ქართველი ბავშვის მეტყველების განვითარება 

      ლორა ბერკის ცნობილ თანამედროვე სახელმძღვანელოში "ბავშვის განვითარება" არის სპეციალური თავი - "ენის ათვისება" (გვ. 422 -428 ქართული თარგმანი, 2010). გასაგები მიზეზების გამო, ეს ტექსტი აღწერს, ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, ინგლისურენოვანი ბავშვის მეტყველების განვითარებას. ამ თავში მოცემულია ემპირიული კვლევის უმდიდრესი მასალა, თანმიმდევრულად გაანალიზებულია მეტყველების განვითარების 4 ძირითადი ასპექტი, მაგრამ აღნიშნულ ტექსტში უგულებელყოფილია ბავშვის მეტყველების კვლევის კლასიკოსი გერმანელი ფსიქოლოგების კარლ ბიულერის და ვილიამ შტერნის თეორიული და ფაქტობრივი მონაცემები, თუმცა, მათ ეკუთვნით ბავშვის მეტყველების პირველი პერიოდიზაცია. არაინგლისურენოვანი ბავშვების განვითარების უგულებელყოფა საგრძნობლად აღარიბებს მეტყველების განვითარების მთლიან სურათს. მართალია, ავტორები ცდილობენ ყოველი კერძო ენობრივი მოვლენის საფუძვლად მონახონ ზოგადი კანონზომიერება, მაგრამ სწორედ კროსლინგვისტური შედარებით მოწმდება მეტყველების განვითარების კოგნიტური საფუძველი. პირველ რიგში ეს ეხება დ.სლობინის რედაქტორობით გამოსულ 4 ტომეულში ასახულ 40 მდე ენაზე ბავშვის მეტყველების დაუფლების პროცესს (1990 -94). გარდა ამისა, არსებობს ფაქტები,რომლებიც ასახავენ კონკრეტული ენის გრამატიკისა და ფონეტიკის სპეციფიკას და მის გავლენას ბავშვის მეტყველების და, იქნებ, საერთოდ კოგნიტურ განვითარებაზე (საკმარისია მოვიყვანოთ მხოლოდ ერთი მაგალითი ინდოეთში 1991 წელს ჩატარებული ჯანეტ უეკერის კვლევიდან, რომლის მიხედვითაც ჰინდისათვის სპეციფიკური განსხვავება "ლ" და "რ" ფონემების შიგნით, რაზედაც ყველა ადგილობრივი ჩვილი რეაგირებდა 7 თვის ასაკში, ხოლო 8 თვეზე უფროსები ვერ ამჩნევდნენ, თუ ინგლისურენოვან გარემოში აღმოჩნდებოდნენ. მაგალითი მოყვანილია გერიგის და ზიმბარდოს წიგნში მეტყველების აღქმის უნარის თანდაყოლილობის დასადასტურებლად). ვფიქრობ, ქართულ ენაზე ბავშვის მეტყველების განვითარება საინტერესო სპეცოფიკურ მასალას იძლევა ზოგადი და კერძო კანონზომიერებების შედარებისათვის.

      ჩვენი საუბრის დროს ხშირად მოგვიწევს ისეთი ტერმინების გამოყენება, რომლებიც თითქოს და შეუფერებელია წლინახევრის -2 წლის ბავშვისათვის: "აღმოჩენა", "ჰიპოთეზების გადასინჯვა" და სხვ. ეს გარემოება ადვილად ასახსნელია, თუ გავითვალისწინებთ მართლაც უდიდეს შეუსატყვისობას ბავშვის კოგნიტურ შესაძლებლობას ა და ენობრივი სისტემის სირთულეს შორის. სულ წელიწადნახევარში ბავშვი ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეუფლება ათასამდე სიტყვას და თითქმის სრულად ენის ფონეტიკურ და გრამატიკულ ძირითად წესებს. შეადარეთ მაგალითად 2 გამონათქვამი წინადადება: 1;9 ასაკში ბავშვი ამბობს: "მამა ბვა" (მანქანა) , სადაც არავითარ გრამატიკას არ აქვს ადგილი, და 6 თვის შემდეგ იგივე ბავშვი ამბობს: "ბებია, დაჯექი და მიყურე მე როგორ ვთამაშობ"., "დედა, ამას გავტეხამ, ვნახო, რა არის შიგ", სადაც მოცემული რთული ქვეწყობილი წინადადების ყველა მაჩვენებელი. სწორედ ეს სისწრაფე (ამ შემთხვეაში - 6 თვე) და საიდუმლო სიადვილე ქმნის დიდ პრობლემას თეორიული გააზრებისათვის. მეორე სადისკუსიო პრობლემა იქმნება, როდესაც ვადარებთ სხვადასხვა ტიპის ოჯახებში (ბავშვებთან კომუნიკაციის სიხშირის მიხედვით) მეტყველების გრამატიზაციის თანმიმდევრობას. ის ყველგან იდენტურია. ამას დაწვრილებით შევეხებით ჩვენი საუბრის მომდევნო ნაწილში. სწორედ- ამ ორმა დასახელებულმა ფაქტმა აიძულა ცნობილი ამერიკელი ლინგვისტი ნოემ ჩომსკი (ხომსკი) დაეშვა, რომ ბავშვებს აქვთ თანდაყოლილი გონებრივი სტრუქტურებიუნივერსალური გრამატიკა, რომლებიც საჭიროა ენის გაგებისა და გამოყენებისათვის, ანუ პასუხი დასმულ პრობლემებზე ადამიანის გენომში უნდა ვეძიოთ.

      რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას მეტყველების განვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოების წყაროებზე, ანუ მეტყველების კვლევის მეთოდებზე. კლასიკურ ბავშვის ფსიქოლოგიაში გამოყენებული დღიურების მეთოდი, რომელიც, რა თქმა უნდა კვალიფიცირებულ მკლევარებს უნდა ეწარმოებინა, ამჟამად თითქმის უარყოფილია. ამჟამად გამოიყენება კვირაში ერთხელ ან ორჯერ წარმოებული მაგნიტოფონური ჩანაწერები და ექსპერიმენტი. მე პირადად მიმაჩნია, რომ კარგად წარმოებული დღიური გვაძლევს მატყველების განვითარების უფრო სრულყოფილ სურათს.. ასეთებია მაგალითად ვ.შტერნის, ლეოპოლდის დღიურები, გვოზდევის (რუსი ლინგვისტის), უზნაძის ჩანაწერები (არასისტემატური), ა.ავალიშვილის (ფსიქოლოგი)და ვ. კახაძის (ფილოლოგის), თ.ომიაძის (ლინგვისტი) დღიურები. ექსპერიმენტის გამოყენება ამ სფეროში მეტად შეზღუდულია 3 წლამდე ჩვილებისათვის. ცნობილია ბერკოს, ფრაზერის, ბელუჯის და ბრაუნის (1971),1973) მიერ შემუშავებული ექსპერიმენტი მრავლობითი რიცხვის გამოყენების უნარის დასადასტურებლად და ბერკოს პირველი ექსპერიმენტის შედეგი, სადაც ექსპერიმენტატორმა ჰკითხა 2 წლის ბავშვს: რომელი უფრო სწორია წყალი თუ წყლები? . და პასუხად მიიღო "ბუჰ, ბუჰ გესვრი". მაგნიტფონური ჩანაწერი კარგია ბავშვის მიმართ სპეციალურად სტიმულირებულ სიტუაციაში, მაგალითად, სურათების მიხედვით მოთხრობის აგების დროს. რა თქმა უნდა, 3 წელზე უფროსი ბავშვებისათვის. მე პირადად 3 წლის განმავლობაში ვაწარმოებდი დღიურს ჩემ ორენოვან შვილზე ბავშვთან მუდმივად ყოფნის პირობებში (კვირის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ 3-3- საათით გასვლით). და შვილიშვილზე, ძირითადად აგარაკზე ერთად ყოფნის 3-3 თვის განმავლობაში. მაგნიტოფონის გარეშე ძნელი იყო ფონეტიუკურ სფეროს ფიქსაცია (ვსარგებლობდი ფონეტიკური ნიშნებით, რაც არ იყო ყოველთვის ადექვატური). ა.ავალიშვილის და ვ.კახაძის დღიურები ჩემ დღიურებთან ერთად საკმაოდ დიდ მასალას იძლევა ქართულ ენაზე ბავშვის მეტყველების შესახებ. (ეს მასალა ასახულია ჩემი და ტუიტის ერთობლივ ნაშრომში (დ.სლობინის უკვე ნახსენები 4 ტომეულის მე-3 ტომში 1992, გვ.39-111)

      რაც შეეხება ზოგად თეორიულ მიდგომებს, ისე, როგორც განვითარების სხვა სფეროებში გამოყოფენ: ბიჰევიორისტულ მიდგომას, ნატივისტურს და ინტერაქციონისტურს. ამ კლასიფიკაციას გვთავაზობს ბავშვის ფსიქოლოგიის ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორი ლორა ბერკი. ბიჰევიორისტულ მიდგომას კრიტიკულად შევეხებით გრამატიკის განვითარების საკითხთან დაკავშირებით. ამჟამად ყველაზე გავრცელებულია ხომსკისეული ნატივისტური მიდგომა, რომელიც უსვამს ხაზს ბიოლოგიურად განპირობებულ ლინგვისტურ, კერძოდ, გრამატიკულ სტრუქტურირების თანდაყოლილ უნარს. იგი გარკვეულ სიძნელეებს ხვდება ბავშვის მიერ კონკრეტული გრამატიკული წესების განვითარების გაგებასთან დაკავშირებით. გრამატიკული განვითარების გაშლა დენ სლოიბინის კონცეფციაშია ნაცადი, რომელსაც უფრო ნატივისტურს მივაკუთნებდი. ინტერაქციონისტურ მიდგომასაც თავისი სიძნელეები ახასიათებს, ეს ჩანს, მაგალითად, უზნაძის მიერ მოტანილ ჰეტცერის ცხრილებში, სადაც შედარებული იყო განათლებული და გაუნათლებელი ოჯახების ბავშვების მეტყველების განვითარების მაჩვენებლები, ორი წლისთვის სიტყვების რაოდენობა ორივე ჯგუფში უტოლდება ერთმანეთს, თუმცა გრამატიკული ფლექსიების ხმარება განათლებულ იჯახებში რამდენიმე თვით ადრე იწყება. უზნაძე ასკვნის, რომ გარემოს ზეგავლენა ენის ყველა ელემენტზე ერთნაირი არ არის (გვ.190)

      ტრადიციურად ბავშვის მეტყველების განვითარებას 4 ფსიქოლინგვისტური ასპექტით იხილავენ: ფონეტიკური, სემანტიკური, გრამატიკული და პრაგმატულით.

      სამწუხაროდ, ქართველი ბავშვის ფონეტიკური განვითარებისადმი მიძღვნილი სპეციალური კვლევა ჩვენ ხელთ არ გვაქვს, თუმცა არსებობს ზურაბ ჯაფარიძის არაჩვეულებრივად საინტერესო და პროფესიულად მაღალ დონეზე შესრულებული კვლევა ქართველი და რუსი ახალდაბადებული ბავშვების ტირილის შედარებითი ანალიზის შესახებ, სადაც დადასტურდა მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად სანდო სხვაობა.

      სანამ უფრო ღრმად განვიხილავდეთ ზემოდ დაყენებულ პრობლემებს, შევეხოთ, პირველ რიგში, სემანტიკურ ასპექტს ანუ სიტყვათა დაუფლების კანონზომიერებას. მშობლების მიერ ბავშვის ამეტყველების დადასტურება სწორედ პირველ სიტყვებთანაა დაკავშირებული. ამას რეალური საფუძველი აქვს, თუმცა ფსიქოლინგვისტები და სკოლამდელი პედაგოგიკის სპეციალისტები დაწვრილებით სწავლობენ ე.წ. პრელინგვისტურ განვითარებასაც: ღუღუნს, ტიტინს, იმას რაც ვ.შტერნი მეტყველების განვითარების მოსამზადებელ, პირველ ფაზას უწოდებდა. უზნაძე საკმაოდ ფართოდ იხილავს ამ მოსამზადებელ ფაზას მეტყველების ჩასახვასთან დაკავშირებით. პირველი სიტყვების წარმოთქმას წინ უსწრებს ცალკეული სიტყვების გაგების ფაქტი - მაგალითად, ბავშვის ადექვატური რეაგირება კითხვაზე" სად არის პაპა, დიდედა? ბავშვი იმ მიმართულებით იხედება, სადაც ეს პირები არიან. როგორც ბიულერის დაკვირვებიდან ჩანს, ბავშვი ძირითადად ხმის მოდულაციაზე რეაგირებს: ბავშვი ფანჯრისაკენ იხდებოდა, როდესაც მას ეკითხებოდნენ :Wo ist das Fenster? მაგრამ იგივე რეაგირება მიიღეს ფრანგულად იმავე ინტონაციით დასმულ კითხვაზე, თუმცა ფრანგული მას პირველად ესმოდა.

      პირველი სიტყვების განხილვის დროს, რა თქმა უნდა, წამყვანია მათი მნიშვნელობის ანუ სემანტიკური ანალიზი. ეს ანალიზი მით უფრო საინტერესოა, რომ მის მიმართ განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული. განვიხილოთ მაგალითი:

      სეირნობისას 8 -10 თვის ბავშვს აჩვენებენ ძაღლს და ეუბნებიან " ეს ძაღლია, ავ-ავ- ს იძახის". რა ხდება ამ დროს? მოგვიწევს 70 წლით დაცილებული ზუსტად ანალოგიური სიტუაციის ორგვარი ინტერპრეტაცია დ.უზნაძის მიერი(1940) და გერიგი და ზიმბარდოსი (2010) შედარება.

      უზნაძე იხილავს ვ.შტერნის აზრს, რომლის მიხედვით ბავშვი 1,6 ასაკში აკეთებს ყველაზე დიდ აღმოჩენას თავის ცხოვრებაში, აღმოაჩენს რომ ყველა საგანს, მოქმედებას, თვისებას თავისი სახელი აქვს ანუ ბგერით კომპლექსი გარკვეული მნიშვნელობის მატარებლად იქცევა, ე.ი. ბავშვი ჯერ ნათლად აღიქვამს საგანს, მერე ბგერით კომპლექსს, შემდეგ კი აზროვნების აქტის საშუალებით მათ შორის მიმართებას ამყარებს. სწორედ ამ ასაკში ხდება დიდი ნახტომი სიტყვათა მარაგის ზრდის მიხედვით .უზნაძე არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

      უზნაძეს მიაჩნია, რომ "სიტყვა იმ აღქმის შინაარსს, რომელიც მარტო სუბიექტისათვის არსებობდა, სხვის კუთვნილებად აქცევს. სიტყვის საშუალებით აღქმას სუბიექტური მომენტი ეცლება, იგი ობიექტურ მონაცემად იქცევა. სახელდებული აღქმა უკვე ობიექტურად მოცემული შინაარსის სახეს ღებულობს და, როგორც ასეთი, არა მარტო ჩვენთვის არსებობს, არამედ ყველასთვის (დ.უზნაძე "ბავშვის ფსიქოლოგია, 2003, გვ. 184).

      ზუსტად ანალოგიურ სიტუაციას გერიგი და ზიმბარდო ასეთ ინტერპრეტაციას აძლევენ: "ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბავშვები ნატურალისტების მსგავსად მოქმედებენ. ისინი აყალიბებენ ჰიპოტეზებს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს თითოეული ახალი სიტყვა. მაგ. შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორ აქტიურად მუშაობს მათი ნატურალისტური გონება, როდესაც ისინი ძალიან აფართოებენ სიტყვის მნიშვნელობას... მაგალითად, სიტყვა ძაღლით აღნიშნავენ ყველა ცხოველს... (გვ425).სხვა თანამედროვე მკვლევარები 18 თვის ნახტომს სიტყვათა მარაგის სწრაფ ზრდას მიაწერენ: გამოცდილების კატეგორიზაციას, მეხსიერებიდან სიტყვების აღდგენას (პერიბო, 2000), "სიტყვატა მარაგი ზრდა ბავშვის მიერ იმის მიხვედრაში ეხმარებათ, რაზე საუბრობენ უფროსები". ამის გარდა, გამოცდილება რთულდება - უფრო მეტი საგნების დასახელება უწევთ.(ბლუმი, 2000, თომაზელო, 2003)

      ეს გზა -ზოგადიდან კერძზე არ არის უნივერსალური - ბავშვის მეტყველების ცნობილ მკვლევარს როჯერ ბრაუნს არ მიაჩნია, რომ სიტყვის მნიშვნელობა ზოგადი აღნიშვნიდან კერძოზე გადადის. შეიძლება პირველი სიტყვებით კონკრეტული საგანი აღინიშნებოდეს, მაგრამ ამავე დროს პირველ სიტყვებს ძალიან ხშირად ახასიათებს ე.წ. გავრცობა. გავიხსენოთ შტერნის მაგალითი:

      "კხ", ნათქვამი კატის მიმართ, ბავშვს გადააქვს დედის პალტოს მელიის ბეწვზე, შემდეგ მელიის შუშის თვალებიდან შუშის ბურთულაკზე და ნათურაზე. ანალოგიური გავრცობა დაფიქსირებული მაქვს ჩემ დღიურში, "ბუთი" იყო დალის პირველი სიტყვა, რომელიც მან თქვა კალათბურთის მოედანზე დიდი ბურთის მიმართ (1,4). მალე გაიმეორა ე.წ.კომკავშირის ჰეივანზე გამოკვეთილი დიდი სფეროების მიმართ და ნათურის მიმართ, ნათელია, რომ ეს გავრცობა თითოეულ სიტუაციაში ბავშვისათვის წამყვანი ნიშნის მიხედვით ხდება. არ ვიცი, რამდენად ადექვატურია, რელევანტურია ტერმინი ჰიპოთეზის ხმარება, როდესაც გერიგი და ზიმბარდო იმოწმებენ კლარკის და მარკმანისს (1993) მსჯელობას, რომ ბავშვების ჰიპოთეზები შეზღუდულია თანდაყოლილი პრინციპებით,რომ ისინი ხან ავიწროებენ სიტყვის მნიშველობას, მაგ. ‘ამუ" მხოლოდ მათი ოჯახის ძაღლია, ან ზედმეტად აფართოებენ - "ამუ" ყველა ცხოველის აღნიშვნად იქცევა (გერიგი, გვ 426), ე.ი. სხვადასხვა სტრატეგიებს მიმართავენ. უფრო დაწვრილებით ბავშვების "სტრატეგიების" შესახებ გრამატიკის განვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. იგივე კლარკი აღნიშნავს, რომ გავერცობა ან ზეგენერალიზაცია ბავშვის მიერ წარმოებულ კლასიფიკაციას წარმოადგენს (ყველა ენაში არსებობენ ე.წ. კლასიფიკატორები), რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ფორმის მსგავსებას, ან სხვა სენსორული მასალის (ფერი, ხმა, სიდიდე, გემო და სხვ.) ან ფუნქციის მსგავსებას. ჩემს პატარა ექსპერიმენტში ფორთოხლით,წლინახევრის ბავშვთან, სადაც ხან ბურთივით ავაგდებდი, ხან სხვა საჭმელთან ერთად მივაწოდებდი, სიტყვა "ბუთი" მხოლოდ პირველ შემთხვევაში იხმარა ბავშვმა - სიტუაცია აღმოჩნდა გადამწყვეტი საგნის გარკვეულ კატეგორიაში მოსათავსებლად.

      ბავშვის პირველი სიტყვები შტერნის პერიოდიზაციის მიხედვით მეტყველების განვითარების პირველ (მეორეს თუ მოსამზადებელს ჩავთლით) სტადიას წარმოადგენენ . იგი მას ერთსიტყვიანი წინადადების ფაზას უწოდებს, რადგანაც პირველი "დედა" ან თუნდაც "ბურთი" რაღაც სურვილს ან აქტივობას აღნიშნავს და ფაქტიურად წინადადებას წარმოადგენს (დედა ამიყვანე, ბურთი მინდა და სხვ). ამ ფაზაში, რომელიც საშუალოდ წლინახევრიდან 2-3 თვის განმავლობაში გრძელდება, ბავშვი სწავლობს ყოველ დღე 5-მდე ახალ სიტყვას. რაოდენობრივი მაჩვენებლები ცხრილშია ასახული, სადაც ლექსიკის ზრდის საშუალო მონაცემები მოტანილია 30-იანი წლების გერმანელი ბავშვების (განათლებული ოჯახებიდან) და ქართველი ბავშვების შესახებ ჩანაწერებიდან.

      ბავშვის ლექსიკური მარაგი:

ცხრილი 1

      ცხრილში ნათლად ჩანს ის დიდი ნახტომი, რომელიც ხდება წლინახევრის "აღმოჩენის" მომდევნო თვეებში. 24 თვის, ანუ 2 წლის ბავშვის სიტყვათა მარაგი აშკარად ცვალებადობს საკმაოდ დიდ ფარგლებში. რაც შეეხება შინაარსს, ის ასახავს ბავშვის ასაკობრივ სპეციფიკას და სოციალურ-კულტურულ გარემოსაც. ეს ასპექტი თვალსაჩინოდ წრმოდგენილია უზნაძის "ბავშვის ფსიქოლოგიაში" მოყვანილ ცხრილში, სადაც განზოგადებულია ორიდან სამ წლამდე ქართველ ბავშვების მეტყველების შინაარსი (30-იანი წლები). შესადარებლად მოვიტან ამავე ასაკის ბავშვის 90 -იან წლებში დაფიქსირებულ მეტყველების შინაარსის მონაცემებს. რადგანაც ეს მონაცემები სცილდება პირველი სიტყვების სტადიას და მთელ გამონათქვამებს გულისხმობენ.

      მეტყველების განვითარების შემდეგ სტადიას წარმოადგენს ორსიტყვიანი წინადადება გრამატიკული მარკირების გარეშე, ჩვეულებრივად 1,8 დან 1,10 დროით ფარგლებში ფიქსირდება, (თუმცა ეს პერიოდიზაცია ძალიან მერყევია - ხშირია, განსაკუთრებით ბოლო დროს, მხოლოდ 3 წლიდან ამეტყველებული ბავშვების შემთხვევები). ამორფული წინადადებების მაგალითებია: "ჩუსტი ბაბუ" (დალი 1,8) "მამა ბვა" "თოი პაპა (მამას მანქანა, თოვლის პაპა, სანდრო 1,9) და სხვ. სლობინის, ბაუერმანის, ბრაუნის "see boy", "no wet" "mommy sleep", want gum", "mama dress". ფაქტიურად ეს არის 2 სიტყვის ერთმანერის გვერდით მოთავსება.

      ძალიან მალე ბავშვის მეტყველებაში ჩნდება პირველი გრამატიკული მარკერები: ზმნის ფორმები, არსებითი სახელების ბრუნვები. იწყება განვითარების შემდეგი სტადია - სწორედ ის სტადია, რომელიც ქმნის ფსიქოლოგიის და გენეტიკური ფსიქოლინგვისტების წინაშე ყველაზე ამაღელვებელ და ამავე დროს ყველაზე რთულად ასახსნელ პრობლემას. მარტივი ახსნა, რომ ბავშვი მასთან მიმართულ უფროსების მეტყველების (CDS child directed speech) იმიტაციას ახდენს და მის გამეორებას ,რაც არის განვითარების ერთადერთი მექანიზმი, გაბათილებულია როჯერ ბრაუნის ცნობილი დაკვირვებებით, სადაც დამტკიცდა, რომ უფროსის ბავშვის ნათქვამზე რეაგირება ძირითადად ნათქვამის შინაარსის დადებით დადასტურებას ან უარყოფას წარმოადგენს და არა მისი ფორმის გასწორებას. "ნეგატიური ფიდბეკი ჩვეულებრივად სემანტიკურ შეცდომას ეხება და არა გრამატიკულს :"თხები არიან და არა ცხვრები" ამბობს დედა ბავშვთან ერთად წიგნის დათვალიერების დროს,(გვ,171 დ.მესერი). ბავშვის გრამატიკულად სწორად აგებულ წინადადებას "ხვალ დისნეი ჩამოდის" დედა პასუხობს: "რა სისულელეა, დისნეი მოკვდა" და, დადებითად უდასტურებს გრამატიკულად არასწორად აგებულ წინადადებას, რომლის შინაარსი აწყობს მას. სიუზან ერვინ შენიშნავს: " არ არსებობს სანდო საბუთი, რომელიც ადასტურებდეს, რომ ბავშვის უფროსების გრამატიკის ნორმებისკენ მიახლოების პროგრესი მხოლოდ უფროსების წინადადებების იმიტაციის პრაქტიკიდან წარმოიშვება ("ბერკლის ბავშვები", 1973)

      მაშ, რა აიძულებს 2 წლის ბავშვს დაიწყოს რთული გრამატიკული ფორმების, ბრუნვების, ზმნების დროის და პირის, რიცხვის, კილოს და სხვ. სწორ გამოყენებას, თუ უფროსებს ისედაც ესმით ბავშვის ნათქვამი და უყმაოფილებენ მის მოთხოვნილებას? ამ კითხვასთან ერთად ასახსნელი რჩება მეორე პრობლემა - უკვე აღნიშნული გრამატიკული ფორმების დაუფლების საოცარი თანმიმდევრობა, იდენტური მოცემული ენის ყველა მატარებლისათვის. მართალია, როგორც აღნიშნავს დ.სლობინი, "ენების განსხვავებული ტიპები მეტყველების დაუფლების განსხვავებულ პრობლემებს აყენებენ", მაგრამ ამ პროცესის მექანიზმი ზოგადია. ხომსკის მიერ დაშვებული თანდაყოლილი უნივერსალური გრამატიკის იდეა ვერ ხსნის გრამატიკული ფორმების დაუფლების თანდათანობას და მის თანმიმდევრობას. სლობინმა სცადა ამ საიდუმლოების გარღვევა - გრამატიზაციის პროცესის კონკრეტული სტრატეგიის დახასიათება, სახელდობრ, თავის ცნობილ ნაშრომში " "გრამატიკის განვითარების კოგნიტური წანამძღვრები" (1973). თავისი თეორია, რომელიც სლობინმა 40 ენის განვითარების ანალიზზე ააგო, მან ე.წ."მაოპერირებელი პრინციპების" სახით ჩამოაყალიბა. მაოპერირებელი პრინციპი მოწოდებულია აჩვენოს თუ რომელი გრამატიკული წესის "აღმოჩენაა" ბავშვისათვის მეტ-ნაკლებად ადვილი. სლობინი უშვებს, რომ გრამატიკული განვითარების პირველ კოგნიტურ წანამძღვარს სენსომოტორული ინტელექტის განვითარება წარმოადგენს, მაგალითად, სივრცითი მიმართების გამოსახატავად (წინ, უკან ,შიგნით, ზევით, ქვევით და სხვ.) ბავშვი თავის მოტორულ მოქმედებაში უნდა წვდებოდეს მათ, - საგნები სხვადასხვანაირად მოთავსებულია მის გარშემო, ბავშვი მანიპულირებს მათით და გარკვეულ დროს იწყებს მათ ვერბალურ აღნიშვნას. მაგრამ ენის თავისებურებაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის აღმოცენებას. მართალია, დიდ პიაჟეს მიაჩნია, რომ " ენა საკმარისი არ არის, რომ ახსნას აზროვნება". მაგრამ ზოგადად ენის როლის და, კერძოდ, კონკრეტული ენის გავლენის უგულებელყოფა არ შეიძლება. ქართულ ენაში არსებული ზმნისწინების სპეციფიკა, მაგალითად "მო" და "მი" სახით, რომელიც აჩვენებს მოძრაობის მიმართულებას, ზრდის ქართველ ბავშვის მგრძნობელობას სივრცითი მიმართებების მიმართ. (ნ.იმედაძე, ლ.შართავა Motion Verbs in Georgian Children Narratives" "Psychology of Language and Communication" 1999, vol.3 Warshaw). სლობინის მაგალითის მიხედვით "ესპანური და ინგლისური ზმნური სისტემების განსხვავება აიძულებს ესპანურად მოლაპარაკე ბავშვებს იყონ უფრო ყურადღებიანები (more explicit) საგნების მდგომარეობის მიმართ, ხოლო ინგლისელ ბავშვებს-პროცესებისა და სივრცეში მოძრაობის მიმართ" (Slobin & Becqaz 1989).

      სლობინის მიერ მაოპერირებელი პრინციპები უნივერსალური კანონზომიერების პრეტენზიით არის ჩამოყალიბებული. ერთერთ ასეთ უნივერსალიას ფორმის "პერცეპტული გამოკვეთილობა", სიცხადე წარმოადგენს. ამის სადემონსტრაციოდ სლობინი იყენებს მაოპერირებელ პრინციპს "მიაქციე ყურადღება სიტყვის ბოლოს", რომელიც ნიშნავს, რომ ბავშვისათვის უფრო ადვილია შეამჩნიოს და შემდეგ გამოიყენოს სივრცითი მიმართება პოსტმარკერის (დაბოლოების) საშუალებით, ვიდრე სიტყვის წინ მოთავსებული მაჩვენებლით. სლობინი ამის დასადასტურებლად იხილავს უნგრულ-სერბული ორენოვნობის შემთხვევას. მე არ მოვიყვან ამ მაგალითს, რადგანაც ხელთ მაქვს აბსოლუტურად ანალოგიური ქართულ-რუსული ორენოვანი ბავშვის მაგალითი, რომლის მეტყველებაში ანალოგიურ სიტუაციებში ჯერ გაჩნდა ქართული: "ტახტ-ზე", უფრო გვიან რუსული « на стол».უნდა ვიგულისხმოთ რომ ბავშვს სენსომოტორულ აქტივობის გზით დაუფლებული ჰქონდა ეს სივრცითი მიმართება, ხოლო მისი პირველადი სიტყვიერი აღნიშვნა ქართულ ენაზე მეტყველების დროს რუსულად მეტყველების შედარებით სწორედ ქართული ენის თავისებურებამ განსაზღვრა, ანუ ამ ფორმის "პერცეპტულმა გამოკვეთილობამ" (დაბოლოების სახით).

      აქ არ არის შესაძლებელი სლობინის სხვა მაოპერირებელი პრინციპების განხილვა, გადავალ ქართველი ბავშვისთვის სპეციფიკური რამდენიმე გრამატიკული ფორმის ანალიზზე. პირველ რიგში შევეხები მოთხრობითი ბრუნვის ათვისებას, რომელიც არ არსებობს ინდოევროპულ ენებში. მოთხრობითი ბრუნვა ჩართულია სუბიექტ-ობიექტის მიმართებაში, ამ მიმართებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 2 წლის ბავშვისათვის, რომლის ქცევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ე,წ, "სამანიპულაციო აქტივობას" ობიექტებით(რაღაცის აღება, გადაგდება, ჩაცმა და სხვ.). ამიტომ მისი მარკირება გრამატიკული ფორმებით ერთერთი პირველთაგანია. ინგლისურ ენაში მოქმედების ობიექტი ფიქსირდება სიტყვათა წყობით, გერმანულ , სლავურ, თურქულ ენებში აკუზატიური ფორმებით, ე.ი. ობიექტის მარკირებით (მაგალითად, რუსულში - мальчик взял книг -у"). სამანიპულაციო აქტივობის აღწერაში ქართულში გამოიყენება ორგვარი კონსტრუქცია: ნომინაციური აწმყოში, ხოლო ნამყოში გამოიყენება მოთხრობითი ბრუნვა, სადაც მარკირებულია მოქმედების სუბიექტი და არა მოქმედების ობიექტი (ბიჭ- მა აიღო წიგნი"). თუ გავიხსენებთ უკვე მოყვანილ სლობინის მაგალითს ესპანელი და ინგლისელი ბავშვების მიერ ზმნებით ნაკარნახევი საგნების მდგომარეობისადმი თუ მოძრაობისადმი ყურადღების მიქცევის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რომ დედაენა უკარნახებს ბავშვს გარკვეულ ვერბალიზებულ ორიენტაციას. საკვლევია, როგორ გამოიხატება ეს ბავშვის ქცევაში..

      ამრიგად, ქართველი ბავშვის მეტყველებაში ერთერთი პირველთაგანია სწორედ მოთხრობითი ბრუნვაა: "ბებიამ !(მოითხოვს რომ ბებიამ ჩააცვას), "დადომ თითოს"(სანდრომ თვითონ 1;10) "თალიკომ კაკალი მოიტანა (ავალიშვილი 1;9). "ლიკამ გაახა (გამლახა - მართა, 1;8). პარალელურად ჩნდება ნათესაობითი ბრუნვა, რომელიც ადრე მხოლოდ სიტყვების ერთმანეთთან გვერდით მოთავსებით აღინიშნებოდა. სანდროს პირველი 2 სიტყვიანი წინადადება "მამა ბვა (მანქანა), ეხლა გახდა "ბვა მამათი (მამის მანქანა, სანდრო 1,10), "ნანასი არ ალი, დადოსია (ლაპარაკია სანდროს კოვზზე , 1;11). "აი დათის წიგნი" 1;11). "თამაზის ალადი (ავალიშვილი 1;9). რჩება სრული შთაბეჭდილება, რომ ბავშვმა" აღმოაჩინა" მიკუთვნების გამოხატვის გრამატუკული წესი. ან ერვინ-ტრიპის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ბავშვი სწავლობს ისეთ მოქმედებას, თითქოს იცოდეს გრამატიკული წესი".???

      ამავე დროს ჩნდება ზმნების მარკირების პირველი ნიშნები. ადრე გავრცელებული მეორე პირის ხმარება, მაგალითად "გინდა" საკუთარი სურვილის გამოსახატავად, ეხლა პირველ პირს უთმობს ადგილს. წლის და 8 თვის მართა იყენებს დროის, ასპექტის, ვერსიის კომბინაციებს: პირველად ჩნდება იმპერატივი (ბრძანებითი): მომეცი (1,6) მაკოცე (1,7), "მიყურე" (1,8). ოპტატივი (??? თურმეობითი) რომელიც გამოხატავს ბავშვის სურვილს და აქვს ბავშვის ქცევის ვერბალური რეგულაციის მნიშვნელოვანი ფუნქცია: "უდა მოიდე" "უდა გაახო" (განახო, მართა 1,9).

      ორი წლისთვის მართას მეტყველებაში (თამარ ომიაძის ჩანაწერები) დროის, ასპექტის ვერსიების და კილოს მარკერებია დაფიქსირებული . ბრძანებითი კილო აბსოლუტური უპირატესობიდან უთმობს ადგილს აწმყოს და ნამყოს - აღწერას. უკვე დასახელებული "მიშეე" და მაკოცე" ს გარდა ჩნდება " ჩავცურდი", "უდა მოიდე" (1,9) "მივცემ" .

      განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ბავშვი აზოგადებს, ავრცელებს თავის მიერ აღმოჩენილ წესებს.ეს კანონზომიერება ნათლად ჩანს ინგლისელი ბავშვების მეტყველებაში. წარსული დროის რეგულარული ზმნის ტიპიურ დაბოლოებას "ed" ბავშვი ავრცელებს არარეგულარულ ზმნებზეც და ხმარობს: comed, goed , breaked არარსებულ ფორმებს, რომლებიც რეგულარული ზმნების დაბოლოებებს წარმოადგენენ. ზუსტად ასე ქართველი ბავშვი ამბობს: "მამას ვუთხლ -ამ" (ეთერი, 2;6 , უზნაძის მაგალითი).), "მარტო ვიარ -ებ, (სანდრო 2;2). "ვიყიდ - ებ ბურთს" (ილა 2;4), ბავშვი თითქოს ცდილობს თავი აარიდოს გამონაკლისებს და იხმაროს მშობლიური ენისათვის უფრო ტიპური ფორმები. ეს ე.წ. "ზერეგულაცია" ან ფლექსიების იმპერიალიზმი(სლობინი) "წესებზე ორიენტაცია" (ბერკი) გამოხატავს ბავშვის მისწრაფებას დაამყაროს ერთმნიშვნელოვანი კავშირები ფორმასა და ფუნქციას შორის, მცდელობას უფრო რეგულარული გახადოს მშობლიური ენა. "ერიდე გამონაკლისებს!" - ნათქვამია სლობინის ერთერთ მაოპერირებელ პრინციპში (პრინციპი E). სლობინი აყალიბებს ამ კანონზომიერებას უნივერსალურ სტადიურ თანმიმდევრობის სახით : 1) მარკირება არ არის, 2) სწორი მარკირება შეზღუდულ შემთხვევებში, 3) ზერეგულაცია, 4) სრულყოფილი მარკირება (გვ. 189, 1984 წ.). აღნიშნული სტადიები თვალსაჩინოდ ჩანს სლავური ენების მოქმედებით ბრუნვაში და მრავლობითის (მაგ. რუსული ბრუნვითი დაბოლოება "ომ" გავრცელებულია "кушай ложк-ом" человеки»,» одна сахара»). განსკუთრებული სიძნელეები არსებობს არაბულის მრავლობითში, რომელიც გამოირჩევა თავისი არარეგულარით და ამიტომ "პერცეპტულად გამოკვეთილი და ერთმნიშვნელოვანი არ არის".

      ქართული ზმნის ურთულესი ფორმების დაუფლებისას ბავშვი ხშირად ქმნის ახალ სიტყვებს: " საბნის ა-ხურება მინდა". მეორე მაგალითში ბებიას შეთავაზებაზე:" ფაფა გაგიკეთო" სანდრო ამბობს :" არ გაიკეთება" ."ბებია, გადამახტომინე! , შენიშვნაზე: "სანდრო არ ირბინო! - სანდრო პასუხობს: "მე რომ მერბინება!"(სანდრო 2;10), "ფანქრის გათალება არ ვიცი, მე ვიცი გაზოლ ება (ხაზების გავლა). ყველა მოყვანილ მაგალითში აშკაად ჩანს, რომ ბავშვის ეს შემოქმედება ექვემდებარება ენის ზოგად წესებს.

      მშობლიური ენის წესებიდან გამომდინარე ახალი ფორმების შექმნის უნარი ყველა ბავშვს ახასიათებს მეტნაკლებად გარკვეულ პერიოდში. როცა 2ნახევარი,-3 წლის ბავშვს ეუბნებიან "არ არსებობს", ბავშვი, როგორც წესი, პასუხობს, "არა, რსებობს". ამის ფიქსირებას ყველა მშობელი ვერ ახერხრბს. ზოგი მშობელი ასეთ გამონათქვამს როგორც შეცდომას იხილავს და სპონტანურად კორექციას ახდენს.

      ბავშვის მეტყველების კატეგორიებს რომ დავუბრუნდეთ, შევადაროთ უზნაძის 30-იანი წლების მონაცემები ჩვენ 90-იან წლებში დაფიქსირებულ მასალას.

      2-იდან 3 წლამდე ბავშვის მეტყველების შინაარსი:

ცხრილი 2

      პრინციპში ჩვენი მონაცემები თითქმის ემთხვევა უზნაძის ცხრილის გრაფებს . სურვილების რაოდენობის ხარჯზე ჩვენ მონაცემებში გაიზარდა მოქმედების თანმხლები გამონათქვამები: "აი, მე დავწელე" ,"სუფთა ქაღალდზე ვთლი". სურვილის ენისაგან განსხვავებით ეს გამონათქვამები არ ემსახურება კომუნიკაციის ფუნქციას და, პიაჟეს ტერმინები რომ ვიხმაროთ "ეგოცენტრულ მეტყველებას" მიეკუთვნება. უზნაძის მიხედვით ასეთი გამონათქვამები ობიექტური ცნობიერების განვითარებას ემსახურება და აღწერის ენის კატეგორიაში უნდა მოთავსდეს. ჩვენ უბრალოდ გავყავით აღწერის კატეგორია ორად: როგორც მოქმედების თანმხლები და უფროსისადმი მიმართული დანახულის აღწერა. ამრიგად, კატეგორიები და მათი გრამატიკული გამოხატვა ასაკობრივი თავისებურებებით განსაზღვრული,ძირითადად უცვლელი დარჩა. გამონათქვამის შინაარსი კატეგორიების შიგნით, რა თქმა უნდა, შეცვლილია: 2;3, სანდრო ამბობს: "კომპიუტერზე უნდა დავაჭირო თითი" - ასეთი შინაარსები ძალიან ხშირია თანამედროვე ბავშვის სურვილის გამოსახატავად.

      რაც შეეხება მეტყველების განვითარების მე-4 ასპექტს, პრაგმატულ განვითარებას, ანუ სოციალურ კონტაქტში ენის ეფექტიანი გამოყენების უნარს, ის, ჩემი აზრით, სოციალურ განვითარებასთან ტანდემში უნდა იხილებოდეს. განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ეს ჩანს რეფერენციული და ექსპრესიული სტილის ინდივიდუალურ პრეფერენციაში. იაპონელი, ჩინელი ბავშვები უფრო ადრე ითვისებენ სოციალურ ურთიერთობაში მიღებულ ფორმებს, (მადლობის თქმა, მისალმება და სხვ.). ინგლისელები და გერმანელი ბავშვები -პირველადობას ანიჭებენ რეფერენციას ანუ დასახელებას. ქართველები ??? რამდენად ვიცი, სპეციალური კვლევა დიდ მასალაზე ქართველ ბავშვებზე არ ჩატარებულა, ფაქტია, რომ აქ გადამწყვეტ როლს ოჯახის ტრადიცია ასრულებს.ზოგიერთ კულტურაში , მაგ.იაპონიაში თავაზიანი მეტყველების მთელი სისტემა არსებობს და ბავშვები უკვე 2-3 წლიდან ეუფლებიან მას.

      პრაგმატულ განვითარების სფეროში შედის დიალოგის წარმართვის უნარი, ნარატივის უნარი, სოციალური მოლოდინისათვის ენის ადაპტაციის უნარი.ყველა ეს ასპექტი ნაკვლევია. დიალოგი და ნარატივი - თხრობა ჯერ კიდევ კლასიკურ ფსიქოლოგიაში. სხვა ასპექტები კი - სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციოლინგვისტიკის კონტექსტში. არსებოვბს მოსაზრება, რომ ნარატივის გენეტიკური კვლევა ავლენს საინტერესო მიმართებას მეტყველების ფორმას და ფუნქციას შორის, რაც არის მეტყველების განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი. 1996 წელს პოლონეთში ჩატარდა ბავშვთა ნარატივისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია, სადაც, მე პირადად ის მასალაც წარვადგინე, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ქართველი სკოლამდელები ფართოდ იყენებენ ზმნისწინებს მოძრაობის მიმართულების,დინამიკის და ტრაექტორის გამოსახატავად.

      განხილული მასალა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, ბავშვის მეტყველების განვითარება არის ნაზავი იმიტაციის და შემოქმედების, თან ისეთი შემოქმედების, რომელიც ექვემდებარება მშობლიური ენაში არსებულ წესებს. არ შეიძლება არ დავეთახმოთ ცნობილი პოლონელი მკვლევარის მაგდელენა სმოჩინსკას ნათქვამს: "ბავშვის მეტყველება არ არის მოზრდილი ადამიანის მეტყველების არასრულყოფილი განუვითარებელი ვერსია, იგი წესთა თანმიმდევრული სისტემაა, რომელიც ორგანიზებულია თავისებური გზით. აქედან გამომდინარე მასში არ არესბობს შეცდომები, რადგანაც მისი განვითარების ნებისმიერ მომენტში ის ფუნქციობს როგორც სრული მთლიანობა "

      ის, რომ სისტემა მუშაობს, აშკარაა, მაგრამ რა ტიპის ცოდნასთან გვაქვს საქმე? ბავშვმა ხომ არ იცის გრამატიკული წესები და მაინც იყენებს მათ . ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ჰების, ლამბერტის და ტაკერის აზრი : თუ თანამედროვე სწავლის თეორია ვერ ხსნის ბავშვის მიერ ენის დაუფლების მექანიზმს, ეს როდი ნიშნავს, რომ დასწავლა საერთოდ არ ხდება, არამედ თეორიების ნაკლოვანებას ადასტურებს". სლობინის მიერ ჩამოყალიბებული მაოპერაირებელი პრინციპები აღწერს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც დასტურდება ყველა ენაში, და რომელსაც იყენებს ყველა ადამიანი დედაენის ათვისების პროცესში. სლობინის კონცეფცია აღწერს, მაგრამ ვერ ხსნის, რა ტიპის კოგნიტურ მექანიზმთან გვაქვს საქმე, ჩვენი აზრით, ყველაზე ადექვატურად ეს მექანიზმი შეიძლება ახსნილ იქნას განწყობისეული ასახვის კანონზომიერებით. ვუერთდებით დ.რამიშვილს, რომელმაც თავის ძალიან მნიშვნელოვან მოხსენებაში არაცნობიერების ბუნებისადმი მიძღვნილ კონგრესზე (თბილისი, 1978)გა უსვა ხაზი განწყობის ამ ასპექტს: "განწყობაში ხდება ზოგადი ობიექტური მიმართებების წინასწარი, ცნობიერებამდელი ასახვა, რომელიც აძლევს კანონზომიერ ხასიათს ნებისმიერ ამოცანას" ("The Unconscious, Nature, Function, Methods of Study" v.III გვ 184)

ლიტერატურა

  • ა. ავალიშვილი, 1981,ბავშვის მეტყველების განვითარება დაბადებიდან სამ წლამდე, საქ მეცნიერებატა აკადემია, თბილისი
  • გერიგი რ. ზიმბარდო ფ. ფსიქოლოგია და ცხოვრება, 2009, თსუ , თავი 11
  • Hebb,D.Lambert W., Tucker 1971, Language, Though and Experience, The Modern language Journal, vol.LV No.4
  • Ervin-Tripp S. Imitation and Structural Change in Children Language, in Studies in Child language Development, ed.Ferguson and Slobin 1973, Reinhart, N.Y.
  • Imedadze N.Tuite, 1992, The Acquisition of Georgian, inD.Slobin, ed. The Crosslinguistic Study of Language Acquisition, vol 3, 39-111
  • Imedadze Natela, 1991, Crosslinguistic Studies on Child Language, Studia Linguistica, 45, ½, 141-146
  • Imedadze N. Omiadze T. 1997,On the Early Development of Georgian Inflection with Special Emphasis on the Verb, ed.by W.Dressler, Studies in Pre- and Protomormorphology, Verlag der Osterrein. Akad. Der Wissenschaften, Wien, 141-147
  • Imedadze N. 1998, The Role of Preverbs in Georgian Child Language, Children`s Narration, Kazimierz Dolny, Poland
  • Messer D. 1994, The Development of Communication, Wiley
  • Slobin Dan, Cognitive Prerequistes for the Development of Grammar, in Studies of Child language Development, ed.Ferguson and Slobin, 1973 N.Y Reinhart, 175-208
  • Slobin Dan, 1999, How children encode motion events in two types of languages, VIII Congress for the Srtudy of Child Language, SanSebastian
  • Smoczynska Magdalena, The Acquisition of Person deixis in Polish, 1990, V International Congress for the Study of Child Development, Budapest
  • Д.И.Рамишвили, Бессознательное в контексте речевой активности, 1978, Тhe Unconscious, Nature, Function, Methods of Study" v.III Тбилиси
  • უზნაძე დ. ბავშვის ფსიქოლოგია, 2003, გამომც."ქართუ", თბილისი

ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ბერკი, ბიულერი, მეტყველება, უეკერი, უზნაძე, ფსიქოლოგია, შტერნი

ნახვა: 1706

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters