იოანე დამასკელი - მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი პირველი

რომ მიუწვდომელია ღვთაება და რომ არ გვმართებს ძიება და ფუჭად დაშვრომა იმათ შესახებ,
რაც არ გადმოუციათ ჩვენთვის წმინდა წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მახარებლებს

      "ღმერთი არავის უხილავს არასოდეს. მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც არის მამის წიაღში, - მან გამოთქვა" (იოან. 1,18). ამრიგად, უთქმელია და მიუწვდომელია ღვთაება, რადგან "ვერავინ შეიცნობს მამას, თუ არა ძე, ვერც - ძეს, თუ არა მამა" (მათე 11,17); და წმინდა სულმაც ისევე იცის ის, რაც ღვთისაა, როგორც ადამიანის სულმა იცის ის, რაც მასშია.

      პირველი და ნეტარი ბუნების შემდეგ არავის სცოდნია ოდესმე ღმერთი არა მხოლოდ კაცთაგან, არამედ, აგრეთვე, ზექვეყნიურ ძალთაგან და თვით, ვამბობ, ქერუბიმთა და სერაფიმთაგან, თუ არა მას, ვისაც თავად გამოუცხადა მან.

      მაინც, არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი. თვით შესაქმეც, მისი თანაშემტკიცება და წარმმართველობა საღვთო ბუნების სიდიადეს ქადაგებს. ასევე, პირველად რჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ, შემდეგ კი თვით მხოლოდშობილი ძის, უფლისა და ღვთის, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერაც, ჩვენთვის საწვდომად, თავისი თავის ცოდნა გააცხადა მან. ამიტომ, რჯულის, წინასწარმეტყველების, მოციქულებისა და მახარებლების მიერ ჩვენდამი გადმოცემულთ შევიწყნარებთ, ვიმეცნებთ და ვეთაყვანებით, არარას ვეძიებთ რა მათ მიღმა, რადგან ღმერთი, რომელიც კეთილია, ყოველგვარ სიკეთეს გვანიჭებს და არ ექვემდებარება იგი არც შურს, არც რამ ვნებას. შური შორსაა საღვთო ბუნებისგან, რომელიც უვნებოა, რადგან მხოლოდ იგია კეთილი. ამიტომ, მან როგორც ყოვლის მცოდნემ და თითოეულისთვის სასარგებლოს წინაგანმჭვრეტმა, რაც გვარგებდა რომ გვცოდნოდა, გამოგვიცხადა, ხოლო რაც არ ძალგვიძდა რომ გვეტვირთა, დაიდუმა. ჩვენც ამათ დავჯერდეთ[1]. ამათში ვმკვიდრობდეთ და ნუ გადავალთ საუკუნო საზღვრებს, ნურც საღვთო გადმოცემას გარდავხდებით.

თავი მეორე

გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ

      ამრიგად, ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი. ხოლო სხვა რამ არის "საცოდნელი" და სხვა რამ - "სათქმელი", როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ, არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემოესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია, როგორც, მაგალითად, ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და სხვა ამგვართ.

      ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, - დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, - ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე, ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია ანუ ერთი არსებაა. რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, - ვამბობ, - ძეში და წმინდა სულში. რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გამომავლობისა. რომ მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფითა და ყოვლადწმინდა სულის თანამოქმედებით ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან სულიწმინდის მიერ და მისგან (მარიამისგან) სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისგან და კაცებისაგან, და - ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა (ვამბობ ღმრთეებას და კაცებას), ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით; ვიცით, აგრეთვე, რომ მოშივდა მას და მოსწყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილისა და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკენ ზეავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში - ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდანთა მთელი მწყობრი.

      მაგრამ თუ რა არის ღვთის არსება ან როგორ არის იგი ყოველივეში ან როგორ დაიცარიელა თავისი თავი მხოლოდშობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისგან ეცხო რამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით, - ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიძს. ამრიგად, არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდამი ღვთისსახოვნად განცხადებულა ანდა თქმულა.

თავი მესამე

დასაბუთება, რომ არის ღმერთი

      ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმინდა წერილს (ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას), არცთუ - ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც ვთქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწყმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უფსკრულამდეც კი მიიყვანა, - იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი (რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმინდეთმჩენი დავითი, ამბობს რა: "თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი", ფს. 13,1), - ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა, საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი.

      მსგავსადვე, მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, მწყემსებმა და მოძღვრებმა, მიიღეს რა მათაც სულიწმინდის განმანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირსვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწ მცირედს განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოვუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას.

      ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი. თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებებიც, წინააღმდეგობრივია. ამიტომ, ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი (არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი) იცვლება, გარდაიქმნება, და მრავალგვარად მოძრაობს, კერძოდ, გონისმიერნი (ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს) - ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისგან განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი - წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილების, აგრეთვე, ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით.

      ამრიგად, ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუკი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი, და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე.

      ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა. ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი?

      თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი - ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი და მარადჟამს წინაგანმგებელი. მართლაც, როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი (ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას) ერთი ქვეყნიერების შესავსებად ურთიერთს შეუერთდებოდნენ და თან დაუშლელნიც დარჩებოდნენ, ყოვლადძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად?

      რა არის ის, რამაც განაწესა ციურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის პაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი. ცა, მიწა, ჰაერი, და ბუნება ცეცხლისა და წყლისა? რამ შეაზავა და დაჰყო ესენი? რა არის ის, რამაც ესენი აამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას? განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც შთანერგა მათში ნიშატი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება? მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე? განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი? შემთხვევითობას როდი განვუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ, შემთხვევითია შექმნა. ვინღა არის განმაწესებელი? თუ გნებავს, ესეც დავუშვათ. მაშინ ვისმიერია იმ ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია, - იმისმიერი, ვინც სხვა არის და არა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება, თუ არა ღმერთი?

თავი მეოთხე

იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთი; რომ მიუწვდომელია იგი

      ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, ცხადია, ხოლო თუ რა არის იგი არსებითა და ბუნებით, ეს სრულიად მიუწვდომელია და უცოდნელი. თუმცა, უსხეულო რომ არის იგი, ეს ცხადია, რადგან როგორ უნდა იყოს სხეული ის, რაც უსასრულოა, უსაზღვროა, დაუსახველია, შეუხებელია, უხილავია, მარტივია, შეუდგენელია, რამეთუ როგორ იქნება უცვლელი, თუკი შემოსაზღვრულია და ვნებადი? ანდა როგორ იქნება უვნებო ის, რაც სტიქიონებისგან შემდგარა და კვლავ მათდამი უნდა დაიშალოს? შედგენილობა ხომ წინააღმდეგობის სათავეა, წინააღმდეგობა - დაპირისპირებისა, ხოლო დაპირისპირება - დაშლისა, ღვთისათვის კი დაშლა სრულიად უცხოა, რადგან მაშინ როგორღა იქნებოდა შესაძლებელი ღვთისგან ყოველივეს განჭოლვა და აღვსება, როგორც ამას ამბობს წერილი. "ნუთუ მე არ ვავსებ ცას და მიწას, ამბობს უფალი" (იერ. 23,24)? შეუძლებელია, რომ სხეულმა განჭოლოს სხეულები ისე, რომ არ გაჭრას და არ გაიჭრას, რომ არ შეეწნას და არ დაუპირისპირდეს, როგორც, მაგალითად, სითხეები, რომლებიც შეირევიან და თანაგანზავდებიან.

      თუმცა ზოგიერთები ამბობენ უნივთო სხეულს (როგორც ელინ ბრძენთაგან თქმულა მეხუთე სხეული, რაც შეუძლებელია), მაგრამ ხომ უთუოდ მოძრავი უნდა იყოს იგი მსგავსად ცისა (რადგან სწორედ ცა თქვეს მეხუთე სხეულად)? ვინღა არის მისი მამოძრავებელი? ყოველი მოძრავი სხვისგან მოძრაობს, ის კიდევ ვინმესგან, და ასე უსასრულოდ, ვიდრე არ მივაღწევთ რამ უძრავს, რადგან პირველი მამოძრავებელი უძრავია, რაც არის ღმერთი როგორღა შეიძლება რომ ადგილით არ იყოს შემოწერილი ის, რაც მოძრავია?

      ამრიგად, მხოლოდ ღვთაებაა უმოძრაო, რომელიც უმოძრაობის გზით ამოძრავებს ყოველივეს. ამიტომ, უსხეულოდ მიიჩნევა ღვთაება. მაგრამ არც ეს წარმოგვიჩენს მის არსებას, ისევე როგორც არც უშობელობა, დაუსაბამობა, გარდაუქმნელობა, უხრწნელება და სხვა დანარჩენი, რაც კი ღვთის ანდა ღვთის არსებობის შესახებ ითქმის. ესენი აღნიშნავს არა იმას, რა არის იგი, არამედ - რა არ არის, ხოლო ვისაც რაიმეს არსების გამოთქმა უნდა, მართებს ის თქვას, თუ რა არის იგი, არათუ - რა არ არის. მაგრამ ღვთის შესახებ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა არის იგი არსებით. ამიტომ, უფრო შესაფერისია, რომ ყველაფრის ჩამოკლების გზით ითქვას მის შესახებ სიტყვა. არსთაგან არაფერია იგი, არათუ როგორც არაარსებული, არამედ როგორც ყველა არსზე უზემოესი და თვით არსებობაზეც კი ზე მყოფი. რადგან თუკი არსთა შესახებაა ცოდნა, ის, რაც ცოდნაზე უზემოესია, უთუოდ არსებაზე უზემოესიც იქნება და, პირიქით, არსებაზე უზემოესი ცოდნაზე უზემოესიც უნდა იყოს.

      ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ "სიბნელეს", არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ "სინათლეს", ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე.

თავი მეხუთე

დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი

      ის, რომ არის ღმერთი და რომ მიუწვდომელია მისი არსება, საკმარისად დასაბუთდა. ისიც, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, უეჭველია მათთვის, რომლებიც ერწმუნებიან საღვთო წერილს. უფალი რჯულდების თავში ამბობსა: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან. არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა" (გამოსვ. 20,21). კიდევ: "ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთი არის" (II სჯ. 6,1); აგრეთვე, ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს იგი: "მე ვარ ღმერთი პირველი და მე ვარ ამათ შემდეგ და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ჩემს უწინარეს არ ყოფილა სხვა ღმერთი და არ იქნება არც ჩემს შემდეგ და ჩემს გარდა არ არის" (ეს. 43,10). ასევე, წმინდა სახარებებშიც ასე ამბობს უფალი მამის მიმართ: "ეს არის საუკუნო ცხოვრება, რომ შეგიცნონ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი" (იოან. 17,3). მაგრამ მათ, რომლებიც არ ერწმუნებიან საღვთო წერილს, ასე შევესიტყვებით:

      ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშეუწერელია ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ, თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია, ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან, თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი, ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე? რადგან, თუკი რაიმე მოკლებულია სისრულეს სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველმხრიე იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან, თუკი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშეუწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე? ასევე, როგორ მოხდება, რომ მრავლისგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირღვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალ ის იქნებოდა!

      ამიტომ, ერთი არის ღმერთი, - სრული, გარეშეუწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული.

      ამასთან, ბუნებითი აუცილებლობითაც ერთება არის ორობის სათავე.

თავი მეექვსე

ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ; სილოგისტური დასაბუთება

      ამრიგად, ეს ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადჟამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?

      ჩვენი ბუნება წარმავალია და ადვილად დაშლადი. ამიტომ, ჩვენი სიტყვაც უგვამოვნოა. მაგრამ ღმერთი მარადმყოფია და სრული, რის გამოც აქვს მას თავისი სატყვა, - სრული და გვამოვნებითი, მარადმყოფი და ცოცხალი ანუ ყოველივე იმის მქონე, რაც მშობელს აქვს. ამასთან, როგორც ჩვენეული სიტყვა გამოდის გონებისგან და არც მთლად უიგივდება გონებას, არც ყოვლითურთ სხვაა, რადგან არის რა გონებისგან, სხვა არის მისგან, მაგრამ, ამასთან, არის რა იმავე გონების საჩინომყოფელი, მისგან ყოვლითურთ განსხვავებული როდია, არამედ ბუნებით ერთია მასთან, მაგრამ მდგომარეობით სხვა არის მისგან, - მსგავსადვე, ღვთის სიტყვაც თავისეული გვამოვნებითობით განეყოფა მას, ვისგანაც გვამოვნება აქვს, მაგრამ რადგანაც თავის თავში ავლენს იგი ყველაფერს იმას, რაც ღვთის შესახებ განიჭვრიტება, ამიტომ ბუნებით იგივეა მასთან. ასე რომ, როგორც მამის მიმართ განიჭვრიტება ყველაფერში სისრულე, ამგვარადვე განიჭვრიტება ეს სისრულე მისგან შობილი სიტყვის მიმართაც.

თავი მეშვიდე

სულიწმინდის შესახებ; სილოგისტური დასაბუთება

      საჭიროა, რომ სიტყვას სულიც ჰქონდეს. თვით ჩვენეული სიტყვაც არ არის უნაწილო სულისა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სული (სუნთქვა) უცხოა ჩვენი არსებისგან, რადგან ჰაერის მოზიდვა და ამოშვებაა იგი, შევისუნთქავთ რა და ამოვისუნთქავთ სხეულის საარსებოდ, რაც წარმოთქმის დროს სიტყვის ხმა ხდება და თავის თავში ავლენს სიტყვის ძალას. რაც შეეხება საღვთო ბუნებას, მარტივსა და შეუდგენელს, კეთილმსახურებითად უნდა ვაღიარებდეთ, რომ არსებობს ღვთის სული, რადგან სიტყვა ღვთისა ჩვენეულ სიტყვაზე უფრო ნაკლულოვანი არ შეიძლება იყოს. ამასთან, უღვთოება იქნებოდა იმგვარი ფიქრი, რომ ეს სული უცხო რამ არის ღვთისგან და გარედან არის შესული მასში, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია, რომლებიც შედგენილნი ვართ.

      ისევე, როგორც ღვთის სიტყვის გაგონებისას წარმოვიდგენთ არა უგვამოვნო სიტყვას, არცთუ სწავლის გზით შეთვისებულს ანდა ხმით წარმოთქმულს, ან კიდევ ჰაერში განბევადსა და დაშლადს, არამედ არსობრივად გვამოვანს, ამრჩეველს, მოქმედს და ყოვლადძლიერს, ასევე, განვისწავლებით რა, რომ ღვთის სული თანამავალია სიტყვისა და მისი მოქმედების ცხადმყოფელი, უგვამოვნო სუნთქვად როდი აღვიქვამთ მას, რადგან მართლაც უბადრუკობამდე დამდაბლდებოდა საღვთო ბუნების სიდიადე, თუ ჩვენეული სულის მსგავსად იქნებოდა გააზრებული მასში არსებული სულიც, არამედ არის იგი არსობრივი ძალა, თვით თავისთავად საკუთარ გვამოვნებაში განჭვრეტილი, მამისგან გამომავალი, სიტყვაში დავანებული და მისი გამაცხადებელი, რომელსაც არც ღვთისგან განშორება შეუძლია, არის რა მასში, და - არც სიტყვისგან, თანამავალია რა მისი; არცთუ უმყოფობად განქარვებადია იგი, არამედ, სიტყვის მსგავსად, გვამოვნებითად მყოფია, ცოცხალია, ამრჩეველია, თვითმოძრავია, მოქმედია, ყოვლითურთ სიკეთის მნებებელია და თავის ყოველ განზრახულობაში განზრახვის თანადროული ძალის მქონეა, არ კი აქვს რა მას არც დასაბამი, არც დასასრული, რადგან არასოდეს დაპკლებია მამას სიტყვა, არცთუ სიტყვას - სული.

      ამგვარად, ერთი მხრივ, ბუნებითი ერთობის გამო ელინთა მრავალღმერთიანობის საცთური უჩინარდება, ხოლო მეორე მხრივ, სიტყვის და სულის აღიარებით იუდეველთა მოძღვრება ისპობა, თუმცა ამ ორივე მწვალებლობისგან ნარჩუნდება ის, რაც სასარგებლოა. იუდეველური თვალსაზრისისგან - ბუნების ერთობა, ელინიზმისგან კი - მარტოდენ გვამოვნებათა მიხედვით განყოფა.

      თუ შეგვეპაექრება იუდეველი სიტყვისა და სულის აღიარების გამო, საღვთო წერილის მიერ უნდა ვამხილოთ იგი და დავადუმოთ, რადგან, ერთი მხრივ, სიტყვის შესახებ საღვთო დავითი ამბობსა: "უკუნისამდე, უფალო, ჰგიეს შენი სიტყვა ცაში" (ფს. 118,89); კიდევ: "მოავლინა თავისი სიტყვა და განკურნა ისინი" (ფს. 106,20), ხოლო წარმოთქმადი სიტყვა არც მოივლინება, არც უკუნისამდე ჰგიეს იგი; მეორე მხრივ, სულის შესახებ იგივე დავითი ამბობს, გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან" (ფს103,30), კიდევ: "უფლის სიტყვით ცანი დამყარდნენ და მისი პირის სულით - ყოველი ძალა მათი" (ფს. 32,4); ასევე, იობი ამბობს: "საღვთო სული - შემქმნელი ჩემი, ხოლო მობერვა ყოვლისმპყრობლისა - შემამტკიცებელი ჩემი" (იობ. 33,4). ამგვარი სული, - მოვლენილი, შემქმნელი, დამამყარებელი და შემამტკიცებელი, - არ არის განქარვებადი ორთქლი, ისევე როგორც არც ღვთის პირია სხეულებრივი ნაწილი, რადგან ორივე მათგანი ღვთისმშვენად უნდა გავიაზროთ.

თავი მერვე

წმინდა სამების შესახებ

      ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, გონისმიერი სინათლე, მიუახლებელი, არარა საზომით შეცნობილი ძალა, მარტოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, რადგან ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არის რა ყველა ხილული და უხილავი ქმნილების შემქმნელი, ყოველივეს შემამტკიცებელი და შემნარჩუნებელი, ყოველივეს წინაგანმგებელი, ყოველივეს მპყრობელი, მოთავე და მეუფე, დაუსრულებელი და უკვდავი მეუფებით, არარა საწინააღმდეგოს არ მქონე, ყოველივეს აღმავსებელი, არვისგან გარეშეცვული, უმალ კი თვით ყოველივეს გარეშემცველი, შემამტკიცებელი და წინასწარმქონე, ყველა არსებამდე შეურყვნელად მიწევნილი და ყოვლის მიღმიერი, ყველა არსებისგან გაშორებული, როგორც ზეარსი და ყოველივეზე ზემყოფი,ზე ღმერთი,ზეკეთილი, ზესრული, ყველა უფლებამოსილებისა და წესის განმსაზღვრელი და ყველა უფლებამოსილებაზე და წესზე ზედაფუძნებული, უზემოესი არსებაზე, სიცოცხლეზე, სიტყვაზე და აზრზე, თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე, თვითარსება, როგორც სხვა არაფრისგან, რაც კი არსებობს, არმქონე არსებობისა. თვით არსთა არსებობის წყაროდ მყოფი, ცოცხალთათვის მიზეზი სიცოცხლისა, სიტყვასთან წილმქონეთათვის - სიტყვისა, და ასე, ყოველივესთვის - ყოველივე სიკეთისაჯღღღიის მცოდნე ვიდრე მათ შექმნამდე. ერთი არსება, ერთი დმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ გვამოვნებაში (შეურევლად შეერთებულებში და განუცალკევებლად განყოფილებში, რაც არის სწორედ საკვირველი) ცნობილი და თაყვანცემული ერთი თაყვანისცემით, ყველა მოაზროვნე ქმნილებისგან რწმენილი და მსახურებული, მამა, ძე და წმინდა სული, რომელთა მიმართაც ნათელვიღეთ, რადგან ამგვარად ნათლისცემა ამცნო უფალმა მოციქულებს, უთხრა რა: "ნათელსცემდეთ მათ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ" (მათე 25,19).

      გვწამს ერთი მამა, ყოველივეს დასაბამი და მიზეზი, არათუ ვინმესგან შობილი, არამედ ის მხოლო უმიზეზოდ და უშობლად მყოფი, შემოქმედი ყოველივესი, მამა მარტოდენ მისი ერთი ბუნებითი ძისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და გამომავლინებელი ყოვლადწმინდა სულისა.

      გვწამს ერთი ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მამისგან შობილი უწინარეს ყველა საუკუნისა, სინათლე სინათლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, შობილი, არა შექმნილი, თანაარსი მამისა, რომლისგანაც შეიქმნა ყოველივე, მას ვამბობთ ყველა საუკუნის უწინარესად, რითაც ცხადვყოფთ, რომ უჟამოა და დაუსაბამო მისი შობა. არათუ არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა ძე ღვთისა, რომელიც არის გამოცისკრება დიდებისა და ხატი მამისეული გვამოვნებისა, ცოცხალი სიბრძნე და ძალა, სიტყვა გვამოვნებითი, არსობრივი და სრული, ცოცხალი ხატი უხილავი ღვთისა, - არამედ მარადჟამს იყო იგი მამასთან და მამაში, მარადიულად და დაუსაბამოდ მისგან ნაშობი. არ ყოფილა ოდესმე მამა, როდესაც არ იყო ძე, არამედ როგორც კი - მამა, მყისვე - ძე, მისგან ნაშობი, რამეთუ ძის გარეშე მამად წოდებულიც არ იქნებოდა იგი, რადგან თუ იქნებოდა ძის არმქონე, ესე იგი მამა არ იქნებოდა და თუ შემდეგში შეიძენდა ძეს, შემდეგში გახდებოდა მამა, არ იქნებოდა რა მამა აქამდე, ანუ შეიცვლებოდა იგი, რადგან არ იქნებოდა რა მამა, მამა გახდებოდა, მაგრამ ეს ყოველგვარ ბოროტმეტყველებაზე უფრო უარესია- შეუძლებელია, რომ ღმერთად ითქვას ის, რაც მოკლებულია ბუნებით მშობელობას, ხოლო მშობელობა - ესაა თავისი თავისგან ანუ საკუთარი არსებისგან ბუნებითად მსგავსის შობა.

      ძის შობასთან დაკავშირებით უღვთოებაა თქმა იმისა, რომ ჟამი მესაშუალეობდა და რომ მამის შემდეგ იყო ძის მყოფობა, რადგან მისგან, ესე იგი, მამის ბუნებისგან ვამბობთ ძის შობას და თუ არ ჩავთვლით, რომ დასაბამიდანვე მამასთან თანამყოფობდა მისგან ნაშობი ძე, მამის გვამოვნების ცვალებადობას დავუშვებთ ამით, - რომ მამად არმყოფი შემდეგ გახდა მამა. მართალია, შესაქმე კი მოხდა შემდეგ, მაგრამ - არა ღვთის არსებისგან, არამედ - ღვთის განზრახვითა და ძალით, რაჟამს არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა იგი. ამიტომ, არ უკავშირდება ცვალებადობა საღვთო ბუნებას.

      შობა არის მშობლის არსებისგან გამოსვლა შობილისა, - არსობრივად მისი მსგავსისა, შექმნა და დაბადება კი ესაა გარედან, ესე იგი, არა შემოქმედისა და დამბადებლის არსებისგან, გაჩენა შექმნილისა და დაბადებულისა, - სრულიად არამსგავსისა.

      ამრიგად, რადგან ღმერთია მხოლო უვნებო, გარდაუქმნელი, უცვლელი და მარადჟამს იგივე, შობაც და ქმნაც უვნებოა მისთვის. ამიტომ, მას, ბუნებით უვნებოსა და წარუდინებელს, როგორც მარტივსა და შეუდგენელს, არ ეთვისება ვნებულებისა და წარდინების განცდა არც შობისას, არც ქმნისას, არცთუ ვინმეს თანაშეწევნას საჭიროებს იგი, არამედ შობა დაუსაბამოა და მარადიული, რადგან ბუნების საქმეა ეს და - საკუთარი არსებისგან გამომყვანი, რათა ცვლილება არ განიცადოს მშობელმა და არ იყოს ღმერთი პირველი და ღმერთი შემდგომი და რომ შემატება არ მიიღოს მან მეორე მხრივ, ღმერთთან დაკავშირებით, შესაქმე - ესაა ნებელობის საქმე და იგი არ არის თანამარადიული ღვთისა. მართლაც, არაბუნებრივია, რომ არარსებობიდან არსებობაში შემოყვანილი თანამარადიული იყოს დაუსაბამოსი და მარადჟამს არსებულისა.

      ამიტომ, ისევე როგორც სხვადასხვაგვარად ქმნის ადამიანი და ღმერთი (რადგან ადამიანს არარსებობიდან არაფერი არ შემოჰყავს არსებობაში, არამედ რასაც აკეთებს, წინასწარარსებული ნივთისგან აკეთებს და არა მხოლოდ ინებებს იგი, არამედ წინასწარ მოიაზრებს კიდეც და გონებაშიც წარმოისახავს გასაკეთებელს, შემდეგ კი ხელითაც მუშაობს, შრომასაც და ჯაფასაც თავს იდებს, და მაინც ხშირად ვერც აღწევს მიზანს, არ გამოდის რა ისე საქმე, როგორც მას სურს, ხოლო ღმერთმა მარტოდენ ინება და არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა ყოველივე), ასევე, სხვადასხვაგვარად შობს ღმერთი და ადამიანი. ერთი მხრივ, ღმერთი, არის რა იგი უჟამო, დაუსაბამო, უვნებო, წარუდინებელი, უსხეულო, მხოლო და დაუსრულებელი, შობს უჟამოდ, დაუსაბამოდ, უვნებოდ, წარუდინებლად და შეუწყვილებლად. ამიტომ არც დასაბამი აქვს მის მიუწვდომელ შობას, არც დასასრული, და შობს იგი დაუსაბამოდ, რადგან გარდაუქმნელია, წარუდინებლად - რადგან უვნებოა და უსხეულო, შეუწყვილებლად - კვლავაც უსხეულობის გამო (და იმიტომაც, რომ ერთი მხოლო ღმერთი არსებობს, რომელსაც არ სჭირდება მეორე), დაუსრულებლად და დაუბოლოებლად - რადგან დაუსაბამოა, უჟამოა, დაუსრულებელია და მარადჟამს იგივე, მართლაც, დაუსაბამო დაუსრულებელია, ხოლო მადლით დაუსრულებელი არანაირად. არ არის დაუსაბამო, როგორც, მაგალითად, ანგელოზები.

      ამრიგად, მარადმყოფი ღმერთი შობს თავის სიტყვას, სრულს; შობს დაუსაბამოდ და დაუსრულებლად, რათა დროში არ შობდეს ღმერთი, რომელსაც ჟამზე აღმატებული ბუნება და მყოფობა აქვს. ადამიანი, მეორე მხრივ, ცხადია, ამის საწინააღმდეგოდ შობს, ექვემდებარება რა იგი ქმნადობას, ხრწნას, წარდინებას და გამრავლებას, როგორც სხეულით შემოსილი და მამრობისა და მდედრობის ბუნებით მქონე, რადგან საჭიროებს მამრი მდედრის შეწევნას. არამედ მოწყალემც იყოს ის, ვინც ყოვლის მიღმიერია და ყოველგვარ აზროვნებასა და წვდომაზე ზემდებარე.

      ამრიგად, წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ასწავლის ერთობლივად მამას და მხოლოდშობილ ძეს, მისგან ნაშობს უჟამოდ, წარუდინებლად, უვნებოდ და მიუწვდომლად, როგორც ეს უწყის მხოლოდ მან, ყოველთა ღმერთმა.

      ისევე, როგორც ერთობლივია ცეცხლი და მისეული სინათლე, და არა ისე, რომ ჯერ - ცეცხლი, შემდეგ კი - სინათლე, არამედ - ერთობლივად, ამასთან, როგორც ცეცხლისგან მარადშობილი სინათლე მარადის არის მასში და არანაირად არ განეყოფა მას, ამგვარადვე იშვება მამისგან ძეც, არანაირად განყოფილი მისგან, არამედ მარადის მასში მყოფი. მაგრამ ცეცხლისგან განუყოფლად შობილ და მარადის მასში მკვიდრ სინათლეს არ აქვს საკუთარი, არაცეცხლისეული გვამოვნება, რადგან იგი ცეცხლის ბუნებითი თვისობრიობაა, მაშინ როცა ღვთის მხოლოდშობილ ძეს, მამისგან შობილს განუყოფლად და განუცალკევებლად და მარადის მასში მკვიდრს, აქვს საკუთარი, არამამისეული გვამოვნება. ამიტომ იგი სიტყვად და გამოცისკრებად ითქმის, რადგან შეწყვილების გარეშე, უვნებოდ, უჟამოდ, წარუდინებლად და განუყოფლად არის ნაშობი მამისგან. ითქმის, აგრეთვე, ძედ და მამისეული გვამოვნების ხატად, რადგან სრულია, გვამოვნებითია და ყოვლითურთ მსგავსია მამისა, უშობელობის გარდა. ითქმის მხოლოდშობილად, რადგან ის, მხოლო, მხოლო მამისგან მხოლოობითად იშვა, რამეთუ არ ჰგავს სხვა შობა ღვთის ძის შობას, არ არსებობს რა ღვთის სხვა ძე. თუმცა სულიწმინდაც მამისგან გამოდის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად. სხვა არის ამ მყოფობის გვარი, აღუქმელი და უცოდნელი, ისევე როგორც - ძის შობა. ამიტომაც, ყოველივე, რაც მამას აქვს, მისია, გარდა უშობელობისა, რაც არ ნიშნავს არსების განსხვავებას, არც ღირსებისას, არამედ მყოფობის გვარს, ისევე როგორც ადამი, რომელიც უშობელია, რადგან შენაქმნია ღვთისა, და სეითი, რომელიც ნაშობია, რადგან ადამის ძეა, და ევა, რომელიც ადამის გვერდიდან არის გამოსული, რადგან არ შობილა იგი, არათუ ბუნებით სხვაობენ ურთიერთისგან, რამეთუ ადამიანები არიან, არამედ - მყოფობის გვარით.

      გვმართებს ვიცოდეთ, რომ სიტყვა "აგენეტონ-, შუაში ერთი "ნ"-თი დაწერილი, ნიშნავს შეუქმნელს ანუ არდაბადებულს, ხოლო "აგენნეტონ-, ორი "ნ"-თი, ცხადყოფს არაშობილს. პირველი მნიშვნელობის მიხედვით არსება სხვაობს არსებისგან, რადგან სხვა არის არსება შეუქმნელი, დაუბადებელი ანუ "აგენეტოს" (შუაში ერთი "ნ"-თი) და სხვაა დაბადებული ანუ "გენეტოს", ესე იგი, შექმნილი. მეორე მნიშვნელობის მიხედვით არსება არსებისგან არ სხვაობს. მართლაც, ცხოველთა ყოველი სახეობის პირველი წარმომადგენელი უშობელია და არა დაუბადებელი, რადგან შემოქმედის მიერ შეიქმნა, შემოვიდა რა შესაქმეში მისი სიტყვით. ამიტომ არ არის ის შობილი, რადგან არ არსებობდა მასზე წინ მისივე თანასახეობისა სხვა, რომლისგანაც იშვებოდა იგი.

      ამიტომ, პირველი მნიშვნელობის მიხედვით, მოზიარეობს წმინდა ღმრთეების სამი ზეღმერთი გვამოვნება, რადგან თანაარსნი და შეუქმნელნი არიან ისინი, მაგრამ მეორე მნიშვნელობის მიხედვით - არანაირად, რადგან მხოლოდ მამაა უშობელი, რომლის არსებობაც სხვა გვამოვნებისგან არ არის. ასევე, მხოლოდ ძეა შობილი, რადგან მამის არსებისგან არის იგი ნაშობი დაუსაბამოდ და უჟამოდ. კიდევ, მხოლოდ სულიწმინდაა გამოსული მამის არსებისგან, არა შობილი, არამედ გამომავალი.

      ასე გვასწავლის წერილი, თუმცა შობისა და გამომავლობის გვარი მიუწვდომელი რჩება.

      უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არათუ ჩვენგან არის გადატანილი ნეტარ ღმრთეებაზე მამობის, ძეობისა და გამომავლობის სახელები, არამედ, პირიქით, იქედან არის ჩვენდამი წილბოძებული, როგორც ამბობს საღვთო მოციქული. "ამის გამო მოვიდრეკ ჩემს მუხლებს მამის მიმართ, რომლისგანაც არის ყოველი მამეულობა ცაში და მიწაზე" (ეფეს. 5,14).

      თუ ვამბობთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია, იმას წარმოვაჩენთ, რომ პირველობს იგი ძეს არა ჟამით, არა ბუნებით (რადგან მის მიერ შექმნა მან საუკუნეები), არცთუ სხვა რამით, არამედ - მიზეზობრივად. ეს ნიშნავს, რომ ძე მამისგან იშვა და არა მამა ძისგან, და რომ მამა ბუნებითად არის მიზეზი ძისა, ისევე როგორც ვამბობთ არა სინათლისგან ცეცხლის გამოსვლას, არამედ უმალ ცეცხლისგან - სინათლისას. ამიტომ, როდესაც გავიგონებთ, რომ მამა დასაბამია ძისა და უფრო დიდია მასზე, მიზეზობრივად უნდა გავიაზროთ ეს და როგორც არ ვამბობთ, რომ სხვა არსებისაა ცეცხლი, სხვისა კი - სინათლე, ამგვარადვე, შეუძლებელია ითქვას, რომ სხვა არსებისაა მამა, სხვისა კი - ძე, არამედ - ერთი და იმავესიასევე, როგორც ვამბობთ, რომ ცეცხლი ნათობს მისგან გამომავალი სინათლის მიერ და არ ვთვლით, რომ ცეცხლისეული სინათლე მისი მომსახურე იარაღია, არამედ - უმალ ბუნებითი ძალა, ამგვარადვე ვამბობთ, რომ ყოველივეს, რასაც მამა აკეთებს, მისი მხოლოდშობილი ძის მიერ აკეთებს, თუმცა არა როგორც მსახურებითი იარაღის მიერ, არამედ როგორც ბუნებითი და გვამოვნებითი ძალის მიერ. ასევე, ვამბობთ, რომ ცეცხლი ანათებს და კიდევ, ვამბობთ, რომ ცეცხლის სინათლე ანათებს. შესაბამისად, "ყოველივეს, რასაც აკეთებს მამა, მსგავსადვე აკეთებს ძეც" (იოან. 5,19). მაგრამ სინათლე არ ფლობს საკუთარ, არაცეცხლისეულ გვამოვნებას, ხოლო ძე სრული გვამოვნებაა, მამისეული გვამოვნებისგან განუყოფელი, როგორც ეს ზემოთ ცხადვყავით. შეუძლებელიც არის შესაქმეში იმგვარი ხატის პოვნა, რაც თავის თავში უცვლელად წარმოაჩენდა წმინდა სამების გვარს. მართლაც, როგორ შეიძლება, რომ შექმნილმა, შედგენილმა, წარდინებადმა, ცვალებადმა, გარეშეწერილმა, აღნაგობის მქონემ და ხრწნადმა ნათლად ცხადყოს ის, რაც ყოველივე ამისგან თავისუფალია, - ზეარსი საღვთო არსება? აშკარაა, რომ ყოველი ქმნილება ზემოთქმულთაგან უმრავლესს ექვემდებარება და ყოველი მათგანი თავისი ბუნებით ხრწნადობას არის დამორჩილებული.

      მსგავსადვე გვწამს ერთი სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, მამისაგან გამომავალი და ძეში დავანებული, მამასთან და ძესთან ერთად თაყვანცემული და თანადიდებული, როგორც თანაარსი და თანამარადიული, ღვთისაგანი სული, წრფელი, მეწინამძღვრეობითი, წყარო სიბრძნისა, სიცოცხლისა და განწმენდისა, მამასთან და ძესთან ერთად ღმერთად არსებული და სახელდებული, შეუქმნელი, აღსავსე, ყოვლისმპყრობელობითი შემოქმედი, ყოვლისმოქმედი, ყოვლადძლიერი, უსასრულოდ ძლიერი, მთელი ქმნილების მფლობელი - არათუ ფლობილი, განმაღმრთობელი - არათუ გაღმრთობილი, აღმავსებელი - არათუ აღვსებული, წილხვედრებული[2] - არათუ წილმქონე, განმწმენდი - არათუ განწმენდილი, ნუგეშისმცემელი, როგორც ყველა ვედრების შემწყნარებელი, ყოვლითურთ მსგავსი მამისა და ძისა, მამისგან გამომავალი და ძის მიერ წილბოძებული, მთელი შესაქმის მიერ წილმიღებული, თავისი თავის მიერ ყოველივეს შემქმნელი, არსმყოფელი, განმწმენდი და შემამტკიცებელი, გვამოვნებითი, საკუთარ გვამოვნებაში მყოფი, განუყოფელი და განუყრელი მამისა და ძისგან, ყოველივეს მქონე, რაც კი აქვს მამას და ძეს, გარდა უშობელობისა და შობილობისა.

      მამა უმიზეზოა და უშობელი, არ არის რა იგი არავისგან. თავისი თავისგან აქვს მას არსებობა, რადგან არათუ სხვისგან აქვს, რაც აქვს, არამედ უმალ თვით არის ბუნებითად დასაბამი და მიზეზი ყოველივესთვის მათი არსებობის რაგვარობისა.

      ძე მამისგან არის შობითად, სულიწმინდაც, ისიც, მამისგან არის, მაგრამ არა შობითად, არამედ გამოსვლითად, რომ არის განსხვავება შობასა და გამომავლობას შორის, ეს გვისწავლია, ხოლო თუ რა არის განსხვავების გვარი - არანაირად, თუმცა ერთდროულია მამისგან ძის შობა და წმინდა სულის გამოსვლა.

      ამიტომ, ყოველივე, რაც აქვთ ძეს და სულს, მამისგან აქვთ, - თვით არსებობაც, თუ არ არის მამა, არ არის არც ძე, არც სული. და თუ არ აქვს მამას რაიმე, არ აქვს იგი არც ძეს, არც სულს; მამის გამო, ესე იგი, მამის არსებობის გამო არსებობს ძე და სული; მამის გამო აქვთ ძეს და სულს ყოველივვ, რაც აქვთ, ესე იგი, - იმის გამო, რომ მამას აქვს ეს ყოველივე, - გარდა ეშობელობისა, შობისა და გამომავლობისა. მხოლოდ ამ გვამოვნებითი თვისებებით განსხვავდება ურთიერთისგან სამი წმინდა გვამოვნება, რომლებიც განუყოფლად განიყოფებიან საკუთარ გვამოვნებათა ხატოვნებითობით და არა არსებით.

      ვამბობთ, რომ თითოეულს ამ სამთაგან სრული გვამოვნება აქვს, რადგან ვცნობთ არა სამი არასრულისგან შედგენილ ერთ სრულ ბუნებას, არამედ - ერთ მარტივ, ზესრულ და პირველსრულ არსებას სამ სრულ გვამოვნებაში. ყოველივე, რაც არასრულთაგან არის შემდგარი, უთუოდ შედგენილია, მაგრამ სრულ გვამოვნებათაგან შეუძლებელია შედგენილობის შექმნა. ამიტომ, არ ვამბობთ, რომ სახე გვამოვნებათაგან არის, არამედ - გვამოვნებებში, ხოლო "არასრულებად" იმათ ვამბობთ, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ მათგან განსრულებული საქმის სახეს. მაგალითად, ქვა, ძელი და რკინა თითოეულად სრული არის თავის თავში, საკუთარი ბუნების მიხედვით, მაგრამ მათგან განსრულებული შენობის მიმართ თითოეული მათგანი არასრულია, რადგან არცერთი მათგანი არ არის თავისთავად შენობა.

      ამრიგად, სრულს ვამბობთ გვამოვნებებს, რომ საღვთო ბუნების შესახებ შედგენილობა არ დავუშვათ, რადგან შედგენილობა განყოფის დასაბამია და კიდევ, ვამბობთ სამ გვამოვნებას ურთიერთში, რომ არ შემოვიტანოთ ღმერთების სიმრავლე და წყება. სამი გვამოვნების მიერ შეუდგენლობას და შეურევლობას ვცნობთ, ხოლო გვამოვნებათა ერთარსების, ურთიერთში მათი არსებობის, აგრეთვე, მათი ნების, მოქმედების, ძალის, ხელმწიფობის და, ასე ვთქვათ, მოძრაობის იგივეობის მიერ - მათ განუყოფლობასა და ერთი ღმერთის არსებობას. ჭეშმარიტად ერთია ღმერთი, - ღმერთი, მისი სიტყვა და სული.

სამი გვამოვნების განყოფის შესახებ და საქმის, აზრისა და გონების შესახებ

      გვმართებს ვიცოდეთ, რომ სხვა არის საქმით ჭვრეტა და სხვა - აზრით და გონებით. ყველა ქმნილების შესახებ გვამოვნებათა განყოფა საქმით განიჭვრიტება, რადგან სწორედ საქმით ჩანს, რომ, მაგალითად, პეტრე გამიჯნულია პავლესგან. მაგრამ საერთოობა, შეკავშირებულობა და ერთიანობა აზრითა და გონებით განიჭვრიტება, რადგან გონებით მოვიაზრებთ, რომ პეტრე და პავლე ერთი ბუნებისა არიან, რომ მათ ერთი საერთო ბუნება აქვთ. მართლაც, ორივე მათგანი მოაზროვნე, მოკვდავი ცხოველია და ორივე არის ხორცი, მოაზროვნე და გონისმიერი სულით განსულიერებული. ასე რომ, ეს საერთო ბუნება აზრით არის განსაჭვრეტი, რადგან მათი გვამოვნებანი ურთიერთში როდი არიან, არამედ - თითოეული განკერძოებით და ცალკე თავისთვის არის გამოყოფილი, აქვს რა ერთ მათგანს აურაცხელი რამ მეორისგან გამმიჯვნელი. ადგილითაც განიყოფებიან ისინი, დროითაც განსხვავდებიან და განზრახულებითაც სხვადასხვაობენ, ისევე როგორც ძალღონით, დასახულობით ანუ აღნაგობით, ნათვისობით, აგებულებით, ღირსებით, საქმიანობით და ასე, ყველა სხვა ნიშანდობლივი თვისებით, მაგრამ ყველაზე უფრო კი იმით, რომ განცალკევებით არსებობენ და არა ურთიერთში. ამიტომ ითქმის ორი, სამი ანდა მრავალი ადამიანი.

      ამგვარი რამ ჩანს მთელ ქმნილებაში, მაგრამ წმინდა,ზეარსი, ყოვლის მიღმიერი და აღუქმელი სამების შესახებ პირიქითაა, რადგან იქ საერთოობა და ერთიანობა საქმით განიჭვრიტება თანამარადიულობის გამო, აგრეთვე არსების, მოქმედებისა და ნების იგივეობის, განზრახულებითი ერთსულოვნების ხელმწიფობის, ძალის, სიკეთის იგივეობის მიხედვით. არ ვამბობ მსგავსებას არამედ - იგივეობას, და მოძრაობის ერთ გამოშლას, რადგან ერთი არსებაა იგი, ერთი სიკეთეა, ერთი ძალაა, ერთი ნებელობაა, ერთი მოქმედებაა, ერთი ხელმწიფობაა, ერთი და იგივეა და არათუ სამი მსგავსია ურთიერთში, არამედ ერთი და იგივეა მოძრაობა სამი გვამოვნებისა, რამეთუ თითოეული მათგანი არანაკლებ ერთია მეორის მიმართ, ვიდრე თავისი თავის მიმართ; ესე იგი, ყოვლითურთ ერთია მამა, ძე და წმინდა სული, გარდა უშობლობისა, შობისა და გამომავლობისა.

      მეორე მხრივ, გონებით განიჭვრიტება განყოფადობა, რადგან ერთი ღმერთი ვიცით, მაგრამ - მხოლოდ მამობის, ძეობისა და გამომავლობის თვისებებში. ამიტომ, მიზეზისა და მიზეზოვანის, აგრეთვე გვამოვნების სისრულის ანუ მყოფობის გვარის მიხედვით, განსხვავებას შევიცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ძალგვიძს ჩვენებრ ადგილით გამიჯნულობა ვთქვათ გარეშეუწერელი ღვთის შესახებ, რადგან მისი გვამოვნებანი ურთიერთში არიან, თუმცა არა მათი შერევნის, არამედ თანაობის გამო, თანახმად უფლის სიტყვისა. "მე მამაში ვარ და მამა ჩემში" (იოან. 5,11). არც იმის თქმა ძალგვიძს, რომ განსხვავებულია მათი ნება, განზრახულება, მოქმედება, ძალა ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, რაც საქმითსა და ყოვლითურთ ჩვენეულ განყოფას შობს.

      ამრიგად, არ ვამბობთ სამ ღმერთს, - მამას, ძეს და წმინდა სულს, - არამედ უმალ ერთ ღმერთს, წმინდა სამებას, რადგან ერთ მიზეზს განვუკუთვნებთ ძეს და სულს, არა შეზავებულთ ანდა შერწყმულთ, თანახმად საბელიოსის შეხედულებისა, არამედ შეერთებულთ, როგორც ვთქვით, არა იმიტომ, რომ შეირევიან, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთშეკავშირებულნი არიან, აქვთ რა ურთიერთში დამტევნელობა ყოველგვარი შერწყმისა და აღრევის გარეშე, რადგან არც განიზღუდვიან, არც არსობრივად განიკვვთებიან, მსგავსად არიოზისეული განყოფადობისა. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმრთეება განუცალკევებელია განცალკევებულთა შორის, ისევე როგორც ურთიერთშეკავშირებულ და განუზღუდავ სამ მზეს შორის ერთია სინათლის თანაშეზავება და თანაშერწყმულობა.

      ამიტომ, როდესაც ვუჭვირობთ ღმრთეებას, პირველ მიზეზს, ერთმთავრობას და აგრეთეე ერთსა და იმავე, ასე ვთქვათ, მოძრაობასა და განაზრახობას ღმრთეებისას, ამასთან, არსების, ძალის, მოქმედებისა და უფლების იგივეობას, - ერთს წარმოვიდგენთ ჩვენ, მაგრამ როდესაც ვუჭვირობთ მათ, რომლებშიც არის ღმრთეება, ან, უფრო ზედმიწევნით რომ ვთქვათ, რომლებიც არის ღმრთეება და რომლებიც იქედან, პირველი მიზეზისგან არიან უჟამოდ, თანადიდებულად და განუყოფლად, - ესე იგი, ძისა და სულის გვამოვნებებს, - სამს ვეთაყვანებით.

      ერთი მამაა მამა, დაუსაბამო, ესე იგი, უმიზეზო, რადგან არავისგან არ არის; ერთი ძეა ძე, მაგრამ არა დაუსაბამო, ესე იგი, არა უმიზეზო, რადგან მამისგან არის იგი, ხოლო თუ ჟამიერ დასაბამს იგულისხმებ, ისიც დაუსაბამოა, რადგან ჟამთა შემოქმედი ჟამის ქვეშ ვერ იქნება. ერთი სულია სულიწმინდა, მამისგან გამომავალი, მაგრამ არა ძეობითად, არამედ გამოსვლითად. არც მამა განშორებია უშობლობას, რადგან შვა, არც ძე - შობას, რადგან უშობელისგან იშვა (ან კი როგორ განეშორებოდა?), არც სული შეცვლილა მამად ან ძედ, რადგან გამომავალია და რადგან ღმერთია. თვისება უძრავია. ანკი როგორღა შენარჩუნდებოდა თვისება, თუ მოძრავი იქნებოდა იგი და ცვალებადი? მართლაც, თუ მამა ძეა, არ ყოფილა იგი საკუთრივ მამა, რადგან საკუთრივ მამა ერთია. ასევე, თუ ძე მამაა, არ ყოფილა იგი საკუთრივ ძე, რადგან ერთია საკუთრივ ძე და ერთია სულიწმინდა.

      გვმართებს ვიცოდეთ, რომ მამას არ ვამბობთ ვინმესგან მყოფად, არამედ ვამბობთ მას ძის მამად. ძეს არ ვამბობთ არც მიზეზად, არც მამად, არამედ ვამბობთ მას მამისგან და მამის ძედ. სულიწმინდასაც მამისგან ვამბობთ და მამის სულად ვუწოდებთ მას. არ ვამბობთ სულს ძისგან, მაგრამ ძის სულად ვუწოდებთ მას, რადგან საღვთო მოციქული ამბობს. "ვისაც არ აქვს ქრისტეს სული, ის არ არის მისი" (რომ 8,9). ვაღიარებთ, აგრეთვე, რომ ძის მიერ განგვეცხადა და წილად გვებოძა იგი ჩვენ, რადგან თქმულიაა, შთაჰბერა და უთხრა მის მოწაფეებს "მიიღეთ სულიწმინდა" (იოან. 20,29), - იმგვარად, როგორც მზისგან არის სხივი და გამობრწყინება, რადგან მზეა წყარო სხივისა და გამობრწყინებისა, და ეს გამობრწყინება, რაც განგვანათლებს ჩვენ და რისი წილმქონეც ვართ, წილად გვებოძება სხივის მიერ. თავის მხრივ, ძე არ ითქმის არც სულისად, არც სულისგან.

თავი მეცხრე

ღვთისადმი თქმულთა შესახებ

      ღვთაება მარტივია და შეუდგენელი. შედგენილი ისაა, რაც მრავალთა და განყოფილთაგან შემდგარა. ამიტომ, თუ ღმერთთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უსხეულობა, უკვდავება, საუკუნოობა, კეთილობა, შემოქმედებითობა და სხვა ამგვარნი არსობრივი განყოფანია, მაშინ ის, რაც ამათგან შემდგარა, მარტივი კი არ იქნება, არამედ შედგენილი, ეს კი უკიდურესი უღვთოებაა. ამგვარად, გვმართებს ვიფიქროთ, რომ ყოველივე, რაც ღვთის შესახებ არის თქმული, აღნიშნავს არა რამ არსობრივს, არამედ ცხადყოფს ან იმას, თუ რა არ არის იგი, ანდა რამ მოთვისეობას მისას საპირისპიროთა მიმართ, ან კიდევ იმას, რაც თანმხლებია ბუნებისა, ან მის მოქმედებას.

      ღვთის შესახებ თქმულ სახელთაგან ყველაზე უფრო საკუთრივი ჩანს "არსი", როგორც თქვა თვით მან, როდესაც მთაზე ასე მიუგო მოსეს. "უთხარი ისრაელის ძეებს. მან, არსმა, მომავლინა მე" (გამოსვლ. 5,14), რადგან თავის თავში შემოუცავს მას მთელი არსებობა, როგორც არსების ზღვას, უსასრულოსა და უსაზღვროს. წმინდა დიონისეს თქმით, უსაკუთრესი სახელია "კეთილი", რადგან შეუძლებელია ღვთის შესახებ ჯერ არსებობა ითქვას, შემდეგ კი - კეთილი.

      მეორე სახელია "თეოს" (ღმერთი), რაც ითქმის ან სიტყვისგან "თეეინ" (სრბოლა) და გულისხმობს ყოვლიერვბის გარემოვლას, ანდა - სიტყვისგან "აითეინ", რაც ნიშნავს დაწვას, რადგან ღმერთი არის ყველა ბოროტების დამწველი ცეცხლი, ან კიდევ - სიტყვისგან "თეასთაი" (ჭვრეტა), რაც მიანიშნებს ყოვლის მჭვრეტელობაზე, რადგან ღმერთი თვალმოუცილებელია და ყოვლისმხედველი, რომელმაც განჭვრიტა ყოველივე ვიდრე მათ შექმნამდე (დან. 13,42), უჟამოდ მოიაზრა რა ისინი. ამიტომ, თითოეული მათგანი იქმნება წინასწარგანსაზღვრულ ჟამს, თანახმად ღვთის ნებელობითი, უჟამო მოაზრებისა, რაც არის წინაგანსაზღვრულობა, ხატი და ნიმუში.

      ამრიგად, პირველი სახელი თვით არსებობის წარმომაჩინებელია (და არა იმისა, თუ რა არის), მეორე კი - მოქმედებისა. ხოლო დაუსაბამობა, უხრწნელება, დაუბადებლობა ანუ შეუქმნელობა, უსხეულობა, უხილავობა და სხვა ამგვარი იმას ცხადყოფს, თუ რა არ არის იგი, კერძოდ, რომ არ დაწყებულა მისი არსებობა, რომ არ იხრწნება იგი, რომ არ იქმნება, არ არის სხეული, არ იხილვება. ხოლო სახელები: კეთილი, მართალი, წმინდა და სხვა ამგვარნი ბუნების თანმხლებნი არიან და არა თვით არსების ცხადმყოფელნი. რაც შეეხება სახელებს: უფალი, მეუფე და სხვა ამგვარი ისინი წარმოაჩენენ მის მოთვისეობას საპირისპიროთა მიმართ, რადგან უფლებულთა მიმართ ითქმის ეფალი, მეუფებულთა მიმართ - მეუფე, შექმნილთა მიმართ - შემოქმედი და დამწყსილთა მიმართ - მწყემსი.

თავი მეათე

საღვთო ერთობისა და გამიჯვნის შესახებ

      ყველა ზემომოტანილი სახელი ზოგადად მთელი ღმრთეების შესახებ უნდა გავიაზროთ, - იგივეობრივად, მარტივად, განუყოფლად და შეერთებულად. მეორე მხრივ, ცალკეულად გასააზრებელია სახელები. მამა, ძე და სული; აგრეთვე: უმიზეზო და მიზეზოვანი; უშობელი, შობილი და გამომავალი. ეს სახელები გამაცხადებელია არა არსებისა, არამედ ურთიერთმოთვისეობისა და მყოფობის გვარისა.

      ამრიგად, ვიცით რა ეს ყოველივე, როდესაც ამ სახელთა მიერ საღვთო არსებისაკენ ვიწინამძღვრებით, არათუ თვით არსებას ვწვდებით, არამედ მას, რაც არსების გარშემოა. მსგავსადვე, სულთან დაკავშირებითაც, ვიცით რომ უსხეულოა იგი, ოდენობის გარეშეა და უაღნაგობოა, მაგრამ ამით მის არსებას როდი ვწვდებით. ისევე, როგორც სხეულის მხრივ, თუმცა ვიცით, რომ თეთრია იგი ანდა შავი, ვწვდებით არა მის არსებას, არამედ იმას, რაც არსების გარშემოა.

      ჭეშმარიტი სიტყვა გვასწავლის, რომ მარტივია ღვთაება და აქვს მას ერთი მარტივი მოქმედება, - კეთილი და ყოველივეში ყოველივეს მოქმედი, მსგავსად მზის სხივისა, რომელიც ყოველივეს ათბობს და თითოეულად ყველაში მოქმედებს მათი ბუნებითი უნარისა და მიმღებლობითი ძალის შესაბამისად, რადგან ამგვარი მოქმედება შეუთვისებია მას შემოქმედისგან.

      ცალკე გამოიყოფა ის სახელები, რაც ღვთიური სიტყვის საღვთო და კაცთმოყვრულ განსხეულებას შვეხება, რადგან არც მამა, არც სული, არანაირი აზრით არ არის ამის მოზიარე, თუ არა სათნოჩენითად და იმ გამოუთქმელი საკვირველთქმედების გზით, რაც აღასრულა ჩვენებრ კაცქმნილმა ღმერთმა-სიტყვამ, როგორც გარდაუქმნელმა ღმერთმა და ღვთის ძემ.

თავი მეთერთმეტე

ღვთისადმი სხულებრივად თქმულთა შესახებ

      რადგან საღვთო წერილში ძალიან ბევრს ვპოულობთ ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად თქმულს სიმბოლური აზრით, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს და ამ განხშოებული ხორცით შემოსილთ, არ ძალგვიძს შევიცნოთ ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო, მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული ხატებით, სახეებითა და სიმბოლოებით, ამიტომ, რაც კი ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად ითქმის, სიმბოლურად არის ნათქვამი, აქვს კი უფრო მაღალი გააზრება, რადგან ღმერთი მარტივია და უაღნაგობო.

      ამიტომ, ღვთის თვალებს, წამწამებსა და მზერას მის ყოვლისმხედველ ძალად და მისეული ცოდნის ყოვლისდამნახველობად აღვიქვამთ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება უფრო სრულყოფილი ცოდნა და გულსავსეობა.

      ყურნი და სმენა აღნიშნავს მის შემწყნარებლობას და ჩვენეულ ვედრებათა შემსმენლობას, რადგან სწორედ ეს გრძნობის ორგანოა, ჩვენ რომ ლმობიერს გვხდის მვედრებელთა მიმართ, რაჟამს უწრფელესად მივუპყრობთ მათ ყურს.

      პირი და მეტყველება - მისი განზრახვის განმცხადებლობას, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს

      ჭამა და სმა - მისი ნებისადმი ჩვენს თანხვდომას, რადგან ჩვენ სწორედ ამ გემოვნებითი გრძნობის ორგანოს მიერ სრულვყოფთ ბუნების აუცილებელ მოთხოვნილებას.

      ყნოსვა - მისკენ მიმართული ფიქრისა და კეთილგანწყობის გამომააშკარავებლობას, რადგან სწორედ ამ გრძნობის ორგანოთი შთაგვენერგება ჩვენ კეთილსურნელების შეგრძნება.

      პირისახე - საქმეთა მიერ მის გაცხადებასა და გამოჩინებას, რადგან ჩვენეული გამოჩინება პირისახის მიერ ხდება.

      ხელები - მისი მოქმედების აღმსრულებლობას, რადგან ჩვენ სასარგებლოს რასმე, განსაკუთრებით კი საპატიოს, საკუთარი ხელებით სრულვყოფთ.

      მარჯვენა - მისეულ შეწევნას სასიკეთო საქმეებში, რადგან ჩვენც უფრო მეტად სწორედ მარჯვენას ვიყენებთ იმგვარ საქმეებში, რაც უმეტესად კეთილსახოვანია, საპატიოა და რასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება.

      შემხებლობა - მის უზედმიწევნითეს გამომცნობელობასა და გამოწილვას უმცირესთა და უდაფარულესთა, რადგან ჩვენს შორის, ვისაც ხელით ჩხრეკენ, შეუძლებელია რამ დაფარული დაუტოვონ მას.

      ფეხები და სვლა - დასახმარებლად მის მისვლასა და თანამყოფობას მათთან, რომლებიც შეწევნას საჭიროებენ ან მტერზე შურისგებაში ან სხვა რამ საქმეში, რადგან სწორედ ფეხების გამოყენებით ვასრულებთ ჩვენ სადმე მისვლას.

      ფიცი - მისი განზრახვის შეუცვლელობას, რადგან ჩვენს შორის სწორედ ფიცით მტკიცდება ურთიერთშეთანხმებანი.

      რისხვა და გულისწყრომა - ბოროტებისადმი სიძულვილსა და მისგან უკუმიქცევას, რადგან ჩვენც გვძულს და ვურისხდებით მათ, რომლებიც ჩვენს განზრახულებას ეწინააღმდეგებიან.

      დავიწყება, ძილი და მირულება - მტერზე შურისგების დაყოვნებას და თავისი ახლობლებისადმი მისთვის ჩვეული შემწეობის დახანებას.

      მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად თქმულა, დაფარულ რამ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს. აქ არ იგულისხმება ის, რაც ღვთის სიტყვის სხეულებრივი მოსვლის შესახებ არის ნათქვამი, რადგან მან მთელი კაცი მიიღო ჩვენი ხსნისათვის, - გონისმიერი სული, სხეული, ადამიანური ბუნების თვისებები და ბუნებისეული და უძრახველი ვნებანი.

თავი მეთორმეტე

მათვე შესახებ

      ამრიგად, ეს გვისწავლია წმინდა სიტყვებისგან, როგორც ამბობს საღვთო დიონისე არეოპაგელი, რომ ღმერთი არის ყოველივეს მიზეზი და დასაბამი, არსთა არსება, ცოცხალთა სიცოცხლე, მოაზროვნეებად მყოფთა აზრი, გონისმიერად მყოფთა გონება, მისგან განვრდომილთა უკუხმობა და აღდგინება, ბუნებით ხრწნადთა განახლება და გარდასახვა, უწმინდური რამ რყევით შეძრულთა წმინდა საფუძველი და მდგომარეთა საიმედოობა, მისკენ ამავალთა გზა და ზეამზიდველი ხელთპყრობა. დავძენ, აგრეთვე, რომ იგია მისგან შექმნილთა მამა (საკუთრივ მამა უმალ ღმერთია ჩვენთვის, ვინც არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა, ვიდრე მშობლები, რომლებმაც მისგან მიიღეს არსებობაც და მშობლობაც), მისდამი შედგომილთა და მისგან დამწყსილთა მწყემსი, განათლებადთა გაბრწყინება, სრულქმნადთა სისრულეთდა საბამობა, გაღმრთობადთა ღმერთმოთავეობა, განდგომილთა მშვიდობა, მარტივქმნადთა სიმარტივე, შეერთებადთა ერთობა, ზეარსი ყოველი დასაბამისა როგორც ზედასაბამობითი დასაბამი და მისი დაფარულობის ანუ მისი ცოდნის ყველასადმი კეთილი წილმბოძებლობა, თითოეულის დატევნისებრ და წვდომისებრ.

კვლავ საღვთო სახელების შესახებ უფრო ზედმიწევნით

      ღვთაება, რომელიც მიუწვდომელია, უთუოდ უსახელოც იქნება. ამიტომ, უმეცარნი ვართ რა მისი არსებისა, ნუ ვეძიებთ მისი არსების სახელს, რადგან საქმეთა გამაცხადებელია სახელები. კეთილმა ღმერთმა, რომელმაც სიკეთესთან წილმქონეობისთვის არარსებობიდან არსებობაში შემოგვიყვანა და მცოდნენი გაგვხადა ჩვენ, ისევე არ გაგვინაწილა ცოდნა მისი არსებისა, როგორც - თვით მისი არსება, რადგან შეუძლებელია, რომ ბუნებამ სრულად შეიცნოს მასზე ზემდებარე ბუნება. ამასთან, თუ მცოდნეობანი არსთა შესახებაა, ის, რაც ზეარსია, როგორღა იქნება საცოდნელი?

      ამრიგად, გამოუთქმელი სიკეთის გამო ისათნოვა ღმერთმა, ჩვენეულთაგან ყოფილიყო სახელდებული, რომ სრულიად უწილმქონეო არ დავრჩენილიყავათ მისი შემეცნებისა, არამედ - გვქონოდა მის შესახებ თუნდაც ბუნდოვანი აზრი.

      რამდენადაც მიუწვდომელია ღმერთი, ამდენად - უსახელოც, მაგრამ მას, როგორც ყოვლის მიზეზსა და ყოველი არსის ნიშატთა და მიზეზთა თავის თავში წინასწარ მქონეს, ყველა არსის სახელი ეწოდება, მათ შორის, საპირისპიროთა სახელებიც, როგორც, მაგალითად, სინათლისა და სიბნელისა, წყლისა და ცეცხლისა, რომელთაგანაც უნდა შევიცნოთ, რომ არცერთი მათგანი არ არის ღმერთი არსობრივად, არამედ - ზეარსია და უსახელო, მაგრამ როგორც ყოველი არსის მიზეზი, ყველა ნამიზეზევის სახელით იწოდება იგი.

      ამიტომ, საღვთო სახელთაგან ნაწილი უკუთქმითად ითქმის, რაც ცხადყოფს ღვთის ზეარსულობას, როგორც, მაგალითად: უარსებო, უჟამო, დაუსაბამო, უხილავი. ასე იწოდება იგი არათუ იმიტომ, რომ რაიმეზე ნაკლებია, ან რაიმეს მოკლებულია (რადგან მისი არის ყოველივე და მისგან და მის მიერ შეიქმნა, და მასში შემყარდა იგი), არამედ იმიტომ, რომ ზეაღმატებით გამიჯნულია ყველა არსისგან. არსთაგან არაფერი არ არის იგი, არამედ უზემოესია ყველაფრისა.

      მტკიცებითად თქმულნი, მეორე მხრივ, მიემართება ღმერთს, როგორც ყოველთა მიზეზს. ამიტომ, მას, როგორც ყოველი არსისა და ყველა არსების მიზეზს, ეწოდება არსი და არსება, ხოლო როგორც ყოველი აზრისა და სიბრძნის, აგრეთვე, მოაზროვნისა და ბრძნის მიზეზს, ეწოდება აზრი და მოაზროვნე, სიბრძნე და ბრძენი. მსგავსადვე ითქმის მასზე გონება და გონისმიერი, სიცოცხლე და ცოცხალი, ძალა და შემძლე. ასევეა ყველა სხვა სახელთან დაკავშირებითაც, რომელთაგან უპატიოსნესნი და უფრო მიახლოებულნი ღმერთს უფრო საკუთრივად ეწოდება მას. მართლაც, რადგან უნივთო უპატიოსნესია ნივთიერზე, განწმენდილი - განუწმენდელზე, წმინდა - ბიწიანზე, ამიტომ ისინი უფრო უახლოვდებიან ღმერთს, როგორც უფრო მეტად წილმქონენი მასთან.

      ამრიგად, ღმერთს უფრო უსაკუთრესად ეწოდება მზე და სინათლე, ვიდრე სიბნელე. დღე - ვიდრე ღამე. სიცოცხლე - ვიდრე სიკვდილი. აგრეთვე, ცეცხლი, ქარი და წყალი, როგორც ცხოველმყოფელნი - ვიდრე მიწა. მაგრამ, ყოვლის უწინარეს და უმეტესად, სიკეთე - ვიდრე ბოროტება, ანუ, რაც იგივეა, არსი - ვიდრე არაარსი, რადგან კეთილობა ყოფიერებაა და მიზეზია ყოფიერებისა, ხოლო ბოროტება ესაა კეთილობისგან ანუ ყოფიერებისგან მოკლებულობა.

      ამრიგად, ესენია უკუთქმანი და მტკიცებანი, მაგრამ უტკბილესია, აგრეთვე, ორივე მათგანის შენაწევრება, როგორც, მაგალითად,ზეარსი არსება, ზეღმერთი ღმერთი, ზედასაბამობითი დასაბამი და სხვა ამგვარნი.

      არის, აგრეთვე, ზოგი სახელი, რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, მაგრამ ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსი აქვს. ასეთია, მაგალითად, სიბნელე, რაც ეწოდება ღმერთს, არა იმიტომ, რომ იგი სიბნელეა, არამედ იმიტომ, რომ სინათლე არ არის, როგორც სინათლეზე უზემოესი.

      ამრიგად, ღმერთი ითქმის გონებად, აზრად, სულად, სიბრძნედ და ძალად, როგორც ამათი მიზეზი, როგორც უნივთო, როგორც ყოვლისმოქმედი და ყოვლისშემძლე, ყოველივე ეს ზოგადად ითქმის მთელი ღმრთეების შესახებ, - ერთნაირად, იგივეობრივად და დაუკლებლად წმინდა სამების ყოველი გვამოვნებისადმი. ამასთან, ნაწილი ითქმის უკუთქმითად, ნაწილი - მტკიცებითად. ამიტომ, როდესაც ერთ გვამოვნებას მოვიაზრებ, თავად სრული ღმერთი ვუწყი, სრული არსება. როდესაც ვაერთებ და თანააღვრიცხავ სამს, ერთი სრული ღმერთი ვუწყი. არ არის შედგენილი ღმრთეება, არამედ სამ სრულში - ერთი სრული, დაუნაწილებელი და შეუდგენელი. მეორე მხრივ, როდესაც გვამოვნებათა ურთიერთმოთვისეობას მოვიაზრებ, ვუწყი, რომ არის მამა, ზეარსი მზე, სიკეთის წყარო, უფსკრული არსებისა, აზრისა, სიბრძნისა, ძალისა, სინათლისა, ღმრთეებისა, მასში დაფარული კეთილობის მშობელობითი და გამომავლინებლობითი წყარო. ამიტომ, ის არის გონება, აზრის უფსკრული, სიტყვის მშობელი და სიტყვის მიერ გამომავლენელი გამოცხადებითი სულისა, ანუ, ბევრი რომ არ ვთქვა, არ არის მამასთან [სხვა] სიტყვა, სიბრძნე, ძალა და ნებელობა, თუ არა - ძე, რომელიც არის მხოლო ძალა მამისა, ყოველთა შესაქმის წინადამწყები.

      შობილია იგი, ვითარცა სრული გვამოვნება სრული გვამოვნებისგან, ისე როგორც თვით უწყის ეს, რომელიც არის და ითქმის კიდეც ძედ. სულიწმინდა კი, გამაცხადებელი ღმრთეების დაფარულობისა, მამის ძალაა, მამისგან ძის მიერ გამომავალი, როგორც თვით უწყის ეს, თუმცა - არა შობითად, ამიტომ, სულიწმინდაც ყოველთა შესაქმის სრულმოქმედია.

      ამრიგად, რაც შეესაბამება მამას - მიზეზს, წყაროს და მშობელს, მხოლოდ მამისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. რაც შეესაბამება მიზეზოვან, შობილ ძეს, სიტყვას, წინადამწყებლობით ძალას, ნებელობას და სიბრძნეს, ძისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. ხოლო რაც შეესაბამება მიზეზოვან, გამომავალ, გამაცხადებელ და სრულმოქმედ ძალას, წმინდა სულისადმი უნდა იქნეს განკუთვნილი. მამა არის ძისა და წმინდა სულის წყარო და მიზეზი. იგი არის მამა მხოლო ძისა და გამომავლენელი წმინდა სულისა. ძე არის ძე, სიტყვა, სიბრძნე, ძალა, ხატი, გამოცისკრება, ხატოვნება მამისა, და მამისგან. სული წმინდა კი არის არა ძე მამისა, არამედ სული მამისა, როგორც მამისგან გამომავალი, რადგან არანაირი აღძვრა არ არის სულის გარეშე, და არის იგი სული ძისა, არათუ როგორც მისგან, არამედ როგორც მის მიერ მამისგან გამომავალი, რადგან მამაა მხოლო მიზეზი.

თავი მეცამეტე

ღვთის ადგილის შესახებ; და რომ მხოლოდ ღვთაებაა გარეშეუწერელი

      სხეულებრივი ადგილი ესაა ის მიჯნა გარემომცველისა, რითაც გარეშემოიცვება გარემოცული, როგორც, მაგალითად, ჰაერი გარემომცველია, სხეული კი გარემოცული. არათუ მთელი გარემომცველი ჰაერი არის გარემოცული სხეულის ადგილი, არამედ - გარემომცველი ჰაერის ის ზღვარი, რაც შეხებაშია გარემოცულ სხეულთან, ხოლო ცხადია, რომ გარემომცველი არ არის გარემოცულში.

      არსებობს, აგრეთვე, გონისეული ადგილი, სადაც მოიაზრება და არის გონისეული და უსხეულო ბუნება. იქ თანამყოფობს და მოქმედებს იგი, მაგრამ შემოიცვება არა სხეულებრივად, არამედ - გონისეულად, რადგან არ აქვს მას აღნაგობა, რომ სხეულებრივად იყოს გარემოცული.

      ამიტომ, ღმერთი, რომელიც უნივთოა და გარეშეუწერელი, ადგილის შიგნით არ არის, რადგან იგი თვით არის თავისი თავის ადგილი, როგორც ყოველივეს აღმავსებელი, ყოველივეზე უზემოესი და თვით ყოველივეს შემამტკიცებელი. ამასთან, ითქმის მისი ყოფნა ადგილის შიგნით, რადგან სადაც კი ღვთის მოქმედება ცხადდება, ღვთის ადგილად არის წოდებული. შეურევლად გადის იგი ყოველივეში და ყველას უნაწილებს თავის მოქმედებას თითოეულის უნარისა და მიმღებლობითი ძალის შესაბამისად. ვამბობ ბუნებისეულ და, აგრეთვე, ნებაყოფლობით სიწმინდეს, რადგან უნივთო უწმინდესია ნივთიერზე, სათნოებითი კი - ბოროტებასთან თანაშეუღლებულზე. ამიტომ ითქმის ღვთის ადგილად ის, რაც უფრო მეტად წილმქონეა მისი მოქმედებისა და მადლისა. ამის გამოა ცა მისი ტახტი, რადგან ცაში არიან მისი ნების აღმსრულებელი ანგელოზები, რომლებიც ადიდებენ მას, რამეთუ ესაა მისთვის მოსვენება. მიწა კი არის ღვთის ფეხთა კვარცხლბეკი, რადგან ხორციელად მასზე იმყოფებოდა იგი ადამიანებთან ერთად. თავის მხრივ, ღვთის ფეხი ეწოდება მის წმინდა ხორცს.

      ეკლესიაც ღვთის ადგილად ითქმის, რადგან მას, როგორც რამ საწმინდარს, განვაჩინებთ მისი დიდებისმეტყველებისათვის, რომელშიც ვასრულებთ, აგრეთვე, ვედრებებს მისდამი. მსგავსადვე, ის ადგილებიც, სადაც კი მისი მოქმედება განცხადებულა ჩვენთვის, ხორციელად თუ სხეულის გარეშე, ღვთის ადგილებად ითქმის.

      უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთაება დაუნაწილებელია და იგი, მთლიანი, მთლიანად იმყოფება ყველგან; არა სხეულებრივად განყოფილი ნაწილი - ნაწილში, არამედ მთლიანი - ყოველივეში და მთლიანი - ზესთა ყოველივეზე.

ანგელოზისა და სულის ადგილის შესახებ, და გარეშეუწერელის შესახებ

      ანგელოზი სხეულებრივად ადგილით არ არის გარემოცული, ისე თითქოს გამოისახებოდეს და აღნაგობის მქონე იყოს იგი, მაგრამ მაინც ითქმის ადგილის შიგნით მისი ყოფნა, იმდენად რამდენადაც გონისეულად თანამყოფობს იგი და მოქმედებს საკუთარი ბუნების შესაბამისად, არ არის რა სხვაგან, არამედ გარეშემოიწერება გონისეულად იქ, სადაც მოქმედებს კიდეც. არ ძალუძს მას, ერთდროულად მოქმედებდეს სხვადასხვა ადგილას. მხოლოდ ღმერთს ეთვისება, ერთდროულად მოქმედებდეს ყველგან. ანგელოზი ბუნებისეული სისწრაფითა და დაუყოვნებელი ანუ სწრაფი გადანაცვლებით მოქმედებს სხვადასხვა ადგილას, ხოლო ყველგანმყოფი და ყოვლის უზემოესი ღვთაება ერთ და იმავე დროს სხვადასხვაგვარად მოქმედებს ერთი და მარტივი მოქმედებით.

      მეორე მხრივ, სული დაკავშირებულია სხეულთან, მთლიანი - მთლიანთან და არა ნაწილი - ნაწილთან. იგი გარემოიცავს მას, როგორც ცეცხლი - რკინას (არათუ მისგან იყოს გარემოცული) და მასში მყოფი საკუთარ მოქმედებებს მოქმედებს.

      გარეშეწერილი არის ის, რაც შეზღუდულია ადგილით, დროითა და მწვდომელობით, ხოლო გარეშეუწერელია ამ ყოველივესგან შემოუცავი. ამიტომ, გარეშეუწერელი არის მხოლოდ ღვთაება, დაუსაბამოდ მყოფი, დაუსრულებელი, ყოვლის გარემომცველი და ყოველგვარი წვდომისგან გარეშეუცავი. ის მხოლოა მიუწვდომელი, უსაზღვრო და არვისგან შეცნობილი, არამედ თვით არის მხოლოდ თავისი თავის მჭვრეტი.

      რაც შეეხება ანგელოზებს, ისინი დროითაც გარეშეიწერებიან, რადგან დაწყებული არსებობა აქვთ, ადგილითაც (თუმც გონისეულად, როგორც ზემოთ ვთქვით) და მწვდომელობითაც, რადგან რაღაცნაირად ურთიერთის ბუნებაც უწყიან და შემოქმედისგანაც სრულად დასაზღვრულები არიან, სხეულები კი გარეშეიწერებიან დასაბამითაც და დასასრულითაც, სხეულებრივი ადგილითაც და მწვდომელობითაც.

დანასკვი ღვთის შესახებ; მამის, ძისა და სულიწმინდის შესახებ;
კვლავ სიტყვისა და სულის შესახებ

      ამრიგად, ყოვლითურთ უცვლელია და გარდაუქმნელია ღვთაება, რადგან მან წინასწარცოდნით წინაგანსაზღვრა ყოველივე ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, - თითოეული თავისი შესაფერისი ჟამისა და ადგილის მიხედვით. ამიტომ, "მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსჯა მისცა ძეს" (იოან. 5.22), რადგან, ცხადია, განმსჯელია მამაც, ძეც, როგორც ღმერთი, და სულიწმინდაც, მაგრამ თავად ძე, როგორც ადამიანი, სხეულებრივად ჩამოვა და დაჯდება დიდების ტახტზე. სწორედ შემოსაზღვრული სხეულის თვისებაა ჩამოსვლა და დაჯდომა. და განსჯის იგი მთელ სამკვიდროს სამართლიანად.

      ყოველივე გამიჯნულია ღვთისგან, მაგრამ არა ადგილით, არამედ - ბუნებით. ჩვენთან დაკავშირებით გონიერება, სიბრძნე და განზრახვა, როგორც ნათვისობა, მომსვლელია და წამსვლელია, მაგრამ ასე არაა ღმერთთან დაკავშირებით, რადგან მასში არაფერი არ ჩნდება და არ ისპობა, არის რა გარდაუქმნელი და უცვლელი. ამიტომ, არ გვმართებს შემთხვევითი რამ მივაკუთვნოთ მას, რადგან სიკეთე მისი არსების თანმხლებია.

      ვისაც მარადის სურს ღმერთი, ის ხედავს მას, რადგან ღმერთი ყოველივეშია. მართლაც, ამ არსზეა დამოკიდებული არსნი და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე, რასაც არსში არ ექნება არსებობა. ყველაფერთან არის შეზავებული ღმერთი, როგორც ბუნების შემამტკიცებელი, ხოლო სიტყვა-ღმერთი თავის წმინდა ხორცს გვამოვნებითად შეუერთდა და შეურევლად შეერთო მას, რაც ჩვენეულია.

      ვერავინ ხედავს მამას გარდა ძისა და სულისა.

      ძე არის მამის განზრახულობა, სიბრძნე და ძალა, რადგან არ გვმართებს რაგვარობა განვუკუთვნოთ ღმერთს, რომ არ ვთქვათ იგი არსებისგან და რაგვარობისგან შედგენილად.

      ძე მამისგან არის და ყოველივე, რაც აქვს, მისგან აქვს. ამიტომ, არ ძალუძს თავისთავად ქმნას რამე, რადგან არ აქვს მას მამისგან განსხვავებული საკუთარი მოქმედება.

      ის, რომ ბუნებით უხილავად მყოფი ღმერთი ხილული ხდება მოქმედებებით, ეს ვუწყით ქვეყნიერების შემყარებისგან და წარმმართველობისგან გამომდინარე.

      ხატი მამისა არის ძე, და ძისა - სული, რომლის მიერ ადამიანში მკვიდრდება ქრისტე და აძლევს მას (ადამიანს) ხატისებრობას.

      ღმერთია სულიწმინდა, - უშობელისა და შობილის შუა და ძის მიერ მამასთან თანაშეკავშირებული. იგი ითქმის ღვთის სულად, ქრისტეს სულად, ქრისტეს გონებად, უფლის სულად, თვითუფლად, სულად ძეობილობისა, ჭეშმარიტებისა და სიბრძნისა (რადგან ისიც ყოველივე ამის შემქმნელია) ყოველივეს აღავსებს იგი არსებით და ყოველივეს შეამტკიცებს, არის რა ქვეყნიერების აღმავსებელი არსებისეულად, მაგრამ ქვეყნიერებისგან შეუცავი - ძალმოსილებითად.

      ღმერთი არის არსება მარადიული, უცვლელი, არსთა შემოქმედი და კეთილმსახურებითი ზნესრულობით თაყვანცემული.

      ღმერთია და მამა ის, ვინც მარადის უშობლად მყოფია, როგორც არავისგან შობილი, არამედ - მშობელი თანამარადიული ძისა. ღმერთია და ძე ის, ვინც მარადის მამასთან მყოფია და ნაშობია მისგან უჟამოდ, მარადიულად, წარუდინებლად, უვნებოდ და განუყოფლად. ღმერთია სულიწმინდა, ძალა წმინდამყოფელი, გვამოვნებითი, მამისგან გამომავალი განუყოფლად და ძეში დავანებული, თანაარსი მამისა და ძისა.

      სიტყვა არის ის, რომელიც არსებისეულად მარადის მამასთან თანამყოფია. კიდევ, სიტყვა არის გონების ბუნებითი მოძრაობაც, რომლითაც იგი მოძრაობს, მოიაზრებს და აზროვნებს, რაც არის მისი, ასე ვთქვათ, სინათლე და გამოცისკრება. კიდევ, არის სიტყვა, შიგნითმდებარე და გულში მეტყველი. კიდევ, არის სიტყვა წარმოთქმითი, აზრთა მაცნე.

      ამრიგად, ღმერთი-სიტყვა არსებისეულია და გვამოვნებითი, ხოლო სამი დანარჩენი სიტყვა - სულის ძალებია, რომლებიც საკუთარ გვამოვნებებში არ განიჭვრიტება. მათგან პირველი ბუნებითი ნაშობია გონებისა, მისგან მარადის ბუნებით წარმომდინარე; მეორე წოდებულია, როგორც შიგნითმდებარე, ხოლო მესამე - როგორც წარმოთქმითი.

      სული მოიაზრება მრავალგვარად; სულიწმინდა; სულებად ითქმის, აგრეთვე, სულიწმინდის ძალები; სული არის კეთილი ანგელოზიც; სულია ეშმაკიც; სულია სამშვინველიც; ზოგჯერ სულად ითქმის გონებაც; სულია ქარიც; სულია ჰაერიც.

თავი მეთოთხმეტე

საღვთო ბუნების თვისებები

      შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უკვდავება, დაუსრულებლობა, საუკუნოობა, უნივთოება, კეთილობა, შემოქმედებითობა, სამართლიანობა, განმანათლებლობა, უცვლელობა, უვნებობა, გარეშეუწერლობა, დაუტევნელობა, შემოუსაზღვრელობა, განუსაზღვრელობა, უსხეულობა, უხილავობა, მოუაზრებლობა, უჭირველობა, თვითმპყრობელობა, თვითხელმწიფობა, ყოვლისმპყრობელობა, სიცოცხლისმბოძებლობა, ყოვლადძლიერება, უსასრულოდძლიერება, განმწმენდელობა, წილმბოძებლობა, ყოვლიერების გარემომცველობა და შემამტკიცებლობა, ყოვლის წინაგანმგებლობა, - ყოველივე ეს და ამგვარნი ბუნებით აქვს მას; არათუ სხვისგან მიმღებია იგი, არამედ თვით არის ყოველივე კეთილის წილმბოძებელი საკუთარი ქმნილებებისადმი, შესაბამისად თითოეულის მიმღებლობითი ძალისა.

      გვამოვნებებს ურთიერთში აქვთ მყოფობა და მკვიდრობა, რადგან განუყოფელნი და ურთიერთისგან განუშორვბელნი არიან ისინი. აქვთ მათ ურთიერთში დამტევნელობა, მაგრამ არათუ თანაშეირწყმიან ან თანაშეირევიან, არამედ - ურთიერთს ეთანაებიან, რადგან ძე მამაშია და სულში, სული - მამაში და ძეში, მამა კი - ძეში და სულში, არ ხდება რა არანაირი თანაშერწყმა ან თანაშერევა ანდა თანააღრევა.

      ერთი და იგივეა სამი გვამოვნების მოძრაობა, რადგან ერთი გამოშლა და ერთი მოძრაობა აქვთ მათ, რაც ქმნილ ბუნებაში შეუძლებელია ვნახოთ.

      საღვთო ელვარება და მოქმედება მარტივია და დაუნაწილებელი, და როდესაც იგი დანაწილებულთა შორის კეთილსახოვნად მრავალფეროვნდება, განუყოფს რა ყველას იმას, რაც თითოეულის ბუნებას შეამყარებს, თვით მარტივი რჩება, არის რა დაუნაწილებლად გამრავლებული დანაწილებულთა შორის, ამასთან - დანაწილებულთა თანაშემკრები და მიმაქცეველი თავისი სიმარტივისკენ; რადგან ყოველივე მისკენ ისწრაფის და მასში აქვს მყოფობა. იგია ყველასთვის არსებობის წილმბოძებელი თანახმად მათი ბუნებისა. იგია არსთა არსებობა, ცოცხალთა სიცოცხლე, მოაზროვნედ მყოფთა აზრი და გონისმიერად მყოფთა გონებრიობა. არის რა თავად უზემოესი გონებაზე, სიტყვაზე, სიცოცხლეზე და არსებაზე.

      ამასთან, შეურევლად განჭოლავს იგი ყოველივეს, მას კი - არარა. კიდევ, მარტივი ცოდნით იცის მან ყოველივე, მარტივად ჭვრეტს რა ყოველივეს თავისი საღვთო, ყოვლის ზედამხედველი და უნივთო მზერით, - აწმყოსაც, წარსულსაც და მომავალსაც, - მათ დადგომამდე; ეთვისება მას უცოდველობა, ცოდვისგან გამიჯნულობა და გამომხსნელობა. ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არათუ ყოველივე, რაც ძალუძს, ნებავს, რადგან ძალუძს ქვეყნიერების მოსპობა, მაგრამ არ ნებავს.

თავი მეთხუთმეტე

საუკუნის შესახებ

      მან შექმნა საუკუნეები, ვინც საუკუნეთა უწინარეს მყოფობს. მისდამი ამბობს საღვთო დავითი: "საუკუნიდან და საუკუნემდე შენ ხარ" (ფს. 89,2), და - საღვთო მოციქული: "რომლის მიერ შექმნა საუკუნეებიც" (ებრ. 1,3).

      გვმართებს ვიცოდეთ, რომ საუკუნის სახელი მრავალმნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრს აღნიშნავს იგი.

      საუკუნედ ითქმის თითოეული ადამიანის სიცოცხლვ; კიდევ, საუკუნედ ითქმის ათასწლოვანი ჟამი. კიდევ, ითქმის საუკუნედ მთელი ეს არსებული ყოფა. საუკუნეა ის დაუსრულებელი მომავალიც, რაც აღდგომის შემდეგ იქნება. ამასთან, საუკუნედ ითქმის არა ჟამი, არცთუ რამ ნაწილი ჟამისა, რაც მზის მსვლელობითა და სრბოლით განიზომება ანუ რაც დღეებისა და ღამეებისგან შედგება, არამედ ის, რაც მარადიულთან თანაგანგრძობადია, როგორც ჟამისეული რამ მოძრაობა და ხანგრძლივობა, რადგან რაც არის ჟამი ჟამიერთათვის, იგივეა საუკუნე მარადიულთათვის.

      ითქმის შვიდი საუკუნე ამ ქვეყნიერებისა, ანუ ცისა და მიწის შექმნიდან - ადამიანთა საერთო აღსასრულამდე და აღდგომამდე, რადგან ნაწილობრივი აღსასრულია თითოეულის სიკვდილი, მაგრამ არსებობს, აგრეთვე, საერთო და სრული აღსასრული, როცა უნდა მოხდეს ადამიანთა საერთო აღდგომა. მერვე საუკუნე კი ის არის, რაც სამომავლოა.

      ქვეყნიერების შემყარებამდე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მზე დღე-ღამის გამყოფად, არც განზომადი საუკუნე არსებობდა, არამედ - ის, რაც მარადიულთან თანაგანგრძობადია, როგორც ჟამისეული რამ მოძრაობა და ხანგრძლივობა. ამ აზრით, ერთი საუკუნე ჰგიეს, რის მიხედვითაც ითქმის, აგრეთვე ღმერთიც, როგორც საუკუნო, თუმცა იგი ითქმის, აგრეთვე, - როგორც წინასაუკუნო, რადგან თვით ეს საუკუნეც მან შექმნა. დაუსაბამოა რა მხოლოდ ღმერთი, თვით არის შემქმნელი ყველა საუკუნისა და ყველა არსისა, ხოლო როდესაც ვამბობ ღმერთს, ცხადია, რომ ვამბობ მამას, მის მხოლოდშობილ ძეს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, და მის ყოვლადწმინდა სულს, - ჩვენს ერთ ღმერთს.

      ითქმის, აგრეთვე, საუკუნეთა საუკუნეები, როგორც, მაგალითად, არსებული ქვეყნიერების შვიდი საუკუნე, გარემომცველი მრავალი საუკუნისა ან მრავალი ადამიანის სიცოცხლისა; კიდევ, - ამგვარად ითქმის ის ერთი საუკუნე, რომელიც ყველა საუკუნის შემცველია. კიდევ, საუკუნის საუკუნედ იწოდება აწყმო და მომავალი. საუკუნო სიცოცხლე და საუკუნო ტანჯვა სამომავლო საუკუნის დაუსრულებლობას ცხადყოფს, რადგან აღდგომის შემდეგ დღეებითა და ღამეებით აღარ აღირიცხება ჟამი, არამედ უმალ ერთი დაუღამებელი დღე იქნება, რაჟამს სიმართლის მზე ელვარედ მიეშუქება მართალთ, ხოლო ცოდვილთ დაუდგებათ დაუბოლოებელი ღრმა ღამე. ამიტომ, როგორღა აღირიცხება მაშინ ორიგენესეული კვლავაღდგინების ათასწლოეანი ჟამი?

      ამრიგად, ყველა საუკუნის შემოქმედი ერთია, - ღმერთი, ვინც შექმნა, აგრეთვე, ყოვლიერება და ვინც მყოფობს საუკუნეთა უწინარეს.

თავი მეთექვსმეტე

შექმნის შესახებ

      რადგან კეთილმა და ზეკეთილმა ღმერთმა არ იკმარა თავისი თავის ჭვრეტა, არამედ სიკეთის სიჭარბის გამო ისათნოვა მან იმგვართა შექმნა, რომლებიც მიმღებნი იქნებოდნენ მისი ქველმოქმედებისა და წილმქონენი მისი სიკეთისა, არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა და შექმნა ყოვლიერება, ხილულიც და უხილავიც, აგრეთვე, ხილულისა და უხილავისგან შემდგარი ადამიანი. ხოლო ქმნის იგი, მოიაზრებს რა, და მოაზრებული საქმედ არსდება, სიტყვით აღსრულებული და სულით განსრულებული.

თავი მეჩვიდმეტე

ანგელოზების შესახებ

      იგი არის ანგელოზთა შემქმნელი და დამბადებელი. მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი. ღვთაებრივი დავითი ამგვარად ამბობს: "ვინც შექმნა თავისი ანგელოზები სულებად და თავისი მსახურები - ცეცხლის ალად" (ფს. 103,4), გამოგვისახავს რა ამით მათ სიმსუბუქეს, ცეცხლოვანებას, სიმხურვალეს, უმახვილესობასა და მგზნებარებას საღვთო მისწრაფებაში და მსახურებაში, აგრეთვე, მათ ზემსწრაფველობას და ყოველგვარი ნივთიერი აზრისგან განშორებულობას.

      ამიტომ, ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარადმოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის. იგი ითქმის უსხეულოდ და უნივთოდ ოდენ ჩვენთან შედარებით, რადგან უდარებელია მხოლოდ ღმერთი და მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო, რის გამოც მასთან შედარებით ყოველივე განხშოებულია და ნივთიერი.

      ამრიგად, ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული.

      ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი.

      ანგელოზები არიან მეორადი გონისმიერი სინათლეები, რომლებსაც პირველადი და დაუსაბამო სინათლისგან აქვთ განმანათლებლობა. არ საჭიროებენ ისინი ენას და ყურს, არამედ წარმოთქმითი სიტყვის გარეშე უნაწილებენ ურთიერთს საკუთარ აზრებსა და განზრახვებს.

      ყველა ანგელოზი სიტყვის მიერ შეიქმნა და სულიწმინდისეული განწმენდის გზით სრულიქმნა, წილმქონეა რა თითოეული მათგანი თავისი ღირსების და წესის შესაბამისი განმანათლებლობისა და მადლისა.

      ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. შემოუზღუდავს ვამბობ ანგელოზებს, რადგან როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ - გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული.

      ანგელოზებს განწმენდილობა აქვთ არსების გარედან, სულიწმინდისგან; ისინი წინასწარმეტყველებენ საღვთო მადლის მიერ; არ საჭიროებენ ქორწინებას, რადგან არ არიან მოკვდავნი.

      ანგელოზები, როგორც გონებანი, შესაბამისად, გონისეულ ადგილებში არიან, არათუ სხეულებრივად გარეშეწერილნი (რადგან ისინი ბუნებითად სხეულებრივი აღნაგობისანი არ არიან, არცთუ სამმხრივ არიან განფენილნი) არამედ - იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად, არ ძალუძთ რა, რომ ერთდროულად იყვნენ აქაც და იქაც, და მოქმედებდნენ.

      არ ვიცით, არსებით თანასწორნი არიან ისინი, თუ ურთიერთისგან განსხვავდებიან. მხოლოდ მათმა შემქმნელმა ღმერთმა, ყოვლისმცოდნემ, უწყის ეს.

      ანგელოზები ურთიერთისგან სხვაობენ განმანათლებლობითა და მდგომარეობით. მათ ან განმანათლებლობის შესაბამისი მდგომარეობა აქვთ ან მდგომარეობის შესაბამისად არიან ისინი განმანათლებლობის წილმქონეები, და ურთიერთს გაანათლებენ წესისა თუ ბუნების ზეაღმატებულობის მიხედვით, ხოლო ცხადია, რომ ზეაღმატებულები ქვემდგომთათვის განმანათლებლობისა და ცოდნის წილმბოძებლები არიან.

      ისინი ძლიერნი არიან და, ამასთან, მზადმყოფნი საღვთო ნების აღსასრულებლად; ბუნებისეული სისწრაფით მყისვე აღმოჩნდებიან ყველგან, სადაც კი საღვთო ნიშანი უბრძანებს მათ; იცავენ დედამიწის მხარეებს, უწინამძღვრებენ ხალხებს და ადგილებს, როგორც განაწესა ისინი დამბადებელმა; განაგებენ ჩვენეულ საქმეებს და შეგვეწევიან ჩვენ; ხოლო რადგან საღვთო ნებისა და ბრძანების შესაბამისად უთუოდ ჩვენზე უზემოესნი არიან, ღვთის გარშემო მყოფობენ მარადის. ძნელაღძვრადნი არიან ბოროტებისადმი და არა აღუძვრელნი, აწ კი აღუძვრელნიც, თუმცა არა ბუნებით, არამედ - მადლით და მხოლო კეთილთან ახლომკვიდრობით; ხედავენ ღმერთს დატევნისებრ და ეს აქვთ მათ საზრდოდ. ჩვენზე უზემოესნი არიან როგორც უსხეულონი და ყოველგვარი სხეულებრივი ვნებულებისგან თავისუფალნი, მაგრამ არა - უვნებონი, რადგან მხოლოდ ღვთაებაა უვნებო. გარდაისახებიან იმად, რადაც უბრძანებს მათ მეუფე ღმერთი. ასე უჩნდებიან ისინი ადამიანებს და საღვთო საიდუმლოებებს უცხადებენ მათ. მკვიდრობენ ცაში და ერთი საქმე აქვთ - უგალობონ ღმერთს და ემსახურონ მის საღვთო ნებას.

      როგორც ამბობს უწმინდესი, უსამღვდელოესი და უღვთისმეტყველესი დიონისე არეოპაგელი, მთელმა ღვთისმეტყველებამ, ანუ საღვთო წერილმა, ციური არსებები ცხრად დაასახელა, რასაც ეს საღვთო მღვდელმესრულე სამ სამობით მწყობრად განყოფს. მისი თქმით, პირველი არის ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და, გადმოცემისებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და დამაბოლოებელი - მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი.

      ზოგი ამბობს, რომ ყველა ქმნილების უწინარეს შეიქმნენ ანგელოზები. მაგალითად, გრიგოლ ღვთისმეტყველი გვეუბნება: "პირველად მოიაზრა მან ანგელოზური და ციური ძალები, და მოაზრებული საქმე იყო". სხვები თვლიან, რომ ისინი შეიქმნენ პირველი ცის დაბადების შემდეგ. ამასთან, ყველა აღიარებს, რომ ანგელოზები ადამიანის შექმნის უწინარესნი არიან. მე ღვთისმეტყველს ვეთანხმები, რადგან პირველად გონისმიერი არსების შექმნა იყო შესაფერისი და შემდეგ - გრძნობადისა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანისგან თვით ადამიანისა.

      ვინც ანგელოზებს რაიმე არსების შემქმნელებად ამბობს, იგი პირია მისი მამისა, ეშმაკისა, რადგან ანგელოზები, როგორც ქმნილებები, შემქმნელები არ არიან. ყოვლის შემოქმედი, ყოვლის წინაგანმგებელი და შემამტკიცებელი არის ღმერთი, ის, მხოლო, შეუქმნელი, რომელიც მამაში, ძეში და სულიწმინდაში იგალობება და იდიდება.

თავი მეთვრამეტე

სატანას და ეშმაკების შესახებ

      ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან "ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან" (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე.

      ამრიგად, იყვნენ რა იმავე ანგელოზთა ბუნებისა, ბოროტნი გახდნენ ისინი, რადგან არჩევანი კეთილისგან ბოროტისაკენ მიდრიკეს ნებსით. ამიტომ, არავის წინააღმდეგ არა აქვთ მათ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისგან არ მიეცემათ ნება განგებულებითად, როგორც, მაგალითად, იობთან დაკავშირებით და, როგორც, აგრეთვე, სახარებაში წერია ღორების შესახებ. როდესაც ღვთის ნებართვა აქვთ მათ, ძლიერნიც არიან და გარდაიქმნებიან და გარდაისახებიან კიდეც ზმანებითად იმ სახედ, რა სახედაც ნებავთ.

      მომავალი არ იციან არც ღვთის ანგელოზებმა, არც ეშმაკებმა, თუმცა წინასწარმეტყველებენ კი, ერთი მხრივ, ანგელოზები, როდესაც ღმერთი გამოუცხადებს მათ და წინასწარმეტყველებას უბრძანებს (ამიტომ, რასაც ამბობენ, ხდება) ხოლო მეორე მხრივ - ეშმაკებიც, რადგან ზოგჯერ იმას ხედავენ ისინი, რაც შორს ხდება, ზოგჯერ კი - ვარაუდობენ; ამიტომაც ბევრს ტყუიან, რისი რწმუნებაც არ გვმართებს, თუმცა კი მრავალგზის ჭეშმარიტებენ კიდეც ზემოთქმული ხერხის გამოყენებით. მათ იციან, აგრეთვე, წერილიც.

      ამრიგად, ყველა ბოროტება და უწმინდური ვნება მათ მიერ არის მოგონილი. ამასთან, ნება აქვთ მიცემული, შეუტიონ ადამიანს, მაგრამ ვინმეს იძულება არ შეუძლიათ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, დავუთმობთ მათ შეტევას თუ არ დავუთმობთ. ამიტომ, სატანას, მის ეშმაკებს და მის მიმდევრებს გამზადებული აქვთ უშრეტი ცეცხლი და მარადიული სატანჯველი.

      გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ.

თავი მეცხრამეტე

ხილული შესაქმის შესახებ

      თვით ჩვენმა ღმერთმა, სამებაში და ერთებაში დიდებისმეტყველებულმა "შექმნა ცა და მიწა, და ყოველივე მათ შორის" (ფს. 145,6). მან მოიყვანა არარსებობიდან არსებობაში ყოვლიერება; ერთნი - არა წინასწარარსებული ნივთისგან, როგორებიცაა ცა, მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი; მეორენი - მათგან, რაც მან შექმნა; ასეთებია ცხოველები, მცენარეები, თესლები, რომლებიც მიწისგან, წყლისგან, ჰაერისგან და ცეცხლისგან შეიქმნენ დამბადებლის ბრძანებით.

თავი მეოცე

ცის შესახებ

      ცა არის ხილული და უხილავი ქმნილებების გარემომცველობა, რადგან მის შიგნით გარეშეიზღუდებიან და შეისაზღვრებიან ანგელოზების გონისმიერი ძალები და, აგრეთვე, ყოველივე გრძნობადი, რადგან მხოლოდ ღვთაებაა გარეშეუწერელი, რომელიც ყოველივეს აღავსებს, ყოველივეს გარემოიცავს და ყოველივეს შემოსაზღვრავს, როგორც ყოვლის უზემოეს მყოფი და ყოვლის შემოქმედი.

      რადგან წვრილმა თქვა "ცა", აგრეთვე, "ცათა ცა" და "ცათა ცანი", და რადგან ნეტარმა პავლემ "მესამე ცამდე" თავისი ატაცების შესახებ გვითხრა, ამიტომ ვამბობთ, რომ, როგორც გვსმენია, მთელი ქვეყნიერების დაბადების ჟამს შეიქმნა ცა, რასაც უვარსკვლავო სფეროდ ამბობენ მოსეს დოგმატების მიმთვისებელი გარეშე ბრძენნი.

      კიდევ, სამყაროსაც უწოდა ღმერთმა ცა, რომელსაც წყლის შუაში განუჩინა ყოფნა და განაწესა იგი გამმიჯვნელად სამყაროს ზედა წყალსა და სამყაროს ქვედა წყალს შორის. ღვთაებრივი ბასილი ამბობს, რომ ამ სამყაროს ბუნება დაწლობილია, მსგავსად კვამლისა, რადგან ასე ესწავლა მას საღვთო წერილისგან; ზოგი წყლოვანად ამბობს მას, როგორც წყალთა შორის მყოფს, ზოგი - ოთხი სტიქიონისგან ქმნილად, ზოგი კი - მეხუთე სხეულად და ოთხისგან განსხვავებულად.

      ზოგიერთების თვალსაზრისით, ცა წრიულად გარემოივლის ყოველივეს, სფეროსებრი არის იგი და ყოველი მხრიდან ყველაზე მაღალ ნაწილს წარმოადგენს, მის მიერ გარემოცული ადგილის შუაგული კი ყველაზე ქვედა ნაწილია.

      მსუბუქ და მჩატე სხეულებს ზემო მდებარეობა ხვდათ წილად შემოქმედის მიერ, ხოლო მძიმეებსა და ქვედაზიდულებს - უფრო ქვემორე მხარე, რაც არის შუაგული.

      უფრო მსუბუქი და უფრო ზემსწრაფი სტიქიონია ცეცხლი, რომელსაც უშუალოდ ცის შემდეგ დაწესებულად ამბობენ. მას უწოდებენ ეთერს, რომლის შემდეგ, უფრო ქვემოთ, ჰაერს ათავსებენ. წყალი და მიწა, როგორც უფრო მძიმენი და ქვედაზიდულნი, შუაგულში არიან დაკიდებულები.

      ასე საპირისპიროდ არიან ისინი: ქვემოთ - წყალი და მიწა (ხოლო წყალი, როგორც მიწაზე უფრო მსუბუქი, მასზე უფრო ადვილმოძრავია), ზემოდან კი, ყოველმხრივ, გარსის მსგავსად, წრიულად - ჰაერი; ჰაერის ირგვლივ, ყოველმხრივ - ეთერი; ხოლო ყოველივეს გარედან, წრიულად - ცა.

      ამბობენ, რომ ცა მოძრაობს წრიულად და ერთად ამჭიდროებს შიგთავსს, რომ ამ გზით მყარად და დაურღვევლად შენარჩუნდეს იგი.

      შვიდ სარტყელს ამბობენ ცისას, - ერთს მეორეზე უფრო მაღალს. ამბობენ, აგრეთვე, რომ ცის ბუნება ყველაზე უფრო დაწლობილია, მსგავსად კვამლისა, და რომ თითოეულ სარტყელზე თითო ცთომილია. ამიტომ, შვიდი ცთომილი თქვეს მათ: მზე, მთვარე, იუპიტერი, მერკური, მარსი, ვენერა, სატურნი (ისინი ეენერას ხან ცისკრის, ხან მწუხრის მთიებად ამბობენ). ცთომილნი უწოდეს მათ, რადგან ცის საპირისპირო მოძრაობას ასრულებენ ცა და სხვა ვარსკვლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობენ და მხოლოდ ესენია, რომლებსაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ აქვთ მოძრაობა. ამას ვიგებთ მთვარისგან, რომელიც ყოველ საღამოს მცირედით უკან იხევს.

      ვინც ამბობს, რომ ცა სფეროსებრია, იგი მას მიწისგან თანაბრად დაცილებულად და დაშორებულად წარმოაჩენს ზევიდანაც, გვერდიდანაც და ქვემოდანაც. ამასთან, ვამბობ "ქვემოდან"და "გვერდიდან", როგორც ეს ჩვენს შეგრძნებაშია, თორემ, კანონზომიერი მსჯელობის შესაბამისად, ცას ყველა მხრიდან ზედა ადგილი უკავია, მიწას კი - ქვედა.

      ამბობენ, აგრეთვე, რომ ცა სფეროსებრ წრეს უვლის დედამიწას და, მისი უსწრაფესი მოძრაობისას, მასთან ერთად წრეს შემოივლის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ამიტომ, როდესაც მიწის ზევით იმყოფება მზე, აქ დღეა, მიწის ქვეშ კი - ღამე. როდესაც მიწის ქვეშ ჩადის მზე, აქ ღამეა, იქ კი - დღე.

      სხვებმა ნახევარსფერულად წარმოიდგინეს ცა, თანახმად ღვთისგამომეტყველი დავითისა, რომელიც ამბობს; "ვინც განავრცო ცა, როგორც ტყავი" (ფს. 103,2), რაც კარავს ცხადყოფს. ნეტარი ესაიაც ამბობს; "ვინც დააფუძნა ცა, როგორც კამარა" (ეს. 40,22). ასე აქვთ წარმოდგენილი მათ, რადგან როდესაც მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჩადიან, გარეუვლიან ისინი დედამიწას დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამგვარად კვლავ აღმოსავლეთს აღწევენ.

      ასე ხდება თუ ისე, ყოველივე საღვთო ბრძანებით არის შექმნილი და დაფუძნებული და ყველაფერს საღვთო ნება და განზრახვა აქვს ურყევ საძირკვლად, რადგან "მან თქვა და დაიბადნენ. მან ბრძანა და შეიქმნენ. დააფუძნა ისინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. განჩინება დადო და არ გაქარწყლდება იგი" (ფს. 148,5-6).

      ამრიგად, "ცა ცისა" არის პირველი ცა, რომელიც სამყაროს ზევით მდებარეობს. აჰა - ორი ცა, რადგან სამყაროსაც ცად უწოდა ღმერთმა. საღვთო წერილის ჩვეულებაა, ჰაერსაც ცად უწოდოს, რადგან მასაც ზევით ვხედავთ. წერილი ამბობს; "აკურთხეთ ყველა ფრიველი ცისა" (დან. 3,89), ესე იგი - ჰაერისა, რადგან ჰაერია ფრინველთა სავალი ადგილი და არა ცა. აჰა - სამი ცა, რაზეც საღვთო მოციქულმა თქვა. ხოლო თუ გნებავს, რომ შვიდი სარტყელიც შვიდ ცად გაიგო, არაფერი ევნება ამით ჭეშმარიტების სიტყვას. ებრაული ენისთვის დამახასიათებელია ცის მრავლობითად წოდება, როგორც "ცანი". ამიტომ, როცა უნდა თქმულიყო "ცა ცისა", ითქვა "ცანი ცათანი", რაც ნიშნავს "ცის ცას", ანუ ცას, რომელიც სამყაროს ზემოთაა. ასევე, თქმულია "ცათა ზემო წყალნი", სადაც "ცანი" არის ან ჰაერი და სამყარო ან სამყაროს შვიდი სარტყელი ან თვით სამყარო, ებრაულის ჩვეულებისამებრ მრავლობითად სახელდებული, როგორც "ცანი".

      ყოველივე, რაც ქმნისებრია, ბუნებისეული კანონზომიერებით ხრწნას ექვემდებარება, მათ შორის ცანიც, მაგრამ ისინი ღვთის მადლით არიან შემტკიცებულნი და დაცულნი. მხოლოდ ღვთაებაა ბუნებით დაუსაბამო და დაუსრულებელი. ამიტომაც თქმულა; "ისინი მოისპობიან, შენ კი ჰგიე" (ფს. 101,27), თუმცა მთლიანად როდი გაქრებიან ცანი, რადგან "დაბერდებიან და როგორც გარსამოსი, დაიხვევიან და შეიცვლებიან და იქნება ცა ახალი და მიწა ახალი" (გამოცხ. 21,1).

      ცა ბევრად უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე დედამიწა. ამიტომ, არ გვმართებს ცის არსების ძიება, რადგან უცოდნელია იგი ჩვენთვის.

      ნურავინ დაუშვებს ცათა ან მნათობთა განსულიერებას, რადგან ისინი უსულონი და უგრძნობნი არიან. ამიტომ, თუმცა საღვთო წერილი ამბობს; "ხარობდნენ ცანი და მხიარულობდეს მიწა" (ფს. 95,11). ამით იგი სიხარულისკენ მოუწოდებს ცაში მყოფ ანგელოზებს და მიწაზე მყოფ ადამიანებს. უწყის წერილმა გაპიროვნება და უსულოთა შესახებ, როგორც სულიერთათვის, სიტყვის თქმა. მაგალითად. "ზღვამ იხილა და გაიქცა, იორდანე მიიქცა უკან" (ფს. 113,3). აგრეთვე: "რა დაგემართა ზღვაო, რომ გაიქეცი, და - შენ, იორდანე, უკან რომ მიიქეცი?" (ფს. 113,5); და მთებსა და ბორცვებს შეკითხვა ეძლევათ, თუ რა მიზეზით ხტიან. ჩვენც გვჩვევია, ასევე, თქმა, რომ "შეიკრიბა ქალაქი", თუმცა გვსურს აღვნიშნოთ არა შენობები, არამედ ქალაქის მცხოვრებნი. კიდევ, თქმულია; "ცანიც ღვთის დიდებას უთხრობენ" (ფს. 18,2), თუმცა ისინი გრძნობადი ყურით მოსასმენ ხმას როდი გამოსცემენ, არამედ თავისი სიდიადით შემოქმედის ძალას წარმოგვიჩენენ ჩვენ, რადგან მათი მშვენების მჭვრეტელნი ვადიდებთ შემოქმედს, როგორც დიდოსტატს.

გაგრძელება ►

ამოსაბეჭდი, PDF ვერსია:

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა


[1]. ბერძ. στέρξωμεν (ზმნიდან στέρξω). ეფრემის თარგმანში გვაქვს "განვმტკიცნეთ". როგორც ჩანს, ეფრემის მიერ გამოყენებულ ბერძნულ ხელნაწერში იკითხებოდა στηρξωμεν (ზმნიდან στηρξω - განმტკიცება)

[2]. წილხვედრებული - ბერძ. μετεχόμενον, ე.ი. სხვათაგან ზიარებული, სხვათაგან მიღებული.

ტეგები: Qwelly, დამასკელი, დოგმატიკა, ელ.წიგნები, თეოლოგია, სამეცნიერო

ნახვა: 1943

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters