მიტროპოლიტი იეროთოეოს ვლახოსი -  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

 თავი მესამე

გონების, გულისა და აზრთა შესახებ

       აქამდე ნათქვამი ყველაფერი სულის შინაგან ცხოვრებას ეხებოდა. სულის უძლურება და მკურნალობა გონების, გულისა და აზრების მკურნალობაა. ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მსჯელობა. ცალ-ცალკე განვიხილავთ გონებას, გულს და აზრებს. ვფიქრობ, ქვემორე მსჯელობა ჩვენი შინაგანი სამყაროს "ენდოსკოპია" იქნება.

 

 

აზროვნება (λογική) და აზრები

ამ პოსტის თემები:

• აზროვნება (λογική)

• მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი)

• რა არის მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი)

• გულისთქმათა მიზეზი

• გულისთქმათა შედეგები

• გულისთქმათაგან განკურნება

       სულის სნეულებასა და მის კურნებაში უმთავრესი ადგილი უჭირავს აზროვნებას (λογική) და აზრებს. მათში იჩენს თავს ცბიერი. მარტივი აზრები რთულდება და ჩნდება სურვილი, რაც ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებს. ამიტომ მართლმადიდებლური მკურნალობის კურსი უნდა ითვალისწინებდეს აზრების და აზროვნების (λογική) მნიშვნელობას, განვიხილავთ ერთი მხრივ აზროვნებას (λογική) და მეორე მხრივ აზრებს და ვნახავთ, როგორ მიიღწევა ჩვენი სულის განკურნება.

• აზროვნება (λογική)

       ჩვენ შევნიშნეთ, რომ ღვთისგან შექმნილი სული მოაზროვნეა და გონიერი (λογική καὶ νοερά ). წმინდა თალასე წერს: "მოაზროვნე და გონიერი არსება შექმნა ღმერთმა და მას შეუძლია შეცნობა ყველაფრის და თავად მისი (ღმერთის), ხოლო გრძობები და გრძნობიერი მისცა თავის (ადამიანის) სასარგებლოდ". ანგელოზს თუ აქვს გონება და აზროვნება (λογική), ადამიანი არის მიკროკოსმოსი, რომელიც თავის თავში ატარებს მთელ შექმნილ სამყაროს, აქვს აზროვნება (λογική), გონება და გრძნობები. აქედან გამომდინარე ადამიანი ღმერთს შეიცნობს გონებით და აზროვნებით (λογική. სულის მოაზროვნე ენერგია (λογική ἐνέργεια ) უერთდება გონების ენერგიას (νοερά ἐνέργεια). ისინი ერთი და იგივე არ არის. გონებას (νοῦς) და აზროვნებას (λογική) აქვთ სხვადასხვა საქმე. სულზე მსჯელობისას ვნახეთ, რომ იგი ღვთის ხატად არის შექმნილი. ღმერთი სამჰიპოსტასურია: გონება, აზროვნება (λογική) და სული. იგივე ითქმის სულზეც. მას აქვს გონება, აზროვნება (λογική) და სული. სულთან მიმართებით გარკვეული წინაპირობები არსებობს. პირველი წინაპირობა: გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, ადამიანში გაცხადებულ სამების საიდუმლოში იგულისხმება ის, რომ ტრიადოლოგია არ არის "ანთროპომორფული" (ανθρωποµόρφος), არამედ ანთროპოლოგია არს "სამებას შემსგავსებული" (τριαδοµόρφος)". სამება ღმერთს ადამიანით ვერ განვმარტავთ, პირიქით თვით ადამიანი შეიძლება განვმარტოთ სამების საფუძველზე. ამგვარი განმარტება ფსიქოლოგიური ან ადამიანური არ არის. ის გამოცხადებისეულია (აპოკალიფსური), ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს ღვთის გამოცხადების მადლი ეძლევა, (როგორც ამას იღებდნენ წმინდანები) შეუძლია ეს რეალობა შეიცნოს.

       მეორე წინაპირობა: მართალია, ადამიანს აქვს გონება, აზროვნება და სული, სამების მსგავსი, მაგრამ მისი გონება, აზროვნება და სული არ არის ჰიპოსტასები, ისე როგორც ეს წმინდა სამებაშია. ადამიანის გონება, აზროვნება და სული (πνεύµα) სულის ენერგიებია. ეს უკანასკნელი სამი განუყოფელია, მაგრამ არ აქვთ ჰიპოსტასური ხასიათი".

       გონება სულის თვალია, ზოგიერთი მამა მას გულს უწოდებს. აზროვნება (λόγος) არის "გონების თანდაყოლილი, მისი ცოდნა".

       ქრისტე ლოგოსი არის ის, ვინც განაცხადებს გონების ანუ მამის ნებას,, ასევე ადამიანის აზროვნება აცხადებს იმას, რასაც გრძნობს და განიცდის გონება. "ვერ ვიგულისხმებთ ლოგოსს სულის (πνεῦµα) გარეშე, ასევე ადამიანშიც აზროვნება დაკავშირებულია სულთან (πνεῦµα)". სული წმინდა, რომელიც ერთი ჰიპოსტასია და არის "შემოქმედის გამოუთქმელი სიყვარული გამოთქმულად შობილი ლოგოსისადმი", ასევე ადამიანში სული არის გონების მისწრაფება "ჩვენს აზროვნებასთან (λόγος) ერთად დროში გაწელილი და არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისაკენ მოსწრაფე". ეს ყოველივე ითქვა იმიტომ, რომ ადამიანის სულში აზროვნების (λόγος) ადგილი და ღირსება წარმოგვეჩინა. სწორედ აზროვნება (λόγος) გამოხატავს გონების გამოცდილებას და სიცოცხლეს და ეს სულში აღესრულება.

       ბევრი წმინდა მამა მაგ., მაქსიმე აღმსარებელი აზროვნებას უწოდებს ლოგოსურ საწყისს. ადამიანური სიტყვა (λόγος) არის შინაგანიც და გამოთქმულიც. ეწოდება შინაგანი, მაგრამ აქვს გარეგნული გამოხატულებაც; გარეგნული მდუმარება არ ნიშნავს შინაგანი ლოგოსის (სიტყვის) არ არსებობას, წმინდა მამათა ნაწერების შესწავლის საფუძველზე სიფრთხილით შეიძლება დავასკვნათ, რომ შინაგანი და წარმოთქმული სიტყვა დაკავშირებულია გონებასთან, მაშინ, როცა აზროვნება (λογική) გადაჯაჭვულია შემეცნებასთან და ის (აზროვნება) არის ორგანო, რომლითაც გამოითქმება სიტყვა. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მცირე განსხვავებაა სიტყვასა და აზროვნებას (λογική) შორის, ისევე როგორც სიტყვასა და შემეცნებას შორის. წმინდა თალასე გვასწავლის, რომ მოაზროვნეობა (λογική) ნიშნავს აზროვნებისადმი მორჩილებას". მოაზროვნე ადამიანი უნდა დაემორჩილოს აზროვნებას.

       შემეცნება, გრიგოლ პალამას სიტყვებით, არ არის სულის თვალი. სულის თვალი გონებაა. შემეცნება გრძნობად საგნებს შემეცნებადს ხდის. წმინდა მამა წერს: "სულიერ თვალზე გაგონებისას, რომლითაც ზეციური საგანძურის შეცნობა ხდება, ნუ იფიქრებ, რომ ეს შემეცნებაა. ის (შემეცნება) გრძნობადს შემეცნებადს ხდის". ეს სიტყვები ნიშნავს შემდეგს: "ადამიანის შემეცნება კი არა, გონება შეიცნობს ზეციურ საგანძურს. შემეცნება შემეცნებადს ხდის იმას, რასაც გონება განიცდის. უფალი გონებაში ცხადდება და შემეცნება გამოხატავს ამ გამოცდილებას სიტყვიერად.

       ამბობენ, რომ ადამიანი მოაზროვნე (λογικός) არსებაა, აქვს აზროვნება (λογική) და ფიქრობს. წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში მოაზროვნედ ითვლება არა მარტო ის ადამიანი, რომელიც აზროვნებს და გამოთქვამს სიტყვას, არამედ, ის, ვინც აზროვნებით (λογική) "და მოაზროვნე ძალით ეძებს უფალს და მას უერთდება". მოაზროვნეა ის, ვინც განიწმენდს გონებას, სადაც უფალი ცხადდება და შემდეგ ამ შინაგან გამოცხადებას სიტყვით და შემეცნებით გამოხატავს. სხვა შემთხვევაში ადამიანი არ არის მოაზროვნე და არ განსხვავდება პირუტყვი ცხოველებისგან. ცხადია, ასეთ ადამიანს აქვს აზროვნების შესაძლებლობა და აზროვნება, მაგრამ ვერ შეუერთდება ღმერთს, ის მკვდარია. მკვდარი სული აზროვნების სიკვდილის მაჩვენებელია.

       ცოდვით დაცემამდე ადამიანის გონება შეიგრძნობდა ღმერთს და აზროვნება გამოხატავდა გონების გამოცდილებებს. "განწმენდილი გონება საგნებს სწორად ხედავს. "გაწვრთნილი აზროვნება ნანახს სხვების თვალწინ წარმოადგენს".

       წმინდა თალასეს ღმრთისმეტყველებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოაზროვნეობის ნიშანია აზროვნებისადმი მორჩილება, ასევე სხეულის დამორჩილება, მაშინ, როცა "მოაზროვნესთვის შეურაცხყოფაა არამოაზროვნისადმი (ἄλογο) მორჩილება, ანუ სხეულისადმი და ფიქრი მხოლოდ სამარცხვინო სურვილების დაკმაყოფილებაზე". მოაზროვნე სულისთვის "დამღუპველია შემოქმედის მიტოვება და სხეულის თაყვანისცემა". ამგვარად, ცოდვით დაცემამდე ადამიანის გონება უფალთან იყო დაკავშირებული და აზროვნება ცხოვრებისეულ გამოცდილებას შემეცნებით გამოხატავდა, დაცემის შემდგომ სული მოკვდა, რის შედეგადაც სულის შინაგანმა სამყარომ დაკარგა ბუნებრივად ქმედების უნარი. ადამიანის გონება დაბნელდა, დაიფარა ვნებებით და უკუნი სიბნელე გაბატონდა მასზე. აზროვნებას აღარ შეეძლო გონების გამოცდილების გამოხატვა და ის (აზროვნება) გაიგივდა შემეცნებასთან. ასე აზროვნება(λογικό) გონებაზე ამაღლდა და დაცემის შემდეგ ის მეუფებს ადამიანში. სინამდვილეში ეს აზროვნების სნეულებაა. აზროვნება იპერტროფული (ზედმეტად დიდი) გახდა და დაიმორჩილა გონება. ასეთი აზროვნება იქცა სულიერ ორგანიზმში ანომალიის წყაროდ. სწორედ მასში გაბატონდა ამპარტავნება და ეგოიზმის ყველანაირი გამოვლინება. ეს არის სწორედ ანომალია. საგულისხმოა არქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები დაცემული ადამიანის აზროვნების შესახებ. მოვიყვანთ სრულად მის ნათქვამს: "სულიერი ბრძოლა მრავალნაირია, მაგრამ ყველაზე მძიმეა ამპარტავნებასთან ბრძოლა. ამპარტავნება ღვთიური კანონის მტერია. ღვთაებრივი წესრიგის დამრღვევს (ამპარტავნებს) ყველგან განხეთქილება და სიკვდილი მოაქვს. ის სხეულში ვლინდება, მაგრამ უფრო მეტად სულიერ საფეხურზე ჩნდება. ამპარტავნება პირველ ადგილზე დგება და იწყებს ბრძოლას ყველაფერზე გასაბატონებლად, ამ ბრძოლაში მისი მთავარი იარაღი აზროვნებაა (λογική, ratio), აზროვნება თავისი არგუმენტებით გამოდის, ქრისტეს მცნებებს, განსაკუთრებით ერთს: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (მათ. 7.1) უგულებელყოფს. ამპარტავანი აზროვნებით ადამიანს განკითხვა შეუძლია და ამით სურს ბატონობა მთელ სამყაროზე, მისი წყალობით შეუძლია იმეფოს.

       იგი საკუთარი აღმატებულების დასამტკიცებლად ასახელებს თავის მიღწევებს, თავის კულტურას, მოჰყავს მრავალი არგუმენტი, თითქოსდა ისტორიული ცხოვრების გამოცდილებაზე დაფუძნებული და აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მას ეკუთვნის გადაწყვეტილების მიღებისა და სიმართლის თქმის უფლება. ის თავის თავს ასახელებს აზროვნებით წესრიგის დამამყარებლად. ამპარტავნება სინამდვილეში ადამიანური არსებობის ერთ-ერთი გამოვლინებაა, მისი ერთ-ერთი ენერგიაა. იმ შემთხვევაში თუ მას (ამპარტავნებას) მიეცემა უპირატესობა ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, აზროვნება იწყებს ბრძოლას თავის საწყისთან, ანუ პიროვნულობასთან. წარმოსახვით მაღლდება მწვერვალამდე და ეცემა უფსკრულამდე. ცდილობს, გადალახოს საზღვრები და ყველაფერს თავისი (ლოგიკური) "განსაზღვრება" მისცეს. ამას ვერ აღწევს და ძალაგამოცლილი გადაწყვეტს: "ღმერთი არ არსებობს".

       ამის შემდეგ აზროვნება აგრძელებს ბრძოლას დამორჩილებისთვის და გამბედავად და ნოსტალგიით ამბობს: "ღმერთი რომ არსებობდეს, როგორ დავთანხმდები იმას, რომ ეს ღმერთი მე არ ვარ?" (გამოთქმა ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, ვინც ამ გზას დაადგა). ამგვარი აზროვნება ვერ მიაღწევს ამქვეყნიური არსებობის საზღვრებს და საკუთარ თავს უსაზღვრობას მიაკუთვნებს. ამაყად ამბობს: "მე ყველაფერი გამოვიკვლიე და ჩემზე აღმატებული ვერ ვიპოვე. ასე რომ მე ვარ ღმერთი". და სინამდვილეში, გონება - აზროვნება, თუ მასზეა ორიენტირებული ადამიანის არსებობა, მეუფებს (ადამიანზე) იმდენად, რომ საკუთარ თავზე აღმატებული არავინ მიაჩნია და აღიარებს თავის თავს ღვთიურ საწყისად.

       ეს არის შემეცნებითი ფანტაზიის უკიდურესი საზღვარი და ამავე დროს უღრმესი დაცემა და სიბნელე".

       არც ერთ ბრძენ ადამიანს, ვინც ღმერთისგან შორს დგას, არ ექნება განწმენდილი აზროვნება და აზრობრივი საწყისი. მხოლოდ წმინდანები არიან ბუნებით მოაზროვნენი. გრიგოლ სინელი ეხება ამ საკითხს: "ბუნებით მოაზროვნენი ისინი არიან, ვინც სიწმიდით ხედავდა, ანუ წმინდანები. ბრძენთაგან არავის არ ჰქონდა წმინდა აზროვნება (λόγος) სიტყვაში, რადგან ისინი დაბადებიდან ფანტავდნენ მას მაცდუნებელ აზრებში".

       დაცემის შემდეგ ადამიანის აზროვნების განსხვავებისა და მისი ქმედების დასანახად განვიხილოთ სამი ეტაპი, რომლებზეც ხვდება დაცემული აზროვნება (λογική).

       პირველი არის ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. თუ უწინ გონებამ ღვთის შემეცნების უნარი მოიპოვა, ახლა ამას აკეთებს აზროვნება (λογική). აზროვნება ცდილობს არგუმენტების მოყვანას ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად და ცხადია, სრულად დამაკმაყოფილებელ არგუმენტებს ვერ წარმოადგენს, რადგან ღვთის არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი არის განწმენდილი გონების გამოცდილება. აი, რატომ მარცხდება აზროვნება, (λογική) როცა ღვთის შემეცნების გზას ადგება. ის ან საერთოდ ვერ პოულობს ღმერთს ან მის ნაცვლად ცდომილ ხატებს აწყდება და ამ ხატებს თავად ქმნის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ეპოქაში შეიქმნა ფილოსოფიური სწავლებები ღმერთის შესახებ და სხვადასხვა რელიგია. ქრისტეს ეკლესიაში შფოთის აღმძვრელი მწვალებლები წარმოიშვნენ სწორედ აზროვნების (λογική) ამპარტავნული მისწრაფებისგან. წმინდა მამები აღნიშნავდნენ, რომ წმინდანები ღმრთისმეტყველებენ არა არისტოტელურად, ფილოსოფიის და ლოგიკის შემწეობით, არამედ როგორც მეთევზეები, ანუ მოციქულები საკუთარი გამოცდილების მიხედვით, შინაგანი სამყაროსა და გონების განწმენდით.

       ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა გრიგოლ პალამასა და ფილოსოფოს ვარლაამის კამათი. ვარლაამი ამტკიცებს, რომ მხოლოდ აზროვნება (λογική) არის ერთადერთი ღირსება ადამიანისა, რომელსაც შეუძლია ღმერთის შეცნობა. ის ამტკიცებს, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ თაბორზე ღმერთის ხილვა სიმბოლური იყო. მისი აზრით ფილოსოფოსებს ჰქონდათ უფრო მეტად უტყუარი ცოდნა ღმერთზე, ვიდრე წინასწარმეტყველებს და მოციქულებს. ვარლაამი თვლიდა, რომ უქმნელი სინათლის ხილვა "ჩვენს შემეცნებაზე (νοήσεως) უარესია", ამის პასუხად გრიგოლ პალამა წერს, რომ წმინდანების ხილვა გარეგნული არ არის, შინაგანია და სრულდება შინაგანი ფერისცვალებითა და განწმენდით. აქედან გამომდინარე, სინათლე ეს არა მხოლოდ გარეგნული და მატერიალური სიმბოლოა, არამედ ბუნებრივი სიმბოლო, ანუ უქმნელი მადლის ქმედება (ἐνέργεια). უქმნელი ნათელი ისეთი ხილვა და სიმბოლო კი არ არის, რომელიც ჩნდება და ქრება და რა თქმა უნდა, არც ჩვენს შემეცნებაზე უარესი "ქმედებაა". უქმნელი ნათელი არის "გამოუთქმელი, უქმნელი, მარადიული, ზედროული, მიუწვდომელი, განუზომელი, განუსაზღვრელი, უხილავი ანგელოზთათვის და ადამიანთათვის. პირველყოფილი და უცვლელი მშვენიერება, ღვთის დიდება, ქრისტეს დიდება, სულიწმიდის დიდება, ღვთაებრივი სხივი".

       ვარლაამის მოსაზრებაზე, რომ უქმნელი სინათლე "ჩვენს შემეცნებაზე უარესია". გრიგოლ პალამა ამბობს "შემეცნებაზე უარესი? - მიწა და ზეცა! ყველანი მასში ღვთის სამეუფოს, დიდებას, მომავალ საუკუნის მშვენიერებას, ღვთიური ბუნების დიდებას ხედავენ?".

       ვარლაამის მოსაზრებით ფილოსოფია ღვთის ხილვაზე მაღლა დგას (ამიტომ უწოდებს მას გრიგოლ პალამა ფილოსოფოსს). ეს დამახასიათებელი იყო მწვალებელთათვის, რომლებსაც სურდათ გამოცხადება ფილოსოფიით შეეცვალათ, უფლის ჭვრეტა კი ლოგიკურ აზროვნებაზე დამოკიდებული ცოდნით. სინამდვილეში ადამიანურ ლოგიკას მიჰყავს ადამიანი სხვადასხვა ერეტიკულ თეორიებამდე. ჩემი აზრით, სწორედ ამაში ვლინდება ფილოსოფიასა და ღმრთისმეტყველებას შორის განსხვავება. პირველნი ფილოსოფოსობენ ღმერთზე და მეორენი, რომელთაც განიწმინდეს გონება, ჭვრეტენ უფალს. პირველთ აქვთ დაბინდული გონება და ყველაფერს ცალმხრივად განმარტავენ ლოგიკით, წმინდა მამები კი, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველები, გონებით მოიპოვებენ ღვთისჭვრეტის გამოცდილებას და აზროვნება მათი გონების მსახურია იმისთვის, რომ გამოთქვას სიტყვით ეს შინაგანი გამოცდილება.

       ღვთის შემეცნების გზა წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში სხვაა და ფილოსოფოსებისთვის სხვა. ღვთის შემეცნების ღვაწლი დამდაბლებას ემყარება. "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათ. 5.3). აგრეთვე, გულის განწმენდას "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5.8). უფლის მცნებათა დაცვას: "ყოველივე, რომელი გარდაჰჴდებოდეს და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს (2. იონ. 9). და სიყვარულს: "ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ" (1 კორ. 8.3). ადამიანური სიბრძნით, ანუ მდიდარი აზროვნებით და შემეცნებით ვერავინ ვერ შეიცნობს ღმერთს. ღვთის სიბრძნეს, რომელი-იგი არავინ მთავართაგან მან ამის სოფლისამან იცნა: რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა" (1 კორ. 2.80. მართლაც "მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა" (1 კორ. 2, 14).

       მეორე ეტაპი არის ადამიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან ანუ თავის თავის შეცნობა. მრავალნი პითაგორიზმის გავლენით ცდილობენ აზროვნებით შეიცნონ საკუთარი "მე". გრიგოლ პალამას სიტყვებით ეს პითაგორელებისა და ფილოსოფოს სტოიკოსების მწვალებლობაა. ადამიანი, როცა ცდილობს აზროვნებით შეიცნოს თავის თავი, ადვილად შეიძლება შიზოფრენიამდე მივიდეს. შინაგანი პრობლემების მიზეზად სხვებს მიიჩნევს და მელანქოლია დაეუფლება. მართლმადიდებლური კურნების გზა და მართლმადიდებლური თვითშემეცნება ნიშნავს გონების განთავისუფლებას ამპარტავნებისგან და ცბიერებისგან, მაგრამ არა ანალიტიკური, გააზრებული (სილოგისტური), გარჩევითი მეთოდით, არამედ სინანულით და ბეჯითი ღვაწლით (ასკეზით), როგორც ამბობს გრიგოლ პალამა და რაზეც ჩვენ შესაბამის ადგილას აღვნიშნეთ. ამგვარად ჩვენ საკუთარ სულიერ სამყაროს შევიცნობთ არა აზროვნებით, არამედ მღვიძარებით, გონების განწმენდით, მოღვაწეობით და სინანულით. ადამიანი, როცა ცდილობს დაიცვას გონება წმინდად, იგი თავის შინაგან პრობლემებსაც შეიცნობს და ხედავს იქ გაბატონებულ ვნებებს.

       მესამე ეტაპი ადამიანის ურთიერთობაა სხვებთან. აზროვნების დარღვევა გამოიხატება იმაში, თუ როგორ ვექცევით სხვა, ჩვენსავე მსგავს ადამიანებს. ჩვეულებრივ ფსიქიატრები თვალყურს ადევნებენ პაციენტების ფიქრებს, რომ გაარკვიონ მათი სნეულება. ამისთვის საჭიროა ლოგიკური მსჯელობა, რითაც შეიძლება მცდარ შედეგამდე მივიდნენ. ამგვარი ქმედება დამღუპველია პიროვნულ ურთიერთობაში. ის აღვივებს განკითხვის კანონებს, რაც უფლისთვის არ არის სათნო. ჩვენი უერთიერთობა სხვა ადამიანებთან ლოგიკას კი არა, სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს, ასეთ დროს თავს ვარიდებთ სხვების განსჯას, მათ დაყოფას სხვადასხვა კატეგორიებად, ანუ ვცდილობთ გავაკეთოთ ადამიანური ლოგიკის საწინააღმდეგო რამ. ვცდილობთ არ შევნიშნოთ მოყვასის ცოდვა და უგნური საქციელი და მის მიმართ სიყვარულით და დიდსულოვნებით განვიმსჭვალოთ. მაკარი ეგვიპტელის თანახმად "ქრისტიანი უნდა იღვწოდეს, რომ "არავინ არ განიკითხოს, არც მეძავი, არც ცოდვილი, არც უზრდელი, არამედ სუფთა თვალებით უყუროს ყველას". ისე უნდა მოვიქცეთ. თუკი ვინმე სხეულის სნეულებით იტანჯება, არ შევნიშნოთ და არ განვიკითხოთ ის".

       ჩვენ, სულიერი მოძღვრებიც, ადამიანში პიროვნებას უნდა ვხედავდეთ, ყოველგვარი წარმოდგენისა და დახასიათების გარეშე და ვეცადოთ, რომ ღმერთმა ადამიანის ნამდვილი პრობლემა დაგვანახოს და გაგვინათოს გონება, რომ სწორი მკურნალობა დავუნიშნოთ. თითოეული ადამიანი გვაინტერესებს, როგორც პიროვნება. ამგვარად, ჩვენ გავურბივართ სულით სნეული ადამიანის განკითხვას, არ მივაკუთვნებთ მას რომელიმე კატეგორიას და ვცდილობთ ვუჩვენოთ მას სწორი, პირადად მისთვის სასარგებლო, კურნების გზა. ეს ნიშნავს იმას, რომ აღსარებაზე მისული ადამიანები პიროვნებები არიან ჩვენს წინაშე.

       ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება აზროვნების (λογική) ძალას როგორც ღმერთთან, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში და ცდილობს კიდეც საკუთარი თავის შეცნობას. აზროვნების (λογική) მეუფება (ლოგიკოკრატია), რაც დასავლური კულტურის საფუძველია, არის ყველანაირი შინაგანი თუ გარეგანი ანომალიის სათავე. მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფნი ვცდილობთ აღვადგინოთ სწორი მდგომარეობა. ჩვენი მიზანი ორმაგია. ერთი მხრივ ვიბრძვით აზროვნების ძალაუფლების შემოსაზღვრაზე და მეორე მხრივ საკუთარი გონების გახსნაზე. დაცემული ადამიანის გონება დაბნელებულია და აზროვნება არსებობის ერთადერთი წყაროა. დაცემამდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად და ბუნებრივი ცხოვრების წესის აღსადგენად უნდა გადანაცვლდეს ტერმინები, ე.ი. გონება და აზროვნება (λογική) თავიანთ ბუნებრივ ადგილებზე მოთავსდეს, როგორც ზემოთ აღვწერეთ. უფრო ზუსტად, აზროვნება შემოიფარგლოს და გონება განვითარდეს, რათა აზროვნება დაიბადოს განათლებული გონებისაგან და შემდეგ აზროვნებამ (λογική) აღბეჭდოს სიტყვებსა და წინადადებებში გონების ცოდნა.

       აზროვნების შემოსაზღვრაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ღვთის ნების მორჩილება. ჩვენ ვიღვწით იმისთვის, რომ არ ვენდოთ აზროვნების შედეგად წარმოქმნილ საკუთარ აზრებს. ამბა დოროთე ამბობს: "ჩემს ყველა საქმეში არასოდეს არ მინდოდა ადამიანური სიბრძნით მემოქმედა. ყოველთვის ძალისაებრ ჩემისა ვაკეთებდი და ყველაფერს ღმერთს მივანდობდი". ჩვენ გავურბივართ საკუთარი აზრით ქმედებას. ამბა დოროთემ ამ საკითხს ერთი თავი მიუძღვნა სათაურით: "იმის შესახებ, რომ არ უნდა მივენდოთ საკუთარ აზრს". ეშმაკი როცა ადამიანში გარკვეულ სურვილსა და თვითგამართლებას ხედავს "ამგვარად იპყრობს მას". საჭიროა განსჯის გარეშე დავემორჩილოთ ღვთის ნებას. წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნააზრევის თანახმად მართლია, აზროვნება წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ის ღვთიურ ნებას უნდა დავუმორჩილოთ. ყოველდღიური ცხოვრების დეტალებში შეუძლებელია ღვთის ნება შევიცნოთ, ამიტომ სულიერ მოძღვარს უნდა მივმართოთ. ის წარგვიმართავს სულიერ გზას. ამბა დოროთეს მიხედვით "არ არსებობს იმაზე უფრო საცოდავი და დაღუპული ადამიანი, ვისაც არ ჰყავს ღვთისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელი". აქედან გამომდინარე, დაუმორჩილებლობა სიკვდილია, მორჩილება - სიცოცხლე. საგულისხმოა იოანე სინელის მოსაზრება მორჩილებაზე. "მორჩილება არს უარის-ყოფა სულისა თჳსისა, სრულიად ხორცთა მიერ გამოჩინებული განცხადებულად, გინა თუ ესრეთ; მორჩილება არს მოკვდინება ასოთა გონებითა ცხოველითა. მორჩილება არს გამოუწვლილველი აღძვრა და ნებსით სიკვდილი, განუკითხველი ცხოვრება, უზრუნველი ჭირი... მორჩილება საფლავი არს ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა... განშორება სიმდიდრეთა სიბრძნისა და გულისხმისყოფისა".

       მორჩილება საკუთარი ნების მოკვდინებაა, საკუთარი აზროვნების უარყოფაა არა იმისთვის, რომ ვნება მოკვდეს, არამედ ფერისცვალებისთვის. თუ მორჩილება ეკლესიის სწავლებას ეფუძნება, იგი კი არ ანადგურებს აზროვნებას, არამედ კურნავს და აბრუნებს თავის ბუნებრივ ადგილას. ეს არის სიცოცხლე. ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ წარმოაჩინა, რომ ვისაც მორჩილება შეუძლია, ის იკურნება სულიერი სნეულებისგან და შეუძლია სულიერი ფერისცვალება განიცადოს. მორჩილება ადამიანის განვითარების გზაა.

       აზროვნების შემოსაზღვრასთან ერთად სინანულით და ეკლესიური ასკეტური ცხოვრებით ვესწრაფით გონების განწმენდას. ეს მიიღწევა გონებისმიერი, გულისმიერი ლოცვით და მთელი პრაქტიკული და თეორიული ცხოვრებით.

       მართლმადიდებლური ტრადიციის ყველა საშუალებით გონება მადლიანი ხდება, ცოცხლდება, თავის ადგილას მაღლდება და შემდეგ მადლს გადასცემს აზროვნებასაც. ამგვარად, აზროვნება "მიმადლებული" გონების მსახური ხდება და ადამიანი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას.

       აზროვნება როცა არ ემორჩილება "მიმადლებულ" გონებას, იგი სნეულია და ჩვენს ცხოვრებაში ანომალიებს წარმოშობს. გონების მორჩილი აზროვნება ჯანსაღია და ბუნებრივი. სწორედ ეს არის ეკლესიის ასკეტური, მაკურნებელი მოძღვრების მიზანი.

 

• მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი)

       სულის მოაზროვნე ნაწილში მოქმედებენ ე.წ. მაცდუნებელი აზრები, რომლებიც აღაგზნებენ სურვილებს და ცდილობენ გონების დატყვევებას, მის მიმართვას ცოდვის ჩადენისკენ. ცოდვის ჩადენა მაცდუნებელი აზრებიდან იწყება. ვისაც სურს შინაგანი სამყაროს განწმენდა, ცოდვისგან განთავისუფლება, გონების დახსნა ტკივილებისგან უნდა დაიცვას სულის მოაზროვნე (λογιστικό) ნაწილი მაცდუნებელი აზრებისგან. სწორედ ამიტომ განვიხილავთ ამ პარაგრაფში თუ რა არის მაცდუნებელი აზრები, რა იწვევს მათ, რა შედეგები მოჰყვება მათ ჩვენი სულიერი ორგანიზმისთვის და ბოლოს, როგორია კურნების მეთოდები. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სულიერი ცხოვრება და სულიერი სიკვდილი ამ მაცდუნებელ აზრებთან ბრძოლაზეა დამოკიდებული. ქვემოთ ვნახავთ აგრეთვე, რომ მრავალი სხეულებრივი ანომალია და სხეულის სნეულება აზროვნების ტყვეობიდან მომდინარეობს.

 

• რა არის მაცდუნებელი აზრები (გულისთქმანი)

        წმინდა მამები, როცა მაცდუნებელ აზრებზე საუბრობენ, ისინი არ გულისხმობენ მხოლოდ ფიქრს, არამედ სურათებსა და სცენებს, რომლებიც თითოეულ ფიქრს შეესაბამება. სურათს ფიქრთან ერთად ეწოდება მაცდუნებელი აზრი. "სურათებს ზოგჯერ ხილვითი ხასიათი აქვს, ზოგჯერ გააზრებითი და ყველაზე ხშირად შერეული". რადგან ხილვითი სურათები იტაცებენ ამა თუ იმ ფიქრს, ამიტომ ასკეტები ყველა სურათს "მაცდუნებელ აზრს" უწოდებენ". სხვადასხვა ეშმაკეული აზრი ზოგჯერ შეგრძნებებით აღწევს გონებაში, ზოგჯერ ადამიანის წარმოსახვაზე და ხსოვნაზე ზემოქმედებს და შემდგომში ატყვევებს კიდეც მას.

       ისიხიოს პრესვიტერის სიტყვებით, ადამიანებმა არ იციან, რომ მაცდუნებელი აზრი სხვა არაფერია, თუ არა შეგრძნებადი და ამქვეყნიური ნივთების წარმოსახვა". აქედან ცხადია, რომ წარმოსახვა მთავარ როლს ასრულებს ჩვენს სულში ფანტაზიის შესაბამისი სურათის შესაქმნელად. ამგვარად, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მაცდუნებელი აზრი მხატვარია, რომელიც აზროვნებაში ხატავს სხვადასხვა სურათს და სცენას, რომელთაგან უმრავლესობა წარსულის ხსოვნაა. ერთი ბერი იტანჯებოდა წარსულის ხსოვნით და ამბობდა: ჩემი მაცდუნებელი ფიქრები ძველი და ახალი მხატვრები არიან. ისინი მაშფოთებენ მოგონებებით და ქალების წარმოსახვით". ყველა საგანს საკუთარი მეტყველება აქვს, რითაც ესაუბრება და მიმართავს ადამიანს. გრიგოლ სინელის სიტყვებით, წმინდა წერილი ამ მეტყველებას მაცდუნებელ აზრს უწოდებს. საგანთა მეტყველებას ეწოდება აზრი და პირიქით აზრების ქმედება "თავისთავად ნივთიერი არ არის, მაგრამ საგანთა საშუალებით სახეს იღებს და შესაბამისი სახელწოდებაც აქვს".

       საგანთა მეტყველებით სარგებლობს ეშმაკი, ამიტომ მათ შეიძლება ეშმაკის სიტყვები დავარქვათ". გრიგოლ სინელი მაცდუნებელ აზრებს "მდინარ დინებას" უწოდებს, იგი უერთდება ცოდვას, წყალდიდობად იქცევა და გულს შთანთქავს".

       აზრებზე საუბრისას, უნდა შევნიშნოთ მათი კლასიფიკაციის შესახებაც. ამაზე მაქსიმე აღმსარებელი წერს, რომ აზრები არის მარტივი და რთული. მარტივი ვნებებისგან დაცული, "ხოლო რთული ვნებიანი, ანუ ვნებით განპირობებული აზრი".

       მოგონება ვნებასთან ერთად ქმნის ვნებიან, რთულ აზრს, ვფიქრობ, აქ უნდა განვასხვავოთ საგანი, გააზრება (διανόημα) და ვნება. მაქსიმე აღმსარებელი წერს: საგანი არის ოქრო, ქალი, მამაკაცი და სხვა. გააზრება (νόημα) არის საგნის მოგონება, ე.წ. ოქროს, ქალის, მამაკაცის გახსენება. ვნება კი "საგნებისადმი უსიტყვო სიყვარული ან სიძულვილი მაგ. ჩამოთვლილი საგნებისა".

       ვნებიანი გააზრება (νόημα) "არის რთული აზრი, რომელიც შედგება ვნებისგან და აზრისგან. ამიტომ, უნდა ვიღვაწოთ, რომ ვნება აზრისგან გამოვყოთ და აზრი მარტივი გახდეს. ეს გამოყოფა კი სულიერი სიყვარულით და თავშეკავებით ხდება".

       ვნებიანი აზრები აღაგზნებენ სულის სურვილიან ნაწილს, აშფოთებენ მრისხანე და მოაზროვნე ნაწილს".

       ევაგრე აღნიშნავს, რომ არსებობს "აზრები, რომლებიც ჭრილობას გვაყენებენ, რომლებიც თავად იჭრებიან. ბოროტი აზრებით იჭრება კეთილი და ისევ კეთილი აზრებით იჭრება ბოროტი". აზრი შეიძლება ბოროტისგან იღებდეს სათავეს, მაგრამ ჩვენი მცდელობით და სული წმინდის მადლით კეთილად გარდაიქმნება,მაგრამ ხდება პირიქითაც, კეთილი აზრი ბოროტად იქცევა. ამ საკითხს შევეხებით აზრებისგან კურნებაზე საუბრისას. მოკლედ, ერთი რამ ნათელია, რომ არსებობს ბოროტი და კეთილი აზრები.

 

• გულისთქმათა მიზეზი

       აზრთა რაობა მათ მიზეზებსაც წარმოაჩენს, გრიგოლ სინელის თანახმად აზრთა საწყისი და მიზეზი არის ადამიანის დანაშაულის გამო ერთიანი და მარტივი ხსოვნის გახლეჩა". დანაშაულის ჩადენამდე ადამიანის ხსოვნა იყო მარტივი, ვნებისგან განთავისუფლებული და სრულად ღმერთს მინდობილი. უფალი იდგა სულიერი ძალების ცენტრში. დანაშაულის შემდეგ ერთიანი ხსოვნა გაიხლიჩა. წმინდა თალასე გვასწავლის, რომ "არსებობს სამი წყარო, საიდანაც გამომდინარეობენ აზრები: გრძნობა, ხსოვნა და სხეულის ტემპერამენტი". ყველაზე ცუდი აზრები ხსოვნიდან იღებენ სათავეს". უფრო ნათლად რომ დავინახოთ აზრების წარმომავლობა და მათი მიზეზები. მოვიხმობთ ისააკ ასურის ნაწერს: "აზრთა ქმედება ადამიანში ოთხი მიზეზით ხდება: პირველი - ხორციელი მოთხოვნილებისგან, მეორე - ამქვეყნიური საგნების (რომლებსაც ხედავს და რაზეც ესმის ადამიანს) წარმოსახვისგან, მესამე - უწინდელი შთაბეჭდილებებისაგან და სულიერი მიდრეკილებებისგან, რაც გონებაში აქვს და მეოთხე _ ეშმაკის ზემოქმედებისგან, რომლებიც ყველა ვნების სახით გვებრძვიან, აქედან გამომდინარე, სანამ ადამიანი ამქვეყნად ცოცხლობს, შეუძლებელია, რომ არ ჰქონდეს მაცდუნებელი აზრები.

       მაცდუნებელი აზრების ძირითადი მიზეზი ეშმაკის ბრძოლაა და უმრავლესობა აზრებისა ეშმაკეულია: ეშმაკის მიზანია აზრებით ადამიანი გააზრებულ ან ქმედით ცოდვამდე მიიყვანოს. ასე დაესხა ის თავს იესო ქრისტესაც. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა. ეშმაკი მუდმივად ეძებს სულს ვნებიანი აზრებით, რომ ცოდვა ჩაგვადენინოს". ადამიანი თუ ბოროტს ჩაიფიქრებს, მაშინ გააზრებით სცოდავს, თუკი ეშმაკის ნებით ახორციელებს და თავის სურვილს იკმაყოფილებს, მაშინ ჩადის ცოდვას. სატანა მუდმივად თესავს მაცდუნებელ აზრებს გონების დასატყვევებლად. წმინდანებმა იციან რა არის "ეშმაკის თესლი" და ადამიანებს მასთან ბრძოლის რჩევებს აძლევენ".

       გრიგოლ სინელის სიტყვებით მაცდუნებელი აზრები ეშმაკის სიტყვებია და წინამორბედი ცოდვისა. ილია პრესვიტერი ამბობს, რომ ეშმაკი ჯერ ებრძვის სულს მაცდუნებელი აზრებით და საქმეებით. სატანა ბილწ და სამარცხვინო აზრებს თესავს. ყველა ვნებას ჰყავს შესაბამისი დემონი, ამიტომ მიუთითებს იოანე სინელი "დავიდებ გონებასა ჩემსა განცდად ეშმაკისა ცუდად მზვაობრიობისასა, ვიხილე, რამეთუ მოაგონა მან ძმასა ერთსა გულისსიტყვანი და წარვიდა და გამოუცხადა სხვასა ძმასა, რაჲ იგი მოაგონა მას, და მერმე მიავლინა პირველი იგი ძმა მეორისა მის, რაჲთამცა უთხრნა გულის სიტყვანი იგი და მერმე ვითარცა დაფარულთა მცნობელსა ნეტარითა მათ". სატანა უმრავლეს შემთხვევაში ჩვენს სულში არსებული ვნებებით წარმართავს ბრძოლას. მან იცის მათი არსებობა და სულს ასე აღაგზნებს.

       ამგვარად, ეშმაკმა ამაო ამპარტავნებით ორი ბერი აცდუნა. ეშმაკის ბრძოლა აზრებით საქმეებით ბრძოლაზე უარესია". "სულზე დადებული ვნებებით აღძრავს ეშმაკი ჩვენში მაცდუნებელ აზრებს". რადგანაც უმთავრესი ვნება არის თავმოყვარეობა, ამიტომ მისგან იბადება სამი მაცდუნებელი აზრი". თუ ადამიანის გული სიტკბოების ტრფიალია, ის ბოროტი აზრების წყაროდ იქცევა. "სიამოვნების ტრფიალებით აღსავსე გულიდან გადამდები მაცდუნებელი აზრები ამოიზრდებიან". აზრები არის ნებსითი და უნებლიე. უნებლიე აზრები იბადება ცოდვის ჩადენისას, ხოლო ნებსითი - ჩვენი საკუთარი ნებით, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ნებსითი აზრები უნებლიეთა მიზეზია". "მაცდუნებელი აზრების მიზეზი ცოდვაა, ცოდვისა კი ყველა ცოდვიანი საქმე". ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკისგან მომავალი აზრები მიმართავენ ადამიანს გააზრებული და ქმედითი ცოდვისაკენ. ეს ცოდვა თუ მეორდება რამდენჯერმე და ჩვეულებად იქცევა, აღიძვრება ვნება. შემდეგ ვნებებისგან, რომლებიც სულის ჭრილობებია, წარმოიქმნება მათი შესაბამისი აზრები. ასევე ემართება სხეულს. მისი ჭრილობა იწვევს გართულებას და ტკივილი და პრობლემა ძლიერდება.

       უფალი ბევრგან ამბობს, რომ მაცდუნებელი აზრები გულიდან მოდის "რამეთუ გულისაგან გამოივლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი (მათ. 15.19). ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ქრისტეს მოწაფეებს მოუვიდათ ასეთი აზრი: "ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის მათსა? ხოლო იესუ იცოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა წინაშე მათსა" (ლუკ. 9. 46-47). აღდგომილი მაცხოვარი გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: "რაჲსა შეძრწუნებული ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?" (ლუკ. 24.38).

       მოყვანილი ციტატები მეტყველებენ იმაზე, რომ აზრები გულიდან იღებენ სათავეს. მართალია, თავიდან აზრი გონებაშია, მაგრამ რადგან გულში მოქმედებენ ვნებები და ეშმაკი თავისი აზრის წარმოსაქმნელად ამ ვნებებს იყენებს, ამიტომ ამბობენ, რომ მაცდუნებელი აზრები გულიდან გამოდის. ასეთივეა დიადოხოს ფოტიკელის სწავლება. გული კეთილ და ბოროტ აზრებს შობს, მაგრამ ბოროტს თავისი ბუნების მიხედვით კი არ წარმოშობს, არამედ ბოროტის ხსოვნით, პირველი ცოდვის ხსოვნით. გული ბოროტ აზრებს ეშმაკის ზემოქმედებით წარმოშობს. ჩვენ კი ყველაფერს გულიდან გამომდინარედ შევიგრძნობთ". ადამიანის გონება, რომელსაც ფაქიზი შეგრძნება ახასიათებს, ითავსებს ეშმაკისგან თავსმოხვეულ აზრებსაც. იგივე ემართება სხეულს. მას "უყვარს ხიბლით ტკბობა" და სხეულსა და სულს შორის ერთობა არსებობს, ამიტომ "ეშმაკეული აზრები გულიდან მომდინარედ გვეჩვენება". გონება გულის მასაზრდოებელია და მას (გულს) გადასცემს მეყსეულად ყველაფერს, ავსაც და კარგსაც. რადგან ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სულიერი გამოცდილება, ეს გადაცემა ძალიან სწრაფად ხდება და გვგონია, რომ აზრები პირდაპირ გულიდან იბადება. ეშმაკისა და ვნებების გარდა მაცდუნებელი აზრი მატერიალური საგნისგანაც შეიძლება მომდინარეობდეს. გრიგოლ სინელი გვასწავლის: "საგნები მარტო აზრებს ბადებენ, ხოლო ეშმაკის ზემოქმედებით ეშმაკეული აზრები იბადება". წყლის წისქვილის მსგავსად, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად მოძრაობს და ფქვავს სიმინდის და პურის მარცვალს, ასევე გონებაც არ ჩერდება. ჩვენზეა დამოკიდებული გონებას სულის მიმართულებით ვამოქმედებთ თუ ხორცის. ამიტომაც, როცა მიწიერი ზრუნვით ვართ დაკავებულნი და ამაო საუბრებს ვეძლევით, მაშინ "მათი შესაბამისი ავი აზრები წარმოიქმნება". ასე რომ ცუდი ამქვეყნიურ სამყაროს არსებობა და მასთან ურთიერთობა კი არ არის, ჩვენი პირადი დამოკიდებულება და სურვილია მთავარი.

       ბოროტი აზრების გვერდით ღმერთისგან გამომავალი კეთილი აზრებიც არსებობს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი? მივმართოთ სულიერი გამოცდილების მქონე მამებს, მათ, ვისაც სულთა გარჩევის მადლი აქვს. ზოგადი სწავლება კი ის არის, რომ რაიმე აზრის გაჩენით ჩვენში სიხარული იბადება, ე.ი. ეს ღვთისგან არის. ეშმაკეული აზრები კი სავსეა მწუხარებით და შფოთით. წმინდა ბარსანოფი გვასწავლის: "თუ შენს აზრს სიხარული ახლავს და მწუხარებისგან შორს არის, მაშინ იცოდე, რომ ეს აზრი ღმერთისგანაა. ეშმაკეული აზრები აღსავსეა შფოთითა და დარდით. შემოსილნი არიან ცხვრის ტყავით, თითქოს სამართლიანობას ეფარებიან, სინამდვილეში კი მტაცებელი მგლები არიან". აქვე შევნიშნავთ, რომ სიხარული გულის ამაოებიდან და სიამოვნების ტრფიალებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. ამიტომ აზრთა გარჩევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც იგემა სული წმინდის მადლი და სულის ვნებებისგან განიწმინდა. ვისაც არა აქვს ამგვარი სულიერი გამოცდილება, უნდა მიმართოს სულიერ მამებს, რადგან უსამართლო ეშმაკი სამართლიანობას შეფარებული ზემოქმედებს მასზე.

       ვნახოთ მოკლედ, რამდენნაირი აზრი არსებობს. რამდენი ვნებაც არის, იმდენი აზრია. წმინდა იოანე კასიანე რომაელი გამოყოფს რვა ვნებას და რვა ბოროტ აზრს. ესენია: ნაყროვანება და სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, გულგრილობა, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება". წმინდა თალასე ამბობს, რომ არსებობს სამი ძირითადი მაცდუნებელი აზრი: "ნაყროვანება, პატივმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარეობა, რასაც მოსდევს სხვა ვნებიანი აზრები". ამ სამ აზრს შეესაბამება სამი დიდი ვნება სიამოვნებისმოყვარება, დიდებისმოყვარება და ვერცხლისმოყვარება (ქონების მოყვარება), რითაც უნდოდა ეშმაკს ქრისტეს ცდუნება.

       ყურადღებას შევაჩერებთ ერთ ყველაზე სამარცხვინო და საშინელ აზრზე - გმობაზე. წმინდა იოანე სინელმა, იცოდა მგმობელი აზრების სიმძიმე, რაც სულიერ მოღვაწეებს ხვდებათ და წერს, რომ გმობის მიზეზი ამპარტავნებაა. გმობა ადამიანს "მრავალ გზის წმიდისა ჟამის წირვისა მოგვიხდის და ჟამსა მას, წმიდითა საიდუმლოთა ზიარებისა გვბრძავნ გმობად უფლისა და შესაწირავისა მის წმიდის; ლოცვად რა დავდგით, არა წმიდანი იგი და გამოუთქმელნი გულის სიტყვანი ზედა აღგვიდვიან. ნუ ვინ ჰგონებს გულის სიტყვათა მათ გმობისათა თუ მისგან არს მიზეზი მათი რამეთუ გულთ მეცნიერ არს უფალი. მრავალნი ლოცვისგან დააბრკოლნა და მრავალნი ზიარებისგან წმიდათა საიდუმლოთა უკან აქცინა". ეშმაკის ჩვენთან ბრძოლის დასაწყისი აზრებია. ეშმაკისგან დათესილი მაცდუნებელი აზრი ვითარდება იქამდე, სანამ ცოდვას არ ჩავიდენთ და ცოდვა ვნებად არ იქცევა. წმინდა მამათა გამოცდილების მიხედვით განვიხილავთ როგორ ვითარდება ეშმაკეული აზრი.

       მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ სულში არსებული ვნებებისგან წარმოქმნილი აზრები ებრძვიან გონებას და ცოდვისკენ მიდიან. გონება რომ დამარცხდება ამ ბრძოლაში, ბოროტი აზრი ცოდვის ჩადენას გაააზრებინებს და შემდეგ უკვე ჩაადენინებს". ამის შემდეგ სული დაცარიელდება ბოროტი აზრებით და ეშმაკი სცილდება მას, მაგრამ მასში ცოდვის კერპი რჩება". ამ კერპს კი თუ არ დაანგრევს მუდმივი წრფელი სინანული, მაშინ ადამიანის სულიერი ორგანიზმი მძიმედ სნეულდება.

       ამგვარად ვითარდება აზრი და ცოდვამდე გზას გადის. ურიგო არ იქნება თუ ისევ და ისევ წმინდა მამების ნაწერებით გავყვებით ამ გზას. აზრი სულის მოაზროვნე ნაწილში შეღწევით ცდილობს გონების დატყვევებას. ამისთვის მაცდუნებელი აზრი ცდილობს ვნებით ტკბობის შეგრძნება გააღვივოს სულში. ამ სტადიას ეწოდება განსაცდელი და ჯერ კიდევ არ არის ცოდვა". "ვნებაჲ გამოწვეული სიამოვნება იპყრობს გონებას". თუკი ადამიანი არ მოსწყვეტს გონებას სიამოვნებას, მაშინ მისკენ მიიდრიკება, სასიამოვნო საუბარს გააბამს, დაუკავშირდება და შეუერთდება. მზარდი სიამოვნება მთლიანად იპყრობს გონებას და მის ნებას. ამგვარად ადამიანის წინააღმდეგობა სუსტდება და შედეგად ცოდვის ჩადენა მოჰყვება. თუ დატყვევება მეორდება, მაშინ ადამიანის მთელი არსება ამ ვნების მსახური ხდება". სიამოვნების არსებობა და მასზე წარმოდგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გონება დატყვევდეს და ვნება ამოქმედდეს. ამიტომ წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ სიამოვნების გრძნობა, როგორც შევძლებთ, უნდა ჩავკლათ. ან უკეთესია სიამოვნება შევცვალოთ, რადგან სწორედ სიამოვნებაა ადამიანის გონების დამპყრობი. ამბა დოროთე ამბობს, რომ როცა სულში ვნებიანი აზრები იღვიძებენ, მაშინ იღვიძებენ ვნებებიც თავად". ისიხიოს პრესვიტერი წერს, რომ სულის მაცდუნებელი აზრები ეშმაკის ზემოქმედებას ერევა წარმოსახვების საშუალებით "(სული) ერევა აზრებით ეშმაკეულ ფანტაზიას და მიემართება ქმედებისაკენ". ამ შემთხვევაში წარმოსახვა განსაკუთრებულ როლს თამაშობს, უფრო მეტად მაშინ, როცა პიროვნება ან საგანი, ჩვენგან შორს არის, იმ დროსაც კი, თუკი პერსონა და ნივთი ხილულია ანუ წარმოსახვა შეგრძნებასთან დაკავშირებულია, ის (წარმოსახვა) ზრდის და კაზმავს ნივთებს გონების დასატყვევებლად. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ვნებიანი აზრები აშფოთებენ გონებას, ავსებენ მას ბილწი კერპებით და შემდეგ მისი ნების საწინააღმდეგოდ ცოდვისკენ წარმართავენ".

       როგორც ვხედავთ, ადამიანი თავისუფალი ნებით მოქმედებს არა მარტო განსაცდელის ჟამს, როცა ეშმაკის ზემოქმედებას განიცდის, არამედ მანამდეც, თავისი ნებით იზიანებს სულიერ თვალს და ყურს. ფილოთეოს სინელის სწავლებით, "ვინც დაცემული უყურებს სამყაროს, მისი სულიერი თვალი დაცემული და დაბნელებულია. ასევე სიბილწის მოსმენის სურვილი ნიშნავს იმას, რომ დემონების ჩურჩულს ყურადღებით ვუსმენთ". ადამიანი იცვლება შინაგანად, ეცემა გულის თვალი და იცვლება სხეულის გარეგნული შეგრძნებებიც. ამიტომ ადამიანის ღვაწლი თავდაპირველად შინაგანი სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული. აგრეთვე თუ ადამიანი ინახავს მაცდუნებელ აზრებს, მაშინ ძლიერდება სიამოვნების შეგრძნება და გონება უშვებს ცოდვის ჩადენას. "როგორც კვერცხი თბება ფრთების ქვეშ, ასევე სულიერი მოძღვრის წინაშე აღუარებელი აზრები საქმეებად იქცევა". ჩვენი მსჯელობიდან ნათელია რა შედეგი მოსდევს მაცდუნებელ აზრებს და მათ კონკრეტულად ახლა ჩამოვთვლით.

 

• გულისთქმათა შედეგები

       თუკი ადამიანი გულისთქმისკენაა მიდრეკილი, ნიშნავს, რომ მის ტყვეობაშია. "მაცდუნებელი აზრისკენ მიდრეკილება ავლენს ადამიანის მისწრაფებას". მისწრაფება კი გამოხატულია ყოფითი საგნების მოპოვებაში. ზეციურ საზრდოსა და ზეციურ სამყაროს მოკლებული გონება მუდმივად ისწრაფვის გრძნობადი და მატერიალური საგნებისაკენ. ამას ეწოდება მისწრაფება. მისკენ მიმართავს გონება აზრებს. ადამიანი თავშეუკავებელი ხდება. "თავშეუკავებელი ის არის, ვინც მაცდუნებელი აზრებით საზრდოობს".

       ადამიანი, როცა უშფოთველად აძლევს მაცდუნებელ აზრს თავისუფლებას, იძულებული ხდება განახორციელოს კიდეც იგი. "ვინც აზრით არ ებრძვის ცოდვას, სხეულითაც ჩადის მას". როცა მაცდუნებელი აზრის არსებობა გარკვეული დროით ჩერდება გონებაში და მას არ შევებრძოლებით, ის ხორციელდება, მაშინ ვნება ძლიერდება და უფრო მეტად დასტანჯავს გონებას. მაცდუნებელი აზრები გვაწვალებს და ზოგჯერ გვირთულებს პირად ურთიერთობებსაც. "ამგვარი აზრებით ერთმანეთს ვეწინააღმდეგებით და საკუთარ თავსაც ვტანჯავთ". გულისთქმები სულს ბილწავენ, წამლავენ `ასეთია ეშმაკის ცბიერება, შხამიანი ისრებით წამლავს ყველა სულს".

       მაცდუნებელი აზრებით დატყვევებული ადამიანი კარგავს მხედველობას და ცოდვიანი ქმედებების ხილვისას ვერ იგებს მის მიზეზს. "ამ აზრებით გატაცებული ბრმავდება, ცოდვის მოქმედებას ხედავს, მაგრამ მიზეზის დანახვა არ ძალუძს".

       ეშმაკი ძლევამოსილია ამ დროს და შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს. ასეთი ადამიანი ეშმაკს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. გარყვნილი აზრი უფსკრულში აგდებს სულს. ვნებიანი აზრები "აღაგზნებენ სულის სურვილიან ნაწილს, აშფოთებენ მრისხანე ნაწილს და აბნელებენ მოაზროვნეს ისე, რომ გონება ბრმა არის სულიერი ჭვრეტისათვის და ლოცვის აღსადგენად". ეს მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ სულის თვალი სნეულია და არ შეუძლია სულიერის ხილვა და ლოცვა. ადამიანი ღმერთის გარეშე მკვდარია. ვინც მუდმივად შფოთავს გულისთქმებისგან და სხეულის წვას გრძნობს, ის დაშორებულია სული წმინდის კეთილსურნელებისგან". ამის გამო ადამიანი უფალთან სიახლოვეს და სული წმინდის კეთილსურნელებას კარგავს და ღმერთს შორდება. "ბილწი აზრები აშორებენ ადამიანს ღმერთისგან". მზაკვრული გულისთქმებით დატყვევებულ ადამიანს უფალი არ უხსნის თავის საიდუმლოს.

       მართალია ამბა დოროთე, როცა ამბობს: "ერთ აზრსაც შეუძლია დააშოროს ღმერთს ადამიანი, როგორც კი მას (აზრს) მიიღებს და დაემორჩილება". ღმერთისგან დაშორებას ადამიანისთვის ცუდი შედეგები მოჰყვება. შეინიშნება ფსიქოსომატური მოშლილობები. ფსიქოთერაპიული მეთოდით უნდა განიკურნოს ბოროტი აზრებით შეპყრობილი ადამიანი. სწორედ ამ საკითხზე გადავდივართ ახლა.

 

• გულისთქმათაგან განკურნება

       სულიერ და სხეულებრივ სნეულებასთან ერთად აზრებსაც სჭირდება პროფილაქტიკა, ხოლო უკვე არსებულ სნეულებებს კონკრეტული მკურნალობა. განვიხილავთ ორივე შემთხვევას.

პროფილაქტიკა ითვალისწინებს მაცდუნებელი აზრის გონებაში შემოსვლის წინააღმდეგობას. ამის მიღწევა შეიძლება სიფხიზლით, ყურადღებით, მდუმარებით და ავი აზრების მოშორებით. პავლე მოციქული მოუწოდებს ტიმოთეს მუდმივი სიფხიზლისკენ: ხოლო შენ ფრთხილი იყავ ყოველსა შინა" (2ტიმ. 4,5). ეს ღვაწლი წმინდა მამათა ნაწერებში დაწვრილებით არის განხილული.

       სიფხიზლე აზრების დაცვაც არის. იოანე სინელი გვასწავლის: "სხვა არს დაცვა გულის სიტყვათა და სხვა არს დაცვა გონებისა... უმაღლეს არს მეორე ესე პირველისა მის დაღაცათუ უძნელეს არს".

       აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. უფრო ზუსტად, გონება არის სულის თვალი, გული და აზრი კი მოქმედებენ ადამიანის შემეცნებაში. ერთია, როცა ადამიანი ცდილობს აზრის სიწმინდის დაცვას, და მეორე - გონების ანუ გულის სიწმინდის შენარჩუნება. აზრების განწმენდა აუცილებელია, რადგან ცბიერი გულისთქმით "ადამიანის შინაგანი სამყარო განწმენდილი ვერ იქნება". მამათა ტრადიცია მოითხოვს, რომ გონება მოვიკრიბოთ (ანუ სულის ენერგია და არსება), ყურადღება მივაქციოთ და შევებრძოლოთ ვნებიან აზრებს". "მოიკრიბე შენი გონება და ყურადღება მიაქციე გულისთქმას, თუ ვნებიანს აღმოაჩენ, შეებრძოლე მას". გონება წმინდა რომ იყოს და მუდმივად ახსოვდეს ღმერთი, კეთილი აზრებისგანაც უნდა დავიცვათ., რადგან მათი მეშვეობით გონება თანდათან ეჩვევა ღვთისგან განშორებას. ბერი სილუანი გვასწავლის, რომ წმინდანებმა ისწავლეს მტერთან ბრძოლა, მათ იცოდნენ, რომ მტრები ცდუნებით აზრების საშუალებით მოქმედებენ, და ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდნენ გულისთქმებს. გულისთქმა თავდაპირველად კეთილი სახით მოდის, შემდეგ ლოცვას განაშორებს გონებას და იწყებს მის არევას. ამიტომ აუცილებელია ყველანაირი გულისთქმის უკუგდება, კეთილიც რომ იყოს, და მხოლოდ უფლისმიერი წმინდა გონების შენარჩუნება".

       გულში არანაირი აზრი არ უნდა გვქონდეს. "არც უაზრო და არც კეთილი. სულის თვალი დავიცვათ ნებისმიერი აზრისგან ისე, როგორც ხორციელ თვალს ვიცავთ დაზიანებისგან.

       მას შემდეგ, რაც ადამიანი შეეჩვევა წმინდა ღვაწლს - გულისთქმასთან ბრძოლას, მისი გონება ღვთის მადლს იგემებს და განიწმინდება, შეძლებს გულისთქმათა გარჩევას "კეთილისა და ღვთისგან მომდინარეს გონების საგანძურში შეინახავს, ბოროტს და ეშმაკეულს განაგდებს".

       ამგვარ სულიერ მღვიძარებას და აზრების მოთოკვას გონებითი სიმშვიდე ეწოდება. ამიტომ მართლმადიდებლურ სწავლებაში სიმშვიდე ნიშნავს არა მარტო გარეგანი გამაღიზიანებელი მოვლენებისგან განშორებას (თუმცა ეს უკანასკნელი მდგომარეობა არის დამწყები მოღვაწისთვის სიმშვიდის საწყისი), არამედ გულის სიმშვიდეს. წმინდა თალასე მოგვიწოდებს: გრძნობები მოთოკე მშვიდი განმარტოებით და დაუქვემდებარე გულში აღძრული აზრები მკაცრ სამსჯავროს". იოანე სინელი კი წერს: "დაყუდება ხორცთა არს, წესთა და საცნობელთა დაწყნარება; ხოლო დაყუდება სულისა არს, გულის სიტყვათა გულის - ხმის ყოფაჲ და გონება წარუპარველი. გულის - სიტყვა მხნე და ახოანი მოყუარე არს დაყუდებისა, რომელი იგი დგან აზრთა ზედა გულისათა დაუცადებელად, და დაუძინებლად, და მომავალთა მათ მტერთა რომელთამე მოაკვდინებენ, და რომელთამე იოტებენ". "თუ ადამიანი შეეჩვევა ღვაწლს და გონებას ღვთის სასუფევლის განცდა აქვს, მაშინ ყველა მაცდუნებელი აზრი ისე იფანტება, როგორც ვარსკვლავები ქრებიან მზის ამოსვლისას".

       სიფხიზლისა და გონებითი სიმშვიდის გარდა გონების დაზიანებისგან დაცვა მაცდუნებელ აზრთა გამომწვევი მიზეზებისგან თავის დახსნაა. წმინდა მაქსიმეს მოჰყავს მაგალითი თუ როგორ უნდა დავიცვათ გულის სიწმინდე. ცნობილია, რომ ვნებიანი აზრები სულის სურვილიან ნაწილს აშფოთებს და აბნელებს მოაზროვნე ნაწილს". ამიტომაც ბერმა "ყურადღება უნდა მიაქციოს გულისთქმას და მოიკვეთოს მისი გამომწვევი მიზეზები.

       საკვებისა და სასმელისგან თავშეუკავებლობა, ქალებთან ამაო საუბარი ის მიზეზებია, რომლებიც ვნებიანი წარმოსახვებით აღიზიანებენ სულის სურვილებს. შიმშილი, წყურვილი, სიფხიზლე და განმარტოება ეხმარება ადამიანს ამგვარი აზრებისა და მოგონებებისგან განთავისუფლებაში. სიამოვნებისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და მატერიალური საგნების სიყვარული იწვევს "ვნებიან მოგონებებს იმ ადამიანებზე, ვინც გვაწყენინა". ვნებიანი ადამიანი წუხს თუ რაიმე ვერ მოიპოვა ან დაკარგა. ამიტომაც ამგვარი წუხილის გამომწვევი მიზეზების უგულებელყოფა შეიძლება ღვთის სიყვარულით".

       აზრებისგან განთავისუფლების გარდა ვნებებს უნდა ვებრძოლოთ, რადგან ვნებებს იყენებს ეშმაკი მაცდუნებელი აზრის ჩასაგონებლად. წმინდა მაქსიმე სიძვის ცოდვისგან გასათავისუფლებლად გვირჩევს; "იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი" მრისხანებისა და მწუხარებისაგან თავდასაცავად უგულებელყავი დიდება, და უპატივცემულობა და სხვა მიწიერი საგნები, გულღრძოობის საწინააღმდეგოდ: "ილოცე მისთვის, ვინც გაწყენინა და განთავისუფლდები".

       სხვა ღვაწლი გულის სიამოვნებისგან განთავისუფლებაა. მაცდუნებელი აზრები აღძრავენ სიამოვნებას და მისკენ მიდრეკენ გონებას. გულის სიამოვნებასთან ერთად სხეულის სიამოვნებასაც უნდა ვებრძოლოთ. მოღვაწემ (ასკეტმა) საჭიროა განაგდოს სიამოვნების გამომწვევი ყველა მიზეზი. თუ ადამიანი ხორციელ სიამოვნებას ეძლევა, მაშინ "ის იძულებულია წავიდეს ასურეთში და დაემონოს ნაბუქოდონოსორს". ვინც მკაცრად არ მიუდგება სიამოვნების განცდას, ვერ იქნება თავშეკავებული და ვერ მოიპოვებს შინაგან თავისუფლებას.

       ზემოთ შევნიშნეთ, რომ უნდა განვერიდოთ მაცდუნებელი აზრების გამომწვევ ადამიანებს და აზრებს. ერთმა ასკეტმა ქალისა და წარსულის მოგონებებით შეწუხებულ ბერს უპასუხა: "მიცვალებულების ნუ გეშინია, ცოცხლებს გაექეცი, და ლოცვა გააძლიერე". მართალია, ყველას ვერ განვერიდებით. ამის გაკეთება მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია. ეს მხოლოდ ისეთ ადამიანს ძალუძს, ვინც სრულყოფილი განწმენდისაკენ მიისწრაფვის, მთელი არსებით ღმერთს უძღვნის თავს. უნდა განვერიდოთ ცდუნების მომტან ადამიანებს, არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები არიან, არამედ ჩვენი უძლურების და სისუსტის გამო. ჩვენ ხომ სნეულებისკენ ვართ მიდრეკილნი. გონებით ფხიზლად მყოფი ადამიანი მიხვდება რა ვნება აწუხებს მას".

       ღვთის შიში გვეხმარება მაცდუნებელ აზრებთან ბრძოლაში. იგი ღვთისგან ბოძებული მადლია და ვისაც ეს მადლი ეძლევა, მთელი დღის განმავლობაში ცდილობს ღვთისათვის არასათნო არაფერი არ გააკეთოს. ღვაწლი მარტივი არ არის, ღვთის შიში ცეცხლით ალღობს ყველა მაცდუნებელ აზრს. თუკი არ გვაქვს ამგვარი შიში, იმისთვის მაინც უნდა ვიღვაწოთ, რომ ღვთის მყოფობა და მომავალი სამსჯავროს შიში შევიგრძნოთ. "როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე" (ფს. 67,3) ისე ბილწი აზრი გაქრება უფლის შიშით". ღვთის შიში მწყემსია, რომელიც მწყემსავს ფარას ანუ აზრებს. მწყემსის შიშის გარეშე ფარა აირევა."

      კურნების სხვა მეთოდიც არსებობს; ეს არის შრომა და ასკეტური ცხოვრება. მარხვა, მღვიძარება, ლოცვა ეხმარება გონებას მაცდუნებელი აზრების უკუგდებაში. "დათრგუნე ხორცი მარხვით და მღვიძარებით და განაგდებ მტანჯველ სიამოვნების მოტრფიალე აზრს". მარკოზ მოღვაწე გვასწავლის: "თუ გვსურს, რომ არ შეგვაწუხოს ბოროტმა აზრებმა სულით დამდაბლებული და სხეულით დამწუხრებული იყავი. ეს ზოგჯერ კი არ უნდა მოხდეს, არამედ "ყოველთვის, ყველანაირი საშუალებით და ყველა საქმეში". ადამიანმა პროფილაქტიკისთვის შეიძლება გამოიყენოს ჩამოთვლილი საშუალებები იმისთვის, რომ არ დასნეულდეს მავნე აზრებით. მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ განიკურნება აზრებით სნეული გონება. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა არსებობდეს შფოთი. ეშმაკის მიზანია ადამიანის სულში შფოთი აღძრას, შემდეგ შეიჭრას და დაატყვევოს, მარკოზ ასკეტი ამბობს: "მამაცურად აიტანე აზრების ტალღები და განსაკუთრებით ისინი, რომელსაც მწუხარება და გაუგებრობა მოაქვთ".

      აზრებთან ვაჟკაცური წინააღმდეგობა მეორე პირობაა განკურნებისთვის. წმინდა მამა გვირჩევს, რომ ნუ შევშფოთდებით ეშმაკურ აზრებთან ბრძოლაში. წმინდა ბარსანოფი მოგვიწოდებს: "თუ დაგეუფლა აზრი, ნუ შეშფოთდები, მაგრამ გაერკვიე რა უნდა მას და საწინააღმდეგო გააკეთე უშფოთველად უფლის სახელის მოხმობით". ცუდი სახლში ქურდის შემოსვლა კი არ არის, ცუდია გაქურდვა.

      ზოგი ადამიანი გულისთქმას უშვებს გონებასა და გულში სასაუბროდ და ქრისტეს ძალით მის დასამარცხებლად: ამგვარად ცოტანი იქცევიან, ისინი, ვისაც ქრისტეს მადლი აქვთ მონიჭებული. მათ სურთ ეშმაკთან პირდაპირ ბრძოლა და მისი დამარცხება. ასეთი რთული და სახიფათო ბრძოლა მრავალი ქრისტიანისთვის მიუწვდომელია მათი უძლურების გამო. ბევრმა ჩვენგანმა უნდა უკუვაგდოთ მაცდუნებელი აზრები.

      შევნიშნავთ, რომ რაც ნაკლები სულიერი გამოცდილება გვაქვს, მით უფრო გვიან ვამჩნევთ აზრის შემოსვლას გონებაში; ღვაწლში მყოფი ადამიანები გულისთქმას სულის მოაზროვნე ნაწილში შემოსვლამდე ამჩნევენ. ზოგიერთნი გულისთქმის არსებობას ხვდებიან მაშინ, როცა აზროვნებასთან მისი შეერთება ხდება ან იგი ამოქმედდება, ან კიდევ ცოდვის ჩადენის შემდეგ. "სულიერად გამოცდილი ადამიანი ჩვეულებრივ ცოდვიან აზრს მაშინ ხვდება, როცა ეს უკანასკნელი განვითარების საწყის ეტაპებს გაივლის, ანუ მაშინ, როცა აზრი ძალას შეიძენს და უფრო მეტიც, როცა უკვე ახლოსაა ცოდვის ჩადენის საფრთხე". სადაც არ შეხვდება ადამიანი მაცდუნებელ აზრს, დაუყოვნებლივ უნდა შეებრძოლოს მას. ღვაწლის სიმტკიცის შესაბამისად შეუძლია კაცს გულისთქმის შემჩნევა მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე.

      მაცდუნებელ აზრებთან საუბრისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა მათი უგულებელყოფა და განკვეთა. არქიმანდრიტი სოფრონი წარმოადგენს ბერი სილუანის სწავლებიდან მაცდუნებელ აზრთან ბრძოლის ერთ კარგ მეთოდს: "მამა (სილუანი) მამათა გამოცდილების მიხედვით, ამბობდა, რომ არსებობს ბრძოლის სხვადასხვა გზა, მაგრამ საუკეთესოა თუ სრულებით არ გავესაუბრებით მაცდუნებელ აზრს. თუკი გონება ჩაერთვება მასთან (აზრთან) საუბარში, მის (აზრის) განვითარებასაც მიჰყვება. გაიტაცებს და ღმერთს დაშორდება, რაც არის სწორედ ეშმაკის მიზანი. ღვთისგან განშორებულ გონებას გაფანტავს იგი (ეშმაკი) და მაცდუნებელ აზრთან მოსაუბრე გონება აღარ იქნება სუფთა.

      სტეფანე მეუდაბნოე, რომელიც ლეოპარდს ხელიდან აჭმევდა (კლემაქსი. სიტყვა 7), სიკვდილის წინ "გაესაუბრა" გულისთქმებს და ეშმაკს შეებრძოლა პირისპირ.. თრაკიის მთაზე მოღვაწე წმინდა მარკოზ ათენელი, ამქვეყნიდან გასვლის წინ იმშვიდებდა სულს თავისი უამრავი ღვაწლით, ამის გამო ჰაერში გაჩერდა მისი სული ერთი საათის განმავლობაში. ეს "ერთი საათი" ასე დარჩენის საშიშროებას ნიშნავდა...

      სხვა მამები სულიერ ღვაწლში უფრო მეტად განბრძნობილნი იყვნენ"სწორედ ამიტომ საფრთხილოა, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების დასაწყისში, აზრის შემოშვება გულში. აზრის შემჩნევისთანავე საჭიროა მისი მოკვეთა". აზრთა უგულებელყოფა საუკეთესო რჩევაა მათთვის, ვინც სულიერი ღვაწლის საწყის ეტაპზეა. მაცდუნებელი აზრი რომ არ დაგვეუფლოს, უნდა უარვყოთ ის, რასაც იგი (აზრი) გვთავაზობს; ამით ძალა ეცლება ვნებას: "ღვთის შემწეობასაც ვგრძნობთ და ვთრგუნავთ თვით ვნებას". ამას ეწოდება აზრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ერთმა მორჩილმა უთხრა ამბა პიმენს: "ამბა, ბევრი აზრი მაწუხებს და მათგან საფრთხეში ვარ". ბერმა გარეთ გაიყვანა და უთხრა: "გაშალე შენი სამოსელი და დაიჭირე ქარი", მორჩილმა, რა თქმა უნდა, "ქარი ვერ დაიჭირა" და მიუგო ამბას, რომ ეს შეუძლებელია. წმინდა მამამ კი უპასუხა: "შენ თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, მით უმეტეს, ვერ შეძლებ აზრების შეკავებას, შენი საქმეა მათთან ბრძოლა". ამრიგად, ქარის დაჭერასავით რთულია აზრს დავუშალოთ ჩვენს სულში შემოსვლა. მაცდუნებელ აზრებთან ბრძოლა აუცილებელია ერთი მხრივ მათი უგულებელყოფით და მეორე მხრივ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობით. "თუ აზრების მოთხოვნებს სხეულით არ შევასრულებთ, თანდათან დასუსტდებიან და გაქრებიან". როგორც ჭურჭელში ჩაკეტილი გველი ან ღრიანკალი დროთა განმავლობაში მოკვდება, ასევე ეშმაკისგან დათესილი ცბიერი აზრები ჩვენი მოთმინების წყალობით მიგვატოვებენ". ამბა აგათონს, როცა დაეუფლა განკითხვის აზრი, თქვა: "აგათონ, არ გააკეთო ეს და აზრიც დაითრგუნა". ამბა თეოდორე და ამბა ლუკიოსი დასცინოდნენ ორმოცდაათი წლის მანძილზე ცბიერ აზრებს. აზრს, რომელიც მათ მოუწოდებდა სამოღვაწეო ადგილის დატოვებისკენ, პასუხობდნენ: ზამთარი რომ გავა, წავალთ აქედან". ზაფხულში კი ამბობდნენ: "ზაფხული გავა და გადავალთ აქედან". ასე იქცეოდნენ ბერები, დასცინოდნენ ეშმაკს600. აზრის დაკმაყოფილებას თუ გადავდებთ, დავეხმარებით ჩვენს თავს მისგან განთავისუფლებაში.

      გულისთქმასთან ბრძოლის სხვა მეთოდია ღვაწლისას თუ არ დავუშვებთ აზრის დიდხანს დაყოვნებას. მარტივმა აზრმა არ უნდა გააღვიძოს ვნება და ვნებიანმა აზრმა ცოდვისკენ არ გვიბიძგოს. "ბრძოლის ორივე გზა არ აძლევს აზრს შეყოვნების საშუალებას". დაყოვნებული აზრი სულში სხვა ფიქრებს წარმოშობს, სულიერ სამყაროში სირთულეს შექმნის და ისე დაიპყრობს გონებას, რომ ვერც შევნიშნავთ.

      არ ვაცალოთ მარტივ აზრს ვნებიანად და რთულად გარდაქმნა და პირიქით რთული აზრიც გავამარტივოთ. რთული აზრი შედგება ვნებისგან და ფიქრისგან. სულიერი სიყვარულით და თავშეკავებით ვნება ფიქრისგან უნდა გამოვარჩიოთ და დარჩება მარტივი "აზრი". ცბიერი აზრი სიამოვნების გაღვიძებისკენ ისწრაფვის, რაც დაიპყრობს გონებას. ამიტომ გონება უნდა მოვაშორით შემოთავაზებულ სიამოვნებას". წმინდა მაქსიმე მოგვიწოდებს, რომ დავთრგუნოთ სხეულის ვნებები და სულის ვნებიანი აზრებიც". მაცდუნებელი აზრების უგულებელყოფასთან ერთად საჭიროა მათი განდევნა. ეს კი ლოცვის დახმარებით ხდება. გრიგოლ სინელი ამბობს, რომ დამწყები ასკეტი ვერ განაგდებს აზრებს, თუ მას უფალი არ დაეხმარება. ძლიერებს შეუძლიათ აზრთა გაფანტვა, მაგრამ მხოლოდ ღმერთის შემწეობით. შენ მოუხმე იესო ქრისტეს სახელს ხშირად და მოთმინებით, როცა აზრები მოგეახლება. ისინი (მაცდუნებელი აზრები) ლოცვისგან გამომდინარე გულის სითბოს ვერ იტანენ და ცეცხლისგან დამწვართა მსგავსად იფანტებიან. ლოცვაში იესო ქრისტეს სახელი წარმოითქმება, რაც ეშმაკისთვის წამებაა და ღვთიური მადლით გულში სითბო ისადგურებს. ასე იწვება გულისთქმა და განიდევნება გონებიდან. "ვის ლოცვასაც ძალა არ აქვს, მიბაძოს მოსეს; აღაპყროს ხელები და თვალები ზეცისკენ და მაშინ თვით უფალი განდევნის აზრებს". ჰაერში გაფანტული კვამლის მსგავსად გაქრებიან აზრები იესო ქრისტეს სახელის ხსენებით".

      ეშმაკეული აზრებისგან ადამიანური აზრების დახმარებით ვერ გავთავისუფლდებით. გონიერმა ადამიანმაც თავისი სასოება მთლიანად უფალს უნდა მიანდოს და თქვას: "უფალო, როგორც შენ გსურს და ხედავ, ისე გადაწყვიტე ეს საქმე". ეს სიტყვები მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად განსაცდელის ჟამს ადამიანი ცდილობს პრობლემას ადამიანური ლოგიკით დაუპირისპირდეს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ადამიანის აზროვნება (λογική), ეშმაკეულ აზრზე ძლიერი ვერ იქნება. ცბიერ აზრთან ბრძოლისას, ჩვენ სინამდვილეში ეშმაკს აღვუდგებით წინ და არა ერთ უბრალო აზრს.

      მღვიძარებით აღვლენილი ლოცვა - გონებას წარმოსახვისგან წმენდს და ადამიანი მოწინააღმდეგეს შეიცნობს და ლოცვისა და მღვიძარების ძალასაც".

      ლოცვისას სულიერ ცხოვრებით მოღვაწე შეიცნობს აზრებს, წარმოსახვის გარეშე მოკვეთს მათ, ცოდვის ჩაუდენლად გაიგებს ცბიერი აზრების შედეგებსაც. აი რატომ არის, რომ ასკეტმა, რომელიც ცბიერ აზრს გონებაში არ უშვებს, შესანიშნავად იცის ცოდვიანი ადამიანის ცხოვრება, თუმცა კი საკუთარ თავზე ცოდვის შედეგები არ გამოუცდია. თუკი მტრის მარცვალი ცეცხლია, ღმერთისადმი მინდობილი იმედი წყალია, რომელიც აქრობს ცეცხლს.

      ამბა იოვანე კოლოვოსი ამბობს: "ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს თავზე მოხვეულ ცბიერ აზრებს; როცა უძლური ვარ მათთან ბრძოლაში, უფალს მივეახლები ლოცვით და მტრისგან თავს ვიხსნი".

      ცბიერი აზრებისგან განთავისუფლების ნაყოფიერი მეთოდია მათი აღიარება გამოცდილი სულიერი მოძღვრის წინაშე. წმინდა კასიანე რომაელი ამბობს, რომ "როგორც ბნელი სოროდან გამოგდებული გველი ცდილობს დამალვას, ასევე აღსარებით აღიარებული ცბიერი აზრები, ადამიანს შორდებიან". "ისე არაფერი ვნებს მონაზონს და ახარებს ეშმაკს, როგორც სულიერი მოძღვრის წინაშე უთქმელი მაცდუნებელი აზრები. ასეთ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება ინგრევა და ადამიანი ეშმაკის ხელში იქცევა სათამაშოდ, რომელსაც, როგორც უნდა, ისე მოექცევა. წმ. იოანე კასიანე გვასწავლის, რომ არ არსებობს ცხონების სხვა გზა, გარდა ერთისა. ჩვენი ცბიერი აზრები გარჩევის უნარის მქონე, სულიერად გამოცდილ მოძღვართან ვაღიაროთ და მივიღოთ მისგან რჩევა, ჩვენი ლოგიკით არ ვიმოქმედოთ". ვინც თავის აზრებს არ აღიარებს მოძღვართან, ის ვერ განიკურნება: "ვინც დუმს თავის გულისთქმების შესახებ, განუკურნებელი რჩება". "შეყოვნებული" აზრები უნდა ვაღიაროთ სულიერ მამასთან, ვინც ჩვენს ცხონებაზე პასუხს აგებს. "შენთან მებრძოლი აზრი უთხარი ამბას და ის ღვთის შემწეობით განგკურნავს". "შეყოვნებულ" აზრებში ვგულისხმობთ "აზრს", რომელიც მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა და ლოცვისა, არ გვტოვებს და აგრძელებს შემოტევას. ეს ეხება ვნებიან აზრსაც, რომელიც ვნებითაა გადაჯაჭვული. იოანე სინელს ერთი მონაზვნის მაგალითი მოჰყავს. მას ქამარზე დაკიდებული წიგნაკი დაჰქონდა და ყოველდღე იწერდა თავის გულისთქმებს, რომლებსაც სულიერ მოძღვრის წინაშე აღიარებდა.

      გამოცდილი მოძღვარი შეიძლება ამქვეყნიურ საქმეთა უცოდინარი იყოს, არ იცოდეს ამა სოფლის სიბრძნე, მაგრამ ღვთიურ სიბრძნესთან იყოს ზიარებული. ამბა არსენიც თავის აზრებზე ერთ ასეთ მოძღვარს ეკითხებოდა. მოძღვარი წერა-კითხვის უცოდინარი და უწიგნური იყო. სხვა ბერმა ჰკითხა მამა არსენს: მამაო, შენ ხომ ბერძნული და რომაული განათლება გაქვს მიღებული, აზრების შესახებ სხვას ეკითხები? მამა არსენმა უპასუხა: "მე რომაული და ბერძნული განათლება მივიღე, მაგრამ მარტივი ადამიანობის ანაბანაც არ მისწავლია". თუ ადამიანმა სულიერი მოძღვრის საშუალებით უფლის წინაშე გულის გახსნა ისწავლა და გამოავლინა გულისთქმები და მათით მიყენებული ჭრილობები, მაშინ იგი ემორჩილება მოძღვრის რჩევას. ეს ადამიანი განთავისუფლდება ყველაფრისგან და დამშვიდდება სულიერად, შეიცნობს თუ რა არის ქრისტესმიერი მშვიდობა.

      აღსარებასთან ერთად სულიერ მოძღვარს ვთხოვთ ლოცვას და კურთხევას. იოანე ოქროპირი იხსენებს სახარების ეპიზოდს, როცა მოციქულები ერთ-ერთ სახლში შედიოდნენ და უფალი ეუბნებოდა, რომ მშვიდობა ესურვებინათ ოჯახისთვის. წმინდა მამა ამბობს, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ხშირად შინაგანი ბრძოლა გვაქვს აზრებთან და ვშფოთავთ. ჩვენს სულში ცბიერი სურვილები იღვიძებს. ასეთ ბრძოლას აქრობს წმინდანების სიტყვა. ანუ მათი კურთხევა და ეს გვამშვიდებს. "საკმარისია მან (წმინდანმა) წარმოთქვას სიტყვა, რომ ყველანაირი ეშმაკეული მოგონება და აზრი სულიდან გაიქცევა".

       ცბიერ აზრთაგან განთავისუფლება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდევ სათნოებათა აღსრულებით შეგვიძლია. თავშეკავება და სიყვარული ვნებიანი აზრებისგან გვიხსნის. გვეხმარება მღვიძარებაც "მონაზონი მღვიძარე მონადირე არს გულისსიტყვათა და ადვილად შეუძლოს მყუდროებასა შინა ღამისასა ხედვად და შეპყრობად მათდა".

       საღმრთო სჯულის და წმინდანთა ცხოვრებების კითხვა ბოროტ აზრებს მოკვეთს, რადგან მოციქულთა და წმინდა მამათა სიტყვებს, ისე როგორც მათ ცხოვრებას დიდი ძალა აქვს და სულს ამშვიდებს. კიდევ სხვა საშუალება არის კეთილი აზრების დაბადება. მართალია, ზემოთ შევნიშნეთ, რომ ყველანაირი აზრი უნდა მოვიკვეთოთ, ეს აუცილებელია ლოცვის დროს, მაგრამ სხვა დროს, განსაკუთრებით სულიერი ღვაწლის საწყის ეტაპზე, შეიძლება კეთილი აზრები განვავითაროთ. ყოველთვის საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება, აზრით წარმოსახვა არ დაგვეუფლოს, საიდანაც ეშმაკეული სულიერება წარმოიშობა. ყველა საგანს კეთილი აზრით უნდა ვუყუროთ. ცუდიც რომ იყოს საგანი, მივიღოთ კეთილად, მაშინ უფალი მის სიავეს შეცვლის. "კეთილის და ბოროტის ხლართი მიიღე ერთნაირი აზრით და მაშინ ღმერთი გაანადგურებს საგანთა და მოვლენათა სიავეს". შეიძლება აგრეთვე, ბოროტი აზრები კეთილად გადავაქციოთ. ცბიერი აზრებისგან განთავისუფლების და განკურნების ერთ-ერთი საშუალებაა, გონება გვქონდეს ჯოჯოხეთში და მისი ცეცხლით იწვოდეს. ბერი სილუანი გვასწავლის "მაკარი დიდი ჰაერში მაღლდებოდა, არ წყვეტდა თავის დამდაბლებას, როცა უკვე მისგან გაქცეული ეშმაკი შორიდან ეძახდა, წმინდა მამა პასუხობდა: ჯერ არ განშორებულხარო. ასე პასუხობდა იმიტომ, რომ შეეჩვია გონების ჯოჯოხეთის ცეცხლში წვას, რითაც ჭეშმარიტად გაურბოდა ეშმაკს". ეშმაკთან ბრძოლაში გამოცდილმა პიმენ დიდმა იცოდა, რომ ყველაზე საშიში მტერი ამპარტავნებაა, იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე თვითდამდაბლებისთვის იღვწოდა და ასწავლიდა მოწაფეებს: "სადაც სატანაა, იქ ვარ მეც" სულის სიღრმეში სწამდა უფლის მრავალმოწყალება და მისგან გადარჩენას ელოდა.

      ამრიგად, თვითდამდაბლება შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ გონება ვნებებისგან დავიცვათ. გონების წვა ჯოჯოხეთის ცეცხლში - ეს ის მდგომარეობაა, რომელიც დიდი სინანულის დროს მოდის და ღვთის მადლია. თუკი ამ მადლს ვერ მოიპოვებს ადამიანი, მაშინ მუდამ უნდა იხსენებდეს თავის მოკვდავობას და უფლის წინაშე სამსჯავროს. ესეც საკმარისია ცბიერი აზრების შემოტევების შესაჩერებლად. მას შემდეგ, რაც ადამიანი ასკეტური მეთოდით განთავისუფლდება აზრების თავდასხმებისგან, გული და გონება განიწმინდება, მაშინ სული წმიდის მადლით აივსება და სული განკურნებას იგრძნობს. განთავისუფლდება ყველა ჭრილობისგან და გადაიქცევა სამება ღმერთის ტაძრად. ადამიანი უფლის მადლის ჭეშმარიტი მსახური ხდება და იგემებს ზეციური სასუფევლის წყალობას. ასეთია ნამდვილი, ბუნებრივი ადამიანი, მადლმოსილი ღმერთკაცი.

 

 

ამოსაბეჭდი ვერსია

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Spirit, Thinker, Thought, Vlachos, აზროვნება, მეტი...არქიმანდრიტი, ვლახოსი, იეროთეოსი, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, სული, ფსიქოთერაპია

ნახვა: 1526

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters