ედგარ ალან პო

 qwelly | photo edgar alan po | literatura | egar alan po | mkvleloba morgis quchaze | edgar alan po motxrobebi | ედგარ ალან პო | ედგარ პო | მოთხრობა | მოთხრობები | ლიტერატურა | დეტექტივი | დეტექტივები | ედგარ ალან პო მკვლელობა მორგის ქუჩაზე

„მსოფლიო დეტექტივების სეიფი“
საქმე №21

მკვლელობა მორგის ქუჩაზე


   აზროვნების, ეგრეთ წოდებული, ანალიტიკური უნარი თავისთავად ნაკლებად ექვემდებარება ანალიზს. ჩვენ მას მხოლოდ შედეგების მიხედვით აღვიქვამთ. მის შესახებ ვიცით, სხვათა შორის, ისიც, რომ ვინც დაჯილდოებულია ანალიზის განსაკუთრებული უნარით, ეს უნარი ყოველთვის უდიდეს სიამეს ანიჭებს პატრონს. როგორც მძლავრი ვაჟკაცი ხარობს თავისი ფიზიკური ღონით და სიამოვნებით ეტანება ისეთ ვარჯიშს, რაც მის კუნთებს ამოქმედებს, ასევე ანალიტიკოსიც თავმომწონეობს და ამაყობს ახსნა-განმარტების გონებრივი უნარით. მას სულ უბრალო, მცირე საქმეც კი სიამოვნებას ანიჭებს, თუ იგი მისი ნიჭის გამოყენებას მოითხოვს. უყვარს გამოცანები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაში ისეთ გონებამახვილობას იჩენს, რაც ჩვეულებრივი გაგების კაცს ზებუნებრივად მოეჩვენება. მის დასკვნებს, რომელნიც სინამდვილეში მიღებულია მხოლოდ ჭეშმარიტი, მეთოდური კვლევის შედეგად, მთლიანად ინტუიციის იერი ადევს.
   ახსნა-განმარტების ნიჭი, შესაძლოა, ფრიად გაძლიერდეს მათემატიკის შესწავლით; განსაკუთრებით მისი იმ მაღალი საფეხურის შესწავლით, რომელსაც უმართებულოდ და მხოლოდ მისი უკუქცევით, უკუსვლით მოქმედებათა წყალობით, უმეტესად ანალიზურს უწოდებენ. მაგრამ გაანგარიშება, თავისთავად, ანალიზი არ გახლავთ. მაგალითად, მოჭადრაკე ანგარიშობს, ანალიზისთვის კი თავს არ იწუხებს. მაშასადამე, ჭადრაკის თამაში, გონებრივი ვარჯიშის თვალსაზრისით, ძალიან უკუღმართად არის გაგებული. მე ახლა ტრაქტატს არ ვწერ, მხოლოდ უბრალო წინასიტყვაობას ვუმძღვარებ, ცოტა არ იყოს, თავისებურ მოთხრობას და მარტო გაკვრით მოგახსენებთ ჩემს დაკვირვებებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ვამტკიცებ, რომ გონებრივი აზროვნების უმაღლეს უნარს გაცილებით კეთილად და სასარგებლოდ ავარჯიშებს შაშის სადა, მარტივი თამაში, ვიდრე ჭადრაკის მთელი დახვეწილი ზერელობა. ჭადრაკის ფიგურებს ნაირ-ნაირი არატოლფასოვანი, განსხვავებული და უცნაური სვლები ახასიათებს. ეს სვლები რთულია. უმთავრესია ყურადღება, გულისყური. წამითაც რომ მოადუნოთ ყურადღება, მყისვე შეცდომა მოგივათ, რაც ფიგურის დაკარგვას ან დამარცხებას გამოიწვევს. ვინაიდან შესაძლო სვლები არა მარტო მრავალია, არამედ დახლართულიც, ამგვარ შეცდომათა დაშვების შესაძლებლობა კიდევ უფრო მრავლდება. ასე რომ, ათიდან ცხრა შემთხვევაში უფრო გონებამახვილი მოთამაშე როდი იმარჯვებს, არამედ უფრო გულისყურიანი. შაშში კი პირიქით – რაკი სვლები ერთნაირი გახლავთ და მხოლოდ მცირე ვარიანტები ახასიათებს, უგულისყურობა გამორიცხულია, ორივე მხარე წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ აღმატებული გონებამახვილობითა და გამჭრიახობით თუ მიაღწევს. განყენებულ მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, წარმოვიდგინოთ შაშის თამაში, როცა დაფაზე ოთხი ქვაღაა დარჩენილი და როცა, რასაკვირველია, შეცდომა ან უგულისყურობა არ გახლავთ მოსალოდნელი.

   აშკარაა, აქ გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ძლიერი გონებრივი დაძაბულობის შედეგად რაიმე რჩეულ სვლას გამოძებნის. ჩვეულებრივ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მოკლებული ანალიტიკოსი თავისი მოპირდაპირის სულში ჩაწვდომას ცდილობს. თავს მასთან აიგივებს, მისი თვალსაზრისით განსჯის საქმეს და ხშირად ამგვარად თვალის დახამხამებაში განჭვრეტს ერთადერთ სვლას, ხანდახან მარტივსა და ადვილს, რომელიც აცდუნებს მოწინააღმდეგეს, ანდა ხელს შეუწყობს მის დაბნევას.

დიდი ხანია შენიშნული გახლავთ, რომ ვისტი ძალიან უწყობს ხელს, ეგრეთ წოდებულ, გამოთვლითი უნარის განვითარებას, თანაც ცნობილია, რომ მრავალი მაღალგონიერი ადამიანი თითქოსდა უცნაურ სიამეს პოვებდა მასში, ხოლო ჭადრაკს კი, ვითარცა ზერელე და ქარაფშუტულ თამაშს, თავს არიდებდა. უეჭველია, ანალიზის ნიჭის გამომჟღავნებისთვის მართლაც არ არსებობს სხვა ამისთანა თამაში. საუკეთესო მოჭადრაკე საუკეთესო მოჭადრაკეა და მეტი არაფერი; ვისტის კარგ მოთამაშეს კი შეუძლია წარმატების იმედი იქონიოს ყველა იმ უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც ერთი გონება მეორეს ემეტოქება და ებრძვის. როცა ვისტის კარგ ცოდნაზე ვლაპარაკობ, თამაშის იმ სრულყოფილებას ვგულისხმობ, როცა მოთამაშე ყველა საშუალებას ითვალისწინებს კანონიერი გზით წარმატების მოპოვებისთვის. ეს საშუალებები არა მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ მრავალნაირიც და ხშირად აზროვნების ისეთ კუნჭულებშია მიმალული, სადაც ჩვეულებრივი გონების კაცი ვერც მისწვდება. ყურადღებით დაკვირვება მკაფიოდ დახსომებას ნიშნავს. ამიტომ გულისყურიანი მოჭადრაკე ჩინებულად ივარგებს ვისტის თამაშში, რამდენადაც ჰოილის წესები, რომლებიც დაფუძნებულია თამაშის უბრალო ტექნიკაზე, საკმაოდ გასაგები გახლავთ. ამრიგად, კარგი მახსოვრობა და „წიგნის“ ბეჯითად მოყოლა ჩვეულებრივ კარგი თამაშის საწინდრად ითვლება. მაგრამ სწორედ ამ უბრალო წესების შემდეგაა, რომ ანალიტიკოსის სიმარჯვე ვლინდება. იგი თავისთვის, ჩუმად, უამრავ ვარაუდსა და აწონ-დაწონას ახდენს. ალბათ ასევე იქცევიან მისი ამხანაგებიც. ოღონდ, განსხვავება მიღებულ შედეგში დამოკიდებულია არა იმდენად სწორ ვარაუდზე, რამდენადაც დაკვირვების ხარისხზე. აუცილებელია ვიცოდეთ, რას უნდა დავუკვირდეთ. ჩვენი მოთამაშე სრულიადაც არ იზღუდავს თავს; და თუმცა მისი მთავარი საგანი თამაში გახლავთ, არც თამაშის გარე სხვა დაკვირვებებსა და დასკვნებს უგულებელყოფს. იგი უკვირდება ამხანაგის გამომეტყველებას და ადარებს მას ცალ-ცალკე ყოველი თავისი მოწინააღმდეგისას. ითვალისწინებს ბანქოს ქაღალდი ვის როგორ უჭირავს ხელში და ხშირად პატრონს, გამომეტყველების მიხედვით, თულფს თულფზე უთვლის ხელში. იგი თამაშის დროს ყოველნაირ ცვლილებას ამჩნევს სახეზე და უამრავი ფიქრი უტრიალებს თავდაჯერებულობის, განცვიფრების, ზეიმის ანდა სევდიანი შესახედაობის კვალად. იმის მიხედვით, ვინ რანაირად იღებს ერთ კარტს, განსჯის, მისი ამღები მოთამაშე კიდევ აიღებს თუ არა. ცრუ სვლას იგი გამოიცნობს იმ გამომეტყველებით, რომლითაც ბანქოს ქაღალდს ჩამოდის მაგიდაზე. უნებურად ანდა დაუდევრად გადმოსროლილი სიტყვა, ბანქოს ქაღალდის შემთხვევით ხელიდან გავარდნა, ანდა გადაბრუნება, რომელთა დამალვას მოთამაშე ფაციფუცით ანდა უზრუნველი იერით ცდილობს, გაჭრილი ქაღალდების დათვლა, მათი განწესრიგების მიზნით; დაბნეულობა, ყოყმანი, სულწასულობა ანდა შიშნეულობა – ყველაფერი ეს მის, თითქოსდა ინტუიციურ აღქმას საქმის ნამდვილი ვითარების მაჩვენებელი ნიშნების ამოცნობის შესაძლებლობას ანიჭებს. პირველი ორი-სამი ჩამორიგების შემდეგ მან უკვე იცის, ვის რა უჭირავს ხელში და ამის მერე სრული გულდაჯერებით ჩამოდის ქაღალდს, თითქოს დანარჩენი მოთამაშეების ქაღალდი თვალწინ ჰქონდეს გადაშლილი.

   ანალიტიკური ნიჭი უბრალო საზრიანობაში არ უნდა ავურიოთ – ანალიტიკოსი უთუოდ საზრიანიცაა, საზრიან კაცს კი ხშირად შეიძლება აკლდეს ანალიზის უნარი. გამომგონებლობითი ანუ კომბინაციური უნარი, რომლითაც ჩვეულებრივ საზრიანობა ვლინდება, ხშირად იქნა შემჩნეული სხვა მხრივ თითქმის ტუტუც ადამიანებში. საზრიანობა და ანალიტიკური უნარი მართლაც უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე ოცნება და წარმოსახვა, მაგრამ ხასიათით კი წააგავს ერთმანეთს. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ საზრიანი ხალხი ყოველთვის მეოცნებენიც არიან და ჭეშმარიტი წარმოსახვის მქონე კაცი უთუოდ ანალიტიკოსიც იქნება.
ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ახლახან განხილულ მოსაზრებათა ერთგვარ კომენტარად წარმოუდგება მკითხველს.

   პარიზში რომ ვცხოვრობდი 18... წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ვინმე ბატონი შ. ოგიუსტ დიუპენი გავიცანი. ეს ყმაწვილი, წარჩინებული, ჭეშმარიტად ბრწყინვალე გვარიშვილი, ბედუკუღმართობათა მიზეზით, ისეთ სიღატაკეში ჩავარდნილიყო, რომ სრულიად წართმეოდა ხასიათის სიმტკიცე. ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებდა და აღარც თავისი ძველი სიმდიდრის ამოგებას ცდილობდა. მევალეთა ლმობიერების წყალობით, სამკვიდრო მამულის მცირეოდენი ნაწილი კიდევ შემორჩენოდა. ზედმეტს არაფერს ეტანებოდა და ამ შემოსავლითა და უსასტიკესი ყაირათიანობით ახერხებდა თავის გატანას. მხოლოდ ერთადერთ ფუფუნებას ვერ ელეოდა – წიგნებს და ისინი კი პარიზში იოლი საშოვნი გახლავთ.
პირველად ერთ მიყრუებულ ბიბლიოთეკაში შევხვდით ერთმანეთს მონმარტრის ქუჩაზე, სადაც ორივენი ერთი და იმავე იშვიათი და ფრიად საინტერესო წიგნის ძიებამ დაგვაახლოვა. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ძალიან დამაინტერესა მისი ოჯახის თავგადასავალმა, რომელიც დაწვრილებით მიამბო მთელი იმ გულწრფელობით, როგორიც ფრანგებმა იციან, როცა საკუთარ თავზე საუბრობენ. გამაოცა აგრეთვე მისმა დიდმა ნაკითხობამაც. ყველაზე უფრო კი აღმაფრთოვანა და გამიტაცა მისმა ბობოქარმა ბუნებამ და მისი წარმოსახვის სიმკვირცხლემ. პარიზში მაშინ ისეთი საქმეების საძიებლად ვიყავი, რომ ვიგრძენი, ამისთანა კაცთან დაახლოებას ჩემთვის უძვირფასესი განძის ღირებულება ექნებოდა და ეს გრძნობა გულახდილადაც გავანდე მას. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთადაც დავსახლდით პარიზში ჩემი ყოფნის განმავლობაში. და რაკი ჩემი ქონებრივი მდგომარეობა ცოტა უკეთესი გახლდათ მისაზე, შესაძლებლობა მომეცა დამექირავებინა და ჩვენი საერთო, ცოტა არ იყოს, უცნაური, პირქუში ბუნების შესაფერისად, ავეჯით გამეწყო ერთი ჟამთა სიავით გამოხრული, სასაცილო შენობა. იგი დიდი ხანია უკაცრიელად იდგა და ლპებოდა სენ-ჟერმენის გარეუბნის მიყრუებულ კუთხეში.

   ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წესრიგი რომ შეეტყო ვინმეს, გიჟებად მიგვიჩნევდნენ, ოღონდ, უვნებელ გიჟებად. სრული განმარტოებით ვცხოვრობდით. არავის არ ვიღებდით სტუმრად. ჩვენი ბინადრობის ადგილი საგანგებოდ დავუმალე ჩემს ძველ ნაცნობებს; ხოლო დიუპენმა ისედაც დიდი ხანია გაწყვიტა კავშირი პარიზის საზოგადოებასთან და აღარც მას იხსენებდა ვინმე. ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის ვცხოვრობდით.
ჩემი მეგობრის ერთი ხუშტური ის გახლდათ, რომ ღამეზე იყო თავდავიწყებით შეყვარებული. ეს უცნაურობა, როგორც ყველა სხვა მისი უცნაურობანი, მეც დამჩემდა და გულმოდგინედ ავუბი მხარი მის ახირებულობას. შავი ღვთაება მუდამ თან არ გვახლდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით მისი ორეულის შენარჩუნებას. რიჟრაჟისთანავე ვრაზავდით ჩვენი ძველი სახლის მძიმე დარაბებს და ვანთებდით რამდენიმე სანთელს, რომლებიც მძიმე სურნელს აყენებდნენ და მხოლოდ ბუნდად, ოდნავ ბჟუტავდნენ. ამის წყალობით ჩაძირული ვიყავით ოცნებებში, ვკითხულობდით, ვწერდით ანდა ვმუსაიფობდით, ვიდრე კედლის საათი არ გვამცნობდა ჭეშმარიტი სიბნელის დადგომის ჟამს. მაშინ მკლავი-მკლავს გაყრილნი ქუჩაში გამოვიჭრებოდით და განვაგრძობდით საჭირბოროტო საკითხებზე ბაასს, ანდა გვიანობამდე მივხეტიალობდით შორს; ვეძიებდით ხალხმრავალი ქალაქის უცნაურ სინათლეებსა და ჩრდილებში იმნაირ უსაზღვრო გონებრივ აღგზნებას, რომელიც წყნარი დაკვირვებისა და ჭვრეტის შედეგად მიიღება.

   ასეთ ჟამს არ შეიძლებოდა არ შეგენიშნა და აღტაცებაში არ მოსულიყავი დიუპენის განსაკუთრებული ანალიტიკური ნიჭით, ეტყობოდა, თვითონაც ძალიან სიამოვნებდა ასეთი ვარჯიში და არც მალავდა, რომ ეს გარემოება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იგი ტრაბახობდა, თან ხმადაბლა ხითხითებდა, რომ ადამიანების უმეტესობის გული მისთვის ღიაა და ჩვეულებად ჰქონდა, ფრიად შეშფოთებულს მყისვე დაემტკიცებინა კიდეც ეს. ასეთ წუთებში იგი ცოტა უკმეხ და განდეგილ იერს იღებდა; თვალები უქრებოდა, ხოლო ხმა, ჩვეულებრივ სრული ტენორი, ისე უწვრილდებოდა, თითქოს ჩაეხრინწებოდა სიანჩხლით, დინჯი და სავსებით გარკვეული გამოთქმა რომ არ ჰქონოდა. ამ გუნებაზე მყოფს როცა ვუკვირდებოდი, ხშირად მომდიოდა თავში სულის გაორების ძველი სიბრძნე და თავს ვიყოლიებდი გაორებულ დიუპენზე – შემოქმედსა და დამშლელ-გამანადგურებელზე ფიქრით.
არ გეგონოთ, რაიმე საიდუმლოს გიმჟღავნებდეთ, ანდა რაიმე ზღაპარს გიყვებოდეთ. რაც მოგახსენეთ, ამ ფრანგის აღგზნებული და, შესაძლოა, ავადმყოფი გონების ნაყოფი გახლდათ. მაგრამ მისი დაკვირვების უნარს ერთი მაგალითით უკეთ დაგისურათებთ.
   ერთ ღამეს პალე-როიალის მახლობელ გრძელ, ბინძურ ქუჩაში ვსეირნობდით. ორივენი ალბათ ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით გართული და არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს თითქმის თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ანაზდად დიუპენმა სრულიად მოულოდნელად წამოიძახა: – ეგ მართლაც ნამდვილი ჯუჯა კაცია და „ვარიეტეს“ თეატრში უფრო ივარგებდა!
– რა თქმა უნდა! – გონებადაუტანებლად დავუკარი კვერი მეც და იმდენად ჩაფლული ვიყავი ფიქრებში, რომ პირველად არც შემიმჩნევია, რა უცნაურად დაემთხვა ამხანაგის ნათქვამი ჩემს ფიქრებს, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და სახტად დავრჩი.

– დიუპენ, – ვთქვი მძიმედ, – ვერ მივმხვდარვარ, რა ამბავია. გულახდილად უნდა გითხრათ, განცვიფრებული ვარ და ვერ დამიჯერებია. როგორ შეიძლებოდა მიმხვდარიყავით, რომ მე ვფიქრობდი... – აქ შევჩერდი, რათა მეტის უეჭველობით დამედასტურებინა, მართლა იმას გულისხმობდა, ვისზეც მე ვფიქრობდი თუ არა.
– ...შანტილიზე, – დააბოლოვა დიუპენმა. – რატომ ჩერდებით? თქვენ თქვენთვის ლაპარაკობდით გულში, რომ ეს დაგვალული მოყვანილობის კაცი ტრაგედიისთვის არაფრად ვარგა.
მართლაც სწორედ ამაზე ვფიქრობდი. შანტილი ოდესღაც მეჯღანედ მუშაობდა სენ-დენის ქუჩაზე. გიჟურად უყვარდა თეატრი; პირველად გამოვიდა ქსერქსეს როლში, კრებოლინის ამავე სახელის მქონე ტრაგედიაში და სასტიკად უსტვინეს.
– ღვთის გულისათვის, მითხარით, – შევძახე მე, – როგორ მოახერხეთ ჩემს გულში ჩაწვდომა?
მართლა ისე შეშფოთებული ვიყავი, არ მინდოდა მთლიანად გამომემჟღავნებინა ჩემი განცვიფრება.
– სწორედ მეხილემ გაფიქრებინათ, – მიპასუხა მეგობარმა, – რომ მეჯღანე ვერ შეეტოლებოდა სიმაღლით ქსერქსეს და ყველას მისი ჯურისას.
– მეხილე?.. რას ბრძანებთ?.. მე მეხილე არავინ ვიცი!
– აი, იმ კაცმა, რომელიც თქვენ დაგეჯახათ, ამ ქუჩაზე რომ შემოვუხვიეთ, თხუთმეტიოდე წუთის წინ.
ახლა მართლაც მომაგონდა ვიღაც მეხილე, რომელსაც ვეება კალათა ედგა თავზე და უნებურად კინაღამ წამაქცია. როცა კ.-ს ქუჩიდან აქეთ შემოვუხვიეთ. მაგრამ რა ესაქმებოდა იმასთან შანტილის, ვერ მივმხვდარიყავი.

   დიუპენს ოდნავადაც არ ახასიათებდა თაღლითობა.
– მე აგიხსნით, – მითხრა მან, – და ყველაფერი რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ, უპირველეს ყოვლისა, მივყვეთ თქვენი ფიქრების ჯაჭვს იმ მომენტიდან, როცა მე შეგეხმაურეთ, იმ მომენტამდე, როცა ხსენებულ მეხილეს შევხვდით. ჯაჭვის მთავარი რგოლები გახლავთ: შანტილი, ორიონი, დოქტორი ნიქოლზი, ეპიკუროსი, სტერეოტომია, ქუჩის ქვაფენილი, მეხილე.
იშვიათად იპოვით ვინმეს, ოდესმე თავი არ შეეყოლიებინა ნაბიჯ-ნაბიჯ უკანდახევით, რათა გაეთვალისწინებინა გზა, როგორ მიაღწია ამა თუ იმ დასკვნას. ეს საქმე ხშირად ძალიან საინტერესოა და ვინც პირველად სცდის, სახტად დარჩება, თითქოსდა რა უსაზღვროდ დიდი მანძილი და რა შეუსაბამობა არსებობს ამოსავალ წერტილსა და საბოლოო დასკვნას შორის. ჰოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი განცვიფრება, როცა ფრანგის ახლახან ნათქვამი მოვისმინე და არ შემეძლო არ მეღიარებინა, რომ იგი მართლაც ჭეშმარიტებას ღაღადებდა. ის კვლავ განაგრძობდა: – რამდენადაც მახსოვს, სწორედ კ.-ს ქუჩიდან რომ ვუხვევდით, ცხენებზე ვლაპარაკობდით. ეს იყო ჩვენი საუბრის უკანასკნელი საგანი. როცა ამ ქუჩაზე შემოვუხვიეთ, თავზე დიდ კალათშემოდგმულმა მეხილემ ჩაგვიქროლა და მიგაგდოთ მოსაკირწყლავი ქვის გროვაზე, ქვაფენილის შესაკეთებლად რომ დაეხვავებინათ ერთ ადგილას. თქვენ ფეხი რომ დაადგით ქვის ერთ ნატეხს, დაგისხლტათ, ცოტა იტკინეთ კოჭი. ამან შეგაწუხათ თუ გული მოგივიდათ; ორიოდე სიტყვა წაიბურტყუნეთ, თვალი გადაავლეთ ქვის გროვას და კვლავ მდუმარედ განაგრძეთ გზა. მაინცდამაინც განსაკუთრებული ყურადღებით არ მიდევნებია თვალი, რას სჩადიოდით, მაგრამ ბოლო დროს დაკვირვება ჩვეულებად მექცა.

   თქვენ თავი არ აგიწევიათ მაღლა – გაგულისებული დაჰყურებდით ქვაფენილის ორმოებსა და ნაპრალებს, მივხვდი, რომ კვლავ ქვებზე ფიქრობდით, ვიდრე ლამარტინის სახელობის პატარა შუკას არ მივაღწიეთ, რომელიც საცდელად ჭადრაკული წესით მოეკირწყლათ ძელაკებით. აქ სახე გაგიბრწყინდათ და ბაგეების მოძრაობაზე შეგნიშნეთ დაბეჯითებით, რომ წაიბუტბუტეთ სიტყვა „სტერეოტომია“ – ტერმინი, რომელიც რატომღაც თავმოსაწონებლად უწოდეს ამ ჯურის ქვაფენილს. მე ვიცოდი, რომ თქვენ არ ახსენებდით თქვენთვის „სტერეოტომიას“, თუ ამასთან ერთად ატომებსაც არ მოიგონებდით და, მაშასადამე, ეპიკუროსის მოძღვრებასაც. და რაკი ამ საგანზე ჩვენი ამასწინანდელი მუსაიფის დროს მე მოგახსენეთ, რა საოცრად დასტურდება და ამავე დროს რა ნაკლებ დაფასებულია იმ კეთილშობილი ბერძენის ბუნდოვანი მიგნებანი ახლანდელი ნებულარული კოსმოგონიის დარგში, ვიგრძენი, რომ თქვენ ვერაფრით ვერ ასცდებოდით ორიონის დიდი ნისლოვანებისთვის თვალის შევლებას და დაბეჯითებით ველოდი კიდეც თქვენგან ამას. თქვენ მართლაც აიხედეთ მაღლა და ახლა უკვე დავადასტურე, რომ სწორ კვალში გიდგავართ, მაგრამ შანტილის წინააღმდეგ მიმართულ იმ მწარე ტირადაში, რომელიც გუშინ „მუსეე“-ში გამოქვეყნდა, სატირიკოსმა სიტყვა რომ უშნოდ გადაჰკრა, მეჯღანის სახელის ტრაგიკოსი მსახიობის სახელით შეცვლაზე, ჩვენგან ხშირად ხსენებული ერთი ლათინური ტაეპიც გამოურია. მე მოგახსენებთ ამ სტრიქონზე: „დაკარგა პირველმა ექომ ძველი ჟღერადობა“

   ნათქვამი მაქვს თქვენთვის, რომ ეს ამბავი ეხება ორიონს, თავდაპირველად რომ ურიონი ეწოდებოდა, და ამ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოხუნჯობის წყალობით ვიცოდი, არ დაგავიწყდებოდათ. ამიტომ აშკარა იყო, თქვენ უთუოდ ერთმანეთს დაუკავშირებდით ორიონისა და შანტილის საქმეს. და რომ მართლაც დაუკავშირეთ, მე დავადასტურე თქვენს ბაგეებზე შემჩნეული თავისებური ღიმილით. თქვენ გაიფიქრეთ საბრალო მეჯღანის მსხვერპლად შეწირვაზე. აქამდე წახრილი მიაბიჯებდით, ახლა კი დავინახე, როგორ გაიჭიმეთ მთელი სიმაღლით. მაშინ დავრწმუნდი, რომ შანტილის ჩაგვერა აღნაგობა მოგაგონდათ. ამ დროს შეგაწყვეტინეთ ფიქრი შენიშვნით, რომ რაკი ეგ შანტილი მართლაც ძალიან ჯუჯა ვინმე ბრძანდებოდა, სჯობდა თეატრ „ვარიეტეში“ შესულიყო-მეთქი.
ამის მერე დიდ ხანს არ გაევლო, რომ „Gazette des Tribunauex“-ის საღამოს ნომრის გადათვალიერებისას შემდეგმა წერილმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.
   „უჩვეულო მკვლელობა. – ამ დილით, დაახლოებით სამ საათზე, სენ-როშის უბნის მცხოვრებთ ძილი დაუფრთხო საზარელმა წივილ-კივილმა, რომელიც, ეტყობოდა, მორგის ქუჩაზე მდებარე ერთი სახლის მეოთხე სართულიდან გამოდიოდა. ამ სახლში, როგორც ცნობილი გახლდათ, მარტო ქალბატონი ლესპანეი და მისი გაუთხოვარი ქალიშვილი კამილ ლესპანეი ცხოვრობდნენ. ცოტაოდენი შეყოვნების შემდგომ, რაც ჩვეულებრივი გზით შინ შეღწევის ამაო ცდამ გამოიწვია, კარი რკინის კეტით შეამტვრიეს და რვა თუ ათი მეზობელი ორი ჟანდარმის თანხლებით შეიჭრა შიგ. ამ დროს წივილ-კივილი უკვე შეწყდა, ოღონდ, როცა ხალხი კიბის პირველ ბაქანზე არბოდა, გაიგონეს ორი თუ მეტი კაცის გაჯავრებული ლაპარაკის ხმა, რომელიც თითქოს სახლის ზემო ნაწილიდან მოდიოდა. კიბის მეორე ბაქანს რომ მიაღწიეს, ეს ხმიანობაც შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი გაიფანტა და სასწრაფოდ შეუდგა ოთახების დათვალიერებას. დიდ საძინებელ ოთახს რომ მიაღწიეს მეოთხე სართულზე, რომლის შიგნიდან ჩაკეტილი კარიც აგრეთვე შეამტვრიეს, დანახულმა სურათმა ყველა იქ დამსწრე არა მარტო შეაძრწუნა, არამედ განაცვიფრა კიდეც.

   მთელი ოთახი სასტიკად გახლდათ არეული – ავეჯი დაემსხვრიათ და აქეთ-იქით მიმოეფანტათ. შიგ ერთი საწოლი იდგა და ამ საწოლის ლოგინიც გადმოეთრიათ და შუა ოთახში იატაკზე ეყარა. სკამზე სისხლით გასვრილი სამართებელი იდო. ბუხარში ადამიანის გაჭაღარავებული თმის ორი თუ სამი გრძელი, სქელი ბღუჯა ეგდო აგრეთვე სისხლით მოსვრილი და, ეტყობოდა, ძირიანად ამოგლეჯილი. იატაკზე იპოვეს ოთხი ნაპოლეონდორი, ერთი ტოპაზიონის საყურე, სამი დიდრონი ვერცხლის კოვზი, ალჟირული ლითონის სამი მომცრო კოვზი და ორი აბგა, რომლებშიც თითქმის ოთხი ათასი ფრანკი ეყარა ოქროთი. ერთ კუთხეში მდგარი კომოდის უჯრები გამოღებული და ალბათ გადმოქოთებულიც გახლდათ, თუმცა ბევრი ნივთი კვლავ შიგ იყო. ლოგინქვეშ პატარა რკინის ზარდახშა აღმოჩნდა, ისიც გახსნილი; ოღონდ კლიტე ისევ ჩაეტოვებინათ. რამდენიმე ძველი ბარათისა და სხვა უმნიშვნელო ქაღალდების გარდა შიგ ვერაფერი იპოვეს.
ქალბატონ ლესპანეის კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ ბუხარში უჩვეულოდ ბევრი ჭვარტლი რომ შენიშნეს, საკვამლე მილი გასინჯეს და რაოდენ საზარელიც უნდა იყოს სათქმელად, იქიდან ქალიშვილის გვამი ჩამოათრიეს – იგი წვრილ ხვრელში საკმაოდ შორ მანძილზე ძალით შეეჩურთათ. გვამი სულ თბილი იყო. სხეულის გასინჯვისას ნახეს, რომ კანი მრავალ ადგილას გადაღლეტოდა. უეჭველია, მილში ძალით შეჩრის და მერე უკან გამოძრობის მიზეზით. სახე სასტიკად ჰქონდა დაკაწრული, ხოლო ყელზე დალილავებული ადგილები და ღრმა ნაფრჩხილარები ემჩნეოდა, თითქოს განსვენებული ხელით დაუხრჩვიათო.

   სახლის ყოველი კუნჭულის გულმოდგინე მოჩხრეკის შემდგომ, რაკი ვეღარაფერი აღმოაჩინეს, სახლის უკან მდებარე ფილაქნით მოგებულ პატარა ეზოში ჩავიდნენ, სადაც მოხუცი მანდილოსნის გვამი ეგდო – ყელი ისე ჰქონდა გამოღადრული, რომ აწევის დროს თავი მთლიანად მოვარდა მკვდარს. ტანიც და თავიც ისე საზარლად გახლდათ დამახინჯებული, თითქმის ვეღარც გაარჩევდით, ადამიანის იყო თუ არა.
იდუმალებით მოცული ეს შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია“.

   მეორე დღის გაზეთში დამატებითი დაწვრილებითი ცნობები ეწერა.
„მორგის ქუჩის ტრაგედია. ბევრი დაკითხეს ამ ფრიად არაჩვეულებრივი და შემაძრწუნებელი საქმისათვის, მაგრამ ჯერ მაინც ვერ მოეფინა შუქი მას. ქვემოთ მოგვაქვს დაკითხვის მთელი მასალა.
   პოლინ დიუბური. მრეცხავი, უჩვენებს, რომ იგი სამი წელია იცნობდა ორივე განსვენებულს, რადგან ამ ხნის განმავლობაში სარეცხს ურეცხავდა. მოხუცი მანდილოსანსა და მის ქალიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან – ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩინებული გადამხდელები იყვნენ. ვერაფერი თქვა მათი ცხოვრების გარემოებათა ანდა საშუალებათა შესახებ. ჰგონია, რომ ქალბატონი ლ. მკითხაობით ირჩენდა თავს. ამბობდნენ, ფული აქვს შემონახულიო. სარეცხის წასაღებ-წამოსაღებად რომ დადიოდა, სახლში სხვა არავინ უნახავს. დარწმუნებულია, რომ მსახური არ ჰყავდათ. გარდა მეოთხე სართულისა, სახლის სხვა რომელიმე ნაწილში თითქოს ავეჯი არსად მოიპოვებოდა.

   პიერ მორო, მეთუთუნე, აჩვენებს, რომ ქალბატონი ლესპანეი თითქმის ოთხი წელიწადია მასთან ყიდულობდა ცოტ-ცოტა თამბაქოსა და ბურნუთს. დაბადებულია ამ უბანში და სულ აქ ცხოვრობს. განსვენებულსა და მის ქალიშვილს ის სახლი, რომელშიც გვამები იპოვეს, ექვს წელიწადზე მეტია უჭირავთ. იგი წინათ ოქრომჭედელს ეჭირა, რომელიც ზემო ოთახებს სხვადასხვა პირებზე აქირავებდა ხოლმე. სახლის პატრონი იყო ქალბატონი ლ. მას ეწყინა, მდგმური რომ შენობას აქირავებდა; თვითონვე დაბინავდა შიგ და არც ერთ ნაწილს აღარ აქირავებდა. მოხუცი მანდილოსანი ბავშვური ხასიათისა გახლდათ. ამ ექვს წელიწადში მოწმეს მხოლოდ ხუთჯერ თუ ექვსჯერ უნახავს ქალიშვილი. ორივენი ძალიან განდეგილად ცხოვრობდნენ – ამბობდნენ, ფული აქვთო. გაუგონია, მეზობლებში ლაპარაკობდნენ, ქალბატონი ლ. მკითხაობსო, მაგრამ მას არ სჯეროდა. მათ სახლში მოხუცი მანდილოსნის და მისი ქალიშვილის გარდა მხოლდ ერთი-ორჯერ მოუკრავს თვალი მეეზოვისთვის და რვა თუ ათჯერ – ექიმისთვის.
   ბევრი სხვა მეზობელიც ამას აჩვენებს. არ შეუმჩნევიათ, რომ იქ ვინმეს ევლოს. არავინ იცის, ვინმე ცოცხალი ნათესავი ჰყავდა თუ არა ქალბატონ ლ.-ს და მის ასულს. სახლის ფასადის დარაბებს იშვიათად აღებდნენ; ხოლო უკანა დარაბები კი სულ ჩარაზული იყო, გარდა მეოთხე სართულის დიდი ოთახის ფანჯრისა. სახლი კარგი იყო, არცთუ ძალიან ძველი.
   ისიდორ მიუზე, ჟანდარმი, უჩვენებს, რომ იგი გამოიძახეს დაახლოებით დილის სამ საათზე და შესასვლელთან ოცი-ოცდაათი კაცი დახვდა, რომლებიც სახლში შესვლას ცდილობდნენ. ბოლოს კარი გააღო ხიშტით და არა რკინის კეტით. ძალიან არ გასძნელებია მისი გაღება, რადგან ორფა კარი იყო და თანაც არც ზემოთ იყო დამაგრებული და არც ქვემოთ. წივილ-კივილი კარის გახსნამდე გრძელდებოდა, მერმე კი უცებ შეწყდა. ეტყობოდა, სულთა ბრძოლის ყოფაში მყოფი ერთი თუ რამდენიმე პირი კიოდა. წივილ-კივილი იყო ხმამაღალი და გაგრძელებული და არა მოკლე და მკვეთრი, მოწმე პირველი მიდიოდა კიბეზე. პირველ ბაქანს რომ მიაღწიეს, ორი ხმა გაიგონეს – ხმამაღლა, გაჯავრებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს. ერთს ტლანქი, ხრინწიანი ხმა ჰქონდა, მეორეს – გაცილებით მკვეთრი და უცნაური. გაარჩია პირველის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფრანგული იყო. დარწმუნებულია, რომ ეს ხმა ქალს არ ეკუთვნოდა. გაარჩია სიტყვები – „დალახვროს“ და „ეშმაკი“. მკვეთრი ხმა უცხოელისა უნდა ყოფილიყო. ვერ გაარჩია დაბეჯითებით, ეს ხმა კაცისა იყო თუ ქალისა. ვერც ნათქვამი გაიგო, ოღონდ ჰგონია, რომ ესპანური იყო. ოთახისა და გვამების ვითარება მოწმემ ისე აღწერა, როგორც გუშინ აღვწერეთ ჩვენს გაზეთში.
   ანრი დიუვალი, მეზობელი და ხელობით ოქრომჭედელი, უჩვენებს, რომ იგი ერთი პირველთაგანი შევიდა სახლში. საერთოდ ადასტურებს მიუზეს ჩვენებას. როგორც კი შევიდნენ შიგ, კარი ისევ მიხურეს, რომ ხალხის ბრბო არ შეჭრილიყო, რომელმაც ბლომად მოიყარა თავი ძალიან მალე, მიუხედავად გვიანი ღამისა. ამ მოწმის აზრით, მკვეთრი ხმა იტალიელისა უნდა ყოფილიყო. დარწმუნებულია, ფრანგული არ იყო. ბეჯითად არ შეუძლია თქმა, კაცს ეკუთვნოდა ეს ხმა თუ არა. ქალისაც შეიძლებოდა ყოფილიყო. იტალიური არ იცის. ვერ გაარჩია სიტყვები, მაგრამ კილოზე შეატყო დარწმუნებით, რომ მოლაპარაკე იტალიელი იქნებოდა. იცნობდა ქალბატონ ლ.-ს და მის ქალიშვილს. ორივესთან ხშირად უსაუბრია. დარწმუნებულია, რომ მკვეთრი ხმა მიცვალებულთაგან არც ერთს არ ეკუთვნოდა.
   ოდენ ჰაიმერი, რესტორნის პატრონი. – ეს მოწმე თავისი ნებით გამოცხადდა ჩვენების მოსაცემად. რაკი ფრანგულად ვერ ლაპარაკობს, დაკითხულ იქნა თარჯიმნის მეშვეობით. ამსტერდამელია. წივილ-კივილის დროს სახლთან ჩაუვლია. წივილ-კივილი რამდენიმე წუთს, შეიძლება ათ წუთსაც გრძელდებოდა. კივილი გაგრძელებული და ხმამაღალი იყო – ძალიან შემაძრწუნებელი და საზარელი. სახლში შემსვლელთაგანია. დაადასტურა წინა ჩვენება მთლიანად, გარდა ერთი პუნქტისა. დარწმუნებულია, მკვეთრი ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა და ისიც ფრანგს. ვერ შეძლო გაერჩია წარმოთქმული სიტყვები. ხმამაღლა, სწრაფად იყო ნათქვამი და არათანაბარი კილოთი; თითქოს თან შიშით და თანაც გაჯავრებით. ხმა უსიამო და ხრინწიანი უფრო იყო, ვიდრე მკვეთრი – მკვეთრს ვერ დაარქმევს იმნაირ ხმას. ტლანქმა ხმამ რამდენჯერმე გაიმეორა „ეშმაკი“ და ერთხელ – „ღმერთო ჩემო“.
ჟიულ მინიო, ბანკირი, ფირმა „მინიო და ძენი“, დელორენის ქუჩა. – უფროსი მინიო, ქალბატონ ლესპანეის ცოტაოდენი ქონება ჰქონდა. მას საბანკო სახლში ანგარიში გაუხსნეს რვა წლის წინ გაზაფხულზე, ხშირად შემოჰქონდა ცოტ-ცოტა თანხა. ფული არ გაჰქონდა ხოლმე. მხოლოდ სიკვდილამდე სამი დღით ადრე პირადად გამოიტანა 4000 ფრანკი. ეს თანხა ოქროთი გადაუხადეს და ბანკის მოსამსახურემ მოუტანა შინ.

   ადოლფ ლებონი, ფირმა „მინიო და ძენის“ მოსამსახურე, აჩვენებს, რომ ხსენებულ დღეს, დაახლოებით შუადღისას, მან მიაცილა შინ ქალბატონი ლესპანეი 4000 ფრანკითურთ, რომელიც ორ აბგაში იყო მოთავსებული. კარი რომ გაიღო, მადმუაზელ ლ. გამოვიდა და ერთი აბგა მან ჩამოართვა, მეორე კი მოხუცებულმა მანდილოსანმა. შემდეგ იგი გამოესალმა მათ და წამოვიდა. მაშინ ქუჩაში არავინ არ შეუმჩნევია. ეს გვერდითი ქუჩაა – ძალიან მიყრუებული.
   უილიამ ბერდი, თერძი, აჩვენებს, რომ ისიც შევიდა სახლში. ინგლისელია. პარიზში ორი წელიწადია ცხოვრობს. ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. ყური მოჰკრა მოჩხუბრების ხმებს. ჩახრინწული ხმის პატრონი ფრანგი იყო. რამდენიმე სიტყვა გაარჩია, მაგრამ ახლა ყველა ვეღარ მოუგონებია. გარკვევით გაიგონა „დალახვროს“ და „ღმერთო ჩემო“. ერთ ხანს ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს რამდენიმე კაცი იბრძვისო – ბღლარძუნისა და ჩხუბის ხმა იყო. მკვეთრი, მწივანა ხმა მაღალი ჩანდა, გაცილებით მაღალი, ვიდრე ხრინწიანი ხმა. დარწმუნებულია, რომ იგი ინგლისელის ხმა არ უნდა ყოფილიყო. უფრო გერმანელისას ჰგავდა. შეიძლება ქალის ხმაც იყო. გერმანული არ იცის.
   ზემოხსენებულთაგან ოთხმა მოწმემ მეორედ დაკითხვისას აჩვენა, რომ კარი იმ ოთახისა, რომელშიც მადმუაზელ ლ-ს გვამი იპოვეს, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. როცა ხალხმა მიაღწია მას, სრული სიჩუმე სუფევდა – არც კვნესა ისმოდა, არც ჩამიჩუმი. კარი რომ შეამტვრიეს, შიგ არავინ დახვედრიათ. ორივე, წინა და უკანა ოთახების ფანჯრები ჩამოშვებული გახლდათ და მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან. ამ ორ ოთახს შორის გამავალი კარიც მიხურული იყო, ოღონდ არ ჩაეკეტათ. წინა ოთახიდან ტალანში გამავალი კარიც ჩაკეტილი გახლდათ შიგნიდან და კლიტეც შიგ ჩაეტოვებინათ. ქუჩის გადამყურე პატარა ოთახის კარი მეოთხე სართულზე, ტალანის ბოლოს, გახსნილი და გამოღებული იყო. ეს ოთახი აევსო ძველ საწოლებს, ყუთებსა და სხვა ხარახურას. ესენი ფრთხილად იქნა გამოტანილი და გასინჯული. სახლის ყოველი გოჯი გულმოდგინედ გაისინჯა. საკვამლე მილები ბუხრის მწმენდელებით გაწმინდეს. სახლი ოთხსართულიანი გახლდათ, მანსარდიანი. სახურავზე ასასვლელი კარი ძალიან გულმოდგინედ დაელურსმათ – ჩანდა, წლების განმავლობაში არავის გაეხსნა. დროის ხანგრძლივობა მოჩხუბართა ხმების გაგონებიდან ოთახის კარის შემტვრევამდე მოწმეებმა სხვადასხვანაირად უჩვენეს. ზოგი სამ წუთს ვარაუდობს, ზოგი – ხუთს. კარის გაღება გაუჭირდათ.
   ალფონზო გარსია, მეკუბოე, აჩვენებს, რომ იგი მორგის ქუჩაზე ცხოვრობს. ესპანეთის მკვიდრია. ერთ-ერთი შემსვლელთაგანია სახლში. ზემოთ აღარ ასულა. ნერვიულია და ეშინოდა, არ ავღელდეო. მოჩხუბართა ხმები გაიგონა. ხრინწიანი ხმა ფრანგისა იყო. ვერ გაარჩია, რას ამბობდნენ. მწივანა ხმა ინგლისელს ეკუთვნოდა – ამაში დარწმუნებულია. ინგლისური არ იცის, მაგრამ კილოზე დაასკვნის.
   ალბერტო მონტანი, მეშაქარლამე, აჩვენებს, რომ იგი ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. გაიგონა ხსენებული ხმები. ხრინწიანი ხმა ფრანგს ეკუთვნოდა. რამდენიმე სიტყვა გაარჩია. მოლაპარაკე, ეტყობოდა, ვიღაცას ტუქსავდა. მწივანა ხმით ნათქვამი სიტყვები ვერ გაარჩია. სწრაფად და უთავბოლოდ ლაპარაკობდა. რუსული ჰგონია. ადასტურებს საერთო ჩვენებებს. იტალიელია. რუსეთის რომელიმე მკვიდრთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა.
   ბევრმა მოწმემ, მეორედ დაკითხვისას, დაადასტურა, რომ მეოთხე სართულის ყველა ოთახის საკვამლე მილი იმდენად ვიწრო იყო, შიგ ადამიანი ვერ გაეტეოდა. „ბუხრის მწმენდელებში“ ცილინდრული საწმენდი ჯაგრისები იგულისხმებოდა, რომლითაც ბუხრის მწმენდელები საკვამლე მილებს წმენდენ ხოლმე. ეს ჯაგრისები სახლის ყველა საკვამლე მილში აატარ-ჩაატარეს. სახლს უკანა კიბე არ გააჩნია, რომლითაც ვინმეს შეეძლებოდა ჩასვლა. ვიდრე ხალხი ზევით ადიოდა. მადმუაზელ ლ ესპანეის გვამი ისე მაგრად იყო შეჩურთული საკვამლე მილში, რომ მანამ ვერ მოახერხეს მისი ჩამოთრევა, სანამ ოთხი-ხუთი კაცი ერთად არ მოეჭიდა.
   პოლ დიუმა, ექიმი, აჩვენებს, რომ იგი დაახლოებით რიჟრაჟზე გამოიძახეს გვამების გასასინჯად. მაშინ ორივე გვამი დასვენებული იყო საწოლის გადასაფარებელ სქელ ტილოზე იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ. იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სხეული ძალიან დალილავებული და დაჩეჩქვილ-გადატყავებული ჩანდა. ეს ადვილად შეიძლებოდა დამართოდა განსვენებულის გვამს, რაკი საკვამლე მილში ამნაირად შესჩარეს. ყელი ძალიან ჰქონდა დაზიანებული. სწორედ ნიკაპს ქვეშ, რამდენიმე ღრმა ნაკაწრი აჩნდა, აგრეთვე ბევრი დალილავებული ლაქაც ჰქონდა, ალბათ თითების დაჭერით გამოწვეული. სახე საზარლად გალურჯებოდა, ხოლო თვალები გადმოკარკლოდა. ენა კინაღამ სულ მოეკვნიტა. გულის კოვზზეც მოზრდილი დალილავებული ადგილი აღმოჩნდა, ალბათ ზედ მუხლის დაჭერით გამოწვეული. ბატონ დიუმას აზრით, მადმუაზელ ლ ესპანეი ვიღაცამ თუ ვიღაცებმა დაახრჩვეს. დედის გვამი საშინლად იყო დამახინჯებული. მარჯვენა ხელ-ფეხის ძვლები მეტ-ნაკლებად სულ დამტვრეული გახლდათ. მარცხენა წვივის ძვალი და აგრეთვე მარცხენა ნეკნის ყველა ძვალი ძალიან ჩალეწოდა. მთელი სხეული საზარლად იყო დალილავებულ-ჩალურჯებული. არ ჩანდა რით მიეყენებინათ ეს დაზიანებანი. მძიმე ხის კეტს ან რკინის ფართო ნაჭერს, სკამს ანდა დიდ, მძიმე, ბლაგვ რაიმე იარაღს შეეძლო გამოეწვია ასეთი შედეგები, თუ ძალიან ღონიერი კაცის ხელი იხმარდა მათ. ვერც ერთი ქალი ვერანაირი იარაღით ვერ მოახერხებდა ასეთი დარტყმების მიყენებას. განსვენებულის თავი, როცა მოწმემ იგი იხილა, სრულიად მოშორებული გახლდათ ტანს და თან ძალიანაც იყო დაჩეჩქვილი. ყელი, ეტყობოდა, რაღაც ბასრი იარაღით გამოეჭრათ – ალბათ სამართებლით.
ალექსანდრე ეტიენი, დასტაქარი, ბატონ დიუმასთან ერთად იქნა მოწვეული გვამების გასასინჯათ. დაადასტურა ბატონი დიუმას ჩვენება და დასკვნები.
სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ აღარაფერი გამორკვეულა, თუმცა ბევრი სხვა პირიც იქნა დაკითხული. ასე უცნაური და ყოველმხრივ ასე დამაბნეველი, შემაშფოთებელი მკვლელობა არასოდეს ჩაუდენიათ პარიზში – თუკი მართლა მკვლელობაა ჩადენილი. პოლიციამ აღარ იცის, რა გზას დაადგეს – უჩვეულო ამბავი გახლავთ ამნაირი ჯურის საქმეებში. მაინც არავითარი კვალის ნასახიც კი არსად ჩანს“.
   გაზეთის საღამოს გამოშვებაში ეწერა, სენ როშის უბანში კვლავ დიდი ალიაქოთიაო. ხსენებული სახლი კიდევ გაეჩხრიკათ გულმოდგინედ, მოწმეებიც ხელახლა დაეკითხათ, მაგრამ სულ ამაოდ. მინაწერში აგრეთვე იუწყებოდნენ, რომ ადოლფ ლებონი დაატუსაღესო, თუმცა ბრალის დასადებად უკვე ხსენებული ფაქტების გარდა სხვა არაფერი აღმოჩენილა.
დიუპენი, ჩანდა, ძალიან დააინტერესა ამ საქმის ძიების მიმდინარეობამ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავასკვენი მისი ქცევის მიხედვით, რადგან თვითონ არაფერი წამოსცდენია. მხოლოდ მაშინ მკითხა, რა აზრისა ხარ ამ მკვლელობის თაობაზეო, როცა ლებონის დაპატიმრების ამბავი გამოცხადდა.
მე მხოლოდ ის შემეძლო მთელ პარიზთან ერთად ეს მკვლელობა ამოუხსნელ საიდუმლოდ მეცნო. ვერ ვხედავდი საშუალებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მკვლელის მიკვლევა.
   საშუალებებზე ამ ზერელე გამოძიების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ, – თქვა დიუპენმა. – გამჭრიახობით ქებულ პარიზის პოლიციას მხოლოდ და მხოლოდ ცბიერებითა და მზაკვრობით თუ გააქვს თავი. მათ მოქმედებაში მეთოდი არ ჩანს, თუ მეთოდად არ ჩავთვლით წუთიერი ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენების უნარს. თავი მოსწონთ თავიანთი ღონისძიებებით, მაგრამ ხშირად ეს ღონისძიებანი ისე ცუდად შეესაბამება განზრახულ საქმეს, რომ გვაგონდება ბატონი ჟურდენის განკარგულება, მომართვით ჩემი „ხალათი, რათა უკეთ მოვისმინო მუსიკა“. მათი გამოძიების შედეგები არა იშვიათად განსაცვიფრებელია, მაგრამ ისინი უპირატესად უბრალო ბეჯითობითა და გულმოდგინებით გახლავთ მოპოვებული. თუ ამ თვისებებმა არ გაჭრა, მათი საქმე წასულია. მაგალითად, ვიდოკი კარგი მაძიებელი და ბეჯითი კაცი იყო, მაგრამ რაკი გონებრივი მსჯელობის უნარი აკლდა, მუდამ ცდებოდა სწორედ თავისი ამ გულმოდგინებით. იგი თავისი მხედველობის უნარს თვალებთან საგნის ძალიან ახლოს მიტანით ასუსტებდა. შესაძლოა, ერთ ან ორ წერტილს არაჩვეულებრივ მკაფიოდ ხედავდა, მაგრამ ამასობაში უეჭველად მხედველობიდან ეკარგებოდა მთელი საგნის ხედი. ასე იცის საქმის ძალიან ჩაკირკიტებამ. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭაში არ იმალება. სინამდვილეში, რაც უფრო მნიშვნელოვანი ცოდნის დარგს ეხება, დარწმუნებული ვარ, იგი მუდამ ზედაპირზე ზერელედ სუფევს. ჩვენ მას ხევხუვებში ვეძიებთ და არა მწვერვალთა თხემებზე, სადაც იგი მოიპოვება. ამ ჯურის შეცდომათა ხასიათი და წყარონი ჩინებულად სურათდება ზეციურ სხეულებზე დაკვირვების დროს. თუ ვარსკვლავს მსწრაფლ შევავლებთ თვალს, ანდა თუ მას ალმაცერად შევხედავთ ბადურის გარე ნაწილის მისკენ მიბრუნებით (რომელიც უფრო მგრძნობიარეა შუქის სუსტი შთაბეჭდილებების მიმართ, ვიდრე შიგნითა ნაწილი), ვარსკვლავს უფრო მკაფიოდ დავინახავთ, უკეთ აღვიქვამთ მის ელვარებასა და შუქს, რომელიც მით უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც უფრო ვუპირდაპირებთ მას თვალს. მართალია, ამ შემთხვევაში სხივების მეტი რაოდენობა ეცემა თვალს, მაგრამ პირველ შემთხვევაში გაცილებით მეტი შესაძლებლობა გახლავთ მკაფიოდ აღქმისა. შეუსაბამო ჩაღრმავებით უფრო ვართულებთ და ვასუსტებთ აზროვნებას და შესაძლოა, თვით ცისკრის ვარსკვლავიც კი გაგვიქრეს ცის კამარაში, თუ მეტისმეტად დაკვირვებით, მეტისმეტად გულმოდგინებით და მეტისმეტი დაშტერებით დავუწყებთ მას ჭვრეტას.

   რაც შეეხება ამ მკვლელობებს, მოდით ცოტა ჩვენ თვითონ გავჩხრიკოთ საქმე, ვიდრე რაიმე დასკვნას გამოვიტანდეთ. გამოძიებით თავს შევიყოლიებთ (მე უცნაურად მეჩვენა ასეთი გამოთქმა, მაგრამ არაფერი მითქვამს); თან ლებონმა ოდესღაც ისეთი სამსახური გამიწია, რომ მისდამი უმადურობის გამოჩენა არ მმართებს. წავიდეთ და ჩვენი საკუთარი თვალით დავათვალიეროთ ის სახლ-კარი. პოლიციის პრეფექტი გ. ჩემი ნაცნობია და საჭირო ნებართვის აღება არ გაგვიძნელდება.
ნება დაგვრთეს და ჩვენც მყის მივაშურეთ მორგის ქუჩას. ეს გახლავთ ერთი იმ საცოდავ შუკათაგანი, რომელნიც რიშელიესა და სენ-როშის ქუჩებს აერთებენ. მხოლოდ გვიან ნაშუადღევს მივაღწიეთ იქ, რადგან ეს უბანი ძალიან იყო დაშორებული ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. სახლი მალე ვიპოვეთ, ვინაიდან ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ჯერ კიდევ ბევრი უსაქმური ცნობისმოყვარეობით შესჩერებოდა დახურულ დარაბებს. ჩვეულებრივი პარიზული სახლი ჩანდა. შესასვლელის ერთ მხარეს შემინული ბუდრუგანა იდგა ასაწევ-დასაწევი სარკმლითურთ – ეტყობოდა მეკარის ჯიხური იყო. სანამ შინ შევიდოდით, ის ქუჩა ჩავიარეთ, მერმე მოსახვევში შევუხვიეთ, კიდევ შევუხვიეთ და შენობას ზურგში მოვექეცით. დიუპენი ამასობაში დიდი გულისყურით ათვალიერებდა მთელ შემოგარენს და თვით სახლს, მე კი საყურადღებო არაფერი შემინიშნავს.

   უკან გამოვბრუნდით, კვლავ სახლის კარს მივადექით, დავრეკეთ, ვუჩვენეთ ნებართვის საბუთი და პოლიციის მორიგე აგენტებმა შიგ შეგვიშვეს. ავედით მაღლა, იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ ესპანეის გვამი იპოვეს და სადაც ახლა ორივე მიცვალებული ესვენა. ოთახში კვლავ არეულობა იყო. რაც გაზეთში ეწერა, იმის გარდა სხვა არაფერი შემინიშნავს. დიუპენმა ბეჯითად გასინჯა ყველაფერი – მსხვერპლთა გვამებიც კი არ დაუტოვებია ისე. სხვა ოთახებიც მოვათვალიერეთ და ეზოში ჩავედით. ჟანდარმი ყველგან ფეხდაფეხ დაგვდევდა. სინჯვას დაღამებამდე მოვუნდით და მხოლოდ დაბნელებულს გავუდექით გზას შინისკენ. გზაში ჩემმა ამხანაგმა წუთით ერთი ყოველდღიური გაზეთის რედაქციაში შეირბინა.
უკვე მოგახსენეთ, ჩემი მეგობარი დიდი ხუშტურიანი ვინმე რომ ბრძანდებოდა და მეც ხელს ვუწყობდი. ამჟამად მოეპრიანა სულაც კრინტი აღარ დაეძრა მკვლელობის საქმეზე და მხოლოდ მეორე დღეს შუადღისას ამოიღო ხმა. მაშინ იგი ანაზდად დამეკითხა, რამე „თავისებური“ ხომ არ შეგინიშნავს ამ მხეცური მკვლელობის სურათშიო.
ისეთი კილოთი გაუსვა ხაზი სიტყვას „თავისებური“, რომ, არ ვიცი რატომ, უნებურად შევკრთი.
– არა, არაფერი თავისებური არ შემინიშნავს, – მივუგე მე, – ყოველ შემთხვევაში, იმის გარდა არაფერი, რაც ორივემ ერთად ამოვიკითხეთ გაზეთში.
– გაზეთში, ვშიშობ, არაფერი იყო ნათქვამი, – მითხრა დიუპენმა, – ამ მკვლელობის განსაკუთრებულ საზარლობაზე. მაგრამ თავი დავანებოთ ამ გაზეთზე ამაო მსჯელობას. მე მგონი, ეს საიდუმლოებით მოცული ამბავი სწორედ იმ მიზეზის გამო მიაჩნიათ გადაუწყვეტლად, რომელიც აადვილებს მის ამოხსნას – მე ვგულისხმობ ჩადენილი დანაშაულის არაჩვეულებრივ გაზვიადებულ ხასიათს. პოლიცია დააბნია თითქოს არა თვითმკვლელობის, არამედ მკვლელობის მხეცური, საზარელი ხასიათის მოჩვენებითმა უსაბაბობამ. ისინი შეშფოთებული არიან იმითაც, რომ შეუძლებლად ეჩვენებათ მოჩხუბართა გაგონილი ხმების შეთანხმება იმ გარემოებასთან, რომ მოკლული მადმუაზელ ლესპანეის გარდა ოთახში არავინ აღმოჩნდა, იქიდან კი თავს ვერავინ დააღწევდა ისე, რომ კიბეზე ამავალ ხალხს არ შეემჩნია. ოთახის საშინელი გადაქოთება, საკვამლე მილში ფეხებით აღმა შეჩურთული გვამი, მოხუცი მანდილოსნის საზარლად დამახინჯებული სხეული – ეს მოსაზრებანი ახლახან ხსენებულ და აგრეთვე სხვა, არსახსენებელ მოსაზრებებთან ერთად, საკმაო გახლდათ, რათა წაერთმია ძალა და სრულიად აებნია თავგზა მთავრობის აგენტების ნაქები გამჭრიახობისთვის. მათ მოუვიდათ უხეში, მაგრამ საერთო შეცდომა, არაჩვეულებრივი რომ გაუგებარსა და ძნელად ასახსნელში აურიეს. მაგრამ სწორედ ჩვეულებრივისგან განსხვავებულის მეშვეობით იკვლევს გზას გონიერება ჭეშმარიტების ძიების საქმეში. ჩვენს ახლანდელ კვლევა-ძიებაში იმდენად ის კი არ უნდა ვიკითხოთ, „რა მოხდა“, არამედ „რა მოხდა ისეთი, რის მსგავსიც წინათ არ მომხდარა“. მართლაც, ის სიადვილე, რომლითაც ამოვხსნი, თუ უკვე ამოვხსენი ეს საიდუმლოება, პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის მოჩვენებით ამოუხსნელობასთან პოლიციის თვალში.

   ენაჩავარდნილი, განცვიფრებით მივაშტერდი ამხანაგს.
– მე ახლა ველი, – განაგრძო მან და თან კარისკენ გაიხედა, – მე ახლა ველი ერთ კაცს, რომელიც შეიძლება ამ სიმხეცის ჩამდენი არ იყოს, მაგრამ ნაწილობრივ ხელი მაინც შეუწო ბოროტმოქმედებას. იმედი მაქვს, ჩემი ეს ვარაუდი მართალია, ვინაიდან ამაზე ვამყარებ მთელი ამ გამოცანის ამოხსნის იმედს. აქ ველი, ამ ოთახში, ყოველ წუთს. მართალი მოგახსენოთ, შესაძლოა, არც მოვიდეს, მაგრამ ალბათ მოვა. თუ მოვიდა, აუცილებელია მისი დაკავება. აი, დამბაჩები და ჩვენ ორივემ ვიცით, როგორ უნდა მოვიხმაროთ ისინი, თუ საჭიროება მოითხოვს.
   მე ავიღე დამბაჩები ისე, რომ თითქმის არც ვიცოდი, რას ჩავდიოდი და არც მჯეროდა განაგონი; დიუპენი კი განაგრძობდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო. უკვე მოგახსენეთ, რა განდგომილივით იქცეოდა ხოლმე ამისთანა დროს. იგი მე მომმართავდა. მაგრამ მის ხმას, საკმაოდ დაბალს, ისეთი კილო ჰქონდა, რომელსაც ჩვეულებრივ ძალიან შორს მდგომთან ლაპარაკის დროს რომ იყენებენ. თვალები უაზროდ მიეშტერებინა კედლისთვის.
– კიბეზე ამსვლელთაგან გაგონილი ხმები რომ თვით ქალებისა არ იყო, ერთხმად დაადასტურეს მოწმეებმა, – თქვა დიუპენმა. – ეს სრული უეჭველობით ამტკიცებს, რომ ბებერი ვერ მოკლავდა ქალიშვილს და მერმე თვითონ ვერ მოიკლავდა თავს. ამ საკითხზე მხოლოდ კვლევა-ძიების მეთოდის ნათელყოფისთვის ვლაპარაკობ, თორემ ქალბატონი ლესპანეი თავისი ძალ-ღონით, რასაკვირველია, ვერამც და ვერამც ვერ შეძლებდა ქალიშვილის გვამის საკვამლე მილში ისე შეჩურთვას. ამასთანავე, თვით მისი ჭრილობების ხასიათიც სრულიად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვარაუდს. მაშასადამე, მკვლელობა ვიღაც მესამეთა ჩადენილია და სწორედ ამ მესამე ჯგუფის ხმები გაიგონეს კიბეზე ასვლის დროს. ახლა ნება მიბოძეთ, გავიხსენიოთ არა მთელი ჩვენებანი ამ ხმების თაობაზე, არამედ ის, რაც თავისებური და განსაკუთრებული იყო ამ ჩვენებებში. თქვენ შენიშნეთ აქ რაიმე თავისებურება?

   მე ვუპასუხე, რომ, ერთი მხრივ, თუ ყველა მოწმე ერთხმად აღიარებდა, ხრინწიანი ხმა ფრანგს ეკუთვნოდა, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებით ლაპარაკობდნენ მკვეთრი თუ, როგორც ერთმა თქვა, მწივანა ხმის შესახებ.
– ეგ თვით ჩვენებაა და არა ჩვენების თავისებურება, – თქვა დიუპენმა. – განსაკუთრებული ვერაფერი შეგიმჩნევიათ, შესამჩნევი კი სწორედ რომ გახლდათ. მოწმენი, როგორც თქვენც ბრძანეთ, თანხმობით ლაპარაკობდნენ ხრინწიან ხმაზე. აქ ერთსულოვანი იყვნენ, მაგრამ მკვეთრი ხმის შესახებ კი ის თავისებურება გახლავთ, რომ არა მარტო ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში, არამედ როცა იტალიელი, ინგლისელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი ცდილობდნენ მის აღწერას, სათითაოდ ყველანი აღიარებდნენ, ეგ ხმა უცხოელს ეკუთვნოდაო. ყველა დარწმუნებულია, ეს ხმა მისი თანამემამულისა არ იყო. ყველა ამსგავსებს მას არა მისთვის კარგად ნაცნობი რომელიმე ერის შვილის ხმას, არამედ პირიქით. ფრანგს ესპანელის ხმა ჰგონია და „შეეძლო გაერჩია კიდეც ზოგიერთი სიტყვა, ესპანური ენა რომ სცოდნოდა“. ჰოლანდიელი ამტკიცებს, ფრანგის ხმა იყო, მაგრამ მოხსენიებულია, რომ „რაკი ამ მოწმემ ფრანგული არ იცოდა, თარჯიმნის მეშვეობით იქნა დაკითხული“. ინგლისელს გერმანელის ხმად ეჩვენა, ოღონდ „გერმანული არ ესმის“. ესპანელი „დარწმუნებულია“, ეგ ინგლისელის ხმა იყო, მაგრამ დასძენს, რომ „ასკვნის კილოს მიხედვით, ვინაიდან ინგლისური არ იცის“. იტალიელს რუსის ხმად მიაჩნია, ოღონდ „რუსეთის რომელიმე მკვიდრთან საქმე არასოდეს ჰქონია.“ პირველისგან განსხვავებით მეორე ფრანგს სჯერა, ხმა იტალიელს ეკუთვნოდა, მაგრამ ეგ ენა არ იცის და ესპანელის მსგავსად „კილოზე ატყობს“. მაშ, მართლაც რა უცნაური და არაჩვეულებრივი ხმა უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი ჩვენებანი გამოიწვია! მის კილოში ხომ ევროპის ხუთი დიდი სახელმწიფოს შვილებმა ვერანაირი ნაცნობი ბგერა ვერ შეიცნეს! იტყვით, შეიძლება აზიელის ან აფრიკელის ხმა იყოო. არც აზიელები არიან პარიზში და არც აფრიკელები; მაგრამ არ უარვყოფთ ასეთ შესაძლებლობას და მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ სამ საკითხზე მივაპყრობ. ხმას ერთი მოწმე ახასიათებს, როგორც „უფრო ხრინწიანსა და მწივანას, ვიდრე მკვეთრს“. ორი სხვა ამბობს, „სწრაფი და არათანაბარი“ იყოო. არც ერთ მოწმეს არ უხსენებია არც ერთი სიტყვა ან სიტყვების მსგავსი ისეთი ბგერა, რომ მისი გარჩევა შესაძლებელი ყოფილიყო.
– არ ვიცი, – განაგრძობდა დიუპენი, – აქამდე რა შთაბეჭდილება მოვახდინე თქვენზე, მაგრამ უყოყმანოდ მოგახსენებთ, რომ ჩვენებათა ამ ნაწილის (რაც ხრინწიან და მკვეთრ ხმებს ეხება) კანონიერი დასკვნები თავისთავად საკმარისი გახლავთ, დაგვებადოს ეჭვი, რომელიც გეზს მისცემს ამ საიდუმლოს ამოხსნის მთელი შემდგომი კვლევა-ძიების საქმეს. კანონიერი დასკვნები ვახსენე, მაგრამ ჩემი აზრი მაინც არ გამომიხატავს ამით სრულად. მინდოდა მეთქვა, რომ ეს დასკვნები წარმოადგენენ ერთადერთ სწორ დასკვნებს და რომ ეჭვი აუცილებლად იბადება მათგან, როგორც მათი ერთადერთი შედეგი. ოღონდ რა ეჭვია, ჯერ არ ვიტყვი. მინდა მარტო ის დაიხსომოთ, რომ ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო, რათა ოთახში ჩატარებული ჩემი კვლევა-ძიებისთვის განსაზღვრული ფორმა და გარკვეული გეზი მიეცა.

   ახლა გონების თვალით საწოლ ოთახში გადავიდეთ. უპირველეს ყოვლისა, რას ვეძებთ აქ? ვეძებთ, რა საშუალებით დააღწიეს თავი იქიდან მკვლელებმა. ზედმეტია თქმა, რომ არც თქვენ და არც მე ზებუნებრივი ამბები არ გვჯერა. ქალბატონი და მადმუაზელ ლ ესპანეი ავსულებს არ დაუხოცავს. ამის ჩამდენები ნამდვილად არსებობდნენ და თავსაც ნამდვილად უშველეს. მერედა როგორ? საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი გეზი არსებობს ამ საკითხების გამოსარკვევად და ამ გეზმა კიდეც უნდა მიგვიყვანოს გარკვეულ დასკვნამდე. მოდით გავსინჯოთ სათითაოდ თავის დაღწევის ყველა შესაძლო საშუალება. აშკარაა, მკვლელები ჯერ კიდევ იმ ოთახში იყვნენ, სადაც მადმუაზელ ლ ესპანეი იპოვეს, ანდა მეზობელ ოთახში მაინც, როცა ხალხი ადიოდა კიბეზე. მაშასადამე, ამ ორ ოთახში უნდა ვეძიოთ გასასვლელი. პოლიციამ ყველგან გაჩხრიკა იატაკი, ჭერი, კედლების შელესილობა. საიდუმლო გასასვლელი არამც და არამც არ გამოეპარებოდათ, მაგრამ მაინც არ ვენდე მათ თვალებს და ჩემი საკუთარი თვალითაც გავსინჯე. მაშასადამე, საიდუმლო გასასვლელი არ არსებობდა. ოთახებიდან ტალანში გამავალი ორივე კარი კლიტეებით საიმედოდ იყო ჩაკეტილი შიგნიდან. ახლა გავსინჯოთ საკვამლე მილები. ბუხრებიდან რვა თუ ათი ფუტის სიმაღლეზე ისინი ჩვეულებრივი სიგანისანი არიან, მაგრამ უფრო ზემოთ კი მოზრდილი კატაც ვერ გაეტევა შიგ. რაკი ზემოხსენებული გზებით გარეთ გაღწევის შეუძლებლობა დავადასტურეთ, ფანჯრებიღა დაგვრჩა შესამოწმებელი. წინა ოთახის ფანჯრებიდან ქუჩაში შეგროვილ ბრბოს შეუმჩნევლად ვერავინ გასხლტებოდა. მაშასადამე, მკვლელები უკანა ოთახიდან უნდა გასულიყვნენ. ახლა რაკი ასეთ გარკვეულ დასკვნამდე მივედით, ჩვენ, როგორც მოაზროვნეებმა, არ უნდა უკუვაგდოთ იგი მოჩვენებითი შეუძლებლობის გამო. ისღა დაგვრჩენია დავამტკიცოთ, რომ ეს მოჩვენებითი „შეუძლებლობანი“ ნამდვილად მოჩვენებითი გახლავთ.
საწოლ ოთახში ორი ფანჯარაა. ერთს ევეჯი არ ფარავს და მთლიანად ჩანს; მეორის ქვემოთა ნაწილს ვეება საწოლის თავი ფარავს, რომელიც ზედ არის მასზე მიდგმული. პირველი მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან და რამდენიც არ ეცადნენ, მაინც ვერ გახსნეს. მისი ჩარჩო მარცხენა მხარეს გაეხვრიტათ ბურღით და შიგ კარგა დიდი ლურსმანი ჩაერჭოთ თითქმის თავამდე. მეორე ფანჯარაც ასეთივე ლურსმნით ასევე იყო დამაგრებული და რამდენიც არ ეჯაჯგურნენ, ვერც ის გახსნეს. პოლიციამ გული დაიარხეინა, მაშ, ამ გზით არავინ გასულა გარეთ და ამიტომ ზედმეტად მიიჩნიეს, ლურსმნები ამოეღოთ და ფანჯრები გაეხსნათ.

   მე უფრო გულმოდგინედ გავსინჯე, რადგან, როგორც მოგახსენეთ, საამისო მიზეზიც მქონდა; ვინაიდან ვიცოდი, მთელი ეს მოჩვენებითი შეუძლებლობა უნდა გამქრალიყო. მე ასე ვმსჯელობდი დაკვირვების საფუძველზე. მკვლელებმა სწორედ ერთ-ერთი ამ ფანჯრიდან დააღწიეს თავი. თუ ასე იყო, მაშინ მათ არ შეეძლოთ ფანჯრების შიგნიდან ჩაკეტვა. ისინი კი ჩაკეტილები დახვდათ. ეს მოსაზრება ისე აშკარა გახლდათ, რომ პოლიციას ხელი ააღებინა ამ მიმართულებით კვლევა-ძიების საქმეზე. ფანჯრები მართლაც ჩაკეტილი იყო. მაშასადამე, ისინი თავისთავად, მექანიკურად უნდა ჩაკეტილიყვნენ. სხვა დასკვნის გამოტანა არ შეიძლებოდა. მივედი თავისუფალ ფანჯარასთან, გაჭირვებით ამოვაძრე ლურსმანი და ვცადე ფანჯარა გამეხსნა. როგორც ვვარაუდობდი, მთელი ძალღონით ვეჯაჯგურე, მაგრამ ვერას გავხდი. ახლა სულ დავიბეჯითე, სადღაც ფარული ზამბარა უნდა არსებობდეს-მეთქი. ჩემი მოსაზრების ამ დადასტურებამ კი დამარწმუნა, რომ, რაც უნდა უცნაურად მოგვჩვენებოდა ლურსმნის საქმე, ჩემი პირვანდელი ვარაუდებიც სწორი უნდა ყოფილიყო. გულმოდგინე მოჩხრეკით მალე ვიპოვე დაფარული ზამბარა. დავაჭირე თითი, მაგრამ აღმოჩენით დავკმაყოფილდი და თავი შევიკავე ფანჯრის გაღებისგან.

   ლურსმანი თავის ადგილას ჩავსვი და დაკვირვებით გავსინჯე. აქედან გასულ კაცს შეეძლო ჩამოეშვა ფანჯარა და ზამბარა მას თავისთავად ჩაკეტავდა; მაგრამ ლურსმანი კი თვითონვე ვერ ჩაერჭობოდა თავის ადგილას. დასკვნა აშკარა გახლდათ და ჩემი კვლევა-ძიების ასპარეზიც კიდევ უფრო დავიწროვდა. მკვლელები მხოლოდ მეორე ფანჯრიდან უნდა გაქცეულიყვნენ. მერე ვივარაუდე, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ზამბარები ორივე ფანჯარას ერთნაირი ექნებოდა, განსხვავება ლურსმნებში უნდა ყოფილიყო, ანდა მათი დამაგრება-ჩასმის ხერხში მაინც. ავედი საწოლზე, გადავიხარე მის თავზე და ბეჯითად დავათვალიერე მეორე ფანჯარა. გადავყავი ხელი, მოვუსვი და მალე აღმოვაჩინე და დავაჭირე კიდეც თითი ზამბარას, რომელიც, ჩემი ვარაუდის თანახმად, თავისი თვისებებით მეორე ფანჯრისას ჰგავდა. მერმე ლურსმანს დავხედე. ისიც ისეთივე იყო და, ეტყობოდა, იმნაირადვე ჩაეჭედებინათ თითქმის თავამდე.
   იტყვით, დაიბნეოდიო, მაგრამ თუ აგრე ფიქრობთ, ინდუქციის ბუნება ვერ გაგიგიათ. მონადირეთა გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მე ერთხელაც არ „ამრევია კვალი“. ერთი წამითაც არ დამიკარგავს იგი. ჯაჭვის არც ერთი რგოლი არ გამოვარდნილა. საიდუმლოს სულ ბოლომდე ჩავდიე და ეს ბოლო წერტილი ლურსმანი გახლდათ. როგორც მოგახსენეთ, იგი ყველაფრით თავის ამხანაგს ჰგავდა; მაგრამ ეს სრულიად არაფერს ნიშნავდა (თუმცა გადამწყვეტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო), თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. „რაღაც უნდა სჭირდეს ამ ლურსმანს“, – გავიფიქრე ჩემთვის. დავაკარე თუ არა ხელი, ლურსმნის თავი გოჯის მეოთხედი სიგრძის ღეროს ნაწილითურთ თითებში შემრჩა. ღეროს დანარჩენი, გადატეხილი ნაწილი შიგ იყო ჩარჩენილი. იგი დიდი ხნის წინათ გადატეხილიყო, რადგან ბოლოები ჩაჟანგებული ჰქონდა, და ეს ალბათ ჩაქუჩის დარტყმამ გამოიწვია, რომლითაც ნაწილობრივ ჩასმული გახლდათ ფანჯრის ჩარჩოში ლურსმნის თავი. მე ახლა ფრთხილად კვლავ თავის ადგილას ჩავსვი ლურსმნის თავი და დაზიანებისა სულაც არაფერი შეეტყო – თითქოს მთელი ლურსმანი ყოფილიყოს. დავაჭირე თითი ზამბარას და რამდენიმე გოჯზე ავწიე ფანჯარა. ლურსმნის თავიც აჰყვა ჩარჩოს – იგი მტკიცედ იჯდა თავის ბუდეში. ფანჯარა დავხურე და ლურსმანი კვლავ მთლიანს ჰგავდა. გამოცანა აქამდე უკვე გამოვიცანით. მკვლელმა თავს უშველა იმ ფანჯრიდან, რომელთანაც საწოლი იდგა. ფანჯარა მისი გასვლის შემდგომ დაეშვა ან სხვამ დაუშვა და ზამბარით ჩაიკეტა, ხოლო ზამბარა რომ იჭერდა ფანჯარას, პოლიციას შეცდომით ეგონა, ლურსმანი იჭერსო და შემდგომი კვლევა-ძიება ამრიგად ზედმეტად მიიჩნიეს.

   შემდეგი კითხვა გახლავთ, როგორ ჩამოვიდა ძირს მკვლელი. ეს საკითხი მე მაშინ გამოვიძიე, როცა თქვენთან ერთად შენობას შემოვუარე ირგვლივ. ხსენებული ფანჯრიდან ხუთფუტნახევარზე მეხთამრიდი ეშვება. იქიდან ფანჯრამდე ვერც მიღწევას შეძლებს ვინმე, ვერც შიგ შესვლას, მაგრამ შევნიშნე, რომ მეოთხე სართულის დარაბები თავისებური გახლდათ, პარიზელი ხუროები რომ რკინებიანს ეძახიან, ისეთი. იმნაირებს ახლა იშვიათად აკეთებენ, თუმცა ლიონისა და ბორდოს ძველ შენობებში კი ხშირად დაინახავთ. ისინი ფორმით ჩვეულებრივ კარს ჰგვანან, ოღონდ ქვემო ნაწილი გისოსიანი აქვთ და ამრიგად ჩინებული ხელმოსაჭიდი გახლავთ. ამ შემთხვევაში ეს დარაბები მთელი სამფუტ-ნახევარია სიგანით. ჩვენ რომ თვალი მოვკარით სახლის უკანა მხრიდან, ისინი, ორივე, ნახევრად გამოღებული იყო; ესე იგი, კედლის მიმართ სწორი კუთხით იდგნენ. შესაძლოა პოლიციამ ისევე როგორც მე, შენობის უკანა ნაწილი დაათვალიერა, მაგრამ დარაბები ალბათ მათაც იმ მდგომარეობაში იხილეს, როგორც ჩვენ და თავისთავად ვერ შეამჩნიეს თუ სულაც ვერ გაითვალისწინეს მათი დიდი სიგანე. მართლაც, რაკი ერთხელვე გული დააჯერეს, აქედან ვერავინ გადმოვიდოდაო, ისინი, ბუნებრივია, ძალიან ზერელედ გასინჯავდნენ აქაურობას. ჩემთვის კი აშკარა გახდა, რომ საწოლის ახლოს მყოფი ფანჯრის დარაბა თუ მთლიანად მიიკეცებოდა კედელზე, მეხთამრიდიდან ორ ფუტზე აღმოჩნდებოდა. აგრეთვე ცხადი იყო, რომ ძალ-ღონის ფრიადი დაძაბვითა და არაჩვეულებრივი გამბედაობით, შეიძლებოდა ამნაირად მეხთამრიდიდან ფანჯარაში შესვლა. თუ დარაბა მთლიანად იქნებოდა გაშლილი, ორფუტ-ნახევარი მანძილიდან ბოროტმოქმედს შეეძლო მაგრად მოსჭიდებოდა დარაბის გისოსს. მერმე მოსწყდებოდა მეხთამრიდს, ფეხებს კედელს მიაბჯენდა მტკიცედ, იქიდან გაბედულად ისკუპებდა, შეეძლო ისე გაექანებინა დარაბა, რომ მიეხურა კიდეც და, თუ იმასაც წარმოვიდგენთ, რომ მაშინ ფანჯარა ღია იყო, შეეძლო თვით ოთახშიც შემხტარიყო იგი.
მინდა, განსაკუთრებით გაითვალისწინოთ, რომ მე ვლაპარაკობ ასეთ სახიფათო და ძნელ საქმეში წარმატების მისაღწევად საჭირო ფრიად არაჩვეულებრივ სიმარჯვესა და უნარზე. ჩემი მიზანია, ერთი მხრივ, დაგიმტკიცოთ, რომ ეს საქმე შეიძლებოდა განხორციელებულიყო, მეორე მხრივ და უმთავრესად კი მინდა, ჩაგაგონოთ ბეჯითად, რა ფრიად არაჩვეულებრივი, თითქმის ზებუნებრივი ხასიათის სიცქვიტე და სიმარჯვე იყო საჭირო მის განსახორციელებლად.
   უეჭველია, იტყვით, რომ, სამართლის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, „ჩემი საქმის სასარგებლოდ“ უფრო უნდა გამეადვილებინა და არა ასე გამეზვიადებინა ამ საქმის აღსრულებისთვის საჭირო უნარის ამბავი. ეგ შეიძლება სამართალში კი იცოდნენ, მაგრამ მაგას გონიერ სჯასთან ხელი არა აქვს. ჩემი საბოლოო მიზანი მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენაა. ჩემი უშუალო განზრახვა კი გახლავთ, მიგიყვანოთ იმ აზრამდე, რომ ერთმანეთს შეუდაროთ ჩემ მიერ ახლახან ნახსენები ფრიად არაჩვეულებრივი სიმარჯვე იმ ფრიად თავისებურ მკვეთრ, ხრინწიან, მწივანა და არათანაბარ ხმას, რომლის ეროვნულ კუთვნილებაში ორი ადამიანიც ვერ შეთანხმებულიყო და რომლის წარმოთქმის დროს ვერც ერთი მარცვალი ვერავინ გაარჩია.
ამ სიტყვებზე რაღაც ბუნდოვანი, ნახევრად ჩამოყალიბებული აზრი გამიჩნდა. თითქოს ის-ის იყო ჩავხვდი კიდეც მის ნათქვამს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივადევნე გულისყური, როგორც ხანდახან ადამიანებს ემართებათ ხოლმე, როცა თითქოს რაღაც აგონდებათ და ბოლოს მაინც ვერ ახერხებენ მკაფიოდ გახსენებას. ჩემი მეგობარი კი განაგრძობდა: – შენიშნავდით, რომ სახლიდან გამოსვლის საკითხიდან უკვე შესვლის საკითხზე გადავინაცვლე. ჩემი განზრახვა იყო, ჩამეგონებინა, რომ ორივე ერთი და იმავე გზით და ერთნაირი ხერხით განხორციელდა. ახლა ისევე ოთახს დავუბრუნდეთ და იქაობა მიმოვიხილოთ. კომოდის უჯრები, ამბობენ, გადაქექილი იყოო, თუმცა ბევრი ტანსაცმელი ისევ შიგ ეწყო. აქედან რაიმეს დასკვნა სისულელე იქნებოდა – უბრალო მკითხაობაა, თან ძალიან ტუტუცური და მეტი არაფერი. აბა, რა ვიცით, რომ უჯრებში ყველა ის ნივთი არ აწყვია, რაც იქ თავიდანვე ეწყო? ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი ძალიან განდეგილად ცხოვრობდნენ – სტუმრები არ ჰყავდათ, გარეთ იშვიათად გამოდიოდნენ, დიდად არაფრად ესაჭიროებოდათ ნაირ-ნაირი ტანსაცმელი. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც უჯრებში აღმოჩნდა, არაფრითაც არ იქნებოდა უარესი ამ მანდილოსანთა სხვა სამოსზე. თუ ქურდმა რომელიმე წაიღო, რატომ საუკეთესო არ აირჩია, ანდა რატომ სულ მთლიანად არ წაიღო? ერთი სიტყვით, რატომ მიატოვა ოთხი ათასი ფრანკის ოქრო და რატომ დაიტვირთა თავი კაბაკუბიანი ფუთით? ოქრო დატოვეს – ბანკირ ბატონ მინიოსგან ნახსენები თითქმის მთელი თანხა იატაკზე დაყრილ აბგებში აღმოჩნდა. ამიტომ მინდა თავიდან ამოგაგდებინოთ დანაშაულის ჩადენის აღმძვრელი მოტივის მცდარი აზრი, რომელიც პოლიციას ჩაუჯდა თავში შინ ფულის მიტანის შესახებ მოწმეთა ჩვენების წყალობით. ჩვენს ცხოვრებაში ყოველ საათში ამაზე ათჯერ უფრო შესამჩნევი დამთხვევები ხდება ხოლმე (ვიდრე ფულის გადაცემიდან სამი დღის შემდგომ ხალხის მკვლელობაა) და სულაც არავინ აქცევს ყურადღებას. დამთხვევები, საზოგადოდ, დიდი წასაბორძიკებელი ქვები გახლავთ იმ ჯურის მოაზროვნეთათვის, რომელთაც არაფერი იციან ალბათობის თეორიისა – იმ თეორიისა, რომლის უბრწყინვალესი მიგნებებით დავალებული არიან კაცობრიობის საკვლევაძიებო უბრწყინვალესი დარგები. წინამდებარე შემთხვევაში, ოქრო რომ წაეღოთ, სამი დღის წინ მისი გადმოცემის ფაქტს უბრალო დამთხვევაზე მეტი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა. იგი დაადასტურებდა აღმძვრელი მოტივის მოსაზრებას. მაგრამ საქმის ნამდვილ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ და თან ოქროს ჩავთვლით ბოროტმოქმედების ჩადენის აღმძვრელ მოტივად, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დამნაშავე ისეთი გამოთაყვანებული ტუტუცი ყოფილა, სრულიად გადაავიწყდა ოქროცა და აღმძვრელი მოტივიც.
   ახლა მტკიცედ დავიხსომოთ ნიშნები, რომლებსაც თქვენი ყურადღება მივაქციე – თავისებური ხმა, არაჩვეულებრივი სიმარჯვე და, ჩვენდა განსაცვიფრებლად, ასე ამაზრზენი მკვლელობის აღმძვრელი მოტივები რომ არ მოიპოვება – და თვალი გადავავლოთ თვითონ მკვლელობის სურათს. აქ გახლავთ ხელით დამხრჩვალი ქალი, რომელიც თავდაყირა შეუკვეხებიათ საკვამლე მილში. ჩვეულებრივი მკვლელები ასე არ იქცევიან და ასე ხომ სულ არ მალავენ მოკლულთა გვამებს. გვამის საკვამლე მილში ამნაირად შეჩურთვაზე უნდა ვთქვათ, რომ მართლაც რაღაც მეტისმეტად არაჩვეულებრივი ამბავია – სრულიად შეუთავსებელი ჩვენს ჩვეულებრივ ადამიანურ წარმოდგენებთან და აზრებთან, თვით მაშინაც კი, როცა ბოროტმოქმედნი ყველაზე გათახსირებული სალახანები არიან. აბა, ისიც გაითვალისწინეთ, რა დიდი ძალ-ღონე უნდა ჰქონოდა დამნაშავეს, ამისთანა ხვრელში ისე მაგრად რომ შეუჩურთავს გვამი, რამდენიმე კაცმა ერთად ძლივს ჩამოათრია ქვევით.

   ამ ფრიად განსაცვიფრებელი ღონის გამოყენების სხვა ნიშნებს დავუკვირდეთ ახლა. ბუხარში ადამიანის ჭაღარა თმის სქელი, ძალიან სქელი ბღუჯები ეყარა. ისინი ძირფესვიანად ამოეგლიჯათ. მოგეხსენებათ, რა ძნელია თავიდან თუნდაც ოცი-ოცდაათი ღერი ბალნის ამოგლეჯა. ამოგლეჯილი თმის ეს ბღუჯები თქვენც ნახეთ და მეც. ძირებზე (რა საზარი სანახავი იყო!) თავის ქალის ხორცი და კანი ჰქონდა შერჩენილი – აშკარა ნიშანი ზღაპრული ძალისა, რომელსაც შეეძლო ერთბაშად ალბათ ნახევარი მილიონი ღერი თმაც კი ამოეთხლიშა. მოხუცებულს უბრალოდ კი არა ჰქონდა გამოჭრილი ყელი, არამედ თავი სულ მოეცილებინათ ტანისთვის და ისიც უბრალო სამართებლით. მინდა აგრეთვე ყურადღება მიაქციოთ ჩადენილი ბოროტმოქმედების მხეცურ სისასტიკეს. ქალბატონ ლესპანეის სხეულის დალილავებულ ადგილებზე არას ვიტყვი. ბატონმა დიუმამ და მისმა ღირსეულმა თანაშემწემ ბატონმა ეტიენმა განაცხადეს, ისინი რაღაც ბლაგვი იარაღით მიუყენებიათო და ამაში ეს დარბაისელნი ჭეშმარიტად მართალი ბრძანდებიან. ბლაგვი იარაღი აშკარად ეზოს ქვაფენილი გახლდათ, რომელზედაც საწოლთან ახლოს მყოფი ფანჯრიდან გადმოტყორცნილი მსხვერპლი დაენარცხა. ეს აზრი, ახლა რომ ასე მარტივი გვეჩვენება, პოლიციას ისევე გამოეპარა, როგორც დარაბების სიგანე, ვინაიდან ჩაჭედილი ლურსმნების დანახვამ სრულიად გამორიცხა მათი აზროვნებიდან ფანჯრების როგორმე გაღების შესაძლებლობა.

   თუ ახლა, ყოველივე ამასთან ერთად, თქვენ ჯეროვნად გაითვალისწინებთ საწოლი ოთახის უცნაურ არევდარეულობას, ჩვენ უკვე ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ განსაცვიფრებელი სიმარჯვე, ზეადამიანური ძალ-ღონე, მხეცური სიშმაგე, უმიზეზო საზარელი მკვლელობა, ადამიანური ქცევისგან სრულიად განსხვავებული შემაძრწუნებელი დამთხვეულობა და უცხო ხმა და კილო, რომელიც ბევრი ერის შვილს გაუგებრად ეჩვენება და მთლიანად მოკლებულიც იყო გარკვეულ ანდა გასაგებ ბგერადობას. მაშ, რა უნდა დავასკვნათ? რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ჩემმა ლაპარაკმა?
დიუპენი რომ ამას დამეკითხა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
– ვინმე გიჟის ჩადენილია ეგ საქმე, – ვთქვი მე. – ვინმე შმაგი მანიაკი გამოიქცა ალბათ სადმე ახლო მდებარე საგიჟეთიდან!
– ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით, – მომიგო დიუპენმა, – მაგრამ გიჟების ლაპარაკი, თუნდაც მათი უკიდურესი სიშმაგის დროს, მაინც არ შეესაბამება და არ ეთანხმება იმ თავისებურ, უცნაურ ხმას, რომელსაც კიბეზე ამსვლელებმა მოჰკრეს ყური. გიჟებიც რომელიმე ერისანი არიან და რაგინდ გაუგებარიც უნდა იყოს სიტყვები, მარცვლები მაინც შეეტყობა. გარდა ამისა, არც გიჟის თმა შეიძლება ჰგავდეს ამას, მე რომ ხელში მიჭირავს. ეს პატარა ბღუჯა, დაკრუნჩხული, გაშეშებული თითებიდან დავაძრე ქალბატონ ლესპანეის. მითხარით, რას ფიქრობთ ამაზე?
– დიუპენ! – შევძახე მე, სრულიად დაბნეულმა, – ეს ძალიან უცნაური ბალანია – ეს სულაც არ არის ადამიანისა!
– მე არც მითქვამს, ადამიანისააო, – მიპასუხა მან; – მაგრამ ვიდრე ამას გადავწყვეტდეთ, მინდა თვალი შეავლო პატარა ნახატს. ამ ქაღალდზე რომ გამოვსახე. ეს გახლავთ ზუსტი მონახაზი იმისა, რაც ჩვენებათა ერთ ნაწილში აღწერილი იყო, ვითარცა „მძიმედ დალილავებული ადგილები და ღრმად დაჩნეული ნაფრჩხილარები“ მადმუაზელ ლესპანეის ყელზე, ხოლო მეორეში (ბატონების დიუმასა და ეტიენის ჩვენებებში) – ვითარცა „მრავალი ჩალურჯებული ადგილი, ალბათ თითების დაჭერით გამოწვეული“.
– შეამჩნევთ, რომ ამ ნახატზე კარგად ჩანს, რა მაგრად და მტკიცედ მოუჭერიათ ხელი, – განაგრძო ჩემმა მეგობარმა და მაგიდაზე გაშალა ქაღალდი. – შეუძლებელია თითები დასხლეტოდა. ყოველი თითი, ალბათ მსხვერპლის სულის ამოსვლამდე იმ ადგილას ჩაჭდეული დარჩა, სადაც თავდაპირველად ჩაეჭიდა შემაძრწუნებელი ძალით. აბა, ახლა სცადეთ და ერთბაშად ისე დაადეთ ნახატს თქვენი თითები, როგორც ზედ არის გამოხატული. ამაოდ ვცადე.

– ჩვენ, ეტყობა, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვაკეთებთ, – თქვა დიუპენმა, – ქაღალდი სწორ ზედაპირზეა გაშლილი, ადამიანის ყელი კი ცილინდრული ფორმისაა. აი, ხის ნაჭერი, რომლის შემოწერილობა დაახლოებით ყელისას უდრის. შემოახვიეთ ქაღალდი მაგას და კიდევ სცადეთ.
ასეც მოვიქეცით, მაგრამ თითების შემოწვდენის სიძნელე კიდევ უფრო აშკარა გახდა.
– ეს ადამიანის ხელის ანაბეჭდი არ უნდა იყოს, – ვთქვი მე.
– აბა, ახლა ეს ადგილი წაიკითხეთ კიუვეს წიგნში.
ეს გახლდათ დაწვრილებითი ანატომიური და ზოგადი აღწერილობა ოსტ-ინდოეთის კუნძულების ვეება წითელ-მოყვითალო ფერის ორანგუტანგისა. ამ ძუძუმწოვრის ბუმბერაზული აღნაგობა, ზღაპრული ძალ-ღონე, სიმარჯვე, სასტიკი სიშმაგე და მიმბაძველობისკენ მიდრეკილება ყველასთვის საკმაოდ ცნობილია. მაშინვე მივხვდი მკვლელობის მთელი სისაზარლის მიზეზს.
– თითების აღწერილობა, – ვთქვი მე, როცა კითხვა გავათავე, – ზუსტად შეესატყვისება ამ ნახატს. აქ მოხსენიებული ჯურის ორანგუტანგის გარდა სხვა რომელიმე ცხოველი ვერ დააჩნევდა ასეთ ნათითურებს. ეს ჟღალი ფერის ბალანიც ემთხვევა კიუვეს მხეცის დახასიათებას. მაგრამ მაინც ვერ გამითვალისწინებია ამ შემაძრწუნებელი საიდუმლოების ყოველი წვრილმანი. ამას გარდა, ორი მოჩხუბარის ხმები გაიგონეს და ერთი მათგანი უეჭველად ფრანგის ხმა იყო.

– მართალია და მოწმეთა თითქმის ერთსულოვანი ჩვენებაც გაიხსენეთ ამ ხმის შესახებ – „ღმერთო ჩემო“ რომ შესძახა. ეს შეძახილი, ამ შემთხვევაში, სამართლიანად დაახასიათა ერთმა მოწმემ (მეშაქარლამე მონტანიმ), როგორც წინააღმდეგობის, გაკიცხვის თუ უკმაყოფილების გამოხატულება. ამიტომ უმთავრესად სწორედ ამ ორ სიტყვაზე ვამყარებ გამოცანის მთლიანად გადაწყვეტის ჩემს იმედებს. რომელიღაც ფრანგმა იცის მკვლელობის ამბავი. ალბათ (და ეს სავსებით შესაძლებელიც არის), იგი სულაც უბრალოა ამ სისხლიან საქმეში. შეიძლებოდა, ორანგუტანგი გაქცეოდა მას. შესაძლოა, მან საწოლ ოთახამდეც მისდია; მაგრამ რაკი ასეთი შემაძრწუნებელი ამბავი მოჰყვა, ვეღარ დაიჭირა მაიმუნი და იგი ახლაც გაქცეულია. ამ ვარაუდებს აღარ გამოვეკიდები და არც მაქვს უფლება, რადგან მათ მხოლოდ ისე სუსტი საფუძველი მოეპოვებათ, რომ მეც ვერ დამიჯერებია და სხვა როგორ დავარწმუნო! ჩვენ ვარაუდები ვუწოდოთ მათ და ასეც მივიჩნიოთ ისინი. თუ ხსენებული ფრანგი მართლა, როგორც მგონია, უბრალოა ამ საზარელ ბოროტმოქმედებაში, მაშინ ეს განცხადება, რომელიც გუშინ საღამოს „Le Mond“-ის რედაქციაში დავტოვე, ჩვენთან მოიყვანს მას.
მან გადმომცა გაზეთი და ეს ამოვიკითხე შიგ: „დაჭერილია – ბულონის ტყეში, დილაადრიან (მკვლელობის დილას), ბორნეის ჯიშის დიდი ორანგუტანგი. პატრონს, რომელიც მალტური ხომალდის ზღვაოსანი უნდა იყოს, შეუძლია ჩაიბაროს ცხოველი, თუ იგი თავის პირადობას დაადასტურებს და თუ მაიმუნის დაჭერისა და შენახვის მცირე ხარჯებსაც გაისტუმრებს. მისამართი: სენ-ჟერმენის გარეუბანი... ქუჩა №..., მეოთხე სართული“.
– როგორ შეძელით გაგეგოთ, რომ ეს კაცი ზღვაოსანია და თანაც მალტური ხომალდისა? – ვკითხე მე.
– ეგ არ ვიცი, – მომიგო დიუპენმა. – ეგ დარწმუნებით არ ვიცი, ოღონდ აი, ბაფთის პატარა ნაგლეჯი, რომლითაც, მისი მოყვანილობისა და გაქონილობის მიხედვით თუ დავასკვნით, ალბათ ის ნაწნავები იკვრებოდა, ზღვაოსნებს რომ აქვთ ხოლმე. ამასთანავე, ასე გასკვნა საერთოდ ზღვაოსნებმა და განსაკუთრებით კი მალტელმა ზღვაოსნებმა იციან. ეს ბაფთა მეხთამრიდის ძირში ვიპოვე. არ შეიძლება, იგი რომელიმე მოკლულის საკუთრება ყოფილიყო. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, თუნდაც ვცდებოდე ბაფთის საქმეში და ფრანგი მეზღვაური მალტური ხომალდისა არ იყოს, მაინც დიდი არაფერი დამიშავებია იმით, რომ განცხადებაში გამოვაქვეყნე. თუ ვცდები, იგი უბრალოდ იფიქრებს, რომ მე რაღაცამ შემაცდინა, რომლის განსჯითაც იგი თავს არ შეიწუხებს. მაგრამ თუ მართალი ვარ, დიდ უპირატესობას მოვიპოვებ. მკვლელობის მოწმე, თუნდაც უდანაშაულო ფრანგი, ბუნებრივია, ყოყმანს დაიწყებს, განცხადებას გამოვეხმაურო და ორანგუტანგი მოვითხოვო თუ არაო. იგი ასე იმსჯელებს: „მე უდანაშაულო და ღარიბი კაცი ვარ. ორანგუტანგი ძვირად ფასობს – ჩემი შეძლების კაცისთვის მთელი ქონებაა. რატომ უნდა დავკარგო ის ფუჭი საფრთხის შიშით? თან აქვეა, ხელის მისაწვდომ მანძილზე. ბულონის ტყეში უნახავთ – მკვლელობის ადგილიდან ძალიან შორს. ვინ იფიქრებს, ეს საქმე მხეცმა ჩაიდინაო? პოლიციას კვალი აქვს არეული – სულ ვერ აუღეს ალღო. კიდევაც რომ მიაკვლიონ მხეცს, შეუძლებელია, დაამტკიცონ, რომ მკვლელობის დამსწრე ვარ, ანდა ბრალი დამდონ ამ დამსწრეობის გამო. გარდა ამისა, მე უკვე მიცნობენ. განმცხადებელი მასახელებს, როორც მხეცის პატრონს. არ ვიცი, მან რა იცის ჩემზე. თავი რომ ავარიდო და არ გამოვაცხადო ჩემი უფლება ასე ძვირფას ქონებაზე, რომელიც ცნობილია უკვე, რომ მე მეკუთვნის, პირუტყვს მაინც ეჭვის ქვეშ დავაყენებ. მე კი სულაც არ მინდა ყურადღება მივაქცევინო ვინმეს ჩემზე ან იმ ნადირზე. გამოვეხმაურები განცხადებას, წამოვიყვან ორანგუტანგს და კარგად დავმალავ, სანამ ეს საქმე სულ არ ჩაივლის“.
ამ დროს კიბეზე ფეხის ხმა გაისმა.

– დამბაჩები მზად იქონიეთ, – მითხრა დიუპენმა, – ოღონდ არც იხმაროთ, არც გამოაჩინოთ, სანამ არ განიშნებთ.
სახლის გარე კარი ღიად იყო დატოვებული, სტუმარი დაურეკავად შემოვიდა შინ და რამდენიმე საფეხური ამოიარა კიბეზე. ოღონდ ახლა თითქოს შეჩერდა და უცბად გავიგონეთ, ისევ უკან როგორ გაბრუნდა. დიუპენმა მსწრაფლ მიაშურა კარს, რომ ყური მოვკარით, კვლავ ზევით წამოვიდა. ამჯერად აღარ უბრუნებია პირი, მტკიცედ მოიწევდა წინ და დააკაკუნა კიდეც ჩვენს კარზე.
– შემობრძანდით, – მიაძახა დიუპენმა მხიარული და თავაზიანი კილოთი.
შემოვიდა ვიღაც კაცი, ეტყობოდა, ზღვაოსანი – მაღალი, ზორბა, ჯმუხი ვაჟკაცი. ცოტა თამამი გამომეტყველება ჰქონდა, ოღონდ არცთუ სულ უსიამო იერი ედო. მისი პირისახე, მზით ძალიან დამწვარი, თითქმის სანახევროდ დაეფარა ქილვაშ-ულვაშებს. ხელში მუხის ვეება კეტი ეჭირა, მაგრამ სხვა იარაღი რომ ჰქონოდეს, არ ემჩნეოდა. უგერგილოდ დაგვიკრა თავი და „საღამო მშვიდობისაო“ ფრანგულად გვითხრა. მის კილოს ცოტა ნევშატელური დაჰკრავდა, თუმცა პარიზელობაც საკმაოდ ეტყობოდა.
– დაბრძანდით, მეგობარო, – მიმართა დიუპენმა. – ალბათ ორანგუტანგისთვის მობრძანდით! გეფიცებით, თითქმის მშურს თქვენი. სწორედ ჩინებული და, უეჭველია, ფრიად ძვირფასი ცხოველია. თქვენი ვარაუდით, რამდენი ხნის იქნება?

   მეზღვაურმა ღრმად მოითქვა სული თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოიშორაო, და მერმე მტკიცე კილოთი უპასუხა: – არ ვიცი, რა მოგახსენოთ, თუმცა ოთხ-ხუთ წელიწადზე მეტის არ უნდა იყოს. აქა გყავთ?
– ოჰ, არა, აქ როგორ შევინახავდით! აქვე დიუბურის ქუჩაზეა, საქირაო ეტლების სადგომში. შეგიძლიათ ხვალ დილით წაიყვანოთ. რასაკვირველია, მზადა ხართ, თქვენი უფლებები დაგვიმტკიცოთ ამ ქონებაზე: – რა თქმა უნდა, ბატონო.
– მენანება მისი მოშორება. – თქვა დიუპენმა.
– სულაც არ მინდა, ბატონო, რომ ტყუილად გაგსარჯოთ, – მიუგო ზღვაოსანმა. – არცა მქონია ეგ ფიქრად. სიამოვნებით გადაგიხდით ცხოველის საპოვნელს, ოღონდ, ესე იგი, რამდენიც შემიძლია.
– ჰოდა, კეთილი და პატიოსანი, – უთხრა ჩემმა მეგობარმა. – აბა, ერთი მოვიფიქროთ, რა მოგთხოვოთ. ოჰ, გეტყვით – ჩემი ჯილდო აი, ეს იქნება: თქვენ ყველაფერს მიამბობთ, რაც კი იცით მორგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ.

   დიუპენმა უკანასკნელი სიტყვები ძალიან ხმადაბლა, ძალიან წყნარად თქვა. სწორედ ასევე წყნარად მივიდა კართან, ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ უბიდან დამბაჩა გამოიღო და სრულიად მშვიდად მაგიდაზე დადო.
მეზღვაური წამოწითლდა, თითქოს ყელში წაუჭირესო. წამოხტა ზეზე და ხელი სტაცა კეტს; მაგრამ, ძლიერ აცახცახებული, მალევე კვლავ დაეშვა სკამზე და მკვდრის ფერი დაედო. კრინტი არ დაუძრავს. გულწრფელად შემეცოდა.
– მეგობარო, – უთხრა დიუპენმა ალერსიანად, – ტყუილად ღელავთ, ტყუილად! ჩვენ სულაც არ გვინდა, რაიმე გავნოთ. ვაჟკაცისა და ფრანგის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენ ფიქრად არა გვაქვს თქვენი ვნება. სრული დაბეჯითებით ვიცი, თქვენ ხელი არ გირევიათ მორგის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ბოროტმოქმედებაში. მაგრამ არ ივარგებს, უარობა რომ დაიწყოთ, ამ საქმესთან სულ არაფერი მაკავშირებსო. რაც უკვე ვთქვი, იმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ მე ზოგი რამ ვიცი ისეთი წყაროდან, რომელიც თქვენ არც კი დაგესიზმრებათ. ახლა საქმის ვითარება ასეთი გახლავთ: თქვენ ისეთი არაფერი ჩაგიდენიათ, რომ თავი გქონდეთ ასარიდებელი – მართლაც არაფერი გაქვთ ისეთი, რაც ბრალად გედებოდეთ. გაძარცვაც კი არ გედებათ ბრალად, თუმცა შეგეძლოთ დაუსჯელად გაგეტაცებინათ ქონება. არც დასამალი გაქვთ რაიმე, არც დამალვის მიზეზი მოგეპოვებათ. პირიქით – თქვენ მოვალე ხართ სინდისის წინაშე პატიოსნად აღიაროთ, რაც იცით, ახლა უდანაშაულო კაცია დატუსაღებული და იმ ბოროტმოქმედებას აბრალებენ, რომლის ჩამდენიც თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ.

   ზღვაოსანი შესამჩნევად მოეგო გონს, სანამ დიუპენი ლაპარაკობდა, და გამხნევდა, მაგრამ ნირი სულ წაუხდა.
– ღმერთმანი, ყველაფერს გეტყვი, რაც ვიცი ამ საქმისა, – თქვა მან მცირე დუმილის შემდგომ; – ოღონდ არა მგონია, ჩემი ნათქვამის ნახევარიც კი დაიჯეროთ – სულელი ვიქნებოდი, სხვანაირად რომ ვფიქრობდე. მე მაინც უდანაშაულო ვარ და გულს მაინც მოვიოხებ, თუნდაც რომ მოვკვდე ამის გულისთვის.

   მისი ნაამბობის შინაარსი ეს გახლავთ. ამას წინათ, ინდოეთის არქიპელაგში მოგზაურობის დროს, ბორნეოს ნაპირზე გადასულიყო სხვებთან ერთად და დროის გასატარებლად ექსკურსია მოეწყოთ ქვეყნის სიღრმეში. მას და მის ამხანაგს ხელთ ეგდოთ ორანგუტანგი. მერმე ეს ამხანაგი გარდაცვლილიყო. დიდი გაჭირვების გადატანის შემდგომ, რაც დატყვევებული მხეცის შეუოკებელი სიშმაგით იყო გამოწვეული, ზღვაოსანმა ბოლოს მოახერხა მშვიდობით დაებინავებინა იგი თავისთან პარიზში; მეზობლების უსიამო ცნობისმოყვარეობა რომ არ მიეპყრო, მას ფრთხილად ინახავდა ჩაკეტილში მანამდე, ვიდრე პირუტყვს გემზე ხიჭვით ნატკენი ფეხი არ მოურჩებოდა. საბოლოოდ კი განზრახული ჰქონდა გაეყიდა იგი.

   ზღვაოსნებთან პატარა წაქეიფების შემდგომ, შინ რომ დაბრუნდა მკვლელობის ღამეს, უფრო სწორად, დილას, მხეცი მის საკუთარ საწოლ ოთახში დახვდა. იქ იგი საკუჭნაოდან გამოჭრილიყო, სადაც, მისი აზრით, საიმედოდ ჩაკეტილი ეგულებოდა. ხელში სამართებელი დაეჭირა, სახე მთლიანად გაესაპნა, სარკის წინ წამომჯდარიყო და გაპარსვას ცდილობდა თავისი პატრონივით, რომელსაც, უეჭველია, ადრევე ადევნებდა ხოლმე თვალს საკუჭნაოს საკლიტულიდან. ზღვაოსანს თავზარი დაეცა, ამნაირი მძვინვარე და მარჯვე ნადირის ხელში ასე სახიფათო იარაღი რომ დაინახა და ერთ ხანს არ იცოდა, რა ეღონა. მას ჩვეულებად ჰქონდა, მხეცი მათრახით დაეშოშმინებინა, თუნდაც იგი ძალიან ყოფილიყო გამძვინვარებული, და ახლაც ამ ხერხს მიმართა. მის დანახვაზე ორანგუტანგი მყის გავარდა კარში, დაეშვა კიბეზე და საუბედუროდ ღიად დატოვებული ფანჯრიდან ქუჩაში გაიჭრა.

   სასოწარკვეთილი ფრანგიც უკან გამოუდგა. მაიმუნი, რომელსაც სამართებელი კვლავ ხელთ ეჭირა, ხანდახან შედგებოდა, მოხედავდა და ემანჭებოდა მდევარს, სანამ უკანასკნელი თითქმის არ წამოეწეოდა და მერე კვლავ გაქუსლავდა. ამნაირად დიდხანს გაგრძელდა დევნა. სრული სიწყნარე სუფევდა, რადგან დაახლოებით დილის სამი საათი იქნებოდა. მორგის ქუჩის უკან გამავალ შუკაში რომ მიქროდნენ, ლტოლვილის ყურადღება ქალბატონ ლესპანეის საწოლი ოთახის ღია ფანჯრიდან გამომავალმა შუქმა მიიპყრო, სახლის მეოთხე სართულზე, მაიმუნი ეცა შენობას. მეხთამრიდი შენიშნა, არაჩვეულებრივი სიმარჯვით აცოცდა ზედ, მოეჭიდა მთლიანად მოღებულ და კედელზე მიფენილ დარაბას და მისი მეშვეობით პირდაპირ საწოლის თავს მოევლო. მთელ ამ ამბავს ერთი წუთიც არ დასჭირვებია. ოთახში რომ მოხვდა, ორანგუტანგმა წიხლის კვრით ისევ მოაღო დარაბა.
ამასობაში მეზღვაურს თან უხაროდა, თან შეშფოთებულიც იყო. დიდი იმედი მიეცა, ახლა კი დავიჭერ მხეცსო, რადგან ვეღარსად წაუვიდოდა ამ ხაფანგიდან, რაკი მხოლოდ მეხთამრიდით შეეძლო დაშვება. აქ კი როგორმე ხელთ იგდებდა. მეორე მხრივ, საფიქრებელი იყო, რას ჩაიდენდა მხეცი სახლში. ამ უკანასკნელმა ფიქრმა დასძლია კაცს და ისევ მისდია ლტოლვილის კვალს. მეხთამრიდზე ასვლა არ არის ძნელი, განსაკუთრებით ზღვაოსნისათვის; მაგრამ როცა ფანჯრის დონეს მიაღწია, რომელიც შორს იყო მარცხნივ, მეზღვაურის წინსვლა შეჩერდა. მხოლოდ და მხოლდ ის შეეძლო, იმდენად გადახრილიყო, რომ თვალი მოეკრა, ოთახის შიგნითა ნაწილისთვის. ამ თვალის მოვლებაზე კი ისეთი თავზარი დაეცა, კინაღამ ხელი დაუცდა და ძირს გადმოვარდა. სწორედ მაშინ ატყდა საზარელი წივილ-კივილი, რომელმაც ძილი დაუფრთხო მორგის ქუჩის მცხოვრებთ. საღამურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი, ეტყობოდა, რაღაც ქაღალდებს აწესრიგებდნენ უკვე ხსენებულ რკინის ზარდახშაში, რომელიც შუა ოთახში გამოეთრიათ. ყუთი გაეხსნათ და მასში რაც ყოფილიყო ჩალაგებული, იქვე იატაკზე ეწყო. მსხვერპლები ალბათ ფანჯრისკენ ზურგშექცევით ისხდნენ და, მხეცის შიგ შეხტომასა და წივილ-კივილის ატეხას შორის გასულ დროს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლებლად უნდა მივიჩნიოთ, რომ მხეცი მაშინვე არ შეუნიშნავთ – დარაბის ჯახუნი უბრალოდ ქარს მიაწერეს. როცა მეზღვაურმა შიგ შეიხედა, ბუმბერაზ ცხოველს ხელი ქალბატონ ლესპანეის თმაში ჰქონდა ჩაჭიდებული, რომელიც დასავარცხნად გაეშალა მოხუცებულს, და პირისახის წინ სამართებელს უტუტურაზებდა დალაქის მოძრაობათა მიბაძვით. ქალიშვილი უძრავად გაშხლართულიყო – გული შეჰღონებოდა. ბებერის წივილ-კივილმა და ბრძოლამ, რომლის დროსაც თმა დააგლიჯა მას მხეცმა, თავდაპირველი, თითქოს მშვიდობიანი ზრახვები გაშმაგებად შეუცვალა ორანგუტანგს. თავისი ძარღვიანი ხელის ერთი გაკვრით თითქმის მთლიანად მოაგდებინა თავი მოხუცს, სისხლის დანახვამ კი სულ გააგიჟა. კბილების ღრჭიალითა და თვალების ბრიალით მივარდა ქალიშვილს, წაუჭირა თავისი საზარელი ბრჭყალები ყელში და მანამ არ შეუშვა, სანამ სული არ გააფრთხობინა. მაიმუნის გაოგნებული და გახელებული მზერა ამ დროს საწოლის თავს დაუპირისპირდა, რომლის ზემოდანაც თავზარდაცემისგან გაშეშებული მისი პატრონის სახე მოჩანდა. მხეცს უთუოდ კვლავ მოაგონდა მათრახის სუსხი და გამძვინვარება შიშად შეეცვალა. იგრძნო, სასჯელი არ ამცდებაო და თითქოს მოიწადინა, თავისი სისხლიანი საქმენი მიეჩქმალა – სასოწარკვეთილი და აღელვებული ხან იქით ეცა ოთახს, ხან აქეთ; თან ამ სირბილში ავეჯს აქცევდა და ამტვრევდა და ლოგინიც გადმოათრია საწოლიდან. დაბოლოს, ჯერ ქალიშვილის გვამს სტაცა ხელი და შეჩურთა საკვამლე მილში, მერმე კი მოხუცი გადააგდო ფანჯრიდან ძირს.

   მაიმუნი რომ მოადგა ფანჯარას საზარლად დამახინჯებული ტვირთითურთ, თავზარდაცემული მეზღვაური მეხთამრიდს მიაწყდა; უფრო ჩამოსრიალდა, ვიდრე ჩამოცოცდა ძირს და შინისკენ მოკურცხლა – ეშინოდა, ამ ხოცვა-ჟლეტაში ბრალი არ დამდონო და დამფრთხალმა სასწრაფოდ მიანება თავი ორანგუტანგის ბედზე ზრუნვას. კიბეზე ამსვლელებმა რომ სიტყვები გაიგონეს, შეძრწუნებული და თავზარდაცემული ფრანგის შეძახილები გახლდათ, რომლებიც მხეცის გაშმაგებულ ბურტყუნთან იყო შერეული.
თითქმის აღარც არაფერი დარჩა სათქმელი. ორანგუტანგმა, ეტყობა, ისევ მეხთამრიდით უშველა თავს სწორედ იმის წინ, ვიდრე კარს შეამტვრევდნენ. ეტყობა, იმანვე დაუშვა სარკმელი, გარეთ რომ გაძვრა.
შემდგომში მაიმუნი თვითონ პატრონმავე შეიპყრო, რომელმაც ძალიან დიდ თანხად მიჰყიდა ბოტანიკურ ბაღს. ლებონი მაშინვე გაათავისუფლეს, როგორც კი ვუამბეთ (დიუპენის ზოგიერთი შენიშვნითურთ) მთელი ეს გარემოებანი პოლიციის პრეფექტს. ამ მოხელემ, მიუხედავად ჩემი მეგობრისადმი კეთილგანწყობილებისა, მაინც ვერ დამალა წყენა საქმის ასე დატრიალების გამო და ერთი-ორჯერ დაცინვით გადაგვიკრა სიტყვა, ჯობს, ყველამ თავის საკუთარ საქმეს მიხედოსო.

– დაე, იყბედოს, – თქვა დიუპენმა, რომელმაც საჭიროდარ ჩათვალა, გამოპასუხებოდა მას. – დაე ილაქლაქოს, გული მოიოხოს! მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ საკუთარ ციხე-სიმაგრეშივე დავამარცხე იგი. თუმცა ამ საიდუმლოების ამოხსნაში ჩაფლავდა, ეს საქმე სულაც არ არის ისე გასაოცარი, როგორც მაგას ჰგონია; რადგან ჩვენი მეგობარი პრეფექტი, მართალი რომ ვთქვათ, იმდენად გაიძვერაა, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომას ვერც ახერხებს. მის სიბრძნეს საფუძველი, ხერხემალი აკლია. ეგ მარტო თავია და ტანი არ გააჩნია, ვითარცა ქალღმერთ ლავერნას; ანდა, უკეთეს შემთხვევაში, მარტო თავი და ბეჭებია ვირთევზასავით. მაგრამ მაინც კარგი ვინმეა. განსაკუთრებით იმ ოსტატური თაღლითობისთვის მომწონს, რომლითაც მან გამჭრიახი კაცის სახელი დაიგდო. მე აქ ვგულისხმობ მის ხერხს – „უარყოფა იმისა, რაც არის და ყბედობა იმაზე, რაც არ არის“.

ნახვა: 6047

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters