შტეფან ცვაიგი - საჭადრაკო ნოველა

      დიდ საოკეანო გემზე, რომელიც შუაღამისას ნიუ იორკიდან ბუენოს აირესისაკენ უნდა გასულიყო, ბოლო წუთებში საქმიანი ფუსფუსი და ჩოჩქოლი იყო გამეფებული. ხალხში ყოველი მხრიდან გზას იკაფავდნენ გამცილებლები; გვერდზე ქუდმოქცეული დეპეშების დამტარებელი იუნგები გაჰყვიროდნენ მგზავრების გვარებს, მიჰქონდათ ნივთები და ყვავილები; კიბეზე არბოდნენ და ჩამორბოდნენ ცნობისმოყვარე ბავშვები; განუწყვეტლივ უკრავდა გემის ორკესტრი.ამ აურზაურსა და გნიასს მოცილებული, გემბანზე ვიდექი და ერთ ჩემს ნაცნობს ვებაასებოდი, ჩვენს ახლოს ორჯერ თუ სამჯერ უეცრად იელვა მაგნიუმმა. ალბათ მგზავრთა შორის სახელგანთქმული თუ იყო ვინმე და უკანასკნელ წუთში მიღებულ ინტერვიუსათვის მისი სურათიც დასჭირდათ. ჩემმა მეგობარმა იქით გაიხედა და ულვაშებში ჩაიცინა. - თქვენთან ერთად გემით უცხო ჩიტი ჩენტოვიჩიც მიემგზავრება. როცა სახეზე შემატყო, რომ ეს გვარი ჩემთვის უცნობი იყო, წარმოთქვა: - მირკო ჩენტოვიჩი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, დიდი ხანი არაა, რაც სახელი გაითქვა მთელ ამერიკაში საჭადრაკო ტურნირებში მონაწილეობით, ახლა კი არგენტინაში მიემგზავრება ახალ-ახალი გამარჯვებებისათვის. ეს რომ თქვა, იმწამსვე გამახსენდა არა მარტო მსოფლიოს ახალგაზრდა ჩემპიონის სახელი, არამედ მისი ელვისებური კარიერის ზოგიერთი წვრილმანიც. ჩემმა მეგობარმა, რომელიც მსოფლიო პრესას ჩემზე უფრო გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს, მასზე კიდევ მრავალი ანეგდოტი მიამბო. დაახლოებით ერთი წლის წინათ ჩენტოვიჩმა ერთბაშად შესძლო ჩამდგარიყო ისეთ სახელგანთქმულ მოჭადრაკეთა რიგებში, როგორიცაა ალიოხინი, კაპაბლანკა, ტარტაკოვერი, ლასცერი, ბოგოლიუბოვი. 1922 წლის ნიუ იორკის ტურნირზე შვიდი წლის ვუნდერკინდ რეშევსკის გამოჩენის დღიდან მოჭადრაკეთა ბრწყინვალე პლეადაში არც ერთი უცნობი მოჭადრაკის შეჭრას ასეთი ხმაური და ცხოველი ინტერესი არ გამოუწვევია. გონებრივი შესაძლებლობა ჩენტოვიჩს სრულიად არ უქადდა ამგვარ ბრწყინვალე მომავალს. მალე გამოირკვა მისი მეორე საიდუმლოებაც: ჭადრაკის ოსტატს არც ერთ ენაზე ორიოდე სიტყვის უშეცდომოდ დაწერაც კი არ შეეძლო და, მისი ერთ-ერთი ღვარძლიანი მეტოქის თქმით, მეცნიერების არც ერთ დარგში არაფერი ესმოდა. პაწია ნავი, რომელიც მამამისს, იუგოსლავ ღატაკ მენავეს ეკუთვნოდა, ერთხელ ღამით დუნაის სატვირთო გემმა ჩაძირა. იუგოსლავიის მიყრუებული სოფლის კეთილ პასტორს შეეცოდა თორმეტი წლის დაობლებული ბიჭი და აღსაზრდელად აიყვანა. პასტორი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ესწავლებინა გონებაჩლუნგ, შუბლდაბალ, ენაბლუ ბავშვისათვის, რასაც სოფლის სკოლაში ვერ ითვისებდა. პასტორის ყოველი ცდა ამაო იყო. მირკო მიაშტერდებოდა ასოებს, რომლებსაც ასჯერ მაინც აუხსნიდნენ, მაგრამ მათ დამახსოვრებას ვერ ახერხებდა. მისი ჩლუნგი გონება უბრალო რამესაც კი ვერ ხვდებოდა. თოთხმეტი წლისა იყო, როცა დათვლა მხოლოდ თითების დახმარებით შეეძლო და გაზეთში ან წიგნში პატარა ნაწყვეტს დიდი გაჭირვებით თუ წაიკითხავდა. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ მირკო გაუგონარი ან ჯიუტი ბავშვი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რასაც უბრძანებდნენ: წყალი მოჰქონდა, შეშას აპობდა, მინდორში მუშაობდა, სამზარეულოს ალაგებდა, ერთი სიტყვით, შეიძლებოდა მისი იმედი გქონოდათ, მაგრამ ყველაფერში ისეთი ზანტი და ნელი იყო, რომ მოთმინებიდან გამოყავდა ყველანი. კეთილ პასტორს ყველაზე მეტად მისი გულგრილობა სწყინდა.

      მირკო, თუ არ უბრძანებდნენ, თვითონ არაფერს არ გააკეთებდა. არავის არაფერს ჰკითხავდა. სხვა ბიჭებთან თამაში არ უყვარდა, სამუშაოს არ ეტანებოდა, სანამ არ დაასაქმებდნენ. შინ რომ საქმეს მოათავებდა, დაჯდებოდა და იალაღზე გასული ცხვარივით უაზროდ იყურებოდა, სულაც არ აინტერესებდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. პასტორი ყოველ საღამოს გაიჩრიდა პირში გრძელტარიან ყალიონს და ჟანდარმერიის ვახმისტრთან სამ-სამ პარტია ჭადრაკს თამაშობდა. ქერათმიანი ბიჭი კი ხმაამოუღებლივ მიუჯდებოდა მოთამაშეებს, ჩამოუშვებდა მძიმე წამწამებს და გულგრილი, თითქოს მთვლემარე მზერით მისჩერებოდა ჭადრაკის დაფას. ზამთრის ერთ საღამოს, როცა ორივე პარტნიორი ჩვეულებრივ გართული იყო ჭადრაკის თამაშით, გარედან ეჟვნების წკრიალი მოისმა - სახლს მარხილი უახლოვდებოდა. ოთახში დათოვლილი გლეხკაცი შემოვარდა და დაუწყო ხვეწნა პასტორს წაჰყოლოდა მის მომაკვდავ დედასთან აღსარების მოსასმენად. პასტორი მყისვე გაჰყვა გლეხს. ვახმისტრმა, რომელმაც ვერ მოასწრო ლუდის ჭიქის გამოცლა, წასვლის წინ ერთხელ კიდევ მოუკიდა ჩიბუხს და ის იყო, მაღალყელიანი ბეწვიანი ჩექმები უნდა გაესწორებინა, რომ უეცრად შეამჩნია, პატარა მირკო კვლავ ჭადრაკის დაფაზე ახლად დაწყებულ პარტიას უყურებდა. - პარტიის დამთავრებას ხომ არ აპირებ? - ხუმრობით შეეკითხა ვახმისტრი. იგი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მოსულელო ბიჭმა ფიგურათა სვლების წესებიც კი არ იცოდა. ბავშვმა გაუბედავად ახედა ვახმისტრს, მერე თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი და პასტორის ადგილი დაიკავა. მეთოთხმეტე სვლაზე ვახმისტრი დამარცხდა და იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ ჩემი დამარცხების მიზეზი არავითარ შემთხვევაში დაუფიქრებელი სვლა არ იყოო, ითამაშა მეორე პარტია - ეს პარტიაც იმავე შედეგით დამთავრდა. - ვაჰლაამის ჩოჩორი!- შესძახა ახლად დაბრუნებულმა განცვიფრებულმა პასტორმა და აუხსნა ვახმისტრს, რომელმაც არც თუ ისე კარგად იცოდა ბიბლია, რომ ორი ათასი წლის წინათ ასეთი სასწაული მომხდარა, ერთხელ თურმე პატარა ჩოჩორს ლაპარაკი დაუწყია და ამასთან ჭკვიანურიც. გვიან იყო, მაგრამ კეთილმა პასტორმა ვერ შეიკავა თავი, მასაც მოუნდა ეთამაშა თავის უწიგნურ აღზრდილთან. მირკომ მასაც ადვილად მოუგო. ის თამაშობდა ნელა, დაჟინებით, აუჩქარებლად. ერთხელაც კი არ აუწევია ფართოშუბლიანი თავი ჭადრაკის დაფიდან. მის თამაშში შეუდრეკელი რწმენა ჩანდა. შემდეგ დღეებშიც იგივე განმეორდა, ვერც პასტორმა და ვერც ვახმისტრმა ერთი პარტიაც კი ვერ მოუგეს. მღვდელი, რომელმაც სხვაზე უფრო კარგად იცოდა თავისი აღზრდილის გონებრივი ჩამორჩენილობის ამბავი, ჩაფიქრდა, შესძლებს თუ არა ბიჭი სერიოზული გამოცდის ჩაბარებასო. სოფლის დალაქთან მირკოს გაჩეჩილი ჩალისფერი თმა შეჰკრიჭეს, რომ ცოტათი გაელამაზებინათ. მეორე დღეს პასტორმა იგი მარხილზე დასვა, მეზობელ ქალაქში გაემგზავრენ და მოჭადრაკეთა კაფეში შევიდნენ. კაფეში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ ქალაქში ძლიერი მოჭადრაკენი, რომელთაც მღვდელი მეტოქეობას ვერ უწევდა. პასტორთან ერთად წითელლოყება, ქერათმიანი ბიჭის გამოჩენამ საერთო ინტერესი გამოიწვია. მწყემსის მაღალყელიან ჩექმებში და ცხვრის ძველ ქურქში გახვეული, თვალებდახრილი მირკო დიდხანს იდგა განმარტოებით კუთხეში. შემდეგ სათამაშოდ მიიწვიეს. მან პირველი პარტია წააგო იმიტომ, რომ არასოდეს არ ენახა სიცილიური დაცვა პასტორის სახლში. ქალაქის საუკეთესო მოთამაშესთან შემდეგი მისი პარტია ყაიმით დამთავრდა. მაგრამ მესამე, მეოთხე და ყველა შემდგომი პარტიები მირკომ მოიგო. იუგოსლავიის პროვინციული ქალაქი იშვიათადაა ამაღელვებელ ამბავთა ასპარეზი, ამიტომ სოფლელი ბიჭის პირველმა გამოჩენამ ღირსეულ მოქალაქეთა შორის მთელი სენსაცია გამოიწვია. ერთხმად გადაწყვიტეს, ვუნდერკინდი მეორე დღემდე დაეტოვებინათ ქალაქში, რათა საჭადრაკო კლუბის სპეციალური კრება მოეწვიათ და განსაკუთრებით კი იმისათვის, რომ მასთან ეთამაშა ჭადრაკის ფანატიკურ თაყვანისმცემელს, ახლომდებარე კოშკის მფლობელს გრაფ ზიმჩიკს. მღვდელი უჩვეულო სიამაყის გრძნობით შესცქეროდა თავის აღზრდილს. სიხარულს მოვალეობის გრძნობა ჩრდილავდა, არ უნდოდა კვირის წირვა გამოეშვა. ბოლოს გადაწყვიტა, მირკო ქალაქში დაეტოვებინა შემდგომი გამოცდისათვის. მოჭადრაკეებმა ჩენტოვიჩი მოათავსეს სასტუმროში, სადაც იმ საღამოს თავის სიცოცხლეში პირველად იხილა უოტერკლოზეტი. კვირას, ნასადილევს ჭადრაკის ოთახი სავსე იყო ხალხით. ოთხი საათი იჯდა მირკო ჭადრაკის დაფასთან, მოჯადოებულივით ხმას არ იღებდა, თავს მაღლა არ სწევდა და ზედიზედ ამარცხებდა მოჭადრაკეებს. ბოლოს სთხოვეს, ერთდროული სეანსი ჩაეტარებინა რამდენიმე დაფაზე. როგორც კი გაეცნო ამ წესს, საჩქაროდ შეუდგა საქმეს. მირკომ მძიმე, ჭრიჭინა ჩექმებით დაიწყო მაგიდიდან მაგიდასთან სიარული. და ბოლოს რვა პარტიიდან შვიდი მოიგო. დაიწყეს ბჭობა. მკაცრად რომ განვსაჯოთ, ახალი ჩემპიონი არ იყო ამ ქალაქის მკვიდრი, მაგრამ პატრიოტულმა სიამაყემ მაინც თავისი გაიტანა, როგორც იქნა, მათ პატარა ქალაქს, რომელიც რუკაზეც კი არ იყო აღნიშნული, მიეცა საშუალება სახელგანთქმული ადამიანის სამშობლო გამხდარიყო. იმპრესარიო კოლერმა, რომელსაც ადგილობრივი გარნიზონის კაბარესათვის შანსონეტები და მომღერალი ქალები მოჰყავდა, განაცხადა, რომ თუ სუფსიდიას გაიღებდნენ, ჭაბუკს ვენაში ერთ მის ნაცნობ ოსტატთან მიიყვანდა, რათა ერთი წლის განმავლობაში ჭადრაკის ხელოვნებაში დაოსტატებულიყო. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გრაფმა ზიმჩიკმა, რომელსაც მთელი სამოცი წლის მანძილზე არასოდეს არ უთამაშია მირკოზე ძლიერ მოთამაშესთან. ამ დღიდან დაიწყო მენავის შვილის ბრწყინვალე კარიერა. ექვსი თვის შემდეგ მირკო დაეუფლა ჭადრაკის თამაშის ყველა საიდუმლოებას. თუმცა ერთი ნაკლი დასჩემდა, რასაც შემდეგში ამჩნევდნენ მოჭადრაკეთა წრეში და დასცინოდნენ კიდეც. ჩენტოვიჩს არ შეეძლო ერთი პარტიაც კი ზეპირად, ან როგორც ჭადრაკის ენაზე იტყვიან, "ბრმად ეთამაშა". ჭადრაკის დაფა ფანტაზიის უსაზღვრო სივრცეში წარმოედგინა. მას აუცილებლად თვალწინ უნდა ჰქონოდა ნამდვილი დახაზული ჭადრაკის დაფა და ჭადრაკის ოცდათორმეტი ფიგურა. მაშინაც კი, როცა მისი სახელი მთელ მსოფლიოში ქუხდა, ის თან ატარებდა ჯიბის დაფას, რომ საშუალება ჰქონოდა თავისთვის საჭირო პოზიცია ან ამოცანა აღედგინა. თუმცა ამ ნაკლს თავისთავად არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მიუთითებდა მის წარმოსახვის ნაკლოვანებაზე. ეს გარემოება გაცხოველებულ კამათს იწვევდა მოჭადრაკეთა შორის. ასეთი კამათი მუსიკალურ წრეებშიაც ხდება, როცა ირკვევა, რომ სახელგანთქმულ ვირტუოზს ან დირიჟორს არ შეუძლია დაკვრა ან დირიჟორობა უპარტიტუროდ. ამ ნაკლმა ხელი ვერ შეუშალა მირკოს შესანიშნავ წარმატებებს. ჩვიდმეტი წლის მირკოს რამდენიმე საჭადრაკო პრიზი ჰქონდა მოპოვებული, თვრამეტი წლისამ უნგრეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა, ოცისა კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სახელგანთქმული ჩემპიონები, რომლებიც ნიჭით, ფანტაზიით და გამბედაობით ბევრად აღემატებოდნენ ჩენტოვიჩს, ისევე მარცხდებოდნენ მისი რკინისებური ლოგიკით, როგორც ნაპოლეონი დამარცხდა კუტუზოვთან, ხოლო ჰანიბალი ფაბიუს კუნკტატორთან ბრძოლაში, რომელსაც ლივიუსის მოწოდებით, უკვე ბავშვობიდანვე ეტყობოდა აპათიისა და ჭკუამოკლეობის ნიშნები. ამრიგად, ჭადრაკის ოსტატთა ბრწყინვალე საზოგადოებაში, სადაც თავს იყრიდნენ ფილოსოფიის, მათემატიკისა და სხვა დარგის წარმომადგენლები, რომელნიც დაჯილდოებულნი იყვნენ მხატვრული, გამომგონებლური და შემოქმედებითი ნიჭითაც, გაერია სრულიად უცნობი, ჩამორჩენილი, ჩუმი, განუვითარებელი სოფლელი ბიჭი. ყველაზე მოხერხებულმა ჟურნალისტებმაც კი ვერ შესძლეს ერთი სიტყვა მაინც დაეცდენინებინათ მისთვის, რაც გამოქვეყნების ღირსი იქნებოდა. მაგრამ ეს ნაკლი შეავსო მასზე არსებულმა აურაცხელმა ანეგდოტმა. საჭადრაკო დაფას რომ მოცილდებოდა, სადაც ის უბადლო ოსტატი იყო, ჩენტოვიჩი თითქმის სასაცილო ფიგურად გადაიქცეოდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შავი კოსტიუმი ეცვა, მოდურ ჰალსტუხზე მარგალიტიანი ქინძისთავი ჰქონდა დაბნეული და ფრჩხილებიც კოხტად ჰქონდა დაქნილი, თავისი საქციელითა და მანერებით ისევ ის გონებაშეზღუდული ბიჭი იყო, რომელიც მღვდლის ოთახსა გვიდა. იგი ცდილობდა საკუთარი ნიჭისა და სახელის წყალობით რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვნა, ამასთან, ჩენტოვიჩი მეტისმეტად ხარბი იყო. ყოველივე ამას ის სრულიად უსირცხვილოდ, უტიფრად აკეთებდა, რაც მისი კოლეგების ზიზღსა და ბრაზს იწვევდა. როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მოგზაურობდა, ყველგან იაფფასიან სასტუმროებს ირჩევდა, თანახმა იყო ეთამაშა ყველა საჭადრაკო კლუბში, თუკი რამდენსაც მოითხოვდა, იმდენ ფულს გადაუხდიდნენ, ნება დართო მეფაბრიკეს, მისი სურათი საპნის რეკლამისთვის გამოეყენებინა. ყურიც კი არ უთხოვებია თავისი კონკურენტების დაცინვისათვის, რომელთაც კარგად იცოდნენ, რომ მას სამი წინადადების დაწერაც კი არ შეეძლო სწორად, როცა მისი ავტორობით გამოიცა ერთი ახალგაზრდა გალიციელი სტუდენტის მიერ დაწერილი წიგნი "ჭადრაკის ფილოსოფია" და სახელის გაყიდვისათვის დიდძალი ფული აიღო. როგორც ასეთი ბუნების ხალხს სჩვევია, ჩენტოვიჩს სრულიად არ გააჩნდა იუმორის გრძნობა და ჩემპიონი რომ გახდა, საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კაცად თვლიდა. იმის შეგნებამ, რომ გამარჯვება მოიპოვა ყველა ამ ჭკვიან და გონიერ, ბრწყინვალე ორატორული ნიჭისა და წერის უნარის მქონე ადამიანებზე, და ამასთან, მათზე მეტ ფულსაც რომ აკეთებდა, მისი წინანდელი სიფრთხილე დაუფარავ სიამაყედ აქცია. - რა თქმა უნდა, ასეც უნდა მომხდარიყო, სწრაფად მოპოვებულმა დიდებამ აურია ცარიელი თავი, - დაუმატა ჩემმა მეგობარმა და მომიყვანა რამდენიმე მაგალითი ჩენტოვიჩის ბავშვური ამპარტავნობისა, - როგორ არ გახდებოდა ოცი წლის ბიჭი პატივმოყვარე, თუკი დაფაზე ფიგურათა გადაადგილებით ერთ კვირაში შეუძლია უფრო მეტი ფული გააკეთოს, ვიდრე მთელი მისი სოფელი იშოვის ხე-ტყის ჭრით მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ძალიან ადვილია თავი დიდ ადამიანად მიგაჩნდეს, თუკი თქვენი ტვინი არაა დამძიმებული მცირეოდენი წარმოდგენითაც კი, რომ ქვეყანაზე ოდესღაც ცხოვრობდნენ რემბრანტი, ბეთჰოვენი, დანტე, ნაპოლეონი. მის შეზღუდულ გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ცოცხლობს: უკვე რამდენიმე თვეა, რაც არ წაუგია არც ერთი პარტია. და რამდენადაც მას სულაც არ წარმოუდგენია, რომ სხვა რამეც არსებობს ამქვეყნად ჭადრაკისა და ფულის გარდა, საფუძველი აქვს აღტაცებული იყოს საკუთარი თავით. მეგობრის ნაამბობმა, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეობა აღმიძრა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში მაინტერესებდა მონომანიით შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც აკვიატებიათ ერთადერთი იდეა, იმიტომ რომ რამდენადაც ვიწროა ჩარჩო, რომლითაც ადამიანი ისაზღვრავს საკუთარ თავს, იმდენადაც ის გარკვეული აზრით უსასრულობას უახლოვდება. სწორედ ასეთი, ქვეყანაზე ყველაფრისადმი გულგრილი ხალხი, რაღაც განსაკუთრებული მასალისგან ჯიუტად, პრასიკუროსავით იშენებს უცნაურს, არაფრის მსგავს სამყაროს, რომელიც მისთვის ნამდვილი სამყაროს შემცირებულ მიმსგავსებას წარმოადგენს. ამიტომ მე არ დამიმალავს, რომ ჩვენი მოგზაურობის თორმეტი დღის განმავლობაში, სანამ რიოს მივაღწევდით, ვაპირებდი უფრო ახლოს გავცნობოდი ცალმხრივი ინტელექტის ამ წარმომადგენელს. - ტყუილად ცდილობთ ამას, - წინასწარ გამაფრთხილა ჩემმა მოსაუბრემ, - როგორც ვიცი, ჯერჯერობით ვერავინ შეძლო ჩენტოვიჩისაგან გაეგო უბრალო რამე, რაც გამოდგებოდა ფსიქოლოგიური მსჯელობისათვის. მიუხედავად არაჩვეულებრივი გონება-შეზღუდულობისა, ეს ეშმაკი გლეხი საკმარისად ჭკვიანია, რომ დამალოს საკუთარი სისუსტე. მისი თანამემამულეებისა და ისიც მისივე წრის ხალხის გარდა, რომელთაც ჩენტოვიჩი ხვდება იაფფასიან სასტუმროებში, იგი გაურბის ყველა სხვასთან საუბარს. იგრძნობს თუ არა, რომ მის წინაშე განათლებული კაცია, მყისვე ლოკოკინასავით შეძვრება თავის ნიჟარაში. ამიტომ ვერავინ დაიტრაბახებს ჩენტოვიჩისაგან რაიმე სისულელე მოვისმინე ან მისი უმეცრების სიღრმეს ჩავწვდიო. ეტყობა, ჩემი მეგობარი მართალი იყო. ჩენტოვიჩის გაცნობა და მასთან დაახლოება ჩვენი მოგზაურობის პირველი დღეების განმავლობაში, თუ თავს არ მოვაბეზრებდით, შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს მე არ მჩვევია. ჩენტოვიჩი ზოგჯერ გამოჩნდებოდა გემბანზე ზურგზე ხელებდაწყობილი, ამაყად მიუკარებელი და გულჩახვეული სეირნობდა, სწორედ ისე, როგორც ნაპოლეონი ცნობილ სურათზე. ამას გარდა ის თავის "პერიპატეტიკულ[5]" ბოლთას ისე სწრაფად სცემდა, რომ მასთან დასალაპარაკებლად საჭირო იყო სირბილი. საზოგადოებრივ ადგილებში ბარსა და თამბაქოს მოსაწევ ოთახში ის არ ჩნდებოდა. სტიუარდმა, რომლისგანაც სანდო ცნობები მივიღე, მითხრა, დღის უმეტეს ნაწილს საკუთარ კაიუტაში ატარებს ჭადრაკის დიდ დაფასთანო. არჩევს ნათამაშევ პარტიებს ან კიდევ ხსნის საჭადრაკო ამოცანებსო. სამი დღის შემდეგ მე უკვე ბრაზი მომდიოდა ჩემს თავზე, რომ ჩენტოვიჩის მოხერხებული თავდაცვითი ტაქტიკა ჩემს ნებაზე უფრო ძლიერი გამოდგა: არ იქნა და ვერაფრით ვერ მივუდექი. აქამდე მე არ მქონია შემთხვევა, სახელგანთქმულ მოჭადრაკეებს შევხვედროდი; და რამდენადაც ვცდილობდი ახლა გამეცნო ასეთი ტიპი, მით უფრო წარმოუდგენლად მიმაჩნდა ადამიანის ტვინის მუშაობა, რომელიც მთლიანად მიპყრობილია თეთრი და შავი უჯრედების გაყოფილ პატარა სივრცისაკენ. საკუთარი გამოცდილებით ჩემთვის უკვე ცნობილი იყო "სამეფო თამაშის" საიდუმლო წარმტაცობა, რომელიც ერთადერთია თამაშთაგან, რაც გამოგონილია ადამიანის მიერ და არაა დამოკიდებული შემთხვევითობაზე და დაფნის გვირგვინით ამკობს მხოლოდ გონებას, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, განსაკუთრებული სახის გონებრივ ნიჭს. განა სახელწოდება "თამაში" არ შეურაცხყოფს ჭადრაკს? ამავე დროს ის არც ხელოვნებაა და არც მეცნიერება, ის რაღაც საშუალოა, რომელიც ამ ოცნებათა შორის დაფარფატებს, მსგავსად იმისა, როგორც დაფარფატებს მოჰამედის კუბო ზეცასა და მიწას შორის. ამ თამაშში ერთმანეთს ერწყმის სულ ერთიმეორის საწინააღმდეგო ცნებები, ის უძველესიცაა და ამავე დროს მუდამ ახალი, თითქოს თავისი საფუძვლით მექანიკურია, მაგრამ გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ფანტაზიით შეიძლება. განსაზღვრულია ვიწრო გეომეტრიული სივრცით და ამავე დროს უსასრულოა თავისი კომბინაციებით. ჭადრაკი შეუჩერებლივ ვითარდება, მაგრამ სრულიად უნაყოფოა აზრი დასკვნის გარეშე. მათემატიკა, რომელიც არაფერს არ ანგარიშობს, ხელოვნება უნაწარმოებოდ, არქიტექტურული ნაგებობა საშენი მასალის გარეშე. ყოველივე ამასთან ამ თამაშმა გაუძლო დროთა მსვლელობას უფრო უკეთ, ვიდრე ყველა წიგნმა და ნაწარმოებმა. ჭადრაკი ერთადერთი თამაშია, რომელიც ეკუთვნის ყველა ხალხს და ყველა ეპოქას. არავინ იცის, რომელმა ღმერთმა ჩამოიტანა ჭადრაკი მიწაზე, რომ გაეფანტა მოწყენილობა, გაემძაფრებინა შეგრძნებები, დაეძაბა სული. სადაა მისი დასაწყისი, სადაა მისი ბოლო? მისი უბრალო წესების შესწავლა შეუძლიათ ბავშვებსაც კი. ყველა ახალბედას შეუძლია გამოსცადოს თავი ჭადრაკის თამაშში. ამავე დროს ამ გამჭვირვალე ვიწრო კვადრატის ფარგლებში იბადებიან სრულიად განსაკუთრებული და შეუდარებელი ოსტატები, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან არაჩვეულებრივი საჭადრაკო ნიჭით. ესენი არაჩვეულებრივი უნარით დაჯილდოებული გენიოსები არიან, რომელთათვის წარმოსახვა, მონდომება და ზუსტი ტექნიკა ისეთივე თვისებაა, როგორც მათემატიკოსებისათვის, პოეტებისა და კომპოზიტორებისათვის, მხოლოდ სულ სხვა შეფარდებით და სხვა მიმართულებით. და აი, ბოლოს და ბოლოს, ჩემს ცხოვრებაში პირველად ასე ახლოს, ერთ გემზე, სულ ექვსი კაიუტის შემდეგ აღმოჩნდა ერთ-ერთი ასეთი ფენომენი - განსაკუთრებული გენიოსი ან შესაძლოა ახირებული შეშლილი; და მე კი, რომელსაც ფსიქოლოგიურ ამოცანათა ამოხსნის ვნება ავადმყოფობად გადამქცევია, ვერაფრით ვერ მოვახერხე გავცნობოდი მას. იქნებ გაუგონარ ხრიკებსაც მივმართო და მის პატივმოყვარეობაზეც გავითამაშო-მეთქი. ვთხოვე ინტერვიუ გავლენიანი გაზეთისათვის, ვცდილობდი მის აღგზნებას სიხარბით, ამიტომაც შევთავაზე სარფიანი ტურნე შოტლანდიაში. უცბად მომაგონდა მონადირეთა ხერხი, რომლებიც შურთხებს მათივე საყვარელი ძახილით შემოიტყუებენ ხოლმე. იქნებ მოჭადრაკის ყურადღების მიქცევა ყველაზე უფრო იმითი შევძლო, რომ საკუთარი თავი მოჭადრაკედ გავასაღო-მეთქი. არასოდეს არ მითამაშია ჭადრაკი სერიოზულად, ჩემთვის ეს მხოლოდ გართობა იყო, სხვა არაფერი. თუკი ზოგჯერ ჭადრაკის დაფას ერთ საათს ვუზივარ, ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მოვქანცო საკუთარი ტვინი, არამედ, პირიქით, დაძაბული გონებრივი შრომის შემდეგ რომ დავისვენო. მე "ვთამაშობ" ჭადრაკს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმ დროს როდესაც ნამდვილი მოჭადრაკენი "უწმინდესად იღწვიან", თუკი ნებას მომცემთ, გამოვიყენოთ აქ ეს გამოთქმა. ჭადრაკი, ისევე როგორც სიყვარული, პარტნიორს მოითხოვს. ჯერჯერობით კი ვერ გამოვარკვიე იყვნენ თუ არა გემზე ამ თამაშის მოყვარულნი. მათი ბუნაგიდან გამოტყუების მიზნით, თამბაქოს მოსაწევ სალონში პრიმიტიული ხაფანგი დავდგი. ჭადრაკის მაგიდას მივუსხედით მე და ჩემი ცოლი, რომელიც ჩემზე ცუდად თამაშობს. რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარით რამდენიმე სვლის გაკეთებაც და უკვე ერთი მგზავრი შეჩერდა ჩვენთან, შემდეგ მეორემ გვთხოვა, ნება დაგვერთო ჩვენი თამაშისათვის ეცქირა; სულ მალე სასურველი პარტნიორიც გამომიჩნდა, რომელმაც წინადადება მომცა, ერთი პარტია ვითამაშოთო. ეს იყო ვინმე მაკ კონორი, შოტლანდიელი, მიწისქვეშა ნაგებობათა ინჟინერი. გავიგე, რომ ის კალიფორნიაში ნავთობის ჭაბურღილებს ბურღავდა და იქ დიდი ქონება შეეძინა. მაკ კონორი ბრგე კაცი იყო, მას თითქმის კვადრატული ყბები და საკმაოდ მაგარი კბილები ჰქონდა. სახე ჩასწითლებოდა, ნაწილობრივ მაინც ვისკის უზომო სმისაგან; ფართო მხარ-ბეჭი არასასიამოვნოდ იგრძნობოდა მასთან თამაშისას. მისტერ მაკ კონორი თავდაჯერებულ, ცხოვრებაში წარმატების მქონე ადამიანთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც ყოველ დამარცხებას თუნდაც უმნიშვნელო თამაშში თამოყვარეობის შელახვად თვლიდნენ. ეს ზორბა კაცი, რომელიც ცხოვრებაში დაჩვეული იყო წარმატებებს, ენერგიულად, უყოყმანოდ მიზნისაკენ სწრაფვას, იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარი თავის უპირატესობაში, რომ ყოველგვარ დაბრკოლებას გამომწვევად ან შეურაცხყოფად თვლიდა. როდესაც პირველი პარტია წააგო, მოიღუშა და დაიწყო დიქტატორული ტონით იმის მტკიცება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შემთხვევითი უყურადღებობის ბრალიაო. მესამე დამარცხება მეზობელ კაიუტაში ხმაურს დააბრალა. არც ერთ წაგებულ პარტიას რევანშის მოთხოვნის გარეშე არ ტოვებდა. პირველად მისი პატივმოყვარეობა და სიბრაზე მართობდა, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე და ვითმენდი, რადგან, ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი ხერხი მიმეღწია ჩემი ნამდვილი მიზნისათვის - მაგიდასთან მომეტყუებინა მსოფლიო ჩემპიონი. მესამე დღეს ჩემს მიზანს მივაღწიე, თუმცა სანახევროდ. შესაძლოა, ჩენტოვიჩმა ილუმინატორიდან დაგვინახა, რომელიც ზემო გემბანზე გამოდიოდა, ან იქნებ უბრალოდ მოისურვა თამბაქოს მოსაწევ სალონში გამოსეირნება. მაგრამ, როგორც კი ჩემპიონმა შეამჩნია, რომ მის ხელოვნების სფეროში შეჭრილიყვნენ ამ საქმის უვიცები, უნებლიეთ მიგვიახლოვდა და საკმაოდ დაშორებული მანძილიდან გამომცდელი მზერა მიაპყრო ჩვენს დაფას. მაკ კონორის სვლა იყო. მაგრამ ეს სვლაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩენტოვიჩი მყისვე მიმხვდარიყო, თუ რარიგ არასაინტერესო იყო მისთვის ჩვენი დილეტანტური ცდები. საკუთარ თავზე დანდობილი ჟესტით, რომლითაც ჩვეულებრივ ზურგს აქცევენ ხოლმე წიგნის მაღაზიაში შეთავაზებულ უხამს დეტექტიურ რომანს მის გადაუფურცლავად, ჩემპიონი შებრუნდა და გავიდა სალონიდან. "უცბად აწონ-დაწონა, რომ თამაში არ ღირს" - გავიფიქრე და ვინმეზე რომ ჩემი გაბრაზება გადამეტანა, მაკ კონორს მივმართე: - მგონი თქვენმა სვლამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემპიონზე. - რომელ ჩემპიონზე? მე ავუხსენი, ის კაცი, ახლა სალონში რომ შემოვიდა და ისეთი ათვალწუნებით გადმოხედა ჩვენს დაფას, ჩენტოვიჩი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონია-მეთქი. თან დავძინე, არ ღირს გულის გატეხვა, ასე უგულოდ რომ მოგვეპყრო. ღატაკთათვის სიამაყე დაუშვებელი ფუფუნებაა-მეთქი. ჩემდა განსაცვიფრებლად, ამ სიტყვებმა მაკ კონორზე არაჩვეულებრივად იმოქმედა. უცბად აღელდა, ჩვენი თამაში მიავიწყდა, მისი პატივმოყვარეობა ყალყზე შედგა. თურმე არც კი სცოდნია, რომ ჩენტოვიჩი გემზე მოგზაურთა შორის იყო. ჩემპიონი აუცილებლად უნდა ეთამაშოს მას! მხოლოდ ერთხელ უთამაშია ჩემპიონთან და ისიც მაშინ, როცა ერთდროული სეანსი ტარდებოდა ორმოც დაფაზე, მას თურმე კინაღამ არ მოუგია. იცნობ თუ არა მასო, მკითხა. მე უარყოფითი პასუხი გავეცი. რა იქნება, რომ ვთხოვო, ჩვენთან ითამაშოს? მე ეჭვი გამოვთქვი; როგორც გამიგია, ჩენტოვიჩს არ უყვარს ახალახალი ადამიანების გაცნობა. ესეც რომ არა, რა საინტერესოა ჩემპიონისათვის ჩვენთან, მესამე ხარისხის მოთამაშეებთან შეხვედრა-მეთქი. მესამე თანრიგის მოთამაშეების ხსენება ისეთ თავმოყვარე კაცთან, როგორიც მაკ კონორი იყო, რასაკვირველია, უადგილო იყო. გაბრაზებულმა უკან დაიწია და განაცხადა, ვერ წარმომიდგენია ჩენტოვიჩმა უარყოს ჯენტლმენის თავაზიანი გამოწვევაო. ამას მე თვითონ მოვახერხებო. მისივე თხოვნით, რამდენიმე სიტყვით დავუხატე ჩემპიონის პიროვნება. მაკ კონორმა მიატოვა დაუმთავრებელი პარტია და ზემო გემბანიდან ჩენტოვიჩის საძებნელად გასწია. მოუთმენლობით ატანილმა კვლავ ვიგრძენი, რომ ასეთი მხარბეჭიანი კაცის შეჩერება, თუ რაიმე მიზანი დაისახა, ყოვლად შეუძლებელი იყო. დაძაბული ვიცდიდი. გავიდა ათი წუთი და მაკ კონორი დაბრუნდა. მივხვდი, მაინც და მაინც კარგ გუნებაზე ვერ იყო. - როგორაა საქმე? - ვკითხე მე. - თქვენ მართალი ყოფილხართ, - მიპასუხა ნაწყენმა მაკ კონორმა, - ის არ არის მაინც და მაინც სასიამოვნო კაცი. მე მივესალმე და მოვახსენე ჩემი გვარი და სახელი, მან კი ხელიც არ გამომიწოდა. შევეცადე ამეხსნა მისთვის, რომ ჩვენ, მგზავრები, ვიამაყებდით და ბედნიერი ვიქნებოდით, თუ იგი დაგვეთანხმებოდა ჩვენთან ერთდროული სეანსის ჩატარებას, მაგრამ მეტისმეტად ოფიციალურად ეჭირა თავი და მიპასუხა, სამწუხაროდ, ჩემი ტურნეს ორგანიზატორებთან კონტრაქტის გამო იძულებული ვარ მგზავრობის დროს მხოლოდ გასამრჯელოთი ვითამაშო და ეს ჰონორარი ორას ორმოცდაათ დოლარს უნდა უდრიდეს ერთ პარტიაშიო. მე გამეცინა. - მართლაც, არასოდეს არ მიფიქრია, ჭადრაკის ფიგურების თეთრი უჯრედებიდან შავზე გადაადგილება თუ ასეთი შემოსავლიანი საქმე იყო. იმედი მაქვს, თქვენც ასევე თავაზიანად უთხარით უარი. მაგრამ მაკ კონორი ხუმრობას არ აპირებდა. მატჩი შედგება ხვალ დღის სამ საათზე, აქ, თამბაქოს მოსაწევ სალონში, ვიმედოვნებ, ვერც ისე ადვილად დაგვანგრევს. - როგორ, თქვენ მას ორას ორმოცდაათი დოლარი შეჰპირდით? - წამოვიძახე მეტად განცვიფრებულმა. - რატომაც არა. C’est son métier. მე რომ კბილი ამტკენოდა და გემზე კბილის ექიმი აღმოჩენილიყო, არ ვთხოვდი, კბილი მუქთად ამომიღეთ-მეთქი. მას უფლება აქვს მოითხოვოს, რამდენიც სურს. ეს ყველგან ასე ხდება. ყოველი პროფესიის საუკეთესო სპეციალისტები კარგი კომერსანტებიც არიან. რაც შემეხება მე, წმინდა საქმიანობის მხარეზე ვარ. უფრო მეტი სიამოვნებით გადავუხდი თქვენს ჩენტოვიჩს ნაღდ ფულს, ვიდრე ვთხოვო მოგვემსახუროს და თან მადლობა ვუხადო და მისგან დავალიანებული ვიყო. მე მქონდა შემთხვევა საღამოობით წამეგო ორას ორმოცდაათ დოლარზე მეტიც, და ისიც არაჩემპიონთან. "მესამე თანრიგის" მოთამაშისათვის სირცხვილი არ არის, თუ ჩენტოვიჩი დაგამარცხებს. მიხაროდა, რომ სრულიად უვნებლად წარმოთქმულმა სიტყვამ "მესამე თანრიგის" შესახებ, შელახა მაკ კონორის თავმოყვარეობა. მაგრამ, რადგან ეს ძვირი ხუმრობა (თანაც მის საღირალს სხვა იხდიდა) საშუალებას მომცემდა გავცნობოდი ჩემთვის საინტერესო სუბიექტს, ვამჯობინე გავჩუმებულიყავი. ჩვენ შევატყობინეთ მომავალი მატჩის შესახებ კიდევ ოთხ თუ ხუთ კაცს, რომელთაც ჭადრაკისადმი ინტერესი გამოაჩნდათ, და ვთხოვეთ, გაეთავისუფლებინათ ჩვენთვის არა მარტო ჩვენი მაგიდა, ახლო მდებარე მაგიდებიც, რომ დანარჩენ მგზავრებს არ შეეშალათ ხელი ჩვენთვის. მეორე დღეს დანიშნულ საათზე ჩვენი კომპანია სრული შემადგენლობით გამოცხადდა, ჩემპიონის მოპირდაპირე ცენტრალური ადგილი, რასაკვირველია, მაკ კონორს დაუთმეს. ის ნერვიულობდა, წამდაუწუმ სიგარას ეწეოდა და აღელვებული საათს დასცქეროდა. ჩემპიონმა ათი წუთი გვალოდინა (ჩემი მეგობრის ნაამბობი რომ მომაგონდა, ამას მოველოდი კიდეც). ამან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მისი გამოჩენის იმპოზანტობას. აუღელვებლად, მშვიდად მიუახლოვდა მაგიდას. სალამი არ მოუცია. როგორც ჩანს, მისი ჩვენდამი უყურადღებობას ნიშნავდა: თქვენ ხომ იცით, მე ვინა ვარ, მე კი სრულიადაც არ მაინტერესებს თქვენი ვინაობა", - და უმალვე მკვახე, საქმიანი ტონით დაიწყო საკუთარი პირობების ახსნა-განმარტება. რადგანაც გემზე არ იყო საკმარისი რაოდენობის საჭადრაკო დაფები, რომ ერთდროული სეანსი ჩაეტარებინა, წინადადება მოგვცა, რომ ყველას ერთმანეთთან გვეთათბირა და ისე გვეთამაშა მის წინააღმდეგ. გააკეთებდა ერთ სვლად და, ხელი რომ არ შეეშალა ჩვენი თათბირისათვის, სხვა მაგიდასთან, ოთახის მეორე ბოლოში მივიდოდა, ჩვენ კი, როცა გავაკეთებდით საპასუხო სვლას, ზარი არ გვქონდა და ჭიქაზე კოვზის დარტყმით უნდა გვენიშნებინა. - თუ საწინააღმდეგო არ გექნებათ, ყოველი სვლის მოფიქრებისათვის ათ წუთზე მეტი არ უნდა დაგჭირდეთო, - შემოგვთავაზა მან. სხვა წინადადება ჩვენ არა გვქონია. ცხადია, როგორც მფრთხალმა მოწაფეებმა, მივიღეთ ჩენტოვიჩის ყველა პირობა, ჩენტოვიჩს შავებით თამაში მოუწია. მან ფეხზე მდგომმა გააკეთა პირველი საპასუხო სვლა. მყისვე შებრუნდა, ოთახის მეორე ბოლოში გავიდა. დაუდევრად მიეყრდნო კედელს და დაიწყო ილუსტრირებული ჟურნალის თვალიერება. არ ღირს ამ პარტიის აღეწერა, ცხადია, ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო - ჩვენი სრული დამარცხებით და ისიც ოცდამეოთხე სვლაზე. საოცარი არ იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონმა, ასე ვთქვათ, მარცხენა ხელით ადვილად დაამარცხა ექვსი საშუალო თუ საშუალოზე უფრო სუსტი მოჭადრაკე. მაგრამ გაგვაღიზიანა იმ ამპარტავნობამ, რითაც ჩენტოვიჩმა ხაზგასმით გვაგრძნობინა, რომ მან მარცხენა ხელით დაგვაქიაქა. მაგიდას რომ მიუახლოვდებოდა, ოდნავ გადაავლებდა თვალს დაფას, ჩვენ კი სრულიად არ გვაქცევდა ყურადღებას, თითქოს ჩვენც ხის ფიგურები ვიყავით; ისე გვექცეოდა, როგორც ქეციან ძაღლებს, რომელთაც არც კი შეხედავენ ხოლმე, ისე გადაუგდებენ ძვალს. ვფიქრობ, რაიმე ტაქტი რომ ჰქონოდა და ცოტაოდენი გულისხმიერება, უნდა მიეთითებინა ჩვენს შეცდომაზე და წავეხალისებინეთ კიდეც მეგობრული სიტყვით მაინც. თამაშის დამთავრების შემდეგაც ამ ადამიანურ თვისებებს მოკლებულ საჭადრაკო ავტომატს ხმაც კი არ დაუძრავს. თქვა "შამათი" და უძრავად დადგა მაგიდასთან. ცხადი იყო, უნდოდა გაეგო: გვსურდა თუ არა, გვეთამაშა მასთან კიდევ ერთი პარტია. მე უკვე წამოვდექი. ჩვეული არ ვიყავი უხეშობას და ვაპირებდი უსიტყვოდ მიმეხვედრებინა, როგორც კი ფინანსური ანგარიშსწორება დამთავრდება, ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ ჩვენი ნაცნობობა ამით შეწყდება-მეთქი. მაგრამ სწორედ ამ წამში, ჩემდა სამწუხაროდ, მაკ კონორმა, რომელიც გვერდით მეჯდა, ხრინწიანი ხმით შესძახა: "რევანში!" შემაშინა მაკ კონორის გამომწვევმა ტონმა. ის აღარ ჰგავდა ჯენტლმენს, უფრო მოკრივეს მოგვაგონებდა, რომელსაც გადამწყვეტი დარტყმა სწყურია, იქნებ მაკ კონორი გააბრაზა ჩენტოვიჩის შეურაცხმყოფილმა ქცევამ. ან ამისი მიზეზი მისი ავადმყოფური თავმოყვარეობა იყო, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, სახე მთლად შეცვლოდა. ყურის ძირამდე გაწითლებულიყო, ნესტოები დაბერვოდა, შუბლზე ოფლს გამოეჟონა, ჩაკვნეტილი ტუჩებიდან საბრძოლველად წინ გამოშვერილი ნიკაპი ნაოჭებით დაღარულიყო. შეწუხებულმა მის თვალებში დაუოკებელი ვნება ამოვიკითხე, რომელიც ჩვეულებრივ რულეტის მოთამაშეებს ეუფლებათ ხოლმე, როცა საჭირო ფერი არ მოსდით ექვსჯერ თუ შვიდჯერ ზედიზედ ორმაგი თანხის დადების დროს. მივხვდი, რომ ეს გაცოფებული კაცი მზარდი იყო მთელი თავისი საკუთარი ქონება დაედო, ეთამაშა, თუგინდ ორმაგი თანხა გადაეხადა, სანამ ერთ პარტიას არ მოიგებდა მაინც. ჩენტოვიჩი მას რომ აჰყოლოდა, მაკ კონორი მისთვის უძირო ოქროს საბადო გახდებოდა და სანამ ჰორიზონტზე ბუენოს აირესი გამოჩნდებოდა, ჩემპიონი რამდენიმე ათას დოლარს მაინც ჩაიჯიბავდა. ჩენტოვიჩი უწინდებურად უძრავად იდგა. - კარგი, - თავაზიანად წარმოთქვა მან, - ახლა კი, ბატონებო, თქვენ ითამაშეთ შავებით. მეორე პარტია ბევრით არ განირჩეოდა პირველისაგან, მხოლოდ ჩვენი კომპანია რამდენადმე გაიზარდა მაყურებლებით. მაკ კონორი დაჟინებით ჩააშტერდა ჭადრაკის ფიგურებს, თითქოს სურს მონუსხოს და საკუთარ ნებას დაუმორჩილოსო. მე ვგრძნობდი, რომ ის სიამოვნებით გაიღებდა ათას დოლარს, ოღონდ საშუალება მისცემოდა, ჩვენი გულმშვიდი მოწინააღმდეგისათვის პირში მიეხალა "შამათი". საკვირველი იყო, რომ მისი პირქუში მღელვარება ჩვენც გადმოგვედო. ყოველ სვლაზე გაცილებით მეტი გააფთრებით ვმსჯელობდით, ვინემ ადრე, უკანასკნელ წუთამდე ვკამათობდით, სანამ ბოლოს შევთანხმდებოდით, რომ ჩენტოვიჩისათვის სვლის ნიშანი მიგვეცა. მეჩვიდმეტე სვლაზე განცვიფრებით შევნიშნეთ, თითქოს უფრო ხელსაყრელი პოზიცია გვეჭირა. შევძელით c პაიკის მეორე ჰორიზონტამდე მიყვანა, საკმარისი იყო კიდევ ერთი ნაბიჯი წინ c 1 - ზე და ახალ ლაზიერს მივიღებდით. მაგრამ მთლად მშვიდად მაინც ვერ ვგრძნობდით თავს: არ ვიყავით დარწმუნებული, რომ მართლაც მოგების ასეთი რეალური შანსი მოგვეცა, გვეგონა, ჩენტოვიჩი, რომელსაც მრავალი სვლა წინასწარ ჰქონდა გათვალისწინებული, ხაფანგს გვიგებდა, მაგრამ რამდენიც არ ვეცადეთ, არ ვიანგარიშეთ, მაინც ვერ შევძელი გამოგვეცნო, თუ რაში მდგომარეობდა მისი ჩანაფიქრი. ბოლოს, როცა უკვე გავიდა ათი წუთი, გადავწყვიტეთ პაიკით წინსვლა... მაკ კონორმა უკვე წაავლო პაიკს ხელი, რომ გაეყვანა ლაზიერი... უცბად ამ დროს ვიღაცის ხელმა შეაჩერა და წყნარი და დაჟინებული ხმა შემოგვესმა: - არა, არა, არ გაიყვანოთ პაიკი, თუ ღმერთი გწამთ! - ყველანი უნებლიეთ შემოვბრუნდით, ჩვენ უკან ორმოცდახუთიოდე წლის კაცი იდგა. მას წვრილი და მკვეთრნაკვთებიანი სახე ჰქონდა. ამ კაცმა ადრევეც, სეირნობის დროსაც, მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი მეტისმეტად ფერმკრთალი სახით. როგორც ჩანს, ეს კაცი მხოლოდ ახლა შემოუერთდა ჩვენს კომპანიას და ჩვენი ამოცანის გადაწყვეტაში გართულებმა ვერ შევამჩნიეთ, როგორ მოგვიახლოვდა. რომ დაინახა ყველანი მას შევცქეროდით, აჩქარებით განაგრძო: - თუ გაიყვანთ ლაზიერს, ის დაუყოვნებლივ აიღებს მას კუთი, რომელსაც თქვენ მხედრით აიღებთ. ამის შემდეგ ის წინ გასწევს საკუთარ პაიკს D 7-ზე და დაემუქრება თქვენს ეტლს. მაშინ თქვენ მხედრით ქიშიც რომ გამოაცხადოთ, სულ ერთია, პარტიას მაინც წააგებთ. ცხრა-ათ სვლაზე თქვენი მეფე დაშამათებული იქნება. თითქმის ასეთივე კომბინაცია ჩაატარა ალიოხინმა 1922 წელს ბოგოლიუბოვის წინააღმდეგ პისტიანის ტურნირზე. განცვიფრებულმა მაკ კონორმა ხელიდან გაუშვა პაიკი და ისიც ჩვენსავით გაოცებული შესცქეროდა ჩვენთვის ციდან ჩამოფრენილ მფარველ ანგელოზს. ცხრა სვლის შემდეგ შამათის გათვალისწინება ხომ მხოლოდ უმაღლესი კლასის ოსტატს შეუძლია... შესაძლოა, რომ ეს კაციც იმავე ტურნირზე მიემგზავრება, რომელზედაც ჩენტოვიჩი მიდის და უნდა იბრძოლოს მასთან ერთად მსოფლიო პირველობისათვის: როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისმა უეცარმა გამოჩენამ, ჩვენს თამაშში ყველაზე კრიტიკულ მომენტში მისმა ჩარევამ, რაღაც ზებუნებრივად იმოქმედა ჩვენზე. ყველაზე ადრე გონს მოვიდა მაკ კონორი. - თქვენ რაღას გვირჩევთ? - წაიჩურჩულა აღგზნებულმა. ჯერჯერობით არ გასწიოთ პაიკი წინ. ჯერ თავი შეიკავეთ. პირველ ყოვლისა, მეფე უნდა გაიყვანოთ საშიში ზონიდან g 8-დან h 7-ზე. მაშინ თქვენი მოწინააღმდეგე ალბათ შეტევას გადაიტანს მეორე ფრთაზე, მაგრამ ამ შეტევის საწინააღმდეგოდ თქვენ გექნებათ ეტლით სვლა C8-დან C4-ზე. ამით ის დაკარგავს ორ ტემპსა და ერთ პაიკს, ამრიგად დაეკარგება მთელი უპირატესობა. თქვენ მიიღებთ გამსვლელ პაიკებს. თუკი თქვენ სწორად დაიცავთ საკუთარ პოზიციას, მაშინ შეძლებთ მიაღწიოთ ყაიმს. მეტს ვერას გახდებით. კვლავ გავშეშდით. მისი გაანგარიშების სიზუსტემ და სისწრაფემ გაგვაკვირვა, თითქოს სვლებს წიგნში კითხულობდაო. მისმა ჩარევამ პარტიას ახალი მსვლელობა მისცა. ჩემპიონთან ყაიმის შესაძლებლობა მეტისმეტად მაცდური რამ აღმოჩნდა, თითქოს ერთმანეთთან პირშეკრულნი ყველანი განზე გავდექით, რომ არ შეგვეშალა ხელი მისთვის. მაკ კონორმა კვლავ გამოკითხა. - მაშასადამე მეფით g8-დან h 7-ზე? - რასაკვირველია, ახლა უმთავრესია თავის დაძვრენა. მაკ კონორი დამორჩილდა, ჩვენ ჭიქაზე დავაკაკუნეთ. ჩენტოვიჩი მოგვიახლოვდა მისთვის ჩვეული ზანტი ნაბიჯით. გადახედა ჩვენს სვლას, მერე გასწია პაიკი h2-დან h-ზე, სწორედ ისე, როგორც გვიწინასწარმეტყველა ჩვენმა საიდუმლო თანაშემწემ. ის უკვე აღელვებული გვეჩურჩულებოდა: - ეტლით წინ c8-დან c4-ზე, მაშინ ის იძულებული შეიქნება ჯერ დაიცვას პაიკი, მაგრამ ეს ვერ უშველის. არ მიაქციოთ მის გამსვლელ პაიკს ყურადღება, მხედარი გადადგით c3-დან d5-ზე და მაშინვე წონასწორობა აღდგენილი იქნება. შეუტიეთ თავდაცვის მაგიერ. არაფერი გაგვეგებოდა, რას ამბობდა. მაკ კონორი მოჯადოებულივით დაუფიქრებლად აკეთებდა ყველაფერს, რასაც კი უცნობი უკარნახებდა. კვლავ დავაკაკუნეთ კოვზი ჭიქაზე ჩენტოვიჩის მოსაყვანად. აი, ახლა პირველად მან შეანელა საპასუხო სვლა, ყურადღებით დახედა დაფას. სწორედ ის სვლა გააკეთა, რომელიც იწინასწარმეტყველა უცნობმა. შემდეგ შემობრუნდა, რომ წასულიყო, მაგრამ აქ მოხდა რაღაც ახალი, გაუთვალისწინებელი რამ: ჩენტოვიჩმა თავი ასწია და მიგვათვალ-მოგვათვალიერა. სავსებით ნათელი იყო, უნდოდა გაეგო, თუ რომელმა ჩვენგანმა გაუწია ასეთი ენერგიული წინააღმდეგობა. ყოველ წუთს თანდათან უფრო მეტად ვღელავდით. აქამდე ისე ვთამაშობდით, რომ არ გვქონდა მოგების სერიოზული იმედი, ახლა კი ფიქრი იმის შესახებ, რომ გავტეხდით ჩენტოვიჩის ქედმაღლობას, ყველა ჩვენგანს აღაგზნებდა. წუთიც არ დაუკარგავს, ჩვენმა ახალმა მეგობარმა მიგვითითა შემდეგ სვლაზე. შეიძლებოდა ჩენტოვიჩის მოწვევა თამაშის გასაგრძელებლად. აკანკალებული ხელით შემოვკარი კოვზი ჭიქას, ახლა კი დაგვიდგა ბედნიერი წუთები; ჩენტოვიჩი, რომელიც მანამდე სვლებს ფეხზე დამდგარი აკეთებდა, ჩაფიქრდა და ბოლოს მიუჯდა მაგიდას. სკამზე ნელა და მძიმედ დაეშვა, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს "ერთი სიმაღლის" მოთამაშეები გავმხდარიყავით. თუნდაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ჩვენ ვაიძულეთ ჩემპიონი მოგვპყრობოდა როგორც თანაბარი, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. ის უძრავად იჯდა, ყურადღებით უცქერდა დაფას და ფიქრობდა სვლაზე. დამძიმებულმა წამწამებმა თითქოს მთლად დაუფარა თვალები. დაძაბული ფიქრისას პირს ოდნავ აღებდა, რაც ლენჩურ გამომეტყველებას აძლევდა. ჩენტოვიჩმა რამდენიმე წუთი იფიქრა, შემდეგ გააკეთა სვლა და ადგა. იმწამსვე ჩვენმა მეგობარმა წაიჩურჩულა: - კარგადაა მოფიქრებული, მაგრამ ასე ნუ გააგრძელებთ. გაცვალეთ ფიგურები, აუცილებლად გაცვალეთ. ამის შემდეგ ყაიმს ვერ აიცილებს. მაკ კონორი დაემორჩილა, ორივე მოთამაშის შემდეგი სვლები (სხვები ყველანი კარგა ხანია უბრალო სტატისტებად გადავიქეცით) ჩვენთვის გაუგებარ ფიგურათა გადაადგილებას წარმოადგენდა. დაახლოებით, შვიდი სვლის შემდეგ ჩენტოვიჩმა ხანგრძლივი ფიქრის მერე ამოგვხედა და წარმოთქვა: "ყაიმი". სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. უეცრად ჩვენს სმენას მოსწვდა ზღვის ხმაურიც, რადიოს ხმებიც მეზობელ სასტუმროდან, ყოველი ნაბიჯის ხმა ზემო გემბანზე და ქარის სტვენაც, ფანჯრის ჩარჩოებში რომ იჭრებოდა. ვერც კი ვიძროდით ადგილიდან. ყოველივე ისე მოულოდნელად მოხდა, რომ უბრალოდ დავშინდით: საიდანღაც მოსულმა კაცმა აიძულა მსოფლიო ჩემპიონი დამორჩილებოდა მის ნებას და ამასთან სანახევროდ წაგებულ პარტიაში. მაკ კონორმა კი ღრმად ამოისუნთქა, უკან გადაიწია და კმაყოფილებით წამოიძახა: "აჰაა!" ისევ ყურადღებით შევხედე ჩენტოვიჩს, ადრეც შევნიშნე, რომ თამაშის ბოლოს გაფითრებული იყო. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონს შეეძლო თავდაჭერა. ძველებური გულგრილობით ხელით მოხვეტა ფიგურები დაფიდან და სხვათა შორის, დაუდევრად იკითხა: - მესამე პარტიის თამაში ხომ არ გსურთ, ბატონებო? - ეს შეკითხვა ერთობ საქმიანად და კომერციულად ჟღერდა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ჩემპიონი თითქოს სრულიად ვერ ამჩნევდა მაკ კონორს, პირდაპირ თვალებში უყურებდა ჩვენს მხსნელს. როგორც ცხენი იცნობს ხოლმე თავის მხედარს, ჩენტოვიჩმაც გამოიცნო, ვინ იყო სინამდვილეში მისი ერთადერთი მეტოქე, ამასთან ერთად ყველამ უნებლიეთ მივაპყარით მზერა უცნობს. მან ვერც კი მოასწრო პასუხის გაცემა, რომ აღგზნებულმა მაკ კონორმა ბოხი ხმით წამოიძახა: - აუცილებლად, უეჭველად, მხოლოდ ამჯერად ჩენტოვიჩის წინააღმდეგ მარტო თქვენ უნდა ითამაშოთ. მოულოდნელი ამბავი მოხდა. უცნობი, რომელიც ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მღელვარებით დაშტერებოდა ჭადრაკის ცარიელ დაფას, შეჩქვიფდა ამ გაბედულ განცხადებაზე და იმის გამოც, რომ ყველანი მას ვუცქერდით. - არავითარ შემთხვევაში, ბატონებო! - თქვა დაბნეულმა სულმოუთქმელად, - ყოვლად შეუძლებელია, მე ნუ... უკვე ოცი წელია... არა ოცდახუთი, რაც ჭადრაკის დაფასთან არ ვმჯდარვარ, ახალ მივხვდი, რამდენად უკადრისად მოვიქეცი, რომ თქვენი ნებართვის გარეშე ჩავერიე თამაშში. გთხოვთ მაპატიოთ, მეტს არ შეგიშლით ხელს. - და სანამ განცვიფრებულნი გონს მოვიდოდით, ის შებრუნდა და გავიდა ოთახიდან. - ეს შეუძლებელია! - იყვირა გაცეცხლებულმა მაკ კონორმა და მაგიდაზე მუშტები დასცხო. - ყოვლად შეუძლებელია, რომ ოცდახუთი წელიწადი არ ეთამაშოს ჭადრაკი. მან ყოველი მდგომარეობა გაითვალისწინა, ყოველი საპასუხო მანევრი, ყოველ შემთხვევაში, ხუთი-ექვსი სვლით ადრე მაინც. ეს ფლავის ჭამა ხომ არ არის, მართალს არ ვამბობ? უკანასკნელი კითხვით მაკ კონორმა უნებლიეთ ჩენტოვიჩს მიმართა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი კვლავ აუღელვებელი და ცივი რჩებოდა. - ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, ამ ბატონის თამაშში რაღაც საინტერესო და უჩვეულო იყო. მე სწორედ განგებ მივეცი საშუალება განევითარებინა თამაში მისივე გეგმის მიხედვით. - ჩენტოვიჩი ზანტად წამოდგა და საქმიანი ტონით დაამთავრა: - თუკი ეს ბატონი, ან თქვენ, ბატონებო, მოისურვებთ ხვალ ითამაშოთ კიდევ ერთი პარტია, მაშინ სამი საათიდან თქვენს განკარგულებაში ვიქნები. გაგვეღიმა, თავი ვერ შევიკავეთ. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცოდით, რომ ჩენტოვიჩს სრულიადაც არ გამოუჩენია დიდსულოვნება და არ დაუთმია უცნობისათვის გამარჯვება. მისი შენიშვნა კი გულუბრყვილო ცდა იყო, გაემართლებინა საკუთარი მარცხი. ამან კიდევ უფრო გაგვიცხოველა სურვილი, მისი ურყევი მედიდურობის დათრგუნვის მოწმეები გავმხდარიყავით. ერთბაშად ჩვენ - გემბანის უშფოთველი, აუღელვებელი ბინადარნი რაღაც ველურმა, პატივმოყვარე ბრძოლის ჟინმა შეგვიპყრო. გვხიბლავდა ის აზრი, რომ აქ, ჩვენს გემზე, გაშლილ ოკეანეში პირველობის ალამი ჩამოერთმეოდა ჩემპიონს და ყველა სატელეგრაფო სააგენტო ამ ამბავს მთელ მსოფლიოს აუწყებდა. ამასთან ყველას გვაღელვებდა ჩვენი მხსნელის გამოჩენის საიდუმლოება, თამაშის ყველაზე კრიტიკულ მომენტში მისი მოულოდნელი ჩარევა. საინტერესო იყო კონტრასტი უცნობის თითქმის მფრთხალ მოკრძალებასა და პროფესიონალი მოჭადრაკის ურყევ დარწმუნებულობას შორის. ნეტავ ვინ არის ის უცნობი? იქნებ ჩვენ წინაშე მსოფლიოსათვის სრულიად უცნობი მოჭადრაკე გენიოსია? ან იქნებ ის სახელგანთქმული ოსტატია, რომელმაც არ ისურვა საკუთარი სახელის გამხელა? გაცხარებით ვმსჯელობდით ამაზე. ყველაზე უფრო წარმოუდგენელიც აღარ მიგვაჩნდა წარმოუდგენლად. როცა კი გავიხსენებდით მის გაუგებარ შიშს, მის განცხადებას - ჭადრაკს რამდენი ხანია არ გავკარებივარო, და ყოველივე ამას ვადარებდით მის ნამდვილ, ოსტატურ თამაშს. მაინც შევთანხმდით, მეორე დღეს თამაში გაგვეგრძელებინა, გადავწყვიტეთ, აუცილებლად დაგვეყოლიებინა უცნობი, ეთამაშა ხვალ ჩენტოვიჩთან. მაკ კონორმა ხარჯების ანაზღაურება იკისრა, მე კი რადგან უცნობის თანამემამულე გამოვდექი (სტიუარდმა შეგვატყობინა, რომ იგი ავსტრიელი იყო) დამევალა გადამეცა მისთვის ჩვენი საერთო თხოვნა. დიდი დრო არ დამჭირდა მის საპოვნელად. ზემო გემბანზე დასაკეც სავარძელში წამოწოლილიყო და კითხულობდა. ამით ვისარგებლე და კარგად დავაკვირდი. ბალიშზე იყო მიყრდნობილი, მეტისმეტად დაღლილი სახე ჰქონდა. გამაკვირვა: შედარებით ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახეზე ამ ასაკისათვის უჩვეულო სიფერმკრთალე გადაჰკრავდა. საფეთქელთან თმა მთლად გათეთრებული ჰქონდა. არ ვიცი, რისთვის, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ეს კაცი უეცრად მოხუცებულა-მეთქი, როგორც კი მივუახლოვდი, თავაზიანად წამოდგა და გამაცნო თავი. ძველი ავსტრიის მეტად გამოჩენილი გვარის წარმომადგენელი იყო. გამახსენდა, რომ ამ გვარის ერთ-ერთი მატარებელი შუბერტის ახლო მეგობარი იყო, ხოლო მეორე კი იმპერატორის სასახლის ექიმი. დოქტორი ბ. შეწუხდა, როცა გავუმეორე ჩვენი თხოვნა, ეთამაშნა ჩემპიონთან. თურმე არ ცოდნია, რომ მსოფლიოს სახელგანთქმულ ჩემპიონთან თამაშობდა და, ისიც ასეთი წარმატებით. ამ ამბავმა მასზე რატომღაც განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენჯერმე შემეკითხა დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ ჩემი მოწინააღმდეგე მართლაც მსოფლიოს სახელგანთქმული ჩემპიონიაო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს გარემოება ჩემს მისიას გააადვილებდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საქმე მქონდა მეტად კეთილშობილ და ზრდილ კაცთან და გადავწყვიტე, არ მეთქვა, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში მაკ კონორი მატერიალურ ზარალს განიცდიდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დოქტორი ბ. დათანხმდა ეთამაშა, მაგრამ მთხოვა გადამეცა ჩემი მეგობრისათვის, რომ მაინცა და მაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებდნენ მის საჭადრაკო ნიჭზე. - ამას იმიტომ გთხოვთ, - დაუმატა, თან დაბნევით გაიღიმა, - რომ მართლაც არ ვიცი, შევძლებ თუ არა ყველა წესით თამაშს. დამიჯერეთ, წეღან რომ მოგახსენეთ, ჭადრაკს გიმნაზიაში სწავლის შემდეგ, ე. ი. 20 წელზე მეტია არ მივკარებივარ-მეთქი, ეს არ იყო ყალბი თავმდაბლობა. მაშინაც დიდი ნიჭი არ მქონდა თამაშისა. ეს ისე უბრალოდ იყო ნათქვამი, რომ ერთი წუთითაც არ დავეჭვებულვარ მის გულწრფელობაში. მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ჩემი გაოცება გამოვთქვი. მანცვიფრებს ის სიზუსტე, რომლითაც მაგალითები მოგყავთ სხვადასხვა ოსტატთა მიერ ნათამაშევ პარტიებიდან. უთუოდ თეორიულად მაინც ბევრი დრო მოანდომეთ ჭადრაკის შესწავლას-მეთქი. დოქტორმა ბ-მ კვლავ გაიღიმა რაღაც უცნაური ღიმილით. - დიდი დრო, რაც მართალია, მართალია, ჭადრაკის თამაშს მეტად დიდი დრო მოვანდომე. მაგრამ ეს მოხდა განსაკუთრებულ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მეტისმეტად განსაკუთრებულ პირობებში. ეს საკმაოდ ჩახლართული ამბავია და შესაძლებელია გამოდგეს ჩვენს წარმტაც ეპოქისადმი მიძღვნილი მოთხრობის ილუსტრაციად. იქნებ მოთმინება გეყოთ და ნახევარი საათი დამითმოთ... იქვე სავარძელზე მიმითითა. კმაყოფილებით დავეთანხმე. ახლოს არავინ იყო, დოქტორმა ბ-მ მოიხსნა სათვალე, გვერდით დადო და დაიწყო: - თქვენ თავაზიანად შენიშნეთ, რომ ჩემი გვარი თქვენთვის, ვენის მცხოვრებისათვის, კარგად არის ცნობილი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაფერი გეცოდინებათ იურიდიული კონტორის შესახებ, რომელსაც ჯერ მე და მამაჩემი განვაგებდით, შემდეგ კი მხოლოდ მე. ისეთ საქმეებს, რომელნიც გაზეთებში ხმაურს გამოიწვევდნენ, ხელს არ ვკიდებდით და პრინციპულად გავურბოდით ახალ კლიენტებს. უფრო სწორად რომ ვთქვა, ფაქტიურად ვაწარმოებდით იურიდიულ საქმეებს, ჩვენი საქმიანობა იმით განისაზღვრებოდა, რომ იურიდიულ რჩევას ვიძლეოდით და განვაგებდით მდიდარ მონასტერთა ქონებას, რომლებთანაც ახლო იყო მამაჩემი, წარსულში კლერიკალთა პარტიის დეპუტატი. გარდა ამისა, ახლა შეიძლება დაუფარავად ლაპარაკი ამის შესახებ, როცა უკვე მონარქია ისტორიას ჩაბარდა, ჩვენ დაგვევალა იმპერატორის ოჯახის ზოგიერთი წევრის კაპიტალის გამგეობა. ჩვენს ოჯახს სასახლესთან და ეკლესიასთან კავშირი (ჩემი ერთი ბიძა იმპერატორის პირადი ექიმი იყო, მეორე კი აბატი ზაიტენშტეტენში) ჯერ კიდევ რამდენიმე თაობის წინ ჰქონდა, ჩვენ იგი მხოლოდ უნდა შეგვენარჩუნებინა და გაგვემტკიცებინა. კლიენტთა ნდობა შთამომავლობით დავიმსახურეთ და ამ ნდობასთან ერთად გადმოგვეცა მარტივი, იოლად თავგასართმევი ვალდებულებანიც. ჩვენგან უმთავრესად მოითხოვდნენ ვყოფილიყავით ფრთხილნი და საიმედონი. ამ თვისებებს უხვად ფლობდა განსვენებული მამაჩემი. გარდამავალ პერიოდსა და იმფლაციის წლებში მხოლოდ და მხოლოდ მამაჩემის წინდახედულობამ შეუნარჩუნა ჩვენს კლიენტებს მნიშვნელოვანი ქონება. შემდეგ, როცა გერმანიაში ხელისუფლება ჰიტლერმა ჩაიგდო ხელთ და დაიწყო ეკლესიებისა და მონასტრების სამფლობელოების კონფისკაცია, საზღვრის მეორე მხარეს რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა მოძრავი ქონების გადასარჩენად. მოლაპარაკება ჩვენი წყალობით ტარდებოდა. საიმპერატორო სახლსა და ვატიკანს შორის საიდუმლო პოლიტიკური მოლაპარაკებაც, რომელიც არასოდეს მთლად არ იქნება გამომჟღავნებული, ცნობილი იყო მხოლოდ ჩვენ ორისათვის. ჩვენი კონტორა სრულიად შეუმჩნეველი იყო. ფირნიშიც კი არ გვქონდა კარებზე, გარეგნულად დაშორებული ვიყავით მონარქიულ წრეებს, ეს გვიცავდა თავმომაბეზრებელ დაკითხვებისაგან. ავსტრიის ხელისუფლებას ეჭვიც კი არ ჰქონდა, რომ ჩვენს შეუმჩნევლად ბინაში, მეოთხე სართულზე, მთელი ამ წლების განმავლობაში იმპერატორის საიდუმლო შიკრიკებს მოჰქონდათ განსაკუთრებული მნიშვნელობის წერილები და მიჰქონდათ აქედან საპასუხო ფოსტა. კარგა ხნით ადრე, სანამ ნაცისტები მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ შეიარაღდებოდნენ თავიანთ არმიებს, მეზობელ ქვეყნებში დაიწყეს წვრთნა და გასამხედროება მოსახლეობის ყველაზე დაჩაგრული, უბედური, განკიცხული ნაწილისა; ყოველ კონტორაში, ყოველ დაწესებულებასა და საწარმოში ყველგან, დოლფუსისა და შუშნიგის[7] პირად რეზიდენციებშიაც კი, მათ თავიანთი უჯრედები ჰქონდათ და ჯაშუშები და მეთვალყურენი ჰყავდათ მიჩენილი. აგენტი თურმე ჩვენს თითქოსდა შეუმჩნეველ კონტორაშიც ჰყოლიათ, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვიან გავიგე. ეს იყო უბადრუკი, უნიჭო კანცელარისტი, რომელიც ერთი მღვდლის რეკომენდაციით ავიყვანე, რათა ჩვენს კონტორას ნამდვილი საქმიანი დაწესებულების იერი მისცემოდა. სულ უბრალო საქმე მივანდეთ, ზოგჯერ შიკრიკად ვიყენებდით, ტელეფონის ზარზე უნდა ეპასუხნა და სხვადასხვა უმნიშვნელო დოკუმენტები და საბუთები მოეწესრიგებინა. მას არა ჰქონდა წერილების გახსნის უფლება. მნიშვნელოვან წერილებს მე თვითონ ვბეჭდავდი. ასლებს არ ვიტოვებდი. ყველა ძირითად დოკუმენტს შინ ვინახავდი, ხოლო საიდუმლო მოლაპარაკებას ვაწარმოებდი მონასტრის პრიორის კაბინეტსა ან ბიძაჩემის მისაღებ ოთახში. ასეთი წინდახედულობის გამო ჯაშუშს საშუალება არ ჰქონდა გაეგო არსებითი რამ. მაგრამ ალბათ სამწუხარო შემთხვევითობამ თვალი აუხილა ამ პატივმოყვარე კაცუნას. მიხვდა, რომ არ ვენდობოდით, რომ მის ზურგს უკან საინტერესო ამბები ხდებოდა. იქნებ ჩემი არყოფნისას ერთ-ერთ შიკრიკს "ბარონ ბერნის" ნაცვლად, როგორც შეთანხმებული ვიყავით, "მისი უდიდებულესობა" წამოცდა, ან იქნებ ეს არამზადა ჩუმად ხსნიდა წერილებს. მაგრამ ასე იყო თუ ისე, სანამ მასზე ეჭვს მივიტანდი, ბერლინიდან თუ მიუნჰენიდან მიიღო ჩვენზე თვალყურის დევნების დავალებაც. დიდი ხნის შემდეგ, რაც დამაპატიმრეს, მომაგონდა: ეს ზარმაცი და უქნარა ბოლო ხანებში როგორ გაბეჯითდა. ყოველთვის დაჟინებით მთხოვდა, ფოსტა მისთვის გამეტანებინა. უნდა გამოგიტყდეთ, გაუფრთხილებლად მოვიქეცი, მაგრამ განა ჰიტლერელებმა ჩვენი დროის უდიდესი დიპლომატები და გენერლები არ გააცურეს?! გესტაპო გამუდმებით და კარგა ხანია მადევნებდა თვალს. ეს ფაქტი თვალსაჩინოდ დასტურდება იმითაც, რომ ესესელებმა სწორედ იმ საღამოს დამაპატიმრეს, როცა გადადგა შუშნიგი. ეს იყო ჰიტლერის ვენაში შემოსვლამდე ერთი დღით ადრე. საბედნიეროდ, რადიოში, რადიოში შუშნიგის გამოსათხოვარი სიტყვა რომ მოვისმინე, მოვასწარი დამეწვა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები - დანარჩენი კი, ფასიანი ქაღალდები და ხელწერილებიც, რომლებიც საზღვარგარეთიდან იყო და მონასტრებსა და ორ ერცჰერცოგს ეკუთვნოდა, სარეცხის კალათაში ჩავდე და ჩემს ერთგულ დიასახლისს დავავალე ბიძაჩემთან წაეღო. ყველაფერი ეს მოვასწარი უკანასკნელ წუთებში, როცა ჰიტლერელები უკვე ამტვრევდნენ ჩემი სახლის კარებს. დოქტორ ბ-მ შეწყვიტა თავისი თხრობა, რომ სიგარისათვის მოეკიდებინა. ასანთის სინათლეზე შევნიშნე, რომ მარჯვენა ტუჩის კუთხე ნერვულად უთრთოდა. ადრეც მქონდა შენიშნული ეს ძნელად შესამჩნევი წამიერი ძაგძაგი. იგი ყოველ ორ-სამ წუთში მეორდებოდა და მის სახეს მოუსვენარს ხდიდა. - თქვენ ალბათ ელით, რომ მოგიყვებით საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ, რომელშიაც ჩაყარეს ძველი ავსტრიის ყველა ერთგული ადამიანი და იმ ტანჯვა-წამებასა და დამცირებაზე, რომელსაც იქ განიცდიდნენ. ამგვარი არაფერი მე არ შემმთხვევია. მე სხვა კატეგორიას მიმაკუთნეს... იმ უბედურებთან არ მოუთავსებივართ, რომლებზედაც ჰიტლერელები ცდილობდნენ ათასნაირი ფიზიკური და სულიერი გვემით ამოეყარათ ჯავრი. ადამიანთა იმ მცირე ჯგუფში მომაქციეს, რომელთაგანაც ნაცისტები იმედოვნებდნენ ფულის ან მნიშვნელოვანი ცნობების მიღებას. ჩემისთანა უჩინარი პიროვნება თავისთავად გესტაპოსათვის, რა თქმა უნდა, არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. მაგრამ მათ შეეტყოთ, რომ მე და მამაჩემი მათი უბოროტესი მტრების განდობილი პირები და საქმის მწარმოებლები ვიყავით. მათ სურდათ გამოეძალათ ჩვენგან მონასტერთა მამხილებელი დოკუმენტები, რომ წაეყენებინათ კაპიტალის გადამალვის ბრალდება. სურდათ აგრეთვე ხელში ჩაეგდოთ მასალები საიმპერატორო სახლისა და მონარქიის სხვა მომხრეთა საწინააღმდეგოდ. ეჭვი ჰქონდათ, და არც უსაფუძვლო, რომ ფონდების უმეტესი ნაწილი, რომელიც ხელთ გვქონდა, კარგად იყო გადანახული და მათთვის მიუწვდომელი რჩებოდა. ამიტომაც დამაპატიმრეს პირველსავე დღეს. ისინი იმედოვნებდნენ ნაცადი ხერხების მეოხებით, ჩემგან საჭირო ცნობების მიღებას. ამ მიზეზით ჩემი კატეგორიის ხალხი, რომლისგანაც ფულსა და მნიშვნელოვანი საბუთების გამოძალვას ცდილობდნენ, საკონცენტრაციო ბანაკში არ გაუგზავნიათ. ასეთი ადამიანები სპეციალური "დამუშავებისათვის" შემოინახეს. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენი კანცლერი, აგრეთვე ბარონი როტშილდი, რომელთა ნათესავებისგანაც ნაცისტები მილიონებს შოულობდნენ, ეკლიან მავთულით შემოღობილ ბანაკში არ ჩაუყრიათ. პირიქით, ყოველნაირი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ოტელ "მეტროპოლის" ცალკე ოთახებშიც კი მოათავსეს. იქვე იყო გესტაპოს შტაბიც. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უმნიშვნელო პიროვნება ვიყავი, მეც ასეთივე პატივი მერგო. ოტელში ცალკე ოთახი: ეს ხომ გარეგნულად მეტისმეტად ჰუმანურად ჩანს! მაგრამ დამიჯერეთ, მათ სრულიადაც არ სურდათ ჩვენს მიმართ ჰუმანური მეთოდის გამოყენება, ეს რაფინირებული ხრიკი იყო. იმის მაგივრად, რომ ჩვენ "გამოჩენილი პირები" ცივ ბანაკებში ჩავეყარეთ, ოც-ოცი კაცი ერთ პატარა ოთახში, საკმარისად თბილი სასტუმროს ოთახები დაგვითმეს. ჩვენგან საჭირო ცნობების მიღებას აპირებდნენ არა ჩვეულებრივი ცემა-ტყეპისა და წამების გზით, არამედ უფრო დიდი წამების - სრული იზოლაციის გამოყენებით. არაფერს გვიშავებდნენ, უბრალოდ ვაკუუმში, გარე სამყაროსაგან ჰერმეტულად დახშულ ოთახში მოგვათავსეს, რადგან იცოდნენ, რომ ადამიანის სულზე ყველაზე მეტად მარტოობა მოქმედებს. გარემოსაგან სრული იზოლაციით ელოდნენ, რომ შინაგანი დაძაბულობა უფრო ჩქარა გვაიძულებდა ლაპარაკს, ვიდრე სიცივე და წკეპლა. პირველი შეხედვით, ოთახი, რომელშიაც მე მომათავსეს, არ ტოვებდა არასასიამოვნო შთაბეჭდილებას: ჰქონდა კარი, რკინის გისოსებიანი ფანჯარა, შიგ იდგა მაგიდა, საწოლი, სავარძელი, პირსაბანი, მაგრამ კარი დღედაღამ დაკეტილი იყო, მაგიდაზე არ ეწყო არც წიგნები, არც გაზეთები, არც ფანქარი, არც ქაღალდი. ფანჯარა აგურის სახანძრო კედლისკენ გადიოდა. ჩემი "მე" და ჩემი სხეული სიცარიელეში იმყოფებოდა. წამართვეს ყველაფერი: საათი, რომ არ მცოდნოდა დრო; ფანქარი, რომ არ შემძლებოდა წერა, ჯაყვა, რომ არ გადამეჭრა ვენა, ერთადერთი ჩემი გამაბრუებელი პაპიროსიც კი გამომტაცეს. ერთადერთი ადამიანი, რომლის დანახვაც შემეძლო, ეს იყო ციხის ზედამხედველი, მაგრამ მას აკრძალული ჰქონდა ჩემთან ლაპარაკი და ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემაც. მე ვერ ვხედავდი ადამიანთა სახეებს, არ მესმოდა ადამიანთა ხმები, განთიადიდან შუაღამემდე არ მქონდა საზრდო არც თვალისათვის, არც სმენისათვის. არც სხვა ჩემი გრძნობებისათვის. საკუთარი თავის ანაბარა ვიყავი. ოთხ თუ ხუთ უსულო საგანთან - მაგიდასა, საწოლსა, ფანჯარასა და პირსაბანთან ერთად. მარტო ვიყავი. როგორც სკაფანდრიანი მყვინთავი საშინელი ოკეანის ფსკერზე, რომელმაც ბუნდოვნად იცის, რომ მაშველი თოკი გაწყვეტილია და არასოდეს არ ამოიყვანენ ამ ყრუ სიღრმიდან... არაფერს ვაკეთებდი, არაფერი მესმოდა, არაფერს ვხედავდი. გარშემო არარაობა იყო, სიცარიელე დროსა და სივრცეში... შეიძლებოდა წინ და უკან სიარული... თან ფიქრები არ მშორდებოდნენ, მაგრამ ფიქრებსაც, რა გინდ იმპერიალისტურიც არ უნდა იყვნენ, ხომ უნდათ დასაყრდენი წერტილი, თორემ ისინიც უაზროდ იწყებენ ტრიალს საკუთარი თავის გარშემო: ფიქრებიც ვერ იტანენ სიცარიელეს. ველოდი რაღაცას დილიდან საღამომდე, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა. ისევ და ისევ ველოდი, მაგრამ ამაოდ. ვფიქრობდი, ვფიქრობდი, სანამ საფეთქლები არ ამტკივდებოდა. არაფერი ხდებოდა, ისევ მარტო ვრჩებოდი, მარტო, მარტოკა. ასე გაგრძელდა ორი კვირა. მე ვცოცხლობდი დროისა და გარე სამყაროს გარეშე, ომი რომ დაწყებულიყო, ვერც კი გავიგებდი. ჩემი სამყარო ხომ მხოლოდ მაგიდით, კარებით, ლოგინით, პირსაბანით, სავარძლით, ფანჯრით, კედლებით შემოიფარგლებოდა. შპალერს რომ შევხედავდი ოთახის კედელზე, ასე მეგონა ფოლადის საჭრისით ჩემს ტვინზე იმავე ნახატს ჭრიდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო დაკითხვები. მოულოდნელად გამოგვიძახებდნენ. არ ვიცოდი, დღე იყო თუ ღამე. უნდა წავსულიყავით, ვინ იცის, საით... რამდენიმე დერეფანს გაგვატარებდნენ, შემდეგ უნდა გვეცადა ვინ იცის, სად. საბოლოოდ თქვენ აღმოჩნდებოდით მაგიდასთან, რომელსაც უსხდნენ ფორმაში გამოწყობილი პირები. მაგიდაზე ქაღალდების დასტა ეწყო, მათი შინაარსი არ ვიცოდი. შემდეგ იწყებოდა შეკითხვები - ნამდვილი და ყალბი, ნათელი და შემპარავი, კითხვები, რომლის უკანაც სხვა რაღაც იმალებოდა, და კითხვები, მახეს რომ გიგებდნენ. სანამ თქვენ უპასუხებდით, სხვისი ბოროტი თითები ფურცლავდნენ ქაღალდებს და თქვენ არ იცოდით, შიგ რა ეწერა. სხვისი ბოროტი ხელი იწერდა თქვენს ჩვენებას ოქმში. თქვენ კი არ იცოდით, რას იწერდა. მაგრამ ყველაზე საშინელი ამ დაკითხვებში ჩემთვის ის იყო, რომ მე არ ვიცოდი და ვერც შევძელი გამეგო, თუ რა იყო ცნობილი გესტაპოსათვის იმ ოპერაციების შესახებ, რომელსაც ჩემი კონტორა აწარმოებდა და რა სურდათ გაეგოთ ჩემგან. მე უკვე გითხარით, რომ უკანასკნელ წუთებში ჩემს დიასახლისს ჩავაბარე ბიძაჩემისათვის გადასაცემად მნიშვნელოვანი საბუთები. მიიღო მან ეს საბუთები? რა იცოდა იმ კანცელარისტმა, რომელიც გესტაპომ მომიჩინა, რომელი წერილები ჩაიგდო ხელში? რა შეეძლოთ მათ გაეგოთ ერთ-ერთი გერმანული მონასტრის რომელიმე გამოყეყეჩებული სასულიერო პირისაგან, მონასტრისა, რომლის საქმეებსაც ჩვენ ვმართავდით? ისინი კი შეკითხვებით არ გვასვენებდნენ. რა ფასიან ქაღალდებს ვყიდულობდი მე და რომელი მონასტრისათვის, რომელ ბანკთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა. ვიცნობდი თუ არა ამა და ამ კაცს. მქონდა თუ არა მიწერ-მოწერა შვეიცარიასთან და, ღმერთმა უწყის, კიდევ რომელ ქვეყანასთან. მე არ ვიცოდი, თუ რისი გაგება მოახერხეს მათ. ამიტომ ყოველი ჩემი პასუხი უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებდა. რომ გამოვტეხილიყავი ისეთ რამეში, რაც მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ამით ტყუილუბრალოდ შემეძლო დამეღუპა ვინმე, ყველაფერზე რომ უარი მეთქვა, საკუთარ თავს ვავნებდი. მაგრამ დაკითხვები კიდევ არაფერი. დაკითხვაზე უარესი იყო სიცარიელეში დაბრუნება - იმავე ოთახში, სადაც იგივე მაგიდა, იგივე საწოლი, იგივე პირსაბანი იდგა და ისევ ის შპალერი იყო გაკრული. მარტო რომ დავრჩებოდი, დავიწყებდი ყოველივე იმის გახსენებას, რაც დაკითხვაზე ხდებოდა. ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა უკეთესად კითხვებზე პასუხის გაცემა. ვფიქრობდი, თუ რა უნდა მეთქვა შემდეგ დაკითხვაზე, რომ გამეფანტა ჩემი მოუფიქრებელი შენიშვნებით გამოწვეული ეჭვები. ყოველივე ამას გონებაში ვამოწმებდი, ვარჩევდი, გამომძიებლისათვის ნათქვამ ყოველ ჩემს სიტყვას ვწონიდი, ვიხსენებდი მათ კითხვებსა და ჩემს პასუხებს. ვცდილობდი, გამომერკვია, ჩემი ჩვენებიდან რომელი ნაწილი შეჰქონდათ ოქმში, თუმცა მშვენივრად მესმოდა, რომ ამის მიხვედრა და დადგენა შეუძლებელი იყო. როგორც კი კვლავ მარტო, კვლავ სიცარიელეში დავრჩებოდი, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, სულ ახალ-ახალი აზრები მოდიოდა და ძილშიაც კი ვერ ვისვენებდი. გესტაპოში დაკითხვის შემდეგ უმოწყალოდ ამეშლებოდა ფიქრები, ისევ თვალწინ დამიდგებოდა მთელი დაკითხვის ტანჯვა და წამება და შეიძლება ითქვას, გახსენება უფრო საშინელება იყო. იმიტომ, რომ გამომძიებელთან ყოველივე ერთ საათში მთვარდებოდა. ხოლო ამის განმეორებას მარტოობით შებორკილ ჩემს ცნობიერებაში დასასრული არ უჩანდა. ძველებურად კვლავ ჩემთან იყო მაგიდა, კარადა, საწოლი, შპალერი, ფანჯარა. ჩემს ყურადღებას სხვა არაფერი იპყრობდა, არც წიგნები მქონდა, არც გაზეთები, არც ახალი საქმე, არც რომელიმე ახალი ადამიანი მყავდა გვერდით, არც ფიქრი გამაჩნდა, რომ რაიმე ჩამეწერა, არც ასანთი, რომ იმით მეთამაშა, სრულიად არაფერი, სრულიად არაფერი!.. მხოლოდ ახლა დავრწმუნდი, თუ რა ჯოჯოხეთური შორსმჭვრეტელობით, ადამიანის ფსიქიკური განადგურების სწორი გაანგარიშებით იყო მოგონილი ოტელში პატიმრობის ეს სისტემა. საკონცენტრაციო ბანაკში, ალბათ, ქვის ზიდვა მოგვიხდებოდა, სანამ ხელებზე ტყავი გადაგვძვრებოდა და ფეხები დაგვეყინებოდა ფეხსაცმელებში; იქ ერთ გაყინულ, აშმორებულ ოთახში ოცამდე ჩვენსავით უბედურთან ერთად ვიცხოვრებდით. მაგრამ იქ ხომ სივრცე იქნებოდა, ადამიანის სახეებს დავინახავდით, დავინახავდით ურიკებს, ხეებს, ვარსკვლავებს. კაცის თვალი რამეზე მაინც შეჩერდებოდა... აქ კი, გარშემო, ყველაფერი მუდამ უცვლელი იყო, საოცრად უცვლელი რჩებოდა ყველაფერი. ჩემი ფიქრებიც უცვლელი რჩებოდა. არაფერი არ იცვლებოდა ჩემს ბოდვით წარმოდგენასა და ჩემს ავადმყოფურ მოგონებებში. იმათაც სწორედ ეს უნდოდათ. მათ სურდათ ფიქრებს შევეხუთე, შევეხუთე, მანამ სული არ შემიგუბდებოდა. მაშინ რაღა გზა მექნებოდა, უნდა გამოვმტყდარიყავი. ყველაფერი უნდა გამომემჟღავნებინა. უნდა გამეცა საბუთები და ადამიანები. თანდათან ვგრძნობდი, რომ მარტოობის საშინელებას ჩემი ნერვები ვეღარ გაუძლებდნენ. ვიცოდი, რა საფრთხე შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. უკიდურესობამდე ვძაბავდი ნებისყოფას, რომ არ დამეკარგა საბოლოო კონტროლი საკუთარ თავზე და ვცდილობდი რითიმე მაინც გამერთო თავი. ზეპირად ვამბობდი ლექსებს, ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაფერი, რაც კი ოდესმე ვიცოდი, - ხალხური სიმღერები, ბავშვობისას შესწავლილი ლექსები, გიმნაზიის დროინდელი ჰომეროსი, სამოქალაქო კანონმდებლობის პარაგრაფები. შემდეგ დავიწყე არითმეტიკულ ამოცანათა გადაწყვეტა, ზეპირად ვკრებდი და ვყოფდი სხვადასხვა რიცხვებს, მაგრამ სიცარიელეში ჩემი გონება ვერ პოულობდა რაიმე ჩასაჭიდს. ვერ ვახერხებდი კონცენტრირებას, თავში სულ ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა: რა იციან, რა ვთქვი გუშინ, რა უნდა ვთქვა შემდეგში? ასეთი აუტანელი მდგომარეობა ოთხ თვეს გაგრძელდა. მხოლოდ ოთხი თვე - ეს ადვილი დასაწერია, სულ შვიდი ასოა. ადვილი სათქმელია, ორიოდე მარცვალია. ბაგეები წამის მეექვსედში წარმოთქვამს მას: ოთხი თვე. მაგრამ ვის ძალუძს გაზომოს და წარმოიდგინოს, თუ რა დიდხანს მიიზლაზნებოდა ეს ოთხი თვე დროისა და სივრცის გარეშე. ამას ვერ მოყვები და ვერც აწერ. ვერც ვერავის აუხსნი, თუ როგორ ღუპავს და ანადგურებს ადამიანს მის გარშემო სიცარიელე. ზოგიერთი წვრილმანი ნიშნებით შეძრწუნებული მივხვდი, რომ ჩემი ტვინი ნორმალურად აღარ მუშაობდა. წინათ დაკითხვებზე რომ მივდიოდი, გონება სრულიად ნათელი მქონდა, ჩვენებას მშვიდად, ფრთხილად ვაძლევდი, ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და რა არა. ახლა კი მხოლოდ ის შემეძლო, რომ ენის ბორძიკით გადამება ორიოდე ფრაზა, რადგან თვალს ვერ ვაცილებდი კალამს, რომელიც ქაღალდზე დასრიალებდა და ჩემს ჩვენებას იწერდა. თითქოს მსურდა დავწეოდი ჩემს საკუთარ სიტყვებს. ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვფლობდი საკუთარ თავს. მიხვედრილი ვიყავი, რომ ახლოვდებოდა წუთები, როცა საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერს დავფქვავდი, რაც კი ვიცოდი, ანდა არც ვიცოდი. იმისათვის, რომ თავი დამეღწია ამ სულისშემხუთველი სიცარიელისაგან, თორმეტამდე კაცს გავცემდი, გავცემდი მათ საიდუმლოს, გავცემდი მხოლოდ იმისათვის, რომ ოდნავ ამომესუნთქა. ერთხელ საღამოს იმ ზომამდე მივედი, იმგვარმა სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, რომ ზედამხედველმა საჭმელი რომ მომიტანა, მივაძახე: - წამიყვანეთ გამომძიებელთან! ყველაფერს ვიტყვი, მე ვიტყვი, სად გვაქვს გადამალული ქაღალდები და ფული. ყველაფერს ვიტყვი, ყველაფერს. მაგრამ, საბედნიეროდ, მას უკვე არ ესმოდა ჩემი, ანდა არ სურდა გაგონება. აი, სწორედ ამ უკიდურესი გაჭირვების ჟამს მოხდა ისეთი წინასწარ გაუთვალისწინებელი რამ, რამაც გადარჩენის იმედი ჩამისახა გულს, თუმცა დროებითი ხსნის, მაგრამ მაინც ხსნისა. ივლისის ბოლო იყო. წვიმიანი, პირქუში, მოღრუბლული დღე იყო; ყოველი ეს წვრილმანი კარგად დამამახსოვრდა, რადგან დაკითხვაზე რომ მივყავდით დერეფნის ფანჯრებს წვიმა უშხაპუნებდა. გამომძიებლის კაბინეტის შესასვლელთან უნდა დამეცადა. წესად ჰქონდათ: დაკითხვამდე დიდხანს გვაცდევინებდნენ. ლოდინით წამება ერთგვარი ხერხი იყო პატიმართა გამოსატეხად. ჯერ ნერვებს იმით გვიშლიდნენ, რომ შუაღამისას მოულოდნელად გამოგვიძახებდნენ, შემდეგ, როცა ნერვებს დავიმშვიდებდით და მზად ვიყავით გამოსასვლელად, როცა ჩვენი ნებისყოფა და გონება მზად იყო წინააღმდეგობის გასაწევად, ერთი, ორი, სამი საათი უნდა გვეცადა დაკითხავმდე, რათა ფიზიკურად მოვექანცეთ და სულიერად გავეტეხეთ. იმ ხუთშაბათს, 27 ივლისს, მთელი ორი საათი ვიდექი მოსაცდელში, ეს რიცხვი იმიტომ დამამახსოვრდა ასე კარგად, რომ მოსაცდელში, სადაც თავისთავად ცხადია, დაჯდომის უფლება არა მქონდა, და მუხლმოკეცილი ვიდექი ორი საათი, კალენდარი ეკიდა. არ შემიძლია აგიწეროთ, თუ როგორ მწყუროდა მენახა რაიმე ნაბეჭდი, დაწერილი, ამიტომ თვალს ვერ ვაცილებდი ციფრებს და ასოებს: "27 ივლისი", თითქოს თვალებით ვჭამდი მას. ისევ ვიცდიდი და ვიცდიდი, შევხედავდი კარებს და ვფიქრობდი, რა კითხვებს მომცემდნენ ამჯერად ჩემი ინკვიზიტორები, თუმცა ძალიან კარგად ვიცოდი, სულ იმის საწინააღმდეგოს მკითხავდნენ, რისთვისაც მე საპასუხოდ ვიყავი მომზადებული. მაგრამ მაინც ეს წამება ერთდროულად ბედნიერებაც იყო, ეს წამება ლოდინსა და ფეხზე დგომაში: - მე ხომ სხვა ოთახში ვიყავი და არა ჩემსაში. ეს ოთახი ცოტათი იმაზე დიდი იყო, ორი ფანჯარა ჰქონდა ერთის მაგივრად, არც საწოლი იდგა, არც პირსაბანი, ფანჯრის რაფაც არ იყო დამსკდარი, რომელსაც მილიონჯერ ვაკვირდებოდი, კარი სხვაფერად იყო შეღებილი, კედელთან სხვა სავარძელი იდგა, მარცხნივ კარადა ქაღალდებისათვის და ტანსაცმლის დასაკიდი, რომელზეც ჩემს მტარვალთა ოთხი სველი სამხედრო ფარაჯა ეკიდა. ჩემ წინ რაღაც ახალი იყო - ჩემი დამშეული თვალებისათვის სრულიად ახალი, და მეც გაუმაძღრად ვათვალიერებდი ყოველ წვრილმანს. ვათვალიერებდი ფარაჯების ყოველ ნაკეცს, შევამჩნიე, მაგალითად, რომ ერთ-ერთი ფარაჯის საყელოდან სწყდებოდა წყლის წვეთები, შეიძლება თქვენ ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ უაზრო მღელვარებით ვუცდიდი მოსწყდებოდა თუ არა ბოლოს და ბოლოს ეს წვეთი და დაეცემოდა ძირს, თუ გაუძლებდა წინ აღდგომოდა დედამიწის მიზიდულობას და შერჩებოდა თავის ადგილს. დიახ, რამდენიმე წუთს სუნთქვაშეკრული შევცქეროდი ამ წვეთს, თითქოს ამ წვეთზე იყო დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე. როცა ბოლოს წვეთი მოსწყდა, ღილების დათვლას შევუდექი, ერთზე იყო რვა, მეორეზე იმდენივე, მესამეზე ათი. შემდეგ მათი განმასხვავებელი ნიშნების შედარება დავიწყე. ვერ აგიწერთ, როგორ მართობდა ეს სასაცილო, უმნიშვნელო წვრილმანები, როგორ აღიზიანებდნენ და აკმაყოფილებდნენ ჩემს დამშეულ თვალებს. უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ისეთი რამ დავინახე, რამაც მიიპყრო ჩემი მზერა. შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ ფარაჯის გარეთა ჯიბე ცოტათი გამობერილი იყო: ახლო მივდექი. მის სწორკუთხოვან მოხაზულობაზე მივხვდი, რომ ფარაჯის ჯიბეში წიგნი იდო. მუხლები ამიკანკალდა. წიგნი, აი უკვე ოთხი თვეა, რაც წიგნი ხელში არ მჭერია, ასე რომ, თვით ფიქრი იმის შესახებ, რომ წიგნში ვნახავდი ერთმანეთთან მიჯრილ სიტყვებს, სტრიქონებს, გვერდებსა და ფურცლებს, რომელშიც შეიძლება იპოვო, დაიმახსოვრო, მეხსიერებაში აღიბეჭდო ახალი, მანამდე უცნობი საინტერესო იდეები, - ყოველი ეს თან მართობდა და თავბრუს მახვევდა. მოჯადოებულივით, ისეთი ანთებული თვალებით ვუცქეროდი იმ ადგილს, თითქოს მსურდა მზერით გამომეწვა ფარაჯა. ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე. იმის გაფიქრებაზეც კი, რომ ხელი უნდა მეხლო წიგნისათვის, თუნდაც ფარაჯის გარედან, ხელები მიკანკალებდა. მე თვითონაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, უფრო ახლოს მივიწიე. საბედნიეროდ, მცველს ყურადღება არ მოუქცევია ჩემი უცნაური ქცევისათვის. ალბათ, ბუნებრივად მიიჩნია, რომ ორ საათს ფეხზე დგომისაგან გადაქანცულ კაცს სურდა კედელს მიყრდნობოდა. სულ ახლოს ვიდექი ფანჯარასთან და რომ შეუმჩნევლად მეხლო მისთვის ხელი, ხელები ზურგს უკან დავმალე. ხელი შევახე ჯიბეს და დავრწმუნდი, რომ შიგ მართლაც რაღაც სწორკუთხოვანი იდო, რაღაც იღუნებოდა და რბილად შრიალებდა. უეჭველად წიგნი იყო, წიგნი. უეცრად ტყვიასავით გამიელვა თავში: "მოიპარე ეს წიგნი. ეს რომ მოახერხო, შეგიძლია შენს ოთახში დამალო და იკითხო დაუსრულებლად!" როგორც კი ეს აზრი გავივლე, საწამლავივით დამიარა მთელ სხეულში. ყურებმა ჟღუილი დამიწყო და გულმა ბაგაბუგი. ხელები გამეყინა და აღარ მემორჩილებოდა. მაგრამ, როცა ბურანიდან გამოვერკვიე, უფრო ახლოს, მოხერხებულად მივიწიე ფარაჯისაკენ, თან წამითაც თვალს არ ვაცილებდი მცველს და ზურგს უკან დამალული ხელით სულ ზემოთ, ზემოთ ვწევდი წიგნს. ბოლოს ფრთხილად ამოვიღე. აი, ჩემს ხელთაა პატარა წიგნი. მხოლოდ ახლა შემეშინდა. ეს რა ჩავიდინე-მეთქი. მაგრამ უკან ხომ ვეღარ ჩავდებდი. რა უნდა მექნა. წიგნი იქ ჩავიდე უკან შარვალში, სადაც სარტყელი იჭერდა, შემდეგ თანდათან გადავწიე ბარძაყისაკენ. ახლა კი შემეძლო წიგნის ერთ ადგილზე გაჩერება, თუ ხელს მხედრულად ბარძაყზე მივიჭერდი, საჭირო იყო ამ ხერხის გამოცდა. ერთი, ორი, სამი ნაბიჯი გადავდგი ტანსაცმლის საკიდიდან. თუ სარტყლის მაგრად დაჭერა შევძელი, მოვახერხებ წიგნის წაღებასაც. შემდეგ დაიწყო დაკითხვა. ამ დაკითხვისას ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაძაბული ვიყავი. როცა ვპასუხობდი, მთელი ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ წიგნი არ დამვარდნოდა. საბედნიეროდ, ეს გამოძიება დიდხანს არ გაგრძელებულა და როგორც იქნა, მოვიტანე ოთახში წიგნი. წვრილმანებით თავს არ მოგაბეზრებთ. გეტყვით მხოლოდ, რომ როცა ვბრუნდებოდი, დერეფანში წიგნი სარტყელიდან შარვალში ჩამომვარდა; საშინელი ხველება ავტეხე, რომ შემძლებოდა დავხრილიყავი და ამეწია წიგნი სარტყელამდე, მაგრამ, რა ბედნიერი წუთები იყო, მე შევძელი მისი მიტანა საკანში. ძველებურად მარტო ვიყავი, მაგრამ თან მთლად მარტოც არა. თქვენ ალბათ გგონიათ, რომ მაშინვე ხელი ვტაცე წიგნს, გადავფურცლე და დავიწყე კითხვა. არა! პირველ ყოვლისა, ვტკბებოდი იმით, რომ წიგნი მქონდა, მსურდა კარგა ხანს გამეღიზიანებინა საკუთარი ნერვები, იმის გამოცნობით, თუ რა წიგნი მოვიპარე, მსურდა, რომ იგი ძალიან წვრილი, მჭიდრო შრიფტით ყოფილიყო დაბეჭდილი, რომ მასში ბევრი ბევრი ასოები და ბევრი თხელი ფურცელი ყოფილიყო, რომ რაც შეიძლება დიდხანს მეკითხა. მსურდა, ისეთი ნაწარმოები ყოფილიყო, რომელიც სულიერად დამძაბავდა, არ მინდოდა უხამსი, უბრალო რამ აღმოჩენილიყო, არამედ ისეთი რამ, რისი ზეპირად დასწავლაც შეიძლებოდა. მაგალითად, ლექსები. კარგი იქნებოდა, რომ მასში - ეს ჩემი გაბედული ოცნება იყო - ჰომეროსის ან გოეთეს ლექსები ყოფილიყო. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ, სიხარბემ მძლია. საწოლზე გავიშხლართე, მცველი რომ არ დაეჭვებულიყო, მოულოდნელად თუ შემოაღებდა კარს. სარტყელიდან ცახცახით ამოვიღე წიგნი. შევხედე თუ არა, იმედი გამიცრუვდა, გავბრაზდი კიდეც. ჩემი ალაფი, რომლის მოპოვებაც არაჩვეულებრივ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული, და რაზედაც უდიდეს იმედებს ვამყარებდი, ჭადრაკის თამაშის სახელმძღვანელო აღმოჩნდა. უდიდეს ოსტატთა მიერ ნათამაშევი ას ორმოცდაათი პარტიის კრებული. ჩამწყვდეული რომ არ ვყოფილიყავი, გააფთრებული ამ წიგნს ფანჯრიდან გადავისვრიდი. რა სარგებლობა შეიძლებოდა მოეტანა ამგვარ უაზრობას?! როგორც გიმნაზისტთა უმრავლესობამ, მეც ზოგჯერ დროის გასაყვანად მითამაშია ჭადრაკი. მაგრამ რაში მჭირდებოდა ეს თეორიული თხზულება. ჭადრაკის მარტო თამაში არ შეიძლება უპარტნიოროდ და მით უმეტეს უფიგურებოდ და უდაფოდ. გუნებაწამხდარმა გადავფურცლე წიგნი იმ იმედით, რომ რამე წასაკითხი - შესავალი ან ახსნა-განმარტება მაინც ვიპოვო-მეთქი, მაგრამ ვერაფერი ამგვარი ვერ მოვნახე, გარდა სწორი კვადრატული ცხრილებისა, ოსტატთა პარტიების ჩანაწერებისა და ჩემთვის გაუგებარი აღნიშვნებისა: a2, a3, g3 და ა. შ. ყველაფერი ეს ჩემთვის ალგებრული ფორმულების მსგავსი რამ იყო, რომელთა გასაღები ხელთ არ მქონდა. ბოლოს თანდათანობით მივხვდი, რომ ასოები a b, c აღნიშნავდა ვერტიკალურ რიგებს, ხოლო ციფრები 1-დან 8-მდე ჰორიზონტალურებს და რომ ისინი მიუთითებდნენ ყოველი ფიგურის იმ მომენტში მდებარეობას. მაშასადამე, ეს წმინდა გრაფიკული დიაგრამები მაინც რაღაცის მთქმელი აღმოჩნდებოდა. "ვინ იცის, - ვფიქრობდი, - თუ მოვახერხე საკანში ჭადრაკის დაფის მაგვარი რაიმეს გაკეთება, შეიძლება შევძლო ამ პარტიათა გათამაშება". ზეწრის უხეში, კუბოკრული კიდე ზეციურ საჩუქრად მომეჩვენა. რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ მივიღე სამოცდაოთხ უჯრედად დაყოფილი სიბრტყე. ამოვხიე წიგნიდან პირველი ფურცელი და ლეიბქვეშ შევინახე. შემდეგ შევუდექი პურის ცომისაგან მეფის, ლაზიერის და სხვა ფიგურათა გამოძერწვას. (შედეგები, რა თქმა უნდა, სასაცილო იყო) ბოლოს და ბოლოს უდიდეს სიძნელეთა დაძლევით შევძელი ზეწრის კიდეზე აღმედგინა წიგნში მოთავსებული ერთ-ერთი პოზიცია. მაგრამ, როცა შევეცადე გამეთამაშებინა მთელი პარტია, გამოირკვა, რომ უბადრუკი პაწია ფიგურები, რომელთა ნახევარს "თეთრებისაგან" განსხვავებულად მტვერი წავუსვი, სრულიად უვარგისნი აღმოჩნდნენ ჩემი მიზნისათვის. პირველ დღეებში ფიგურები ერთმანეთში მერეოდა. პარტიას სულ თავიდან ვიწყებდი. ხუთჯერ, ათჯერ, ოცჯერ. მაგრამ განა ვინმეს ჰქონდა იმდენი თავისუფალი, გამოუყენებელი და უსარგებლო დრო, რამდენიც მე?! განა ვინმეს ჰქონდა კიდევ ასეთი მოთმინება და შეუპოვარი სურვილი, მიეღწია მიზნისათვის?! ექვსი დღე დამჭირდა, რომ უშეცდომოდ ბოლომდე წამეკითხა ერთი პარტია. რვა დღის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ზეწარი ჭადრაკის ფიგურათა პოზიციის დასამახსოვრებლად. ხოლო კიდევ რვა დღის შემდეგ ზეწარიც აღარ მჭირდებოდა. განყენებული ნიშნები a1, a2, c7, c8 ჩემს წარმოსახვაში თავისთავად პლასტიკურ ფორმას იღებდა. ასეთი გადასვლა არ გამჭირვებია. წარმოსახვის ძალით შემეძლო გონებაში წარმომედგინა ჭადრაკის დაფა და ფიგურები. წესთა სასტიკი განსაზღვრულობით ვეუფლებოდი ყოველ კომბინაციას, ისევე როგორც გამოცდილი მუსიკოსი, რომელიც შეხედავს თუ არა ნოტებს, ესმის ყოველი ცალკე ინსტრუმენტის ხმა და ყველასი ერთადაც. ორი კვირის შემდეგ სულ ადვილად შემეძლო წარმომესახა ყოველი პარტია წიგნიდან, ან მოჭადრაკეთა ენით რომ ვთქვათ, "ბრმად მეთამაშა". მხოლოდ ახლა მივხვდი, რა განუსაზღვრელი სიკეთე მიყო ჩემმა ურცხვმა ქურდობამ. საქმე გამიჩნდა, თუმცა უაზრო და უმიზნო, მაგრამ მაინც საქმე, რომელიც ავსებდა ჩემს გარემომცველ სიცარიელეს. ოსტატთა მიერ გათამაშებული ას ორმოცდაათი პარტია იყო იარაღი, რითაც შემეძლო მებრძოლა დროისა სივრცის გულის გამაწვრილებელ ერთფეროვნებასთან. ამის შემდეგ ვცდილობდი შემენარჩუნებინა სიახლის წარმტაცობა და დღე ასე დავანაწილე: ორ პარტიას დილით ვთამაშობდი, ორს ნაშუადღევს, საღამოს მათ ვიმეორებდი. ამრიგად, აქამდე ჟელატინივით უფორმოდ გადაჭიმული დღე შეივსო. ახალი საქმე არ მღლიდა; ჭადრაკის შესანიშნავი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გონება, რომელიც მკაცრად ისაზღვრავს საკუთარი მოქმედების არეს, არ იღლება უსაზღვრო და დიდი დაძაბულობისაგანაც. ენერგია მატულობს, უფრო ცოცხლდება და მოქნილი ხდება. პირველად პარტიებს ანგარიშმიუცემლად ვთამაშობდი, მაგრამ თანდათან ვიმეორებდი ოსტატურად ჩატარებულ კომბინაციებსა და შეტევებს, მათში ესთეტიკურ სიამოვნებას ვპოულობდი. შევეჩვიე წვრილმანების, შეტევისა და თავდაცვის ცბიერების გამოცნობას, ვხვდებოდი, თუ როგორ უნდა წარმართულიყო თამაში რამდენიმე სვლით, როგორ ხდებოდა შეტევისა და კონტრშეტევის ჩასახვა და განხორციელებაც. სულ მალე შევეჩვიე ცალკე ოსტატთა ინდივიდუალური თამაშის მანერის გამოცნობას ისევე უშეცდომოდ, როგორც ლექსის რამდენიმე ბწკარით პოეტის გამოცნობაა შესაძლებელი. და ის, რაც პირველად დროის მოკვლის საშუალებას წარმოადგენდა, შემდეგში სიტკბოების წყაროდ იქცა. ჭადრაკის ხელოვნების ისეთი შეუდარებელი ოსტატები, როგორიც იყვნენ ალიოხინი, ლასკერი, ბოგოლიუბოვი, ტარტაკოვერი ძვირფასი მეგობრებივით ჩემთან ერთად ინაწილებდნენ ჩემს სიმარტოვეს. ახლა უკვე მარტო აღარ ვიყავი ჩემს მიყრუებულ საკანში. ჭადრაკში რეგულარული მეცადინეობა დამეხმარა, რომ მორალურად გატეხვის წინაშე მდგომმა ჩემმა სულიერმა ძალებმა აღდგენა იწყეს. გახალისებულ გონებას კვლავ შეეძლო წინანდებურად და კიდევ უფრო მოქნილად მუშაობა. ნათელი და ლოგიკური აზროვნების აღდგენა პირველ ყოვლისა დაკითხვებზე გამომაჩნდა. ჭადრაკის დაფასთან შეუგნებლად გამოვიმუშავე ცრუ მუქარებისა და ფარული შეტევებისაგან თავდაცვის უნარი, ამის შემდეგ გამომძიებლებს არ შეეძლოთ ჩემი უეცრად, მოუმზადებლად ჩაჭრა. ვამჩნევდი კიდეც, რომ გესტაპოელებიც კი უფრო მეტი პატივისცემით მეპყრობოდნენ, მათ უკვირდათ ალბათ ჩემი სიმტკიცე იმ დროს, როცა მათ თვალწინ უამრავი მორალურად დაძაბუნებული და გატეხილი ადამიანი იდგა. მათთვის უცნობი იყო ის წყარო, საიდანაც მე შემდგომ წინააღმდეგობის ძალას ვიკრებდი. ბედნიერმა დრომ, რომლის განმავლობაშიც სისტემატურად, ყოველდღიურად ვარჩევდი ამ ას ორმოცდაათ პარტიას, გასტანა ორნახევარი თუ სამი თვე. შემდეგ კვლავ სიცარიელის წინაშე აღმოვჩნდი. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ, ოცდაათჯერ გავარჩიე თითოეული პარტია. სიახლის წარმტაცობა გაქრა, კომბინაციები აღარ მაღელვებდა, ვეღარ მმატებდა ენერგიას. რაღა აზრი ჰქონდა, პარტიები გამემეორებინა, როცა ყოველი სვლა ზეპირად ვიცოდი. საკმარისი იყო დამეწყო და იმწამსვე მთელი თამაში თვალწინ გადამეშლებოდა. აღარაფერი იყო ჩემთვის მოულოდნელი, აღარაფერი იწვევდა ჩემს დაძაბულობას, აღარ იდგა ჩემ წინაშე პრობლემები. ჩვეული დაძაბულობის, აგრეთვე თავშექცევის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ახალი წიგნი, ახალი პარტიები. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მხოლოდ ერთი გამოსავალი დამრჩენოდა: ძველი, კარგად ცნობილი პარტიების მაგივრად მე თვითონ გამომეგონებინა ახალი პარტიები. უნდა მეცადა საკუთარ თავთან თამაში, საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაში. მე არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა თქვენ იმ სულიერ ვითარებაზე, რომელიც ამ თამაშისას იქმნება ხოლმე. მაგრამ სულ მცირედი ჩაფიქრებაც კი საკმარისი იყო იმის ნათელსაყოფად, რომ უაზრობაა საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაში. ჭადრაკის მიმზიდველობა მხოლოდ იმაში მდებარეობს, რომ თავის სტრატეგიას ორი სხვადასხვა გონება სხვადასხვანაირად ავითარებს, რომ ამ სულიერ ბრძოლაში შავებმა არ იციან შესაბამისი მანევრები თეთრებისა, ნიადაგ ფიქრობენ გამოიცნონ, გზა მოუჭრან, ასევე თეთრებიც თავის მხრივ ცდილობენ შავების იდუმალი განზრახვის გამოცნობას, წინ გასწრებასა და უკუგდებას. როდესაც შავებისა და თეთრების თამაშსაც ერთიდაიგივე ადამიანი წარმართავს, რაღაც სულელური ვითარება იქმნება. ერთი და იგივე გონებამ ერთსა და იმავე დროს უნდა იცოდეს კიდეც და არც უნდა იცოდეს, როგორც თეთრების პარტნიორმა სრულიად უნდა დაივიწყოს, რაც რამდენიმე წუთის წინ, როგორც შავების პარტნიორმა მოისაზრა. ამგვარი გაორებული აზროვნება გულისხმობს ცნობიერების გახლეჩას, ტვინის ფუნქციის მონაცვლეობით აღგზნებასა და ჩაქრობას, ისე როგორც ეს მექანიკურ აპარატში ხდება. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჭადრაკის თამაში ისეთივე პარადოქსია, როგორც საკუთარ ჩრდილზე გადახტომა. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი თვის განმავლობაში სასოწარკვეთილი ვცდილობდი როგორმე განმეხორციელებინა ეს შეუძლებლობა, ეს აბსურდულობა. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ამ სისულელის გარდა, რათა მთლად არ შევშლილიყავი, ანდა სრულ სულიერ მარაზმში არ ჩავვარდნილიყავი, შემაძრწუნებელ მდგომარეობაში მყოფი იძულებული ვიყავი ისე დამეძაბა გონება, რომ მეთამაშა შავებითაც და თეთრებითაც, რათა მოწყენილობისაგან სული არ შემხუთვოდა. დოქტორი ბ. გადაიხარა სავარძელზე და წუთით დახუჭა თვალები, თითქოს ცდილობდა მტანჯველი მოგონებანი გაეფანტა. ტუჩის მარცხენა კუთხე უნებლიეთ აუძაგძაგდა მერე ისევ გასწორდა. - მაშ ასე, მე მგონი, თქვენთვის ახლა ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, სამწუხაროდ, დარწმუნებული არა ვარ, რომ ასევე ცხადი იქნება დანარჩენი, რაც შემდეგში მოხდა. საქმე ისაა, რომ ახალმა საქმიანობამ გონების ისეთი დაძაბულობა მოითხოვა, რომ რაიმე კონტროლი საკუთარი თავის მიმართ ყოვლად შეუძლებელი გახდა. ჩემი აზრით, ჭადრაკის თამაში საკუთარ თავთან სრული უაზრობაა, მაგრამ ასეთი თამაშისათვის მინიმალური შესაძლებლობა მაინც შემექმნებოდა, ჭადრაკის დაფა რომ მქონოდა, იმიტომ, რომ დაფა, როგორც ხელშესახები საგანი, შექმნიდა სივრცის გარკვეულ გრძნობას, ხაზს გაუსვამდა მატერიალურ საზღვარს "მოთამაშეთა" შორის. ნამდვილ საჭადრაკო დაფაზე და ნამდვილ ჭადრაკის ფიგურებით თამაშისას შეიძლება დადგენილი იქნეს გარკვეული დრო მოფიქრებისათვის, ყოველი პოზიციისათვის, შეიძლება ჯერ ერთ მხარეს დაჯდეთ და წარმოიდგინოთ მთელი სურათი შავების პოზიციიდან, შემდეგ კი განსაზღვროთ თუ რას წარმოადგენს იგი თეთრებისათვის. რადგან თამაში საკუთარი თავის წინააღმდეგ ან, უკეთ რომ ვთქვათ, საკუთარ თავთან დაფაზე დაუხედავად, წარმოსახვით უნდა მეწარმოებინა. მიხდებოდა გონებაში სამოცდაოთხუჯრედიან კვადრატზე ყველა ფიგურის მდებარეობის დამახსოვრება, და ისიც არა მარტო ერთი მომენტისათვის, უნდა წარმომედგინა ორივე მხარის მიერ ყველა შესაძლებელი სვლით შეცვლილი მდგომარეობაც. ვიცი, ყოველივე ეს რა სისულელედ მოგეჩვენებათ, ყოველ საკუთარ "მეს"-სათვის უნდა წარმომედგინა ყოველი პოზიცია ორჯერ, სამჯერ, არა, უფრო მეტად - ექვსჯერ, თორმეტჯერ და კიდევ ოთხი ან ხუთი სვლის შემდეგაც. გთხოვთ, მაპატიოთ, რომ გაიძულებთ გაერკვეთ ამ სულელურ აბდაუბდაში. რამდენიმე სვლა წინასწარ უნდა გამომეთვალა თეთრებისათვის და იმდენივე შავებისათვისაც. უნდა შემეფასებინა შექმნილი კომბინაციები შავების თვალსაზრისითაც, სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთ გონებაში მომეთავსებინა შავებისა და თეთრების გონებაც. მაგრამ ამ საშინელი ექსპერიმენტის ყველაზე მეტი საშიშროება მდგომარეობდა არა ჩემი "მე"-ს გაორებაში, არამედ იმაში, რომ მე უნდა მეთამაშა დამოუკიდებლად ჩემ მიერვე მოგონილი პარტიები და საქმეც ის იყო, რომ ფეხქვეშ ნიადაგი მეცლებოდა და თითქოს რაღაც უფსკრულის წინაშე ვიდექი, როცა ოსტატების მიერ ნათამაშევ პარტიებს აღვადგენდი ხოლმე, ყველაფერი რიგზე იყო, მხოლოდ ვიმეორებდი ნათამაშევს, აღვიდგენდი მოცემულს. ამისათვის არ იყო საჭირო მეტი დაძაბულობა, ვიდრე ლექსის დაზეპირებისას, ანდა რომელიმე კანონის პარაგრაფის დამახსოვრების დროს. ეს იყო სისტემატური და განსაზღვრული მეცადინეობა და ამიტომაც შესანიშნავ ვარჯის წარმოადგენდა ტვინისათვის. ორი პარტია სადილობამდე და ორიც ნასადილევს ჩემთვის გარკვეული დავალება იყო, რომელსაც სრულიად დამშვიდებული ვასრულებდი, თითქოს ძველი ყოველდღიური მეცადინეობის მაგივრობას მიწევდა. გარდა ამისა, თუ თამაშის პროცესი შემეშლებოდა ან დამავიწყდებოდა შემდეგი სვლა, ყოველთვის მქონდა წიგნში ჩახედვის საშუალება. სწორედ იმიტომ, რომ სხვების მიერ ნათამაშევი პარტიების შესწავლა არ მაფორიაქებდა, იგი კეთილად და დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემს აშლილ ნერვებზე. ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, ვინ მოიგებდა - შავები თუ თეთრები, რადგან პირველობის გვირგვინისათვის იბრძოდნენ ალიოხინი და ბოგოლიუბოვი და არა მე თვითონ. ჩემი გონება და ჩემი შეგნება მხოლოდ ტკბებოდა ორთაბრძოლით, მაგრამ, როგორც კი დავიწყე საკუთარი თავის წინააღმდეგ თამაში, საკუთარ თავს ჩემდა შეუმჩნევლად მეტოქეობას ვუწევდი: ჩემს "მე"-ს თეთრებს და ჩემს "მე"-ს შავებს უნდა ებრძოლათ ერთიმეორესთან და თითოეული მათგანი ერთდროულად შეპყრობილი იყო მოუთმენლობითა და პატივმოყვარეობით. გამარჯვების მოპოვების სურვილით. გავაკეთებდი რა სვლას შავების "მე-ს" მაგივრად, გაცეცხლებული ვიცდიდი, თუ რას ითამაშებდა ჩემი თეთრი "მე". ორივე "მე" რიგრიგობით ზეიმობდა, როცა მეორე "მე" დაუშვებდა შეცდომას. ყოველივე ეს უაზრობა იყო და რა თქმა უნდა, ეს ხელოვნურად შექმნილი შიზოფრენია, ცნობიერების ეს გახლეჩა, რასაც საშიში შედეგი მოსდევს ხოლმე, წარმოუდგენელია ნორმალურ პირობებში მყოფი ადამიანისათვის. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე ამოვარდნილი ვიყავი ნორმალური პირობებიდან, სრულიად უდანაშაულოდ (ჩამამწყვდიეს საპყრობილეში, რამდენიმე თვე მარტოობაში დახვეწილად მაწამებდნენ და ჩემს არსებაში დაგროვილი ღვარძლი ოდესმე უნდა ამომენთხია, რადგან ჩემს ერთადერთ საქმიანობას ეს უაზრო თამაში შეადგენდა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ამიტომ ჩემი გულისწყრომა და შურისძიებისაკენ სწრაფვა ფანატიკურად გამოიხატა სწორედ ამ თამაშში. მსურდა შური მეძია, მაგრამ ამისათვის მყავდა მხოლოდ ჩემი მეორე "მე", რომელთანაც უნდა მეწარმოებინა განუწყვეტელი ბრძოლა. აი, რატომ იყო, რომ თამაშისას გააფთრებული გზნება მიპყრობდა. პირველ ხანებში კიდევ შემეძლო ამ პარტიების მშვიდად და წინდახედულად ჩატარება, ვისვენებდი რა პარტიებს შორის, მაგრამ ნელ-ნელა ჩემი დასუსტებული ნერვები ვეღარ იტანდა ამ შესვენებებს. საკმარისი იყო თეთრების "მე"-ს გაეკეთებინა სვლა, რომ შავების "მე" ავადმყოფურად უმალვე საპასუხო სვლას აკეთებდა, და როგორც კი დამთავრდებოდა ერთი პარტია, უმალვე ვთხოვდი საკუთარ თავს მეორის დაწყებას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, როცა ერთი საჭადრაკო "მე" მარცხდებოდა, ის დაუყოვნებლივ ითხოვდა რევანშს მეორე საჭადრაკო "მე"-საგან. დაახლოებითაც ვერ გეტყვით ამ გიჟური სიხარბით შეპყრობილმა რამდენი პარტია ვეთამაშე საკუთარ თავს ჩემი პატიმრობის თვეების განმავლობაში, იქნებ ათასი, იქნებ მეტიც. ეს იყო სიგიჟე, რომლის წინააღმდეგაც არ შემეძლო ბრძოლა. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მხოლოდ ცხენებზე, ეტლებზე და მეფეებზე ვფიქრობდი. თავში სულ a, b, c… შამათი, ქიში და ჩემი უჯრულა დაფა მიტრიალებდა. თამაშის სურვილი ვნებად გადამექცა, ვნება სიშმაგედ, ავადმყოფურად, ფხიზელიც და მძინარეც სულ ამაზე ვფიქრობდი, შემეძლო მხოლოდ მეფიქრა ჭადრაკის სვლების, ჭადრაკის პოზიციებისა და კომბინაციის შესახებ. ზოგჯერ მეღვიძებოდა, მთლად ცივ ოფლში ვცურავდი და მეგონა, რომ თამაში უნებურად ძილშიც გრძელდებოდა. თუკი ზოგჯერ ვინმე დამესიზმრებოდა, ისინი ჩემს სიზმრებში მხედრის ან ეტლის სვლებით დადიოდნენ. დაკითხვებზე აღარ მახსოვდა, რომ პასუხს ვაგებდი ჩემს სიტყვებსა და ქცევაზე. ალბათ უაზროდ და ბუნდოვნად ვლაპარაკობდი. გამომძიებლები განცვიფრებულნი გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს, სანამ ისინი მეკითხებოდნენ და ჩემს პასუხებზე ფიქრობდნენ, მე მოუთმენლად ველოდი, როდის დამაბრუნებდნენ საკანში, სადაც კვლავ შემეძლებოდა შევდგომოდი ჩემს გიჟურ საქმეს: კვლავ ახალი და ახალი პარტია მეთამაშა. შესვენებანი თამაშებს შორის კიდევ უფრო მაღიზიანებდა, ის კი არა, იმ თხუთმეტ წუთში, როცა მცველი ოთახს ალაგებდა, ან იმ ორ წუთში, საჭმელს რომ გადმომცემდა, ავადმყოფური მოუთმენლობა მიპყრობდა. ზოგჯერ საუზმეს ხელს არ ვახლებდი საღამომდე, რადგან თამაშში გართულს მავიწყდებოდა ყველაფერი. ერთადერთი ხორციელი მოთხოვნილება - ეს იყო საშინელი წყურვილი. ორი ყლუპით ვცლიდი მთელ ბოთლს და კვლავ ვეხვეწებოდი მცველს მოეტანა წყალი, მაგრამ ერთ წუთში ხახა ისევ მიშრებოდა. თამაშის დროს თანდათან ისეთი გზნება შემიპყრობდა, რომ ამ დროს, დილიდან საღამომდე სხვაზე არაფერზე არ ვფიქრობდი. ერთი წუთითაც არ შემეძლო მშვიდად ყოფნა, მოვიფიქრებდი თუ არა სვლას, უმალვე დავიწყებდი საკანში ბოლთის ცემას, რაც უფრო უახლოვდებოდა თამაში ბოლოს, მით უფრო ავუჩქარებდი ნაბიჯს. საკუთარ თავზე გამარჯვების წყურვილი მაგიჟებდა. მოუთმენლობისაგან ვკანკალებდი, რადგან ერთ-ერთი ჩემი საჭადრაკო "მე" ყოველთვის ჩამორჩებოდა მეორეს. ერთი "მე" აჩქარებდა მეორეს. ვიცი, ეს სისულელედ გეჩვენებათ, მაგრამ როცა ერთი "მე" ვერ ხვდებოდა მეორე ჩემივე "მე"-ს ჩანაფიქრსა და გაკეთებულ სვლას, ვბრაზობდი და ვიწყებდი ყვირილს: "სწრაფად, სწრაფად!" ანდა "წინ, წინ!" რა თქმა უნდა, კარგად მესმის, მაშინდელი ჩემი მდგომარეობა ნამდვილი ფსიქიკური დაავადება იყო, რომლისთვისაც სხვა სახელი ვერ მომინახავს, გარდა მედიცინაში უცნობი "ჭადრაკით მოწამვლისა". დადგა დრო, როცა ამ მონომანურმა ატანილობამ იწყო ჩემი არა მარტო სულიერი, არამედ ფიზიკური განადგურებაც. საშინლად გავხდი, დავილიე, ძილი მშვიდი არ მქონდა, გაღვიძებისას წამწამების გახელა მიმძიმდა. ხელები ისე მიკანკალებდა, რომ დიდი გაჭირვებით შემეძლო ჭიქა ტუჩებთან მიმეტანა, მაგრამ როგორც კი თამაშს დავიწყებდი, უსაზღვრო ენერგია დამეუფლებოდა, ხელებმომუშტული ვიწყებდი ბოლთის ცემას. ხანდახან მეწამული ბურუსიდან ჩემი ჩახლეჩილი ბოროტი ხმით ნათქვამი სიტყვები შემომესმებოდა, ვყვიროდი, ქიში, შამათი-მეთქი! არ ვიცი როდის დადგა კრიზის, რომელმაც შეწყვიტა ეს საშინელი, აუწერელი მდგომარეობა... მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთხელ დილას გამომეღვიძა და ეს გამოღვიძება არ იყო ჩვეულებრივი, ჩემი სხეული თითქოს მე აღარ მეკუთვნოდა, კარგად და მშვიდად ვგრძნობდი თავს, კეთილისმყოფელი მოთენთილობა, რომელიც კარგა ხანია არ მღირსებია, წამწამებს მიმძიმებდა. და ეს ისე მსიამოვნებდა, რომ თვალის გახელაც არ მინდოდა. კარგა ხანს ვიწექი და ვტკბებოდი ამ სასიამოვნო მოთხოვნილებით და გარინდებით. უეცრად იქვე მახლობლად ცოცხალი ადამიანის ხმადაბლა და სიფრთხილით ნათქვამი ხმა გავიგონე. ვერც კი წარმოიდგენთ ჩემს სიხარულს, რამდენი თვე, იქნებ წელიწადიც გავიდა, რაც არავის ხმა არ მსმენია ჩემ მაწამებელთა სასტიკი, ავი სიტყვების გარდა. "შენ გესიზმრება - ვუთხარი საკუთარ თავს, - გესიზმრება. არამც და არამც არ გაახილო თვალი, რომ ეს სიზმარი გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. თუ თვალს გაახელს, ისევ იმავე წყეულ საკანს, იმავე სკამს და პირსაბანს, მაგიდას, შპალერს დაინახავ, შენ გესიზმრება, განაგრძე სიზმარი!" მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია. ნელა და ფრთხილად გავახილე თვალი. სასწაული იყო, მე სხვა ოთახში ვიყავი, უფრო დიდში, ვიდრე ჩემი საკანი იყო. ფანჯარას არ ჰქონდა გისოსები, შიგ თავისუფლად იჭრებოდა სინათლე, გარეთ აგურის კედლის მაგივრად ხეები ჩანდა, მწვანე ხეები და ქარი არხევდა მათ რტოებს. ოთახს თეთრი, ლაპლაპა კედლები ჰქონდა, ჭერიც მაღალი და თეთრი. მე ვიწექი ჩემთვის ლოგინში. არა, ეს სიზმარი არ იყო, მახლობლად ისევ ის ჩურჩული მესმოდა და უნებურად მოვტრიალდი და უმალვე გავიგონე ვიღაცის ნაბიჯების ხმა, რომელიც ჩემს საწოლს უახლოვდებოდა. მსუბუქი ნაბიჯით მოვიდა ვიღაც ქალი. თავზე თეთრი ხილაბანდი ჰქონდა წაკრული, მომვლელი იყო თუ მოწყალების და. ბედნიერებისაგან გონს ვერ მოვსულიყავ, ერთი წელია ქალი არ მენახა. თვალს ვერ ვაშორებდი ამ მშვენიერ ქმნილებას და ალბათ ისეთი გიჟური, ექსტატიური გამომეტყველება მქონდა, რომ მან დამამშვიდა: "წყნარად, მშვიდად იწექით". მე მხოლოდ მის ხმას ვუსმენდი: ნუთუ ეს ადამიანია, ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს? ნუთუ ქვეყნად კიდევ არის ისეთი ადამიანი, რომელიც არ დამკითხავს და არ მაწამებს? და ამასთან ეს იყო, ჰოი, საოცრებავ, ქალის ლბილი, გულთბილი, თითქმის ნაზი ხმა. ვერ ვძღებოდი მისი ბაგეების ცქერით. ერთ წელს ამ ჯოჯოხეთში ყოფნის შემდეგ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავაზიანად დაელაპარაკოს მეორეს. მან გამიღიმა, დიახ გამიღიმა. მაშასადამე, ქვეყნად კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გულითადი გაღიმებაც. შემდეგ მან თითი მიიდო ტუჩებზე და ჩუმად გამეცალა. მაგრამ არ შემეძლო მისი თხოვნა შემესრულებინა. კიდევ ვერ გავმძღარიყავ სასწაულის ცქერით. ვცადე ლოგინზე წამოჯდომა, რომ თვალი გამეყოლებინა ამ ქმნილებისათვის. ლოგინის ზურგზე მიყრდნობა მოვინდომე, მაგრამ ვერ შევძელი. მარჯვენა ხელის მაგივრად დავინახე რაღაც დიდი თეთრი საგანი. როგორც ჩანს, ხელი მთლად შეხვეული მქონდა. განცვიფრებით შევცქეროდი ამ საგანს და ვცდილობდი წარმომედგინა, სად ვიყავი, ან რა მომივიდა! იმათ დამჭრეს თუ მე გავიფუჭე ხელი? მივხვდი, რომ ჰოსპიტალში ვიწექი. შუადღისას ექიმი შემოვიდა, სასიამოვნო შესახედაობის, ხანში შესული კაცი იყო. ის იცნობდა ჩემს ოჯახს, და როგორც ჩანს, სურდა გაეგებინებინა ჩემთვის, რომ კარგად იყო განწყობილი ჩემდამი და დიდი პატივისცემით მოიხსენია ბიძაჩემი - იმპერატორის სასახლის ექიმი. საუბრისას რამდენიმე შეკითხვა მომცა. მისმა ერთმა შეკითხვამ მეტისმეტად გამაკვირვა: ვინა ხარ, - მათემატიკოსი თუ ქიმიკოსი? - არც ერთი და არც მეორე-მეთქი ვუპასუხე მე. "საოცარია, - წაილუღლუღა მან, - სულ რაღაც უცნობ ფორმულებს ბოდავდით: ცე სამი, ცე ოთხი, ვერაფერი გავიგეთ". ვკითხე, რა დამემართა-მეთქი, მაგრამ მან უეცრად ჩაიღიმა. "სერიოზული არაფერია, ნერვული სისტემის მწვავე აშლილობა, გარშემო მიმოიხედა და მშვიდად დაუმატა: - ეს სავსებით გასაგებია. თქვენ ხომ 13 მარტიდანა ხართ..." თავი დავიქნიე. "საკვირველი არ არის მაგათი მეთოდების გამოყენების მერე... თქვენ არა ხართ პირველი, მაგრამ ნუ იდარდებთ". მისმა დამშვიდებულმა ჩურჩულმა და მშვიდმა მზერამ დამარწმუნა, რომ საფრთხე არ მელოდა. ორი დღის შემდეგ კეთილმა ექიმმა საკმაოდ გულღიად მიამბო ყველაფერი, რაც კი გადამხდა. ციხის მცველმა ჩემი საკნიდან ყვირილი გაიგონა, იფიქრა ვინმეს ვეჩხუბებოდი. ფეხი გადმოდგა თუ არა ზღურბლზე, მივვარდი მუშტებით და შევძახე: "გააკეთე სვლა, არამზადა, ლაჩარო!" მერე ისე გააფთრებით ვეცი ყელში დასახრჩობად, რომ ყვირილი მორთო მიშველეთო. ექიმთან რომ მივყავდი გასასინჯად, ისევ განვაგრძობდი ბობოქრობას, ხელიდან დავუსხლტი და დერეფნის ფანჯარას მივაწყდი, შუშა გავტეხე და ხელი გავიჭერი. აი, აქ ჯერ კიდევ მაჩნია ღრმა ნაიარევი, ჰოსპიტალში პირველ დღეებში ტვინის ანთების მაგვარი რაღაც დამემართა, მაგრამ ახლა ექიმის აზრით ცნობიერება ნათელი მქონდა. "რასაკვირველია, - მშვიდად მითხრა ექიმმა, - ამის შესახებ ხელისუფალთ არაფერს შევატყობინებთ, თორემ ისევ წაგიყვანენ, მე მომენდეთ, ცდას არ დაგაკლებთ". ჩემს მტანჯველებს რა უთხრა კეთილმა ექიმმა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მან თავისი გაიტანა - მე გამათავისუფლეს. იმ დროს გესტაპოს ჩემი დარდი აღარ ჰქონდა, ჰიტლერმა მთელი ჩეხოსლოვაკია დაიკავა და ამითვე ძირითადად საბოლოოდ გადაწყვიტა ავსტრიის პრობლემა. მე მხოლოდ ხელი უნდა მომეწერა ვალდებულებაზე - დამეტოვებინა სამშობლო ორი კვირის განმავლობაში. მთელი ეს დრო ფორმალური მხარეების მოგვარებას მოუნდა, ისე გართულებული იყო ომიანობის დროს საზღვარგარეთ გამგზავრება. საჭირო იყო ნებართვა სამხედრო ხელისუფალთაგან, პოლიციისაგან, გადასახადის გადახდა, პასპორტი, ვიზა, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. ასე რომ, დროც კი არა მრჩებოდა, განცდილზე მეფიქრა. როგორც ჩანს, რაღაცა საიდუმლო ძალები ახდენენ ადამიანის ტვინის რეგულირებას და ავტომატურად თიშავენ მისგან საშიშ მოსაგონარს. საკმარისი იყო პატიმრობის გახსენება, რომ იმწამსვე გონება მიბნელდებოდა. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ თქვენთან გემზე გავბედე და გავიხსენე ჩემ მიერ განცდილი. ახლა თქვენთვის ალბათ გასაგები იქნება ჩემი უცნაური და არცთუ ძალიან თავაზიანი საქციელი თქვენი თამაშის დროს. მე შემთხვევით შემოვიარე თამბაქოს მოსაწევ სალონში და ჭადრაკის მაგიდასთან დამსხდარი ხალხი დავინახე. ძალიან გამიკვირდა და შემეშინდა. მე ხომ სრულიად დამავიწყდა, რომ შეიძლებოდა ჭადრაკის თამაში ნამდვილ დაფასთან ნამდვილი ფიგურებით. დამავიწყდა ისიც, რომ ამ თამაშში მონაწილეობას იღებს ორი სულ სხვადასხვა კაცი, რომ ისინი სხედან ერთიმეორის პირისპირ. მართალი გითხრათ, რამდენიმე წუთი გავიდა, სანამ მივხვდებოდი, რომ ეს ხალხი იმასვე თამაშობდა, რასაც მე მარტოობაში უსაშინელეს პირობებში ვთამაშობდი. მაშასადამე, ის შიფრი, რომლის მეოხებითაც მე ზეპირად ვთამაშობდი, სხვა არა იყო რა, თუ არა ამ ძვლის ფიგურათა ერზაცი და სიმბოლო. მიკვირდა, რომ ფიგურები დაფაზე და მათი სვლები მთლიანად ეთანხმებოდნენ იმ არარეალურ სქემებს, რომლებიც ცოცხლობდა ჩემს წარმოდგენაში. ასევე განცვიფრებულია ალბათ ასტრონომიც, რომელიც რთული გამოთვლებით ამტკიცებს ქაღალდზე ახალი პლანეტის არსებობას და უეცრად საკუთარი თვალით დაინახავს ცაზე მის ნათელ და გარკვეულ გამოსახულებას. თითქოს მაგნიტური ძალა მიზიდავსო, დავყურებდი დაფას და ვხედავდი ჩემს დიაგრამას - ცხენს, ეტლს, მეფეს, ლაზიერს, პაიკებს, ოღონდ ახლა ცოცხალი ფიგურების სახით პარტიის მდგომარეობა რომ განმეჭვრიტა, ჯერ ჩემი აბსტრაქტული ციფრების სამყაროდან მოძრავი ფიგურების სამყაროში უნდა გადმოვსულიყავი. მოხიბლული ვუცქერდი დაფას. თანდათან ცნობისმოყვარეობამ მძლია... შემთხვევა მომეცა მენახა ორი მოწინააღმდეგის ნამდვილი თამაში და, სამწუხაროდ, სწორედ ეს იყო მიზეზი, თქვენს თამაშში ასე უზრდელად რომ ჩავერიე. თქვენი მეგობრის მიერ დაშვებული შეცდომა გულში მომხვდა. მე ის შევაჩერე ისევე ინსტინქტურად, როგორც შეაჩერებენ აივანის მოაჯირზე გადახრილ ბავშვს. მერე მივხვდი, რა უხეშად და უადგილოდ ჩავერიე. მე შევეცადე დამერწმუნებინა დოქტორი ბ., რომ ყველაზე ძალიან გვახარებდა ინციდენტი, რის წყალობითაც ის გავიცანით. თან დავუმატე, მოსმენილი ამბის შემდეგ ორჯერ მეტად საინტერესო იქნება ჩემთვის ხვალ იმპროვიზირებულ ტურნირზე დასწრება-მეთქი. დოქტორი ბ. შეწუხდა. - არა, ბევრს ნუ მოელით ჩემგან. ეს იქნება მხოლოდ ჩემი გამოცდა, შემიძლია თუ არა მე... შემიძლია თუ არა, ვითამაშო ჭადრაკი ნორმალურად, ჭადრაკის დაფასთან, ნამდვილ, ცოცხალ მოწინააღმდეგესთან და ნამდვილი ფიგურების გადაადგილებით. იმიტომ, რომ თანდათან ეჭვი მეპარება, ის ასეული თუ ათასეული პარტია წესების მიხედვით ნამდვილად ვითამაშე, თუ ეს იყო მხოლოდ ჩემი ავადმყოფური გონების ნაყოფი, საჭადრაკო ციებ-ცხელება, ბოდვა, რომლის დროსაც კაცი როგორც სიზმარში არარეალურად დიდ ნახტომებს აკეთებ შუალედური საფეხურების გამოტოვებით. ნუ გგონიათ, რომ მსოფლიო ჩემპიონს გავუმკლავდები. ამ თამაშს მხოლოდ და მხოლოდ მაიძულებს ნაგვიანევი ცნობისმოყვარეობა. მინდა ვიცოდე, რა მჭირდა საპყრობილეში: მართლაც სიგიჟის საზღვრამდე ვიყავი მისული, თუ ნამდვილად ვიცოდი ჭადრაკის თამაში. მხოლოდ ეს მაინტერესებდა, სხვა არაფერი. ამ წუთში ხმა მოისმა, რომელიც მგზავრებს ვახშმად უხმობდა. ჩვენი საუბარი თითქმის ორ საათს გაგრძელდა. დოქტორმა ბ-მ თავისი ამბავი უფრო დაწვრილებით მიამბო, ვიდრე მე გადმოგეცით. გულითადი მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე, მაგრამ გემბანზე გასვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ აღელვებული დოქტორი ბ. სულს ძლივს იბრუნებდა, დამეწია და ცოტათი ენის ბორძიკით მითხრა: - კიდევ ერთს გეტყვით, მე არ მინდა უზრდელობა გამოვიჩინო თქვენს მეგობრებთან და გთხოვთ წინასწარ გადასცეთ, რომ მე მხოლოდ ერთ პარტიას ვითამაშებ. ჩემთვის მთავარია, გავერკვე ამ საკითხში, საბოლოო დასკვნა გამოვიტანო. სულაც არ ვაპირებ ყოველივეს ხელახლა დაწყებას. მე არ შემიძლია საკუთარ თავს მივცე ნება, კვლავ საჭადრაკო ციებ-ცხელებით დავავადდე, რომლის გახსენება ახლაც კი ძრწოლას მგვრის. გარდა ამისა, ექიმმაც გამაფრთხილა, რომ კაცი, რომელიც მანიით არის შეპყრობილი, ყოველთვის საშიშროების წინაშეა. ამიტომ მე, რადგან "ჭადრაკით ვიყავი მოწამლული", თუგინდ მთლად განკურნებულადაც მთვლიდნენ, უნდა ვერიდო ჭადრაკს. ამრიგად, თქვენთვის გასაგებია, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ მე მხოლოდ ერთ საცდელ პარტიას ვითამაშებ, მეტს არა. მეორე დღეს ზუსტად დანიშნულ დროს, სამ საათზე შევიკრიბენით თამბაქოს მოსაწევ სალონში. ჩვენი წრე შეივსო სამეფო თამაშის კიდევ ორი მოყვარულით. ესენი იყვნენ ოფიცრები, მათ სპეციალურად სთხოვეს გემის კაპიტანს ნება დაერთო მატჩზე დასასწრებლად გაეთავისუფლებინათ ისინი სამორიგეო სამსახურიდან... ჩენტოვიჩმაც წინა დღესავით ახლა დიდხანს აღარ გვალოდინა. კენჭისყრის შემდეგ დაიწყო ღირსშესანიშნავი თამაში: სრულიად უცნობი კაცი ეთამაშებოდა მსოფლიოს სახელგანთქმულ ჩემპიონს. ძალიან მწყინს, რომ ამ პარტიის ერთადერთი მოწამენი ვიყავით ჩვენ - ჭადრაკის თამაშში გაუცნობიერებელი ხალხი... და რომ აღნიშნული პარტია სამუდამოდ დაკარგულია საჭადრაკო ანალებისათვის, ისევე, როგორც მუსიკის ისტორიისათვის დაიკარგა ბეთჰოვენის საფორტეპიანო იმპროვიზაციები. მართალია, მეორე დღეს ჩვენ, ყველამ ერთად, შევეცადეთ მისი აღდგენა, მაგრამ ამაოდ... ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ გაცხარებულ თამაშში ჩვენი ყურადღება მიიპყრო არა მათმა პარტიამ, არამედ თვით მოთამაშეებმა, რომელთა გონებრივ დონეთა სხვაობა თამაშის მსვლელობასთან ერთად თანდათან ნათელი ხდებოდა. ჩენტოვიჩი, ჩვეულებრივად, იჯდა ლოდივით უძრავად. თვალს დაფას არ აცილებდა, ჩანდა გონების გაცხოველებული მუშაობა რა ფიზიკურ დაძაბვას იწვევდა მასში. ბ. კი, პირიქით, თავისუფლად და ძალდაუტანებლად იჯდა, როგორც ნამდვილი დილეტანტი, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით, როგორც მოყვარული, რომლისთვისაც თამაშის მთელი შინაარსი თვით თამაშში მდგომარეობს, იჯდა და თვით ჭადრაკის დაფასთან ისვენებდა. დოქტორი ბ. თამაშის დაწყებისას მხიარულად ლაპარაკობდა, გვიხსნიდა საკუთარ სვლებს, პაპიროსს პაპიროსზე ეწეოდა და როცა მისი სვლის რიგი დადგებოდა, თვალს სწრაფად გადაავლებდა დაფას და გადააადგილებდა ფიგურას. გეგონებოდათ, ყოველთვის გათვალისწინებული ჰქონდა მისი მოწინააღმდეგის სვლა. სადებიუტო სვლები სწრაფად გათამაშდა. გარკვეული გეგმის დასახვა მეშვიდე თუ მერვე სვლაზე დაიწყეს. ჩენტოვიჩი უფრო მეტ დროს ანდომებდა სვლაზე ფიქრს; აქედან ჩვენ დავასკვენით, რომ უკვე იწყებოდა ინიციატივისათვის ბრძოლა. მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, პარტიის განვითარებამ, როგორც ეს ხშირად ხდება სერიოზულ ტურნირებში, ჩვენ, არაპროფესიული მოჭადრაკენი, სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანა. რამდენადაც რთულდებოდა თამაში, იმდენად გაუგებარი ხდებოდა ჩვენთვის მოწინააღმდეგეთა პოზიციები. არათუ მათი გეგმები ვერ გავიგეთ, ვერ გავერკვიეთ იმაშიც, თუ რომელ მოწინააღმდეგეს ჰქონდა უპირატესობა. ჩვენ მხოლოდ ვხედავდით, მოწინააღმდეგეთა ფრონტების გასარღვევად ცალკე ფიგურათა მიერ ბრძოლით გაკაფულ გზებს, მათ ბერკეტისებურ მოქმედებას, ვინაიდან ამ ძლიერ მოთამაშეთა ყოველი სვლა წარმოადგენდა კომბინაციის მხოლოდ ნაწილს, რომელიც თავის მხრივ სხვა ძირითად გეგმას ემორჩილებოდა და რომელიც, რა თქმა უნდა, მრავალი სვლის შემდეგ შეიძლება განხორციელდეს. ამიტომ მათი სტრატეგიული მოსაზრებანი, რომლის მიხედვითაც ისინი ფიგურებს ხან წინ, ხან უკან გადააადგილებდნენ, ჩვენთვის, რასაკვირველია, სრულიად გაუგებარი იყო. შემდეგ საშინლად მოგვქანცა იმანაც, რომ ჩენტოვიჩი მეტისმეტად დიდ დროს ანდომებდა სვლას. ამ მდგომარეობამ თანდათან ჩვენი მეგობარიც გაანერვიულა. აღელვებულმა შევნიშნე, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა თამაში, მით უფრო მეტს ნერვიულობდა, სკამზე ტრიალებდა, წამდაუწუმ პაპიროსს ეწეოდა, ფანქარს აიღებდა და რაღაცას იწერდა, მინერალური წყლების მოტანას ითხოვდა და მაშინვე ცლიდა ჭიქას ჭიქაზე. ცხადი იყო, მისი ტვინი ასჯერ უფრო სწრაფად ხლართავდა კომბინაციებს, ვიდრე ჩენტოვიჩისა. ყოველთვის, როცა გაუთავებელი ფიქრის შემდეგ ჩენტოვიჩი ხელს წაავლებდა ფიგურას და გადაწყვეტდა ბოლოს და ბოლოს სვლის გაკეთებას, ჩვენს მეგობარს სახეზე ღიმილი გადაურბენდა, როგორც ადამიანს, რომელიც დიდი ხანი ელოდა რასმე და ძლივს ეღირსა, მაშინვე დაავლებდა ხელს ფიგურას და ელვისებური სვლით უპასუხებდა. ეტყობოდა, თავისი დახვეწილი მოაზროვნე გონებით, წინასწარ ანგარიშობდა მოწინააღმდეგის ყველა შესაძლებლობას; ამიტომაც, რაც უფრო მეტ ხანს ფიქრობდა ჩენტოვიჩი სვლაზე, მით უფრო იზრდებოდა მისი მოუთმენლობა. ამ ლოდინში დოქტორი ბ. სულ უფრო მჭიდროდ კუმავდა ბაგეებს, რაღაც ბრაზნარევი და მტრული გამომეტყველებითაც კი. მაგრამ ჩენტოვიჩი სულაც არ ჩქარობდა. ყრუდ და მდუმარედ წონიდა ყოველ სვლას და რაც უფრო მცირდებოდა დაფაზე ფიგურების რიცხვი, მით უფრო იზრდებოდა პაუზები. ორმოცდამეორე სვლაზე, სრული ორი საათის შემდეგ, უკვე ყველანი დაქანცულები ვისხედით სათამაშო მაგიდის გარშემო და თითქმის გულგრილადაც კი შევცქეროდით იმას, რაც დაფაზე ხდებოდა. გემის ერთ-ერთი ოფიცერი ის იყო წავიდა კიდეც, მეორემაც საკითხავი წიგნი აიღო და ბრძოლის ველს მხოლოდ მაშინ გადახედავდა ხოლმე, როცა იქ ცვლილება ხდებოდა. მაგრამ აი, ჩენტოვიჩის ერთ სვლას მოჰყვა მოულოდნელი რამ. როგორც კი დოქტორმა შენიშნა, რომ ჩენტოვიჩმა ხელი მოჰკიდა მხედარს, რათა წინ გადაესვა, ისე გაინაბა და მოიბღუნძა, როგორც კატამ იცის გადახტომის წინ. მთელი მისი სხეული ცახცახმა აიტანა, და ვერც კი მოასწრო ჩენტოვიჩმა მხედრის გადაადგილება, რომ მკვირცხლად აიტაცა თავისი ლაზიერი, წინ წასწია და ხმამაღლა, საზეიმო ტონით შესძახა: - ასე! მორჩა! - შემდეგ უკან გადაეყრდნო, ხელები მუცელზე გადაიჯვარედინა და გამომწვევი სახით შეხედა ჩენტოვიჩს. მის თვალებში უეცრად ცეცხლოვანმა სხივმა გაიკიაფა. უნებურად დავიხარეთ ყველანი დაფაზე, რათა გაგვეგო, რას ნიშნავდა ახალი სვლა, რომელიც ასეთი ტრიუმფით გვაუწყა დოქტორმა. პირველი შეხედვით მეფე უბრალო მუქარის ქვეშ არ იყო. მაშასადამე, ჩვენი მეგობრის წამოძახილი მიუთითებდა მდგომარეობის შემდგომ განვითარებას, რასაც ჩვენი მოკლე დილეტანტური გონება ვერ სწვდებოდა. ჩენტოვიჩი იყო ჩვენ შორის ერთადერთი, ვინც ასეთ საზეიმო განცხადებაზე არც შერხეულა. ისე გარინდებული იჯდა, თითქოს ეგზომ საწყენი "მორჩა" არც კი გაეგონოს. არაფერიც არ მომხდარა. უნებურად ყველას სუნთქვა შეგვეკრა, ისმოდა მხოლოდ საკონტროლო საათის ტიკტიკი, თამაშის დროის მოსაწესრიგებლად რომ იდგა მაგიდაზე. გავიდა სამი წუთი, შვიდი წუთი, რავ წუთი - ჩენტოვიჩი არ შერხეულა. მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შინაგანი დაძაბულობისაგან ჩენტოვიჩის ისედაც სქელი ნესტოები უფრო ფართოდ იძაბებოდნენ. ეს ყრუ ლოდინი ჩვენს მეგობარსაც ისევე აუტანელი ეჩვენებოდა, როგორც ჩვენ. უეცრად წამოდგა და მოსაწევ დარბაზში ბოლთის ცემას მოჰყვა, ჯერ დინჯად, მერე უფრო და უფრო სწრაფად. ყველანი რაღაც გაოცებით ვაკვირდებოდით, მაგრამ ჩემსავით შეშფოთებული არავინ არ იყო, რადგანაც თვალში მეცა ერთი გარემოება: მიუხედავად ამ წინ და უკან სვლის მთელი სისწრაფისა, დოქტორი ერთხელვე აღებულ მიჯნას არ გასცილებია. გეგონებოდათ, ამ ცარიელ შუა ოთახში რაღაც კედელს აწყდება და იძულებულ ხდება უკან გაბრუნდესო. შეძრწუნებული მივხვდი, რომ ანგარიშმიუცემლად იმეორებდა იმავე მოძრაობას, რასაც აკეთებდა თავის უწინდელ სატუსაღო სენაკში: სწორედ ასე უნდა ევლო პატიმრობის თვეებში წინ და უკან, როგორც ნადირს გალიაში, ასევე მხრებში მოხრილსა და დაძაბულს. ასევე უნდა ჰქონოდა მუშტები მოკუმშული. ასე და მხოლოდ ასე დარბოდა ალბათ ათასჯერ კედელსა და კედელს შორის, გაშტერებულსა და ციებიან თვალებშიც ასე უბრწყინავდა უთუოდ სიგიჟის ნაპერწკლები. მაგრამ მისი აზროვნება ალბათ ჯერ კიდევ წესრიგში იყო სავსებით, რადგან დროდადრო მოუთმენლად მოიხედავდა ხოლმე მაგიდისაკენ, რათა გაეგო, გადაწყვიტა თუ არა ბოლოს და ბოლოს რაიმე ჩენტოვიჩმა. მაგრამ აი, გავიდა ცხრა, გავიდა ათი წუთი. მაშინ მოხდა ის, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა: ჩენტოვიჩმა ნელა ასწია თავისი მძიმე ხელი, აქამდე რომ უძრავად ედო მაგიდაზე; დაძაბული ყურადღებით ველოდით მის გადაწყვეტილებას; მაგრამ სვლა აღარ გააკეთა, მხოლოდ ხელის ზურგით მოხვეტა დაფიდან ყველა ფიგურა და მაგიდაზე დაყარა. მხოლოდ ორიოდე წამის შემდეგ მივხვდით: ჩენტოვიჩი დანებდა, რათა ჩვენ არ გვენახა, როგორ დააშამათებდნენ მის მეფეს. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. მსოფლიოს ჩემპიონმა, უთვალავი ტურნირის ძლევამოსილმა მონაწილემ დროშა დახარა, ფარ-ხმალი დაყარა ერთი უცნობი კაცის წინაშე, რომელიც აგერ ოცი თუ ოცდახუთი წლის განმავლობაში ჭადრაკის დაფას არ შეხებია. ჩვენმა მეგობარმა, Ignotus[8]-მა, უსახელო და უცნობმა კაცმა, პირდაპირ ბრძოლაში დააჩოქა დედამიწის უძლიერესი მოჭადრაკე! თვით ჩვენდა შეუმჩნევლად წამოვცვივდით ადგილებიდან, ისე აგვაღელვა მომხდარმა ამბავმა. ყოველ ჩვენგანს ისეთი გრძნობა გვქონდა, უსათუოდ რამე უნდა გვეთქვა, რათა ამ სასიხარულო ძრწოლისათვის გამოსავალი მიგვეცა. ერთადერთი, ვინც კვლავინდებურად ინარჩუნებდა სიმშვიდეს, იყო ჩენტოვიჩი. მხოლოდ გარკვეული დუმილის შემდეგ აწია მან თავი და ქვასავით ცივი მზერა ესროლა ჩვენს მეგობარს. - ერთი პარტიაც? - რა თქმა უნდა! - მიუგო დოქტორმა ბ-მ რაღაც არასასიამოვნო აღფრთოვანებით, დაჯდა და ვიდრე შევახსენებდი მის პირობას, მხოლოდ ერთ ხელს ვითამაშებო, უკვე ციებიანივით სწრაფად შეუდგა ფიგურების დალაგებას. ისეთი აგზნებით ახლიდა ქვებს ერთიმეორეს, რომ ერთი ორჯერ პაიკი აკანკალებული ხელიდან დაუსხლტა და იატაკზე დაუვარდა. ადრეც მტანჯველი მოუსვენრობა მისი არაბუნებრივი აგზნების გამო ახლა ერთგვარ შიშად გადამექცა. მანამდე ასე წყნარი და მშვიდი კაცი აშკარა ეგზალტაციაში გადავიდა, სულ უფრო ხშირად კუმავდა პირს და სხეულიც ისე უცახცახებდა, ციებიანი გეგონებოდათ. - არა! - ჩავძახე ჩურჩულით, -ახლა არა! დღეს გეყოფათ! თქვენთვის ეს მეტისმეტია. - მეტისმეტიო! ჰა! - გაიცინა ხმამაღლა და ბოროტად. - ჩვიდმეტ პარტიას ვითამაშებდი ამდენი კევის ღეჭვაში! მეტისმეტია ჩემთვის ასეთ თამაშში მხოლოდ დაძაბულობა იმის შიშით, რომ არ ჩამეძინოს! - აბა, დაიწყეთ! ეს უკანასკნელი სიტყვები მან ჩენტოვიჩს უთხრა მტკიცე თითქმის უხეში ტონით. იმან კიდევ მშვიდად და წყნარად შემოხედა, მაგრამ მის ქვასავით ცივ მზერაში რაღაც მუქარა იფარებოდა. ორივე მოთამაშეს რაღაც ახალი გრძნობა დაეუფლა: საშიში დაძაბულობა და საშინელი ზიზღი. დაფასთან შეხვდა ერთმანეთს არა ორი მოთამაშე, რომელთაც სურდათ გამოეცადათ თავისი ხელოვნება, არამედ ორი მტერი, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მოესპოთ ერთმანეთი. ჩენტოვიჩი დიდხანს ფიქრობდა, სანამ პირველ სვლას გააკეთებდა. ჩემი აზრით, ის განგებ აგვიანებდა. ეჭვი არ იყო, რომ ბრძოლებში გამოცდილი ტაქტიკოსი კარგა ხანია მიმხვდარიყო, რომ მისი ნელი თამაში დაღლიდა და გააღიზიანებდა მოწინაღმდეგეს. ოთხ წუთზე მეტი მოანდომა, რომ აერჩია ყველაზე მეტად გავრცელებული სვლა, - სვლა მეფის წინ მდებარე პაიკისა. ჩვენმა მეგობარმა დაუყოვნებლივ გასწია საკუთარი მეფის პაიკი წინ, ჩენტოვიჩმა კვლავ უსაზღვროდ, აუტანლად გააჭიანურა სვლა. ასე ხდება, როცა გულის ძგერით ელი ელვის შემდეგ ჭექა-ქუხილს, ჭექა-ქუხილი კი იგვიანებს. ჩენტოვიჩი თითქოს მთლად გაქვავდაო, თამაშის დროს მშვიდად და აუჩქარებლად ფიქრობდა. თანდათან ისეთი გრძნობა მიპყრობდა, რომ ამას განგებ აკეთებდა. მისმა ნელმა თამაშმა საშუალება მომცა, თვალი არ მომეშორებინა დოქტორ ბ-სათვის. ის იყო მესამე ჭიქა წყალი გამოცალა, უნებლიეთ მომაგონდა, საკანში თავის დაუოკებელ წყურვილზე რომ მიამბო. მის სახეზე რაღაც უჩვეულო მღელვარების სიმპტომები შეინიშნებოდა. შუბლი ოფლით დაეცვარა, ჭრილობა ხელზე უფრო გაუწითლდა და გამოიკვეთა. მაგრამ თავს იკავებდა, მხოლოდ მეოთხე სვლაზე, როცა ჩენტოვიჩი დაუსრულებელ ფიქრებს მიეცა, დოქტორ ბ-ს მოთმინება გაუწყდა და გაცეცხლებულმა შესძახა: - ითამაშებთ თუ არა? ჩენტოვიჩმა მშვიდად ახედა. - მე, როგორც მახსოვს, შევთანხმდით, ათი წუთი გვეფიქრა, უფრო სწრაფად პრინციპულად არ ვითამაშებ. დოქტორმა ბ-მ ბაგე ჩაიკვნიტა. შევნიშნე, მღელვარებისაგან როგორ ურტყამდა ფეხს იატაკზე და შიშმა შემიპყრო, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, გონს დაკარგავს-მეთქი. მერვე სვლაზე კვლავ წაეკიდნენ ერთმანეთს. დოქტორი ბ. თანდათან გამოვიდა მოთმინებიდან, თავი ვეღარ შეიკავა, სკამზე ვერ ისვენებდა, თითებს უნებურად მაგიდაზე ათამაშებდა. ჩენტოვიჩმა კვლავ ასწია თავის გლეხური, დამძიმებული თავი. - შეიძლება თუ არა გთხოვოთ, რომ თავი დაანებოთ თითების თამაშს, მიშლით. მე ასე თამაში არ შემიძლია.

*გაგრძელება*

ნახვა: 4705

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters