თავი 3

      თვითმკვლელობა სიცოცხლისა და სიამეთა უსიყვარულობას ნიშნავს თუ არა? თვითმკვლელობა ზედაპირულად, შესაძლოა, ამქვეყნიური ცხოვრების ყოველგვარი ხალისის დაკარგვას, მისგან საბოლოოდ განდგომილობის შთაბეჭდილებას ახდენდეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. თვითმკვლელობა მეტწილად ამქვეყნიური ცხოვრებისა და სიამეთა უიმედო სიყვარულის განსაკუთრებული სახის გამოვლინებაა. თავისმკვლელს დაკარგული აქვს ყოველგვარი იმედი, რომ ამქვეყნიური სიამენი მისი წილხვედრი გახდება. მას თავისი უბედური, უსაგნო სიცოცხლე სძულს და არა საერთოდ ამქვეყნიური ცხოვრება და სიამენი. იგი ისურვებდა, უფრო ბედნიერი, უფრო აზრიანი ცხოვრება რომ ჰქონოდა, მაგრამ ამისი შესაძლებლობის იმედი დაკარგა. ფსიქოლოგია, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ყველაზე ნაკლებად არის ამქვეყნიური ცხოვრების სიამეთაგან განდგომის ფსიქოლოგია. ასკეტური ყოფის ადამიანები, დაძაბული სულიერი ცხოვრების მქონენი, სხვა, მარადიული ცხოვრებისკენ მზერამიპყრობილნი, თავს არასოდეს იკლავენ. პირიქით, თვითმკვლელობის ფსიქოლოგიის წარმოსაქმნელად დროებითისკენ, ამქვეყნიურისკენ უდიდესი მისწრაფებულობა, მარადიულის, ციურის მივიწყებაა საჭირო. თვითმკვლელობის ფსიქოლოგიისათვის სწორედ დროებითი გადაიქცა მარადიულად, ხოლო მარადიული განქარდა, თავისმკვლელისთვის სწორედ ამქვეყნიური ცხოვრება და სიამენია ერთადერთი არსებული ცხოვრება და არავითარი სხვა ცხოვრება არ არსებობს. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია სრულებით არ ნიშნავს ამქვეყნიურობის და ამ ქვეყნად კარგი ცხოვრების სიძულვილს. პირიქით, ამქვეყნიურის მონობას ნიშნავს. ამქვეყნიურის მპყრობელობისაგან სულიერად თავისუფალი ადამიანი არასოდეს განიცდის სასოწარკვეთილებასა და უიმედობას, რაც თვითმკვლელობისკენ წარმმართველია. მან იცის, რომ ჭეშმარიტი სიხარულის მომნიჭებელი ამქვეყნიური კეთილდღეობა კი არ არის, არამედ სულიერი ცხოვრების აღმავლობა და ღმერთთან სიახლოვეა, ჭეშმარიტი ცხოვრება მარადიულობასთან შერწყმაა. მარადიულობასთან შერწყმული ადამიანი სიცოცხლის ძალადობრივად აღკვეთას არასოდეს მოინდომებს. ამქვეყნიურის მპყრობელობისაგან გათავისუფლება სულიერი ცხოვრების აღმავლობით მიიღწევა. როცა ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, მას კლავს ამქვეყნიური ყოფა, რაც მისთვის უმწარესი შეიქნა, როცა ამქვეყნიური სიამენი მუდამ ერთადერთ ნამდვილ, ჭეშმარიტ არსებობად მიაჩნდა. საწამლავი, რომელსაც ადამიანი სასოწარკვეთილების მოძალებისას შესვამს, ტყვია, რომელსაც საფეთქელში დაიხლის, მდინარე, სადაც თავის დასახრჩობად გადაეშვება, ეს ყოველივე მისი მომსპობი ამქვეყნიურობაა, რომლის მპყრობელობაშიც არის მოქცეული. როცა ადამიანს ღრმად აქვს გამჯდარი აზრი, რომ ამქვეყნიური, ამჟამინდელი ცხოვრება ერთადერთი და საბოლოო არ არის, რომ არსებობს სხვა, მაღალი, მარადიული ცხოვრება, თავის მოკვლა აზრად არასოდეს მოუვა. მაშინ ადამიანს წარმოუჩნდება უსასრულო მიზანი მარადიულობასთან შერწყმისა, სულიერი აღმავლობისა, უგვანო, ავბედითი, უაზრო ამქვეყნიური ყოფის მპყრობელობისგან გათავისუფლებისა. თვითმკვლელობის სურვილის დაძლევა თავის ბედ-იღბალზე, ამქვეყნიური ყოფის მპყრობელობის დაძლევას ნიშნავს. აი, რა არის თვითმკვლელობის ძირითადი პარადოქსი. თავისმკვლელს თავის გაწირვა, სიცოცხლის მსხვერპლად გაღება ყველაზე ნაკლებად ძალუძს, იგი არსებობაზე განუზომლად მიჯაჭვულია, თავისი არსებობის წყვდიადშია ჩაძირული. თვითმკვლელობა საკუთარ თავში ჩამწყვდეულობაა, ამქვეყნიურის მონობაა. თვითმკვლელობა ეგოისტურია და სხვათათვის, რაიმე იდეალისათვის, რწმენისათვის თავის გაწირვის საპირისპიროა. თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიმღებს სიცოცხლის მსხვერპლად გაღების უნარი თუ ექნებოდა, სიცოცხლეს სამსხვერპლოზე მისატანად შეინარჩუნებდა. თავისმკვლელს საბედისწერო წუთში სხვებზე ფიქრი, სხვათათვის თავის გაწირვა რომ შეძლებოდა, შედრკებოდა და მის სიცოცხლეს ხსნა მოევლინებოდა. თავისმკვლელზე ამქვეყნიური ყოფის მპყრობელობა იმით კი არ გამოიხატება, რომ მას ამქვეყნიურ ყოფაზე ფიქრი, პირადულისგან განდგომა, თავისი თავის დავიწყება შეუძლია, არამედ იმით, რომ სრულად ეუფლება სატანჯველნი, რაც ამქვეყნიურმა ყოფამ არგუნა, გამოიხატება სასოწარკვეთილებით იმის გამო, რომ ამქვეყნიური ყოფა სასურველ სიამეთ არასოდეს უწილადებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი ამქვეყნიური ყოფის მიმართ ეგოისტურად არის განწყობილი. მაგრამ ეგოისტური განწყობილება ყოველთვის მონობის საწინდარია. ამქვეყნიური ყოფისა და ცხოვრების ხალისის დაკარგვა, როცა ყოველივე აუტანლად მომაბეზრებელი გახდება, თვითმკვლელობის განწყობილებას წარმოქმნის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამქვეყნიური ყოფის მპყრობელობისაგან გათავისუფლებულია. ადამიანს სურს, რომ ამქვეყნად ყოფნა ეხალისებოდეს, აღაგზნებდეს, მიიზიდავდეს და იმის გამო იტანჯება, რომ ეს უკვე ჩავლილია და სურვილის აღსრულება შეუძლებელია. თუმცაღა, ისტორიამ მოვალეობის გამო თვითმკვლელობანიც უწყის: მონათა თვითმკვლელობა, როცა მათი პატრონი მოკვდებოდა, ცოლთა თვითმკვლელობა, როცა მათი ქმარი კვდებოდა. ეს თვითმკვლელობანი, რა თქმა უნდა, ეგოცენტრული არ არის, მაგრამ თვითმკვლელობის თანამედროვე ტიპობრივ ფსიქოლოგიას არ შეესაბამება.

      თვითმკვლელობა ძალადობაა არა მარტო სიცოცხლეზე, არამედ სიკვდილზეც. თვითმკვლელობისას სიკვდილთან ნებსითი ზიარება არ ხდება, როგორც ზეგარდმო მოვლენილი სიკვდილის ჟამს. თავისმკვლელს თავი მიაჩნია ერთადერთ მფლობელად თავისი სიცოცხლისა და თავისი სიკვდილისა. იგი არ სცნობს იმას, ვინც სიცოცხლის შემოქმედია და ვისზედაც დამოკიდებულია სიკვდილი. სიკვდილთან ნებსითი ზიარება ამასთანავე სიცოცხლის ჯვრისტვირთვაცაა. სიკვდილი სიცოცხლის ბოლო ჯვრისტვირთვაა. თავისმკვლელს მიაჩნია, რომ მისი ჯვარი სხვათა ჯვარზე მძიმეა. მაგრამ არავის შეუძლია იმის გადაწყვეტა, ვისი ჯვარია უმძიმესი. აქ შესადარებლად არავითარი კრიტერიუმი არ არსებობს. ყოველი ადამიანი თავისი განსაკუთრებული ჯვრის მქონეა, სხვაგვარისა, ვიდრე სხვა ადამიანთა. თვითმკვლელობა შემცოდეობაა არა მარტო სიცოცხლის მიმართ, არამედ სიკვდილის მიმართაც. სიკვდილი დიადი საიდუმლოა, ისეთივე დიადი საიდუმლო, როგორიც დაბადებაა. ამიტომ თვითმკვლელობა უპატივცემულობაა სიკვდილის საიდუმლოს მიმართ, უქონლობაა რელიგიური მოკრძალებისა, რასაც სიკვდილი უნდა იწვევდეს. არსებითად ადამიანი მთელი სიცოცხლე სიკვდილისათვის უნდა ემზადებოდეს და მისი ცხოვრების მნიშვნელობა და ხარისხობრივი მიღწევანი იმით განისაზღვრება, მზად თუ არის სიკვდილისთვის. სიკვდილისთვის მზადება სრულებითაც არ ნიშნავს კვდომას, სიცოცხლის დაძაბუნებასა და მოსპობას. პირიქით, ეს ნიშნავს სიცოცხლის აღმავლობას, მარადიულობასთან შერწყმას. მაგრამ სინამდვილეში სიკვდილისთვის მზად ძალიან ნაკლებად არიან, ხშირად, სიკვდილის ღირსნი არ არიან, სიკვდილის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულება ძალიან რთულია და გარეგნულად ორსახოვანია. სიცოცხლე შემოქმედის მოძღვნილი უდიადესი სიკეთეა, ხოლო სიკვდილი უდიდესი და უკიდურესი ბოროტება. მაგრამ სიკვდილი მხოლოდ ბოროტება არ არის. სიკვდილთან ნებსითი ზიარება, სიცოცხლის ნებსითი გაწირვა სიკეთეა. ქრისტემ სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა. სიკვდილს მონანიების მნიშვნელობაც აქვს. ჩვენს ცოდვილსა და ზღვარდადებულ სიცოცხლეს უსასრულოდ თუ წარმოვისახავთ, ეს კოშმარი იქნება. სიკვდილის მეშვეობით ახალი ცხოვრებისთვის აღდგომას ვეზიარებით.

      თვითმკვლელობა ქრისტეს ჯვრის, გოლგოთის საპირისპიროა, ჯვრისგან თავის განრიდებაა, ქრისტეს ღალატია, ამიტომ უაღრესად საპირისპიროა ქრისტიანობისა. თავისმკვლელის სახება სიმართლისათვის ჯვარცმულის სახების საპირისპიროა. თვითმკვლელობის ფსიქოლოგია სრულებით არ არის მომნანიებელი მსხვერპლის ფსიქოლოგია. მომნანიებელი მსხვერპლი თავისუფლებას ეფუძნება, ხოლო თავისმკვლელს თავისუფლება არ ხელეწიფება, იგი ამქვეყნიურობის დამმარცხებელი კი არ არის, ამქვეყნიურობისაგან დამარცხებულია. ქრისტემ ამქვეყნიურობა დაამარცხა და სიკვდილზე საყოველთაო გამარჯვებისა და მკვდრეთით აღდგომის გზა გაკაფა. ნებსითი ჯვრისმტვირთველობით მსხვერპლის გაღება მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა, ხოლო თვითმკვლელობა მარადიული სიკვდილისკენ მიმავალი გზა და მკვდრეთით აღდგომაზე უარის თქმაა.

      თვითმკვლელობაზე გენიალური დიალექტიკა წარმოსახა დოსტოევსკიმ რომანში „ეშმაკნი“ კირილოვის სახით. კირილოვი კაცღმერთის იდეით არის შეპყრობილი. ადამიანი ღმერთი უნდა გახდეს, მაგრამ ღმერთი რომ გახდეს, სიკვდილის შიში უნდა დაძლიოს, თავი შეგნებულად უნდა მოიკლას. კირილოვი თავის მოკვლას იმიტომ კი არ გადაწყვეტს, რომ უიმედობას და სასოწარკვეთილებას განიცდის, მისი სიკვდილი მეტაფიზიკური ექსპერიმენტი უნდა იყოს, რითაც ადამიანი თავის ძლიერებას ირწმუნებს, იმას ირწმუნებს, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის განმგებელია. იგი არ ცნობს სხვა განმგებელს, ღმერთს, და ამიტომ თვითონ გახდება ღმერთი. ღმერთი ადამიანისთვის მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ შიშით იყო შეპყრობილი. კირილოვის თვითმკვლელობის იდეა აპოკალიფსური ხასიათისაა. თვითმკვლელობა დროს ამარცხებს. დრო შეჩერდება და იქნება მარადიულობა. კირილოვი „იდეის“ კაცია, ქვენა გრძნობები არა აქვს და არც შიშის გრძნობა გააჩნია. კირილოვის, თავისებურად ასკეტის, სპეტაკი ადამიანის სახე ყოველგვარად საპირისპიროა ქრისტეს სახისა. კაცღმერთი ყოველგვარად საპირისპირო უნდა იყოს ღმერთისა. კირილოვის მეტაფიზიკური თვითმკვლელობის ბოლო სიტყვა სიკვდილია. ჯვარცმული ქრისტეს ბოლო სიტყვა სიცოცხლეა, მკვდრეთით აღდგომაა. კირილოვს სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვა არ ძალუძს. მას დროის დამარცხების ძალა არ შესწევს. კირილოვის თვითმკვლელობა სიმახინჯეა, ისევე, როგორც ყოველი თვითმკვლელობა, სინათლის სხივის უქონელია, თუმცაღა, იგი თავისმკვლელთა შორის ყველაზე კეთილშობილი და ამაღლებულია. ხოლო ქრისტეს ჯვარცმა, რაც უდიდესი ბოროტება იყო მათი მხრიდან, ვინც იგი ჯვარს აცვა, სხივმფინარეა, ქვეყნიერებისთვის ხსნისა და აღდგომის მიმძღვნელია. დოსტოევსკი კირილოვის მეტაფიზიკური ექსპერიმენტით წარმოაჩენს, რომ თვითმკვლელობა ათეისტურია, ღმერთის უარყოფაა, ღმერთის ადგილას საკუთარი თავის დაყენებაა. თავისმკვლელთა უმეტესობას, რა თქმა უნდა, კირილოვისდაგვარი მეტაფიზიკური აზრები არა აქვს. ისინი აფექტის მდგომარეობაში არიან და გონებიდან ფიქრი განდევნილი აქვთ, მაგრამ გაუცნობიერებლად თავის თავს ღმერთის ადგილას აყენებენ, რამეთუ თავი სიცოცხლისა და სიკვდილის ერთადერთ განმგებლად მიაჩნიათ, ანუ ათეიზმს განახორციელებენ. ადამიანის გაღმერთების, კაცღმერთობის უკიდურესი გამოვლინება მხოლოდ ძალადობრივი სიკვდილისას არის შესაძლებელი. აქ ძალადობრივი სიკვდილისა და მკვლელობის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი დადგება.

თვითმკვლელობა არის თუ არა მკვლელობა?

      თუ სიკვდილი მხოლოდ ბოროტება კი არა, მკვდრეთით აღდგომის გზაც არის, მკვლელობა მხოლოდ ბოროტება და უსაშინლესი ბოროტებაა. თვითმკვლელობა ცოცხალი არსების მკვლელობა, ღმერთის ქმნილების მკვლელობაა. ვინც თვითმკვლელობას მკვლელობად არ მიიჩნევს, იმას ეფუძნება, რომ მკვლელობა სხვისი სიცოცხლის მოსპობაა, რაც მკვლელის კუთვნილება არ არის. ისინი ასე მსჯელობენ: ჩემი სიცოცხლე ჩემი კუთვნილებაა, ამიტომ მისი მოსპობა შემიძლია და ეს მკვლელობა არ იქნება. ეს ისევეა, როგორც ჩემს კუთვნილ ნივთს ვერ მოვიპარავ. მაგრამ ეს მცდარი და ზედაპირული მსჯელობაა. ჩემი სიცოცხლე მარტო ჩემი არ არის, რაზედაც კუთვნილების აბსოლუტური უფლება მაქვს, არამედ სხვებისაცაა, უპირველეს ყოვლისა ღმერთის კუთვნილებაა. მხოლოდ ღმერთს აქვს მისი კუთვნილების აბსოლუტური უფლება. ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის ჩემს ახლობლებსაც, სხვა ადამიანებს, ჩემს ერს, საზოგადოებას, დაბოლოს, მთელ ქვეყნიერებას, რომელსაც ვჭირდები. საკუთრებაზე აბსოლუტური ფლობის პრინციპი მცდარი პრინციპია. საკუთრების უფლების რომაული გაგება ქრისტიანული გაგება არ არის. საკუთრების უფლების რომაული გაგების კლასიკური ფორმულა გვაუწყებს:

      dominium est ius utendi, fruendi, abutendi rе sua quatenus iuris ratio patitur, ანუ საკუთრება არის უფლება ნივთის არამარტო სასიკეთოდ გამოყენებისა, არამედ ბოროტად გამოყენებისაც. შეგიძლია, ისე მოექცე, როგორც მოისურვებ. მაგრამ ნივთებზე, ადამიანის კუთვნილ უსულო საგნებზე აბსოლუტური საკუთრების უფლება არ არსებობს. მონობიდან და ბატონყმობიდან არამარტო ადამიანები, ნივთებიც უნდა გათავისუფლდნენ. არსებული კანონმდებლობით თუმცა უფლება მაქვს, ჩემი ნივთები დავლეწო, გავანადგურო, და ამის გამო პასუხს არ მაგებინებენ, არ დამაპატიმრებენ, მაგრამ სულიერობრივად, ზნეობრივად, რელიგიურად, არავითარი უფლება არა მაქვს, ჩემს ნივთებს ისე მოვექეცი, როგორც მომეპრიანება, უკეთურად მოვეპყრა, გავანადგურო. ნივთებზე აბსოლუტური უფლება არა მაქვს, სასიკეთოდ უნდა მოვიხმარო, ღვთიურად უნდა მოვექცე, ხოლო თუ ჩემს კუთვნილ ნივთებს გაშმაგებით დავუწყებ განადგურებას, ავეჯს დავამტვრევ, ჭურჭელს დავლეწავ, ფანჯრის მინებს ჩავამსხვრევ, ტანსაცმელს შემოვიხევ, უთუოდ სამედიცინო შემოწმებას ჩამიტარებენ და საავადმყოფოში მომათავსებენ. ნივთებზე საკუთრების ჩემი უფლება შეფარდებითია და არა აბსოლუტური. ნივთებიც ასევე ეკუთვნის ღმერთს, ჩემს ახლობლებსა და მთელ ქვეყნიერებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის ყოველივე. თუ საკუთარ ფანქარს, წიგნს, ტანსაცმელს ისე ვერ მოვექცევი, როგორც მომეპრიანება, მით უმეტეს, ასე ვერ მოვექცევი საკუთარ სხეულს, საკუთარ სიცოცხლეს, ნივთებზე ბევრად ძვირფასს. კერძო საკუთრებაზე აბსოლუტური უფლება მცდარი და არაქრისტიანული ინდივიდუალიზმია.

      ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს, როგორც ღმერთის ქმნილება და თავის მოძულება ცოდვაა, ღმერთის ქმნილების, ღმერთის მსგავსების, ღვთიური იდეის უარყოფაა. ნათქვამია – „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. აქ საკუთარი თავის სიყვარულიც იგულისხმება, რაც სრულებით არ არის ეგოიზმი. საკუთარი თავის ასეთი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია მსხვერპლის გაღება, მოყვასის სიყვარული. თვითმკვლელობისას არსებობს ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი, საკუთარ თავში ჩაკეტილობა და არ არსებობს ნორმალური სიყვარული საკუთარი თავისა, როგორც ღმერთის კუთვნილი არსებისა. როცა ადამიანი თავს მოიძულებს და თავის მოსპობა სწადია, მას სხვებიც სძულს, მთელი ღვთიური სამყარო სძულს. ფსიქოლოგიური პარადოქსია ის, რომ საკუთარი თავის სიძულვილი იმავდროულად ეგოცენტრიზმიცაა, საკუთარ თავში ჩაკეტილობაცაა, საკუთარი თავის დავიწყებისა და სხვებზე ფიქრის უუნარობაცაა. ადამიანები თავის მოკვლას არცთუ იშვიათად სხვების ჯიბრზე აპირებენ.

      როცა ავადმყოფური სიგონჯე ადამიანს საკუთარი თავის სიძულვილს აღუძრავს, სიძაბუნისა და დაკნინების შეგრძნებას იწვევს, მაშინ იგი ჯავრს სხვებზე იყრის და გული სხვათა მიმართ ღვარძლით ევსება. ადამიანს სულიერობრივად თავისი თავი არამარტო თავის საკუთრებად, არამედ ღმერთის, ქვეყნიერებისა და სხვა ადამიანთა კუთვილებადაც უნდა მიაჩნდეს. ამასთან მოწოდების გრძნობაა დაკავშირებული. არსებობს მოვალეობანი არამარტო ღმერთისა და სხვა ადამიანთა მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ადამიანი თავის თავს კეთილად უნდა ეპყრობოდეს და არა უკეთურად, თავი არ უნდა მოისპოს, საკუთარ სულსა და სხეულს უკეთურად არ უნდა მოექცეს. თვითმკვლელობა საკუთარი თავის მიმართ უკეთური მოპყრობის უკიდურესი გამოხატულებაა, თავისი თავის მიმართ მოვალეობის დარღვევაა. თვითმკვლელობა ღმერთის, სხვა ადამიანებისა და ქვეყნიერების კუთვნილი არსების მკვლელობაა. ამასთანავე ეს არის მკვლელობა არამარტო სხეულისა, არამედ სულისაც, ანუ ყოველ მკვლელობაზე უმეტესი მკვლელობა. როცა ადამიანი სულს ინადგურებს გარყვნილებით, ლოთობით, სიხარბით, დაუდევრობით, ბიწიერი ვნებებით, ღვარძლიანობით, შურისმაძიებლობით და ასე შემდეგ, ნაწილობრივ თვითმკვლელობასა და მკვლელობას სჩადის, უდიერად ეპყრობა იმას, რაც მხოლოდ მისი კუთვნილება არ არის და უმაღლესი მიზნებისათვის არის განკუთვნილი. ის შეხედულება, რომ ადამიანი თავისი სულისა და სხეულის თვითმპყრობელი განმგებელია, ათეისტური, უღმერთო შეხედულებაა. ადამიანს არამარტო თავისი სულისა და სხეულის მოსპობის უფლება არა აქვს, არამედ პასუხს აგებს თავისი თავის მიმართ დაუდევარი მოპყრობისთვისაც. ადამიანი თავისი თავის დასახიჩრებითა და მოსპობით ქვეყნიერებასაც, კოსმოსურ მთლიანაობასაც, სხვა ადამიანებსაც ასახიჩრებს და სპობს, რამეთუ ყოველივე ყველაფერთანაა დაკავშირებული და ყოველივე ყველაფერზეა დამოკიდებული. თავის მოკვლით ადამიანი ჭრილობის მიმყენებელია ქვეყნიერებისათვის როგორც ერთიანისთვის, ხელს უშლის ღვთის მეუფების განხორციელებას. ადამიანი უფრო მაღალი მდგომარეობისა და დანიშნულების მქონე არსებაა, ვიდრე თავად ჰგონია თავისი ეგოიზმისას, თავის თავში ჩაკეტილობისას და გულმხეცობისას. ეგოცენტრიკს თავისი თავი ყოველთვის უფრო კნინად მიაჩნია, ვიდრე ადამიანს უნდა მიაჩნდეს. მხოლოდ თავისი თავით შემოზღუდულმა თავისმკვლელმა არ უწყის ის მნიშვნელობა, რაც აქვს კაცობრიობისა და ქვეყნიერებისთვის, ვერ შეუცვნია, რომ მხოლოდ საკუთარ თავს კი არ იწამლავს, არამედ ღვთიურ სამყაროსაც წამლავს, ქვეყნიერების მიმართ ღმერთის განაზრახის განხორციელებასაც აბრკოლებს. ადამიანს თავი თავად არ შეუქმნია, იგი ღმერთმა შექმნა მარადიული ცხოვრებისთვის და ისე შექმნა, რომ მისი სიცოცხლე ღმერთისგან შექმნილი ყოველი არსის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. წმინდა თომა აქვინელი ამბობს, რომ თვითმკვლელობა ცოდვაა თავისი თავის, საზოგადოების და ღმერთის მიმართ. თავისმკვლელი უდიდეს ცოდვას სჩადის საკუთარი სულის მიმართ, თავის თავს წარსტაცებს მონანიების, სულიერად აღორძინებისა და სიკვდილის შემზარავი საიდუმლოსთვის შემზადების შესაძლებლობას. თავისმკვლელის გამბედაობა მოჩვენებითი გამბედაობაა, რომლის მიღმა სულმოკლეობა და ცხოვრების წინაშე შიში იმალება. თვითმკვლელობა ყოფიერებისგან, ღვთიური სამყაროსგან, კაცობრიობისგან სრული გამიჯვნაა. მაგრამ ამგვარი გამიჯვნა ყოფიერების აღნაგობის მიხედვით შეუძლებელია. ყველაფერი და ყოველივე ყველაფერთან და ყოველივესთან კავშირშია. მთელი კაცობრიობა და მთელი ქვეყნიერება ერთი ორგანიზმია. თვითმკვლელობის არსს მხოლოდ ქრისტიანული შემეცნება წარმოაჩენს და მის მიმართ სწორ მიდგომას განსაზღვრავს. სოციოლოგიური შეხედულება, რომელსაც სტატისტიკაზე დაყრდნობით სურს, თვითმკვლელობის სოციოლოგიური კანონზომიერება და აუცილებლობა დაადგინოს, საფუძველშივე მცდარია, მოვლენის მხოლოდ გარეგნულ მხარეს, უხილავი შინაგანი პროცესების მხოლოდ შედეგს ხედავს და ცხოვრების სიღრმეს ვერ წვდება.

წიგნიდან: „თვითმკვლელობის შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი

◄ წინა თავი მომდევნო თავი ►

ტეგები: Qwelly, ბერდიაევი, თვითმკვლელობა, მკვლელობა, სუიციდი, ფილოსოფია

ნახვა: 491

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Great Food Truck Catering to your Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 9, 2024.
საათი: 4:30pm 0 კომენტარი







Food items truck catering provides a vivid and flavorful contact to any function, but with countless possibilities readily available, deciding on the suitable you can be a daunting job. Fear not! This is an extensive information that may help you navigate the world of food truck catering and choose an ideal a single for the upcoming celebration.



Assess Your Function Requirements



Before diving into the whole world of foodstuff vehicles, take a minute to…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 7, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting for nimble, mobile characters over brute strength alone. This diversity encouraged…

გაგრძელება

Magma Wyrm's Scalesword

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივნისი 5, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Nightrider Glaive

It's a very strong strength weapon but Elden Ring Items just because it's the best of a type, doesn't mean it competes with the other Str weapons and what they do and what they bring to the table, it's a solid pick and extremely buffable, and you can use various halber-based ashes of War which are both cool, and very effective because of the speed they come out for a heavy hitting strength weapon.

Magma Wyrm's Scalesword

Magma Wyrm's Scalesword, with no…

გაგრძელება

Also received heavy criticisms

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 5, 2024.
საათი: 4:30am 1 კომენტარი

The full statement can be read below:EA FC 24 Coins We are aware of discussions around licensing of players in EA Sports EA Sports FC. The current situation being played out on social media is an attempt to draw EA Sports FC 24 into a dispute between a number of 3rd parties and has little to do with EA Sports.



To be very clear, we have contractual rights to include the likeness of all players currently in our game. As already stated, we acquire these licenses directly from…

გაგრძელება

Qwelly World

free counters