16 აგვისტოს, (ძვ. სტ. 3 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს პირველმოწამე რაჟდენს!

პირველმოწამე რაჟდენი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

     პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსეთიდან იყო, საზოგადოების მაღალი ფენიდან - დიდებულთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო და სწორედ მაშინ დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, გაქრისტიანდა და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა და "საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი".

     ღვისმოშიში და მართლმორწმუნე რაჟდენი ხშირად ესწრებოდა საღმრთო მსახურებებს, ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. ნათისღების შემდეგ იგი კიდევ უფრო წარემატა სათნოებებში და თავის სულში აღანთო მასზე მოფენილი სულის მადლი. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლისა და უკვდავების სასმელის შესმის ღირსი გამხდარიყო. ღვთისმსახურებით შემკულმა ნეტარმა რაჟდენმა სიყრმიდან ღვთისმსახურებაში აღზრდილთ გაუსწრო.

     ეკლესიის გაძლიერებისათვის იღვწოდა ვახტანგ მეფე: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.

     მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.

     ხანგრძლივი ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.

     ომის დროს თავი ისახელა "ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა" - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.

     სპარსელები მოულოდნელად გარს შემოერტყნენ რაჟდენს და გზა მოუჭრეს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. პეროზმა დიდად გაიხარა ქართველთა რჩეული მხედრის ხელში ჩაგდებით და მხიარულად მიმართა ტყვექმნილს: "გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა! სად უკუე იყავ ესოდენთა ამათ ჟამთა, რაჲსათჳს უარ გიქმნიეს მამული შჯული და შედგომილ ხარ სჯულსა უცხოსა, რომელი არა გასწავეს მამათა შენთა და ბრწყინვალისა მზისა წილ და ცეცხლისა და სხუათა მათ მნათობთა მსახურებ ჯუარცმულსა კაცსა, რომელი ჰურიათა მოაკუდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხიეს, ანუ არა ესე ყოველი ესრეთ არსა?"

     რაჟდენმა გაბედულად მიუგო: "ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტეანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმრთოებაჲ და არღარა თაყუანის-ვსცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი, რაჲ არს მათ შინა ხილულნი ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს".

     პეროზ მეფე ფიქრობდა, რომ თუ გაბრაზებას დამალავდა, დაყვავებითა და პატივის ცემით მოიგებდა რაჟდენის გულს და უთხრა: "ისმინე, რაჟდენ, და დაუტევენ უხმარნი ეგე სიტყუანი და ერჩდი ბრძანებათა ჩუენთა და მიგანიჭნეთ პატივნი და დიდებანი უფროჲს პირველისა და გყოთ თანაზიარ დიდებისა ჩუენისა და იყო საკუთარ მეგობარ და საყუარელ ჩუენდა. და უკუეთუ არა ყო, სიკუდილითა მწარითა და სატანჯველითა მრავალფერითა მოგაკუდინოთ შენ".

     რაჟდენმა მეფეს მოუსმინა, შემდეგ კი მიუგო: "რაჲ არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, არა საწუთრონი არიან და მსგავსად სიზმრისა განქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? ხოლო სული უკუდავ არს და უკუდავადაც ჰგიეს, და უკუეთუ ვისმინო ბრძანებისა შენისა და ვერჩდე თქმულთა შენთა, არა მოვკუდეა მეცა, ვითარცა ზოგად ყოველნი კაცნი და მერმე საუკუნოდ ვიტანჯებოდე ცეცხლსა შინა უშრეტსა და სიმდიდრე შენი აქავე დაუტევო, ხოლო უკუთე მოვკუდე ქრისტესთჳს, უკვდავ ვიქმნე საუკუნოდ და მის თანა ვსუფევდე".

     უსჯულო განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სასტიკად ეცემათ წმიდანი. წამების ოსტატებმა ძირს დასცეს წმიდა რაჟდენი და საშინლად სცემეს, კბილები ჩაულეწეს, სახე სისხლით შეუღებეს, ციცაბო კლდეზე ათრიეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

     დილეგში მყოფი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, მიენიჭებინა მისთვის მოთმინების ძალა, რომ არ ეღალატა ქრისტესთვის. სპარსელები საპყრობილეშიც ბევრს ეცადნენ წმიდანის გადაბირებას, მაგრამ ამაოდ.

     გაიგეს მცხეთაში რაჟდენის ტყვედ ჩავარდნის და წამების ამბავი. პეროზ მეფეს რამდენიმე წარჩინებული ქართველი ეახლა და მცირე ხნით რაჟდენის განთავისუფლება სთხოვა. პეროზმა რაჟდენს უკან დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და მცხეთაში გაუშვა.

     რაჟდენს სანახავად მეფე ეწვია. გაიხარა ღვთისმოყვარე მეფემ, ამბორს უყო და სიყვარულით მოიკითხა. სიხარულით აივსო სახლეული, რადგან არ ელოდნენ მის ხილვას. როცა ცოლმა გაიგო, რომ რაჟდენი ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, შეევედრა მეუღლეს: "რად ესრეთ განგიწირავს ცხორებაჲ თჳსი და მიგიცემიეს თავი შენი სიკუდილად და ჩუენცა სრულიად ოხერ და ობოლ გუყოფ? ჰყოფდი ბრძანებასა მათსა და იხსენ თავი შენი და ჩუენცა, რათა არა ბოროტად მოკუდე შენ და ჩუენ სიკუდილითა შენითა მივეცნეთ განსაცდელსა მწარესა და მწუხარებასა ძნელსა". წმიდა რაჟდენმა რბილად უსაყვედურა ცოლს: "რად ესრეთ ბოროტისა განმზრახ მექმნები, დედაკაცო, ვითარცა ევა, ანუ ვითარცა ცოლი იგი იობისი, რაჲთამცა ვისმინე შენი და ვიქმნეცა ვითარცა ადამ, უკუდავებისა წილ მოკუდავ და უხრწნელებისა წილ განხრწნილ და მიწად ქცეულ..."

     ღირსი რაჟდენი კვლავ უკან დაბრუნდა. მობრუნებულს გზად მის შესაპყრობად გამოგზავნილი მხედრების რაზმი შემოეყარა. წმიდა რაჟდენმა ახოვნად აღიარა, რომ იგი იყო, ვისაც ეძებდნენ. უღმერთოებმა შეიპყრეს იგი, ისევ უწყალოდ სცემეს ჯოხებით, შეკრეს, გაიგდეს წინ და მეფეს მიჰგვარეს. პეროზი ისევ შეეცადა რაჟდენის გადაბირებას, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდა, მაგრამ რაჟდენმა კადნიერად მიუგო: "ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკუდილმან ანუ ცხორებამან, სიმდიდრეთა ანუ სიგლახაკეთა, ვერარამან შეუძლოს განყენებაჲ ჩემი სიყუაისავე დათმენად".

     განრისხებულმა პეროზმა ბრძანა, წრომს დაბანაკებულ სარდალთან გაეგზავნათ რაჟდენი, თან შეუთვალა: უკუეთუ ისმინოს, პატივით გაისტუმრეთ, თუ არა - ისე აწამეთ, დასამარხადაც არ ვარგოდეს მისი ხორციო.

     წრომში მყოფმა სარდალმა კარგად იცოდა რაჟდენის მამაცობის ამბავი, ამიტომ დიდად გაუხარდა, როდესაც პირადად ნახა იგი და ტკბილი სიტყვებით შეეცადა მის გადაბირებას. წმიდანმა მტკიცედ მიუგო: "რაჲსა მაიძულებთ, უსჯულონო, ცხოველისა ღმრთისა დატევებად, რომელმან დაბადა ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა... მე პატიჟნი თქუენნი და ნიჭნი გინებად შემირაცხიან, რომელი დღეს არს და ხვალე არღარა. აწი რომელიცა გენებოსთ, ყავთ იგი, რამეთუ მე მზა ვარ დათმენად ყოველთა ძჳრთა ქრისტესთჳს".

     ღირსი რაჟდენი განრისხებულმა მთავარმა სასტიკად აწამა . თავ-პირში ურტყეს, კბილები ჩაუმსხვრიეს, ღაწვნი დაუმტვრიეს. ნეტარი კი ისევ მადლობას სწირავდა ღმერთს და სულით ხარობდა, რომ ქრისტეს მსგავსად იტანჯებოდა.

     წმიდა რაჟდენი კვლავ შეაგდეს საპყრობილეში. მაცხოვარი არ შორდებოდა მას, ანუგეშებდა და აძლიერებდა. წმიდა რაჟდენს სულ უფრო და უფრო ემატებოდა სიმხნე მომავალი ღვაწლის მიმართ.

     მრავალგზის სცადეს მწვალებლებმა წმინდანის მოთაფლვა, მაგრამ მაინც ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.

     "ვინაჲთგან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქუს სასოებაჲ, რაჲთა ესეცა ძელითა აღესრულოს", - გამოუტანეს განაჩენი წმიდანს, შემდეგ კი "აღმართეს ძელი იგი და მას ზედა დამსჭუალეს ტარიგი ქრისტესი". მის გვერდით ძელებზე ჩამოჰკიდეს ხუთი ავაზაკი, როგორც იესო ორ ავაზაკს შორის. ჯვარზე გაკრულ წმიდა მოწამეს ისრები დაუშინეს. ნატყორცნ ისრებს, სხულიდან ამოაძრობდნენ და ისევ ურჭობდნენ. მთელი სხეული ჭრილობებით დაუსერეს. წმიდანის ბოლო სიტყვები იყო: "ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა". ეს მოხდა 457 წლის 3 (16) აგვისტოს.

     წმიდა რაჟდენის წამების დღეს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა, ისე როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, ამოვარდა სასტიკი ქარი, გაფანტა ყველა იქ შეკრებილი, მათ შორის მცველნიც, ურჯულო მთავარმა რომ დაადგინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ მისი ცხედარი და არ დაეფლათ მიწაში, ფრინველებს და მხეცებს რომ შეეჭამათ იგი.

     ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, გარდამოხსნეს, ჯვრიდან წმიდა მოწამის გვამი და ფარულად მიწას მიაბარეს.

     რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მშვიდობამ დაისადგურა. წმიდა ვახტანგ გორგასალმა წმიდა რაჟდენის ნაწილთა მოძიება დაიწყო. არავინ უწყოდა დაკრძალვის ადგილი მღდლის გარდა. ერთ ღამეს წმიდანი დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილი ეჩვენა მღვდელს და უთხრა: ხუცეს, აღდეგ, ნუღარ აყოვნებ, მეფეს სურს იხილოს ჩემი ნაწილნი და შემეგებოს, წადი, აუწყე სად ასვენია და სადაც თვით ენებოს, იქ დაასვენოს ისინი.

     შიშითა და სიხარულით აღსავსე ხუცესი მყის წავიდა მეფესთან და აუწყა როგორ, როდის და სად იყო დაკრძალული წმიდა რაჟდენი, როგორ ეჩვენა მას და რა ამცნო.

     მეფე გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, მადლობა შესწირა უფალს და სანატრელ მოწამეს. მან მყის მოუხმო თავისი სამეფოს ეპისკოპოსებს და სხვა სამღვდელო პირებს. მიავლინა ისინი უამრავი საჩუქრებით სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო ღვაწლმოსილი მოწამის მრავალმოღვაწე გვამი.

     წრომს მიაღწიეს, მოწამის ცხედარი ამოასვენეს შიშითა და კრძალვით . ენით უთქმელი სურნელება მიმოეფინა მთელ იმ მიდამოს. წმიდანის ნეშტი წაასვენეს გალობით, სანთლებით, კერეონებით და საკმველეთა სურნელებით ნიქოზს, ვახტანგ მეფის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო ეკლესიაში. მეფე და დედოფალი შორს მიეგებნენ დიდი სურვილით და სარწმუნოებით, ცრემლით ეამბორნენ მთავართა და დიდებულთა თანხლებით. ისინი ქვეითად მიჰყვებოდნენ წმიდანის ცხედარს.

     ამის შემდგომ მოწამის სურვილითა და მოწოდებით მეფემ წმიდა რაჟდენის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგო უჯარმის ციხეში და ერთი სხვა ეკლესია უჯარმის ველზე, რომელსაც სამგორს უწოდებენ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 16 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, პირველმოწამე, რაჟდენობა

ნახვა: 1269

გამოხმაურებები!

ვულოცავ სრულიად საქართველოს!...

წმინდა რაჟდენის მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters