საიმონ სებაგ მონტეფიორე - იერუსალიმი

იუდას მეფეები

ძვ. წ. 930-626 რობოამი იერობოამის წინააღმდეგ: განხეთქილება

როცა ძვ. წ. 930 წელს სოლომონი ორმოცწლიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა, მისმა ვაჟმა, რობოამმა, ისრაელიანთა ტომები შექემში შეკრიბა. ჩრდილოურმა ტომებმა სარდალი იერობოამი მიაგზავნეს ახალგაზრდა მეფესთან იმის სათქმელად, რომ სოლომონის მიერ დაწესებულ დიდ გადასახადებს აღარ გადაიხდიდნენ. „ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ - მკვახედ უპასუხა საჩივარს რობოამმა. ათი ჩრდილოური ტომი მის წინააღმდეგ აჯანყდა და ისრაელის ახალი სეპარატისტული სამეფოს მეფედ იერობოამი აირჩიეს.

რობოამი იუდას მიწის მეფედ დარჩა; ის დავითის შვილიშვილი იყო და იერუსალიმის ტაძარს, იაჰვეს სახლს, ფლობდა. მაგრამ მასზე გამოცდილი იერობოამი, რომელმაც ტახტი შექემში დაიდგა, ამით უკმაყოფილო იყო: „თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ და მე მომკლავენ“. ამიტომაც ააგო მან ბეთელსა და დანში ორი პატარა ტაძარი, ტრადიციული ქანაანური სალოცავების მსგავსი. იერობოამი ხანგრძლივად და წარმატებულად მეფობდა, მაგრამ მისი ქალაქი რობოამის იერუსალიმს მაინც ვერ შეედრებოდა.

ისრაელიანთა ორი სამეფო ხან ერთმანეთს ეომებოდა, ხან ერთმანეთის მოკავშირე იყო. ძვ. წ. დაახლოებით 900 წლიდან მოყოლებული ოთხი საუკუნის განმავლობაში, იუდას, სამეფო ტაძრის ქალაქ იერუსალიმის გარშემო მდებარე მცირე მიწას, დავითის დინასტია მართავდა, ხოლო ისრაელის უფრო მდიდარი და ვრცელი მიწები ჩრდილოეთში დომინანტ სამხედრო ძალად იქცა და მის სათავეში ხელისუფლებაში გადატრიალებების გზით მოსული სისხლიანი მხედართმთავრები იდგნენ. ერთ-ერთმა ასეთმა უზურპატორმა იმდენი სამეფო გვარის წარმომადგენელი მოკლა, რომ „არავინ დაუტოვებია კედელთან მშარდავი“. „მეფეთა“ და „ნეშტთა წიგნების“ ავტორები, ორი საუკუნის შემდეგ, სულაც არ იყვნენ პირადი დეტალებით ან ზუსტი ქრონოლოგიით დაინტერესებულები, ისინი მეფეებსა და მმართველებს ისრაელის ღმერთის მიმართ ერთგულებით აფასებდნენ. საბედნიეროდ, ამასობაში ისტორიის ბნელი ხანა დასრულდა: ეგვიპტური და ერაყული იმპერიების წარწერები ნათელს ჰფენს - და ხშირად ადასტურებს - მკაცრად სამართლიან ბიბლიურ მოსაზრებებს.

სოლომონის სიკვდილიდან ცხრა წელიწადში იერუსალიმში ეგვიპტე და ისტორია დაბრუნდა. ფარაონმა შეშონქმა, რომელმაც ისრაელის სამეფოს ორად გახლეჩას ხელი შეუწყო, ზღვის სანაპირო ზოლი დალაშქრა და იერუსალიმისკენ გადაუხვია. იერუსალიმის მდიდარი ტაძარი ხომ მაცდური საკბილო იყო. მეფე რობოამმა შეშონქის მოქრთამვა ტაძრის განძით, სოლომონის ოქროთი, შეძლო. ფარაონმა ისრაელიანთა ორივე სამეფო დალაშქრა და ქალაქი მეგიდო მიწასთან გაასწორა. იქვე აღმართა სტელა, რომელზეც თავისი წარმატებული ლაშქრობით ტრაბახობს. მცირე ფრაგმენტი დღემდე შემორჩენილია. შინ დაბრუნებულმა ფარაონმა კარნაკში ამონის ტაძარში ღმერთებს მადლობა გადაუხადა. ფარაონის სატახტო ქალაქ ბუბასტისის იეროგლიფური ტექსტით ირკვევა, რომ მალე შეშონქის მემკვიდრე ოსორკონმა 383 ტონა ოქრო, სავარაუდოდ, იერუსალიმური ალაფი, შესწირა ეგვიპტურ ტაძრებს. შეშონქის ლაშქრობა პირველი ბიბლიური ამბავია, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება.

ორმოცდაათწლიანი უთანხმოების შემდეგ ისრაელიანთა ორმა სამეფომ ზავი დადო. ისრაელის მეფე ახაბმა იქორწინა ფინიკიელ მეფის ასულზე, რომელიც ბიბლიაში ურჩხულად, მექრთამე ტირანად და ბაალისა და სხვა კერპების თაყვანისმცემლად გვევლინება. მეფის ასულს იზებელი ერქვა და მისი გვარის მმართველობამ ისრაელის სამეფოსა და ქალაქ იერუსალიმს სისხლი და უბედურება მოუტანა.

იზებელი და მისი ქალიშვილი, იერუსალიმის დედოფალი

იზებელსა და ახაბს ქალიშვილი ჰყავდათ, სახელად ათალია (მართლმადიდებლურ თარგმანში, ღოთოლია), რომელიც იუდას მეფე იეჰორამს (მართლმადიდებლურ თარგმანში იორამი) მიათხოვეს. ათალია აყვავებულ იერუსალიმში ჩავიდა: ქალაქის სირიულ უბნებში სირიელი ვაჭრები ბაზრობებს მართავდნენ, იუდაელთა ფლოტი წითელ ზღვაში დაცურავდა, ხოლო სოლომონის ტაძარი ქანაანური კერპებისგან გაეწმინდათ. იზებელის ასულმა ქალაქში მხოლოდ უბედობა და უიღბლობა ჩაიტანა.

ისრაელიანები მაშინ გაძლიერდნენ, როცა იმპერიული გარე ძალები დროებით დასუსტებული იყო. მაგრამ ძვ. წ. 854 წელს, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ნინევიის ნანგრევებზე ასურეთი აღმოცენდა. როცა ასურეთის მეფე სალმანასარ III-მ სირიული სამეფოების დაპყრობა დაიწყო, იუდა, ისრაელი და სირია მის წინააღმდეგ შეიკრნენ. კარკარის ბრძოლაში მეფე ახაბმა 2000 ეტლი და 10 000 ქვეითი ჯარისკაცი გამოიყვანა, მას იუდაელები და სირიელებიც ამოუდგნენ მხარში და ასურელთა წინსვლა შეაჩერეს. მაგრამ მალე კავშირი დაირღვა. იუდაელები და ისრაელიანები სირიელებს დაუპირისპირდნენ; მათი მოხარკე სამეფოები აჯანყდნენ. ისრაელის მეფე ახაბი ისრით მოკლეს და „მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ“. ისრაელში სარდალი იეჰუ აჯანყდა, მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტა - ახაბის სამოცდაათი ვაჟის მოკვეთილი თავი სამარიის კარიბჭესთან დაახვავა და არა მხოლოდ ისრაელის ახალი მეფე, არამედ სტუმრად მყოფი იუდას მეფეც მოაკვლევინა. ხოლო დედოფალი იზებელი ფანჯრიდან გადააგდო და მისი გვამი ეტლებით გადათელეს.[16] იზებელის გვამი ძაღლებს მიუგდეს საჭმელად ისრაელში, მაგრამ ძვ. წ. 841 წელს, იზებელის ასულმა, ათალიამ, იერუსალიმში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და დავითის გვარის ყველა უფლისწული (მათ შორის, საკუთარი შვილიშვილები) დახოცა, ვინც კი იპოვა. მხოლოდ ერთი უფლისწული, ჩვილი იეჰოაში (მართლმადიდებლურ თარგმანში იოაში), გადაურჩა სიკვდილს. „მეფეთა მეორე წიგნი“ (მართლმადიდებლურ თარგმანში „მეფეთა მეოთხე წიგნი“) და უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები იერუსალიმის იმდროინდელ ყოფაზე პირველ ცნობებს გვაწვდის. ყრმა უფლისწულს უფლის ტაძარში მალავდნენ, ხოლო იზებელის ნახევრად ფინიკიელმა, ნახევრად ისრაელიანმა ქალიშვილმა მთაზე გაშენებული თავისი პატარა სატახტო ქალაქი ვაჭრობისა და ბაალის თაყვანისცემის ადგილად აქცია. სპილოს ძვლისგან დამზადებული ორსანტიმეტრიანი ლამაზი ორნამენტი - ბროწეულზე შემომჯდარი მტრედი, რომელიც იერუსალიმში აღმოაჩინეს, ალბათ იერუსალიმის მდიდრულ სასახლეში რომელიმე ავეჯს ამშვენებდა. ფინიკიური თიხის ბეჭდები, ანუ „ბულაები“, იმდროინდელი საფოსტო ქაღალდები ზედ გამოსახული ფინიკიური ხომალდებით, ტახტს ზემოთ გაბრწყინებული მზის ფორმის წმინდა ტოტემები და სავარაუდოდ, იმავე ნაოსნების მიერ ხმელთაშუა ზღვიდან იმპორტირებული ათი ათასი თევზის ფხა, დავითის ქალაქის ქვემოთ, აუზთან ახლოს იპოვეს. თუმცა, ათალია მალე იზებელივით შეიძულეს. მისმა კერპთაყვანისმცემელმა ქურუმებმა ბაალისა და სხვა ღმერთების კერპები აღმართეს იერუსალიმის ტაძარში. ექვსი წლის შემდეგ ტაძრის მღვდელმსახურმა საიდუმლოდ შეკრიბა იერუსალიმელი დიდებულები და პატარა უფლისწულის, იეჰოაშის არსებობა გაუმხილა. დიდებულებმა მაშინვე ერთგულება შეჰფიცეს იეჰოაშს. მღვდელმა დავითის დროინდელი შუბები და ფარები, ჯერაც ტაძარში რომ ინახებოდა, ასისთავებს დაურიგა და უფლისწულს საჯაროდ მირონი სცხო ტაშისკვრითა და ძახილით: „ღმერთო, შენ დაიფარე მეფე!“

დედოფალმა გაიგონა ხალხის ჩოჩქოლი და სასახლიდან იქვე ახლოს მდგარ ტაძარში შეირბინა. ტაძარი ხალხით ავსებულიყო. „ღალატია! ღალატია!“ - აყვირდა ათალია, მაგრამ ასისთავებმა შეიპყრეს, წმინდა მთიდან ჩაათრიეს და კარიბჭესთან მოკლეს. ბაალის ქურუმები დახოცეს, ხოლო კერპები დალეწეს.

მეფე იეჰოაში ორმოცი წელი მეფობდა, სანამ ძვ. წ. 801 წელს სირიის მეფე მას დაამარცხებდა, იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებას განიზრახავდა და „მთელი ოქროულობის, რაც კი მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა“, გადახდას არ აიძულებდა. იეჰოაში მოკლეს. ოცდაათი წლის შემდეგ ისრაელის მეფემ იერუსალიმი დაარბია და ტაძარი გაძარცვა. ამ დროიდან მოყოლებული ტაძრის მუდმივად მზარდი სიმდიდრე ყველასთვის მაცდური ჯილდო გახდა.თუმცა, იერუსალიმის სიმდიდრე ახალი მეფის მმართველობით გამოცოცხლებული ასურეთისას ვერ შეედრებოდა: ეს მტაცებელი იმპერია ისევ ამოქმედდა. ისრაელისა და სირიის მეფეებმა კოალიციის შექმნა სცადეს, მაგრამ როცა იუდას მეფე ახაზმა მათთან შეკვრაზე უარი განაცხადა, ისრაელიანებმა და სირიელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. მომხვდურებმა ახლად შეკეთებული კედლები ვერ გაარღვიეს, თუმცა მეფე ახაზმა ტაძრის საგანძურიდან მათ მაინც გადაუხადა ოქრო და ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ძვ. წ. 732 წელს ასურელებმა სირია დაიპყრეს და ისრაელი ააოხრეს. იერუსალიმში შეშინებული მეფე ახაზი ორჭოფობდა, ასურეთს შებრძოლებოდა თუ დანებებოდა.

ესაია: იერუსალიმი - მზეთუნახავი და მეძავი

მეფეს მოცდას ურჩევდა ესაია - მთავარი, მღვდელი და პოლიტიკური მრჩეველი - და აიმედებდა, იერუსალიმს იაჰვე დაიფარავსო. ესაია ამბობდა, მეფეს შვილი შეეძინებაო, იმანუელი, რაც ნიშნავს „ ჩვენთან არს ღმერთი“. „რადგან შეგვეძინა შვილი, რომელიც იქნება... ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი.“ შვილი, რომელიც მარადიულ მშვიდობას მოიტანდა.

„ესაიას წიგნს“, სულ ცოტა, ორი ავტორი მაინც ჰყავდა - ერთ-ერთი მათგანი ორასი წლის შემდეგ ცხოვრობდა - მაგრამ ეს პირველი ესაია არა მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ დიდი წარმოსახვის მქონე პოეტიც იყო, რომელმაც საძულველი ასურული აგრესიის ხანაში პირველად წარმოიდგინა სიცოცხლე ტაძარდანგრეულ, მისტიკურ იერუსალიმში. „ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს... და კვამლით აივსო სახლი“. ესაიას უყვარდა „წმინდა მთა“ და მზეთუნახავს უწოდებდა ზოგჯერ სამართლიანი და ზოგჯერ მეძავი „სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს“. იერუსალიმის ფლობა არაფრად ღირდა ღვთისმოსაობისა და მოწიწების გარეშე. მაგრამ თუ იერუსალიმი დაინგრეოდა, ყველასთვის ახალი, მისტიკური იერუსალიმი გაჩნდებოდა „ყოველ ადგილზე“ და სიყვარულსა და სიკეთეზე იქადაგებდა: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ“. ესაიამ წინასწარ იხილა უჩვეულო ფენომენი: „უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება... და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას“. რჯული, ღირებულებები და ისტორია ამ შორეული და შესაძლოა, დაქცეული მთის ქალაქისა ისევ აღორძინდება: „დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლის თავის გზებს... რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის.“ ესაიამ მისტიკური განკითხვის დღის დადგომა იწინასწარმეტყველა, როცა ცხებული მეფე, მესია მოვა: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს... აღარავინ ისწავლის ომს“. მკვდრები აღდგებიან. „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ჯიქი დაბინავდება ციკანთან ერთად“.

ამ მგზნებარე ლექსებში პირველად გაიჟღერა აპოკალიფსურმა ნაღველმა, რომელიც იერუსალიმის ისტორიას დღემდე თან სდევს. ესაიამ შესძინა ფორმა არა მხოლოდ იუდაიზმს, არამედ - ქრისტიანობასაც. იესო ქრისტემ ესაია კარგად შეისწავლა. ქრისტეს ქადაგებები - დაწყებული ტაძრის დანგრევით და დამთავრებული მისი იდეით უნივერსალური, სულიერი იერუსალიმის შექმნით სუსტთა და უპოვართა ასამაღლებლად - სწორედ ესაიას პოეტურ ხედვებზე დაყრდნობით შეიქმნა. ბევრისთვის კი იესო სწორედ ესაიას ნაწინასწარმეტყველები იმანუელია. მეფე ახაზი დამასკოში ტიგლათფალასარს ეახლა და მორჩილების ფიცი დადო, უკან კი ტაძარში დასადგმელი, ასურული სტილის სამსხვერპლოთი დაბრუნდა. როცა ასურელი დამპყრობელი მოკვდა ძვ. წ. 727 წელს, ისრაელი აჯანყდა, მაგრამ ასურეთის ახალმა მეფემ ისრაელის სამეფოს დედაქალაქ სამარიას ალყა შემოარტყა და სამ წელიწადში ისრაელის სამეფო მთლიანად შთანთქა. 27 000 მცხოვრები ასურეთში გადაასახლეს. ისრაელის თორმეტი ტომიდან ათი თითქმის მთლიანად გაქრა ისტორიიდან. თანამედროვე ებრაელები იმ ორი ტომის შთამომავლები არიან, რომლებიც, იუდას სამეფოსთან ერთად, ნგრევასა და უბედურებას გადაურჩა. ჩვილი, რომელსაც ესაია იმანუელად იხმობდა, იყო მეფე ხიზკია. ის მესია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე საჭირო პოლიტიკურ უნარს - იღბალს - ფლობდა. მისი იერუსალიმის კვალი დღემდე შემორჩენილია.

სინაქერიბი: ცხვრებში გარეული მგელი

ხიზკია ოცი წელი ელოდა ასურეთის წინააღმდეგ ასაჯანყებლად ხელსაყრელ დროს: მან ჯერ კერპები გაანადგურა, ტაძარში მდგარი ბრინჯაოს გველი დაამსხვრია, შემდეგ პასექის (ან მისი მაშინდელი ვერსიის) საზეიმოდ ხალხი შეკრიბა იერუსალიმში, რომელიც კიდევ უფრო გაფართოებულიყო და უკვე დასავლეთ ბორცვამდე გადაჭიმულიყო. ქალაქი სავსე იყო დაცემული ჩრდილოეთ სამეფოდან დევნილებით და მათ ალბათ ძველი ისრაელის სამეფოს ფილებზე ჩაწერილი მრავალი ლეგენდა და ისტორია მოიტანეს თან. იერუსალიმელმა სწავლულებმა იუდაური და ჩრდილოური ტრადიციების აღრევა დაიწყეს: დროთა განმავლობაში ზუსტად ბერძენი ჰომეროსის „ილიადას“ სტილში დაწერილი ეს ხელნაწერები ბიბლიას დაედო საფუძვლად. როცა სარგონ II ძვ. წ. 705 წელს ბრძოლაში მოკლეს, იერუსალიმელებს და თვით ესაიას იმედი მიეცათ, რომ ასურელთა ბოროტების იმპერია დაემხობოდა. ეგვიპტე იერუსალიმს მხარდაჭერას ჰპირდებოდა; ქალაქი ბაბილონი აჯანყდა და ელჩები გამოუგზავნა ხიზკიას, რომელმაც ხელსაყრელი დროის დადგომა იგრძნო: ის ასურეთის წინააღმდეგ შექმნილ ახალ კოალიციას შეუერთდა და ომისთვის მოემზადა. მაგრამ, იუდაელთა სამწუხაროდ, ასურეთის ახალი დიდი მეფე ენერგიული და თავდაჯერებული მხედართმთავარი აღმოჩნდა. მას სინაქერიბი ერქვა.

სინაქერიბი თავს „სამყაროს მეფეს, ასურეთის მეფეს“ უწოდებდა და იმ დროს ეს ორი ტიტული სინონიმი იყო. ასურეთი სპარსეთის ყურიდან კვიპროსამდე მბრძანებლობდა. იმპერიის შუაგული დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მთებით, ხოლო დასავლეთიდან ევფრატით იყო დაცული და მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით იყო გახსნილი. ასურეთი მოგაგონებდათ ზვიგენს, რომელსაც მხოლოდ მუდმივი მტაცებლობით შეუძლია არსებობა. ასურელებისთვის დაპყრობები რელიგიური მოვალეობა იყო. ტახტზე ასვლისას ყოველი მეფე ფიცს დებდა, რომ გააფართოვებდა, როგორც თავად უწოდებდნენ, „აშურის მიწას“ - ქვეყანას, რომელსაც მისი მფარველი ღმერთის სახელი ერქვა. მეფეები ერთდროულად უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ და მთავარსარდლებიც, რომლებიც 200 000-იან ძლიერ ლაშქარს პირადად მიუძღვებოდნენ; და თანამედროვე ტირანებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტერორით იმორჩილებდნენ ქვეშევრდომებს, არამედ ხალხის დიდი ჯგუფის იმპერიის ერთი ბოლოდან მეორეში გადასახლებით.სინაქერიბის მამის ცხედარი ბრძოლის ველზე ვერ იპოვეს, რაც ღმერთების არაკეთილგანწყობის საზარელი ნიშანი იყო და იმპერიამ რღვევა დაიწყო. მაგრამ სინაქერიბმა ყველა აჯანყება ჩაახშო და, როცა ბაბილონი აიღო, მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. წესრიგის აღდგენისთანავე, მეფემ ქვეყნის კონსოლიდაცია ნინევიის, ომისა და ვნების ქალღმერთ იშთარის სახელობის ქალაქის, შეკეთებითა და მდიდრულად მორთვით სცადა. ვერაფერი შეედრებოდა წყალუხვი არხებით დაღარულ ნინევიურ წალკოტებსა და მის დიდ სასახლეს. ასურელი მეფეები ნამდვილი პროპაგანდისტები იყვნენ - მათი სასახლეების კედლების ტრიუმფალური დეკორაციები ასურელთა გამარჯვებებსა და მისი მტრების საზარელ სიკვდილზე - მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე, ცოცხლად გატყავებასა და თავების მოჭრაზე - იუწყებოდა. დაპყრობილი ქალაქების დიდებულებს მათი მეფეების მოკვეთილ თავებს მკერდზე ჩამოკიდებულს დაატარებინებდნენ ნინევიის ქუჩებში. თუმცა ასეთი საშინელი ნადავლით მხოლოდ ასურელებს არ უყვარდათ თავის მოწონება. მაგალითად, ეგვიპტელები თავიანთი მტრების მოჭრილ ხელებსა და პენისებს აგროვებდნენ. ბედის ირონიით, ასურეთის სისასტიკის ხანას უკვე ჩაევლო. თუკი შესაძლებელი იყო, სინაქერიბი უპირველესად მოლაპარაკებებს მართავდა ხოლმე. სინაქერიბმა ჩანაწერები თავის მიღწევათა შესახებ სასახლეების საძირკველში ჩამარხა. ერაყში არქეოლოგებმა ნინევიის ნანგრევები აღმოაჩინეს და დღის სინათლე მოჰფინეს განვითარების უმაღლეს მწვერვალზე მდგარ, დაპყრობებითა და სოფლის მეურნეობით გამდიდრებულ ასურეთს, რომელსაც ადმინისტრირებას მრავალი მწერალი-მდივანი უწევდა. მათი ხელნაწერები სამეფო არქივებშია დაცული. ბიბლიოთეკებში ინახებოდა სამეფო გადაწყვეტილებების მისაღებად მოსაშველიებელი ომენებისა და ღმერთების გულის მოსაგები შელოცვების, რიტუალებისა და ჰიმნების კოლექცია, აგრეთვე ლიტერატურული კლასიკის თიხის ფირფიტები - „გილგამეშის ეპოსი“. გარდა იმისა, რომ მრავალ ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლს, თაყვანს სცემდნენ მაგიურ ქანდაკებებს, სულებსა და ღვთიურ ძალებს იძახებდნენ, ასურელები მედიცინასაც სწავლობდნენ: თიხის ფირფიტებზე ჩხაპნიდნენ: „თუ ადამიანს ესა და ეს აწუხებს, მაშინ... მიიღოს ესა და ეს წამლები...“

ისრაელიანი ტყვეები, რომლებიც სამშობლოსგან შორს ასურეთის ზიქურათებიან, შეღებილსასახლეებიან კაშკაშა, ბრჭყვიალა ქალაქებში მონურ შრომას ეწეოდნენ, იქაურობას „სისხლიან ქალაქს... სიცრუით გატენილს, ძალადობით სავსეს და მტაცებელს“ უწოდებდნენ. წინასწარმეტყველმა ნაუმმა აღწერა „შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი“. ამ რვაწვეტიანი ეტლებით უზარმაზარი ლაშქარი სინაქერიბის მეთაურობით ახლა იერუსალიმისკენ მიემართებოდა, მიქროდა „არწივივით, მსხვერპლს რომ უნდა დააცხრეს“.

ხიზკიას გვირაბი ხიზკიამ იცოდა, რა საშინელი ბედი ეწია ბაბილონს; მან საჩქაროდ გაამაგრებინა იერუსალიმის ახალი უბნები. დღეს დაახლოებით რვა მეტრი სისქის „მისი განიერი კედლის“ მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია შემორჩენილი; ყველაზე შთამბეჭდავი ებრაულ კვარტალშია. ხიზკია ალყისთვის ემზადებოდა, ამიტომ ხელოსანთა ორ ჯგუფს ქალაქგარეთ კლდეში 500 მეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანა დაავალა, რათა გიხონის წყარო დაეკავშირებინათ დავითის ქალაქის ქვემოთ, ტაძრის მთის სამხრეთით მდებარე სილოამის აუზთან, რომელიც ახალი კედლების აგების შემდეგ, დღეს გალავნის შიგნითაა მოქცეული. როცა ხელოსანთა ორი ჯგუფი კლდის შუაგულში შეხვდა ერთმანეთს, თავიანთი მიღწევის აღსანიშნავად კლდეზე წარწერა ამოკვეთეს: „[როცა გვირაბი] გაიყვანეს. ის ამ გზით გაჰყავდათ. როცა [ისინი] ჯერ კიდევ წერაქვებით [თხრიდნენ], ყოველი კაცი მეორისკენ მიდიოდა და სანამ კიდევ სამი წყრთა რჩებოდა გასაკვეთი, [მათ გაიგონეს] როგორ ეძახდა კაცი თავის ამხანაგებს, რადგან კლდეში მარჯვენა მხარეს [და მარცხენა მხარეს] ნაპრალი იყო. და როცა გვირაბი გაიყვანეს, ქვისმჭრელებმა გაჭრეს [კლდე], ყოველმა კაცმა მეორე კაცამდე; წერაქვს იქნევდნენ ორივე მხრიდან; და წყაროდან წყალი წამოვიდა წყალსატევისკენ, 1200 წყრთა იყო გვირაბის სიგრძე, ხოლო კლდის სიმაღლე ქვისმჭრელების თავზემოთ იყო 100 წყრთა“.

ტაძრის მთის ჩრდილოეთით ხიზკიამ ხეობა გადახერგა, რათა ბეთეზდის აუზში წყალი დაეგუბებინა და ქალაქისთვის წყლის საკმარისი მარაგი ჰქონოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ მოიმარაგა საკვებიც - ზეთი, ღვინო, ხორბალი - თავისი ჯარისკაცებისთვის, რათა ომისა და ალყისთვის მზად ყოფილიყვნენ. იუდას მიწაზე მრავალ ადგილას აღმოაჩინეს ქოთნის ყურები, რომლებსაც „ლმლკ“ - „მეფისათვის განკუთვნილი“ - დამღა აზის და მეფისვე ემბლემით, ოთხფრთიანი ხოჭოთია დაბეჭდილი.

„ასურელთა მეფე ისრაელის ძეებს, როგორც მგელი ცხვრებს, ისე გამოერიაო“, - წერს ბაირონი. სინაქერიბი და მისი უზარმაზარი ლაშქარი იერუსალიმთან უკვე ახლოს იყო. როგორც სხვა ასურელი მეფეები, სინაქერიბიც ალბათ მგზავრობდა ეტლით, რომელშიც ბრწყინვალედ შეკაზმული, ციმციმა ქოჩრით შემკული სამი ბუმბერაზი ცხენი იყო შებმული. ასურელ მეფეს ალბათ გრძელი მანტია ესხა, ბრტყელი, წვეტიანი ქუდი ეხურა, ოთხკუთხად შეკრეჭილი, გრძელი, დაწნული წვერი ჰქონდა, ეკეთა ვარდისორნამენტიანი სამაჯური, ხელთ ეპყრა მშვილდი და ლომებით მორთულ ქარქაშში ხმალი ჰქონდა ჩაგებული. სინაქერიბი თავს ლომად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ბიბლიურ არწივად ან ბაირონისეულ მგლად. ასურელი მეფეები იშთარის ტაძარში გამართულ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმებში ლომის ტყავს იცვამდნენ, სასახლეებს ლომ-სფინქსებით რთავდნენ და დაუნდობლად ნადირობდნენ ლომებზე, რადგან ეს დიდ მეფეთა შესაფერის გასართობად მიაჩნდათ. სინაქერიბმა იერუსალიმს გვერდით ჩაუარა და ხიზკიას მეორე ციხე-ქალაქს, სამხრეთით მდებარე ლაქიშს შემოარტყა ალყა. ასურეთის მეფის ნინევიური სასახლის ბარელიეფიდან ვიცით, როგორ გამოიყურებოდა მისი (და იუდაელთა) ლაშქარი: ასურელებს, იმპერიის პოლიგლოტ ჯარისკაცებს, თმა დაწნული ჰქონდათ, ტუნიკები და ჯაჭვის პერანგები ეცვათ, წვეტიანი ჩაჩქანები ეხურათ, მეეტლეებად, შუბოსნებად, მშვილდოსნებად და მეშურდულეებად იყვნენ დაყოფილები. მათ საალყე მიწაყრილები ააგეს, მესანგრეებმა კედლებს ძირი გამოუთხარეს, საზარელი საალყე მანქანებით მტკიცე სიმაგრეები დაანგრიეს. მშვილდოსნები და მეშურდულეები ქალაქს მწველ ხანძარში ხვევდნენ, ლაშქრის ქვეითები კი კიბეებით ქალაქის გალავანზე გადადიოდნენ. არქეოლოგებმა 1500 დახოცილი და გატყავებული კაცის, ქალისა და ბავშვის საერთო საფლავი ამოთხარეს. ზუსტად იგივე სცენაა გამოსახული ნინევიის სასახლის ბარელიეფზე. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხოცვა-ჟლეტას გაექცა. იერუსალიმმა შეიტყო, წინ რა ელოდა.

სინაქერიბმა მალე დაამარცხა ხიზკიას დასახმარებლად მოსული ეგვიპტური არმია, იუდა ააოხრა და იერუსალიმს ჩრდილოეთიდან შემოერტყა. ასურეთის მეფე ზუსტად იმ ადგილას დაბანაკდა, სადაც ტიტუსი - ხუთასი წლის შემდეგ. ხიზკიამ იერუსალიმს გარეთ ყველა წყარო მოაწამვლინა. ქალაქის ახალ გალავანზე გამაგრებულ მის ჯარისკაცებს თავზე გრძელ ყურსაცმიანი დოლბანდები ჰქონდათ წაკრული, საბარკულები ეკეთათ, მოკლე კილტები და ჩექმები ეცვათ. ქალაქში ალბათ პანიკა ატყდა, როცა მტერი გამოჩნდა. სინაქერიბმა თავისი სარდლები გაგზავნა მოსალაპარაკებლად, ასე შეუთვალა იერუსალიმს, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო. წინასწარმეტყველმა მიქამ სიონის განადგურება განჭვრიტა. თუმცა, მოხუცმა ესაიამ მოთმინების გამოჩენა ურჩია მეფეს, იაჰვე დაგვეხმარებაო.

ხიზკიამ ტაძარში ილოცა. სინაქერიბი ტრაბახობდა, იერუსალიმი ჩიტივით გალიაში გამოვამწყვდიეო. მაგრამ ესაია მართალი გამოდგა: ღმერთი ჩაერია.

მენაშე: ჯოჯოხეთის ველზე შეწირული ბავშვი

„გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო ას ოთხმოცდახუთი ათას კაცს ასურელთა ბანაკში... ადგა ხალხი დილით ადრე და აჰა, მკვდარი იყო ყველა“. ასურელთა ბანაკი უეცრად დაიშალა. სავარაუდოდ, ისინი აღმოსავლეთში ატეხილი აჯანყების ჩასახშობად გაეშურნენ. „ასე აიყარა სინაქერიბი, ასურეთის მეფე“. იაჰვემ უთხრა სინაქერიბს: „შენ უკან თავს აქნევს იერუსალიმის ასული“ - ასეთია ამ ამბის იერუსალიმური ვერსია. მაგრამ სინაქერიბის მემატიანეები ხიზკიას შთამბეჭდავ ხარკს ახსენებენ, რომელიც 30 ტალანტი ოქროსა და 800 ტალანტი ვერცხლისგან შედგებოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ ასურელები მოქრთამა, რათა წასულიყვნენ. თუმცა, სინაქერიბმა იუდას სამეფო იმდენად შეამცირა, რომ მისგან ლამის მხოლოდ იერუსალიმი დარჩა. ასურეთის მეფე იმასაც ტრაბახობს, 200150 ადამიანი გადავასახლეო. ალყის მოხსნიდან მალევე ხიზკია გარდაიცვალა და მისი ვაჟი მენაშე ასურეთის ერთგულ ვასალად იქცა. მან უმოწყალოდ გაანადგურა ყველა მისი მოწინააღმდეგე იერუსალიმში, არაბ მეფის ასულზე დაქორწინდა, მამამისის მიერ გატარებულ რეფორმებზე უარი თქვა, ტაძარში წმინდა რიტუალებისთვის მამაკაცი მეძავები შეუშვა და ბაალისა და აშერას კერპები აღმართა. რაც ყველაზე საშინელია, მან ჰინომის ველზე, თოფეთზე, ბავშვების დასაწვავ მსხვერპლად შეწირვის რიტუალი აღადგინა და მის ხშირად ჩატარებას ხელს უწყობდა. მან თავისი ვაჟიც არ დაინდო და „გაატარა ცეცხლში“... როგორც ამბობენ, მღვდლებს დოლების ბრაგაბრუგის თანხლებით მიჰყავდათ მსხვერპლი იქამდე, რათა მშობლებს საკუთარი შვილების კივილი არ გაეგონათ.

მენაშეს წყალობით, ჰინომის ველი არა მხოლოდ სიკვდილის ველად იქცა, არამედ, გეენად, „ჯოჯოხეთად“ ებრაელებისთვის, მოგვიანებით კი ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც. თუკი ტაძრის მთა იერუსალიმის პირადი სამოთხეა, გეენა მის ჰადესად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ძვ. წ. 626 წელს ნაბოპოლასარმა, ქალდეველმა სარდალმა, ბაბილონში ძალაუფლება იგდო ხელთ და ასურეთის იმპერიის ნგრევა დაიწყო, ხოლო თავისი გმირობები ბაბილონურ ქრონიკებში აღწერა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონელთა და მიდიელთა ალიანსმა ნინევია აიღო. ხოლო ძვ. წ. 609 წელს მენაშეს მემკვიდრე, ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში მენაშესთან ერთად გამეფებული იოშია, მესიის მმართველობის ოქროს ხანის მაცნედ იქცა.

5. ბაბილონელი მეძავი

ძვ. წ. 586-539

იოშია: რევოლუციონერი მხსნელი

ნამდვილი სასწაული მოხდა: ასურეთის ბოროტების იმპერია დაიშალა და იუდას სამეფო გათავისუფლდა. იოშიამ თავისი სამეფოს საზღვრები ჩრდილოეთით ისრაელის ყოფილ მიწებამდე გააფართოვა, სამხრეთით - წითელ ზღვამდე, ხოლო აღმოსავლეთით - ხმელთაშუა ზღვამდე. მისი მეფობის მეთვრამეტე წელს მღვდელმთავარმა ხილკიამ ტაძრის პალატებში დავიწყებული ხელნაწერები იპოვა.

იოშიამ სათანადოდ შეაფასა ამ დოკუმენტის ძალა: „რჯულის წიგნის“ ეს ადრეული ვერსია, ალბათ, ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ დევნილმა ებრაელებმა ჩაიტანეს იერუსალიმში და წარმართ მენაშეს ტაძარში გადაუმალეს. იოშიამ იუდაელები უფლის სახლში შეკრიბა, თვითონ ტოტემურ სიმბოლოსთან, სამეფო სვეტთან დადგა და აღთქმა დადო იაჰვესთან, რომ მის რჯულს დაიცავდა. მეფემ სწავლულებს უბრძანა, უძველეს იუდაელთა ისტორია ჩაეწერათ და მითიური პატრიარქების, წმინდა მეფეების - დავითისა და სოლომონის და იერუსალიმის ამბები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ, რათა ამით აწმყოსთვის ნათელი მოეფინათ. ეს ბიბლიის შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო. ხშირად „რჯულის წიგნს“ შეცდომით ათარიღებენ და მის ავტორად მოსეს მიიჩნევენ, მაგრამ სოლომონის ტაძრის ბიბლიური აღწერილობა აშკარად ირეკლავს ნამდვილ, მაგრამ გაცილებით გვიანდელ, იოშიას - ახალი დავითის - დროინდელ იერუსალიმს. ამგვარად, წმინდა მთა არც მეტი, არც ნაკლები, „ჰა-მაკომად“ - „ადგილად“ იქცა.

მეფემ კედრონის ხევში კერპები დაამსხვრევინა და ტაძრიდან მამაკაცი მეძავები გააყრევინა. ჯოჯოხეთის ველზე ბავშვთა შესაწირავები გაანადგურა, ხოლო კერპთაყვანისმცემელი ქურუმები დახოცა და მათი მტვრად ქცეული ძვლები მათსავე სამსხვერპლოებზე მიმოყარა. ერთი შეხედვით, იოშიას რეფორმები სასტიკი, მკაცრი და პურიტანული მოგეჩვენებათ. მან პასექის დღესასწაულიც იზეიმა. „არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე“. თუმცა იოშია სახიფათო თამაშს თამაშობდა. როცა ნექო, ეგვიპტის ფარაონი, საბრძოლველად გამოვიდა, იოშიამ, რომელსაც არ სურდა, ასურეთი ეგვიპტის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, მისი შეჩერება სცადა. ძვ. წ. 609 წელს ფარაონმა იუდაელთა ლაშქარი გაანადგურა და მეგიდოში იოშიაც მოკლა. იოშია დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დავითიდან იესომდე ისრაელიანებს ასეთი ოპტიმისტი და რეფორმატორი მმართველი არ ჰყოლიათ. დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი მეგიდოში გადაიწურა. ხოლო სახელი „მეგიდო“ კატასტროფის სინონიმად, „არმაგედონად“ იქცა.

ფარაონი იერუსალიმისკენ გაემართა და იუდას ტახტზე იოშიას ძმა, იეჰოიაკიმი აიყვანა. მაგრამ ეგვიპტემ ახალი ახლოაღმოსავლური იმპერიის შექმნას ხელი ვერ შეუშალა. ძვ. წ. 605 წელს ბაბილონის მეფის ძემ, ნაბუქოდონოსორმა, ეგვიპტელები ქარხემიშის ბრძოლაში შემუსრა. ასურეთმა არსებობა შეწყვიტა და იუდას მიწა ბაბილონს ერგო მემკვიდრეობით. ძვ. წ. 597 წელს იეჰოიაკიმმა იმ არასტაბილურ ვითარებაში იუდას სამეფოს უცხოური უღლიდან გათავისუფლება მოინდომა და ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საყოველთაო მარხვა გამოაცხადა. მრჩეველმა და წინასწარმეტყველმა იერემიამ თავისი პირველი იერემიადით გააფრთხილა მეფე, უფალი იერუსალიმს გაანადგურებსო; მაგრამ მეფე იეჰოაკიმმა საჯაროდ დაწვა იერემიას ხელნაწერები. მან ეგვიპტესთან დადო სამხედრო კავშირი, მაგრამ როცა იერუსალიმისკენ ახალი დამპყრობელი დაიძრა, ეგვიპტელები დასახმარებლად არ მოსულან.

ნაბუქოდონოსორი

„ქისლევის მეშვიდე თვეს, - წერს ნაბუქოდონოსორის მემატიანე დღემდე შემონახულ თიხის ფირფიტაზე, - ბაბილონის მეფემ ხატების [სირიის] მიწაზე გაილაშქრა, იუდას ქალაქს [იერუსალიმს] ალყა შემოარტყა, ადარის თვის მეორე დღეს [ძვ. წ. 697 წლის 16 მარტს] ქალაქი აიღო და მეფე შეიპყრო“. ნაბუქოდონოსორმა ტაძარი გაძარცვა და მეფე, 10 000 დიდებული, ხელოსანი და ახალგაზრდა ბაბილონში გადაასახლა. იქ იეჰოიაკიმი დამპყრობლის სასახლის კარზე ცხოვრობდა.

ნაბუქოდონოსორი უზურპატორის შვილი იყო, მაგრამ იმპერიის ეს ენერგიული მშენებელი თავს დედამიწაზე ბაბილონის მფარველი ღმერთის ბელ-მარდუქის მოადგილედ მიიჩნევდა. მან ასურელებისგან სასტიკი რეპრესიების სტილი შეითვისა, იმავდროულად, თავს ღვთისმოსავ და სათნო პიროვნებად წარმოაჩენდა. შინ „ძლიერი სუსტს ჩაგრავდა და ძარცვავდა“, მაგრამ ნაბუქოდონოსორი „დღე და ღამეს ასწორებდა და ბევრს ფიქრობდა“, რომ ყველასთვის სამართლიანი განაჩენი გამოეტანა. თუმცა, იუდაელი ტყვეებისთვის ის ალბათ სულაც არ ყოფილა ეგრეთ წოდებული „სამართლიანი მეფე“.

სამშობლოდან გადასახლებული იუდაელები აღმოჩნდნენ ქალაქში, რომელთან შედარებითაც სიონი პატარა სოფლად მოგეჩვენებოდათ. იერუსალიმში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ბაბილონი მეოთხედი მილიონი მაცხოვრებლით იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მეტროპოლისად ითვლებოდა; როგორც ამბობდნენ, მის ქუჩებში სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იშთარი ფეხაკრეფით დაიპარებოდა და ფუნდუკებსა და ხეივნებში კოცნიდა თავის საყვარლებს.

ნაბუქუდონოსორმა ბაბილონი საკუთარი გემოვნებით მოაწყო: გრანდიოზული, ცისფრად შეღებილი (ცისფერი მეფის საყვარელი ფერი იყო) ნაგებობები ირეკლებოდა კიდეგანიერი ევფრატის არხებში; იშთარის კარიბჭის ოთხი კოშკი ლურჯად მოჭიქული აგურებით იყო ნაგები და ყვითელი დრაკონებითა და ხარებით მოხატული. კარიბჭე შედიოდა ქალაქის ტრიუმფალურ ბულვარზე - საპროცესიო გზაზე. ხოლო სასახლე, მეფისვე სიტყვებით „სანახავად მოსაწონი, ბრწყინვალე ტაძარი და სამეფო სამყოფელი“, ბუმბერაზი ლომებით იყო მორთული. დაკიდებული ბაღები მეფის საზაფხულო რეზიდენციას ამშვენებდა. ბაბილონის მფარველი ღმერთის, მარდუქის პატივსაცემად ნაბუქოდონოსორმა ზიქურათი - შვიდიარუსიანი, ბრტყელთავიანი პირამიდა - აღმართა. სწორედ ეს „ცისა და მიწის საძირკველი“ იყო ალბათ ბაბილონის გოდოლი; და არც მრავალენოვნება იყო ახლო აღმოსავლეთის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქისთვის უცხო. იერუსალიმში ნაბუქოდონოსორმა გადასახლებული მეფის ბიძა, ციდკია გაამეფა. ძვ. წ. 594 წელს ციდკია ბაბილონს ეწვია, რათა ნაბუქოდონოსორისთვის მორჩილების ფიცი მიეცა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ციდკიამ, წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვებს - ბაბილონელები ქალაქს გაანადგურებენო, - ყური არ უგდო და აჯანყება დაიწყო. ნაბუქოდონოსორი აჯანყების ჩასახშობად სამხრეთში გაემართა. ციდკიამ ეგვიპტელებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ მიერ გამოგზავნილი მცირერიცხოვანი ჯარი ბაბილონელებმა სწრაფად დაამარცხეს. იერემიამ იერუსალიმში გამეფებულ პარანოიას გარიდება სცადა, მაგრამ კარიბჭესთან დააპატიმრეს. მეფემ, რომელსაც თან რჩევები სჭირდებოდა, მაგრამ ღალატსაც ვერ ჰპატიობდა იერემიას, ის სამეფო სასახლის ქვეშ, დილეგში ჩააგდებინა. ნაბუქოდონოსორი თვრამეტი თვის განმავლობაში ძარცვავდა და აოხრებდა იუდას მიწას, ხოლო იერუსალიმი ბოლოსთვის მოიტოვა.

ძვ. წ. 587 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი მიწაყრილებისა და გალავნის ალყაში მოაქცია. „შიმშილი გაძლიერდა ქალაქში“, - წერს იერემია. ბავშვებს „გული წაუვიდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან“. როგორც ჩანს, ქალაქს კანიბალიზმიც მოედო: „ჩემი ერის ასული გულქვა ხდება... საცოდავი ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს: საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს“. მალე მდიდრებიც კი სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენო, წერს „მოთქმა-გოდების“ ავტორი: „ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან“. არქეოლოგებმა ალყის დროინდელი საკანალიზაციო მილი იპოვეს: იუდაელები ძირითადად ოსპით, ხორბლითა და ქერით საზრდოობდნენ, მაგრამ ამ მილის გამოკვლევით დადგინდა, რომ ალყის დროს ქალაქელები მხოლოდ ბალახეულით იკვებებოდნენ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გარდაცვლილან.

ებრაული აბის თვის მეცხრე დღეს, ძვ. წ. 586 წლის აგვისტოში, თვრამეტთვიანი იერიშების შემდეგ, ნაბუქოდონოსორი ცეცხლმოკიდებულ ქალაქში შეიჭრა. ეტყობა, ხანძარი აალებულმა ჩირაღდნებმა და ისრებმა გამოიწვია (დღევანდელ ებრაულ კვარტალში ნაცრისა და ნახშირის ფენაში ისრის ბუნიკები აღმოაჩინეს). ცეცხლმა, რომელმაც ქალაქში სახლები გადაწვა, ისე ძლიერ გაამაგრა ბიუროკრატიული ბეჭდები - „ბულაები“, რომ ისინი დამწვარ სახლებს შორის ჩვენს დრომდე შემოინახა. დამპყრობლებმა როგორც სხვა დაცემული ქალაქები, იერუსალიმიც პირწმინდად გაძარცვეს. დახოცილებს უფრო გაუმართლათ, რადგან შიმშილობას გადარჩნენ: „თონესავით გვიხურს კანი შიმშილისგან. ქალებს ნამუსს ხდიან სიონში; ხელებით კიდებენ მთავრებს“. სამხრეთიდან ედომელები შემოიჭრნენ ქალაქში ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობის მისაღებად. „იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო... შენთანაც ჩამოივლის თასი: დათვრები და გაშიშვლდები!“ ედომელები, 137-ე ფსალმუნის მიხედვით, ბაბილონელებს აქეზებდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. ნეტარია, რომელმაც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს“. სანამ ბაბილონელები იერუსალიმს აპარტახებდნენ, იერემია დილეგში იყო გამომწყვდეული.

ნაბუქოდონოსორი: განადგურებული ქალაქი ციდკია სილოამის აუზთან გამოიჭრა კედლიდან და იერიქონისკენ გაქცევა სცადა, მაგრამ ბაბილონელებმა მეფე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს, „რათა მას განაჩენი გამოეტანა მისთვის... თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას. ციდკია დააბრმავეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. როგორც ჩანს, ბაბილონელებმა სასახლის დილეგში იერემია იპოვეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ჯერ დაჰკითხა ის და ბოლოს იერუსალმის გამგებლად დატოვებულ მცველთა უფროსს, ნებუზარადინს გადასცა. ნაბუქოდონოსორმა

20 000 იუდაელი გადაასახლა ბაბილონში, თუმცა, იერემიას თქმით, მდაბიონი და ღატაკნი იუდას მიწაზე დატოვა. ერთი თვის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა თავის სარდალს უბრძანა, ქალაქი მიწასთან გაესწორებინა. ნებუზარადინმა „გადაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და ყველა სახლი იერუსალიმში“, აგრეთვე „დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი“. ტაძარი განადგურდა, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი გაზიდეს, ხოლო აღთქმის კიდობანი სამუდამოდ დაიკარგა. „შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს“, ღაღადებს 74-ე ფსალმუნი. ნაბუქოდონოსორის წინაშე მღვდლებიც დახოცეს. როგორც ტიტუსის დროს, ახ. წ. 70 წელს, ტაძრისა და სასახლის ნანგრევები ალბათ ქვემოთ, ხეობაში ჩაიშალა. „როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო! როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში ტაძრის წმინდა ქვები!“

ქუჩები დაცარიელდა: „ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!“ შეძლებულები გაღარიბდნენ: „ნუგბარის მჭამელები ქუჩაში ეყარნენ“. გაპარტახებულ სიონის მთაზე მელიები დაძრწოდნენ. იუდაელები თავიანთ იერუსალიმს მოტირალ ქალს ადარებდნენ: „გულამოსკვნილი ტირის ღამით და ცრემლები ჩამოდის ლოყებზე. არავინ ჰყავს მანუგეშებელი თავის მოყვარულთაგან“. ტაძრის განადგურება არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ერის სიკვდილს მოასწავებდა. „გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულებზე. განადგურდა ყველა მისი კარიბჭე: ოხრავენ მისი მღვდლები... ტოვებს სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება. გვირგვინი ჩამოგვივარდა თავიდან“. იუდაელთათვის თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა, ანუ, როგორც „დანიელის წიგნი“ უწოდებს -„გატიალების სიბილწე“. წესით, იუდაელებიც უნდა გადაშენებულიყვნენ, როგორც მფარველი ღმერთისგან მიტოვებული სხვა ერები გადაშენდნენ, მაგრამ ებრაელებმა როგორღაც მოახერხეს ამ კატასტროფის ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებად გარდაქმნა, ამით კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმის სიწმინდის ცნება და შეიქმნა განკითხვის დღის პროტოტიპი. ამ ჯოჯოხეთურმა ნგრევამ იერუსალიმი სამივე რელიგიისთვის ბოლო ჟამისა და ცათა სასუფევლის დამყარების ადგილად აქცია. ეს იყო აპოკალიფსი, ანუ „გამოცხადება“ ბერძნულად. სწორედ ასეთ საზარელ დღეებს წინასწარმეტყველებდა იესო ქრისტე. ამ ნგრევამ განსაზღვრა ქრისტიანობის არსი და მარადიული არსებობის იმედი, ხოლო მუჰამადმა ნაბუქოდონოსორის სისასტიკეში ღვთის მიერ ებრაელებისთვის ღვთიური მადლის წართმევა და მუსლიმებისთვის გზის გახსნა დაინახა. ბაბილონურ გადასახლებაში მყოფი იუდაელების ნაწილი თავის ღმერთსა და სიონს მაინც ერთგულებდა. იმ დროს, როცა ჰომეროსის პოემები ბერძნების ეროვნულ ეპოსად იქცა, იუდაელებმა ბიბლიური ტექსტების შეთხზვითა და მშობლიურ ქალაქზე დარდით საკუთარი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყეს: „ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები“. როგორც 137-ე ფსალმუნიდან ჩანს, თვით ბაბილონელებსაც კი მოსწონდათ იუდაელთა სიმღერები: „ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ და ჩვენი მჩაგვრელები - მხიარულებას: გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა. როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა უცხო მიწაზე?“

მაგრამ სწორედ ბაბილონში დაიწყო ბიბლიის შექმნა. სანამ დანიელის მსგავსი ახალგაზრდა იერუსალიმელები ბაბილონის სამეფო კარზე განათლებას იღებდნენ, ხოლო პრაგმატული ებრაელები ბაბილონელებად იქცნენ, იუდაელებმა „ახალი რჯული“ შექმნეს იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი შორეული და განსაკუთრებული ერის შვილები იყვნენ. ისინი იცავდნენ შაბათის წესს, შვილებს წინადაცვეთდნენ, მარხულობდნენ და ბავშვებს ებრაულ სახელებს არქმევდნენ, რადგან იერუსალიმის დანგრევამ ყველას უჩვენა, რა მოჰყვებოდა ღვთის რჯულის დარღვევას. იუდას მიწიდან გადასახლებული იუდაელები იუდეველებად, ებრაელებად იქცნენ.[26] გადასახლებულებმა ბაბილონი უკვდავყვეს წოდებით „მშობელი მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა“. თუმცა, ბაბილონის იმპერია ყვაოდა, ნაბუქოდონოსორის მეფობა ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა. წინასწარმეტყველი დანიელი ამტკიცებს, ბოლოს მეფე ჭკუიდან შეიშალაო: „გააძევეს ადამიანებისგან. ხარივით ჭამდა ბალახს... მისი ფრჩხილები დაემსგავსა ფრინველის კლანჭებს“ - შესაფერისი სასჯელია მისი დანაშაულებისთვის (და შთაგონების წყარო უილიამ ბლეიკის ნახატებისთვის). გადასახლებულ იუდაელთა გასაკვირად და გასახარად, ამ სასჯელს ისიც დაემატა, რომ ნაბუქოდონოსორის ვაჟი, ამელ-მარდუქი, იმდენად უვარგისი აღმოჩნდა, რომ მასზე იმედგაცრუებულმა მამამ დილეგში ჩააგდებინა. პატიმრობაში ამელ-მარდუქი იუდას მეფეს, იეჰოიაქინს დაუმეგობრდა.

ბელშაცარის ნადიმი

ბაბილონის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ ამელ-მარდუქმა სამეფო სისხლის იუდაელი მეგობარი გაათავისუფლა. მაგრამ ძვ. წ. 556 წელს ამელ-მარდუქის დინასტია დაამხეს. ახალმა მეფემ, ნაბონიდუსმა, ბაბილონის მფარველი ღმერთი ბელ-მარდუქი უარყო, მთვარის ღმერთს, სინს სცა თაყვანი და შორს, არაბეთის უდაბნოში, თემაში გადასახლდა. მალე ნაბონიდუსს უცხო სნეულება შეეყარა, შეიშალა და სწორედ მას (და არა, ნაბუქოდონოსორს, როგორც დანიელი ამტკიცებდა) „აჭმევდნენ ბალახს, როგორც ხარს“.

ბიბლიის მიხედვით, მეფის არყოფნაში მისმა ძემ, რეგენტმა ბელშაცარმა დიდი ლხინი გამართა, რომელზეც იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელს იყენებდნენ. და უცებ კედელზე ღვთის სიტყვები დაიწერა: „მენე, მენე, თეკელ უფარსინ“. წარწერა გაშიფრეს და ის გამაფრთხილებელი სიტყვები აღმოჩნდა. ბელშაცარს შიშით გააცახცახა. იმპერიის დღეები დათვლილი იყო. ბაბილონელი მეძავის ბედი გადაწყდა.

ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი სპარსელებმა აიღეს. ებრაელები ბევრჯერ სასწაულებრივად გადარჩენილან განადგურებას, მაგრამ ეს ყველაზე დრამატული შემთხვევა იყო მათ ისტორიაში. ბაბილონის მდინარეების ნაპირებთან გატარებული ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ ისეთივე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიონის აღდგენაში, როგორიც დავითისამ.

6. სპარსელები

ძვ. წ. 539-336

კიროს დიდი

ასტიაგეს, მიდიელ მეფეს, რომელიც დასავლეთ სპარსეთში ზეობდა, ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილი ოქროს მდინარეს შარდავდა და შარდი მთელ სამეფოს ესხმებოდა. მაგებმა (მოგვებმა), სპარსელმა ქურუმებმა, მეფეს სიზმარი ასე აუხსნეს: რომელიმე შენი შვილიშვილი მმართველობაში შეგეცილებაო. ასტიაგემ ქალიშვილი სუსტსა და უსაფრთხო მეზობელს, ანშანის მეფეს მიათხოვა. ამ ქორწინებისგან იშვა კუროშ, ანუ კიროს დიდი. მალე ასტიაგეს ისიც ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილის საშოდან ვაზი იზრდებოდა და თვითონ მის ჩრდილში ექცეოდა - ეს „ჯეკისა და ლობიოს ღეროს“ სექსუალურ-პოლიტიკური ვერსიაა. ასტიაგემ თავის სარდალს, ჰარპაგოსს, პატარა კიროსის მოკვლა უბრძანა, მაგრამ ბიჭი მწყემსმა გადამალა. როცა ასტიაგემ შეიტყო, რომ კიროსი გადარჩა, ჰარპაგოსის ძე დააკვლევინა და მისი შემწვარი ხორცი მამამისს შეაჭმევინა. ჰარპაგოსს ეს სადილი არ დავიწყებია და არც უპატიებია. ძვ. წ. 559 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, კიროსი დაბრუნდა და თავისი სამეფო დაიპყრო. ასტიაგეს, რომელსაც, როგორც ბერძენი ისტორიკოსი, ჰეროდოტე ამბობს, სწამდა, რომ სპარსეთში ყოველი საქმის გადასაწყვეტად სქესობრივი თუ შარდით მკითხაობა იყო საჭირო, საშინელი სიზმრები აუხდა. კიროსმა ჰარპაგოსის დახმარებით ჯერ პაპამისი დაამარცხა და შემდეგ მიდიელები და სპარსელები გააერთიანა. სანამ კიროსი სამხრეთში ბელშაცარის ბაბილონს დაესხმოდა თავს, დასავლეთ თურქეთში ლიდიის მდიდარ მეფეს, კრესოსს დაუპირისპირდა. კიროსმა აქლემების კავალერიით გააკვირვა კრესოსი მისსავე დედაქალაქში. ლიდიური ცხენები მაშინვე დაფრთხნენ, როგორც კი აქლემების სუნი ეცათ. ამ გამარჯვების შემდეგ კიროსი ბაბილონისკენ შეტრიალდა. ნაბუქოდონოსორის ცისფრად შეღებილმა მეტროპოლისმა ფართოდ გაუღო კარები კიროსს, რომელმაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და თაყვანი სცა ბელ-მარდუქს, ბაბილონის უარყოფილ მფარველ ღმერთს. ბაბილონის დაცემამ გადასახლებული ებრაელები ძალიან გაახარა: „უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ... სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყეო და ყოველო ხეო, რომელიც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა“. კიროსმა ბაბილონი დაიპყრო და შესაბამისად, იერუსალიმიც მისი სამფლობელო გახდა: „დედამიწის ყოველმა მეფემ, - ამბობს კიროსი, - დიდძალი ხარკი მომართვა და ფეხები დამიკოცნა, როცა ბაბილონის ტახტზე ვიჯექი“. კიროსს იმპერიის მომავალზე განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. განსხვავებით ასურელებისა და ბაბილონელებისგან, რომელთა იმპერიებიც ხოცვა-ჟლეტასა და გადასახლებებზე იყო დაფუძნებული, კიროსი რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა „ხალხის ერთ იმპერიაში გასაერთიანებლად“ საჭირო პოლიტიკური ძალაუფლებისთვის.

მალე სპარსეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც ებრაელები ძლიერ გააოცა: „ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა ღმერთმა და მანვე მიბრძანა, ავუშენო მას სახლი იერუსალიმში. ვინ არის თქვენ შორის ამ ხალხიდან? წავიდეს იერუსალიმში და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს!“ კიროსი იუდაელებს არა მხოლოდ სახლში აბრუნებდა და მათი უფლებებისა და რჯულის დაცვის გარანტადაც გამოდიოდა (რაც მანამდე არც ერთ უცხოელ მეფესა თუ მმართველს არ გაეკეთებინა), არამედ იერუსალიმის მათ მფლობელობაში დაბრუნებას და ტაძრის აღდგენასაც ჰპირდებოდა. კიროსმა იერუსალიმის მმართველად იუდას ბოლო მეფის ძე, შეშბაცარი დანიშნა და ტაძრის ჭურჭელიც დაუბრუნა. რა გასაკვირია, რომ იუდეველმა წინასწარმეტყველმა კიროსი მესიად შერაცხა. „ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!“ შეშბაცარი 42 360 გადასახლებულს იერუსალიმში შეუძღვა, იეჰუდას ანუ იუდას პროვინციაში. ბრწყინვალე ბაბილონთან შედარებით, იერუსალიმი ნამდვილ უდაბნოს ჰგავდა; ესაია წერს: „გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმინდა ქალაქო... ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ... დატყვევებულო სიონის ასულო!“ თუმცა, მეფე კიროსსა და გადასახლებიდან დაბრუნებულებს გეგმები იუდეაში დარჩენილებმა, კერძოდ, სამარიელებმა, აურდაურიეს.

გადასახლებიდან დაბრუნებიდან ცხრა წელიწადში დიდების მწვერვალზე მყოფი კიროსი ცენტრალურ აზიაში ბრძოლისას დაიღუპა. როგორც ამბობდნენ, გამარჯვებულმა მეტოქემ მოკლული მეფის თავი სისხლით სავსე ღვინის ტიკში ჩააგდო, რათა სხვათა მიწებისადმი მისი დაუოკებელი წყურვილი ასე დაეცხრო. კიროსის მემკვიდრემ მამის ცხედარი დაიბრუნა და ფასარგადში (სამხრეთ ირანში), ოქროს სარკოფაგში ჩაასვენა. კიროსის აკლდამა დღესაც არსებობს. „ის ყველა მონარქს აღემატებოდა, წინამორბედებსაც და მის შემდგომებსაც“, - წერს ბერძენი ჯარისკაცი ქსენოფონტი. იერუსალიმმა მფარველი დაკარგა.

დარიოსი და ზერუბაბელი: ახალი ტაძარი

მანამდე არსებულთაგან ყველა იმპერიაზე უდიდესის, კიროსის იმპერიის ბედი იერუსალიმთან ახლოს გადაწყდა. კიროსის ძე, კამბის II - იგივე კამბუჯია - ტახტზე ავიდა და ძვ. წ. 525 წელს ღაზა დალაშქრა, საიდანაც, სინაის გავლით, ეგვიპტეში შეიჭრა. მაგრამ ამასობაში სპარსეთში საკუთარი ძმა აუჯანყდა. აჯანყების ჩასახშობად და ტახტის შესანარჩუნებლად უკან დაბრუნებული კამბის II ღაზასთან იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. იქვე შვიდმა დიდებულმა პირი შეკრა და იმპერიის ხელში ჩასაგდებად საიდუმლოდ შეხვდა ერთმანეთს; ვინაიდან სამეფო ტახტზე ასაყვანი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს, ასე შეთანხმდნენ, პირველად ვისი ცხენიც შეეგებება განთიადს ჭიხვინით, ტახტიც მისი იყოსო. პირველად დარიოსის ცხენმა დაიჭიხვინა. დარიოსი დიდებულთა გვარის ახალგაზრდა წარმომადგენელი, კამბისის ლაშქრის შუბოსანი იყო. ჰეროდოტე ამტკიცებს, დარიოსმა ითაღლითა, თავის მეჯინიბეს უბრძანა, ფაშატის საშოში თითები შეეყოო. მეჯინიბე ასეც მოქცეულა და გადამწყვეტ მომენტში ცხენისთვის ყურშიც ჩაუბერავს. ამგვარად, ჰეროდოტე აღმოსავლელი დესპოტის აღზევებას დამცინავად მიაწერს ვენერიულ ოინს.

ექვს თანამზრახველთან ერთად დარიოსმა აღმოსავლეთისკენ გააჭენა ცხენი, ყოველ პროვინციაში ჩაახშო ამბოხი და სპარსეთის იმპერია ისევ გააერთიანა. თუმცა, სამოქალაქო ომის გამო „შეწყვეტილი იყო ღვთის სახლის შენება იერუსალიმში სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე“. ძვ. წ. დაახლოებით 520 წელს იუდას ბოლო მეფის შვილიშვილმა - უფლისწულმა ზერუბაბელმა და მისმა მღვდელმა იეშუამ, ძველი ტაძრის ბოლო მღვდელმთავრის ვაჟმა, ბაბილონი დატოვეს და იერუსალიმის გადასარჩენად წავიდნენ. ზერუბაბელმა ტაძრის მთაზე საზეიმოდ ააგო ახალი სამსხვერპლო, ხელოსნები დაიქირავა და ფინიკიური კედრის ხის მასალა შეიძინა. ამ მშენებლობისა და სპარსეთის იმპერიაში ქაოსის შემხედვარე გახარებულმა ებრაელებმა ახალ სამეფოზე მესიანური ოცნება დაიწყეს. „იმ დღეს, ამბობს ლაშქართა უფალი, წაგიყვან ზერუბაბელ, ჩემო მსახურო... ჩემს ბეჭდად გაქცევ“, - წერს წინასწარმეტყველი ანგია და ზერუბაბელის პაპის დაკარგულ დავითის ბეჭედზე ამოწმებს. ებრაელი წინამძღოლები ბაბილონიდან ოქრო-ვერცხლით ჩამოვიდნენ და ზერუბაბელს (რაც „ბაბილონის თესლს“ ნიშნავს) უწოდეს „ყლორტი“, რომელიც „დაჯდება თავის ტახტზე და იხელმწიფებს“.

ქალაქის ირგვლივ მცხოვრებლებმა და სამარიელებმა ამ წმინდა საქმეში მონაწილეობა მოინდომეს და ზერუბაბელს დახმარება შესთავაზეს, მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებულები ახლებურ იუდაიზმს ქადაგებდნენ. მათ ადგილობრივები ნახევრად წარმართებად მიაჩნდათ და ზიზღით „ამ ჰაარეცს“ უწოდებდნენ, რაც სიტყვასიტყვით „ამ მიწის ხალხს“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი - „მდაბიოს“. დაპირისპირების სისხლისღვრაში გადაზრდის შიშით, თუ ადგილობრივთა ქრთამის წყალობით, სპარსმა გამგებელმა მშენებლობის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

სამ წელში დარიოსმა ყველა წინააღმდეგობა დაძლია და ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მმართველად იქცა. მისი ტოლერანტული იმპერია იყო პირველი, რომელიც თრაკიიდან ეგვიპტემდე და ეგვიპტიდან ჰინდუქუშამდე, სამ კონტინენტზე გადაიჭიმა. ახალი მეფე დამპყრობლისა და ადმინისტრატორის იშვიათი ნაზავი აღმოჩნდა. გამარჯვების უკვდავსაყოფად ქვაზე ამოკვეთილი მისი გამოსახულება დარიოსს (დარაიავაუშს) წარმოგვიდგენს 1,8 მ სიმაღლის კლასიკურ არიელად, რომელსაც მაღალი შუბლი და სწორი ცხვირი აქვს, ოვალური თვლებით მოოჭვილი ოქროს საომარი გვირგვინითაა თავდამშვენებული, გვირგვინს ქვემოდან კულულები ჩამოუშვია, ულვაშები დაუგრეხია და ოთხკუთხა წვერი ოთხ ზოლად დაუწნავს. თავის სიძლიერის ჟამს დარიოსს შარვალსა და ფეხსაცმლებზე მანტია ჰქონდა შემოსხმული, ხელთ კი იხვისთავიანი მშვილდი ეპყრა.

ამ დიდებულ მმართველს მიმართა ზერუბაბელმა და კიროსის ბრძანებულება გაახსენა. დარიოსმა სამეფო ნაწერები შეამოწმებინა, კიროსის ბრძანებულება იპოვა და ბრძანა: „ააშენოს იუდას გამგებელმა ღვთის სახლი. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!“ ძვ. წ. 518 წელს დარიოსმა ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად დასავლეთში გაილაშქრა. როგორც ჩანს, ზედმეტად აღტაცებული იერუსალიმელი ებრაელების დასაშოშმინებლად გზად იუდეაშიც გაიარა და ალბათ ზერუბაბელიც სიკვდილით დასაჯა, რადგან დავითის გვარის ეს უკანასკნელი წარმომადგენელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქრება ისტორიის ასპარეზიდან. ძვ. წ. 515 წლის მარტში სიხარულით აღნიშნეს მღვდლების მიერ მეორე ტაძრის სატფურება (კურთხევა) და მსხვერპლად შესწირეს 100 ხარი, 200 ვერძი, 400 კრავი და 12 თხა (ისრაელის თორმეტი ტომის ცოდვათა გამოსასყიდად). ასე იზეიმეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა იუდაელებმა პირველი პასექი. მაგრამ მოხუცებს, რომლებსაც ძველი ტაძარი ახსოვდათ, ცრემლები სდიოდათ, რადგან ახლა ქალაქი პატარა და ნახევრად ცარიელი იყო. თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ დარიოსის შვილიშვილის, მეფე ართაქსერქსე I-ის მერიქიფე იყო ებრაელი, სახელად ნეემია. მას იერუსალიმელებმა დახმარება სთხოვეს: „იქ დარჩენილნი დიდ უბედურებასა და დამცირებაში არიან. დანგრეულია იერუსალიმის კედელი“. ნეემიას გული დასწყდა. „დავჯექი, ავტირდი და ვგლოვობდი“. როცა შუშანში (სუსაში), სპარსეთის დედაქალაქში, ართაქსერქსეს ემსახურებოდა, მეფემ ნეემიას ჰკითხა: „რად გაქვს მწუხარე სახე?“ მერიქიფემ უპასუხა: „საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია? ...თუ ინებებს მეფე... გამიშვი იუდაში... და ავაშენებ მას.“ ნეემია შიშით ელოდა მეფის პასუხს.

ნეემია: სპარსელთა დაღმასვლა

დიდმა მეფემ ნეემია გამგებლად დანიშნა, ჯარისკაცთა რაზმიც გააყოლა და ფინანსურადაც გაუმართა ხელი. მაგრამ იერუსალიმის ჩრდილოეთით მცხოვრებ სამარიელებს საკუთარი მთავარი ჰყავდათ, სანბალატი, რომელსაც შორეული შუშანიდან (სუსადან) მოსული ეს ჩუმჩუმელა კარისკაცი და გადასახლებიდან დაბრუნებული იუდეველების გეგმები არ მოსწონდა. ნეემიამ იმის შიშით, მკვლელები არ დამადევნონო, ღამით დაათვალიერა იერუსალიმის დანგრეული გალავანი და დამწვარი კარიბჭე. მისი მოგონებები, ერთადერთი პოლიტიკური ავტობიოგრაფია ბიბლიაში, გვიამბობს, როგორ დასცინა სანბალატმა, ნეემიამ მას გალავნის აღდგენის გეგმა რომ გაუმხილა. თუმცა სანბალატს გუნება უმალ წაუხდა, როცა შეიტყო, რომ ნეემია გამგებლად დაენიშნათ. მიწათმფლობელებსა და მღვდლებს გალავნის სხვადასხვა მონაკვეთის აღდგენა დაევალათ. როცა მშენებლებს სანბალატმა და მისმა ავაზაკებმა შეუტიეს, ნეემიამ მცველები დააყენა და „ორმოცდათორმეტ დღეში დასრულდა კედელი“ დავითის ქალაქისა და ტაძრის მთის გარშემო; ხოლო ტაძრიდან ჩრდილოეთით დაბალი ციხე ააშენეს.

ნეემიას თქმით, იერუსალიმი უკვე „დიდი და ფართო იყო, მაგრამ ხალხი ცოტა იყო მასში“. ნეემიამ იერუსალიმს გარეთ მცხოვრები ებრაელები დაარწმუნა, კენჭი ეყარათ და ყოველი მეათე იერუსალიმში დაასახლა. თორმეტი წლის შემდეგ ნეემია სპარსეთში მეფეს ეახლა. იქიდან კვლავ შინ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სანბალატის დამქაშებს ტაძრის მართვა სარფიან საქმედ ექციათ, ხოლო ებრაელები უცხოტომელ ქალებზე ქორწინდებოდნენ. ნეემიამ ვაჭრები ქალაქიდან გააყრევინა, შერეული ქორწინებები აკრძალა და ახალი, წმინდა იუდაიზმის გავრცელება დაიწყო.

თანდათან სპარსეთმა თავის პროვინციებზე კონტროლი დაკარგა და ებრაელებმა თავიანთი, ნახევრად დამოუკიდებელი იეჰუდის მინისახელმწიფო შექმნეს. ტაძრის გარშემო დაფუძნებული იეჰუდის ძირითად შემოსავალს პილიგრიმების (რომელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა) შეწირულობა წარმოადგენდა, ხოლო სამეფოს თორას მეშვეობით მართავდნენ მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, მეფე დავითის მღვდლის, ცადოკის, შთამომავლები. ტაძრის განძი კიდევ ერთხელ იქცა სანუკვარ ჯილდოდ. ერთ-ერთი მღვდელმთავარი ტაძარში მისმავე ხარბმა ძმამ, იესომ (იეშუამ) მოკლა; ეს მკრეხელობა იყო, რაც სპარსელმა გამგებელმა იერუსალიმზე თავდასხმისა და ტაძრის გაძარცვის საბაბად გამოიყენა. სანამ სპარსეთის სამეფოს კარისკაცები სასიკვდილო შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, მეფე ფილიპე II მაკედონელმა ძლიერი ლაშქარი გაწვრთნა, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები დაიპყრო და სპარსეთის წინააღმდეგ წმინდა ომისთვის მზადება დაიწყო, რათა დარიოსისა და ქსერქსეს შემოსევებისთვის შური ეძია. თუმცა ფილიპე მალე მოკლეს და ტახტს მისი ოცდაერთი წლის ვაჟი, ალექსანდრე დაეპატრონა. სწორედ მან შეუტია სპარსეთს და ასე მოხვდნენ ბერძნები იერუსალიმში.

7. მაკედონელები

ძვ. წ. 336-166 ალექსანდრე დიდი ძვ. წ. 336 წელს, მამის მკვლელობიდან სამ წელიწადში, ალექსანდრემ ორჯერ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III, რომელმაც აღმოსავლეთისკენ დაიხია. ალექსანდრე პირდაპირ არ დასდევნებია მას, ჯერ სანაპიროს დაუყვა ეგვიპტემდე და იერუსალიმს მისი ლაშქრისთვის საგზლის გამზადება დაავალა. იერუსალიმის მღვდელმთავარმა თავიდან უარი უთხრა ალექსანდრეს, მაგრამ მალევე შედრკა: ტვიროსს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ალექსანდრემ ალყა შემოარტყა, აიღო და დაცემული ქალაქის მაცხოვრებლები ჯვარს აცვა. როგორც რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ებრაელმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიუსმა დაწერა, ალექსანდრე „საჩქაროდ იერუსალიმისკენ გაემართა“, სადაც მეწამულ მოსასხამში გახვეული მღვდელმთავარი და თეთრ სამოსში გამოწყობილი იერუსალიმელები კარიბჭესთან შეეგებნენ. ისინი ალექსანდრეს ტაძარში შეუძღვნენ და ებრაელთა ღმერთისთვის მსხვერპლი შეაწირვინეს. ეს ისტორია სასურველის რეალობად გასაღებას ჰგავს. სავარაუდოდ კი, მღვდელმთავრები და ნახევრად ებრაელი სამარიელების წინამძღოლები ალექსანდრეს როშ-ჰა-აინში, მდინარის პირას შეხვდნენ. ალექსანდრემ კიროსს მიჰბაძა და ებრაელებს თავიანთი რჯულის მიხედვით ცხოვრების უფლება მისცა. შემდეგ ალექსანდრემ ეგვიპტე დაიპყრო, იქ ქალაქი ალექსანდრია დააარსა და შორეული აღმოსავლეთისკენ გაემართა, საიდანაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სპარსეთის იმპერიის საბოლოოდ განადგურებისა და თავისი ჰეგემონიის პაკისტანამდე გავრცელების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი პროექტი წამოიწყო: სპარსელებისა და მაკედონელების ერთ ელიტად შერწყმა, რომელსაც მისი იმპერია უნდა ემართა. ვერ ვიტყვით, რომ ალექსანდრემ დაწყებულის ბოლომდე წარმატებით მიყვანა შეძლო, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს სხვა დამპყრობელი, რომელმაც მსოფლიო ასე შეცვალა ელინიზაციის - ბერძნული კულტურის, ენის, პოეზიის, რელიგიის, სპორტისა და ჰომეროსისეული მმართველობის სტილის გავრცელებით ლიბიის უდაბნოებიდან ავღანეთის მთებამდე. ბერძნული ცხოვრების სტილი ისეთსავე უნივერსალურად იქცა, როგორც ბრიტანული ცხოვრების წესი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, ან ამერიკულია ჩვენს დროში. მისი დროიდან მოყოლებული ბერძნული ფილოსოფიური და პოლითეისტური კულტურის მონოთეისტი ებრაელი მტრებიც კი ელინიზმის ჭრილიდან აფასებდნენ სამყაროს. ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს, იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიოს დაპყრობიდან რვა წლის შემდეგ, ციებ-ცხელებით შეპყრობილი თუ მოწამლული ალექსანდრე ბაბილონში ოცდათორმეტი წლის ასაკში მომაკვდავი იწვა სარეცელზე. საწოლთან შეგროვილ მის ერთგულ ჯარისკაცებს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ. როცა ალექსანდრეს ჰკითხეს, სამეფოს ვის უტოვებო, მან უპასუხა: „უძლიერესს!“

პტოლემაიოსი: შაბათის ძარცვა-გლეჯა

უძლიერესის გამოსავლენად ალექსანდრეს მთავარსარდლებს შორის ოცდაერთწლიანი ომი მიმდინარეობდა. იერუსალიმი „ქვეყანაზე ავის გამამრავლებელი“ მაკედონელი სარდლების ხელიდან ხელში გადადიოდა. ორი უმთავრესი პრეტენდენტის დუელი დიდხანს გაგრძელდა და იერუსალიმმა ექვსჯერ გამოიცვალა მმართველი. თხუთმეტი წლის განმავლობაში ქალაქს ცალთვალა ანტიგონე მართავდა, სანამ ძვ. წ. 301 წელს ის ბრძოლაში არ მოკლეს და იერუსალიმს გამარჯვებული - პტოლემაიოსი - არ მოადგა დასაპატრონებლად. პტოლემაიოსი ალექსანდრეს ნათესავი იყო, გამოცდილი მხედართმთავარი, რომელიც საბერძნეთიდან პაკისტანამდე სარდლობდა ლაშქარს და მდინარე ინდიზე მაკედონურ ფლოტსაც წინამძღოლობდა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას ეგვიპტე ერგო. როცა პტოლემაიოსმა შეიტყო, რომ ალექსანდრეს ამალა საბერძნეთში ბრუნდებოდა, პალესტინაში წამოეწია მას და დედაქალაქ ალექსანდრიისკენ შეაბრუნა, უდიდესი ბერძნული თილისმის, ალექსანდრეს ცხედრის, მცველი და მისი ცეცხლოვანი სულის პატრონიც გახდა. პტოლემაიოსი მხოლოდ მთავარსარდალი არ იყო: მონეტებზე გამოსახული ჯარისკაცის გამოკვეთილი ყბა და მსხვილი ცხვირი მცდარ წარმოდგენას შეგიქმნით მის ცბიერებასა და გონებამახვილობაზე.

პტოლემაიოსმა იერუსალიმელებს განუცხადა, შაბათს ქალაქში შემოსვლა მინდა, რათა ებრაელთა ღმერთს მსხვერპლი შევწიროო. ებრაელები მოტყუვდნენ: უქმე დღეს პტოლემაიოსმა ქალაქი აიღო, ხოლო ებრაელებმა თავიანთი უმოქმედობით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ფანატიკური მორჩილება რჯულისადმი. თუმცა, როგორც კი შაბათს მზე ჩავიდა, იერუსალიმელებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. მაშინ პტოლემაიოსის ლაშქარი იერუსალიმს შეესია. „სახლები გაძარცვეს, ქალებს აუპატიურებდნენ; ნახევარი ქალაქი ტყვედ აიყვანეს“. სავარაუდოდ, პტოლემაიოსმა ნეემიას მიერ ტაძრის ჩრდილოეთით აგებულ ბარისის ციხესიმაგრეში ჩააყენა გარნიზონი, ხოლო ათასობით ებრაელი ეგვიპტეში გადაასახლა. სწორედ მათ შექმნეს ბერძნულენოვანი ებრაელების თემი პტოლემაიოსის ბრწყინვალე დედაქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტეში პტოლემაიოსი და მისი მემკვიდრეები ფარაონებად იქცნენ; ალექსანდრიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში კი ისინი ბერძენი მეფეები იყვნენ. პტოლემაიოს სოტერი - „მხსნელი“, როგორც მას ეგვიპტეში უწოდებდნენ, - ადგილობრივ ღმერთებს, ისისსა (ისიდას) და ოსირისს სცემდა თაყვანს, მმართველობის ეგვიპტური ტრადიციები შეითვისა და თავისი დინასტია ერთდროულად ეგვიპტელ მეფე-ღმერთებად და ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობის ბერძენ მონარქებად გამოაცხადა. მან და მისმა მემკვიდრეებმა ჯერ კვიპროსი და კირენაიკა, მოგვიანებით კი ანატოლიის ველები და ბერძნული კუნძულებიც დაიპყრეს. პტოლემაიოსი ხვდებოდა, რომ მას სიდიადესა და ლეგიტიმურობას არა მხოლოდ საომარი გამარჯვებები, არამედ კულტურაც მიანიჭებდა. სწორედ მან აქცია ალექსანდრია ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ბერძნულ ქალაქად, დააარსა მუზეუმი და ბიბლიოთეკა, მოიწვია ბერძენი სწავლულები და ააშენა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, ალექსანდრიის შუქურა. მისმა იმპერიამ სამი საუკუნე გვარის უკანასკნელ წარმომადგენლამდე - კლეოპატრამდე - იარსება. პტოლემაიოსმა ოთხმოც წელზე მეტი იცოცხლა და ალექსანდრე დიდის ისტორია დაწერა. პტოლემაიოს II ფილადელფოსი ებრაელებისადმი კეთილგანწყობილი იყო; მან 120 000 ებრაელი მონობიდან გაათავისუფლა და მათი ტაძრის შესამკობად ოქროც გაგზავნა. ის სილამაზისა და სანახაობის ძალას აღიარებდა. ძვ. წ. 275 წელს განსაკუთრებული სტუმრების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის სიუხვისა და ღვინის ღმერთის, დიონისეს სახელზე აღლუმი მოაწყო, რომელზეც ჯიქის ტყავისგან შეკერილი უშველებელი ტიკით 200 000 გალონი ღვინო და 55 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სისქის ფალოსი გამოიტანეს, სპილოები და იმპერიის ყველა კუთხიდან ჩასული ქვეშევრდომები ჩაატარეს. პტოლემაიოს II წიგნების კოლექციონერიც იყო. როცა იერუსალიმის მღვდელმთავარმა ებრაული თანახის ოცამდე წიგნი ალექსანდრიაში გაგზავნა, პტოლემაიოსმა ტექსტის დაუყოვნებლივ ბერძნულად თარგმნის განკარგულება გასცა. ის პატივს სცემდა ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელ სწავლულებს და თარგმანის შესაფასებლად ხშირად იწვევდა მათ: „თქვენებური წესის მიხედვით ვისადილებთ, - ჰპირდებოდა მათ მეფე, - ჩემთვის ცალკე მოამზადებენ სადილს“. როგორც ამბობენ, სამოცდაათ დღეში სამოცდაათმა მთარგმნელმა სამოცდაათი იდენტური თარგმანი წარუდგინა პტოლემაიოსს. სეპტუაგინტამ იერუსალიმის ისტორია შეცვალა და მოგვიანებით ქრისტიანობის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. ალექსანდრე დიდის წყალობით, ბერძნული საერთაშორისო ენად იყო ქცეული. პირველად ისტორიის მანძილზე ბიბლიის წაკითხვა თითქმის ყველასთვის შესაძლებელი გახდა.

იოსებ ტობიანი

პტოლემაიოსის იმპერიის შემადგენლობაში იერუსალიმი ნახევრად დამოუკიდებელი მინისახელმწიფოს სტატუსით შედიოდა. იუდა საკუთარ მონეტებს ჭრიდა, რომელზეც „იეჰუდი“ ეწერა. იერუსალიმი მხოლოდ პოლიტიკური ერთეული კი არ იყო, არამედ - ღვთის კუთვნილი ქალაქი, რომელსაც მღვდელმთავრები მართავდნენ. ონიანების ამ შტოს, რომელიც ბიბლიური მღვდლის, ცადოკის შთამომავლობას იჩემებდა, პტოლემეინებისთვის გადასახდელ ხარკს კრებდა და დიდძალი სიმდიდრე და ძალაუფლება მოეხვეჭა. ძვ. წ. 240 წელს მღვდელმთავარმა ონია II-მ პტოლემაიოს III ევერგეტესს 20 ტალანტი ვერცხლის ვალი არ დაუბრუნა. ამან შესაძლებლობა მისცა საჭირო კავშირების მქონე ერთ ახალგაზრდა ებრაელს, მღვდელმთავარ ონია II-ს, არა მხოლოდ იერუსალიმის, არამედ მთელი მიწის მმართველობაში შესცილებოდა.

ეს ავანტიურისტი იყო თავად მღვდელმთავრის დისწული იოსები, რომელიც ალექსანდრიაში წავიდა, სადაც მეფე აუქციონს მართავდა: მონაწილეები დიდძალ ხარკს სთავაზობდნენ პტოლემაიოს III-ს თავიანთი მიწების მართვისა და იქ გადასახადების აკრეფის უფლების სანაცვლოდ. სირიელმა დიდებულებმა დასცინეს ახალგაზრდა იოსებს, მაგრამ მან ყველას ჭკუით აჯობა. იოსებმა მეფესთან შეხვედრა პირველმა მოახერხა და მას თავი მოაწონა. როცა პტოლემაიოს III-მ აუქციონი დაიწყო, თავდაჯერებულმა იოსებმა მეტოქეებს ერთბაშად კოილეს-სირიის, ფინიკიის, იუდასა და სამარიის მმართველობის უფლება წაართვა. მეფემ იოსებს მძევლის დატოვება მოსთხოვა, რათა ხარკის გადახდის გარანტია ჰქონოდა. „ვერავის დაგიტოვებთ, მეფეო, - უპასუხა ცბიერმა იერუსალიმელმა, - გარდა თქვენი თავისა და ცოლისა“. ამ კადნიერებისთვის იოსები შეიძლებოდა დაესაჯათ კიდეც, მაგრამ პტოლემაიოსმა მხოლოდ გაიცინა და თანხმობა განაცხადა.

იოსები იერუსალიმში 2000 ეგვიპტელი ჯარისკაცის თანხლებით დაბრუნდა. დასამტკიცებელი მას ბევრი ჰქონდა. როცა აშკელონმა გადასახადების გადახდაზე უარი თქვა, იოსებმა მისი 20 რჩეული მოქალაქე სიკვდილით დაასჯევინა. აშკელონმა გადაიხადა.

იოსებმა, როგორც მისმა სეხნიამ „დაბადების წიგნიდან“, ეგვიპტეში უმაღლეს დონეზე ითამაშა და გაიმარჯვა. ალექსანდრიაში მეფის ნადიმზე იოსებს ერთი მსახიობი მოეწონა და მისი ცდუნება მოინდომა, მაგრამ საკუთარმა ძმამ ის მსახიობი საკუთარი ქალიშვილით შეუცვალა. მთვრალმა იოსებმა ღამით ვერაფერი შეამჩნია, ხოლო გამოფხიზლებულს საკუთარი ძმისწული შეუყვარდა. მათმა ქორწილმა გვარის სიძლიერე უფრო განამტკიცა. მათი ვაჟი, ჰირკანი, იოსებივით გაიძვერა გაიზარდა. იოსები ფუფუნებაში ცხოვრობდა, მკაცრი მმართველი იყო და მაღალი გადასახადები დააწესა, მაგრამ იოსებ ფლავიუსის თქმით, „სულგრძელი ადამიანი იყო, მას პატივს სცემდნენ მისი სიდარბაისლისთვის, სიბრძნისა და სამართლიანობისთვის. მან ებრაელები სიღარიბიდან გამოიყვანა და გააკეთილშობილა“.

იოსებ ტობიანი ეგვიპტის მეფეებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად სელევკიდების მტრულ მაკედონურ დინასტიასთან განუწყვეტელ ომში იყვნენ ჩაბმულნი. ძვ. წ. დაახლოებით 241 წელს, მტრებზე გამარჯვების შემდეგ, პტოლემაიოს III მადლობის ნიშნად იერუსალიმს ეწვია და ტაძარში მსხვერპლი შესწირა. რასაკვირველია, იქ იოსებმა უმასპინძლა. როცა პტოლემაიოს III მოკვდა, ეგვიპტელები უსაზღვრო ამბიციის მქონე ახალგაზრდა სელევკიდი მეფის პირისპირ აღმოჩნდნენ.

ანტიოქე დიდი: სპილოების ბრძოლა

ეს ახალგაზრდა მეფე იყო აზიის მაკედონელი მეფე ანტიოქე III. ძვ. წ. 223 წელს ამ პერიპატეტიკოსმა თვრამეტი წლის ბიჭმა მემკვიდრეობით გრანდიოზული ტიტული და დაშლის პირას მყოფი იმპერია მიიღო. თუმცა, ანტიოქე საკმარისად ნიჭიერი გამოდგა და იმპერია სიკვდილისგან იხსნა. ანტიოქე თავს ალექსანდრეს მემკვიდრედ მიიჩნევდა და სხვა ბერძენი მეფეების მსგავსად აპოლონს, ჰერაკლეს, აქილევსსა და, რაც მთავარია, ზევსს, ედრებოდა. თავბრუდამხვევი საომარი კამპანიების შედეგად ანტიოქემ ალექსანდრეს აღმოსავლეთ იმპერიის ყველა სამფლობელო დაიბრუნა ინდოეთამდე და ტიტული „დიდი“ მოიხვეჭა. ის გამუდმებით ესხმოდა თავს პალესტინას, მაგრამ პტოლემეიანები მის მოგერიებას ახერხებდნენ და მოხუცი იოსებ ტობიანი იერუსალიმის გამგებლობას აგრძელებდა. მაგრამ მას ვაჟიშვილმა ჰირკანმა უღალატა და ქალაქს შეუტია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იოსებმა დაამარცხა ვაჟიშვილი, რომელიც გაიქცა და დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე საკუთარი სამთავრო დააარსა.

ძვ. წ. 201 წელს უკვე ორმოცს გადაცილებული ანტიოქე აღმოსავლეთის დიდი ლაშქრობებიდან ტრიუმფით დაბრუნდა. იერუსალიმი „ორპირ ქარში მოქცეული გემივით ირყეოდა“. ანტიოქემ ეგვიპტის დამარცხება ბოლოს მაინც შეძლო და იერუსალიმიც ახალ ბატონს მიესალმა. „როცა ქალაქში შევედით, ებრაელებმა ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს, მათი საბჭოც შეგვხვდა, - აცხადებს ანტიოქე, - და ეგვიპტური გარნიზონის გაყრაშიც დაგვეხმარნენ“. სელევკიდი მეფე და მისი არმია შთამბეჭდავი სანახავი იყო. ანტიოქეს ალბათ თავზე სამეფო დიადემა ედგა, ოქროთი მოქარგული თასმებიანი წითელი წაღები ეცვა, ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ოქროსფერი ვარსკვლავებით მოწინწკლული და წითელი საკინძით ყელთან შეკრული მუქი ლურჯი მოსასხამი ჰქონდა შემოსხმული. იერუსალიმელებმა საგზალი მოუმარაგეს ანტიოქეს მრავალეროვან არმიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სარისებით შეიარაღებული მაკედონური ფალანგები, კრეტელი მთის მებრძოლები, კილიკიელი ქვეითები, თრაკიელი მეშურდულეები, მიდიელი მშვილდოსნები, ლიდიელი ხელშუბოსნები, სპარსი მშვილდოსნები, ქურთი ქვეითები, საომარ ცხენებზე ამხედრებული მძიმედ აღჭურვილი ირანელი კატაფრაქტები და რაც ყველაზე პრესტიჟული იყო, სპილოები - სავარაუდოდ, ეს ცხოველები იერუსალიმში მაშინ პირველად იხილეს.[35]

ანტიოქემ ებრაელებს აღუთქვა, რომ ტაძარსა და ქალაქის კედლებს აღადგენდა და ქალაქს დაასახლებდა. მან ებრაელებს უფლება მისცა, „მამა-პაპათა რჯულის მიხედვით ეცხოვრათ“. მეფემ აგრეთვე აკრძალა ტაძარში უცხოელების შესვლა და „ქალაქში ცხენის, ჯორის, გარეული თუ შინაური ვირის, ჯიქის, მელიისა და კურდღლის ხორცის შეტანა“. მღვდელმთავარმა სიმონმა, რასაკვირველია, მხარი დაუჭირა ანტიოქეს - იერუსალიმს ხომ მანამდე არასდროს ჰყოლოდა ასეთი გულუხვი დამპყრობელი. იერუსალიმელები ამ პერიოდს ოქროს ხანად მიიჩნევენ: ქალაქს იდეალური მღვდელმთავარი მართავდა, რომელსაც „ღრუბლებს შორის გამონათებულ ცისკრის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ.

სიმონ მართალი: ცისკრის ვარსკვლავი

როცა გამოსყიდვის დღეს წმიდათა წმიდადან გამოვიდა, მღვდელმთავარი სიმონი[36] „დიდებით იყო შემოსილი; ასე ავიდა წმინდა სამსხვერპლომდე“. სიმონი იყო ნიმუში სრულყოფილი მღვდელმთავრისა, რომელიც იუდას მირონცხებული მთავარივით მართავდა; ის მონარქის, პაპისა და აიათოლას ნაზავი იყო: მოოქრული მანტია ემოსა, ბზინვარე სამკერდული ეკეთა, გვირგვინის ფორმის ჩალმა ეხურა, რომელიც იუდას მეფეების თავსაბურავის რელიკვიით, სიცოცხლისა და ხსნის სიმბოლოთი, ოქროს ყვავილით, ნეცერით, ჰქონდა მორთული. იესო ბენ სირა, „ეკლესიასტეს“ ავტორი და პირველი მწერალი, რომელიც აყვავებული ქალაქის წმინდა დრამას აღწერს, სიმონს „ცას მიწვდენილ კვიპაროსის ხეს“ უწოდებს.

იერუსალიმში თეოკრატიული მმართველობა დამყარდა. სიტყვა „თეოკრატია“ იოსებ ფლავიუსმა გამოიგონა „მთლიანად ღმერთს მიბარებული და მისი მორჩილი“ მინისახელმწიფოს შესაფასებლად. ყოველი ცხოვრებისეული დეტალი მკაცრი წესებით რეგულირდებოდა, რადგან პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთისგან გამოყოფილი არ იყო. იერუსალიმში ქანდაკებებს ან ქვაზე ამოტვიფრულ გამოსახულებებს ვერსად ნახავდით. შაბათის წესს მანიაკალურად იცავდნენ. რელიგიური დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა. არსებობდა სიკვდილით დასჯის ოთხი გზა: ქვებით ჩაქოლვა, კოცონზე დაწვა, თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა. მრუშებს ქვებით ქოლავდნენ. ჩაქოლვაში ყველა მონაწილეობდა (თუმცა, დამნაშავეს ჯერ კლდიდან ძირს გადააგდებდნენ ხოლმე, ამიტომ სასჯელის აღსრულებისას უმეტესად ყოველთვის უგონოდ იყო). მამაზე ხელის ამწევ ვაჟს ახრჩობდნენ. კაცს, რომელიც ქალთან და მის ქალიშვილთან იმრუშებდა, კოცონზე წვავდნენ.

ებრაული ცხოვრების ცენტრი ტაძარი იყო: მღვდელმთავარი და მისი საბჭო, სინედრიონი, იქ იკრიბებოდა. ყოველ დილით საყვირების ხმის თანხლებით პირველი ლოცვის დაწყებას აცხადებდნენ, როგორც ამას მუსლიმი მუეძინი აკეთებს. დღეში ოთხჯერ შვიდი ვერცხლის საყვირის ახმიანებით ამცნობდნენ მლოცველებს, ტაძარში მიწაზე გართხმულიყვნენ. დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ჯანმრთელი ვერძის, ძროხისა და მტრედის შეწირვა ტაძრის სამსხვერპლოსაე და საკურთხეველზე გუნდრუკის კმევა ებრაული თაყვანისცემის უმთავრესი რიტუალი იყო. სიტყვა „ჰოლოკოსტი“ ებრაული „ოლაჰ“ -იდანაა (რაც „ზემოთ ასვლას“ ნიშნავს) წარმოშობილი და ასე უწოდებდნენ დასაწვავ სამსხვერპლოზე შეწირულ ცხოველს, რომლის კვამლიც „მაღლა,“ ღმერთთან „ადიოდა“. ქალაქი ალბათ ტაძრის სამსხვერპლოს სუნით იყო გაჟღენთილი: დარიჩინისა და კასიის საკმევლების სურნელი შემწვარი ხორცის კვამლს ერწყმოდა. რა გასაკვირია, რომ იერუსალიმელები მურს, ბალზამსა და ნარდს იყენებდნენ სუნამოებად.

დღესასწაულებზე იერუსალიმში პილიგრიმები ჩამოდიოდნენ. ტაძრიდან ჩრდილოეთით, ცხვრის ჭიშკართან, ცხვრებსა და ნახირს უვლიდნენ და შესაწირად ამზადებდნენ. პასექზე 200 000 კრავს კლავდნენ. თუმცა, ყველაზე წმინდა და უხვი კვირა იერუსალიმში „კარვების დღესასწაული“ იყო, როცა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი კაცები და გოგონები ტაძრის ეზოში ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ანთებულ ჩირაღდნებს იქნევდნენ და ნადიმობდნენ; პალმისა და სხვა ხის ტოტებით თავიანთი სახლების სახურავებზე და ტაძრის ეზოში ქოხებს აგებდნენ.[37]

თუმცა, თვით სამართლიანი სიმონის მმართველობის დროსაც კი მოიძებნებოდნენ მოხერხებული და გამოცდილი ებრაელები, რომლებიც მდიდარ ბერძნებს ჰგავდნენ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე, ზედა ქალაქის ბერძნულ სასახლეებში ცხოვრობდნენ. ის, რასაც ფანატიკოსი ებრაელი კონსერვატორები „წარმართულ სიბინძურეს“ უწოდებდნენ, ამათთვის ცივილიზაცია იყო. ასე დაიწყო იერუსალიმში დაყოფა: რაც უფრო წმინდა ხდებოდა ქალაქი, მით უფრო უცხოვდებოდა ხალხი ერთმანეთისგან. ერთმანეთის მეზობლად სასიკვდილოდ გადამტერებული, განსხვავებული ცხოვრების წესის მიმდევარი ოჯახები ცხოვრობდნენ. მალე ქალაქის და თვით ებრაელების არსებობას ნაბუქოდონოსორის შემდეგ ყველაზე უსინდისო ურჩხული დაემუქრა.

ანტიოქე ეპიფანე: შეშლილი ღმერთი

იერუსალიმის მფარველი ანტიოქე დიდი ვერ ისვენებდა: მცირე აზიისა და საბერძნეთის დაპყრობა მოინდომა. მაგრამ აზიის თავდაჯერებულმა მეფემ სათანადოდ ვერ შეაფასა ძალა აღმავლობის გზაზე მყოფი რომის რესპუბლიკისა, რომელსაც ჰანიბალი და კართაგენი დაემარცხებინა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გასაბატონებლად გამართულ ომებში. რომმა ანტიოქეს საბერძნეთზე თავდასხმა მოიგერია და აზიის მეფე აიძულა, ფლოტი და საომარი სპილოები დაეთმო, ხოლო ვაჟიშვილი მძევლად დაეტოვებინა რომში. ანტიოქე აღმოსავლეთში გაემართა ხაზინის შესავსებად, მაგრამ სპარსული ტაძრის ძარცვისას იგი მოკლეს.

იერუსალიმის ტაძარს უკვე ბაბილონიდან ალექსანდრიამდე მცხოვრები ყოველი ებრაელი უხდიდა გადასახადს. იქ დაგროვილი სიმდიდრე სულ უფრო ხშირად ხდებოდა ებრაელ წინამძღოლებს შორის კამათის საგანი და მალე ფულნაკლული მაკედონელი მეფეების ყურადღებაც მიიპყრო. მამამისივით ანტიოქედ წოდებული აზიის ახალი მეფე სასწრაფოდ დედაქალაქ ანტიოქიაში გაეშურა და ტახტის სხვა პრეტენდენტი ნათესავები დახოცა. რომსა და ათენში აღზრდილ ანტიოქე IV-ს მამისგან შეუდარებელი გონიერება და ნიჭი გამოჰყვა, მაგრამ ავხორცული ყოყლოჩინობითა და მანიაკალური თავმომწონეობით შეშლილ ეგზიბიციონისტ ნერონსა და კალიგულას უფრო ჰგავდა.

დამცირებული აზიის მეფის ძეს ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა. თავაშვებულ, ლამაზ ანტიოქეს მოსწონდა სასახლის კარის რიტუალები, მაგრამ აწუხებდა იქაური შეზღუდვები და მიაჩნდა, რომ ყველასთვის მოულოდნელი რამეების ჩადენის სრული უფლება ჰქონდა. ანტიოქიაში ახალგაზრდა მეფე მთავარ მოედანზე დათვრა, იბანავა და ძვირფასი საცხებით საჯაროდ დაიზილა ტანი, ხოლო აბანოში კარისკაცებსა და მსახურებს დაუამხანაგდა. როცა ამ სეირის ერთ-ერთმა მაყურებელმა დაიწუწუნა, ძვირფას მურს დაუნანებლად როგორ ხარჯავსო, ანტიოქემ ბრძანება გასცა, ქოთანი იმ კაცის თავზე გადაემტვრიათ. ატყდა ერთი აურზაური, რადგან ბრბომ ძვირფასი ლოსიონის გადარჩენა სცადა, ხოლო მეფე ყველაფერს ისტერიკული სიცილით უყურებდა. ანტიოქეს, კოხტად ჩაცმულს, ოქრომკედით მოქარგული მოსასხამითა და ვარდის გვირგვინით თავდამშვენებულს მოსწონდა ქუჩაში გავლა, მაგრამ თუკი რომელიმე გამვლელი მიაშტერდებოდა, ქვებს დაუშენდა ხოლმე. ღამღამობით ანტიოქიის ჩიხებისა და გარეუბნების საროსკიპოებში გადაცმული დაიპარებოდა. უცნობებს ადვილად უმეგობრდებოდა, მაგრამ მისი ალერსი ჯიქისას ჰგავდა, რადგან ამ იმპულსურ პიროვნებას უეცრად შეეძლო საძაგელ და სასტიკ არსებად ქცევა.

ელინური ხანის მონარქები, როგორც წესი, ჰერაკლეს ან სხვა ღმერთების შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ ანტიოქე უფრო წინ წავიდა. მან საკუთარ თავს ეპიფანე - „განკაცებული ღმერთი“ - უწოდა, მაგრამ ქვეშევრდომებმა ეს სახელი ეპიმანედ - „შეშლილად“ გადააკეთეს. თუმცა ამ თავისი სიგიჟით ანტიოქეს იმპერიის ერთი მეფისა და რელიგიის გარშემო თანდათანობით გაერთიანების იმედი ჰქონდა. ის თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვდა, ადგილობრივი ღმერთები ბერძნულ პანთეონთან შეერწყათ და მისთვისაც ღმერთივით თაყვანი ეცათ. მაგრამ ებრაელებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ბერძნული კულტურისადმი: თან ეზიზღებოდათ, თან მოსწონდათ იგი. ისინი აღიარებდნენ ბერძნული ცივილიზაციის აღმატებულებას, მაგრამ აღაშფოთებდათ მისი დომინანტობა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ებრაელები ბერძნებს უსარგებლო, უწესო, დროსაყოლოლ ქარაფშუტებად მიიჩნევდნენ. თუმცა, მრავალი ებრაელი უარს არ ამბობდა მდიდრული ცხოვრების წესზე და ებრაულთან ერთად, ბერძნულ სახელებსაც ირქმევდა იმის საჩვენებლად, რომ შეეძლოთ, ბერძნებისნაირიც ყოფილიყო. აი, კონსერვატორ ებრაელებს კი ბერძნები ეზიზღებოდათ: მათთვის ბერძნები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, სძულდათ მათი შიშველი ათლეტიზმიც.

თავიდან ებრაელი დიდებულები ანტიოქიაში ჩასვლას ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა იერუსალიმის მართვის უფლება მიეღოთ. კრიზისი ოჯახებს შორის ფულისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად ატეხილმა დაპირისპირებამ გამოიწვია. მღვდელმთავარ ონია III-ის ძმამ, იასონმა ,ანტიოქე დამატებით ოთხმოცი ტალანტი ვერცხლის შეთავაზებით მოქრთამა. იასონი უკან მღვდელმთავრის ტიტულითა და იერუსალიმის ბერძნულ „პოლისად“ გადაქცევის პროგრამით დაბრუნდა: მეფის პატივსაცემად ქალაქს ანტიოქ-ჰიერუსალიმა („ანტიოქია იერუსალიმში“) უწოდა, თორას სწავლებები დააკნინა და, სავარაუდოდ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე ტაძრისკენ მიმართული ბერძნული გიმნასიონი ააშენა. იასონის რეფორმებმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ახალგაზრდა ებრაელები გიმნასიონში მოდურად ჩაცმულები დადიოდნენ და იქ შიშვლები ვარჯიშობდნენ, თავზე მხოლოდ ბერძნული ქუდი ეხურათ. როგორღაც იმასაც ახერხებდნენ, რომ წინადაცვეთილ ასოს, ღმერთთან დადებული აღთქმის ნიშანს, ფარავდნენ. აშკარად ჩანს, რომ მოდურობის გამო კომფორტზეც უარს ამბობდნენ.

თუმცა, თავად იასონიც გააცურეს. მან თავისი მომხრე მენელაოსი გაგზავნა ანტიოქიაში ხარკის გადასახდელად, მაგრამ ვერაგმა მენელაოსმა ტაძრის სიმდიდრე მიითვისა, იერუსალიმის მართვის უფლება იასონს ჩამოართვა და მღვდლობის უფლებაც იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცადოკის გვარისა არ იყო. მენელაოსმა იერუსალიმი აიღო. როცა იერუსალიმელებმა პროტესტის ნიშნად მეფესთან ელჩები გაგზავნეს, ანტიოქემ ისინი სიკვდილით დაასჯევინა და მენელაოსს იმის უფლებაც კი მისცა, რომ ყოფილი მღვდელმთავარი, ონია მოეკლა.

ანტიოქე თავისი იმპერიის აღსადგენი ბრძოლებისთვის ფულადი სახსრების მოძიებას ცდილობდა. იგი წარმოუდგენელ გადატრიალებას გეგმავდა: პტოლემეიანებისა და სელევკიდების დინასტიები უნდა გაეერთიანებინა. ძვ. წ. 170 წელს ანტიოქემ ეგვიპტე დაიპყრო, მაგრამ იერუსალიმელებმა გამარჯვება ჩაუშხამეს: განდევნილი იასონი დაბრუნდა და ქალაქი ააჯანყა. „შეშლილი“ ანტიოქე სინას ნახევარკუნძულის გავლით იერუსალიმში შეიჭრა, ქალაქი დაარბია და 10 000 ებრაელი გადაასახლა.[38] მენელაოსის თანხლებით ანტიოქე წმიდათა წმიდაში შევიდა, მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა და ფასდაუდებელი არტეფაქტები - ოქროს სამსხვერპლო, შანდალი და საკურთხი პურის ტაბლა მოიპარა. უფრო უარესი, ანტიოქემ ებრაელებს მოსთხოვა, მისთვის ეცათ თაყვანი, როგორც „განკაცებული ღმერთისთვის“. მას სურდა გამოეცადა, რამდენად ერთგულნი იყვნენ ებრაელები მისი და ბერძნული კულტურის მიმართ. იერუსალიმში აჯანყების ჩახშობის შემდეგ მან ტაძრიდან ოქრო გაზიდა და ეგვიპტეში დაბრუნდა იქაურთა წინააღმდეგობის გასატეხად.

ანტიოქეს რომაელების მიბაძვა უყვარდა. ტოგაშემოსხმული დადიოდა და ანტიოქიაში მოჩვენებით არჩევნებსაც ატარებდა, უჩუმრად კი აკრძალულ ფლოტს აშენებდა და საომარი სპილოების რაზმს ქმნიდა. თუმცა, რომაელებს უკვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გაბატონებაც განეზრახათ და ანტიოქეს მიერ იმპერიის აღდგენას ვერ მოითმენდნენ. როცა რომაელი დესპანი, პოპილიუს ლაენასი, ანტიოქეს ალექსანდრიაში შეხვდა, მის გარშემო, ქვიშაზე რკალი შემოხაზა და მოითხოვა, სანამ რკალს გადმოაბიჯებ, ეგვიპტიდან გასვლაზე თანხმობა უნდა განაცხადოო. სწორედ აქედან მოდის გამონათქვამი: „ზღვარის გავლება“. ანტიოქემ მწუხარებით ამოიოხრა და რომის ძლევამოსილების წინაშე თავი ჩაქინდრა.

ამასობაში ებრაელები ანტიოქეს ღმერთად აღიარებასა და მის თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ. სანამ იერუსალიმი მესამედ აჯანყდებოდა, „შეშლილმა“ ანტიოქემ გადაწყვიტა, ებრაული რელიგია საერთოდ ამოეძირკვა.

ანტიოქე ეპიფანე: კიდევ ერთი „გატიალების სიბილწე“

ძვ. წ. 167 წელს ანტიოქემ ვერაგულად, შაბათ დღეს აიღო იერუსალიმი, ათასობით ადამიანი დახოცა, ქალაქის კედლები დაანგრია და ახალი ციტადელი, აკრა, ააშენა. მან ქალაქის მმართველობა ბერძენ გამგებელსა და კოლაბორაციონისტს, მენელაოსს გადასცა.

შემდეგ ანტიოქემ ტაძარში მსხვერპლშეწირვა და მღვდელმსახურება აკრძალა, ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც შაბათის წმინდა დღეს აღნიშნავდა, მოსეს რჯულს დაიცავდა და წინადაიცვეთდა, ხოლო ტაძარში ღორის ხორცი დააყრევინა. 6 დეკემბერს ტაძარს სამეფოს მთავარი ღმერთის, ოლიმპიელი ზევსის სახელი უწოდეს, რაც „გატიალების სიბილწის“ ტოლფასი იყო. მეფე-ღმერთ ანტიოქეს (სავარაუდოდ, მისი თანდასწრებით), წმიდათა წმიდის გარეთ, სამსხვერპლოზე მსხვერპლი შესწირეს. „აღივსო ტაძარი აღვირახსნილობითა და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმინდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან“. მენელაოსი თანახმა იყო, ტაძარში შეეშვა მლოცველები, ოღონდ სუროს გვირგვინებით თავდამშვენებულები უნდა ყოფილიყვნენ. ლოცვის შემდეგ მღვდლებიც კი გიმნასიონში მიდიოდნენ შიშველი ათლეტების შეჯიბრებების საყურებლად.

შაბათის დღის აღმნიშვნელებს კოცონზე წვავდნენ ან საზარელი ბერძნული წესით, ჯვარცმით, სჯიდნენ. ერთმა მოხუცმა ებრაელმა ღორის ხორცის შეჭმას სიკვდილი არჩია. ქალები, რომლებმაც შვილები წინადაცვითეს, შვილებთან ერთად იერუსალიმის კედლებიდან გადაჩეხეს. თორას ფლეთდნენ და საჯაროდ წვავდნენ. ვისაც ხელნაწერების ასლს უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. თუმცა, ტაძრის მსგავსად, თორაც სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. ამ ხოცვა-ჟლეტამ წამებულთა კულტი და აპოკალიფსის დიდი მოლოდინი გააჩინა. „მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს... საუკუნო სიცოცხლისთვის“ იერუსალიმში; ხალხს სჯეროდა, რომ ბოროტება დამარცხდებოდა და სიკეთე გაიმარჯვებდა მესიის, მარადიული დიდებით შემოსილი ძე კაცის გამოჩენისას.[39] ანტიოქე ანტიოქიაში დაბრუნდა და იქ თავისი მარცხნარევი გამარჯვებები იზეიმა. ოქროსსაჭურვლიანი სკვითი მხედრები, ინდური სპილოები, გლადიატორები და ოქროსაღვირიანი ნისაეური ცხენები დედაქალაქის ქუჩებში ჩაატარეს; მათ უკან მოჰყვებოდნენ მოოქრული გვირგვინებით თავდამშვენებული ახალგაზრდა ათლეტები, ათასი მსხვერპლად შესაწირი ხარი, ფორნები, რომლებზეც ქანდაკებები იდგა და ქალები, რომლებიც მაყურებლებს სუნამოებს აპკურებდნენ. ცირკის არენებზე გლადიატორები იბრძოდნენ, წითელი ღვინის მდინარეები მოედინებოდა, ხოლო მეფე თავის სასახლეში ართობდა სტუმრებს. ყველაფერს „შეშლილი“ ხელმძღვანელობდა, აქეთ-იქით დადიოდა, სტუმრებს ეგებებოდა, მასხარებს ეხუმრებოდა. ბანკეტის ბოლოს მასხარებმა ქსოვილში გახვეული ფიგურა შემოიყვანეს და მიწაზე დასვეს. მუსიკის პირველივე ნოტის გაჟღერებაზე მან ქსოვილი შემოიხია და ხალხის წინ ცეკვა-ცეკვით შიშველი მეფე გამოხტა.

ამ გიჟური დებოშისგან სამხრეთით ანტიოქეს გენერლები სადამსჯელო საქმიანობებს ხელმძღვანელობდნენ. იერუსალიმთან ახლოს სოფელ მოდინში მოხუც მღვდელ მატათიას, ხუთი ვაჟის მამას, უბრძანეს ანტიოქეს სახელზე მსხვერპლი შეეწირა, რათა დაემტკიცებინა, რომ ებრაელი აღარ იყო. მაგრამ მატათიამ მეფის წარგზავნილებს ასეთი პასუხი გასცა: „მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან ერთად“. როცა ერთი ებრაელი წინ გამოვიდა მსხვერპლის შესაწირად, მატათია „შურით აღინთო და გული აემღვრა“. მან ხმალი იშიშვლა და ჯერ მოღალატე მოკლა, მერე - ანტიოქეს გენერალი. შემდეგ სამსხვერპლოდან ჩამოვიდა და ხალხს მოუწოდა: „რჯულისა და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამომყვეს მე“. ბერიკაცი და მისი ხუთი ვაჟი მთებში გაიქცნენ. მათ ხასიდების, „სამართლისა და რჯულის მოშურნეთა“ სახელით ცნობილი მრავალი ღვთისმოშიში ებრაელი გაჰყვა. ისინი იმდენად ღვთისმოშიშები იყვნენ, რომ შაბათ დღეს ბრძოლაზეც უარს ამბობდნენ, ამიტომ ბერძნები ბრძოლის გამართვას ყოველთვის შაბათობით ცდილობდნენ.

მატათია ამ შემთხვევიდან მალევე მოკვდა, მაგრამ მისი მესამე ვაჟი, იუდა, იერუსალიმის შემოგარენში გახიზნულ ებრაელებს სათავეში ჩაუდგა და ზედიზედ სამი სირიული ლაშქრის დამარცხება შეძლო. ანტიოქეს ებრაელთა ამბოხი სერიოზულად არ მიუღია. თვითონ ერაყისა და სპარსეთის დასაპყრობად გაემართა, ხოლო ამბოხის ჩახშობა მეფისნაცვალ ლისიას დაავალა. იუდამ ლისიაც დაამარცხა.

სპარსეთის ლაშქრობაში მყოფი ანტიოქეც კი მიხვდა, რომ იუდას გამარჯვებები იმპერიას რღვევით ემუქრებოდა, ამიტომ რელიგიური ტერორი შეწყვიტა. სინედრიონის პრობერძნულ წევრებს მისწერა, ებრაელებს შეუძლიათ, საკუთარი რჯულისამებრ იცხოვრონ და იკვებონო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მალე ანტიოქე ეპიფანეს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ეტლიდან მკვდარი გადმოვარდა. იუდას კი უკვე მოეხვეჭა გმირული მეტსახელი, რომელიც მისი დინასტიის სახელად იქცა - „ჩაქუჩი“.

8. მაკაბელები

ძვ. წ. 164-66

იუდა „ჩაქუჩი“

ძვ. წ. 164 წლის ზამთარში იუდა „ჩაქუჩმა“ მთელი იუდეა დაიპყრო, გარდა ანტიოქეს მიერ ახლად აშენებული აკრას ციხესიმაგრისა. როცა იუდამ მიტოვებული და მოუვლელი ტაძარი დაინახა, მოთქმა დაიწყო. მან საკმეველი აკმია, წმიდათა წმიდა აკურთხა და მსხვერპლშეწირვა განაახლა. გაძარცულ ქალაქში საკმარისი ზეთი არ იყო, მაგრამ რაღაც სასწაულით ტაძარში ანთებული სანთლები არ ქრებოდა. ტაძრის გათავისუფლებას და ხელახლა კურთხევას დღესაც აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას, ანუ „სატფურების“ დღესასწაულზე.

იუდა „ჩაქუჩმა“ - არამეულად მაქაბამ[40] - იორდანია დალაშქრა, ხოლო გალილეველი ებრაელების გასათავისუფლებლად თავისი ძმა, სიმონი გაგზავნა. იუდას გარეშე ებრაელები დამარცხდნენ. მაკაბელებმა საპასუხოდ შეუტიეს, ხებრონი და ედომი აიღეს და, სანამ იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყას შემოარტყამდნენ, აშდოდში წარმართული სამლოცველო დაანგრიეს. სელევკიდმა რეგენტმა ბეთლემის სამხრეთით, ბეთ-ზაქარიაში მაკაბელები დაამარცხა და იერუსალიმი ალყაში მოაქცია, მაგრამ მალე ალყის მოხსნა მოუწია, რადგან ანტიოქიაში ამბოხი დაიწყო. მან ებრაელებს ნება დართო, თავიანთი რჯულის მიხედვით ეცხოვრათ და ტაძარში მსხვერპლი შეეწირათ. ნაბუქოდონოსორის დროიდან ოთხი საუკუნის შემდეგ ებრაელთა დამოუკიდებლობა აღდგა.

მაგრამ ებრაელები კვლავაც საფრთხეში იყვნენ. სამოქალაქო ომებით დასუსტებულ, შემცირებულ, მაგრამ ჯერაც საკმაო ძალის მქონე სელევკიდების დინასტიას ებრაელების მთლიანად გაჟლეტა და პალესტინის შენარჩუნება ჰქონდა განზრახული. ყველაფრის დეტალურად მოყოლა შორს წაგვიყვანს და სელევკიდი ტახტის მემკვიდრეების ერთი და იგივე სახელები დაგვაბნევს, მაგრამ მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ ბრძოლების პერიოდში რამდენჯერმე დადგა მომენტი, როცა მაკაბელები განადგურების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს დაუღალავი, მრავალრიცხოვანი და გონიერი ოჯახი გადარჩენასა და საპასუხო დარტყმის განხორციელებას ყოველთვის ახერხებდა.

აკრას ციხესიმაგრე, რომელიც ტაძარს გადაჰყურებდა, იერუსალიმს ორად ყოფდა და ტანჯავდა. როცა საყვირების ხმაზე მღვდლები მსხვერპლშეწირისთვის გაემზადებოდნენ, აკრას ციხესიმაგრეში გამაგრებული წარმართი მეომრები და რენეგატი ებრაელები „მოულოდნელად გამოცვივდებოდნენ, - წერს იოსებ ფლავიუსი, - და ტაძრისკენ მიმავლებს ხოცავდნენ“. ებრაელებმა მღვდელმთავარი მენელაოსი, „მიზეზი ყოველ სიავეთა“, სიკვდილით დასაჯეს და მის ნაცვლად სხვა აირჩიეს.[41] მაგრამ სელევკიდები ისევ გაერთიანდნენ. მათმა სარდალმა, ნიკანორმა, იერუსალიმი დაიპყრო. ბერძენმა სარდალმა სამსხვერპლოსკენ მიუთითა და დაიმუქრა: „თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, გადავწვავ ამ სახლს.“

თავის გადასარჩენად მებრძოლმა იუდამ ბერძნული სამეფოების უპირველეს მტერს, რომს თხოვნით მიმართა და რომმაც ებრაელთა სუვერენიტეტი აღიარა. ძვ. წ. 161 წელს იუდა მაკაბელმა ნიკანორი დაამარცხა და მისი მოკვეთილი თავი და ხელი იერუსალიმში მიიტანა. ეს სისხლიანი ალაფი - მარჯვენა ხელი და ამოგლეჯილი ენა, რომელიც ტაძრის დანგრევით დაიმუქრა - ფრინველების საჯიჯგნად გამოკიდეს, ხოლო თავი ციხესიმაგრის გალავანზე სარზე წამოაგეს. ებრაელებმა ამ დღეს ნიკანორის დღე უწოდეს და გათავისუფლებას ყოველ წელს ზეიმობდნენ. შემდეგ სელევკიდებმა თავად იუდა მაკაბელი მოკლეს; იერუსალიმი კვლავ დაეცა. იუდა მოდინში დამარხეს. თითქოს მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ იუდას ძმები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.

სიმონ დიდი: მაკაბელების ტრიუმფი

ორწლიანი მალვის შემდეგ იუდას ძმა, იონათანი, უდაბნოდან გამოიჭრა და სელევკიდებს შეუტია. ის მიხმასში დაბანაკდა, ბერძნების მფლობელობაში მყოფი იერუსალიმიდან ჩრდილოეთით. იონათანი დიპლომატიურობით გამოირჩეოდა და, იერუსალიმზე კონტროლის დასამყარებლად, სირიის და ეგვიპტის მეფეებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა. მან იერუსალიმის კედლები აღადგინა, ტაძარი აკურთხა და იმდენი მოახერხა, რომ ძვ. წ. 153 წელს სელევკიდ მეფეს ოქროს გვირგვინი და „მეფის მეგობრის“ წოდება გამოსტყუა. ის მღვდელმთავრად დანიშნეს. იონათან მაკაბელს მირონი სცხეს, სამეფო ყვავილით დაამშვენეს და მღვდლის შესამოსელით შემოსეს ყველაზე ხმაურიან, კარვების დღესასწაულზე. მაგრამ იონათანი პროვინციელი მღვდლის შთამომავალი იყო და ცადოკის გვართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ, მიუხედავად მისი მიღწევებისა, ერთ-ერთმა ებრაულმა სექტამ ის „უკეთურ მღვდლად“ შერაცხა.

თავიდან იონათანს მხარს ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს VI ფილომეტერი უჭერდა. მეფე იაფოში (უახლოესი პორტი იერუსალიმთან, იგივე იაფა) დაბანაკდა და იონათანი თავისთან იხმო. ფარაონისა და მღვდელმთავრის დიდებით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. პტოლემაისში (დღევანდელ აკოში) პტოლემაიოსმა ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ყოველი ბერძენი მეფის ოცნება აისრულა: ის აზიისა და ეგვიპტის მეფედ აკურთხეს, მაგრამ ამ ტრიუმფის ჟამს მისი ცხენი სელევკიდების სპილოს დანახვაზე დაფრთხა, მეფე ძირს გადმოვარდა და მოკვდა.[42]

სანამ სელევკიდები ტახტისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, დიპლომატი იონათანი გამუდმებით იცვლიდა მხარეებს. ტახტის ერთ-ერთმა სელევკიდმა პრეტენდენტმა, რომელიც ანტიოქიაში ალყაში მოაქციეს, იონათანს მიშველების სანაცვლოდ ებრაელთათვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭების პირობა მისცა. იონათანმა 2000 მეომრით გაიარა დღევანდელი ისრაელის, ლიბანისა და სირიის ტერიტორია და ანტიოქიაში მივიდა. ებრაელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სასახლიდან ცეცხლმოკიდებულ ისრებს ისროდნენ და სახურავიდან სახურავზე ხტებოდნენ, მეფე გადაარჩინეს და ისევ ტახტზე აიყვანეს. იუდეაში (აქ იუდას მიწა უკვე იუდეად მოიხსენიება, როგორც ბიბლიურ ტექსტებში - მთარგმ. შენ.) დაბრუნებულმა იონათანმა აშკელონი, ღაზა და ბეთ-ცური დაიპყრო და იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა, მაგრამ იონათანი პტოლემაისში პირადი მცველების გარეშე გაიტყუეს, სადაც ბერძენმა მოკავშირემ ღალატით შეიპყრო და იერუსალიმს თავად შეუტია.

მაკაბელთა გვარს ძალა ჯერ არ გამოლეოდა. კიდევ ერთი ძმა იყო დარჩენილი: სიმონი. მან იერუსალიმი გაამაგრა და ლაშქარი შეკრიბა. უეცრად მოსულმა დიდმა თოვლმა ბერძნები უფრო მეტად დააფრთხო და უკან დაიხიეს, თუმცა მოღალატე ბერძენმა შური მაინც იძია და სიმონის ძმა იონათანი სიკვდილით დასაჯა. ძვ. წ. 141 წელს სიმონმა აკრა დაანგრია[43] და მთის კალთაც, რომელზეც ის იდგა, მიწასთან გაასწორა. იერუსალიმში ეს დღე „ქება-დიდებით, პალმის ტოტებით, ქნარებით, წინწილებით, საგალობლებითა და სადიდებლებით“ აღნიშნეს. „წარმართის უღელი მოეხსნა ისრაელს“. დიდმა კრებამ სიმონი კანონიერ მმართველად გამოაცხადა, ოქროს ბალთა გაუკეთა და სამეფო ძოწეულით შემოსა. გვარით არა, მაგრამ სხვა ყველაფრით, სიმონი ნამდვილი მეფე გახდა. „ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებსა და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, მთავარსარდლისა და ებრაელთა წინამძღოლის პირველ წელსო“.

იოანე ჰირკანი: იმპერიის მშენებელი

სიმონ დიდი პოპულარობის ზენიტში იყო, როცა ძვ. წ. 134 წელს სიძემ სადილად მიიწვია. იქ მაკაბელთა გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი მოკლეს. სიძემ სიმონის ცოლი და მისი ორი ვაჟიშვილი დაატყვევა. მკვლელებმა სიმონის კიდევ ერთი ვაჟის, იოანეს (ებრაულად იეჰოანანის) შეპყრობაც სცადეს, მაგრამ ის გაიქცა და იერუსალიმში გამაგრდა.

იოანეს ყოველი მხრიდან უბედურება დაატყდა თავს. მან შეთქმულებს მათსავე ციხესიმაგრეში შეუტია, მაგრამ დედამისი და ძმები მის თვალწინ შუაზე გაგლიჯეს. იოანე სიმონის მესამე ძე იყო და მის გამეფებას არავინ ელოდა, მაგრამ მას გვარისთვის დამახასიათებელი ყველა უნარი გააჩნდა იმისთვის, რომ„ქარიზმატული, მესიანური თვისებებით“ იდეალური ებრაელი მმართველი გამხდარიყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, ღმერთმა იოანე „სამი უდიდესი პრივილეგიით დააჯილდოვა: ერისმთავრობით, მღვდელმთავრობითა და წინასწარმეტყველების ნიჭით“.

სელევკიდმა მეფე ანტიოქე VII სიდეტმა ებრაელთა სამოქალაქო ომი პალესტინის დასაბრუნებლად და იერუსალიმისთვის ალყის შემოსარტყმელად გამოიყენა. იერუსალიმელები შიმშილის ზღვარზე იყვნენ, როცა სიდეტმა კეთილი ნება გამოიჩინა და კარვების დღესასწაულზე მოოქრულრქებიანი შესაწირი ხარების გაგზავნით მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. იოანე მას დაუზავდა, იუდეის საზღვრებს გარეთ მაკაბელთა მიერ დაპყრობილი ყველა მიწა დათმო და 500 ტალანტი ვერცხლის გადახდისა და იერუსალიმის კედლების დანგრევის პირობა დადო.

იოანე ასევე უნდა დახმარებოდა ახალ ბატონს ირანსა და ერაყში წარმოშობილი ახალი ძალის, პართიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშქრობა ბერძენთათვის კატასტროფული აღმოჩნდა. შესაძლოა, იოანე წინასწარ საიდუმლოდ მოელაპარაკა პართიელთა მეფეს, რომელსაც მრავალი ებრაელი ქვეშევრდომი ჰყავდა. ბერძენი მეფე მოკლეს, ხოლო იოანე როგორღაც მშრალად ამოძვრა ამ ჭაობიდან და სამეფოს დამოუკიდებლობა მოუპოვა.[44]

გარეშე იმპერიული ძალები შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, ამიტომ იოანემ მეფე დავითის დროიდან პირველად მასშტაბური დაპყრობები დაიწყო. ბედის ირონიით, ამისთვის ფინანსური სახსრები იოანემ სწორედ დავითის აკლდამის გაძარცვით იშოვა. სავარაუდოდ, აკლდამა დავითის ძველ ქალაქში იყო. იოანემ მდინარე იორდანეს გადაღმა მადაბა დაიპყრო, სამხრეთში ედომელები (რომლებსაც მას შემდეგ იდუმეველებად იხსენიებდნენ) იძულებით მოაქცია იუდაიზმზე და სანამ გალილეას აიღებდა, სამარიელები დაამარცხა. გაფართოებულ იერუსალიმში[45] იოანემ ე. წ. პირველი კედელი ააშენა. მისი სამეფო რეგიონში მთავარ ძალად იქცა, ხოლო იერუსალიმის ტაძარი ებრაელთა ცხოვრების ცენტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მზარდი ებრაული სათვისტომოები ადგილობრივ სინაგოგებში აღავლენდნენ ყოველდღიურ ლოცვებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტაბილურ ხანაში შესწორდა და შეთანხმდა ოცდაოთხი წმინდა წიგნის ტექსტი და ებრაულმა ძველმა აღთქმამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო.

იოანეს სიკვდილის შემდეგ მისმა ძემ, არისტობულოსმა, თავი იუდეის მეფედ გამოაცხადა და იერუსალიმი მონარქის სატახტო ქალაქად 586 წლის შემდეგ პირველად იქცა. არისტობულოსმა დღევანდელი ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე იტურეა და სამხრეთ ლიბანი დაიპყრო. თუმცა, მაკაბელები თავიანთი მტრების მსგავსად, თვითონაც ბერძნებს დაემსგავსნენ: ებრაულთან ერთად ბერძნულ სახელებს ირქმევდნენ, ბერძენი ტირანებივით სასტიკი მმართველები გახდნენ. არისტობულოსმა დედამისი დაატყვევა, ხოლო თავისზე პოპულარული ძმა მოკლა. საბოლოოდ, დანაშაულის გრძნობამ ჭკუიდან შეშალა. სიკვდილის პირას მყოფი არისტობულოსი სისხლს აღებინებდა და შიშობდა, რომ მისი მეორე, ქედმაღალი ძმა, ალექსანდრე იანაი, ნამდვილი ურჩხული იყო, რომელიც მაკაბელების დინასტიას ბოლოს მოუღებდა. ალექსანდრე თრაკიელი: მრისხანე ახალგაზრდა ლომი

როგორც კი მეფე ალექსანდრემ (იანაი ებრაული იეჰონათანის (იონათანის) ბერძნული ვარიანტია) იერუსალიმში პოზიციები გაიმაგრა, თავისი ძმის ქვრივზე იქორწინა და ებრაული იმპერიის გასაფართოებლად დაპყრობები დაიწყო. ალექსანდრე უსინდისო და უსულგულო იყო, ებრაელებმა მალე შეიზიზღეს ეს გარყვნილი სადისტი, რომელიც სიხარულით აჩაღებდა ომს მეზობლებთან. დასუსტებული ბერძნული სამეფოები მაშინ ნგრევის პირას იმყოფებოდა, ხოლო რომაელები ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყვნენ. ალექსანდრე ხშირად დამარცხებულა, მაგრამ მუდამ ბედი სწყალობდა[46] და მეტოქეს სასტიკად უსწორდებოდა: ებრაელებმა მას „თრაკიელი“ უწოდეს მისი ბარბაროსული ქცევისა და ლაშქარში ბერძენი ჯარისკაცების ყოლის გამო. ალექსანდრემ ეგვიპტის საზღვრებთან ღაზა და რაფაჰი, ხოლო ჩრდილოეთში გოლანი დაიპყრო. მოაბში მას ნაბატეველი არაბები ჩაუსაფრდნენ და ალექსანდრეს იერუსალიმში გაქცევა მოუწია. კარვების დღესასწაულზე მღვდელმთავრის მოვალეობის შესრულებისას ბრბომ მას ხილი დაუშინა. ფარისეველთა სექტის მიერ (რომლებიც ზეპირსიტყვიერი ტრადიციების დამცველებიც იყვნენ და თორასიც) შეგულიანებულმა ბრბომ მეფეს დასცინა, რახან დედაშენი დატყვევებული იყო, მღვდელმთავრობის უფლება არ გაქვსო. პასუხად ალექსანდრემ ბრბოს ბერძენი ჯარისკაცები მიუსია და ქუჩებში 6000 ადამიანი დაახოცვინა. სელევკიდებმა ეს ამბოხი იუდეაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენეს. ალექსანდრე მთებში გაიქცა. და იქ იცდიდა, სანამ შურის საძიებლად ხელსაყრელ შემთხვევას გამონახავდა. როცა მეფე იერუსალიმში ხელახლა შევიდა, 50 000 ქვეშევრდომი გაჟლიტა. ალექსანდრემ გამარჯვება დიდი ნადიმით აღნიშნა, ხარჭებთან ერთად ხტუნავდა და ცეკვავდა, თან თვალს ადევნებდა, როგორ აცვეს 800 ამბოხებული ჯვარს, ჯვარცმულების თვალწინ კი მათ ცოლებსა და შვილებს გამოსჭრეს ყელი. „მრისხანე ახალგაზრდა ლომი“, როგორც მას მტრები უწოდებდნენ, ლოთობამ იმსხვერპლა და ცოლს, სალომე ალექსანდრას დაუტოვა ებრაული იმპერია, რომელიც დღევანდელი ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიისა და ლიბანის ნაწილს მოიცავდა. სიკვდილის წინ მეფემ ცოლს დაუბარა, მისი სიკვდილის შესახებ ჯარისკაცებისთვის მხოლოდ მაშინ გაემხილა, როცა იერუსალიმში პოზიციებს გაიმყარებდა და შემდეგ ფარისეველთა დახმარებით ემართა ქალაქი. ახალი დედოფალი იზებელის ასულის შემდეგ იერუსალიმის პირველი ქალი მმართველი იყო. მაგრამ მაკაბელთა დინასტია უკვე გამოფიტულიყო. ორი მეფის ქვრივი, სალომე ალექსანდრა (სალომე ბერძნული ვარიანტია შალომსიონისა - „მშვიდობიანი სიონისა“), პატარა იმპერიას ფარისევლების დახმარებით სამოც წლამდე მართავდა, მაგრამ თავისი ორი ძის კონტროლი ძალიან უჭირდა. უფროსი ძმა, მღვდელმთავარი იოანე ჰირკან II არასაკმარისად ენერგიული იყო, ხოლო უმცროსი ძმა არისტობულოსი - ზედმეტად ენერგიული. ჩრდილოეთში რომი ხმელთაშუაზღვისპირეთს თანდათან იპყრობდა. რომმა ჯერ საბერძნეთი ჩაყლაპა, შემდეგ კი ბერძენი მეფე მითრიდატეს (მითრიდატე VI ევპატორის) წინააღმდეგობა დაძლია და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული პონტოს სამეფო დაიპყრო. ძვ. წ. 66 წელს, მითრიდატეს დამარცხების შემდეგ, რომაელი გენერალი პომპეუსი ვაკუუმის შესავსებად სამხრეთისკენ დაიძრა. რომი იერუსალიმს უახლოვდებოდა.

9. რომაელების გამოჩენა

ძვ. წ. 66-40

პომპეუსი წმიდათა წმიდაში

სალომე დედოფლის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰირკან II იერიქონში არისტობულოს II-მ დაამარცხა. ძმები დაზავდნენ და იერუსალიმის ტაძარში ხალხის წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ. არისტობულოსი მეფე გახდა. ჰირკანი გადადგა, მაგრამ მას მრჩევლად ჰყავდა ცბიერი უცხოელი, ანტიპატრი, რომელიც მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. ეს იდუმეველი დიდებული იუდეის მომავალი იყო. მისი ძე, ჰეროდე, მეფე გახდა. ეს ნიჭიერი, მაგრამ გარყვნილი ოჯახი იერუსალიმის ბედს მომდევნო საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავდა; სწორედ მათ მისცეს ტაძრის მთას და დასავლეთ კედელს დღევანდელი ფორმა. ანტიპატრმა ჰირკანი ნაბატეველი არაბების დედაქალაქში, „დროსავით ძველსა და ვარდისფერ“ პეტრაში გააქცია. ინდური სუნელებით ვაჭრობით ზღაპრულად გამდიდრებული ანტიპატრის არაბი ცოლის ნათესავი, მეფე არეტა (არაბულად ჰარიტი) მათ მეფე არისტობულოსის დამარცხებაში დაეხმარა. არისტობულოსი იერუსალიმში გაიქცა, არაბი მეფე უკან დაედევნა და ტაძრის მთაში გამაგრებულ არისტობულოსს ალყა შემოარტყა. თუმცა, ეს ხმაური და მძვინვარება სულ ამაო იყო, რადგან ჩრდილოეთით, დამასკოში, პომპეუსი დაბანაკდა. რომის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გნეუს პომპეუსი დამოუკიდებელი სარდალი იყო, რომელმაც პირადი ლაშქრით რომის სამოქალაქო ომებში იტალიაში, სიცილიაზე და აფრიკაში გამარჯვებები მოიპოვა. მას უკვე ორი ტრიუმფი ეზეიმა და დიდძალი ქონება დაეგროვებინა. ამ ფრთხილ გენერალს ანგელოზური სახე ჰქონდა - „პომპეუსის ლოყებზე ულამაზესს ვერაფერს ნახავდით“ - მაგრამ სწორედ ეს ატყუებდა ბევრს: ისტორიკოს სალუსტიუსის თქმით, პომპეუსი „სახით მშვენიერი, გულით კი უსირცხვილო“ იყო. სამოქალაქო ომებში გამოვლენილმა სადიზმმა და სიხარბემ მას მეტსახელი „ახალგაზრდა ყასაბი“ მოუხვეჭა. ბრძოლების შემდეგ ის რომში დასახლდა, მაგრამ დაფნის გვირგვინოსნებს გავლენის შესანარჩუნებლად მუდმივი წარმატებები სჭირდებოდათ. მისი მეორე მეტსახელი მაგნუსი - „დიდი“ - ნახევრად სარკასტული იყო. ბავშვობაში პომპეუსი აღმერთებდა ალექსანდრე დიდს და მისი ჰომეროსისეული, გმირული ლაშქრობებით შექმნილი სამეფოს ფლობა აღმოსავლეთის სხვა დაუპყრობელ პროვინციებთან ერთად, ყოველი რომაელი ოლიგარქისთვის სანუკვარი ოცნება იყო.

ძვ. წ. 64 წელს პომპეუსმა სელევკიდების სამეფო გაანადგურა, სირია დაიპყრო და სიამოვნებით დათანხმდა, დაპირისპირებულ ებრაელებს შორის შუამავალი გამხდარიყო. პომპეუსს იერუსალიმიდან არა მხოლოდ ერთმანეთს გადამტერებული ძმების, არამედ ფარისევლების დელეგაციაც ეწვია. ფარისევლები მას მაკაბელების თავიდან მოშორებას სთხოვდნენ. პომპეუსმა ორივე ძმას ურჩია, დაეცადათ, სანამ სამართლიან განაჩენს გამოიტანდა. მაგრამ არისტობულოსმა, რომელიც რომის სიძლიერეს ჯეროვნად ვერ აფასებდა, ვერ მოითმინა და პომპეუსი მოატყუა.

პომპეუსი იერუსალიმში შეიჭრა, მაგრამ მაკაბელები ტაძრის მთაში გამაგრდნენ და ზედა ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი დაანგრიეს. პომპეუსი ბეთეზდას აუზის ჩრდილოეთით დაბანაკდა და სამი თვის განმავლობაში კატაპულტებით ბომბავდა ალყაშემორტყმულ ტაძარს. ებრაელების ღვთისმოშიშობით რომაელებმაც ისარგებლეს - შაბათის უქმე დღეს ჩრდილოეთიდან შეიჭრნენ ტაძარში და სამსხვერპლოს მცველ მღვდლებს ყელი გამოსჭრეს. ებრაელებმა საკუთარ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს, ზოგი გალავნიდან გადახტა და თავი მოიკლა. სულ ოცი ათასი ადამიანი დაიღუპა. პომპეუსმა დამცავი კედლები დაანგრია, მონარქია გააუქმა, მაკაბელთა სამეფოს უდიდესი ნაწილი ჩამოაჭრა და იუდეის მღვდელმთავრად ჰირკანი დანიშნა, ჰირკანის მრჩეველ მინისტრად კი - ანტიპატრი.

პომპეუსმა წმიდათა წმიდის ხილვის ცდუნებას ვერ გაუძლო. რომაელებს ძალიან აინტერესებდათ აღმოსავლური წეს-ჩვეულებები, მაგრამ საკუთარი მრავალღმერთიანობით ამაყობდნენ და ებრაელი მონოთეისტების ცრუმორწმუნოებრივი პრიმიტივიზმი აღიზიანებდათ. ბერძნები ღვარძლიანად დასცინოდნენ ებრაელებს, საიდუმლოდ ვირის თავს სცემენ თაყვანს, მსხვერპლად შესაწირად კი სპეციალურად ასუქებენ ადამიანებს და მერე მათ ხორცს ჭამენო. პომპეუსი და მისი ამალა წმიდათა წმიდაში შევიდა; მან მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა, რადგან თვით მღვდელმთავარიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა იქ. რომაელი გენერალი, სავარაუდოდ, მეორე წარმართი იყო ანტიოქე IV-ის შემდეგ, რომელიც წმინდა ოთახში შევიდა. პომპეუსმა მოწიწებით დაათვალიერა იქაურობა, დარწმუნდა, რომ იქ მხოლოდ სიწმინდე სუფევდა და ოქროს მაგიდისა და წმინდა სასანთლის გარდა არაფერი, არანაირი ღმერთის ოქროს თავი არ იდგა. მას არაფერი მოუპარავს. პომპეუსი რომში დაბრუნდა, აზიური გამარჯვებები ტრიუმფით რომ აღენიშნა. ჰირკანს მეამბოხე არისტობულოსი და მისი ძეები არ ასვენებდნენ, მაგრამ რეალურმა მმართველმა ანტიპატრმა იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალად ქცეულ რომში მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ რომაული პოლიტიკის უეცარი ცვლილებები თვით ყველაზე ცბიერ პოლიტიკოსებსაც კი რთულ ვითარებაში აგდებდა. პომპეუსს ძალაუფლების სხვა ორ გენერალთან გაყოფა მოუწია. ეს გენერლები იყვნენ ტრიუმვირატის წევრები - კრასუსი და კეისარი. მალე კეისარმა გალიის დაპყრობით სახელი დიდად გაითქვა. ხოლო ძვ. წ. 55 წელს აღმოსავლეთში დიდების მაძიებელი კიდევ ერთი რომაელი ოლიგარქი სირიაში გამოჩნდა, რათა მეტოქეთა თანასწორი გამარჯვებები მოეპოვებინა.

კლეოპატრამ რომის მბრძანებელთან საიდუმლო შეხვედრა მოითხოვა. სექსუალურ-პოლიტიკური პანტომიმის ეს გამოცდილი იმპრესარიო კეისრის ოთახში თეთრეულის კალათში ჩამალული შეიყვანეს (და არა ხალიჩაში გახვეული); შესაძლოა, კლეოპატრა წინასწარ მიხვდა, რომ კეისარს ასეთი თეატრალური დადგმა მოხიბლავდა. ბრძოლებით გადაქანცული, გაჭაღარავებული და ნახევრად გამელოტებული, ორმოცდათორმეტი წლის გაიუს იულიუს კეისარი კვლავაც ინარჩუნებდა გასაოცარ ახალგაზრდულ ძალას, ბრძოლის, წერისა და პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის ნიჭს. გარდა ამისა, ის სექსუალური ავანტიურისტიც იყო, რომელიც კრასუსის და პომპეუსის ცოლებთანაც წოლილა. კლეოპატრა მასთან შეხვედრისას ოცდაერთი წლის იყო. ვერ იტყოდით, რომ შეუდარებლად ლამაზი იყო, მაგრამ მისი მიმზიდველობა, შარმი და ხიბლი, რომელსაც გარშემო ასხივებდა, ყველას ნუსხავდა; თუმცა კი, როგორც მონეტებიდან და ქანდაკებებიდან ჩანს, კლეოპატრას წინაპრების კეხიანი ცხვირი და გამოშვერილი ნიკაპი ჰქონდა. კლეოპატრას სამეფოს დაბრუნება და თავისი შეუდარებელი საგვარეულოს სიდიადის დამტკიცება სურდა. კეისარიც და კლეოპატრაც ავანტიურისტული პოლიტიკის მიმდევრები იყვნენ. ისინი საყვარლები გახდნენ. კლეოპატრამ კეისარს ვაჟი გაუჩინა, კესარიონი. რაც მთავარია, კეისარი მისი მხარდამჭერი და ერთგული გახდა.

მალე კლეოპატრასა და მისი რომაელი მფარველის წინააღმდეგ აჯანყებულმა ეგვიპტელებმა კეისარი ალექსანდრიაში ალყაში მოიქციეს. იერუსალიმში პომპეუსის მომხრე ანტიპატრმა იფიქრა, რომ კეისრის წინაშე ცოდვების გამოსყიდვისთვის ხელსაყრელი დრო დადგა. ის 3000 ებრაელი ჯარისკაცით ეგვიპტეში ჩავიდა, ეგვიპტელი ებრაელები მიიმხრო და კეისრის მოწინააღმდეგეებს შეუტია. კეისარმა გაიმარჯვა და კლეოპატრა ხელისუფლების სათავეში დააბრუნა. რომში დაბრუნებამდე მადლიერმა კეისარმა ჰირკანი ისევ დააბრუნა მღვდელმთავრისა და ეთნარქის, ანუ ერისმთავრის, თანამდებობაზე და იერუსალიმის კედლების აღდგენის ნებაც დართო. მაგრამ მთელი ძალაუფლება მან ანტიპატრს ჩააბარა, როგორც იუდეის პროკურატორს, ხოლო მისი ძეები ადგილობრივ ტეტრარქებად დანიშნა. უფროსი ძე, ფასაელი, იერუსალიმს მართავდა, უმცროსი ჰეროდე კი - გალილეას. თხუთმეტი წლის ჰეროდემ ხასიათის სიმტკიცე მაშინ გამოაჩინა, როცა რელიგიური ფანატიკოსი ებრაელების დაჯგუფება გაანადგურა. იერუსალიმში სინედრიონი ჰეროდეს არასანქცირებულმა ხოცვა-ჟლეტამ გაანაწყენა და ის სასამართლოში დაიბარეს. თუმცა, რომაელებს ანტიპატრი და მისი ვაჟები მოსწონდათ და ამ მოუსვენარი ხალხის გამგებლებად ისინი შეეგულებინათ. სირიის რომაელმა გუბერნატორმა ჰეროდეს გამართლება მოითხოვა და მას უფრო მეტი ძალაუფლება მიანიჭა.

ჰეროდე უკვე გამოირჩეოდა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ის „გონებრივი, გარეგნული და ფიზიკური სილამაზით დაჯილდოებული“ იყო. გმირული სულის გარდა, განსწავლულობითაც გამოირჩეოდა და ეპოქის სახელოვან რომაელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. დაუოკებელი სექსუალური მადა ჰქონდა (იოსებ ფლავიუსი „ვნებათა ტყვეს“ უწოდებდა), მაგრამ უხეში არ ყოფილა. არქიტექტურაში ერკვეოდა, ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ კულტურას კარგად იცნობდა და, როცა პოლიტიკური საქმეებისგან გათავისუფლდებოდა და გართობაც მობეზრდებოდა, ისტორიულ და ფილოსოფიურ საკითხებზე კამათი უყვარდა. თუმცა, ძალაუფლება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში და ეს პირად ურთიერთობებს უწამლავდა. მეორე თაობის იუდაიზმზე მოქცეული იდუმევლისა და არაბი ქალის (ამიტომ ერქვა მის უფროს ძმას ფასაელი, ანუ ფაისალი) შვილი, ჰეროდე, ნამდვილი კოსმოპოლიტი იყო, რომელსაც შეეძლო, ებრაელადაც მოეჩვენებინა თავი, ბერძენადაც და რომაელადაც. მაგრამ ებრაელებმა ბოლომდე მაინც არ აპატიეს მას შერეულსისხლიანობა. მდიდარ, მაგრამ ფხიზელ და სასტიკ ოჯახში გაზრდილ ჰეროდეს არაერთხელ უნახავს უახლოესი ნათესავების განადგურება და დარწმუნდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად უპირველესად ტერორი იყო საჭირო. ის სიკვდილს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა: ეს პარანოიკი და ზედმეტად ემოციური, ულმობელი, მაგრამ იმავდროულად მგრძნობიარე ყმაწვილი ნებისმიერ ფასად ცდილობდა გადარჩენასა და სხვებზე გაბატონებას.

ძვ. წ. 44 წელს კეისარი მოკლეს და მისი ერთ-ერთი მკვლელი, კასიუსი, სირიის სამართავად ჩამოვიდა. ჰეროდეს მამა, ანტიპატრი ახლა კასიუსის მხარეს გადავიდა, მაგრამ საბოლოოდ თავისსავე გაბმულ ინტრიგებში გაიხლართა. ერთ-ერთმა მეტოქემ ანტიპატრი მოწამლა და იერუსალიმიც დაიკავა. ჰეროდემ მამის მკვლელი მოაკვლევინა. მალე კასიუსი და მისი ამხანაგი, ბრუტუსი ფილიპისთან, მაკედონიაში დაამარცხეს. გამარჯვებულები იყვნენ კეისრის დისწული, კეისრის შვილობილი - ოქტავიანე და ჩხუბისთავი გენერალი მარკუს ანტონიუსი. სამეულმა იმპერია გაიყო. ანტონიუსმა აღმოსავლეთი მიიღო. სირიაში ჩასულ ანტონიუსთან შესახვედრად ორი რადიკალურად განსხვავებული ინტერესის მქონე მმართველი მიიჩქაროდა: ერთ-ერთს ებრაული სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა, მეორეს - თავისი წინაპრების იმპერიის.

ანტონიუსი და კლეოპატრა

კლეოპატრა ანტონიუსთან ქარიზმატულ დედოფლად, იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული დინასტიის, პტოლემეიანთა, შთამომავლად წარდგა, როგორც ისიდა-აფროდიტე მივიდა თავის დიონისესთან, რათა ამ უკანასკნელს მისთვის წინაპართა მიწები ებოძებინა.

შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო გამოდგა. ანტონიუსი კლეოპატრაზე თოთხმეტი წლით უფროსი, მაგრამ ძალების გაფურჩქვნის ასაკში იყო: სქელკისერა, ყბაგამოშვერილ და მხარბეჭიან, დაკუნთულფეხებიან, ამაყ ანტონიუსს ბევრი სმა უყვარდა. მას კლეოპატრამ თავბრუ დაახვია და რომაელი გენერალი მაშინვე ბერძნული კულტურისა და აღმოსავლური ფუფუნების მოტრფიალე გახდა - თავი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ და ჰერაკლეს (და, რასაკვირველია, დიონისეს) შთამომავლად წარმოიდგინა. თუმცა, ანტონიუსმა ეგვიპტელებისგან პართიული ლაშქრობისთვის ფული და საგზალი მაინც მოითხოვა. ერთი სიტყვით, კლეოპატრასა და ანტონიუსს ერთმანეთი სჭირდებოდათ, ხოლო საჭიროება ხშირად სიყვარულის მშობელია. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავიანთი საქმიანი და სასიყვარულო კავშირი კლეოპატრას დის მკვლელობით აღნიშნეს (კლეოპატრას უკვე მოეკლა თავისი ძმა).

ანტონიუსს ჰეროდეც საჩქაროდ ეწვია. გენერალი ანტონიუსი ახალგაზრდობაში ეგვიპტეში მხედარმთავრად მსახურობისას ჰეროდეს მამას გამოეწრთო, ამიტომ ანტონიუსმა ჰეროდე და მისი ძმები იუდეის მმართველებად გაამწესა, მღვდელმთავარ ჰირკანს კი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. ჰეროდემ იერარქიული აღმასვლა სამეფო ნიშნობით აღნიშნა. მისი საცოლე მარიამი, მაკაბელი მეფის ასული, ერთდროულად ორი მეფის შვილიშვილი იყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, მარიამის სხეული მის სახესავით მშვენიერი იყო. როგორც მომავალში გამოჩნდა, ეს ვნებიანი ურთიერთობა მათთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

ანტონიუსი მის ტყუპებზე ფეხმძიმედ მყოფ კლეოპატრას ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში გაჰყვა. როგორც კი ჰეროდემ კარიერული აღმასვლა დაიწყო, პართიელები სირიაში შეიჭრნენ. ჰირკანის ძმისწული ანტიგონე, მაკაბელი უფლისწული, პართიელებს 1000 ტალანტს და ხუთასგოგოიან ჰარამხანას შეჰპირდა იერუსალიმის სანაცვლოდ.

პაკორი: პართიელი ჩუბინი

ებრაული ქალაქი რომაელთა მარიონეტ ჰეროდეს და მის ძმას, ფასაელს აუჯანყდა. ტაძრის პირდაპირ მდგარ სასახლეში გამაგრებულმა ძმებმა აჯანყების ჩახშობა მოახერხეს, მაგრამ პართიელების დამარცხება სულ სხვა საქმე იყო. იერუსალიმი მაშინ პილიგრიმებით იყო სავსე - კვირეულის ზეიმი იმართებოდა - როცა მაკაბელთა მომხრეებმა ქალაქის კარიბჭე გააღეს და შემოუშვეს პართიელი უფლისწული პაკორი[48] და მისი პროტეჟე ანტიგონე. იერუსალიმი მაკაბელთა დაბრუნებას სიხარულით შეხვდა.

პართიელებმა თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ჰეროდესა და ანტიგონეს შორის პატიოსან შუამავლობას აპირებდნენ. ამის ნაცვლად, მათ ფასაელი მახეში გააბეს. ჰეროდეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა; პართიელებმა იერუსალიმი გაძარცვეს და ანტიგონე იუდეის მეფედ და მღვდელმთავრად დანიშნეს.[49]

ანტიგონემ ბიძამისი ჰირკანი დაასახიჩრა, ყურები დააჭრა და მღვდელმთავრის თანამდებობიდან ჩამოაქვეითა, ხოლო ფასაელი ან მოკლეს, ან თავი მოიკლა.

ჰეროდემ იერუსალიმი და ძმა დაკარგა. ის რომაელებს ემხრობოდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი პართიელებმა დაიპყრეს. ჰეროდე მერყევი და ხანდახან დეპრესიულიც კი იყო, მაგრამ მისი ძალაუფლებისადმი ლტოლვა, მახვილი გონება, სიცოცხლის წყურვილი და თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მან მაინც შეძლო თავის ხელში აყვანა და ემოციების მოთოკვა, შემდეგ ამალა შეკრიბა, რათა ღამით გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა.

ჰეროდე: კლეოპატრასთან გაქცევა

ჰეროდე და მისი ამალა - ხუთასი ხარჭა, დედამისი, და და, რაც მთავარია, მაკაბელი საცოლე მარიამი - იერუსალიმიდან ცხენებზე ამხედრებული გაიჭრნენ და იუდეის მთა-გორაკებს შეაფარეს თავი. მეფე ანტიგონე ძალიან გააბრაზა ჰეროდეს გაქცევამ (როგორც ჩანს, მის ჰარამხანას პართიელებს იყო შეპირებული) და უკან ცხენოსნები დაადევნა. მთებში ჰეროდეს კიდევ ერთხელ სძლია სისუსტემ და კინაღამ თავი მოიკლა, მაგრამ მცველებმა დროზე წაჰგლიჯეს ხმალი, რომელსაც უნდა დაჰგებოდა. მალე ანტიგონეს ცხენოსნები მის ქარავანს დაეწივნენ, მაგრამ ჰეროდემ მხნეობა მოიკრიბა და ისინი დაამარცხა. შემდეგ თავისი მხლებლები მასადის აუღებელ მთის ციხესიმაგრეში დააბინავა, თვითონ კი ეგვიპტეში გაიქცა.

ანტონიუსი უკვე რომში წასულიყო, მაგრამ ჰეროდე კლეოპატრამ მიიღო. დედოფალმა ჰეროდეს ალექსანდრიაში დასატოვებლად სამსახური შესთავაზა, მაგრამ ჰეროდემ რომისკენ გაცურა. თან თავისი საცოლის უმცროსი ძმა, იონათანი მიჰყავდა, რომელსაც იუდეის ტახტზე ასაყვანად ამზადებდა. ანტონიუსი, რომელიც თავად პართიელთა წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა, მიხვდა, რომ პატარა ბიჭი ამ საქმისთვის ვერ ივარგებდა; მას ჰეროდეს სისასტიკე და გამოცდილება სჭირდებოდა.

სარჩევი ←

ტეგები: Qwelly, ისტორია, იუდა, იურუსალიმი, მონტეფიორე, მსოფლიო_ისტორია

ნახვა: 1047

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters