საზოგადოება და კულტურა

საზოგადოება და კულტურა, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      სოციოლოგიურ ლიტერატურაში საზოგადოებასა და კულტურას ხშირად აიგივებენ. მსჯელობენ საზოგადოებაზე და მხედველობაში აქვთ კულტურა, ან პირიქით, კულტურაზე მსჯელობისას საზოგადოებას ახასიათებენ, მაგრამ ამ ორ სოციალურ კატეგორიას შორის არის როგორც საერთო, ისე განმასხვავებელი. ისე, რომ მათი გაიგივება შეუძლებელია. მათ შორის მიმართების გარკვევა მრავალ სიძნელეს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანია ამ ცნებათა მრავალმნიშვნელობადობა. კულტურა ერთ შემთხვევაში გაგებულია, როგორც ადამიანის მიერ შემოტანილი ყველა სახის ღირებულება. სმელზერის მტკიცებით "კულტურა ცხოვრების საერთო წესით დაკავშირებულ ადამიანთა ღირებულებათა სისტემაა" . ასე გაგებული კულტურის მიმართება საზოგადოებასთან განსხვავებულია უფრო ვიწრო მნიშვნელობის კულტურის, მაგალითად, მატერიალური კულტურის (ოგბორნის ტერმინია) საზოგადოებასთან მიმართებისგან. მატერიალური კულტურა გულისხმობს ყველა მატერიალურ საგანს, ტექნოლოგიას და გამოგონებებს. გარდა ამისა, არის სულიერი კულტურის ცნება. მის შიგნით მოიაზრება ელიტური კულტურა, ნატიფი ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის სახით, რომელიც საზოგადოების უმაღლესი ფენებისათვისაა გამიზნული. არის მისი საპირისპირო მასობრივი კულტურაც. ეს კულტურის ისეთი ფორმაა, რომლის ქმნილებანი სტანდარტიზდება და ფართო მასებში ვრცელდება. მნიშვნელობს, აგრეთვე, სუბკულტურისა და კონტრკულტურის ცნებებიც. კულტურის მრავალმნიშვნელოვნების გვერდით, საზოგადოების ცნებაც მრავალმნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა დაკონკრეტდეს კულტურისა და საზოგადოების ცნებების მნიშვნელობა მათი მიმართების გასარკვევად.

      ავტორთა ერთი ჯგუფი საზოგადოებასა და კულტურას შორის მთელისა და ნაწილის მიმართებას ხედავს. დანიელ ბელის მტკიცებით, "საზოგადოება ანალიტიკურად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: სოციალურ სტრუქტურად, პოლიტიკურ სისტემად და კულტურის სფეროდ. პირველი ეკონომიკას, ტექნოლოგიას და დასაქმების სისტემას მოიცავს. პოლიტიკური წყობა ძალაუფლების განაწილებას არეგულირებს და ბოლოს უღებს კონფლიქტებს. კულტურა ექსპრესიული სიმბოლიზმის და გამომსახველობის სამეფოა" . ბელის აზრით, ასეთი დაყოფა სასარგებლოა. რადგან ყოველი ასპექტი განსაკუთრებულ ღერძის პრინციპს ემორჩილება. თანამედროვე დასავლური საზოგადოებისათვის ასეთი ღერძის პრინციპია ეკონომიზაცია, რესურსების გამოყოფის წესი, ძალთა უმცირესი ხარჯვის, შეცვლადობის, ოპტიმიზაციის და ა. შ. პრინციპების შესაბამისად. პოლიტიკური სისტემის ღერძის პრინციპია მონაწილეობა. ზოგჯერ მობილიზებადი ან კონტროლირებადი, ზოგჯერ ქვემოდან მომდინარე. კულტურის ცენტრალური პრინციპია პიროვნების მეობის განხორციელება და სრულყოფა. თუ წარსულში ეს სამი სფერო ერთიანობაში იყო, ბელის აზრით, დღეს მათ შორის დაშორება დიდია და ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდება.

      კულტურისა და საზოგადოების მიმართების ერთ-ერთ ფორმას გიდენსი გვთავაზობს. მისი აზრით, კულტურის ცნების საზოგადოების ცნებისაგან გამოყოფა შესაძლებელია მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მათ შორის მჭიდრო კავშირიც. კულტურას მიმართება აქვს მოცემული საზოგადოების წევრთა ცხოვრების წესთან. მათ ჩვევებსა და ტრადიციებთან. ასევე მათ მიერ წარმოებულ დოვლათთან. საზოგადოება გულისხმობს ურთიერთქმედებათა სისტემას, რომელიც საერთო კულტურისადმი კუთვნილ ადამიანებს აკავშირებს" . როგორც ვხედავთ, კულტურას გიდენსი ადამიანის მთელ ყოფიერებას, სამყაროში მისი ყოფიერების წესს და ყოფიერების შედეგებს უკავშირებს. მაშინ, როცა საზოგადოება ადამიანთა შორის ურთიერთობებზე აქვს დაყვანილი. თუ დავაკვირდებით, ცხოვრების წესი, ადამიანის საქმიანობის შედეგები და წარმმართველი ჩვევები შეუძლებელია მათთან ურთიერთობების გარეშე არსებობდნენ. ისევე, როგორც ურთიერთობანი ვერ იარსებებენ ცხოვრების წესის გარეშე.

      ამიტომ გიდენსი მართებულად აღნიშნავს კულტურისა და საზოგადოების განუყრელობას. "ვერც ერთი კულტურა ვერ იარსებებს საზოგადოების გარეშე და არც ერთ საზოგადოებას არ შეუძლია კულტურის გარეშე არსებობა". მხოლოდ კულტურა გვხდის ადამიანებად. ადამიანები კი საზოგადოებებად ერთიანდებიან. ადამიანის გარდა, სხვა არსებებს არც კულტურა აქვთ და არც საზოგადოებრივი ცხოვრება. თუმცა ისინი ჯოგებად ცხოვრობენ, მაგრამ ეს არაა საზოგადოება. ისე როგორც ზოგიერთი სახეობის ცხოველი ისეთ რამეს ითვისებს, რაც ინსტინქტით არა აქვს მოცემული, მაგრამ ამის გამო ის არ ითვლება სოციალურ და გონიერ არსებად.

      საზოგადოებისა და კულტურის განსხვავება რომ მეტად ძნელია, ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე ფაქტი შეიძლება განვიხილოთ. თუ გიდენსი საზოგადოების სპეციფიკის მაჩვენებლად ურთიერთობათა სისტემას მიიჩნევს, სმელზერი კულტურის ოთხ ელემენტს ასახელებს და აქედან მეორე ურთიერთობანია. ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის ტოინბის თეორიაში სოციალურ ერთობათა გარკვეული ტიპების მიმართ გამოიყენება, როგორც საზოგადოების ისე ცივილიზაციის ცნებები. ეს უკანასკნელი კი კულტურის იდენტურია. თუმცა, ტოინბი ზოგჯერ საზოგადოებას უფრო ფართო მოცულობითად სახავს, ვიდრე კულტურას. ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში კულტურის გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები და ურთიერთობანი შედის . მაგრამ შემდგომ, ანალიზის პროცესში დაადგენს, რომ 21 ისტორიულ კულტურას 19 საზოგადოება შეესაბამება. თანაც პრიმიტიულ საზოგადოებათა გამოკლებით. ტოინბი საზოგადოებებს განიხილავს სახელმწიფოზე უფრო ფართე ერთეულებად და მოითხოვს, რომ "ისტორიკოსმა თავისი ყურადღების ფოკუსირება საზოგადოებაზე მოახდინოს და არა სახელმწიფოზე, რადგან სწორედ საზოგადოებაა ისტორიკოსისათვის საინტერესო სოციალური ატომი" . ისე, როგორც გიდენსთან ტოინბისთანაც საზოგადოება დაკავშირებულია ურთიერთობებთან. მისი მტკიცებით "ისტორიის კვლევას უნდა მივუდგეთ როგორც ადამიანთა ურთიერთობის კვლევას. მისი ნამდვილი საგანია საზოგადოების ცხოვრება როგორც შიდა ისე გარე ასპექტებში . ტოინბი შესაძლებლად მიიჩნევს პრიმიტიულ საზოგადოებათა გარდა ისტორიული კვლევის ინტელიგიბელურ ველებს დამოუკიდებელ და აფიცირებულ საზოგადოებათა სხვადასხვა ტიპებს ცივილიზაციები ეწოდოს. განსხვავებით პრიმიტიულ საზოგადოებათაგან, თუმცა ისინიც ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური ველებია. მისი აზრით, 21 ცივილიზაცია არსებობდა, რომელიც დეტალური ანალიზით შეიძლება 10-ზე დავიყვანიოთ. მაშინ, როდესაც ანთროპოლოგებმა პრიმიტიულ საზოგადოებათა 650 ტიპი აღწერეს.

      ცივილიზაციის პრიმიტიულ საზოგადოებებთან შედარება ისევე შეუძლებელია, როგორც სპილოსი კურდღელთან, ამტკიცებს ტოინბი. ტოინბისთან საზოგადოება და ცივილიზაცია ბევრ რამეში იგივეობრივია, მაგრამ მაინც განსხვავებულია. აღნიშნულიდან ცხადი უნდა იყოს, რომ საზოგადოებისა და კულტურის მიმართებას რთმნიშვნელოვან გადაწყვეტას ვერ მოვუნახავთ. მათ ბევრი რამ აერთიანებთ. თვით ერთიანობაც კი. ტიონისის ენაზე რომ ვთქვათ, საზოგადოება იწყება ერთობიდან და განვითარების გარკვეულ ფაზაზე საკუთრივ საზოგადოებაში გადაიზრდება. ლათინური "societas" - ერთობა, საერთო ურთიერთობანი, სოციო სწორედ გამაერთიანებელია. ერთობა სწორედ იმიტომაა ერთობა, რომ მასში გაერთიანებულთ რაღაც საერთო აქვთ. კოლინგვუდი სვამს კითხვას: "რას ვუწოდებ საზოგადოებას? ის თავისებური ერთობაა, მაგრამ როგორი? ყოველი ერთობა ასეთია პირველ რიგში იმიტომ, რომ მასში რაღაც საერთოა, რომელსაც მისი წევრები იზიარებენ. საზოგადოებაში ეს სოციალური ცნობიერებაა. თუ ადამიანები ის ერთადერთი ცხოველებია, რომლებიც ერთადერთი შეიძლება იყვნენ საზოგადოების წევრები, ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ მათ ერთადერთთ აქვთ და იზიარებენ სოციალურ ცნობიერებას. ანუ რაც იგივეა (რადგან ერთის გარეშე არაა მეორე) ნებელობას" . სოციალური ცნობიერება, რომელიც ერთობას ქმნის, ადამიანებს საზოგადოებაში გადაიყვანს იმით, რომ ნებელობის საფუძველზე ისინი ქმნიან მმართველობას.

      როგორც კოლინგვუდი ამბობს, საზოგადოება "თვითმმართველი ერთობაა". თუ იმავე თვალსაზრისით კულტურას შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საზოგადოების ნიშნები კულტურასაც ახასიათებს. პირველ რიგში კულტურაც ერთობაა. არ არსებობს რობინზონადების კულტურა. კულტურა ყოველთვის სოციალურ ჯგუფებთანაა დაკავშირებული. ეს სოციალური ჯგუფები სოციალური ცნობიერებით ერთიანდებიან. რომელიც ნებელობის შემცველია. და ეს ნებელობა თვითმმართველობას ქმნის. კულტურაში თვითმმართველობა არაა, მაგრამ კულტურაც ინდივიდუალურ ნებელობათაგან სოციალური ნებელობის და მასში შერწყმული ერთიანი ცნობიერების საფუძველზე იქმნება. მოკლედ, კულტურას და საზოგადოებას საერთო ნიშნები აქვთ. მაგრამ მათ შორის განსხვავებაცაა. კულტურა შემოქმედების შედეგია. არა საზოგადოების, არამედ ინდივიდთა. შემოქმედების საწყისი ინდივიდუალურია და არა საზოგადოებრივი. თავისი მნიშვნელობით კულტურა საზოგადოებრივია. ამიტომ ვმსჯელობთ საზოგადოებრივ კულტურაზე ამა თუ იმ ეპოქის ამა თუ იმ საზოგადოების კულტურაზე. ეს ნიშნავს, რომ, თუმცა, კულტურას როგორც შემოქმედებას, ინდივიდუალური საწყისი აქვს, მაგრამ ის საზოგადოების კუთვნილებაა, ისე, როგორც მისი შემოქმედი ინდივიდები იმ საზოგადოებას და ეპოქას ეკუთვნიან, რომელშიც ცხოვრობენ. ინდივიდი ეპოქისა და საზოგადოების კუთვნილებაა მაშინაც, როდესაც მისი შემოქმედება სცილდება ამა თუ იმ ეპოქასა და საზოგადოებას, როდესაც გადალახული აქვს ეროვნული, ეპოქალური თუ საზოგადოებრივი ჩარჩოები და ზოგადსაკაცობრიო განზომილებაში მოძრაობს. სწორედ იმის გამო, რომ ინდივიდი ამა თუ იმ საზოგადოებას თუ ეპოქას ეკუთვნის, შეუძლია მას ამაღლდეს ეპოქასა, სამშობლოსა და სოციალურ ერთობაზე.

      მართებულად აღნიშნავდა უნამუნო: ადამიანის ბუნება უნივერსალურია, სწორია, მაგრამ ეს ცოცხალი, ნაყოფიერი უნივერსალობაა, ის ყოველ ცალკეულ ადამიანს ახასიათებს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შემოსილია ერის რელიგიის, ენისა და კულტურის სხეულით და მათშია დაფუძნებული, მაგრამ არა რუსოისტების საზოგადოებრივი ხელშეკრულების მონაწილის აბსტრაქტულ თვისებებში. განა უნივერსალურნი არ არიან გენიოსები, რომელნიც ინდივიდუალურსა და დროებითში მარადიულს გადაგვიშლიან? შექსპირი, დანტე, სერვანტესი, იბსენი კაცობრიობის საკუთრებანი არიან, სწორედ იმის გამო, რომ ერთი მათგანი იყო ინგლისელი, მეორე ფლორენტიელი, მესამე კასტილიელი, მეოთხე ნორვეგიელი. დანტე სამყაროს და საუკუნეთა მოქალაქე გახდა სწორედ იმიტომ, რომ მეთოთხმეტე საუკუნის ყველა იტალიელზე უფრო იტალიელი იყო. მან თავისი განახორციელა და მარადიული გახადა ადამიანი ყველა დროისა და ხალხთა ადამიანის ტიპი... რა თქმა უნდა, არსებობს კოსმოპოლიტური პოეზია. პოეზია ერის, რელიგიის და განსაზღვრული კულტურის გარეთ... ისე, როგორც არსებობს სათბურის ყვავილები, მშვენიერნი, როგორც ნამდვილნი და სურნელოვანნიც კი, მე ამას არ უარვყოფ, ღმერთო, მიხსენი, მაგრამ ასეთი პოეზია არსებობს მხოლოდ მეორეს ჩრდილში. თუ მას მივანდობდით საკუთარ თავს, მაშინვე დაიღუპებოდა, იმიტომ, რომ ის უნაყოფოა .

      საზოგადოების მდგომარეობა დიდადაა დამოკიდებული კულტურის შემოქმედებით უნარზე. თუ ასეთი უნარი ამოწურულია, საზოგადოება და კულტურა კრიზისშია. თუ შემოქმედებითი უნარი გააჩნია, კულტურა და შესაბამისად საზოგადოებაც აყავავებას განიცდის. არც შემოქმედების უნარი და არც კულტურის აყვავება მატერიალურ ფაქტორებზე არაა დამოკიდებული. სიღატაკის პროცესშიც კულტურა შეიძლება უნახავ სიმაღლეებს აღწევდეს. ის გამოწვეულია იმით, რომ კულტურას გარეგანი ფაქტორები კი არ განსაზღვრავს, იქნება ეს გეოგრაფიული გარემო, მოსახლეობა ან წარმოების დონე და შესაბამისად მატერიალური დოვლათის სიუხვე, არამედ კულტურის შინაგანი კანონზომიერება. მას ავტონომიური განვითარების გზა აქვს, რომელიც არაა დამოკიდებული საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრების დონეზე. ამიტომ მარქსისტებს, რომლებიც კულტურის განვითარებას ეკონომიკას უკავშირებდნენ, ყოველთვის აუხსნელი რჩებოდათ რატომ ყვაოდა კულტურა ძველ საბერძნეთში. რატომ ვერ შექმნა რომმა ისეთი კულტურა, რომელიც საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებმა შექმნეს. თუმცა, რომი უზარმაზარი იმპერია იყო და ცხოვრების მაღალი დონითაც გამოირჩეოდა. საქმე ისაა, რომ ეკონომიკასა და კულტურას შორის არ არის ერთმნიშვნელოვანი კავშირი.

      როგორც აღინიშნა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებისა და კულტურის მიმართების საკითხში. როგორ უნდა გავიგოთ საზოგადოება და კულტურა: როგორც იგივეობრივი, როდესაც კულტურა ემთხვევა საზოგადოებას - ასეთი თვალსაზრისია გატარებული კენდბრუკის ორტომიან ნაშრომში, რომელსაც ეწოდება საზოგადოება როგორც კულტურა /Geselschaft als Kultur, 1997/, მეორე თვალსაზრისით, საზოგადოება და კულტურა განსხვავებულია, რის შესაბამისად, არსებობს ჰერბერტ მარკუზეს ორტომიანი ნაშრომი სახელწოდებით - კულტურა და საზოგადოება /Kultur und Geselschaft, 1965/, თუ როგორც კენდბრუკი გვათავაზობს, საზოგადოება უნდა განვიხილოთ როგორც კულტურა და მათ შორის განსხვავებას არა აქვს ადგილი? მარკუზეს მიხედვით, საზოგადოება და კულტურა განსხვავებულია, ამიტომ მათ შორის კავშირი კონიუნქციით გამოიხატება - არა საზოგადოება როგორც კულტურა, არამედ კულტურა და საზოგადოება. პრობლემის ანალოგიური განხილვის მრავალი მასალა შეიძლება მოიძებნოს სოციოლოგიაში. ტალკოტ პარსონსიც ამ განზომილებაში მოძრაობს, როდესაც ის სოციალური მოქმედების შუქზე განიხილავს პიროვნების, საზოგადოებისა და კულტურის მიმართებას, მათ ურთიერთკავშირსა და ურთიერთზეგავლენას. ის ამ ორ კატეგორიას - საზოგადოებას, ანუ სოციალურ სისტემასა და კულტურას - ერთმანეთისაგან განასხვავებს და ამის მრავალი საფუძველი არსებობს. ამ საკითხში მისი თანამოაზრეა კულტურის ანთროპოლოგიის ამერიკელი წარმომადგენელი კრებერი, რომელთან ერთადაც მან გამოსცა ნაშრომი - კულტურა და სოციალური სისტემის ცნება.

      ვფიქრობთ, რომ საზოგადოება წარმოუდგენელია კულტურის გარეშე, ისე, როგორც კულტურა არ წარმოიდგინება და არც არსებობს საზოგადოების გარეშე. ამისდა მიუხედავად, მათ შორის იდენტურობის მტკიცება გაუმართლებელია, რადგან საზოგადოება არის სუბიექტი, სუბსტანცია, ანუ ის, რასაც გარკვეული თვისებრიობა მიეწერება, როგორც აქციდენცია კულტურის სახით. ლოგიკის ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის სუბიექტისა და პრედიკატის მიმართება: სუბიექტია საზოგადოება, რომელიც კულტურითაა პრედიკატიზებული. შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ მსჯელობა სუბიექტის კულტურით პრედიკატიზებაზე, ნიშნავს იმის დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს საწინააღმდეგო პრედიკატის მქონე სუბიექტიც, ანუ საზოგადოება კულტურის გარეშეც. ასეთი დასკვნა არ იქნებოდა მართებული - საზოგადოება თავისი განვითარების პრიმიტიულ საფეხურზეც არ არსებობს კულტურის გარეშე. შემთხვევითი არ იყო ინგლისელი კულტუროლოგისა და ანთროპოლოგის, ედუარდ ტეილორის შრომის სახელწოდება პირველყოფილი კულტურა. იმავე უფლებით, მისთვის შეიძლებოდა პირველყოფილი საზოგადოება გვეწოდებინა. ამდენად, ტეილორის პირველყოფილ კულტურას ეხმიანება მორგანის ძველი საზოგადოება. ორივესთან განხილვის საგანია კულტურის განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი საზოგადოებანი. ის გარემოება, რომ ტეილორი პირველყოფილ კულტურაზე მსჯელობს, არ უარყოფს კულტურისა და საზოგადოების განსხვავებას, უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რამდენად ერთიანია კულტურა და საზოგადოება. ეს კავშირი იმდენად არსებითია, რომ ადამიანები კულტურით ახასიათებენ და აღნიშნავენ კიდეც საზგადოებას.

      კულტურისა და საზოგადოების მიმართება მათი კომპონენტებითაც და არსების გამოვლენის ფორმებითაც სხვადასხვა განზომილებისაა. კულტურა მატერიალურიცაა და სულიერიც. თუმცა, მისი სულიერება ობიექტივირების შემთხვევაში ხდება მატერიალური. საზოგადოება კი ადამიანთა ურთიერთობის სისტემაა. ეს ურთიერთობანი შეიძლება იყოს მატერიალურიც და სულიერიც, მაგრამ მისი მატერიალობა იმ სოციალურ ინსტიტუტებში გამოიხატება, რომელთა გარეშე საზოგადოება წარმოუდგენელია, ხოლო კულტურის მატერიალობა იდეის განხორციელების ფორმაა, ანუ მატერიალურ ნივთებსა და ნაწარმოებებშია რეალიზებული.

ამოსაბეჭდი ვერსია:

საზოგადოება და კულტურა

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2609

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters