ქვეყნისათვის, ან სხვა რაიმე გაჭირვება სიკვდილს უქადის და მაშინაც - მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსის კურთხევით. ხოლო ვინც გაბედავს დასახელებული მიზეზების გარეშე თავისი სამკვიდრებელიდან გამოსვლას, იგი პირველ რიგში ისევ იმ სადაყუდებულოში დაამწყვდიონ, - მისი ნების საწინააღმდეგოდაც, შემდეგ კი მარხვებითა და სხვა სიმკაცრეებით განმართონ, რამეთუ ვუწყით წმიდა წერილის სიტყვისაებრ, "...არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა" (ლუკ. 9.62).

(IV მსოფლ. 4; ორგზ. 4).

კანონი 42

      იმათ მიმართ, რომლებიც მეუდაბნოედ იწოდებიან, ძაძით შემოსილები და მოზრდილი თმებით ერთი ქალაქიდან მეორეში დადიან, ერისკაცებთან ურთიერთობენ და თავიანთ აღთქმას შეურაცხყოფენ, განვაჩინებთ: თუკი მოისურვებენ, თმა შეიკვეცონ და სხვა მონაზონთა მსგავსად შეიმოსონ, მონასტერში დაემკვიდრონ და საძმო კრებულში ჩაირიცხონ; ხოლო, თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ საერთოდ განიდევნონ ქალაქიდან და უდაბნოში იცხოვრონ, რომლისგანაც თავისთვის სახელწოდება შეიდგინეს.

(IV მსოფლ. 4; ორგ. 4).

კანონი 43

      ქრისტიანისათვის ნებადართულია მოსაგრეობითი ცხოვრების არჩევა და წუთისოფლის მრავალშფოთიან საქმეთაგან თავგარიდების შემდეგ, მონასტერში დაწესება და მონაზვნად აღკვეცა, თუნდაც რომ იგი მხილებულ იყოს რაიმე მძიმე ცოდვით დაცემაში, რამეთუ მაცხოვარმა ჩვენმა ღმერთმა გამოთქვა: "...რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (ინ. 6.37). რამდენადაც სამონაზვნო ღვაწლი სინანულით ცხოვრებას ნიშნავს, ამიტომ ვინც მას გულწრფელად მიემსჭვალა, კეთილად შევიწყნარებთ და ვერავითარი უწინარე ცხოვრება ხელს ვერ შეუშლის მას თავისი სურვილის შესრულებაში.

(IV მსოფლ. 4; ორგზ. 2.4).

კანონი 44

      მონაზონი, სიძვაში მხილებული, ან დედაკაცთან ქორწინებით შეუღლებული, კანონის თანახმად, მეძავეობისათვის ეპიტიმიას ექვემდებარება.

(IV მსოფლ. 16; ანკვირ. 19; ბასილი დიდი 6,18,19,60).

კანონი 45

      შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ დედათა მონასტერში, როდესაც აპირებენ ვინმე სამონაზვნო დასში გააერთიანონ, მას თავიდან აბრეშუმის ფერად სამოსელს აცმევენ, აგრეთვე, ოქროთი და ძვირფასი ქვებით გაწყობილ სამკაულებს და ამგვარად გამოწყობილი მიჰყავთ საკურთხეველთან; შემდეგ განძარცვავენ ამ ბრწყინვალე სამოსელს, მყისვე სამონაზვნო კურთხევას ჩაუტარებენ და ძაძით მოსავენ, ამის გამო განვაჩინებთ: ასეთი სახით აღკვეცას ადგილი აღარ ჰქონდეს, რამეთუ შეუფერებელია იმისთვის, ვინც საკუთარი ნებით განეშორა წუთისოფლის სიამეს, ღვთისნიერი ცხოვრება შეიყვარა, მოუდრეკელი გულისთქმით მასში განმტკიცდა და მონასტერს ისე მიეახლა, კვლავ დაბრუნება ხრწნადი და წარმავალი სამკაულების მეშვეობით იმ მოგონებებში, რაც უკვე დავიწყებისათვის მიუცია და, მისი ხელახლა შერყევა და მსგავსად აზვირთებული ტალღებისა სულის იმდენად აღელვება, რომ ზოგჯერ დაღვრილი ცრემლი გულის შემუსვრას კი არ გამოხატავს, არამედ ბუნებრივად მოედინება; ამიტომ, როცა შემდგომში მცირე ცრემლი გადმოდინდება, ისიც მხილველს მოეჩვენება არა იმდენად მონაზვნური ღვაწლისადმი მტკიცე ძალისხმევის მიზეზით წარმოშობილი, რამდენადაც სოფელთან განშორების გამო, და იმის დაკარგვით გამოწვეული, რაც სოფელშია.

(კართ. 126).

კანონი 46

      დედაკაცი, რომელმაც მოღვაწეობრივი ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაეწესა, იქიდან აღარ გამოვიდეს, თუ რაიმე გარდაუვალი მიზეზი არ გამოჩნდა და, ასეთ შემთხვევაშიც, იღუმენიას კურთხევითა და ნებართვით, და თანაც არა მარტო, არამედ ხანდაზმული ან უპირატესი მონაზონის თანხლებით. ღამის გათევა კი მონასტრის გარეთ საერთოდ აკრძალულია. ასევე, მამაკაცებიც, ვინც სამონაზვნო ცხოვრებას ეწევა, მონასტრიდან გამოვიდნენ, როცა ამის მოთხოვნილება იქნება, მაგრამ წინამძღვრის კურთხევით. ჩვენ მიერ დადგენილი ამ განწესების დამრღვევნი, მამები იქნებიან თუ დედები, შესაფერისი ეპიტიმიით დაისაჯონ.

(ტრულ. 47).

კანონი 47

      ნურც დედაკაცი გაითენებს ღამეს მამათა მონასტერში, ნურც მამაკაცი - დედათა მონასტერში, რამეთუ მართლმორწმუნეს გაუცხოებით ყოფნა მართებს ყოველგვარი დასაბრკოლებელისა და საცდურისაგან, და კეთილად დაწესება ცხოვრებისა, რათა შუენიერად და კეთილად დავდგრეთ უფლისა მიმართ (იხ. I კორ. 7.35); ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს, კლერიკოსი იქნება ის, თუ ერისკაცი, უზიარებელ იქნეს.

(VII მსოფლ. 18,20,22).

კანონი 48

      საეპისკოპოსო პატივში ასაყვანებელის მეუღლე წინასწარ უნდა გაეყაროს თავის ქმარს საერთო თანხმობით, ხოლო მისი ეპისკოპოსად ხელთდასხმის შემდეგ - მონასტერში დაეწესოს, ამასთან, მოშორებით ქმარყოფილ ეპისკოპოსის სამყოფელიდან და ისარგებლოს მისგან ცხოვრებისათვის საჭირო სახსრებით; ხოლო თუ ღირსად წარმოჩნდება, აყვანილ იქნეს დედათდიაკვნის ხარისხში.

(მოც. 5,51; I მსოფლ. 3; IV მსოფლ. 15; ტრულ. 12,14,30; კართ. 3,4,25,70).

კანონი 49

      ამ წმინდა კანონსაც ვაღორძინებთ და განვაჩინებთ, რომ ეპისკოპოსის ნება-სურვილით ერთგზის ნაკურთხი მონასტრები ყველა დროისათვის მონასტრებად დარჩეს, და მათი კუთვნილი ადგილ-მამული მათვე შეუნარჩუნდეს. მონასტერი აღარ უნდა გახდეს საერო სამკვიდრებელი, და ერისკაცთათვის არ უნდა მოხდეს მათი გადაცემა. თუ აქამდე რომელიმე მონასტრის მიმართ ასეთი რამ მომხდარა, განვაწესებთ, რომ მთლიანად მოხდეს მათი გამოთავისუფლება, ხოლო ვინც ამიერიდან ამის ჩადენას გაბედავს, მას კანონის შესაბამისი ეპიტიმია დაედოს.

(IV მსოფლ. 4,24; VII მსოფლ. 13).

კანონი 50

      ნურც ერისკაცი, ნურც კლერიკოსი ამიერიდან საძრახის თამაშებს ნუ მიეცემა; ხოლო მხილებული ასეთ საქმეში: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს.

(მოც. 42,43).

კანონი 51

      ეს წმინდა მსოფლიო კრება სრულიად კრძალავს სამასხარაო სანახაობებსა და გასართობებს, აგრეთვე მხეცურ სანახაობებსა და მათზე როკვას. ხოლო ვინც ეს კანონი შეურაცხყოს და რომელიმე ამ აკრძალულ გასართობს მიეცეს: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს.

(ტრულ. 24,65,66; ლაოდ. 54; კართ. 15).

კანონი 52

      დიდმარხვის დღეებში, გარდა შაბათისა, კვირისა და წმინდა ხარების დღისა, უნდა აღესრულოს პირველშეწირულთა ლიტურგია.

(მოც. 64,69; ლაოდ. 49,50,51,52).

კანონი 53

      ვინაიდან სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი, ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ ადგილებში, წმინდა და მაცხოვნებელი ნათლისღებით ყრმათა შემთვისებელნნი, ამის შემდეგ მათ დაქვრივებულ დედებთან საქორწინო თანაცხოვრებაში შედიან, ამის გამო განვაჩინებთ: ამიერიდან მსგავსი არაფერი მოხდეს, ხოლო ვინც ამ კანონის მიღების შემდეგაც იქნება ამგვარ ქმედებაში მხილებული, პირველყოვლისა, ამ უწესო ქორწინებას უნდა გაერიდოს, შემდეგ კი მეძავთათვის დაწესებულ ეპიტიმიას დაექვემდებაროს.

კანონი 54

      საღვთო წერილი ნათლად გვასწავლის: "კაცი-კაცი ყოველივე თჳსსა ჴორცსა არა მოუჴდეს გამოცხადებად სარცხჳნელისა..." (ლევ. 18.6). ღმერთშემოსილმა ბასილიმ თავის კანონებში გააკეთა ზოგიერთი აკრძალული ქორწინების ჩამონათვალი, ხოლო ბევრ მათგანს დუმილით აუარა გვერდი, რითაც თავი აარიდა უშვერ სახელწოდებებს, რათა სიტყვა არ შეებილწა და უწმინდურობანი საერთო სახელით მოიხსენია და იმით გვიჩვენა უწესო ქორწინებათა საერთო სახე. მაგრამ, რადგანაც აკრძალული ქორწინებების დაუკონკრეტებლობამ ადამიანთა ბუნების აღრევა გამოიწვია, ამიტომ ჩვენ უმჯობესად მივიჩნიეთ აშკარად მიგვეთითებინა უწესო შეუღლებებზე და განვაჩინეთ: თუ ვინმე იქორწინებს თავის ძმისწულზე, ან მამა და ძე დედასა და ასულზე, ან ორ ქალწულ დაზე მამა და ძე, ან ორი ძმა დედასა და ასულზე, ან ორი ძმა ორ დაზე, მაშინ ისინი შვიდწლიან ეპიტემიას უნდა დაექვემდებარონ, ცხადია უწესო ქორწინების გაუქმების შემდეგ.

(მოც. 19; ტრულ. 26,53; ნეოკეს. 2; ბასილი დიდ. 23,27,68,75,76,78,79,87; ტიმოთე ალექს. 11; თეოფილე ალექს. 5).

კანონი 55

      ვინაიდან შევიტყვეთ, რომ ქალაქ რომის მკვიდრნი წმინდა დიდმარხვის დღეებში შაბათობითაც მარხულობენ, რაც ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა, ამიტომ წმინდა კრებას სწადია, რომ რომის ეკლესიაშიც შეურყვნელად იქნეს დაცული კანონი, რომელიც ამბობს: თუ კლერიკოსი იმარხულებს წმინდა საუფლო დღეს, ან შაბათს, გარდა ერთი შაბათი დღისა, განიკვეთოს; ხოლო თუ ერისკაცი, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც.64).

კანონი 56

      შევიტყვეთ აგრეთვე, რომ სომხეთში და ზოგიერთ სხვა ადგილებში შაბათ და კვირა დღეებში ყველსა და კვერცხს ჭამენ. ამის გამო, სათნოდ გვიჩანს დავაწესოთ, რომ საღვთო ეკლესია ყველგან ერთი წესით მარხულობდეს და ეკრძალებოდეს ყოველივე დაკლულს, აგრეთვე კვერცხსა და ყველს, რომლებიც იმის ნაყოფი არიან, რასაც ვეკრძალებით. თუ ეს განწესება დაცული არ იქნება: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 66,69).

კანონი 57

      დაუშვებელია საკურთხეველში თაფლისა და რძის შეწირვა.

(მოც. 3; ტრულ. 28,32,99; კართ. 37).

კანონი 58

      ერისკაცთაგან ნურავინ აზიარებს საკუთარ თავს, როცა იქვე იმყოფება ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი. ვინც ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ერთი შვიდეულით განკანონდეს საეკლესიო ზიარებიდან, და ამით შეგონებულ იქნეს, რომ: "ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის..." (რომ. 12.3).

(I მსოფ. 13,18).

კანონი 59

      ნათლისღების საიდუმლო არ უნდა აღესრულოს კარის ეკლესიებში; ყოვლადწმიდა ნათლის მიღების მსურველი კათოლიკე ეკლესიას მიეახლოს და იქ გახდეს ღირსი ამ უხრწნელი ნიჭის მიღებისა; ხოლო ვინც იმხილება ამ განწესების დარღვევაში: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 31; IV მსოფლ. 18; ტრულ. 31,34; VII მსოფლ. 10; ღანგ. 6; ანტიოქ. 5; ლაოდ. 58; კართ. 10; ორგ. 12).

კანონი 60

      მოციქული ღაღადებს: "...რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს" (I კორ. 6.17), აქედან ცხადია, რომ მოწინააღმდეგესთან თანაზიარებით შეთვისებული მისნაირი ხდება; ამიტომ ჯეროვანია, რომ ვინც თვალთმაქცურად ეშმაკეულობას დაიჩემებს და ავზნეობით მისთვის დამახასიათებელ ქმედებებს ჩაიდენს, ყოველნაირად დაექვემდებაროს ისეთივე სიმკაცრესა და შრომას, როგორსაც ნამდვილი ეშმაკეულნი ექვემდებარებიან დემონებისაგან გამოსახსნელად.

(მოც. 79; ანკვირ. 24; ბასილი დიდ. 83).

კანონი 61

      ის პირები, რომლებიც ენდობიან მისნებს, ასისთავებს[2] ან სხვა მათ მსგავსებს, რათა იმათგან შეიტყონ წინასწარმეტყველება, წინამორბედ მამათა განწესებათა თანახმად ექვსი წლით ზიარებიდან განკანონებას ექვემდებარებიან; იგივე ეპიტიმია უნდა დაეკისროთ იმათ, ვინც დათვებსა და სხვა ცხოველებს დაატარებენ სამასხარაოდ და მარტივთა[3] სულთა საზიანოდ და შეაზავებენ რა სიცხადეს უგუნურობასთან, ბედისა და გვარტომეულობის შესახებ მკითხაობენ და სხვა მრავალი მითქმა-მოთქმით არიან დაკავებულნი; მათ მსგავსად უნდა დაისაჯონ ე.წ. ღრუბელთმდევნელები, მსახვრალნი,[4] თილისმის დამამზადებელნი და გრძნეულნი. ვინც მტკიცედ არის დადგრომილი ამგვარ საქმიანობაში, არ უტევებს და არ ილტვის ასეთი დამღუპველი და წარმართული გამოგონებებისაგან, მათ მიმართ ეკლესიიდან გაძევებას განვაჩინებთ, როგორც ამას საღვთო სჯული ბრძანებს: "...რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? - იტყვის მოციქული, - ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა?ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?" (იხ. II კორ. 6. 14,16,15).

(ტრულ. 65; ანკვირ. 24; ლაოდ. 36; ბასილი დიდ. 7,65,72,81,83; გრიგოლ ნოს. 3).

კანონი 62

      ე.წ. კალანდა, ვოტა, ვრუმალია[5] და მარტის თვის პირველ დღეს საჯარო თავშეყრა, გვსურს სრულიად განვდევნოთ მართლმორწმუნეთა ცხოვრებიდან; აგრეთვე დედაკაცთა საქვეყნო როკვა, რომელსაც უაღრესი ზიანისა და დაღუპვის მოტანა შეუძლია. ასევე ვკრძალავთ მამაკაცთა და დედაკაცთა მიერ ცეკვებსა და წესების აღსრულებას წართმართულ ჩვეულებების თანახმად - ელინთა ცრუ ღმერთების პატივსაცემად - როგორც უცხოს და შეუფერებელს ქრისტიანული ცხოვრებისათვის და განვაჩინებთ: არც მამაკაცმა შეიმოსოს დედაკაცის სამოსელი და არც დედაკაცმა - მამკაცისათვის განკუთვნილი; არავინ ატაროს კომიკური, სატირიკული ან ტრაგიკული ნიღაბი; ნურც საწნეხელში ყურძნის წურვისას ახსენებენ დიონისეს საძაგელ სახელს და ჭურში ღვინის ჩასხმისას სიცილ-ხარხარს ნუ მიეცემიან და ნურც უმეცრებით, ნურც ამაოებით ნუ ჩაიდენენ რაიმე ისეთს, რაც დემონთა მომხიბლაობას მიეკუთვნება. ამიერიდან, ვისაც ეცოდინება ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვები და მაინც ჩაიდენს რომელიმე მათგანს: კლერიკოსის დამხობას ვბრძანებთ სასულიერო ხარისხიდან, ერისკაცი კი, ასეთ შემთხვევაში, უზიარებლობით დაისაჯოს.

(ტრულ. 24,51,65; ლაოდ. 54; ღანგ. 13; კართ. 15,45,63).

კანონი 63

      მოწამეთა შესახებ ჭეშმარიტების მტერთა მიერ იმ მიზნით შედგენილი ცრუ თხზულებანი, რათა ქრისტეს მოწამენი უპატიო ჰყონ და მსმენელნი ურწმუნოებისაკენ მიდრიკონ, ვბრძანებთ ეკლესიაში არ გამოქვეყნდეს, არამედ ცეცხლს მიეცეს; ხოლო იმათ, ვინც შეიწყნარებს, ანუ ყურს მიაპყრობს მათ, როგორც ჭეშმარიტებას, ანათემას გადავცემთ.

(მოც. 60; VII მსოფლ. 9; ლაოდ. 59).

კანონი 64

      არ შეეფერება ერისკაცს საჯაროდ სიტყვით გამოსვლა, არც დამოძღვრა და ასეთი სახით მოძღვრის პატივის თავსდება; იგი უნდა ემორჩილებოდეს უფლისგან მისთვის განჩინებულ წესს, განამზადებდეს ყურს იმათ მოსასმენად, ვისაც მოძღვრის მადლი მიუღია და იმათგან განისწავლებოდეს საღვთო სიტყვით, რამეთუ ერთიან ეკლესიაში სხვადასხვა ასო შექმნა ღმერთმა მოციქულის სიტყვისამებრ (იხ. I კორ. 12.27), რომელსაც განმარტავს რა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნათლად გვიჩვენებს ეკლესიაში არსებულ წესს და აცხადებს: "ამ წესს, ძმებო, პატივი მივაგოთ, დავიმარხოთ იგი: ერთნი ყურ იყვნენ, მეორენი - ენა, ერთნიც - ხელ, სხვები კიდევ სხვა რაიმენი; ერთმა ასწავლოს, მეორე - განისწავლოს"; და მცირეოდენი სიტყვის შემდგომ: "რომელიც სწავლობდეს - მორჩილებდეს, რომელიც გასცემდეს - გასცემდეს მხიარულითა პირითა, რომელიც მსახურებდეს - მსახურებდეს გულმოდგინებით; და ნუ ვიქცევით ყველანი ენად, თუმცა კი ყველაზე ახლოა იგი, ნურც ყოველნი მოციქულებად, ნურც - წინასწარმეტყველებად და ნურც - განმმარტებლებად", და რამდენიმე სიტყვის შემდეგ კვლავ ამბობს: "რად ჰყოფ თავსა შენსა მწყემსად ცხვარი ეგე? რად იქმნები თავად ფეხ-ყოფად განჩინებული? რად ხელყოფ მხედართმთავრობას მხედრად განწესებული?" და სხვა ადგილას სიბრძნე მოგვიწოდებს: "ნუ ისწრაფი პირითა შენითა..." (ეკლ. 5.1); "ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა..." (იგავ. 23.4); ნუ ეცდები ბრძენთა უბრძნესი იყო. ვინც მხილებული იქნება ამ კანონის დარღვევაში, ორმოცი დღე უზიარებელი დარჩეს.

(ტრულ. 33; VII მსოფლ. 14; ლაოდ. 15).

კანონი 65

      ერთ-ერთი ძველი ჩვეულების თანახმად ზოგიერთი პირი თავისი სავაჭრო დუქნების, ან საცხოვრებელი სახლების წინ მთვარის განახლების ღამეს კოცონს აჩაღებს და მას ცოფიანებივით აქეთ-იქით ახტებიან. ამიერიდან ამ ჩვეულებას ვკრძალავთ და განვაჩინებთ: თუ კლერიკოსი ჩაიდენს ასეთ საქციელს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი - ზიარებიდან განკანონდეს, რამეთუ წმიდა წერილში წერია: "და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა. და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა. " (IV მეფ. 21. 5-6).

(ტრულ. 24,51,62; ლაოდ. 54; ღანგ. 13; კართ. 15,45,63).

კანონი 66

      ჩვენი ქრისტე ღმერთის აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე, მთელი შვიდეულის განმავლობაში მართლმორწმუნენი წმინდა ეკლესიაში განუწყვეტლივ უნდა იწვრთნებოდნენ ფსალმუნებით, გალობებითა და სასულიერო დიდებისმეტყველებით, ხარობდნენ და ზეიმობდნენ ქრისტესმიერ, საღვთო წერილს შეისმენდნენ და წმინდა ზიარებით ტკბებოდნენ, რამეთუ ამგვარად ქრისტესთან ერთად აღვდგებით და ავმაღლდებით, ამიტომ დასახელებულ დღეებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცხენების ჯირითს, ან სხვა რაიმე სახალხო სანახაობას.

(მოც. 9; ტრულ. 24; ანტიოქ. 2; კართ. 61).

კანონი 67

      "საღვთო მცნება "სისხლის, დამშთვარის და სიძვისაგან" გარიდებას გვიბრძანებს (იხ. საქ. 15.29); ამიტომ კეთილგონივრულად მივიჩნიეთ ეპიტიმიას დავუქვემდებაროთ ყველა, ვინც მუცლის პატივისათვის რომელიმე ცხოველის სისხლს შეკაზმავს, კერძად მოამზადებს და იხმიებს. ამრიგად, ვინც ამიერიდან ცხოველის სისხლს რაიმე სახით საჭმელად გამოიყენებს: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 63; ღანგ. 2).

კანონი 68

      არავის აქვს უფლება ძველი და ახალი აღთქმის, აგრეთვე ჩვენი წმინდანების, აღიარებული მქადაგებლებისა და მოძღვრების წიგნები დააზიანოს ან დახიოს, ანდა გასანადგურებლად მისცეს წიგნით მოვაჭრეებს, ან ე.წ. ნელსაცხებელთა დამამზადებლებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩრჩილის, წყლის ან სხვა რაიმესაგან წასაკითხად სრულიად გამოუსადეგარი გახდება. ვინც ამიერიდან რაიმე ასეთ ქმედებაში იმხილება: ერთი წლით ზიარებიდან განკანონდეს. ასევე, ვინც ზემოდასახელებულ წიგნებს შეიძენს, მაგრამ არც თავის სასარგებლოდ მოიხმარს, არც სხვას გადასცემს ქველმოქმედების მიზნით, ან შესანახად, არამედ დაზიანებას გაბედავს: განკანონებულ იქნეს წმინდა ზიარებიდან.

(მოც. 85; ტრულ. 2; ლაოდ. 60; კართ. 24; ათანასე დიდ. დღესასწაულების შესახებ; გრიგოლ ღვთისმეტყველი წმიდა წერილის წიგნების შესახებ; ამფილოქე წმიდა წერილის წიგნების შესახებ).

კანონი 69

      მრევლიდან არავის აქვს უფლება წმინდა საკურთხეველში შევიდეს, მაგრამ ერთ-ერთი ჩვეულების თანახმად, ეს აკრძალვა არ ეხება სამეფო ხელისუფლების ღირსებას, როცა იგი შემოქმედისათვის ძღვენის შეწირვას მოისურვებს.

(ლაოდ. 19,44).

კანონი 70

      საღვთისმსახურო ლიტურგიის ჟამს დედაკაცები უნდა დუმდნენ, ამ დროს მათ არა აქვთ ლაპარაკის უფლება, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: "...რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ..." (I კორ. 14. 34-35).

(ტრულ. 64; ლაოდ. 44).

კანონი 71

      ვინც სამოქალაქო სამართალს სწავლობს, არ უნდა იქცეოდეს ელინთა ჩვეულებისამებრ, არ უნდა დადიოდეს სანახაობებზე დ არ უნდა ასრულებდეს ე.წ. კვილისტრებს;[6] არც სწავლის დაწყების წინ, არც დამთავრების შემდეგ და არც მისი მიმდინარეობისას არ უნდა ჩაიცვას საზოგადო სამოსელისაგან განსხვავებული, ხოლო ვინც ამ განჩინებას დაარღვევს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(ტრულ. 24,51,62,65; ანკვირ. 24).

კანონი 72

      არ შეეფერება მართლმადიდებელ მამკაცს მწვალებელი დედაკაცის ცოლად შერთვა; არც - მართლმადიდებელ დედაკაცს მწვალებელ მამკაცთან შეუღლება. თუკი ასეთ ქმედებას ვინმე ჩაიდენს, ქორწინება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს და უსჯულო თანაცხოვრება დაირღვეს, რადგან არაჯეროვანია შეუერთებელთა შეერთება, არც ცხვართან მგლის შერწყმა და ქრისტეს სხეულთან არ არის ცოდვილი წილნაყარი. ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს; ხოლო თუ ისეთი პირები, რომლებიც ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთვნებოდნენ და ერთმანეთზე კანონიერად იქორწინეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა და ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა, მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, რადგან არ ისურვა საღვთო შარავანდედისაკენ მიხედვა და მაინც ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, მაშინ გათვალისწინებულ იქნეს საღვთო მოციქულის სიტყვა: "...განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა..." (I კორ. 7.14) და ნუ განეშორებიან ერთმანეთს.

(IV მსოფლ. 14; ლაოდ. 10,31; კართ. 21).

კანონი 73

      რადგანაც ცხოველმყოფელმა ჯვარმა ხსნა მოგვიტანა, ამიტომაც გვმართებს ჩვენ მთელი გულმოდგინების მოკრეფა და ღირსეული პატივის მიგება მისთვის, რამეთუ მისი მეშვეობითაც ძველი შეცოდებებისაგან გავთავისუფლდით. აქედან გამომდინარე, აზრით, სიტყვითა და გრძნობით თაყვანს ვცემთ მას და ვბრძანებთ: ჯვარის გამოსახულება იატაკიდან უნდა წაიშალოს, რათა ჩვენი გამარჯვების სიმბოლო ფეხით არ იქნეს გათელილი. შესაბამისად, ვინც ამიერიდან სავალ ადგილებზე ჯვარი გამოსახოს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

კანონი 74

      არ შეიძლება უფლისათვის შეწირულ ადგილებში, ან ტაძარში აღაპის მოწყობა და საინახო სარეცელის დაგება[7] და ჭამა. ვინც ბედავს ამგვარი საქმის ჩადენას, დაცხრეს, არადა - წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(ღანგ. 11; ლაოდ. 27,28; კართ. 42).

კანონი 75

      ჩვენი სურვილია, რომ ეკლესიაში საგალობლად შეკრებილნი არც უჯეროდ გოდებდნენ და არც ძალდატანებით გამოსცემდნენ არაბუნებრივ ხმებს; არაფერი უწესო და ეკლესიისათვის შეუფერებელი მათ იქ არ უნდა შემოიტანონ, არამედ დიდი კრძალულებითა და ლმობიერებით აღუვლენდნენ ფსალმუნთა გალობას ღმერთს, რომელი იგი დაფარულსა მოიხილავს, რამეთუ საღვთო სიტყვა მოძღვრავდა ისრაელის ძეთ - ყოფილიყვნენ კეთილკრძალულნი (იხ. ლევ. 15.31).

(ლაოდ. 15).

კანონი 76

      ეკლესიის მიმართ კეთილკრძალულების დაცვაა საჭირო, ამიტომ არავინ გაბედოს ტაძრის ტერიტორიაზე, წმინდა შემოზღუდულში დუქნის ან რაიმე სავაჭრო ფარდულის გამართვა. თავად მაცხოვარმა და ღმერთმა ჩვენმა თავისი ხორციელი ცხოვრებისას დაგვმოძღვრა, რომ თავისი მამის სახლი სავაჭრო სახლად არ გვექცია; მან კერმისმყიდველებს კერმები დაუთხია და წმინდა ტაძრის საზოგადო სახლად მქცეველნი იქიდან გამოასხა (იხ. ინ. 2. 15-16). ამიტომ განვაჩინებთ: ვინც მხილებულ იქნეს აღნიშნულ დანაშაულში, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 73; ტრულ. 74,97).

კანონი 77

      დაუშვებელია მღვდელმსახურის, კლერიკოსის ან მონაზონისათვის აბანოში დედაკაცთან ერთად ბანაობა; მრევლისთვისაც შეუფერებელია ასეთი საქციელი, რადგან წარმართთა მხრიდან განკითხვის პირველი მიზეზი სწორედ ეს არის. ამიტომ განვაჩინებთ: თუ საეკლესიო დასის წევრი იქნება ასეთ საქციელში მხილებული, განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(ლაოდ. 3).

კანონი 78

      ვინც ნათლისღებისათვის ემზადება, სარწმუნოება უნდა შეისწავლოს და შვიდეულის მეხუთე დღეს ეპისკოპოსს ან ხუცესს დასმულ კითხვებზე პასუხი გასცეს.

(I მსოფლ. 2,14; ტრულ. 96; ლაოდ. 19,46).

კანონი 79

      ვაღიარებთ, რომ ქალწულმა უთესლოდ ჩასახული ღმერთი უმტკივნეულოდ შვა და ამას მთელ სამწყსოს ვუქადაგებთ, ხოლო იმათ, ვინც უმეცრებით არამართებულ საქციელს სჩადის, გამოსწორებისაკენ მოვუწოდებთ; ვინაიდან ზოგიერთები, ჩვენი ქრისტე ღმერთის წმინდა შობის დღესასწაულის შემდეგ, შემჩნეულნი არიან ორცხობილას დამზადებაში და ერთმანეთს უძღვნიან ყოვლადუხრწნელი ღვთისმშობელი ქალწულის შობისას განცდილი ტკივილების პატივსაცემად, ამიტომ განვაჩინებთ: მართლმორწმუნეებმა მსგავსი არაფერი მოიმოქმედონ, რადგან ეს არ ნიშნავს პატივისცემას ქალწულის მიმართ, რომელმაც გონებისათვის მიუწვდომელად და ენით გამოუთქმელად ხორციელად შვა დაუტევნელი სიტყვა; არ შეიძლაბა ამის განსაზღვრა და წარმოდგენა ჩვეულებრივად, ჩვენთვის დამახასიათებელი დაბადების მსგავსად. ამიერიდან, ზემოდასახელებულ ქმედებაში მხილების შემთხვევაში: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

კანონი 80

      თუ ვინმე - ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს.

(ტრულ. 8,9; ტრულ. 66; ანტიოქ. 2; სარდ. 11).

კანონი 81

      შევიტყვეთ, რომ ზოგიერთ მხარეში "სამწმიდას" გალობაში "წმიდაო უკვდაო"-ს შემდეგ უმატებენ სიტყვებს: "რომელი-იგი ჯვარს ეცვი ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ". რადგან ძველი წმინდა მამების მიერ ეს სიტყვები როგორც კეთილმსახურებისათვის უცხო, უარყოფილია იმ უსჯულო მწვალებლებთან ერთად, ვინც ეს სიტყვები შემოიტანა, ამიტომ ჩვენი წმინდა მამების მიერ დაწესებულს ვამტკიცებთ და წინამდებარე განჩინებით ანათემას გადავცემთ ყველას, ვინც ამ სიტყვებს ეკლესიაში შეიწყნარებს, ან სხვა რაიმე სახით "სამწმიდას გალობის" ხელყოფას გაბედავს. თუ ამ განჩინების დამრღვევი სასულიერო პირი აღმოჩნდება, სამღვდელო პატივიდან მის დამხობას ვბრძანებთ; ხოლო თუ მონაზონი, ან ერისკაცი - ეკლესიასთან ერთობიდან განყენებას.

კანონი 82

      ზოგიერთ პატიოსან ხატზე გამოსახულია წინამორბედის თითით ნაჩვენები კრავი, რომელიც მიღებულია საღვთო მადლის სახედ და სჯულის მიერ წარმოგვიჩენს ჭეშმარიტ კრავს, ჩვენს ქრისტე ღმერთს. ჩვენ პატივს ვცემთ ეკლესიის მიერ გადმოცემულ ძველ სახეებსა და სიმბოლოებს, როგორც ნიშებ-სასწაულებსა და ჭეშმარიტების გამოხატულებებს, მაგრამ უპირატესად მივიჩნევთ თვით ჭეშმარიტებასა და თავად საღვთო მადლს, როგორც აღსრულებას რჯულისას, ამიტომ, რათა ფერწერის ხელოვნებამ ყველას თვალწინ წარმოაჩინოს სრულყოფილება, ვბრძანებთ ამიერიდან სოფლის ცოდვების ამღები კრავის, ჩვენი ქრისტე ღმერთის სახე ხატებზე გამოისახებოდეს კაცობრივი ბუნებით ძველი კრავის ნაცვლად და მისი ჭვრეტით აღვიქვამდეთ სიტყვა ღმერთის სიმდაბლეს, ვიხსენებდეთ მის ხორციელ მოღვაწეობას, ვნებასა და მაცხოვნებელ ჯვარცმას და ამ სახით მის მიერ სოფლის სიკვდილისაგან გამოხსნას.

კანონი 83

      ამიერიდან არავინ მისცეს ევქარისტია [პური ზიარებისა] გარდაცვლილის გვამს, რადგან წერილი იტყვის: "მიიღეთ და ჭამეთ" (იხ. მთ. 26.26), ხოლო მკვდართა სხეულებს არც მიღება ძალუძთ და არც ჭამა.

(I მსოფლს. 13; კართ. 7,18; გრიგოლ ნოს. 2,5; ტიმოთე ალექს. 3,16).

კანონი 84

      წმინდა მამათა კანონიკური განწესებების თანახმად, ჩვილთა შესახებ განვაჩინებთ: როცა არ მოიპოვებიან სარწმუნო მოწმეები, რომლებიც უეჭველად დაამტკიცებდნენ მათი ნათლობის ფაქტს და, როცა თვითონაც მცირეასაკოვნობის გამო ვერ ადასტურებენ ნათლისღების საიდუმლოებაში მონაწილეობას, ყველა ასეთ შემთხვევაში ისინი აუცილებლად უნდა მოინათლონ, რათა გაუგებრობამ არ მოაკლოს ისინი ნათლისღებით განწმენდას.

(მოც. 49,50; II მსოფლ. 7; კართ. 45,48,71,110; ბასილი დიდ. 1,91).

კანონი 85

      წმიდა წერილიდან მიგვიღია, რომ ორი ან სამი მოწმით დადასტურებული სიტყვა დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს (იხ. 2 სჯ. 19.15). ამიტომ განვაჩინებთ: ბატონისგან გაშვებული მონები კანონიერ თავისუფლებას მიიღებენ ორი, ან სამი პირის დამოწმებით, რაც მონების გათავისუფლებას კანონიერ ძალას მიანიჭებს და დამაჯერებლად წარმოაჩენს აღსრულებულ საქმეს.

(მოც. 75; I მსოფლ. 2; კართ. 64,82,129,131,132; თეოფილე ალექს. 9).

კანონი 86

      განვაჩინებთ: კლერიკოსს, რომელიც სულთა წარსაწყმედელად მეძავეებს შეკრებს და შეინახავს, ხარისხი აეყაროს და განიკვეთოს; ერისკაცი კი, ასეთივე საქმიანობისათვის - წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 25; ნეოკეს. 1; ბასილი დიდ. 3,9,32,51,59,70).

კანონი 87

      დედაკაცი, რომელიც ქმარს მიატოვებს და სხვას გაჰყვება, მრუშია, წმინდა და საღვთო ბასილის სიტყვისამებრ, რომელმაც იერემიას ნაწინასწარმეტყველებიდან სათანადო სიტყვები მოიხმო: "უკუეთუ დედაკაცი დატევებითა ქმრისა თჳსაჲთა იქმნეს სხჳსა ქმრისად, არღარა მიიქცეს ქმრისავე თჳსისა. არამედ შეგინებით შეიგინოს" (იერემ. 3.1). თუ გაირკვევა, რომ ცოლმა ქმარი უმიზეზოდ მიატოვა, მაშინ ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი - ეპიტიმიისა. შენდობა კი იმაში იქნება გამოხატული, რომ ეკლესიასთან ერთობაში დარჩება. ხოლო ვინც კანონიერი ცოლი დატოვოს და სხვა მოიყვანოს, უფლის სიტყვისამებრ (იხ. ლუკ. 16.18), მრუშობისათვის დაწესებული სასჯელი მიიღოს. წმინდა მამათა განწესებით, ასეთმა პირებმა მონანულის შემდეგი საფეხურები უნდა გაიარონ: წელიწადი დაჰყონ შეტირილებად, ორი წელი წმიდა წერილის მსმენელთა რიგში, სამი წელი შევრდომილ იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ ერთგულთა გვერდით და მხოლოდ ამის შემდეგ გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს.

(მოც. 48; ტრულ. 93,98; ანკვირ. 20; კართ. 102; ბასილი დიდ. 9,21,31,35,36,46,48,77,80).

კანონი 88

      არავინ შეიყვანოს წმინდა ტაძარში რაიმე პირუტყვი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვინმე მგზავრობისას დიდი უკიდურესობით შეჭირვებული, და სახლსა და მასპინძლობას მოკლებული, ტაძარში გაჩერდება. რადგან ზღუდეს გარეთ დარჩენილი პირუტყვი შეიძლება დაიღუპოს და თვითონ მგზავრი, მისი დაკარგვის გამო, მგზავრობის გაგრძელებისათვის[8] უღონო შეიქნეს და მის სიცოცხლეს ხიფათი შეექმნას. რადგანაც ჩვენ განსწავლული ვართ, რომ "...შაბათი კაცისათჳს დაებადა..." (მარკ. 2.27). ამიტომ ყოველნაირად უნდა ვეცადოთ მისი გადარჩენისა და უსაფრთხოებისათვის ვიზრუნოთ, ხოლო თუ ვინმე მხილებულ იქნეს ზემოთქმული გაჭირვების გარეშე ტაძარში პირუტყვის შეყვანაში: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 73; ტრულ. 74,76,97).

კანონი 89

      მართლმორწმუნეებმა, რომლებიც მაცხოვნებელ ვნებათა დღეებს მარხვით, ლოცვითა და შემუსვრილი გულით გარდაიხდიან, მარხვა დიდი შაბათის შუაღამის მოწევნისას უნდა გაიხსნილონ, რამეთუ საღვთო მახარებელნი მათე და ლუკა თავიანთი გამონათქვამებით: "...მწუხრი შაბათთასა..." (მთ. 28.1) და "... ცისკარსა მსთუად..." (ლუკა 24.1), გვიან ღამეს აღგვიწერენ.

(მოც. 51,53,66; IV მსოფლ. 16; ტრულ. 13,55; ანკვირ. 14; ღანგ. 18,21; ლაოდ. 29,49,51).

კანონი 90

      ღმერთშემოსილ მამათაგან კანონად გადმოგვეცა, რომ არ უნდა ვყოთ მუხლდრეკა კვირა დღეს, ქრისტეს აღდგომის პატივისცემის ნიშნად. იმისათვის, რომ არ დავრჩეთ უმეცრებაში, თუ როგორ დავიმარხოთ ეს წესი, ჩვენ განვუცხადებთ მართლმორწმუნეთ, რომ შაბათის სამწუხრო ლოცვისას მღვდელთა საკურთხეველში შესვლის შემდეგ, მიღებული წესისამებრ, აღარ უნდა ვყოთ მუხლდრეკა მეორე დღის კვირის მწუხრამდე, როცა კვლავ მუხლმოდრეკით აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ, რამეთუ შაბათის შემდგომი ღამე მიგვიღებიეს ჩვენ აღდგომის წინამორბედ ღამედ და იმიერიდან ვიწყებთ გალობას, და დღესასწაულს სიბნელიდან სინათლეში მივაცილებთ და ამგვარად იმჟამიდან მთელი ღამისა და დღის განმავლობაში აღდგომას ვდღესასწაულობთ.

(მოც. 66; I მსოფლ. 20; ტრულ. 66; ღანგ. 18; ლაოდ. 29; პეტრე ალექს. 15; ბასილი დიდ. 91; თეოფილე ალექს. 1).

კანონი 91

      დედაკაცები, რომლებიც მუცელში უდღეური ნაყოფის შესაქმნელ წამალს გასცემენ და, აგრეთვე, რომლებიც ნაყოფის მომაკვდინებელ საწამლავს შესვამენ, კაცისმკვლელის ეპიტიმიას ექვემდებარებიან.

(მოც. 65; ანკვირ. 21; ბასილი დიდ. 2,8).

კანონი 92

      იმათ მიმართ, ვინც ქალებს შეუღლების მომიზეზებით იტაცებენ, ან გამტაცებლებს ეხმარებიან, წმინდა კრებამ განაჩინა: ხარისხიდან დამხობა თუ კლერიკოსები არიან, და ანათემა - თუკი ერისკაცები იქნებიან.

(მოც. 67; IV მსოფლ. 27; ბასილი დიდ. 30,36,42).

კანონი 93

      ცოლი, რომლის ქმარიც დროებით სადღაც გაემგზავრა და მის შესახებ ცნობები არ ისმის, თუ მის სიკვდილში დარწმუნებამდე სხვასთან შეუღლდება, მრუშობას სჩადის. ასევე, მებრძოლად განწესებულთა მეუღლეები, რომლებიც ქმრებისაგან ამბის მიუღებლობის შემთხვევაში სხვასთან ქორწინებაში შევლენ, იგივე ბრალის მატარებლები იქნებიან; მათ მსგავსადვე ისინი, ვინც იქორწინებენ ქმრის სხვა ქვეყანაში გამგზავრების მიზეზით და მის დაბრუნებას არ დაელოდებიან. თუმცა, ასეთ დროს, ნაწილობრივ შენდობა შეიძლება გააჩნდეს ამგვარ ქმედებას, როცა მეტად სავარაუდო ხდება ქმრის გარდაცვალება. ხოლო, ვინც უმეცრებით იქორწინებს დროებით ცოლდატევებულთან, და შემდგომში პირველი ცოლის დაბრუნების მიზეზით თვითონ იქნება დატევებული, მართალია, იმრუშა, მაგრამ უმეცრებით. ამიტომ ქორწინება მას არ ეკრძალება, თუმცაღა, ჯობია, თუ ამ მდგომარეობაში დარჩება. აგრეთვე, თუ გარკვეული დროის შემდეგ მებრძოლად განწესებული დაბრუნდეს, ხოლო ცოლი, მისი ხანგრძლივი დროით არგამოჩენის მიზეზით სხვაზე გათხოვილი დახვდეს, კვლავ მიიღოს იგი თავისთან თუკი ენებოს და ამასთან, მის უმეცრებას მიუტევოს, აგრეთვე მიუტეოს მასთან მეორე ქორწინებით დაკავშირებულ ქმარსაც.

(ბასილი დიდ. 31,36,46).

კანონი 94

      ვინც წარმართთა ფიცით იფიცებს, კანონი მათთვის ეპიტიმიას განაწესებს და ასეთებს, ჩვენც წმინდა ზიარებიდან განყენებას განვუსაზღვრავთ.

(მოც. 25; ბასილი დიდ. 10,17,29,64,81,82).

კანონი 95

      მწვალებლებს, რომლებიც მართლმადიდებლობაში მოექცნენ და ცხონებულთა ნაწილს შეუერთდნენ, შევიწყნარებთ შემდეგი განწესებითა და ჩვეულებით: არიოზელები, მაკედონიოსიანელები, ნოვატიანელები - თავის თავს წმინდანებს და უკეთესებს რომ უწოდებენ, მეთოთხმეტეანელები ანუ ტეტრადიტები, და აპოლინარელები, შეიწყნარებიან როცა იძლევიან ხელწერილს და შეაჩვენებენ ყველა იმ ერესს, რომელიც ისე არ აღიარებს, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღიარებს, და დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ: პირველად შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე, პირზე, ყურებზე, და ვბეჭდავთ რა მათ, ვამბობთ: "სულიწმიდის ნიჭის ბეჭედი". რაც შეეხება ყოფილ პავლიანელებს, რომლებიც შემდეგ კათოლიკე ეკლესიისკენ მოექცნენ, დადგენილია, რომ ისინი დაუყონებლივ გადაინათლონ. ევნომიანოსიანელებს კი, ერთგზის შთაფლვით რომ ინათლებიან, და მონტანელებს, რომლებიც აქ ფრიგეველებად იწოდებიან, და საბელიოსიანელებს, რომლებიც ძე-მამობას აღიარებენ და სხვა შეუწყნარებელ რამესაც სჩადიან, და ყველა სხვა მწვალებლებს (რამეთუ ბევრია აქ ასეთები, უფრო მეტად გალატელთა მხრიდან გამოსულები), მათგან ვინც მოისურვებს მართლმადიდებლობას ეზიაროს, შევიწყნარებთ ისე, როგორც წარმართებს: პირველ დღეს ვჰყოფთ მათ ქრისტიანებად, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს ვაფიცებთ მათ, სამგზის სახეში ჩაბერვით და ყურებში, და ასე ვამზადებთ მათ, ეკლესიაში ყოფნას და წმიდა წერილის მოსმენას ვაიძულებთ და მხოლოდ მაშინღა ვნათლავთ მათ. ასევე ვიღებთ მანიქეველებს, ვალენტინეანელებს, მარკიანელებს და მათ მსგავს მწვალებლებს. ნესტორიანელებმა კი ხელწერილი უნდა დაწერონ და თავიანთი მწვალებლობა შეაჩვენონ, აგრეთვე ნესტორიც, ევტიქიც, დიოსკორეც, სევეროსიც და სხვა წინამძღვარნიც ამ ერესებისა, და მათი თანამოაზრენი და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მწვალებლობანი, და ამის შემდეგ მიიღონ წმინდა ზიარება.

(I მსოფლ. 8,19; II მსოფლ. 1,7; ლაოდ. 7,8; კართ. 6,57,126; ბასილი დიდ. 1,5,47).

კანონი 96

      ვინც ნათლისღებით ქრისტე შეიმოსა, ამით მან აღთქმა დადო ემსგავსოს ქრისტეს ხორციელ ცხოვრებაში. ამიტომ, ვინც ქრისტიანთაგან თავზე თმას ხელოვნურად დაიწნის და დაილაგებს მხილველის სულის სავნებლად და ასეთნაირად განუმტკიცებელ სულებს დაბრკოლებას შეუქმნის, მამობრივად ვკურნავთ შესაფერისი ეპიტიმიით, ვმოძღვრავთ მათ, როგორც ყრმებს და ვასწავლით მოკრძალებით ცხოვრებას, რათა დაუტეონ საცდური და ხორცის ამაოება: მუდამ უხრწნელი და ნეტარი ცხოვრების მიმართ ჰქონდეთ აღპყრობილი გონება და შიშით განზავებული წმინდა ყოფიერება იქონიონ; საკუთარი ძალისამებრ განწმენდილი ცხოვრებით ღმერთს მიეახლებოდნენ და შინაგან კაცს, და არა გარეგანს, შეამკობდნენ სათნოებებით, კეთილი და შეურყვნელი ზნეობებით; არ იქონიონ თავის თავში მტრისაგან წარმოქმნილი ბიწიერების არავითარი ნარჩენი. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ მოიქცეს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

კანონი 97

      ვინც ცოლთან თანაცხოვრებით, ან თავისი განუსჯელობის მიზეზით სხვა სახით, წმინდა ადგილებს ჩვეულებრივი ადგილების დარად ჰყოფს, მათ ირგვლივ მოურიდებლად იქცევა და ასეთნაირი განწყობით იმყოფება იქ, ვბრძანებთ მათ გაძევებას იმ ადგილიდანაც კი, რომელიც წმინდა ტაძარში კათაკმეველთათვის არის განკუთვნილი. ვინც ამ წესს არ დაიცავს: თუ კლერიკოსია განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

(მოც. 73; ტრულ. 74,76,97).

კანონი 98

      ვინც სხვის დაწინდულ ქალზე დამწინდველის სიცოცხლეშივე დაქორწინდეს, მრუშობის ბრალდებით დაისაჯოს.

(ანკვირ. 11; ბასილი დიდ. 22,69).

კანონი 99

      როგორც შევიტყვეთ, სომეხთა ქვეყანაში ასეც ხდება: ზოგიერთები შეწირული საკლავის ნაწილს ხარშავენ და წმინდა საკურთხეველში მღვდლებს უნაწილებენ, იუდეველთა წესისამებრ. ამიტომ, საეკლესიო სიწმინდის შეუბილწავად დამმარხველნი, განვაჩინებთ: მღვდელთაგან არავის მიეცეს უფლება შემწირველისაგან მოტანილი ხორცის ნაწილი თავისთვის გამოიყოს, არამედ იკმაროს შესაწირი, როგორიც შემწირველს ენებოს და ძღვენი ეკლესიის გარეთ იხმიოს. ვინც ასე არ მოიქცევა, უზიარებლობით დაისაჯოს.

(მოც. 3; ტრულ. 32,33,56; კართ. 37).

კანონი 100

      "თუალნი შენნი მართლ ხედვენ და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა..." (იგავ. 4. 25,23), გვიბრძანებს სიბრძნე, რამეთუ ხორციელ გრძნობას ადვილად შეაქვს სულში თავისი განცდები. ამიტომ ფიცარზე, ან სხვა რაიმე საგანზე შესრულებულ გამოსახულებებს, რომლებიც თვალს ხიბლავენ, გონებას ხრწნიან და უწესო სიამოვნების მისაღებად აღაგზნებენ, ამიერიდან ვკრძალავთ, რა სახითაც არ უნდა იყოს წარმოჩენილი, ხოლო, ვინც გაკადნიერდეს და ამის ქმნა ხელყოს, წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

კანონი 101

      კაცსა, ღვთის ხატად შექმნილს, საღვთო მოციქული ხმამაღლა მოიხსენებს ქრისტეს გვამად და ტაძრად. ყოველ ხილულ ქმნილებაზე ზეაღმატებულია კაცი, მაცხოვნებელი ვნეებებით ზეციური პატივის ღირსქმნილი; იგი ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღებით დაუსრულებლად გარდაიქმნება სამარადისო ცხოვრებისათვის, ხოლო საღვთო მადლის ზიარებით სულსა და ხორცს განიწმენდს. ამიტომ, ვისაც სურს ლიტურგიისას ყოვლადწმიდა ხორცს ეზიაროს და ზიარების მეშვეობით მასთან ერთიანობა ჰყოს, ხელები გულზე ჯვრის სახით დაილაგოს და ასეთნაირად მიეახლოს და შეიწყნაროს ზიარების მადლი. ხოლო თუ ოქროს ან სხვა რაიმე ნივთიერებისაგან შეამზადებენ ჭურჭელს საღვთო ძღვენის მისაღებად ხელებით მიღების ნაცვლად და მისი მეშვეობით მიიღებენ წმინდა ზიარებას, ამას არასგზით მოვიწონებთ, რამეთუ ეს არის პატივისცემა უფრო მეტად უსულო და ჩვენთვის სახმარად შექმნილი ნივთების მიმართ, ვიდრე საღვთო ხატის მიმართ. თუ ვინმე იმხილება ამგვარი ჭურჭლით მომსვლელისათვის წმინდა ზიარების მიცემაში, უზიარებელ იქნეს ისიც და ჭურჭლით მოსულიც.

კანონი 102

      ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს; რადგან არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი და ბოროტების მრავალ ნერგს აღმოაცენებს, რომელთაგან უკეთურება უხვად დაინთხევა და შემდეგ ვრცელდება, ვიდრე არ მოხდება მკურნალის ძალ-მადლით მისი შეჩერება, ამიტომ, ვისაც მკურნალობის ხელოვნების გამოჩენა მართებს, მან პირველ რიგში უნდა განიხილოს ცოდვის ჩამდენის განწყობა და დაკვირვება მოახდინოს მასზე: სულიერი სიმრთელისაკენ ილტვის იგი, თუ პირიქით, საკუთარი ზნით სნეულებას მიიზიდავს და, ამასთან, როგორ წარმართავს თავის საქციელს; თუკი მკურნალს არ ეწინააღმდეგება და სულიერ წყლულებს დანიშნული წამლებით განიკურნავს, ასეთ შემთხვევაში ღირსებისამებრ მიესაწყაოს მას მოწყალება, რამეთუ ღმერთს და სამწყსოს წინამძღოლად ხელთდასხმულსაც მთელი საზრუნავი იქით აქვთ მიმართული, რომ შეცდომილი ცხოვარი მოაბრუნონ და გველის მოწყლული განკურნონ; არც სასოწარკვეთის ციცაბოზე განდევნა ეგების, არც აღვირის მიშვება, განლაღებული ცხოვრებისა და დაუდევრობისათვის, არამედ დაუყოვნებლივ რაიმე სახით, ან მკაცრი და შემკვრელი, ან უფრო რბილი და მსუბუქი სამკურნალო საშუალებით, საჭიროა სნეულების წინააღმდეგ აღდგომა და წყლულის გასამართლებლად მოღვაწეობა; სინანულის ნაყოფის მიღება და ადამიანის ბრძნულად წარმართვა, რომელიც ზეციური განათლებისათვის არის მოწოდებული. ჩვენ გვმართებს ერთის და მეორის ცოდნაც - პატიოსანი მოშურნეობაც მონანულისა და წესის შესაბამისად მოთხოვნაც; ხოლო, ვინც არად აგდებს სრულყოფილი სინანულის მნიშვნელობას, მათ მიმართ გადმოცემისამებრ უნდა მოვიქცეთ, როგორც საღვთო ბასილი გვასწავლის.


[1] ანუ, ეკლესიის საეპარქიო საზღვრები ქვეყნის პოლიტიკურ საზღვრებს უნდა შეესაბამებოდეს.

[2] უხუცესი მოგვები

[3] უბრალო, განუსწავლელი

[4] რიცხვებით მკითხავნი

[5] კალანდა - წარმართული დღესასწაული რომაელი დიდებულების პატივსაცემად, რომელიც შიმშილობისას ერთი თვის განმავლობაში კვებავდა რომაელებს.

  • ვოტა - პანისადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული.
  • ვრუმალი - დიონისესადმი მიძღვნილი ელინური დღესასწაული.

[6] კვილისტრა, ბალსამონის აზრით, ეს არის კენჭისყრის ერთგვარი სახეობა, რომლის საშუალებითაც მასწავლებელი თავისთვის მოწაფეებს ირჩევდნენ.

[7] ტრაპეზის ირგვლივ იდგმებოდა სარეცელები და ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ინახობდნენ (ნადიმობდნენ).

[8] საუბარია პირუტყვზე, რომლითაც მგზავრი გადაადგილდება (ვირი, ცხენი და მისთ).

ტეგები: Qwelly, ეკლესია, ისტორია, მსოფლიო_კრება

ნახვა: 140

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters