ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს ხევი. შუაში ნაცრისფერი გზა გადის. ნაცრისფერ გზაზე ავტობუსი მირახრახებს.

მგზავრები ინჯღრევიან და ერთმანეთს მხრებით ეჯახებიან (რასაც მერე გამოლაპარაკების საბაბად იყენებენ). ზოგჯერ, როცა ავტობუსი მოულოდნელად შეანელებს სვლას, სკამებიდან ისე წამოიწევიან, თითქოს გაფრენას აპირებენო. სინამდვილეში გაფრენის საშიშროება არ არსებობს, მაგრამ უკან დაშვებისას რომ არაფერი იტკინონ, ცდილობენ, სიმძიმის ცენტრი ტერფებზე გადაიტანონ და ინერციის ძალას რაღაცა დაუპირისპირონ.

ავტობუსში ხალვათობაა, თუმცა დასაჯდომი ადგილები თითქმის მთლიანად დაკავებულია (სულ ბოლო მერხია თავისუფალი. იქ მხოლოდ ერთი მთვრალი კაცი ზის, რომელსაც პორტფელი ორივე ხელით მაგრად ჩაუბღუჯავს და საიმედოდ ჩაუხუტებია გულში).

მძღოლს უკან გადავარცხნილი თმა, დაბალი შუბლი, მასიური სახე, სქელი, ჯაგარა წარბები და იმედგაცრუებული გამომეტყველება აქვს.

მგზავრები ჭრელი ხალხია. ყველას თავისი გზა აქვს, თავისი მიზანი და თავისი ქერქი. მაგრამ ამ სიჭრელეში არის ერთი საერთო ფერი, ერთი საერთო ნერვი, რომელიც ყველას კრავს, ყველას აერთიანებს, ყველას ერთ წრეში აქცევს და ბიოლოგებსა და სოციოლოგებს სახეობრივი კლასიფიკაციის საშუალებას აძლევს. ეს ის საერთო ნერვია, რის გამოც მგზავრები მშვიდობიანად სხედან ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთს არ ერჩიან და ერთმანეთის არ ეშინიათ. მეტიც: საერთო ნერვი, საერთო ფერი აიძულებთ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ, პატივი სცენ ერთმანეთს, გაუფრთხილდნენ და ზურგი გაუმაგრონ. ასეც იქცევიან.

ავტობუსში ცხელა და ოფლის სუნი დგას. მაგრამ მგზავრებს ეს არ აწუხებთ. კარგი ხანია შეეჩვივნენ და ვეღარ გრძნობენ.

მგზავრებს თითო ხელი საერთო ნერვზე უკიდიათ და უდრტვინველად სხედან საერთო წრეში, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობისა და ურთიერთგაფრთხილების წესი მოითხოვს, რომ ნამდვილი მღელვარება სიმშვიდის ფარგლებში ჩაეტიოს, ნამდვილი ემოციები რაციონალურად დაიხარჯოს და ნამდვილი აღშფოთება ზუსტად იქნას დოზირებული.

მიუხედავად სიცხისა, ავტობუსში სიხალისეა, მხიარულება და სასაუბრო თემათა მრავალფეროვნება.

მაგალითად, სქელი, ფაშფაშა დედაკაცი (წინა რიგში, ფანჯრის მხარეს), რომელსაც პატარა თავი, განიერი ყბები, ორკეცი ღაბაბი და უზრდელობამდე კმაყოფილი სახე აქვს, ზნეობრივ პრობლემებს იკვლევს.

(ეს ჩვენი ნაქები გულიკო თურმე კაი ორი წელიწადია უნამუსოდ დაეთრევა კუროებში. აბა! ქმარს, როგორც წესია, მისი უსაქციელობა ყველაზე ბოლოს შეუტყვია. უბანში კაცი არ იყო დარჩენილი, ეს ამბავი რომ არ სცოდნოდა. ეგ კი არა, თითისტოლა ღლაპები, არაფრისგან არაფერი რომ არ გაეგებათ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ თურმე, წამო, ჭალაში წავიდეთ, გულიკობანა ვითამაშოთო. აბა! ისე, რომ გაუგია, ნამეტანი კი წყენია საწყალს. გულდათუთქულს უთქვამს თურმე, ჩემი გულნარასგან ასეთ რამეს სწორედ არ მოველოდიო. ოჯახის დანგრევა მაინც ვერ გაუბედია. კი არ გაემტყუნება! კაი ათი წლის ცოლ-ქმარი არიან და გაუჭირდებოდა, აბა რა იქნებოდა მიჩვეულის გადაჩვევა. პირობა კი დაუდვია იმ არდასაცლელს, მეტს აღარ ვიზამო, მაგრამ, ქალმა თუ გაიწია, იმას პირობით კი არა, ჯაჭვით ვერ დააბამ. კბილით დაგიღრღნის იმ ჯაჭვს და თავის უზნეობას მაინც იზამს).

მეორე ქალი, რომელიც ამ ამბავს ხარბი ყურადღებით ისმენს, იმ ასაკსაა მიტანებული, როცა „გულიკოს ეფექტი“ თანდათან განყენებულ თეორიად იქცევა. ჩათქვირებულ სხეულს სიმკვრივე უკვე დაუკარგავს და უმიზნო დეკოლტეს ქვეშ ამოზნექილი შემოდგომის მკერდიც გედის გაჭიანურებულ სიმღერას მიუგავს. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფაშფაშა მეზობლის ნაამბობი ზედმეტად ახლო მიაქვს იმ თავის მოშიშვლებულ გულთან, ერთიანად წამოპილპილებული თვალებიდან აღშფოთების ცეცხლს აკვესებს და იმ ცოდვიან გულიკოს სულ ისეთი რჩეული ზედსართავი სახელებით იხსენიებს, როგორიცაა, „წუპაკი“, „მიწაწასაყრელი“ (არა „მიწადასაყრელი“, როგორც სხვა, ნაკლებგაწიწმატებული ქალი იტყოდა, არამედ „მიწაწასაყრელი“) და „გავარდნილი“. (ეს ზნეობრივი გააფთრება სავსებით გასაგები რეაქციაა. ამას იოლად მიხვდებიან ისინი, ვისაც არასოდეს მისცემია შემთხვევა საყვარელი გაეჩინა, ან, კიდევ უკეთესი, ერთხელ მიეცა ასეთი შემთხვევა და ისიც ხელიდან გაუშვა).

პატარა ტანის, გამხდარ, ლოყებჩაცვენილ ახალგაზრდას, რომელსაც შუაში გაყოფილი და სუფთად გადავარცხნილი შავი თმა აქვს, სწორნაკვთებიანი სახე, გულღია გამომეტყველება და თაფლისფერი, ჭკვიანური თვალები, გრძელულვაშიანი ჭაღარა გლეხი მოუგდია ხელთ და პატრიოტიზმის პროცედურას უტარებს.

(ყველამ თავი დაგვანებოს, ძია კაცო, თუ შეიძლება! ჯერ იმდენი გააკეთონ, რამდენიც ჩვენ გაგვიკეთებია, და მერე გველაპარაკონ. ჩვენ, ჩემო ბატონო, სისხლიც ბევრი დავღვარეთ და ოფლიც. და, საერთოდ, საქარავნო გზა საქართველოზე გადიოდა. ვინ გამოხატა ერის ლიტერატურული გენია ისე უხვად, როგორც რუსთაველმა, ბარათაშვილმა, გალაკტიონმა? ვაჟა-ფშაველაზე არაფერს ვამბობ. ერთ მოზრდილ ერს მარტო ცოტნე დადიანის თავდადება ეყოფოდა სატრაბახოდ. ჩვენ კი, ვინ მოთვლის, რამდენი ცოტნე დადიანი გვყავდა, რამდენი მინდია და, როგორც პოეტი იტყვის, „და რამდენი კიდევ ყაზბეგი“! მაგრამ არ ვტრაბახობთ. იმიტომ რომ არ გვიკვირს. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ვთქვათ, ნორმალური სიტუაცია).

ჭკვიანთვალებიანი ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველას ხსენებაზე რატომღაცოდნავ დაიმორცხვებს და ხმასაც დაუწევს, ჭაღარა გლეხი დაინტერესებული და, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული უსმენს და, შიგადაშიგ, თეთრი, აპრეხილი ულვაშები უცნაურად უთრთის.

ვეება, ბეჭებგანიერი ჯეელი (ბრტყელი თავი, სქელი, შუბლზე ჩამოშლილი თმა და გაუპარსავი პირისახე) ისე ზის, რომ სკამის სამი მეოთხედი უჭირავს. და თუმცა მის თანამოსაუბრეს, კაფანდარას, გაძვალტყავებულს, თვალებგამოღლაპულს, რომელსაც ისეთი შესახედაობა აქვს, კარგად თუ არ დააკვირდი, ვერც მიხვდები, გამურულია, შავია, თუ სულაც ბოლში გამოყვანილია, იმ დარჩენილ ერთ მეოთხედზე მეტი არც სჭირდება, მაინც ისე საცოდავადაა მიკუნჭული კუთხეში, როგორც ეს დაჩაგრულსა და გაუბედურებულ კაცს შეეფერება.

(ბიჭო, შე კაი დედმამიშვილო, თუ დალევა არ შეგიძლია და, საერთოდ, თუ გალსტუკით ხარ დაბადებული, რას წამომიჯექი ამ მამაპაპურ სუფრაზე, რომ წამომიჯექი! მოვდივარ მე ბიბლიოთეკაში და გიშლი ხელს? კარგი, მოხვედი – მოხვედი, ბოლოში მაინც დაჯექი, შე კაცო, და ისე იყავი, ვითომ არა ხარ. მამალივით რომ მოიფხორები და ჭრელ გალსტუკს მოაფრიალებ, რატომ იმას არ ფიქრობ, რომ შეიძლება ეგ ჭრელი გალსტუკი ცუდად ჩამყვეს გულში! ამის მერე რომ კიდევ სუფრის თავში გამომეჯგიმები და მეტრიან ენას წაიგდებ, გაგლახავ, თუ ძმა ხარ, აბა რას გიზამ! ბიჭო, შე მამაცხონებულო, ხომ იცი, ორ ბოთლ ღვინოს რომ დავლევ, ის ორი ბოთლი ღვინო ვინმეზე უნდა გამოვინელო. რას მეჩხირები თვალში! ოჯახაშენებულო, ან გვერდზე მიდექი, ან მითხარი მაინც, ჩემი დირექტორის სასიძო თუ ხარ, და სხვას გავლახავ, ჩემთვის სულ ერთი არ არის! სამსახურს რატომ მაკარგვინებ და საციხედ რატომ მიხდი საქმეს! ის ორი გროში რომ არ მქონოდა შავი დღისთვის გადანახული, ხომ ციხეში უნდა ვყოფილიყავი ახლა! ციხეში გამძლები ვარ მე?!)

ბოლო სიტყვებზე პერანგის ქვედა ღილსაც იხსნის, ბანჯგვლიან მკერდს გამობურცავს და საწყალობელი თვალებით მიაჩერდება თანამოსაუბრეს. თანამოსაუბრე ერთს ხარბად შეხედავს უზარმაზარ მკერდს, მერე ტუჩებს უცნაურად მოპრუწავს, სწრაფად აარიდებს თვალს და ფანჯარაში დაიწყებს ყურებას.

მარცხენა მხარეს, შუა რიგში, ბიჭი და გოგო ზის. ბიჭი მაღალია, დიდშუშებიანი სათვალე უკეთია, გრძელი თმა აქვს და სერიოზული სახე. გოგო ძალიან ლამაზია, გახეხილი ჯინსი და მკვრივ სხეულზე მჭიდროდ შემოტმასნილი ბიჭური ხალათი აცვია.

(შეგრძნების ორგანოები იარაღია, მეტი არაფერი. ჩვეულებრივი იარაღი, როგორც ჩაქუჩი, როგორც კალამი, როგორც რადიომიმღები. ჰო! აი, ეს კარგი შედარება მოვიფიქრე! – სამყარო გადამცემია, ადამიანი კი – მიმღები, რომელიც ხუთ ტალღაზე მუშაობს, რაკი შეგრძნების ხუთი ორგანო აქვს. სამყარო უამრავ სხვადასხვა სიგნალს გვიგზავნის თავისი არსებობის შესახებ. ჩვენ მათგან მხოლოდ ნაწილს აღვიქვამთ, კერძოდ, იმ ხუთს, რომლებიც ჩვენს ტალღებს შეესაბამება. მაგრამ რაკი სიგნალი მრავალგვარია, მიღებაც მრავალგვარი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჩვენგან განსხვავებული ცნობიერება, რომელსაც სხვა იარაღები, შეგრძნების სხვა ორგანოები აქვს. ერთდროულად ერთსა და იმავე სივრცეში არსებობს უამრავი ცნობიერება, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა სახით აღიქვამენ. ოღონდ ეს მრავალი ცნობიერება თავთავიანთ განზომილებაში იმყოფება. მეცნიერებას კი გულუბრყვილოდ ჰგონია, თითქოს ჩვენი ხუთი საცოდავი ორგანო სამყაროს ყველა პარამეტრს ამოწურავს. მეცნიერება ხუთი პაწაწკინტელა წერტილის მიხედვით ცდილობს უსასრულო სამყაროს ხატი შექმნას. რა ჭეშმარიტებაზე შეიძლება ასეთ დროს ლაპარაკი!)

ბიჭი ისეთი ყოვლისმომცველი გატაცებით ლაპარაკობს, რომელიც მოგვიანებით, როცა აღტკინება გაივლის, ყელში ცივ სიმშრალესა და სიცარიელის გაუგებარ გრძნობას ტოვებს ხოლმე. ლამაზი გოგო თვალს არ აშორებს. მისი ოდნავ მიბნედილი მზერა ბიჭის სახეს ელამუნება, ტუჩებზე შედარებით ხანგრძლივად ჩერდება. აშკარაა, სამეცნიეროფანტასტიკურ სიგნალებს ისე ბეჯითად არ აღიქვამს, როგორც ამას მოსაუბრის ცეცხლოვანი თავდავიწყება მოითხოვს. გოგო დროდადრო სახეს ძალიან ახლოს მიუტანს სახესთან და თავის მხრივ გახშირებული სუნთქვის მძაფრ სიგნალებს უგზავნის, მაგრამ მისი სიგნალები უკვალოდ იკარგება, რადგან ბიჭი სხვა ტალღაზე მუშაობს.

მძღოლი დროდადრო სარკიდან გამოხედავს სალონს, წამით თვალს გადაავლებს თავის სამწყსოს და მერე ისევ ნაცრისფერ გზაზე გადააქვს ყურადღება.

უფრო მნიშვნელოვანი ავტობუსში არაფერი ხდება.

ცხადია, მგზავრი სხვაც ბევრია (ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი, შავებიანი დედაბერი, სუფთად ჩაცმული, სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი ოხუნჯი ახალგაზრდა, მკერდმაღალი და ტუჩებშეღებილი ქალი და სხვა.), სხვა თემებიც მუშავდება (ეკონომიური, პოლიტიკური, სოციალური და ასე შემდეგ), მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადი მგზავრებისა და ძირითადი თემების წვრილმანი ვარიაციებია და მათზე არ შევჩერდებით.

სულ ბოლო რიგში, როგორც უკვე ითქვა, ერთი მთვრალი კაცი ზის, პორტფელი ორივე ხელით ჩაუბღუჯავს, გულში საიმედოდ ჩაუკრავს და, ძილი რომ არ მოერიოს, ბეჯითად და უშედეგოდ ცდილობს უაზრო თვალების არეული ფოკუსი წინა რიგში (მისკენ სახით) მჯდომი ქალის თეთრ მუხლებზე გაასწოროს.

შეიძლებააღვნიშნოთ კიდევ ახალგაზრდა ქურდი, რომელიც მოწყენილი და ცოტა გაღიზიანებული დგას უკანა კართან. მას იღლიაში დაკეცილი გაზეთები ამოუჩრია, შარვლის უბე შეუკრავი აქვს და აშკარად უკმაყოფილოა იმით, რომ ავტობუსში ასეთი ხალვათობაა.

რაც შეეხება იმ მაღალ კაცს, თავისთვის რომ ზის ჟურნალში თავჩაგრული, მას ჯერჯერობით არავინ ამჩნევს (მომდევნო გვერდებზე, იცოცხლეთ, იგი ყურადღებას მიიქცევს. დაბნეულ მგზავრებს ისე აერევათ, ისე აეშლებათ და ისე აებურდებათ წლობით ნახარისხევი, დანომრილი და ანბანზე გაწყობილი ემოციები, რომ კარგა ხანს მოუნდებიან მათს ხელახლა გაცალკევებასა და თავთავის ადგილას დალაგებას). როდის ამოვიდა, ისიც არავის გაუგია (გარდა იმ ქალისა, რომელიც მის გვერდით ზის, ფანჯრის მხარეს).

ამოსვლით კი კარგა ხანია ამოვიდა. ამოვიდა უსაშველოდ მაღალი, გამხდარი, ბეჭებში მოხრილი. გრძელი სახე და გრძელი, წვეტიანი ცხვირი აქვს. ქერა თმა კეფაზეღა შემორჩენია. ძველი, გაცრეცილი, ყავისფერი კოსტიუმის ქვეშ თეთრი ხალათი აცვია და წვრილკვანძიანი, შავი ჰალსტუხი უკეთია. ხელში გატენილი საქაღალდე უჭირავს. ამოვიდა, დაჯდა საქაღალდიდან რაღაც ჟურნალი ამოიღო, ჩარგო შიგ თავი და აღარც აუწევია. გვერდით მჯდომმა ქალმა, რომელსაც ზომაზე დიდი მკერდი და წითლად შეღებილი ტუჩები აქვს, ერთი მოხედა, უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი და მრგვალი გავა ოდნავ, მაგრამ აშკარად დემონსტრაციულად მისწია ფანჯრისკენ. მაღალ კაცს ეს არ შეუმჩნევია.

როდესაც ავტობუსი იმ ადგილს მიუახლოვდა, რომელიც ბედისწერის მიერ წინდაწინვე იყო შეგულებული, მარჯვენა რიგში, ფანჯრის მხარეს მსხდომმა მგზავრებმა მზექალა შორიდანვე შეამჩნიეს (ოღონდ, მზექალა თუ ერქვა, რაღა თქმა უნდა, ჯერ არავინ იცოდა). ამაში საკვირველი არაფერია. საკვირველი, რომ არ შეემჩნიათ, ის იქნებოდა, რადგან, ჯერ ერთი, გაჩერებაზე მის მეტი არავინ იყო, და მეორეც, თუნდაც ხალხით ყოფილიყო გაჭედილი იქაურობა, მისი გარეგნობისა და მისი ჩაცმულობის პატრონი მაინც წამსვე მიიქცევდა ყველას ყურადღებას.

ფერუმარილის სქელი, უსწორმასწორო ფენით მოთხუპნილი სახე თეთრად უბზინავდა და ამ თეთრ ფონზე ალისფრად გაფერადებული ტუჩები ისე ჩანდა, თითქოს თოვლში ყაყაჩო ამოსულიყოს. ქუთუთოებზე და თვალის უპეებში მუქი ცისფერი საღებავი ეცხო, წამწამები შავად მოეთხვარა. ასეთივე შავი, ძალიან მსხვილი და ოდნავ ირიბი ხაზები მისდევდა თვალის კუთხეებიდან საფეთქლებისაკენ. თმა უამრავ წვრილ ნაწნავად ეყარა კისერზე, ტანთ ეცვა რუხი ფერის გულდახურული კაბა, რომელიც კოჭებამდე დასთრევდა და ისეთი ფოჩებით ბოლოვდებოდა, ძველებურ სუფრებს რომ აქვს ხოლმე. კაბის ზემოთ პალტო ეცვა. მართალია, თხელი, საგაზაფხულო პალტო იყო, მაგრამ ამ გაგანია სიცხეში ასეთი პალტოც კაცს გახურებულ ღუმელად მოეჩვენებოდა. თუმცა ეს სხვათა შთაბეჭდილებაა. მზექალას წინაშე, როგორც ჩანს, ტემპერატურის პრობლემა არ იდგა. მას პალტოც ეცვა და ხელთათმანებიც (რომლებიც ზოგიერთი უტყუარი ნიშნის მიხედვით, ერთ დროს თეთრი უნდა ყოფილიყო). მკერდზე უსწორმასწოროდ გამოჭრილი თუნუქის მედალი ეკიდა.

იდგა გზის პირას ლაღი და ამპარტავანი, ფეხებთან მომცრო, შავი ჩემოდანი ედო, მარჯვენა ხელი აეწია და ჭუჭყიანი ხელთათმნის თითებს მსუბუქად უქნევდა ავტობუსს.

მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და უკანა კარი გააღო.

მზექალამ ჩემოდანს ხელი დაავლო და წელში ამაყად გამართული, საკუთარი ღირსების გრძნობით თავით ფეხებამდე გამსჭვალული, დედოფლის აუჩქარებელი ნაბიჯით და თხელი სხეულის ოდნავი რხევით წამოვიდა. ავტობუსთან შეჩერდა და ცოტა შეყოყმანდა, ნაბიჯიც კი გადადგა უკან. წამით ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს გამგზავრება გადაიფიქრაო, მაგრამ მერე თავის თავს წყნარად გაუღიმა და ამოვიდა. უნდა ითქვას, რომ, როდესაც მარჯვენა ხელი ავტობუსის ღია კარს მოსჭიდა და გვერდზე გადახრილმა, ჩემოდანი და ცალი ფეხი ერთად შემოდგა საფეხურზე, მის ჰაეროვნებასა და შეუვალ ღირსებაში მცირეოდენი ბზარი გაჩნდა.

მძღოლმა კარი დახურა და ავტობუსმა გზა განაგრძო.

მზექალამ ჩემოდანი დადგა, წელში გამართულმა და თავაწეულმა აუჩქარებლად მოავლო მგზავრებს ამაყი მზერა, მერე იმ მთვრალ კაცს მიუბრუნდა, გულში ჩახუტებული პორტფელით რომ იჯდა და ძილს ებრძოდა, საღებავებად ქცეული წამწამები ნაზად ააფახურა და ჰკითხა:

– ჩემო მთვლემარე მეგობარო, ხომ ვერ მეტყვით, ამ ხომალდს კურსი საით უჭირავს?

მთვრალმა კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გულზე პორტფელი და ძალთა უკანასკნელი დაძაბვით თვალის გახელა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წარბები კი ასწია, მაგრამ ქუთუთოებს ძვრაც ვერ უყო. მაშინ ამ უიმედო საქმეს თავი მიანება და თქვა:

– აამმ... ბლლ... ბ...

რაკი მთვრალისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, მზექალამ სინანულით გადაიქნია თავი და ახალგაზრდა ქურდისკენ მიტრიალდა, რათა ახლა მისთვის მიეცა იგივე კითხვა. მაგრამ ახალგაზრდა ქურდმა, შესაფერისი სამუშაო პირობების უქონლობით ისედაც განაწყენებულმა, არ მოისურვა მზექალასთან საუბარი. თვალები დაუბრიალა, ჰააო! – ერთი შეუღრინა და მუქარისთვის რომ მეტი დამაჯერებლობა მიეცა, მარჯვენა ბეჭი მოწყვეტით წამოაგდო წინ. მზექალა წამითშეკრთა, მოიკუნტა, თავი მხრებში ჩარგო, თეთრ სახეზე პანიკურმა შიშმა გადაურბინა. მაგრამ შიში მყისვე დასძლია, ისევ გაიმართა, ისევ ლაღი და ამპარტავანი გახდა, უიღბლო ქურდს ერთი გამანადგურებელი ზიზღით შეხედა და უცებ ხმამაღლა, მთელი ავტობუსის გასაგონად შემოსძახა:

– მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამა ჩემი, წვრილწვრილი ვარსკვლავები დაძმებია ჩემი.

ამ განცხადებაზე თითქმის მთელმა ავტობუსმა მოიხედა.

(გარდა მთვრალისა, ორი მძინარე ქალისა და ჩვენი ნაცნობი მაღალი კაცისა, რომელიც კვლავ ჟურნალში თავჩარგული იჯდა. რაც შეეხება მის გვერდით მჯდომ ქალს, იმ ქალმა მაშინვე მოიხედა, ოღონდ, სანამ მზექალას შეხედავდა, მისი მხედველობის არეში კვლავ მაღალი კაცი მოხვდა და ხაზგასმულად უკმაყოფილო სახე მიიღო).

მძღოლმა სარკეში შეავლო თვალი მზექალას, ხმადაბლა გაიცინა და მზერა ისევ ნაცრისფერ გზაზე გადაიტანა.

ფაშფაშა ქალმა, რომელმაც გულიკოს თავქარიანობა სერიოზული მსჯელობის საგნად აქცია, ფართო, კმაყოფილი ღიმილით შეათვალიერა მზექალა და თქვა:

– ვაი, შენ კი მეისპი, შენ!

შავებში ჩაცმულმა კაფანდარა დედაკაცმა, რომელიც მოპირდაპირე რიგში იჯდა, იგივე აზრი ასე გამოთქვა:

– გაქრი, აჰანდე!

ხოლო მის უკან რომ მსუქანი, ღიპიანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი იჯდა, იმ კაცმა ისეთი ხმით დაუმატა, თითქოს ყელში ვიღაც უჭერდა:

– ჯოჯოხეთსაო ერთი მაშხალა აკლდაოო!

ამით ავტობუსმა ამოწურულად ჩათვალა თავისი დამოკიდებულება მზექალასადმი. მოტრიალებული თავები უკანვე მიტრიალდნენ.

მზექალა ერთხანს ახალგაზრდა ქურდის გვერდით იდგა. მართალია, ბოლო სკამი, სადაც მთვრალი იჯდა, თავისუფალი იყო, მაგრამ იქ დაჯდომა არ მოისურვა. ჩემოდანი აიღო, ცოტა წინ წაიწია და წეღანდელივით ხმამაღლა გამოაცხადა:

– პროკრუსტეს სტუმრებო! ხომ ხედავთ, ზენა ქარმა დაუბერა. დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.

პასუხად აქაიქ სიცილი გაისმა.

ჭკვიანთვალებიანმა ახალგაზრდამ ღიმილითა და გაკვირვებით (ქვედა ტუჩი გამობზიკა და თავი რატომღაც მოწონების ნიშნად დაიქნია) შეხედა მზექალას. მერე თეთრულვაშაპრეხილ მეზობელს მიუბრუნდა:

– პროკრუსტე ერთ კაცს ერქვა. ვინც ზომაზე გრძელი იყო, ფეხებს აჭრიდა. ვინც ზომაზე მოკლე იყო – ჭიმავდა.

– უყურე შენ! – გაიკვირვა თეთრულვაშიანმა და აპრეხილი ულვაში კიდევ უფრო აიპრიხა. – არსენა არ ყოფილა!

– არსენა რად ყოფილა? – ვერ გაიგო ჭკვიანთვალებიანმა, მაგრამ გამოძიება დაეზარა. – ეტყობა ეს ქალი განათლებული ქალია. ეგებ სწორედ განათლებამ გააგიჟა. სად შეუძლია საუკუნეებით გადაღლილ გონებას...

მაგრამ ჭკვიანთვალებიანს ამ დროს მზექალა მიუახლოვდა და შეაწყვეტინა:

– ჭაბუკო, ვერა გრძნობთ, რომ ზენა ქარი უბერავს?

ჭკვიანთვალებიანმა გულღია ღიმილით ახედა, მერე საჩვენებელი თითი გაილოკა, მაღლა ასწია და დარწმუნებით თქვა:

– კი. მართლა უბერავს.

– მაშ, ადექით და დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.

ჭკვიანთვალებიანი არ დაიბნა. ხელახლა გაილოკა თითი, ხელახლა ასწია მაღლა და თქვა:

– შევმცდარვარ. ჯერ არ უბერავს.

– როცა დაგიბერავს, გვიანი იქნება! – მწყრალად უთხრა მზექალამ და ამაყად შეაქცია ზურგი.

ამაზე მგზავრებს ისევ გაეცინათ. ჭკვიანთვალებიანმა კი პალტოს ქამარში ჩაავლო ხელი, სწრაფად მოსწია და, როცა მზექალამ ამაყად მოიხედა, ისეთი სახით დაიწყო ფანჯარაში ყურება, ვითომ არაფერი ჩაედინოს.

ფაშფაშა ქალმა თავისი ორკეცი ღაბაბი მოატრიალა და ხმამაღლა დაუძახა:

– აქით მოიწი, ერთი, ქალო, შენი კაბის უზორი მაინტერესებს.

მის გვერდით მჯდომმა ქალმა, გულიკოს თავშეკავებულ ქცევაში რომ წეღან ტერმინოლოგიური სიცხადე შეჰქონდა, ხმამაღლა და ცოტა ხელოვნურად გადაიკისკისა.

სათვალიანმა ახალგაზრდამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

– რას ერჩიან ამ უბედურს!

მზექალამ ქედმაღლური მზერა მიაპყრო ფაშფაშა ქალის ღაბაბს. მერე უცებ თვალები გადმოუქაჩა, ენა გამოყო და უთხრა:

– ეეე!

იმ ორმა მძინარე ქალმაც გაიღვიძა.

ახლა მხოლოდ ჩანთაჩახუტებული მთვრალი და ჟურნალში თავჩარგული მაღალი კაცი არ იღებდნენ მონაწილეობას საერთო მხიარულებაში.

მზექალა ოდნავ წამოედო ვიღაცის დადებულ ფეხს, დროზე შეიკავა თავი, გასწორდა, კვლავ ამაყი სახე მიიღო და ახალ მსხვერპლს მიადგა.

– გრძნობთ, როგორ უბერავს ზენა ქარი?

მსხვერპლმა, სუფთად ჩაცმულმა, სუფთად გაპარსულმა და სუფთად დავარცხნილმა ოხუნჯმა სწრაფად, გაზეპირებულივით მიუგო:

– ვგრძნობ, აპა არ ვგრძნობ!

– მაშ, დაუთმეთ ადგილი უცხო სილამაზეს.

– მე არა, მარა, – ისევ მომზადებულივით გამოეპასუხა მსხვერპლი. – თუ მოგწონვარ, ჩემს ქალს მოელაპარაკე და იქნება იმან დაგითმოს თავისი ადგილი.

ავტობუსი ხორხოცებდა.

ლოყებღაჟღაჟა ღიპიანმა თავისი ყელში წაჭერილი ხმით წამოიძახა:

– გაჰყე, გოგო, გაჰყე. იგრე შეგინახავს, ზენა ქარს არ მოგაკარებს.

სათვალიანმა ახალგაზრდამ ვეღარ მოითმინა:

– რა არის ბოლოს და ბოლოს! დაანებეთ თავი, თავისი უბედურება ეყოფა საწყალს!

ამ სიტყვებს მხოლოდ მზექალამ მიაქცია ყურადღება. მიხედა სათვალიანს, ინტერესით შეათვალიერა, მერე ახლო მივიდა და უფრო მეტი ინტერესით დააცქერდა. ბოლოს ჰკითხა:

– თქვენ ვისი ტიკიტომარა ბრძანდებით?

სათვალიანმა ტუჩები მოკუმა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

– შენთვის ვამბობ, შე საცოდავო...

მზექალამ სევდიანი სიბრალულით შეხედა. მერე მის გვერდით მჯდომ გოგოს უთხრა:

– თბილად ჩააცვით, გეთაყვა, და ორპირ ქარში ნუ გააჩერებთ, არ გაგიცივდეთ.

გოგომ გაბრაზება დააპირა, მაგრამ ბიჭს შეხედა და სიცილი წასკდა.

სათვალიანის უკან ის მაღალი კაცი იჯდა.

მზექალამ მისკენ გადაინაცვლა და გაშლილ ჟურნალში ჩახედა. ერთხანს თვალებმოჭუტულმა უყურა, ოდნავ დაიხარა კიდეც, მერე ქვედატუჩი გამობზიკა, მხრები აიჩეჩა და ასე მხრებაჩეჩილი გაჩერდა იმის ნიშნად, რომ რაღაცას ძალიან უცნაურსა და ძალიან გაუგებარს წააწყდა. ბოლოს უთხრა:

– ჯერ არ მოუღწევია თქვენამდე ზენა ქარის ქროლვას?

მაღალ კაცს არ გაუგია.

მაშინ მზექალამ მოკაუჭებული საჩვენებელი თითი მხარზე დაუკაკუნა:

– უფლისწულო!

მაღალი კაცი შეკრთა და თავი ასწია. მზექალას დანახვაზე კიდევ ერთხელ შეკრთა, თვალები წამით დახუჭა და გაახილა და ცოტა დაგვიანებით მიუგო:

– ბატონო!

– თვითონ ბატონო და დიდი თავადო! – მზექალამ განებივრებული არისტოკრატის მოწყალე ღიმილით გაუღიმა. – ადგილს ხომ არ დაუთმობთ უცხო სილამაზეს?

მაღალმა კაცმა ხელი დაავლო საქაღალდეს, რომელიც მუხლებზე ედო, გაშლილ ჟურნალთან ერთად ჩაბღუჯა და სწრაფად წამოდგა.

– მაპატიეთ... – დამნაშავის შეწუხებულ სახეზე სიწითლემ გადაჰკრა. – ვერ შეგამჩნიეთ. მაპატიეთ. დაბრძანდით.

მზექალა კაცს მისჩერებოდა და მისი ღიმილი, როგორც ნამი დილის მზეზე, ნელნელა, შეუმჩნევლად გაქრა. ნაკვთები არ გასწორებია და ღიმილისთვის გაწყობილი, მაგრამ უღიმილოდ დარჩენილი სახე ნიღაბს დაემსგავსა. მერე ეს ნიღაბი შეშფოთებითა და გაკვირვებით გაიჟღინთა. უყურებდა მზექალა მაღალ კაცს, რომელმაც თამაშის ნაცნობი და დიდი ხნის დადგენილი წესები მოულოდნელად დაარღვია, და რა ექნა, არ იცოდა. ბოლოს სხვა მგზავრებს მოავლო ფრთხილი და გამომცდელი მზერა, რათა მათგან მაინც მიეღო ამ უცნაური გამოცანის პასუხი. მაგრამ ავტობუსში გაკვირვების დუმილი იდგა. ავტობუსი თვითონ მოელოდა პასუხს. მაშინ მზექალა ნელა, გაუბედავად შევიდა დათმობილ სკამსა და წინა სკამის საზურგეს შუა. ოღონდ შევიდა არა ისე, როგორც ჩვეულებრივ შედიან, არამედ ისე, რომ სახე შეთავაზებული სკამისკენ ჰქონდა, ზურგი კი – წინა სკამის საზურგისკენ. თან მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მაღალ კაცს უჩუმრად უთვალთვალებდა. მაგრამ მაღალ კაცს, ეტყობა, მოვლენათა შემდგომი მსვლელობა აღარ აინტერესებდა. როგორღაც მოეხერხებინა საქაღალდის იღლიაში ამოჩრაც, ავტობუსის ზედა სახელურზე ხელის მოკიდებაც და ჟურნალის გადაშლაც. იდგა და კითხულობდა. მზექალა ჩაცუცქდა, სკამის საჯდომს ორივე ხელი დაადო და ფრთხილად მიუსვმოუსვა. მერე გათამამდა და უფრო გულმოდგინედ შეამოწმა. ასევე გულმოდგინედ, საფუძვლიანად შეამოწმა საზურგეც. თან ცალი თვალი მაღალი კაცისკენ ეჭირა. ბოლოს შეტრიალდა, ხელები სკამის სახელურებს ჩაავლო და დაიხარა, მაგრამ ერთბაშად მაინც არ დაჯდა. ჯერ ოდნავ შეეხო სკამს და მცირე ხნით გაიტრუნა. მერე ნელნელა დაეშვა. რაკი ამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გაბედულება მოემატა, თამამად შეტრიალშემოტრიალდა, საზურგესაც გაეხახუნა და უცებ გახარებულმა წამოიწყო:

– რა ვქნა, რა ვუყო თავსაო, ამ ჩემს პატარა ქმარსაო, არცა აქვს შენახვის თავი, არცა მანებებს თავსაო.

ირგვლივ კვლავ გაისმა სიცილი, მაგრამ ეს უღონო, ცოტა არ იყოს, გაუბედავი სიცილი მალევე ჩაქრა. ჰაერი მაღალი კაცის გაუგებარი საქციელით იყო დამუხტული.

მაღალმა კაცმა ცალი თვალით ჩამოხედა მზექალას და ისევ კითხვა განაგრძო. მისმა ყოფილმა მეზობელმა, დიდმკერდიანმა ქალმა, უკმაყოფილო სახე მოატრიალა, მაგრამ, ეტყობა, რაღაცამ შეაშინა, კუთხეში მიიყუჟა და ფანჯარას აეკრო.

მზექალამ კი, სიმღერა რომ მოათავა, თავის ფიქრებს გაუღიმა და სევდიანმეოცნებე ხმით თქვა:

– ეეჰ, აგვისტოს ბოლოს ლამაზი ქალები მოილოგინებენ...

ლოყებღაჟღაჟა ღიპიანმა თავისი ყელში წაჭერილი ხმით ხუმრობა სცადა:

– როგორი დანატრებული ყოფილა, კაცო!

მაგრამ შავებიანი დედაბრის მეტი ვერავინ გააცინა.

ავტობუსის მშვიდ თავდაჯერებაში ბზარი გაჩნდა.

თითო პატარა პროკრუსტე ყველას გვიზის სულში. და ისეთი რამის ჩადენას, რისი ჩადენაც თვითონ არ შეგვიძლია, ვერც სხვას ვაპატიებთ.

(შეძლებაშიც არ არის საქმე. განა ჩვენ კი ვერ დავუთმობდით ადგილს მაგ მზექალას, ვთქვათ, მე – ჭკვიანთვალებიანი პატრიოტი, ან მე – დიდსათვალიანი ფანტასტი, ან მე – პროფესიონალი ოხუნჯი, ან მე, ან მე, ან მე?.. მაგრამ ჩვენ ერთმანეთის დანდობა ვიცით და ერთმანეთის გუნებაგანწყობილებას ვუფრთხილდებით. ჩვენ ჩვენჩვენი სულებიდან ერთი და იგივე ნივთიერება გამოვყავით და საერთო მნიშვნელი შევქმენით, რათა მშვიდად და თანხმობით ვიცხოვროთ. განა ჩვენ არა გვაქვს გულში ფარული ხინჯი? მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ბედს შევურიგდეთ და გულიკოს ცოდვებს ამოვეფაროთ. ისიც კარგად ვიცით, რომ, როცა ეგ აყლაყუდა ფაცხაფუცხით წამოვარდა და მზექალას ადგილი დაუთმო, სულაც არფიქრობდა ამით სილა გაეწნა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ხომ (არ ვამხელთ თორემ) ჩინებულად გვესმის ჩვენი მდგომარეობის ორჭოფულობა! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი გაჩუმება არ შეიძლება, რადგან, გავჩუმდებით თუ არა, მაშინვე ჩვენი სიჩუმე ალაპარაკდება!)

არა, ავტობუსი, ცხადია, არ ფიქრობდა და მიზეზების გაცნობიერებას არ ცდილობდა. ოღონდ კალაპოტიდან იყო ამოვარდნილი და ეს აწუხებდა.

სიჩუმე მზექალამ დაარღვია. ჯერ ხელი ასწია და საჩვენებელი თითი მაღალ კაცს იდაყვზე მიუკაკუნა, ხოლო როცა კაცმა ჩამოჰხედა, გაუღიმა, თვალები აუჟუჟუნა და ნაზად უთხრა:

– გმადლობთ.

– რისი მადლობა, რას ბრძანებთ! – მიუგო კაცმა, – პირიქით, ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ შეგამჩნიეთ.

– იქ, სადაც ბავშვობა გავატარე, ასეთ საქციელს, რაღა თქმა უნდა, საგანგებოდ არავინ აღნიშნავს, მაგრამ აქ, დედამიწაზე, განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სულ მცირე სიკეთეც კი არ გამოგვეპაროს. როგორ მოგწონთ ჩემი მედალი?!

მაღალი კაცი დაიხარა, მედალი ყურადღებით დაათვალიერა და გაიღიმა. დიდი პირი ჰქონდა და ღიმილი არ უხდებოდა, რაღაც უცნაურად, სასაცილოდ უგანიერდებოდა სახე.

– საუცხოო მედალია. სადა და ორიგინალური.

ავტობუსი გატრუნული იყო და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს არაფერი ესმოდა.

– სიმღერისთვის მომანიჭეს. – მზექალამ ალერსით გადაუსვა ხელი მედალს. – იქ, სადაც ბავშვობა გავატარე, ასეთი სიმღერისთვის, რა თქმა უნდა, მედალს არავინ იძლევა, მაგრამ აქ, დედამიწაზე ყველაფერი ძვირად ფასობს. ხანდახან მიკვირს კიდეც, ასე როგორ მოსწონთ ამ სულელებს ჩემი სიმღერა, რომ მედალს მაძლევენ!

– მშვენიერი მედალია, – კიდევ ერთხელ დაადასტურა მაღალმა კაცმა.

– რაც მთავარია, ერთადერთია. თქვენი კეთილშობილების ამბავი დედას და მამას უნდა ვუამბო. უეჭველად ვუამბობ. ამბობენ, მგელი ბატკანს მოერევაო, მაგრამ მე ეგ არ მჯერა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოერევა?

მაღალმა კაცმა ავტობუსის სახელურს ხელი გაუშვა, გაცრეცილი პიჯაკის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე მოისვა. მერე ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო და ხელი სახელურს მოჰკიდა.

– სიმართლე გითხრათ... შეიძლება მოერიოს კიდეც.

მზექალამ გამომცდელად შეხედა.

– ორ ბატკანსაც მოერევა?

– ორს... უფრო გაუჭირდება, ალბათ, მაგრამ...

მზექალამ გულკეთილად შესცინა.

– სისულელეს ყბედობთ, რაინდო. ბატკნისა ხორცი იჭმევა და არა გამოხედვა. ამას წინათ სიზმარში გველეშაპი ვნახე. საშინლად კეთილი თვალები ჰქონდა. დედაჩემს და მამაჩემს იცნობთ?

– შორიდან.

– გაგაცნობთ როდისმე.

მაღალი კაცი შეკრთა.

– რას ამბობთ! რა ღირსი ვარ!

– კეთილშობილების არც ერთი ნამცეცი არ უნდა დაიკარგოს. – თითი ასწია მზექალამ. მერე საზურგეს მიაწვა, ხელები მუხლებზე დაიწყო და თვალები დახუჭა.

მაღლა კაცმა ჟურნალი დახურა და საქაღალდეში ჩადო.

ცოტა ხნის შემდეგ მზექალამ თვალები ისევ გაახილა. სახეზე ღიმილი ეფინა.

– მზე დედაა ჩემი... – დაიწყო ხმადაბლა, მაგრამ იქვე შეწყვიტა და ისევ მაღალ კაცს მიუბრუნდა. – პატარა რომ ვიყავი, დედამ სხივების აკვანი დამიწნა. სანიტრები გაგიგონიათ?

– დიახ.

– თეთრი ეშმაკები არიან. და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. მელიებივით დასუნსულებენ ყველგან. მაგრამ, თუკი მოინდომებ, შეგიყვარდება. დედა ადრე იძინებდა. სხივების აკვანს მამა მირწევდა. უფროსი დაძმები თავზე დამციმციმებდნენ და ნანას მიმღეროდნენ. მოგისმენიათ როდისმე ვარსკვლავების სიმღერა?

– ბავშვობაში მომისმენია. – მაღალ კაცს ხმა ოდნავ შეეცვალა. – სამწუხაროდ, ცუდად მახსოვს... ქვემოთ კოინდარი იყო, ბლები და კაკლები, ზემოთ – უამრავი კრიალა ვარსკვლავი.

ავტობუსი სუნთქვაშეკრული ისმენდა.

– საოცრად მღერიან, – მზექალამ ისევ დახუჭა თვალები. – რაც მთავარია, ხმა არ ისმის. ხმა, ხომ იცით, როგორ აუხეშებს და აფუჭებს სიმღერას.

– დიახ. – შეცვლილი ხმით დაუდასტურა მაღალმა კაცმა.

– მე თქვენ კარგად მახსოვხართ. – უთხრა მზექალამ. მერე უცებ რაღაცამ გააკვირვა, გასასვლელი ყურადღებით მოათვალიერა, სკამის ქვეშაც შეიხედა მთელი სხეულით გადაკიდებულმა, ისევ კაცს დააცქერდა და შეშფოთებული ხმით ჰკითხა: – ჟურნალი რა უყავით?

კაცმა საქაღალდეზე მიუთითა.

– შევინახე.

– აა! – თქვა მზექალამ, – ასე გატაცებით რას კითხულობდით?

– ისეთს არაფერს. ერთი ვეტერინარის სტატიაა: „როგორ ავირიდოთ ბრუცელოზი“.

– ვეტერინარებმა უნდა აირიდონ?

– დიახ. არა, საქონელს უნდა აარიდონ.

– აა! მერე რაო, აირიდეს?

– ჯერ არა, მაგრამ იმედს არ კარგავენ. – მაღალმა კაცმა გაიცინა. – ამ ავტორს თუ დავუჯერებთ, ორი გზა არსებობს თურმე საამისოდ: ან ბრუცელოზი უნდა მოისპოს, ან საქონელი.

მზექალამ შუბლი შეიჭმუხნა, ერთი წამით ჩაფიქრდა. მერე უცებ გაუნათდა სახე.

– სწორია! მშვენიერი იდეაა! – ერთერთი არ უნდა იყოს და ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. სხვათა შორის, მე უკვე საკმაო საბუთებიმოვაგროვე, ამ მოკლე ხანში ალბათ უკვე საჯაროდ გამოვალ და საბოლოოდ დავამტკიცებ, რომ ქართველი იმავე ნივთიერებებისაგან შედგება, რისგანაც ფრანგი. – აქ მცირე ხნით გაყუჩდა, თვალები მოჭუტა, ჩაფიქრდა და მერე ხმადაბლა წამოიწყო. – დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, თავი ყველას მირჩევნია, მაგრამ ერთი სხვისი შვილი მთლად ქვეყანას მირჩევნია. – სიმღერას რომ მორჩა, ისევ მაღალ კაცს მიუბრუნდა და მადლიერი თვალებით შესცინა. – ვიცი, რატომ შეინახეთ ჟურნალი. რაინდი თავს იმის უფლებას არ მისცემს, რომ მანდილოსანს ებაასებოდეს და თან ცალი თვალით ბრუცელოზს კითხულობდეს. ხომ ასეა?

– დიახ, ასე გახლავთ, მაგრამ, აბა, ეს რა რაინდობაა!

– რაინდს თავმდაბლობაც შვენის. როგორი ანბანით წერია ეგ სტატია, მხედრულით თუ ხუცურით?

– მხედრულით.

– გინდათ, მე და თქვენ ხუცური აღვადგინოთ და მხედრული განვდევნოთ?

მაღალმა კაცმა მხრები აიჩეჩა.

– რა საჭიროა! ხალხი მხედრულსაა მიჩვეული. ანბანი კი ანბანია. სულ ერთი არაა?

– რა არის სულ ერთი, ბრუტოს? ორი სხვადასხვა ხაზი სულ ერთია? – მზექალამ ნაღვლიანად გადაიქნია თავი – ადამიანი დეგრადაციის გზას ადგას. თქვენც კი რა ძალიან დაგგრძელებიათ ცხვირი!

მაღალმა კაცმა გაიღიმა და სახე გაუგანიერდა.

– ცხვირი მართლა გვარიანად გრძელი მაქვს.

– მერე ეგ კარგია? და, საერთოდ, რად გინდათ მაგ ბრუცელოზებს რომ კითხულობთ? არ გირჩევნიათ „ტრისტანი და იზოლდა“ წაიკითხოთ, ან „წმინდა გონების კრიტიკა“?

– როგორ არ მირჩევნია, მაგრამ ეს სტატიაც ხომ უნდა წაიკითხოს ვინმემ. სულ წაუკითხავი რომ დარჩეს, ცოდო არაა?

მზექალამ ნაღვლიანი სახით შეხედა მაღალ კაცს და თავი დაუქნია.

– ეგ კი მართალია, მაგრამ, მე რატომ არავის ვეცოდები? – ამ სიტყვებზე თავი ჩაქინდრა. მცირე სიჩუმის შემდეგ ისევ ასწია და ყურადღებით დააცქერდა მაღალ კაცს. – ძალიან კარგად მახსოვხართ. ორჯერ გნახეთ სიზმარში, ოღონდ ეს ადრე მოხდა. სანამ დაიბადებოდით. ღმერთები ადამიანის შესაძლებლობებს ანგარიშს არ უწევდნენ. არც ქრისტე, არც ბუდა, არც მაჰ... – აქ შეჩერდა, იდუმალი გამომეტყველება მიიღო, მაღალი კაცი საჩვენებელი თითით მოიხმო და, როცა ეს უკანასკნელი დაიხარა და თავი თავთან მიუტანა, ჩურჩულით უთხრა: – მაჰმადი, ჩემი აზრით, საერთოდ, არ ყოფილა ღმერთი, თვითმარქვია იყო. – ეს რომ თქვა, თითი ტუჩებზე მიიდო. – ჩშშ... – და ხმამაღლა განაგრძო. – არავინ არ უწევდა ანგარიშს ადამიანის შესაძლებლობებს.

– იქნებ ჩვენ ვერ ვწვდებით...

– თვითონ განსაჯეთ, – შეაწყვეტინა მზექალამ. – აბა, ზნეობრივი კოდექსები რა მოსაგონი იყო! განა სატანაც ღმერთი არ არის? მომეცით, ეგ საქაღალდე, მე დაგიჭერთ.

– არა, ნუ შეწუხდებით. მძიმე არ არის.

– მანდილოსანს ნუ ეურჩებით. – ღიმილით დაუქნია თითი მზექალამ, საქაღალდე გამოართვა და მუხლებზე დაიდო. მერე უცებ გადაიკისკისა და მხიარულად დაიწყო: – ფსიქიატრებს სასტიკად სწყინთ, მე რომ მზისა და მთვარის ასული ვარ. თავი ისე უჭირავთ, ვითომ არცა სჯერათ. სინამდვილეში სჯერათ, როგორ არ სჯერათ, მაგდენი ჭკუა კი აქვთ. მაგრამ, – მიიხედმოიხედა და ხმას დაუწია, – შურთ.

– უნდა შეხვიდეთ ფსიქიატრების მდგომარეობაში, – თქვა მაღალმა კაცმა. – მაგათ ისეთი ხელობა აქვთ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ.

– მართალია, მაგრამ ძალიან ნერვიულები არიან. ყველაფერზე გული მოსდით.

– რა ქნან...

– არა, მე არ ვუჯავრდები. ან კი როგორ გინდა გაუჯავრდე. ნამდვილი ბავშვები არიან. ფრენა ხომ იცით?

მაღალი კაცი შეკრთა, თვალი აარიდა მზექალას და ფანჯარაში დაიწყო ცქერა. მერე ნელა, მძიმედ გაიქნია თავი უარის ნიშნად.

– ადრე ვიცოდი, – თქვა და გაჩუმდა. მზექალა უყურებდა და ელოდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მაღალმა კაცმა წყნარად, ოდნავ მოგუდული ხმით განაგრძო. – მერე დამავიწყდა. ახლა მიწაზეღა დავდივარ.

მზექალამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

– რა საშინელი ძალით გიზიდავთ მიწა! ეგრე თუ გაგრძელდა, ხომ იცით, რომ შეიძლება ქვეწარმავლად იქცეთ?

ვიცი. – წყნარად მიუგო მაღალმა კაცმა.

ამის შემდეგ ავტობუსში ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა.

მაღალი კაცი ფანჯარაში იყურებოდა, მზექალას ქვედა ტუჩი კბილებით ეჭირა, ორივე ხელის მტკაველები ერთმანეთზე მიედო და გულმოდგინედ აზომებდა. დანარჩენი მგზავრები დროის ამ მონაკვეთში, შესაძლოა, სულაც არ არსებობდნენ.

ბოლოს, როდესაც მტკაველები ტოლი აღმოჩნდა, მზექალამ თქვა:

– მე არ მიგატოვებთ.

– გმადლობთ, – მიუგო მაღალმა კაცმა ისე, რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია.

– ყოველთვის ვილოცებ თქვენთვის. არ შეიძლება, ჩემი ლოცვა არ შესრულდეს.

მაღალმა კაცმა მზექალას შეხედა.

– საიდან გაქვთ ამოდენა სიკეთე?

მზექალამ კმაყოფილი სახით გაიღიმა.

– მე ხომ მზისა და მთვარის ასული ვარ! – და დაუმატა. – შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ.

– უკვე?

– გწყინთ?

– დიახ. მაგრამ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს ჩემი ეგოიზმია.

– ეს კეთილშობილური ეგოიზმია. – მცირე ხნით გაჩუმდა. მერე ერთბაშად შემორტიალდა. სახეზე უცხო შუქი ეფინა. – გინდათ, საუკუნო მეგობრები გავხდეთ?

– მერედა, ეს შესაძლებელია?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ოღონდ თქვენ მისამართს ტყუილად ნუ მომცემთ. თქვენთან ვერ მოვალ. ბოლოს და ბოლოს, მანდილოსანი ვარ. სამაგიეროდ თუკი თქვენ მოხვალთ... – მაღალ კაცს ახედა და თბილად გაუღიმა. – მოხვალთ?

– თუკი ნებას მომცემთ...

– ნება მომიცია, – ზვიადი მოწყალებით უთხრა მზექალამ, ჩემოდანი მოიჩოჩა, აიღო, მუხლებზე დაიწვინა მაღალი კაცის საქაღალდის ზემოთ და გახსნა. ჩემოდანში ორი გათლილი და ორიც გაუთლელი ფანქარი იდო, ერთი საშლელი და უამრავი წითელი მელნით აჭრელებული ფურცელი. მზექალამ ეშმაკური სახით ახედა მაღალ კაცს, ხელნაწერებზე მიუთითა და ცოტა მოიდუმალო ხმით უთხრა: – წაგიკითხავთ როდისმე. – მერე ხელნაწერების ქვეშ შეჰყო ხელი, სუფთა ფურცელი ამოიღო, ზედ ფანქრით რაღაც დააწერა, ოთხად გაკეცა და მიაწოდა. – აი ჩემი მისამართი. ახლა ჩვენ საუკუნო მეგობრები ვართ.

კაცმა ფურცელი გამოართვა და პიჯაკის გულჯიბეში ჩაიდო.

მზექალამ ჩემოდანი დაკეტა, ძირს ჩამოდგა, სკამის საზურგეს მიაწვა და თვალები დახუჭა.

– ვინძლო არ დაივიწყოთ ჩვენი საუკუნო მეგობრობა.

– არა, რას ბრძანებთ! – მიუგო კაცმა.

– რა ბედნიერი ვარ! – ნელა, მეოცნებე ხმით თქვა მზექალამ მცირე სიჩუმის შემდეგ და თვალები გაახილა. – წარმოგიდგენიათ, ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე?

– რატომაც არა! – მიუგო მაღალმა კაცმა. – ბედნიერება ხომ სუბიექტური განცდაა და...

– სისულელეს ნუ როშავთ, ჩემო საუკუნო მეგობარო. – გააწყვეტინა მზექალამ. – რას ნიშნავს „სუბიექტური“! ასეთი სიტყვა არ არსებობს. თუ არ გჯერათ, შინ რომ მიხვალთ, გადაქექეთ ყველა ლექსიკონი და დარწმუნდებით. ბედნიერებას ერთი მარტივი ფორმულა აქვს: უნდა გიყვარდეს. დედამიწაზე კი სიყვარული ძნელად მოიპოვბა. – ამ სიტყვებით ახედა, თბილი, ალერსიანი მზერა მოავლო და დაუმატა: – გასაგებია, რომეო?

– გასაგებია, – ხმადაბლა მიუგო მაღალმა კაცმა.

ავტობუსი გაჩერებას მიუახლოვდა.

– ჩემი ჩასვლის დროა, – თქვა მზექალამ, მაღალ კაცს საქაღალდე მიაწოდა, წამოდგა და ჩემოდანი აიღო, – თუ მესტუმრებით, ხომ კარგი... ძნელი კია, მაგრამ...

– გესტუმრებით. – უთხრა მაღალმა კაცმა და მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა: – ფსიქიატრებს ძალიან ნუ გაუჯავრდებით. ცოდონი არიან.

– არ გავუჯავრდები. – მიუგო მზექალამ.

ავტობუსი გაჩერდა.

მზექალა თვალებდახრილი იდგა. მერე ჩურჩულით თქვა:

– ნუ გამაცილებთ.

– კარგი. – მაღალი კაცი ფანჯარაში იყურებოდა.

მზექალამ თავი ასწია. ცოტა ნაძალადევად გაიღიმა.

– ნახვამდის, – უთხრა და ხელი დედოფლის ზვიადი ჟესტით გაუწოდა. მაღალმა კაცმა მისი ხელი ხელში აიღო. სულ ცოტა ხანს ასე ეჭირა. მერე დაიხარა და ხელთათმანს, რომელიც, ზოგიერთი ნიშნის მიხედვით, ოდესღაც თეთრი უნდა ყოფილიყო, უხმოდ აკოცა.

მზექალა შეტრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა. მიდიოდა ამაყი, წელში გამართული, ცალი წარბი ოდნავ აეზიდა და ხან მარჯვნივ მსხდომთ მოავლებდა ქედმაღლურ მზერას, ხან მარცხნივ მსხდომთ.

მგზავრები მისკენ არ იყურებოდნენ.

ჩასასვლელს რომ მიაღწია, შეჩერდა, ჩემოდანი ძირს დადგა, პალტოს ჯიბიდან დაჭმუჭნილი ქაღალდი ამოიღო, რამდენადაც შეიძლებოდა გაასწორა და მძღოლის გვერდით მკვეთრი და ამაყი მოძრაობით დადო.

– ხურდა საჭირო არ არის, – მოწყალე ღიმილით თქვა და ნელა, დინჯად ჩავიდა.

მძღოლი მგზავრებს მოწყვეტილი იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა სალონში. ამიტომ ქაღალდის დანახვაზე გაეცინა, კარი დაკეტა და ავტობუსი დაძრა.

მაღალი კაცი კვლავ თავის ადგილას დაჯდა, საქაღალდიდან ჟურნალი ამოიღო, გახსნა და თავი შიგი ჩარგო. სახე და ცხვირი კიდევ უფრო დაგრძელებოდა. სანამ ჩასვლის დრო მოუვიდა, არც თავი აუწევია და არც ჟურნალი გადაუფურცლავს.

მზექალას ჩასვლიდან მაღალი კაცის ჩასვლამდე ავტობუსში დუმილი არ დარღვეულა.

ცხელი ჰაერი უცნაურად იყო დამუხტული მრავალი ერთიმეორის გამომრიცხავი და ერთმანეთში გადახლართული ცნებებით.

დაცინვის როყიო ხმას ერთი სული ჰქონდა, თავისუფლად გაენავარდა, მაგრამ გაკვირვების მარწუხებში მოქცეულიყო და თავი ვერაფრით ვერ დაეხსნა.

ზიზღი და მოწიწება ერთმანეთს გამოსდებოდნენ, სხვადასხვა მხარეს იქაჩებოდნენ და ერთ ადგილას ტრიალებდნენ.

შურს საკუთარი თავი ტკივილისგან ვერ გაერჩია; აღშფოთებას ისე გადაღვროდა ზემოდან პატივისცემა, როგორც აქოჩრილ ტალღას ზეთი; სიმახინჯე და სილამაზე ერთ ჩარჩოში მოქცეულიყო.

და იდგა დუმილი. მძიმე, ხმამაღალი დუმილი.

ერთ მხარეს კლდე იყო, მეორე მხარეს ხევი. შუაში ნაცრისფერი გზა გადიოდა. ნაცრისფერ გზაზე ავტობუსი მირახრახებდა.

სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ახალგაზრდა ქურდი უკვე ჩასულიყო, ხოლო მთვრალ კაცს, რომელიც განმარტოებით იჯდა ბოლო რიგში, ჩანთის მაგიერ ცარიელი ხელებიღა ჰქონდა გულში ჩახუტებული.

ჯემალ ქარჩხაძე

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობა, მოთხრობები, ქარჩხაძე

ნახვა: 1157

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters