კულტურის სოციოლოგიის საგანი და ამოცანები

კულტურის სოციოლოგიის საგანი და ამოცანები, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

1. სიტყვა "კულტურის" ეტიმოლოგიური მნიშვნელობა და მისი კავშირი ცნებობრივ მნიშვნელობასთან

      სიტყვა "კულტურას" ყოველდღიურ სიტყვახმარებასა თუ სოციალური ყოფიერების სხვადასხვა სფეროში იმდენი მნიშვნელობით იყენებენ და იმდენად განსხვავებულ სფეროებს მოიცავს, რომ მკვლევრები ერთხმად აღიარებენ ამ სიტყვის საზრისთა თუ მნიშვნელობათა ლაბირინთში გარკვევის სიძნელეს. კულტუროლოგ იონინის თქმით, "კულტურა ერთ-ერთია ორი-სამი ყველაზე რთული სიტყვიდან, რომელიც ჩვენს პრაქტიკულ და მეცნიერულ ლიტერატურაში გამოიყენება. ნაწილობრივ, ეს იმით აიხსნება, რომ მას რთული და ჩახლართული ენობრივი ისტორია აქვს, ხოლო ნაწილობრივ, იმით, რომ ის სრულიად განსხვავებულ დისციპლინებში, თანაც აზრის უკიდურესად განსხვავებულ სისტემებში უაღრესად რთულ ცნებათა აღსანიშნავად გამოიყენება".

      ეტიმოლოგიურად სიტყვა "კულტურა" ლათინური პოლისემიური სიტყვიდან "colere" წარმოდგება. ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ნიადაგის კულტივირება ან დამუშავება, თუმცა, სხვა მნიშვნელობანიც აქვს: მფარველობა, დასახლება, თაყვანისცემა და სხვა. საშუალო საუკუნეებში ეს სიტყვა დაუკავშირდა მარცვლეულის მოყვანის მეთოდებს. ასე წარმოიშვა ტერმინი "agriculture" ანუ მიწათმოქმედების ხელოვნება. XVIII-XIX საუკუნეებში ის ადამიანების მიმართაც გამოიყენეს. თუ ადამიანი ნატიფი მანერებითა და წიგნიერებით გამოირჩეოდა, მას კულტურულად თვლიდნენ. მაშინ ეს ტერმინი უმთავრესად არისტოკრატიას მიესადაგებოდა, რითაც ასხვავებდნენ ელიტას "არაკულტურული, უბრალო ხალხისაგან". გერმანული სიტყვა "kultur"-იც ცივილიზაციის მაღალ დონეს აღნიშნავდა. დღეს სიტყვა "კულტურა" ჯერ კიდევ ოპერის თეატრთან, ლიტერატურასთან და კარგ აღზრდასთან ასოცირდება.

      სიტყვა "კულტურის" ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან ცნებობრივში ორი ძირითადი მომენტია გადასული:

      1. თუ კულტურას გავიგებთ როგორც მიწის დამუშავებას, მუშაობის ხელოვნებას, ე. ი. ბუნებრივი სახით არსებულის ათვისებას კი არა, არამედ მასზე აქტიური ზემოქმედებისა და გარდაქმნის ხელოვნებას, ანუ ბუნებრივიდან არაბუნებრივის შექმნას, ასეთ შემთხვევაში, იგი უკავშირდება სუბიექტის აქტივობას და მისი ქმნილებაა. ეს მომენტი აისახა ამ სიტყვის ცნებობრივ მნიშვნელობაშიც, რადგან, ყოველივე ის, რაც არაა ბუნებრივი და ადამიანის მოქმედების ნაყოფია, მიჩნეულია კულტურად. ეს ნიშნავს, რომ მთელი ხელოვნური სამყარო, სოციალური ყოფიერების ყველა სფერო კულტურაში შედის.

      2. მეორე მომენტი, რაც სიტყვა "კულტურის" ეტიმოლოგიური მნიშვნელობიდან ცნებობრივში გადავიდა, ბუნებაზე ამაღლებული, ხელოვნური ადამიანური საქმიანობაა. კულტურა ადამიანის არამარტო საქმიანობის შედეგია, ამ საქმიანობის არისტოკრატული საწყისის მაჩვენებელიცაა. ისე, როგორც სოფლის მეურნეობაში კულტურა ნიშნავდა მარცვლეულის მოყვანის პროგრესულ გზებს, ე.ი. მაღალ დონეს, ადამიანის საქმიანობასა თუ მის თვისებებში კულტურულობა მიეწერება არაყოველგვარ, არამედ მაღალ დონეზე განხორციელებულ საქმიანობასა და ამაღლებულ თვისებებს. კულტურულად ითვლება განსაკუთრებით ზრდილი, განათლებული, არისტოკრატი, რჩეული საწყისების მქონე ელიტური ტიპის ადამიანი.

      სიტყვა "კულტურის" თავდაპირველ მნიშვნელობასა და ცნებობრივ მნიშვნელობას შორის, არის კიდევ ერთი საერთო ნიშანი. ესაა ამ სიტყვისა და ცნების მრავალმნიშვნელოვნება. ამ სიტყვას იყენებენ ადამიანის ჩაცმულობის, ქცევის, ხელოვნებით დაინტერესებულობისა თუ სხვა ყოველდღიური საქმიანობის გამოსახატად. სიტყვა "კულტურით" გამოხატული ცნებაც მრავალმნიშვნელოვნებით ხასიათდება, რაც დადასტურდება კულტურის ფენომენის ანალიზის პროცესში.

2. კულტურის სოციოლოგიის საგანი

      მართალია, კულტურის სოციოლოგია თითქმის საუკუნეა, არსებობს, მაგრამ მისი ცნება ხშირად ლექსიკონებშიც კი ვერ პოულობს ასახვას. დიდი სოციოლოგიური ლექსიკონის ორტომეულში ზოგადი სოციოლოგიის გვერდით ოცამდე დარგობრივი სოციოლოგიური დისციპლინაა დასახელებული, მათ შორის - დასვენების სოციოლოგია, ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის სოციოლოგია, ხელოვნების სოციოლოგია, მასობრივ კომუნიკაციათა სოციოლოგია, მუსიკისა და ცეკვის სოციოლოგია, მეცნიერების სოციოლოგია, განათლების სოციოლოგია, გარემოს მოწყობის სოციოლოგია, ორგანიზაციის სოციოლოგია, შემეცნების სოციოლოგია, სამართლის სოციოლოგია, დანაშაულისა და დევიაციის სოციოლოგია, მრეწველობის სოციოლოგია, პროცესის სოციოლოგია, განვითარების სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია, სპორტის სოციოლოგია, სხეულის სოციოლოგია, შრომის სოციოლოგია, ეკონომიკური ცხოვრების სოციოლოგია, მაგრამ აქ ადგილი ვერ ჰპოვა კულტურის სოციოლოგიამ. ანალოგიური ვითარებაა ნ. აბერკრომბის ს. ჰილისა და ბ. ტერნერის სოციოლოგიურ ლექსიკონში, სადაც შემდეგი დარგობრივი სოციოლოგიური დისციპლინებია დასახელებული: ჯანმრთელობისა და დაავადების სოციოლოგია, ცოდნის სოციოლოგია, ინდუსტრიული სოციოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის სოციოლოგია, მედიცინის სოციოლოგია, განათლების სოციოლოგია, სქესის სოციოლოგია, სამართლის სოციოლოგია, განვითარების სოციოლოგია, რასების სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია.

     როგორც ვხედავთ, კულტურის სოციოლოგიამ აქაც ვერ ჰპოვა ადგილი. სოციოლოგიის ამ დარგს ფილოსოფიური ენციკლოპედიის ხუთტომეულმაც გვერდი აუარა. მასში ჩამოთვლილია შემდეგი დარგობრივი სოციოლოგიური დისციპლინები: ქალაქის, დასვენების, მასობრივი კომუნიკაციის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, შემეცნების, სამართლის, რელიგიის, სოფლის, ოჯახის, შრომის სოციოლოგიები. არა თუ ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში, არამედ სოციოლოგიაში სპეციალურად სოციოლოგიური მეთოდით შედგენილ კრებულშიც, რომელიც სოციოლოგიური გამოკითხვის გზით შერჩეული 30 ცნობილი სოციოლოგის ნაშრომს აერთიანებს, კულტურის სოციოლოგია არ ფიგურირებს, თუმცა დარგობრივი სოციოლოგიური დისციპლინების მთელი ციკლია წარმოდგენილი: პოლიტიკის, სამართლის, განათლების, რელიგიის, ოჯახის, ხელოვნების, მეცნიერების, მედიცინის, პიროვნების, მცირე ჯგუფების, დემოგრაფიული ქცევის, ურბანისტული, სოფლის, ეთნოსების, დანაშაულის სოციოლოგიები. არც მეორე ფუნდამენტური კრებული, ბეკერისა და ბოსკოვის რედაქციით - "თანამედროვე სოციოლოგიური თეორია" - (თითქმის ცხრაასგვერდიანი წიგნი) არ შეიცავს კულტურის სოციოლოგიას. არის ერთი კრებული - "ამერიკული სოციოლოგია", რომლის ერთ-ერთ თავს ეწოდება კულტურის სოციოლოგია, მაგრამ იქ განხილულია კულტურის ორი ელემენტის - მეცნიერების სოციოლოგია და რელიგიის სოციოლოგია, ხოლო საკუთრივ კულტურის სოციოლოგია არაა განხილული.

     აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ იგნორირებულია კულტურის სოციოლოგია. არის გამონაკლისი, მაგრამ ის, რაც ამ გამონაკლისში კულტურის სოციოლოგიის შესახებ არის ნათქვამი, მეტად სადავო ჩანს. კერძოდ, იური დავიდოვის რედაქციით გამოსულ "დასავლური სოციოლოგიის ლექსიკონში" მოთავსებულ ლ. გუდკოვის წერილში "კულტურის სოციოლოგია", მითითებულია მხოლოდ საჟურნალო სტატიები. არც ერთი მონოგრაფიული გამოკვლევა, მაშინ, როდესაც კულტურის სოციოლოგიაში გამოსულია მნიშვნელოვანი მონოგრაფიები: ალფრედ ვებერის, აბრაამ მოლის, გერჰარდშულცესი, პიერ ბურდიესი და სხვათა. მხედველობაში მისაღებია, რომ კულტურის სოციოლოგიაში პიონერი და პირველი მონოგრაფიის ავტორი ალფრედ ვებერია, მანვე გამოიყენა პირველად ტერმინი "კულტურის სოციოლოგია", ხოლო "სახელმწიფოსა და ისტორიის სოციოლოგიის პრობლემების იდეებისათვის" ნაშრომის გამოცემამდე, როგორც თვითონ აღნიშნავს, მან ჰაიდელბერგში წაიკითხა ლექციების ციკლი, რომლის ამოცანა დასავლური კულტურის მიმართ პოზიციის შემუშავება იყო. შემდგომში მან მოხსენება გააკეთა "კულტურის სოციოლოგიის ცნებაზე" 1912 წელს, სოციოლოგთა მეორე კონგრესზე. მაგრამ, როგორც თვითონ აღნიშნავს, პირველმა მსოფლიო ომმა ყველაფერი დაანგრია და ყველა თავის საქმეს მოწყვიტა. ალფრედ ვებერსაც არ ეცალა კულტურის სოციოლოგიაზე ფიქრისათვის. მხოლოდ 1920 წელს გამოაქვეყნა "კულტურის სოციოლოგიის ცნებაზე" თავისი მოხსენების ტექსტი.

      ალფრედ ვებერის მიერ დასახული ამოცანა სრულიად ახლებური და განსხვავებული იყო კულტურის ფილოსოფიისა თუ კულტურის ისტორიის ფილოსოფიური განხილვისაგან. ეს იყო კულტურის განხილვა სოციოლოგიურ ასპექტში. ვებერის აღიარებით, თანამედროვე კულტურის ვითარების გასაგებად "აუცილებელი იყო კულტურის სოციოლოგიის პრობლემებზე ძირეულ შეხედულებათა ჩამოყალიბება", თანაც ისე, რომ ეს არ იქნებოდა არც კულტურის ისტორია, არც კულტურის ფილოსოფია და არც საერთოდ ფილოსოფია. "ამოცანა, რომელიც მე დავისახე, გაცილებით უფრო მოკრძალებული იყო, მინდოდა და მინდა დავრჩე სოციოლოგიური ანალიზის ჩარჩოებში, ე. ი. ამოვიდე კულტურის მოძრაობის ფორმათა ტიპიური პრინციპებიდან. ტიპიზირებით გავაანალიზო განსხვავებულ დიდ ისტორიულ სხეულთა ისტორია და ბედი რათა, შემდგომ მიღებული შედეგები, "სქემა" გამოვიყენო თანამედროვე სიტუაციისადმი. მართალია, მომიხდა გამესაზღვრა ჩემი დამოკიდებულება ისტორიის არსებული ფილოსოფიებისადმი, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რათა "კულტურისა" და "კულტურის მოძრაობის" ცნებები გამეხადა ნათელი. ეს გაკეთდა მოხსენებაში "კულტურის სოციოლოგიის ცნების შესახებ", რომლის ძირითად აზრებს ვეცდები, დღეს მივანიჭო უკეთესი ფორმა".

     კულტურის სოციოლოგიის იგნორირებასა და მისდამი ნაკლები ყურადღების დათმობას მრავალი მკვლევარი აფიქსირებს, მაგრამ ზოგიერთი ამ ვითარებას მხოლოდ იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი ორიენტაციებით ახსნის. მიაჩნიათ, რომ კულტურის სოციოლოგიისადმი გულგრილობა კულტურის, როგორც განსაზღვრული და მეორადი ფენომენის, მის ზედნაშენურ კატეგორიად გაგებითიყო გამოწვეული. კულტურა მიჩნეული იყო როგორც ბაზისური ეკონომიკური ურთიერთობებით განსაზღვრული. მართალია, აღიარებდნენ კულტურის უკუქმედებას ბაზისზე, მაგრამ ეს არ იყო პირველადი და არც განმსაზღვრელი სოციალურ ყოფიერებაში. იონინის მტკიცებით, "დიდი ხნის განმავლობაში კულტურის სოციოლოგია მეორე პლანის სოციოლოგიური დისციპლინა იყო. ეს აიხსნება სოციალურ კონტექსტში კულტურის გამოვლენის სპეციფიკით. კულტურა ითვლებოდა რაღაც მეორეხარისხოვნად, სოციალურ პროცესთაგან წარმოებულად... ეს განსაკუთრებული სიცხადით ვლინდებოდა ჩვენს ქვეყანაში კულტურის სოციოლოგიის მდგომარეობით". საქმე ისაა, რომ კულტურის სოციოლოგიისადმი მაიგნორირებელი პოზიცია მარტოჩვენი ქვეყნისათვის არ იყო დამახასიათებელი. რასაც ზემოაღნიშნული მასალებიც აჩვენებს. და ამ იგნორირებას შეიძლება, სხვა, უფრო სიღრმისეული ფაქტორები განაპირობებს. კულტურის სოციოლოგიის იგნორირების მიუხედავად, ამ მიმართულებით გარკვეული კვლევები მაინც წარმოებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ საბჭოთა სინამდვილისა და მისი იდეოლოგიის, მარქსიზმის კრიტიკის მიზნით, ისეთ დებულებებს აყენებენ, რომ მათი დამაჯერებლობის კოეფიციენტი ნულზე დაბლაა. მართალია, ბაზისისა და ზედნაშენის თეორია ხელს უშლიდა კულტურის რეალური მნიშვნელობის გააზრებას და ხელისშემშლელი სხვა, უფრო სიღრმისეული მოვლენებიც არსებობდა, მაგრამ სრულიად დაუჯერებელია მტკიცება, თითქოს "საბჭოთა კავშირში, უძრაობის ხანაში, მიუღებელი იყო ისტორიის გააზრების ევროპული თეორიები, ისტორიული პროცესების გაშუქება ხდებოდა მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის ქვაკუთხედზე დაყრდნობით, რომელიც უარყოფდა როგორც "ცივილიზაციის" ისე "კულტურის" ცნებათა არსებობას". თუ ამ დებულების პირველი ნაწილი ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, მეორე ნაწილს, ე.ი. მტკიცებას, რომ მარქსიზმი უარყოფდა "ცივილიზაციისა" და "კულტურის" ცნებების არსებობას, ჭეშმარიტებასთან არაფერი აქვს საერთო.

      მარქსიზმს ისედაც უამრავი ნაკლი აქვს. ასეთი უაზრობის მიწერა არ არის საჭირო. მარქსიზმი არა თუ არ უარყოფდა "ცივილიზაციისა" და "კულტურის" ცნებათა არსებობას, არამედ მას კულტურისა და ცივილიზაციის საკუთარი თეორიებიც ჰქონდა, რომელზედაც იონინიც მსჯელობს. კერძოდ, ის კულტურას განიხილავდა როგორც ზედნაშენურ ფენომენს, უარყოფდა ელიტურ კულტურას და მასობრივი კულტურის განვითარებას მოითხოვდა, მსჯელობდა ორი კულტურის - რეაქციულისა და პროგრესულის არსებობის შესახებ. მეტიც, ენგელსი კულტურის განვითარების მთელ გზას თავისუფლების გზაზე წინსვლად მიიჩნევს. რაც შეეხება ცივილიზაციას, მარქსიზმმა ცივილიზაციის თავისებური თეორია შეიმუშავა, რომლის წყაროდ გამოყენებულ იქნა ფურიესა და მორგანის თეორიები. მეტიც, ენგელსმა მორგანის წიგნის "ძველი საზოგადოება" გამოსვლის შემდეგ მთლიანად გაიზიარა მასში განვითარებული ცივილიზაციის გაგება და თითქმის კონსპექტურად გადმოწერა პირველყოფილი საზოგადოების მორგანისეული თეორია.

     თანამედროვე კულტურის ფილოსოფია ზოგჯერ ამოსავლად იღებს ცივილიზაციის თავდაპირველ ცნებობრივ მნიშვნელობას, რომელიც მორგანმა საზოგადოებისგანვითარების ველურობისა და ბარბაროსობის შემდგომ ეტაპად დასახა. ამ ეტაპებს შორის განსხვავება მას ესახება როგორც საარსებო საშუალებათა წარმოებისგანვითარება. ველურობის უმაღლესი ეტაპი ხასიათდება მშვილდ-ისრის გამოგონებითა და კვების ძირითად საშუალებად ნანადირევის გამოყენებით. ბარბაროსობისუმაღლესი საფეხურისათვის დამახასიათებელია რკინის მადნის გამოდნობა და კვების საშუალებად დამუშავებული ცხოველური პროდუქტების გამოყენება. ცივილიზაცია ხელოვნების პირველ ნაწარმოებთ და პირველ ქალაქებს ქმნის. მორგანის ამ მსჯელობათა ანალიზს ენგელსი შემდეგნაირად აჯამებს: "ველურობა პერიოდი უმთავრესად ბუნების მზა პროდუქტების მითვისებისა... ბარბაროსობა მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების შემოღების პერიოდია... ცივილიზაცია პერიოდი ბუნების პროდუქტების შემდგომი დამუშავების ათვისებისა, პერიოდი მრეწველობისა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით და ხელოვნებისა". ენგელსთან ცივილიზაცია ისტორიის ერთი მონაკვეთი კი არაა, არამედ ველურობისა და ბარბაროსობის შემდგომ, მთელი ისტორია, XIX საუკუნემდე. ცივილიზაცია, ამ გაგებით, ემთხვევა კულტურას და მთელი ისტორია დასახულია როგორც ცივილიზაციისა თუ კულტურის ისტორია. ამის შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ ვილაპარაკებთ. აქ უბრალოდ იმის ჩვენება გვინდოდა, რომ მარქსიზმში არაა უარყოფილი არც კულტურის და არც ცივილიზაციის ცნებები.

      კულტურის სოციოლოგიის იგნორირებასა თუ მისდამი ნაკლებ ყურადღებას შეიძლება ის გამართლება მოუნახონ, რომ კულტურის სოციოლოგიაში შედის ცალკეული დისციპლინები, რომელიც კულტურის კომპონენტებს შეისწავლის. იქნება ეს მეცნიერება და, შესაბამისად, მეცნიერების სოციოლოგია, განათლება და, შესაბამისად, განათლების სოციოლოგია, რელიგია და, შესაბამისად, რელიგიის სოციოლოგია და ა. შ. რადგან ეს კომპონენტები შეისწავლება, შეიძლება ივარაუდონ, რომ ამით კულტურის როგორც მთელის შემეცნებაც ხდება. მაგრამ ეს მოსაზრება ვერ იქნება მართებული. რადგან კულტურა, როგორც მთელი, ნაწილების უბრალო ჯამი არაა. მთელს ყოველთვის ახასიათებს ნაწილებისაგან განსხვავებული კანონზომიერება, ამიტომ კულტურის ყველა ნაწილიც რომ იყოს სოციოლოგიურად შემეცნებული, ამით კულტურის სოციოლოგია არ ამოიწურება.

      კულტურა, როგორც მთელი, ახალ კანონზომიერებებს ქმნის, განსხვავებულს ნაწილთა კანონზომიერებებიდან და საჭირო ხდება თვით კულტურის კომპონენტთა შორის კავშირების შემეცნებაც, რაც არც ერთ ცალკე აღებულ დარგს არ ძალუძს. ამიტომ, კულტურის სოციოლოგია გარკვეული სისტემური დარგია, რომელიც აერთიანებს მის ელემენტებს, განიხილავს მათ შორის კავშირებს და ელემენტთა ურთიერთქმედებაში აღმოაჩენს ახალ კანონზომიერებებს. ისე, როგორც სოციოლოგიის ცალკეული დარგები არ ამოწურავს სოციალური შემეცნების ამოცანებს და აუცილებელი ხდება ზოგად სოციოლოგიური თეორია, კულტურის ცალკეული დარგებიც არ ამოწურავს კულტურის შემეცნების ამოცანას და აუცილებელია კულტურის ზოგადი სოციოლოგია.

     კულტურის სოციოლოგია ამოცანად ისახავს გააანალიზოს კულტურის გავლენა სოციალურ ყოფიერებაზე, საზოგადოებაზე. აქ ძირითადი საკითხია რა გავლენას ახდენს კულტურა საზოგადოებაზე დაროგორია საზოგადოების გავლენა კულტურაზე. კულტურის ყოველი დარგის სოციოლოგია: ხელოვნების, რელიგიის, მეცნიერებისა თუ სხვა, ამოცანად ისახავს გააანალიზოს კულტურისა და საზოგადოების მიმართების ერთ-ერთი ასპექტი.

     ხელოვნების სოციოლოგიას ასეთი ამოცანა ჯერ კიდევ ფრანგმა სოციოლოგმა და კულტუროლოგმა გიუიომ დაუსახა ნაშრომში "ხელოვნების სოციოლოგია". მართალია, ამ ნაშრომის მიმართ სერიოზული კრიტიკული მოსაზრებებია გამოთქმული ორტეგა გასეტთან, მაგრამ ისიც არ უარყოფს, რომ გიუიო იყო პირველი გენიალური მოაზროვნე, რომელმაც ხელოვნებისა და საზოგადოების მიმართების პრობლემა ხელოვნების სოციოლოგიის საგანი გახადა. გასეტის თქმით, "გენიალური ფრანგის გენიალურ იდეებს შორის, რომლებიც ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა, არის მცდელობა, ხელოვნება სოციოლოგიის თვალსაზრისით შეესწავლა. შეიძლება ვინმემ გადაწყვიტოს, რომ მსგავსი მიდგომა უნაყოფოა. განიხილო ხელოვნება საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით, იგივეა, რომ ბოლოკში ძირითადად მიგაჩნდეს მისი ფოთლები, ხოლო ადამიანის შემეცნება მისივე ჩრდილის მიხედვით სცადო. ხელოვნების სოციალური გავლენა ერთი შეხედვით იმდენად უმნიშვნელოა, იმდენად ცოტა საერთო აქვს მის ესთეტიკურ ბუნებასთან, რომ არაა ნათელი ამ თვალსაზრისით როგორ უნდა შეისწავლო ხელოვნების სტილები. გიუიომ ვერ განავითარა თავისი იდეა. შეიძლება, ნაადრევმა სიკვდილმა შეუშალა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ მისი წიგნიდან - ხელოვნება სოციოლოგიური თვალთახედვით" - მხოლოდ სათაური დარჩა, თვით წიგნი კი ჯერ კიდევ დასაწერია". გასეტი იწუნებს გიუიოს მიერ ხელოვნების სოციოლოგიის იდეის განხორციელებისათვის დასახულ გზებს, მაგრამ არა თვით იდეას, რომელიც მეტად ნაყოფიერადმიაჩნია და როგორც აღნიშნავს, ეს იდეა მას კვლავ გაუჩნდა, როდესაც ახალი ხელოვნების ანალიზი გადაწყვიტა. მისი თქმით, "ხელოვნებისადმი სოციოლოგიური თვალსაზრისით მიდგომის ნაყოფიერება უეცრად გამიჩნდა რამდენიმე წლის წინ, როცა მუსიკაში ახალ ეპოქაზე მომიხდა წერა, რომელიც დებიუსიდან იწყებოდა".

     კულტურის ყოველი დარგის სოციოლოგია, იქნება ეს რელიგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, მეცნიერების, განათლებისა თუ სხვა, ერთი სქემით ხელმძღვანელობს: შესაბამისი დარგის გავლენა საზოგადოებაზე და საზოგადოების უკუქმედება ამ დარგზე. ეს სქემა არ იცვლება მაშინაც, როდესაც საქმე გვაქვს კულტურასთან, როგორც მთელთან. კულტურის სოციოლოგია მისი ცალკეული დარგების სოციოლოგიათა ანალოგიურ ამოცანას ისახავს. კულტურის როლს საზოგადოების მიმართ და საზოგადოებისა - კულტურისადმი. როდესაც კულტურის სოციოლოგიის შემქმნელი ალფრედ ვებერი კულტურის სოციოლოგიურ ანალიზს იწყებს, მიუთითებს, რომეს ანალიზი თავისი არსებით არ იქნება მაქს ვებერის რელიგიის სოციოლოგიური ანალიზისაგან განსხვავებული, რომელიც მაქსმა გააკეთა ნაშრომში"პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული", რადგან სწორედ ამ შრომაშია განხორციელებული კვლევა, რომლის ამოცანაა რელიგიისა და საზოგადოების განვითარებაში ამ საზოგადოების ერთი პერიოდის - კაპიტალიზმის მიმართების გარკვევა რელიგიასთან. კერძოდ, რა გავლენას ახდენს პროტესტანტული ეთიკა კაპიტალიზმის სულზე და როგორ განვითარდა კაპიტალისტურ საზოგადოებაში პროტესტანტული სულისკვეთება. მართალია, ალფრედ ვებერთან კვლევის საგანია კულტურისა და საზოგადოების, ხოლო მაქს ვებერთან რელიგიისა და საზოგადოების მიმართება, მაგრამ ეს ერთი რიგის ამოცანაა. ამიტომ ალფრედ ვებერი არა თუ არმიჯნება მისი ძმის კვლევას, პირიქით, მიიჩნევს, რომ ისინი ერთ ამოცანას ემსახურებიან.

      კულტურის სოციოლოგიის საგანი არ ამოიწურება კულტურისა და საზოგადოების მიმართების განხილვით. კულტურა არა მარტო საზოგადოებასთან როგორც მთელთან არის მიმართებაში, არამედ მის ყოველ დიდ შემადგენელ კომპონენტთანაც. თუ საზოგადოების ოთხ კომპონენტიან სისტემას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც საზოგადოება შედგება კონცეპტების, ურთიერთობების, ღირებულებებისა და ნორმებისაგან (სმელზერი), არსებობს საზოგადოების სტრუქტურისა თუ კომპონენტირების სხვა სქემებიც, მაგრამ მთავარია იმის გაცნობიერება, რომ კულტურის სოციოლოგიას საქმე აქვს კულტურის მიმართებასთან საზოგადოების თითოეულ კომპონენტთან და საზოგადოებაში არსებულ ყველა ფენომენთან. იქნება ეს მსოფლმხედველობა, მეცნიერება, იდეოლოგია, სახელმწიფო თუ სხვა. ამფენომენთაგან ზოგიერთი კულტურის შემადგენლობაში მოიაზრება და მათთან მიმართების შემეცნება იქნება მთელისა და ნაწილის, სისტემისა და ელემენტის კავშირის განხილვა. შემთხვევითი არაა, რომ ხშირად განიხილავენ კულტურისა და თამაშის, კულტურისა და დასვენების, კულტურისა და დროის ბიუჯეტის მიმართებას. ეს და მსგავსი სფეროები თუ ხდომილებები გარკვეულწილად კულტურითაა განსაზღვრული და კულტურული დონის მაჩვენებლადაც გვევლინება.

      აქამდე ვმსჯელობდით კულტურის საზოგადოებასა და მის კომპონენტებთან მიმართების სისტემაზე, მაგრამ კულტურის სოციოლოგიას მხოლოდ ეს არ აინტერესებს. მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია კულტურის დინამიკის, მისი ცვალებადობის ასპექტების შემეცნება. კულტურის განხილვა საკუთარ ისტორიულ განზომილებაში აუცილებელია, რამდენადაც კულტურას შინაგანი კანონები განსაზღვრავს და მისი ცვალებადობა დამოკიდებულია საკუთარ ელემენტთა დინამიკაზე. სამყაროში ყველაფერი იცვლება და, ბუნებრივია, საზოგადოებაც, მის კულტურასთან ერთად, ცვალებადობას ექვემდებარება. ერთ შემთხვევაში, კულტურის კომპონენტთა და, შესაბამისად, მთელი კულტურის ცვლილებაც შეიძლება ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდეს, როდესაც განვითარების ტრადიციულად დაკანონებული ტემპები და საზრისი არ იცვლება, ხოლო კულტურის კომპონენტებს შორის, ჰარმონიულობა და ერთიანობა სუფევს.

      ამ ვითარებაში ფრომის ენაზე რომ ვთქვათ, კულტურა და საზოგადოება ჯანსაღი განვითარების გზით მიდის. საზოგადოებასაც და კულტურასაც ცვალებადობის არარიტმული ქაოსური მოუწესრიგებელი პერიოდებიც ახასიათებს, როდესაც ირღვევა საზოგადოებისა და კულტურის კომპონენტებს შორის თანაფარდობა. ცვალებადობა ხდება ცვალებადობისათვის. "მოძრაობა ყველაფერია, მიზანი - არაფერი". ასეთი ვითარება წარმოშობს კულტურის პათოლოგიას, რასაც კულტურის კრიზისი ეწოდება. კულტურის სოციოლოგია კულტურის ცვალებადობის რიტმის, მისი არითმიისა და პათოლოგიის ძირითადი ნიშნების დამდგენია და, ამდენად, მის ამოცანაში, კულტურის ვითარების დიაგნოზირებაც შედის. ამ მიზნით, კულტურის სოციოლოგია კულტურის მოძრაობის მიმართულებას იმეცნებს, არკვევს ამ მოძრაობის საზრისიანობა-უსაზრისობას, ადგენს თანაფარდობას კულტურის ძირითად კომპონენტებს შორის. მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურა, როგორც სისტემა კულტურის სოციოლოგიის განხილვის საგანია ისე, როგორც ამ სისტემისა და მისი ელემენტების მიმართება. ასევე კულტურის სისტემის, მისი მატარებელი საზოგადოებისადმი დამოკიდებულება.

     კულტურის სოციოლოგიის ამოცანა არ შემოიფარგლება კულტურის დიაგნოზით. დიაგნოზი იმის წინაპირობაა, რომ კულტურის ოციოლოგიამ კულტურის პათოლოგიური ვითარებიდან გამოსაყვანი გზები ეძებოს. კულტურის კრიზისი საზოგადოების კრიზისიცაა. კულტურის სოციოლოგიის, ისე, როგორც საერთოდ, სოციოლოგიის ამოცანაა დაეხმაროს კულტურასა და საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლაში. კულტურის თერაპია კულტურის სოციოლოგიის ერთ-ერთი არსებითი პრობლემაა. ამ თერაპიის გზა კულტურის კრიტიკაზე გადის. კულტურითა და თავისი საქმიანობის შედეგებით კმაყოფილი ადამიანი კულტურისა და ადამიანის კრიზისის მაჩვენებელია. გასეტი მართებულად აღნიშნავს, რომ თვითკმაყოფილება ადამიანის გაუცხოების წყაროა. კულტურისადმი კრიტიკული პოზიცია, მისი გაჯანსაღებისა და საზრიანი მიმართულებით ცვლილების წყაროა. ის ერთნაირად აუცილებელია როგორც კულტურის დიაგნოსტიკაში ისე მის თერაპიაში.

      კულტურის კრიტიკის როლი კულტურის თეორიის მიმართ, კულტურის დიაგნოზირება და კრიზისიდან გამოყვანის გზების ძიება მთელი სიღრმით გაანალიზებულია ედუარდ შპრანგერის თხზულებათა მეხუთე ტომში თავმოყრილ კულტურის თეორიის მასალებში, რომელსაც ჰქვია "კულტურის ფილოსოფია დაკულტურის კრიტიკა". კულტურის ფილოსოფიად მიჩნეული კულტურის თეორიის პრობლემები ერთნაირად ეხება როგორც კულტურის ფილოსოფიურ, ისე სოციოლოგიურ საკითხებს. მათ შორის განსხვავება ამოცანის განხორციელების გზებშია. კულტურის ფილოსოფია მიდის მეტაფიზიკური, კულტურის სოციოლოგია - ემპირიული გზით. კულტურის სოციოლოგია ამ ფენომენისადმი მეცნიერული მეთოდების მიყენების მცდელობაა, რომელსაც როგორც კულტურის მკვლევარებიც აღიარებენ, აქამდე არჰქონია ადგილი.

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტურის სოციოლოგიის საგანი და ამოცანები

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1231

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters