არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი VII

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      არსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს, როგორც აღვნიშნეთ ადრე, როდესაც ამ მნიშვნელობებს ვიხილავდით. არსებული ნიშნავს საგანს, მის არსებას, თვისებას, რაოდენობას და სხვა ამგვარ კატეგორიას. არსებულის ამ მნიშვნელობებიდან ცხადია, რომ პირველი არის არსი, რაც საგანია[1]. რადგან კითხვაზე, როგორია ეს საგანი, ვპასუხობთ, რომ ის კარგია ან ცუდი და არ ვამბობთ, რომ ის სამი წყრთის[2] სიგრძის ან ადამიანია. ხოლო როდესაც ამ საგნის არსებას ვსაზღვრავთ, არ ვამბობთ, რომ ის თეთრია ან თბილი, ან სამი წყრთის სიგრძისა, არამედ ვამბობთ, რომ ის ადამიანია, ან ღმერთი. ყოველივე სხვას არსებული ეწოდება, ან როგორც არსებულის რაოდენობას, ან თვისებას ან მდგომარეობას და სხვა ამდაგვარს.

      გასარკვევია, თუ არსებულის რომელ სახეს განეკუთვნება სიარული, ჯანმრთელობა, ჯდომა და ყველა სხვა ამდაგვარი. არც ერთი მათგანი არ არსებობს არც თავისთავად და არც სუბსტანციისგან დამოუკიდებლად, არამედ არსებობს ის, რაც დადის ან ზის, ან ჯანმრთელია. ჯდომა და არსებობა კი მიეკუთვნება საგანს, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად არსებობს და, რომელიც მათი რაღაც განსაზღვრული სუბსტრატია, ესაა სწორედ სუბსტანცია[3] და დამოუკიდებლად არსებული საგანი. ეს ცხადი ხდება იმ კატეგორიებიდან, რომელიც მას ეხება, რადგან „კარგი“ და „მჯდომარე“ არ შეიძლება ხმარებულ იქნას მის გარეშე. აქედან ცხადია, რომ თითოეული მათგანი სუბსტანციის საშუალებით არსებობს. ისე რომ, სუბსტანციაა პირველად არსებული, არსებული საერთოდ და არა რამენაირად არსებული[4].

      არსებობას მრავალი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ის ყველაზე პირველია როგორც ცნების, ისე შემეცნების და დროის თვალსაზრისით. სხვა კატეგორიათა შორის მის გარდა, არც ერთი არაა დამოუკიდებელი, ის პირველია ცნების მიხედვითაც, რადგანაც ყოველი ცნება აუცილებლად შეიცავს არსების ცნებასაც. ყოველი მოვლენა მაშინ ვიცით კარგად, როდესაც ვიცით მისი არსება, მაგალითად, ადამიანის ან ცეცხლის არსება, ვიდრე მაშინ, როდესაც ვიცით მისი თვისება, რაოდენობა და მდგომარეობა. და თითოეული ამათგანიც მაშინ ვიცით კარგად, როდესაც ვიცით, თუ რაა თვით რაოდენობა, ან თვისობრიობა. როგორც უწინ, ახლაც და ყოველთვის საკვლევია და სადავო, თუ რაა არსებული, ე.ი. სუბსტანცია. ზოგი ამბობს, რომ ის ერთია, ზოგი კი - ერთზე მეტიაო. პირველთათვის ის განსაზღვრულია, მეორეთათვის კი განუსაზღვრელი. ამიტომაც ჩვენც ასევე, მეტწილად და უპირველესად ყოვლისა, როგორცა ვთქვით, მხოლოდ არსებულის არსებას ვიკვლევთ.

თავი 2

      როგორც ჩანს, ყველაზე უფრო სხეულებრივი სუბსტანციის არსებობაა ნათელი. თუმცა ცხადია, რომ ცხოველებიც, მცენარეებიც და მათი ნაწილებიც სუბსტანციები არიან. ასევე ბუნებრივი სხეულებიც: ცეცხლი, წყალი, მიწა და ყოველი სხვა ამდაგვარი და მათი ნაწილები; აგრეთვე ისიც, რაც მათი ნაწილებისაგან, თუ მთლიანად მათგან წარმოიშვა: ცა და მისი ნაწილები, ვარსკვლავები, მთვარე და მზე. ოღონც გასარკვევია, მხოლოდ ისინი არიან სუბსტანციები, თუ სხვაც, თუ ზოგიერთი მათგანი და სხვებიც, თუ არც ერთი ამათგანი და ზოგიერთი სხვა. ზოგი ამტკიცებს, რომ სხეულის საზღვრები, მაგალითად, სიბრტყე, ხაზი, წერტილი და ერთი სუბსტანციები არიან და უფრო მეტად ვიდრე, სხეული და სივრცე. გარდა ამისა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ შეგრძნებადის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს. ზოგიერთის აზრით, არსებობს ბევრი რამ, და არსებობს უფრო მეტად, ვიდრე შეგრძნებადი მოვლენები, მაგალითად, მარადიული საგნები.

      პლატონი უშვებდა ორი სახის სუბსტანციას: იდეებსა და რიცხვებს, მესამედ კი შეგრძნებად სხეულებსა თვლიდა.

      სპევზიპე კი, ერთიდან დაწყებული, უშვებდა მრავალ სუბსტანციას და ყოველი სუბსტანციის საწყისს. სხვა საწყისს იღებდა რიცხვებისათვის, ცალკე სიდიდეებისათვის და შემდეგ, სულისათვის, რითაც აფართოებდა სუბსტანციის ფარგლებს.

      ზოგიერთი ამბობს, რომ იდეებსა და რიცხვებს ერთი და იგივე ბუნება აქვთო. მათ შემდეგ არსებობენ ხაზები და სიბრტყეები, ციური და შეგრძნებადი სხეულების ჩათვლით.

      კვლევას მოითხოვს თუ რაა აქ სწორი ან არასწორი, ან რა სუბსტანციები არსებობენ, არსებობენ თუ არა შეგრძნებადის გარდა სხვა სუბსტანციები და როგორ არსებობენ ისინი, რომელია დამოუკიდებელი სუბსტანცია, რატომ და როგორ არსებობს ის, თუ არაფერი არ არსებობს შეგრძნებადის გარდა? ყოველივე ეს გამოსარკვევია და პირველ რიგში კი დადგენას მოითხოვს კითხვა იმის შესახებ, თუ რაა სუბსტანციის არსება?

თავი 3

      სუბსტანციაზე ვლაპარაკობთ თუ მრავალი არა, ოთხი ძირითადი მნიშვნელობით მაინც. სუბსტანცია, როგორც ჩანს, ნიშნავს კონკრეტულ საგანს, ზოგადს, გვარს და მეოთხე, ყველა ამათ სუბსტრატს. სუბსტრატი კი არის ის, რაზედაც ითქმის სხვა, თვითონ კი სხვაზე არასოდეს არ ითქმის. ამიტომაც პირველ რიგში ეს უნდა განისაზღვროს. ყველაზე უფრო მეტად სუბსტანცია უნდა იყოს პირველი სუბსტრატი. პირველი მნიშვნელობით სუბსტრატად შეიძლება მიჩნეულ იქნას მატერია, მეორე მნიშვნელობით - ფორმა და მესამით - მათგან წარმოებული[5].

      მატერიაში მე ვგულისხმობ, მაგალითად, სპილენძს, ფორმაში იდეას, რომელიც ქანდაკებაშია გამოხატული. მათგან კი წარმოსდგება მთელი, ამ შემთხვევაში - ქანდაკება. ამიტომ, თუ ფორმა წინ უსწრებს მატერიას და მასზე უფრო მეტად არსებობს, მაშინ ამავე მსჯელობით ის ორივესაგან წარმოებულზეც ადრე იქნება.

      ამრიგად, ჩვენ ზოგადად ვთქვით, თუ რას წარმოადგენს სუბსტანცია: რომ ის არ ითქმის სხვა სუბსტრატზე, არამედ სხვა ითქმის მასზე. მაგრამ მხოლოდ ეს მსჯელობა არაა საკმარისი, რადგან საკითხი არ ხდება ნათელი, გარდა ამისა, მატერია სუბსტანციად იქცევა. მაგრამ, თუ მატერია სუბსტანცია არაა, გადაუწყვეტელი რჩება თუ რაა სუბსტანცია. უარვყავით რა ყოველივე სხვა, არ ჩანს, თუ რა დარჩა სუბსტანციად. ყოველივე სხვა ხომ სხეულის მდგომარეობა, თვისება და უნარია. რაც შეეხება სიგრძეს, სიბრტყეს და სიღრმეს, ისინი სხეულის რაღაც რაოდენობრივი მხარე არიან და არა სუბსტანცია. სუბსტანცია რაოდენობა არაა, რადგან რასაც რაოდენობა ახასიათებს, როგორც პირველს, ისაა სწორედ სუბსტანცია; თუ ჩამოვაცილებთ სიგრძეს, სიბრტყეს, სიღრმეს, ვნახავთ, რომ არაფერი აღარ დაგვრჩება, იმის გარდა, რასაც ესენი განსაზღვრავენ. ამ თვალსაზრისით განხილვისას აუცილებლად მხოლოდ მატერიაღა მოსჩანს სუბსტანციად.

      მატერიაში თავისთავად მე ვგულისხმობ არა საგანს, არა რაოდენობას და არც სხვა რაიმეს, რომლითაც არსებული განისაზღვრება, არამედ იმას, რის შესახებაც ითქმის თითოეული ამათგანი და რომელსაც სხვაგვარი არსებობა აქვს, ვიდრე ყველა ამ კატეგორიას. ყოველივე სხვა ითქმის სუბსტანციაზე, სუბსტანცია კი მატერიაზე. ასე რომ, უკანასკნელი თავისთავადი არაა არც კონკრეტული საგანი, არც რაოდენობა და არც სხვა რაიმე, არც ამათი უარყოფა, რადგან ისინიც შემთხვევითნი არიან. ამ მოსაზრებებიდან კი გამომდინარეობს, რომ სუბსტანცია არის მატერია; მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან როგორც ჩანს, დამოუკიდებელი და გარკვეული სახით ყველაზე მეტად სუბსტანცია არსებობს. ამიტომაც ფორმა და ორივესგან წარმოშობილი უფრო მეტად არის სუბსტანცია, ვიდრე მატერია, ხოლო ორივესაგან წარმოშობილი კი არის კონკრეტული საგანი. მხედველობაში მაქვს ფორმისა და მატერიისაგან წარმოებული საგანი, მაგრამ ამის განხილვა გვერდზე უნდა გადავდოთ, რადგან ის მათ შემდეგაა, და ნათელიცაა. ასე თუ ისე ნათელია მატერიაც. საკვლევია მესამე, რაც ყველაზე მეტად რთულია.

      საყოველთაო აღიარებით სუბსტანციები რაღაც შეგრძნებადნი არიან, ასე რომ, სუბსტანციები, უპირველესად ყოვლისა, მათ შორის არიან საძიებელნი.

      მიზანშეწონილია კვლევა მიემართებოდეს უფრო მეტად ცნობილისაკენ, რადგან ცოდნას ყოველთვის ასე ვიღებთ: ბუნებრივად ნაკლებ ცნობილიდან მეტად ცნობილისაკენ მსვლელობით. მაგრამ როგორც პრაქტიკაში ძნელი საქმეა იმისაგან, რაც ერთისათვის არის სიკეთე, იმის მიღება, რაც საერთო და საყოველთაო სიკეთა, ასევე ძნელია ერთისათვის ცნობილიდან ბუნებრივად ცნობილისა და ყველსათვის ცნობილისკენ ძიების წარმართვა. მაგრამ ხშირად თვითონ ისაა ნაკლებად გასაგები, ან უმნიშვნელო, ანდა სრულიად არარსებული, რაც გასაგებია ინდივიდუმისათვის და რაც გასაგებია პირველ რიგში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმ მეთოდით, რომელზეც უკვე გვქონდა ნათქვამი, უნდა ვცადოთ თავისთავად ნაკლებად ცნობილიდან საყოველთაოდ ცნობილზე გადასვლა.

თავი 4

      რადგანაც დასაწყისში განვასხვავეთ, თუ რამდენი მნიშვნელობა აქვს სუბსტანციას და ამათგან ერთ-ერთი საგნის არსება აღმოჩნდა[6], ამიტომ ახლა ამის განხილვას უნდა შევუდგეთ.

      უპირველესად ყოვლისა, მის შესახებ ზოგი რამ შეიძლება ვთქვათ ლოგიკური გზით. მაგალითად, რომ თითოეული საგნის არსება არის ის, რასაც ეს საგანი თავად წარმოადგენს. მაგალითად, შენი არსება არაა ის, რომ შენ განათლებული ხარ. თუმცა ეს თვისება შენია, მაგრამ შენ თავისთავად განათლებული არა ხარ. მაგრამ არც ესაა ყველაფერი. ასევე არც თეთრია სიბრტყის არსება, რადგან სიბრტყედ ყოფნა თეთრად ყოფნას არ ნიშნავს. არსება არაა არც ის, რაც ორივესაგან არის შემდგარი, სიბრტყისა თეთრი ფერისაგან, სადაც დამატებით არის მოცემული თვითონ საგანი. მხოლოდ ის განსაზღვრება იქნება საგნის არსება, რომელშიაც არ იქნება მოცემული საგანი, მაგრამ საგანზე კი იქნება თქმული, მაგალითად, თუ თეთრი ზედაპირის არსება იგივეა, რაც გლუვი ზედაპირისა, მაშინ სიგლუვის და სითეთრის არსება ერთი და იგივე ყოფილა. რთული შედგენილობის საგნებს სხვა კატეგორიებიც უდგებათ. რადგან თითოეულ კატეგორიას, როგორც რაოდენობას, ისე დროს, ადგილსა და მოძრაობას აქვს რაღაც სუბსტრატი, ამიტომ საკვლევია, აქვს თუ არა თითოეულ მათგანს არსების ცნება, როგორც „თეთრ ადამიანს“, და რას ნიშნავს „თეთრ ადამიანად“ ყოფნა? სიტყვა ხომ საგნის სამოსია. რას ნიშნავს „სამოსის არსება“, მაგრამ არც ისაა თავისთავადი.

      „არათავისთავადი“ ორი მნიშვნელობით ითქმის: ერთი მათგანი შეკავშირების შედეგია, მეორე კი არა. ერთი ცნების მეორესთან დაკავშირება კი განსაზღვრებაა. მაგალითად, ვინც თეთრის არსებას საზღვრავს, ის ადგენს თეთრი ადამიანის ცნებას. მეორე შემთხვევაში კი იგივეს სხვა ემატება. მაგალითად, როდესაც „ტანსაცმელი“ „თეთრს“ ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ტანისამოსს განსაზღვრავს როგორც თეთრს. რა თქმა უნდა, „თეთრი ადამიანი“ „თეთრია“, მაგრამ მისი არსება „თეთრად ყოფნა“ არაა. ტანსაცმელის არსება კონკრეტულს ნიშნავს, თუ ზოგად? როდესაც ერთი მეორის შესახებ ითქმის პირველი არსება აღარ იქნება, მაგალითად, „თეთრი ადამიანი“ არაა კონკრეტული საგანი, რადგან კონკრეტული არსებობა მხოლოდ სუბსტანციებს აქვთ. ასე რომ, არსება იმ საგნებს აქვთ, რომელთა ცნება განსაზღვრებაა, ხოლო განსაზღვრება ყველგან კი არა გვაქვს, სადაც სიტყვას ცნებასთან იგივეობრივი შინაარსი აქვს, რადგან მაშინ ყველა ცნება განსაზღვრება იქნებოდა. სიტყვა რომ ნებისმიერ ცნებას გადმოსცემდეს, მაშინ „ილიადაც“ განსაზღვრება იქნებოდა. განსაზღვრება გვაქვს იქ, სადაც სიტყვა რაღაც პირველადს გადმოსცემს. პირველადი კი ისინი არიან, რომლებიც ერთიმეორეზე არ ითქმიან. ამრიგად, არსება სხვა არა არის რა, თუ არა სახეთა გვარი, რომელიც, როგორც ჩანს, არც თავის თანამოზიარეს შესახებ ითქმის და არც თვისებაა და არც შემთხვევითი ნიშანი. რა თქმა უნდა, შინაარსი აქვს ყველა სიტყვას, რომელიც რაიმე კონკტერულ საგანს აღნიშნავს და რაც უფრო მარტივია ცნება, მით უფრო ზუსტია ის[7], მაგრამ ის რაც განსაზღვრება იქნება და არც არსება. ან არადა განსაზღვრებას ისევე, როგორც არსებას, მრავალი მნიშვნელობა ექნება. მართლაც და, არსება ერთ შემთხვევაში ნიშნავს სუბსტანციას და კონკრეტულ საგანს, სხვა შემთხვევაში კი - ყოველგვარ კატეგორიას: რაოდენობას, თვისებას და სხვა ამდაგვარს. ისევე, როგორც არსებობა ყოველივეს ახასიათებს, თუმცა არაერთნაირად, არამედ ზოგს, როგორც პირველადი, და ზოგს კი, როგორც - წარმოებული. ასევე „რაიმედ ყოფნა“ ზოგჯერ მარტივ სუბსტანციას გამოხატავს, ზოგჯერ კი როგორღაც სხვა მოვლენასაც. მაგალითად, შესაძლებელია, თვისობრიობის არსების კვლევაც, როგორც თვით თვისობრიობისა, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ისე, როგორც ზოგიერთი ლოგიკური გზით ამტკიცებს არსებულის, როგორც არარსებულის არსებობას, ასევე თვისობრიობის არსებობის შემთხვევაშიც.

      საჭიროა იმის გარკვევაც, თუ როგორ უნდა ვიმსჯელოთ არსებობის სხვა სახეებზე[8], მაგრამ არა უფრო მეტად, ვიდრე მდგომარეობაზე. ამრიგად, ამჟამად ზემოთქმულის საფუძველზე ცხადი გახდა, რომ არსებობა, უპირველესად ყოვლისა, და პირდაპირი მნიშვნელობით სუბსტანციას ახასიათებს, შემდეგ აგრეთვე სხვებსაც, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ გადატანით, როგორც არსება თვისებისა და რაოდენობისა. ყოველივე ესენი კი უნდა იყვნენ ან ჰომონიმები[9], ან თვისების მიმატების და დაკლების შედეგი[10]. როგორც შეუცნობელიც შეცნობადია, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა, თუ მათ არც ჰომონიმებს ვუწოდებთ და არც რაიმეს ამდაგვარს, არამედ ისე, როგორც მედიცინაში ყოველივე ერთსა და იმავე მიზნისაკენაა მიმართული, თუმცა არც იგივეობრივია მასთან და არც ჰომონიმია. მაგალითად, განსაკურნავი სხეული, მედიცინა და საექიმო იარაღები არც ჰომონიმები არიან და არც ერთი და იგივე, არამედ ერთსა და იმავესადმი არიან მიმართული და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რას დავარქმევთ მას. ის კი ცხადია, რომ პირველი და მარტივი განსაზღვრება და არსებობა სუბსტანციებს აქვთ. მაგრამ ასეთივე განსაზღვრება შეიძლება სხვასაც ჰქონდეს, თუმცა არაპირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ არაა აუცილებელი, რომ თუ არსს დავადგენთ, ცნება, რომელიც მას გამოხატავს, მისივე განსაზღვრება იყოს, არამედ მას ნებისმიერი შინაარსი შეიძლება ჰქონდეს. ეს კი შეიძლება მაშინ, თუ სიტყვა გამოხატავს რაღაც ერთს, მაგრამ არა უწყვეტელობის გამო, როგორც „ილიადა“, ან გროვა, არამედ იმავე მნიშვნელობით, რაც ერთს გააჩნია. ერთზე კი ლაპარაკობენ ისე, როგორც არსებულზე. არსებული კი ხან საგანს ნიშნავს, ხან რაოდენობას, ხან თვისებას. მაშასადამე, „თეთრი ადამიანი“ ცნებაც იქნება და განსაზღვრებაც, ე.ი. ის არის როგორც „თეთრის“, ისე საგნის განსაზღვრება.

თავი 5

      სიძნელეს ისიცა ჰქმნის, რომ ზოგიერთი განსაზღვრებას არ თვლის ცნებათა შეკავშირების შედეგად. მაშინ როგორი უნდა ყოფილიყო არა მარტივი, არამედ რთული ცნების განსაზღვრება, რომელიც აუცილებად ცნებათა მიმატებით ხდება ცხადი. მე ვგულისხმობ, მაგალითად, ცხვირსა და ჩაზნექილობას ცხვირზე, აგრეთვე ცხვირის პაჭუობას, რაც ორი ცნების შეკავშირების ანუ ერთის მეორეში არსებობის შედეგია. არც ჩაზნექილობა და არც პაჭუობა არ არიან ცხვირის შემთხვევითი თვისება, არამედ ისინი ახასიათებენ ცხვირს თავისთავად, არა იმ აზრით, როგორც თეთრია ადამიანიცა და კალიასიც, ე.ი. რომ ადამიანს შემთხვევით ახასიათებს თეთრ კალიასად ყოფნა, არამედ ისე, როგორც მამაკაცი არის ცხოველი და თანასწორი არის რიცხვი. ასეთივეა ყოველივე სხვაც, რაც თავისთავად არსებობს. ესენი კი არიან ცნება, ან სახელი იმ საგნებისა, რომელთა თვისებასაც ისინი გამოხატავენ და რომლებიც ცალკე გაუგებარი იქნებოდნენ. მაგალითად, თეთრი შეიძლება არსებობდეს ადამიანის გარეშეც, მაგრამ ქალი ცხოველის გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, ამათ ან არავითარი არსება და განსაზღვრება არა აქვთ, ან თუ აქვთ, სულ სხვანაირი, ვიდრე ის, რომელზედაც ჩვენ ვილაპარაკებთ.

      ამ საკითხს სხვა სიძნელეც ახლავს თან, რადგან თუ პაჭუა და ჩაზნექილი ცხვირი ერთი და იგივეა, მაშინ ერთი და იგივე იქნება პაჭუობა და ჩაზნექილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა იყოს შეუძლებელი ვილაპარაკოთ პაჭუობაზე, გარეშე იმ საგნისა, რომლის თვისებასაც ის წარმოადგენს. პაჭუობა ხომ ცხვირის ჩაზნექილობაა. ამიტომაც „პაჭუობის“ თქმა ცხვირზე ან შეუძლებელი უნდა იყოს, ანდა ერთი და იგივე ორჯერ უნდა ითქვას:“ ცხვირი“, „პაჭუა ცხვირი“, რადგან ცხვირია როგორც პაჭუა ცხვირი, ისე ჩაზნექილი ცხვირი. ამიტომ უაზრობაა ასეთი მოვლენების არსებაზე ლაპარაკი, თუ არადა მოგვიხდებოდა დაუსრულებლად სვლა, რადგან ცხვირისათვის უნდა დაგვემატებინა, როგორც პაჭუა, ისე კიდევ სხვა რაღაც. აქედან ცხადია, რომ განსაზღვრება მხოლოდ არსებასა აქვს, მაგრამ თუ განსაზღვრება აქვთ სხვა კატეგორიებსაც, ის აუცილებლად ცნების დამატებით მიიღება. მაგალითად, თვისობრიობის ან სიკენტის განსაზღვრება. ეს უკანასკნელი კი არ არსებობს რიცხვის გარეშე, როგორც ცხოველი ქალის გარეშე. ცნების მიმატება კი გულისხმობს ერთი და იგივეს ორჯერ თქმას, როგორც ამ შემთხვევაში. თუ ეს ჭეშმარიტია, მაშინ არც შეკავშირებულ ცნებებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრებები, როგორც „კენტ რიცხვს“. მაგრამ აქ შეუმჩნეველი დარჩა ის, რომ ცნებები ზუსტად არ არის ნახმარი. თუ ამათი განსაზღვრებებიც არსებობენ, მაშინ ისინი ან სხვა გზით არიან მიღებული, ან როგორც ითქვა, განსაზღვრებასა და არსებას მრავალი მნიშვნელობა აქვს.

      ამრიგად, ზოგიერთ შემთხვევაში არაფერს არა აქვს განსაზღვრება და არსება, გარდა სუბსტანციისა, ზოგჯერ კი სხვებსაც აქვთ ის.

      ამრიგად, ცხადია, რომ განსაზღვრება არის არსების ცნება და ან მხოლოდ სუბსტანციას აქვს, ანდა მას აქვს, უპირელესად ყოვლისა, ან უმეტესად, ან პირდაპირი მნიშვნელობით.

თავი 6

      კვლევა-ძიებას მოითხოვს აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, რომ საგანი და მისი არსება ერთი და იგივეა, თუ სხვადასხვა, რაც ხელს შეუწყობს სუბსტანციის კვლევასაც, რადგან ცალკე აღებული საგანი, როგორც ჩანს, არ უნდა იყოს განსხვავებული თავისი არსებისაგან, რავ იგივე სუბსტანციაა. მაგრამ შემთხვევითი თვისებები და მათი არსება კი სხვადასხვა უნდა იყოს. მაგალითად, „თეთრი ადამიანი“ და თეთრი ადამიანის არსება სხვადასხვაა. თუ ეს ერთი და იგივეა, მაშინ ერთი და იგივე იქნებოდა „ადამიანის“ და „თეთრი ადამიანის“ არსება, რადგან ერთი და იგივე ყოფილა „ადამიანი“ და „თეთრი ადამიანი“, როგორცა ვთქვით. ასე რომ, ერთი და იგივე იქნება „თეთრ ადამიანად“ და „ადამიანად“ ყოფნა. ანდა არაა აუცილებელი, რომ შემთხვევითი თვისებები და არსება ერთი და იგივე იყოს, რადგან კიდური წევრები იგივეობრივი არ არიან, ანდა ეს, ე.ი. კიდური წევრების იგივეობა შესაძლებელია შემთხვევით. მაგალითად, „თეთრისა“ და „განათლებულისა“, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს[11].

      თავისთავად საგნებში კი იგივეობა[12] აუცილებელია, როგორც მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ რაღაც სუბსტანციები, რომელთა გარდა, სხვა სუბსტანციები, ან ბუნებით უპირატესნი არ არსებობენ, როგორც ზოგიერთი ამბობს იდეის შესახებ. მაგრამ თუ სხვადასხვაა სიკეთე და მისი არსება, ცხოველი და მისი არსება, არსებული და მისი არსება, მაშინ იარსებებდნენ სხვა სუბსტანციები, ბუნებები და იდეები, რომლებიც უფრო პირველადნი იქნებოდენ, ვიდრე ზემოთქმულნი. თუ საგნის არსება სუბსტანციაა და ისინი ერთმანეთისაგან განცალკევებულნი არიან, მაშინ ერთთა შემეცნება შეუძლებელი იქნება, მეორენი კი არ იარსებებენ (დამოუკიდებლობაში კი მე იმას ვგულისხმობ, რომ არც თავისთავად სიკეთეა არსება კეთილი საგნისა და არც ეს საგანია იგივეობრვივი „კეთილად ყოფნასთან“)[13], რადგან თითოეული საგანი მაშინ ვიცით, როდესაც ვიცით მისი არსება. ასევეა როგორც საკითხის, ისე სხვა შემთხვევებშიაც. ასე რომ, თუ სიკეთის არსება არაა სიკეთე, მაშინ არც არსებულის არსება ყოფილა არსებული და არც ერთისა ერთი. ასევე ყოველივე სხვაც არსებაა, ანდა არცერთი მათგანი. ასე რომ, თუ არსებულის არსება არაა სუბსტანცია, მაშინ არც სხვათა არსება იქნება ასეთი. გარდა ამისა, რასაც სიკეთის არსება არ ახასიათებს, ის არც სიკეთეა. აუცილებელი კია, რომ სიკეთე და სიკეთის არსება ერთი იყოს, მშვენიერება და მშვენიერების არსებაც ერთი, საერთოდ, ყველა ისინი, რომლებიც სხვაზე არ ითქმიან, არამედ თავისთავადნი და პირველადნი არიან. არსებობენ თუ არა იდეები, საგანთა არსებობა სრულიად საკმარისია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე იდეისა[14]. ამავე დროს ნათელია, რომ თუ იდეები ისეთია, როგორც ზოგი ამტკიცებს, მაშინ საგანი სუბსტანცია არ იქნებოდა, მაგრამ ეს სუბსტანციები აუცილებლად უნდა არსებობდნენ, თუმცა არა როგორც სუბსტრატის, არამედ როგორც ზიარების შედეგნი.

      ამ მსჯელობიდან კი გამომდინარეობს, რომ ერთი და იგივეა კონკრეტული საგანი და მისი არსება[15] და ამავე დროს არა შემთხვევით. აგრეთვე ის, რომ თითოეული საგნის შემეცნება ნიშნავს ამ საგნის არსების შემეცნებასაც. ასე რომ, ამ ორი მხარის იგივეობა აუცილებელია აბსტრაქციის გზითაც, ხოლო შემთხვევითის, მაგალითად, „განათლებულისა“ და „თეთრის“ შესახებ, რომლებსაც ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ ისინი და საგნის არსება ერთი და იგივეა. ის, რის შემთხვევითი თვისებაა თეთრი და სითეთრე, ზოგჯერ ერთი და იგივეა, ზოგჯერ არა. ამაგლითად, „ადამიანის“ და „თეთრი ადამიანის“ არსება ერთი და იგივე არაა, თუმცა თვისობრივად ეს ერთი და იგივეა. უაზრობა იქნებოდა აგრეთვე, რომ ვინმეს ყოველი არსებისათვის ცალკე სახელი მიეცა, რადგან მაშინ კონკრეტული საგნის გარდა, იარსებებდა სხვა რაღაც. მაგალითად, ცხენის არსებობისათვის საჭირო იქნებოდა სხვა ცხენის არსებობა. მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ ამჟამადაც კი დავუშვათ არსებათა დამოუკიდებელი არსებობა, თუ არსება სუბსტანციაა, მაგრამ როგორც ზემოთქმულიდანაც ცხადია, მხოლოდ არსება და სუბსტანცია კი არაა ერთი, არამედ მათ ცნებაც ერთი აქვთ[16]. რადგან შემთხვევით არაა ერთი და იგივე ერთი და ერთის არსება. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა რომ ყოფლიყვნენ, ეს უსასრულობაში წაგვიყვანდა[17], რადგან ამ შემთხვევაში ერთის არსება სხვადასხვა იქნებოდა, ასე რომ ამის შესახებ იგივე უნდა გავიმეოროთ.

      რომ პირველადი და თავისთავად არსებული საგნები და მათი არსებები ერთი და იგივეა, ცხადია. ამ დებულების წინააღმდეგ მიმართული სოფისტური ფანდები იმავე მეთოდით შეიძლება იქნას ახსნილი, როგორც კითხვა იმის შესახებ, რომ ერთი და იგივეა, თუ არა „სოკრატე“ და „სოკრატეს არსება“ და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორ არის კითხვა დასმული, ან პასუხი გაცემული.

      ამრიგად, თუ როგორაა არსება და საგანი ერთი და იგივე და როგორ არა, ამის შესახებ უკვე ვთქვით.

თავი 7

      იმათგან, რაც წარმოიშვება, ნაწილი წარმოიშვება ბუნებრივად, ნაწილი ხელოვნურად, ნაწილი კი თავისთავად[18]. მაგრამ ყველა ისინი რაიმეს ზემოქმედებით რაიმესაგან წარმოიშვებიან და რაიმედ იქცევიან. „რაიმე“ ყველა კატეგორიაში იხმარება, როგორც არსების, ისე თვსების, რაოდენობისა და ადგილის კატეგორიაში. ბუნებრივ წარმოშობას კი ვუწოდებთ, როცა რაიმე ბუნებრივად წამოიშობა. ის, რისგანაც ხდება წარმოშობა, მატერიაა, რის საშუალებითაც - ბუნებრივი საგნებია და რაც წარმოიშვება არის ან ადამიანი, ან მცენარე, ანდა სხვა რაიმე ამგვარი. ყველაფერ იმას, რასაც სხვებზე უფრო მეტად ვთვლით სუბსტანციად, იქნება ის ბუნებრივად, თუ ხელოვნურად წარმოშობილი, მატერია აქვს. მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება არსებობდეს და არც არსებობდეს. ამის მიზეზი კი არის თითოეულ მათგანში არსებული მატერია. საერთოდ, საიდანაც და რის მიხედვითაც წარმოიშვებიანი საგნები, ბუნებაა, რადგან ყოველ წარმოშობილს ბუნება აქვს, მაგალითად, მცენარეს, ცხოველს. რის ზემოქმედებითაც ხდება წარმოშობა, ისიც ბუნებაა, რაც სახით იგივეა, რაც წარმოშობილი. მაგალითად, ადამიანი ბადებს ადამიანს.

      ასე ხდება ბუნებრივი წარმოშობა. სხვაგვარად წარმოშობა შემოქმედებაა. ყველა შემონაქმედი კი ან ხელოვნების შედეგია, ან ძალის, ან განსჯის. ამათგან ზოგი შეიძლება წარმოშობილი იყოს თავისთავად, ზოგი კი შემთხვევით, დაახლოებით ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ბუნებრივ საგნებში. აქაც ზოგი თესლით წარმოიშვება, ზოგი უთელსოთ. ამის შესახებ ჩვენ შემდეგ ვიმსჯელებთ. ხელოვნურად კი ისინი წარმოიშვებიან, რომელთა ფორმა სულში იმყოფება, ხოლო ფორმას მე ვუწოდებ თითოეული საგნის არსებას და პირველ სუბსტანციას. მოწინააღმდეგე მოვლენებსაც კი როგორღაც ერთი და იგივე ფორმა აქვთ. ნაკლის არსება უპირისპირდება ქონების არსებას, როგორც ჯანმრთელობა ავადმყოფობას, რადგან ჯანმრთელობის არქონება ავადმყოფობაა, ხოლო ჯანმრთელობა არის ექიმის სულში არსებული ცნება და ცოდნა.

      ჯანმრთელობის ცნება შემდეგ მოსაზრებათა საფუძველზე წარმოიქმნება. თუ ჯანმრთელობა არის ეს, მის მისაღწევად კი საჭიროა ეს და ეს, დავუშვათ ზომიერება. თუ ეს საჭიროა, მაშინ საჭიროა სითბოც. და ასე განაგრძობს ექიმი ფიქრს მანამ, სანამ არ მიაღწევს იმ საზღვრამდე, საიდანაც მას შეუძლია იმოქმედოს. აქედან დაწყებულ მოძრაობას, რომელიც მიმართულია ადამიანის გამოჯანმრთელებისაკენ, შემოქმედება ეწოდება. და ასე წარმოიშვება როგორღაც ჯანმრთელობისაგან ჯანმრთელობა, სახლისაგან სახლი და არამატერიალურიდან მატერიალური[19], რადგან მედიცინა ჯანმრთელობის ფორმაა, მშენებლობა კი სახლისა. უმატერიო სუბსტანციას კი მე არსებას ვუწოდებ.

      წარმოშობის და მოძრაობის პროცესთაგან ნაწილს აზროვნება ეწოდება, ნაწილს - შემოქმედება. აზროვნება წარმოიშვება საწყისისა და ფორმისაგან, შემოქმედება კი აზროვნების დასასრულს იწყება. ასევე წარმოიშვება მათ შორის მყოფი თითოეული მოვლენაც. მე ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ვინმეს გამოჯანმრთელება სურს, მან უნდა დაიცვას ზომიერება[20]. მაგრამ რას ნიშნავს ზომიერების დაცვა? - ამას და ამას. ეს კი მაშინ განხორდიელდება, როდესაც განხორციელდება გათბობა. ეს რაღაა? - ესაა ეს და ეს. ის შესაძლებლობაშია მოცემული და თვით ადამიანზეა დამოკიდებული. მედიცინით გამოწვეული გამოჯანმრთელების შემოქმედი და მისკენ მიმართული მოძრაობის საწყისი არის სულში არსებული ფორმა, მაგრამ თუ გაჯანმრთელება ხორციელდება თავისთავად, საწყისი იქ იქნება, საიდანაც იწყებს მოქმედებას ის, ვინც მედიცინით ხელმძღვანელობს ისევე, როგორც მკურნალობის საწყისი გათბობაა, რასაც დაზელვა იწვევს. სხეულში არსებული სითბო კი არის ჯანმრთელობის ნაწილი, ან მას შედეგად მოყვება ჯანმრთელობის ნაწილი, უშუალოდ ან მრავალი შუალედი საფეხურების გავლით. ეს კი ჯანმრთელობის ისეთივე კიდური ნაწილია, როგორც სახლისათვის ქვები და სხვა საგნებისათვის სხვა ნაწილები. ასე რომ, როგორცა, ვთქვით, შეუძლებელია რაიმე წამოიშოს ისე, რომ წინასწარ არაფერი არ არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში ის, რომ რაღაც ნაწილის წინარე არსებობა აუცილებელია, ეს ცხადია. მაგალითად, მატერია ის ნაწილია, რომელიც არსებობს საგნებში და გარდაიქმნება ამ საგად.

      ასევეა ცნებებშიც. ჩვენ როგორც იმას ვამბობთ, რომ სპილენძი ბირთვია და მატერია სპილენძია, ისევე - ფორმაზეც, რომ ის ასეთი და ასეთი ფიგურაა და სწორედ ესაა ის გვარი, რომელშიაც შედის ეს საგანი, ხოლო სპილენძის ბირთვის ცნება შეიცავს მატერიის ცნებასაც.

      იმას კი, რისგანაც, როგორც მატერიისაგან ხდება წარმოშობა, პირდაპირ კი არ ვასახელებთ, არამედ ვასახელებთ წარმოებული სახელით. მაგალითად, ქანდაკებას ვუწოდებთ არა „ქვას“, არამედ „ქვისას“, ხოლო გამოჯანმრთელებულ ადამიანზე არ ითქმის ის, საიდანაც გამოჯანმრთელდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჯანმრთელობა წარმოიშობა რაღაც თვისებების დაკარგვისა და სუბსტრატისაგან, რომლსაც მატერიას ვუწოდებთ. მაგლითად, ჯანმრთელი შეიძლება იყოს როგორც საერთოდ ადამიანი, ისე ავადმყოფი. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა უფრო მეტად მიიღება ნაკლისაგან, კერძოდ, ავადმყოფობისაგან, ვიდრე ადამიანისაგან, ამიტომაც „ავადმყოფი“ ჯანმრთელს კი არ ეწოდება, არამედ ადამიანს, რომელზეც ჯანმრთელიც ითქმის. მაგრამ იქ, სადაც არ ჩანს ნაკლი ან დასახელებული არ არის, როგორც მაგალითად, სპილენძში ნებისმიერი ფორმა, ანდა აგურსა და კოჭებში, საფიქრებელია, რომ ამათგან ისევე ხდება წარმოშობა, როგორც იქ ავადმყოფისაგან ჯანმრთელისა. ამიტომაც როგორც იქ არაა დასახელებული, რისგან არის მოვლენა წარმოშობილი, არც აქ ეწოდება ქანდაკკებას „ხე“, არამედ „ხისა“, ასევე „სპილენძის ქანდაკება“ და არა „სპილენძი“, „ქვისა „და არა „ქვა“. და სახლზეც ვამბობთ „აშენებული აგურისაგან“ და არა „აგური“ და „ქვები“. მართლაც, თუ კარგად დავუკვირდებით, არ შეიძლება მარტივად ვთქვათ, „სახლი აგურისაგან წარმოიშვა“ და „ქანდაკება ხისგან“, რადგან ის, რისგანაც წარმოშობა ხდება, იცვლება და იგივე არ რჩება. აი, ამიტომაც საჭიროა ასე მსჯელობა.

თავი 8

      წარმოშობადი წარმოიშობა რაიმეს ზემოქმედებით (ამაში მე წარმოშობის საწყისს ვგულისხმობ), რაიმესაგან (ეს კი არის არა ნაკლი, არამედ მატერია, ხოლო თუ რას ვგულისხმობთ ამაში, ეს უკვე განვსაზღვრეთ) იქცევა რაიმედ (ეს კი არის ან ბირთვი, ან წრე, ან სხვა ნებისმიერი მოვლენა). სუბსტრატი ისევე არ ჰქმნის სპილენძს, როგორც ბირთვს[21] და შემთხვევითია ის, რომ სფერო, რასაც ოსტატი აკეთებს, სპილენძისაა. რაიმე გარკვეული საგნის კეთება ნიშნავს ზოგადი სუბსტრატისაგან ამ საგნის კეთებას. მე იმას ვამბობს, რომ სპილენძის დამრგვალება ნიშნავს არა წრის ან სფეროს კეთებას, არამედ რაღაც სხვას სახელდობრ, ერთი ფორმის მეორედ ქცევას, რადგან თუ ვაკეთებთ რაიმეს, ვაკეთებთ რაღაც სხვისაგან, რომელიც მისი სუბსტრატია. მაგალითად, სპილენძის ბირთვს ვაკეთებთ იმისაგან, რაც სპილენძია და ვაკეთებთ იმას, რაც სფეროა. მაგრამ თუ ვაკეთებთ სფეროსაც, ცხადია, იმასაც ასევე ვაკეთებთ, მაშინ კეთების პროცესი დაუსრულებელი იქნება. ცხადია, რომ ფორმა, რომელსაც სხვანაირად შეიძლება ვუწოდოთ შეგრძნებებში მოცემული გამოსახულება, არ წარმოიშობა. საერთოდ, მისი ქმნადობა არ შეიძლება. ის არც კონკრეტული საგანია. ეს უკანასკნელი წაროიშობა სხვაში ან ხელოვნურად, ან ბუნებრივად, ან რაღაც ძალით, სპილენძის სფერო კი კეთდება. ის კეთდება სპილენძისა და ბირთვისაგან. მატერიას ეძლევა ფორმა და ვიღებთ სპილენძის სფეროს. თუ სფეროს არსებაც წარმოიშობა, ისიც რაიმესაგან უნდა წარმოიშვას.

      მაშასადამე, საჭიროა, რომ წარმოშობადი ყოველთვის დაყოფადი იყოს. სახელდობრ, ერთი მხრივ, უნდა გვქონდეს ეს, მეორე მხრივ, კი ის. პირველში ვგულისხმობ მატერიას, მეორეში ფორმას. თუ სფერო არის ცენტრიდან თანაბრად დაცილებული ფორმა, უნდა განვასხვავოთ, რაშიაც ის იქმნება, იმისაგან, რაც მასში არსებობს და წარმოშობილი მთელი, ე.ი. სპილენძის სფერო. ზემოთქმულიდან ცხადია, რომ არსებად გაგებული ფორმა არ წარმოიშობა, ხოლო მათგან შედგენილი მთელი წარმოიშობა და ყოველ წარმონაქმნში მოცემულია მატერია, რომელიც ერთგან ერთი საგანია, მეორეგან მეორე[22].

      არსებობს თუ არა რომელიმე სფერო ამათ[23] გარეშე, ან სახლი აგურების გარეშე? - არა, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ არავითარი კონკრეტული საგანი არ იარსებებდა, არამედ იარსებებდა მხოლოდ ფორმა, რომელიც კონკრეტული კი არაა, არამედ აწარმოებს და ბადებს რაიმესაგან რაიმეს. წარმოშობილი კი არის ფორმის მქონე კონკრეტული საგანი, რომელიც შეიძლება კალიასი ან სოკრატე იყოს, ან რომელიმე კონკრეტული „სპილენძის სფერო“, ან „ადამიანი“ და „ცხოველი“, როგორც „სპილენძის სფერო“, საერთოდ. ამრიგად, ცხადია რომ იდეა - მიზეზები, როგორც ზოგიერთნი უწოდებენ იდეებს, თუ კონკრეტული საგნებისაგან დამოუკიდებლად არსებობენ, არ გამოდგებიან წარმოშობისა და არსებობისათვის. ამიტომაც საგანთა არსებები თავისთავად[24] არ უნდა არსებობდნენ. ზოგჯერ სრულიად ნათელია, რომ წარმომშობი ისეთივეა, როგორც წარმოშობილი, თუმცა მასთან ერთია არა რიცხობრივად, არამედ სახეობრივად. მაგალითად, ბუნებრივ საგნებში ადამიანი ადამიანს ბადებს, თუ რაიმე არაბუნებრივი არ მოხდა, როცა ცხენი ბადებს ჯორს. თუმცა ესეც იმათ მსგავსად ხდება: ის რაც საერთოა ცხენსა და სახედარს შორის, რომლის დასახელება ძნელია, არის უახლესი გვარი, მასში ორივე მხარე თანაბრადაა მოცემული. და სწორეს ესაა ჯორცხენა. ამრიგად, არაა საჭირო არავითარი იდეის, როგორც ნიმუშის დადგენა, ის უფრო მეტად მათში უნდა ვეძიოთ[25], რადგან იდეები უფრო მეტად საგანთა არსებები არიან. მიზეზად კი საკმარისია მატერიაში არსებული წარმომშობი ფორმა, მთელი საგანი ხომ ეს არის გარკვეული ფორმა, მოცემული გარკვეულ სხეულსა და ძვლებში, მაგალითად, კალიასი და სოკრატე, რომლებიც განსხვავდებიან მატერიით, ფორმით ერთი და იგივე არიან, რადგან ფორმა განუყოფელია.

თავი 9

      გადასაწყვეტია აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, თუ ზოგი საგანი რატომ წარმოიშვება როგორც ხელოვნურად, ისე თავისთავად, მაგალითად, ჯანმრთელობა, ზოგი კი არა, მაგალითად, სახლი. ამის მიზეზი ისაა, რომ იქ, სადაც მატერია იწყებს წარმოქმნის პროცესს მაშინ, როდესაც ხელოვნურ მოქმედებას და წარმოშობას უკვე აქვს ადგილი და სადაც უკვე მოცემულია საგნის რაღაც ნაწილი, იქ მატერია მოძრაობს როგორც თავისთავად, ისე არა. მას ხან შეუძლია გარკვეული მოძრაობის წარმოება და ხან არა. მრავალ საგანს შეუძლია თვითონ იმოძრაოს, თუმცა არა ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა მაგალითად, ცეკვა. იმ საგნებს, რომლებსაც ისეთივე მატერია აქვთ, როგორიც ქვებს, არ შეუძლიათ სხვაგვარად იმოძრაონ, თუ არა სხვების ზეგავლენით. ასევეა ცეცხლიც. ამიტომაც ზოგიერთ საგანს არ შეუძლია არსებობა ხელოვნური ზემოქმედების გარეშე, ზოგს კი შეუძლია. მათ ამოძრავებენ ისინი, რომლებსაც არ გააჩნიათ ხელოვნება, ანდა მათი ნაწილების ზემოქმედებით.

      ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ყველაფერი როგორცღაც წარმოსდგება იმავე სახელწოდების მქონე საგნებიდან, როგორც ეს ხდება ბუნებაში, ან მათი ნაწილებიდან. მაგალითად, სახლი, წარმოსდგება სახლიდან, გონების ზემოქმედების შედეგად. აქ ხელოვნება იგივე ფორმაა. ან წარმოსდგება სახლის ნაწილისაგან, ან იმისაგან, რაც შეიცავს ნაწილს, თუ არ ხდება შემთხვევითი წარმოშობა. რადგან შემოქმედების პირველი მიზეზი წარმოშობადი საგნისავე ნაწილია. მაგალითად, მოძრაობით წარმოქმნილმა სითბომ წარმოშვა სხეულში არსებული სითბო. ეს კი არის ან ჯანმრთელობა, ან მისი ნაწილი, ანდა მას მოსდევს შედეგად ჯანმრთელობის რაიმე ნაწილი, ან თვით ჯანმრთელობა. ამიტომაც ამბობენ, რომ ჯანმრთელობას წარმოშობს ის, რასაც შედეგად მოსდევს, ან ახასიათებს სითბო.

      ამრიგად, როგორც სილოგიზმებში, ისე ყველგან საწყისი არის არსება. არსება იქ სილოგიზმის საფუძველია, აქ კი წარმოშობისა.

      ასევეა ბუნებრივ საგნებში. აქ თესლი ისე მოქმედებს, როგორც ხელოვნურ საგნებში. მას ფორმა შესაძლებლობაში აქვს და იმასაც, რისგანც თესლია, როგორღაც იგივე სახელი აქვს, რაც თესლს. რადგან არაა საჭირო ყველგან ისეთი დამოკიდებულება ვეძიოთ, როგორც ადამიანის ადამიანისაგან და ქალის კაცისაგან წარმოშობის შემთხვევაში, თითქოს არანორმალური წარმოშობა არ ხდებოდეს. რომ დარღვევაც ხდება, ამიტომაა, რომ ჯორცხენა ჯორცხენას ვერ ბადებს.

      თავისით წარმოშობილი ისევე წარმოიშობა, როგორც ის საგნები, რომელთა შემადგენელ მატერიას შეუძლია თავისით იმოძრაოს ისეთივე მოძრაობით, როგორც თესლი მოძრაობს, ხოლო სადაც ეს ასე არაა, იმათ არ შეუძლიათ სხვაგვარად წარმოშვან, თუ არა სხვისგან.

      ჩვენი მსჯელობა იმის შესახებ, რომ ფორმა არ წამროიშობა, ეხება არა მხოლოდ სუბსტანციას, არამედ ყველა პირველად კატეგორიას, როგორციაა რაოდენობა, თვისობრიობა და სხვა, რადგან წარმოიშობა სპილენძის ბირთვი და არა ბირთვი ან სპილენძი. ასევეა სპილენძის წარმოშობის შემთხვევაში, რადგან აქაც ყოველთვის აუცილებელია ფორმა და მატერია წინსაწინ არსებობდნენ. ასევეა არსების, თვისების, რაოდენობისა და სხვა კატეგორიებშიც. რადგან თვისება კი არ წარმოიშობა, არამედ გარკვეული თვისების მქონე ხე, არა სიდიდე, არამედ გარკვეული სიდიდის ხე ან ცხოველი. აქედან შეიძლება არსების თავისებურებაც გავიგოთ, რომლისთვისაც აუცილებელია სხვა სუბსტანციის, წარმომშობი სუბსტანციის რეალური, წინასწარი არსებობა. მაგალითად, თუ ცხოველი წარმოიშობა, ცხოველი უნდა არსებობდეს წინასწარ, ხოლო რაოდენობა და თვისობრიობა რეალურად კი არ უნდა არსებობდნენ, არამედ მხოლოდ შესაძლებლობაში.

თავი 10

      რადგან ცნება განისაზღვრება, ხოლო ყოველ ცნებას კი ნაწილები აქვს, ამიტომ როგორ მიმართებაშიცაა ცნება საგანთან, ისეთსავე მიმართებაშია ცნების ნაწილი საგნის ნაწილთან. გასარკვევია აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, რომ მთელის ცნება შეიცავს თუ არა ნაწილთა ცნებას? როგორც ჩანს, ზოგგან შეიცავს, ზოგგან კი არა. მაგალითად, წრის ცნება არ შეიცავს ნაწილების ცნებას, მარცვლისა კი შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ წრე ისევე იყოფა ნაწილებად, როგორც მარცვალი - ელემენტებად.

      გარდა ამისა, თუ ნაწილები წინ უსწრებენ მთელს და მახვილი კუთხე სწორი კუთხის ნაწილია ისევე, როგორც თითი ცხოველისა, მაშინ მახვილი კუთხე სწორ კუთხეზე ადრე იქნება, თითი - ადამიანზე. მაგრამ, ჩვენი აზრით, მთელი უსწრებს წინ ნაწილებს. რადგან ნაწილებს ცნება მთელისაგან აქვთ და დროში პირველი ისაა, რაც სხვებისაგან დამოუკიდებელია.

      „ნაწილზე“ მრავალი აზრით შეიძლება ლაპარაკი, რომელთაგან ერთ-ერთი მისი მნიშვნელობაა რაოდენობის საზომი. მაგრამ ამას ჯერ თავი უნდა დავანებოთ და ვიკვლიოთ ის, თუ რა ნაწილებისაგან შედგება არსება. თუ ეს ნაწილებია ფორმა, მატერია და მათგან წარმოშობილი რაღაც, არსება კი არის მატერიაც, ფორმაც და ორივესაგან წარმომდგარი რაღაც, მაშინ მატერია, ერთი მხრივ, რაღაცის ნაწილი იქნება, მეორე მხრივ, კი არა, არამედ მხოლოდ ის, რისგანაც წარმოდგება ფორმის ცნება. როგორც, მაგალითად, სხეული არაა ცხვირჩაზნექილობის ნაწილი, არამედ სხეული თვითონაა მატერია, რაშიც ჩაღრმავება არსებობს, მაგრამ პაჭუობის ნაწილი კი არის, ასევე სპილენძი მთელი ქანდაკების ნაწილია და არა ქანდაკების ფორმისა. ყოველი საგანი რამდენადაც მას ფორმა აქვს, შეიძლება ამ ფორმით იქნას დასახელებული, მატერიით კი არასოდეს[26]. ამიტომაც წრის ცნებაში არ შედის ნაწილთა ცნება, ხოლო მარცვალი კი შეიცავს თავისი ელემენტების ცნებას. რადგან ცნების ნაწილები ფორმის ნაწილებია და არა მატერიისა. წრის ნაწილები კი მატერიალური ნაწილებია, რომლისაგანაც წრე შედგება. მიუხედავად ამისა, ისინი უფრო უახლოვდებიან ფორმას, ვიდრე სიპილენძი, რომელსაც ამრგვალებენ, მაგრამ ზოგჯერ მარცვლის ყველა ნაწილები არ შედის მარცვლის ცნებაში, მაგალითად, ცვილზე აღბეჭდილი ან ჰაერში წარმოთქმული. გარდა ამისა, ისინი მარცვლის ისეთივე ნაწილები არიან, როგორიცაა შეგრძნებადი მატერია. ხაზი შუა-შუა დაყოფით ისპობა ისევე, როგორც ადამიანი ჩონჩხად, ძარღვებად და კუნთებად დაყოფით. ამიტომაც ისინი მისგან ისე შედგებიან, თითქოს მისი არსების და არა მატერიის ნაწილები ყოფილიყვნენ. მაგრამ ისინი არიან მთელი საგნის ნაწილები და არა ფორმისა და ცნებისა. ამიტომაც ისინი არ შედიან ამ საგნების ცნების შემადგენლობაში. თუმცა ზოგიერთი ცნება შეიცავს ამგვარი ნაწილების ცნებას, ზოგი კი არა, იმ შემთხვევაში თუ ცნება შედგენილი არაა[27]. ამიტომაც ზოგიერთი საგნები შედგებიან მათგან, როგორც საწყისებიდან, რომლებადაც იშლებიან საგნები, ზოგნი კი არა. ისინი, რომლებიც შედგებიან ფორმისა და მატერიისაგან, როგორც პაჭუა ცხვირი და სპილენძის ბირთვი, ისინი იშლებიან ამ ნაწილებად და მატერიაც მათი ნაწილია. ხოლო ის მოვლენები, რომლებიც არ შეიცავენ მატერიას, არამედ უმატერიონი არიან და რომელთა ცნება მხოლოდ ფორმას გამოხატავს, ისინი ან სრულებით არ ისპობიან, ანდა ისპობიან, მაგრამ არა ასე. ამრიგად, მათ ისეთი საწყისები და ნაწილები აქვთ, რომლებიც არც ფორმის ნაწილებია და არც ფორმის საწყისები. ამიტომაც თიხის ქანდაკება თიხად იშლება, სფერო - სპილენძდ, კალიასი - ხორცად და ძვლებად, წრე - თავის ნაწილებად, რომელნიც მატერიასთან არიან დაკავშირებული. როგორც ზოგადი წრე, ისე კონკრეტული წრეები ერთი სახელით აღინიშნება, რადგან თითოეულ მათგანს ცალკე სახელი არ აქვს.

      ყოველივე ზემოთქმული სწორია, მაგრამ უფრო ნათელი გახდება ხელმეორედ გადმოცემისას. ცნების ნაწილები, რაზედაც იშლება ცნება, ან ყველა, ან ზოგი წინ უსწრებს ცნებას. სწორი კუთხის ცნება კი არ დაიყვანება მახვილი კუთხის ცნებაზე, პირიქით, მახვილი კუთხის ცნება - სწორზე. ვინაიდან მახვლი კუთხე სწორზე მცირეა, ამიტომ მახვილი კუთხის განსაზღვრებაში ვიყენებთ სწორი კუთხის ცნებას. ასევე წრესა და ნახევარწრეში ნახევარწრეს საზღვრავს მთელი წრე და თითს - მთელი სხეული, რადგან თითი ადამიანის გარკვეული ნაწილია. ამრიგად, მატერიალური ნაწილები, ანუ ის, რაზედაც როგორც მატერიაზე, დაიშლება საგანი, მოსდევს მთელის ცნებას, ხოლო ცნების ნაწილები და ცნებით გამოხატული არსების ნაწილები, ან ყველა, ან ზოგი, ცნებაზე ადრე არსებობენ. რადგან ცხოველთა სული, რაც სულიერთა არსებაა, არის ცნებაში გამოხატული სუბსტანცია, გარკვეული სხეულის ფორმა და არსება (ყოველი ნაწილი, თუ ის კარგად განისაზღვრა, არ შეიძლება წარმოვიდგინოთ მოქმედების გარეშე, ეს უკანასკნელი კი არ არსებობს შეგრძნებების გარეშე), ამიტომ მისი ყველა ან ზოგიერთი ნაწილი წინ უსწრებს მთელ ცხოველს. ასევეა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. სხეული და მისი ნაწილები კი ამ არსებას მოსდევს და დაიშლება მასზე, როგორც მატერიაზე, მაგრამ იშლება არა არსება არამედ მთელი საგანი[28]. ეს ნაწილები კი ხან უსწრებენ მთელს, ხან კი არა და არც მთელისაგან დამოუკიდებელი არსებობა შეუძლიათ. მაგალითად, თითს, რომელიც მთელ ცხოველთან არის დაკავშირებული, მკვდრებში მხოლოდ თითის სახელი აქვს. ზოგი ნაწილები კი უმთავრეს ნაწილებთან ერთად არსებობენ. ეს ის ნაწილებია, რომლებშიაც მოცემულია ცნება და არსება, მაგალითად, გული და თავის ტვინი. ამავე დროს მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელი იქნება, ადამიანი, ცხენი თუ სხვა რაიმე. ზოგადი კი არაა სუბსტანცია, არამედ მთელი შემდგარი ამა და ამ ფორმისა და ამა და ამ მატერიისაგან, როგორც ზოგადისაგან. ყოველი კონკრეტული მოვლენა კი, მაგალითად, სოკრატე, არის უკანასკნელი მატერიის თვალსაზრისით. ასევეა ყველა სხვა შემთხვევებში.

      ნაწილები აქვს ფორმასაც. ფორმაში კი მე ვგულისხმობ არსებას და მთელსაც, რომელიც შედგება ფორმისა და მატერიისაგან და თვით მატერიასაც. მაგრამ ცნების ნაწილები მხოლოდ ფორმის ნაწილებია. ცნება კი ზოგადია. წრის არსება და წრე, სულის არსება და სული ერთი და იგივეა, რაც შეეხება მთელს, მაგალითად, კონკრეტულ წრეს, იქნება ის შეგრძნებადი, თუ გააზრებადი (გააზრებადში მე ვგულისხმობ მათემატიკურ მოვლენებს, შეგრძნებადში კი სპილენძისას ან ხისას), განსაზღვრება არა აქვს, არამედ შეიცნობა აზროვნებით, ან შეგრძნებით, მაგრამ დაცილებულნი რეალობას, გაურკვეველია, იარსებებენ კვლავ, თუ აღარ, რადგან ისინი ყოველთვის გამოითქმიან და შეიცნობიან ზოგადი ცნებით. მატერია თავისთავად კი შეუცნობელია. მატერია ან შეგრძნებადია, ან აზრით მისაწვდომი. შეგრძნებადია, მაგალითად, სპილენძი ან ხე და საერთოდ, მოძრავი მატერია, ხოლო აზროვნებით მისაწვდომია შეგრძნებად საგნებში არსებული, მაგრამ არა შეგრძნებადი, როგორიცაა მათემატიკური მოვლენები. ამრიგად, თუ რა მდგომარეობაა მთელსა და ნაწილებში, წინამორბედსა და მომდევნოში, უკვე ითქვა.

      ხოლო კითხვაზე, თუ რაა წინ, სწორი კუთხე, წრე, ცხოველი, თუ ის ნაწილები, რაზედაც ისინი იშლებიან და რისგანაც შედგებიან, აუცილებელია ვუპასუხოთ, რომ ამის დადგენა ადვილი არაა. მაგრამ, თუ სული არის ცხოველი, ან სულიერი არსება, და საგანი კი იგივეა, რაც მისი არსება, მაგალითად, წრე და წრის არსება, სწორი კითხე და სწორი კუთხის არსება, მაშინ რა რის შემდეგაა? ცნებაში გამოხატული კუთხე მოსდევს კონკრეტულ კუთხეს. ესაა როგორც მატერიალური, სპილენძის კუთხე, ისე დახაზული რომელიმე კონკრეტული კუთხე, ხოლო უმატერიო სწორი კუთხე მოსდევს ცნებაში გამოხატული კუთხის ნაწილებს და უსწრებს კონკრეტული კუთხის ნაწილებს. მაგრამ ამის მარტივად გადმოცემა შეუძლებელია. თუ სული იგივე არაა, რაც ცხოველი, აქაც თანმიმდევრობის საკითხი ასეც შეიძლება გადაიჭრას და ისეც, როგორც ვთქვით.

თავი 11

      გასარკვევკია აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, თუ რომელია ფორმის ნაწილები და რომელი მთელისა[29], რადგან სანამ ეს კითხვა ნათელი არაა, არ შეიძლება კონკრეტული საგნების განსაზღვრებაც, განსაზღვრება კი აქვს ზოგადსა და ფორმებს. მანამ, სანამ ნათელი არაა, თუ რომელია მატერიის ნაწილები და რომელი არა, მანამ არც საგნის ცნებაა ნათელი. ცხადია, არსება იმ მოვლენებისა, რომლებიც სხვადასხვა სახის მატერიაში არსებობენ, როგორც წრე სპილენძში, ქვაში ან ხეში, არასოდეს არაა არც სპილენძი, არც ქვა, რადგან შორდებიან მას[30]. არაფერი არ უშლის ხელს, რომ ანალოგიური მდგომარეობა იყოს იქაც, სადაც მატერია არ სცილდება ფორმას, მაგალითად, ყველა წრე რომ სპილენძისა ყოფილიყო, სპილენძი მაინც არასოდეს არ იქნებოდა არსება. თუმცა აზროვნებისათვის ძნელი იქნეობდა მისი დაშორება მატერიისაგან, მაგალითად, ადამიანის ფორმა ყოველთვის ხორცში, ძვლებში და სხვა ამგვარ ნაწილებში ვლინდება, ამიტომ სულ ერთია, იქნებიან ისინი ფორმისა და ცნების ნაწილები, თუ მატერიისა. ამ ფორმას არ შეუძლია სხვა მატერიაში წარმოშობა იმის გამო, რომ ის ამ მატერიას ვერ სცილდება. რადგან ეს შეუძლებელია, მაგრამ არაა ცხადი, როდის, ამიტომ ზოგიერთს[31] შეუსაბამობად მიაჩნია წრისა და სამკუთხედის ხაზებითა და უწყვეტელობით განსაზღვრა. და რომ ამიტომ ყოველივე ამაზე და ამდაგვარზე ისევე უნდა გვემსჯელა, როგორც ადამიანის სხეულსა და ძვლებზე და ქანდაკებაში სპილენძსა და ქვაზე. დაჰყავდათ რა ყოველივე რიცხვებზე, ხაზის ცნებად ორიანს თვლიდნენ. იდეების მომხრეთაგან ზოგნი უშვებდნენ ხაზს თავისთავად, როგორც ორს, ზოგი კი - ხაზის იდეას. ზოგის აზრით, კი იდეა და ის, რის იდეაც ის არის, ერთი და იგივეაო. მაგალითად, ორიანი და მისი იდეა. მაგრამ ხაზების მიმართ ამას უარყოფდნენ. აქედან გამომდინარეობდა, რომ ერთი იყო იდეა ბევრისა, რომელთაგან ის განსხვავდებოდა, რაც შედეგად მიიღეს პითაგორელებმაც და გამოდიოდა, რომ იდეა ყოველივეს ერთად აქცევდა. თუმცა თვით იდეა სხვა არ ხდებოდა, მაგრამ ყოველივე კი ერთად იქცეოდა.

      ამრიგად, უკვე ვთქვით იმის შესახებ, თუ განსაზღვრებების საკითხში რა დაბრკოლებებია და რა მიზეზითაა ეს გამოწვეული. ამიტომ უსარგებლოა ყოველივეს ამაზე[32] დაყვანა და მატერიის ჩამოცილება. შედარება ცხოველთან, რომელსაც უმცროსი სოკრატე მიმართავდა, სწორი[33] არაა, რადგან გვაშორებს ჭშმარიტებას და გვაკეთებინებს დასკვნას, თითქოს შესაძლებელი იყოს ადამიანის არსებობა ნაწილების გარეშე, როგორც სფეროსი სპილენძის გარეშე. მათი ერთმანეთთან შედარება კი არაა სწორი, რადგან ცხოველი რაღაც შეგრძნებადია და მისი განსაზღვრება მოძრაობისა და მაშასადამე, გარკვეული ნაწილების გარეშე, შეუძლებელია. მაგალითად, ადამიანის ნაწილია არა ზოგადად ხელი, არამედ ის ხელი, რომელსაც მოქმედების შესრულება შეუძლია და ამრიგად, ცოცხალია. მკვდარი ხელი არც ნაწილია.

      მათემატიკურ ობიექტებზე კი უნდა ითქვას, თუ რატომ არ არიან აქ ცნებები ცნებათა ნაწილები, როგორც ნახევარი წრე წრის ნაწილია. იქნებ იმიტომ, რომ ისინი შეგრძნებადნი არ არიან თუ ამას მნიშვნელობა არა აქვს? რადგან მატერია აქვთ ზოგიერთ არარძნობად საგნებსაც და ყოველივე ის მატერიაა, რაც არაა არსება და ფორმა თავისთავად, არამედ რაიმე კონკრეტული საგანი. მაგალითად, ზოგად წრეს კი არა აქვს ნაწილები, არამედ კონკრეტულ წრეებს, როგორც ზემოთაცა ვთქვით, რადგან მატერია ხან შეგრძნებადია, ხან კი გააზრებადი.

      ცხადია ისიც, რომ სული არის პირველი სუბსტანცია, სხეული მატერიაა, ადამიანი ანუ ცხოველი კი - ორივესაგან შემდგარი მთელი. სოკრატე და კორისკოსი კი, თუ სოკრატეს სულიც სოკრატეა, ორი მნიშვნელობის მატარებელია (ერთ შემთხევაში იგულისხმება სული, მეორეში - მთელი), თუ ნაგულისხმევია მარტივად ეს კონკრეტული სული და ეს კონკრეტული სხეული, როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ შემთხვევაში? არსებობს თუ არა მატერიის გარდა სხვა რაღაც ასეთი სუბსტანცია და საჭიროა თუ არა ძიება რაღაც სხვა სუბსტანციისა, როგორიცაა რიცხვი, ანდა სხვა ამდაგვარი[34], ამას შემდეგ შევეხებით. ამ მიზნით ვცდილობთ აგრეთვე დავადგინოთ შეგრძნებადი საგნების არსებები. შეგრძნებადი სუბსტანციების კვლევა არის როგორღაც ბუნებისმეტყველებისა და მეორე ფილოსოფიის საქმე. რადგან ბუნებისმეტყველმა არა მარტო მატერია უნდა შეისწავლოს, არამედ ცნებაც, ეს უკანასკნელი უფრო მეტადაც კი.

      რაც შეეხება განსაზღვრებებს, თუ როგორაა მისი ნაწილები მთელის ნაწილები და თუ რატომ არის განსაზღვრება ერთი მთელი (ის კი ცხადია, რომ აქ ერთი საგანია, მაგრამ როგორღაა ერთი საგანი ის, რომელსაც ნაწილები აქვს), ამას შემდეგ გავარკვევთ.

      თუ რა არის არსება და როგორ არის ის დამოუკიდებელი, ყოვლივე ამაზე ზოგადად უკვე ითქვა, აგრეთვე იმაზე, რატომ ხდება, რომ ზოგი არსების ნაწილი შედის განსასაზღვრავ ცნებაში, როგორც ნაწილი, ზოგი კი არა. ეს იმიტომ, რომ სუბსტანციის ცნებაში არაა მოცემული მატერიის ნაწილები. ესენი კი არიან არა არსების ნაწილები, არამედ მთელისა, რომელსაც ხან აქვს ცნება, ხან კი არა. იმას, რაც მატერიასთანაა დაკავშირებული, განსაზღვრება არა აქვს. ის განუსაზღვრელია, მაგრამ როგორც დაკავშირებულს პირველ არსებასთან, აქვს. მაგალითად, ადამიანის ცნება არის სულის ცნება. არსება ხომ ეს არის სხვა რამეში არსებული ფორმა, რომლისგან მატერიასთან კავშირში მიიღება მთელი ანუ ე.წ. სუბსტანცია. როგორც მაგალითად, ჩაღრმავება. ამ უკანასკნელისგან და ცხვირისგან წარმოსდგება პაჭუა ცხვირი და მაშასადამე პაჭუობაც. ამ შემთხვევაში ცხვირი ორჯერ არის ნახმარი, ხოლო მთლიან სუბსტანციებში, მაგალითად, პაჭუა ცხვირში, ანდა კალიასში, მოცემულია მატერიაც. არსება და კონკრეტული საგანი ზოგჯერ ერთი და იგივეა, როგორც პირველად სუბსტანციებში, მაგალითად, გაღუნულობა და გაღუნულობის არსება (თუ აქ პირველად არსებასთან გვაქვს საქმე). პირველად არსებებში მე ვგულისხმობ იმას, რაც სხვის შესახებ არ ითქმის და არც სხვაში არსებობს, როგორც სუბსტანციაში, და არა იმას, რომელიც არსებობს, როგორც მატერია ან მატერიასთან კავშირი, და რაც ერთი და იგივე არაა, შემთხვევითაც კი, როგორც მაგალითად, „სოკრატე“ და „განათლებული“, რომელნიც შემთხვევით არიან იგივეობრივნი.

თავი 12

      ამჟამად კი, უპირველესად ყოვლისა, უნდა შევეხოთ საკითხს განსაზღვრების შესახებ, რაზეც ანალიტიკებში არაფერი არ იყო თქმული; ხოლო ის საკითხი, რომელიც იქ იყო განხილული, გამოდგება სუბსტანციებზე მსჯელობებისასაც. მე ვგულისხმობ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არის ერთი ის, რომლის ცნებაზე ვამბობთ, განსაზღვრებააო. მაგალითად, ადამიანზე ვამბობთ, რომ ის ორფეხა ცხოველია - ეს ხომ მისი ცნებაა, ამიტომაა ის ერთი და არა მრავალი: „ცხოველი“ და „ორფეხი“. მაგრამ როდესაც ვამბობთ „ადამიანი“ და „თეთრი“, მაშინ კი ბევრი ცნება გვაქვს, რადგან ერთი ნიშანი მეორეში არ არსებობს. ერთი გვექნებოდა მაშინ, თუ ერთი ნიშანი იარსებებდა მეორეში და სუბსტრატს რაიმე განცდა ექნებოდა, მაგალითად, „ადამიანს“, მაშინ მივიღებდით ერთ ცნებას „თეთრი ადამიანისა“. ზემომოტანილ შემთხვევაში ერთი მეორეს არ ეზიარება. გვარი, როგორც ჩანს, არ ეზიარება სახესხვობებს, რადგან მაშინერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს საწინააღმდეგო მოვლენებს ეზიარებოდა. სახესხვაობანი კი ის წინააღმდეგობებია, რაზედაც იშლება გვარი. მაგრამ თუ გვარი ეზიარება მათ და სახესხვაობები ბევრია, მაგალითად, „ხმელეთზე მცხოვრები“, „ორფეხი“, „უფრთო“ და სხვა, მაშინ რატომღა არის ყველაფერი ეს ერთი და არა მრავალი? ყოველ შემთხვევაში, არა იმიტომ რომ მათი გვარი მიეწერებათ, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი ერთი გახდებოდა. აქ ისეთი ერთიანობა უნდა იყოს, როგორც განსაზღვრებაში, რადგან განსაზღვრება რაღაც ერთი აზრია, რომელიც ერთ არსებას გამოხატავს. ასე რომ, რადგან არსება ნიშნავს ერთ კონკრეტულ საგანს, ამიტომ ცნებაც ერთი უნდა ჰქონდეს, როგორცა ვთქვით.

      უპირველესად ყოვლისა, უნდა შევისწავლოთ განსაზღვრებების დაყოფის საკითხი. განსაზღვრებაში, რაც ზემოთ უკვე ვთქვით, სხვა არა არის რა მოცემული, გარდა გვარისა, და სახესხვაობისა. ყოველივე სხვას კი ვიღებთ პირველი გვარის დაკავშირებით სახესხვაობებთან. მაგალითად, პირველი გვარია „ცხოველი“, ამას მოსდევს „ორფეხა ცხოველი“ და შემდეგ კი „ორფეხა უფრთო ცხოველი“. ასევეა მრავალი სახესხვაობების არსებობის შემთხვევაში. საერთოდ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იქნება მსჯელობა ბევრ, თუ მცირე სახესხვაობებზე, თუ მცირესა და ორზე. ამ ორიდან პირველი გვარია, მეორე კი სახესხვაობა. მაგალითად, ცნებაში „ორფეხა ცხოველი“, „ცხოველი“ გვარია, „ორფეხა“ კი სახეა. გვარი სახეთაგან დამოუკიდებლად არ არსებობს, და თუ არსებობს, არსებობს როგორც მატერია (მაგალითად, ბგერა არის როგორც გვარი, ისე მატერია. განსხვავებას კი ჰქმნის მისი სახეები და ელემენტები), მაშინ ცხადია, რომ განსაზღვრება სახესხვაობებიდან მიღებული აზრი იქნება. საჭიროა გამოვყოთ სახესხვაობების სახესხვაობებიც. მაგალითად, „ცხოველის“ სახესხვაობა იქნება „ფეხების მქონე“. შემდეგ, - „ფეხების მქონე ცხოველისათვის“ განსხვავებას უნდა ჰქმნიდეს „ფეხების ქონების „ხვადასხვა სახე. ასე რომ, არ შეიძლება ითქვას, რომ „ფეხოსანი“ ერთ შემთხვევაში „ფრთოსანია“, მეორე შემთხვევაში კი „არაფრთოსანი“. მაგრამ თუ სწორად ვიმსჯელებ (ეს შეცდომა სისუსტის ნიშანია), მაშინ „თითებდაუყოფელს“ გამოვყოფთ „თითებდაყოფილისაგან“, რადგან ესენი ფეხების სახესხვაობები არიან, და „დაყოფილთითებიანი“ „ფეხიანობის“ რაღაც სახეა. ასე შეიძლება მსვლელობა იქამდე, სანამ არ მივაღწევთ დაუყოფელს, და მაშინ ფეხთა იმდენი სახეობა იქნება, რამდენიც სახესხვაობაა. და ფეხიანი ცხოველების სახეთა რიცხვი გაუტოლდება ფეხთა სხვაობას. თუ ეს ასეა, ცხადია, რომ უკანასკნელი განსხვავება იქნება საგნის არსება და განსაზღვრება, თუ განსაზღვრებებში ერთი და იგივე ხშირად არ უნდა გავიმეოროთ. ეს ხომ ფუჭი შრომა იქნებოდა. მაგრამ ეს მაინც ხდება ხოლმე, რადგან, როდესაც ვამბობთ „ორფეხა ცხოველი“, სხვას არას ვამბობთ თუ არა „ფეხოსან ცხოველს“ და „ორი ფეხის მქონეს“. თუ ამასაც ჩვეულებრივად დავყოფთ, მაშინ მოგვიხდებოდა ერთი და იგივეს მრავალჯერ თქმა, იმდენჯერ, რამდენიც სახესხვაობაა. თუ სახესხვაობა არსებობს, მაშინ უკანასკნელი სახე და არსება ერთი იქნებოდა. მაგრამ თუ დაყოფა წარმოებს შემთხვევითი ნიშნების მიხედვით, მაგალითად, თუ გავყოფდით „ფეხოსანს“ „თეთრსა“ და „შავზე“, მაშინ იმდენი სხვაობა იქნება, რამდენი დანაყოფიცაა. ამრიგად, ცხადია, რომ გასაზღვრებაც სახესხვაობებისაგან წარმომდგარი აზრია, სახელდობრ, უკანასკნელი სახესხვაობებისაგან, თუ დაყოფა სწორადაა წარმოებული. ეს კი ნათელი გახდება მაშინ, თუ განსაზღვრებებს გადავაადგილებთ, მაგალითად, თუ ადამიანის შესახებ ვიტყვით, რომ „ისაა ორფეხა ფეხოსანი ცხოველი“. აქ „ორფეხას“ ცნებასთან „ფეხიანი“ ზედმეტია, მაგრამ სუბსტანციებში თანმიმდევრობა არ არსებობს, ამიტომ როგორ უნდა გავარჩიოთ მათში წინამორბედი მომდევნოსაგან?

      იმის შესახებ, თუ როგორ მიიღება განსაზღვრება დანაწილებით, უპირველესად ყოვლისა, ეს უნდა ითქვას.

თავი 13

      რადგანაც ჩვენი კვლევა ეხება არსებას, ამიტომ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც უკვე ნათქვამი იყო, რომ არსება არის სუბსტრატიც, ფორმაც, ამათგან შემდგარი მთელი და ზოგადიც. პირველი ორის შესახებ უკვე ვიმსჯელეთ, სახელდობრ, არსებაზე და სუბსტანციაზე. ვთქვით, რომ სუბსტრატს ორი მნიშვნელობა აქვს, როგორც გარკვეული კონკრეტული საგანი, მაგალითად, ცხოველი თავისი თვისებებისათვის და როგორც მატერია თავისი განხორციელებისათვის. ზოგიერთის აზრით, ზოგადი უფრო მეტად არის საგანთა მიზეზი და საწყისი, ამიტომ ჩვენ ახლა ამ საკითხსაც უნდა შევეხოთ.

      ჩანს, რომ შეუძლებელია ნებისმიერი ზოგადი საგანი იყოს, რადგან თითოეული საგნის არსება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საგანს ეკუთვნის და არა სხვას. ზოგადი კი საერთოა. ზოგადი ეწოდება იმას, რაც ბუნებრივად ბევრისთვისაა დამახასიათებელი. რომლის არსებაა ის? ან ყველასი, ან არც ერთისა. ყველასი არ შეიძლება იყოს. თუ ერთისაა, მაშინ ყოველი სხვაც მასთან გაერთიანდებოდა, რადგან ყველა იმათ, რომელსაც ერთი აქვს არსება, ერთნი არიან. გარდა ამისა, სუბსტანცია არ ითქმის სხვაზე, ზოგადი კი ყოველთვის რაღაც სხვაზე ითქმის. ამრიგად, შეუძლებელია არსება არსებობდეს როგორც რაღაც კონკრეტული საგანი, მაგრამ შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ საგანში, როგორც ცხოველი ადამიანში ან ცხენში. ამრიგად, განა ცხადი არ არის, რომ ზოგადს რაღაც ცნება უნდა ჰქონდეს? მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ცნება ვერ გამოხატავს ყოველივეს, რაც სუბსტანციას ახასიათებს. მიუხედავად ამისა, ის მაინც რაღაცის არსებაა, როგორც მაგალითად, ადამიანი იმ კონკრეტული ადამიანისა, რომელშიც ის არსებობს. ასე რომ, აქაც იგივე შედეგია: ცხოველი იმ კონკრეტული ცხოველის არსება იქნება, რომელშიც ის არსებობს.

      ამას გარდა, შეუძლებელია და უაზრობაა, რომ საგანი და არსება, თუ ისინი რაიმესაგან არიან შემდგარნი, იყვნენ არა საგნისა და არსებისაგან, არამედ თვისებებისაგან. მაშინ სუბსტანციაზე წინ იქნებოდა არასუბსტანცია, და თვისება - სუსტანციზე, რაც შეუძლებელია, რადგან თვისებები არც წარმოშობით, არც დროით არ უსწრებენ წინ სუბსტანციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელნი იქნებოდნენ. გარდა ამისა, სოკრატეშიც იარსებებდა სუბსტანცია. ასე რომ, ის ორი სუბსტანციის არსება იქნებოდა. საერთოდ კი, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ „ადამიანი“ და ყოველივე სხვა ამდაგვარი არის სუბსტანცია, მაშინ ცნებით გამოხატული რაიმე არ შეიძლება სუბსტანცია იყოს, არც დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს და არც სხვაში. მე იმას ვამბობ, რომ არც „ცხოველი“ და არც სხვა რაიმე, რაც ცნებაშია გამოხატული, არ არსებობს რომელიმე კონკრეტული ცხოველისაგან დამოუკიდებლად. აქედან ნათელია, რომ არც ერთი ზოგადი არ არის სუბსტანცია და არც ერთი ზოგადი კატეგორია არასოდეს არ ნიშნავს კონკრეტულ საგანს, არამედ ნიშნავს თვისებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან მივიღებდით მრავალ უაზრობას და „მესამე ადამიანსაც“ კი.

      ამას გარდა, ეს ცხადია შემდეგიდანაც: შეუძლებელია, რომ სუბსტანცია შედგებოდეს რეალურად არსებული სუბსტანციებისაგან, რადგან ორი ასეთი რეალური სუბსტანცია არასოდეს არ შექმნის ერთ რეალურ სუბსტანციას, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად გაერთიანდება შესაძლებლობაში არსებული ორი მოვლენა, როგორც მაგალითად, ორმაგი შეიქმნება შესაძლებლობაში მყოფი ორი ნახევრისაგან, მაგრამ რეალური განხორციელება მათ ერთმანეთისაგან აშორებს. ასე რომ, თუ ერთი სუბსტანცია გვაქვს, შეუძლებელია ის შედგებოდეს სუბსტანციებისაგან და როგორც აღნიშნავს დემოკრიტე, შეუძლებელია, რომ ორისაგან ერთი ან ერთისაგან ორი წარმოიშოს, რადგან ის განუყოფელ სიდიდეებს სუბსტანციად აცხადებდა. ცხადია, რომ ანალოგიური მდგომარეობა იქნება რიცხვებში. თუ რიცხვი არის ერთიანების სინთეზი, როგორც ზოგირთი ამბობს, მაშინ ან ორიანი ერთი არ არის, ანდა მასში ერთი რეალურად არ არსებობს.

      ამას თან ახლავს შემდეგი სიძნელეები: თუ არც ერთი სუბსტანცია არ წარმოადგენს ზოგადს, რომელიც თვისებაა და არა კონკრეტული საგანი, და არც ერთი სუბსტანცია არაა შედგენილი რეალური სუბსტანციებისაგან, მაშინ ყველა სუბსტანცია მარტივი იქნება და არც ერთ სუბსტანციას არ ექნება განსაზღვრება. ყველანი ფიქრობდნენ და ძველთაგან თქმულა, რომ ყოველთვის ან უმეტეს შემთხვევაში, არსებობს მხოლოდ არსებათა განსაზღვრება. ამჟამად კი აღმოჩნდა, რომ არც იმას აქვს განსაზღვრება. მაშინ ან არავითარი განსაზღვრებები არ უნდა იყოს, ან ნაწილობრივ უნდა იყოს და ნაწილობრივ კი არა. ზემოთქმული ქვემოთ უფრო ნათელი გახდება.

თავი 14

      აქედან გამომდინარე შედეგები ცხადია იმათთვისაც, რომლებიც იდეებს დამოუკიდებელ სუბსტანციად აცხადებენ და სახეს აწარმოებენ გვარისა და სახესხვაობისაგან. თუ იდეები არსებობენ და ცხოველი იმყოფება როგორც ადამიანში, ისე ცხენში, ის მათთან ან იგივეობრივია რიგხობრივად, ან სხვა. რომ ის ცნების მიხედვით ერთია, ეს ცხადია, რადგან მოსაუბრე თითეოულ მათგანში ერთსა და იმავე შინარსს გულისხმობს. მაგრამ, თუ ადამიანი თავისთავად არის კონკრეტული საგანი და დამოუკიდებლად არსებული, აუცილებელია ისიც, რისგანაც ის შედგება, მაგალითად, „ცხოველი“, ან „ორფეხა“, აგრეთვე კონკრეტულ საგანს ნიშნავდეს და დამოუკიდებელი სუბსტანცია იყოს. ასევე თუ „ცხოველი“ ერთი და იგივეა როგორც „ცხენში“, ისე „ადამიანში“, როგორც შენ შენს თავთან იგივეობრივი ხარ, როგორღა შეიძლება, რომ ეს „ერთი“ დამოუკიდებელი იყოს იმ საგნებისაგან, რომლებშიც არსებობს და რატომ არ შეიძლება, რომ ეს „ცხოველი“ დამოუკიდებელი იყოს თავის თავისგანაც. მაგრამ, თუ ის მონაწილეობს როგორც „ორფეხობაში“, ისე „მრავალფეხობაში“, აქედან გამომდინარეობს შეუსაბამობა, რომ ერთსა და იმავე კონკრეტულ საგანს ერთდროულად საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა გავიგოთ, რომ „ცხოველი“ არის „ორფეხი“, თუ „ხმელეთზე მცხოვრები“ ? ან იქნებ აქ ცნებათა კავშირია, ან შეხება, ან შერევა? მაგრამ ყოველივე ეს უაზრობაა. და თუ ის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არის სხვა, მაშინ ასე ვთქვათ, იმათი რიცხვი, რომლებსაც არსებად ცხოველი აქვთ, განუსაზღვრელი იქნება, რადგან ადამიანისათვის ცხოველი შემთხვევითი ნიშანი არაა. ამას გარდა, თვითონ ცხოველი თავისთავად ბევრი იქნება, რადგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ცხოველი სუბსტანციას წარმოადგენს და სხვაზე არ ითქმის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისგანაც ადამიანი შედგება, ის მისი გვარიც იქნება და იდეაც. მაგრამ შეუძლებელია, რომ ის რაც ერთისათვის არის იდეა, მეორისათვის არსება იყოს, რადგან ყოველ ცხოველში ცხოველი თავისთავად ერთია.

      შემდეგ, რისგან შედგება ყოველი ცალკეული ცხოველი? ანდა როგორ წარმოიშვება ის რაიმესაგან, ან თავისთავადი ცხოველისაგან? ან როგორ შეიძლება ცხოველი, რომლესაც ასეთივე არსება აქვს, არსებობდეს თავისთავადი ცხოველისაგან დამოუკიდებლად? ასეთ შედეგებს ვიღებთ შეგრძნებად საგნებში და კიდევ უფრო მეტად შეუსაბამოსაც კი.

      და თუ ყოველივე ეს შეუძლებელია, ცხადია, რომ იდეები ისეთი სახით, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, არ უნდა არსებობდნენ.

თავი 15

      მთელი და ცნება ერთმანეთისაგან განსხვავებული მოვლენებია. მე ვგულისხმობ ერთ შემთხვევაში მატერიასთან დაკავშირებულ მოვლენას, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ ცნებას. პირველნი იბადებიან და ისპობიან, ხოლო ცნებები არ იბადებიან და არც ისპობიან, რადგან წარმოიშობა არა სახლის არსება, არამედ რომელიმე კონკრეტული სახლი. ცნებები კი არსებობენ და არც არსებობენ წარმოშობისა და დაღუპვის გარეშე, რადგან დამტკიცდა, რომ მათ არც არავინ ბადებს და არც არავინ არ ჰქმნის. ცალკეული შეგრძნებადი არსებების არც განსაზღვრება და არც მტკიცება არ შეიძლება, რადგანაც ისინი შედგებიან მატერიისაგან, რომელსაც ისეთი ბუნება აქვს, რომ შეუძლია როგორც არსებობა, ისე არარსებობა. ამიტომ ყოველი კონკრეტული საგანი წარმავალია. ამრიგად, თუ დასაბუთება არსებობს, ის აუცილებელ მოვლენებს ეხება, განსაზღვრება კი - შეცნობადს. ხოლო ის, რაც ხან ცოდნაა ხან კი არა, ცოდნა აღარ იქნება, არამედ შეხედულება. და იმათ შესახებ, რომლებიც არც მტკიცდებიან და არც განისაზღვრებიან, შეიძლება გვქონდეს არა ცოდნა, არამედ შეხედულება. ეს უკანასკნელი კი ეხება ისეთ საგნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად არსებობდნენ. ცხადია, რომ ამ საგნების არც განსაზღვრება და არც მტკიცება არ იარსებებს. ის საგნები კი, რომლებიც მოისპნენ და აღარ ექვემდებარებიან შეგრძნებას, ბუნდოვანნი ხდებიან იმათთვის, ვინც ისინი იცოდა და მათ შესახებ სულში შემორჩენილი ცნებები არც განსაზღვრება იქნება და არც მტკიცება. ამიტომაც, ვინც კონკრეტულ საგანთა განსაზღვრებებს მიმართავს, მან არ შეიძლება არ იცოდეს, რომ იმის განსაზღვრება არ შეიძლება, რაც განუწყვეტლივ იცვლება.

      არც იდეის განსაზღვრება შეიძლება, რადგან როგორც ამბობენ, იდეა თავისთავადია და დამოუკიდებელი. ცნება აუცილებლად სიტყვებისაგან შედგება. სიტყვებს არ ჰქმნის ის, ვინც საზღვრავს (რადგან ამ შემთხვევაში ეს სიტყვა გაუგებარი იქნებოდა), და ის სიტყვები, რომლებიც ხმარებაშია, ყველასათვის საერთოა, ამიტომაც აუცილებელია, რომ ისინი სხვა საგნებისათვისაც გამოდგნენ. მაგალითად, თუ ვინმე განგსაზღვრავდა შენ, უნდა ეთქვა, რომ შენ ხარ გამხდარი, თეთრი, ცხოველი და სხვა, რაც სხვასაც მიუდგებოდა. და იმას, ვინც იტყოდა, რომ არაფერი არ უშლის ხელს, რომ რაც ბევრს ახასიათებს, ახასიათებდეს ერთსაც, უნდა გვეპასუხა, უპირველესად ყოვლისა, რომ ის ორივეს ახასიათებს. მაგალითად, „ორფეხა ცხოველი“ ახასიათებს, როგორც „ცხოველს“, ისე „ორფეხს“. ეს მარადიულთათვისაც აუცილებელია, რადგან ის, რაც პირველადია, რთული საგნების შემადგენელი ნაწილიცაა, თუმცა მათგან დამოუკიდებლად არსებობს. ასეთია „ზოგადი ადამიანი“, რადგან ან არც ერთი არ არის დამოუკიდებელი, ანდა ორივე. თუ არც ერთი არ არის დამოუკიდებელი, მაშინ გვარი სახეებისაგან დამოუკიდებლად არ იარსებებდა და თუ იარსებებდა, მაშინ ასეთი იქნებოდა სახეობრივი სხვაობაც. ისინი საგნებზე ადრე იარსებებდნენ, და მარადიულნიც იქნებოდნენ.

      შემდეგ, თუ იდეებიც იდეებისაგან შედგებიან (შემადგენელი ნაწილები ხომ უფრო მარტივნი იქნებიან), მაშინ იდეების შემადგენელი ნაწილებიც მრავალ საგნებზე ითქმოდა, როგორიცაა „ცხოველი“ და „ორფეხი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ იქნებოდნენ ისინი შეცნობადნი? იქნებ იდეაც რაღაც ისეთია, რომლის ხმარება შესაძლებელია ერთზე და არა ბევრზე? მაგრამ ისინი ამას არ უშვებენ, ფიქრობენ რა რომ ყველაფერი ეზიარება იდეას.

      როგორც ვთქვით, მათ შეუმჩნეველი არ დარჩათ ის, რომ მუდმივი საგნების განსაზღვრება შეუძლებელია, განსაკუთრებით კი იმ საგნებისა, რომელიც მხოლოდ ერთია, როგორიცაა, მზე და მთვარე. შეცდომას სჩადიან არა მხოლო ისინი, რომლებიც მზეს უმატებენ ისეთ ნიშნებს, რომელთა გამოკლებით ის მაინც იარსებებდა, მაგალითად, მიწის გარშემო ტრიალი, ანდა ღამე გაუჩინარება, რადგან ის რომ დამდგარიყო, ან ყოველთვის ხილვადი ყოფილიყო, არ შესწყვეტდა არსებობას, როგორც მზე. ეს შეუძლებელია, რადგან მზე რაღაც სუბსტანციაა. სცდებიან ისინიც, რომლებიც ისეთ ნიშნებს უმატებენ მას, რაც სხვასაც ახასიათებს. მაგალითად, რომ წარმოშობილიყო სხვა ასეთივე სხეული, ცხადია, ისიც მზე იქნებოდა, რადგან მათ ცნება საერთო ექნებოდათ. მაგრამ მზე დამოუკიდებელი კონკრეტული საგანია, როგორც კლეონი ან სოკრატე. საინტერესოა, თუ რატომ არავინ არ ფიქრობს მისი იდეის განსაზღვრაზე? ასეთი ცდების შემდეგ ნათელი გახდება ის, რომ ჩვენს მიერ ზემოთქმული ჭეშმარიტი იყო.

თავი 16

      ცხადია, რომ იმათგან, რომლებიც სუბსტანციებად მიგვაჩნია, უმეტესობა მხოლოდ შესაძლებლობაში არსებობს. ასეთია ცხოველთა ნაწილები (რომლებიც ცხოველისაგან დამოუკიდებლად არ არსებობენ და თუ არსებობენ, არსებობენ მატერიის სახით), აგრეთვე მიწა, ცეცხლი, ჰაერი. არც ერთი მათგანი არაა მთლიანი, არამედ გროვისმაგვარი, სანამ მათგან რაიმე ერთი წამოიზრდება, ან გაჩნდება. უფრო მეტად ასეთი უნდა იყოს სულიერი არსებებისა და სულის ნაწილები, რომლებიც უფრო ემსგავსებიან მას და არსებობენ როგორც შესაძლებლობაში, ისე სინამდვილეში, მოძრაობის რაღაც საწყისი კი სახსრებში აქვთ; ამიტომაც ზოგიერთი ცხოველი დანაწევრებულიც განაგრძობს სიცოცხლეს. ცხოველის ყველა ნაწილი შესაძლებლობაში არსებობს. მაშინ როდესაც ცხოველი ერთი და უწყვეტია ბუნებრივად და არა იძულებისა და შერწყმის შედეგად, რადგან ეს უკანასკნელი ფიზიკური ნაკლია. ერთზე კი ისევე უნდა ვიმსჯელოთ, როგორც არსებულზე, ხოლო რასაც არსება რიცხობრივად ერთი აქვს, თვითაც ერთია. აქედან ცხადია, რომ არც ერთი და არც არსებული, ისევე როგორც ელემენტი და საწყისი, არ შეიძლება საგანთა არსება იყოს.

      ჩვენ კი ვიკვლევთ საწყისს იმ მიზნით, რათა ყოველივე დავიყვანოთ ყველაზე ცნობილ დებულებაზე. ერთი და არსებული უფრო მეტად არის სუბსტანცია, ვიდრე საწყისი, ელემენტი და მიზეზი. მაგრამ არც ისინი იქნებიან სუბსტანცია, თუ არავითარი ზოგადი არ შეიძლება სუბსტანცია იყოს, რადგან არსება არაფერს არ ახასიათებს თავის თავისა და იმის გარდა, რასაც ის ახასიათებს, როგორც არსება. გარდა ამისა, ერთი ერთდროულად ბევრში ვერ იქნება, ზოგადი კი ერთდროულად ბევრშია. ამრიგად, ცხადია, რომ ზოგადი არ შეიძლება კონკრეტული საგნებისაგან დამოუკიდებლად არსებობდეს. ისინი კი, რომლებიც იდეებს უშვებენ, სწორად იქცევიან, როდესაც მას გამოაცალკევებენ, თუ ის სუბსტანციაა, მაგრამ არ იქცევიან სწორად, როდესაც იდეას აცხადებენ ერთად მრავალში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ დაადგინონ, თუ რა მუდმივი სუბსტანციებია ისინი, არსებულნი კონკრეტული, შეგრძნებადი საგნებისაგან დამოუკიდებლად. ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი „ადამიანს თავისთავად“ და „ცხენს თავისთავად“ წარმავალი საგნების სახეს აძლევენ, უმატებენ რა შეგრძნებად საგნებს სიტყვა „თავისთავადს“. მაგრამ ჩვენ ვარსკვლავები ნახული რომ არ გვქონდეს, ისინი მაინც დარჩებოდნენ მუდმივ სუბსტანციებად იმათ გვერდით, რომლებიც ჩვენ ვიცით. ასე რომ, ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ როგორი არიან ისინი, რაღაც ასეთი მაინც აუცილებლად არსებობს.

      ამრიგად, ცხადია, რომ არც ერთი ზოგადი არაა სუბსტანცია და არც სუბსტანცია შეიძლება შედგებოდეს სუბსტანციებისაგან.

თავი 17

      კვლავ უნდა დავუბრუნდეთ საკითხს იმის შესახებ, თუ რა არის არსება და როგორია ის, ოღონდ უნდა ვიმსჯელოთ არა ისე, როგორც თავდაპირველად ვმსჯელობდით. აქედან კი ნათელი გახდება ის სუბსტანციებიც, რომლებიც შეგრძნებადი მოვლენებისაგან დამოუკიდებლად არსებობენ.

      რადგან არსება არის რაღაც საწყისი და მიზეზი, ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ კვლევა. მიზეზის კვლევა კი ყოველთვის ასე წარმოებს. რატომ ახასიათებს ერთი რაღაც მეორეს? კვლევა იმისა, თუ რატომ არის „განათლებული[35] ადამიანი“. „განათლებული ადამიანი“ ნიშნავს ან იმის კვლევას, თუ რატომაა ადამიანი განათლებული ან სხვას. მაგრამ კვლევა იმისა, თუ რატომ არის ეს საგანი ეს, არავითარი კვლევა არაა. საჭირო კია მოვლენის მიზეზის და არსების ნათელყოფა, მაგალითად, მთვარის დაბნელების მიზეზების გარკვევა. მაგრამ რომ ეს საგანი არის ეს, ეს ცნება და მიზეზი ყველასათვის ერთია. მაგალითად, მიზეზი იმისა, თუ რატომ არის „ადამიანი“ „ადამიანი და „განათლებული“ „განათლებული“, თუ ვინმე არ დასძენს, რომ თითოეული მათგანი თავის თავისგან განუშორებელია, რაც „ერთად“ ყოფნას ნიშნავს. ეს კი ყველსათვის საერთოა და ცოტას მთქმელი. სინამდვილეში კი საკვლევია, თუ რატომ არის ადამიანი ასეთი ცხოველი? რაც ცხადია, არ ნიშნავს იმის კვლევას, თუ რატომ არის „ადამიანი ადამიანი“, ამრიგად, საკვლევია ის, თუ რატომ ახასიათებს რაიმე რაღაც სხვას. რომ ახასიათებს, ეს ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში საკვლევიც არა იქნებოდა რა. მაგალითად, კითხვა „რატომ ქუხს“, ნიშნავს იმის კვლევას, თუ რატომ იშვება ხმაური ღრუბლებში“ ? აქ კვლევა ეხება ერთი მოვლენის მეორესთან მიმართებას და იმას, თუ რატომ არის ერთი საგანი მეორე, მაგალითად, ქვები და აგურები სახლი? აქედან ცხადია, რომ აქ წარმოებს მიზეზების ძიება, რაც არსების ძიებას ნიშნავს. ლოგიკურად, რომ ვთქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს მიზნის კვლევაა, მაგალითად, სახლის ან საწოლის მიზნის კვლევა. ზოგჯერ კი ის ნიშნავს პირველი მამოძრავებლის ძიებას, რადგან ესეც მიზეზია. ასეთ მიზეზს იკვლევენ წარმოშობისა და დაღუპვის დროს, პირველს კი საგნის არსებობისას. ძიების ობიექტი მეტწილად გაუგებარი მაშინ რჩება, როდესაც გამოთქმები ერთმანეთთან კავშირის გარეშეა აღებული. როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ვიკვლევთ ადამიანის არსებას, რათა მარტივად გამოვთქვათ და არა იმ მიზნით, რათა განვსაზღვროთ, რომ ეს ესაა. მაშინ როდესაც საჭიროა კვლევა წარმოებდეს ობიექტის დადგენის გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფრის ძიებას გავაიგივებთ რაიმეს ძიებასთან. რადგან საჭიროა საკვლევი ობიექტის არესებობა, ცხადია, საჭიროა ვიკვლიოთ ისიც, თუ რატომ წარმოადგენს მატერია რაღაც გარკვეულს? მაგალითად, რატომ არის სახლი ესა და ეს გარკვეულობა? - ეს იმიტომ, რომ არსებობს სახლის არსება, ანდა „ადამიანი არის ესა და ეს“, ანდა აქვს „ასეთი და ასეთი სხეული“. ამრიგად, ვიკვლევთ მატერიის მიზეზს. ის კი, რითაც საგანს გარკვეულობა ეძლევა, არის ფორმა ანუ არსება.

      ამრიგად, ცხადია, რომ მარტივი საგნების არც კვლევა და არც სწავლება არ შეიძლება, ამიტომ უნდა არსებობდეს ასეთი საგნების შესწავლის სხვა გზა, რადგან ყოველი შედგენილი ისეთია, თითქოს ერთ მთელს წარმოადგენდეს და არა გროვას, როგორც მარცვალი. მარცვალი კი მხოლოდ ელემენტების ჯამი არ არის. მაგალითად, β α არ წარმოადგენს β -სა და α -ს, არც სხეული - ცეცხლსა და მიწას, რადგან სხეული და მარცვალი ელემენტებად დაშლის შემდეგ აღარ არსებობენ. ელემენტები: მიწა და ცეცხლი კი რჩებიან. ამრიგად, რაღაც სხვაც. და სხეული არა მარტო ცეცხლი და მიწაა, ან სითბო-სიცივე, არამედ რაღაც სხვაც. თუ აუცილებელია, რომ ეს სხვაც ან ელემენტი იყოს, ანდა ელემენტებისაგან შემდგარი? თუ ის ელემენტია, მაშინ მის შესახებ ასევე უნდა ვიმსჯელოთ. სხეული კი იქნებოდა შემდგარი ამათგან, ცეცხლისა და მიწისაგან და კიდევ სხვისაგან. ასე რომ, ეს დაუსრულებლად გაგრძელდებოდა, მაგრამ თუ ის ელემენტებისაგან შედგება, ცხადია, რომ ის იქნება შემდგარი არა ერთი, არამედ ბევრი ელემენტისაგან: თუ ეს ასეა, აქაც იგივე უნდა ვთქვათ, რაასც ვამბობდით სხეულისა და მარცვლის შესახებ. საფიქრებელია, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ასეთი, მაგრამ ის არ უნდა იყოს ელემენტი, არამედ ის უნდა იყოს მიზეზი, ერთ შემთხვევაში, სხეულისა, მეორეში კი მარცვლისა და ა.შ. ეს კი არის ყოველი საგნის არსება, რადგან ისაა მათი არსებობის პირველი მიზეზი. ზოგი რამ არ წარმოადგენს საგნის არსებას, არამედ სუბსტანციაა, რომელიც არსებობს ბუნებრივად და ბუნებრივი შემადგენლობა აქვს. მაშინ ცხადია, რომ ისეთი ბუნებაც არსება იქნება, რომელიც არის არა ელემენტი, არამედ საწყისი, ელემენტი კი არის ის, რაზედაც დაიშლება ის, რაც საგანში მატერიის სახით არსებობს, როგორც მარცვალი α-დ და β-დ.

« წიგნი მეექვსე

წიგნი მერვე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] τ ὸ τ ί ἐ σ τ ι ν და τ ό δ ε τ ι სიყვა-სიტყვით „რად ყოფნა“ და „რაიმედ ყოფნა“, რაც საგანს ან მის არსებას გამოხატავს. ეს ტერმინები ჩვენ გადმოვეცით სიტყვით „საგანი“.

[2] τ ρ ί π η χ υ, τ ρ ί α სამი, π ή χ η ς წინამხარი, იდაყვი, წყრთა - ზომის ერთეული ძველ საბერძნეთში. სამი წყრთა უდრიდა დაახლოებით 1.4 მეტრს.

[3] ტერმინით „სუბსტანცია“ ჩვენ ყველგან გადმოვეცით სიტყვა ἡ ο ὐ σ ί α.

[4] ნაგულისხმევია საგანი, როგორც ასეთი და არა რაიმე განსაზღვრულობა.

[5] არისტოტელე აქ გადმოსცემს თავის ცნობილ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ არსებობს ორი საწყისი: ფორმა და მატერია. საგნები კი მათ ერთიანობას წარმოადგენენ და ამ საწყისებიდან არიან წარმოებული. ფორმა წინ უსწრებს როგორც მატერიას, ისე იმას, რაც ფორმისა და მატერიის შეერთებით არის წარმოშობილი, ე.ი. საგანს.

[6] არისტოტელე აქ გამოთქვამს წინამორბედ თავში გამოთქმულის საწინააღმდეგო შეხედულებას, რადგან თუ იქ სუბსტანციად აღიარებული იყო მხოლოდ შეგრძნებადი მოვლენები, აქ ზოგადი ცნება.

[7] სიმარტივეში იგულისხმება ზოგადობა, ე.ი. რაც უფრო ზოგადია ცნება, მით ნაკლები ნიშნების შემცველია ის და მით უფრო ზუსტია. ამრიგად, სიზუსტე მატულობს ზოგადობასთან ერთად.

[8] π ε ρ ὶ ἕ κ α σ τ ο ν კუბიცკისთან ეს ტერმინი თარგმნილია „თითოეული საგნის“ მნიშვნელობით. ჩვენ კი ის გადმოვეცით „არსებობის სხვა სახეებით“ და მართლაც, აქედან დაწყებული მსჯელობა ეხება უფრო მეტად არსებობის სხვა კატეგორიებს, ვიდრე სუბსტანციებს.

[9] ὁ μ ω ν ύ μ ω ς ჰომონიმები, მოვლენები, რომლებსაც საერთო აქვთ მხოლოდ სახელი, სიტყვა და არა შინაარსი.

[10] იგულისხმება ნიშნების მიმატება-დაკლებით ცნებების მოცულობის გაფართოვება-შემჭიდროვების ცნობილი ლოგიკური ოპერაცია.

[11] აქ კითხვა ეხება შემთხვევითი ნიშნის არსებასთან და მერე შემთხვევით ნიშანთან მიმართებას. შემთხვევითი ნიშანი რომ არსებასთან იგივეობრივი ყოფილიყო, მაშინ „ადამიანი“ და „თეთრი ადამიანი“ იგივე იქნებოდა, მეორე მხრივ, ერთი და იგივე იქნებოდა „თეთრი ადამიანი“ და „განათლებული ადამიანი“, რაც აბსურდია, მაშასადამე, არსება და შემთხვევითი თვისებები იგივეობრივი არ არიან, როგორც არაა იგივეობრივი ორი შემთხვევითი თვისება.

[12] არისტოტელე, მართალია პირდაპირ არ ამობობს, მაგრამ სინამდვილეში აქ ებრძვის პლატონის დებულებას საგნისა და მისი არსების არაიგივეობის შესახებ.

[13] იდეის, ანუ საგნის არსებს საგნისაგან დამოუკიდებელი არსებობის შემთხვევაში იდეა აღარ იქნება იგივეობრივი საგანთან.

[14] არისტოტელე განაგრძობს კრიტიკას პლატონის დებულებისა იდეების საგნებისაგან დამოუკიდებლად არსებობის შესახებ. და საგნების არსებობა იდეების გარეშე მას სრულიად შესაძლებლად მიაჩნია.

[15] არისტოტელე იცავს აზრს საგნისა და მისი არსების იგივეობის შესახებ. უფრო ადრე კი უარყოფდა საგნისა და მისი შემთხვევითი თვისების იგივეობის შესაძლებლობას.

[16] არსტოტელემ საგნისა და მისი არსების იგივეობის დებულებას დაუმატა დებულება საგნისა და მისი არსების გამომხატველი ნების იგივეობის შესახებ.

[17] აქ წამოყენებულია არისტოტელეს ცნობილი არგუმენტი „მესამე ადამიანის“ შესახებ, რომლის მიხედვით, თუ ორიანი და მისი არსება სხვადასხვაა, და სხვაა მათი ცნება, მაშინ საჭირო გახდება რაღაც მესამე, რომელიც გააერთიანებდა მათ. შემდეგ კიდევ რაღაც მეოთხე, მესამისა და პირველ ორთა გამაერთიანებელი და ა.შ. უსასრულოდ.

[18] τ α ὐ τ ο μ ά τ ο υ -ს აქვს როგორც „შემთხვევითის“, ისე „თავისთავადის“ მნიშვნელობა. ეს ტერმინი ჩვენ აქ ვთარგმენთ, როგორც „თავისთავადი“, რადგან ქვემოთ „ შემთხვევითი „გადმოცემულია ტერმინით ἀ π ό τ ύ χ η ς.

[19] აქ ყველგან ნაგულისხმევია წარმოშობა იმ ფორმიდან, ანუ იდეიდან, რომელიც ადამიანის სულში არსებობს და რომელიც შემდეგ ხორციელდება. წარმოშობა ყოველთვის ხორციელდება რაიმედან რაიმეს ზემოქმედებით და იქცევა რაიმედ. ბუნებრივი საგნების წარმოშობა ხდება მატერიიდან ბუნებრივივე საგნების ზემოქმედებით. საგნები, რომლებიც შეიცავენ მატერიას, შეიძლება არსებობდნენ და შეიძლება არა. ყოველი საგანი წარმოშობს იმავე სახის საგანს. მაგალითად, ადამიანი ადამიანს ბადებს.

[20] ἡ ὁ μ α λ ό τ η ς გადმოვეცით სიტყვით „ზომიერება“, რაც კუბიცკის თარგმნილი აქვს სიტყვით равномерность. ჩვენი აზრით, ὁ μ α λ ό τ η ς უნდა ნიშნავდეს ძველი ბერძნებისათვის კარგად ცნობილ „ზომიერებას“, ე.ი. ფორმულას „არაფერი უზომოდ“, რაც ადამიანებს მოუწოდებდა ყოველივეს ზომიერი და გონივრული გამოყენებისაკენ, და რაც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარი იყო. პირიქით, ზომას გადაცილება, მათი აზრით, ღუპავდა ადამიანს.

[21] არისტოტელე ილაშქრებს წარმოშობის პროცესის დაუსრულებლობის წინააღმდეგ და მას საზღვარს უდებს ფორმისა და მატერიის სახით, რაც მას მარადიულად და წარმოუქმნელად მიაჩნდა.

[22] ე.ი. არ წარმოიშვება ფორმა და მატერია, არამედ მხოლოდ მათგან შედგენილი მთელი.

[23] კითხვა ეხება იმას, რომ შეიძლება თუ არა, რომ კონკრეტული საგნებისაგან დამოუკიდებლად სხვა კონკრეტული დამოუკიდებელი საგნების, ე.ი. იდეების არსებობა, რაზეც უარყოფითი პასუხია გაცემული.

[24] კვლავ ნაგულისხმევია იდეები და უარყოფილია მათი საგნებისაგან დამოუკიდებელი არსებობა.

[25] აკრიტიკებს პლატონის მოძღვრებას იდეებზე და ამტკიცებს, რომ ისინი, როგორც დამოუკიდებელნი, არ არიან საგნების წარმოშობის მიზეზნი, ამიტომ ისინი საგნებშივე უნდა არსებობდნენ.

[26] მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე ერთნაირად უარყოფს ფორმისა და მატერიის საგნებისაგან დამოუკიდებელ არსებობას, ფორმას მატერიასთან და საგანთან შედარებით მაინც პირველადად და უკეთესად თვლის. მის ნაწილებს კი ცნების ნაწილებად მიიჩნევს, წინააღმდეგ მატერიის ნაწილებისა, რომლებიც ცნებაში არ შედიან.

[27] თუ ის მთელი საგანია, ე.ი. შემდგარი ფორმისა და მატერიისაგან, მაშინ მისი ცნებაც რთული, ანუ შედგენილი იქნება.

[28] არისტოტელე, ერთი მხრივ, ამტკიცებს ფორმისა და ცნების პირველადობასა და უპირატესობას, მატერიასთან შედარებით, მეორე მხრივ, საგნის არსების ასეთსავე მიმართებას სხეულთან. ამრიგად, არისტოტელე, რომელიც ყველგან და ყოველთვის ცდილობდა განთავისუფლებულიყო პლატონის გავლენისაგან, ამ საკითხში ისევ მისი გავლენის ქვეშ დარჩა, აღიარა რა მთელი საგნის და მატერიის დაშლადობა, განსხვავებით ფორმისა და სულისაგან.

[29] იგულისხმება მატერიისა და ფორმისაგნ შემდგარი საგანი.

[30] საგნის არსება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა მატერიაში, როგორც წრე სპილენძში, ქვაში ან ხეში, მაგრამ ის მაინც წრედ რჩება. ე.ი. საგნის მატერიალური მხარე საგნის ჩამოცილებადი ნაწილია და მისი ჩამოცილებით საგანი არ წყვეტს არსებობას, ფორმის ჩამოცილებით კი ისპობა საგანი, რადგან ფორმა საგნის არსებაა.

[31] არისტოტელე აქ მიზნად ისახავს პითაგორელთა მოძღვრების კრიტიკას.

[32] ფორმაზე დაყვანა.

[33] ნაგულისხმევია თეეტეტის ამხანაგი და თანატოლი, სოკრატეს წრის წევრი.

[34] არისტოტელეს მხედველობაში აქვს პითაგორელების მოძღვრება, რომლის მიხედვით, შეგრძნებადი მოვლენებისაგან დამოუკიდებლად, არსებობენ მათემატიკური მოვლენები და პლატონის მოძღვრება, რომლის მიხედვით, საგნებს გარდა, არსებობენ იდეები. ამ მოძღვრებათა შესახებ არისტოტელე ცოტა ქვემოთ მსჯელობს

[35] μ ο υ σ ι κ ο ς ნიშნავს, როგორც საერთოდ, განათლებულს, ისე მუსიკათმცოდნეს. კუბიცკი მას თარგმნის „მუსიკოსად“. მაგრამ, ჩვენი აზრით, უფრო მიზანშეწონილია ამ სიტყვის „განათლებულად“ გადმოცემა. არიტოტელე ასე ხშირად იხსენებდა ხოლმე სოკრატეს და ცხადია, ამ ეპითეტში გულისხმობდა სოკრატეს განათლებას, საერთოდ და არა მის მუსიკალურ განათლებას მხოლოდ.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 677

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters