რენე დეკარტი - მეტაფიზიკური მედიტაციები

მეორე მედიტაცია

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

ადამიანის გონის (L ’ ESPRIT) ბუნების შესახებ მისი შეცნობის უპირატესობა სხეულის ბუნების გაგებასთან შედარებით

      გუშინდელმა მედიტაციამ ეჭვებით ისე აღმივსო გონება, რომ ამიერიდან მათი დავიწყება Gაღემატება ჩემს ძალას. იმასაც ვერ ვხედავ, როგორ შევძლებდი მათ გადაწყვეტას. ასე მგონია, მოულოდნელად ჩავვარდი ღრმა მორევში და, თავზარდაცემულს, არც ფსკერზე ფეხებით დაყრდნობა შემიძლია და არც ცურვით წყლის ზედაპირზე ამოსვლა. თავს ძალას დავატან და შევეცდები, კვლავ იმ გზით წავიდე, გუშინ რომ დავადექი; გავერიდები როგორც ძირისძირობამდე მცდარს, ისე ყველაფერს, რაც ჩემში თუნდაც იოტისოდენ დაეჭვებას გამოიწვევს. ამ გზას გავყვები მანამდე, ვიდრე არ შევიცნობ რაიმე უტყუარს ანდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამის, როგორც უტყუარის, მიუღწევლობის გამო არ შევიტყობ, რომ ნამდვილად არაფერია უტყუარი ამქვეყნად.

      არქიმედე, ადგილიდან დედამიწის სფეროს დასაძრავად მხოლოდ ერთ მყარ და უძრავ წერტილს ითხოვდა; ჩემი იმედიც ის არის, რომ აღმოვაჩინო თუნდაც უმცირესი ვითარება, რომელიც იქნება უეჭველი და უთუო. ამრიგად, ვუშვებ, რომ ყველა საგანი, რომელსაც მე ვხედავ, მცდარია; ვარწმუნებ თავს, რომ არასოდეს არსებულა ის, რასაც ჩემი მაცდური მეხსიერება წარმომიდგენს, არ გამაჩნია არავითარი გრძნობა; სხეული, ფორმა, განფენილობა, მოძრაობა და ადგილი მოჩვენებებია. მაშ რაღაა ჭეშმარიტად ნამდვილი? ალბათ, ერთადერთი: არაფერია ჭეშმარიტი!

      მაგრამ საიდან ვიცი, იქნებ არსებობს ისეთი რამ - ჩემ მიერ ახლახან ჩამოთვლილ საგნებისაგან სრულიად განსხვავებული, რომლის ნამდვილობაში დაეჭვების უმცირესი საბაბიც არ იქნება?! ხომ არ არსებობს რაიმე, ან ვინმე - ღმერთი, ან მნიშვნელობა არა აქვს რას ვუწოდებ მას, რომელიც მინერგავს ამ აზრებს? არადა, რატომ არ შეიძლება თავად მე ვიყო აღნიშნული შეხედულებების ავტორი? თუ ეს ასეა, ხომ არ ვარ თავად მე რაიმე? მაგრამ მე ხომ უკვე ვაღიარე, რომ არავითარი გრძნობა, არავითარი სხეული არ გამაჩნია და მაინც ვყოყმანობ, რადგან რა გამომდინარეობს აქედან? ნუთუ იმდენად მიჯაჭვული ვარ სხეულსა და გრძნობებზე, რომ მათ გარეშე არ შემიძლია არსებობა? მაგრამ მე ხომ დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ ამქვეყნად საერთოდ არაფერი არ არის: არც ცა, არც მიწა, არც სული /ლ ’ ესპრიტ/, არც სხეული; იქნებ ისიც დავიჯერე, რომ მეც არა ვარ? სრულიადაც არა! მე ვარ, რადგან, ყოველ შემთხვევაში, რაღაცაში დავრწმუნდი. მაგრამ ხომ არის, რაღაც, ან ვიღაც მაცდური, უძლიერესი და ვერაგი, რომელიც მთელ თავის ოსტატობას ყოველთვის იყენებს ჩემს მოსატყუებლად. თუ ეს ასეა, ეჭვგარეშეა, რომ მეც ვარ, რაკი იგი მე მატყუებს; დაე, იმდენი მატყუოს, რამდენიც გაეხარდება, მაინც ვერასოდეს მოახერხებს, რომ მე არაფერი ვიყო, ვიდრე ვფიქრობ, რომ მე რაღაც ვარ. ამგვარად, მას შემდეგ, რაც კარგად მოვიფიქრე და ავწონ-დავწონე ყველაფერი, უნდა საბოლოოდ განვაცხადო, რომ ეს დებულება: მე ვარ, მე ვარსებობ - ყოველთვის, როცა კი მე მას წარმოვთქვამ, ანდა გონებით ვაცნობიერებ, აუცილებლად ჭეშმარიტია.

      მაგრამ საკმაოდ ნათლად ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორი ვარ, ვინ ვარ მე, რომელიც ამჟამად დარწმუნებულია საკუთარ არსებობაში. ამიერიდან დიდი სიფრთხილე მმართებს, რათა დაუდევრობით რაიმე სხვა არ მივიჩნიო იმად, რაც მე ვარ და მცდარად არ მივიჩნიო ის ცოდნა, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველაზე ჭეშმარიტი და ყველაზე ცხადია. სწორედ ამიტომ ხელახლა შევუდგები ყოველივე იმის მედიტაციას, თუ რად მიმაჩნდა ჩემი თავი მანამდე, ვიდრე ამგვარ აზრებამდე მივიდოდი. ამის შემდეგ, ჩემი უწინდელი შეხედულებებიდან ამოვძირკვავ ყველაფერს, რასაც თუნდაც მცირედით მაინც სადავოს გახდის ახლახან მოხმობილი ჩემი საფუძვლები, რათა საბოლოოდ დამრჩეს მხოლოდ ის, რაც სავსებით უეჭველი და უდავოა.

      რა მეგონა საკუთარი თავი აქამდე? ცხადია, ადამიანი. მაგრამ რა არის ადამიანი? იქნებ მოაზროვნე ცხოველი? რა თქმა უნდა, არა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახლა იმის ძიება მომიწევდა, თუ რა არის ცხოველი და რას ნიშნავს მოაზროვნე? ასეთი კითხვა უამრავ სხვა უფრო რთულ და მძიმე კითხვას აღძრავდა, მე კი აღარ მაქვს ამაოდ გასაფლანგავი თავისუფალი დრო, რომ ჩემი გამჭრიახობა გამოვცადო. უმჯობესია, მეტი ყურადღება გავამახვილო იმ აზრებზე, რომლებიც თავისთავად და ბუნებრივად ჩნდებოდა ჩემს გონებაში ყოველთვის, როდესაც განვიხილავდი თუ რა ვიყავი. თავდაპირველად, ცხადია, ჩემს გონებას წარმოუდგებოდა ის აზრი, რომ მე მქონდა სახე, ხელები, მკლავები და ორგანოთა მთელი ეს წყობა, რომელიც ცხედარშიც შეგვიძლია დავინახოთ და რასაც სახელად ვუწოდებდი სხეულს. ამას გარდა, ჩნდებოდა ის აზრიც, რომ ვიკვებებოდი, დავდიოდი, ვგრძნობდი, ვაზროვნებდი და ყველა ამ ქმედებას, ცხადია, მივაწერდი რაღაც სულს, მაგრამ რა იყო ეს სული, ამის გაგებაზე ან საერთოდ არ ვჩერდებოდი, ანდა წარმოვიდგენდი მას რაღაც უჩვეულოდ პაწაწინად, სიოს, ცეცხლის ალისა თუ ეთერის მსგავს რამედ, რომელიც გაფანტული უნდა ყოფილიყო ჩემი არსების უტლანქეს ნაწილებში. რაც შეეხება სხეულს, ოდნავადაც არ მეეჭვებოდა მისი ბუნება, მას კარგად ვიცნობდი. თუ მოვისურვებ მის გაგებას, როგორადაც მას შევიცნობდი მენტალურად, აი, როგორ აღვწერდი მას: სხეული მე მესმის როგორც ყველაფერი, რაც შეიძლება ზღვარდებული იყოს რაღაც ფიგურით, მდებარეობდეს რომელიმე ადგილას და ავსებდეს გარკვეულ სივრცეს ისე, რომ გამორიცხული იყოს იქ არსებობა ნებისმიერი სხვა სხეულისა; სხეული აღიქმება შეხებით, მხედველობით, სმენით, გემოთი ან ყნოსვით; იგი შეიძლება ასრულებდეს მრავალი სხვადასხვა სახის მოძრაობას, ცხადია, არა თავისით, არამედ სხვა რამის წყალობით, მასთან შეხების გზით. ჩემი აზრით, თავისით მოძრაობის უნარი, ისევე როგორც გრძნობისა თუ აზროვნებისა, არანაირად არ ახასიათებდა სხეულის ბუნებას; და უმალვე ჩემს გაკვირვებას იწვევდა ამგვარ შესაძლებელ თვისებებს რომ ვამჩნევდი ზოგიერთ სხეულში.

      მაგრამ თავად მე რაღა ვარ, თუკი ვუშვებ, რომ ვიღაც - ძალზე ძლიერი და, თუ შეიძლება ამის თქმა, ბოროტი მაცდური მთელ თავის ძალასა და ოსტატობას იყენებს იმისთვის, რომ მომატყუოს? შემიძლია კი, დავამტკიცო, რომ მაქვს მცირედი რამ მაინც ყოველივე იქიდან, რაც გააჩნია სხეულის ბუნებას, რაზედაც ახლახან ვისაუბრე? მე ვახდენ ჩემი ყურადღების კონცენტრაციას, ვაზროვნებ, ვფიქრობ, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ პასუხის გასაცემად; ძალ-ღონე მელევა, მაგრამ ხელახლა, თუმცა ამაოდ, ვიწყებ იმავე ძიებას. იმ თვისებათაგან, რაც სულის /ლ ’ â მე/ ატრიბუტებად მივიჩნიე, ხომ არ მეკუთვნის რაიმე, თუნდაც კვება ან სიარული? მაგრამ, რაკი დავუშვი, რომ სხეული არ გამაჩნია, მაშინ სიარულიც და საზრდოობაც ფიქციები ყოფილა. იქნებ გრძნობა? ცხადია, უსხეულოდ გრძნობაც შეუძლებელია; გარდა ამისა, ძილის დროს მეგონა ბევრ რამეს ვგრძნობდი, მაგრამ გაღვიძებისთანავე ეს გრძნობა სრულებით ქრებოდა. აზროვნება? ამჯერად, ვამჩნევ, რომ აზროვნება არის ის, რაც მე მეკუთვნის. იგი ერთადერთია, რომლის განცალკევებაც ჩემგან არ შეიძლება. მე ვარ, მე ვარსებობ, - ეს უდავოა, მაგრამ რამდენ ხანს? ცხადია, მანამდე, ვიდრე მე ვაზროვნებ. შესაძლებელია ისიც, რომ თუ შევწყვეტ აზროვნებას, საერთოდ, მყისვე შევწყვეტ არსებობასაც. ახლა არაფერს დავუშვებ, რაც არ იქნება უცილობლად ჭეშმარიტი. მაშასადამე, თუ ზუსტად ვიტყვით: მე ვარ მხოლოდ ისეთი არსებული, რომელიც აზროვნებს, ე. ი. სული /l' esprit/, ანუ გონი /l' intelligence/, ანუ გაგება /l' edentment/, ანუ გონება /ლა რაისონ/; ეს ისეთი სიტყვები გახლავთ, რომელთა მნიშვნელობაც აქამდე ჩემთვის უცნობი იყო. ამრიგად, მე ვარ ჭეშმარიტი და ნამდვილად არსებული რამ. მაგრამ რა არსებული? ამ კი- თხვას უკვე ვუპასუხე - ისეთი არსება, რომელიც აზროვნებს.

      კიდევ რა? უნდა მოვუხმო ჩემს წარმოსახვას. მე არ ვარ ორგანოთა ის ნაკრები, ადამიანის სხეულს რომ უწოდებენ; არც ის გაიშვიათებული აირი ვარ, ეს ორგანოები რომ არის გაჯერებული, არც ქარი ვარ, არც ცეცხლი, არც ორთქლი, არც სიო, არც არაფერი ის, რაც ჩემს წარმოსახვას წარმოუდგენია. მე რაკი დავუშვი, რომ ყოველივე ეს არაფერია, აღარ ვცვლი ამ ვარაუდს. და მაინც, მე ხომ რაღაც არსება ვარ. შეიძლება მოხდეს, რომ თავად ის საგნები, რომლებიც, ჩემი აზრით, არაფერია, რაკი ჩემთვის უცნობია, სინამდვილეში არ განსხვავდებიან „მე” -საგან, როგორც არსებისაგან - რომელიც ჩემთვის ცნობილია. ახლა ამაზე არც ვკამათობ, ვიმსჯელებ მხოლოდ იმ საგნებზე, რომლებიც ჩემთვის ცნობილია. შეცნობილი მაქვს, რომ მე ვარსებობ; ვიკვლევ - რა ვარ ეს „მე”, რომელიც მე ვიცი. უეჭველია, „მე” -ს არსებობის შესახებ ცოდნა, აგებული ესოდენ ზუსტ მსჯელობაზე დამოკიდებული არ არის იმ საგნებზე, რომელთა არსებობაც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია, და, მაშასადამე, აღნიშნული ცოდნა არ ექვემდებარება იმას, რისი გამოგონებაც შესაძლებელია წარმოსახვით. თავად ეს ტერმინი - გამოგონება - მაფრთხილებს, შეცდომა არ დავუშვა. მართლაც, გამოგონება და ფიქცია იქნებოდა, თუ მხოლოდ წარმოვიდგენდი, რომ რაღაც ვარ, რადგან წარმოდგენა სხვა არაფერია, თუ არა რაიმე სხეულებრივი ვითარების ფორმის ან ხატის ჭვრეტა.

      მაგრამ, ამჟამად სრული რწმენით ვიცი, რომ მე ვარ, მაგრამ იმავდროულად ისიც შესაძლებელია, რომ ყველა ეს ფორმა თუ ხატი და საერთოდ ყველაფერი, რაც განეკუთვნება სხეულებრივ ბუნებას, სხვა არაფერია, თუ არა ზმანებისმიერი ხილვა. ამ შენიშვნების შემდეგ თუ დავაპირებ, მოვუხმო ჩემს წარმოდგენას, რათა უფრო გარკვევით გავიგო - რა ვარ მე - ეს ისეთივე უაზრობა იქნება, როგორც შემდეგი მსჯელობა: „ამჟამად მე მღვიძავს და ვხედავ რაღაც ჭეშმარიტ საგანს, მაგრამ რაკი ჯერ კიდევ საკმაოდ ცხადად არ ჩანს იგი, განზრახ ვიძინებ, რათა სიზმრებმა დამანახონ ეს საგანი უფრო მეტი ჭეშმარიტებითა და სიცხადით. ამრიგად, გავიგე, რომ არაფერი, რისი გაგებაც მე შემიძლია წარმოდგენით, არ მიეკუთვნება იმ ცოდნას, რაც გამაჩნია საკუთარ თავზე; საჭიროა, ძალზე გულდასმით მოაშლევინოთ გონებას საგანთა წარმოდგენითი აღქმა, რათა მან თავად, შეძლებისდაგვარად გარკვევით შეიცნოს თავისი ბუნება. მაშ რა ვარ მე? ისეთი რამ, რომელიც აზროვნებს. ეს რაღას ნიშნავს? ცხადია, ისეთ არსებულს, რომელიც ეჭვობს, გებულობს, ამტკიცებს დადებითად, უარყოფს, სურს, არ სურს, წარმოიდგენს და გრძნობს. თუ ამ თვისებათა ერთობლიობა მე მეკუთვნის, ეს ცოტა არ არის. მაგრამ რატომ არ უნდა მეკუთვნოდნენ ისინი მე? განა ამჟამად მე ეჭვით არ ვუყურებ ყველაფერს და მაინც მჯერა, რომ რაღაც არის, ვამტკიცებ, რომ მხოლოდ იგია ერთადერთი ჭეშმარიტი, ყველა დანარჩენს კი უარვყოფ; ამასთან მსურს ვიცოდე უფრო მეტი, არ მინდა შევცდე, ჩემდაუნებურად წარმომიდგება მრავალი რამ და ბევრ მათგანს ისევე ვგრძნობ, როგორც გრძნობებიდან მომდინარეთ? განა ყოველივე ეს ისევე ჭეშმარიტი არ არის, როგორც ჭეშმარიტია ის, რომ მე ვარ, თუნდაც გამუდმებით მეძინოს და თუნდაც ვინც მე შემქმნა მთელი თავისი ხელოვნება გამოეყენებინა ჩემს მოსატყუებლად? არის რაიმე, რაც განსხვავდება ჩემი აზროვნებისაგან ან ის, რაც შეიძლებოდა გამომეყო თავად ჩემგან? ის, რომ მე ვეჭვობ, მესმის და მსურს, იმდენად ცხადია, რომ აღარ საჭიროებს უფრო ნათლად ახსნას. მაგრამ ასევე თავად მაქვს წარმოდგენის უნარიც და თუმცა, შესაძლოა, ჩემი წარმოდგენის საგანთაგან არც ერთი არ იყოს ჭეშმარიტი, წარმოდგენის ეს უნარი რეალურად ხომ მაინც არსებობს, როგორც ჩემი აზროვნების კუთვნილი. დაბოლოს, მე თავად შევიგრძნობ, ე. ი. აღვიქვამ სხეულებრივ საგნებს თითქოს გრძნობის ორგანოთა მეშვეობით; მაგალითად, ამჟამად მე ვხედავ სინათლეს, მესმის ხმაური და ვგრძნობ სითბოს. მაგრამ მეტყვიან: ეს ყოველივე მოჩვენებითია, რაკი მათ ძილში შევიგრძნობ! ყველაფრის მიუხედავად, რაკი მეჩვენება რომ მე ვხედავ, მესმის, მცხელა, როგორ შეიძლება არ იყოს უტყუარი? ეს არის სწორედ ის, რასაც მე ჩემში ვუწოდებ გრძნობას და ზუსტად ამ აზრით იგი სხვა არაფერია, თუ არა აზროვნება.

      ვატყობ, ვახერხებ ცოტა უკეთ იმის გაგებას, თუ რა ვარ; მაგრამ ჯერ კიდევ მგონია და არც შემიძლია თავს დავუშალო იმის რწმენა, თითქოს სხეულებრივი საგნები, რომელთა ხატებსაც აზროვნება ქმნის და რომლებიც მისაწვდომია გრძნობებისათვის და გაიგება გრძნობებით, ბევრად უფრო გარკვევით ცნობილია ჩემთვის, ვიდრე თავად ჩემივე ის ნაწილი, რომელიც წარმოდგენისათვის მიუწვდომელია; რეალურად, ძალზე უცნაურია იმის მტკიცება, თითქოს მე უფრო გარკვევით მესმის ჩემთვის უცხო, უცნობი საგნები, რომელთა არსებობაც საეჭვოდ მიმაჩნია, ვიდრე ისინი, რომელთა არსებობის ჭეშმარიტებაშიც დარწმუნებული ვარ, რაც ნაცნობია და ჩემი ბუნების კუთვნილებაა; ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე უკეთ ვიცი. მაგრამ კარგად ვხედავ, რაც არის ეს: ჩემს გონებას მოსწონს ჩემი გზიდან გადაცდენა, რაკი ვერ აუტანია ჭეშმარიტების ზუსტ საზღვრებში რომ აქცევენ მას. მოდით, მოვუშვათ სადავეები და მივცეთ გონებას სრული თავისუფლება, რათა საჭირო დროს, მყისვე მოვჭიმოთ აღვირი და უფრო იოლად შევძლოთ მისი წარმართვა.

      განვიხილოთ ის საგნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიაჩნიათ ყველაზე უფრო ადვილად შესაცნობად; რა თქმა უნდა ეს ის საგნები იქნება, რომელთაც ვეხებით, ვხედავთ და არა საერთოდ საგნები - ზოგადი ცნებებით გამოხატული, რომლებიც, ჩვეულებრივ, უფრო ბუნდოვანია, ვიდრე რომელიმე კერძო საგანი. მაგალითისათვის ავიღოთ თაფლის ცვილი, რომელიც ახლახან ამოიღეს სკიდან; მას არ დაუკარგავს თაფლის სიტკბო, (რომელიც ფიჭის უჯრებში გროვდებოდა), ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი რაღაც იმ ყვავილთა სურნელი, რომელთა ნექტარსაც წოვდნენ ფუტკრები; სანთლის ფერი, ფორმა, სიდიდე თვალნათლივია- მყარია, ცივი, იოლად დასამუშავებელი; თუ დაარტყამთ, ბგერას გამოსცემს. ერთი სიტყვით, მას აქვს ყველა ის ნიშანი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საგნის გარკვევით შეცნობა. მაგრამ ამასობაში იგი მიაქვთ ცეცხლთან ახლოს: ცვილი დნება, თაფლის გემო ქრება, სურნელი ქროლდება, ფერი მკრთალდება, ფორმა იკარგება, სიდიდე იზრდება;ცხელდება ისე, რომ ხელს ძლივს შეახებთ; თუ დაარტყამთ, ბგერას აღარ გამოსცემს. ეს კვლავ იგივე ცვილია? რა თქმა უნდა! იგი რჩება სანთლად და არავინ უარყოფს ამას.

      მაშ რა იყო სანთელში გარკვევით ცნობილი? არაფერი, ყოველ შემთხვევაში იქიდან, რასაც მე აღვიქვამდი გრძნობებით, რადგან ყველაფერი, რაც რეალური Gანდა მხედველობის, სმენის, შეხების, ყნოსვისა და გემოს საშუალებით, აღმოჩნდა ცვალებადი; და მაინც სანთელი იგივეა. შესაძლოა, ისე მოხდა, რომ ეს სანთელი არც თაფლის სიტკბო იყო, არც ყვავილთა სურნელი, არც სითეთრე, არც ფორმა, არც ბგერა, არამედ მხოლოდ ისეთი სხეული, რომელიც ჯერ ერთი სახის მოდალობებით წარმომიდგებოდა, ამჟამად კი სხვა თვისებებით წარმომიჩნდა. მაინც, არსებითად, რა წარმომიდგენია მე, როდესაც ასეთი სიზუსტით განვსაზღვრავ ამ სანთელს? ყურადღებით განვიხილოთ, რა დაგვრჩება, თუ ჩამოვაშორებთ ყველაფერს, რაც სანთელს არ ეკუთვნის. ცხადია, დარჩება რაღაც წელვადი, დრეკადი, ცვალებადი. მაგრამ რა არის ეს დრეკადი და ცვალებადი? შემიძლია კი წარმოვიდგინო, რომ ეს მრგვალი სანთელი იქცეს ოთხკუთხედად ან ოთხკუთხედიდან - სამკუთხედად? ცხადია, არა, რადგან მას შეუძლია განიცადოს დაუსრულებლად ამ სახის ცვლილებები, მე კი უძლური ვარ უსასრულო ცვლილებები აღვიქვა წარმოდგენით; მაშასადამე, სანთლის შესახებ ცოდნა არ მომდინარეობს წარმოდგენის უნარიდან.

      რა არის განფენილობა? იქნებ ისიც ასევე უცნობია? როდესაც სანთელი დნება, იგი ფართოვდება, უფრო და უფრო იმატებს დუღილის დროს სითბოს მატებასთან ერთად. სანთლის შესახებ ჩემი მსჯელობა არ იქნებოდა ამომწურავი, თუ არ დავუშვებდი, რომ იგი თავისი სივრცობრივი განფენილობით შეიძლება უფრო მეტადაც იცვლებოდეს, ვიდრე მე ეს ოდესმე წარმომედგინა. მაშასადამე, დავეთანხმოთ აზრს, რომ წარმოდგენით არ შეიძლება იმის გაგება, თუ რა არის ეს სანთელი, რომ მე მას ვწვდები მხოლოდ ჩემი გონებით /ლ ’ ესპრიტ/. მე ვლაპარაკობ მხოლოდ ამ სანთელზე კერძოდ, რადგან ზოგადად სანთელზე ნათქვამი უფრო ნათელი იქნებოდა. მაინც როგორია ეს სანთელი, რომელიც მხოლოდ გონებით შეიცნობა? ცხადია, ეს იგივე სანთელია, რომელსაც ვხედავ, ვეხები, წარმომიდგენია; დაბოლოს, რომელიც ის არის, რომლის შესახებაც მუდამ ვფიქრობდი, რომ იგი ახლაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. ამასთანავე, უნდა შევნიშნოთ, რომ მისი პერცეფცია არ არის არც ხედვა, არც შეხება, არც წარმოდგენა და არც არასოდეს ყოფილა, თუმცა აქამდე ასე ჩანდა; ეს არის მხოლოდ გონითი ჭვრეტა, რომელიც, შესაძლოა, არასრულყოფილი და ბუნდოვანი იყოს, როგორც ადრე, ანდა ნათელი და გარკვეული, როგორიც ამჟამადაა; ეს იმის მიხედვით ხდება, რამდენად მეტ ან ნაკლებ ყურადღებას ვიჩენ მე იმის მიმართ, რაც მასშია და რისგანაც იგი შედგება.

      ძალზე გაოცებული ვარ, როდესაც ვამჩნევ, თუ რა სუსტია ჩემი გონება და როგორ შეუმჩნევლად ექვემდებარება ცდომილებებს. თუმცა მე ამგვარ რეფლექსიებს მივმართავ ჩემთვის, ჩუმად, მაინც სიტყვების მახეში ვებმევი და ჩვეულებრივი მეტყველების ტერმინები თავგზას მიბნევს; თუ სანთელი ჩვენ წინაშეა, ვამბობთ, რომ ვხედავთ ამ სანთელს; არ ვამბობთ, რომ იმავე ფერისა და ფორმის საფუძველზე ჩვენ გამოგვაქვს დასკვნა, რომ ეს იგივე სანთელია. აქედან თითქმის მზად ვარ, განვაცხადო, რომ თვალისმიერი ხედვით, და არა მხოლოდ გონითი ჭვრეტით შეიმეცნება სანთელი; თუ შემთხვევით ფანჯრიდან ქუჩაში გამვლელებს დავინახავ, ცხადია, ვიტყვი - ვხედავ ადამიანებს, ზუსტად ისე, როგორც ვამბობ, რომ ვხედავ სანთელს, თუმცა ფანჯრიდან მხოლოდ ქუდებსა და ლაბადებს ვხედავ, რომლითაც შესაძლოა, მოძრავი მანქანები იყოს დაფარული?! მე კი უმალ ვასკვნი, რომ ისინი ადამიანები არიან. ამგვარად, მხოლოდ განსჯის წყალობით, რომელიც ჩემს გონებაშია, მე ვიგებ იმას, რასაც მეგონა თვალით ვხედავდი. მაგრამ მას, ვინც ცდილობს საკუთარი ცოდნის დონე აიმაღლოს ზოგადზე მეტად, უნდა რცხვენოდეს, როდესაც ეჭვის მიზეზს მდაბიურ სამეტყველო ფორმებსა და ტერმინებში პოულობს. ამიტომ მივყვეთ და ყურადღებით განვიხილოთ, როდის უფრო მეტი სრულყოფილებითა და სიცხადით ვწვდებოდი რა იყო ეს სანთელი, როდესაც იგი პირველად შევნიშნე და დავიჯერე, რომ მას შევიცნობდი გარეგანი გრძნობების მეშვეობით ან, ყოველ შემთხვევაში, ზოგადი გრძნობით - როგორც მას უწოდებენ, ე. ი. წარმოდგენის უნარით, თუ ამჟამად, როდესაც მე საგულდაგულოდ, გამოწვლილვით გამოვიკვლიე, რა არის სანთელი და რა გზით შეიძლება მისი შეცნობა. ცხადია, ამის თაობაზე ეჭვი უგუნურება იქნებოდა. მართლაც, იყო თუ არა რაიმე გარკვეული პირველ პერცეფციაში, ან რა იყო მასში ისეთი, რაც ზუსტად ისევე არ იმოქმედებდა ნებისმიერი ცხოველის გრძნობაზე? როდესაც მე განვასხვავებ სანთელს მისი გარეგანი ფორმებისაგან და თითქოს საბურველმოხსნილს, შიშველს განვიხილავ, იქნებ ჩემს მსჯელობაში იყოს რაიმე შეცდომაც, მაგრამ მაინც არ შემიძლია მისი პერცეფცია ადამიანური გონების გარეშე. მაგრამ რას ვიტყვი თავად ამ გონის ე. ი. საკუთარი თავის შესახებ? რადგან ჯერ არ დამიშვია აზრი - სხვა არაფერია ჩემში გარდა გონისა /ლ ’ ესპრიტ/, რა უნდა ვთქვა ჩემზე მე, ვისაც მგონია, რომ შევიცნობ ამ სანთელს ასე გარკვევით? ნუთუ მე არ ვიცნობ საკუთარ თავს არა მხოლოდ უფრო მეტი ჭეშმარიტებითა და უეჭველობით, არამედ უფრო მეტი გარკვეულობითა და სიცხადით? თუ სანთელს ვხედავ და ამ საფუძველზე ვასკვნი მის არსებობას, რა თქმა უნდა, აქედან უფრო მეტი სიცხადით უნდა დავასკვნათ, რომ თავად მეც ვარსებობ. შესაძლოა, ის რასაც მე ვხედავ, სინამდვილეში სანთელი არ იყოს; ასევე შესაძლებელია, რომ არ მქონდეს თვალები მის დასანახავად, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, მე - მოაზროვნე, არ ვარსებობდე, რაკი მე ვხედავ ან, რაც იგივეა, რაკი მე ვფიქრობ, რომ ვხედავ. ამის მსგავსად, თუ მე ვიჯერებ სანთლის არსებობას იმის საფუძველზე, რომ ვეხები მას, ასევე უნდა ვირწმუნოთ ჩემი არსებობაც; თუ წარმოდგენის ანდა რაიმე სხვა მიზეზის საფუძველზე დავადგენ სანთლის არსებობას, იმავე დასკვნამდე მივალ. ის, რაც მე შევნიშნე სანთლის მიმართ, შეიძლება, გამოყენებული იქნას ჩემ მიღმა არსებული ყველა საგნის მიმართაც. მეტსაც დავსძენ - თუ სანთლის პერცეფცია უფრო გარკვეული მეჩვენა მას შემდეგ, რაც იგი შევიცანი არა მხოლოდ მხედველობითა და შეხებით, არამედ მრავალი სხვა მიზეზითაც, მით უფრო გარკვევით უნდა შევიცნო საკუთარი თავიც. ეს იმიტომ, რომ ყველა საფუძველი, რომელიც ხელს გვიწყობს სანთლის თუ ნებისმიერი სხვა სხეულის პერცეფციაში, იმავდროულად ბევრად უკეთ მოწმობს ჩემი გონის ბუნებას; გარდა ამისა, გონში არის იმდენი რამ, რასაც ძალუძს კიდევ უფრო ცხადი გახადოს მისი ცოდნა, რომ არც არის საჭირო, გათვალისწინებული იქნას სხეულისმიერი საფუძვლები.

      და აი, ბოლოს ერთობ ბუნებრივად მივაღწიე იმას, რაც მეწადა. მე უკვე გავიგე, რომ თავად საგნები შეიმეცნება არა სახელდობრ გრძნობებით ანუ წარმოდგენის უნარით, არამედ მხოლოდ გონებით და არ აღიქმება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვეხებით ან ვხედავთ, არამედ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ჩვენი გონების გაგების / l' inteleciotn/ ობიექტები არიან. მჯერა, არ არსებობს ჩემ გონზე / l' esprit/ უფრო იოლად და ცხადად შესაცნობი რამ. რადგან ძნელია ასე სწრაფად გადავეჩვიოთ ჩვეულ ძველ შეხედულებას, ამდენად მართებულია, აქ შევჩერდე, რათა ეს ახალი ცოდნა, ხანგრძლივი მედიტაციების გზით, უფრო ღრმად აღვბეჭდო ჩემს მეხსიერებაში.

« მედიტაცია პირველი

მედიტაცია მესამე »

ტეგები: Qwelly, გონი, დეკარტი, მედიტაცია, მეტაფიზიკა, სული, ფილოსოფია

ნახვა: 407

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters