განაზრებანი ცოდნისა, ჭეშმარიტებისა და იდეათათვის - გოტფრიდ ლაიბნიცი

     ვინაიდან დღეს სახელოვან მეცნიერთა შორის წარმოებს კამათი ჭეშმარიტ და მცდარ იდეების შესახებ და ვინაიდან ჭეშმარიტების ამ საკითხს, რომელშიაც თვით დეკარტიც კი ყოველთვის არ აკმაყოფილებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მე გადავწყვიტე მოკლედ განმემარტა, თუ რა უნდა იქნეს, ჩემი აზრით, დადგინებული იდეათა და ცოდნათა განსხვავებისა და ნიშნების შესახებ. ცოდნა არის ან ბნელი (obscura) ან ნათელი (clara); ნათელი ცოდნა თავის მხრივ არის ან ბუნდოვანი (confusa) ან გარკვეული (distincta); გარკვეული ცოდნა არის ან შეუსატყვისო (inadaequata) ან შესატყვისი (adaequata), აგრეთვე - ან სიმბოლური (symbolica) ან ინტუიტივური (intuitiva). თუ რომელიმე ცოდნა ერთსა და იმავე დროს შესატყვისიც არის და ინტუიტივურიც, ის არის უუსრულესი ცოდნა.

     ბნელი არის ის ცოდნა, რომელიც წარმოდგენილი საგნის შესაცნობად არ არის საკმაო. მაგალითად, თუ მე მახსენდება რომელიმე ყვავილი ან ოდესღაც ნახული ცხოველი, მაგრამ არ შემიძლია იგი შევიცნო ისე, რამდენადაც ეს საკმარისია ან სავალდებულოა, და გავარჩიო სხვა მსგავს საგნისაგან, ან და - თუ მე წარმოვიდგენ სკოლებში არა-საკმაოდ ახსნილ რომელსამე ტერმინს (მაგალითად, არისოტოტელეს ენტელეხიას ან მიზეზს, რამდენადაც ის საზოგადოა მატერიისათვის, ფორმისათვის, მოქმედებისათვის და ბოლოსათვის) ან კიდევ სხვას ამის მსგავს რასმე, რომლის შესახებ ჩვენ არ გვაქვს არავითარი ცხადი (certa) განსაზღვრება, - მაშინ ბნელად იქცევა აგრეთვე ის წინადადებაც (propositio), სადაც ამგვარი ცნება (notio) შედის. მაშასადამე, ნათელი ცოდნა არის ის, საიდანაც მე შემიძლია წარმოდგენილი საგნის შეცნობა.

     თავის მხრივ ნათელი ცოდნა შეიძლება იყოს ან ბუნდოვანი, ან გარკვეული. ბუნდოვნად ცოდნა მაშინ იგულისხმება, როდესაც მე არ შემიძლია ცალკე ჩამოვთვალო ნიშნები, რომლებიც საკმაოა რომელიმე საგნის გასარჩევად სხვებისაგან, ნამდვილად კი ამ საგანს აქვს ასეთი ნიშნები და ის თვისებები (requisita), რომლებზედაც შეიძლება მისი ცნება დაიშალო: ასე, მაგალითად, ჩვენ საკმაოდ ნათლად შევიცნობთ და ერთმანეთისაგან ვარჩევთ ფერებს, სუნებს, გემოებს და სხვა გრძნობისეულს (peculiaria sensium) საგნებს; მაგრამ შევიცნობთ მათ მხოლოდ გრძნობათა მოწმობით და არა ისეთ ცნებებში, რომელთა გამოთქმა შესაძლებელია. ასე რომ ჩვენ არ ძალგვიძს ბრმას ავუხსნათ, რა არის წითელი, და არც სხვებს შეგვიძლია ასეთი რამეების შესახებ მივცეთ ნათელი წარმოდგენა (declarare), თუ კი არ მივიყვანეთ ისინი წინამდებარე საგანთან და ისე არ მოვაწყვეთ, რომ ისინი ხედავდნენ მას, ყნოსავდნენ და გრძნობდნენ გემოს, ან, ყოველ შემთხვევაში, თუ არ გავახსენეთ მათ რომელიმე მსგავსი წარსული წარმოდგენა (perceptio): თუმცა ცხადია, რომ ამ თვისებათა ცნებები რთული არიან და შეიძლებოდა მათი დაშლა, ვინაიდან მათ აქვთ თავისი მიზეზები. ამის მსგავსად ჩვენ ვხედავთ, რომ მხატვრებმა და ხელოვნებმა კარგად იციან, თუ რა არის სწორად და რა არის ცუდად გაკეთებული; მაგრამ ხშირად მათ არ შეუძლიათ თავისი მსჯელობის დასაბუთება და, თუ ვინმე შეეკითხა, იტყვიან ხოლმე, რომ იმ საგანს, რომელიც მათ არ მოსწონთ, აკლია "არ ვიცი რაღაც".

     გარკვეული ცოდნაა ის, რომელიც აქვს ოქროს შესახებ ლითონების შემმოწმებლებს (docimastae) ისეთი ნიშნებისა და შემოწმების ხერხების საშუალებით, რომლებიც საკმარისია ოქროს გასარჩევად ყველა მსგავს სხეულებისაგან. ასეთივე ცოდნა გვაქვს ჩვენ რამდენიმე გრძნობისათვის საზოგადო ცნებების შესახებ, როგორიც არიან ცნებები რიცხვისა, სიდიდისა, მოყვანილობისა, აგრეთვე სულის მრავალ განცდათა შესახებ, როგორიცაა იმედი, შიში; ერთი სიტყვით, გარკვეული ცოდნა გვაქვს ჩვენ ყველა იმაზე, რის შესახებაც მოგვეპოვება სიტყვიერი განსაზღვრება (definitio nominalis), რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საკმარისი ნიშნების ჩამოთვლა. მაგრამ განუსაზღვრებელი ცნების (notionis indefinibilis) შესახებაც არის გარკვეული ცოდნა, როდესაც ეს ცნება არის პირველყოფილი (primitiva) ან თავის თავის ნიშანი, ე.ი. როდესაც ის დაუშლელია და ვერ გაიგება, თუ არა მისივე საშუალებით: იმდენად მოკლებულია იგი თვისებებს (requisita). რაც შეეხება რთულს ცნებებს, უნდა ითქვას შემდეგი: რამდენადაც ცალკეული შემადგენელი ნიშნები, თუმცა ნათლად, მაინც ბუნდოვნად შეიცნობა, როგორც სიმძიმე, ფერი, სიმჟავე (aqua fortis) და ოქროში შემავალი სხვა ნიშნები, - ოქროს აი ასეთი ცოდნა გარკვეულია, მაგრამ ის არის შეუსატყვისო (inadaequata). როდესაც კი ყველაფერი ის, რაც გარკვეულს ცოდნაში შედის, თავის მხრივ გარკვეულად არის შეცნობილი, ან როდესაც ანალიზი მიყვანილია ბოლომდის, მაშინ ცოდნა არის შესატყვისი (adaequata). მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა კაცს მოგვცეს სრული ნიმუში შესატყვისი ცოდნისა, მაგრამ ძალიან უახლოვდება შესატყვის ცოდნას რიცხვების ცოდნა. უმრავლეს შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მოგრძო ანალიზის დროს, ჩვენ საგნის მთელს ბუნებას ერთბაშად კი არ ვჭვრეტთ (intuemur), არამედ საგანთა ნაცვლად ვსარგებლობთ ნიშნებით, რომელთა ახსნას შემოკლების მიზნით არ ვკიდებთ ხელს ჩვეულებრივი აზროვნების ამა თუ იმ მომენტში, რადგან ვიცით ან დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ახსნის მიცემა: მაგალითად, როდესაც მე ვაზროვნობ ათასკუთხედზე ან მრავალკუთხედზე, რომელსაც ათასი თანასწორი გვერდი აქვს, მე არა ყოველთვის წარმოვიდგენ (considero) გვერდის, თანასწორობის, ათასეულის (ან ათეულის კუბის) ბუნებას, არამედ ვხმარობ გონებაში (animo) ამ სახელებს (რომელთა მნიშვნელობა იმ ჟამს წარმომიდგება ფრიად ბნელად და უსრულოდ) იმ იდეების ნაცვლად, რომლებიც მაქვს მათ შესახებ, რადგანაც მახსოვს, რომ მე ვიცი ამ სახელების მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ არ არის ამჟამად საჭირო მათი ახსნა: ასეთს აზროვნებას მე ჩვეულებრივ ვუწოდებ ბრმას, ან კიდევ სიმბოლურს. ამგვარ აზროვნებით ვსარგებლობთ ჩვენ ალგებრაშიც, არითმეტიკაშიც და თითქმის ყოველგან, როდესაც ცნება ძალიან რთულია და ჩვენ არ შეგვიძლია ყველა მისი შემადგენელი ცნებები ერთბაშად განვიაზროთ: მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელია ან რამდენადაც მაინც შესაძლებელია, - ცოდნას მე ვუწოდებ ინტუიტივურს. გარკვეული პირველყოფილი (primitiva) ცნების ცოდნა არა სხვაგვარია, თუ არა ინტუიტივური, ისე როგორც რთული ცნებების განაზრება (cogitatio) უმრავლეს შემთხვევაში არ არის სხვაგვარი, თუ არა სიმბოლური.

     აქედან უკვე ჩანს, რომ იმ საგნების იდეებსაც კი, რომლებსაც გარკვეულად შევიცნობთ, ჩვენ არ წარმოვიდგენთ, თუ არა იმდენად, რამდენადაც ინტუიტივური აზროვნებით ვსარგებლობთ. მოხდება ხოლმე, რომ ჩვენ ხშირად შეცდომით დარწმუნებული ვართ, რომ გვაქვს გონებაში (animo) საგანთა იდეები, რადგანაც შეცდომით ვგულისხმობთ, რომ ჩვენ მიერ უკვე ახსნილია ზოგიერთი ტერმინები, რომლებითაც ვსარგებლობთ: და არ არის ჭეშმარიტი და ორაზროვნობის (ambiguitas) შემცველია ის, რასაც ზოგიერთები ამბობენ, თითქო ჩვენ არ შეგვეძლოს რომელიმე საგნის შესახებ თქმა (თუ კი გვესმის, რასაც ვლაპარაკობთ), რომ ჩვენ არ გვაქვს ამ საგნის იდეა. რაც უნდა კარგად გვესმოდეს ჩვენ ცალ-ცალკე სიტყვები და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ისინი უწინ გვესმოდა, ხშირად მაინც იმის გამო, რომ ჩვენ დავკმაყოფილებულვართ ამ ბრმა აზროვნებით და ცნებათა დაშლა საკმაოდ ღრმად არ გვიწარმოებია, ხდება ისე, რომ ჩვენ შეუნიშნავი გვრჩება წინააღმდეგობა, რომელიც ძალიან რთულს ცნებაშია დამალული. რათა ეს საკითხი უფრო გარკვეულად განმეხილა, ამის მიზეზად ოდესღაც შეიქნა სქოლასტიკოსებს შორის ძველად სახელგანთქმული და დეკარტის მიერ განახლებული საბუთი ღმერთი არსებობის სასარგებლოდ. ეს საბუთი ასეთია: რაც რომელიმე საგნის იდეიდან ან განსაზღვრებისაგან გამომდინარეობს, ის შეიძლება საგნის შესახებ პრედიკატად იქნეს გამოყენებული. არსებობა გამომდინარეობს ღმერთის (ე.ი. უუსრულესი არსების ან ისეთის, რომელზედაც უდიდესი ვერ განიაზრება) იდეისაგან (უუსრულესი არსება შეიცავს ყოველგვარ სისრულეს, რომელთა შორის არის აგრეთვე არსებობა). მაშასადამე, ღმერთს შეიძლება პრედიკატად მიეწეროს (predicari) არსებობა. უნდა ჭეშმარიტად ვიცოდეთ, რომ ზემომოყვანილით მხოლოდ შემდეგი მყარდება: თუ ღმერთი არის შესაძლებელი, აქედან გამომდინარეობს, რომ ის არსებობს; ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დასკვნების გამოსაყვანად უშიშრად ვისარგებლოთ განსაზღვრებით, სანამ არ ვიცით, რომ ესენი რეალური არიან და არავითარ წინააღმდეგობას არ შეიცავენ. ამის საბუთია ის, რომ წინააღმდეგობების შემცველი ცნებებისაგან შესაძლებელია ერთსა და იმავე დროს მოწინააღმდეგე დებულებები იქნეს გამოყვანილი, რაც შეუსაბამობაა (absurdum). ამის განსამარტავად მე ჩვეულებრივ ვსარგებლობ უუჩქარესი მოძრაობის მაგალითით. უუჩქარესი მოძრაობა შეუსაბამობას შეიცავს. მართლაც დავუშვათ, რომ რომელიმე ბორბალი ტრიალობს უუჩქარესი მოძრაობით. ვინ არ ხედავს, რომ რომელიმე რადიუსი (ბორბლის ჩხირი), ბორბლის გარეთ გაგრძელებული, თავისი უკიდურესი წერტილით უფრო ჩქარად იმოძრავებს, ვიდრე ლურსმანი ბორბლის პერიფერიაზე: მაშასადამე, ამ უკანასკნელის მოძრაობა, წინააღმდეგ ჩვენი დაშვებისა, არ ყოფილა უუჩქარესი. ამასობაში პირველი შეხედვით შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა, თითქო ჩვენ გვქონდეს უუჩქარესი მოძრაობის იდეა: ჩვენ ხომ გვესმის ყოველ შემთხვევაში, რასაც ვამბობთ. მაგრამ შეუძლებელ საგანთა შესახებ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არავითარი იდეა. ამის და მსგავსად, ის, რომ ჩვენ ვაზროვნობთ უუსრულეს არსებაზე, არ კმარა იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვაქვს მისი იდეა, და ზემოთ მოყვანილს დამტკიცებაში უუსრულესი არსების შესაძლებლობა უნდა იქნეს ან ჩვენებული, ან დაშვებული, რათა ჩვენ დასკვნა სწორედ გამოვიყვანოთ. მართალია, არაფერია იმაზე უფრო ჭეშმარიტი, რომ ჩვენს გვაქვს ღმერთის იდეა და რომ უუსრულესი არსება არის შესაძლებელი და კიდევ მეტი - აუცილებელიც: მაგრამ დამტკიცება მაინც არ არის საკმაოდ წესიერად წარმოებული და უკვე აქვინელის მიერ იქნა ის უკუგდებული.

     და ამნაირად ჩვენ გვაქვს განსხვავება სიტყვიერ განსაზღვრებათა (definitiones nominales), რომელნიც შეიცავენ საგნის მხოლოდ სხვებისაგან გასარჩევად საჭირო ნიშ§ებს, და რეალურ (reales) განსაზღვრებათა შორის, რომლებიც ამყარებენ, რომ საგანი არის შესაძლებელი. ეს მოსაზრება საკმარისია ჰობბსისათვისაც, რომელსაც სურდა ჭეშმარიტებანი თვითნებური ყოფილიყვნენ იმ საფუძველით, რომ ისინი სიტყვიერ განსაზღვრებათაგან არიან დამოკიდებული: ამასობაში კი ჰობბსმა ვერ შენიშნა, რომ განსაზღვრებათა რეალობა თვითნებური არ არის და არა ყოველი ცნებების ერთმანეთთან შეერთება არის შესაძლებელი. და სიტყვიერი განსაზღვრებანი არ არიან საკმარისი სრული ცოდნისათვის (perfecta scientia), თუ არა მაშინ, როდესაც სხვა წყაროდან დამყარებულია, რომ განსაზღვრული საგანი შესაძლებელია. აგრეთვე ნათელია, რა ყოფილა ჭეშმარიტი იდეა და რა ყოფილა მცდარი იდეა: როდესაც ცნება შესაძლებელია, ის ჭეშმარიტია, როდესაც ცნება წინააღმდეგობას შეიცავს, ის მცდარია. საგნის შესაძლებლობას კი ჩვენ შევიცნობთ ან a priori, ან a posteriori. A priori შევიცნობთ მაშინ, როდესაც ცნება ჩვენ დავშალეთ მის შემადგენელ ნაწილებზე (requisita) ან სხვა ცნებებზე, რომელთა შესაძლებლობა ცნობილია და ვიცით, რომ მათში შეუთავსებელი არაფერი არ არის. სხვა შემთხვევათა შორის ეს ხდება მაშინაც, როდესაც ჩვენ გვესმის (intellegimus), თუ როგორ შეუძლია საგანს წარმოშობილ იქნეს; აქ სხვა განსაზღვრებათა უფრო გამოსაყენებელია მიზეზობრივი განსაზღვრებანი (definitiones causales). A posteriori საგნის შესაძლებლობას შევიცნობთ, როდესაც განვიცდით, რომ საგანი ნამდვილად (actu) არსებობს: რაც ნამდვილად არსებობს, ის ყოველ შემთხვევაში ხომ შესაძლებელია. და ყოველთვის, როდესაც გვაქვს შესატყვისი ცოდნა, გვაქვს შესაძლებლობის ცოდნაც a priori, ვინაიდან, როდესაც ანალიზი ბოლომდის არის მიყვანილი და არავითარი წინააღმდეგობა არ ჩანს, ცნება ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია. ეხლა კი მე ვერ ვბედავ ისიც განვსაზღვრო, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ოდესმე ცნებათა სრული ანალიზი; თუ მათ შეუძლიათ თავისი აზრები მიიყვანონ იქამდის, სადაც არის პირველი შესაძლებლობები, დაუშლელი ცნებები ან (რაც იგივეა) ღმერთის აბსოლუტური ატრიბუტები, სახელდობრ - პირველი მიზეზები და საგანთა უკანასკნელი საბუთი. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვკმაყოფილდებით იმით, რომ ცდის საშუალებით ვისწავლეთ სინამდვილე რომელიმე ცნებების, რომელთაგანაც შემდეგ შევადგენთ ხოლმე სხვა ცნებებს ბუნების მაგალითისამებრ.

     მე ვფიქრობ, შეიძლება აქ დაბოლოს გაგებულ იქნას, რომ არა ყოველთვის სანდოდ მიმართავენ იდეებს და ბევრი ბოროტად იყენებს ამ შვენიერ სახელს, რათა თავისი ფანტაზიები განამტკიცოს. ჩვენ ხომ არ გვაქვს იდეა ყოველს საგანზე, რომლის შესახებაც კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს იდეა; ეს გარემოება მე ზევით აღვნიშნე უდიდესი სიჩქარის მაგალითის საშუალებით. კიდევ ვფიქრობ, რომ ჩვენი დროის მეცნიერები არა ნაკლებ ბოროტად იყენებენ ამ გაცვეთილ დებულებას: რასაც ნათლად და გარკვეულად შევიცნობ რომელიმე საგნის შესახებ, ის არის ჭეშმარიტი ან ამ საგნის შესახებ წარმოსათქმელი. ვინაიდან ხშირად ადამიანებს, რომლებიც ძალიან გაბედულად (temere) მსჯელობენ, ნათლად ეჩვენებათ ის, რაც ბნელი და ბუნდოვანია. მაშასადამე, ეს დებულება უსარგებლოა, თუ არ არის დამატებით მოცემული ნათელისა და გარკვეულის კრიტერიუმები, რომლებიც აღვნიშნეთ, და თუ არ არის დამყარებული თანხმობა იდეათა ჭეშმარიტების შესახებ. გარდა ამისა წინადადებათა (enuntiationum) ჭეშმარიტების არაუმნიშვნელო კრიტერიუმებია ზოგადი ლოგიკის წესები, რომლებითაც გეომეტრებიც სარგებლობენ: მაგალითად, არ შეიძლება რაიმე ჭეშმარიტებად იქნეს ცნობილი, თუ ის არ არის ცხადად ქცეული ბეჯითი ცდისა და ურყევი დამტკიცების საშუალებით; ურყევია კი ის დამტკიცება, რომელიც ლოგიკის მიერ ნაკარნახევ ფორმას არ ღალატობს, - არა ისე, თითქო ყოველთვის საჭირო იყოს დამტკიცების წარმოება სკოლებში დაწესებული სილოგიზმების სახით (როგორც ქრისტიანე ჰერლინუსმა და კონრადე დასიპოდიუსმა დაალაგეს ევკლიდეს ექვსი პირველი წიგნი), არამედ ყოველ შემთხვევაში ისე, რომ არგუმენტაცია დაასკვნიდეს ფორმის ძალით: შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ასეთი სავალდებულო ფორმით წარმოებული არგუმენტაციის მაგალითია უკვე წესისამებრ შედგენილი რომელიმე ანგარიში. ასე რომ რომელიმე აუცილებელი წინშვებული (praemissa) არ უნდა იქნეს გამოტოვებული, და ყველაფერი, რაც წინ დაშვებული იყო, უნდა ან დამტკიცებულ იქნეს, ან ყოველ შემთხვევაში მიღებულ იქნეს როგორც ჰიპოთეზა: უკანასკნელ შემთხვევაში დასკვნაც ჰიპოთეტური იქნება. ვინც ამას ბეჯითად დაიცავს, ის ადვილად აარიდებს თავს შემაცდენელ იდეებს. საკმაოდ ეთანხმება ამას თავის გამოკვლევაში გეომეტრიული ნიჭის შესახებ (ამ გამოკვლევის ნაწყვეტები მოყვანილია სახელგანთქმული ანტონ არნოს მშვენიერ წიგნში აზროვნების ხელოვნების შესახებ) უუნიჭიერესი პასკალი, რომელიც ამბობს, რომ გეომეტრიის საქმეა განსაზღვროს ყველა ოდნავ ბნელი ტერმინები და დაამტკიცოს ყველა ოდნავ საეჭვო ჭეშმარიტებანი. მაგრამ მე მსურდა, რომ მას განესაზღვრა ფარგლებიც, რომელთა იქით რომელიმე ცნება ან გამოთქმა ოდნავადაც არ არის უფრო ბნელი ან უფრო საეჭვო. მაგრამ მაინც ის, რაც საჭიროა, შეიძლება აღმოჩენილ იქნეს იმის ბეჯითი განხილვიდან, რაც აქ ვთქვით; ეხლა კი ჩვენ ვეწაფით სიმოკლეს.

     რაც შეეხება იმ საკამათო საკითხს, ღმერთში ვჭვრეტთ ჩვენ ყველაფერს (რაც ყოველ შემთხვევაში არის ძველი შეხედულება და, თუ ის საღი აზრით იქნა გაგებული, სრულიადაც არა ცუდი), თუ ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეები, საჭიროა ვიცოდეთ, რომ, კიდევაც რომ ღმერთში ვჭვრეტდეთ ჩვენ ყველაფერს, მაინც აუცილებელია, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეებიც, არა როგორც ტიკინის მსგავსი რაღაც სახეები (icunculas), არამედ როგორც ჩვენი გონების (mentis) განცდები (affectiones) და სახეცვლილებები (modificationes), რომლებიც შეესატყვისებიან იმას, რაც ჩვენ ღმერთში შევნიშნეთ: ყოველ შემთხვევაში, როდესაც აზრები სცვლიან ერთმანეთს, რაღაც ცვლილება ხდება ხომ ჩვენს გონებაში. იმ საგანთა იდეები, რომლებიც ჩვენ მიერ აქტუალურად განაზრებული არ არიან, იმყოფებიან ჩვენს გონებაში ისე, როგორც ჰერაკლეს ფიგურა იმყოფება დაუმუშავებელი მარმარილოს ნატეხში. ღმერთში კი აუცილებელია აქტუალურად იმყოფებოდეს არა მხოლოდ აბსოლუტური და უსაზღვრო სივრცის (extensionis) იდეა, არამედ ყოველი საგნის ფიგურაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა აბსოლუტურ სივრცის მოდიფიკაცია. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ განვიცდით (percipimus) ფერებს ან გემოებს, ჩვენ სხვა არაფერი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, თუ არა ფიგურებისა და მოძრაობის პერცეპციები, მაგრამ იმდენად დახლართული (multiplicium) და იმდენად მცირე ფიგურებისა და მოძრაობების, რომ ჩვენს გონებას (mens), თავის აწინდელს მდგომარეობაში, არ ყოფნის ძალა იმისათვის, რათა შეამჩნიოს თითოეული ფიგურა და მოძრაობა ცალცალკე, და ამიტომაც მას არ შეუძლია შენიშნოს, რომ მისი განცდა (perceptio) შედგენილია მხოლოდ ძალიან მცირე ფიგურებისა და მოძრაობების განცდებისაგან; ამის მსგავსად, როდესაც ჩვენ ყვითელი და ცისფერი მტვრის ნამცეცების ნარევისაგან ვიღებთ ყვითელი ფერის განცდას (percipiendo), ჩვენ სხვას არაფერს შევიგრძნობთ (sentimus), თუ არა ძალიან წვრილად შერეულს ყვითელსა და ცისფერს; მაგრამ, ცხადია, ჩვენ არ ვამჩნევთ ამას და უმალ ვქმნით ჩვენთვის წარმოდგენაში (fingentes) რაღაც ახალს არსებას.

თარგმნა ს. დანელიამ

მსგავსი:

• "მონადოლოგია - გოტფრიდ ლაიბნიცი"

ტეგები: Qwelly, გოტფრიდ_ლაიბნიცი, იდეა, ლაიბნიცი, ფილოსოფია, ღმერთი, ჭეშმარიტება

ნახვა: 486

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters