ცოლ-ქმარ ეტერპების დუქანი ბურჟუაზიისათვის განკუთვნილი სასაფლაოს ახლოს მდებარეობდა. დარაბები თვალისთვის სასიამოვნო მუქ მწვანედ იყო შეღებილი. ზემოთ, მარჯვნივ ოქროს ასოებით იყო ამოკვეთილი წარწერა: „მარგალიტის, ცელულოიდის, როდოიდის, პლასტმასის, მოელვარე ლითონის გვირგვინები“. ვიტრინის მარცხნივ კი ეწერა:

„რა საჭიროა პარიზში წასვლა,

ჩვენ თქვენ გთავაზობთ გვირგვინებს ლამაზს,

იაფ ფასებში, ნამდვილად, ნაღდად,

ჩვენთან მობრძანდით, ნუ წახვალთ სხვაგან.“

       ეს არ იყო ცრუ დაპირება. მათთან მისული მყიდველი ადრინდელი დანახარჯის უაზრობაში მალევე რწმუნდებოდა. ოცდამეხუთე წელიწადი იწურებოდა, რაც ეტერპების ოჯახი უნარიანად უძღვებოდა მაღაზიის საქმიანობას. ამ ხნის განმავლობაში იმ უბნის სხვა მაღაზიებმა ხელი აიღეს ეტერპებთან კონკურენციაზე. ეს იყო მათი უდავოდ კომერციული ნიჭისა და ხელოვნების შედეგი. ეტერპები მუდამ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მყიდველი კმაყოფილი დარჩენილიყო გამოფენილი ნიმუშების ხარისხითა და ფასით. ისინი არც ახლის გამოგონებაზე იხევდნენ უკან. ქალბატონი ეტერპი სახლის გული და სული იყო. ეს მაღალი, გამხდარი, ძალ-ღონით სავსე მოლაყბე ქალი მართავდა ასევე გამხდარ, სამოციოდე წლის დაბეჩავებულ ქმარს, რომელიც მას მუდამ თვალებში შესციცინებდა. ცოლი დაუძახებდა: ვიქტორ! და იგი ისე შეკრთებოდა, თითქოს იარაღი მიაბჯინეს გულზე, მაგრამ თუ ცოლი თავზე ხელს გადაუსვამდა, ვიქტორი დამნაშავესავით ჩაიძვრენდა თავს მხრებში. მათ გამყიდველი არ ჰყავდათ. ვიქტორი სუსტი აგებულებისა იყო, ამიტომ ქალბატონმა ეტერპმა თავად იტვირთა მძიმე სამუშაო. მას აჰქონდა და ჩამოჰქონდა მძიმე რკინის კარი, აჭედებდა ყუთებს, ბრინჯაოსა და მარმარილოს ნაკეთობანი ქოშინით გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ვიქტორს არ ჰყავდა ბადალი თითბრის დაზგაზე შუშის მარგალიტების აწყობაში. სევდიან, დაღვრემილ ფერებსაც მხიარულად უხამებდა ერთმანეთს. ქალბატონ ეტერპს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა ქმრის საქმიანობა და მეზობლებთან თავს იწონებდა, რომ მის ქმარს ჯადოსნური თითები ჰქონდა. ერთ საღამოს, როცა მუშაობა დამთავრებული იყო და ქალბატონი ეტერპი სალაროში შემოსულ თანხას ითვლიდა, მაღაზიაში შემოვიდა სამოციოდე წლის ძალზედ ფერმკრთალი მოხუცი. ფიქრიანი, სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. უხერხულობის გასაფანტად ქალბატონმა ეტერპმა ტკბილად ჰკითხა:

- რა გნებავთ, ბატონო?

- მე თქვენი გვირგვინების ნახვა მინდოდა.

- მობრძანდით, ბატონო, - ჩაიჩურჩულა ქალბატონმა ეტერპმა სანდომიანი ღიმილით, - გვირგვინები აქ გვაქვს, თქვენ რა ფასიანი გნებავთ?

- ფასს არა აქვს მნიშვნელობა!

       პასუხით კმაყოფილმა ქალბატონმა ეტერპმა მყიდველი ვიტრინისკენ წაიყვანა, სადაც უამრავი გვირგვინი იდო: ლითონისაგან დამზადებული დაფნის გვირგვინები, ხელოვნური ვარდები, უჟანგავი ცისანები, არამსხვრევადი სუროები ადამიანური მწუხარების მარადიულობას გამოხატავდნენ. აქ ყველანაირი გემოვნებისა და შეძლების ადამიანისათვის მოიძებნებოდა გვირგვინები. აქა-იქ მოჩანდა იისფერი ბაფთები, რომლებიც გვირგვინების პირქუშ გროვას აცოცხლებდნენ: „ჩემს სათნო დედას“, „ჩემს საყვარელ ძმას“, „ჩემს ძვირფას მამას“, „ჩემს საუკეთესო ბიძაშვილს“, „ჩემს საყვარელ ძმისშვილს“, „ჩემს ახალშობილ დას“, „ჩემს ერთადერთ და სანუკვარ სიძეს“. ეს ზოგადი ხასიათის მიძღვნები კარგად მიესადაგებოდა ყველა სამგლოვიარო შემთხვევას. უსაზღვრო მწუხარების გამოსახატავად მყიდველის საგანგებო შეკვეთებიც მიიღებოდა.

- როგორც ხედავთ, - თქვა ქალბატონმა ეტერპმა, - ფართო არჩევანია. საჭიროა მხოლოდ...

       ქალბატონი ეტერპი შიშობდა უადგილო, დაჟინებული შეკითხვებით გული არ ეტკინა მყიდველისათვის. იგი ცდილობდა, ყურადღება გასაყიდი საქონლის ხარისხზე გადაეტანა. გაცხოველებული და, ამავე დროს, სევდანარევი მედიდურობით ლაპარაკობდა. უხერხული იყო, მაგრამ სწორედ მყიდველის უბედურებაზე იყო დამყარებული მათი შემოსავალი. ზრდილობიანი სამძიმრის სათქმელად ქალბატონმა ეტერპმა ეშმაკური სიფრთხილით უთხრა:

- ხშირად თავიანთი უბედურებით შეწუხებული მყიდველები ყიდულობენ იმას, რაც პირველად მოხვდებათ ხელში. თუ ნებას დამრთავთ, ამორჩევაში დაგეხმარებით...

- დახმარებას არ ვსაჭიროებ, - მოუჭრა კაცმა.

- ცისანები შორიდან უკეთესი ჩანს, - მშვიდად განაგრძო ქალბატონმა ეტერპმა, - ჩვენი დამზადებული იები მყიდველის თვალს სინაზითა და სინატიფით აჯადოებს. რაც შეეხება ფაიფურის ვარდებს, ახალგაზრდა ასაკის ან გარდაცვლილი ქალისთვის გირჩევდით. სითამამეში ნუ ჩამითვლით და რა ნათესაური კავშირი გაქვთ გარდაცვლილთან?

ამის გაგონებაზე უცნობს სახეზე მწუხარება აღებეჭდა, თვალები გაუშტერდა, ტუჩები მოკუმა, ღრმად ამოისუნთქა და ჩაილუღლუღა:

- ნათესაური კავშირი?

- დიახ, - თქვა ქალბატონმა ეტერპმა, - გარდაცვლილი მამაკაცია თუ ქალი?

- მამაკაცი.

- თქვენი რა არის?

მყიდველმა ცივად შეხედა ქალბატონ ეტერპს.

- ქალბატონო, თქვენი ცნობისმოყვარეობა მეტად საკვირველია!

- ეს ცნობისმოყვარეობა არ არის, - ჩაიბუტბუტა ქალმა, - მე ვალდებული ვარ, გავიგო ვისთვის გნებავთ გვირგვინები: ბიძაშვილისთვის, მამისთვის, ძმისთვის...

უცნობმა ხელი ასწია, რათა ტრაგიკული, დაკითხვის მსგავსი საუბარი შეეწყვიტა, და თქვა:

- თითო-თითო ყველანაირი გვირგვინი!

- ბოდიში? - ჩაიჩურჩულა სუნთქვაშეკრულმა ქალმა.

- თითო-თითო ყველანაირი გვირგვინი, - გაიმეორა კაცმა გაღიზიანებული, ფიცხელი ხმით, - მხოლოდ მამაკაცისთვის. მგონი გასაგებად ვთქვი.

ქალბატონმა ეტერპმა ნერწყვი გადაყლაპა და დასძინა:

- კარგი, ბატონო, მაშ, თქვენ გნებავთ გვირგვინები: „ძვირფასი მამისთვის“, „ძვირფასი ძმისთვის“, „ძვირფასი ძმიშვილისთვის“, „ძვირფასი შვილისთვის“...

- და „ძვირფასი ბიძისთვის“, - აღელვებული სიმკვირცხლით დაუმატა კაცმა, - ძვირფასი ბიძაშვილისთვის, მეგობრისთვის, კოლეგისთვის, მდგმურისთვის, სიძისთვის - ყველა ნათესავისაგან!

კაცის თვალებში ბოროტი ნაპერწკალი აკიაფდა, სისხლმა ყვრიმალები აუწითლა. უეჭველად გიჟი იყო, ან მანიაკი, ან ფანატიკოსი. შეშინებულმა ქალმა უკან, დახლისკენ დაიხია და დაიძახა:

- ვიქტორ! ვიქტორ!

ვიქტორი დუქნის უკან იყო და მისი ხმა ვერ გაიგონა.

- ქალბატონო, თანახმა ხართ მომემსახუროთ? - იკითხა უცნობმა.

- შეგიძლიათ ხვალამდე მოიცადოთ? - ჰკითხა ქალმა.

- არა, დაკავებული ვარ, ძალიან დაკავებული. ტაქსიც დაქირავებული მყავს გვირგვინების წასაღებად. თქვენ თუ უარს მეტყვით, სხვას მივმართავ.

ქალბატონ ეტერპს უამრავმა აზრმა გაურბინა თავში. ნუთუ ამ იშვიათი, ხელხვავიანი მყიდველისთვის მხოლოდ უცნაური ახირებულობის გამო ეთქვა უარი?!

- გელოდებით! - შეახსენა თავი მყიდველმა.

- კარგით, ახლავე მოგემსახურებით! - უპასუხა თავზარდაცემულმა ქალმა. მან გვირგვინები ერთიმეორის მიყოლებით ტაქსში ჩააწყო.

მთელი „ოჯახი“ მოგროვდა მანქანის უკანა სავარძელზე, „მამა“ „სიძეს“ ეხუტებოდა, „ვაჟიშვილმა“ „ბიძაშვილი“ შეავიწროვა.

- როგორც ჩანს, თქვენი ოჯახის ყველა მამაკაცი დაიღუპა კატასტროფაში!

- დიახ, ასეა! - დაეთანხმა უცნობი, - დაუჩქარეთ! ბიძისთვის განკუთვნილი გვირგვინი გაასწორეთ! მე მძღოლის გვერდით დავიკავებ ადგილს.

კაცი წუთით ჩაფიქრდა:

- ერთი გვირგვინი ბაბუასთვისაც მომიტანეთ!

- თქვენ ბაბუაც დაკარგეთ?

- დიახ!

- ძალიან ასაკოვანი იქნებოდა...

- ას წლამდე იყო!

       ქალმა ღრმად ამოისუნთქა, უცნობს ბაბუასთვის განკუთვნილი გვირგვინი და ანგარიში გამოუტანა. მან უსიტყვოდ გაუსწორა ანგარიში ქალბატონ ეტერპს, მანქანაში ჩაჯდა და კარი ხმაურით დაკეტა. ტაქსი დაიძრა. ქალმა ტკივილნარევი მზერა გააყოლა მანქანას, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით მიაქროლებდა უამრავ მიძღვნას.

მაღაზიაში დაბრუნებულმა ქალმა თვალი მოჰკრა ვიქტორს, რომელიც უკანა მხრიდან შემოდიოდა და შარვალს იკრავდა.

- ვიქტორ! - დაიყვირა ქალმა.

ქმარს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, წამწამები დაახამხამა და თქვა:

- გისმენ, ჩემო კარგო!

ცოლმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ვიქტორმა წარბები შეკრა და ჩაიბურტყუნა:

- დალახვროს ეშმაკმა!

- საწყალი კაცი! ნუთუ მართლა დაკარგა კატასტროფაში ოჯახის ყველა წევრი?!

- და შენ გჯერა კატასტროფაზე შეთხზული ამბავი? - ნერვიულად მოუჭრა ვიქტორმა.

- არა, - თქვა ქალბატონმა, - დაჯერება მიჭირს, მაგრამ სხვა ახსნაც ვერ მომიძებნია. იქნებ ჩვენი კოლეგაა და თავის მაღაზიაში ჩვენი ნაკეთობებით ვაჭრობს?

- რას ამბობ, გაგიჟდი? მაშინ ამხელა თანხას რატომ გადაიხდიდა? - თქვა ვიქტორმა, - ფასის დაკლება ხომ არ უთხოვია. სიმართლე სხვაგან უნდა ვეძებოთ, მარტო აღარ დაგტოვებ მაღაზიაში, იქნებ ეს კაცი სადისტი იყო, ჰა?

- სადისტი? - ქალს თვალები გაუფართოვდა.

- პიროვნება, რომელიც გვირგვინებს ყიდულობს თავისი ოჯახის ყველა მამაკაცისათვის, მხოლოდ სადისტი შეიძლება იყოს. უეჭველია, ერთიმეორის მიყოლებით განადგურებას უპირებს და უახლოეს დღეებში ჩვენი მიძღვნები მსხვერპლთა დასაფლავებისთვის გამოადგება.

- რა საშინელებაა! - აღმოხდა ქალბატონ ეტერპს, - რადაც უნდა დაგვიჯდეს, ხელი უნდა შევუშალოთ ამ მკვლელობას.

- სახელი ან მისამართი თუ ჰკითხე?

- არა, არც მიფიქრია!

- ტაქსის ნომერი მაინც თუ დაიმახსოვრე?

- ღმერთმანი, არა!

ვიქტორმა უკმაყოფილების ნიშნად ენა გააწკლაპუნა.

- სიმონს მოველაპარაკოთ, იქნებ მან გვირჩიოს რამე.

       სიმონი, ეტერპების ძმისშვილი, პოლიციელი იყო. იმავე საღამოს ვიქტორმა სახლში მოიწვია, უცნაური საქმე რომ გაეცნო მისთვის. სამივენი სასადილო ოთახში ისხდნენ, მალაგას და ძველი რომის ბოთლები წინ ეწყოთ. სიმონი ძველ რომს სვამდა, ეტერპები - მალაგას. მოისმინა რა ბიძის ნაამბობი, პოლიციელი ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხნის შემდეგ თავი გადააქნია და განაცხადა, რომ ეს, მართლაც, უჩვეულო შემთხვევა იყო, მიუხედავად იმისა, რომ კანონის არც ერთი მუხლი არ უკრძალავდა პიროვნებას, ეყიდა იმდენი სამგლოვიარო გვირგვინი, რამდენიც სურდა. ამიტომ ამ შემთხვევაზე საქმის აღძვრა შეუძლებელი იყო.

- მაგრამ, - გაცხარდა ქალბატონი ეტერპი, - დარწმუნებული ვართ, რომ იმ შეშლილმა წინასწარი განზრახვით იყიდა ამდენი გვირგვინი.

- ჩვენ მას დანაშაულის ჩადენისას დავიჭერთ, - ოხვრით თქვა სიმონმა.

საბრალო ეტერპი ამაოდ უმტკიცებდა ძმისშვილს, რომ თორმეტი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში იყო და ხელისუფლებას აუცილებლად უნდა მიეღო ზომები. სიმონმა ეტერპებს რომი შეუქო, ბოთლი გამოსცალა, ულვაშები მოიწმინდა და თავი ასე დააღწია საუბარს.

პოლიციელი წავიდა, მისმა სიმშვიდემ დაარწმუნა ვიქტორი (რომელიც ამ ფაქტის გამო ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა), რომ ეს შემთხვევა უნდა დაევიწყებინა. ქალბატონი ეტერპი, ქალთა სქესის უმრავლესობის მსგავსად, ვერ ენდობოდა იურიდიულ არგუმენტებს, რის გამოც მთელი ღამე მოუსვენრად გაატარა.

როცა ვიქტორი ცოლის გვერდით მშვიდად ხვრინავდა, ქალმა წყვდიადს მიაშტერა თვალი და ფიქრებში ჩაიძირა. თვალწინ მყიდველის სახე წარმოუდგა და ტკივილი იგრძნო. დაწვრილებით გაიხსენა უცნობის გარეგნობა, ჩაცმულობა და შეწუხდა. ქალმა ფიქრებში უცნობის დანაშაულის, ნამდვილი ხოცვა-ჟლეტის სურათი დახატა: კაცს უამრავი გვირგვინი ერთი ოთახიდან მეორეში ჩუმად, ფეხის წვერებზე გადააქვს, ჩვილ ბავშვებს ახრჩობს, შიგნავს გრძელწვერა ბაბუებს, ბიძებს და ძმისშვილებს სამართებლით ასახიჩრებს, დაძინებულ ძმას თავის ქალას უმტვრევს, თავს სჭრის მამას, ნაწილებად ჭრის ბიძაშვილს, ასაჭურისებს სიძეს და დაღვრილ სისხლში არაადამიანური ხარხარით დატყაპუნობს. მეორე დღეს ქალმა გაზეთების დასტა იყიდა. დარწმუნებული იყო, რომ პირველ გვერდზე იხილავდა ცნობას იმ მკვლელობის შესახებ, რომელიც უკვე წარმოდგენილი ჰქონდა. მან ბევრი ფურცლა გაზეთები, მაგრამ თვითმკვლელობისა და სხვადასხვა შემთხვევითი მკვლელობების გარდა ვერაფერი იპოვა.

„ჩანს, ჯერ არ ჩაუდენია ეს საძრახისი საქმე და შესაფერის დროს ეძებს,“ - ფიქრობდა ქალბატონი ეტერპი. მან დაიფიცა, რომ არ მიივიწყებდა ამ შემთხვევას და რამდენიმე თვის განმავლობაში დილის და საღამოს ყოველდღიურ გაზეთებს ერთგულად და მგზნებარედ კითხულობდა.

       ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოებით მოცულ მყიდველს მკვლელობა არ ჩაუდენია. დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ქალბატონი ეტერპი არ უმხელდა ქმარს თავისი მოუსვენრობის მიზეზს. უფრო მეტიც, განვლილი შიშის გახსენებაზე იგი თვალთმაქცურად იცინოდა ვიქტორთან. სინამდვილეში კი ღრმად სჯეროდა, რომ უბედურება სწორედ მაშინ გამოაშკარავდებოდა, როცა მას ყველაზე ნაკლებ მოელოდნენ. ერთ პარასკევ საღამოს, როცა ვიქტორი სასწრაფო შეკვეთაზე მუშაობდა, ქალბატონმა ეტერპმა პირი კანფეტით ჩაიტკბარუნა, თავზე კრემისფერი მაქმანის მოსახვევი მოირგო და თავისი მაღაზიის წინ გავიდა. არ გასულა ხუთი წუთი და ქალმა მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე დაინახა შავებში გახვეული საფრთხობელა. იგი კედლის გასწვრივ მიდიოდა. თითქოს მუცელში დანამ დაუარაო, ქალბატონი ეტერპი წამოხტა, გასწორდა, გზატკეცილი სწრაფად გადაკვეთა და უცნობს აედევნა. კაცი აინუნშიაც არ იყო, რომ მისდევდნენ. ნელა მიდიოდა. მხრებში საგრძნობლად მოხრილს მკლავები ბარძაყებამდე სწვდებოდა. უცნობი აქეთ-იქით მშვიდად იყურებოდა. ქალბატონი ეტერპი ხედავდა უცნობის უცოდველ სახესა და მანერებს, მაგრამ არ სჯეროდა ამ კომედიის. იგი სიამაყეს გრძნობდა იმის გამო, რომ თავისი მშიშარა ქმრისა და ფანტაზიას მოკლებული ძმისშვილის ჯიბრზე მაინც მიაგნო ამ კაცის კვალს. ქალი ცდილობდა ამ ვაჟბატონის არც ერთი ნაბიჯი არ გამოჰპარვოდა. რადაც უნდა დაჯდომოდა, მას დანაშაული უნდა ეღიარებინა. უცნობი საშუალო კლასის სასტუმროსთან გაჩერდა, ქუდი მოიხადა და შევიდა. ქალბატონი ეტერპიც შეჰყვა. კაცი ქშენით ადიოდა კიბეზე. ქალი კვალდაკვალ მიჰყვა. იქვე კუთხეში მიიმალა და იქიდან უთვალთვალებდა. ის იყო, კაცმა კარი გააღო და ოთახში შესვლას აპირებდა, რომ ქალბატონმა ეტერპმა შესძახა:

- აჰა! შეჩერდი!

კაცი გაშეშდა, ქალს გაშტერებული და პირდაღებული მიაშტერდა.

- ნება მომეცით, შემოვიდე! - თქვა ქალბატონმა ეტერპმა კატეგორიული ტონით და პასუხს არც დალოდებია, ოთახში შეიჭრა. ეს იყო პატარა საკუჭნაო, რომლის კედლები იასამნისფერი ქაღალდით იყო დაფარული. აქ იდგა სპილენძის საწოლი და ლერწმის პირსაბანი. კედლის გასწვრივ საზარლად ეწყო გვირგვინები, რომლებიც ახლო და შორეული ნათესავებისადმი იყო მიძღვნილი.

ქალბატონმა ეტერპმა თვალის ერთი გადავლებით დაადგინა, რომ ამ სამგლოვიარო გვირგვინების ნაკრებს ჯერ არც ერთი არ აკლდა. დროზე მოვედიო, იფიქრა და ნესტოები დაბერა.

- რა გნებავთ, ქალბატონო? - ჩაიჩურჩულა კაცმა და კარის დახურვა დააპირა, - მე თქვენ არ გიცნობთ.

- მე გიცნობთ, - უხეშად უთხრა ქალმა, - თქვენი სახელი?

- მორის ბალოტენი.

- ოჯახური მდგომარეობა?

- მარტოხელა.

- ასაკი?

- 70 წლის, მაგრამ რა უფლებით მეკითხებით ამდენს?

მორის ბალოტენი ქალის წინ იდგა. სახე დამჭკნარი და ნაცრისფერი ჰქონდა, ცხვირი მოჭყლეტილი, სევდიანი თვალები ცრემლებით სავსე. კოსტიუმის ბორტზე აკანკალებული მარცხენა ხელი ედო. ქალბატონმა ეტერპმა გამოჩენილი ავტორების ნაწარმოებებიდან გაიხსენა, რომ ზოგიერთი მოხუცი ამგვარი საცოდავი იერის უკან ძალასა და ვეფხვის მოქნილობას მალავს. საფრთხის მოლოდინში მყოფი ქალი თვალს არ აშორებდა მოხუცის თითებს და როგორც კი კაცმა ნაბიჯი გადადგა კარისკენ, წამოიყვირა:

- არ გაინძრეთ!

- ქალბატონო, მე ჩემს სახლში ვარ და უფლება მაქვს...

- თქვენ არაფრის უფლება არ გაქვთ, ჩემი მადლობელი უნდა იყოთ. ეს გვირგვინები თქვენ ჩემგან იყიდეთ.

ამ სიტყვების გაგონებაზე მორის ბალოტენმა ხელები სახეზე აიფარა, უცებ მუხლები მოეკვეთა. თავის შეუმცდარობაში დარწმუნებული ქალბატონი ეტერპი კი ამაყად განაგრძობდა:

- დიახ, მართალია, თავიდან ვერ მივხვდი თქვენი შენაძენის მიზეზს, მაგრამ მალე დავადგინე სიმართლე. თქვენ სულით მახინჯი... თქვენ დამნაშავე ხართ. გგონიათ არ ვიცი, რა განაჩენს უმზადებთ თქვენს ახლობლებს? პოლიცია უკვე გაფრთხილებულია...

- პოლიცია გაფრთხილებულია? - თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა მორის ბალოტენმა და სკამზე ჩამოჯდა. ქალბატონი ეტერპი ვეღარ ხედავდა მის დანაოჭებულ სახეს. უცებ ტირილის ხმა შემოესმა.

- რა საჭირო იყო პოლიციისთვის შეტყობინება, მე დამნაშავე არა ვარ, გეფიცებით...

- არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, - ირონიით წამოიძახა ქალმა, - ამიხსენით, რისთვის დაგჭირდათ ამდენი გვირგვინი, ვისთვისაა განკუთვნილი ეს მიძღვნები?

კაცმა თავი ასწია. მისი დანაოჭებული და ცრემლებისაგან სველი სახე წვიმაში ნამყოფს ჰგავდა. ცახცახა ტუჩებიდან ყვითელი კბილები მოუჩანდა. მან აღელვებით წაილუღლუღა:

- ეს... ეს საიდუმლოა... მაგრამ მე ყველაფერს გეტყვით, ხომ ხედავთ, მოხუცი ვარ, გულით ავადმყოფი. ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დამრჩა, შეიძლება, რამდენიმე დღისაც... ერთი სიტყვით, მე განუწყვეტლივ ვფიქრობ ჩემს სიკვდილზე, დასაფლავებაზე. ამქვეყნად მარტო ვარ, არც ნათესავები მყავს, არც მეგობრები, არავინ! მე მარტო ვარ!.. წარმოიდგინეთ სამგლოვიარო პროცესია: უპატრონო, გაძარცვული, ყვავილების, გვირგვინების, ჭირისუფლებისა და ესკორტის გარეშე. ამიტომ თვითონ მოვიგონე ნათესაობა... ვიყიდე გვირგვინები. მათი ლენტები გამოხატავენ მწუხარებას ჩემი სახით დაკარგული მამის, ბაბუის, ძმის, შვილის, მეგობრის გარდაცვალების გამო... ასე წინასწარ გავინაღდე მოჩვენებითი ნუგეში ნათესავებისაგან. მანამდე მოწყენილი ვიყავი. ახლა სითბოსა და სიყვარულსაც კი ვგრძნობ, გული დამშვიდებული მაქვს. მგონია, რომ ჩემს სიკვდილს ვიღაც ინანებს, ნამდვილად ინანებს.

აღელვებული ქალბატონი ეტერპი უყურებდა ამ უბედურ კაცს, რომელიც მან დამნაშავედ მიიჩნია და გრძნობდა, რომ ის ნამდვილი პოეტი იყო.

მორის ბალოტენმა თქვა:

- თქვენ ალბათ სულელი გგონივართ, მაპატიეთ...

- ეს მე უნდა მოგიხადოთ ბოდიში, - ამოიოხრა ქალბატონმა ეტერპმა, მოხუცის დამჭკნარ ხელს ხელი ჩასჭიდა და თვალებში შეხედა.

- ხვალ ჩვენთან მობრძანდით სადილად, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.

ამ შემთხვევის შემდეგ მორის ბალოტენი ეტერპების ყველაზე ახლობელი, გულითადი მეგობარი გახდა. იგი რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა. მოხუცი ისე დაკრძალეს, როგორც თვითონ წარმოედგინა. მისი დასაფლავებით ყველა გაკვირვებული იყო: ბალდახინს მხოლოდ ცოლ-ქმარი ეტერპები მიჰყვებოდნენ, სამგლოვიარო მანქანა კი მინის მარგალიტების, სპილენძის ფოთლების, ხელოვნური ვარდებისა და სხვადასხვანაირი ყვავილის მთაში აღარ ჩანდა. გვირგვინების იისფერი ლენტები იტყობინებოდნენ დიდ მწუხარებასა და უსაზღვრო ტკივილს. გვირგვინებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცოლ-ქმარ ეტერპებისაგან მიძღვნილი უზარმაზარი გვირგვინი, მის ლენტზე ოქროს ასოებით ეწერა: „ჩვენს საუკეთესო მყიდველს“.

 

ნახვა: 425

გამოხმაურებები!

:( :(

ველოდი ასეთ დასასრულს :-(

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters