ძმები კარამაზოვები  ამბოხი ღმერთთან

- შენს წინაშე ერთი რამ მინდა ვაღიარო, - დაიწყო ივანმა: - ვერასოდეს გამეგო, ახლობელთა სიყვარული რანაირად შეიძლებოდა. ჩემი აზრით, სწორედ ახლობელთა სიყვარულია შეუძლებელი, მხოლოდ შორებელთა სიყვარულს თუ შეძლებ. სადღაც „იოანე მოწყალის“ (ერთ-ერთი წმინდანის) შესახებ წავიკითხე: ერთხელ მასთან მშიერი და გათოშილი მგზავრი მისულა და უთხოვია, გამათბეო. წმინდანს იგი ლოგინში ჩაუწვენია და მოჰხვევია. მგზავრს რაღაც საშინელი ავადმყოფობისგან ჩაჩირქებული პირიდან სიმყრალე ამოსდიოდა. წმინდანს მისთვის პირში ჩაბერვა დაუწყია. მჯერა, რომ ამას იგი სიცრუის მოძალებით, მოვალეობით ნაკარნახევი სიყვარულით, საკუთარი თავისადმი დაკისრებული ეპიტიმიის გამო სჩადიოდა. კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე გაქრება.

- ამის თაობაზე ბერ-მოძღვარს არაერთხელ უთქვამს, - შენიშნა ალიოშამ, - ისიც ამბობდა, ადამიანის სახე სიყვარულში გამოუცდელთაგან მრავალთ სიყვარულს უძნელებსო. მაგრამ ადამიანთა შორის ხომ ბევრია სიყვარული, თანაც თითქმის ქრისტეს სიყვარულისნაირი, ეს თავად ვიცი, ივან...

- მე კი ეს ჯერ არ ვიცი და არც გაგება შემიძლია. ურიცხვი ადამიანი ასევეა. საკითხავი ის არის, ეს ადამიანთა ცუდი თვისებების გამო ხდება, თუ იმის გამო, რომ ასეთია მათი ბუნება. მე მგონი, ადამიანთა მიმართ ქრისტესმიერი სიყვარული ამქვეყნად შეუძლებელი სასწაულია. თუმცაღა, იგი ღმერთი იყო. მაგრამ ჩვენ ხომ ღმერთები არა ვართ. ვთქვათ, მე, მაგალითად, შემიძლია, მძაფრად ვიტანჯო, მაგრამ სხვა ხომ ვერასოდეს შეიტყობს, რანაირად ვიტანჯები, იმიტომ რომ ის მე კი არა, სხვა არის, უფრო მეტიც, ადამიანი სხვას იშვიათად მიიჩნევს ტანჯულად (თითქოს ეს ჩინი იყოს). რა გგონია, რატომ არ მიიჩნევს? მაგალითად, იმიტომ, რომ ცუდი სუნი უდის, ბრიყვული სახე აქვს, ანდა ერთხელ, როდესღაც, ფეხზე ფეხი დააბიჯა. ამას გარდა, სატანჯველიცაა და სატანჯველიც: დამამცირებელ სატანჯველს, რაც მე მამცირებს, მაგალითად, შიმშილს, ჩემი კეთილისმყოფელი კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს, მაგრამ სატანჯველი თუ უფრო მაღალი დონისაა, მაგალითად, იდეისთვის ტანჯვას, არა, ამას ძნელად თუ ირწმუნებს, რადგან, ვთქვათ, შემომხედავს და უცებ ნახავს, რომ სრულებით არა მაქვს ისეთი სახე, რაც მისი ფანტაზიით უნდა ჰქონდეს, აი, ამ იდეის გამო ტანჯულ ადამიანს. ჰოდა, უმალ მომაკლებს წყალობას, თანაც ყოველგვარი გულისწყრომის გარეშე. ღატაკები, განსაკუთრებით კეთილშობილი ღატაკები, გარეთ არც უნდა გამოჩნდნენ და მოწყალებას გაზეთების საშუალებით უნდა ითხოვდნენ. განყენებულად კიდევ შეიძლება მოყვასის სიყვარული, თანაც შორიდან, მაგრამ ახლოდან არასოდეს. ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც სცენაზე, ბალეტშია, სადაც ღატაკნი აბრეშუმის ძონძმანძებითა და დაფხრეწილი მაქმანებით გამოდიან, გრაციოზულად ცეკვავენ და მოწყალებას ისე ითხოვენ, მაშინ კიდევ შეიძლება მათი ცქერით დატკბობა. ცქერით დატკბობა და არა სიყვარული. მაგრამ კმარა ამაზე ლაპარაკი. მე მხოლოდ ის მინდოდა, ჩემი თვალსაზრისი გაგეგო. მინდოდა, კაცობრიობის ტანჯვაზე მელაპარაკა, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ ბავშვების ტანჯვაზე შევჩერდებით. ეს ჩემი არგუმენტაციის ოდენობას ათჯერ შეამცირებს, მაგრამ მაინც უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ ბავშვებზე ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ნაკლებ მომგებიანია. მაგრამ, ჯერ ერთი, ბავშვების სიყვარული შესაძლოა ახლოდანაც, შესაძლოა, გიყვარდეს უსუფთაონიც, ულამაზონიც (თუმცაღა, მგონია, რომ ბავშვები ულამაზონი არასოდეს არიან). მეორეც, დიდებზე კიდევ, აი, რატომ არ ვილაპარაკებ: გარდა იმისა, რომ ისინი საზიზღარნი არიან და სიყვარულს არ იმსახურებენ, შურისგების ღირსნიც არიან: მათ ვაშლი შეჭამეს, კეთილი და ბოროტი შეიცნეს და გახდნენ „ვითარცა ღმერთნი“. ვაშლის ჭამას ახლაც განაგრძობენ. ხოლო ბავშვებს არაფერი უჭამიათ და ჯერ არაფერი დაუშავებიათ. ალიოშა, ბავშვები თუ გიყვარს? ვიცი, რომ გიყვარს და მიხვდები, ახლა მხოლოდ მათზე რატომ მინდა ვილაპარაკო. თუ ამქვეყნად ისინიც საშინლად იტანჯებიან, ეს, რა თქმა უნდა, მათი მამების გამო ხდება, დაისაჯნენ მამების გამო, რომელთაც ვაშლი შეჭამეს, - მაგრამ ეს ხომ სხვა სამყაროს თვალსაზრისია, რასაც აქ, დედამიწაზე, ადამიანის გული ვერ შეიცნობს. უდანაშაულო, თანაც ასეთი უდანაშაულო, სხვის გამო არ უნდა იტანჯებოდეს! ალიოშა, თუნდაც გაგიკვირდეს, ბავშვები მეც ძალიან მიყვარს. ესეც იცოდე, სასტიკ, ვნებიან, ავხორც ადამიანებს, კარამაზოველებს, ბავშვები ზოგჯერ ძალიან უყვართ. ბავშვები, სანამ ბავშვები არიან, მაგალითად, შვიდ წლამდე, ასაკოვან ადამიანებს დიდად ჩამორჩებიან: თითქოს სულ სხვა არსებანი, სხვა ბუნების მქონენი არიან. ერთი ავაზაკის ამბავს გეტყვი, რომელიც საპატიმროში იჯდა: როცა ყაჩაღობდა და სახლებში ღამით გასაძარცვად შედიოდა, ხან მთელი ოჯახები ამოუწყვეტია და ყელი ბავშვებისთვისიც გამოუჭრია. მაგრამ საპატიმროში ჯდომისას ბავშვები საოცრად უყვარდა. საპატიმროს ფანჯარასთან იჯდა და ციხის ეზოში მოთამაშე ბავშვებს უცქეროდა. ერთი პატარა ბიჭი მიიჩვია, იგი ფანჯარასთან მიდიოდა და პატიმარს ძალიან დაუმეგობრდა... ალიოშა, არ იცი, ყოველივე ამას რატომ გეუბნები? თავი ამტკივდა და დავნაღვლიანდი.

- სახეც უცნაური გაქვს, - უთხრა შეშფოთებულმა ალიოშამ, - გონებაარეულს გავხარ.

- მართლა, ამას წინათ ერთი ბულგარელი მოსკოვში მომიყვა, - ისე განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა, თითქოს ძმის ნათქვამი არც გაუგონიაო, - თურქები და ჩერქეზები იმათ ქვეყანაში, ბულგარეთში, ყველგან რა ბოროტმოქმედებას სჩადიან, რადგან სლავების საყოველთაო აჯანყებისა ეშინიათ: სახლებს წვავენ, ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ, პატიმრებს ყურით მესერზე ლურსმნით აჭედებენ, დილამდე იქ ტოვებენ, ხოლო დილით სახრჩობელაზე ჰკიდებენ და ასე შემდეგ, ყველაფრის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, ისე არტისტულად, ისე მხატვრულად სასტიკი, როგორიც ადამიანია. ვეფხვი მხოლოდ ღრღნის, მხოლოდ ფლეთს და მხოლოდ ეს შეუძლია. მას აზრადაც არ მოუვიდოდა, ადამიანი ყურით რომ მიეჭედებინა, თუნდაც ეს შეეძლოს. ის თურქები, სხვათა შორის, ნეტარებით აწამებდნენ ბავშვებსაც. დედებს მუცლიდან ხანჯლებით კვეთდნენ, ძუძუთა ბავშვებს მაღლა ააგდებდნენ და დედების თვალწინ ხიშტებზე წამოაგებდნენ. ნეტარებას უმთავრესად ის ანიჭებდათ, რომ ამას დედების თვალწინ სჩადიოდნენ. ყველაზე უფრო ერთმა სურათმა დამაინტერესა. წარმოიდგინე: აცახცახებულ დედას ხელში ძუძუთა ბავშვი უჭირავს, ირგვლივ თურქები შემოხვევიან. ისინი მხიარულობენ: ბავშვს ეფერებიან, იცინიან, რათა გაამხიარულონ, ახერხებენ კიდევაც, ბავშვი იცინის. იმ წუთას თურქი ოთხი გოჯის მანძილიდან სახეში პისტოლეტს უმიზნებს. ბიჭი მხიარულად ხარხარებს, ხელებს იწვდის, პისტოლეტს ეტანება. არტისტი უეცრად ჩახმახს დასხლეტს მის სახესთან და თავს შეუნგრევს... ხომ მხატვრულია, არა? მართლა, ამბობენ, თურქებს ტკბილეულობა ძალიან უყვართო.

- ძმაო, ასეთ რამეებს რატომ მიყვები? - ჰკითხა ალიოშამ.

- მე მგონი, თუ სატანა არ არსებობს და, მაშასადამე, იგი ადამიანმა შექმნა, მაშინ თავისდაგვარი, თავისი მსგავსი შეუქმნია.

- ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ღმერთი.

- შენ საოცრად შეგიძლია სიტყვების შეტრიალება, როგორც პოლონიუსი ამბობს „ჰამლეტში,“ - გაიცინა ივანმა. - რახან სიტყვაზე დამიჭირე, მოხარული ვარ. კარგი ყოფილა შენი ღმერთი, თუ ადამიანმა თავის მსგავსად შექმნა. ახლა მკითხე, ასეთ რამეებს რატომ მიყვებიო? მე ზოგ-ზოგი ფაქტის მოყვარული და შემგროვებელი გახლავარ და, თუ დამიჯერებ, გაზეთებიდან და მონათხრობებიდან, სადაც წავაწყდები, ამოვიწერ და ვაგროვებ ერთგვარ ამბებს და უკვე კარგი კოლექცია დამიგროვდა. თურქები კოლექციაში, რა თქმა უნდა, შევიდნენ, მაგრამ ესენი სულ უცხოელები არიან. მე მშობლიური ამბებიცა მაქვს და თურქულზე უმჯობესიც კი. რომ იცოდე, ჩვენში უფრო მეტი ცემა-ტყეპა, მეტი როზგი და მათრახია და ეს ეროვნულია: ყურით მილურსმვა ჩვენთან წარმოუდგენელია, რაც არ უნდა იყოს, ევროპელები ვართ, მაგრამ როზგი, მათხრახი - ეს უკვე ჩვენია და ვერავინ შეგვეცილება. უცხოეთში ცემა ახლა თითქოს სრულებით აღარ არის, ზნე-ჩვეულებები დაიწმინდა, თუ ისეთი კანონები შემოიღეს, რომ ადამიანს ადამიანის გაროზგვა არ შეუძლია, სამაგიეროდ, თავი სხვა რამით, როგორც ჩვენში, წმინდა ეროვნულით დაიჯილდოვეს, ისეთი ეროვნულით, რაც ჩვენში თითქოს შეუძლებელია, თუმცაღა, მგონი, ჩვენშიაც ინერგება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენს მაღალ საზოგადოებაში რელიგიური მოძრაობა დაიწყო. მე მაქვს ფრანგულიდან თარგმნილი ერთი საუცხოო ბროშურა, სადაც მოთხრობილია, რომ ჟენევაში სულ ცოტა ხნის, ხუთი წლის წინ სიკვდილით დასაჯეს ერთი ავაზაკი და მკვლელი, რიშარი, მგონი, ოცდასამი წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ეშაფოტის წინ ცოდვები მოინანია და ქრისტიანულ რწმენას ეზიარა. ეს რიშარი ვიღაცის უკანონო შვილი იყო, ექვსი წლის ბიჭი მშობლებმა ვიღაც შვეიცარიელ მწყემსებს აჩუქეს, ხოლო იმათ გაზარდეს, რომ შემდეგ ემუშავებინათ. იქ როგორც ნადირი ისე იზრდებოდა, მწყემსები არაფერს ასწავლიდნენ, პირიქით, შვიდი წლისას უკვე ფარის სამწყემსად გზავნიდნენ წვიმასა და სიცივეში, თითქმის ჩაუცმელს და თითქმის უჭმელ-უსმელს. როცა ასე ეპყრობოდნენ, რა თქმა უნდა, არც რაიმე აფიქრებდათ და არც რაიმე ადარდებდათ, პირიქით, მიაჩნდათ, რომ ამის სრული უფლება ჰქონდათ, იმიტომ რომ რიშარი ნაჩუქარი იყო, როგორც ნივთი და ისაც არ მიაჩნდათ საჭიროდ, რაიმე რომ ეჭმიათ. თვით რიშარის მონათხრობით იმ წლებში მას, როგორც სახარების უძღებ შვილს, ის სალაფავიც კი ენატრებოდა, გასაყიდად გასასუქებელ ღორებს რომ აჭმევდნენ, მაგრამ მას ამ სალაფავსაც არ აძლევდნენ და სცემდნენ, როცა ღორებს ჰპარავდა. ასე გაატარა ბავშვობა და სიჭაბუკე, სანამ გაიზრდებოდა, ძალას მოიკრებდა და ქურდობას დაიწყებდა. ველური ჟენევაში ფულს დღიური შრომით შოულობდა, ნაშოვნს სასმელში ხარჯავდა, ავაზაკივით ცხოვრობდა და იმით დაასრულა, რომ ვიღაც ბერიკაცი მოკლა და გაძარცვა. იგი შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იქ ხომ სანტიმენტალობა არ სჩვევიათ. ციხეში გარს შემოეხვივნენ პასტორები, სხვადასხვა ქრისტიანული ძმობის წევრები, ქველმოქმედი ქალები, სხვანი და სხვანი. წერა-კითხვა ასწავლეს, სახარებას განუმარტავდნენ, ანამუსებდნენ, არწმუნებდნენ, უტევდნენ, უჩიჩინებდნენ და ბოლოს მან დანაშაული საზეიმოდ აღიარა, სასამართლოს მისწერა, ავაზაკი ვარ, ბოლოს კი ღირსი შევიქენი, რომ უფალმა წყალობა მომმადლა და გონება გამინათაო. მთელი ჟენევა, მთელი ქველმოქმედი და ღვთისმოსავი ჟენევა აღელდა. ყველა ზნესრული და ზრდილი მისკენ გაეშურა. რიშარს ეხვეოდნენ, ჰკოცნიდნენ: „ძმა ხარ ჩვენი, ღმერთმა წყალობა მოგმადლაო!“ გულაჩუყებული რიშარი კი მხოლოდ ტიროდა: „დიახ, ღმერთმა წყალობა მომმადლა! ადრე, ჩემს ბავშვობასა და სიჭაბუკეში ღორების სალაფავი მენატრებოდა, ახლა კი ღვთის წყალობის ღირსი მეც შევიქენ, ღვთის წიაღში ვკვდებიო!“ - „დიახ, დიახ, რიშარო, ღვთის წიაღში მოკვდები, სისხლი დაღვარე და ღვთის წიაღში უნდა მოკვდე. თუნდაც უდანაშაულო იყო, რამეთუ ღმერთის არსებობა სრულებით არ იცოდი, როცა ღორების სალაფავი გენატრებოდა და იმის გამო გცემდნენ, რომ სალაფავს იპარავდი (რაც ძალიან ცუდია, რადგან ქურდობა აკრძალულია), - მაგრამ სისხლი დაღვარე და უნდა მოკვდე“. და, აი, უკანასკნელი დღე დადგა. ღონემიხდილი რიშარი ტირის და ყოველ წუთას მხოლოდ ამას იმეორებს: „ეს დღე ჩემი საუკეთესო დღეა, ღმერთთან მივდივარ!“ - „დიახ, - უყვირიან პასტორები, მოსამართლეები და ქველმოქმედი ქალები, - ეს შენი უბედნიერესი დღეა, რადგან ღმერთთან მიდიხარ!“ ყველანი ეშაფოტისკენ მიემართებიან, ზოგნი ეტლებით, ზოგნი ფეხით მიჰყვებიან სამარცხვინო საზიდარს, რომლითაც რიშარი მიჰყავთ. აი, ეშაფოტსაც მიაღწიეს: „მოკვდი, ჩვენო ძმაო, - უყვირიან რიშარს, - მოკვდი ღმერთის წიაღში, რამეთუ ღმერთმა წყალობა შენც მოგმადლა!“ აი, ძმათა დაკოცნილი ძმა რიშარი ეშაფოტზე აიყვანეს, გილიოტინაზე დააწვინეს და თავი ძმურად მაინც წაათალეს იმის გამო, რომ ღმერთმა წყალობა მასაც მოჰმადლა. ეს ნიშანდობლივია. ბროშურა რუსულად თარგმნეს მაღალი საზოგადოების ვიღაც მოლუთერანო ქველმოქმედმა რუსებმა და რუსი ხალხის განსანათლებლად უფასოდ დაარიგეს, როგორც გაზეთებისა და სხვა გამოცემათა დამატება. რიშარის ამბავი კარგი იმით არის, რომ ეროვნულია. ჩვენში თუმცა უაზრობაა, ძმას თავი მოჰკვეთო მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩვენი ძმა გახდა და ღმერთმა წყალობა მოჰმადლა, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი, თითქმის არანაკლები რამ გაგვაჩნია. ჩვენ ცემით წამების ისტორიული, უშუალო და უახლოესი ტკბობა გვაქვს. ნეკრასოვს ერთი ლექსი აქვს, გლეხი ცხენს მათრახით როგორ სცემს, თვალებში, „თვინიერ თვალებში“ როგორ ურტყამს. ასეთი რამ ვიღას არ უნახავს, ეს რუსიზმია. იგი აღწერს, უღონო ცხენი, რომელსაც საზიდარზე ზედმეტი ტვირთი დაუდეს, როგორ ჩაეფლო და საზიდარი ვეღარ ამოუთრევია. გლეხი სცემს, გაშმაგებით სცემს, ბოლოს ისე სცემს, არც იცის, რას სჩადის, ცემის ჟინით მთვრალი საშინლად, არაადამიანურად სცემს: „თუმცა არ შეგიძლია, მაინც ამოათრიე, მოკვდი და ამოათრიე!“ ჯაგლაგი საზიდარს ექაჩება, ხოლო გლეხი უმწეოს ცრემლიან, „თვინიერ თვალებში“ უწყებს ცემას. ცხენმა გაშმაგებით გაქაჩა, საზიდარი ამოათრია და აცახცახებული, სუნთქვაშეგუბებული დაიძრა როგორღაც გვერდულად, განზე გახტომით, როგორღაც არაბუნებრივად და სამარცხვინოდ - ნეკრასოვი შემზარავად აღწერს. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ცხენია, ადამიანს ცხენის ცემა თვით ღმერთმა დაუწესა. თათრებმა ასე განგვიმარტეს და მათრახი გვისახსოვრეს. მაგრამ ადამიანების ცემაც ხომ შეიძლება. ჰოდა, ინტელიგენტი, განათლებული კაცი და მისი მეუღლე საკუთარ ქალიშვილს, შვიდი წლის ბავშვს როზგავენ - ეს ამბავი დაწვრილებით მაქვს ჩაწერილი. მამას უხარია, წკეპლა ნუჟრებიანი რომ არის. ამბობს, „უფრო კარგად ააჭრელებსო“ და საკუთარი ქალიშვილის „აჭრელებას“ იწყებს. ნამდვილად ვიცი, არიან ისეთი მწკეპლავები, ყოველი დარტყმის მერე ჟინი რომ ემატებათ, სულ უფრო რომ ცხარდებიან, ყოველი დარტყმის შემდეგ სულ უფრო მეტად და მეტად, სულ უფრო პროგრესულად. უტყლაშუნებენ ერთ წუთს, უტყლაშუნებენ ხუთ წუთს, უტყლაშუნებენ ათ წუთს, სულ უფრო მაგრად, სულ უფრო ხშირად, სულ უფრო მწარედ. ბავშვი ყვირის, ბავშვს ბოლოს ყვირილი აღარ შეუძლია, სული ეხუთება: „მამა, მამა, მამიკო, მამიკო!“ საქმე რაღაც ეშმაკად სასამართლომდე მიდის. ვექილს იქირავებენ. რუსი ხალხი დიდი ხანია, ვექილს „დაქირავებულ სინდისს“ უწოდებს. ვექილი თავისი კლიენტის დასაცავად გაჰყვირის: „უბრალო საქმეა, ოჯახური და ჩვეულებრივი, მამამ შვილი მიტყიპა და ჩვენი დროის სამარცხვინოდ სასამართლო გაიმართაო!“ დარწმუნებული ნაფიცი მსაჯულები გადიან და გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ. მწამებლის გამართლებით გაბედნიერებული პუბლიკა ღრიალებს. ეეჰ, იქ არ ვიყავი, თორემ შევძახებდი, გთავაზობთ, მწამებლის სახელობის სტიპენდია დავაწესოთ-მეთქი!.. დიდებული სურათებია. თუმცაღა, უარესი რამეებიცა მაქვს ბავშვებზე. რუს ბავშვებზე, ალიოშა, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოგროვილი. დედამ და მამამ, „უღირსეულესებმა და ჩინოსნებმა, განათლებულებმა და აღზრდილებმა“ პატარა, ხუთი წლის გოგონა შეიძულეს. გაიგონე, მე კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ კაცობრიობაში ბევრს აქვს განსაკუთრებული თვისება - ბავშვების, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების წამების სიყვარული. ადამიანთა მოდგმის ყველა სხვა სუბიექტის მიმართ იგივე მტანჯველები კეთილგანწყობილნი და თვინიერნი არიან, როგორც განათლებულსა და ჰუმანურ ევროპელს შეეფერება, მაგრამ ბავშვების ტანჯვა ძალიან უყვართ, თვით ბავშვები ამ მხრივ უყვართ. მტანჯველებს სახელდობრ ამ არსებათა დაუცველობა, ბავშვის ანგელოზური მიმნდობლობა ხიბლავს. ბავშვს წასასვლელი რომ არსადა აქვს და თავს ვერავის შეაფარებს, - მტანჯველს ბინძურ სისხლს ეს უჩქროლებს. ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვეპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმელების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად აღარ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლებს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და ამას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემო ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. მე დიდების ტანჯვაზე არ გელაპარაკები, იმათ ვაშლი შეჭამეს, ჯანდაბას მათი თავი, ყველანი ეშმაკს წაუღია, მაგრამ ესენი, ესენი! გაგტანჯე, ალიოშკა, კაცის ფერი აღარ გადევს, თუ გინდა, აღარაფერს ვიტყვი.

- არა უშავს, მინდა, რომ მეც ვიტანჯო, - ჩაილაპარაკა ალიოშამ.

- ერთ სურათსაც მოგიყვები, მხოლოდ ერთს, თანაც მარტო ცნობისმოყვარეობის გამო, რადგან ძალზე დამახასიათებელია და, რაც მთავარია, ახლახან წავიკითხე ჩვენი სიძველეების რომელიღაც კრებულში, „არქივში“ თუ „ძველ დროებაში“. უნდა შევამოწმო, გადამავიწყდა კიდევაც, სად წავიკითხე. ეს იყო ბატონყმობის ყველაზე ბნელ დროში, ამ საუკუნის დამდეგს, გაუმარჯოს ხალხის განმათავისუფლებელს! მაშინ, საუკუნის დამდეგს, იყო ერთი გენერალი, გავლენიან ნაცნობთა წრის მქონე, უმდიდრესი მემამულე, მაგრამ ერთი იმათგანი (თუმცაღა, მაშინაც უკვე მცირედთაგანი), რომელნიც სამსახურიდან წასვლის შემდეგ ლამის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავის ქვეშევრდომთა სიკვდილ-სიცოცხლის ხელყოფის უფლება დაიმსახურეს. მაშინ რაღა არ ხდებოდა. ჰოდა, ცხოვრობდა თავის მამულში ორი ათასი სული ყმის პატრონი ზვიადი გენერალი, გარს ეხვია წვრილ-წვრილი, მაამებელი მეზობლები, რომელთაც არად აგდებდა, თავის მასხარებად მიაჩნდა და სამადლო ლუკმას აჭმევდა. ჰყავდა საძაღლეში ასობით ძაღლი და თითქმის ასამდე მეძაღლე, ყველანი მუნდირებში გამოწყობილნი, ყველანი ამხედრებულნი. ერთხელაც, შინაყმის შვილმა, რვა წლის პატარა ბიჭმა თამაშობისას როგორღაც ქვა გაისროლა, გენერლის საყვარელ მწევარს მოახვედრა და ფეხი დაუშავა. „ჩემი საყვარელი ძაღლი რატომ კოჭლობს?“ - იკითხა გენერალმა. მოახსენეს, ასე და ასე იყო, აი, ამ ბიჭმა ქვა მოახვედრა და ფეხი დაუშავაო. „ეს შენ ჩაიდინე? - შეათვალიერა ბიჭი გენერალმა, - დაიჭირეთ!“ ბიჭს ხელი სტაცეს, დედას წაჰგლიჯეს, მთელი ღამე საკანში ამყოფეს. დილას, ინათა თუ არა, საზეიმოდ გამოწყობილი, სანადიროდ გამზადებული გენერალი ეზოში გამოვიდა, ცხენზე ამხედრდა. გარს ეხვივნენ მაამებლები, ძაღლები, მეძაღლეები, ბაზიერები, ყველანი ცხენებზე ისხდნენ. ეზოში შინაყმები ჭკუის სასწავლებლად გამორეკეს, ხოლო ყველაზე წინ დამნაშავე ბიჭის დედა იდგა. ბიჭი საკნიდან გამოიყვანეს. შემოდგომის მოქრუშული, ცივი, ნისლიანი, ნადირობისთვის შესაფერი დღე იყო. გენერალმა ბრძანა, ბიჭი გაეშიშვლებინათ. ბიჭს ტანზე გახადეს, მთლად გააშიშვლეს, შიშისაგან გაოგნებული ბიჭი კანკალებდა, ხმას ვერ იღებდა. „გააქციეთ!“ - ბრძანა გენერალმა. „გაიქეცი, გაიქეცი!“ - შეუძახეს მეძაღლეებმა. ბიჭი გაიქცა „ეცით მაგას!“ - დაიღრიალა გენერალმა და ბიჭს მწევართა მთელი ხროვა დაადევნა. ძაღლებმა ბიჭუნა დედის თვალწინ ლუკმა-ლუკმა დაფლითეს!.. გენერალს, მგონი, მფარველები გამოუჩდნენ. აბა... რას იტყვი? დასახვრეტია? ზნეობრივი გრძნობის დასაკმაყოფილებლად დასახვერტია? თქვი, ალიოშკა!

- დასახვრეტია! - ხმადაბლა თქვა ფერმიხდილმა ალიოშამ და ძმას მზერა ალმაცერი ღიმილით მიაპყრო.

- ბრავო! - შეჰყვირა აღფრთოვანებულმა ივანმა, - რაკიღა შენც ამას ამბობ... ყოჩაღ, სქიმოსანო! დახე, გულში რანაირი ჭინკა გჯდომია, ალიოშკა კარამაზოვო!

- ახლა უაზრო რაღაც ვთქვი, მაგრამ...

- საქმეც ეგ მაგრამაა... - ყვიროდა ივანი. - იცოდე, მორჩილო, რომ ამქვეყნად უაზრო რამეები ძალზე საჭიროა. ქვეყნიერება უაზრობათა რიგს ემყარება. ამის გარეშე ამქვეყნად იქნებ არაფერი არც მომხდარიყო. ჩვენ ის ვიცით, რაც ვიცით!

- შენ რა იცი?

- მე ვერაფერი შემიცვნია, - ისე განაგრძობდა ივანი, თითქოს აბოდებსო, - და ახლა არც მინდა რაიმეს შეცნობა. მინდა, ფაქტით შემოვიფარგლო. დიდი ხანია, გადავწყვიტე, არაფერი შევიცნო. თუ რაიმეს შეცნობას მოვინდომებ, ფაქტს მაშინვე დავამახინჯებ, მე კი გადავწყვიტე, ფაქტით შემოვიფარგლო.

- გამოცდას რატომ მიწყობ? - გულმდუღარედ შესძახა დამწუხრებულმა ალიოშამ. - ბოლოს და ბოლოს მეტყვი თუ არა?

- რა თქმა უნდა, გეტყვი, საუბარი იქით მიმყავდა, რომ მეთქვა. შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, არ მინდა, შენი თავი დავუთმო შენს ზოსიმეს.

ივანი ერთ წუთს დუმდა, სახე უცებ ძალიან დაუსევდიანდა.

- მისმინე: მარტო ბავშვები იმიტომ ამოვარჩიე, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო. ადამიანთა დანარჩენ ცრემლზე, რითაც მთელი დედამიწა ქერქიდან ცენტრამდეა გაჟღენთილი, აღარაფერს ვამბობ, ჩემი თემა განზრახ შევავიწროვე. მე მღილი ვარ და თავის დამამცირებლად ვაღიარებ, რომ ვერ გამიგია, ყოველივე ასე რატომ არის მოწყობილი. მაშასადამე, ადამიანები თავად არიან დამნაშავენი: სამოთხე ჰქონდათ მიცემული, იმათ კი თავისუფლება მოინდომეს და ციდან ცეცხლი მოიტაცეს, თუმცა თავადაც იცოდნენ, რომ გაუბედურდებოდნენ, მაშასადამე შესაბრალებელნი არ არიან. ჩემი აზრით, ჩემი უბადრუკი, მიწიერი, ევკლიდესეული ჭკუით, მხოლოდ ის ვიცი, რომ სატანჯველი არსებობს, დამნაშავენი არ არიან, ყოველივე ერთი მეორედან პირდაპირ და უბრალოდ გამომდინარეობს, ყოველივე მიედინება და წონასწორდება, - მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ევკლიდური აბდაუბდაა, ეს ხომ ვიცი და არ შემიძლია, ამ წესით ცხოვრებას დავყაბულდე! რად მარგია ის, დამნაშავენი რომ არ არიან და ეს ვიცი, - მე საზღაური მესაჭიროება, თორემ თავს მოვისპობ. თანაც საზღაური უსასრულობაში, სადმე და ოდესმე კი არა, არამედ აქვე, ამქვეყნადვე, ამასთანავე თავად რომ ვიხილო. მწამდა და თავად მინდა, რომ ვიხილო, ხოლო თუ იმ დროს უკვე მკვდარი ვიქნები, დაე, მკვდრეთით აღმადგინონ, რადგან თუ ყველაფერი უჩემოდ მოხდება, ეს ძალიან საწყენი იქნება. იმიტომ ხომ არ ვტანჯულვარ, რომ ჩემით, ჩემი ბოროტმოქმედებითა და ტანჯვით ვინმესთვის მომავალი ჰარმონია მომეპოვებინა. მინდა, ჩემი თვალით ვნახო, ირემი ლომს გვერდით როგორ მიუწვება, ყელგამოჭრილი როგორ წამოდგება და თავის მკვლელს როგორ გადაეხვევა. მინდა, იქ ვიყო, როცა ყველა უცებ შეიტყობს, ყველაფერი ასე რატომ მოხდა. ამქვეყნად ყველა რელიგია ამ სურვილს ემყარება, ხოლო მე მორწმუნე ვარ. მაგრამ მაშინ ბავშვებს რაღა უნდა ვუყო? ეს ის საკითხია, რომლის გადაწყვეტა არ შემიძლია. მეასედ ვიმეორებ - საკითხები მრავალია, მაგრამ მხოლოდ ბავშვებით შემოვიფარგლე, რადგან აქ უცილობლად ნათელია ის, რის თქმაც მინდა. მისმინე: თუ ყველა უნდა იტანჯოს, რათა ტანჯვით მოიპოვონ საუკუნო ჰარმონია, მაშინ, გეთაყვა, მითხარი, ბავშვებმა რაღა დააშავეს? სრულებით გაუგებარია, ისინიც რატომ უნდა იტანჯონ და ჰარმონია ტანჯვით რატომ უნდა მოიპოვონ? ისინიც მასალად რატომ იქცნენ და ვიღაცისთვის მომავალი ჰარმონია რატომ მოიპოვეს? ცოდვაში ადამიანთა სოლიდარობა ჩემთვის გასაგებია, საზღაურში სოლიდარობაც გასაგებია, მაგრამ ცოდვაში ბავშვებთან სოლიდარობა კი არა, და თუ ნამდვილად მართალია ის, რომ ისინიც მამებთან სოლიდარულნი არიან მამების ყველა ბოროტმოქმედებაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არა ამქვეყნიურია და ჩემთვის გაუგებარია. ზოგი ხუმარა ალბათ იტყვის, სულ ერთია, ბავშვი ხომ გაიზრდება და ცოდვის ჩადენას მოასწრებსო, მაგრამ თუ ვერ მოასწრო, თუკი რვა წლისა ძაღლებს დააფლეთინეს! ოჰ, ალიოშა, ამას ღვთის მგმობელობად ნუ ჩამითვლი! გასაგებია, ქვეყნიერება როგორ შეიძრება, როცა ყოველივე ცასა და მიწისქვეშეთში ერთ სადიდებელ ხმად შეირწყმება და ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი შესძახებს: „მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ გამოცხადდა გზანი შენნი!“ როცა დედა მტანჯველს გადაეხვევა, ვინც მისი შვილი ძაღლებს დააფლეთინა და სამივენი თვალცრემლიანნი შესძახებენ: „მართალ ხარ შენ, უფალო,“ მაშინ, რა თქმა უნდა, შემეცნების მწვერვალი წარმოჩნდება და ყოველივე აისხნება. მაგრამ აქ მძიმე უნდა დავსვათ, ამის აღიარება არ შემიძლია და სანამ ამქვეყნად ვარ, ჩემსას უნდა ვეცადო. იცი რა, ალიოშა, იქნებ მართლა ისიც მოხდეს, თუ იმ ჟამამდე ვიცოცხლე ანდა მკვდრეთით აღვსდექი, რათა იგი ვიხილო, შესაძლოა, როცა ვნახავ, დედა შვილის მტანჯველს როგორ ეხვევა, თავადაც სხვებთან ერთად შევძახო: „მართალ ხარ შენ, უფალო!“ მაგრამ არ მინდა, რომ ეს ვქნა. სანამ დრო მაქვს, თავის დაცვას ვჩქარობ, ამიტომაც უმაღლეს ჰარმონიაზე უარს ვამბობ. ის არ ღირს თუნდაც იმ ერთი განაწამები ბავშვის ცრემლად, მკერდში მუშტს რომ იბაგუნებდა და მყრალ ფეხისადგილში აუნაზღაურებელი ცრემლებით ღმერთს ემუდარებოდა. არ ღირს იმიტომ, რომ მისი ცრემლები აუნაზღაურებელი დარჩა. ეს ცრემლები თუ არ ანაზღაურდება, ჰარმონია შეუძლებელი იქნება. მაგრამ რით აანაზღაურებ? განა ეს შესაძლებელია? ნუთუ შურისგებით? მაგრამ შურისგება ვის სჭირდება, მტანჯველთათვის ჯოჯოხეთი ვის სჭირდება, ჯოჯოხეთი რას გამოასწორებს, როცა ბავშვები უკვე ეწამნენ? ანდა სადღაა ჰარმონია, თუ ჯოჯოხეთიც არის: მე მსურს ვაპატიო, მსურს გულში ჩავიკრა, არ მინდა, რომ კიდევ იტანჯონ. თუ ბავშვების ტანჯვა იმ სატანჯველთა ჯამის შევსებას დასჭირდა, რაც ჭეშმარიტების შეძენისთვის იყო აუცილებელი, წინასწარ ვაცხადებ, რომ მთელი ჭეშმარიტება ამ ფასად არ ღირს. ბოლოს და ბოლოს, არ მინდა, რომ დედა გადაეხვიოს მტანჯველს, ვინც მისი შვილი ძაღლებს დააფლეთინა! დედას პატიების უფლება არა აქვს! თუ სურს, ის უზომო ტანჯვა აპატიოს, რაც დედის გულმა გადაიტანა, მაგრამ დაფლეთილი შვილის ტანჯვა რომ აპატიოს, ამის უფლება არა აქვს, ამის უფლება არა აქვს, თუნდაც თვით შვილმა მტანჯველს შეუნდოს! თუ ეს ასეა, თუ ისინი ვერ აპატიებენ, მაშ ჰარმონია სადღაა? მთელს ქვეყნიერებაზე განა არის ისეთი არსება, ვისაც პატიება შეეძლება და პატიების უფლება ექნება? არ მინდა ჰარმონია, კაცობრიობის სიყვარულის გამო არ მინდა. მირჩევნია, ტანჯვა შურისგებამ არ გააქარვოს. მირჩევნია, ჩემი ტანჯვა შურისგების გარეშე დარჩეს, გულისწყრომა არ დამიცხრეს, თუნდაც მართალი ნუ ვიქნები. ჰარმონია ძალიან ძვირად შეაფასეს, იქ შესვლას ჩვენი ჯიბე ვერ გასწვდება. ამიტომ ვჩქარობ, ჩემი შესასვლელი ბილეთი უკანვე დავაბრუნო. თუ თავი პატიოსან კაცად მიმაჩნია, მაშინ მოვალე ვარ, რაც შეიძლება, მალე დავაბრუნო. ჰოდა, ამას ვაკეთებ. ღმერთს კი არ უარვყოფ, ალიოშა, მხოლოდ ბილეთს ვუბრუნებ მოწიწებით.

- ეს ხომ ამბოხია, - ხმადაბლა თქვა თავჩაღუნულმა ალიოშამ.

- ამბოხი? მე შენგან ასეთი რამის გაგონება არ მსურდა, - გულში ჩამწვდომად უთხრა ივანმა. - ამბოხით ცხოვრება განა შეიძლება? მე კი ცხოვრება მწადია. მოგიწოდებ, პირდაპირ მითხრა. მაშ მიპასუხე: წარმოიდგინე, რომ თავად შენ აგებ ადამიანთა ბედის შენობას იმ მიზნით, რომ ფინალში ხალხი გააბედნიერო, დასასრულ სიმშვიდე მოუპოვო, მაგრამ ამისათვის აუცილებლად და გარდუვალად საჭირო იყოს, გააწამო მხოლოდ ერთი ციცქნა არსება, აი, ის ბავშვი, მკერდში მუშტს რომ იბაგუნებდა, და მის აუნაზღაურებელ ცრემლებზე დააფუძნო ეს შენობა, თუ დათანხმდებოდი, რომ არქიტექტორი ამ პირობით ყოფილიყავ, მიპასუხე და არ იცრუო!

- არა, არ დავთანხმდებოდი, - წყნარად ჩაილაპარაკა ალიოშამ.

- შეგიძლია თუ არა, აღიარო იდეა, რომ ხალხი, ვისთვისიც აშენებ, თანახმა იქნებოდა, თავად მიეღოთ ბედნიერება პაწაწინა წამებულის გაუმართლებელი სისხლის ფასად, მიიღებდნენ და საუკუნოდ ბედნიერნი დარჩებოდნენ?

- არა, არ შემიძლია. ძმაო, - უეცრად თქვა თვალებაელვარებულმა ალიოშამ, - ახლა შენ თქვი: მთელ ქვეყნიერებაზე განა არის ისეთი არსება, ვისაც პატიება შეეძლება და პატიების უფლება ექნებაო? მაგრამ ასეთი არსება არის და მას ყველაფრის პატიება შეუძლია, ყველასი და ყველაფრისა, რადგან თავად გაიღო უდანაშაულო სისხლი ყველას და ყველაფრის ნაცვლად. შენ იგი დაგავიწყდა, შენობა მასზე აიგება და მას შესძახებენ: „მართალ ხარ შენ, უფალო, რადგან გამოცხადდა გზანი შენი!“

- ჰო, „ყოვლად უცოდველი“ და მისი სისხლი! არა, არ დამვიწყებია. პირიქით, სულ მიკვირდა, ამდენ ხანს რატომ არ დაიმოწმე. იმიტომ რომ პაექრობისას ყველა თქვენიანი უპირველეს ყოვლისა მას დაიმოწმებს ხოლმე. იცი რა, ალიოშა, არ გაგეცინოს, მაგრამ როდისღაც, ერთი წლის წინ, პოემა შევთხზე. ათიოდე წუთის დაკარგვა თუ კიდევ შეგიძლია, ამ პოემას მოგიყვები.

- პოემა დაწერე?

- ოჰ, არა, არ დამიწერია, - გაიცინა ივანმა, - ჩემს სიცოცხლეში ორი ლექსიც კი არ დამიწერია. ეს პოემა კი შევთხზე და დავიმახსოვრე. გატაცებით შევთხზე. ჩემი პირველი მკითხველი, ანუ მსმენელი, შენ იქნები. მართლაცდა, ავტორმა თუნდაც ერთი მსმენელი რატომ უნდა დაკარგოს, - ჩაიცინა ივანმა. - მოგიყვე თუ არა?

- სიამოვნებით მოგისმენ, - უთხრა ალიოშამ.

- ჩემს პოემას „დიდი ინკვიზიტორი“ ჰქვია, სულელურია, მაგრამ მინდა, რომ მოგიყვე.

 

სრულად*ძმები კარამაზოვები*

*ფიოდორ დოსტოევსკი*

ნახვა: 438

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters