სოციალური და ემოციური განვითარება ჩვილობაში

სოციალური და ემოციური განვითარება ჩვილობაში, ფსიქოლოგია, fsiqologia, psychology, qwelly

მიჯაჭვულობა

     დაბადების მომენტიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანები ამყარებენ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებს. ჩვილობის ასაკიდან ადამიანი გაივლის სოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას. პირველ ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ადამიანი ამყარებს დედასთან, ან იმ ადამიანთან, ვინც ზრუნავს მასზე. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ამ პირველ ყველაზე მჭიდრო კავშირს ფსიქოლოგები მიჯაჭვულობის ტერმინით განსაზღვრავენ. ტერმინი მიჯაჭვულობა მოდის ე.წ. მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიიდან და იგი შეიმუშავეს ჯ. ბოულბიმ და მ. ეინსფორტმა.

რა არის მიჯაჭვულობა?

     ჯ. ბოულბისა და მ. ენსვორტის შრომებში საკვანძო ტერმინებია: ემოციური კავშირი, მიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა.

     ემოციური კავშირი – ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ადგილი აქვს სურვილს მასთან სიახლოვის.

     მიჯაჭვულობა – ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. როცა თქვენ ვინმესთან ხართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კონფორტულად გრძნობთ. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში.

     მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიხლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია.

     ბავშვის ზრდასთან ერთად, მიჯაჭვულობის ფორმები რთულდება. თანდათანობით ისინი გარდაიქმნება გარკვეულ პატერნებად - ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთი­ერთობის საშუალებებად. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი საკმაოდ მდგრადია, მისი მოდიფიკაცია მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

     მიჯაჭვულობა რეციპროკულია, იგი ორმხრივი პროცესია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჩამოყალიბების, მისი სრულფასოვანი განვითარების პროცესში.

     აღსანიშნავია ისიც, რომ მოზრდილები თავს კომფორტულად გრძნობენ, როცა ვინმეს მიმართ მიჯაჭვულობას განიცდიან, ხოლო ბავშვებისთვის მიჯაჭვულობის განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ ვითარდება. პოზიტიური ემოციური კავშირი ეხმარება ბავშვს დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და ფრუსტრაციას. სანდო მიჯაჭვულობა ხელს უწყობს ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგებას, თვითპატივისცემის ჩამოყალიბებას, აქედან გამომდინარე სანდო მიჯაჭვულობა ამცირებს განვითარების დარღვევის რისკს.

     მიჯაჭვულობის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ სოციალური უნარების, ღირსების გრძობების თუ ემპათიის ჩამოყალიბებაზე, არამედ ის ბავშვის ემოციური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. ბავშვებს რომლებიც მიჯაჭვულობის გრძობის დეფიციტს განიცდიან, სამყაროს შეცნობის და ადამიანთა შორის დამოკიდებულების არაადექვატური აღქმა გამოუმუშავდებათ. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ მიჯაჭვულობის პატერნი შესაძლოა გადაეცეს თაობიდან თაობას, ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე.

     იქიდან გამომდინარე, რომ მიჯაჭვულობა ასე მნიშვნელოვანია ჩვილის ფსიქოლოგიური განვითარების პროცესში, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც იგი ფორმირდება. მერი ეინსვორტმა მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში გამოყო ჩვილის ქცევის კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვა ადამიანთან დაახლოებას. ესენია: ტირილი, ხმოვანი სიგნალები, ღიმილი; საორიენტაციო ქცევები: გამოხედვა, ყურება; სხვა ადამიანის ქცევით გამოწვეული ლოკომოცია: მიახლოვება, დადევნება; ასევე აქტიური ქმედებები, რომელიც მიმართულია ფიზიკური კონტაქტის დამყარებაზე: აცოცების მცდელობა, ჩაჭიდება, ხელების შემოჭდომა, ტაცება, ჩახუტება.

     ეინსვორტი ახასიათებს ქცევის ამ ფორმებს, როგორც მიჯაჭვულობის კრიტერიუმებს, რადგან მათ გარეშე ახლო ემოციური ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია. წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ემოციურად დაუახლოვდეთ ახალშობილს, რომელიც გამუდმებით ჭირვეულობს, უარს ამბობს ხელში აყვანაზე, არ გიყურებთ სახეში, არ იღიმება და არ ღუღუნებს ნაცნობი ადამიანის დანახვისას.

     ეინსვორტმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყა­ლიბებული ჰქონდათ სანდო მიჯაჭვულობა, ჰყავდათ ძალიან მგრძობიარე დედები, რომლებიც ყოველთვის რეაგირებდნენ ბავშვის მოთხოვნებზე. ისინი სწრაფად რეაგი­რებდნენ ჩვილების ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე, ცდილობდნენ დაემყარებინათ კონტაქტი ექსპრესიებისა და ვოკალიზაციის საშუალებით. მათ ჩამოყალიბებული ჰქონდათ კვების, ძილის, თუ თამაშის გრაფიკი, რომელიც უშუალოდ ახალშობილის ცხოვრების რიტმზე იყო მორგებული.

     რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედა უნდა რეაგირებდეს ბავშვის ყველა სიგნალზე. ეს შეუძლებელია ყველაზე მგრძნობიარე დედებისთვისაც კი, იყოს ყოველწამიერად ბავშვთან და ბავშვისთვის. მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთი­ერთობისას იქნება ეს პირველადი, თუ მეორადი მოთხოვნილებების დაკ­მაყოფილება, დედა ემოციურად იყოს ჩართული ამ პროცესში.

     ბოულბი თვლიდა, რომ მიჯჭვულობა დაფუძნებულია, როგორც ჩვილის, ისე მასზე მზუნველის გენეტიკურად დაპროგრამებულ ქცევაზე. მისი აზრით, მიჯაჭვულობა სწორედ ამ ქცევით იწყება და შემდეგ ნარჩუნდება მიღებული სიამოვნების, უსაფრთხოების, კომფორტის და სიყვარულის ხარჯზე. ე.ი. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე და გარემოზე.

     საბოლოო ჯამში, ბოულბი და ეინსვორტი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ურთიერთკავშირის ტიპი მშობელი-შვილი, რომელიც ყალიბდება მიჯაჭვულობის სახით პირველი ორი წლის განმავლობაში, წარმოადგენს ყველა სამომავლო ურთიერთობის საფუძველს.

მიჯაჭვულობის თეორიები

     სხვადასხვა თეორიები მიჯაჭვულობის ფორმირებას თუ მის მიმდინარეობას სხვადასხვაგვარად ხსნიან, თუმცა ყველა თეორიაში ხაზგასმულია ემოციური კავშირის უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი როლი.

     პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედასთან ემოციური მიჯაჭვულობა საფუძველია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისა იყო ზიგმუნდ ფროიდი. მისი ფსიქოდინამიკური თეორიის თანახმად, ბავშვი განვითარების პირველ ორალურ სტადიაზე, სიამოვნებას იღებს წოვით. მისი ეროგენული ზონა ამ სტადიაზე არის პირი. შესაბამისად მისთვის დამახასიათებელია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება იმ ადამიანთან, ვინც მის ორალურ სიამოვნებას აკმაყოფილებს. იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლეს შემთხვევაში ბავშვს აჭმევს დედა, მიჯაჭვულობა სწორედ დედასა და შვილს შორის ყალიბდება, ანუ სწორედ დედაა ის ადამიანი, რომელიც ჩვილს ანიჭებს დაცულობის გრძნობას და სიყვარულს.

     მიჯაჭვულობის ფორმირების პროცესში ემოციის მნიშვნელოვნების ფაქტს ხაზგასმით აღნიშნავენ ბიჰევიორალური თეორიის მიმდევრებიც. მათი მოსაზრებით, ბავშვს მიჯაჭვულობა უყალიბდება იმ ადამიანის მიმართ, ვინც კვებავს და მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს ადამიანი არის დედა, რომელიც ჩვილის კვების პროცესში უკმაყოფილებს მას შიმშილის პირველად მოთხოვნილებას. ამ პროცესს კი თან ახლავს მოფერება, ღიმილი. ამით ხდება ჩვილის მეორადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანი ასოცირდება ბავშვისთვის უსაფრთხოებასთან, სიამოვნებასთან და დაძაბულობის მოხსნასთან, რის შედეგადაც უყალიბდება მას მიჯაჭვულობა. ბავშვი დაისწავლის ყველანაირ ქცევას, იქნება ეს ღუღუნი, ღიმილი, ტირილი, თუ თვალებით კონტაქტი, ოღონდ იყოს იმ ადამიანის გვერდით, ვინც მას სიამოვნებას ანიჭებს და არიდებს სტრესს.

     ერიკ ერიქსონი ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა კვებაზე უფრო მნიშნელოვნად იგი მიიჩნევდა დედის რეაგირებას ბავშვის მოთხოვნილებებზე. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის პირველი სტადიის მიხედვით, ნდობა-უნდობლობა ყალიბდება დედის ქცევიდან გამომდინარე - როგორ რეაგირებს დედა (ან, ის ადამიანი ვინც მასზე ზრუნავს) ბავშვის მოთხოვნილებებზე, რამდენად თანმიმდევრულად პასუხობს იგი ბავშვის სურვილებს, რამდენად ემოციურადაა ჩართული იგი ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. სწორედ ეს ქცევის პატერნები უყალიბებს ბავშვს ნდობას ან უნდობლობას არა უშუალოდ დედის, არამედ მთელი გარემოს, ყველა გარშემომყოფი ადამიანის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვის განვითარების პროცესში მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება.

     კოგნიტური თეორიის წარმომადგენლები მნიშვნელობას ანიჭებდნენ არა მხოლოდ მშობლის, არამედ ბავშვის როლს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების პროცესში. ამ თეორიის თანახმად, იმისთვის რომ მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს, ბავშვი უნდა იყოს გარკვეულ კოგნიტური განვითარების საფეხურზე. მას უნდა შეეძლოს ერთმანეთისგან გაარჩიოს ნაცნობი და უცნობი სახეები, უნდა ესმოდეს საგნის მუდმივობა. წარმოუდგენელია მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდეს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვილი ვერ სცნობს, ან მით უფრო იმათ მიმართ, ვინც არსებობას წყვეტენ, როგორც კი თვალს მიეფარებიან. სწორედ ამიტომ კოგნიტური თეორიის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ მიჯაჭვულობის გრძნობა ჩნდება 7-9 თვის ასაკში. კერძოდ, სენსო-მოტორული სტადიის მეოთხე ქვესაფეხურზე, როცა ბავშვი იწყებს მის თვალწინ დამალული ობიექტების ძიებას, რაც იმის ნიშანია, რომ მას ესმის ობიექტის მუდმივობა.

     ამ მოსაზრებას იზიარებს ბ. ლესტერიც, რომლის კვლევებმაც აჩვენა, რომ 9 თვის ბავშვები, ობიექტის მუდმივობის ტესტში მაღალი ქულებით, აპროტესტებდნენ დედასთან განშორებას. მაშინ, როცა მათი თანატოლები დაბალი მაჩვენებლებით ობიექტის მუდმივობის ტესტში, დედასთან განშორებას მშვიდად, პროტესტის გარეშე ხვდებოდნენ.

     გასული საუკუნის 50-იან წლებში ჰარლოუ აღნიშნავდა, რომ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია კვება, თუ სხვა პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჰარლოუმ ჩაატარა მთელი რიგი ცდებისა მაიმუნებზე. მისი აზრით, გარემოს გაკონტროლებისათვის, სადაც უნდა მომხდარიყო დასწავლა, უკეთესი იქნებოდა მაიმუნების დაშორება დედასთან, რადგან მის ექსპერიმენტში დედა მაიმუნები, რომლებიც მოდელის როლს ასრულებდნენ შვილებისთვის, არაკონტროლირებადი ცვლადი იყო.

     ჰარლოუმ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დედებთან განშორებისას პატარა მაიმუნებს ნეგატიური ქცევები აღმოუცენდებოდათ. ზოგი მათგანი დაიღუპა, ზოგი იყო ძალიან შეშინებული, გაღიზიანებული და უარს ამბობდნენ თამაშზე და ჭამაზეც კი. ცხადი გახდა, რომ პატარა მაიმუნებს წარმატებით განვითარებისათვის და უსაფრთხოების განცდისთვის სჭირდებოდათ რაღაც უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ რეგულარული კვება.

     ჰარლოუ კოლეგებთან ერთად ატარებდა ექსპერიმენტებს ხელოვნური სუროგატი დედების გამოყენებით. თითოეული პატარა მაიმუნისთვის იყო შექმნილი მავთულის მანეკენი, რომელსაც ჰქონდა ბოთლი, საიდანაც იგი იღებდა საკვებს. ასევე ექსპერიმენტში იყო რბილი ქსოვილით დაფარული მანეკენი, რომლისგანაც პატარა მაიმუნები საკვებს არ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ მაიმუნი იკვებებიდა მავთულის მანეკენის საშუალებით, პატარა მაიმუნები უპირატესობას ანიჭებდნენ რბილი ქსოვილით დაფარულ მანეკენს. ისინი დიდ დროს ატარებდნენ რბილ სუროგატ დედებთან, ეჭიდებოდნენ მას, აძლევდნენ მას ხმოვან სიგნალებს, თუ რამის შეეშინდებოდათ, თავშესაფარს ეძებდნენ სწორედ რბილ სუროგატ დედასთან. ამის შედეგად ჰარლოუმ დაასკვნა, რომ შეხების კომფორტულობა არის მიჯაჭვულობის ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნოვალესი ფაქტორი.

     აღსანიშნავია ჰარლოუს დაკვირვებაც იმის შესახებ, რომ მიუხედავა იმისა, რომ ამ მაიმუნებს ჩამოუყალიბდათ მიჯაჭვულობა ხელოვნურ სუროგატ დედებთან, მათი განვითარება არ მიმდინარეობდა ნორმალურად. ზრდასრულობისას ყველა მათგანი თავს ესხმოდა სხვა მაიმუნებს, ან გაურბოდნენ მათთან ურთიერთობას.

     ამ ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა ისიც, რომ მაიმუნები, რომლებსაც საშუალება ეძლეოდათ თავისი ასაკის სხვა მაიმუნებთან თამაშისა, ამჟღავნებდნენ ნორმალურთან მიახლოვებულ სოციალურ ქცევებს, ანუ ახერხებდნენ დედის დეპრივაციით გამოწვეული დეფიციტის კომპენსირებას.

     საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სრულფასოვანი სოციალური ურთიერთკავშირის დამყარება გადამწყვეტ როლს თამაშობს მაიმუნების ნორმალური განვითარების პროცესში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მტკიცება ჭეშმარიტია ადამიანებთან მიმართებაშიც.

     ნახევარი საუკუნის წინ კონრად ლორენცმა შეამჩნია, რომ პატარა ბატის ჭუკები ყველგან დასდევდნენ დედებს დაბადედის მომენტიდანვე. ეს კავშირი ეხმარებოდა ბატს დაეცვა საკუთარი შთამომავლობა. ლორენცმა ასევე აღმოაჩინა, რომ უდედოდ დარჩენილი პატარა ჭუკები, რომლებზეც მათი სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში თვითონ ზრუნავდა, ყველგან დასდევდნენ მას და არა სხვა ბატს. ზოგირთი მისი ბატის ჭუკი ამჯობინებდა ღამე გაეთია სწორედ ლორენცის ოთახში და არა დუნაის ნაპირებზე.

     ლორენცმა შემოიტანა ცნება იმპრიტინგი (imprint. ინგ. - კვალი, ანაბეჭდი). იმპრინტინგი ეს არის სწავლის სპეციფიური ფორმა, გარკვეული ინფორმაციის მეხსიერებაში ფიქსაციის პროცესი. იმპრიტინგი არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ცოცხალი არსება ითვისებს სტიმულებს, რომელიც ინიცირებას უკეთებს მათ სოციალურ ინსტიქტებს. მაგალითად, ცხოველების და ფრინველების შვილები ”სწავლობენ”, რომელ მოძრავ ობიექტს უნდა გაყვნენ უკან. იმპრიტინგი შესაძლებელია ძალიან ხანმოკლე დროის პერიოდში, ე.ი. სენზიტიური (კრიტიკული) პერიოდის განმავლობაში. თუ იმპრინტინგს არ აქვს ადგილი თავის დროზე (კრიტიკულ პერიოდში), ჭუკებს ეშინიათ გარემოსი და საკუთარი მშობლებისაც კი. ხშირ შემთხვევაში ისინი უარს ამბობენ ბატის, საკუთარ დედად აღიარებაზე და იზრდებიან მარტო. ასეთი ჭუკების განვითარების პროცესი არის შეფერხებული, დროში გაწელილი და არასრულფასოვანი.

როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა?

     ჯ. ბოულბი თვლიდა, რომ კვება არ არის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების საფუძველი. მისი აზრით, მიჯაჭვულობას აქვს გენეტიკური ფესვები. ურთიერთობა ბავშვსა და მშობელს შორის იწყება თანდაყოლილი სიგნალების ნაკრებით, რომლითაც ბავშვი მოუხმობს უფროსს. ესენია: მიახლოება, გადევნება, ჩაჭიდება (მიკვრა), ღიმილი, თვალებით კონტაქტი, ტირილი, პროტესტი განშორებისას, ხელში აყვანის სურვილი, ძებნა. დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ახალი ემოციური კავშირები, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი ემოციური და კოგნიტური შესაძლებლობები.

     ამავე დროს ჩვილს განვითარებისთვის ჭირდება უფროსი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო ძლიერია (უშიშროება და დაცულობა) და ბრძენია (გამოცდილება). დედა (ან ადამიანი, რომელიც მას უვლის) ყოველდღიური ზრუნვის დროს პასუხობს (ან არ პასუხობს) ბავშვის მოთხოვნილებებს, რითაც ხელს უწყობს ჩვილს, განუვითარდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა რეაქციას უნდა ელოდეს მისგან სხვა დროს.

     ბავშვის დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ დედას შეუძლია გაარჩიოს თავისი და სხვისი შვილის ტირილი. მხოლოდ დედისთვის გასაგები ნიშნების მიხედვით, მან შეიძლება გაარკვიოს თუ რა არის ბავშვის მოუსვენრობის, წუხილის მიზეზი (შია, ეძინება, სველია და სხვა). ჩვილთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად, მსგავსი მექანიზმები ერთვებად ჩვილზე მზრუნველ სხვა ადამიანებსაც. ბევრ ქალთან ეს მექანიზმი თავისთავად ერთვება (დედობრივი ინსტინქტი), მაგრამ ზოგიერთ ქალთან ბავშვის მიმართ გრძნობა თავიდანვე არ ჩნდება. ისინი დედის როლში თავს არაკომფორტულად გრძნობენ. დედასა და ბავშვს შორის ადრეული ურთიერთობა ძალიან მოწყვლადია, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ფორმირებისთვის.

     არსებობს სპეციალური ტერმინი - "ჩვილიდან გამოწვეული სოციალური ქცევა". ჩვილთან ურთიერთობისას დედას (ან ადამიანს, რომელიც ზრუნავს ბავშვზე) ეცვლება თვალების, თავის, ხელების, სხეულის მოძრაობა; სახის გამომეტყველება; დისტანცია (მანძილი ბავშვსა და დედას შორის). ასევე, იცვლება დედის მეტყველების სტრუქტურა -მარტივდება სინტაქსისი, ფრაზები მოკლდება, იზრდება პაუზა, იცვლება ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, იცვლება ხმის ტემბრი (ჩნდება მაღალი ბგერები) და რითმი, მეტყველება ნელდება, ხმოვნები ნაწილობრივ იწელება. ყოველივე ეს იწვევს დედის მეტყველების მელოდიურობას. ეს კი უადვილებს ჩვილს, აღიქვას და გადაამუშაოს ინფორმაცია, მოახდინოს ადექვატური რეაგირება. ე.ი. ერთის მხრივ, ჩვილი იწვევს დედის (ან ადამიანის, რომელიც ზრუნავს ბავშვზე ) მხრიდან განსაკუთრებულ ქცევას და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად მიმართულია დედის ქცევის აღქმაზე.

     მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი საკმაოდ უსუსურია, მას გააჩნია უნარების მთელი რიგი, მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად - ტირილი, თვალებით კონტაქტი, ღიმილი. ახალშობილი "განწყობილია" უფროსის ძიებაზე, უპირატესობას ანიჭებს ადამიანის სახის და არა სხვა ობიექტების ყურებას; არჩევს დედის რძის სუნს, გამოხატავს სიხარულს, როცა მას მიმართავენ.

     ბოულბის თეორიაზე დიდი გავლენა მოახდინა ლორენცის იმპრინტინგის თეორიამ. იგი თვლიდა, რომ ადამიანებშიც აქვს ადგილი იმპრიტინგს. ბავშვთა სახლებში აღზრდილი ბავშვების მაგალითზე, ბოულბიმ აჩვენა, რომ სიყვარულისა და მიჯაჭვულობის იმპრინტის არ არსებობის გამო (8-9 თვემდე), ყალიბდება ”გარიყულობის” იმპრინტი. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ მომავალში დაამყარონ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები. ისინი სხვა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებენ.

     იმპრინტი ეს არის წარსული გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. იმპრინტი ვლინდება იმაში, რომ ადამიანი ახდენს მისთვის წარსულში მნიშვნელოვანი ადამიანის ქცევის კოპირებას. მაგალითად, დედა გოგონას წარსულში აგრესიულად ექცეოდა. რა იმპრინტს ღებულობს გოგონა, როცა მას თვითონ ეყოლება შვილი? - გაზრდილი გოგონა თავის შვილსაც აგრესიულად ექცევა. მას შეიძლება თვითონაც არ მოსწონდეს საკუთარი ქცევა, მაგრამ ვერ ხვდება, რატომ იქცევა ასე.

     იქიდან გამომდინარე, რომ ბოულბი თავდაპირველად ფსიქოანალიტიკური თეორიის მიმდევარი იყო, მან მაინც შეინარჩუნა იდეა, იმისა, რომ მიჯაჭვულობა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაცულობის გრძნობის ფორმირებასა და სხვა ადამიანებთან სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

     ბოულბი მიჯაჭვულობას ევოლუციურად მნიშვნელოვან რეაქციად მიიჩნევდა, რომელიც სჭირდება ადამიანს გადარჩენისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მიჯაჭვულობა უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხოების განცდასა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მას რთულ ბავშებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, რის შედეგადაც (მათზე დაკვირვების შედეგად), მივიდა დასკვნამდე, რომ ქცევის სირთულეები, ემოციური რეგულაციის პრობლემები, თუ პრობლემები სოციალურ ადაპტაციაში, ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო, ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობების პრობლემებით.

     ბავშვი, რომელსაც ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობა, განს­ხვავებულად რეაგირებს მშობელთან განშორებაზე, ვიდრე ბავშვი, რომელსაც ასეთი მიჯაჭვულობა არ აქვს. მშობელთან მიჯაჭვულობის მქონე ბავშვი მკვეთრ რეაქციას იძლევა მასთან განშორებისას (ვინაიდან განშორებისას, ის თავს დაცულად არ გრძნობს). ბოულბი გამოყოფს ბავშვების მშობლებთან განშორებაზე რეაქციის 3 სტადიას. ესაა: პროტესტი, გულგატეხილობა და გარიყულობა.

     პროტესტის სტადიაზე ბავშვები არ ღებულობენ მშობელთან განშორებას. ისინი ტირიან, ყვირიან, იქნევენ ფეხებს, არ შედიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში.

     მეორე სტადიაზე (გულგატეხილობა), რომელიც შეიძლება დადგეს რამოდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი, ბავშვები კარგავენ ყოველგვარ იმედს, რომ მშობელი დაბრუნდება. ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და ჩუმად სლუკუნებენ.

     მესამე სტადიაზე (გარიყულობა) კი ბავშვები შედიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ დაძლიეს მწუხარება. მაგრამ მშობელთან შეხვედრისას არიან გულგრილები, შეიძლება აგრესიაც კი გამოავლინონ.

მიჯაჭვულობის განვითარების ფაზები

     მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ადამიანის სიცოცხლის პირველი ორი წლის მანძილზე ხდება და იგი რამდენიმე ფაზას გაივლის:

     მიჯაჭვულობამდელი ფაზა (დაბადებიდან 6 კვირამდე). თანდაყოლილი სიგნალები: ჩაჭიდება, ღიმილი, ტირილი, თვალებში ყურება, ახალშობილს სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლაში ეხმარება. საპასუხო რეაქციების მიღებისთანავე, ჩვილები მშობლებს მათ გვერდით ყოფნისკენ წაქეზებას ცდილობენ, რადგან მათთან სიახლოვე ჩვილებს აწყნარებს და კომფორტს უქმნის. ამ ასაკის ბავშვები დედის სუნს, ხმას ცნობენ, არჩევენ დედის ნაკვთებს. ამ პერიოდში ბავშვები ჯერ დედაზე მი­ჯა­ჭ­ვული არ არიან, ამიტომ არ აპროტესტებენ სხვა ადამიანებთან დარჩენას.

     მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების ფაზა (6 კვირიდან - 6-8 თვემდე). ამ პერიოდში ბავშვები დედაზე (მომვლელზე) და უცხო ადამიანზე განსხვავებულად რეაგირებენ. მაგალითად, ბავშვი დედასთან უფრო თავისულად იღიმის, იცინის, ღუღუნებს. დედის მიერ ხელში აყვანისას სწრაფად მშვიდდება. ბავშვი სწავლობს, რომ მისი ქნედებები ირგვლივ მყოფთა ქცევას განაპირობებს. ბავშვებში იწყება ნდობის განვითარება, მოლოდინი იმისა, რომ მომვლელი (დედა) სიგნალის მიღებისას რეაგირებას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე ცნობს დედას, მასთან განშორებას არ აპროტესტებს.

     მკვეთრად გამოხატული მიჯაჭვულობის ფაზა (6-8 თვიდან - 18 თვემდე). ამ დროს მომვლელის (დედის) მიმართ მიჯაჭვულობა აშკარაა. ბავშვში ჩნდება სეპარაციული (განშორება) შფოთვა, როცა მას მშობელი ტოვებს. ის მოუსვენარი ხდება და შფოთვას განიცდის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მზრუნველი განაგრძობს ბავშვისთვის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ის მას ვერ ხედავს. შესაბამისად, ბავშვები, რომელთაც ჯერ არ აქვთ განვითარებული ობიექტის მუდმივობა (პიაჟე), მშობელთან განშორებისას შფოთვას არ განიცდიან.

     ორმხრივი მიჯაჭვულობის ფაზა (18 თვიდან - 2 წლამდე). ამ ასაკში წარმოსახვის და მეტყველების განვითარება, ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გააცნობიერონ ის ფაქტი, რომელიც მშობლის წასვლა-მოსვლაზე ახდენს გავლენას და გარკვეულწილად გათვალონ მშობლის დაბრუნება. ამის გამო, განშორების მიმართ პროტესტი კლებულობს. ბავშვები მშობლებთან მოლაპარაკებასა და ”ვაჭრობას” იწყებენ, იყენებენ რა თხოვნასა და დარწმუნებას. მაგალითად, 2 წლის ბავშვი დედას ზღაპრის წაკითხვას სთხოვს, ვიდრე ის სამსახურში წავა.

     მიჯაჭვულობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია უცხო ადამიანების და განშორების შიშის აღმოცენება ბავშვებში. ამ მომენტს ხშირად ,,7 თვიანების შფოთვას" უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავს იჩენს სწორედ 7 თვის ასაკის ბავშვებში. ბავშვები, რომლებიც უღიმოდნენ, თბილად ხვდებოდნენ უცნობ ადამიანებს უცაბედად იწყებენ ნერვიულობას და შფოთვას უცხო გარემოში.

     ფსიქოლოგთა უმრავლესობა უცნობი ადამიანების შიშში ხედავს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების ნიშნებს. ზრდასთან ერთად, ბავშვი განასხვავებს ერთმანეთისგან მასზე მზრუნველ და მისთვის უცნობ ადამიანებს. უცხო ადამიანებთან მარტო დარჩენის შემთხვევაში ისინი იწყებენ შფოთვას, განიცდიან უსაფრთხოების გრძნობის დეფიციტს. შესაბამისად, გარემო უსაფრთხოა ბავშვისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ახლობელი ადამიანები ახლოს არიან.

     გორდონ ბრონსონმა დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ 9 თვის ასაკში ბავშვების შფოთვითი რეაქციები უფრო რთულდება. კერძოდ, ამ ასაკის ბავშვი უცნობის დანახვაზე იწყებს შფოთვას და ტირილსაც კი.

     უცნობების შიში სოციალური განვითარებისა და მიჯაჭვულობის ჩამოალიბების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას შემდეგ, რაც ბავშვი სწავლობს ნაცნობი ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისად თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძობს, იგი იწყებს უცნობი ობიექტებისა და გარემოს შესაწავლას. ამისგან განსხვავებით ბავშვები, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ მზრუნველებთან ახლოს ყოფნას და მათ გვერდითაც ვერ გრძნობენ თავს უსაფრხოდ, ხელიდან უშვებენ ახალი გამოცდილების მიღების, გარემოს შესაწავლის შანს, რაც ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებაში.

     უცნობი ადამიანებისა და განშორების შიშის მიხედვით, შეგვიძლია შევაფასოთ მიჯაჭვულობის ტიპი ბავშვსა და მის მზრუნველს შორის.

მიჯაჭვულობის ტიპები

     მიჯაჭვულობა უვითარდება ყველა ბავშვს, მაგრამ მისი ხასიათი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერი ეინსვორტის თანახმად მიჯაჭვულობა ყალიბდება თანდათან და მასში აისახება ბავშვის მოლოდინები დედის მიმართ. როგორ მოიქცევა ბავშვი სტრესულ სიტუაციაში, მიმართავს თუ არა იგი დედას დახმარებისა და თანაგრძნობისთვის, დამოკიდებულია ბავშვის გამოცდილებაზე და იმაზე თუ რას მოელის დედისგან.

     ეინსვორტმა მიჯაჭვულობის ხარისხის შესაფასებლად შექმნა კვლევის პროცედურა - "უცნობი ადამიანის სიტუაცია".

     ეინსვორტის ტესტი "უცნობი ადამიანის სიტუაცია", მოგვაგონებს მინი-სპექტაკლს, რომლის მიზანიცაა შეაფასოს მშობელი-ბავშვის ემოციური მიჯაჭვულობის ტიპი. ამ "სპექტაკლში" ჩართულია ბავშვი, მასზე მზრუნველი რომელიმე მშობელი და ერთი უცნობი ადამიანი. ექსპერიმეტის პროცესში, მშობელი და შვილი შედიან უცნობ, სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც უამრავი სათამაშოა, ცოტა ხნის შემდეგ დედა გადის ოთახიდან და ტოვებს ბავშვს მარტო, ოთახში კი შემოდის უცნობი ადამიანიმ შემდეგ დედა ბრუნდება ოთახში. ხდებოდა დაკვირვება იმაზე, თუ რა ტიპის რეაქციას ავლენს ბავში დედის ოთახიდან გასვლისას და რა ტიპის ემოციით ხვდება იგი უკან დაბრუნებულ მშობელს.

     ბავშვის ამ ქცევებიდან და ემოციებიდან გამომდინარე ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის 2 ტიპი:

     1. სანდო მიჯაჭვულობა - ამ დროს ბავშვი შორდება დედას და რჩება უცხო ადამიანებთან, მართალია ეს ბავშვები წუხდნენ, როდესაც დედა გადიოდა ოთახიდან, მაგრამ დედის დაბრუნებისას მხიარულად და თბილად ხვდებოდნენ მას, ადვილად მშვიდდებოდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს მიღებული ჰქონდათ სენსიტიური, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიმართული ზრუნვა.

     2. არასანდო მიჯაჭვულობა, რომელიც 3 განსხვავებული ფორმით ვლინდება:

     განრიდებული მიჯაჭვულობა. ბავშვები ნაკლებად არიან დამოკიდებული დედაზე, არ ავლენენ რაიმე ტიპის ემოციას მის მიმართ. დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ არ ნერვიულობენ, არ გამოხატავენ შფოთვას და რაც ყველაზე ნიშანდობლივია უცხო ადამიანს ექცევიან ისევე, როგორც დედას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ თუ ბავშვები გამოხატავდნენ შფოთვას ოთახიდან დედის გასვლაზე, ისინი არ იჩენდნენ არანაირ ინტერესს მისდამი ოთახში დაბრუნებისას. შესაძლოა ბავშვი ბრაზობდეს დედაზე, როცა იგი ოთახს ტოვებს, მაგრამ გაურბის მასთან კონტაქტს დაბრუნების შემდეგ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ დედა შეძლებდა მათ დამშვიდებას. შესაბამისად, მათ დაისწავლეს ემოციებთან, თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ვინაიდან ვერ ღებულობდნენ დედის მხრიდან მათი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ეს ბავშვები, თავდაპირველად ოთახში შემოსვლისას არ სცილდებოდნენ დედას (ასეთ ბავშვებს ”დედის კუდსაც” უწოდებენ) და არ ცდილობდნენ გარემოს შესწავლას. მათ გამოხატული ჰქონდათ მაღალი შფოთვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ ისინი შეშინებულები, სასოწარკვეთილები ელოდნენ მის დაბრუნებას. თუმცა როცა დედა ბრუნდებოდა, ისინი გაბრაზებულები ცდილობდნენ ხელიდან დასხლტომოდნენ მას, ტიროდნენ, ეჩხუბებოდნენ და გაურბოდნენ მას. ეს ბავშვები ავლენდნენ ამბივალენტურ ემოციებს. მათი ამგვარი ქცევიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვებს გამოცდილებაში აქვთ ქაოტური, არათანმიმდევრული ზრუნვა.

     დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა. ეს არის ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი. ამ დროს ბავშვი იქცევა წინააღმდეგობრივად. დედის ოთახში დაბრუნების შემდეგ, იგი ავლენს ურთიერთ საწინააღმდეგო ემოციებს. ხშირ შემთხვევაში არ იძლევა ემოციურ უკუკავშირს, მხოლოდ ფიზიკურად ეკვრის მშობელს. ასეთმა ბავშვებმა შეიძლება ზურგი შეაქციონ დედას, როცა ის მათ ხელში აყვანას ცდილობს; შესაძლოა გაექცეს დედის მზერას, როცა ის ხელში აჰყავთ; შესაძლოა თავად ბავშვი მიეკროს დედას აპათეური უემოციო სახით. იყო შემთხვევები, როცა დამშვიდების, დედასთან შერიგების შემდეგ, ბავშვი თავიდან იწყებდა ტირილს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ბავშვების მზრუნველებთან ურთიერთობა დეზორგანიოზებულია და ისინი ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს.

     ედვარდ ტრონიკი იკვლევდა მიჯაჭვულობის რეციპროკულობის მიმდინარეობას, მას აინტერესებდა, როგორ ხდება ამ ორმხრივი ემოციური კავშირის ჩამოყალიბება, რა როლი ენიჭება ამ პროცესში ჩვილს, და რა როლი აქვს მასზე მზრუნავ ადამიანს.

     ტრონიკმა ჩაატარა ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომლის მიზანიც იყო შეესწავლა ურთიერთმოლოდინები მშობელსა და შვილს შორის. ამ ექსპერიმენტს ეწოდებოდა "გაყინული სახის" ექსპერიმენტი.

     ამ ექსპერიმენტის ფარგლებში, მშობლებს სთხოვდნენ ჩვეულებრივად ისე, როგორც სახლში ეთამაშათ სამი თვის ასაკის ბავშვებთან. თითოეულ წყვილს ჰქონდა სპეციფიკური თამაშის მანერა, თუმცა ყველა შემთხვევაში, როცა ბავშვებს სჭირდებოდათ აქტიური მოქმედებებისგან დასვენება, ისინი ზურგს აქცევდნენ მშობლებს ან ხუჭავდნენ თვალებს სტიმულაციის შესამცირებლად. ამ მომენტში ექსპერიმენტატორი სთხოვდა მშობელს შეეწყვიტა ბავშვთან ურთიერთობა. მას უნდა ეყურებინა ბავშვისთვის გაყინული, უემოციო გამომეტყველებით. მშობლის ასეთი რეაქცია ბავშვში იწვევდა გაოგნებას. ის ცდილობდა სხვადასხვა მოქმედებებით ღიმილით, შეხებით, თუ ღუღუნით მშობლის რეაქციის შეცვლას. თუმცა მშობელი ინარჩუნებდა ”გაყინულ” სახეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვების ქცევა იცვლებოდა. ისინი იწყებდნე თითების წოვას და გამოიყურებოდნენ შეშინებულნი. ზოგი მათგანი იწყებდა ტირილს, ზოგს სდიოდა ნერწყვი, ზოგი ასლოკინებდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ადრინდელივით ახლოს რჩებოდა ბავშვთან, ემოციური უკუკავშირის დეფიციტის გამო, ბავშვი იწყებდა შფოთვას. ექსპერიმენტის ბოლოს მშობელი აღადგენდა შვილთან ემოციურ თამაშს, სანამ ჩვილი არ დადგებოდა კარგ ხასიათზე.

     ეს ექსპერიმენტი ცხადყობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური კავშირის დამყარება ჩვილებთან. ტრონიკის მიხედვით, ბავშვების განვითარების ძირითადი დეტერმინანტი არის ორმხრივი ემოციური ურთიერთობის დამყარება.

     რაც შეეხება მრავლობით მიჯაჭვულობას. ახალშობილები, რომლებიც იზრდებიან მხოლოდ ერთ მშობელთან მიდრეკილნი არიან გამოავლინონ ძლიერი შიში სხვა ადამიანების გარემოცვაში და მეტად აპროტესტებენ მშობელთან განშორებას. ამასთან, ეს ბავშვები შფოთვას ავლენენ გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც იზრდებიან უფრო "ხალხმრავალ" გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვი უფრო მძაფრად რეაგირებს მშობელთან განშორებაზე, თუ იგი გამუდმებით მის გვერდითაა, სძინავს მშობლის ოთახში, მშობლის საწოლში, გამუდმებით ხელში აყვანილი დაჰყავთ. მაშინ, როცა ბავშვი, რომელიც დაბადების მომენტიდან მიჩვეულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და მის მიმართ ჰიპერმზრუნველობას არ იჩენენ, გაცილებით უფრო მშვიდად, ნაკლები შფოთვით ეგუებიან მშობელთან განშორებას.

     ცალსახად იმის თქმა, მრავლობითი მიჯაჭვულობა სჯობს, თუ მშობელი-შვილის ურთიერთობა, ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია თავად ჩამოყალიბებული ურთიერთობების ფორმაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალშობილებს, როგორც წესი, მიჯაჭვულობა უყალიბდებათ გარდა მშობლებისა, დებზე, ძმებზე, ბებია-ბაბუაზე ან სხვა უახლოეს ნათესავებზე, ვინც მათზე ზრუნავს. ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ უცხო გარემოში, თუ უცხო ადამიანებთან ადაპტირება გაცილებით უმარტივდებათ ბავშვებს, რომლებზეც დაბადების მომენტიდან ზრუნავს რამდენიმე ადამიანი, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ერთ მზრუნველს არიან შეჩვეულნი. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ მრავლობითი მიჯაჭვულობის დროს, ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია, არსებობდეს ერთი ადამიანი, რომლის მიმართაც მას განსაკუთრებით ახლო ემოციური კავშირი ექნება.

     დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება მნიშ­ვნელოვნადაა დაკავშირებული მიჯაჭვულობასთან. ბავშვის სამომავლო ქცევას დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად აქვს მას ჩამოყალიბებული ადრეულ ბავშვობაში მიჯა­ჭვულობის გრძნობა. სირთულეებმა ამ პროცესის ჩამოყალიბებაში შესაძლოა გამოიწვიოს ქცევითი და ემოციური პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლების, თუ ახლობელი ადამიანების ქცევის პატერნები ბავშვზე ზრუნვისას გავლენას ახდენს მისი განვითარების ყველა კომპონენტზე, იქნება ეს ფიზიკური ჯანმრთელობა, კოგნიტური განვითარება, სოციალური კომპეტენცია, თვითშეფასება, თვითპატივისცემის განცდა, თუ ზოგადად, ზრდასრულობაში სრულფასოვანი პიროვნული ფუნქციონირება.

     მიჯაჭვულობის პრობლემების მქონე ბავშვი გარემომცველი სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობას რთულად ამჟღავნებს, რაც ხელს უშლის მას ნორმალურად ფუნქციონირებაში. მაშინ, როცა მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში აღზრდა მას საკუთარი თავის და ზოგადად გარემოს მიმართ ნდობას უყალიბებს. მიჯაჭვულობის პატერნები ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და გადაეცემა თაობიდან თაობას, შესაბამისად მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ამ პროცესს.

ემოციები

სიხარული

     სიხარული, რომლის გამოხატვაც ღიმილით იწყება და შემდეგ სიცილში გადადის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩვილები იღიმებიან და იცინიან ახალი უნარის დაუფლებისას, მოტორულ და კოგნიტურ სფეროში დახელოვნებისას. ბავშვები კარგად გრძნობენ, რომ მათი ღიმილი უფროსის უფრო მეტ სითბოსა და ყურადღების გამოხატვას განაპირობებს.

     პირველი კვირების განმავლობაში, ბავშვები სიმაძღრის, თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM), ნაზად შეხების, დედის ხმის გაგონების და რწევის დროს იღიმებიან. პირველი თვის ბოლოს კი საინტერესო საგნის დანახვისას გაიღიმებენ.

     6-10 კვირის ჩვილის სახეზე ე.წ. "სოციალური ღიმილი" ჩნდება (იღიმება დედის დანახვისას ან მისი ხმის გაგონებისას). 3 თვის ჩვილი კი მისთვის ნაცნობ ადამიანთან ინტე­რაქციისას იღიმება.

     ბავშვები სიცილს პირველად დაახლოვებით 3-4 თვის ასაკში იწყებენ. ღიმილის მსგავსი სიცილი ჩნდება აქტიური გამღიზიანებლის საპასუხოდ. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვს ეთამაშებიან.

     6 თვის ბავშვები უფრო ხშირად ნაცნობ ადამიანებთან ინტერაქციისას იღიმებიან და იცინიან.

     10-12 თვის ბავშვები კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად იღიმებიან - მშობლის დანახვაზე ფართოდ იღიმებიან; უცხო ადამიანს თავშეკავებულად, უხმოდ უღიმიან; მასტიმულირებელი თამაშის დროს კი გულიანად იცინიან.

     2 წლის ასაკისთვის კი ღიმილი გააზრებული, სოციალური სიგნალი ხდება.

ბრაზი და სევდა

     ახალშობილი სხვადასხვა არასასიამოვნო განცდაზე (შიმშილი, მტკივნეული სამედი­ცინო პროცედურა, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ა.შ.) ზოგადი დისტრესით პასუხობს.

     4-6 თვიდან ბავშვებში ბრაზის გამოხატვის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სიტუაციით. მაგალითად, მათთვის საინტერესო საგანს გამოართმევენ, ზღუდავენ მის მოძრაობას, აძინებენ, მზრუნველის წასვლისას ან თუ თავისი მოქმედებით, სასურველ მიზანს ვერ აღწევენ და ა.შ.

     რატომ იზრდება ბრაზის რეაქცია?

     ეს დაკავშირებულია კოგნიტურ და მოტორულ განვითარებასთან. მას შემდეგ რაც პატარები ნებისმიერი (მიზანმიმართული) მოქმედების უნარს იძენენ, საკუთარი მოქმედებების კონტროლისა და მათი შედეგების შეფასებას იწყებენ. ასევე უფროსი ასაკის ჩვილები უკეთ ახერხებენ ტკივილის და ფრუსტრაციის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრას.

     ბრაზის ინტესივობის ზრდა ასრულებს ადაპტურ ფუნქციასაც. ბრაზით მობილიზებული ენერგია, პატარას თავდაცვის ან სირთულის დაძლევის საშუალებას აძლევს.

     გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის გაბრაზება უფროსებს უბიძგებს მისთვის დისკომფორტის მოხსნაზე. მაგალითად, თუ ბრაზის გამომწვევი მიზეზია დედისგან სეპარაცია, მაშინ მომავალში დედამ შეიძლება მარტო აღარ დატოვოს ბავშვი.

     სევდა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა, სასურველი საგნის გამორთმევამ, ხანმოკლე განშორებამ. სევდა ჩვილობაში ბრაზთან შედარებით იშვიათია.

     სევდა როგორც წესი, მზრუნველთან განშორებისას ან მზრუნველსა და ჩვილს შორის კომუნიკაციის სარიოზული დარღვევის შემთხვევაში ჩნდება.

შიში

     ბრაზის მსგავსად, შიშივ ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარში ჩნდება. უფროსი ასაკის ჩვილები ახალი სათამაშოთი თამაშის დაწყებას ყოყმანობენ.

     ცოცვის დაუფლების შემდეგ, ბავშვებს სიმაღლის შიში უჩნდებათ. ყველაზე ხშირად კი ჩვილებს უცხო ადამიანის შიში ახასიათებთ. ბევრი ჩვილი უცხო ადამიანს სიფრთხილით ხვდება, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. ბავშვის რეაქცია დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ტემპერამენტზე (ზოგი ბავშვი ბუნებით მშიშარაა), უცხო ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და არსებულ სიტუაციაზე. თუ უცნობი ადამიანი ზის და არ ანხორციელებს აქტიურ ქმედებებს, ხოლო მშობელი ბავშვის გვერდითაა, მაშინ ჩვილი პოზიტიურ ქცევას და ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს. უცხო ადამიანის მხრიდან სითბოს გამოხატვა, მიმზიდველი სათამაშოს შეთავაზება, ნაცნობი თამაშის წამოწყება, ბავშვთან ნელა მიახლოვება - ბავშვის შიშს ამცირებს.

     6 თვის ბავშვებთან შიშის გრძნობის გაზრდამ, შეიძლება მისი ცნობისმოყვარეობა შეაფერხოს. ბავშვები მზრუნველს იყენებენ როგორც უსაფრთხოების საყრდენს, რომელსაც შეიძლება მოსცილდე გარემოს გამოსაკვლევეად და დაუბრუნდე საფრთხის შემთხვევაში.

     დროთა განმავლობაში უცხო ადამიანის შიში და სხვა სახის შიშებიც მცირდება. კოგნიტური განვითარება საშუალებას აძლევს ბავშვს გაარჩიოს საშიში და უსაფრთხო სიტუაციები. ამასთანავე, ხრდასთან ერთად ბავშვი ეუფლება შიშის დაძლევის სტრატეგიებს.

მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები

     ბაზისური ემოციების გარდა, ადამიანისთვის დამახასიათებელია უფრო რთული ემო­ციებიც, როგორიცაა - სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, შური და სიამაყე. ასეთ ემო­ციებს მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებულ ემოციები ეწოდება, ვინაიდან ამ ემოციებს მე-ს განცდის გაძლიერება ან შესუსტება შეუძლია. მაგალითად, ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ ჩვენს საქციელს, თუ სირცხვილის გრძნობას განვიცდით.

     დანაშაულის გრძნობა ვინმესთვის ზიანის მიყენების დროს ჩნდება. სიამაყე კი პირიქით, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას ასახავს.

     მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები ჩნდება 2 წლის ასაკში, როდესაც ბავშვებს საკუთარი მე-ს განცდა უჩნდებათ.

     18-24 თვის ბავშვებში სირცხვილის, სიამაყის და უხერხულობის გრძნობა ჩნდება, ხოლო შური - 3 წლის ასაკში.

     მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციების განვითარებას განაპირობებს, ერთის მხრივ, თვითშემეცნების განვითარება და მეორეს მხრივ, უფროსების მიერ მიცემული მითითებები, როდის უნდა გაუჩნდეს მათ სიამაყის, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა. უფროსები უკვე 2 წლის ბავშვებთან, სირცხვილის გრძნობის გამოყენებით, კარგი და ცუდი საქციელის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაჭარბებულმა სირცხვილის გრძნობამ, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასებას ზიანი მიაყენოს.

     3 წლის ასაკში მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები თვითშეფასებას უკა­ვშირდება.

ემოციების თვითრეგულაცია

     ბავშვები სხვადასხვა ემოციების გამოხატვის გარდა, საკუთარი ემოციების მართვასაც სწავლობენ. ემოციების თვითრეგულაცია ეს არის სტრატეგია, რომელიც ჩვენი ემოციების ინტესივობას შეამცირებს. ემოციების თვითრეგულაცია რამოდენიმე კოგნიტურ უნარს მოითხოვს: ყურადღების კონცენტრაციას და გადატანას, აზრებისა და ქცევის მოთოკვას, დაგეგმვას და სტრესული სიტუაციიდან თავის დასაღწევად აქტიური ნაბიჯების გადადგმას.

     ემოციების თვითრეგულაციას ვახდენთ მაშინ, როცა საკუთარ თავს ვახსენებთ, რომ შფოთვის გამომწვევი სიტუაცია მალე დასრულდება, მეგობრის ქცევით გამოწვეულ ბრაზს დავძლევთ ან საშინელებათა ფილმის ყურებას თავს ვარიდებთ.

     ემოციების თვითრეგულაცია გულისხმობს ემოციების შეგნებულ მართვას. ამას კი განაპირობებს თავის ტვინის შუბლის ნაწილის განვითარება და უფროსების დახმარება (ასწავლიან პატარებს ემოციების მართვას).

     ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში ჩვილებს ემოციების მართვის შეზღუდუ­ლი უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო სტიმულს ზურგი შეაქციონ, გრძნობების გამძფრებისას ტუჩები ამოძრაონ და წოვონ, შინაგანი და გარეგანი სტიმულიბი გადატვირთავს მათ ნერვულ სისტემას. ამიტომ, ისინი უფროსებზე არიან დამოკიდებული, რომლებივ მათ ხელში აიყვანენ, დაარწევენ, მოეფერებიან.

     4 თვის ჩვილებს, ყურადღების გადატანის უნარის განვითარება, მათ ემოციების კონტროლში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციას ზურგს აქცევენ, ნაკლებ დისტრესს განიცდიან. ცხოვრების პირველი წლის ბოლოს ცოცვა და სიარული, სხვადასხვა სტიმულთან მიახლოვებით ან განშორებით, ბავშვებს ემოციების რეგულირების შესაძლებლობას აძლევს.

     იმ მშობლების შვილები, რომლებიც ბავშვების ემოციურ სიგნალებს ”ამოიცნობენ” და მათზე თბილ, გულისხმიერ რეაქციას იძლევიან, ნაკლებად ნერვიულები და მეტად ცნობისმოყვარენი არიან. ასევე ისინი ადვილად მშვიდდებიან.

     მშობლები, რომლებიც არ რეაგირებენ ბავშვის მიერ მიწოდებულ სიგნალებზე, სანამ ისინი ძალიან ინტენსიური არ გახდება, ბავშვებში ძლიერი დისტრესის გამოწვევას უწყობენ ხელს. მომავალში, მშობლებისთვის ასეთი ბავშვების დაწყნარება უფრო რთულია, ხოლო ბავშვებს ემოციების თვითრეგულაციის სწავლა უძნელდებათ.

     თუ უფროსები ვერ არეგულირებენ ჩვილის სტრესულ მდგომარეობას, თავის ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც პასუხიმგებელია სტრესის შესუსტებაზე, შესაძლოა სათანადოდ ვერ განვითარდეს.

     ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5 თვის ბავშვები, რომლებიც ხელების მოძრაობის შეზ­ღუდვისას ტირილს იწყებდნენ, 10 თვის ასაკში, სათამაშოს ხელიდან გამორთმევის შემ­თხვევაში ძლიერ ტირილს იწყებდნენ.

     მეორე წლის ბოლოს, წარმოსახვისა და მეტყველების განვითარებასთან ერთად, ემოციების რეგულირების ახალი მეთოდები ჩნდება. მაგრამ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მეტყველების ეფექტურად გამოყენება. მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის საკუთარი მდგომარეობის ახსნას, ის აგებინებს უფროსს საკუთარ განცდებს და მათ დახმარების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, 2 წლის გოგონამ ზრაპრის მოსმენისას, წამოიყვირა: - ”დედა მეშინია”. დედამ წიგნი გადადო და პატარას ჩაეხუტა.

ტემპერამენტი

     ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტით: ისინი განსხვავებულ რეაქციას იძლევიან ახალ ობიექტზე, განსხვავდებიან აქტიობის ხარისხით, ჩვეული გუნება-განწყობილებით, ზოგ მათგანს უყვარს სოციალური ინტერაქცია, ზოგს კი - მარტოობა, აქვთ განსხვავებული ცხო­ვ­რე­ბის რითმი.

     ბასმა და პლომინმა ტემპერამენტი აღწერეს 3 მახასიათებლით: ემოციურობა, აქტიობა და კომუნიკაბელობა.

     თომასამა და ჩესმა კი ტემპერამენტი აღწერეს 9 მახასიათებლით:

     აქტიობის დონე - აქტიური პერიოდის თანაფარდობა, არააქტიურ პერიოდთან.

     რითმულობა - ორგანიზმის სტრუქტურების ფუნქციონირების რეგულარულობა. მაგალითად, ზოგ ჩვილს აქვს რეგულარული: კუჭის მოქმედება, ძილი, კვება, ზოგს კი არა.

     ყურადღების გადატანა - რამდენად შეუძლია გარე სტიმულს შეცვალოს ბავშვის ქცევა. მაგალითად, ზოგი ბავშვი წყვეტს ტირილს სათამაშოს მიწოდებისას, ზოგი კი -არა.

     მიახლოება/განრიდება - რეაქცია ახალ საგანზე, ადამიანზე, საკვებზე. მაგალითად, ზოგი ბავშვი უღიმის უცნობ ადამიანს ან სიამოვნებით იღებს ახალ საკვებს, ზოგი კი ტირის და უარს ამბობს ახალი საკვების მიღებაზე.

     ადაპტურობა - რამდენად ადვილად ეგუება ბავშვი გარემო ცვლილებებს. მაგალითად, ჩვილი შეიძლება შეშინდეს უცხო ადამიანის დანახვისას, მაგრამ მალე ჩერდება და შემდეგში მის დანახვაზე აღარ ტირის; ზოგი კი ხელმეორედ ნახვისას, ისევ იწყებს ტირილს.

     ყურადღების მოცულობა და სიმყარე - აქტიობისთვის დათმობილი დრო. მაგალითად, ზოგი ბავშვი დიდხანს ათვალიერებს სათამაშოს, ზოგი კი რამოდენიმე წუთში კარგავს ინტერესს.

     რეაქციის ინტენსივობა - რეაქციის ენერგიულობის დონე. მაგალითად, ზოგი ბავშვი ხმამაღლა ტირის/იცინის, ზოგი კი - ზომიერად.

     რეაქციის ზღურბლი - რეაქციისთვის საჭირო სტიმულის ინტენსივობა. მაგალითად, ზოგი ჩვილი შეკრთება სუსტ ხმაზეც კი, სხვები კი ამ ცვლილებას ვერ ამჩნევენ.

     გუნება-განწყობილება - მხიარული აქტიობების რაოდენობა. მაგალითად, ზოგი ბავშვი უფროსებთან ინტერაქციისას ხშირად იცინის, ზოგი კი - არა.

     ტემპერამენტის მახასიათებლების მიხედვით, თომასმა და ჩესმა გამოყვეს ბავშვების 3 ტიპი:

     ადვილი ბავშვი (40%) - ამ ბავშვის ტემპერამენტი ხასიათდება რეგულარული რეჟიმით, პოზიტიური გუნება-განწყობილებით, ადვილი ადაპტაციის უნარით.

     რთული ბავშვი (10%) - ამ ბავშვების ტემპერამენტი ხასიათდება არარეგულარული რეჟიმით, გაძნელებული ადაპტაციით, ნეგატიური გუნება-განწყობილებით და ინტენსიური რეაქციებით.

     მოდუნებული ბავშვი (15%) - ბავშვს ახასიათებს სუსტი რეაქციები, მაღალი ზღურბლი, უარყოფითი გუნება-განწყობილება, სუსტი ადაპტაცია.

     ბავშვების 35%-ს კი ახასიათებს ტემპერამენტის შერეული ტიპი.

     ფსიქოლოგების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევენ რთული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილი ბავშვები. როგორც აღმოჩნდა, ისინი მომავლში ავლენენ აგრესიას და შფოთვას.

     მოდუნებული ტემპერამენტის ჯგუფში მოხვედრილ ბავშვებს ნაკლები პრობლემები ახასიათებთ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია: შიშები, შფოთვა, ჩაკეტილობა, არაკომუნიკაბელობა.

     მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები განსხვავდებიან ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი რეგულაცია არ შეიძლება. ტემპერამენტის თანდაყოლილი მახასიათებლები - ფორმირდება, ძლიერდება, სუსტდებს ან ნეიტრალდება, ბავშვისა და უფროსების ურთიერთობის და მიღებული გამოცდილების შედეგად.

     ბავშვები იბადებიან ქცევის განსხვავებული რეპერტუარით და ეს განსხვავება, არა მარტო გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ გამოცდილებაზე, ასევე ხელს უწყობს ბავშვი-მშობელის ურთიერთობის სტილის ფორმირებას. მაგალითად, მშობლები უფრო ხშირად სჯიან რთული ტემპერამენტის მქონე ბავშვებს, ვიდრე ადვილი ტემპერამნტის ბავშვებს. დასჯა კი თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვზე.

     განათლებულმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვის ქცევის სირთულეები გამოწვეულია მისი ტემპერამენტი მახასიათებლებით და არა გაუზრდელობით ან მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებით. ასეთი მშობლები კი გონივრულად და ადექვატურად რეაგირებენ ბავშვის რთულ ქცევაზე.

მე კონცეფცია

     ბავშვებში მე კონცეფციის განვითარების გაგებაზე დიდი გავლენა იქონია ფროიდის და პიაჟეს თეორიებმა. ორივე მათგანი თვლიდა, რომ სიცოცხლის დასაწყის სტადიაზე, ბავშვებს არა აქვთ მე-ს განცდა. ფროიდი თვლიდა, რომ დედა და ჩვილი ერთ მთელს წარმოადგენენ და ჩვილი ვერ აცნობიერებს, რომ ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი, და მხოლოდ განვითარების პროცესში ხვდება თავის უნიკალურობას. მ. მალერის (ფსიქოანალიტიკოსი) აზრით, ფიზიკური დაბადებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, ადგილი აქვს ”ფსიქოლოგიურ დაბადებას”.

     მე კონცეფციის გაგებაზე, ასევე დიდი გავლენა იქონია ფ. ჯეიმსის თეორიამ. მან განასხვავა მე-ს 2 ასპექტი: "მე, როგორც სუბიექტი" (I-self, მე ვარ, მე ვარსებობ) და "მე, როგორც ობიექტი" (me-self, პიროვნების მახასიათებლები). "მე, როგორც ობიექტი” წარმოადგენს მე კონცეფციას, მაგრამ სწორედ, ”მე, როგორც სუბიექტი” განსაზღვრავს ობიექტურ მე-ს. როცა ადამიანი იძლევა პასუხს კითხვაზე: - ”ვინ ვარ მე?” , ის აღწერს, ”მე, როგორც ობიექტს”, მაგრამ ამ აღწერას აკეთებს ”მე, როგრც სუბიექტი”.

     თანამედროვე თეორეტიკოსები მე-ს ამ 2 ასპექტისთვის დასახასიათებლად, იყენებენ სხვა ტერმინებს. მაგალითად, ლევისი თავის შრომებში ”მე, როგორც ობიექტის” ნაცვლად იყენებს ტერმინს - ”მე-ს მექანიზმი”, ”მე, როგორც სუბიექტის” ნაცვლად -”მე-ზე წარმოდგენა”.

     კეისი იყენებს შემდეგ ტერმინებს: ”ნაგულისხმები მე” და ”აღწერითი მე”.

     სუბიექტური მე. დღეისთვის მიჩნეულია, რომ უკვე ახალშობილს აქვს გარკვეული პრიმიტიული განცდა იმისა, რომ ის არის დამოუკიდებელი ინდივიდი. სიცოცხლის პი­რველი წლის განმავლობაში ჩვილი აცნობიერებს, რომ ის არის ”აქტიური შემომქმედი”. მას შეუძლია საკუთარი თავის გარშემო გარკვეული მოვლენების ორგანიზება. სიხარული, რომელსაც ბავშვი განიცდის, როცა თავისი აქტიობით გამოიწვევს მაგალითად, სათამაშოს ამოძრავებას, არის საბუთი იმისა, რომ ბავშვს აქვს საკუთარი თავის, როგორც ”შემომქმედის” განცდა. აქვე შეიძლება მოვიყვანოთ ა. ბანდურას შეხედულებაც. ის თვლიდა, რომ თვითეფექტურობის განცდა ყალიბდება პირველი წლის განმავლობაში, როცა ჩვილი ხვდება, რომ მას შეუძლია აკონტროლოს გარემოს გარკვეული მოვლენები. თვითეფექტურობის განცდა ჩნდება არა მხოლოდ ობიექტების მიმართ, არამედ ადამიანების მიმართაც. მაგალითად, უფროსი იღიმება ჩვილის ღიმილის საპასუხოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვი გრძნობს თავის ”ეფექტურობას”, ძალას, საკუთარ მე-ს.

     პიაჟე თვლიდა, რომ სუბიექტური მე-ს განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ობიექტის მუდმივობის გაგებას, რასაც ადგილი აქვს 9-12 თვის ასაკში. როგორც კი ბავშვი მიხვდება, რომ მაგალითად, დედა განაგრძობს არსებობას მაშინაც კი, როცა მას ვერ ხედავს, ის ხვდება, რომ არსებობს დამოუკიდებლად.

     ობიექტური მე. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მე-ს განვითარებაში არის ჩვილის მიერ იმის გაგება, რომ ისიც ობიექტია, ე.ი. აქვს გარკვეული თვისებები და მახასიათებლები. კვლევებით დასტურდება, რომ ობიექტური მე-ს განვითარებას ადგილი აქვს 15-18 თვის ასაკში. განვიხილოთ ერთ-ერთი საინტერესო კვლევა: ბავშვს ათავსებდნენ სარკის წინ და აკვირდებოდნენ მის ქცევას. 9-12 თვის ბავშვების იწყებდნენ თამაშს საკუთარ გამოსახულებასთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მკვლევარი ჩუმად უსვამდე ლაქას ცხვირზე. 9-12 თვის ბავშვები ადებდნენ ცხვირზე ხელს სარკის გამოსახულებას და არც ერთმა მათგანმა არ დაადო ხელი საკუთარ ცხვირს. მხოლოდ 21 თვის ბავშვების ¾ -მა დაინახა საკუთარ ცხვირზე ლაქა. ასევე 21 თვის ბავშვების ¾ , ფოტოს ჩვენებისას მიუთითებს საკუთარ თავზე და ამბობს სახელს.

     როგორც კი ბავშვს უვითარდება თვითცნობიერება, იცვლება მისი ქცევის სპექტრი. ის ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები და გამოხატავს დამოკი­დებულებას, სათამაშოებისა და სხვა მისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მიმართ - ”ჩემია!” ალბათ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ 2 წლის ასაკის ბავშვები ძალიან თავნებები ხდებიან.

     თვითშემეცნების განვითარებაზე მიუთითებს ისეთი ემოციების აღმოცენებაც, როგო­იცაა: სირცხვილი, სიამაყე, უხერხულობა. ლევისი აზრით, სირცხვილისა და სიამაყის გრძნობის აღმოცენება შედეგია, ქცევის გარკვეული სტანდარტების გაცნობიერების და საკუთარი ქცევის შედარების, ამ სტანდარტებთან. მაგალითად, 2 წლის ასაკისთვის იწყებს ბავშვი სიტყვა - ”ჭუჭყიანიას” ხმარებას. ე.ი. ის აფასებს საკუთარ თავს ან საგანს გარკვეულ სტანდარტთან მიმართებაში. 2 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ დაიმსახურონ უფროსების შექება, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლეს სტანდარტის დაკმაყოფილება და გაამართლეს უფროსების ნდობა.

მამის როლი ბავშვის აღზრდის პროცესში

     ბავშვის დაბადების შემდეგ მამები შეიძლება სხვადასხვაგვარდ ჩაერთონ აღზრდის პროცესში. ესაა: ფიზიკური მოვლა, ბავშვის გასეირნება, თამაში, საუბარი და სხვა სახის ინტერაქცია. აღზრდის პროცესში დედასთან ერთად მამის მონაწილეობა მრავალფეროვანს ხდის ბავშვის გამოცდილებას. დედის და მამის განსხვავებული ქცევები და აღზრდის მეთოდები, აბალანსებს ერთმანეთს და ბავშვს სამყაროს აჩვენებს სხვადასხვა კუთხით, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს განვითარებაზე.

     კვლევების შედეგად დადგენილია:

     ადრეულ ასაკში ბავშვის მოვლის პროცესში მამების ჩართულობა და პოზიტიური ემოციური ურთიერთობა, გავლენას ახდენს უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

     დედებს და მამებს აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი და ბავშვები სარგებელს იღებენ ორივე მიდგომიდან. მამები ამჯობინებენ ენერგიულ თამაშებს, რაც მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას; ხოლო დედები ბავშვებთან უმეტესად თამაშობენ მშვიდ თამაშებს, იყენებენ მეტ სათამაშოს და წიგნებს. შესაბამისად, მამები უფრო მეტად უწყობენ ხელს მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას.

     მამები უფრო მეტად წაახალისებენ ბავშვის დამოუკიდებლობას, მაშინ როცა დედები უფრო ფრთხილები არიან. მამა-შვილის ასეთი ურთიერთობა ზრდის ბავშვის თვითშე­ფასებას, თავდაჯერებულობას და ანვითარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს.

     მამების საუბარი ბავშვებთან განსხვავებული ხმის ტემბრისა და სხვა მახასიათებლების გამო, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც მამები ხშირად უკითხავენ წიგნებს, უკეთესი ვერბალური უნარები აქვთ.

     ბავშვებს, რომლებსაც მამის მხრიდან სწავლის პროცესში რეგულარული მხარდაჭერა აქვთ, უკეთესი კოგნიტური უნარები აღენიშნებათ.

     მამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვის სოციალური უნარების განვითარებაშიც.

     მამის აქტიური ჩართვა აღზრდის პროცესში, მომავალში ამცირებს ქცევითი და ემოციური სირთულეების გაჩენას.

     ცხადია, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა არ არის ზემოთ ნახსენები პოზიტიური შედეგების გარანტი. მნიშვნელოვანია, რომ მამამ (ასევე დედამაც) გამოიყენოს სწორი აღზრდის სტილი.

მ. მელიქიშვილი

ტეგები: Qwelly, ბოულბი, გარიყულობა, ემოციები, იმპრინტი, მელიქიშვილი, მიჯაჭვულობა, ტრონიკი, ჩვილობა

ნახვა: 3989

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters