ადამიანის ქცევის ევოლუციის განხილვას მივყავართ ორი ტიპის ინტელექტის არსებობის დაშვებამდე: პერფორმანსულის, რომელიც ჰომო საპიენს საპიენსების მემკვიდრეობაა და კვლევითის, რომელიც ჩვენი ნეანდერტალელი წინაპრებისგან მომდინარეობს. ორივე ეს ინტელექტი ჩამოყალიბდა კონკრეტული გარემოს და სოციალური პირობების გავლენით და ძირითადად, განსხვავდება ერთმანეთისგან იმ დროით, რომელიც ტვინს სჭირდება აღგზნებიდან სიამოვნების (ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფამდე) მიღწევამდე: პერფორმანსული ინტელექტი ახასიათებს ისეთ ტვინს, სადაც ეს დრო მოკლეა, ხოლო კვლევითი ინტელექტი - ისეთ ტვინს, სადაც ეს დრო ფარდობითად ხანგრძლივია. ორივე ეს მემკვიდრეობა კაცობრიობის უმრავლესობაშია და, თუ რომელი ინტელექტი პრევალირებს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი ან სუსტია ნეანდერტალელის თუ ჰომო საპიენს საპიენსის გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ თეორიულ დაშვებამდე მივყავართ მსჯელობას მოშინაურების ახალი თეორიის, ვირთაგვებზე რეალური თუ ჰიპოთეზური ექსპერიმენტების და მენტალური გადახრის ახალი ჰიპოთეზის განხილვის გზით.

- - - - - -

      ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო საკითხი ადამიანის წარმოშობის და განვითარების გარშემო არსებულ სააზროვნო სივრცეში, არის კითხვა მოშინაურების შესახებ.

      გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ მოშინაურება ადამიანის განმსაზღვრელი გარე ფაქტორია: დღეს ჩვენ ძნელად თუ წარმოგვიდგენია რაიმე კულტურა, სადაც მოშინაურებულ ან მიჩვეულ ცხოველს/მცენარეს მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს. ევრაზიულ კონტინენტზე წარმოშობილ ცივილიზაციებში მოშინაურება ცივილიცაზიის სინონიმადაც შეიძლება განვიხილოთ. ოდნავი დაფიქრების შედეგად ცხადი ხდება, რომ მოშინაურებული ჯიშების მიღებას წინ უძღოდა მიჩვევის მრავალსაუკუნოვანი პერიოდი. ცხადია, თავიდან არც ის კულტურული მცენარეები იყო ისეთები, როგორებიც დღეს არიან და არც ის ცხოველები იყვნენ ისეთი მორჩილები და რენტაბელურები, როგორადაც დღეს გამოიყურებიან. იდეა, რომ მიჩვევა/მოშინაურება ვიწრო პრაქტიკული მიზნებით ხდებოდა, მომხიბვლელია, მაგრამ ვერ უძლებს დროის არგუმენტის დაპირისპირებას: კულტურული ჯიშების მიღებას, როდესაც ხელოვნური გადარჩევა მიზანმიმართულად არ მიმდინარეობს, ასწლეულები სჭირდება, თუ ათასწლეულები არა. ამიტომ, საეჭვოა, რომ მიჩვევის ათასწლეულების განმავლობაში პირველყოფილ ადამიანებს მომავალი რენტაბელური, საკვებად კარგად გამოსაყენებელი ჯიშის გამოყვანა ამოძრავებდათ.

      გარდა იმისა, რომ გარეული ცხოველების და მცენარეების მოშინაურება და მიჩვევა ადამიანის განმსაზღვრელი მახასიათებელია, მოშინაურების წინაისტორიული ცენტრები, რომელთა შესახებაც დღეს ინფორმაცია გვაქვს, მსოფლიოში არათანაბრადაა განაწილებული: მოშინაურების არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება სუბსაჰარის აფრიკასა და ავსტრალიაში, ხოლო მოშინაურების/მიჩვევის დასაწყისის მთელი სიმძიმე მოდის ევრაზიის კონტინენტზე.

      დიდი ხნის კვლევის შემდეგ ჩვენ (თევზაძე. 2016) მივედით დასკვნამდე, რომ მოშინაურების დაწყების, ანუ მიჩვევის დაწყების მიზეზი ენდოგენური ოპიოდების გამოყოფაა. ჩვენ მიერ შემოტანილი მოშინაურება/მიჩვევის განსაზღვრება ასე გამოიყურება: მოშინაურება არის ადამიანის მიერ შექმნილი, ცხოველების და მცენარეების სახეობათა კონკრეტული, ხშირად გენეტიკური მოდიფიკაციის საშუალებით მიღებული, ინდივიდების და მათი მოქმედების შედეგების განმეორებითი, სოციალური და ინდივიდუალური გამოყენების სისტემა, ადამიანის ორგანიზმის მიერ ენდოგენური ოპიოიდების დიდი რაოდენობით გამომუშავების მიზნით. როგორც ამ განსაზღვრებიდან ჩანს, მიჩვეული ცხოველების მომდევნო საკვებად ან სხვა მიზნით გამოყენება მიჩვევა/მოშინაურების პრინციპის კონკრეტული, ერთ-ერთი და არა ერთადერთი განხორციელებაა.

      ის, რომ ჩვენს სამყაროში გვგონია, რომ მოშინაურებული ცოცხალი სამყაროს მთავარი დანიშნულება ადამიანების გამოკვებაა, არანაირად არ არის ახლოს მოშინაურება/მიჩვევის, როგორც ადამიანის ქცევის, წარმოშობასთან. როგორც ჩანს, ცხოველებისა და მცენარეების მიჩვევის დასაწყისი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა: შემთხვევითი არ არის, რომ პირველად ცხოველების სახეობებიდან მოშინაურდა მგელი, ხოლო მცენარეებიდან - ის მცენარეები, საიდანაც ალკოჰოლის მიღება ტექნოლოგიურად ადვილი იყო. შესაბამისად, მოშინაურების, როგორც ჩვენი თანამედროვე ცივილიზაციის ღერძის, საფუძველი ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, სიამოვნების მიღებაა: როდესაც ურთიერთობა გვაქვს შინაურ/ მიჩვეულ ცხოველთან, ჩვენს ტვინში გამოიყოფა ენდოგენური ოპიოიდები, რომლებიც აქრობენ წარმოშობილ აღგზნებას და უზრუნველყოფენ ჯანმრთელ, დაუზიანებელ ტვინს და, შესაბამისად, მის ადეკვატურ პროექციასაც.

      თუკი ეს ასეა, რატომ ხდება მოშინაურება/მიჩვევის დასაწყისი მხოლოდ ევრაზიის კონტინენტზე და აფრიკის კონტინენტზე - არა? პალეონტოლოგიური მასალა დაჟინებით გვეუბნება, რომ აფრიკის კონტინენტზე არც ერთი ცხოველი არ მოუშინაურებიათ. რაც შეეხება მცენარეებს - მართალია, აფრიკაში ბევრი მცენარე გამოიყენება ტრადიციულ კულტურებში, მაგრამ არც ერთი კულტურული მცენარე არ წარმოშობილა ადგილობრივად.

      ამ უცნაურ კითხვაზე პასუხი თანამედროვე ადამიანების წინაპრებშია, რომლებიც დაახლოებით 50 000 წლის წინათ შეხვდნენ ერთანეთს ევრაზიის კონტინენტზე: ჰომო საპიენს ნეანდერტალელები, რომლებიც დაახლოებით 500 000 წლის წინათ გადმოვიდნენ აფრიკის კონტინენტიდან ევრაზიის კონტინენტზე და ჰომო საპიენს საპიენსები, რომლებმაც სწორედ 50 000 წლის წინ შეაღეს ევრაზიის კონტინენტის კარები.

      მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი კვლევის შედეგები ქვეყნდება, რომლებშიც ცდილობენ დაასაბუთონ ჰომო საპიენს საპიენსის, ანუ აფრიკელი ადამიანის უპირატესობა ჰომო საპიენს ნეანდერტალელთან შედარებით (Mccarthy, 2016), ფაქტია, რომ ადამიანის ცივილიზაციამ სწრაფი განვითარება ნეანდერტალელის და აფრიკელი ადამიანის შეჯვარების შედეგად დაიწყო. ნეანდერტალელი დაახლოებით 50 000 წლის წინ გაითქვიფა ჰომო საპიენს საპიენსებში, ხოლო პირველი ქალაქები 8-10 000 წლის წინ შეიქმნა. მანამდე არც ევრაზიის კონტინენტზე, სადაც ნეანდერტალელები 500 000 წელს ცხოვრობდნენ, და არც აფრიკის კონტინენტზე, სადაც - ჰომო საპიენს საპიენსები, სულ მცირე, 240 000 წელს, მსგავსი არაფერი მომხდარა.

      სავარაუდოა, რომ სწორედ ნეანდერტალელისა და აფრიკელის შეჯვარებამ მისცა დასაბამი ჩვენს ცივილიზაციას. მაგრამ საინტერესოა, რა შეერთდა, როგორც გენეტიკურად, ასევე, კულტურულად: რა იყო ის მნიშვნელოვანი fusion რამაც ჩვენი ცივილიზაცია განაპირობა.

      როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ნეანდერტალელების წვლილი ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურების დაწყება უნდა ყოფილიყო. ნეანდერტალელთა საზოგადოება არ იყო მხოლოდ ამით მნიშვნელოვანი: მათ ჰქონდათ ხელოვნების, მედიცინის ჩანასახები, როგორც პალეონტოლოგიური მასალის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ (Alper, 2003).

      დღეს მეტ-ნაკლებად მიღებულია იდეა, რომ ნეანადერტალური საზოგადოების წევრები მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ: ქალები და ბავშვები ცალკე, ზრდასრული მამაკაცები ცალკე (Binford, 1992). მამრი ნეანდერტალელების ცალკე ცხოვრება, როგორც ჩანს, განპირობებული იყო ევრაზიის კონტინენტის მკაცრი ჰავით და შესაბამისად, საკვების სიმცირით: ძლიერ მამრებს ადვილად შეეძლოთ მიესაკუთრებინათ მთელი საკვები და, შესაბამისად, ეს პოპულაციას დაღუპვით დაემუქრებოდა. ცალ-ცალკე ცხოვრება იყო ის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საშუალებას აძლევდა ნეანდერტალელების პოპულაციას, გადარჩენილიყო, მაგრამ, უარყოფითად მოქმედებდა საზოგადოების განვითარებაზე: პატარა საზოგადოებებში გაცილებით ნაკლებია, როგორც ტექნოლოგიური, ასევე, სოციალური განვითარების შესაძლებლობა, ვიდრე დიდ სოციუმებში.

      სავარაუდოა, რომ სწორედ ცხოვრების ამ წესის გამო ჩამოყალიბდა მექანიზმი, რომელიც შედარებით დიდ დროს აძლევდა ნეანდერტალელის ტვინს, ჩაექრო აღგზნება: ტვინში აღგზნების ჩაქრობის და ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფის ყველაზე უფრო გავრცელებული წესი, ადამიანების საზოგადოებაში, არის ისევ და ისევ სოციალური ურთიერთობა (Cohen, 2004). როდესაც ინდივიდი ამ ურთიერთობას მოკლებულია (მაგ., ნეანდერტალელი მამრი) მას სჭირდება უფრო დიდი დრო, რაკი ის მყისიერად ვერ პოულობს აღგზნების ჩამქრობ მექანიზმებს.

      შესაბამისად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნეანდერტალელს, სხვადასხვა ფაქტორების დამთხვევის გამო, მიეცა სიამოვნების გამომწვევი მექანიზმების ძიების შესაძლებლობა: აღგზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არა მყისიერად, ან მოკლე დროში, არამედ, შედარებით უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სწორედ ამ ძიების პოტენციალს უნდა მიეცა ნეანდერტალელებისათვის საშუალება, რომ მათ სოციუმებში, სიმცირის მიუხედავად, ჩასახულიყო მედიცინისა და ხელოვნების ელემენტები.

      მეორე საკითხია, როგორი იყო აფრიკელი ადამიანების საზოგადოება, რომელიც 50 000 წლის წინ გადმოვიდა ევრაზიის კონტინენტზე. თანამედროვე ადამიანის წინაპარი დაახლოებით 200 000 წლის წინ გაჩნდა აფრიკის კონტინენტზე. თანამედროვე სუბსაჰარის აფრიკის საზოგადოებები ამ ადამიანების შთამომავლები არიან. მათი პოპულაციების დღევანდელი აღწერა, ასევე, ნამარხი მასალა, საშუალებას იძლევა, დავასკვნათ, რომ აფრიკელი ადამიანის საზოგადოება მრავალრიცხოვანი და რთული იყო (თევზაძე, 2013): საკვების პრობლემა აფრიკაში არ ყოფილა, ხოლო საზოგადოების მრავალრიცხოვნება მათ საშუალებას აძლევდა, თავი დაეცვათ მტაცებლებისაგან, რომელთა უმეტესობა, ევრაზიის კონტინენტისაგან განსხვავებით, აფრიკის კონტინენტზე ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში იყო.

      მრავალრიცხოვან საზოგადოებას აქვს უპირატესობები, მაგრამ პრობლემებიც აქვს: როდესაც სოციუმი ბევრ ინდივიდს აერთიანებს, საჭიროა სოციალური წესრიგის განმსაზღვრელი მექანიზმები, რომლებიც ერთი მხრივ, სოციალურ წესრიგს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ - საზოგადოების მენტალურ სიჯანსაღეს.

      როგორც ზევით დავწერე, ნეანდერტალურ საზოგადოებაში ეს მექანიზმი იყო ძებნა/ძიება: აღგზნებისა და სიმშვიდის მიმნიჭებელი ენდოგენიური ოპიოიდების გამომყოფი მექანიზმების ძებნა და პოვნა. აფრიკელი ადამიანების საზოგადოებაში ეს მექანიზმი განსხვავებული იყო და უკავშირდებოდა მასობრივი რიტუალების შესრულებას (თევზაძე, 2013):

      ადამიანის ორგანიზმი ენდოგენულ ოპიოიდებს გამოყოფს ფიზიკური აქტივობის შესრულების დროსაც (Eizenberger, 2012): როდესაც ფიზიკური აქტიურობა ხორციელდება საზოგადოებაში, ეს გამოყოფა კიდევ უფრო ინტენსიურია. სხვადასხვა მიზეზების გამო (თევზაძე, 2013) აფრიკელი ადამიანის საზოგადოებაში რიტუალის მასობრივი შესრულება გახდა ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფის მთავარი წყარო. დიდი გამაერთიანებელი რიტუალის შესრულება არა მარტო უზრუნველყოფდა სოციუმის სტაბილურობას, არამედ, ამავე დროს, ასრულებდა სოციალური გადარჩევის ფუნქციასაც: ვინც რიტუალში არ/ ვერ მონაწილეობდა, სავარაუდოდ, აგრესიულობის/ინდიფერენტულობის მაღალი დონით გამოირჩეოდა და, შესაბამისად, ხდებოდა მისი გამრავლების პოტენციალის ამოღება/გაუქმება.

      ასე რომ, აფრიკულ საზოგადოებაში წარმატება დიდწილად იყო დაკავშირებული დიდი გამაერთიანებელი რიტუალების გამოგონება/გაძღოლასთან; ამ ფუნქციას წარმატებით ასრულებდნენ შამანები. აფრიკელი ადამიანის სოციუმში, შესაძლებელია, სწორედ რიტუალის ორგანიზების და შესრულების უნარის მიხედვით უფრო ხდებოდა წარმატებული წევრების იდენტიფიკაცია, ვიდრე გამორჩეული მონადირეობით ან მეომრობით.

      შეიძლება ვთქვათ, რომ სუბსაჰარის აფრიკის ადგილობრივ კულტურებში დიდი გამაერთიანებელი რიტუალების შესრულებისკენ მიდრეკილება დღესაც საყოველთაოა.

      ჰომო საპიენსის ეს ვარიანტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და იმდენად გავრცელდა აფრიკის კონტინენტზე, რომ სრულად დაიკავა იგი და დაახლოებით 50 000 წლის წინათ გადმოვიდა ევრაზიის კონტინენტზე, სადაც შეხვდა ნეანდერტალელებს და დენისოველებს (შესაძლოა კიდევ სხვა, ადამიანის ჯერაც აღმოუჩენელ ქვესახეობებსაც). როგორი სპეკულაციებიც არ უნდა ვაგოთ ამ ორი პოპულაციის შეხვედრის შესახებ, ფაქტია, რომ აფრიკის გარეთ დღეს არ არსებობს ადამიანების პოპულაცია, რომელსაც არა აქვს ნეანდერტალელის ან დენისოველის გენების კომპლექსი. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს: აფრიკელი ადამიანის და ევრაზიელი ადამიანის შეჯვარება იმდენად წარმატებული იყო, რომ აფრიკის გარეთ არ დაუტოვა არანაირი შანსი არც „სუფთა“ აფრიკელ და არც „სუფთა“ ნეანდერტალელ/დენისოველ ადამიანს.

      ამ ორი პოპულაციის შეჯვარებით მივიღეთ თანამედროვე ადამიანი, რომელმაც შეჯვარების დასრულებიდან (ნეანდერტალელების და დენისოველების აბსორბაციიდან) სულ რაღაც 20 000 წლის შემდეგ შექმნა პირველი ქალაქები და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ცივილიზაცის. ასევე, შესაძლებელია, რომ ადამიანის რასების გარეგნული განსხვავება აფრიკელი ადამიანის სხვადასხვა ევრაზიელ ადამიანთან შეჯვარების შედეგია. თუმცა, ეს სხვა მსჯელობის თემაა.

      მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიელი ადამიანების გენეტიკური მემკვიდრეობა თანამედროვე ადამიანში საკმაოდ მცირეა (სხვადასხვა შეფასებით, 4-დან 20%-მდე (Ed Yong, 2014), ადამიანების ორ ჯგუფად დაყოფა (მაგ., კაენი/აბელი), შეიძლება ითქვას, კულტურული მუდმივაა და დღემდე აქტუალურია. არ არის გამორიცხული, რომ კეთილ-ბოროტის პერსონიფიცირება არა მეორადი, არამედ პირველადი მოქმედებაა (ანუ შემდეგ მოხდა სიკეთისა და ბოროტების აბსტრაჰირება ადამიანის განსხვავებული მახასიათებლებიდან).

      თუმცა, კულტურული მუდმივის განხილვის გარეშეც სავსებით შესაძლებელია, არსებული გამოცდილების საფუძველზე, მოვახდინოთ კაცობრიობის ორ არათანაბარ ჯგუფად დაყოფა, ჩვენი წინაპრების სოციალური სისტემების და ენდოგენური ოპიოიდების უზრუნველმყოფი სისტემების მიხედვით: პერფორმანსზე, ანუ დიდ გამაერთიანებელ რიტუალში მონაწილეობაზე ორიენტირებულებად და კვლევა-ძიებაზე ორიენტირებულებად.

      ეს დაყოფა შესაძლებელია ინტელექტის ორ ფორმადაც, ორ ძირითად უნარადაც გადმოვცეთ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები მკაცრად იყოფიან პერფორმანსზე და კვლევაზე ორიენტირებულებად: თუ ეს დაყოფა ახლოა სინამდვილესთან, გენეტიკურ დონეზეც კი ყველა (არა სუბსაჰარაში მცხოვრები) ადამიანის ინტელექტს ორივე უნარი უნდა ჰქონდეს, როგორც პერფორმანსული, ასევე, კვლევითი.

      ეს არ არის ისეთი დაყოფა, როდესაც პერფორმანსული მხოლოდ თეატრალურ ნიჭს ნიშნავს, ხოლო კვლევითი მხოლოდ მეცნიერულს: ემპირიულ დონეზეც კი შეგვიძლია მოვახდინოთ მეცნიერის იდენტიფიკაცია, რომლის ინტელექტიც პერფორმანსულია, ანუ ორინეტირებულია მიღებული შედეგების და პროცესის წარმოდგენად ქცევაზე, და მსახიობები, რომელთა საქმიანობაც უკიდურესად კვლევითია - მაგ., დიდი რეჟისორები, მხატვრები, რომლებიც ძალიან ნელა მუშაობენ და მკვლევრები უფრო არიან, ვიდრე არტისტები.

      საბოლოო ჯამში, ეს ორი ინტელექტი განსხვავდება ტვინში აღგზნების ჩაქრობისთვის განსაზღვრული დროის ხანგრძლივობით: თუკი ეს დრო შედარებით მცირეა, ამ ინტელექტის მატარებელი ადამიანი პერფორმანსზეა ორიენტირებული, ანუ ენდოგენური ოპიოიდების გამოსაყოფად მას სჭირდება პერფორმანსი და ამ პერფორმანსით მიღებული სიამოვნება/ენდოგენური ოპიოიდები. თუკი დრო შედარებით დიდია, მაშინ ამ ინტელექტის მატარებელ ადამიანს აქვს დრო, რომ იპოვოს, განსაზღვროს და აკონსტრუიროს სიამოვნების მინიჭების მექანიზმი.

      სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ორი ინტელექტის მატარებელი ადამიანები განსხვავდებოდნენ სოციუმში ორიენტირებითაც: მათ მიერ ემოციების ამოცნობა, სოციალური ინტერაქციის სურვილი, ერთმანეთისაგან განსხვავებული უნდა იყოს. ასევე, განსხვავებული უნდა იყოს მათ მიერ სხვადასხვა გაღიზიანებაზე რეაქცია და ბოლოს და ბოლოს - სწავლის მოდელებიც: თუკი ადამიანი პერფორმანსზე ორიენტირებული ინტელექტის მატარებელია, მისი სწავლება სხვანაირად უნდა წარიმართოს, ვიდრე იმისი, ვისაც უპირატესად კვლევითი ინტელექტი აქვს.

      პერფორმანსზე ორიენტირებული ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო მეტად უნდა იყვნენ კომუნიკაციასა და საზოგადოებაში ყოფნაზე ორიენტირებულები, ხოლო კვლევითი ინტელექტის მქონენი - უფრო მეტად ასოციალურად და ჩაკეტილად უნდა გამოიყურებოდნენ, რაკი ტვინი აძლევს მათ საშუალებას, აღგზნების მყისიერი, ან თითქმის მყისიერი ჩაქრობა არ მიიღონ და ჩამქრობი მექანიზმების ძიებას მეტი დრო დაუთმონ.

      ეს არ ნიშნავს, რომ არსებობენ საქმეები, ან პროფესიები, რომლებსაც პერფორმანსული ინტელექტის ადამიანი უკეთესად გააკეთებს, ვიდრე კვლევითი ინტელექტის მქონე. მაგრამ, ისინი ამ სამუშაოს სხვადასხვანაირად გააკეთებენ, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სიამოვნების მიღების მექანიზმების სწავლების (განათლების) სისტემებში.

      მაგრამ, სანამ უშუალოდ სწავლების ფორმებზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ, თუ რა შედეგები გამომდინარეობს იმ მოვლენიდან, რომ ადამიანის ტვინის და, შესაბამისად, მისი [მოქმედების] პროექციის მთავარი მამოძრავებელი სიამოვნების მიღება, ანუ აღგზნების ჩაქრობაა.

      დღეს ძალიან ძნელია ვივარაუდოთ, რამდენად ჰქონდა ეპიკურეს დამუშავებული სიამოვნების ორი ტიპის თემა: სავსებით შესაძლებელია, სიამოვნების ორი ტიპი აღნიშნავდა, ამავე დროს, სიამოვნების მიღების ორი ტიპის ადამიანებსაც: ანუ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სიამოვნება ტვინით მიიღონ და ადამიანებისა, რომლებიც სიამოვნებას სხეულით იღებენ.

      ეს დაყოფა კარგად ჯდება ჩემ მიერ ზემოთ აღწერილ ადამიანების დაყოფაში მათი ევოლუციური წარმოშობის მიხედვით. მაგრამ რამდენად ახლოსაა ეს ეპიკურეს სწავლებასთან, დღეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.

      თუმცა დიოგენე ლაერტელისაგან, რომლის „ცნობილ ფილოსოფოსთა ცხოვრება“ ძირითადი წყაროა ეპიკურეს სწავლების შესახებ, შესაძლებელია, ცხადად ამოვიკითხოთ, რომ ეპიკურე, თავისი წიგნების ნაწილში აღწერდა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას, როგორც სიამოვნებისკენ სწრაფვას, ხოლო ნაწილში - ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საკუთარი ბუნების მიხედვით, ანუ მოერიდოს ტკივილს და მიიღოს სიამოვნება.

      ინტელექტის ორი ტიპის განსხვავება შესაძლებელია, ექსპერიმენტულადაც ვაჩვენოთ, თუკი მენტალური პრობლემების მოდელირებას შევეცდებით. ჩვენმა კვლევებმა ვირთაგვებზე (Tevzadze et al 2015) მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში აჩვენა, რომ ერთი და იგივე პრეპარატით ზემოქმედებისას, სხვადასხვანაირი მიდრეკილების მქონე ტვინები სხვადასხვანაირად რეაგირებენ. კერძოდ, ჩვენი ექსპერიმენტის მიზანი იყო გაგვეზომა კონკრეტული ტოქსინის მოქმედება ჩვეულებრივი და ეპილეფსიისაკენ მიდრეკილი ტვინების მქონე ვირთაგვებზე. ტოქსინი იყო ის, რაც ბოლოდროინდელი კვლევებით აუტიზმის მიზეზია: ამ თეორიის მიხედვით, ნაწლავებში მიკროფლორის დარღვევის გამო, ეს ტოქსინი გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმში, ლახავს ტვინი-სხეულის ბარიერს და აზიანებს ტვინს. ჩვეულებრივი, სტანდარტული ქცევის ვირთაგვებში ტოქსინის შეყვანისას, მივიღეთ სტანდარტული შედეგი: ვირთაგვების ქცევა შეიცვალა: მათ დაიწყეს ქცევა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო აუტიზმისათვის დამახასიათებელი, „აუტიზმის მსგავსი ქცევა“, რომელიც ჩვენ აღვწერეთ, როგორც უმიზნო კვლევითი აქტივობა. როდესაც ამ ქცევის ვირთაგვებში ხდებოდა სიამოვნების ჰორმონის შეყვანა (ოქსიტოცინი), მათი ქცევა ნორმალურ, სტანდარტულ ქცევას უბრუნდებოდა.

      მოულოდნელი შედეგი მივიღეთ, როდესაც ტოქსინი შევუყვანეთ ეპილეფსიისაკენ მიდრეკილ თაგვებს (ბუნებრივად და ხელოვნურად გამოწვეულს). ორივე შემთხვევაში ტოქსინმა გამოიწვია ეპილეფსიის ინტენსიფიკაცია და ეპილეფსიის უფრო ინტენსურ საფეხურზე გადაყვანა.

      როდესაც მოხდა ამ ვირთაგვების ტვინების გამოკვლევა, ცხადი გახდა, რომ ტოქსინი ორივე შემთხვევაში ტვინის ერთსა და იმავე უბნებზე მოქმედებდა.

      რა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა ეს შედეგები? ყველაზე მთავარი შედეგი, ვფიქრობ, არის ის, რომ სხვადასხვანაირად მოწყობილი ტვინი ერთსა და იმავე ნივთიერებაზე სხვადასხვანაირად, ე.წ. არსებული მიდრეკილების მიხედვით რეაგირებს: თუკი აღგზნების „ჩაქრობისათვის“ გამოყოფილი დრო „დიდია“, ტოქსინის მოქმედება გამოიხატება აუტიზმით, ხოლო თუ „მცირეა“ - ეპილეფსიით. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ექსპერიმენტები ახალგაზრდა თაგვებზე ტარდებოდა.

      ამ ექსპერიმენტებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, ადამიანის ტვინიც ორი სქემის მიხედვითაა მოწყობილი და ამ დებულების გამყარებისათვის აუტიზმის და ეპილეფსიის ეპიდემიოლოგიას უნდა მივმართოთ: რა უცნაურიც არ უნდა იყოს, აუტიზმი სტატისტიკურად სარწმუნოდ არ არის აღწერილი სუბსაჰარის აფრიკაში, როდესაც აფრიკის გარეთ - აუტიზმის შემთხვევები ძალიან ხშირია. ამის საპირისპიროდ, სუბსაჰარის აფრიკაში ეპილეფსიის შემთხვევები გაცილებით ხშირია, ვიდრე აფრიკის გარეთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ სუბსაჰარის აფრიკის მოსახლეობის ტვინი სხვანაირად იყო მოწყობილი, ვიდრე არასუბსაჰარელის (ნეანდერტალელის) ტვინი და მოითხოვდა გაღიზიანებაზე მყისიერ დაკმაყოფილებას, ხოლო არასუბსაჰარელის (ნეანდერტალელის) ტვინი საშუალებას იძლეოდა, სიამოვნების ძიების/აღგზნების ჩაქრობის პერიოდი გახანგრძლივებულიყო.

      ყოველივე ეს არა მარტო იმას მიუთითებს, რომ განსხვავება ადამიანების ამ ორ, საწყის ინტელექტს შორის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, სიამოვნების მინიჭების დროის და მოძიების საშუალებების ჩათვლით: ეპილეფსიის და აუტიზმის საერთო საფუძვლის დაშვებამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები მენტალური გადახრების შესახებ: შესაძლებელია, მენტალური გადახრა სხვა არაფერია, თუ არა ყველა შემთხვევაში ტვინის ერთსა და იმავე უბანზე/რეცეპტორებზე ზემოქმედება, მაშინ როცა, ამ ზემოქმედების გამოხატვის მრავალფეროვნება ვარირებს ადამიანის ასაკის, გენეტიკური მემკვიდრეობის და სოციალური გარემოს მიხედვით. ანუ ერთმა და იმავე ზემოქმედებამ (მაგ., ერთი და იგივე ტოქსინი, რომელიც ნაწლავებში წარმოიშობა, ან თავის ერთი და იგივე ტრავმა) სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა სოციალური გარემოს ადამიანებში შეიძლება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული სოციალური პროექცია მოგვცეს: დეპრესიულ-ჩაკეტილიდან აგრესიულ-შიზოფრენიულამდე. ამის დასამტკიცებლად შეიძლება ექსპერიმენტიც კი ჩატარდეს: ზრდასრულ ვირთაგვებს, როგორც ნორმალურს, ასევე, ეპილეფსიისკენ მიდრეკილების მქონეს, უნდა შევუყვანოთ ერთი და იგივე ტოქსინი და დავაკვირდეთ ამ ტოქსინის ზემოქმედებას. თუკი ზემოთქმული დაშვება მართებულია, მათი ტვინების სოციალური პროექციები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

      თუ ეს ასეა, შეიძლება ასკლეპიადესის და ეპიკურეს ორი ათას წელზე მეტი წლის წინ გაკეთებული დაშვება (როგორც ვიცით, პრაქტიკაში წარმატებული), რომ ყველა მენტალური ავადმყოფობა სიამოვნების არქონაა, მართებული აღმოჩნდეს: ნეანდერტალელის და ჰომო საპიენსის შთამომავლებს უნდა ახასიათებდეთ მენტალური გადახრის როგორც პასიური, ასევე, აგრესიული ფორმები, რომლებიც ივარირებს გენეტიკურ მემკვიდრეობაში ნეანდერტალელის წონის მიხედვით, ხოლო მხოლოდ ჰომო საპიენს საპიენსის შთამომავლების მენტალური გადახრა ექსკლუზიურად აგრესიული ფორმებით უნდა გამოიხატოს.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, ევოლუცია, თევზაძე, ფილოსოფია, ქცევა

ნახვა: 504

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters