ჩვილობა (1 თვიდან 2 წლამდე)

ფიზიკური და მოტორული განვითარება

     პირველი 4 თვე. 4 თვის ასაკისთვის ბავშვი წონაში იზრდება თითქმის 2-ჯერ: 2 700 – 3 500 გრამიდან, 5 400 – 6 800 გრამამდე. 4 თვისთვის ჩვილის ტანი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე თავი და შესაბამისად, მათი მიმართება იცვლება (ახალშობილის თავი სხეულთან მიმართებაში არის დიდი). სხეულის სიგრძე იზრდება 10 სანტიმეტრით.

     ზოგიერთ ბავშვთან პირველი კბილი ამოდის 4-5 თვის ასაკში, თუმცა უფრო ხშირად ეს ხდება 6-7 თვის ასაკში.

     ძვლები ჯერ არ არის გამაგრებული და უფრო მეტად ხრტილოვანია, ამიტომ ისინი ადვილად იღუნება და არ ტყდება.

     6 კვირის ბავშვი, ვერტიკალურად ჭერის დროს, თავს სწორად და უმოძრაოდ იჭერს.

     2 თვის ბავშვი, მუცელზე წოლისას მკლავებზე დაყრდნობით იწევა.

     2 თვის ბავსვი, გვერდზე წოლისას მუცელზე ტრიალდება.

     3 თვის ბავშვი იწევს საგნისკენ, მაგარამ როგორც წესი ხელს აცდენს.

     4 თვის ბავშვს, თუ მუცელზე დავაწვენთ, მას შეუძლია თავის აწეულ მდგომარეობაში დაკავება.

     პატარა აღმოაჩენს, რომ მას აქვს ხელები და თითები, რომელსაც დიდი ინტერესით ათვალიერებს. ზოგი ბავშვი ამ ასაკში აღმოაჩენს ფეხებსაც. თუმცა, ასევე სრულიად ნორმალურია, თუ ეს მოხდება 5-6 თვის ასაკში.

     4,5 თვის ბავშვი, ზურგზე წოლისას გვერდზე ტრიალდება.

     5 – 8 თვის ბავშვი. ამ ასაკში ჩნდება მხედველობით მიმართული მოქმედება. ბავშვი იწევს მისთვის საინტერესო საგნისკენ. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვილის მოძრაობები დაკავშირებულია საგნის მთლიან აღქმასთან, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვადასხვა შეგრძნების მოდალობებიდან მიღებული ინფორმაცია. ჩვილის ხელის მოძრაობა მიმართულია საგნისკენ. 4 თვის ასაკში ის ხელით "სწავლობს" საგანს.

     5-6 თვიდან იწყება საგნების სისტემატიური შესწავლის პროცესი - ხელების, თვალების და პირის გამოყენებით. 5 თვის ბავშვისთვის უკვე დამახასიათებელია საგნის ნებისმიერი, მიზანმიმართული ტაცება (განსხვავებით, რეფლექსური ტაცებისგან), რაც მოითხოვს მხედველობის და მოძრაობის კოორდინაციას. ბავშვს შეუძლია საგნის მუჭით აღება.

     8 თვის ბავშვს შეუძლია საგნის ერთი ხელიდან მეორეში გადატანა. ზოგიერთ მათგანს კი შეუძლია საგნის 2 თითით აღება (იყენებს ცერა და საჩვენებელ თითს).

     8 თვიანების უმრავლესობას შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდომა, ხოლო ყველას შეუძლია დამჯდარ მდომარეობაში თავის შეკავება, მას შემდეგ რაც უფროსები მას დაჯდომაში დაეხმარებიან.

     ნახევარზე მეტ ბავშვს შეუძლია დგომა საყრდენის დახმარებით, ხოლო ნახევარს შეუძლია საყრდენის დახმარებით დამოუკიდებლად ადგეს. ზოგიერთს შეუძლია სიარულიც საყრდენის დახმარებით.

     ბევრი პატარა ამ ასაკში იწყებს ხოხვას.

     5-დან 8 თვის პერიოდში ბავშვები იწყებენ სოციალურ თამაშს (მაგალითად, "კუ-კუ"; "ნახვამდის"). მათ ძალიან მოსწონთ უფროსისთვის საგნის მიცემა და უკან დაბრუნება. ასევე მოსწონთ საგნის დაგდება და ელოდებიან, როდის მიაწვდის მას უფროსი დაგდებულ საგანს.

     9-12 თვის ბავშვი. 9 თვის ასაკში ყველა ბავშვს შეუძლია ამა თუ იმ ფორმით გადაადგილება. 12 თვისთვის ნახევარზე მეტი ბავშვებისა ცდილობს დამოუკიდებლად სიარულსა.

     10 თვის ასაკში იწყება პირველი ფუნქციონალური მოქმედებები. ბავშვს შეუძლია საგნის ადექვატურად გამოყენება. მაგალითად, ბურთს ისვრის, ჭიქიდან სვამს, კოვზით იღებს წვნიანს და ა.შ. თუმცა ფუნქციონალური მოქმედებები ამ ასაკში ჯერ კიდევ არ არის საგნობრივი. ის დაკავშირებულია კონკრეტულ საგანთან, ბავშვს არ შეუძლია მოქმედების გადატანა სხვა საგანზე (ბავშვი ვერ ხედავს კონკრეტულ ნივთში საგანს). მაგალითად, ბავშვი დაარწევს იმ თოჯინას, რომელსაც თამაშის დროს დედა არწევდა, მაგარამ არ შეუძლია იგივე მოქმედება განახორციელოს სხვა სათამაშოზე (მაგალითად, სათამაშო დათვზე).

     ბავშვის აქტიობა მიმართულია სამყაროს შემეცნებისკენ. მას აინტერესებს - "რა არის ეს?" და "რისი გაკეთება შეიძლება ან საგნით?"

     12 თვის ბავშვს შეუძლია: გააღოს ურდული, გამოაღოს უჯრები, ჩართოს ტელევიზორი, გამოაღოს ფანჯარა, შეარჭოს როზეტში პატარა საგნები.

     12 თვის ბავშვი სიამოვნებით თამაშობს უფროსებთან - დახუჭობანას (თვალებზე ხელის აფარებით ემალება უფროსს), გაუგორებს ბურთს.

     ბევრ მათგანს შეუძლია დამოუკიდებლად კოვზით ჭამა, ჭიქიდან წყლის დალევა.

     18 თვის ბავშვი. თითქმის ყველა ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად სიარული. ძალიან მოსწონთ ხელით რაიმეს ტარება, გახოხება.

     ზოგიერთი ცდილობს დამოუკიდებლად კიბეზე ასვლას. ბევრ მათგანს უჭირს: ბურთზე ფეხის დარტყმა, ხტუნვა.

     ბავშვებს შეუძლიათ ააგონ კოშკი 2-4 კუბისგან, ბღაჭნა. უფრო მოხერხებულად ხმარობენ კოვზს, შეუძლიათ ნაწილობრივ ტანსაცმელის გახდა (ჩაცმას სწავლობენ მოგვიანებით).

     ბევრ მათგანს შეუძლია მიბაძოს უფროსის ქცევას: კითხულობს გაზეთს, გვის, საუბრობს სათამაშო ტელეფონით და ა.შ.

     24 თვის ასაკი. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია არა მარტო სიარული და სირბილი, არამედ შეუძლია - 3 ბორბლიანი ველოსიპედის მართვა, 2 ფეხით ახტომა, მცირე დროით ერთ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება, 2 ხელით ბურთის სროლა, კიბეზე ასვლა, უფროსის დახმარებით კიბეზე ჩამოსვლა, წყლის დასხმა, ძერწვა, საგნების გადატანა, 6-8 კუბისგან კოშკის აგება. სურვილის შემთხვევაში მთლიანად ტანსაცმლის გახდა, თუმცა ჩაცმას ბევრი მათგანი ჯერ ვერ ახერხებს.

     უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭები გოგონებზე უკეთ ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომელსაც მსხვილი მოტორული უნარები ესაჭიროება. გოგონები კი ბიჭებზე უკეთ ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომელიც ნატიფ მოტორულ უნარებს მოითხოვს.

კოგნიტური განვითარება ჩვილობაში

აღქმა

     მესამე თვისთვის ჩვილს შეუძლია 7-8 წამის განმავლობაში შეაჩეროს მხედველობა საგანზე, თვალს აყოლებს მოძრავ ობიექტს.

     4 თვის ბავშვი, არა მხოლოდ ხედავს, არამედ უყურებს, ის აქტიურად რეაგირებს მხედველობის ველში მოხვედრილ ობიექტზე, იწყებს მოძრაობას და გამოსცემს ბგერებს.

     ბავშვს შეუძლია საგნის ფორმის აღქმა, ხედავს კონტურებს და სხვა ელემენტებს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ბავშვს აჩვენებდნენ თეთრ ფონზე გამოსახულ სქელ, შავ ხაზს. ბავშვის მზერა მიმართული იყო შავი ხაზისა და თეთრი ფონის საზღვარზე. მეორე ექსპერიმენტში ჩვილს ერთდროულად აჩვენებდნენ 2 ფურცელს: თეთრს და შავი ვერტიკალური ხაზებით. აღმოჩნდა, რომ ჩვილი მეტ დროს უყურებდა ხაზებიან ფურცელს.

     2-3 თვის ბავშვი ინტერესს ავლენს იმ ობიექტების მიმართ, რომელიც ნაწილობრივ განსხვავდება მისთვის ცნობილი ობიექტებისაგან. უკვე ნაცნობი და სრულიად ახალი ობოექტი ნაკლებად იპყრობს პატარას ყურადღებას.

     3-4 თვის ბავშვი რეაგირებს ფერზეც. თუ მას საკვებს მივაწოდებთ წითელი ფერის ბოთლით, ის შეუცდომლად ამოიცნობს მას, სხვა ფერის ბოთლებს შორის. აქტიური დამოკიდებულება ფერის მიმართ ჩნდება 6 თვის ასაკისთვის.

     დღეისთვის ითვლება, რომ ჩვილს აქვს სამყაროს მთლიანი ხატი და არა ფერადი ლაქების, ხაზების და ელემენტების მოზაიკური ნაკრები. ბავშვი აღიქვამს არა ობიექტის ცალკეულ მახასიათებლებს, არამედ მთლიანად ობიექტს. ის ქმნის ობიექტის ზოგად ხატებს.

     როცა ვუყურებთ საგნებს, ჩვენ ავტომატურად ვითვალისწინებთ მათში ჩადებულ შესაძლებლობებს. "საგნის პოტენციური შესაძლებლობები" დამოკიდებულია ადამიანის მოთხოვნილებაზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე. მაგალითად, ფორთოხალი სხვანაირად აღიქმება მშიერი ადამიანის, მხატვრის და ჩვილის მიერ, რომელსაც ამოსდის პირველი კბილები. ელეონორა გიბსონი მიიჩნევს, რომ ბავშვები დაბადებიდან აფასებენ გამოყენების თვალსაზრისით ყველაფერს რასაც ხედავენ და ესმით. მაგალითად, თმებს, ყურებს, სათვალეს შეიძლება ხელი ჩაავლო, ხოლო თვალებს არა. პატარები ამოწმებენ საგნების შესაძლებლობებს - შეიძლება მოწოვო? ხელი მოუჭირო? ხმებს გამოსცემს? ჩვილები ხშირად პირში იდებენ პლასმასის სათამაშოებს, ხოლო რბილ სათამაშოებს არა. გიბსონის აზრით, ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს საგნების კატეგორიზაციის პირველ გამოცდილებად.

     გობსონის ამ მოსაზრებას ეთანხმება ტ. ბაუერი. მან აღმოაჩინა, რომ 3 თვის ჩვილები ცდილობენ ხელი სტაცონ პატარა საგნებს, ხოლო დიდ საგნებს მხოლოს უყურებენ.

     სიღრმის აღქმა. იმისათვის, რომ ბავშვი მიწვდეს რაიმე საგანს, მას სიღრმის განცდა უნდა ჰქონდეს. მოგვიანებით, როცა ბავშვები ცოცვას იწყებენ, სიღრმის აღქმა საგნებთან დაჯახებასა და კიბეზე დაგორების თავიდან არიდებაში ეხმარება.

     ე. გიბსონმა და რ. ვოლკმა ჩვილებთან სიღრმის აღქმის შესასწავლად შეიმუშავეს მეთოდიკა - "ვიზუალური უფსკრული". ეს არის შუშის მაგიდა, რომელსაც შუაში აქვს "ბილიკი". "ბილიკის" ერთ მხარეს არის ჭადრაკის დაფის მსგავსი ზედაპირი, რომელიც ზედ მინაზეა დადებული. "ბილიკის" მეორე მხარეს არის "უფსკრული", ჭადრაკის დაფის მსგავსი ზედაპირი მოთავსებულია მინიდან რამოდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ. თუ ბავშვს არა აქვს სიღრმის აღქმა, ის თავისუფლად ხოხავს მინის ორივე მხარეს; ხოლო, თუ მას შეუძლია სიღრმის აღქმა, მაშინ "უფსკრულთან" მიახლოვებისას ჩერდება.

ობიექტის მუდმივობა

     პიაჟეს თეორიის თანახმად, სენსომოტორული პერიოდის მთავარი მონაპოვარია ბავშვის მიერ ობიექტის მუდმივობის (ობიექტი არსებობს სივრცეში და დროში, მიუ­ხედავად იმისა, აღვიქვამთ მას, თუ არა) გაგება.

     სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჩვილი ცხოვრობს პრინციპით: - "ვერ ვხედავ, ე.ი. არ არის". მაგალითად, თუ ბავშვს სათამაშოს დავუმალავთ, ის კარგავს ინტერეს მის მიმართ.

     პიაჟემ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ობიექტის მუდმივობას ბავშვების უმრავლესობა ეუფლება 1,5 წლის ასაკში. თუმცა მანამდე მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენა დედის და იმ ადამიანების, ვინც მათ უვლით "მუდმივობაზე". ეს ინტუიტური ცოდნა არ ვრცელდება გარემოში არსებულ საგნებზე.

     ობიექტის მუდმივობის გაგებისთვის საჭიროა გარკვეული კოგნიტური სტრუქტუ­რების განვითარება. პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იცნოს ნაცნობი საგნები, რაც მათ უკვე შეუძლიათ 2 თვის ასაკში. მაგალითად, ისინი "გამოცოცხლდებიან" როცა ხედავენ რძიან ბოთლს, ან ადამიანს ვინც მათ კვებავს. ამავე დროს, ბავშვებს უნდა შეეძლოთ მოძრავ ობიექტზე თვალის გადევნება. 2 თვის ასაკის პატარა ამას უკვე ახერხებს. ის თვალს აყოლებს მოძრავ ობიექტს, რომელიც შირმის უკან შედის. მას მზერა გადააქვს შირმის მეორე მხარეს და გამოხატავს გაკვირვებას, როცა იქ საგანს ვერ ხედავს. მაგრამ მას სრულიად არ აწუხებს, თუ შირმის მეორე მხრიდან ჩნდება სხვა საგანი.

     5 თვის ასაკის ბავშვი კი გამოხატავს შეშფოთებას, თუ შირმის მეორე მხრიდან გამოდის სხვა საგანი, ან იგივე საგანი, მაგრამ თუ ის უფრო სწრაფად/ნელა მოძრაობს.

     ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, გვერდი-გვერდ დადგეს 2 შირმა. საგანი შედიოდა პირველი შირმის უკან, მაგრამ არ ჩნდებოდა შირმებს შორის ცარიელ სივრცეში და გამოდიოდა მეორე შირმის მხრიდან. ამ კვლევაში მონაწილე მხოლოდ 9 თვის ასაკის ბავშვებმა გამოხატეს გაკვირვება, როცა საგანი არ გამოჩნდა ცარიელ სივრცეში.

     როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადამიანებს მუდმივობას ჩვილი უფრო ადრე ხვდება, ვიდრე საგნების მუდმივობას. ტ. ბაუერის კვლევაში სარკეები ისე იყო განლაგებული, რომ პატარა ხედავდა დედის ბევრ გამოსახულებას. 5 თვემდე ასაკის ბავშვები არ გამოხატავდნენ გაკვირვებას, პირიქით ეს ფაქტი მათ ძალიან უხაროდათ. მხოლოდ 5 თვის პატარები წუხდნენ რამოდენიმე დედის დანახვისას.

     დამალული საგნის მოძებნას ბავშვი იწყებს 5-8 თვის პერიოდში. თუმცა შეინიშნება გარკვეული არათანმიმდევრულობა. მაგალითად, თუ სათამაშოს დავმალავთ A ადგილას, სადაც მას ადვილად პოულობს 1 წლის ბავშვი, ხოლო შემდეგ მის თვალწინ დავმალავთ B ადგილას, ბავშვი სათამაშოს ეძებს ისევ A ადგილას.

     როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბავშვი სამყაროს შეიმეცნებს თავიდან აღქმის საშუ­ალებით, ხოლო შემდეგ იყენებს მოტორულ აქტიობას. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ტ. ბაუერის დაკვირვება: ბაუერის პატარა ქალიშვილმა რამოდენიმე საათი დაუთმო შემდეგ აქტიობას - ის პატარა საგნებს დებდა მამის ხელის მტევანში და მუშტად კრავდა (საგანი, რომ არ გამოჩენილიყო). შემდეგ, მამის ხელს ანაცვლებდა სხვა ადგილას და ხსნიდა მტევანს, რათა შეემოწმებინა, ისევ იქ იყო თუ არა დამალული საგანი. ე. ი. ამ ასაკში ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს თვალსაჩინი-მოტორულ პლანში.

     ზოგი ფსიქოლოგი აკრიტიკებს პიაჟეს და მიიჩნევს, რომ ჩვილებს გაცილებით მეტი ცოდნა აქვთ ობიექტის მუდმივობაზე, მაგრამ ვერ ამჟღავნებენ ამას მოტორული სფეროს განვითარებაში ჩამორჩენის გამო.

სიმბოლური რეპრეზენტაცია

     სიმბოლური რეპრეზენტაცია არის უნარი სიმბოლურად წარმოიდგინო ის, რაც ფიზიკურად არ არის. ჩვილობის პერიოდში უკვე გვხვდება გარკვეული რაოდენობა ქცევითი რეპრეზენტაციების. მაგალითად, პატარა აგრძელებს წოვის მოძრაობას, ჭამის დამთავრების შემდეგ; იქნევს ხელს, სათამაშოს ძირს დავარდნის შემდეგ; აკეთებს ხელით - "ნახვამდის".

     6-12 თვის ასაკში შეუძლია წარმოიდგინოს საგანი, მოვლენა, იდეა მოქმედების საშუალებით. მაგალითად, ძილი შეიძლება განასახიეროს მაგიდაზე თავის დადებით.

     11-12 თვის ბავშვმა შეიძლება განასახიეროს, რომ ჭამს, სვამს და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმბოლურ ფორმაში წარმოადგენს ნაცნობ მოქმედებებს.

     თავდაპირველად, წარმოსახული სიტუაციის წარმოსადგენად, ბავშვები არ იყენებენ საგნებს. ასაკის მატებასთან ერთად იწყებენ სათამაშოებისა და სხვა საგნების გამოყენებას. 15-18 თვის ასაკში ისინი "აჭმევენ" უფროსებს, თოჯინებს, დებს, ძმებს სათამაშო ან ნამდვილი კოვზის გამოყენებით. ამ ეტაპზე სიმბოლური თამაშისთვის საჭიროა რეალური საგნების მსგავი ნივთები.

     12-26 თვის ასაკში კი ბავშვმა შეიძლება წარმოიდგინოს გარკველ ნივთში სრულიად სხვა რამ. მაგალითად, ჯოხი შეიძლება გახდეს ცხენი, იატაკი - აუზი და ა.შ. ამჩნევს რა უხეშ მსგავსებას მაგალითად, ჯოხსა და ცხენს შორის, ბავშვი აერთიანებს უცნობ და ნაცნობ ცნებებს, ადგენს მათ შორის სიმბოლურ მიმართებას.

     რა თქმა უნდა სიმბოლური რეპერეზენტაციის ძირითად სისტემას წარმოადგენს ენა.

მიბაძვა

     ჟ. პიაჟე თვლიდა, რომ პარტივი სახის მიბაძვასაც კი ჭირდება რთული კოგნიტური სქემები. მისი აზრით, 9 თვის ასაკამდე ბავშვები არ ახდენენ ახალი მოქმედების მიბაძვას. დროში გადადებული მიბაძვა (რამოდენიმე საათი ან დღის წინ განხორციელებული მოქმედება) კი მოითხოვს კარგად განვითარებულ ხატოვან მეხსიერებას და სიმბოლურ რეპრეზენტაციას.

     თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს შეუძლიათ ახალი მოქმედების იმიტაცია გაცილებით უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე ამას მიიჩნევდა პიაჟე (1,5 თვის ბავშვი). ბავშვებს აჩვენებდნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს სხვადასხვა სათამაშო (მაგა­ლითად, დათვი იწყებდა ცეკვას, ძაფზე მოქაჩვის შემდეგ), მაგრამ არ აძლევდნენ თამაშის საშუალებას. აღმოჩნდა, რომ 11 თვის ბავშვებმა შეძლეს მოქმედების იმიტაცია ერთი დღის შემდეგ, ხოლო 14 თვის ბავშვებმა - ერთი კვირის შემდეგ. თუმცა, ის ბავშვები ვისაც არ ჰქონდათ ნანახი სათამაშო მოქმედებაში, ვერ შეძლეს მისი ამოქმედება.

მეხსიერება

     4 თვის ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ახალი საგნების ყურებას, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მათ ახსოვთ უკვე ნანახი საგნები.

     1 წლის ბავშვი ცნობს ნაცნობ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე კვირა არ უნახავს და იხსენებს (ხანგრძლი მეხსიერება) 1 კვირის წინანდელ ამბებს. 2 წლის ასაკში ახსოვთ 3 თვის წინანდელი ამბები.

ყურადღება

     ჩვილებისთვის დამახასიათებელია უნებლიე ყურადღება. 1 წლის ასაკში ბავშვს შეუძლია ყურადღების კონცენტრირება ერთ ობიექტზე 10 წუთის განმავლობაში.

მეტყველება

     ენა რამდენიმე ქვესისტემისგან შედგება, რომლებიც დაკავშირებულია: ჟღერადო­ბასთან, მნიშვნელობასთან, ზოგად სტრუქტურასთან და ყოველდღიურ გამოყენებასთან. ენის ცოდნა მოითხოვს ყველა ამ ასპექტის ფლობას და გაერთიანებას მოქნილ საკომუნიკაციო სისტემაში.

      პირველი კომპონენტი: ფონოლოგია დაკავშირებული წესებთან, რომლებიც აწესრიგებენ მეტყველების სტრუქტურას და ბგერების თანმიმდევრობას.

      მეორე კომპონენტი: სემანტიკა ეხება სიტყვის, გამოთქმის, გრამატიკული ფორმის მნიშვნელობას. როცა პატარა ბავშვები პირველ სიტყვებს წარმოთქვამენ, მათ ხშირად არა აქვს ის მნიშვნელობა, რაც აქვს მოზრდილისთვის. იმისათვის, რომ პატარა ბავშვებმა შეიქმნან სიტყვათა მარაგი, მათ უნდა გააცნობიერონ ათასობით სიტყვის მნიშვნელობა და ერთმანეთთან დაკავშირებული ტერმინების გადამუშავებულ სისტემებად აქციონ.

     მესამე კომპონენტია: გრამატიკა. ის შედგება ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან: სინტაქსი და მორფოლოგია.

     სინტაქსი შეისწავლის წესებს, რომელთა მიხედვითაც სიტყვები იწყობა წინადადებებად.

     მორფოლოგია შეისწავლის ისეთი გრამატიკული წესების გამოყენებას, როგორიცაა: სქესი, მოქმედებითი ან ვნებითი გვარი რიცხვი, ბრუნვა, ზმნის პირი, დრო და ა.შ.

     მეოთხე კომპონენტია: პრაგმატიკა, რომელიც ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო წესებს შეისწავლის. იმისათვის, რომ ბავშვებმა წარმართონ დიალოგი, მათ უნდა დაიცვან საუბრისას რიგითობა, ისაუბრონ ერთსა და იმავე თემაზე და აზრი ნათლად გადმოსცენ. ასევე იმის წარმოდგენაც უნდა შეეძლოთ, რომ ჟესტები, ხმის ტონი და კონტექსტი ხელს უწყობს საუბრის მნიშვნელობის ნათლად გამოხატვას.

     პრაგმატიკა მოითხოვს სოციოლინგვისტურ ცოდნასაც, ვინაიდან სწორედ საზოგა­დოება გვკარნახობს, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ მათ ენაზე. მაგალითად, ბავშვმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ ესაუბროს უფროსებს.

     თითოეული ამ კომპონენტთაგანი არის ერთმანეთზე დამოკიდებული და თითო­ეული მათგანის ცოდნა აადვილებს დანარჩენის ათვისებას.

     მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მეტყველების განვითარების შესწავლის საფუძველზე, გამოყვეს ბავშვის მეტყველების ათვისების ეტაპები, რომელიც დამახასიათებელია ყველა ბავშვისთვის:

  • 6 თვის ასაკში იწყებს ტიტინს.
  • პირველ სიტყვებს 1 წლის ასაკში წარმოთქვამს.
  • მეორე წლის ბოლოს სიტყვებს ერთმანეთთან აკავშირებს.
  • 4-5 წლისთვის აქვს სიტყვათა დიდ მარაგი და დაუფლებულია ძირითად გრამა­ტი­კულ კონსტრუქციებს.

როგორ ხდება მეტყველების დაუფლება?

ბიჰევიორისტული თვალსაზრისი

     სკინერი ვარაუდობდა, რომ მეტყველება, როგორც სხვა ნებისმიერი ქცევა ისწავლება ოპერანტული განპირობების საფუძველზე. როდესაც ბავშვი წარმოთქვამს ბგერებს, მშობლები განამტკიცებენ მათ - ღიმილით, ჩახუტებითა და თბილი საუბრით.

     ზოგი ბიჰევიორისტის აზრით, ბავშვები იმიტაციით ცდილობენ წარმოთქვან რთუ­ლი სიტყვები და დასრულებული წინადადებები. იმიტაცია შეიძლება შეუთავსდეს გან­მტკიცებას, მაგალითად, როცა მშობელი ბავშვს სთხოვს, თქვი: - "ნამცხვარი მინდა". მშობელი უღიმის და ეფერება მას, რაცა ბავშვი ამბობს: – "ნამცხვარი მინდა".

     ე.ი. ბიჰევიორისტების აზრით, ბავშვი მეტყველებას ითვისებს, როგორც მიბაძვით, ასევე განმტკიცებით.

     ბიჰევიორისტების კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სიტყვის და წინადა­დების განმტკიცება და მიბაძვა ფიზიკურად შეუძლებელია.

     კრიტიკოსები სვამენ შემდეგ კითხვას: - "თუ მეტყველების ათვისება ხდება მიბაძვით, მაშინ რატომ ამბობენ ბავშვები ისეთ სიტყვებს, რასაც უფროსები არ იყენებენ?". ასევე ხშირად ადგილი აქვს არასწორი სიტყვის განმტკიცებას. მაგალითად, თუ ბავშვი იტყვის "კაკა" , მშობელი მას გაუღიმებს და ხდება სიტყვა "კაკას" განმტკიცება, მაშინ როგორ სწავლობს ბავშვი სწორ სიტყვებს.

     მთლიანობაში სკინერისა და სხვა ბიჰევიორისტების მიერ შემოთავაზებული მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია ენის განვითარებისათვის. ასევე ბიჰევიორისტების პრინციპები ღირებულია იმ ბავშვების დასახმარებლად, ვისაც აქვთ მეტყველების განვითარების შეფერხება.

ნატივისტური თვალსაზრისი

     ბიჰევიორისტების თვალსაზრისის საპირისპიროდ, ნ. ჩომსკიმ წარმოადგინა ნატივისტური (natives, ლათ. - თანდაყოლილი) ახსნა, რომლის მიხედვითაც ენა განხილულია, როგორც ადამიანის მონაპოვარი, რომელიც "ჩაწერილია" ადამიანის ტვინში. ნოამ ჩომსკის აზრით, ბავშვები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას ენის ათვისებაზე. ჩომსკის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს "მეტყველების შემსწავლელი მოწყობილობა". ეს არის თანდაყოლილი სისტემა, რომლის საშუალებითაც ბავშვი მას შემდეგ, რაც აითვისებს სიტყვების საკმარის მარაგს, სიტყვებს გრამატიკულად გამართულ ახალ გამოთქმებად აერთიანებს და ესმის მოსმენილი წინადადებების მნიშვნელობა.

     ჩომსკი ასევე თვლიდა, რომ "მეტყველების შემსწავლელი მოწყობილობა" უნი­ვერსალურ გრამატიკას შეიცავს. ეს არის წესების ბაზა, რომელიც ერგება ყველა ენას.

     არგუმენტები ჩომსკის თეორიის სასარგებლოდ:

     მხოლოდ ადამიანს აქვს ენის ათვისების უნიკალური უნარი. ცხოველებმა შეიძლება აითვისონ მხოლოდ სიმბოლოების მნიშვნელობა და გრამატიკის საფუძვლები. მეცნიერები ცდილობდნენ ესწავლებინათ შიმპაზეებისთვის ლაპარაკი. ამ მიზნით იყენებდნენ ვიზუალურ სტიმულებს, ჟესტიკულაციას. რამოდენიმე წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, შიმპანზეებს გააჩნდათ რამოდენიმე ასეული სიტყვის მარაგი და გამოთქვამდნენ 2 სიტყვიან წინადადებებს. ისინი სიმბოლოებს იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, ბანანი, იმისთვის რომ ეჭამა) და არა ინფორმაციის გასაზიარებლად (მაგალითად, ბანანზე სასაუბროდ).

     ადამიანის ტვინში არის სპეციალური უბნები, რომელიც პასუხს აგებს მეტყველებაზე. ბროკას ზონა მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილში და პასუხს აგებს სამეტყველო აპარატის გამართულ მუშაობაზე. მისი დაზიანება იწვევს დაავადებას, რომელსაც აფაზიას უწოდებენ - ადამიანს კარგად ესმის სხვისი მეტყველება, ხოლო მისი მეტყველება შეფერხებულია.

     ვერნიკეს ზონა მდებარეობს მარცხენა ჰემისფეროს საფეთქლის წილში და პასუხს აგებს მეტყველების გაგებაზე. მისი დაზიანების დროს ადამიანს უჭირს სხვისი მეტყველების გაგება.

     მართალია აღნიშნული ზონების არსებობა ეთანხმება ჩომსკის მოსაზრებას, მაგრამ დაბადების მომენტისთვის ისინი არ არიან საბოლოოდ ფორმირებული.

     არსებობს მეტყველების დაუფლების სენზიტიური პერიოდი. ე. ლენბერგის აზრით, ბავშვმა ენა უნდა ისწავლოს მოზარდობის პერიოდის დადგომამდე, სანამ დასრულდება ლატერალიზაციის პროცესი (ფუნქციების გადანაწილება ჰემისფეროებს შორის).

     ჩომსკის თეორიამ უდიდესი გავლენა მოახდინა მეტყველების განვითარების თანამედროვე თეორიებზე. დღეს ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ ადამიანს აქვს ენის ათვისების უნიკალური, ბიოლოგიურად განპირობებული უნარი. მიუხედავად ამისა, ჩომსკის თეორია რამდენიმე მიმართულებით გააკრიტიკეს:

     1. რთულია უნივერსალური გრამატიკული სტრუქტურების იდენტიფიცირება. სხვადსხვა ენაში მარტივი გრამატიკული სტრუქტურებიც განსხვავებულად რეალიზდება. მაგალითად, ინგლისურ ენაში გამოყენებული the და a არტიკლები, ზოგიერთ აფრიკულ ენაში გამოიხატება ინტონაციით, იაპონურ ენაში გამოიკვეთება წინადადების კონტექსტიდან. ამიტომ, ჩომსკის თეორიის კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ უნივერსალური გრამატიკის არსებობაში.

     2. ჩომსკის მოსაზრება, რომ გრამატიკული ცოდნა დაბადებისთანავე მოცემულია, არ ესადაგება მეტყველების განვითარებაზე ზოგიერთი დაკვირვების შედეგებს. როდესაც ბავშვები თანდაყოლილი გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებას იწყებენ, მოსალოდნელია, რომ ისინი ამ წესებს მშობლიური ენის ყველა რელევანტურ მაგალითში გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, ბავშვები გრამატიკაში განსაკუთრებულ წარმატებას აღწევენ სკოლამდელ ასაკში და ბევრ გრამატიკულ ფორმას მაშინვე კი არა, თანდათანობით ეუფლებიან. მაგალითად, ვნებით გვარს ბავშვები შუა ბავშვობამდე ვერ ეუფლებიან. აქედან გამომდინარეობს, რომ მეტყველების განვითარებას სჭირდება სწავლა.

     3. თეორია ვერ ხსნის, როგორ რთავენ ბავშვები განსხვავებულ მოსაზრებებს დიალოგში და აწარმოებენ აზრობრივად გამართულ საუბარს (ენის პრაგმატული ასპექტი).

     4. ჩომსკი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ენის დაუფლების პროცესში კოგნიტურ უნარებს.

ინტერაქციული თვალსაზრისი

     ინტერაქციული თვალსაზრისის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სწორ მოსაზრებებს გამოთქვამენ, როგორც ბიჰევიორისტები, ასევე ნატივისტები. მათი აზრით, მეტყველების განვითარებაზე გავლენას ახდენს, თანდაყოლილი უნარები, კოგნიტური განვითარება და მდიდარი ენობრივი და სოციალური გარემო.

     ინტერაქციონისტები ეთანხმებიან ჩომსკის აზრს, რომ ბავშვები ბიოლოგიურად არიან მომზადებული ენის ასათვისებლად, მაგრამ თანდაყოლილია არა რომელიმე ლინგვისტური პროცესი, არამედ ტვინი, რომელიც ნელა ვითარდება და აძლევს ბავშვს საშუალოებას შეიძინოს სულ უფრო მეტი ცოდნა (ბეტესი, ტომასელო).

     სიტყვები წარმოადგენენ სიმბოლოებს. პირველ სიტყვებს ბავშვები ამბობენ 1 წლის ასაკში, როცა განვითარდება სიმბოლური რეპრეზენტაციის უნარი. პირველი სიტყვები ძირითად ეხება იმ ობიექტებს, რომელზეც ბავშვები აწარმოებენ მანიპულირებას, ე.ი. იძენენ გამოცდილებას სენსომოტორული სქემების გამოყენებით. აგრეთვე, ისეთ სიტყვებს როგორიცაა - "წავიდა", "ვაი!", ბავშვი ეუფლება სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში, როცა მას უკვე ესმის ობიექტის მუდმივობა.

     როგორ იგებენ ბავშვები გრამატიკული წესების არსებობას?

     ინტერაქციონისტების აზრით, აქ გადამწყვეტი როლი ენიჭება გარემოს.

     მშობლები ასწავლიან ბავშვებს ენის კანონზომიერებებს. მაგალითად, როცა მშობელი მიუთითებს ბავშვს ნახატზე და ეკითხება: - "რა არის ეს?", "რა თქვა ძაღლმა?". ეს აძლევს ბავშვს საშუალებას გაიგოს, რომ საგნებს აქვთ დასახელება და საუბარში არსებობს რიგითობა.

     მრავალ კულტურაში მოზრდილები ჩვილ და პატარა ბავშვებთან საუბრისას ენის განსაკუთრებულ, მოზრდილთა მეტყველებისგან განსხვავებულ ფორმას იყენებენ. ეს არის ბავშვზე მიმართული მეტყველება. მოზრდილი საუბრობს ნელა, ემოციურად, იმეორებს სიტყვებს. ბავშვზე მიმართულ მეტყველება ეხმარება მათ ენის ათვისებაში, ვინაიდან მისი საშუალებით ბავშვები ინტერესდებიან და ყურადღებას აქცევენ იმას, რასაც მშობლები ეუბნებიან. გარდა ამისა, ასეთი მეტყველების ბგერითი პატერნი ხაზს უსვამს ემოციურ შინაარსს, რაც ხელს უწყობს ბავშვსა და მასზე მზრუნველ მოზრდილს შორის ემოციური კავშირის დამყარებას. შედეგის მიღწევას ისიც უწყობს ხელს, რომ მშობლები მეტყველებას, მოქმედებას უთავსებენ. მაგალითად, ასახელებენ ობიექტს და მას უწვდიან ბავშვს.

     ამგვარად, მშობლები პატარებს აძლევენ შესაძლებლობას, ინტერმოდალური შედა­რებით მიხვდნენ სიტყვის მნიშვნელობას.

     ასვე, გრამატიკულად არა სწორ მეტყველებაზე მშობლები პასუხობენ სწორი მეტყველებით.

     მა­გალითად, თუ

ბავშვი ამბობს:

     - "ძაღლი ჭამა",

მშობელი პასუხობს:

     - "დიახ, ძა­­­­­­ღ­­ლი ჭა­­­­მს, ის მშიერია".

მეტყველების განვითარების პერიოდები

     ახალშობილნი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მაღალი ბგერებისადმი. ისინი დედის ხმასა და მშობლიურ ენაზე მეტყველებას ამჯობინებენ სხვა ბგერებს. შესაძლოა იმიტომ, რომ პრენატალური განვითარების პერიოდში მუდმივად ესმით დედის ხმა. ამასთან ახალშობილებს აქვთ საოცარი უნარი, გაარჩიონ ადამიანის მეტყველება ნებისმიერ სხვა ბგერისგან. ეს უნარი მათ მშობლიური ენის ფონოლოგიური კოდის შესწავლაში ეხმარება. ჩვილები იმთავითვე მზად არიან მეტყველების ასათვისებლად. სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ენა, სენსიტიურობა, კოგნიტური განვითარება და სოციალური გარემო ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას.

     მეტყველების გაგება და მისი გამოყენება, როგორც წესი ერთდროულად მიმდი­ნარეობას, თუმცა ხშირად მეტყველების გაგება წინ უსწრებს აქტიური მეტყველების განვითარებას. მაგალითად, დედა შვილს ეუბნება: - "სამზარეულოდან ნამცხვარი მომიტანე". ბავშვი მიდის სამზრეულოში და მოაქვს ნამცხვარი, თუმცა თვითონ ჯერ არ შეუძლია მეტყველება.

     ჩვილობაში მეტყველების განვითარება გაივლის 3 პერიოდს: სიტყვამდელი პერიოდი, პირველი სიტყვების პერიოდი და ორსიტყვიანი წინადადებების პერიოდი.

სიტყვამდელი პერიოდი

     ბავშვები დაახლოებით ორი თვის ასაკში წარმოთქვამენ პირველ ხმოვნებს, რასაც "ღუღუნს" უწოდებენ. ამას ემატება თანხმოვნები და 4 თვის ასაკში ჩვილები "ტიტინს" იწყებენ (ხმოვნებისა და თანხმოვნების კომბინაცია). მაგალითად, დადადა, მამამა. ეს არის პირველი ბგერების პერიოდი. თავიდან ჩვილები ბგერების შეზღუდულ რაოდენობას წარმოთქვამენ. შემდეგ კი მათი რაოდენობა იზრდება.

     6 თვის ასაკისთვის ტიტინი იმ ხმოვან–თანხმოვანთა კომბინაციებს (მა-მა, ბა-ბა) მოიცავს, რომელიც დამახასიათებელია ჩვეულებრივი მეტყველებისთვის. ა. გეზელმა ამას ექსპრე­სიული ჟარგონი უწოდა. მეტყველების განვითარების ამ პერიოდს გაივლის მსოფლიოში ყველა ბავშვი.

     ბოლო კვლევების მონაცემებით, ჩვილები აღიქვამენ მსოფლიოში არსებული ყველა ენის ბგერებს, მაშინ როცა მოზრდილებს შეუძლიათ აღიქვან და წარმოთქვან, მხოლოდ მშობლიური ენის ბგერები.

პირველი სიტყვების პერიოდი

     ბავშვების უმეტესობა პირველი სიტყვების წარმოთქმას იწყებს პირველი წლის ბოლოს. თავიდან მათი სიტყვათა მარაგი სულ რამოდენიმე სიტყვისგან შედგება, ხოლო შემდეგში სიტყვათა მარაგი სწრაფად იზრდება. მეტყველების დაუფლების ტემპი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. თუ პატარა თავის თანატოლებთან შედარებით გვიან იწყებს მეტყველებას, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩამორჩება მათ განვითარებაში. ზოგი ბავშვი გვიან იწყებს მეტყველებას, მაგრამ შემდეგ სწრაფად ეწევა სხვა ბავშვებს.

     პირველი სიტყვები ჩვეულებრივ არსებითი სახელებია, რომელიც აღნიშნავს ადამი­ანებს, საგნებს და ცხოველებს.

     ზოგი ლინგვისტი მიიჩნევს, რომ ბავშვის პირველი სიტყვები, ფაქტობრივად არის წინადადებები. მაგალითად, სიტყვა "დედა", რომელიც წარმოთქმულია სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებული ინტონაციით და ჟესტიკულაციით, შეიძლება ნიშნავდეს - "დედა წყალი მინდა", "დედა ხელში ამიყვანე". "ეს ჩემი დედაა" და ა.შ. აქედან გამომდინარე ბავშვის პირველ სიტყვებს ჰოლოფრაზებს უწოდებენ.

     კეტრინ ნელსონმა გამოყო ბავშვების მეტყველების 2 სტილი: რეფერენტული და ექსპრესიული. მეტყველების რეფერენტული სტილის დროს ბავშვები ძირითადად იყენებენ არსებით სახელებს, ხოლო ექსპრესიული სტილის დროს კი - ზმნებს და ნაცვალსახელებს. ექსპრესიული სტილის მქონე ბავშვები ხშირად "იგონებენ" საკუთარ სიტყვებს, რომლებსაც იყენებენ იმ სიტყვების მაგივრად, რომელიც არ იციან.

     ბავშვები ახალ სიტყვებს ზოგჯერ ვიწრო მნიშვნელობით იყენებენ. მაგალითად, სიტყვა "ცუგა", შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ საკუთარ ძაღლთან მიმართებაში. ამას ეწოდება არასაკმარისი გავრცობა.

     1–2 წლამდე პატარებში გავრცელებულია ჭარბი გავრცობა ანუ სიტყვის მისადაგება იმაზე მეტი საგნისთვის ან მოვლენისთვის, ვიდრე ეს რეალურადაა. მაგალითად, ბავშვი შეიძლება სიტყვა "ბურთს" ხმარობდეს ყველა მრგვალი საგნის აღსანიშნავად (ე.ი. მას ესმის, თუ რას ნიშნავს "მრგვალი").

     პიაჟეს აზრით, თავდაპირველად ხდება ცნების ფორმირება, ხოლო შემდეგ ამ ცნების დაკავშირება სიტყვასთან. ამ მოსაზრების სასარგებლოდ შეიძლება მოვიყვანოთ ტყუპების მიერ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის საკუთარი ენის მოგონება, ან სმენა დაქვეითებული ბავშვების მიერ (თუ მათ არ ასწავლიან ჟესტების ენას) ჟესტების შექმნა.

     სხვა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ სიტყვა ეხმარება ბავშვებს ცნების ფორმირებაში. ეძახის რა თავის ძაღლს "ცუგოს", ბავშვი იყენებს სიტყვას კონკრეტული ობიექტის აღსანიშნად. მოგვიანებით, როცა ადგილი ექნება კოგნიტური კატეგორიების გაფართოვებას და დაზუსტებას, ბავშვი აითვისებს ცნებას "ძაღლი".

ორსიტყვიანი წინადადებების პერიოდი

     მეორე წლის ბოლოსთვის ბავშვები იწყებენ ერთმანეთთან სიტყვების დაკავშირებას. ჩვეულებრივ ხდება 2 სიტყვის დაკავშირება. ამბობენ რა ორსიტყვიან წინადადებებს, ბავშვები ხშირად ტოვებენ "მეორეხარისხოვან" სიტყვებს, მაგრან ყოველთვის იცავენ სიტყვათა გარკვეულ რიგს. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება თქვას: - "შეხედე ძაღლი", მაგრამ არ იტყვის: "ძაღლი შეხედე". თავდაპირველად ბავშვის წინადადებები შედგება 2 სიტყვისგან, შემდეგ სამისგან და ა.შ. ბავშვი წინადაებაში იყენებს მხოლოდ - ზმნებს, არსებით და ზედსართავ სახელებს, ხოლო "მეორეხარისხოვან სიტყვებს კი ტოვებს (წინდებული, ფლექსიები, დამხმარე ზმნები). ამას ბრაუნი უწოდებს ტელეგრაფულ მატყველებას.

დეპრივაცია

     მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან, ძალზედ პოპულარული გახდა ტერმინი -დეპრივაცია.

     დეპრივაცია არის სასიცოცხლო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი განსაზღვრული მდგომარეობა, როცა სუბიექტი გარკვეული ხნით და ოდენობით მოკლებულია, თავისი საარსებო ფსიქიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.

     გამოყოფენ - სენსორულ, ემოციურ და სოციალურ დეპრივაციას.

     ჩვილისთვის დეპრივაციის ყველაზე მძიმე ფორმაა ემოციური დეპრივაცია, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მძიმეა შედეგები. ემოციურ დეპრივაციად მიიჩნევენ - ალერსის, მზრუნველობის, სითბოს და თანაგრძნობის ხანგრძლივ მოკლებას, ანუ ხანგრძლივ ემოციურ იზოლაციას. მას ზოგჯერ "დედობრივი მზრუნველობის დეფიციტსაც" უწოდებენ. ემოციური დეპრივაციის შედეგად ადგილი აქვს ბავშვის ფსიქიკური და ინტელექტუალური განვითარების დარღვევას.

     რ. შპიცი დააკვირდა 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვების 2 ჯგუფს. პირველ ჯუფში იყვნენ ჯამრთელი ბავშვები, რომლებაც დაკარგეს მშობლები და იზრდებოდნენ ბავშვთა სახლებში. მეორე ჯგუფში იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებოდნენ "ციხეში", პატიმარი დედების გვერდით. მათი ცხოვრების პირობები და განვითარების დონე, უფრო ცუდი იყო, ვიდრე პირველი ჯგუფის ბავშვების. 1 წლის შემდეგ, პირველი ჯგუფის ბავშვებს გამოუვლინდათ განვითარების შეფერხება (განსაკუთრებით დაზიანდა ემოციური და მოტორული სფერო, ზოგი გარდაიცვალა კიდეც); ხოლო მეორე ჯგუფის ბავშვებმა განვითარებაში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადეს და გაასწრეს პირველი ჯგუფის ბავშვებს.

     მ. რუტერი და მისი კოლეგები აკვირდებოდნენ, ბრიტანელთა ოჯახებში, რუმინეთის ბავშვთა სახლებიდან ნაშვილები (ახალშობილიდან 2 წლის ასაკამდე ბავშვები) ბავშვების განვითარებას.

     ბრიტანეთში ჩამოყვანისას ამ ბავშვების უმრავლესობა დამშეული და ინფექცი­ებისადმი მიდრეკილი იყო. მათ განვითარების ყველა სფეროში შეფერხება აღენი­შნე­ბოდათ.

     4 წლისთვის ასაკისთვის ყველა მათგანს აღენიშნებოდა ფიზიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი. მართალია, პროგრესი შეინიშნებოდა კოგნიტურ ზრდაშიც, მაგრამ მხოლოდ იმ ბავშვებთან, ვინც ნაშვილობის დროს იყვნენ 6 თვეზე ნაკლები ასაკის. ბავშვები, რომლებიც ნაშვილობის მომენტისთვის იყვნენ 6 თვეზე მეტი ასაკის, მათი IQ მაჩვენებლები ნაკლები იყო, მათივე ასაკის ბრიტანელი და რუმინელი (ვინც 6 თვემდე ასაკში იყვნენ ნაშვილები) ბავშვების IQ მაჩვენებლებისაგან. 6 თვემდე ასაკის ნაშვილები ბავშვების IQ მონაცემები კი მსგავსი იყო ბრიტანელი ბავშვების IQ მონაცემების, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა სრულ აღდგნას, მძიმე დეპრივაციის შემდეგ.

     ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება შემდეგი დასკვნის გაკეთება - თუ ბავშვი ატარებს სიცოცხლის პირველ 2 (და მეტ) წელს დეპრივაციაში, მაშინ მათი განვითარებისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი შეფერხება.

     ამასთანავე, ანომალური განვითარება ერთ სფეროში, ხშირად ხელს უშლის პროგრესს მეორე სფეროში. მაგალითად, აყვანილი ბავშვების მშობლები ხშირად აღნიშნავდნენ ბავშვის მხედველობის დარღვევაზე. განსაკუთრების გავრცელებული პრობლემა იყო - სიელმე.

     ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ ტაქტილური და ვერბალური სტიმულაცია, რაც ხელს უშლის ინტერმოდალური აღქმის განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები, შეგრძნების ორგანოებიდან შემოსული ინფორმაციის ინტეგრირებაში, გარემოდან შემოსული ინფორმაცია თრგუნავს და მათი რეაქცია სტიმ­ულზე არაორგანიზებულია, ისინი იბნევიან და შიშს გამოხატავენ.

     ასევე, ბავშვის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს გადაჭარბებული სტიმულაციაც, რომელიც ბავშვის შესაძლებლობებს აღემატება. ბოლო დროს მომრავლდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები/ცენტრები, სადაც ცდილობენ ბავშვებს (ჩვილებსაც) ასწავლონ - წერა, კითხვა, მათემატიკა, ხელოვნება და ა.შ. არ არსებობს არანაირი საბუთი, რომ ასეთი პროგრამებით ნასწავლი ბავშვები უფრო "ჭკვიანები" არიან. პირიქით, პატარების სტიმულებით გადატვირთვამ, რომლისთვისაც ისინი მზად არ არიან, შეიძლება გამოიწვიოს გარიყულობა, რომელიც ხელს უშლის სპონტანური ინტერესის და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ფორმირებას. ასეთ "განსაკუთრებულ" პირობებს, დაახოვებით იგივე ეფექტი აქვთ ბავშვის განვითარებაზე, როგორც დეპრივაციას.

ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის საჭიროა:

  • შეგრძნებების ორგანოების მრავალფეროვანი სტიმულირება. მისი ნაკლებობა იწვევს სენსორულ დეპრივაციას.
  • ორგანიზებული გარემო. ქაოტური გარემო არ აძლევს ბავშვს საშუალებას გაიგოს, განჭვრიტოს, მოაწესრიგოს გარემოდან შემოსული ინფორმაცია, რაც შედეგად იწვევს კოგნიტურ დეპრივაციას.
  • სოციალური კონტაქტები, განსაკუთრებით დედასთან. მისი ნაკლებობა იწვევს ემოციურ დეპრივაციას.
  • სხვადასხვა როლებისა და ღირებულებების ათვისება (ამას ხელს უწყობს თამაში). მისი ნაკლებობა იწვევს სოციალურ დეპრივაციას.

მ. მელიქიშვილი

ტეგები: Qwelly, აღქმა, ბავშვთა_ფსიქოლოგიაა, დეპრივაცია, მ.მელიქიშვილი, მეტყველება, მეხსიერება, ჩომსკი

ნახვა: 3887

გამოხმაურებები!

ფსიქოლოგია მარად თაობების აღზრდის სამსახურში

Kakha_მ თქვა:

ფსიქოლოგია ყველგან და ყოველთვის ფსიქოლოგია! ))

RSS

ბლოგ პოსტები

The Structure of ‘Discovering Aeternum’

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 31, 2024.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

A Response to Community Feedback

The relaunch of the video series as Discovering Aeternum is a direct response to feedback from the New World community. Amazon Games acknowledged the value of player input, leading to significant adjustments and expansions from the original Touring Aeternum series. The aim of this revamped series is to help new players “hit the ground running” when the Aeternum update arrives in October. By offering a structured and phased approach, the  series promises…

გაგრძელება

One of the most interesting things you can farm

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 31, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი



One of the most interesting things you can farm in RuneScape could be Rune Essence. It is the most basic kind of Runes available in the game, and allows players to make use of Runecrafting to make simple Runes to cast a large portion of Magic spells to  Due to the massive need of Runes for casting spells, Runes are among the most frequently traded items between players. When players reach the level of Mining 30. tapping into Rune Essence mining could be one of the highest-paying source…

გაგრძელება

Aeternum is not just about power

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

The Thrive phase will likely delve into the complexities of territory control, a key feature of New World that allows players to own and manage settlements. Controlling territory in Aeternum is not just about power but also about resource management, diplomacy, and strategic planning. Episodes in this phase will provide players with the knowledge needed to effectively lead their factions, engage in large-scale wars, and secure their place in the world of Aeternum.

Additionally, the…

გაგრძელება

Once players have arrived in Aeternum

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

2. Survive: Navigating the Challenges

Once players have arrived in Aeternum and familiarized themselves with the basics, the Survive phase will kick in. This phase is designed to help players navigate the many challenges that Aeternum presents. From deadly creatures to  hostile players, the world of New World is unforgiving, and survival often depends on preparation and knowledge.

While specific episodes in the Survive phase have yet to be released, players can anticipate content…

გაგრძელება

Qwelly World

free counters