11 აგვისტო, სამშაბათი - 16 აგვისტო, კვირა

      ტიბერია. მაგდალაში გატარებული მშვენიერი დღეების შემდეგ, როცა იქ ვმკურნალობდი, რამდენიმე დღე შუა საუკუნეების ებრაული კულტურის ცენტრში, ტიბერიაში დავრჩი. ეს ის ადგილია, სადაც რაბინი აკიბა,[1] ფილოსოფოსი მაიმონიდესი[2] და სხვები ცხოვრობდნენ და სადაც რაბინთა სახელგანთქმული სკოლა იყო. დღესაც ამ ქალაქის მკვიდრთა ოთხმოცდაათი პროცენტი ებრაელები არიან. თუმცაღა, მისი დაარსების ჟამს ებრაელებს ამ ქალაქში დასახლება არ სურდათ და იქაურობას თავს არიდებდნენ, რადგან ყოფილი სასაფლაოს ადგილას იყო გაშენებული. ჰეროდემ ამიტომ ბრძანა, რომ იქ „ცოდვილი და ღატაკი“ გალილეველები დაესახლებინათ. სახარების მიხედვით, ქრისტე ამ ქალაქს არასოდეს სწვევია. ნეტავ, ამ ადგილს თავად გაერიდა თუ შემთხვევის გამოა, რომ ტიბერიაში მაცხოვრის ყოფნის თაობაზე სახარებაში არაფერია ნათქვამი? ებრაელები ახლა, ძირითადად, ქალაქის ზემო ნაწილში, ბორცვზე ცხოვრობენ. ძველი ქალაქი გენესარეთის ტბის ნაპირებთან იმ ებრაელთა შთამომავლებით არის დასახლებული, რომელნიც იქ შუასაუკუნეებშივე დამკვიდრდნენ.

      „რუსული სახლი“ სანაპიროსთან ახლოსაა. იგი შუა საუკუნეების დროინდელი ვეებერთელა ნაგებობის ნანგრევებზეა აშენებული. როგორც პროფესორი როსტოვცევი ფიქრობს, შესაძლოა აქ ძველად ნავსადგური ყოფილიყო. ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი ბერძნული შენობა რუსული სახლის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს დგას. ეს ჯვაროსნების დროს აშენებული ვეებერთელა ნაგებობაა.

      ტიბერიას ძველი სახე არ დაუკარგავს. იგი ისეთივეა როგორიც ჯვაროსნების დროს იყო. ჰეროდეს აშენებული ქალაქი აქედან რამდენიმე კილომეტრზე, სამხრეთით მდებარეობს. იქ გოგირდის წყაროები და „ჰამამი“ ანუ აბანოებია. უზარმაზარი შენობა, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს რომ მოგაგონებთ, აბანოების გვერდით არის აღმართული. ეს რაბინთა სკოლაა. აქ დიდი რაბინები არიან დაკრძალულნი.

      საშინლად ცხელა. სხვა რომ არაფერი იყოს, ზღვის დონეზე დაბლა ვართ. არაბები მთელი დღე გენისარეთის ტბაში წვანან. ჩემი ოთახის აივნიდან მათ მუქ ყავისფერ სხეულებს ვხედავ. ისიც ჩანს, ბიჭები სანაპიროზე როგორ მიდი-მოდიან და გაფაციცებულნი უთვალთვალებენ, რომელიმე ებრაელი წყალში ჩასვლას ხომ არ დააპირებს. ამაოდ ირჯებიან! ებრაელები მთელი დღე სახლებში არიან გამოკეტილნი და გარეთ მხოლოდ მაშინ გამოდიან თუ სანაპიროზე პოლიციელს დაინახავ. ებრაული სინაგოგა მეჩეთიდან არც თუ ისე შორსა. პოლიცია ებრაელებს თავს მოუყრის ხოლმე და სინაგოგამდე მიაცილებს, შემდეგ კი უკან მოჰყავს. მათ თავი, ალბათ ჯოჯოხეთში ჰგონიათ, რადგან გახურებულ კედლებში არიან მთელი დღე გამოკეტილები. ამ ძველი უბნის ბინადარნი თავის სამყოფელს ტოვებენ და საცხოვრებლად თანდათან გადადიან ახალ ებრაულ უბანში, რომელიც ბორცვზე გაშენდა. გადაბარგებასაც პოლიცია მეთვალყურეობს. აქ მხოლოდ მოხუცი მამაკაცები რჩებიან, რათა თავიანთ ძველ სახლებში დალიონ სული. ალბათ, მათ არავინ არაფერს უშავებს. თუმცაღა, ვინ იცის? მთელი ღამე სროლაა, ხოლო ბომბები დღისითაც კი ფეთქდება. ამ ბომბების წარმომავლობა არავინ იცის. მე კი არაბები ძალიან თავაზიანად მეპყრობიან, „პადრეს“ მეძახიან და ქუჩაში გზას პატივისცემით მითმობენ. ერთი ჩემ დასაცავადაც კი გამოეშურა, როცა რამდენიმე ბიჭი ამედევნა და საჩუქარს მთხოვდა. ამის თაობაზე მან აფორიზმიც კი თქვა: „მღვდელი საჩუქარს კი არა, ლოცვა-კურთხევას იძლევა“.

      მინდოდა რომ აბანოში ყოველდღე მევლო, რადგან აქაური წყაროები ართრიტის, რევმატიზმისა და მსგავს სნეულებათა სამკურნალოდ კარგი ყოფილა, მაგრამ „ჰამამი“ (აბანოები) აქედან რამდენიმე კილომეტრზეა. ზღვასა და კლდეებს შორის მიმავალი გზა მშვენიერია, მაგრამ ამავე დროს სახიფათოც. პირველ დღეს ერთმა მწყემსმა დამინახა, კლდიდან ჩამოცოცდა და პირსახოცი ხელიდან გამომგლიჯა. მეორე დღეს ერთი ქალი ჯოხით დამედევნა, ირგვლივ კი არავინ ჩანდა. საბედნიეროდ, ქალაქისკენ მანქანით მიმავალმა მგზავრებმა ჩამოიარეს და თან გამიყოლეს. თავგადასავლების მაძიებელი არა ვარ და ამიტომ შინ ჯდომა ვარჩიე.

      აღმოსავლეთის მცხოვრებთ ერთმანეთთან დასაფარ-დასამალავი არაფერი აქვთ. „რუსული სახლის“ არაბი ბინადარნი დიდ, საერთო აივანზე ცხოვრობენ. ერთიმეორის სრულიად უცხო რამდენიმე ოჯახი ამ აივანზე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ჭამს, სხვამს და იძინებს.

      ტიბერიაში საქართველოს მეფეთა ერთი შთამომავალი ცხოვრობს და მუშაობს. დიდი ხნის წინ მის დას, ანასტასია ნიკოლაევნა გრუზინსკაიას შევხვდი. მან კათოლიკობა მიიღო და პოპულარულ, ემოციურ ნაშრომებს წერდა, რომელთა მიზანიც კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოება იყო. რამდენიმე წლის წინ ემიგრაციაში გარდაიცვალა.[3] ამბობენ, რომ მის დას მოსკოვის ახლოს მდებარე მამულში ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია ჰქონდა. მისი მისამართი ჩაწერილი მაქვს და ვაპირებ როგორმე გადავამოწმე, იქ ყველაფერი შენახულია თუ არა, თუკი, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა მომეცემა. ახლა ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული ცნობით ვიღაც საიდუმლოებით მოცულ ქართველ მონაზონზე, რომელიც იერუსალიმში სამი წლის წინ გარდაცვლილა. მისი სახელი არავინ იცის. ამ მონაზვნის ღვთისმოსავ ცხოვრებაზე იერუსალიმშიც მიამბობდნენ, ახლა კი ერთი საინტერესო რამ შევიტყვე: მონოზონმა გარდაცვალებამდე, თავისი წიგნები დაუტოვა თავადს, რომელიც მას კარგად იცნობდა. ეს წიგნები, წესით, ახლაც იერუსალიმში უნდა ინახებოდეს ერთ პიროვნებასთან. ქართველმა თავადმა მისი მისამართი მომცა და ნება დამრთო, წიგნებიდან ამომერჩია, რაც კი დამჭირდებოდა და ვარშავაში წამეღო. იქნებ რომელიმე წიგნზე სახელი ეწეროს, რამეს მაინც შევიტყობდი წმინდა მიწაზე მცხოვრებ უკანასკნელ ქართველ მონაზონზე.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] რაბი აკიბა ბენ იოსები (დაახლ. 50-135) - ებრაელი სწავლული, თორის ერთ-ერთი კომენტატორი.

[2] მაიმონიდესი (მოშე ბენ მაიმონი), იგივე რამბამი (1135-1204)-თალმუდის უდიდესი ებრაელი მკვლევარი, ფილოსოფოსი და ექიმი.

[3] ამ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ქართული სამეფო გვარის გენეალოგია არ იცნობს ანა ნიკოლოზის ასულ გრუზინსკაიას.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 377

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters