ამ თავში აღწერილია, თუ როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა პითაგორას პარადიგმის მიხედვით, როდესაც განათლების მიზანი ჯერ სამყაროს სურათის და შემდეგ სამყაროს სურათის აგების სწავლება კი არ არის, არამედ, როდესაც განათლების მიზანი ტექნოლოგიების შექმნა, ანუ სამყაროს ცვლილება/გამრავალფეროვნებაა. სასკოლო განათლების სისტემა უნდა იყოს ტექნოლოგიების (ყველაზე ფართო აზრით) შექმნის სწავლებაზე ორიენტირებული. ტექნოლოგიები ყველაფერია: დაწყებული საყოფაცხოვრებო ნივთებიდან, დამთავრებული იმ სკოლით, რომელშიც მოსწავლეები სწავლობენ. ასეთი განათლება იქნება უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი: ბავშვები ისწავლიან არა მარტო და მხოლოდ სამყაროს აღწერებს, არამედ, იმას, თუ რა შედეგს იძლევა ესა-თუ-ის აღწერა, როგორ ამრავალფეროვნებს სამყაროს. ამიტომ, სასკოლო განათლება უნდა იყოს ორიენტირებული არა გაგებაზე (სამყაროს სურათების სწავლება, რომელიც ხსნის გარემოს), არამედ, შექმნაზე. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ტექნოლოგიების შექმნისკენ ორიენტირებულობასთან ერთად, ის უნდა ასწავლიდეს ტექნოლოგიების შექმნის ეკონომიკას, რასაც თანამედროვე სამყაროში ბიზნესის ადმინისტრირება ეწოდება. რაც შეეხება მეცნიერებას და კვლევას, ისიც უნდა გახდეს ცხად, ტექნოლოგიურ მიზანზე ორიენტირებული, რაც, არა მარტო გააიაფებს კვლევის პროცესს, პლატონური, შეუცნობლისკენ მსწრაფი პარადიგმისგან განსხვავებით, არამედ, უფრო ეფექტიანადაც აქცევს. ასევე, ამ თავში განხილულია ის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებსაც ტექნოლოგიური განვითარება უქმნის განათლების და კვლევის სისტემებს. მოკლედ, ეს თავი იმის შესახებაა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყაროს ჩვენეული აღქმა, თუკი პლატონ-მარციანისეული ეპისტემოლოგიური პარადიგმიდან პითაგორას ეპისტემოლოგიურ პარადიგმას დავუბრუნდებით. ის, თუ როგორ შეიძლება აღვწეროთ ადამიანი, რომელმაც, შესაძლებელია, ახალ ეპისტემოლოგიურ პარადიგმაში იცხოვროს და რატომ არის ახალი (ძველი, „წინა“) ეპისტემოლოგიური პარადიგმა ბევრად უფრო მორგებული ადამიანის ბუნებაზე, წიგნის შემდეგ ნაწილში იხილავთ.

- - - - - -

შესავალი

     პითაგორას ეპისტემოლოგიური პარადიგმა, როგორც ეს წინა თავებში გაირკვა, შესაძლებელია ეყრდნობოდეს ფილოსოფიის, როგორც სიბრძნესთან მეგობრობის გაგებას და განიხილავს ახალი ცოდნის შექმნას, როგორც სიბრძნის (არსებული ცოდნის) და სიბრძნის მეგობრის (ახალი ცოდნის შემქმნელის) ურთიერთობის პროცესს, რომლის განმავლობაშიც იბადება ახალი ცოდნა და ამ პროცესის ორივე მონაწილე ხდება უკეთესი: არსებული ცოდნა მდიდრდება ახალი ცოდნით, ხოლო ცოდნის შემქმნელი ოსტატდება ახალი ცოდნის შექმნაში.

     განსხვავებით პლატონური პარადიგმისაგან (სიბრძნის სიყვარული), რომელიც შეუცნობლის შემეცნებისაკენ სწრაფვაა, ისე, რომ შემმეცნებელმა იცის, რომ საბოლოოდ სიბრძნის შემეცნება შეუძლებელია და მას შეუძლია, მხოლოდ მიუახლოვდეს სიბრძნეს, პითაგორას პარადიგმაში სიბრძნე ადამიანის მიერ შექმნილი სამყაროს აღწერაა, რომლის სარწმუნოობაც ამ აღწერიდან გამომდინარე, შექმნილით, გაკეთებულით იზომება.

     პითაგორას ეპისტემოლოგიურ მოდელში სამყაროს ყოველი სურათი არის არა ჭეშმარიტებასთან (სამყაროს ჭეშმარიტ სურათთან) მიახლოება, არამედ, ერთ-ერთი აღწერა და ამ აღწერის გამოყენების წესი: სამყაროს აღწერა საშუალებას იძლევა, სამყარო გახდეს უფრო მრავალფეროვანი: იმ ნივთებით, სამყაროს ახალი ობიექტებით, რომლის კეთების საშუალებასაც სამყაროს კონკრეტული აღწერა იძლევა.

     თუკი პლატონის ეპისტემოლოგიური მოდელი გამოიყურება, როგორც „სწრაფვა ცოდნისკენ - აბსოლუტურ სიბრძნესთან მიახლოება“, პითაგორას ეპისტემოლოგიური მოდელი ასეთია: „ცოდნის შექმნის პროცესი - სამყაროს აღწერა - ტექნოლოგია“. თუკი პლატონის და მარციანუს კაპელას სქემაში ტექნოლოგიების ადგილი არ არის და ის განიხილება, როგორც ცოდნის მოპოვების გზაზე წარმოშობილი გვერდითი პროდუქტი, პითაგორას მოდელში, სამყაროს მოდელიდან (კონკრეტული აღწერიდან) გამომდინარე, ტექნოლოგია საბოლოო შედეგი და მიზანია.

     დღევანდელი განათლების ფორმალური სისტემა მთლიანად პლატონის და მარციანუს კაპელას ეპისტემოლოგიურ პარადიგმას ეყრდნობა: დაწყებული საბავშვო ბაღის საფეხურიდან, მოსწავლეებს ასწავლიან ცოდნის სისტემებს, ანუ სამყაროს არსებულ აღწერებს. საუკეთესო შემთხვევაში, ჯონ დუის (Dewey... 1998) გამოცდილებაზე დაყრდნობილი სწავლების მიხედვით, ასწავლიან იმ გზებს, თუ როგორ უნდა მოახდინო სამყაროს აღწერა (მეთოდებს), ანუ რა და როგორი მეთოდები არსებობს სამყაროს შემეცნებისათვის. ტექნოლოგია, საუკეთესო განათლების სისტემებშიც კი, ისწავლება, როგორც სამყაროს შემეცნების პროცესში წარმოშობილი ფენომენები (Niemi... 2014), რომლებიც, ასევე, გამოიყენება კაცობრიობის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

     განათლების ყველა ეტაპზე, რომელსაც ვხვდებით და რომელზეც ვხვდებით, ჩვენ გვასწავლიან სამყაროს სურათებს და ამ სურათების მიღების, აგების წესებს (Dhawan... 2005). ასევე, იმასაც, რომ სამყარო უსასრულოა და რომ ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით მის ყველა საიდუმლოებას, მხოლოდ მივუახლოვდებით. რა არის ეს, თუ არა პლატონ-მარციანუსის ეპისტემოლოგიური მოდელი? გარდა ამისა, ჩვენ გვასწავლიან, რომ სამყაროს სურათის სისწორე, ანუ ჭეშმარიტებასთან მიახლოების ხარისხი განისაზღვრება მსჯელობით, რომლის ნაწილიც დაკვირვება-ექსპერიმენტია. ექსპერიმენტი ჩართულია სამყაროს სურათის შესახებ მსჯელობაში. ამავე დროს, ზუსტად ვიცით, რომ ექსპერიმენტი არ მოიცავს სამყაროს კონკრეტული სურათის ყველა კომპონენტს და სამყაროს სურათი მუდამ რჩება რაღაც ჰიპოთეზის დონეზე, რომელსაც სხვა ექსპერიმენტები ან დაადასტურებენ, ან უარყოფენ და ახალი სურათის შექმნას დაუდებენ საფუძველს.

     ეს არის განათლების ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ: განათლების სისტემა მთლიანადაა დაქვემდებარებული სამყაროს უფრო და უფრო ზუსტი სურათის შექმნის მიზანს. ტექნოლოგიების განვითარება კი გვერდითი ეფექტია და ისევ და ისევ, იმ ერთ მიზანს ემსახურება: ტექნოლოგიები გვჭირდება იმისათვის, რომ სამყაროს უფრო ზუსტი სურათი შევქმნათ, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება, ვიცხოვროთ უკეთ, რომ სამყაროს კიდევ უფრო ზუსტი სურათი შევქმნათ.

     ცხადია, რომ ეს პარადიგმა წრეზე სიარულს გვთავაზობს. თან, რაც მნიშვნელოვანია, ადამიანის ევოლუციის მთავარი ელემენტი - ტექნოლოგიების ქმნა - ამ სქემაში გვერდით შედეგადაა იდენტიფიცირებული.

     როგორც წინა თავებში აღვნიშნე, კაცობრიობა ნელ-ნელა უარს ამბობს ამ პარადიგმაზე, ტექნოლოგიების წარმოება და ტექნოლოგიების წარმოებისკენ გზად სამყაროს აღწერების შემუშავება სულ უფრო და უფრო ხდება კაცობრიობის ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად განვითარებული ნაწილის მამოძრავებელი. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის მცირე ნაწილში ხდება. გარდა ამისა, ამ მცირე ნაწილშიც - ეს „ჭეშმარიტება“, რომ ცოდნის მიზანი არა მიუწვდომლის წვდომა, არამედ ტექნოლოგიების შექმნაა, ამ განვითარებული ნაწილის მოქალაქეების მხოლოდ ნაწილისათვის ხდება ცხადი, როდესაც ისინი ტექნოლოგიების წარმოების სივრცეში აღმოჩნდებიან.

     შედეგად, საინტერესო სურათს ვიღებთ: ერთი მხრივ, ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც ნელ-ნელა პითაგორული ეპისტემოლოგიური პარადიგმით იწყებს მუშაობას. მეორე მხრივ, ასევე ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში განათლება კვლავ პლატონ-მარციანუსის პარადიგმის მიხედვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ პითაგორული ეპისტემოლოგიით ხდება არაფორმალური განათლების განვითარებაც: ყველა იმ პროგრამას თუ კურსს, რომლის მიზანიც ტექნოლოგიის შექმნაა (მაგ., საბავშვო რობოტიქსი და სხვა), ეს პარადიგმა უდევს საფუძვლად (Hansson... 2015).

     აქ ერთი დათქმაა გასაკეთებელი: ე.წ. ხელობის სწავლება არ არის პითაგორული პარადიგმის განხორციელება. პირიქითაც: ხელობის სწავლება სწორედ პლატონურ ეპისტემოლოგიას გულისხმობს, როდესაც ადამიანს არა აქვს ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე სიარულის უნარი, მას ასწავლიან ხელობას, ანუ იმის კეთებას, რისთვისაც არ არის საჭირო ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა.

     შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რამდენად წარმატებული და შედეგიანი იქნებოდა განათლების სისტემა, როდესაც ის, პითაგორას პარადიგმის მიხედვით, მოსწავლეებს მიზნად ტექნოლოგიის შექმნას დაუსახავდა, ხოლო ამ მიზანთან მისასვლელად - სამყაროს აღწერების შექმნას. ასეთ სამყაროში მიზანი გასაგები და ცხადი იქნებოდა: არსებული სამყაროს გამრავალფეროვნება და ადამიანის [სოციალური] ქცევის გაუმჯობესება. ასევე, გასაგები იქნებოდა ამ მიზნის მიღწევის საშუალებაც: სამყაროს აღწერების შექმნა, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ახალ ტექნოლოგიურ აღმოჩენებს და გარღვევებს ჩაუყაროს საფუძველი.

     განათლების პარადიგმის შეცვლით, როდესაც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება აღარ იქნება გაყოფილი და იერარქიულ დამოკიდებულებაში, როდესაც კაცობრიობის მიზანი გახდება არა გაურკვეველი „ბოლომდე შეუცნობელი ჭეშმარიტების შეცნობა“, არამედ, არსებული სამყაროს გამდიდრება და ადამიანის სოციალური ქცევის გაუმჯობესება, კაცობრიობა უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს თანაბარი შესაძლებლობების სამყაროსაკენ: როდესაც მსოფლიოს ყველა კუთხეში თუ ადგილას ეცოდინებათ, რა არის განათლების და, მაშასადამე, ცოდნის მიზანი (ტექნოლოგიების შექმნა და ტექნოლოგიების შექმნის სწავლა, სამყაროს აღწერების და აღწერების შექმნის მეშვეობით), ეს იქნება ის თანაბარი შესაძლებლობების პლატფორმა, რაზეც კაცობრიობის მომავალი დაემყარება. მით უმეტეს, რომ დღევანდელ სამყაროში, უკვე მიღწეული ტექნოლოგიური დონე არსებული ცოდნის გაზიარებისათვის კარგ საფუძველს ქმნის.

     თუმცა, ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ განზრახვათა კრებულად რომ არ ჩათვალონ, მომდევნო თავებში უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა მოეწყოს სწავლების ყოველი საფეხური და როგორ უნდა მომზადდენ მასწავლებლები ახალი ეპისტემოლოგიური პარადიგმის მიხედვით.

სასკოლო განათლება

     სასკოლო განათლების იმ ნაწილში, რომელიც აუცილებელი შემეცნებითი უნარების გამომუშავებისთვისაა განპირობებული, სწავლება ტექნოლოგიის შექმნის სწავლებით უნდა მიმდინარეობდეს. როგორც ეს ზემოთ აღწერილ პითაგორას ეპისტემოლოგიურ პარადიგმაშია, სწავლის მიზანი უნდა იყოს ის, თუ როგორ მივყავართ სამყაროს, გარემოს კანონების ცოდნას კონკრეტული ტექნოლოგიის შექმნამდე.

     ტექნოლოგია ამ შემთხვევაში, ფართოდ უნდა გავიგოთ: დაწყებული Led ნათურით, დამთავრებული ორგანიზაციის მართვის წესებით. როდესაც ტექნოლოგიის შექმნის უნარი სასკოლო განათლების მიზანი ხდება, მთელი სასწავლო პროგრამა იცვლის სახეს და ხდება ისეთი, რასაც დღეს ინტრადისციპლინურს და ინტერდისციპლინურს უწოდებენ. თუმცა ეს დასახელებებიც სწავლების ახალი მიზნის გატოტალურებასთან ერთად, ალბათ შეიცვლება.

     ტექნოლოგიის შექმნის უნარის სწავლების მიზნად ქცევა არ ნიშნავს სწავლების ტექნოკრატიზაციას, პირიქით: სკოლის მოსწავლეები სწავლების ამ პრინციპის მიხედვით დაიწყებენ იმის სწავლას, რითაც ისინი გარშემორტყმულები არიან: მათი საკუთარი, უშუალო საცხოვრებელი გარემო, სინამდვილეში ხომ ტექნოლოგიაა (იმ სკოლის ჩათვლით, რომელშიც იმყოფებიან) და არა ბუნება, ან - სოციუმი.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემეცნების უნარი ვეღარ იქნება მთავარი განმსაზღვრელი სასკოლო სწავლებაში. ის უნდა ჩაანაცვლოს შექმნის უნარმა. შემეცნების უნარი იქნება ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც შექმნის უნარი გამომუშავდება.

     ის სამყარო, რომელსაც შეჩვეულები ვართ, ამ მიდგომით ამოტრიალდება და „ფეხებზე დადგება“: ის, რაც აქამდე ჰუმანიტარული უნარების გამომუშავებას სჭირდებოდა, გახდება საყოველთაო. ყველამ ვიცით, რომ ენის სწავლა ამ ენის საშუალებით ახალი ფენომენების შექმნაა, ისევე, როგორც ხელოვნების სწავლა - ხელოვნების ნაწარმოების შექმნის სწავლა. შეიძლება ეს ყველა სკოლაში არ ხორციელდება, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ენის სწავლის მიზანი მხოლოდ კითხვაა და წერა - არა. არადა, შემეცნებითი უნარების გამომუშავებისას, ფუნდამენტური მეცნიერებების შინაარსის საშუალებით, თანამედროვე სკოლები მხოლოდ „კითხვას“ ასწავლიან, ხოლო „წერის“ სწავლა, თანამედროვე სამყაროში, უკიდურესად შემთხვევითი და მეორადია.

     შესაბამისად, ახალმა სკოლამ უნდა ასწავლოს ტექნოლოგიები, როგორც „ფუნდამენტური“ მეცნიერებიდან გამომდინარე ფენომენები. ტექნოლოგიის შექმნის, როგორც სწავლების და სკოლის მიზნის დასახვით, მოსწავლეს შეეძლება აკონსტრუიროს მთელი ის ცოდნა, რომელიც კონკრეტულ ტექნოლოგიაშია აკუმულირებული.

     მაგალითად, შეიძლება ასწავლო „დანა“ და მის სწავლებაში გააერთიანო ისტორია, პალეონტოლოგია, მასალათა თვისებები, ფიზიკა, გეოგრაფია, ბოტანიკა და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამ მეთოდში ის იქნება, რომ ყოველი შემდგომი ტექნოლოგიის შესწავლას, მოსწავლე წინა ტექნოლოგიებით მომზადებული შეხვდება. რაც მთავარია, მოსწავლე მიხვდება და გაიგებს, როგორ მუშაობს სამყაროს აღწერები კონკრეტული ტექნოლოგიების მისაღებად და კონკრეტულ ტექნოლოგიებში.

     ერთ-ერთი პოპულარული დავალება მოსწავლეებისათვის, ალბათ, იქნება, იპოვონ სამყაროს ის აღწერები (კანონები), რომლებიც კონკრეტულ ტექნოლოგიას შესაძლებლად აქცევს. ასეთი ვარჯიში მისცემს მათ საშუალებას, ნახონ სამყაროს კონკრეტული აღწერა მოქმედებაში და შეიქმნან წარმოდგენა, როგორ არის შესაძლებელი, შექმნა მომუშავე ტექნოლოგია და როგორ არის შესაძლებელი, შექმნა ტექნოლოგიის წინაპირობა - სამყაროს აღწერა.

     კვლავ, რაც შეეხება ჰუმანიტარული მიმართულებების საშუალებით სწავლებას. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პითაგორულ ეპისტემოლოგიურ მოდელთან ენის სწავლა-სწავლება ყველაზე ახლოსაა. დანარჩენი, იქნება ეს მათემატიკა, ისტორია თუ ცოდნის სხვა რომელიმე კორპუსი, უნდა ისწავლებოდეს ტექნოლოგიაზე და ტექნოლოგიის შექმნაზე ორიენტაციით.

     თუმცა რჩება კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ახალი პარადიგმის სკოლაში უნდა მიექცეს ყურადღება. ეს არის დიდი, პოლიტიკური იდენტობის გამომუშავების საკითხი, რომელიც თანამედროვე სასკოლო განათლების ქვაკუთხედია. ვფიქრობ, ყველა განათლების სისტემამ თუ ერთეულმა ეს საკითხი თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე დააყრდნობს დიდი იდენტობის გამომუშავებას. თუმცა, ალბათ, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, რომ ისტორიის სწავლება ისტორიული სოციოლოგიის სწავლებად გარდაიქმნას, რაც, საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ისწავლონ საზოგადოების ქცევის და საზოგადოებაში ძალაუფლების მუშაობის კანონები, რაც გააერთიანებს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების მიდგომებს და აღწერებს: მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას, თუ როგორ მუშაობს კომუნიკაციის, ინტერაქციის თუ მართვის ტექნოლოგიები ადამიანთა სამყაროში. საკუთარი სახელმწიფოს მაგალითზე შესწავლილი ტექნოლოგია მოსწავლეებს გამოუმუშავებს დიდ იდენტობას, თუმცა, შესაძლებელია, უფრო კრიტიკული დამოკიდებულება განუვითაროს, ვიდრე ეს დღევანდელ სისტემაში ხდება. ყველაზე უფრო საინტერესო და, ვფიქრობ, პროდუქტიული, არა მარტო მოსწავლეების, არამედ, საზოგადოებების მომავალი განვითარებისათვის, იქნება განათლების სისტემის, როგორც მოსწავლეების გარემომცველი ტექნოლოგიის შესწავლა.

     ცხადია, მასწავლებლების მომზადების სისტემაც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. თანამედროვე ტექნოლოგიები ისე ვითარდება, რომ მალე აქტუალური ინსტრუქციის ადგილს ელექტრონული სასწავლო გარემო ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მოსწავლეები უფრო მეტ დროს გაატარებენ ვირტუალურ სამყაროში, ვიდრე საკლასო ოთახებში. თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიის შექმნის სასკოლო განათლების მიზნად დადგენა სკოლებს ახალ სიცოცხლეს მისცემს: ცხადია, ახალი ტექნოლოგიები მოიცავს პროგრამირებას, მაგრამ, ამავე დროს, ახალი ტექნოლოგიები ფიზიკურ განსხეულებასაც გულისხმობს. ახალ სკოლებში შეიქმნება გარემო, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე - 3D პრინტერებით და სხვა მსგავსი მოწყობილობებით.

     და მაინც, მიუხედავად ამისა, სწავლების უმეტეს დროს სკოლის მოსწავლეები სახლებში გაატარებენ. ამიტომ, სკოლების ფუნქცია გახდება მშობლების ტრენინგი: როგორ უნდა უხელმძღვანელონ მშობლებმა სახლში საკუთარი შვილების სწავლებას და როგორ უნდა მოამზადონ სკოლაში წასასვლელად - აუცილებელი სოციალიზაციისა და ტექნოლოგიების შექმნისათვის. ისიც ყურადსაღებია, რომ 3D და მსგავსი ტექნოლოგიების განვითარება ისე მიმდინარეობს, რომ ტექნოლოგიების ფიზიკური ნაწილის დამზადება მოსწავლეებს სახლშიც შეეძლებათ.

     თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების მიზანი, როგორც ტექნოლოგია, არ გულისხმობს მხოლოდ მოწყობილობების გაკეთების სწავლას, არამედ, ყველანაირი ტექნოლოგიების შექმნის შესაძლებლობას - ბავშვების აღზრდიდან ენის შესწავლის ახალ მეთოდამდე.

     რაც შეეხება მასწავლებლების მომზადებას, ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ მათ უნდა იცოდნენ მშობლების ტრენინგი და ასევე, კარგად უნდა ერკვეოდნენ სამყაროს აღწერებში, იმისათვის, რომ მოსწავლეებს სწორი მოდერატორობა გაუწიონ, როგორც კონკრეტული ტექნოლოგიის შესაბამისი სამყაროს აღწერის მიგნების, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გაკეთების პროცესში.

     სავარაუდოა, რომ მომავლის გაკვეთილები, პითაგორას პარადიგმის მიხედვით, აღარ ემსგავსება თანამედროვე, ყველაზე ნოვატორული სკოლის გაკვეთილებს და ყოველი კონკრეტული ამოცანის სწავლება/სწავლის პროცესში რამდენიმე მასწავლებლის ჩართვას მოითხოვს. კონკრეტულად, როგორი იქნება მასწავლებლის მომზადება, უმაღლესი განათლების შესაძლებელი მოდელის განხილვისას შევეხებით.

უმაღლესი განათლება

     უმაღლესი განათლების მოდელი შედარებით გასაგებია, სასკოლო განათლების მოდელიდან გამომდინარე. მაგრამ საქმე მხოლოდ ტექნოლოგიების შექმნის მიზნად დასახვაში არ არის. უმაღლესი განათლების სისტემაში უნდა იყოს რაღაც, რაც სტუდენტებს მისცემს საშუალებას, წარმატებულები იყვნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

     თითქოს გასაგებია, რომ სკოლებში უშუალო გარემომცველი ტექნოლოგიების შესწავლის შემდეგ, საუნივერსიტეტო საფეხურზე, სტუდენტებმა ტექნოლოგიების შექმნის უფრო სპეციალიზებული სფეროები უნდა აირჩიონ, იქნება ეს მედიცინა, ეკოლოგია თუ ფილოლოგია. თუმცა, რა უნდა იყოს უმაღლესი განათლების საფეხურზე ისეთი, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს, საკუთარ გარემოში იყოს წარმატებული და არ ჩათვალოს, რომ საუნივერსიტეტო სწავლება სასკოლო სწავლების უბრალო გაგრძელებაა და მეტი არაფერი?

     სანამ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, ჩვენთვის მაინც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, თუ საერთოდ რა საჭიროა განათლების სისტემა - ხომ არ არის ის უკვე მოძველებული და არასაჭირო? ამაზე უფრო დაწვრილებით პასუხს ამ წიგნის შემდეგ ნაწილში გავცემ, ამჯერად კი მხოლოდ ვიტყვი, რომ ბიოლოგიურად, ზრდასრულობის დადგომა არის ის ზღვარი, რომელსაც საკუთარი ორგანიზმი გვიწესებს სწავლისა და ზრდასრულობის მომზადებისათვის. ეს პერიოდი მეტ-ნაკლებად სასკოლო განათლების დროს ემთხვევა. შემდგომი, უმაღლესი განათლების საფეხური საჭიროა იმ აუცილებელი ცოდნის და უნარების კონსტრუირებისათვის, რომელიც ადამიანს წარმატებულად აქცევს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს მეორე ეტაპი, მით უფრო მეტი შანსი აქვს ადამიანს, მოერგოს ცვალებად გარემოს და ის აუცილებელი უნარები/ცოდნა განივითაროს, რომელიც მას წარმატების შესაძლებლობას შესძენს.

     ადამიანების სამყაროში კომუნიკაციის ძირითადი ფორმა ეკონომიკურია და ემყარება ინფორმაციის გაცვლის ეკონომიკას. შესაბამისად, მას მერე, რაც ადამიანი სკოლაში ისწავლის და განვითარდება ახალი ეპისტემოლოგიური პარადიგმის მიხედვით, რომელიც მისი უშუალო გარემოცვის ცოდნას და გარემოს (ტექნოლოგიების) შექმნის უნარების ჩანასახებს შეიცავს, მან, ტექნოლოგიების შექმნის შესწავლის გაგრძელებასთან ერთად, უნდა ისწავლოს და განივითაროს კომუნიკაციის ეკონომიური ფორმის ტექნოლოგია, იმისათვის, რომ შეძლოს, იყოს წარმატებული სოციალურ სისტემაში.

     კომუნიკაციის ეკონომიკური ცოდნის და უნარების ტექნოლოგიის შესწავლა ყველაზე უკეთ ხდება იმ სასწავლო კორპუსში, რომელსაც დღეს ბიზნესის ადმინისტრირებას უწოდებენ (Akwete... 2011). სათანადოდ აგებული ბიზნესადმინისტრირების შესწავლა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ცოდნა და უნარები ინფორმაციის გაცვლის ეკონომიკის შესახებ და მომზადებულები იყვნენ წარმატებისათვის იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობენ.

     თუმცა, ასევე აუცილებელია, რომ ამავე პერიოდში სტუდენტებმა გააგრძელონ ტექნოლოგიის შექმნაზე ორიენტირებული სწავლა, ანუ სამყაროს აღწერების და ამ აღწერების გამოყენების შესწავლა.

     ამ აღწერების და მათი გამოყენების შესწავლა უნდა მიმდინარეობდეს ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლის პარალელურად, რადგან, ბიზნესის წარმოების წესების და სიმულაციური გამოცდილების მიღებასთან ერთად, სტუდენტებს უნდა შეეძლოთ წარმოდგენის შექმნა, თუ კონკრეტულად რომელი ტექნოლოგიების მიმართულებით უნდა იმუშაონ მათ მომავალში ან სწავლის პერიოდშივე.

     ასეთი სისტემა - პირობითად დავარქვათ საბაკალავრო საფეხურის ბიზნესადმინისტრაციის major და მეცნიერებების minor-ები, - საშუალებას მისცემს სტუდენტებს, აკონსტრუირონ თავისი მომავალი წარმატების კონტურები, უნივერსიტეტებიდან გაუსვლელად: მათ ექნებათ საკმარისი ცოდნა ბიზნესის მოფიქრებისა და დაწყებისათვის და, ასევე, საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ მიხვდნენ, ტექნოლოგიების შექმნის რომელი მიმართულებაა მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი.

     როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტექნოლოგიების ქმნა, როგორც მიზანი, უნდა გავიგოთ ყველაზე ფართო აზრით - როგორც ყველაფერი, რაც გამიზნულია კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის - დაწყებული პოლიტიკური სისტემებიდან და მკურნალობის მეთოდებიდან, დამთავრებული კლავიატურის ახალი ფორმებით. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალში საბაკალავრო განათლების ყველაზე უფრო პოპულარული ფორმა იქნება BBS - ბიზნესისა და მეცნიერებათა ბაკალავრი (Bachelor of Business and Sciences).

     რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებს: ეს საფეხურები, ისევე როგორც ეს დღესაა, კონკრეტული ტექნოლოგიების შექმნაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები: სწავლის და სწავლების ამოცანა, ამ ეტაპზე, უნდა იყოს არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება და/ან ახალი ტექნოლოგიების შექმნა სამყაროს ახალი აღწერების შექმნით და/ან, არსებული აღწერების გამოყენების გამრავალფეროვნებით.

     ეს ყოველივე, ანუ ტექნოლოგიაზე ორიენტირებულობა, სავარაუდოა, რომ ერთი მხრივ, შეამცირებს განათლების და კვლევის ხარჯებს, რადგანაც, ცხადი ტექნოლოგიური მიზნის გარეშე, არც განათლება იწარმოებს და არც კვლევა, ხოლო, მეორე მხრივ, ტექნოლოგიურ პროგრესს ააჩქარებს.

     დღეს, კვლევასა და განვითარებაში, ბევრია მიმართულება, რომელიც ცხადი და ჩამოუყალიბებელი მიზნის გარეშე მიმდინარეობს. ყველასათვის გასაგები მიზანი პლატონურ პარადიგმაშია: თუკი მიზანი სამყაროს შემეცნებაა, ყველაზე რუტინულმა და გაუგებარმა კვლევამაც კი შეიძლება შეიტანოს წვლილი სამყაროს შემეცნებაში. ამიტომ, დღითი დღე ვაკვირდებით, როგორ იზრდება მიკროკვლევების წილი მსოფლიო მეცნიერებაში და როგორ მცირდება სამყაროს აღწერაზე ორიენტირებული კვლევები. ცხადია რატომ: მეთოდოლოგიურად გამართული კვლევა, რომელიც საბუთდება დაკვირვებით და ექსპერიმენტით, ნამდვილად დაეხმარება შეუცნობელი სამყაროს უკეთ შეცნობაში, ხოლო სამყაროს აღწერა, რომელიც სცილდება დაკვირვების და ექსპერიმენტის შედეგებს და ექსტრაპოლირებს დაუკვირვებელის და შეუცნობლის შესახებ, იმთავითვე მცდარია, რადგანაც, პლატონის პარადიგმის მიხედვით ვიცით, რომ სამყაროს შეცნობა შეუძლებელია.

     ახალმა, პითაგორას პარადიგმის მიხედვით წარმოებულმა სწავლა-შესწავლის და კვლევის პროცესმა ეს ვითარება ძირეულად უნდა შეცვალოს: როდესაც კვლევის მიზანი ტექნოლოგიურია, ყოველ კვლევას ექნება თავისი ცხადად ჩამოყალიბებული ამოცანა და ის ვერ დაიმალება „სამყაროს შეცნობის, მიუწვდომელთან მიახლოების“ ჩადრის უკან. ახალი პარადიგმა განათლებასა და კვლევაში სამყაროს აღწერის ვერსიებს ადეკვატურ ადგილს მიუჩენს: სამყაროს აღწერები იქნება განხილული არა როგორც მიზანი, არამედ, როგორც ტექნოლოგიის შექმნამდე მიმავალი გზა.

     მთელი ეს სისტემა, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ბიზნესადმინისტრირების და მეცნიერებების შესწავლით, ხოლო მეორე და მესამე საფეხურებზე ტექნოლოგიების შექმნის მიზნად დასახვით, გამოცვლის იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ: პოპულარულად რომ გამოვხატოთ ამ ახალი სისტემის არსი, უნდა ვთქვათ, რომ ასეთ უნივერსიტეტში სწავლას თავს არ დაანებებდნენ არც სტივ ჯობსი და არც ელიზაბეტ ჰოლმსი, რადგან თავისი ტექნოლოგიური იდეების განხორციელებაში საუკეთესო დამხმარე ადგილი სწორედ ის უნივერსიტეტი იქნებოდა, რომელშიც ისინი სწავლობდნენ.

     ცხადია, ასეთი განათლების სისტემა ბევრ გვერდით ცვლილებებს გამოიწვევს. შეიძლება მომიჯნავე და არცთუ ისე მომიჯნავედ ცნობილმა მეცნიერებებმა დაკარგონ თავისი ხისტი პროფილები და სულ სხვა, ბევრად უფრო მიმზიდველ და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სფეროებად მოგვევლინონ. სავარაუდოა, რომ განათლების პროცესიც შეიცვლება და შეჩვეული ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურის ნაცვლად რაიმე სხვა სისტემა მივიღოთ.

     ყოველ შემთხვევაში, ის, რომ მე აღვწერ უმაღლესი განათლების ახალ სისტემას არსებული სისტემის პარამეტრების გამოყენებით, არ ნიშნავს, რომ ვთვლი, რომ არსებული პარამეტრები მუდმივია. თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ სალექციო პროცესი მთლიანად შეიცვალოს (Poore.. 2011; Patrut.. 2013): სოციალური მედიის გამოყენებით, თუ მის გარეშე, სალექციო ფორმატმა, შესაძლებელია, მთლიანად გადაინაცვლოს ვირტუალურ რეალობაში. თუკი ასე მოხდა, განათლება გახდება ბევრად უფრო იაფი, ვიდრე დღესაა და, შესაბამისად, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. საბოლოოდ, ალბათ, ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, რასაც, უეჭველია, ზემოთ აღწერილი განათლების სისტემაც შეუწყობს ხელს, ფიზიკურ სივრცეში მარტო ტექნოლოგიების ლაბორატორიები დარჩება: დანარჩენი - ლექციები, სემინარები, ჯგუფური დისკუსიები - ელექტრონულ სამყაროში იარსებებს და ისინი, ალბათ, მხოლოდ ძალიან ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ კერძო სასწავლებლებში იქნებიან ფიზიკურ სივრცეში, სადაც მაღალი დონის მეცნიერები, შესაბამისი ანაზღაურების ფასად, მდიდარ სტუდენტებს პირისპირ მოუყვებიან ტექნოლოგიური განვითარების და სამყაროს აღწერების შესახებ.

     რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ელექტრონული განათლება განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების რიცხვსაც შეამცირებს და დასაქმებულების კვალიფიკაციასაც აამაღლებს, როდესაც აღარ იქნება აუცილებლობა, რომ ადამიანების კონკრეტული რაოდენობა ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს ფიზიკურ აუდიტორიებში ელაპარაკოს. ელექტრონული სწავლება საშუალებას მისცემს მაღალი კვალიფიკაციის მკვლევარს, ლექტორს, ბევრად მეტ სტუდენტს დაელაპარაკოს, ხოლო სტუდენტებს - საშუალებას, იურთიერთონ მაღალი კვალიფიკაციის მკვლევარ-ლექტორებთან და არა მათ სუროგატებთან, როგორც ეს დღეს ხდება, სტუდენტების დიდი რაოდენობის და კვალიფიციური ლექტორების/მკვლევრების რაოდენობის ფარდობითი სიმცირის გამო.

     ეს ყოველივე იმის შესახებაა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყაროს ჩვენეული აღქმა, თუკი პლატონ-მარციანისეული ეპისტემოლოგიური პარადიგმიდან პითაგორას ეპისტემოლოგიურ პარადიგმას დავუბრუნდებით. ის, თუ როგორ შეიძლება აღვწეროთ ადამიანი, რომელმაც, შესაძლებელია, ახალ ეპისტემოლოგიურ პარადიგმაში იცხოვროს და რატომ არის ახალი (ძველი, „წინა“) ეპისტემოლოგიური პარადიგმა ბევრად უფრო მორგებული ადამიანის ბუნებაზე - წიგნის შემდეგ ნაწილში.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, განათლება, ეპისტემა, თევზაძე, პითაგორა, ფილოსოფია

ნახვა: 330

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters