ფსიქოლოგიის ისტორია, VII თავი, III ნაწილი

7.4. ზოოფსიქოლოგიის განვითარება

      XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის დასაწყისის ფსიქოლოგიის სურათი არასრული იქნება ზოოფსიქოლოგიაში და შედარებით ფსიქოლოგიაში მიმდინარე კვლევის განხილვის გარეშე. პირველი, როგორც ცნობილია, ცხოველების ფსიქიკას შეისწავლის, ხოლო - მეორე საერთოსა და განმასხვავებელს ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკაში, ახდენს მათი ფსიქიკური ცხოვრების შედარებით ანალიზს. კვლევა-ძიებას ამ მიმართულებით საფუძველი დაუდო ჩარლზ დარვინმა (1809-1882). თავის სახელგანთქმულ თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით“ (1859) მან ჩამოაყალიბა ევოლუციური მოძღვრება, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით „ეპოქის ინტელექტუალურ ფენომენად იქცა და მის გავლენას დაემორჩილა ბიოლოგიაც და ფსიქოლოგიაც“ (ე. ბორინგი). განსაკუთრებით ეს ითქმის მისი სამშობლოს - ინგლისის ფსიქოლოგიაზე. ერთი მხრივ, ამ გავლენამ ფ. ჰალტონის მეშვეობით დიფერენციალურ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა (იხ. თავი 7.2.). მეორე მხრივ, მან დასვა დღის წესრიგში საკითხი ცხოველთა ფსიქიკის შესახებ, ვინაიდან ევოლუციის თეორია მოითხოვს სხვადასხვა სახეობის ცხოველებსა, და შემდგომ, ცხოველებსა და ადამიანს შორის უწყვეტი განვითარების დადასტურებას. იმ დროს კი ჯერ კიდევ კარტეზიანული შეხედულება ბატონობდა, რომლის თანახმად ფსიქიკა, სული აქვს მხოლოდ ადამიანს; ცხოველს ის არ გააჩნია, იგი მხოლოდ ბიოლოგიური მანქანაა; ადამიანსა და ცხოველს შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფსკრულია. ამის საპირისპიროდ, ევოლუციის თეორია უმწვავესად აყენებს ფსიქიკური განვითარების უწყვეტობის პრობლემას.

      დარვინი ფიქრობდა, რომ „არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ადამიანისა და უმაღლესი ძუძუმწოვრების ფსიქიკურ უნარებს შორის“. მას ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ცხოველებს აქვთ მრავალი განცდა ისეთი როგორიცაა ტკივილი, სიამოვნება, უსიამოვნება, სიხარული და ა. შ. ცხოველებს აქვთ მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს და სხვა შეგრძნებებთან დაკავშირებული განცდები, თანაც ხშირად უფრო მძაფრი, ვიდრე ადამიანს. ისინი ხედავენ სიზმრებს და, მაშასადამე, აქვთ წარმოდგენის უნარი. აქედან გამომდინარე, საჭიროა იმის გარკვევა, თუ როგორია, საზოგადოდ, ფსიქიკის თავისებურებანი ფილოგენეზში და როგორ მიმართებაშია ერთმანეთთან ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკური ცხოვრება.

      პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით თავად დარვინმა გადადგა. 1872 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ემოციის გამოსახვა ადამიანსა და ცხოველებში“, დაკვირვებათა მდიდარ მასალაზე და ევოლუციურ კონცეფციაზე დაყრდნობით მან დაასაბუთა ადამიანისა და ცხოველის მთელი რიგი ემოციის (შიში, აგრესიულობა, გაკვირვება და სხვა) გამომხატველ მოძრაობათა წარმოქმნის ერთიანობის თეზისი და მიუთითა მათ შეგუებით მნიშვნელობაზე. დარვინი ლაპარაკობს არა ემოციურ განცდებზე, არამედ გამომხატველ მოძრაობებზე და მიიჩნევს, რომ ადამიანთან ისინი ფილოგენეტურად მიზანშეწონილი და სასარგებლო მოძრაობების ნარჩენებს ანუ რუდიმენტებს წარმოადგენენ. გამძვინვარებული ადამიანის მუშტი, კბილების ღრჭენა, თმების ყალყზე დადგომა და სხვა იმ დროის ქცევის ნიშნებია, როცა იგი მართლაც მუშტებით და კბილებით იბრძოდა, აბურგძვნით კი აშინებდა მოწინააღმდეგეს.

      ამგვარად, დარვინმა აჩვენა მემკვიდრეობითობა და მსგავსება ადამიანსა და ცხოველს შორის ემოციების, სახელდობრ, მათი გამოხატულების სფეროში. ევოლუციური მოძღვრების მოწინააღმდეგენი ხაზს უსვამდნენ ადამიანის გამორჩეულობას, უარყოფდნენ მის რაიმე სახის მსგავსებას ცხოველებთან, პირველ რიგში, გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით. ამიტომ მეორე ნაბიჯი ფსიქიკური თვისებების უწყვეტი განვითარების იდეის დასაბუთების გზაზე უნდა ყოფილიყო იმის ჩვენება, რომ ადამიანის კოგნიტურინტელექტუალური უნარები არის მხოლოდ უმაღლესი წერტილი ფსიქიკის ევოლუციურობისა, და რომ ისინი სულაც არაა უცხო ევოლუციური რიგის უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ცოცხალი არსებებისთვის.

      ეს ნაბიჯი გადადგა დარვინის მეგობარმა და თანამზრახველმა ჯონ რომენესმა (1848-1894). მის ნაშრომს „ცხოველთა ინტელექტი“ (1882) თანამედროვეთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი წიგნი შედარებით ფსიქოლოგიაში. რომანესმა გააანალიზა კოლოსალური მასალა ცხოველთა ქცევის შესახებ, რომელიც სხვადასხვა გზით იყო მიღებული. გამოიყენებოდა მეცნიერული მონაცემებიც (რომანესმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ცხოველთა ქცევის ლაბორატორიული შესწავლა), მაგრამ უფრო ხშირად ავტორი ეყრდნობოდა სხვადასხვა გადმოცემას ცხოველთა ქცევის თაობაზე. რომანესის მიერ ინფორმაციის მოპოვების ტექნოლოგიას ანეკდოტების მეთოდი ეწოდა, რადგანაც იგი იყენებდა არაკვალიფიცირებული პირების ხშირად ტენდენციურ და ამიტომ არასანდო დაკვირვებებს. რომანესი ამ ისედაც საეჭვო მონაცემების ანტროპომორფიზაციას ახდენდა ანუ გადაჭარბებულად მიაწერდა ცხოველებს ადამიანურ თვისებებს. ასეთი რამ მისთვის ალბათ ბუნებრივიც იყო, ვინაიდან მთელი გულისყური მიმართული ჰქონდა იმისკენ, რომ ეჩვენებინა ფსიქიკის უწყვეტობა ცხოველიდან ადამიანამდე და ამისთვის გაფაციცებით ეძებდა ინტელექტის ნებისმიერ გამოვლინებას უმაღლეს ცხოველებში. ფსიქიკური მოვლენები რომანესის მიერ გამოიხატებოდა კლასიკური ასოციაციონიზმის ცნებებით, რომელიც იმ დროს გაბატონებული მიმდინარეობა იყო ინგლისურ ფსიქოლოგიაში. რომანესის მიხედვით, მარტივი იდეები (შეგრძნებები, აღქმები და მათი რეპროდუქციები) ცხოველსა და ადამიანში ერთნაირია. რთული იდეები ანუ ასოციაციის კანონების შესაბამისად მიღებული ფსიქიკური წარმონაქმნები ადამიანის გარდა მხოლოდ ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ცხოველს აქვს, ხოლო ცნებითი იდეები „ადამიანის მონოპოლიური კუთვნილებაა“.

      რომანესი სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა ანეკდოტური მეთოდის არასანდოობის (სუბიექტურობის) და ანტროპომორფიზმისთვის. რომანესი კრიტიკოსებს პასუხობდა, რომ ისინი ამოდიან თანამედროვე, ცივილიზებული, მოზრდილი ადამიანის ცნობიერებიდან და ამიტომ აწყდებიან ბევრ თვისებრივ განსხვავებას ცხოველების ფსიქიკისაგან. მაგრამ თუკი „ჩავალთ ქვევით“ და ადამიანის წინაპრებს (ანთროპოიდებს, პრიმიტიულ ადამიანებს) და ბავშვებს შევადარებთ ცხოველს, მაშინ დავინახავთ, რომ სინამდვილეში განსხვავება რაოდენობრივია და არა თვისებრივი.

      ასეთი მიდგომის ილუსტრაციად შეიძლება განვიხილოთ რომანესის მიერ მისი მეეტლის კატის ქცევის ანალიზი. ამ კატას შეეძლო რამდენიმე მოხერხებული მოძრაობით საჯინიბოს კარის გაღება. აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, რომანესი მიმართავს ე.წ. ანალოგიით ინტროსპექციის მეთოდს ანუ უშვებს, რომ დამკვირვებელში ისეთივე გონებრივი პროცესები მიმდინარეობს, რაც დასაკვირვებელი ცხოველის ფსიქიკაში. ამის შესაბამისად რომანესი მიიჩნევს, რომ „კატებს ასეთ შემთხვევაში აქვთ ზუსტი წარმოდგენა კარის მექანიკური თვისებების თაობაზე; მათთვის ცნობილია, რომ კარის გასაღებად საჭიროა მასზე მიწოლა ... ჯერ ერთი, კატამ უნდა შეამჩნიოს, რომ კარი იღება სახელურის ჩამოწევით და რაზის გაწევით. მეორეც, „გრძნობათა ლოგიკის“ საშუალებით მან უნდა დაასკვნას, რომ ადამიანის ხელით შესრულებული მოქმედებები შეიძლება თათითაც გაკეთდეს. როდესაც კატა წინასწარ გააღებს რაზას და უკანა თათებზე მდგომი აწვება კარს, ეს პროცესი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ადაპტური მსჯელობის შედეგი“. ცხადია, რომ რომანესი ამ მსჯელობაში კატას ადამიანურ თვისებებს მიაწერს (ანტროპომორფიზმი).

      ანეკდოტური მეთოდიდან მომდინარე საფრთხე სავსებით გააცნობიერა გამოჩენილმა ინგლისელმა ბიოლოგმა და ზოოფსიქოლოგმა კონვეი ლოიდმორგანმა (1852-1936). იგი ებრძოდა ცხოველების ადამიანთან მიმსგავსების წრეგადასულ ტენდენციას; ცდილობდა შეექმნა შედარებითი ფსიქოლოგიისთვის უფრო მყარი მეცნიერული საფუძველი და ამით აეწია მისი პრესტიჟი. ამ მიზნით, თავის ცნობილ თხზულებაში „შედარებითი ფსიქოლოგიის შესავალი“ (1894) მან ჩამოაყალიბა ე.წ. მომჭირნეობის კანონი, რომელიც ლოიდ-მორგანის კანონის სახელითაც არის ცნობილი. მისი ავტორისეული ფორმულირება ასეთია: „დაუშვებელია რაიმე მოქმედების უმაღლესი ფსიქიკური უნარების რეზულტატად მიჩნევა, თუკი შესაძლებელია მისი ახსნა ფსიქოლოგიურ რიგში უფრო დაბალი უნარის საფუძველზე“.

      წიგნში უხვადაა მოცემული ავტორის საკუთარი ექსპერიმენტები, რომელთაც შუალედური ხასიათი აქვთ ბუნებრივ პირობებში წარმოებულ დაკვირვებასა და ლაბორატორიულ, ხელოვნურ სიტუაციაში ჩატარებულ დაკვირვებას შორის. თავის ცდებში ლოიდ-მორგანი ერთგვარად ცვლიდა ცხოველის ჩვეულ გარემოს და უყურებდა, როგორ მოიქცეოდა ის უჩვეულო სიტუაციაში, შეძლებდა თუ ვერა, გადაესხვაფერებინა თავისი ქცევა, მოერგო ის ახალი პირობებისთვის. ეს არსებითად დასწავლის კვლევა იყო, დასწავლისა, რომელსაც, ავტორის აზრით, ეფუძნება ცხოველთა დიდი ნაწილის ქცევა. დასწავლა არის ინსტინქტებზე უფრო მაღალი, მაგრამ იდეების დონეზე მიმდინარე რაციონალურ აზროვნებაზე დაბალი პროცესი. იგი მიმდინარეობს ცდისა და შეცდომის გზით. შეცვლილ პირობებში ცხოველი უცებ არ აღწევს საწადელ მიზანს, არამედ მას მერე, რაც ალალბედზე მოსინჯავს სხვადასხვა შესაძლებლობას და შეცდომების შემდეგ მონახავს სწორ მოქმედებას. ცდისა და შეცდომის პრინციპით წარმოებულ მოქმედებაზე ჯერ კიდევ ბეინი ლაპარაკობდა. მაგრამ სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მან ლოიდ-მორგანის გავლენით მიიპყრო. ის ცენტრალური გახდა თორნდაიკისთვის. მან წამოიწყო ცხოველთა დასწავლის სისტემატური კვლევა, რომელიც შემდგომში მთელ ბიჰევიორისტულ ფსიქოლოგიაზე გავრცელდა.

      მთავარი ისაა, რომ ცდისა და შეცდომის პრინციპის მეშვეობით ცხოველის დასწავლა გაიმიჯნა გონიერი მოქმედებისაგან. ლოიდ-მორგანი სწორედ ამას ცდილობდა - არ მომხდარიყო ცხოველთა გონებრივი შესაძლებლობების გადაჭარბული შეფასება და საზღვრის წაშლა ადამიანსა და ცხოველს შორის. ამასთან, იგი, ცხადია, არ უარყოფდა იმას, რომ ცხოველებს აქვთ ფსიქიკა, სხვადასხვაგვარი განცდები და კოგნიტური უნარები, რის გამოც ზოოფსიქოლოგიაში ე.წ. ფსიქოლოგისტური მიდგომის ფუძემდებლად არის მიჩნეული.

      ამავე პერიოდში კიდევ ერთმა დიდმა ბიოლოგმა, ჟაკ ლიობმა (1859-1924) მომჭირნეობის კანონი უკიდურესობამდე მიიყვანა - საერთოდ უარი თქვა რაიმე სახის ფსიქიკურ უნარებზე და ცხოველთა ქცევის ახსნა ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე დამყარებული ე.წ. ტროპიზმებით სცადა. იგი მექანიცისტური მიმართულების ფუძემდებელია, რომელმაც დეკარტისეული მიდგომა ცხოველის ქცევისადმი ანუ ცხოველი-ავტომატის იდეა იმდროინდელი მეცნიერული აზროვნების დონეზე ააღორძინა. ამოდის რა ორგანული სამყაროს ერთიანობის თეზისიდან, ლიობი მიდის ბიოლოგიური აქტივობის ისეთი ფუნდამენტური ფორმის აღიარებამდე, როგორიცაა ტროპიზმი და რომელიც ერთნაირია მცენარისთვის და ცხოველისთვის. ტროპიზმი არის ორგანიზმის იძულებითი ხასიათის მოძრაობა გარკვეული მიმართულებით, გამოწვეული გარეგანი ფიზიკურ-ქიმიური გამღიზიანებლით (სინათლე, გრავიტაცია, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ.). მზესუმზირას თავთავი მზის სინათლის მოძრაობას „მიჰყვება“ (ფოტოტროპიზმი), ხოლო მისი ფესვები ყოველთვის მიმართულია გრავიტაციის ცენტრისკენ ანუ მიწის ზედაპირის პერპენდიკულარულად. ამის მსგავსად, ცხოველური ორგანიზმი, ყოველ შემთხვევაში - უმარტივესი, პირდაპირ მოძრაობს გარკვეული გამღიზიანებლისკენ (დადებითი ტროპიზმი) ან მისგან (უარყოფითი ტროპიზმი). ამ მხრივ ის წააგავს ე.წ. პირობით რეფლექსს, მაგრამ უფრო უნივერასალურია, რადგან სიცოცხლის მცენარეულ ფორმებზეც ვრცელდება. ამდენად, ტროპიზმი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პროტოპლაზმის აქტიური მოქმედების ყველაზე ელემენტარული ერთეული.

      ლიობი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ტროპიზმი ცხოველური ორგანიზმების განვითარების ყველა დონეზე გვხვდება. მაგრამ სხვა მკვლევრთა ექსპერიმენტები იმასაც აჩვენებდნენ, რომ თვით უმარტივესებშიც ტროპიზმები შეიძლება შეიცვალოს - პირობების ვარიაციით შესაძლებელია უარყოფითი ტროპიზმის ჩაქრობა ან დადებითით ჩანაცვლება. ეს ქცევის უნივერსალური პლასტიკურობის და შეგუებითობის მაჩვენებელია. ლიობი, რა თქმა უნდა, იმასაც კარგად უწყის, რომ ცხოველების ქცევითი რეპერტუარი არ ამოიწურება ტროპიზმებით ან სხვა სახის თანდაყოლილი, იძულებითი მოქმედებებით. მაგრამ იგი ცდილობს შეგუების შედეგად შეძენილი (დასწავლილი) ქცევაც ფსიქიკის და მით უმეტეს ცნობიერების ცნებების გარეშე ახსნას. ცხოველურ ორგანიზმს აქვს უნარი, გაარჩიოს გამღიზიანებლები, რაც შეგრძნების ფსიქოლოგიური უნარის ანალოგიაა და შეინარჩუნოს წინა გამღიზიანებლის ზემოქმედება, რაც მეხსიერების ფსიქოლოგიური ფუნქციის ანალოგია. ეს ცოცხალი პროტოპლაზმის ფუნდამენტური თვისებებია. ცხოველი ახალ რეაქციას სწავლობს ამ უნარების წყალობით, რასაც ასოციაიცურ მეხსიერებას უწოდებს. მისი იმიტაცია შეიძლება თუნდაც ხმის ჩამწერი მოწყობილობით, როგორიცაა ფონოგრაფი. ფონოგრაფს აქვს „უნარი“ მიიღოს (გაარჩიოს), ჩაწეროს (შეინახოს) ახალი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ აღადგინოს იგი. ქცევის ვარიაბილობა, ცვალებადობა ასოციაციური მეხსიერების მექანიზმის მოქმედების შედეგია. ის არ მოითხოვს ფსიქიკას და, საბოლოოდ, ორგანული მატერიის თვისებებით არის პირობადებული. ერთი სიტყვით, ლიობი ცხოველის ქცევის ყველა გამოვლინების ახსნას მექანიცისტური თვალსაზრისის საფუძველზე ცდილობს.

      ე.წ. გერმანული ობიექტივისტური სკოლის წარმომადგენლები (ა. ბეერი, თ. ბეტე, ე. ციგლერი, ი. ფონ იუკსკული) არსებითად გაჰყვნენ ლიობის ხაზს და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ცხოველთა ქცევა აღეწერათ ისე, რომ არ მიემართათ არც ფიზიკური და არც ინტროსპექციულ-სუბიექტივისტური ჟღერადობის მქონე ფსიქოლოგიური ცნებებისთვის. ასე მაგალითად, შეგრძნებების ნაცვლად ისინი რეცეფციაზე საუბრობდნენ, ხოლო კონკრეტულად სმენის შეგრძნების ნაცვლად - ფონორეცეფციაზე; მეხსიერების მაგივრად შემოთავაზებულ იქნა ტერმინი „რეზონანსი“ და ა. შ.

      საზოგადოდ, ზოოფსიქოლოგიის, მით უფრო შედარებითი ფსიქოლოგიის, ისტორია სცილასა (მექანიციზმი) და ქარიბდას (ანტროპომორფიზმი) შორის სვლას მოგვაგონებს. აქაა ძირითადი სირთულე. ანტროპომორფიზმი პირდაპირ მიაწერს ცხოველებს ადამიანურ თვისებებს (მსჯელობა, წარმოდგენა, ცნობიერება და სხვა), რასაც ლოგიკურად დასრულებულ ფორმაში ცხოველისა და ადამიანის გაიგივების აბსურდამდე მივყავართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უმრავლეს შემთხვევში მეცნიერული სიმკაცრის, მით უმეტეს, მეცნიერული კეთილსინდისიერების ნაკლებობის გამო არ ხდებოდა. უბრალოდ ~კლასიკურ~ ცნობიერების ფსიქოლოგიას, რომელსაც ეს ორიენტაცია ეყრდნობოდა, არც გააჩნდა სხვა ცნებები გარდა ხატის, წარმოდგენის, მსჯელობის, დასკვნის, ინტელექტისა და ა.შ. ნათელია, რა სურათი დაიხატება, თუ ცხოველის ქცევას ამ ცნებებით აღვწერთ.

      საწინააღმდეგო მიდგომას, მექანიციზმსაც აბსურდამდე მივყავართ. მაგალითად, ნ. მალბრანში ამტკიცებდა, რომ შეიძლება ვაწამოთ ძაღლი და არ მივაქციოთ ყურადღება მის წკმუტუნს, რადგანაც ეს მხოლოდ ცუდად გაზეთილი მექანიზმის ჭრიალიაო. მექანიცისტური მიმართულება გამოხატავდა ბიოლოგთა პროტესტს ტრადიციული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის მიმართ, რომელსაც იმ დროს გაბატონებული პოზიციები ეკავა. ფსიქიკა ცნობიერებასთან იყო გაიგივებული, ხოლო ამ უკანასკნელის შესწავლა აუცილებლობით გულისხმობს ინტროსპექციას. რა შესაძლებლობები რჩება ამ შემთხვევაში ცხოველთა ფსიქოლოგიას? ვინაიდან თვითდაკვირვება აქ გამორიცხულია, უარი უნდა ვთქვათ ცხოველთა ფსიქიკის შესწავლაზე? გამოსავალი თითქოს ერთია - თუ სხვა ადამიანების განცდებს მათთან ჩვენი განცდების ანალოგიის გზით ვწვდებით (ე.წ. ანალოგიით დასკვნა), ცხოველებთანაც იგივე ხერხს უნდა მივმართოთ. ჩავაყენოთ თავი იმავე ვითარებაში, რომელშიც „ინტელექტის მქონე ცხოველია“ მოთავსებული და ჩვენი სულიერი სამყაროს მსგავსად შევაფასოთ მისი ფსიქიკა. როგორც რომანესის შემთხვევაში ვნახეთ, ასეთ მეთოდოლოგიაზე დამყარებული კვლევა აუცილებლად იწვევს ანტროპომორფიზმს. მექანიციზმი მის მიმართ უკიდურეს უარყოფით რეაქციას წარმოადგენს, თუმცა, ცხადია, არც ის ხსნის პრობლემას. ცხოველის მანქანასთან გაიგივება არ არის გამოსავალი.

      ის, თუ რა სიფრთხილეა საჭირო ცხოველების გონებრივი შესაძლებლობების შეფასებისას, ძალიან ნათლად გამოჩნდა ე.წ. ჭკვიანი ჰანსის ისტორიის შემთხვევაში. საუკუნის დასაწყისში მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა მოაზროვნე ცხენზე, სახელად ჰანსი. გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი ფონ ოსტენი შეპყრობილი იყო ჟინით დაემტკიცებინა, რომ ცხენებს აზროვნება შეუძლიათ და ეს არ ჩანს იმიტომ, რომ მათთან არავინ საგანგებოდ არ მეცადინეობს. მან შეიმუშავა სპეციალური სქემა, რომლითაც ასოებს უხამებდა რიცხვით მნიშვნელობებს, რათა ცხენს შეძლებოდა ეპასუხა წინა ფეხის ჩლიქის კაკუნით ან თავის ქნევით. თოთხმეტი წლის გამალებული მეცადინეობის შედეგად ჰანსი აკეთებდა თითქმის ყველაფერს, რაც შეუძლია გიმნაზიაგავლილ თორმეტი წლის მოწაფეს. სახელდობრ, ჰანსი მშვენივრად ფლობდა შეკრება-გამოკლებას, მარტივ მოქმედებებს წილადებით, შეეძლო რიცხვების მესამე ხარისხში აყვანა, კითხულობდა და ადგენდა სიტყვებს, არჩევდა ფერებს, სახეებს ფოტოებზე, დროს საათზე და სხვა.

      რეზონანსი ჰანსის უნარების დემონსტრაციისაგან იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია ამ ფენომენის შესასწავლად. მასში შედიოდნენ სპეციალისტები ცირკიდან, ზოოპარკიდან, ვეტერინარები, კავალერისტები, ფიზიოლოგები და ფსიქოლოგები, კერძოდ, ცნობილი ბერლინელი პროფესორი კ. შტუმფი. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ 1904 წელს კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ჰანსს არავინ არაფერს ჰკარნახობს და რომ ეს რეალობაა და არა მოხერხებული ხრიკი. მაგრამ ეს დასკვნა არ ეთანხმებოდა შტუმფის მეცნიერულ მრწამსს და არ აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას. ამიტომ მან შესთავაზა თავის ერთ-ერთ თანამშრომელს, ოსკარ ფუნგსტს ჩაეტარებინა ამ უცნაური მოვლენის საფუძვლიანი მეცნიერული გამოკვლევა.

      მთელი რიგი ექსპერიმენტის შედეგად ფუნგსტმა დაადგინა, რომ ჰანსის პასუხების სიზუსტე და სისწორე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად კარგად იცნობს ცხენი თავის გამომცდელს, რა მანძილი აშორებს მათ, ახვეული აქვს თუ არა თვალები. მაგრამ, უმთავრესია ის, რომ ცხენს ეშლებოდა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მისმა გამომცდელმა თვითონ არ იცოდა მიწოდებული ამოცანის პასუხი. ფსიქოლოგის შეუპოვარმა მეცადინეობამ საბოლოოდ ახადა საფარველი ჭკვიანი ჰანსის საიდუმლოებას. გაირკვა, რომ პატრონი ან ნებისმიერი გამომცდელი თავისდაუნებურად „ჰკარნახობდა“ ცხენს სწორ პასუხს. ჰანსი ამჩნევდა მათ არაცნობიერ, არაკონტროლირებად მოძრაობებს, თავის დაქნევას, მიმიკის, სუნთქვის სიხშირის სულ უმნიშვნელო ცვალებადობას, პატრონის კისერზე ვენის ფეთქვას, ხოლო თავზე ცილინდრის ერთმილიმეტრიან მოძრაობასაც კი, და იყენებდა ამას, როგორც სიგნალს იმისთვის, რათა დაეწყო ან შეეწყვიტა ჩლიქების ბაკუნი. ჭკვიანი ჰანსის ისტორია დამაფიქრებელია ზოოფსიქოლოგიური წარმოდგენების განვითარების თვალსაზრისით. მართალია, ფსიქოლოგიურმა კვლევამ ამ შემთხვევაში გააქარწყლა მითი ცხოველის (ცხენის) გამორჩეული ადამიანური, ლინგვისტური და მათემატიკური უნარების შესახებ, მაგრამ ამავე დროს გამოავლინა გასაოცარი უნარები შემჩნევისა, გარჩევისა, დასწავლისა და სხვა, რაც გამორიცხავდა ამ ცხოველის მექანიკურ მოწყობილობად განხილვის შესაძლებლობას.

      სწორედ ანტროპომორფიზმის და მექანიციზმის მითების დამსხვრევა დაისახა მიზნად ცხოველთა ქცევის ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა ჰერბერტ ჯენინგსმა (1868-1947). იგი არ ეთანხმებოდა ლიობს და შეუძლებლად თვლიდა უმარტივესების დონეზეც კი ქცევის საკმარისად მრავალფეროვანი და ცვალებადი გამოვლინებების ახსნას მხოლოდ ტროპიზმის მექანიზმით. ეს უკანასკნელი ხომ იმას გულისხმობს, რომ ქცევა გარეგანი სტიმულაციის ცოცხალ პროტოპლაზმაზე პირდაპირი ზემოქმედების შედეგია; ფიზიკურქიმიური გამღიზიანებლები უშუალოდ არ განსაზღვრავენ ორგანიზმის რეაქციებს. მიმართება მათ შორის არაერთმნიშვნელოვანია: ერთი და იგივე გარეგანი აგენტი ორგანიზმის სხვადასხვა მდგომარეობის შესაბამისად განსხვავებულ, ზოგჯერ საპირიპირო რეაქციას იწვევს. მაშასადამე, ხდება რეაგირების მოდელის შერჩევა გარკვეული შინაგანი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც ყოველთვის აშუალებენ გარე გამღიზიანებლისა და ქცევის მიმართებას. ამასთან ერთად, ჯენინგსი წინააღმდეგი იყო ეს შინაგანი ფსიქიკური რეალობა წარმოედგინა ადამიანური ტიპის ცნობიერი ფსიქიკის სახით. თუმცა, ეს არც ისე ადვილი იყო. თავის ყველაზე ცნობილ თხზულებაში „დაბალი ორგანიზმების ქცევა“ (1904) მან აღიარა: „ამებაზე დაკვირვებისას ძლივს ვიკავებდი თავს, რომ მისთვის ცნობიერება არ მიმეწერა“.

      ასეა თუ ისე, ჯენინგსი შეწონასწორებული პოზიციის შემუშავებისკენ მიისწრაფოდა. მისმა შრომებმა უთუოდ შეუწყო ხელი ამერიკაში შედარებითი და ცხოველთა ფსიქოლოგიის გავრცელებას, რომელიც აქ უფრო ობიექტივისტური მიდგომებისკენ იყო მიდრეკილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ობიექტური ფსიქოლოგია - ბიჰევიორიზმი ამერიკაში შეიქმნა და სწორედ ზოოფსიქოლოგიური კვლევებიდან ამოიზარდა. ამერიკაში ასეთი კვლევა გასული საუკუნის დასაწყისში უკვე რვა ლაბორატორიაში მიმდინარეობდა.

      შედარებით ფსიქოლოგიას ნამდვილი ექსპერიმენტული დისციპლინის სახე მისცა ედვარდ თორნდაიკმა. ამ დისციპლინის ამოცანას იგი ხედავდა იმაში, რომ გაეშუქებინა ფსიქიკური ცხოვრების განვითარება მთლიანად და კერძოდ განეხილა ადამიანური უნარ-თვისებების წარმოქმნის საკითხი. მისი თეორიული შეხედულებები სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის დამყარებას ეხებოდა; ამიტომ მის სისტემას კონექციონიზმი ეწოდება („კონექცია“ კავშირს ნიშნავს) და ის ბიჰევიორიზმის წინამორბედად ითვლება, თუმცა, ზოგჯერ ადრეული ბიჰევიორიზმის ფორმადაც განიხილება. ასეა თუ ისე, თორდაიკმა პირველმა მოიყვანა უმაღლესი ცხოველები ლაბორატორიაში და საგანგებოდ შექმნილი მოწყობილობებით აწარმოა მათი ქცევის შესწავლა. თავდაპირველად მის ლაბორატორიას უილიამ ჯეიმსის სახლის სარდაფი ეკავა. ჯეიმსმა აქ შეხიზნა თავისი ცხოველების მოყვარული მოწაფე უამრავ ძაღლთან, კატასთან თუ ქათამთან ერთად, რამაც, ისტორიკოსის თქმით, მისი ცოლის შეძრწუნება, ხოლო შვილების აღტაცება გამოიწვია. აქ შეისწავლიდა იგი ცხოველების ქცევას ე.წ. პრობლემური ყუთის საშუალებით. ეს დანადგარი წარმოადგენდა დახურულ გისოსებიან ყუთს, რომლიდან გამოსვლა შეიძლებოდა ან რაზაზე დაჭერით ან ჯაჭვის გამოქაჩვით. მშიერი კატა ან ძაღლი ცდილობს გამოვიდეს ყუთიდან რათა დაეუფლოს საკვებს, რომელიც გალიის წინ დევს. ამისთვის ის მიმართავს ქაოტურ მოძრაობებს: ცდილობს გაძვრეს ყველა ხვრელში, კბენს ან ფხაჭნის გისოსებს და ა.შ. დროთა განმავლობაში ცხოველი მიაგნებს საჭირო მოძრაობას, აღებს კარს და ეუფლება საჭმელს. შემდგომი ცდების პროცესში შეცდომითი რეაქციების რაოდენობა თანდათანობით კლებულობს და ბოლოს რჩება მხოლოდ სწორი რეაქცია, რომელსაც ცხოველი გალიაში მოხვედრისთანავე მიმართავს. ამავე დროს თორნდაიკმა შექმნა ლაბირინთიც, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ აყუდებული წიგნებისაგან იყო გაკეთებული. ამ ლაბირინთში იგი წიწილებს უშვებდა. ლაბირინთის მეთოდიკა განავითარა სმოლმა (1900) და ამის მერე ის ცხოველების მიერ ახალი რეაქციების დასწავლის კანონზომიერებათა კვლევის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცა.

      თავის სადოქტორო დისერტაციაში „ცხოველთა ინტელექტი, ცხოველთა ასოციაციური პროცესების ემპირიული შესწავლა“ (1898), თორნდაიკი დაასკვნის, რომ დასწავლისას, ანუ ექსპერიმენტული პრობლემის გადაჭრის დროს, ცხოველი არ ფიქრობს იმაზე, რომ იმყოფება „მშიერ ტყვეობაში“, არ განჭვრიტავს, რომ სწორედ ეს მოძრაობა მოუტანს მას წარმატებას და მერე არ მოქმედებს მონახული სწორი რეაქციის შესრულების განზრახვით. მოკლედ, ეს არ არის გონიერი ქცევა. დასწავლა პრობლემურ გალიაში და ლაბირინთში ხორციელდება საჭირო მოძრაობის შემთხვევით მონახვის და არა მიხვედრის ან გაგების გზით. ცხოველები არ აზროვნებენ. მათ არც წარმოდგენები, იდეები აქვთ, ანუ არ გააჩნიათ მეხსიერება რაიმეს ცნობიერად დამახსოვრების და მოგონების მნიშვნელობით. ამ დასკვნამდე ავტორი მიდის ქათმებთან მიბაძვით დასწავლის შეუძლებლობის ფაქტიდან გამომდინარე. ქათამი ვერ სწავლობს მეორე ქათმის მიერ ამოცანის შესრულების ხილვის საფუძველზე. წარმოდგენები რომ ჰქონოდა, ის გაიხსენებდა ნანახს. თორნდაიკი იყენებს ლოიდ-მორგანის მოსაზრებას ცდისა და შეცდომის შესახებ და მას დასრულებული კონცეფციის სახეს აძლევს. ცდისა და შეცდომის პროცესში შემთხვევით მოინახება საჭირო მოქმედება. ეს მოქმედება შემოინახება, განმტკიცდება, დაისწავლება იმის გამო, რომ მას მოჰყვება მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული სიამოვნება. განმტკიცების ამ მექანიზმს ეწოდა ეფექტის კანონი. სიამოვნების ეფექტი აძლიერებს რეაქციას, უსიამოვნებისა - ასუსტებს. მაშასადამე, სიამოვნება სასარგებლო მოქმედების შენარჩუნების ანუ დასწავლის საფუძველია (იხ. თავი 9.1.).

      ეს მნიშვნელოვანი მომენტია. თორდაიკი არ თვლის საჭიროდ ილაპარაკოს კოგნიტურ პროცესებზე ცხოველებთან, მაგრამ იგი არ უარყოფს მათთან ფსიქიკური ცხოვრების სხვა ფორმებს, თუნდაც სიამოვნება-უსიამოვნების განცდებს. მკაცრი ბიჰევიორიზმი კი სრულებით უარს ამბობს რაიმე სახის შინაგანი, სუბიექტური მოვლენების შესწავლაზე არა მხოლოდ ცხოველთან, არამედ ადამიანთანაც. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ფსიქოლოგიამ უნდა იკვლიოს ობიექტურად მოცემული ქცევა. ცხოველების ქცევა ამ მხრივ საუკეთესო მოდელია. ამიტომ სრულებით ბუნებრივია, რომ ბიჰევიორიზმის ოფიციალური ფუძემდებელი ჯონ უოთსონი თავის სამეცნიერო მოღვაწეობას ცხოველთა ფსიქოლოგიის სფეროში იწყებდა. ამ სფეროში მან დაიცვა დისერტაცია (1903), ხოლო 1907 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი წერილი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ თეთრი თაგვების ლაბირინთიდან გამოსვლა მთლიანად „კინესთეტიკურ მეხსიერებაზეა“ დაფუძნებული; მოძრაობასთან დაკავშირებული კინესთეტიკური შეგრძნება ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის გამორიცხვაც მან ვერ მოახერხა ისე, რომ არ გაებათილებინა სწავლის ეფექტი. აქედან დასკვნა: ცხოველის ფსიქიკის გაგება ადამიანის ფსიქიკასთან ანალოგიით არ შეიძლება, რამდენადაც ამ უკანასკნელთან სწორედ მაღალი შეგრძნებებია გადამწყვეტი. ცხოველი კი ახერხებს რთულ სიტუაციებთან შეგუებას მხოლოდ კინესთეტიკური პროცესების მეშვეობით. აქ მთავარია კუნთური მექანიზმი ეფერენტული მოქმედებით და კონტროლით. ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, თუ ბიჰევიორიზმი არის „კუნთების კრუნჩხვის“ ფსიქოლოგია, მის სამშობლოდ უოთსონის ლაბორატორია უნდა ჩაითვალოს (ბორინგი). უოთსონმა ცხოველების ფსიქოლოგიის ობიექტური მეთოდი ადამიანზეც გაავრცელა და ასე შექმნა ბიჰევიორიზმი. აქედან დაიწყო ადამიანის ფსიქოლოგიის ზოოლოგიზაცია, საპირისპიროდ მანამდე გავრცელებული ცხოველთა ფსიქოლოგიის ანთროპომორფიზაციისა. ახლა უკვე ცხოველის ქცევის შესწავლით მიღებული დასკვნები გადაჰქონდათ ადამიანზე. რომანესის „რომანტიკულ ხანაში“ ფსიქოლოგიური კანონების გადატანა ხდებოდა ზემოდან ქვემოთ, ხოლო უოთსონის „მკაცრი მეცნიერების“ პირობებში - ქვემოდან ზემოთ.

      თორნდაიკის მერე ცხოველის ქცევის გაგება ცდისა და შეცდომის თეორიის მიხედვით საკმაოდ გავრცელდა ყოველ შემთხვევაში ამერიკაში, სადაც ბიჰევიორიზმი გაბატონდა. მაგრამ მას არ ჰქონდა საყოველთაო მხარდაჭერა. თავი რომ დავანებოთ ამ მოდელის ადამიანზე გადმოტანის საეჭვოობას, მისი უნივერსალურობის საკითხი თვით ცხოველების დონეზეც ეჭვქვეშ დგება. პირველ რიგში ეს ეხება ევოლუციის კიბის უმაღლეს საფეხურებზე მდგომ ცხოველებს, განსაკუთრებით მაიმუნებს. ადამიანის ქცევა გონიერია. ცხოველი თავის პრობლემებს ცდისა და შეცდომის გზით ანუ შემთხვევით და მექანიკურად წყვეტს. დგება საკითხი მათ შორის აქტივობის გარდამავალი ფორმის არსებობის შესახებ. მისი გადაჭრა ანთროპოიდების ქცევის შესწავლის შედეგად მოხერხდა.

      ამ კვლევას ხელი მოჰკიდა გამოჩენილმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ვოლფგანგ კელერმა. 1913 წელს კელერი კანარის კუნძულებზე მოხვდა, სადაც პირველი მსოფლიო ომის გამო დიდი ხნით მოუწია დარჩენა. აქ იგი ხელმძღვანელობდა ანთროპოიდების შემსწავლელი სადგურის მუშაობას. კელერი, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა თორნდაიკის შეხედულებებს ცხოველების არაგონიერი ქცევის შესახებ, რომელიც ორ ფუნდამენტურ ფაქტს ემყარებოდა: 1) ქცევითი პრობლემის სწორი გადაწყვეტა ფორმირდება თანდათანობით, მრავალჯერადი ცდისა და შეცდომის შედეგად; 2) სწორი გადაწყვეტის შემდეგაც ცხოველი იმეორებს მცდარ მოქმედებებს. ცხადია, რომ გონიერი ქცევის შემთხვევაში საწინააღმდეგო სურათი უნდა იყოს. გონიერი ქცევა მიხვედრას, ამოცანის ამოხსნის წესის უცაბედ წვდომას გულისხმობს. ამ მოვლენას ინსაიტი ეწოდება. ეს არის ქცევითი ამოცანის არსებით მიმართებათა და მთლიანად სიტუაციის მყისიერი და დასწავლიდან გამოუყვანელი გაგება, რითიც მიიღწევა პრობლემის გადაწყვეტა. ის უპირისპირდება პრობლემის გადაჭრის შემთხვევით და „ბრმა“ ხერხს, რომელიც ცდისა და შეცდომის მეთოდშია ნაგულისხმევი.

      კელერის აზრით, თორნდაიკის ცხოველები იძულებულნი იყვნენ მიემართათ ამ ხერხისთვის, რადგან ექსპერიმენტის სიტუაცია მათ სხვა შესაძლებლობას არ უტოვებდა და არა იმიტომ, რომ ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან უნარს სხვაგვარად, სახელდობრ, ინსაიტის გზით გადაწყვიტონ ამოცანა. კელერი აღნიშნავდა, რომ თვით პრობლემური ყუთის კონსტრუქციაა ისეთი, რომ ის აიძულებს ცხოველს იმოქმედოს ცდისა და შეცდომის მეთოდით. ყუთში გამოკეტილი ცხოველი ვერ ხედავს, როგორ მოქმედებს „გამომშვები“ მექანიზმი, მას უბრალოდ არ შეუძლია „იმსჯელოს“ განთავისუფლების გზებზე, ვინაიდან პრობლემის საკვანძო ელემენტები მისგან დაფარულია. სიტუაცია თორნდაიკის ექსპერიმენტებში ცხოველს მხოლოდ ქაოტური ცდებისა და შეცდომების საშუალებას უტოვებდა, ამიტომაც მან დასწავლის თანდათანობითი ხასიათი აღმოაჩინა. თორნდაიკმა განაზოგადა თავისი ეს მონაპოვარი და მიიჩნია, რომ ცხოველები ახალ ადაპტურ მოქმედებას მხოლოდ ასეთი გზით ნახულობენ და ითვისებენ.

      კელერი ფიქრობს, რომ ეს დასკვნა არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ ცხოველს მოვათავსებთ ისეთ სიტუაციაში, სადაც მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამოცანის ყველა მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ, იგი სხვაგვარად მიუდგება მის გადაწყვეტას. თავის საყოველთაოდ ცნობილ ცდებში კელერი მაიმუნებს აყენებდა სიტუაციაში, სადაც მათ პირდაპირი გზით არ შეეძლოთ ამოცანის გადაწყვეტა. ამისთვის შემოვლითი გზის გამოყენებაა საჭირო და ესაა გონიერი ქცევის კრიტერიუმი. მის კლასიკურ წიგნში „ადამიანის მსგავსი მაიმუნების ინტელექტის შესწავლა“ (1917) უამრავი ექსპერიმენტული მაგალითია აღწერილი: შიმპანზე პირდაპირ ვერ წვდება ჭერზე ჩამოკიდებულ ბანანს და ამისთვის იყენებს ოთახში დაყრილ ყუთებს, რომელთაც ერთმანეთზე აწყობს. ან კიდევ გალიაში მყოფი მაიმუნი გარეთ შორიახლოს მდებარე ხილს ჯოხის საშუალებით იზიდავს თავისკენ, ხოლო თუ ჯოხი მოკლეა აგრძელებს მას, რისთვისაც ერთ ბამბუკის ჯოხს მეორეში არჭობს. მაიმუნის ქცევაზე დაკვირვება უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ის გონიერად მოქმედებს. უშედეგო პირველი ცდის მერე იგი შეფიქრიანებული ჩანს, გამოხატავს გაკვირვებას, რაც აზროვნების პროცესის დასაწყის ეტაპად ითვლება; გარკვეული ხანი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და შემდეგ, უცბად შეფრთხიალდება, თითქოს იპოვა პასუხი და იწყებს სწორი მოქმედების შესრულებას. ესაა მიხვედრა - აზროვნების პროცესის დასასრული, რომელსაც ადამიანებთან თან ერთვის ვიურცბურგის სკოლაში დახასიათებული ე.წ. „აჰა განცდა“ (იხ. თავი 7.1.). რაც მთავარია, ინსაიტის მერე ცხოველი შეცდომას აღარ უშვებს. სახეზეა ერთგვარი პრაქტიკული განზოგადება: ახალი ამოცანის ერთჯერადი გადაწყვეტა საკმარისია, რომ ინდივიდი ამ მოქმედებას „ერთხელ და სამუდამოდ“ დაეუფლოს. ერთი სიტყვით, კელერის ცდებში თითქოს აზროვნების პროცესის ყველა არსებითი ნიშანია მოცემული. არავითარი გაწვრთნა, ამ მოქმედებათა გამეორება ამისთვის საჭირო არ არის, რადგან მოქმედება გონიერია. თუ, მაგალითად, შიმპანზე ერთხელ შეძლებს ყუთების გამოყენებას მაღლა დაკიდებული საგნის მისაწვდომად, იგი სხვა ანალოგიურ სიტუაციაშიც უმალვე გამოიყენებს ამ საშუალებას. ამას გადატანა ან ტრანსპოზიცია ეწოდება.

      გონიერი ქცევის მიმდინარეობის სურათი, მისთვის დამახასიათებელი ინსაიტი და ტრანსპოზიცია იმას მოწმობს, რომ იგი აზროვნების პირველი გამოვლინებაა. მას მეტ-ნაკლები ადგილი უკავია ადამიანის ქცევით რეპერტუარშიც. ხოლო ცხოველთა სამყაროში გონიერი ქცევა ალბათ განვითარების მწვერვალია. ის დასტურდება ყველაზე მაღალაგანვითარებულ ცხოველებში - ანთროპოიდებში, როგორც ექსპერიმენტულ, ისე ბუნებრივ პირობებში. გალიაში მყოფი ძაღლის წინ რომ მოათავსოთ ძაფის წვერი, რომლის ბოლოს საკვებია მიბმული, იგი ვერასდროს მიხვდება, რომ ის თავისკენ უნდა მოწიოს და მხოლოდ შემთხვევით თუ გააკეთებს ამას, რის შემდეგაც ანალოგიურ სიტუაციაში ისევ უსუსური აღმოჩნდება. ანთროპოიდი კი მალე მოისაზრებს, როგორ უნდა ჩაიგდოს ხელში საკვები და, შეძლებისდაგვარად სხვა სიტუაციებშიც გამოიყენებს ამ თავის მიგნებას. აქედან გამომდინარე, კელერის ზემოთ მოყვანილი მოსაზრება თორნდაიკის ცდების საწინააღმდეგოდ ბოლომდე მართებული არ უნდა იყოს. ცხოველი მარტო იმიტომ კი არ მიმართავს ცდისა და შეცდომის მეთოდს, რომ ექსპერიმენტული სიტუაცია გონებრივი უნარის გამოვლინების საშუალებას არ აძლევს, არამედ ხშირად იმიტომაც, რომ მას ეს უნარი უბრალოდ არ გააჩნია.

      კელერის დასკვნები არსებითად დაადასტურა შედარებითი ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა რობერტ იერქსმა (1876-1959). იგი ორმოცი წლის განმავლობაში ატარებდა ცდებს კიბოებზე, კუებზე, ბაყაყებზე, მტრედებზე, ყვავებზე, ღორებზე და მაიმუნებზე, რათა ეჩვენებინა ფსიქიკური განვითარების უწყვეტობა ფილოგენზში. მის გამოკვლევებში ფსიქიკის თანდათანობითი განვითარების იდეამ საფუძვლიანი ემპირიული დასაბუთება მოიპოვა. იერქსმა თავისი შთამბეჭდავი კვლევითი და საორგანიზაციო მოღვაწეობა ფლორიდაში პრიმატების შემსწავლელი დიდი ლაბორატორიის შექმნით დაასრულა და პრიმატოლოგიის, როგორც ცოდნის ცალკე დარგის ფუძემდებლის სახელი მოიპოვა. ეს სამეცნიერო ცენტრი ახლაც მუშაობს და მის სახელს ატარებს.

      იერქსის აზრით, უმაღლეს პრიმატებში ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ „რაციონალური“ ფსიქიკის არსებობაზე. მაგრამ ეს ცხოველთა ფსიქიკის განვითარების უმაღლესი დონეა. შედარებით დაბალ საფეხურებზე მათი ფსიქიკა უფრო პრიმიტიულია და სხვა ნიშნებით ხასიათდება. როგორც ყველა შედარებითი ფსიქოლოგისთვის, იერქსისთვისაც საკითხი ცხოველებთან ფსიქიკის კრიტერიუმების თაობაზე ერთობ აქტუალური იყო. მეტიც, ამ საკითხს იგი განსაკუთრებული სიმძაფრით აყენებდა და მიაჩნდა, რომ მას არა მხოლოდ ცხოველის, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იერქსი ასე მსჯელობდა: როცა ვაფასებთ იმას, თუ რა ხდება ცხოველის და სხვა ადამიანის გონებაში, ორივე შემთხვევაში, არსებითად, ვარაუდებიდან ამოვდივართ. ამიტომ „ადამიანის ფსიქოლოგია გადარჩება ან დაიღუპება ცხოველების ფსიქოლოგიასთან ერთად. თუ დაბალი ცხოველების ფსიქიკური ცხოვრების კვლევა უმართებულოა, მაშინ არც ადამიანის ცნობიერების კვლევაა უფრო მართებული“.

      იერქსს მიაჩნდა, რომ ცხოველის ფსიქიკის კრიტერიუმები ორ დიდ ჯგუფად უნდა დაიყოს. პირველში ე.წ. სრუქტურული კრიტერიუმები შედიან: მაგალითად, ცხოველი შეიძლება მივიჩნიოთ ფსიქიკის მატარებლად, რადგანაც აქვს საკმარისად განვითარებული ნერვული სისტემა. სამწუხაროდ, ეს ვერ ჩაითვლება სანდო კრიტერიუმად, ვინაიდან არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა ორგანიზმის მორფოლოგიურ-სტრუქტურული აგებულების სირთულესა და მის „ინტელექტუალობას“ შორის. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანი და სანდოა ე.წ. ფუნქციონალური კრიტერიუმები. ისინი ქცევის ისეთ მახასიათებლებს ეხება, რომლებიც მის გონივრულობაზე მიუთითებენ. მკვლევართა უმეტესობისთვის გონიერების ქცევით გამოხატულებად ცხოველის დასწავლის უნარი ითვლებოდა. ცხოველი, რომელსაც დასწავლა არ შეუძლია, რომელიც ვერ ცვლის თავის ქცევას ახალი ვითარების შესატყვისად, ცოცხალ ავტომატად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ დასწავლა შეგუების ერთ-ერთი ფორმაა. ზოგადად, შეგუების თვისებაში კი, იერქსის მიხედვით, ფსიქიკური მოქმედების მინიმუმ სამი ტიპი (დონე) შეიძლება გამოვყოთ: 1) განმასხვავებელი ფსიქიკა, რომლის მეშვეობით ორგანიზმებს შეუძლიათ ერთი სტიმული მეორისგან გაარჩიონ; ის ყველაზე პრიმიტიულ ცოცხალ არსებებშიც აღინიშნება (მაგ., აქტინიებში); 2) ინტელექტუალური ფსიქიკა, რაც, არსებითად, დასწავლის უნარში ვლინდება; 3) რაციონალური ფსიქიკა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და ცხოველის გონიერი ქცევის სახით გამოიხატება.

      ფსიქიკის და, შესაბამისად, ქცევის სამი დონის გამოყოფა საკმაოდ გავრცელდა ზოოფსიქოლოგიაში. იერქსის მიერ გამოყოფილი განმასხვავებელი ფსიქიკის ნაცვლად, უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ ინსტინქტური ქცევის პლანში განხორციელებულ ფსიქიკაზე, როგორც თანდაყოლილ და სტერეოტიპულ მოქმედებაზე. მას უპირისპირებდნენ ქცევის ცვალებად და შეძენილ ფორმებს; ამ უკანასკნლთ კი - ინტელექტუალურ ქცევას, რომლის დროსაც მოქმედების შეცვლა დასწავლით კი არა, ინსაიტური წვდომით ხდება. ამ შეხედულებას ჩამოყალიბებული სახე მისცა კარლ ბიულერმა კოგნიტური განვითარების ე.წ. სამსაფეხურეობრივ თეორაში, რომელშიც განასხვავა და ერთმანეთს დაუპირისპირა ინსტინქტი, დასწავლა და ინტელექტი.

      თორნდაიკის და შემდგომ ბიჰევიორიზმის გავლენით ამერიკულ ზოოფსიქოლოგიაში, ძირითადად, შეისწავლებოდა ქცევის ახალი ფორმების (ჩვევების) ფორმირების პროცესი (დასწავლა). კვლევა მიმდინარეობდა ლაბორატორიულ პირობებში, უპირატესად ხელოვნურად გამოყვანილ ცხოველებზე (თეთრი ვირთხა). კვლევის მეთოდოლოგიის ამდაგვარი ლაბორატორიულობახელოვნურობა თვით ამერიკელი ზოოფსიქოლოგების ნაწილისთვისაც მიუღებელი იყო. თორნდაიკის ცდების დახასიათებისას ეს პოზიცია ძალიან თვალსაჩინოდ გამოხატა ავტორიტეტულმა ამერიკელმა ზოოფსიქოლოგმა უ. მილზმა: „თორნდაიკი ათავსებს კატებს ყუთებში, რომელთა ზომაა მხოლოდ 20, 15, 12 დიუმი და ელოდება მათგან ბუნებრივ მოქმედებას. ეს იგივეა, რომ გამოკეტო ცოცხალი ადამიანი კუბოში, ჩაუშვა მიწაში მისი ნების გარეშე და მისი ქცევის საფუძველზე გააკეთო დასკვნები ნორმალური ფსიქოლოგიის შესახებ“.

      ამერიკულისაგან განსხვავებით, ევროპული ტრადიიციის მიხედვით, ზოოფსიქოლოგია შეისწავლის ცხოველთა ქცევის ბუნებრივ რეპერტუარს, რომელიც ვლინდება ბუნებრივ (საველე) პირობებში და ცხოველთა სახეობის შეზღუდვის გარეშე. ცხოველთა ქცევის ამდაგვარ კვლევას ე.წ. ეთოლოგია ახორციელებს. თავდაპირველად ორივე მიდგომის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ცხოველების ქცევის ობიექტური შესწავლა მათ მიერ არჩეული გზით უფროა შესაძლებელი. ამიტომ კვლევის ეს ორი მიმართულება ერთხანს შედარებით იზოლირებულად ვითარდებოდა. ორმოცდაათიანი წლებიდან იწყება მათ შორის სერიოზული კონტაქტები და დისკუსია. სპეციალისტები დღეს უკვე მათი ერთგვარი სინთეზის შესახებ საუბრობენ.

      ეთოლოგიის ცნებითი აპარატი თანდათანობით ვითარდებოდა. პირველი თაობის მკვლევარებიდან, რომელთაც XX საუკუნის დასაწყისში ჩაუყარეს საფუძველი ამ მიმართულებას, განსაკუთრებით გამოიყოფა ჩარლზ უიტმენი, ოსკარ ჰეინროტი, იაკობ იუკსკული და უოლეს კრეიგი. ეთოლოგიამ თავის მწვერვალს მიაღწია ავსტრიელი კონდრატ ლორენცის (1903-1989) და ჰოლანდიელი ნიკო ტინბერგენის (1907-1988) კლასიკურ ნაშრომებში, რომლებისთვისაც მათ 1973 წელს, „ფუტკრების ცეკვის“ (ფუტკრების ენის) გამშიფრავ ავსტრიელ კარლ ფრიშთან (1886-1982) ერთად, ნობელის პრემია მიენიჭათ. მათ შეიმუშავეს ცხოველთა ინსტინქტური ქცევის, მისი ონტოგენეტური და ფილოგენეტური განვითარების ახლებური გაგება.

      ჯერ კიდევ კრეიგმა შეამჩნია, რომ ცხოველთა მოქმედება თითქოს ორი ნაწილისაგან შედგება: ე.წ. აპეტიტური (მოსამზადებელი) და კონსუმატორული (დამამთავრებელი) აქტებისაგან. მოქმედების პირველი ფაზა გამოიხატება რაიმე მოთხოვნილებით აქტივირებულ საერთო აღგზნებაში და ცხოველის ძიებით ქცევაში ანუ არამიმართულ გადაადგილებაში, გარემოს გამოკვლევაში. ამ აქტივობის პროცესში ცხოველი, როგორც წესი, წააწყდება ხოლმე ე.წ. ჩამრთველ სტიმულებს, სხაგვარად რელიზერებს, რომლებიც აღძრავენ საკუთრივ ინსტინქტურ მოქმედებას, ან უფრო ხშირად, მოქმედებათა წყებას. მაგალითად, მტაცებლის კვებითი ქცევა იწყება ქაოტური სირბილით და ტერიტორიის გამოკვლევით. ნადავლის გამოჩენა ქცევას ორგანიზებულს ხდის: ცხოველი ჯერ ეპარება, მერე მისდევს და ბოლოს კლავს თავის მსხვერპლს, შემდეგ გლეჯს ნანადირევს და ყლაპავს ხორცს. აქტების ამ რიგში მხოლოდ ორი უკანასკნელი წარმოადგენს საკვების მოპოვების ქცევის დამამთავრებელ, საკუთრივ ინსტინქტურ ფაზას. ყველაფერი, რაც მას წინ უსწრებს, შეიძლება მიეწეროს ძიებით, ანუ არაინსტინქტურ ფაზას.

      ქცევა ყველაზე უფრო პლასტიკურია ძიებით ფაზაში. სწორედ აქ ითვისებს ცხოველი ქცევის ახალ ხერხებს. რაც უფრო ვუახლოვდებით დამამთავრებელ ფაზას, მით უფრო სტერეოტიპული ხდება მოძრაობები; საკუთრივ დამამთავრებელ ფაზაში კი მოძრაობები აბსოლუტურად სტერეოტიპულია, ფიქსირებულია და მაღალორგანიზებული. ამიტომ ეთოლოგიაში მათ ხშირად ინსტინქტურის ნაცვლად უწოდებენ ფიქსირებულ მოძრაობათა კომპლექსს (ფმკ). ყველა სახეობას მისთვის დამახასიათებელი ფმკ აქვს. კვლევის შედეგად ზოგიერთი მათგანისთვის გამოიყო სპეციფიკური ჩამრთველი სტიმულები. ისინი, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული გამღიზიანებლების სახით წარმოგვიდგნენ: გარკვეული ფერის, ფორმის, სუნის, ხმის, მოძრაობის და ა.შ. სახით. რელიზერებს ადარებენ გასაღებს, რომელიც ზუსტად არის მორგებული ბოქლომს (ე.ი. ფმკ-ს). ეთოლოგიაში მათ შეისწავლიან ე.წ. მოდელების - ამ სტიმულებისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე ხელოვნური ობიექტების საშუალებით. რელიზერების გამოჩენისას წყდება ძიებითი აქტივობა და იწყება დამამთავრებელი აქტები ანუ ჩაირთვება ფმკ. ძიებითი და დამამთავრებელი ფაზების თანაფარდობა განსხვავდება სხვადასხვა ცხოველებში. მთავარი კი ის არის, რომ რაც უფრო განვითარებულია ცხოველის ფსიქიკური ორგანიზაცია, მით უფრო გაშლილი და ხანგრძლივია ძიებითი ფაზა, მით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება შეუძლია ცხოველს. ისე კი ფილოგენეტური განვითარების გარკვეული დონიდან მოყოლებული, ცხოველის ფაქტობრივად ყოველ ქცევაში შერწყმულია სახეობისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი და შეძენილი ქცევის ელემენტები.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, დარვინი, თორნდაიკი, იმედაძე, კელერი, ლოიდმორგანი, რომენესი, ფსიქოლოგია

ნახვა: 2150

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOExp WoW Classic: I remember doing it and being like

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 5:24am 0 კომენტარი



However, whatever I'm saying, they're gonna allow it that you've seen in WoW Classic SoD Gold the past in the classic So, if you're a fan of Tos, which by the way, TOS is fun. You can get gladiator through two's, which is kind of cool. You know, why not? It's another thing that's being made which will add to the fact that it's going be different this time around at the time they were able to obtain a number of different…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters