ო'ჰენრი

anthem, cop, literature, o'henry, policeman, william_sydney_porter, არკადია, ირაკლი_ლომოური, ირონია, ლიტერატურა, მადლიერების_დღე, მოთხრობა, მოთხრობები, ნიუ_იორკი, ო'ჰენრი, პოლისმენი, პოლიციელი, უილიამ_სიდნი_პორტერი, ქველი, შაბლი, ცნობილი ავტორი, ჰიმნი

      სოპი მედისონ-სკვერში თავის ძელსკამზე აწრიალდა.

      როცა გარეული იხვების გუნდი მაღლა ცაში აფრინდება,

      როცა სიასამურის ქურქზე მეოცნებე ცოლი ქმარს დაუტკბება, როცა სოპი პარკში ძელსკამზე აწრიალდება, ეს ნიშნავს - ზამთარი კარს მოგვადგა.

      ყვითელი ფოთოლი სოპის მუხლებში ჩაუვარდა. ეს ჯეკ ფროსტის - ყინვის ბაბუის სავიზიტო ბარათი გახლდათ. იგი მედისონ-სკვერის მუდმივ ბინადრებს კეთილად ექცევა და თავის მოახლოების შესახებ პატიოსნად აფრთხილებს. ოთხი ქუჩის გასაყარზე თავის ბარათებს ჩააბარებს ხოლმე ჩრდილოეთის ქარს, "ღია ცის ქვეშ" სასტუმროს შვეიცარს. ასე რომ, მდგმურებს შეუძლიათ მოემზადონ.

      სოპიმ გააცნობიერა, მოსულა დრო მოახლოებული სუსხისა და ყინვისაგან საკუთარი პერსონის გადასარჩენად საჭიროა შევიდეს სახსრებისა და საშუალებების მოსაძიებელ ერთკაციან კომიტეტში. ამიტომაც აწრიალდა ძელსკამზე.

      სოპის გეგმები ზამთრის სეზონზე განსაკუთრებული პატივმოყვარეობით არ გამოირჩეოდა. არც ხმელთაშუა ზღვის კრუიზი აფიქრებდა და არც სამხრეთის ცით ტკბობა ვეზუვის ყურეში იახტით გაჩერებისას. სამი თვე კუნძულზე - აი, რა სწყუროდა მის სულს. სამი თვე საიმედო თავშესაფარი და უზრუნველი ლუკმა სასიამოვნო კომპანიაში, ჩრდილოეთის ქარისა და პოლისმენებისგან დაცული ყოფა - სოპისთვის ოცნების მწვერვალს წარმოადგენდა.

      წლების განმავლობაში სტუმართმოყვარე "ბლეკველზი" მისთვის ზამთრის რეზიდენციის როლს ასრულებდა. იმის მსგავსად, როგორც მისი უფრო იღბლიანი თანამოქალაქეები პალმ-ბიჩსა თუ რივიერაზე გასამგზავრებლად ბილეთებს ყიდულობდნენ, სოპიც კუნძულზე ყოველწლიური მოგზაურობისათვის მარტივ ზომებს იღებდა. და, აი, დროც დადგა. წინა ღამით სამმა ცალმა საკვირაო გაზეთმა, პიჯაკის ქვეშ, კოჭებსა და მუხლებზე რომ შემოიხვია, სიცივისგან ვერ დაიცვა, ძველ პარკში შადრევნის გვერდით როცა ეძინა ძელსკამზე. კუნძული სოპის გონებაში დროულ, სანუკვარ თავშესაფრად იქცა. სოპი ამრეზით უყურებდა იმ ზრუნვას, ქალაქი რომ ეწეოდა უსახლკაროთათავის ქველმოქმედების სახელით. მისი აზრით, კანონი უფრო მოწყალე გახლდათ, ვიდრე ფილანტროპია. არსებობდა უამრავი დაწესებულება, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო, სადაც მას შეეძლო თავისი მოკრძალებული მოთხოვნების შესაბამისად თავშესაფარი და ლუკმაპური მიეღო. მაგრამ სოპის ამაყი სულისთვის ქველმოქმედების საჩუქარი მიუღებელი იყო. ფილანტროპიის ხელიდან მიღებულ ყოველ სიკეთეზე ფულით თუ არა, დამცირებით მაინც უნდა გადაგეხადა. როგორც ცეზარს ჰყავდა თავისი ბრუტუსი, ასევე ყოველ საქველმოქმედო საწოლს თან სდევდა აუცილებელი აბაზანა, ყოველ ლუკმაპურს კი - სულში უბოდიშო ჩაძრომა და ხელის ფათური. ამიტომაც ერჩივნა კანონის სტუმარი გამხდარიყო, სადაც ყველაფერი მკაცრად დადგენილი წესით ხდება, სამაგიეროდ, ჯენტლმენის პირად საქმეში ცხვირს არავინ ყოფს.

      სოპიმ კუნძულზე გამგზავრება გადაწყვიტა და განზრახვის განხორციელებას უმალ შეუდგა. ციხეში მრავალი მარტივი გზა მიდიოდა. ყველაზე სასიამოვნო შემდეგი იყო - ისადილო რომელიმე ძვირ რესტორანში და მერე, როცა გამოაცხადებ, რომ ვერ გადაიხდი, მშვიდად, ყვირილისა და ჩხუბის გარეშე, პოლისმენს გადაგცემენ. საქმეს კი დაუზარელი მოსამართლე დააგვირგვინებს.

      სოპი წამოდგა, პარკიდან გამოვიდა და ასფალტის ზღვას გაუყვა, რომელსაც ბროდვეისა და მეხუთე ავენიუს შესაყარი ქმნის. ბროდვეიზე გაიარა, გაჩახჩახებულ კაფესთან შეჩერდა, სადაც ყველაფერი საუკეთესო შეეკრიბათ, რაც კი შეიძლება ვაზმა, აბრეშუმის ჭიამ და პროტოპლაზმამ მისცეს ადამიანს.

      სოპი თავის თავში დარწმუნებული გახლდათ - ჟილეტის ქვედა ღილიდან ზევით. გაპარსული იყო, პიჯაკი ურიგოდ არ გამოიყურებოდა, ყელზე ეკეთა შავი ფერის ჰალსტუხი-პეპელა, რომელიც მისიონერმა ქალბატონმა "მადლიერების დღეზე"[1] აჩუქა. თუკი რესტორანში მაგიდამდე მისვლას მოახერხებს, წარმატება გარანტირებულია. მისი ის ნახევარი, რომელიც სუფრის ზევით იქნება, ოფიციანტს ეჭვს არ აღუძრავს. შემწვარი იხვი, გაიფიქრა სოპიმ, ზედგამოჭრილი იქნება, და ზედ ერთი ბოთლი "შაბლი", მერე კამამბერი, ფინჯანი ყავა და სიგარა. დოლარიანი სიგარა იკმარებს. ანგარიში, საერთო ჯამში, არც ისე დიდი გამოვა, რომ კაფეს ადმინისტრაციას განსაკუთრებულად სასტიკი შურისძიებისკენ უბიძგოს; და ისიც, ასე და ამგვარად პირჩაკოკლოზინებული, ზამთრის თავშესაფრისკენ სასიამოვნო მოგზაურობას დაიწყებს.

      მაგრამ შეაბიჯა თუ არა სოპიმ რესტორანში, მეტრდოტელის დაგეშილმა თვალმა უმალ შენიშნა გაქუცული შარვალი და შელახული ფეხსაცმელი. ძლიერმა, მარჯვე ხელებმა წამში გაატრიალეს და გარეთ, ტროტუარზე უხმოდ გასვეს - ასე იხსნეს იხვი მისთვის გამზადებული საბედისწერო მომავლისგან.

      სოპი ბროდვეის მოშორდა. როგორც ჩანს, აღთქმული კუნძულისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ იქნება. სხვა საშუალება უნდა გამონახოს.

      მეხუთე ავენიუს კუთხეში გამვლელთა ყურადღებას კაშკაშა სინათლით განათებული ვიტრინა იპყრობდა შიგ ათასნაირი, ლამაზად გამოფენილი საქონლით. სოპიმ ქვა აიღო და ვიტრინა ჩაამსხვრია. წამსვე შეგროვდა ხალხი, ყველაზე წინ პოლისმენი მორბოდა. სოპი მშვიდად იდგა, ხელები ჯიბეში ეწყო, პოლიციელს უღიმოდა.

  - ეს ვინ გააკეთა? - უმალ იკითხა ოფიცერმა.

  - ხომ არ ფიქრობთ, ამასთან გარკვეული კავშირი მაქვს? -

      სოპიმ შეფარული სარკაზმით, თუმც კი მეგობრულად ჰკითხა, კაცივით, იღბლიან შემთხვევას გულით და სულით რომ მიესალმება.

      პოლისმენმა არ ისურვა, თუნდაც თეორიულად, სოპი ეჭვმიტანილად განეხილა. ვიტრინას ვინც ამსხვრევს, კანონის დამცველებთან სამასლაათოდ ადგილზე არ რჩება, თავქუდმოგლეჯილი გარბის ხოლმე. პოლისმენმა თვალი მოჰკრა კაცს, ნახევარი კვარტალის დაშორებით ტრამვაის რომ მისდევდა. ხელკეტი შემართა და იმ ვიღაცას გაეკიდა. გუნებამოშხამული სოპი წაბორიალდა. მეორეჯერაც არ გაუმართლა.

      ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არც მაინცდამაინც გამორჩეული რესტორანი იყო, დიდი მადისა და მცირე შეძლების მქონეთათვის, სადაც თიხის ჭურჭელი და ატმოსფერო მძიმეა, სუფრები და წვნიანი კი - თხელ-თხელი. სოპიმ იქ თავისი "დანაშაულებრივი" ფეხსაცმლითა და "ყბადაღებული" შარვლით ყოველგვარი გართულების გარეშე შეაღწია. მაგიდას მიუჯდა, ბიფშტექსი, მაჭკატები, ფუნთუშები და ნამცხვარი მიირთვა. შემდეგ კი ოფიციანტს უთხრა, რომ იგი და ყველაზე წვრილი, ხუთცენტიანი მონეტაც კი არ იცნობენ ერთმანეთს.

  - ახლა კი, - უთხრა სოპიმ, - სასწრაფოდ დაუძახეთ პოლიციას. თუ შეიძლება, იჩქარეთ, ჯენტლმენს ნუ ალოდინებთ.

  - ვერ მოგართვით პოლიცია, - მიუგო ოფიციანტმა ფუნთუშასავით დატკბილული ხმით. თვალები კოქტეილის ალუბლებს მიუგავდა, - ჰეი, კონ, მომეხმარე!

      ორმა ოფიციანტმა სოპი ქვის ტროტუარზე მარცხენა ყურით დააგდო. სოპი დურგლის დასაკეცი საზომივით ნაწილ-ნაწილ წამოიმართა და მტვერი ჩამოიფერთხა. დაპატიმრება ვარდისფერ ოცნებად გადაქცეოდა. კუნძულამდე თვალუწვდენელი გზა იყო. აფთიაქის წინ მდგარმა პოლიციელმა შეხედა, ჩაიცინა და ქუჩას გაუყვა.

      სოპიმ ხუთი კვარტალი გაიარა, სანამ გამბედაობა მოიკრიბა, კიდევ ერთხელ რომ ეცადა ბედი. ამჯერად შესანიშნავი შანსი მიეცა, თავისი ჭკუით. ახალგაზრდა, მოკრძალებული და სასიამოვნო გარეგნობის ქალი ვიტრინასთან იდგა და საპარს მოწყობილობებსა და სამელნეებს ინტერესით ათვალიერებდა. იქვე, ორი იარდის მოშორებით, სქელი პოლისმენი იდგა - სახანძრო ონკანს ეყრდნობოდა.

      სოპიმ გადაწყვიტა ყველასათვის საძულველი ქუჩის ლოველასის როლი ეთამაშა. დასახული "მსხვერპლის" წესიერი გარეგნობა და პოლიციელის სიახლოვე საფუძვლიან იმედს აძლევდა, რომ სულ მალე მხარზე კანონის სასიამოვნო, ოფიციალურ ხელს იგრძნობდა და კუნძულზე ზამთრის რეზიდენციაც გარანტირებული ექნებოდა.

      სოპიმ მისიონერი ქალის ნაჩუქარი ჰალსტუხი შეისწორა, სახელოებიდან თავისი ურჩი მანჟეტები გამოაჩინა, ქუდი გვერდზე მოიგდო და პირდაპირ ქალისკენ გაემართა. თვალი ჩაუკრა, ჩაახველა, გაუღიმა, ჩაიცინა, ერთი სიტყვით, ქუჩის ლოველასის კლასიკური არსენალი სრულიად უტიფრად აამოქმედა. გვერდითი მზერით სოპი ხედავდა - პოლიციელი აკვირდებოდა. ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და ისევ ვიტრინას მიაჩერდა. სოპი მიჰყვა, თავხედურად დაუდგა გვერდით, ქუდი ოდნავ ასწია და თქვა:

  - ჰეი, ლამაზო, ხომ არ გინდა ცოტა გავერთოთ?

      პოლისმენი თვალს არ აშორებდა. საკმარისი იყო შეურაცხყოფილ ქალს თითით ერთადერთი მოძრაობა გაეკეთებინა, რომ აღთქმული კუნძულისკენ მიმავალი გზა ხსნილი ექნებოდა. სოპი პოლიციის უბნის მხურვალე ატმოსფეროს წინასწარ გრძნობდა. ახალგაზრდა ქალმა შეხედა და სოპის მკლავს ჩაეჭიდა.

  - სიამოვნებით, მაიკ! - მხიარულად უპასუხა, - თუკი ლუდსაც დამალევინებ. ადრევე დაგელაპარაკებოდი, მაგრამ პოლისმენი გვიყურებდა.

      ქალი ისე შემოეხვია, როგორც სურო - მუხას. დაღვრემილმა სოპიმ მასთან ერთად ცხვირწინ ჩაუარა პოლისმენს. ეტყობა, თავისუფლებაზე ყოფნა მისჯილი აქვს.

      პირველივე კუთხეში ქალი ჩამოიბერტყა და მოკურცხლა. შეჩერდა კვარტალში, სადაც ქუჩები რეკლამის შუქით იყო განათებული, სადაც გამარჯვება ადვილია, გული ლაღია და ყველაფერი თამაშია.

      ძვირფას ბეწვის ქურქებში გახვეული ქალები და თბილ პალტოებში გამოწყობილი მამაკაცები მხიარული მუსაიფით სეირნობდნენ ლამისაა ზამთარივით ცივ საღამოს. უცებ სოპი დაიზაფრა, საშინელმა აზრმა გაუელვა, რომ, შესაძლოა, რაღაც ბოროტმა ძალებმა მოაჯადოვეს და პოლიციისთვის მიუწვდომელი გახადეს. კინაღამ პანიკაში ჩავარდა და როდესაც მორიგე პოლიციელს ჩაუარა, რომელიც გაბრჭყვიალებული თეატრის წინ მედიდურად იდგა, გადაწყვიტა "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წესრიგის დარღვევის" ხავსს მოჭიდებოდა.

      ვითომცდა მთვრალი, მთელი ძალით აღრიალდა ტროტუარზე ჩახრინწული ხმით - აქაოდა, ვმღერიო. თან ცეკვავდა, იმანჭებოდა, იგრიხებოდა, ყვიროდა, ერთი სიტყვით, ყველანაირად არღვევდა წესრიგს.

      პოლისმენმა ხელკეტი დაატრიალა, სოპის ზურგი შეაქცია და გამვლელს უთხრა:

  - ეს იელის უნივერსიტეტის სტუდენტია. გამარჯვებას აღნიშნავენ, ჰარტფორდის კოლეჯს ფეხბურთის მატჩი მოუგეს. კი ხმაურობენ, მაგრამ საშიში არაფერია. ინსტრუქცია მოგვცეს, ხელი არ ვახლოთ.

      სასოწარკვეთილმა სოპიმ უშედეგო ფოიერვერკი შეწყვიტა. ნუთუ პოლისმენი აღარასოდეს დაადებს ხელს? კუნძული უკვე მიუწვდომელ არკადიად[2] ეჩვენებოდა. თხელი პიჯაკი ბოლომდე შეიკრა - ცივი ქარი ძვალ-რბილში ატანდა.

      თამბაქოს მაღაზიაში თვალი მოჰკრა კარგად ჩაცმულ კაცს, რომელიც გაზის სანთურზე სიგარას უკიდებდა. აბრეშუმის ქოლგა შესასვლელთან დაეტოვებინა. სოპიმ ზღურბლს გადააბიჯა, ქოლგას ხელი სტაცა და ნელი ნაბიჯით წავიდა. სიგარიანი კაცი მიჰყვა.

  - ეს ჩემი ქოლგაა, - მკაცრად უთხრა.

  - მართლაა? - სოპიმ თავხედურად გაუღიმა და ამით წვრილმან ქურდობას პიროვნების შეურაცხყოფაც დაურთო, - რატომ არ ეძახით პოლიციას? დიახ, ავიღე. თქვენი ქოლგა! რატომ არ ეძახით პოლიციელს? აგერა დგას, კუთხეში.

      ქოლგის მფლობელმა ნაბიჯები შეანელა, ასევე სოპიმაც. გრძნობდა, ბედისწერა ახალ მუხთლობას უმზადებდა. პოლისმენი ინტერესით უყურებდა ორივეს.

  - კი ბატონო, - ჩაილაპარაკა ქოლგის პატრონმა, - რასაკვირველია... თქვენ... იცით, ასეთი შეცდომები როგორც ხდება ხოლმე... მე... მოკლედ, რესტორანში ვნახე და წამოვიღე... თუკი იცანით, იმედია, რომ... თუ ეს მართლა თქვენი ქოლგაა, იმედია, მაპატიებთ...

  - რა თქმა უნდა, ჩემია, - გაბრაზებით მიუგდო სოპიმ. ქოლგის ყოფილმა პატრონმა უკან დაიხია. პოლისმენი კი მდიდრულ მანტოში გამოწყობილი მაღალი ქერათმიანი ქალბატონის დასახმარებლად გაეშურა: ქუჩაზე უნდა გადაეყვანა, რადგან ორი კვარტლის დაშორებით ტრამვაი გამოჩნდა.

      სოპიმ რეკონსტრუქციისგან დამახინჯებული ქუჩით აღმოსავლეთისკენ გადაუხვია. ქოლგა ორმოში მოისროლა ბოღმით. ხელკეტიან-რკინისჩაფხუტიანებს აგინებდა. როგორ უნდა მათ კლანჭებში მოხვდეს, არადა, ისე ექცევიან, როგორც მეფეს, რომელიც ცუდს ვერაფერს ჩაიდენს.

      ბოლოს სოპი აღმოსავლეთ მხარეს ერთ-ერთ ავენიუზე გავიდა, სადაც ხმაური და რეკლამების კაშკაშა შუქი უკვე ვეღარ აღწევდა. გეზი მედისონ-სკვერისკენ აიღო, რადგან შინ დაბრუნების ინსტინქტი მაშინაც კი მოქმედებს, როცა სახლი მხოლოდ და მხოლოდ პარკის ძელსკამია.

      ერთ უჩვეულოდ ჩუმ კუთხეში სოპი შეჩერდა. იქ ძველი, წაწვეტებულსახურავიანი ეკლესია იდგა.

      იისფერვიტრაჟიანი სარკმლიდან რბილი სინათლე იღვრებოდა. ორღანისტი, ეტყობა, თავის ინსტრუმენტთან დარჩა, საკვირაო საეკლესიო ჰიმნი კიდევ ერთხელ რომ დაეკრა. სოპის მუსიკის ტკბილი ჰანგები ესმოდა, ლითონის ღობის მოჩუქურთმებულ რიკულებს მიეკრო.

      ელვარე მთვარე უშფოთველად ანათებდა, მანქანები და გამვლელები თითქმის არა ჩანდნენ, სახურავების ქვეშ შეყუჟული ბეღურები ძილში ერთი-ორს წაიჟღურტულებდნენ ხოლმე, - შეიძლება გეფიქრა, სოფლის სასაფლაოზე მოვხვდიო. საორღანო ჰიმნმა სოპი ლითონის მესერს მიაჯაჭვა, რადგან იმ დროიდან იცნობდა მას, როცა მისი ცხოვრება შეიცავდა ისეთ რაღაცეებს, როგორიცაა: დედები და ვარდები და ამბიციები და მეგობრები და სუფთა აზრები და ქათქათა საყელოები. ძველი ეკლესიის მუსიკამ სოპის სულში უეცარი და განსაცვიფრებელი გადატრიალება მოახდინა. შეძრწუნებულმა დაინახა ჭაობი, რომელშიც ფართხალებდა, - სამარცხვინოდ გატარებული დღეები, უღირსი სურვილები, დაღუპული იმედები, ყველაფერი, რისგანაც ამჟამად შედგებოდა მისი ცხოვრება.

      მოულოდნელად მისი გული ამ ახალი განწყობის შესატყვისად აძგერდა. თავის თავში იგრძნო ძალა, მუხთალ ბედისწერას წინ აღდგომოდა. ჭაობიდან ამოვა, ადამიანად იქცევა, დაამარცხებს ბოროტს, რომელმაც დაიმონა. ჯერ კიდევ აქვს დრო, ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდაა. ძველ ამბიციებს გაიხსენებს, ენერგიულად შეუდგება მათ განხორციელებას. ორღანის დიდებულმა, ტკბილმა ჰანგებმა მის სულში გადატრიალება მოახდინა. ხვალვე წავა ქალაქის საქმიან კვარტალში და სამუშაოს იშოვის. ბეწვეულის ერთი შემომტანი ოდესღაც მეეტლის ადგილს სთავაზობდა. ხვალვე მოძებნის და სამსახურსა სთხოვს. მას უნდა ადამიანი გახდეს. მას უნდა...

      სოპიმ მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო. ეგრევე შეტრიალდა და პოლისმენის ფართე სახე შემოეფეთა.

  - აქ რას აკეთებ? - ჰკითხა მან.

  - არაფერს, - მიუგო სოპიმ.

  - მაშინ, წამოდი, - თქვა პოლიციელმა.

  - სამი თვე კუნძულზე, - გამოაცხადა მოსამართლემ მეორე დილას.

ინგლისურიდან თარგმნა
ირაკლი ლომოურმა

ო’ჰენრი. მოკლე მოთხრობები. ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა, კომენტარები და შენიშვნები დაურთო ირაკლი ლომოურმა. თბილისი: გამომცემლობა L. 2009.


[1] - "მადლიერების დღე" - ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაციონალური დღესასწაული, აშშ-ში 1941 წლიდან აღნიშნავენ ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს. უკავშირდება პირველ კოლონისტებს.

[2] - არკადია - რეგიონი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე. გადატანითი მნიშვნელობით: ამქვეყნიური სამოთხე, უტოპია.

ტეგები: Literature, Qwelly, ირონია, ლიტერატურა, მოთხრობები, ო'ჰენრი, სატირა, ქველი

ნახვა: 1734

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters