ხორხე ლუის ბორხესი - ფუნესის მეხსიერება

წიგნიდან: ხორხე ლუის ბორხესი - მოთხრობები


   ვიხსენებ მას (თუმცა არ მაქვს ამ წმინდა ზმნის თქმის უფლება. ერთადერთ კაცს ჰქონდა ამქვეყნად და ის კაცი მკვდარია) ხელში მუქი ვნებისყვავილით, რომელსაც ისე უყურებდა, როგორც არავის უყურებია: მთელი ცხოვრება მისჩერებოდა გარიჟრაჟის რიბირაბოდან საღამოს უკანასკნელ სხივამდე. ვიხსენებ მას - მის მდუმარე სახეს, ინდიელის ნაკვთებს, ამ სახის უჩვეულო სიშორეს - სიგარეტის უკან. ვიხსენებ (ვგონებ) ტყავის შემომწვნელის თხელ თითებს. ვიხსენებ მატეს ფინჯანს იმ ხელების ახლოს ბანდა ორიენტალის გერბით. ვიხსენებ მისი სახლის ფანჯარაში ყვითელი ნამჯის დარაბას ზედ გამოსახული ტბის ბუნდოვანი ლანდშაფტით. მკაფიოდ მახსოვს მისი ხმა - იმდროინდელი ხულიგნის ნელი, ნაწყენი, ცხვირისმიერი ხმა დღევანდელი იტალიური შიშინა ბგერების გარეშე. სულ სამჯერ ვნახე, უკანასკნელად - 1887 წელს... მივესალმები იდეას, რომ ყველა ჩვენგანმა, ვისაც საქმე ჰქონია ამ კაცთან, რაღაც უნდა დაწეროს მასზე. ჩემი მოგონება, ალბათ, უმოკლესი იქნება (და, რასაკვირველია, უმცირესი) იმ წიგნში, რომლის გამოცემასაც შენ აპირებ. თუმცა ნამდვილად ვერ იქნება ყველაზე ნაკლებად სამართლიანი. სამწუხაროდ, მე არგენტინელი ვარ, შინაგანად სრულებით უუნარო დითირამბის ჟანრში, ესოდენ სავალდებულო რომ არის ურუგვაიში, განსაკუთრებით, როცა ამ დითირამბის საგანი თვითონაც ურუგვაელია. ინტელექტუალი, დენდი, ქალაქელი ფრანტი - ფუნესი არ იტყოდა ამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მისთვის მე ამ უბედურებებს წარმოვადგენდი. პედრო ლეანდრო იპუჩეს უწერია, ფუნესი ზეადამიანთა წინამორბედი იყოო, „ინდივიდუალურ-ადგილობრივი ზარატუსტრა“, და მეც არც შევეკამათები ამ თვალსაზრისს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის აგრეთვე იყო ქუჩის ხულიგანი ფრაი ბენტოსიდან, თავისი უსაშველო დასაზღვრულობებით.
   ჩემი პირველი მოგონება ფუნესზე სრულებით მკაფიოა. ვხედავ მას ერთ ნაშუადღევს 1884 წლის მარტში თუ თებერვალში. იმ წლის ზაფხულში მამაჩემმა ფრაი ბენტოსში წამიყვანა. რანჩოდან სან-ფრანცისკოში ვბრუნდებოდი ჩემს ბიძაშვილ ბერნარდო ჰაედოსთან ერთად. ცხენებზე ვისხედით და მხიარულად მივიმღეროდით. თუმცა ცხენზე ჯდომა არ იყო ჩემი ხალისიანობის ერთადერთი მიზეზი. მცხუნვარე დღის შემდეგ ცას სამხრეთიდან მორეკილი ვეება რუხი საქარიშხლე ღრუბლები გადაეფარა. ქარმა ხეები უწყალოდ გაწეწ-გამოწეწა და მეც ამავსო შიშმა (იმედმა), რომ წყლის სტიქია სოფლის მოღიავებულ შარაზე მოგვისწრებდა. ქარიშხლის საწინააღმდეგო დოღივით რაღაც მოვაწყვეთ. შევუხვიეთ ვიწრო, ღრმა ქუჩაზე, რომლის აგურის ტროტუარები დიდად ასცილებოდა მიწის დონეს. უცბად დაბნელდა. ჩემ ზემოთ სწრაფი, თითქმის ფეხაკრეფით გადადგმული ნაბიჯების ხმა გავიგონე. თავი ავწიე და დავინახე ბიჭი, რომელიც სირბილით მიუყვებოდა ვიწრო, დანგრეულ ტროტუარს მაღლა, თითქოს ვიწრო ნაკედლარზე მირბისო. მახსოვს მისი მოკლე, ტომრისებრი შარვალი, გაუჩოს შარვლის მსგავსი, ნამჯისძირიანი ბამბის ჩუსტები, სიგარეტი მკვრივ სახეზე და ეს ყველაფერი - ქარიშხლის გოლიათური ღრუბლის ფონზე. მოულოდნელად ბერნარდომ ბიჭს ასძახა: „რომელი საათია, ირენეო?“ მას არც ცაში აუხედავს, არც წამით დაყოვნებულა, ისე ჩამოსძახა: „რვას აკლია ოთხი წუთი, ჭაბუკო ბერნარდო ხუან ფრანცისკო“. ხმა მჭახე ჰქონდა და დამცინავი.
იმდენად გონებაგაფანტული ვარ, რომ აღარც კი გამახსენდებოდა ეს მოკლე გადაძახილი, ჩემი ყურადღება რომ არ მიეპყრო ბიძაშვილს, რომელსაც, ადგილობრივი სიამაყის კარნახით, მოუნდა, თავი ისე დაეჭირა, თითქოს აინუნშიც არ ჩაუგდია ბიჭის პასუხი. მითხრა: ის ბიჭი ირენეო ფუნესი იყო, ცნობილი თავისი ექსცენტრიკულობებით, მათ შორის - იმით, რომ ადამიანებს უფრთხის და ყოველთვის საათივით ზუსტად იცის რა დროაო. შემდეგ დაამატა, რომ ირენეო სოფლის მეუთოვე ქალის, მარია კლემენტინა ფუნესის შვილია; რომ, ხალხის ერთი ნაწილის თქმით, თუ მამამისი - ინგლისელი სახელად ო’კონორი - ექიმი იყო დასამარილებელ სახლში, სხვები ამბობდნენ, საარსებო საშუალებებს ცხენების გახედვნით თუ ხარებიანი ფურგონების ტარებით შოულობს სალტოს დეპარტამენტშიო. ბიჭი დედამისთან ცხოვრობსო, მითხრა ბიძაშვილმა ვილა ლოს ლაურელესის ქუჩის კუთხეში.
1885-86 წლების ზაფხულები მონტევიდეოში გავატარეთ. ფრაი ბენტოსში მომდევნო წელს, ანუ 87-ში დავბრუნდი. ბუნებრივია, ყველა მოვიკითხე და, ბოლოს, „ქრონომეტრი ფუნესიც“. მითხრეს, სან-ფრანცისკოში ნახევრად გახედნილმა ცხენმა გადმოაგდო და სამუდამოდ დახეიბრდაო. მახსენდება მოუსვენარ-მაგიური განცდა, რომელმაც ამ ამბის გაგონებაზე შემიპყრო. ირენეო ერთადერთხელ მყავდა ნანახი: როცა ჩვენ სან-ფრანცისკოს რანჩოდან ვბრუნდებოდით, ის კი შემაღლებაზე მიაბიჯებდა. ბიძაშვილ ბერნარდოს მიერ ნათქვამმა ამბავმა ისე იმოქმედა, როგორც წარსულის ელემენტებისგან შედგენილმა სიზმარმა. მითხრეს, ფუნესი არასოდეს დგება საწოლიდან, წევს და მზერა ან ერთთავად სახლის უკან მდგარ ლეღვის ხეზე აქვს მიჯაჭვული, ან აბლაბუდაზეო. საღამოობით ფანჯარასთან მიყვანის უფლებას იძლევა. ისეთი ამაყი ბიჭუნა იყო, რომ ეს უბედური გადმოვარდნა ცხენიდან იღბლიან ამბად მიუჩნევია... ორჯერ ვნახე თავის საწოლზე რკინის ცხაურიანი ფანჯრის მიღმა, თითქოს ტლანქად რომ მიანიშნებდა მის პატიმრულ ცხოვრებას. პირველ ნახვაზე გაუნძრევლად იწვა, თვალდახუჭული, მეორეზე - ისევ უმოძრაოდ, აბზინდის სურნელოვანი რტოს ჭვრეტაში დანთქმული.
არცთუ ყოყოჩობის გარეშე ხდებოდა, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში მეთოდურად ვეუფლებოდი ლათინურს. ჩემოდანში მეწყო ლომონდის „De viris illustribus“, კიშერას „Thesaurus“, იულიუს კეისრის კომენტარები და პლინიუსის კენტნომრიანი „Naturalis historia“, რომელიც აღემატებოდა და დღემდე აღემატება ჩემს, როგორც ლათინურის მცოდნის, შესაძლებლობებს. პატარა ქალაქში საიდუმლოებები არ არსებობს. თავის გარეუბნის სახლში ირენეომ მალე შეიტყო ამ უცხოქვეყნიური წიგნების არსებობა და გამომიგზავნა ხატოვან-სენტენციური წერილი, რომელშიც მახსენებდა ჩვენს „სავალალოდ ეფემერულ“ შეხვედრას „1884 წლის 7 თებერვალს“. მოკლედ და ელეგიურად ახსენებდა „დიდებულ სამსახურს“, რომელიც ბიძაჩემმა, იმავე წელს გარდაცვლილმა გრეგორიო ჰაედომ გაუწია მის ორ სამშობლოს იტუზაინგოს ვაჟკაცურ ბრძოლაში, მერე კი მთხოვდა, მეთხოვებინა მისთვის ერთ-ერთი ჩემი წიგნი და ლექსიკონი „ტექსტის სრული გაგებისთვის, რადგანაც უნდა აღვნიშნო, რომ ლათინური არ ვიცი“. მპირდებოდა, წიგნებს შეულახავად და „წაკითხვისთანავე“ დაგიბრუნებთო. კალიგრაფია სრულყოფილი ჰქონდა, ასოები - ბრწყინვალედ მოხაზული, მართლწერა - ისეთი, რომელსაც ანდრე ბელო გვირჩევს: i - y-ს, j - g-ს ნაცვლად. თავიდან ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობად მივიჩნიე. მაგრამ ბიძაშვილებმა დამარწმუნეს, ხუმრობა არ გეგონოს, „ეს... ეს, უბრალოდ, ირენეოა“. არ ვიცოდი რა იყო ეს - უტიფარი ახირება, უმეცრება თუ სიბრიყვე, რომ თურმე ძნელად მოსაპოვებულ ლათინურს სხვა არაფერი სჭირვებია იმის მეტი, რისი მიცემაც ლექსიკონს შეეძლო. რათა ფუნესი მთლიანად გამეთავისუფლებინა ილუზიებისგან, კიშერატის „Gradus ad Parnassum“ და პლინიუსი გავუგზავნე.
   14 თებერვალს ბუენოს-აირესიდან დეპეშა მივიღე. უსიკვდილოდ უნდა დავბრუნებულიყავი შინ: მამაჩემი „შეუძლოდ იყო“. ღმერთო, შემინდე, მაგრამ დეპეშის მიმღების როლში ყოფნის პრესტიჟმა, სურვილმა - მთელი ფრაი ბენტოსისთვის მემცნო წინააღმდეგობა მოსული უწყების ნეგატიურ შინაარსსა და ზმნიზედური ფრაზის აბსოლუტურობას შორის, ცდუნებამ - მომეხდინა ჩემი მწუხარების დრამატიზება მამაკაცური სტოიციზმის სიმულირებით: - ამ ყველაფერმა, როგორც ჩანს, დამიკარგა ნამდვილი ტკივილის განცდის უნარი. როდესაც ჩანთა ჩავალაგე, მივხვდი, რომ ხელთ არ მქონდა არც „Gradus ad Parnassum“ და არც პლინიუსის პირველი ტომი. „სატურნი“ მომდევნო დილას მიცურავდა, იმ საღამოს კი, სადილის შემდეგ, ფუნესს მივაკითხე შინ. გაოცებული ვიყავი, რომ საღამო ნაკლებად დამთრგუნველი არ იყო, ვიდრე დღე.
   უბრალო პატარა სახლის კარი ფუნესის დედამ გამიღო. ფუნესი უკანა ოთახშიაო, მითხრა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოთახი ბნელი მოგეჩვენათ, რადგან შეუძლოდ ყოფნის საათებში ირენეო ხშირად სანთელს არ ანთებსო. ფილაქნიანი შიდაეზო გადავჭერი, მერე - პატარა დერეფანი და მეორე შიდაეზო. იქ ვაზი იყო, თუმცა სიბნელე, ფაქტობრივად, სრული მეჩვენა. მერე კი, უცებ, ირენეოს მაღალი, დამცინავი ხმა შემომესმა. ლათინურად მეტყველებდა, ჩრდილებიდან გამოსული ხმა ავადმყოფური სიამოვნებით მოიხმობდა მიმართვას, ლოცვას თუ შელოცვას. ლათინური მარცვლები დატკეპნილმიწიან შიდაეზოში ხმიანობდა. ჩემი მღელვარების გამო ეს მარცვლები გაუგებარი და უსასრულო მეჩვენა. მოგვიანებით, იმღამინდელ ვრცელზე უვრცესი საუბრის დროს, გავიგე, რომ ეს იყო პლინიუსის „ბუნების ისტორიის“ ოცდამეოთხე თავის პირველი აბზაცი, რომლის შინაარსია მეხსიერება, ხოლო უკანასკნელი სიტყვები „ut nihil non iisdem verbis redderetur auditum“.
   ისე, რომ ხმა ოდნავადაც კი არ შესცვლია, ირენეომ ოთახში შემიპატიჟა. თავის საწოლზე იწვა და ეწეოდა. არა მგონია, მისი სახე დამენახოს მზის ამოსვლამდე. უკან რომ ვიყურები, ვგონებ, მისი სიგარეტის მომენტალური გამონათებები მახსენდება. ოთახი ოდნავ დახუთული იყო. დავჯექი. დეპეშისა და მამაჩემის ავადმყოფობის ამბავი ვუთხარი.
მივადექი ჩემი ამბის ყველაზე რთულ მომენტს, ამბისა, რომლის ერთადერთი raison d’кtre (რაკი ჩემმა მკითხველებმა დასაწყისიდანვე უნდა იცოდნენ) ნახევარი საუკუნის წინანდელი ის დიალოგია. არ შევეცდები მათში წარმოთქმული და აწ სამუდამოდ წარსულში დარჩენილი სიტყვების რეპროდუცირებას. ამის სანაცვლოდ, კეთილსინდისიერად შევაჯამებ ბევრ რამეს, რაც ირენეომ მითხრა. არაპირდაპირი საუბარი შორეულია და სუსტი. ვიცი, რომ მსხვერპლად ვწირავ ჩემი ნაამბობის ეფექტურობას. მხოლოდ იმის მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი მკითხველები ეცდებიან და მიაყურადებენ თავიანთ წარმოსახვაში ტეხილ და სტაკატო პერიოდებს, ასე რომ გამაოგნეს იმ ღამეს.
   ირენეომ დაიწყო „ბუნების ისტორიაში“ კატალოგიზებული განსაცვიფრებელი შემთხვევების ჩამოთვლა ლათინურად და ესპანურად. კიროსი, სპარსეთის მეფე, რომელსაც თავისი ჯარის ყველა მეომრის სახელი ახსოვდა და ასეც მიმართავდა; მითრიდატე ევპატორი, ვინც ოცდაორ ენაზე გაავრცელა სამართალი იმ სამეფოში, რომელსაც მართავდა; სიმონიდე, მეხსიერების ხელოვნების შემქმნელი; მეტროდორუსი, რომელსაც შეეძლო შეუცდომლად გაემეორებინა თუნდაც ერთხელ გაგონილი რამ. ირენეომ სრული გულწრფელობით თქვა, გაკვირვებული ვარ, ასეთი შემთხვევები გასაკვირად რომ მიიჩნევაო. მერე მიამბო: იმ წვიმიან ნაშუადღევამდე, როდესაც თრთვილა ცხენმა გადმოაგდო, ისიც ისეთი იყო, როგორიც ყველა სხვა - ბრმა, ყრუ, გონებადაბინდული და, ფაქტობრივად, მეხსიერებისგან დაცლილი (ვცადე, შემეხსენებინა, რაოდენ ზუსტად განსაზღვრავდა დროს, რა კარგად ახსოვდა საკუთარი სახელები, - მან ყური არ მიგდო). ცხრამეტი წელი ისე იცხოვრა, თითქოს სიზმარში იყო: იყურებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა, ესმოდა, მაგრამ არ უსმენდა, ყველაფერი ან, არსებითად, ყველაფერი ავიწყდებოდა. ცხენიდან ჩამოვარდნილმა გონება დაკარგა. როცა გამოერკვა, აწმყო იმდენად მდიდარი და იმდენად ძვირფასი დახვდა, - თითქმის აუტანელი, ისევე, როგორც თავისი უძველესი და თვით ყველაზე უმნიშვნელო მოგონებები. ცოტა ხნის შემდეგ შეიტყო, რომ დახეიბრდა, მაგრამ ეს ფაქტი აინუნშიც არ ჩაუგდია. განსაჯა (ან იგრძნო), რომ უმოძრაობა დიდი არაფერი საფასური იყო იმისთვის, რაც მოიპოვა. ახლა მისი აღქმა და მისი მეხსიერება უზადოდ მუშაობდა.
   ერთი სწრაფი მზერით მე და შენ აღვიქვამთ ღვინის სამ ჭიქას მაგიდაზე, ფუნესი აღიქვამდა თითოეულ დაწურულ მტევანს და ვენახის თითოეულ ყუნწსა და ულვაშს. იცოდა, როგორი ფორმა ჰქონდათ ღრუბლებს სამხრეთის ცაზე 1882 წლის 30 აპრილს და შეეძლო შეედარებინა ისინი წიგნის მარმარილოსებურ დაწინწკლულ-დაქსელილი ყდისთვის ან რიო ნეგროდან ამოღებული ნიჩბის შხეფებისთვის კებრაჩოს ბრძოლის საღამოს. ამ მოგონებებს მარტივიც არ ეთქმოდა: თითოეული ვიზუალური სახე უკავშირდებოდა კუნთოვან, სითბურ და ა.შ. შეგრძნებებს. მას შეეძლო აღედგინა ცხოვრებაში ნანახი თითოეული სიზმარი, თითოეული ოცნება. ორჯერ თუ სამჯერ მთელი დღე აღიდგინა. ერთხელაც კი არ შემცდარა და არ წაბორძიკებულა, თუმცა ყოველ ასეთ აღდგენას თვითონაც მთელი დღე მიჰქონდა. „მარტო მე უფრო მეტი მოგონებები მაქვს, ვიდრე მთელ კაცობრიობას დღიდან ქვეყნიერების გაჩენისა“, შემდეგ: „ჩემი სიზმრები ისეთია, როგორიც სხვების მღვიძარე საათები“. გათენებამდე ცოტა ხნით ადრე კი მითხრა: „ჩემი მეხსიერება ნაგვის გროვას ჰგავს, სერ“. დაფაზე დახაზული წრე, მართკუთხა სამკუთხედი, რომბი - ეს ყველა არის ფორმა, რომელსაც ჩვენ ინტუიციით ვწვდებით. ირენეოს იგივე შეეძლო ექნა კვიცის ფაფრის, მთის ფერდობზე მობალახე საქონლის პატარა ჯოგის, მოციმციმე ცეცხლისა და მისი უამრავი ნაცრის, გარდაცვლილი კაცის მრავალი სახისადმი. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ვარსკვლავს ხედავდა ცაში.
ეს ყველაფერი მან მითხრა. არც მაშინ და არც შემდეგ არასოდეს შემიტანია ეჭვი მის სიტყვებში. იმხანად არ იყვნენ კინემატოგრაფისტები, არც ფონოგრამები არსებობდა. მაინც შეუძლებლად მეჩვენება, დაუჯერებლადაც კი, რომ არავინ ჩაატარა ფუნესთან ექსპერიმენტი. ისე კი, მთელი ჩვენი ცხოვრება ყველაფერს ვდებთ, რისი გადადებაც კი შეიძლება. იქნებ არსებობს ჩვენში გარკვეულობა, რომ უკვდავები ვართ და რომ, ადრე თუ გვიან, თითოეული კაცი მოიმოქმედებს და გაიგებს ყველაფერს, რაც გასაგებია?
ფუნესის ხმა განაგრძობდა ჟღერას წყვდიადიდან.
   მითხრა, როგორ გამოიგონა 1886 წელს ორიგინალური თვლის სისტემა და სულ რამდენიმე დღეში ოცდაოთხი ათასი ნიშანი გაიარა. ჩაწერით არ ჩაუწერია, რადგან ყველაფერი, რასაც ფიქრობდა, ამოუძირკვავად რჩებოდა გონებაში. თავდაპირველი მოტივაციის როლი, ვფიქრობ, შეასრულა გაღიზიანებამ იმით, რომ ოცდაცამეტი ურუგვაელი პატრიოტი ითხოვს ორ ციფრს და სამ სიტყვას - ერთადერთი ციფრის, ერთადერთი სიტყვის სანაცვლოდ! შემდეგ ეს გიჟური პრინციპი სხვა რიცხვებსაც მიუსადაგა. მაგალითად, შვიდი ათას ცამეტის ნაცვლად (7013) ამბობდა „მაქსიმო პერესი“, შვიდი ათას თოთხმეტის (7014) ნაცვლად - „რკინიგზა“. სხვა რიცხვები იყო: „ლუის მელიან ლაფინური“, „ლიმარი“, „გოგირდი“, „კომბლები“, „ვეშაპი“, „გაზი“, „ქვაბი“, „ნაპოლეონი“, „ავგუსტინ დე ვედია“. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა ხუთი ათასი (5000), ამბობდა „ცხრა“. თითოეულ რიცხვს მიბმული ჰქონდა საგანგებო სიტყვა, ერთგვარი სანიშნე, რომლებიც ბოლოს უკიდურესად რთულდებოდა... ვცადე, ამეხსნა ფუნესისთვის, რომ დაუკავშირებელი სიტყვების მისეული რაფსოდია სწორედაც რომ რიცხობრივი სისტემის საპირისპირო იყო. ვუთხარი: როცა ადამიანი წარმოთქვამს „363-ს“, მაშინ ამბობს „სამი ასეული, ექვსი ათეული, სამი ერთეული“. შეუძლებელია დაანაწევრო ნიგერ ტიმოთეო ან ერთი პონჩო ხორცი. ფუნესს ან არ შეეძლო ამის გაგება, ან არ სურდა.
   XVII საუკუნეში ლოკმა თეორიულად დაუშვა (და უკუაგდო) შეუძლებელი ენა, რომელშიც ყოველ ცალკეულ ნივთს - თითოეულ ქვას, თითოეულ ჩიტს, თითოეულ ტოტს - ინდივიდუალური სახელი ერქმეოდა. ფუნესმა ერთხელ განჭვრიტა ასეთი ენა, მაგრამ უკუაგდო, როგორც მეტისმეტად ზოგადი, მეტისმეტად ორაზროვანი. მართლაცდა, ფუნესს ახსოვდა არათუ თითოეული ფოთოლი თითოეულ ხეზე ტყის თითოეულ ბილიკზე, არამედ თითოეული მომენტი, როცა ეს ფოთოლი დაუნახავს ან წარმოუდგენია. გადაწყვიტა, წარსულის თითოეული დღე დაეყვანა რაღაც სამოცდაათი ათას მოგონებაზე და შემდეგ რიცხვებით განესაზღვრა. ეს განზრახვა ორმა მოსაზრებამ გადააფიქრებინა: რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდებოდა, და რომ ამას აზრი არ ჰქონდა. დაინახა, რომ მისი სიკვდილის დღისთვის ჯერაც არ ექნებოდა დამთავრებული ბავშვობის მოგონებათა კლასიფიცირება.
    ჩემ მიერ ნახსენები ორი პროექტი (უსასრულო ლექსიკა რიცხვების ბუნებრივი მწკრივისთვის და ფუნესის მეხსიერებაში არსებული ყველა სახე-ხატის უსაგნო მენტალური კატალოგი) სულელურია, თვით აბსურდულიც კი, თუმცა ნამდვილად ამხელს ერთგვარ კოჭლ სიდიადეს. ის საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ (ან დავასკვნათ მაინც), რა თავბრუდამხვევ სამყაროში ცხოვრობდა ფუნესი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მთლიანობაში, მას არ ძალუძდა ჰქონოდა ზოგადი, პლატონური იდეები. არათუ მხოლოდ უჭირდა გაეგო, რომ საერთო-სახეობრივი სიმბოლო „ძაღლი“ იღებდა ყველა ზომისა და სიდიდის ინდივიდთა სახეს, არამედ ისიც კი აღიზიანებდა, რომ ოთხის თოთხმეტ წუთზე პროფილიდან ნანახი ძაღლი იმავე სახელით ეხსენებინა, რომლითაც ოთხის თხუთმეტ წუთზე ანფასში ნანახს ახსენებდა. ყოველ დანახვაზე აკვირვებდა თავისი სახე სარკეში, თავისი ხელები. სვიფტი წერს, ლილიპუტების მეფე აღიქვამდა წუთების ისრის მოძრაობას საათზეო. ფუნესი აღიქვამდა ლპობის, კბილების გაფუჭების, გამოფიტვის ნელ პროცესებს. ხედავდა - ამჩნევდა - სიკვდილის, სინესტის ზრდა-მოახლოებას. ის იყო მრავალსახოვანი, მომენტალური, თითქმის აუტანლად დეტალიზებული ქვეყნიერების მარტოხელა, გონებანათელი მაყურებელი. ბაბილონი, ლონდონი და ნიუ-იორკი აბრმავებს ადამიანთა წარმოსახვას თავისი ძალუმი ბრწყინვალებით. მაგრამ ამ ქალაქების ხალხმრავალ შენობებსა თუ პროსპექტებზე არავის არასოდეს უგრძნია ისეთი გამასავათებელი სიცხე და წნევა რეალობის მხრიდან, როგორიც დღედაღამ ურტყამდა ირენეოს თავის საბრალო სამხრეთამერიკულ სამშობლოში. ძალიან უჭირდა დაძინება. ძილი ნიშნავს გონების გამორთვას სამყაროდან. თავის საწოლზე გადაწოლილი, ოთახის ბინდბუნდში ჩაფლული ირენეო ხედავდა კედლის თითოეულ ბზარს, გარემომცველი კოპწია სახლების თითოეულ ორნამენტს (ვიმეორებ: მის მოგონებათაგან თვით ყველაზე უბრალოც კი უფრო დეტალიზებული, უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე ფიზიკური სიამოვნებისა თუ ტანჯვის ჩვენეული აღქმა). აღმოსავლეთის მხარეს, იქ, სადაც მიწა ჯერ არ იყო დაყოფილი ქალაქის კვარტალებად, იდგა ირენეოსთვის უცნობი ახალი სახლები, რომლებიც მას შავი, შემჭიდროებული, თანაბარი ჩრდილისგან შექმნილად წარმოედგინა. ჩაძინების წინ თავს იქით მიაბრუნებდა ხოლმე. ასევე წარმოედგინა თავისი თავი მდინარის ფსკერზე, წყლის ნაკადისგან დარწეული (და უარყოფილი).
   ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ისწავლა ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური, ლათინური. ყველაფრის მიუხედავად, ვეჭვობ, რაღაც ისე ვერ ჰქონდა აზროვნებაში. აზროვნება ნიშნავს გვერდი აუარო განსხვავებებს (ან დაივიწყო ისინი), განაზოგადო, მოახდინო აბსტრაჰირება. ირენეო ფუნესის მოფუთფუთე სამყაროში სხვა არაფერი იყო, ლოკალიზებული დეტალების გარდა, არსებითად - უშუალო დეტალების.
დატკეპნილმიწიან შიდაეზოში რიჟრაჟის ფრთხილი სინათლე შემოცოცდა.
მაშინღა დავინახე სახე, რომელიც ამ ხმას ეკუთვნოდა, წუხანდლიდან დაუდუმებელ ამ ხმას. ირენეო ცხრამეტი წლის იყო, 1868 წელს დაიბადა. ბრინჯაოსგან ჩამოსხმულივით მონუმენტური მომეჩვენა, ეგვიპტეზე უფრო ასაკოვანი, წინასწარმეტყველებებსა და პირამიდებზე უფრო ხანდაზმული. დამარეტიანა იმის გაფიქრებამ, რომ ჩემი თითოეული სიტყვა, ჩემი სახის თითოეული გამომეტყველება, ან ჩემი ხელის თითოეული მოძრაობა სამუდამოდ რჩებოდა მის შეუბრალებელ მეხსიერებაში. მოქნილობა დამიკარგა იმის შიშმა, უაზრო ჟესტები არ გავაკეთო-მეთქი.
ირენეო ფუნესი გარდაიცვალა 1889 წელს ფილტვების ჰიპერემიით.

ნახვა: 2973

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters