არსით ერთი და სამპიროვანი ღმერთის შესახებ

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ძველი აღთქმა

   ერთი ღმერთის სამპიროვნების ჭეშმარიტება ძველ აღთქმაში მხოლოდ შეფარვით, მინიშნებით არის გამოხატული. სამების შესახებ ძველი აღთქმის ადგიების გაგება და ახსნა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მოციქულიც სწერს იუდეველებს: „არამედ დღინდელ დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუის საბურველი იგი... რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2კორ. 3,15-16; 3,14). აი, ძირითადი ადგილები ძველი აღთქმიდან:

შესაქ. 1,1 და სხვა: სახელი „ელიოჰიმი“ ებრაულ ტექსტში წარმოდგენილია გრამატიკულ მრავლობით რიცხვში.

შესაქ. 1,26 - „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“ - მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის.

შესაქ. 3,22 - „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“ (ღმერთის სიტყვები პირველმშობელთა სამოთხიდან განდევნის წინ).

შესაქ. 11,6-7 - ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ენათა აღრევის წინ: „თქუა უფალმან ღმერთმან: ... მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ“.

შესაქ. 18,1-3 - „ეჩუენა მას (აბრაჰამს) ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა... და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას... და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა. და თქუა: უფალო, უკეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა და ნუ თანა-წარხდები მონასა შენსა“. „ნახეთ - გვასწავლის ნეტარი აგვუსტინე, - აბრაჰამი ხვდება სამს და ეთაყვანება ერთს... დაინახა სამნი და განჭვრიტა სამების საიდუმლო. თაყვანის-სცა როგორც ერთს და აღიარა ერთი, სამპიროვანი ღმერთი“1.

ეკლესიის მამები სამების შესახებ არაპირდაპირ მინიშნებებს შემდეგ ადგილებშიც ხედავენ:

რიცხვ. 6,24-26 - ღმერთის მიერ ნაუწყები და მოსეს პირით გადმოცემული სამღვდელო კურთხევა სამი სახით: „გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ. გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ. მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშვიდობაჲ“.

გამოსვლ. 6,3 - უფლის ტახტის ირგვლივ შემოკრებილ სერაბიმთა დიდებისმეტყველება სამჯერ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!“

ფს. 32,6 - „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი“.

დასასრულ, შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები ძველი აღთქმის გამოცხადებიდან, სადაც ლაპარაკია ძე ღვთისასა და სულიწმიდაზე ცალ-ცალკე:

ძის შესახებ:

ფს. 2,7 - „ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ“;

ფს. 109,3 - „საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ“;

სულიწმიდის შესახებ:

ფს. 142,10 - „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა“;

ეს. 48,16 - „აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი“ და სხვა.

დადასტურებანი წმიდა წერილიდან:

ახალი აღთქმა

ახალ აღთქმაში ღმერთის სამპიროვნება გაცხადდა ძე ღვთისსა მოვლინებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით. მამა ღმერთისაგან დედამიწაზე სიტყვისა და სულიწმიდის გამოგზავნა ახალი აღთქმის მთელი ტექსტის ძირითად შინაარსს შეადგენს. რა თქმა უნდა, სამპიროვანი ერთი ღმერთის ამა სოფლად მოვლინება გადმოცემულია არა დოგმატური ფორმულით, არამედ ყოვლადწმიდა სამების პირთა გამოცხადებასა და ქმედებებზე თხრობით.

ღმერთის სამებობა გაცხადდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ნათლისღების დროს, ამიტომ ეწოდება ნათლისღებას გამოცხადება ღვთისა. როდესაც განკაცებული ძე ღვთისა წყლით ნათელს-იღებდა, მაშინ მამა მის შესახებ ამოწმებდა და მტრედის სახით გამოცხადებული სულიწმიდა ადასტურებდა ღვთიური ხმის ჭეშმარიტებას. ეს მოვლენა ასახულია უფლის ნათლისღების სადღესასწაულო ტროპარში: „რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყუანის-ცემაჲ გამოჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ-გდუა შენ და სულიწმიდა სახითა ტრედისაჲთა დაამტკიცებდა სიტყუისა მის უცთომელობასა...“

ახალი აღთქმის წერილში გვხვდება სამპიროვანი ერთი ღმერთის შესახებ გამონათქვამები, რომლებიც მეტად მოკლედ, მაგრამ ზუსტად გამოხატავენ სამების ჭეშმარიტებას. აი, ისინი:

მთ. 28,19 - „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. წმ. ამბროსი შენიშნავს: „უფალმა ბრძანა, სახელითა და არა სახელებითა იმიტომ, რომ ღმერთი ერთია და არა ორი ან სამი“.

2 კორ. 13,13 - „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისა და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა, ამენ“.

1 ინ. 5,7 - „რამეთუ სამნი არიან, რომელი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან“ (ეს მუხლი არ შემოინახა ძველბერძნულ ხელნაწერებში. იგი მხოლოდ ლათინურ, დასავლურ ნაწერებში გვხვდება). გარდა ამისა, წმ. ათანასე დიდი განმარტავს, რომ აგრეთვე სამებაზეა ლაპარაკი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს შემდეგ ტექსტში: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს (მამა ღმერთ) და ყოველთა მიერ (ძე ღმერთი) და ჩვენ ყოველთა შორის (სულიწმიდა)“ (ეფ. 4,6).

 

ყოვლადწმიდა სამების დოგმატის აღიარება ძველ ეკლესიაში

ქრისტეს ეკლესიის მიერ ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტება მთელი სისავსითა და სისრულით თავიდანვე იქნა აღიარებული. ყოვლადწმიდა სამებისადმი საყოველთაო რწმენაზე ნათლად ლაპარაკობს წმ. ირინეოს ლიონელი, - მოწაფე თვით მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ დამოძღვრილ წმ. პოლიკარპე სმირნელისა: „ეკლესია მთელს მსოფლიოში, ქვეყნის დასალიერამდეა გავრცელებული, ოღონდ სარწმუნოება მან მოციქულთა და მათ მოწაფეთაგან მიიღო. ეს არის სარწმუნოება ერთ ღმერთზე, მამა ყოვლისმპყრობელზე... და ერთ იესო ქრისტეზე, ძე ღვთისაზე, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის ხორცნი შეისხნა და სულიწმიდაზე, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით გვამცნო საღვთო განგებულება ჩვენი გადარჩენისა. მიიღო რა ამგვარად ნაქადაგები და აღიარა რა ასეთი რწმენა, ეკლესია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მთელს მსოფლიოშია განფენილი, გულმოდგინედ იცავს მას... ისე შეთანხმებულად ქადაგებს ამ სარწმუნოებას, თითქოს ეკლესიას ერთი სული და გული ჰქონდეს. ისე ასწავლის და გადასცემს მას თითქოს ერთის პირით წარმოთქვამდეს. მრავალ ენაზე ლაპარაკობენ მსოფლიოში, მაგრამ ეს გადმოცემის ძალას ვერ ცვლის... ეკლესიების წინამძღვართაგან ვერავინ ეწინააღმდეგება ამ სარწმუნოებას, გადმოცემას ვერ შეასუსტებს გამოცდილი თუ ახალბედა მჭერმეტყველი“.

ყოვლადწმიდა სამების კათოლიკე ჭეშმარიტების დასადასტურებლად და ერეტიკოსთაგან მის დასაცავად წმიდა მამებს მოჰყავდათ მაგალითები წმიდა წერილიდან. არც ამას სჯერდებოდნენ და პირველ ქრისტიანთა მოწმობებზე დაყრდნობით, ერეტიკოსთა ბრძნობის გასაქარწყლებლად გონებისმიერ, ფილოსოფიურ მსჯელობებს მიმართავდნენ. ასეთ მოწმობებია:

ა. მაგალითები მოწამეთა და მართალთა, რომელთაც არ ეშინოდათ მტანჯველთა წინაშე ეღიარებინათ რწმენა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა;

ბ. მოციქულთა მოწაფეთა და საერთოდ ადრექრისტიანული ხანის მწერალთა ნაწერები;

გ. საღვთისმსახურო ფორმულირებანი. წმ. ბასილი დიდს მოჰყავს მცირე სადიდებელი: „მასვე (ქრისტეს) მამითურთ და სულიწმიდითურთ პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე“. მისი აზრით, ეს გამოთქმები ეკლესიაში გამოიყენებოდა ზუსტად იმ დროიდან, როცა სახარება გვეუწყა. წმ. ბასილი დიდი აგრეთვე მიუთითებს სამადლობელზე „ნათელი მხიარული“ (სამწუხრო საგალობელი), მას მამათაგან გადმოცემულ „ძველ საგალობელს“ უწოდებს და იქიდან შემდეგი სიტყვები მოჰყავს: „ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა“, რითაც ცხადყოფს ძველი ქრისტიანების რწმენას, რომ სულიწმიდა თანადიდებულია მამასა და ძესთან ერთად3.

არსებობს ეკლესიის ძველ მამათა და მასწავლებელთა მრავალი მოწმობა, რომ ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღეებიდან აღასრულებდა ნათლისღებას მამის, ძისა და სულიწმიდის, როგორც სამი ღვთაებრივი პირის, სახელით. ამასთან ამხელდა იმ ერეტიკოსებს, რომლებიც ნათლავდნენ მარტო მამის (რადგან ძესა და სულიწმიდას უფრო ნაკლებ ღირსებას მიაწერდნენ), ან მამისა და ძის, ანდა მარტო ძის (აკნინებდნენ სულიწმიდის ღირსებას) სახელით. ამას ადასტურებდნენ იუსტინე მოწამე, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, კვიპრიანე კართაგენელი, ათანასე დიდი, ჰილარი პიქტავიელი, ბასილი დიდი და სხვანი.

ამ დოგმატის დასაცავად ეკლესიამ დიდი მღელვარება გადაიტანა და მძიმე ომს გაუძლო. ბრძოლა ჯერ მამა ღმერთისა და ძე ღვითისას თანაარსობისა და თანადიდებულების, შემდეგ კი სულიწმიდის მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან თანასწორობის დასამტკიცებლად წარიმართა.

ძველი პერიოდის ეკლესიის დოგმატური ამოცანა იყო, დაედგინა ყოვლადწმიდა სამების შესახებ ზუსტი ტერმინოლოგიური განმარტებანი და ფორმულირებანი, რომლებიც გამორიცხავდნენ ერეტიკოსთა მხრიდან მათი სხვაგვარად გაგების შესაძლებლობას.

ეკლესიის მამებს სურდათ, რამდენადმე მოერგოთ ყოვლადწმიდა სამების საიდუმლო შინაარსი ჩვენს მიწიერ ცნებებთან, მიეახლოებინათ მიუწვდომელი მისაწვდომთან და ამისთვის ბუნებაში არსებულ და ჩვენთვის ნაცნობ სახეებს იყენებდნენ. აი, ისინი:

ა. მზე, მზის სხივი და ნათელი;

ბ. ფესვი, ღერო და ნაყოფი ხისა;

გ. წყარო, მისგან მოჩუხჩუხე ნაკადული და მდინარე;

დ. ერთიმეორის მიყოლებით დანთებული სამი სანთელი, რომელიც ერთ, განუყოფელ სინათლეს აფრქვევს;

ე. ცეცხლი, მისი ალი და სითბო;

ვ. გონება, ნებელობა, მეხსიერება;

ზ. ცნობიერება, შემეცნება, სურვილი და ა.შ.

აი, რას ამბობს ამგვარ მცდელობათა შესახებ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „რა აღარ განვიხილე საკუთარ თავთან ჩემივე ცნობისმოყვარე ჭკუით; რით აღარ დავტვირთე გონება, სად აღარ ვეძებე ამ საიდუმლოს მსგავსი - ვერაფერი ვპოვე, რითაც შეიძლება ღვთიურ არსებას მიემსგავსოს მიწიერი. თუკი ოდნავ მსგავსებას გამოვძებნი, ხელიდან მისხლტება გაცილებით უფრო აღმატებული და შესადარებლად არჩეულთან ერთად მტოვებს მიწაზე. სხვათა მიბაძვით წარმოვიდგინე წყარო, ნაკადული და მდინარე და განვსაჯე: ხომ არ ჰგავს ერთ მათგანს მამა, მეორეს - ძე და მესამეს კი სულიწმიდა? ერთი შეხედვით, თითქოს სამი, თვისობრივად განყოფილი: წყარო, ნაკადული და მდინარე განუყოფელია დროში და უწყვეტია მათი თანამყოფობა. მაგრამ ჯერ ერთი, შემეშინდა, არ დამეშვა ღმერთში რაღაც განუწყვეტელი დინების არსებობა; მეორეც, რომ ამგვარი შედარებით არ შემომეტანა რიცხობრივი ერთობა - წყარო, ნაკადული და მდინარე რიცხობრივად ერთია, ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში განსხვავდებიან. განსახილველად ახლა მზეს, სხივებსა და სინათლეს მივმართე: მაგრამ აქაც მაქვს შიში, არ წარმოვიდგინო შეუდგენელი ბუნება შედგენილად, რაც მზესა და მისგან გამომავალთ ახასიათებთ. მეორეც - თუ აღიარებ, რომ მამა არის არსება, ამით ხომ არ უარყოფ, რომ დანარჩენი პირები დამოუკიდებელი არსებები არიან და არ აქცევ მათ მამა ღმერთში არსებულ, მაგრამ მასზე დამოკიდებულ ღვთიურ ძალებად. სხივიც და სინათლეც მზე კი არა, რაღაც მისგან გამომავალნი არიან და მზის არსებით თვისებებს წარმოადგენენ. მესამე, რათა ღმერთს ერთდროულად მყოფობა და არმყოფობა არ მიეწეროს (ამ მაგალითმა კი შეიძლება ასეთ დასკვნამდეც მიგვიყვანოს), რაც ზემოთქმულზე უფრო დიდი უგუნურება იქნებოდა... საერთოდ, განხილვისას ვერაფერს ვაწყდები ისეთს, რაც მისაღები მსგავსების არსებობას მაფიქრებინებს, თუ ვინმემ სათანადო კეთილგონიერებით არ გამოაცალკევა რაღაც ერთი და უკუაგდო დანარჩენები. ბოლოს ვასკვნი, რომ უმჯობესია, განუდგე ყველა სახესა და აჩრდილს - ისინი მაცდურნი არიან და ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგანან. ღვთისმოშიშებით უნდა იაზროვნო და დასჯერდე რამდენიმე სახელდებას. სულის მიერ წარმართული, მისგან რა გაცისკროვნებასაც ეზიარები, ბოლომდე დაიმარხე. მასთან (სულთან) ერთად განვლე დღენი, როგორც წრფელ თანამოაზრესა და მოსაუბრესთან. შეძლებიდაგვარად სხვებსაც შთააგონე, რათა თაყვანი სცენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ერთსა ღვთაებასა და ერთსა ძალსა“.

ნახვა: 254

ტეგები: Qwelly, დოგმატი, სამება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A highlight of the Affliction expansion

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 8, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

In conclusion, the introduction of the dodge roll mechanic in Path of Exile 2 marked a significant milestone in the evolution of the ARPG genre. It not only revolutionized combat mechanics but also redefined player engagement and immersion. For me, it was a revelation—a moment that transformed skepticism into belief POE currency trade and paved the way for an unforgettable gaming experience in the world of…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters